Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•მეურნეობა და რელიგია

ავთანდილ სონღულაშვილი

ირანში ქართველთა  ნაკვალევზე

 

მეურნეობა

 

დამკვიდრდა იძულებით ფერეიდანში კახეთიდან აყრილი მოსახლეობა. გლეხმა იქაც, იმ უცხო მიწაზეც გუთანსა და თოხს მოკიდა ხელი, ამრავლა პურის თესლი. დახვდა სპარსეთს გადასახლებულ მიწის მუშას ხორბლის ადგილობრივი ჯიშ-ვარიაციები, მაგრამ განსაკუთრებით, სათუთად ეპყრობოდა და უფრთხილდებოდა იგი საქართველოდან წაღებულ, მშობლიური პურის თესლს, რომელმაც ჩანს, ახალ გარემოშიც შეინარჩუნა მისთვის დამახასიათებელი დადებითი თვისებები. ამის მადლია ის, რომ ოთხი საუკუნის მანძილზე თაობიდან თაობაზე გადადიოდა და ღვივდებოდა სპარსეთის ნიადაგში ქართული ხორბლის თესლი, ისევე, როგორც

128

ფერეიდნელი ქართველის გულში ღვიოდა და შთამომავლობას გადაეცემოდა სამშობლოში დაბრუნების დაუოკებელი სურვილ-ოცნება377.

ფერეიდნელ ქართველთა სამეურნეო ყოფასთან დაკავშირებული მასალებიდან ირკვევა, რომ მათ მემინდვრეობაში ცნობილია სხვადასხვა ჯიშის ხორბალი. ამათგან კი უპირატესობა ეძლევა საშემოდგომო კულტურას, რომლის თესლი იქ საქართველოდანაა ჩატანილი. ფერეიდნელები ქართულ საშემოდგომო ხორბალს “ყანას” უწოდებენ378. ფერეიდანის მემინდვრეობაში ყანის სახელწოდებით ცნობილი საშემოდგომო ხორბალი შეესატყვისება ჩვენს ქართულ დოლის პურს. მით უფრო, რომ იქაც ეს სიტყვა აღნიშნავს მხოლოდ ხორბლის ერთ, ისიც საშემოდგომო ჯიშს და არა, საერთოდ, ყველა ხორბლის ნათესსა და საყანურს379.

ფერეიდნელ ქართველთა ყოფაში მოწმდება საქართველოდან წაღებული მეორე ხორბალიც. ამ საგაზაფხულო კულტურას იქაც თან გაყოლია და დღემდე შემორჩენია ქართული სახელი _ დიკა380.

პურეული კულტურების გარდა, მოჰყავდათ ოსპი, ლებია (ლობიო), ნუხუდო (მუხუდო), კარტოფილი, ჭარხალი, შაჰის წიწმატი, პიტნა, რეჰანი, ქინძი, მოლაფტაფი (მზესუმზმირა). ფერეიდანში ხახვი და ნიორი არ ითესებოდა. ტყის “მუსირა” იხმარებოდა ნივრის მაგივრად.

სპეციალურ ლიტერატურაში ცნობილია, რომ ფერეიდნელი გლეხები სახნავ-სათეს იარაღებს თვითონვე ამზადებენ ხისაგან. დღევანდლამდეა შემონახული მისი ქართული სახელწოდებები: “გუთანი”, რომელშიც ჩვეულებრივ ერთი ან ორი უღელი ხარი ებმება, “ჩარგავი” ოთხუღლიანი. გუთნის მთავარ ნაწილს “ გუთნისდედას” ეძახიან, რომელიც გამაგრებულია “ლილვზე” “ხმლით”, “ლილვს” წინ “თაფხე” აქვს, უკან _ “ხელკავი” და სხვ. შემონახულია სამეურნეო იარაღების ქართული სახელები: “ფიწალი”, “ნიჩაფი”, “ცხავცხრილი”, “კევრი”, “ლამგალი”381.

მიწის მოხვნა ფერეიდნელმა ქართველებმა იციან იმერულ წესზე. აქვთ პატარა ხის კავ-სახნისი, გრძელი თოკით გამობმული უღელზე, სახვნელის ქუსლი და ერქვანი, ისეთივე სამეურნეო იარაღია, როგორიც არის იმერული

129

“წეწენა”. თვით ფერეიდნული ხარების ჯიში ძალიან წააგავს იმერული ხარის ჯიშს382.

ფერეიდნელთა “მამულ-წყალი” იყოფა “შიგამამულებად” და “გარემამულებად” ანუ “მაზრებად”. მაზრა სოფლიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. იქ ხნავენ, თესავენ და საქონელს აძოვებენ. აქვთ ბინები, ე. ი. ეწევიან ისეთსავე მეურნეობას, როგორიც ქიზიყშია დღემდე შემონახული. ზემო მარტყოფს 12 მაზრა გარემამული ჰქონია, ამათგან ყველაზე ვრცელი ყოფილა საძოვარი “ვარბანდი” _ თვალუწვდენელი, ვრცელი მინდორი, რომელიც სოფლისათვის მთავრობას ჩამოურთმევია.

