Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•პოლიტიკურ ასპარეზზე

ავთანდილ სონღულაშვილი

ირანში ქართველთა  ნაკვალევზე

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ასპარეზზე

 

ერთ დროს ნებსით თუ უნებლიეთ ირანში მოხვედრილმა არაერთმა ქართველმა დიდ წარმატებებს მიაღწია იქ როგორც პოლიტიკის, ასევე ხელოვნების სარბიელზე. მათ შესახებ სპარსულ წყაროებს შემოუნახავს სანდო ცნობები.

სასანიანთა ეპოქაში ქართველ სახელმწიფო მოღვაწეებს, რომ დიდი ადგილი ეკავათ, ამას მოწმობს 262 წლით დათარიღებული შაბურ პირველის სამენოვანი წარწერა (ნაყშე როსთამის კლდეზე პერსეპოლისის ახლოს), რომელიც მან რომის იმპერატორ ვალერიანეზე გამარჯვებას მიუძღვნა. ამ წარწერაში ჩამოთვლილ 66 დიდებულთა შორის ქართლის მეფე ამაზასპი შაჰინშაჰის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მოხსენიებული.

ირანში ქართველი პიტიახშების დიდი ავტორიტეტის დამადასტურებელ მაგალითად გამოდგება იეზდიგერდ მეორის (438-457 წწ.) ურთიერთობა ქართლის პიტიახშ არშუშასთან, რომელიც შაჰს ჰყავდა მოწვეული დედაქალაქში, რათა მასთან ერთად განეხილა ქართლის საქმეები. არშუშა სარგებლობდა მეცნიერისა და გამოცდილი მრჩევლის რეპუტაციით. არშუშას გავლენიან სახლს შეეძლო მეფისთვის უზრუნველეყო ქართლის ბევრი სახელმწიფო მოღვაწის ერთგულება. შაჰინშაჰი ღირსეულად აფასებდა პიტიახშის მხარდაჭერას256.

და მაინც, ქართველთა ირანის პოლიტიკურ სარბიელზე გამოსვლა სეფიანთა ხანას უკავშირდება. ეს ნათლად ჩანს ქართული და ევროპული წყაროების მონაცემებით. ისტორიოგრაფიაში ცნობილია, რომ ირანში მცხოვრებ ქართველ დიდებულებს და უსთაჯლუს ტომის ამირებს გადაწყვეტილი ჰქონდათ შაჰ-თამაზის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტზე დედით ქართველი უფლისწული ჰეიდარი აეყვანათ. მხოლოდ ეს ერთი ფაქტიც საკმარისია იმისათვის, რომ ნათლად წარმოვიდგინოთ ქართველთა პოლიტიკური დასის ძლიერება, რომელიც თანდათან მტკიცედ იკიდებდა ფეხს ირანის სამხედრო, პოლიტიკურ და კულტურულ ასპარეზზე.

85

აღნიშნულ პერიოდში ქართველების აღზევება ირანში გარკვეულწილად ალბათ იმითაც აიხსნება, რომ ქართლში “მეფობდა” ირანზე დამოკიდებული მოხელე დაუდ-ხანი. შაჰის კეთილგანწყობილებას დაუდ-ხანის მიმართ მოხერხებულად იყენებდნენ პირადი ინტერესებისათვის ირანში დამკვიდრებული ქართველი დიდებულები, კერძოდ, იმისათვის, რომ ირანის სამეფო კარზე ძალა და გავლენა მოეპოვებინათ. ამით კი ისინი უპირისპირდებოდნენ თავიანთ მეტოქე ფეოდალებს საქართველოში257.

შაჰ-თამაზ პირველის (1524-1576 წწ.) ჰარამხანა 400-500 ქალს ითვლიდა. თავის მრავალ ცოლთაგან მას 12 ვაჟი და 8 ასული ჰყავდა. მათ შორის ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ქართველი ცოლებისაგან შეეძინა, ხოლო ჩერქეზი ქალებისაგან ჰყავდა ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. ქართველი ცოლებისაგან შაჰ-თამაზს ჰყავდა: 1. ჰეიდარ-მირზა (დედამისი _ სულთან ზადე ხანუმი), 2. მუსტაფა-მირზა (დედამისი _ ზაჰრა ბაჯი), 3. იმამყული _ მირზა (დედამისი _ ხანფარვან ხანუმი) და 4. ალიმირზა (ისიც ზაჰრა ბაჯის ვაჟი იყო), ხოლო შაჰის რვა ასულთაგან დედით ქართველი იყო ზეინაბ ბეგუმი, რომელსაც ადრე ანა ერქვა258.

შაჰ-თამაზის ავად გახდომის შემდეგ სამეფო ტახტისათვის მებრძოლთა ორი დაჯგუფება გამოიკვეთა, რომელთაგან ერთი მხარს უჭერდა ისმაილ-მირზას გამეფებას, ხოლო მეორე დაჯგუფება _ დედით ქართველ ჰეიდარ-მირზას. მართალია, შაჰ-თამაზის უფროსი ვაჟი მუჰამედი იყო, მაგრამ თითქმის უსინათლობის გამო ტახტის პრეტენდენტად არავინ თვლიდა. მომდევნო მემკვიდრე ისმაილი იმ დროს ციხეში იმყოფებოდა.

სპარსული და ევროპული წერილობითი წყაროების თანახმად, შაჰ-თამაზს თავის შვილებს შორის გამორჩეულად ჰყვარებია ჰეიდარი; იგი მუდამ გვერდში ჰყავდა, სახელმწიფო საქმეთა გარჩევასა და გადაწყვეტასაც ხშირად ანდობდა ხოლმე და სხვა უფლისწულებისაგან განსხვავებით, მას შაჰის სასახლეში ცხოვრების უპირატესობა ჰქონდა მინიჭებული.

ირანის სამეფო კარზე მყოფი ვენეციელი ელჩის ვინჩენცო დ­ალესანდრის, (რომელიც 1571 წელს ჩავიდა ირანში) აღწერილობით ჰეიდარი ტანმორჩილი, მეტად ლამაზი ყმაწვილი იყო, თავის ასაკთან შედარებით (იგულისხმება 18 წლის) ძალიან სერიოზული, ჭკვიანი, გამჭრიახი და სახელმწიფო საქმეების შესანიშნავი მცოდნე. ამასთან ერთად, ჰეიდარი კარგი მოჯირითეც ყოფილა,

86

ურთიერთობაში ტკბილმოუბარი და თავაზიანი. ყოველივე ამის გამო, სამეფო კარზე უფლისწული ყველას უყვარდა, განსაკუთრებით კი მამას. მხოლოდ დასა და ძმებს სძულდათ იგი.

შაჰ-თამაზის გამორჩეული სიყვარული ჰეიდარის მიმართ, ალბათ, გარკვეულწილად მისი დედის, ქართველი სულთან-ზადე ხანუმის მიმართ არსებული შაჰის გრძნობებით იყო განპირობებული. ირანელი ისტორიკოსი ნასროლა ფალსაფი საგანგებოდ უსვამს ხაზს მის გავლენასა და ავტორიტეტს სამეფო კარზე; მისი სიტყვით, ჰეიდარ-მირზას დედა, რომელიც ქართველი იყო, შაჰს ყველა სხვა ცოლებზე მეტად უყვარდა. ეს ქალბატონი ქართველ სარდალთა მეშვეობით, რომელთაც სამეფო კარზე დიდი გავლენა და ძალა გააჩნდათ, თავისი ვაჟის გასამეფებლად ამზადებდა ნიადაგს. მართლაც, ჰეიდართან და სულთან-ზადე ხანუმთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ირანში აღზევებულ მათ ნათესავებსა და ქართულ დიდებულებს. თომაზო მინადოის ცნობით, ჰეიდარი თავისი ნათესავების (დედის მხრიდან) ზედამხვედველობის ქვეშ იმყოფებოდა259.

როგორც აღვნიშნეთ, შეიქმნა ერთმანეთის საპირისპირო ორი დაჯგუფება: ისმაილ-მირზას მომხრეთა შორის იყვნენ ყიზილბაშთა ტომების რუმლუს, აფშარისა და თორქმანთა მეთაურნი, აგრეთვე, ჩერქეზი დიდებულები, შაჰ-თამაზის ჩერქეზი ცოლები და მათი შვილები.

ჰეიდარ-მირზას გამეფებას კი, მხარს უჭერდნენ ყიზილბაშთა ყველაზე მრავალრიცხოვანი ტომის უსტაჯლუს ამირები, რომლებიც შაჰის კარზე ყველაზე დიდი გავლენით და ავტორიტეტით სარგებლობდნენ, შიხავენდის ტომის სუფიურ-დერვიშული ორდენის მეთაური, ყაჯართა ტომის ამირების ერთი ნაწილი და თალიშის ტომის ამირები. ჰეიდარ-მირზას ტახტზე ასვლას, აგრეთვე, მხარს უჭერდნენ დედით ქართველი უფლისწულები და მათი ბიძები ალი-ხანი, ზაალ-ბეგი, დაუდი და თამაზი.