ფერეიდნელები ეწეოდნენ თესლბრუნვას და მიწების დასვენებას. დასვენებულ მიწას “არვილი” ერქვა. გადაღლილ ნაკვეთს დახნავდნენ, გააპატივებდნენ და დაუმუშავებელს დატოვებდნენ. ორი-სამი წლის შემდეგ კვლავ დათესავდნენ. მარცვლეულის შემდეგ სავარგულთა მნიშვნელოვან ნაწილს უთმობდნენ იონჯას, რომელიც “მიწასაც აკეთებდა” და კარგ ფასშიც იყიდებოდა383.

მიწით უზრუნველყოფილ პირებს ჰქონდათ ერთი ან რამდენიმე ჰექტარი ხელოვნურად გაშენებული ტყე, რომელსაც “ბაღჩასაც” უწოდებდნენ, ხოლო ბაღჩა დათმობილი ჰქონდა მასალისა და ყოველდღიურად სახმარი მერქნის (წნელი, სარი, ბოძი, შეშა და სხვ.) მომცემ ხეებს384.

ფერეიდანში ვაზის მოვლას ისეთი მძიმე შრომა არ სჭირდება, როგორც ჩვენთან. იქ ნაკლებად იცის ვაზმა დაავადება. ფერეიდანში ძირითადად გავრცელებულია ვაზის შემდეგი ჯიშები: ქიშმიში, ფურის ძუძუ, ბედრი, სევერგუნი, თაბრაზა, ადრეულა, ასკარყურძენი, იაყუტი, მაჰმუდი (მამუდი), ლორქოში385. ფერეიდნელების განმარტებით, ყურძნის ჯიშს _ “ფურის ძუძუს” _ “იმიტომ ვუწოდებთ, რომ ყურძნის მარცვალი წყლიანია და დიდი თითის ოდენააო”. “დიდ თითს” კი ფერეიდენელები ცერს ეძახიან386.

ირანში ყურძენი მთლიანად ბაზარზე გადის და ის ძალიან იაფიცაა. საქიშმიშედ ფერეიდნის ყურძენი ნაკლებად გამოდგება. ამიტომ ყურძენს, რაც პირდაპირ სახარჯოდან გადარჩებათ, ინახავენ ჯაგნებით საზამთროდ. აგრეთვე,

130

მას წურავენ, ტკბილს ადუღებენ, სანამ ნახევარზე არ დადგება. ასე მომზადებულ სასმელს ეძახიან “შირას” და ხმარობენ ზამთრობით387.

სომხები ყურძენს ქართველებისაგან ყიდულობენ. ისინი ძველებურად ეწევიან მეღვინეობას. აქვთ ქვევრები და საწნახლები388.

ფერეიდანში არის ერთი იშვიათი მცენარე, რომელიც სამეურნეო ცხოვრებაში დიდ სარგებლობას იძლევა. ფერეიდნელი ქართველები მას გაზანგულანს ეძახიან. გაზანგულანი ანუ გიაზი ტროპიკული მცენარეა. იზრდება ხრიოკ ადგილებში. ერთი შეხედვით, ეკლის ბუჩქს მოგაგონებთ. მისი ფოთოლი წვრილია, ნაცრისფერი. მისი ხე მაჯის სიმსხო იზრდება, ხოლო მიწაში მისი ძირები ბევრად მსხვილია გარეთა ტანზე. ბუჩქი გაშლილია, მიწაზე გაფრთხნილი. შეხედულებით თავისთავად უბრალოა, მაგრამ ზაფხულობით იძლევა მშვენიერ შაქრის ფქვილს. იგი მეტად ტკბილია და სურნელოვანი. გიაზის ფქვილი ერთი ათად მეტი ღირს, ვიდრე შაქარი. ისფაჰანში არსებობს განსაკუთრებული სახელოსნოები, სადაც ამზადებენ გიაზის კვერებს. ეს კვერები იგზავნება ირანის ყველა ქალაქში და სხვა ქვეყნებშიც. ისფაჰანში ისე არავინ ჩამოვა, რომ საოჯახოდ გიაზი არ შეიძინოს, როგორც იშვიათი გემოს ტკბილეული. ირანელი თუ სტუმრად მიგიწვევთ, უსათუოდ გიაზით გაგიმასპინძლდებათ389.

საერთოდ, სოფლის მეურნეობის წარმოება ფერეიდანში მეტად რთულ პირობებთან არის დაკავშირებული. ფერეიდანის მხარეში, ისე, როგორც ირანის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, ზაფხულის განმავლობაში იშვიათად მოდის ნალექები და ისიც ისე მცირე რაოდენობით, რომ ნიადაგის ზედაპირს ოდნავადაც ვერ ალბობს. ასეთ პირობებში ხელოვნური მორწყვის გარეშე შეუძლებელია სამიწათმოქმედო მეურნეობის წარმოება.

ნიადაგის სარწყავი მეურნეობა ფერეიდანში პრიმიტიული და თანაც მეტისმეტად შრომატევადია. მინდვრებს რწყავენ ე. წ. ყანათების წყლით. ფერეიდნის მთებში ბევრია ბუნებრივი წყარო, რომლებიც წყლის მარაგს იღებენ ზამთარში და გაზაფხულზე თოვლის დნობის დროს. თოვლი ფერეიდნის მთებში, როგორც ზევით აღვნიშნეთ ჩვეულებრივ დიდი მოდის. ზაფხულის სიცხეებში წყლის აორთქლება რომ თავიდან აცილებული იქნეს, წყაროს სათავიდან გამოჰყავთ მიწისქვეშა არხი, რომელიც დახრილია ჰორიზონტზე და მიჰყვება წყალგაუმტარ ნიადაგის ფენას. ყანათის წყალი მიწის ზედაპირზე იქ

131

გამოჰყავთ, სადაც სარწყავი ყანები, ბაღები და ვენახებია გაშენებული. მიწისქვეშა გვირაბის მთელ სიგრძეზე, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე კილომეტრზე არის გაჭიმული, მიწისქვეშა არხის ნიადაგის ზედაპირთან შესაერთებლად გაჭრილია ჭების მთელი წყება, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე კილომეტრზე არის გაჭიმული, მიწისქვეშა არხის ნიადაგის ზედაპირთან შესაერთებლად გაჭრილი ჭების მთელი წყება, რომლებიც ერთმანეთისაგან 20-30 მეტრით არის დაშორებული. მიწისქვეშა გალერეის გაჭრის დროს ჭების საშუალებით ამოაქვთ განათხარი მიწა. მიწის ამოღება ხდება სპეციალურად დამზადებული ცხვრის ტყავის გუდებით (“დულ”), რომელიც ჭის თავზე დადგმულ ჩარხზე თოკით არის მიბმული. ჭებს სხვა დანიშნულებაც აქვთ. მიწისქვეშა არხის მუშაობის დროს ჭების საშუალებით ჩადიან გვირაბში და ეწევიან მის პერიოდულ შეკეთება-გასუფთავებას.

ყანათების მოწყობა და გამოყენება დიდ შრომას მოითხოვს, ამიტომ ფერეიდნელ გლეხს სარწყავი წყალი მეტწილად წყაროებიდან და ნაკადულებიდან ღია არხით გაჰყავს. არსებობს სხვა საშუალებაც: ზამთრის წყლის დასაგროვებლად მთის ვიწროებში, ნაკადულისგან გაჭრილ ვიწრო ხრამებში ღორღს და მიწას ხერგავენ, წყალს აგუბებენ და ზაფხულში საჭიროების მიხედვით ხმარობენ. ამ პრიმიტიულ წყალსაცავებს “ჰაუზი” ანუ აუზი ჰქვია. მიუხედავად ამისა, ფერეიდნის სოფლებში სარწყავი წყლის ფასი საკმაოდ მნიშვნელოვანია390.

ფერეიდნელ ქართველებს სარწყავი წყლის განაწილების და მასზე გადასახადების გაანგარიშების მეტად ორიგინალური წესი შეუმუშავებიათ. ყანის ან ბაღის თავში, საიდანაც წყალი უნდა იქნეს გადაშვებული, არხში წყალს აგუბებენ. დაგუბებული წყლის ზედაპირზე თიხის ან სპილენძის ფსკერგახვრეტილ სპეციალურ ჯამს დებენ. ფსკერის ნახვრეტიდან წყალი თანდათანობით შედის ამ ჭურჭელში და იძირება. ამ საქმეს ერთი ადამიანი ემსახურება. იგი ყოველ ჩაძირვაზე ჭურჭელს სწრაფად ამოიღებს წყლიდან, დაცლის და კვლავ წყლის ზედაპირზე მოათავსებს. ამ პრიმიტიული, მაგრამ მეტისმეტად თავისებური “საათის” საშუალებით ზედმიწევნით ზუსტად შეიძლება გაანგარიშებულ იქნეს წყლით სარგებლობის დრო. მიწის დიდი ნაკვეთების მორწყვისას, როცა ამისათვის რამდენიმე დღე-ღამეა საჭირო, დროის სადღეღამისო საზომს ანუ ე. წ. “შაბანერუზს” იყენებენ. ხმარებაშია სხვა საშუალებანიც391.

132

მიწის მფლობელობისა და მიწათსარგებლობის წესიც ფერეიდანში თავისებური იყო. ფერეიდანის რაიონის სოფლების მთელი მიწები XIX საუკუნის დამლევამდე ხალესეს, ე. ი. სახელმწიფოს ეკუთვნოდა და მათ უმაღლეს მფლობელად ირანის შაჰი ნასრედდინი ითვლებოდა. ფაქტობრივად კი, ამ მიწებს განაგებდა შაჰის უფროსი ვაჟი, პრინცი ზილი სულთანი. მაშინ ზილი სულთანს ირანის მიწათმფლობელთა მეფესაც უწოდებდნენ. მას ისფაჰანის პროვინციასა და ირანის სხვა კუთხეებში ორი ათასამდე სოფელი ეკუთვნოდა.

იმავე XIX საუკუნის ბოლოს სასაქონლო-ფულადი მეურნეობის განვითარებისა და საგარეო ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოთხოვნამ, ირანში ტრადიციით დადგენილი წესის წინააღმდეგ მიწა ყიდვა-გაყიდვის ობიექტად გადააქცია. მიწების შეძენით დაინტერესდნენ ფერეიდანის სოფლებშიც. შეძლებულმა ხანებმა დაიწყეს მიწების შესყიდვა ხაზინიდან.

მიწები, რა თქმა უნდა, ფერეიდნელ გლეხებს არ შეუსყიდიათ ხანისაგან. მათ ამის საშუალება არ ჰქონდათ. მთელ სოფლებს ან ცალკეულ მსხვილ ნაკვეთებს ფერეიდანში ყიდულობდნენ ბეგები, აღები და სოფლის სხვა გავლენიანი პირები.