ნასროლა ფალსაფის გადმოცემით, გვირგვინისათვის ბრძოლაში ყველაზე მეტ აქტიურობას ორი ქალი იჩენდა: “შაჰ-თამაზის ჰარამხანაში სულთან-ზადე ხანუმი, ჰეიდარ-მირზას დედა, რომელიც ქართველი ქალი იყო და შაჰს ყველა სხვა ცოლებზე მეტად უყვარდა… მის საპირისპიროდ შაჰის ასული _ გამჭრიახი, ცბიერი და ფრთხილი ფერიხან ხანუმი, რომელიც შაჰის უსაყვარლესი შვილი იყო, ცდილობდა მამისათვის ჰეიდარ-მირზასადმი უნდობლობა ჩაენერგა, ხოლო ისმაილ-მირზა მისთვის შეეყვარებინა. ამასთან,

87

იგი თავისი ბიძის, დედის ძმის, შამხალ-ხან ჩერქეზის საშუალებით ისმაილ-მირზას მომხრეებს სიმტკიცისა და შეუპოვრობისაკენ მოუწოდებდა და ისმაილ-მირზასთან საიდუმლო მიმოწერა ჰქონდა”.

ამ ორ დაჯგუფებას შორის ამჯერად ბრძოლა არ გამწვავებულა, რადგან შაჰი გამოჯანსაღდა. მაგრამ შაჰისათვის უცნობი არ დარჩა ის ამბები, რომელიც მის ავადმყოფობას მოჰყვა. ამის შესახებ შაჰს აცნობა მისმა ჩერქეზმა ცოლმა, ფერიხან-ხანუმის დედამ. მართალია, შაჰ-თამაზი ჰეიდარ-მირზას წინააღმდეგ განეწყო, მაგრამ რაიმე მკაცრი ზომები არ მიუღია. შაჰმა მიზანშეწონილად მიიჩნია, არ მიექცია ამისათვის ყურადღება და როცა იგი სავსებით გამოჯანსაღდა, ამ ამბების გამოძიება არ დაუწყია. შაჰ-თამაზის ამ ნაბიჯმა ვერ შეანელა ტახტის პრეტენდენტთა შორის დაწყებული ბრძოლა და ისინი მოხუცი შაჰის გარდაცვალებას მოუთმენლად ელოდნენ.

1576 წლის მაისის დამდეგს შაჰ-თამაზი კვლავ შეუძლოდ გახდა. ამჯერად მისი გამოჯანსაღების იმედი არავის ჰქონდა. 14 მაისს, ღამით შაჰ-თამაზი გარდაიცვალა და დილით უკვე გამოაცხადეს, რომ ჰეიდარ-მირზა გამეფდა. მაგრამ ჰეიდარი, ფაქტიურად დატყვევებული აღმოჩნდა, რადგან ამ დროს სასახლეს იცავდნენ რუმლუს, აფშარისა და ყაჯართა ტომების რაზმები, რომლებიც ისმაილ-მირზას მომხრენი იყვნენ. ზაალ ბეგმა ანსარის, ალამუტის ციხის კომენდანტს, ჰეიდარ-მირზას მომხრეს, წერილი გაუგზავნა, შაჰ-თამაზის გარდაცვალება აცნობა და მოუწოდა დაუყოვნებლივ მოეკლა ისმაილ-მირზა. გზაში ისმაილის მომხრეებმა შიკრიკი დააკავეს, წერილი ხელთ ჩაიგდეს და ისმაილს აცნობეს შაჰის კარზე მომხდარი ამბები.

ჰეიდარ-მირზას დაღუპვაში დიდი როლი ითამაშა ფერიხან-ხანუმმა. იგი ფეხებში ჩაუვარდა ჰეიდარს, პატიება სთხოვა, გამეფება მიულოცა და ერთგულება შეჰფიცა, ჰეიდარმა შეიწყნარა დის ვედრება. მაგრამ სინამდვილეში ფერიხან-ხანუმი ფარულად მის წინააღმდეგ მოქმედებდა. მან სასწრაფოდ აცნობა ჰეიდარის მოწინააღმდეგებს სასახლეში მომხდარი ამბები და მოუწოდა მიეღოთ გადამწყვეტი ზომები ჰეიდარის წინააღმდეგ. ფერიხან-ხანუმის მითითებით სასახლის ყველა კარი საიმედოდ დაკეტეს და დაცვა გააძლიერეს260.

სასახლეში შექმნილი გაურკვეველი და დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, ჰეიდარ-მირზა თავს უკვე ირანის შაჰად თვლიდა, მაგრამ მოვლენები სრულიად საპირისპიროდ წარიმართა.

88

სპარსულ წერილობით წყაროთა გადმოცემით, როდესაც ფერიხან ხანუმმა თავის ბიძას ჩერქეზ შამხალს ჰეიდარის მოსალოდნელი გამეფების ამბავი ამცნო, შამხალი მაშინვე თავისი მომხრეების თანხლებით შაჰის სასახლისკენ გაემართა. მათ ადვილად შეაღწიეს სასახლის ჰარემის ნაწილში, სადაც ქალის ტანსაცმლით შემოსილი უფლისწული მოწინააღმდეგეებს ემალებოდა და შეიპყრეს იგი. ბუდა ყაზვნის სიტყვით, ჰეიდარი ჯერ დაახრჩვეს, შემდეგ იუზბაშმა რუმლუმ მას თავი მოკვეთა. გარეთ კი ამ დროს თავგამოდებით იბრძოდნენ ქართველები ზაალ-ბეგის მეთაურობით, რათა სასახლეში შეეღწიათ და ჰეიდარი გადაერჩინათ. ბოლოს, ხელჩართული ბრძოლის შედეგად, ქართველთა ერთმა ნაწილმა შეაღწია სასახლეში, მაგრამ უკვე გვიანღა იყო; მოწინააღმდეგეებმა მათ ჰეიდარის გასისხლიანებული თავი გადმოუგდეს, რითაც ნათელი გახდა, რომ ბრძოლა წაგებული იყო261. ქართველთა რაზმმა ამის შემდეგ ბრძოლა ბაღში გააგრძელა და ზაალ-ბეგი… ფინდიხის მოხვედრით მიწას დაანარცხეს. ქართველები დამარცხდნენ262.

აქვე აღნიშნავთ, რომ ზაალ-ბეგი იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ირანში XVI საუკუნის 40-იან წლებში ცხოვრობდა შაჰ-თამაზის სასახლეში და მისი ნდობითა და ყურადღებით სარგებლობდა263.

ირანში, როდესაც ქართველთა დაწინაურების საკითხს ვიხილავთ, გასათვალისწინებელია კონკრეტული ისტორიული სიტუაცია როგორც ირანში, ისე საქართველოში და ახლო აღმოსავლეთში საერთოდ. ამ საქმეში გარკვეული როლი შეასრულა საქართველოში მიმდინარე კლასობრივმა ბრძოლამ და შინა ომებმა, რის შედეგად ბევრი ქართველი, ნებსით თუ უნებლიედ ირანში მოხვდა და უცხო მიწა-წყალზე უხდებოდა დამკვიდრება. თავიანთი შეუდრეკელი ბუნების და რაინდული თვისებების წყალობით, ქართველებმა იქ მალე მოიპოვეს სათანადო ავტორიტეტი და გავლენა. მაგრამ უმთავრესი ფაქტორი, რამაც ირანში მათი მთელი ძალით აღზევება განაპირობა (პოლიტიკურ, სამხედრო თუ კულტურულ ასპარეზზე), შაჰ-აბასის ყიზილბაშ ამირთა წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა იყო. შაჰ-აბასმა ოფიციალურად ცნო სეფიანთა სახელმწიფოში ე. წ. “მესამე ძალა”, რომელიც წარმოდგენილი იყო

89

ჩერქეზების, ქართველების და სომხების სახით. კავკასიური ელემენტის დაწინაურებით შაჰი მიზნად ისახავდა ყიზილბაშ-დიდებულთა ძალაუფლების შეკვეცას, მათი სეპარატისტული მოქმედებების აღკვეთას264.

შაჰ-აბასმა თავიდანვე შექმნა გამაჰმადიანებული ქართველებისაგან შემდგარი მცველი რაზმი, რომელიც შუბებით იყო შეიარაღებული და რომელთაც ირანში ტუფანჯუს ჯარებს უწოდებდნენ265. გაქრისტიანებული სპარსელი დონ ხუანი გადმოგვცემს, რომ შაჰ-აბასს გარს ერტყა 12 ათასი ქართველისაგან შემდგარი დამცველი რაზმი, თუმცა ეს მეომრები მოზარდები, თხუთმეტ წლამდე ასაკისა ყოფილან266.

აბასის მეფობის პირველ წლებში, თურქებთან დაზავებისა და ურჩი ხანების წინააღმდეგ სამხედრო ექსპედიციების დროს ერთ-ერთ ბრძოლაში თავი გამოუჩენია ქართველ ალავერდი ხანს, რომელიც სათავეში ედგა 12 ათასიან ქართველ ცხენოსანთა ჯარს267.

ალავერდი-ხანი წარმოშობით ქართლის უნდილაანთ (უნდილაძე) ფეოდალური ოჯახიდან იყო268. იგი ბავშვობისას მოიტაცეს, ირანში ტყვედ გაყიდეს, ერთი ბატონიდან მეორის ხელში გადადიოდა, ვიდრე შაჰ-თამაზის სამსახურში ჩადგებოდა.