ირანის სხვა სოფლების მსგავსად, ფერეიდანის მხარის ქართველთა სოფლებში გლეხისა და მემამულის სამეურნეო ურთიერთობა შუასაუკუნეობრივ ტრადიციულ ხუთელემენტიან საზიარო საიჯარო სისტემას ემყარებოდა. გლეხი მემამულის მიწას იჯარით იღებდა ოთხი წლის ვადით. ზოგჯერ საიჯარო გარიგება ერთი ან ორი წლითაც იდებოდა. მოსავალი ნაწილდებოდა იმის მიხედვით, თუ ვის ხელში იყო სასოფლო-სამეურნეო წარმოების ხუთი ელემენტიდან ერთ-ერთი: მიწის ნაკვეთი, სარწყავი წყალი, თესლი, შრომის საშუალებანი და მუშახელი. შრომის საშუალებებში შედიოდა სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი და მუშა პირუტყვი. სამიწათმოქმედო წარმოებაში მოწინავე ამ ხუთი ელემენტიდან თითოეულის საზღაურად მოსავლის ერთი მეხუთედი იყო გათვალისწინებული. გლეხების უმრავლესობას სრულიად არ გააჩნდა მიწა და წარმოების სხვა საშუალებები. ისინი საკუთარი შრომის ქირად მოსავლის მხოლოდ ერთ მეხუთედ ნაწილს იღებდნენ. ეს გარემოება გლეხს მტკიცედ ამაგრებდა მემამულის მეურნეობაზე და თავისებურ ყმურ მდგომარეობაში აყენებდა. ფერეიდნელი უმიწაწყლო და მცირემიწიანი გლეხების ოჯახებს გაზაფხულის დამდეგამდეც არ მიჰყვებოდათ ხოლმე თავისი შრომის პროდუქტი. ისინი იძულებულნი იყვნენ სესხისათვის მიემართათ მემამულისა და სოფლის მევახშისათვის. სესხს კი ჩვეულებრივ,

133

დიდი პროცენტით იძლეოდნენ. ამრიგად, იქმნებოდა მუდმივად მოუცილებელი სავახშო კაბალა, რაც კიდევ უფრო აუარესებდა გლეხის ოჯახის ისედაც უბადრუკი და ბოგანო ცხოვრების პირობებს. შედარებით უკეთესი მდგომარეობა ჰქონდათ საშუალო შეძლების გლეხების მცირე ნაწილს, რომლებსაც საკუთარი ხარები ჰყავდათ და სათესლე მასალა ჰქონდათ. ისინი მოსავლის ორ მესამედს იღებდნენ. იმ გლეხებს, რომელთა განკარგულებაში მარტო გამწევი ძალა იყო, საიჯარო გარიგების საფუძველზე მოსავლის ნახევარი ერგებოდათ. მაგრამ უამრავი ადგილობრივი და სახელმწიფო გადასახადი ისე ამცირებდა ამ კატეგორიის გლეხების სარჩოს, რომ ფერეიდანში იშვიათი იყო გლეხი, რომელსაც სამეურნეო წლის ბოლომდე გაჰყოლოდა წინა წლის მოსავალი.

ფერეიდნელი გლეხის შრომას კიდევ უფრო ამძიმებდა საბატონო ბეგარა. გლეხი ვალდებული იყო კვირაში ორი-სამი დღე უსასყიდლოდ ემუშავა მემამულის სასარგებლოდ. საიჯარო პირობის გარეშე გლეხებს ამუშავებდნენ მემამულის ბაღებსა და ვენახებში, აშენებინებდნენ სახლებს, მათ გაჰყავდათ გზები, არხები, მწყემსავდნენ მემამულის პირუტყვს და სხვ. მემამულის ან სახელმწიფო მოხელის სოფელში მოსვლის დროს გლეხები ვალდებული არიან ყოველგვარი სამსახური გაუწიონ მათ. გლეხს არ შეუძლია პირისპირ შეხვდეს ბატონს. იგი უნდა დაელოდოს მის მობრძანებას, წელში უნდა მოხრილიყო და, თუ ბატონი ინებებდა, ემთხვეოდა ფეხებზე. გლეხს სიტყვისშეუბრუნებლად უნდა შეესრულებინა მემამულის ნება-სურვილი. საკმარისი იყო სულ მცირე “დანაშაული”, რომ გლეხი გაეწკეპლად. მემამულე-ფეოდალები არაიშვიათად მიმართავდნენ სასჯელის უფრო მკაცრ, შუასაუკუნეობრივ ბარბაროსულ წესებსა და მეთოდებს392.

XX საუკუნის შუა ხანებში სოფელ თორელის მიწა და ნაგებობები ეკუთვნოდა ადგილობრივ ხანს, ეროვნებით ირანელს. გლეხები არენდით იღებდნენ მისგან მიწას, წყალს და საცხოვრებელს. ხანს შეეძლო სურვილის მიხედვით ნებისმიერ დროს ჩამოერთმია გლეხისათვის არენდით გაცემული ქონება. არენდა, როგორც წესი მოსავლის 75%-ის გადახდას ითვალისწინებდა. მოუსავლიანი წლის შემთხვევაში გადასახადს ნატურის ნაცვლად ხანი ფულად ანაზღაურებას აკისრებდა თორელებს. ფულადი გადასახადი შეიძლება შეცვლილიყო საოჯახო ინვენტარით. გადაუხდელობის შემთხვევაში მევალე

134

კაბალაში ექცეოდა და ფაქტობრივ, მისი დამოკიდებულება ხანისადმი მონურ შრომას უახლოვდებოდა393.

მარტყოფში მიწის ნაკვეთებს ფლობდნენ ირანელი ფეოდალები სოფელ ხუნსარიდან. ოთხი-მეხუთედი ეკუთვნოდათ ხორდა მალექებს _ ქართველ გლეხებს. ქვედა ახორაში მიწის მეხუთედი ქართველი გლეხების კუთვნილება იყო, ოთხი-მეხუთედი ქართველი მემამულეებისა, როგორებიც იყვნენ: რეზა ყული ხანი, ხოსროვ ხანი და ბაგირ ხანი.

სოფელ დაშქესანში მიწის ერთ მეექვსედს ფლობდნენ მემამულეები: რეზა ყული ხანი, ჰაჯი ჰეიდარი და ჰაჯი ახმედი, რომლებიც ცხოვრობდნენ ირანულ სოფელ ხუნსარში. მიწის დანარჩენი ნაწილი ეკუთვნოდათ ქართველ გლეხებს. სოფელ ბოინში მიწის ხუთი მეექვსედი ეკუთვნოდა მამედ ხუსეინ ხან დახტს, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავდა. სოფელ ახჩაში მიწების დიდ ნაწილს ფლობდნენ ხუნსარელი ფეოდალები ჰაჯი ჰუსეინის თავკაცობით და ა. შ.

როგორც ამ მოკლე დახასიათებიდან დავინახეთ, მიწის მნიშვნელოვანი ნაწილი ეკუთვნოდათ მემამულეებს. ქართული ოჯახების უმრავლესობა იძულებული იყო კაბალური პირობებით, არენდით აეღო მიწა. ქართული სოფლების ახალგაზრდობა იძულებული ხდებოდა დამატებითი სამუშაო ეძებნა. ისინი, ძირითადად, შავ მუშებად და შარაგზის შეკეთებაზე მუშაობით ცდილობდნენ თავის რჩენას394.

60-იან წლებში გორჯის დეჰესთანში მუშაობდა 5 ტრაქტორი, აქედან ერთი სოფელ ბოინში. დაარსებული იყო 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, ხოლო სოფელ დაშქესანში მოქმედებდა ერთი კოოპერატიული საზოგადოება.

1962 წლის იანვრის მიწის რეფორმამდე ფერეიდანის ქართულ სოფლებში ისევე, როგორც მთელ ირანში, გაბატონებული იყო ე. წ. “არბაბ-რაიათის” ფეოდალურ-ბატონყმური სისტემა. როგორც დავინახეთ, გლეხების დიდ უმრავლესობას მიწა არ ჰქონდა და ხუთელემენტიანი წილადობრივი იჯარით ამუშავებდა მემამულე-ფეოდალის მიწას. ამასთან, უნდა შეესრულებინა საბატონო ბეგარა და მიწის მფლობელისათვის მიერთმია ისეთი გამოსაღებები, როგორიცაა ბატკნები, ქათმები, კარაქი და სხვა. რეფორმამ მართალია, გააუქმა ფეოდალური სისტემა, მაგრამ გლეხების დიდი მასა კვლავ უმიწოდ დარჩა. ხოლო ის გლეხები, რომლებმაც მიწა მიიღეს, ვალდებული იყვნენ ეხადათ გამოსყიდული თანხა395.

135

ფერეიდანში მიწათმოქმედების გვერდით სიმბიოზურად წარმოდგენილია მესაქონლეობაც. ნაყოფიერი საძოვრები, მაღალი ადგილი, თავისუფალი მიწის სავარგულები ხელს უწყობს მესაქონლეობის განვითარებას. ისტორიულად ცნობილია, რომ აქ განვითარებული ყოფილა როგორც მსხვილფეხა, ისე წვრილფეხა მესაქონლეობა, უფრო კი, წვრილფეხა მესაქონლეობა, რაც გეოგრა-ფიული პირობებით ყოფილა განპირობებული396.

თითოეულ საშუალო ოჯახს ჰყავდა ხუთიდან ათამდე ცხვარი, თითო-ოროლა ძროხა, უღელი ხარი, ერთი ან ორი ცხენი და ვირი. ჯორი, აქლემი და კამეჩი ქართულ სოფლებში ძალიან ცოტაა. ამის მიზეზი უნდა იყოს ის, რომ ამ მთიან ადგილზე მეტი სიცივე იცის. ნაკლებად მისდევენ ფერეიდნელი ქართველები აგრეთვე საოჯახო შინაური ფრინველების მოშენებას. იშვიათი სანახავია განსაკუთრებით იხვი, ბატი და ინდაური397.

ცხვრის მოსაშენებლად ფერეიდანში მეტად კარგი პირობებია. ამიტომ აქედან გამოსული ცხვარი კვებავს მთელ რიგ ქალაქებს. ამ მხრივ ფერეიდანს უცხოელთა ყურადღებაც მიუქცევია. იქ მისულა ერთი ინგლისელი, რომელსაც გამოუკვლევია ცხვრის ჯიშები, მატყლის თვისება, ხარისხი და ფერი. მისი გამოკვლევით, ფერეიდანში ცხრა ფერის მატყლი ყოფილა და ღირსებითაც _ პირველხარისხოვანი398.