ალავერდი-ხანი იყო ირანის ყველაზე ცნობილი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე შაჰ-აბას პირველის მმართველობის დროს, მთავარი სეფაჰსალარი და ირანის სამხრეთი პროვინციების (ფარსის, ხუზისთანისა და სხვ.) მმართველი. ირანში თავისი მოღვაწეობის მთელ პერიოდში იგი უდიდესი ნიჭითა და ოსტატობით ასრულებდა მასზე მინდობილ ყველა სახელმწიფო და სამხედრო მოვალეობას, ამიტომაც იყო იგი შაჰ-აბასის ნდობით აღჭურვილი პირი და შაჰის შემდეგ პირველ კაცად ითვლებოდა ქვეყანაში. ისქანდერ მუნშის სიტყვებით: “საკითხების სამართლიანი და საზრიანი გადაწყვეტით ის თავისი დროის ყველა ბრძენზე მაღლა იდგა, ხოლო გამბედაობითა და სიმამაცით შეუდარებელი იყო თანამედროვეთა შორის”. მ. ზაჰთაბის

90

დამოწმებით, “შაჰი მას აყენებდა ყველა სარდალზე მაღლა და თავის მამას უწოდებდა”. ისქანდერ მუნში თავის თხზულებაში ჩამოთვლის ოცზე მეტ მნიშვნელოვან სახელმწიფო და სამხედრო ღონისძიებას, რომელიც ალავერდი-ხანის ხელმძღვანელობით განხორციელდა269.

შაჰს პორტუგალიის ელჩთან ანტონიო გოვეასთან ერთ-ერთი საუბრის დროს უთქვამს: “მთელი სპარსეთი მე მემორჩილება და მე კი ალავერდი-ხანს” ვემორჩილებიო270.

1592 წელს შაჰ-აბასმა ალავერდი-ხანი პოლკის მეთაურად დანიშნა. იბრძოდა ყასადაღის მმართველის წინააღმდეგ. 1596 წელს ჩაახშო შაჰის წინააღმდეგ მიმართული ქუჰ გილუიეს მოსახლეობის აჯანყება. 1597 წელს გაანადგურა ლურისთანის, ხოლო 1598 წელს ჰერათის მმართველის ძალები. 1601 წელს დაიპყრო ბაჰრეინის კუნძული სპარსეთის ყურეში. 1602 წელს შაჰს ახლდა ავღანეთში ქალაქ ბაგრისის ომში. ამ დროის მანძილზე მან დაიპყრო ქალაქი ბაღდადი 1603 წელს, თავრიზი 1604 წელს, ვანი 1605 წელს, განჯა და შემახია 1606 წელს. 1612 წელს ალავერდი-ხანი ახლდა შაჰ-აბასს უზბეკ ხან ველი მოჰამედთან შეხვედრაზე ხორასანში, შემდეგ კი _ აზერბაიჯანში271.

შაჰ-აბასთან ერთად ალავერდი-ხანს გარკვეული წვლილი მიუძღვის ირანის არმიის რეორგანიზაციის საქმეში. 1599 წელს ირანში ჩავიდა ინგლისის ელჩი ანტონი შერლი, თავისი ძმის რობერტ შერლისა და 25 კაცის თანხლებით. ალავერდი-ხანმა მათი დახმარებით ირანის არმია შეაიარაღა ცეცხლმსროლელი იარაღით, რის შედეგადაც მისი ბრძოლისუნარიანობა საგრძნობლად გაიზარდა. სწორედ ცეცხლმსროლელი იარაღის უპირატესობის წყალობით ოსმალეთი წინა ომებში ადვილად ამარცხებდა ირანის ლაშქარს, ახლა კი, ეს უპირატესობა აღარ გააჩნდა.

1603-1612 წლებში ირან-ოსმალეთის ომის დროს ალავერდი-ხანმა განსაკუთრებით გამოავლინა თავისი მხედართმთავრული ნიჭი. მან რამდენიმე დიდი გამარჯვება მოიპოვა ოსმალეთის არმიაზე.

ალავერდი-ხანი დიდ საამშენებლო საქმიანობას ეწეოდა: გაჰყავდა გზები, აშენებდა სასახლეებს, ქარვასლებს, აბანოებს, ხიდებს და სხვა. მის მიერ

91

ისფაჰანში აგებული ხიდი დღესაც მის სახელს ატარებს. მისივე ხარჯით იყო შესრულებული ზოგიერთი ფრესკა ისფაჰანში ჩეჰელ-სუთუნის სასახლეში, მის მოხატულ კედლებზე, მნახველთა სიტყვით, გაკეთებული იყო ქართული წარწერებიც272.

ალავერდი-ხანი ყოველნაირად ცდილობდა თავის სამფლობელოში სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობა-ხელოსნობის დაწინაურებას. შირაზში ჩასახლებულმა ქართველებმა ხელი შეუწყვეს აქ მევენახეობა-მეხილეობის განვითარებას. ივ. ჯავახიშვილის დაკვირვებით, ერთ-ერთი ყურძნის სახეობა ევროპელებისათვის ცნობილია ქართული სახელით: შირაზული. ეს სახელი ევროპელებს შირაზის ქართველებისაგან უნდა ესწავლათ.

რადგან ალავერდი-ხანმა შაჰის საქართველოში ლაშქრობის გეგმა არ გაიზიარა, აბასმა 1613 წელს მოაწამლინა. ეს მკვლელობა საიდუმლოდ განხორციელდა273. ალავერდი-ხანის დაკრძალვაში მონაწილეობდნენ ყველა მაღალი რანგის პირები _ სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწენი, მათ შორის, თავად შაჰ-აბასი. მისი ნეშტი წაიღეს ხორასანში, სადაც დაკრძალეს შიიტების მერვე მოციქულის _ იმამ რეზას გვერდით ქალაქ მეშჰედში.

ფაქტია, რომ უნდილაძეთა მრავალმხრივ მოღვაწეობას ირანში უკვალოდ არ ჩაუვლია. ამის ნათელი დადასტურებაა სხვადასხვა წერილობით წყაროებში დაცული ცნობები მათ შესახებ. განსაკუთრებით საინტერესოა ამ თვალსაზრისით ევროპელ ავტორთა რელაციებში და თხზულებებში წარმოდგენილი მასალა. მათგან საგანგებოდ აღნიშვნას იმსახურებენ: თომას ჰერბერტი, კარმელიტების ქრონიკა, ჟან ბატისტ ტავერნიე, პიეტრო დელა ვალე, ჰენრიხ ფონ პოზერი, ენგელბერტ კემპფერი, პიეტრო ავიტაბილე, არქანჯელო ლამბერტი, ბართოლომეო ფერო და სხვ.

“აღსანიშნავია, რომ უნდილაანთ ფეოდალური სახლის წარმომადგენლებს მიუხედავად მათი ყულარაღასობისა და ბეგლარბეგობისა, საქართველოს წინააღმდეგ ლაშქრობებში პირადად მონაწილეობა არ მიუღიათ”274.

იმ გარემოებას, რომ შაჰ-აბას პირველის სამსახურში მყოფმა ქართველებმა განსაკუთრებული როლი შეასრულეს ყველა მის გამარჯვებაში დ. ლენგის სიტყვებით, შაჰ-აბასი დიდად აფასებდა ქართველების ნიჭსა და ენერგიას. იგი მუდამ ცდილობდა სამეფო კარზე მოეზიდა ქართველი მეომრები და საზოგადო მოღვაწენი. ამით შაჰი იმედოვნებდა ხელი შეეშალა იმისათვის, რომ ქართვე-

92

ლები თავიანთ სამშობლოში მიმდინარე ირანის საწინააღმდეგო ბრძოლაში არ ჩაბმულიყვნენ. ამასთან ერთად, მათი მიმხრობითა და თანამდებობებზე დანაწილებით შაჰი სხვა მიზანსაც ახორციელებდა, კერძოდ, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ყიზილბაშური ტომების ერთობისა და ძლიერების შერყევის პოლიტიკას.

ფრანგი მისიონერი სანსონი აღნიშნავს: “შაჰის პოლიტიკა მეტად ბრძნულია ქართველების მიმართ, ქართველებისა, რომლებსაც შეეძლოთ მისთვის ბევრი უსიამოვნება მიეყენებინათ, რომ გაერთიანებულიყვნენ. შაჰმა იცის, როგორ უნდა გამოიყენოს ქართველები საკუთარი ინტერესებისათვის. ის ისე აწინაურებს ყოველ ქართველ დიდებულს, რომ მათ ავიწყდებათ თავიანთი სამშობლო და სარწმუნოება და მისი ერთგულნი ხდებიან. ყველაზე დიდი თანამდებობები იმპერიაში ეკუთვნით ქართველებს, ხოლო იმას, ვისაც დიდი თანამდებობა არ უკავია, მას ადგილი აქვს მიჩენილი სამეფო სუფრასთან და სარგებლობს სამეფო ხაზინის სიკეთით”275.

თადეუშ კრუსინსკის სიტყვით, “ქართველები პოლიტიკური მოსაზრებით შედარებით ადვილად იცვლიან სარწმუნოებას (სპარსეთის შაჰის კარზე), ხოლო (საქართველოში დაბრუნების) შემდეგ კვლავ ქრისტიანობას უბრუნდებიან”276.

შაჰის სამსახურში ჩამდგარ ქართველებს, რომლებმაც ნებაყოფლობით მიიღეს ისლამი, შაჰის ნებართვით უფლება ჰქონდათ _ თავისუფლად დაელიათ ღვინო და ეჭამათ ღორის ხორცი277.