ისფაჰანის ბაზარზე ფერეიდანის ერბო ყველა სხვა ადგილში დამზადებულ ერბოზე უფრო ძვირია. ცხვრის ერთი კილო ფერეიდნული ერბო ისფაჰანის ბაზარზე 250 რიალად იყიდება, მაშინ, როცა საერთოდ, ერბო თეირანში ღირს 180-200 რიალი399.

სუსტად იყო განვითარებული მეფუტკრეობა. მცირე რაოდენობის მაღალი ხარისხის თაფლი გადამყიდველების მეშვეობით იყიდებოდა თეირანში.

ქართული სოფლების ირგვლივ ფართო შესაძლებლობა იყო ჯეირანზე, კურდღელზე და გარეულ ღორზე ნადირობისათვის. რელიგიური აკრძალვის გამო, კურდღლისა და ღორის ხორცს ქართველები არ ჭამდნენ. რელიგიური ტაბუსა და იარაღის უქონლობის გამო, მონადირეობა საერთოდ არ იყო

136

განვითარებული. ფერეიდანში მგლების დიდი რაოდენობა მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა მეცხვარეობას400.

ქართველი გლეხები გაურბოდნენ ცხენების ყოლას სიღარიბის და უფრო მეტად იმიტომ, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკები და სოფლის პოლიცია გლეხების ცხენებს იყენებდა საკუთარი სარგებლობისათვის401.

ფერეიდანში ყველა ქართველ გლეხს შეუძლია ხალიჩების ქსოვა. საქმით დაკავებულია მოსახლეობის 40%. მათი ნაწარმი განსხვავდება ირანული და სომხური ნაკეთობისაგან402. და მაინც, ქართველებში იშვიათია ხელოსნობა და ვაჭრობა. სოფლებში თუ ვინმეა ვაჭარი, ან მოხელე, თითო ოროლას გამოკლებით, უსათუოდ ფარსია. ვერცერთ ქალაქში და, განსაკუთრებით, ისფაჰანში, რომელთანაც ფერეიდნელები დაკავშირებული არიან, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრთან, ვერ ნახავდით ვერცერთ ქართველ ვაჭარს და ვერც ხელოსანს, მხოლოდ ქართველი ჯარისკაცები გვხვდებოდნენ403.

 

 

რელიგია და ყოფა-ცხოვრება

 

შაჰ-აბას პირველი მოქნილად იყენებდა რელიგიას ირანის საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურში. შაჰის მიერ ქართლის მეფის სიმონ ხანის ქალიშვილის ცოლად შერთვა ადასტურებდა ქრისტიანობისადმი შემწყნარებლური და კეთილი დამოკიდებულების პოლიტიკის გატარების ცდას. მისი სამეფო კარის მოხელენი ან ქრისტიანები, ანდა ქრისტიანებისადმი კეთილად განწყობილი ხალხი იყვნენ. შაჰი ამავე დროს, თანხმობას აცხადებდა ირანში მცხოვრები ქრისტიანების მორჩილებაზე რომის პაპისა და კათოლიკური ეკლესიისადმი. ამასთან, შაჰი ნებას იძლეოდა, მის სახელმწიფოში კათოლიკე მისიონერებს ქრისტიანული სარწმუნოება ექადაგათ404.

137

არსებული რეალური პოლიტიკიდან გამომდინარე, რომის პაპი დაბეჯითებით ითხოვდა შაჰისაგან, გამოეცა ინსტრუქციები, რათა ყოველ ქრისტიანს, როგორც შაჰის სამფლობელოებში დაბადებული, ისე უცხო ქვეყნებიდან მოსულთ, ან ომიანობის დროს ტყვედ ჩავარდნილთ, მოპყრობოდნენ ლმობიერად. შაჰს არ უნდა დაეშვა ქრისტიანული სარწმუნოების იძულებით უარყოფა. თავის მხრივ პაპი აღუთქვამდა შაჰს, რომ ისიც ასევე მოიქცეოდა, თუ მაჰმადიანები მოხვდებოდნენ ქრისტიანულ ქვეყნებში, ან ოსმალთა მიერ ტყვედ წაყვანილნი ქრისტიანთა ხელთ აღმოჩნდებოდნენ405.

ბუნებრივია, შაჰის პოლიტიკა ქრისტიანებისამდი ევროპის სახელმწიფოთა პოზიციით განისაზღვრებოდა, რაშიც მთავარ როლს ოსმალეთის საკითხი წარმოადგენდა.

შაჰ-აბასმა, როგორც ცბიერმა პოლიტიკოსმა ქრისტიანებისადმი დამოკიდებულება რომის პაპისა და ევროპის მონარქებისადმი ერთხელ კიდევ ხაზგასმით აღნიშნა და მაგალითისათვის მოიტანა, რომ “ის ქრისტიანთა მფარველი იყო, რასაც ადასტურებდა მის მიერ რომის პაპისაგან საჩუქრად გამოგზავნილი ოქროს ჯვრის საქართველოს მეფესთან გაგზავნა, ხოლო საკუთარი ხელით გათლილი ხის ჯვრისა კი პატრიარქთან”406.

ქართველების გამაჰმადიანებას ირანში არ აყოვნებდნენ (აქედან წასხმული ქართველობა მალე “გაათათრა” შაჰ-აბასმა გარკვეული ღონისძიებების მოშველიებით), რადგან მათ უნდა შეევსოთ ძირითადად სახელმწიფოს რეგულარული არმია. ყოველ შემთხვევაში, ის ეკლესიები, რომელიც ქართველებმა ირანში ჩასახლების პირველ წლებში აიშენეს, მალე მოშალეს407.