იტალიელი მოგზაური პიეტრო დელა ვალე 1627 წელს რომის პაპის ურბან მერვესადმი საქართველოს შესახებ წარდგენილ მოხსენებით ბარათში წერდა: “სპარსეთში 30 ათასზე მეტი ქართველი ცხოვრობს, თუ არ ჩავთვლით შაჰ-აბასის მიერ ძალით აყრილ და გადმოსახლებულ ქართველებსო. ზოგიერთ მათგანს უჭირავს გამოჩენილი ადგილები, როგორც მხედრობაში, ისე ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობაში. სპარსეთში მყოფნი და თავისი რჯულის უარმყოფელნი ქართველები უკმაყოფილონი არიან ხელმწიფის… ხელმწიფემ მათ არ მისცა, რასაც ისინი მოელოდნენ; მან ის პატივი არ სცა და არც სცემს მათ სპარსეთში, რა პატივითაც იგი უწინ ჰსცემდა, როცა ისინი ჯერ კიდევ ქვეშევრ-დომები არ იყვნენ… შაჰმა ისინი აიძულა რჯული შეეცვალათ… ამიტომაც

93

თითქმის ყველანი გაჯავრებულნი არიან და ნანობენ, რაც უქნიათ; ასე რომ, ისინი ხმამაღლა აღიარებენ, რომ მოტყუებულნი დავრჩითო და ხელახლა დასაწყები რომ იყოს ჩვენი მოქმედებაო, სხვა გვარად მოვიქცეოდითო…”278

იმამყული ხანი (ალავერდი-ხანის ძე) იყო შაჰ-აბას პირველისა და მისი მემკვიდრე შაჰ-სეფის გამგებლობის პერიოდის ერთ-ერთი დიდი სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი. მან შეცვალა თავისი მამა ირანის სამხრეთი რაიონების მმართველისა და ჯარების მთავარსარდლის პოსტზე. იმამყული-ხანი უძლეველი მთავარსარდალი იყო, არაერთხელ ედგა სათავეში ირანის ჯარებს ოსმალეთთან ომებსა და პორტუგალიელების წინააღმდეგ ბრძოლებში. ირანელი ისტორიკოსები ერთხმად ადიდებენ იმამყული-ხანს, უწოდებენ მას “ჰორმუზის დამპყრობელს”, “დიდსულოვან, სამართლიან და მომთმენ ადამიანს” (რომელსაც დიდად აფასებდა შაჰ-აბასი, უყვარდა იგი), “ძლიერ მებრძოლს და დაუღალავ მეომარს” და სხვ. ისინი ხაზს უსვამენ შაჰ-სეფის მუხანათური ხელით იმამყული ხანის ტრაგიკული სიკვდილის ამბავს.

იმამყული-ხანი აქტიურად მონაწილეობდა ფარსისა და სხვა პროვინციების კეთილმოწყობაში, ხელმძღვანელობდა ქალაქ ისფაჰანის რაიონში მდებარე ქუჰრანგის შეერთებას ზაიენდე რუდთან.

იმამყული-ხანი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში იყო ლარის პროვინციის მმართველი, 1608 წელს ის შაჰ-აბასმა გაგზავნა ქურთისტანში, სადაც სათავეში ედგა ირანის სასაზღვრო რაზმებს ოსმალეთის წინააღმდეგ ომში, ხელმძღვანელობდა, აგრეთვე, ჯელალიანის ქურთი ტომის შაჰის საწინააღმდეგო აჯანყების ჩაქრობას.

1609 წელს დიდვეზირი მუსტაფა ფაშას მეთაურობით აზერბაიჯანში ოსმალთა ჯარების შემოსევის დროს, იმამყული-ხანი იყო იმ მხედართმთავართა შორის, რომლებმაც ოსმალებზე მოიპოვეს გამარჯვება. იგი ესწრებოდა, აგრეთვე, სამხედრო პარადს, რომელიც შაჰ-აბასის სასახლის წინ შაჰის მოედანზე მოეწყო, თავრიზში მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად.

1616 წელს იმამყული-ხანი ირანის სეფაჰსალარ ყორჩიხა-ხანთან ერთად მეთაურობდა ყიზილბაშთა ლაშქარს აბაზა-ფაშას წინააღმდეგ ომში. აბაზა-ფაშამ, რომელმაც 40 ათასზე მეტი კაცი დაკარგა, ბრძოლა მიატოვა, ირანის ჯარებმა კი ქალაქი ერევანი დაიკავეს, 1617 წელს იმამყული-ხანმა და ყორჩიხა-ხანმა კვლავ დაამარცხეს ოსმალთა და თათართა 60 ათასიანი ჯარი არზრუმის

94

მახლობლად. ბრძოლის დროს მოკლეს არზრუმის მმართველი _ ჯარების მთვარსარდალი ჰასან-ფაშა, ტყვედ ჩაიგდეს ვანის მმართველი მოჰამედ-ფაშა და სხვები.

1619 წელს იმამყული-ხან უნდილაძე მეთაურობდა სპეციალისტთა და სახელმწიფო მოღვაწეთა ჯგუფს, რომელშიც შედიოდნენ ლურისთანისა და ჰამადანის მმართველები _ ჰოსეინ-ხანი, სეფი ყული-ხანი და სხვები. ეს ჯგუფი ისფაჰანის მახლობლად აგებდა კაშხალს, რომელსაც ჰქონდა 150 მ. სიგანე, 3000 მ. სიგრძე და 80 მ. სიმაღლე. იმავე წელს მან დაიპყრო ქუჰგილუიეს რაიონი, რომლის მოსახლეობა შაჰ-აბასს აუჯანყდა.

იმამყული-ხანის მოღვაწეობის მეორე ეტაპი პორტუგალიელების წინააღმდეგ მის სამხედრო ოპერაციებს მოიცავს. პორტუგალიელებთან წარმატებითი ბრძოლების საწარმოებლად მან ხელშეკრულება დადო ინგლისის ფლოტის სარდალთან (ოსტინდოეთის კომპანიის ფლოტი), რომელიც იმ დროს ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე იმყოფებოდა.

Daud Khan Undiladze son of Alaverdi Khan1624 წელს, სხვა მხედართმთავრებთან ერთად, იმამყული-ხანი თან ახლდა შაჰ-აბასს ოსმალთა ჯარების წინააღმდეგ ომში, ხოლო 1625 წელს დიდი დამარცხება აგემა არსელან-ფაშას ბაღდადში. 1627 წელს მან ახალი ლაშქრობა მოაწყო ბაღდადზე, რათა შემდეგში დაეპყრო ბასრა, მაგრამ შაჰ-აბასის გარდაცვალების გამო ის იძულებული გახდა ირანში დაბრუნებულიყო.

შაჰ-სეფის დროს იმამყული-ხანს ბრალი დასდეს, რომ იგი თავის ძმასთან დაუდ-ხანთან და თეიმურაზ მეფესთან ერთად შეთქმულებას აწყობდა შაჰ-სეფის წინააღმდეგ. 1632 წელს შაჰის ბრძანებით მოკლეს იმამყული-ხანი, ამოწყვიტეს მისი ოჯახი და ნათესავები. იმამყული-ხანის მოკვლით შაჰ-სეფიმ დიდი ზიანი მიაყენა ყიზილბაშთა სახელმწიფოს. თავზე ლაფი დაასხა სეფიან შაჰებს. ა. ეყბალის სიტყვით: “ღირსეული ამირას სიკვდილით მან მეტისმეტად შეირცხვინა თავი”.

ალავერდი-ხანის ძე დაუდ-ხანმა ბავშვობა ირანში გაატარა. 1625 წელს მან ყარაბაღის გუბერნატორი მოჰამადყული-ხან ყაჯარი შეცვალა. 1632 წელს დაუდ-ხანი გადააყენეს. მას ბრალად ედებოდა შაჰ-სეფის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა279.

XVII საუკუნის ირანში ერთ-ერთ განსაკუთრებით გამოჩენილ და გავლენიან პიროვნებას წარმოადგენდა როსტომ-ხან (როსტომ-ბეგ) სააკაძე, რომელსაც ვიცნობთ, როგორც ქართული, ისე სპარსული წყაროებიდან.

95

სპარსულ საისტორიო მწერლობაში არსებობს სეფიანთა ერთ-ერთი ისტორიკოსთაგანის “ბიჯანის” საისტორიო ნაშრომი, ამ გამოჩენილი პიროვნების ცხოვრება-მოღვაწეობისადმი მიძღვნილი. ბრიტანეთის მუზეუმში ინახება ჯერჯერობით ერთადერთი ხელნაწერი ამ ნაშრომისა, რომელშიაც ავტორი დაწვრილებით მოგვითხრობს როსტომის ბიოგრაფიას ირანის მაშინდელი პოლიტიკური ვითარების ფონზე.

როსტომი 11 წლის შესულა შაჰ-აბასის სამსახურში და მალე მოუპოვებია წარმატება. მისი კარიერის საფეხურები ასე გამოიყურება: სოჰბათ-იასაული, შემდეგ სარდალი, დივან-ბეგი და ა. შ. ის იცავდა თავრიზს თურქებისაგან, გაათავისუფლა ბაღდადი და აიღო ჰილალი. ირანის სპასალარად და აზერბაიჯანის ბეგლარ-ბეგად დანიშნულმა როსტომ-ხანმა აიღო ერევანი. შაჰ-აბას მეორეს ტახტზე ასვლის დროს როსტომ ხანი სათავეში ედგა ირანის მთელ შეიარაღებულ ძალებს ხორასანში280.

ცნობილია, რომ შაჰ-აბას პირველის მრავალრიცხოვან ცოლებში ოთხი ქართველი ქალი იყო: ანდუყაფარ ამილახვარის და _ თამარი, სიმონ მეფის და _ ფახრიმჯან ბეგუმი, თეიმურაზ მეფის და _ ელენე და ლუარსაბის და _ ლელა. გადმოგვცემენ, რომ შაჰ-აბასს კარგად სცოდნია ქართული ენა. ოსმალეთისა თუ ევროპის ქვეყნების ელჩების მიღების დროს, როცა შაჰს კარის დიდებულებთან საიდუმლო საუბარი სურდა, თურმე ხშირად მათ ქართულად ელაპარაკებოდა. მაშასადამე, შაჰ-აბასის კარისკაცების უმრავლესობა ქართველები ან ქართული ენის მცოდნენი იყვნენ. დიდგვაროვან ქართველებს, რომლებიც შაჰის კარზე მოღვაწეობდნენ, ცხადია, ქართველი მსახურებიც ეყოლებოდათ საკმაო რაოდენობით. სწორედ ამით უნდა იყოს გამოწვეული XVII საუკუნის ფრანგი მოგზაურის სიტყვები, რომ “ძალიან ცოტაა ისეთი სპარსელი, დაწყებული მეფიდან მის ყველაზე დაბალ მსახურამდე, რომელსაც არ ჰყავდეს ქართველი დედა ან მამა, ან ქართული სისხლი მაინც არ ჰქონდეს”. ეს ცნობა, რა თქმა უნდა რამდენადმე გადაჭარბებულია, მაგრამ დანამდვილებით მიგვითითებს იმაზე, რომ ქართველობა დიდი რაოდენობით იყო შაჰ-აბასის კარზე281.

საინტერესოა, რომ 1618 წლიდან 1722 წლამდე სპარსეთის დედაქალაქის ტარუღად თითქმის ყოველთვის ქართველს ნიშნავდნენ. ისფაჰანის პირველ

96

ქართველ ტარუღად ხოსრო-მირზა იყო. 1618 წლიდან 40 წლის განმავლობაში (თითქმის სიკვდილამდე) მას შეუცვლელად ეკავა ეს თანამდებობა. 1633 წლიდან ის ინიშნება ქართლის ვალის თანამდებობაზე, ხოლო ისფაჰანს მართავს მისი მოადგილე _ ნაიბი. 1656 წელს როსტომმა ისფაჰანის ტარუღას თანამდებობაზე თავის ნაცვლად ქართველი ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანიძე გაგზავნა. შაჰი მის მოურავობაზე მხოლოდ მაშინ დათანხმდა, როცა ფარსადანმა მაჰმადიანობა მიიღო. ამ დროიდან 40 წლის განმავლობაში იგი ირანის შაჰების სამსახურში იყო.

ირანში ყოფნის დროს ფარსადან გორგიჯანიძემ დაწერა საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან 1695 წლამდე, რომელიც 1696 წელს დაასრულა. ამ ნაშრომს გარდა, მან 1691 წელს გადმოთარგმნა მუსლიმანური სამართლის წიგნი “ჯამი აბასი” და შეადგინა სპარსულ-არაბულ-ქართული ლექსიკონი”282.

ფარსადანის შეცვლის შემდეგ, ხოსრო-მირზას რეკომენდაციით აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნეს ვინმე პაატა-ბეგი-გურჯი (ქართველი).

ათეული წლების განმავლობაში ისფაჰანის ტარუღა იყო ვახტანგ V შაჰნავაზის ვაჟი ბატონიშვილი ალექსანდრე (1666-1677 წწ.). ირანის დედაქალაქის მმართველებად ქართველი ბატონიშვილები ინიშნებოდნენ XVIII საუკუნის პირველ მეოთხედშიც.

1701 წელს ირანის მბრძანებელმა შაჰ სულთან ჰუსეინმა ლევან ბატონიშვილი თავისთან დაიბარა, როგორც ირანის “ვალის” _ ქართლის მმართველი. ლევანმა ავღანელთა წინააღმდეგ გამოჩენილი მამაცობისათვის შაჰისაგან ბეგლარბეგობა და ნაიბობა მიიღო.

ცოტა ხანში შაჰის კარმა ირანის სპეციალური სამხედრო დამცავი აპარატი შექმნა, რომლის მეთაურად იესე ლევანის ძე დანიშნა. ამრიგად, იესე ბაგრატიონს, სრულიად ახალგაზრდას, ირანის იმპერიის სახელმწიფო დაცვის უფროსობა ხვდა წილად.

ბაგრატიონთა მიერ ირანის იმპერიაში ასეთ დიდ თანამდებობათა ხელში ჩაგდება გარკვეულწილად, ქართლის სამეფოს მესვეურთა პოლიტიკის გამარჯვებას გულისხმობდა, თუმცა საფასურად ირანის შაჰი მათგან ავღანთა ბრძოლებში წარმატებას ელოდა.

1705 წლს იესე ბატონიშვილმა შაჰისაგან დამატებით, ერანის ვექილის თანამდებობა მიიღო. სპარსეთის ერთგულებისათვის შაჰმა იესეს ქირმანის ნაიბობაც უბოძა, ხოლო სპარსეთის პოლიტიკური საზღვრების დაცვისათვის

97

1709 წელს ქირმანის ბეგლარბეგობაც დაუმტკიცა. ამავე დროს, მას ოფიციალურად სახელიც სპარსული ეწოდა და “ალიყული ხანად” იქნა მონათლული.

ამრიგად, იესეს პოლიტიკური კარიერა თანდათან ფართოვდებოდა. ქართლის პოლიტიკური მოღვაწენი ირანის შაჰის კარზე თავისი გონივრული საქმიანობით, თავის სამშობლოში _ ქართლში, ჭეშმარიტი პოლიტიკურ-ეკონომიკურ-კულტურულ აღმავლობას ხელს უწყობდნენ. მათი ასეთი პოლიტიკური მიდრეკილებანი იმ ვითარებაში გამართლებულად გამოიყურებოდა283.

საინტერესოა, რომ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის 1711 წელს შაჰმა იესეს ირანის თოფჩიბაშობა (არტილერიის უფროსობა) ჩააბარა284.

1703-1707 წლებში ისფაჰანის ტარუღა იყო მეფე ერეკლე I-ის უკანონო შვილი კონსტანტინე, ხოლო 1707-1709 წლებში ქაიხოსრო ლევანის ძე. ქაიხოსროს ამავე დროს უბოძეს ირანის სამეფოს მხედართმთავრის თანამდებობა. მასვე ებარა ქალაქების _ თავრიზისა და ბარდას მართველობა285. 1709 წელს ისფაჰანის მმართველი გახდა როსტომი (ვახტანგ VI-სა და ქაიხოსროს ძმა), რომელიც ამ თანამდებობაზე 1718 წლამდე იმყოფებოდა. ამავე წელს ის დაინიშნა ყულარ-აღასად და ქირმანის ბეგლარ-ბეგად.

1718-1722 წლებში ირანის დედაქალაქის ტარუღად გვევლინება ერეკლე პირველის ვაჟი ბატონიშვილი დავითი (იმამყული-ხანი). ის იყო ისპაჰანის ბოლო ქართველი ტარუღა. ქართველებმა თავი გამოიჩინეს დიპლომატიურ სარბიელზეც. XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში ფართო პოპულარობა მოიპოვა ირანში თბილისელმა იოსებ _ ქართველმა. 1717 წელს ის შეხვდა ლუი XIV ელჩს გარდანს და მასთან ერთად გაემგზავრა ირანში თარჯიმნის რანგში. იოსებ-ქართველი მხოლოდ თარჯიმანი არ იყო. ის ერთის მხრივ მონაწილეობდა ირან-საფრანგეთის მოლაპარაკებებში, ხოლო მეორე მხრივ გარდანმა მისი დახმარებით დაამყარა კონტაქტი ქართველებთან, რომელთაც ირანში მაღალი თანამდებობები ეკავათ

98

იოსებ-ქართველი ამავე დროს იყო შესანიშნავი ისტორიკოსი. მისი თხზულება ითვლება პირველწყაროდ XVIII საუკუნის პირველი მეოთხედის ირანის ისტორიის შესასწავლად286.

ქართველებმა თავისი კვალი ავღანეთშიც დატოვეს, რაც დაკავშირებულია გიორგი XI და ქაიხოსროს სახელთან. ინგლისელი ისტორიკოსის ვ. ალენის მონაცემებით, ყანდაჰართან ბრძოლების დროს გადარჩენილი ზოგიერთი ქართველი სამუდამოდ დარჩა ამ რაიონში. შემდგომში ყანდაჰარში ხშირად მოიხსენიებდნენ “გურჯებს”. ყანდაჰარისა და ზაბულის პროვინციებში ზოგიერთი ადგილის სახელწოდება ქართველთა აქ ყოფნაზე მიუთითებსო: გურჯიზოი _ ადგილობრივ ენაზე ნიშნავს “ქართველიდან წარმოშობილს”, “ქართველის შვილს”. ყანდაჰართან ახლოს არის სოფელი “გურჯიზოი”, ზაბულის პროვინციაში _ ორი “გურჯიზოი”. ამ სოფლებში ცხოვრობენ ტომები: ქარზი, ქარზინი, ქალიდაი, აჩექზაი.