1621 წელს ფერეიდანში ჩასახლებულ ქართველებსა და სომხებს შაჰმა მოუწოდა მიეღოთ ისლამი. მათმა ერთმა ნაწილმა ძალის გამოყენების შიშით მოწოდებას “მორჩილების ნაბიჯით შეეგება” და ძალაუნებურად დამორჩილდა ბრძანებას. ხელისუფლების ძირითადი მიზანი იყო, რომ ქრისტიანული ეკლესია, რომელიც აქ გადმოსახლებულებმა ააშენეს და სადაც სრულდებოდა ქრისტიანული რელიგიური რიტუალები მიზგითად გადაექციათ, რათა საეკლესიო ზარის ნაცვლად მუეძინის ხმას მოეხმო მლოცველები. ამ მიზნით

138

ფერეიდანში საკითხის გადასაწყვეტად გაიგზავნა შაჰის მეჯლისნავისი ამირ აბუ-ლ-მაალა ნაზარი408. როგორც აღვნიშნეთ, ნაწილმა აღიარა ისლამის რჯული. სასულიერო წოდება _ ბერ-მონაზვნები და მღვდლები წინ აღუდგნენ სარწმუნოების შეცვლას. მათი მეცადინეობით დიდმა ნაწილმა შეძლო ქრისტიანობის შენარჩუნება. მღვდლებსა და ბერებს გარკვეული მუქარა აგრძნობინეს. მათაც “დამორჩილების გარდა, სხვა გზა არ ჰქონდათ და ზიზღით შედგეს ფეხი მუსლიმანობის წრეში”. “ყველა ვინც იტყოდა აღსარების მუსლიმანური რჯულის ორი დებულების მშვენიერ სიტყვებს, მათ სახარებას და სხვა საღვთო წიგნებს ეპისკოპოსებს და მღვდლებს ართმევდნენ და დაადგინეს, რომ მუსლიმან მოძღვრებს მათთვის ყურანი და შარიათის დადგენილებანი ესწავლებინათ”409.

ასევე, ყველა სომეხ ქრისტიანს, რომლებიც გადასახლებულ იყვნენ მაზანდარანში ისლამის რჯულის მიღებისაკენ მოუწოდებდნენ. ზოგმა თითქოს ნებაყოფლობით მიიღო. “ზოგმაც ზიზღით, _ ღმერთმა უწყის ეს, თქვა აღსარება და ისლამის ხალხის რიგებში ჩადგა”. ისქანდერ მუნში ვერ მალავს, რომ მაზანდარანში რჯულის გამოცვლაზე უფრო მეტი ზეწოლა ყოფილა410.

ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს შეხედულება, რომ არ გვაქვს ცნობები ფერეიდნელი ქართველების გამაჰმადინების დროის შესახებ. მაგალითად, გიორგი ჭიპაშვილის აზრით: “ქართველთა გამაჰმადიანების ისტორია ძნელი დასადგენია. ამის შესახებ რაიმე წერილობითი დოკუმენტი არ არსებობს”411.

თამილა ცაგარეიშვილის შეხედულებით, “ფერეიდნელების გამაჰმადიანების ისტორია დადგენილი არ არის და არც წერილობითი დოკუმენტი არსებობს ამის შესახებ”412.

ზურაბ შარაშენიძე ისქანდერ მუნშის მონაცემებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ფერეიდანში, ბახთიარების მეზობლად დასახლებული ქართველები შაჰ-აბასმა გაამაჰმადიანა 1621 წელს413.

ჩვენი აზრით, შაჰის ხელისუფლება გაურბოდა ფერეიდანში კომპაქტურად ჩასახლებული ქართველებისა და სომხების მაჰმადიანობაზე მოქცევისათვის

139

მკვეთრი ღონისძიებების გატარებას. ბუნებრივია, შაჰ-აბასს არ გაუჭირდებოდა ერთი ხელის მოსმით მიეღწია თავისი სურვილის აღსრულებისათვის, თუმცა ამ პროცესის დასრულება მთლიანობაში მომავლის პერსპექტივად ჩათვალეს.

სარწმუნო ცნობებით, შაჰ-აბასმა ქართველები გაათავისუფლა გადასახადებისაგან და არ სდევნიდა ქრისტიანული რწმენის გამო. ფერეიდნელმა ქართველებმა თავდაპირველად, მართლაც შეძლეს მათ მიერ დასახლებულ ადგილებში შეენარჩუნებინათ ქრისტიანობა და აეშენებინათ მცირე ზომის ეკლესიები. ეს პროცესი თითქმის 134 წელი გაგრძელდა414.

ფერეიდნელებს კარგად ახსოვთ, რომ პირველ ხანებში ირანშიც ქრისტიანები ყოფილან. მეხსიერებას შემორჩა მათე მღვდლის სახელი, რომლისგანაც შექმნილია გვარი მათიაანი. არის ტოპონიმი “ყარაქეშიში”, რაც შავ მღვდელს ნიშნავს. ასევე ამბობდნენ, რომ ღორის ხორცს ჭამდნენ, ფერეიდნის მთებში ღორებზე ნადირობდნენ, რაც გარკვეულ დრომდე ქრისტიანობის შემორჩენის მანიშნებელია415.