ყანდაჰარელი ისტორიკოსის მოჰამედ ანვარის ცნობით, ყანდაჰარის პროვინციაში არის ორი ტომი _ გურჯიზოი და ბორგეზოი. ორივე დურანის (აბდალაების) ტომებს მიეკუთვნება. ამბობენ, რომ პირველთ თავიანთი სახელი ქართველიდან (“გურჯიდან”) აიღესო. შესაძლებლად თვლიან იმასაც, რომ ამ სოფლებმა და ტომებმა შემდგომში დაირქვეს ეს სახელები ისე, რომ ქართველებთან არავითარი კავშირი არ ჰქონიათ. საქმე ისაა, რომ “გურჯი” (ქართველი) ყოველთვის ძლიერისა და კარგის აღმნიშვნელი იყო აქ. თუ ვინმე ბრძოლაში გაიმარჯვებდა ან თავს გამოიჩენდა, მაშინვე სახელად “გურჯის” დაირქმევდაო. დღეს ძნელია იმის დადგენა, ნამდვილი “გურჯი” (ქართველი) თუ სიმბოლური “გურჯი” (მამაცი) უდევს საფუძვლად ზემოაღნიშნულ ტოპონიმებს.

აქ ხშირად გაიგონებთ გამოთქმას: “ის მაგარია, როგორც გურჯი”, “ის ლამაზია, როგორც გურჯი” და სხვ. ყანდაჰარის ბაზარში ხშირად ისმის “გურჯი”, როგორც “კარგის” აღმნიშვნელი. გთავაზობენ ხილეულს (ნესვს, მსხალს, ვაშლს) და ყვირიან: “გურჯი”, “გურჯი”. ხშირად ისმის ბაზარში გამყიდველის ხმა: “გურჯი ალუჩა”. ეს არის წითელი ტყემალი. როგორც ამბობენ, ეს ხილი ქართველებს ჩაუტანიათ ყანდაჰარში, ხოლო ადგილობრივ მცხოვრებლებს მისთვის “გურჯი ალუჩა” დაურქმევიათ.

ყანდაჰარის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ დანდიდან 6 კილომეტრზე არის სოფელი გორგანი. აქ ცხოვრობს ტომი ბორგეზოი, აქაურმა

99

მცხოვრებლებმა იციან მხოლოდ გურგინ-ხანი, როგორც დამპყრობელი, მაგრამ არ იციან, ვინ იყო ის. სიტყვა “გურჯი” იციან მხოლოდ “კარგის” მნიშვნელობით. ამ მხარეში არის დასახლებული ადგილი ფოთი, რომელიც სამხედრო პირთა დასახლებული ადგილი ყოფილა. მოჰამედ ანვარის აზრით, ერთ-ერთი ტომის სახელწოდება “ხუდიზიო” (პუშტუს ენაზე “ხუდიზოი” _ “თვითონ”, “ობოლი”) შესაძლებელია ქართული წარმოშობისა იყოს.

დღევანდლამდე ყანდაჰარში შემონახულია გამოთქმები: “გურჯიზოი”, “ხუდიზოი”, “სურ გურჯი ალუჩა”, “სურ გურჯი მან” (კარგი კაცი), “საგა გურჯი” (კარგი ძაღლი _ ძაღლის ჯიშია) და სხვ.287

ბეპოქაში ირანულ წყაროებში მოხსენებულია ალაჰ-ვერდი ხან ქართველი, რომელიც თურქმანების ათასი მხედრის მეთაურად არის დასახელებული და მონაწილეობას ღებულობს შიდაპოლიტიკურ ბრძოლებში288. ასეთივე პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე ყოფილა ივანე ხან გურჯი289.

ირანულ და ქართულ ისტორიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ აღა-მაჰმად ხანის მკვლელი იყო შაჰის პირადი მსახური, ეროვნებით ქართველი სადიყა. ჩანს, ამ აქტში ქართლ-კახეთის სამეფოს ხელი ერია. სადეყს ანუ ანდრიას შაჰის მოსამსახურედ ყოფნის დროს ევალებოდა “მიტანა პირის საბან წყლისა, ჩაისა, ყალიონის და ნამაზის დროს წყლისა და ჭურჭლის მიტანაც”. სადეყის იგივე სამსახურებრივ ფუნქციებზე მიგვითითებს მალკოლმიც და სპარსული გადმოცემებიც290.

ანდრია, პლატონ იოსელიანისა და ზაქარია ჭიჭინაძის მოწმობით, მცხეთელი ყოფილა. იგი ტყვედ ჩავარდნია სპარსელებს, გაუმაჰმადიანებიათ და სადეყი დაურქმევიათ. შემდეგში, თავისი გონიერებისა და ფიზიკური შესახედაობის გამო შაჰს თავის მსახურად აუყვანია. ისევე, როგორც სხვა თავისი მსახურები სადეყიც დაუსაჭურისებია291.

ქართული გადმოცემების თანახმად, სადეყი საქართველოში ჩამოსულა და მეფე ერეკლეს ხლებია. მეფემ სადეყს, ანუ ანდრიას “საჩუქრები უბოძა და მასთან ულუფაც დაუნიშნა”. იგი კვლავ გაქრისტიანებულა და ბერად

100

აღკვეცილა, რადგან როგორც აღვნიშნეთ, საჭურისი იყო. ანდრია 1810 წელს გარდაცვლილა და იოანე ნათლისმცემლის მონასტრის საცხოვრებელი სახლის სამლოცველოს ეზოში დაუსაფლავებიათ292. ანდრიას ირანელი ისტორიკოსები “სადეყ გურჯის სახელით იხსენიებენ293.

მოგვიანებით, კერძოდ XVIII საუკუნის მიწურულს კიდევ ერთხელ შეიქმნა შესაძლებლობა დედით ქართველი ტახტის მემკვიდრე ირანის შაჰი გამხდარიყო. მაგრამ მაშინ კანონად ქცეულმა ანდერძმა ჩაშალა მოვლენების განვითარება. აღა-მაჰმად ხანის ანდერძით, მხოლოდ ყაჯართა ტომის ქალისაგან შეიძლებოდა შაჰს ჰყოლოდა ტახტის მემკვიდრე. სწორედ ამით იყო გამოწვეული, რომ ფათჰ ალი შაჰმა გვერდი აუარა თავის უფროს ვაჟს მოჰამედ ალი მირზას, რომელიც მას ქართველი ტყვე ქალისაგან ჰყავდა (რომლის გვარიც წიქარაშვილი უნდა ყოფილიყო) თავის მეფობის მეორე წელს ვალიაჰდად _ ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა აბას მირზა და მას “ნაიბ-ოს სალანეს” ტიტული უბოძა294.

სპარსეთის ერაყსა და მაზანდარანში აბას-მირზას მიერ გაგზავნილმა ვერდიეს მიერ სკოლაგამოვლილმა სარბაზებმა გაწვრთნეს რეგულარული ქვეითი ჯარი, რომლის ჯარისკაცებსაც “სარბაზების” ანალოგიით “ჯანბაზები” შეარქვეს. ჯანბაზებს, “ნასეხ ოთ-თავარიხის” ცნობით, ფათალი-შაჰმა მეთაურად დაუნიშნა ყაჯარების დინასტიის ერთგული მსახური იუსუფ-ხან გორჯი, რომელსაც სპასალარობა და სეფაჰდარის მეტად საპატიო სამხედრო წოდებები უწყალობა. იუსუფ-ხან გორჯის სამართავად სპარსეთის ერაყის პროვინცია ებოძა, რადგანაც მან თავის ჯარში, შაჰის ბრძანებით, თორმეტი ათასი ჯარისკაცი გაიწვია და სარბაზების დახმარებით ევროპულად გაწვრთნა295.

იუსუფ-ხანი ეროვნებით ქართველი უნდა იყოს, რადგან ირანელები “გორჯის” სახელით ქართველებს მოიხსენიებდნენ. ამავე პერიოდში შაჰის კარზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მირზა იუსუფ მოსთოუფი აშრაფი, წარმოშობით ქართველი (გურჯი). მან მონაწილეობა მიიღო რუსეთ-ირანის

101

(1804-1813 წწ.) ომში. სპარსული წყაროების ცნობით, ირანის ხელისუფლებას უნდოდა გაეგოთ რუსებს, რომ მათ ჯარში განათლებული “ირანის დაბირებიც (მდივნები, მწიგნობრები) ისევე თავგამოდებით იბრძვიან, როგორც ხმლის ქნევაში გამოცდილი ვაჟკაცები”296.

ამ დროს დაწინაურდა წარმოშობით კიდევ ერთი ქართველი იოსებ-ხან გურჯი, რომელიც ფათჰ-ალი შაჰის კარზე გაზრდილი ყოფილა, ჯარის სპასალარი და ირანის ერაყის ტერიტორიების ნაწილის _ ფარაჰანის, ქაზაზის, ქამრაჰის, სარბანდის, ვაფასის, ბაზჩალუს, შერას, თაფრაშის, აშთიანის მმართველი. მიენიჭა სეფაჰდარის ტიტული297.

1824 წელს იოსებ-ხან გურჯი კიდევ უფრო მეტად აღზევებულა. ამ წელს შაჰს გადაუყენებია ისფაჰანის მმართველი აბდალა-ხან ოდ-დოულე და მის ნაცვლად უფლისწული სოლთან მოჰამედ მირზა დაუნიშნავს. ხსენებული უფლისწულის ვეზირად ირანის მბრძანებელს “ერაყის სეფაჰდარი” იოსებ-ხანი განუწესებია. იოსებ-ხანის გარდაცვალების შემდეგ მისი ვაჟი ღოლამ ჰოსეინ-ხანი მამის თანამდებობაზე დაუნიშნეს, ხოლო უფლისწულ სეიფ ოდ-დოულეს ვეზირად ისფაჰანში განწესებული იქნა ხოსროვ-ხან გურჯი298.

საინტერესოა, რომ ირანის შაჰის 42-ე ცოლი თავუსი ქართველი ქალი იყო (“ასლან გურჯი ბუდ”). შაჰს სილამაზისა და მშვენიერების გამო მისთვის “თაჯ ოდ-დოულეს” (“სახელმწიფოს გვირგვინი”) ტიტული უბოძებია299.

XX საუკუნის 20-იანი წლები, კერძოდ, 1925 წლის 12 დეკემბერი დაედო საფუძვლად ახალი დინასტიის _ ფეჰლევის დაარსებას. რეზა-ხანი შაჰი შეიქმნა, ირანის მბრძანებელი, მისი უშუალო გამგებელი. მას შიში და მეფური ამპარტავნობა არ ახასიათებდა, არც ოფიციალური გამყოლი ჰყავდა სიცოცხლის დასაცავად. მისი ბედი მხოლოდ ერთ ქართველ მძღოლს ჰქონდა მინდობილი, რომელიც მართავდა მის ავტომობილს.

იმ პერიოდში ქართველები მრავლად იყვნენ ირანში, მხედველობაში გვყავს ემიგრანტი თანამემამულენი, რომლებიც საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ გაიქცნენ სამშობლოდან. მაგრამ მათში მხოლოდ ერთმა გამოიჩინა თავი. ეს იყო ყოფილი ქართველი გენერალი _ კარგარეთელი. იგი ქართველი სოციალ-დემოკრატების ჯარში ყოფნის შემდეგ 1919 წელს ირანის “საბჭოთა” ჯარში ყოფილა, მაგრამ მრწამსის გამო ქუჩიქ-ხანის რაზმს მიეკედლა. მისი დაშლის შემდეგ კი, თეირანში დაბინავებულა როგორც ჩვეულებრივი უცხოელი მოქალაქე. აღნიშნულ პერიოდში იქ ცხოვრება ისევ აწეწილი იყო და ეკონომიკურად საშინლად დაცემული. შიმშილობამ აუარებელი ხალხი გაწყვიტა. ქუჩებში ათასობით მკვდარი ეყარა. დიდი ოჯახის პატრონ გენერალს ცხოვრება გაუჭირდა. ის ყოველდღე გადიოდა ბაზარში და, მისივე სიტყვებით, შველოდა სახედრებისა და აქლემების ქარავნებს საპალნის ჩამოხსნა-აკიდებაში. იგი ასე შოულობდა დღეში ორიოდე ყრანს (ყრანი 30 კაპ.) და ინახავდა ოჯახს. ამასობაში მდგომარეობა შეიცვალა, რეზა-ხანმა ხელში ჩაიგდო სახელმწიფო ძალაუფლება და შეუდგა ჯარის ახლებურად ორგანიზაციას. აქ მას გამოადგა გენერალი კარგარეთელი. რეზა-ხანმა იგი დაიახლოვა და შეადგენინა სამხედრო სახელმძღვანელოები. რეზა-ხანსა და მის თანამშრომლებს თვითონვე შეასწავლა სხვადასხვა სამხედრო წესები. სპარსულ ენაზე გამოიცა მთელი რიგი სამხედრო სახელმძღვანელოებისა, რომელთა ავტორი იყო “გურჯი ხანი” _ კარგარეთელი300.

შაჰად კურთხევის პირველ დღეებში ქართველმა კომერსანტმა აკაკი ხოშტარიამ რეზა-შაჰს უძღვნა იტალიური ხელოვნების მარმარილოს ქანდაკებები, რომელიც დიდ ღირებულებას შეადგენდა. რეზა-შაჰმა კომერსანტს მადლობა გადაუხადა და დასძინა: _ მე ჯერ ისეთი სასახლე არა მაქვს, რომ ასეთი ძვირფასი ნივთები დავალაგო, მალე ავაშენებ ახალ სასახლეს და როდესაც ამ ქანდაკებებს შიგ მოვათავსებ, ნადიმზე შენც დაგპატიჟებო301.

მაგრამ ქართველი ერის წარმომადგენლები ირანში მარტო სამხედრო საქმესა და სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში კი არ ღებულობდნენ მონაწილეობას, არამედ მათ ამ ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაშიც ეჭირათ გარკვეული ადგილი და თავისი წვლილი შეჰქონდათ მის საგანძურში.

ხსენებულ საუკუნეებში ირანში მოღვაწეობდნენ მხატვრები _ ქართველები სიაოშ-ბეგი და ჯაბადარი, რომლებიც სამართლიანად უნდა ჩაითვალონ პირველხარისხოვან ოსტატებად. სიაოშ-ბეგს ისქანდერ-მუნში ახასიათებს, როგორც შესანიშნავ ოსტატს, რომელსაც მხატვრობის ზოგიერთ დარგში “ვერც ერთი ოსტატი ვერ შეედრებოდა”. მხატვარ ჯაბადარის შემოქმედებასაც აძლევენ

103

ფრიად მაღალ შეფასებას, როგორც განსაკუთრებით საინტერესო მოვლენას ირანის მხატვრობის ისტორიაში და მეტად მაღალი ოსტატობის ნიმუშს302.

ირანულ ისტორიოგრაფიაში წყაროებზე დაყრდნობით გვხვდება რამდენიმე ქართველის სახელი, რომელნიც ცნობილი პოეტები ყოფილან. ყველა ისინი მოქცეული არიან უმაღლესი წოდების პირთა ჯგუფში და ყველა ეკუთვნის ქართველ დიდებულთა რიცხვს. მათი ქართველობის შესახებ ან პირდაპირ არის მითითებული ქართველიაო, ანდა აღნიშნულია _ ამა და ამ პირის, ქართველის შვილი არისო303.

ქართული წარმოშობისა და საამისო ნიშნად გორჯის გვარად მატარებელ თვალსაჩინო სპარსელ პოეტებს ყაჯართა დინასტიის (1779-1925 წწ.) პერიოდშიც ვხვდებით, რომელთა სახელები და ლექსები ირანელებს საუკეთესო პოეტთა ანთოლოგიებში აქვთ შეტანილი. ისინი ბევრ მეცნიერს ქარაჯელებად (ქალაქია თეირანის ახლოს) მიაჩნია, რადგან ქართველი (გორჯი) და ქარაჯელი (ქარაჯი) სპარსულად ერთნაირად იწერება304.

გორჯი ჰქონდათ ფსევდონიმად ირანში მცხოვრებ არა მარტო პოეტებს, არამედ საერთოდ ყველას, ვინც ოფიციალურად თუ არაოფიციალურად ამ ნესბის ტარებას ისურვებდა, ამით ისინი თავიანთ წარმომავლობას უსვამდნენ ხაზს. ასეთები იყვნენ, მაგალითად, ძმები კალიგრაფები ფარჰად-ბეგ გორჯი და აბდ-ალ-ლაჰ გორჯი. (აქ შეიძლებოდა გაგვეხსენებინა ქართველი პოეტი იეთიმ გურჯი, რომელმაც ეს ნესბა ალბათ არაქართულ წრეში ყოფნის დროს აირჩია. რაც შეეხება მის სახელს, იგი ნიშნავს _ ობოლს. ასეთი სახელი ბევრს ერქვა აღმოსავლეთში, მათ შორის ცნობილია პოეტები: იეთიმ გორჯარათი, იეთიმ ლაჰური, იეთიმ ჰამადანი, იეთიმ იაზდეჯერდი, იეთიმ ქაშანი, იეთიმი ჰარავი და სხვ.)305.

ირანელი მეცნიერი ებრაჰიმ სეფაი თავის წიგნში, რომელიც ყაჯართა დინასტიის დროინდელ სპარსულ ლიტერატურას ეძღვნება, გვაცნობებს, რომ ვინმე მირზა აჰმად გორჯის დაუწერია ფათჰ-ალი შაჰის მეფობის (1797-1834 წწ.) დროის ლიტერატურის ისტორია, მაგრამ ვერ დაუმთავრებია, ისე გარდაცვლილა306. ახთარი, იგივე აჰმად-ბეგი წიგნის შესავალში თავისი ვინაობის შესახებ შემდეგს აღნიშნავს: “ამ წიგნის თქვენს მონა-მორჩილ ავტორს

104

სახელად აჰმადი მქვია და ფსევდონიმად ანთარი მაქვს. მამაჩემი თბილისელ აღადათა(?) ჩამომავლი გახლდათ, რომელიც ისლამით განდიდებულიყო, დედის მხრით ჰასან-ფაშა თორქმანის ჩამომავალი ვარ.

დავიბადე თავრიზში, უმეტესად ისპაანსა და შირაზში ვიზრდებოდი, სწავლულებთან სამსახურისაგან შეძლებისდაგვარი ცოდნა შევიძინე და ლექსის წერაშიც ამ საქმის კარგად მცოდნეებს თვალში რომ მოუვათ, ისეთი ხარისხი მოვიპოვე”307.

ყაჯართა ხანაში გახმაურებულია ქართული წარმომავლობის კიდევ ერთი პოეტის, ახთარის ძმის ნეშათის სახელი308.

ირანის მეჯლისის ხელნაწერთა საცავში ინახება ერთი დივანი, რომელიც იუსეფ გორჯის ეკუთვნის. იუსეფი არის ფსევდონიმი იუსეფ-ხან გორჯისა, რომელიც მაჰმუდ მირზას გაზრდილთაგანია. როგორც მაჰმუდი თავად აღნიშნავს: “იუსეფ-ბეგი ამ ქვეყნად მოვლენილი სამოთხის სული და ადამიანის სახით გამოცხადებული ანგელოზია. საქართველოდნაა, მაგრამ ცხოვრების დასაწყისშივე, როცა შვიდ წელს არ იყო გადაცილებული, ერთმა როსთომის ძალის მქონე რჯულისათვის მებრძოლმა ძალითა და ღონით თავის ყოფილ ზემოთ ნახსენებ ვილაიეთიდან როგორც ტყვე წამოიყვანა, ტუჩები დედის მკერდსა და მკლავები მამის კალთას მოუწყვიტა, ურჯულოებიდან ისლამის რჯულზე მოაქცია და მე ფეშქაშად მომართვა”. ამის შემდგომ ავტორი ზომაზე მეტად აქებს ამ უკუღმერთ ბედის მქონე ახალგაზრდის სილამაზესა და ნიჭს, გვაუწყებს, რომ ამ დროისათვის მას სამიათასი ბაიათი ჰქონია და ბოლოს მოაქვს მისი ყასიდების, რობაისა და ღაზელების ნიმუშები309.

ირანში ქართული წარმოშობის პოეტები იყვნენ ხოსროვ გორჯი, ბეჰზად-ბეშგი, ეშთეჰა, ვაფაი აშრაფი, ქაუქაბი გორჯი, ნეჟად გორჯი, ქამი გორჯესთანი, იამინი გორჯი, ვალი-ხან გორჯი, თალებ შირაზი გორჯი, მაქნუნ გორჯი, როქნ-ე გორჯ-ი და სხვ.

საერთოდ, ირანში ქართველ მოღვაწეთა რიცხვი თანდათანობით იზრდებოდა, ამასთან ერთად იზრდებოდა ამ ქართველ მოღვაწეთა გავლენა ირანის კარზე. უმრავლეს სახელმწიფო საქმეებს შაჰი სწორედ მათი რჩევით წყვეტდა. ქვეყნის მართვაში ქართველთა როლის ზრდასთან ერთად, გარკვეული ცვლილებები ხდებოდა თვით ირანის სახელმწიფო სტრუქტურასა და შემადგენლობაში. ნაცვლად სეფიანთა მმართველობის დასაწყისში არსებული ყიზილბაშური მთავრობისა, რომელიც უმთავრესად თურქული ტომებისაგან შედგებოდა, შეიქმნა ახალი სახელმწიფო, რომელშიც ყიზილბაშებს მცირე ადგილი ეკავათ. წარჩინებულმა ყიზილბაშებმა დაკარგეს თავიანთი ხელმძღვანელი როლი. ახალი სახელმწიფოს შემადგენლობაში დიდი ხვედრითი წონა მოიპოვეს ქართველებმა. სახელმწიფო საკითხების გადაწყვეტისას შაჰები უკავშირდებოდნენ აგრეთვე საქართველოში ხელისუფლების სათავეში მყოფ ქართველ მმართველებს, სარგებლობდნენ მათი რჩევით.

 

გაგრძელება

გვიხმობს ფერეიდანი!

 

 

——————————

256 მორთეზა მეჰდი ფათემი, დასახ. ნაშრომი, გვ. 12.
257 ნ. გელაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 112.
258 მ. სვანიძე, საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები (XIV-XVIII სს.), თბ., 1990, გვ. 242.
259 ნ. გელაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 120-121.
260 მ. სვანიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 246-247.
261 ნ. გელაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 127.
262 კ. ტაბატაძე, შერეფ-ხან ბითლისის ცნობები საქართველოს შესახებ, “კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული”, II, თბ., 1962, გვ. 176.
263 მორთეზა მეჰდი ფათემი, დასახ. ნაშრომი, გვ. 62.
264 ნ. გელაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 195-196.
265 გ. ზედგენიძე, დონ ხუან დე პერსიას ცნობები საქართველოს შესახებ, “ქართული დიპლომატია”, ტ. 4, თბ., 1997, გვ. 184.
266 გ. ზედგინიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 193.
267 იქვე.
268 ვ. გაბაშვილი, უნდილაანთ ფეოდალური სახლი XVI-XVII სს. ირანში (ქართული წყაროების მიხედვით), “მახლობელი აღ-მოსავლეთის ისტორიის საკითხები”, ტ. II, 1972, გვ. 67, 68.
269 მორთეზა მეჰდი ფათემი, დასახ. ნაშრომი, გვ. 63.
270 ბ. გიორგაძე, XVII საუკუნის დასაწყისის პორტუგალიელი ელ-ჩის დონ ანტონიო გოვეას რელაციონი საქართველოზე, “საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები”, ტ. I, თბ., 1970, გვ. 90.
271 მორთეზა მეჰდი ფათემი, დასახ. ნაშრომი, გვ. 65.
272 ვ. გაბაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 65.
273 ვრცლად იხ. მ. სვანიძე, დასახ. ნაშრომი, 280-283.
274 ვ. გაბაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 69.
275 თ. ჭიჭინაძე, უცხოელი ავტორები საქართველოსა და საქართველო-ირანის ურთიერთობის შესახებ (XVII ს. უკანასკ-ნელი მეოთხედი _ XVIII ს. I მეოთხედი), თბ., 1993, გვ. 20-21.
276 თ. ჭიჭინაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 24.
277 იქვე, გვ. 36.
278 პიეტრო დელა ვალეს მოხსენება საქართველოზე პაპი ურბან VIII-სადმი 1627 წ., იტალიურიდან თარგმნა ალ. ჭყონიამ, “ივე-რია”, 1879, # 3, გვ. 49-50.
279 მორთეზა მეჰდი ფათემი, დასახ. ნაშრომი, გვ. 68-69.
280 ვ. ფუთურიძე, ქართველი მოღვაწენი ერანის კულტურულ ასპარეზზე, “ანალები”, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტო-რიის ინსტიტუტის შრომები, I, თბ., 1947, გვ. 287.
281 ზ. შარაშენიძე, ფერეიდნელი “გურჯები”, გვ. 46-47.
282 საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, გვ. 371.
283 მ. ქიქოძე, ქართლის მეფე იესე “ალიყული ხან” ბაგრატიონის მოღვაწეობა (1686-1727 წწ.), “ანალები”, # 2, 2004, გვ. 48.
284 იქვე, გვ. 49.
285 მ. ქიქოძე, ქაიხოსრო მეფის პოლიტიკური მოღვაწეობა (XVIII საუკუნის I ათეული), “კლიო”, # 5, 1999, გვ. 73.
286 ა. გვახარია, დ. კაციტაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 12.
287 ი. ტაბაღუა, მასალები XXIII საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოს ისტორიისათვის, თბ., 1982, გვ. 39-40.
288 ზ. შარაშენიძე, ირანი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, თბ., 1970, გვ. 52.
289 იქვე, გვ. 128.
290 ზ. შარაშენიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 196, 197.
291 იქვე, გვ. 196, სქოლიო 387.
292 იქვე, გვ. 198.
293 იქვე, გვ. 209.
294 ზ. შარაშენიძე, საქართველოს საკითხი XVIII საუკუნის მიწუ-რულის ირანის საგარეო პოლიტიკაში, კრ. “მახლობელი აღმო-სავლეთის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორია”, თბ., 1983, გვ. 125.
295 ნუგზარ ტერ-ოგანოვი, ირანის რეგულარული არმია და უცხოური სამხედრო მისიები, თბ., 1984, გვ. 22-23.
296 ზ. შარაშენიძე, ირანის შინაპოლიტიკური ვითარება და საგა-რეო ურთიერთობანი XIX ს. დასაწყისში, თბ., 1984, გვ. 94, სქოლიო 131.
297 ზ. შარაშენიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 114.
298 იქვე, გვ. 123.
299 იქვე, გვ. 176. 102
300 ა. ჭელიძე, ექვსი წელი სპარსეთში, თბ., 1964, გვ. 38.
301 იქვე, გვ. 41.
302 ვ. ფუთურიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 288.
303 იქვე, გვ. 290.
304 მ. თოდუა, დასახ. ნაშრომი, გვ. 106-107.
305 მ. თოდუა, დასახ. ნაშრომი, გვ. 106.
306 იქვე, გვ. 107.
307 იქვე, გვ. 137.
308 მ. თოდუა, დასახ. ნაშრომი, გვ. 139.
309 იქვე, გვ. 152.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s