როგორც ვიცით, შაჰ-აბას პირველმა გადასახლებული ქართველები კომპაქტურად დაასახლა, რაც თავისებურ კითხვებს ბადებს. მათი ასიმილაცია რომ სდომებოდა შაჰი სხვანაირად მოიქცეოდა. ტრადიციულად, უცხო ტომის შვილებს, ერთ ნაწილს რომ ჰამადანში ჩაასახლებდნენ, მეორეს _ ქირმანში, მესამეს _ შირაზში, თეირანში, გილანში ან მაზანდარანში, ხორსანში და ა. შ. მაშინ რა მიზანს ისახავდა ირანის ხელისუფლება, როდესაც ასეთ ნაბიჯს დგამდა? ზევით აღვნიშნეთ, რომ მუდმივი ძრწოლა და შიში ჰქონდა სპარსეთს ბახთიართა ტომებისაგან, როგორც თავისუფლების მოყვარე და თანაც შეუპოვარი მეომარი ხალხისაგან. ასევე, ლურებისაგან განიცდიდა თავდასხმის საშიშროებას. საჭირო იყო ფერეიდანთან საიმედო “ჯებირის” აღმართვა, რათა ჩაეკეტა ერთ-ერთი ხელსაყრელი გზა დედაქალაქის _ ისფაჰანისაკენ მიმავალი. “სწორედ ამით უნდა აიხსნებოდეს, რომ შაჰმა აქ ჩაასახლა ესე დიდძალი ქართველობა”416.

აღნიშნულ საკითხთან არის დაკავშირებული ფერეიდნელი ქართველებისათვის ქრისტიანული აღმსარებლობის შენარჩუნება გარკვეული პერიოდის მანძილზე. როგორც დავინახეთ, სტრატეგიული მიზნით მოხდა ქართველების კომპაქტიური დასახლება ფერეიდანში, რაც ირანის ინტერესებისათვის იყო გათვალისწინებული. თუ შაჰ-აბასი ძალით

140

მოინდომებდა მათ გამაჰმადიანებას და ბუნებრივია ქართველები მასობრივად არ დათანხმდებოდნენ, მაშინ სრულიად უნდა ამოეჟლიტა ქართველობა. ეს კი ხელს შეუშლიდა იმ ამოცანის განხორციელებას, რასაც შაჰ-აბასის გეგმა ითვალისწინებდა417.

მართლაც, ქართველებმა არაერთხელ მიიღეს მონაწილეობა ბრძოლებში ირანის ინტერესების დასაცავად. მაგალითად, 1722 წელს ავღანელებმა ისფაჰანი აიღეს. მირ-მაჰმუდმა ფაქტობრივად, დაიპყრო ირანი. ავღანელების ჯარს მარტყოფზე მიუტანია იერიში. ქართველების წინამძღოლად გამოსულა გლეხი თათაშვილი. მას მეომრები მარტყოფთან სიახლოვეს ერთ გორაზე გაუმაგრებია. შეტაკება გაგრძელებულა რამდენიმე დღე. ავღანელები დამარცხებულან. ბრძოლაში ქართველებს გაუმარჯვიათ. ამ გორას ახლაც “თათაშვილის გორა” ეწოდება418.

თავის ცნობილ ფერეიდნულ ტექსტებში არნოლდ ჩიქობვას მოცემული აქვს სეფ ალ-ლაჰ (სეიფოლა) იოსელიანის საინტერესო მოგონება, სადაც ერთი იქაური ქართველის, ნესირას ამბავია გადმოცემული. ერთხელ თურმე ტახტის მაძიებელ ქერიმ-ხანს (1750-1779 წწ.) ფერეიდანში, ზემო მარტყოფში ოცი კაცით გამოუვლია და ერთი გლეხისთვის უკითხავს: ქართველო, შეგიძლია, სოფელში ორი ლიტრა პური გვიყიდო და საუზმე გვაჭამოო. გლეხს სტუმრისათვის პური უყიდია, ბატკანი დაუკლავს და, როგორც შეეძლო, გამასპინძლებია. წასვლის წინ ქერიმ-ხანს გლეხისთვის სახელი უკითხავს. ნესირა მქვიაო, მიუგია ქართველს. ნესირო, _ უთქვამს ქერიმ ხანს, _ თუ ჩემი გამარჯვება გაიგო, არ მოგერიდოს, მოდიო. ნესირა (ნასირი) იმავე წელს ქვემო მარტყოფში გადასახლებულა და მალე ჯარშიც წაუყვანიათ. ჯარში ნასირს ქერიმ-ხანის გამეფება გაუგია. ამდგარა და შირაზში ხლებია. ქერიმ-ხანს კარგად მიუღია სტუმართმოყვარე მასპინძელი, სულთნობა უბოძებია და შვებულება მიუცია. ასე გამხდარა ნესირა ნასირ-ხანი. სეიფ ალ-ლაჰ იოსელიანისვე მოგონებით, მისი შვილიშვილი მად-ისმაილ-ხანი (მოჰამმად ესმაილ-ხან) იქცა თურმე მთელი ფერეიდანის უფროსად419.

გაძლიერებული ქერიმ-ხან ზენდი ყველა ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლას ახშობდა. ჩანს, ბახთიარების პრობლემამ დააჩქარა ფერეიდნელ ქართველთა გამაჰმადიანება. XVIII საუკუნის შუა ხანებში ბახთიართა მღელვარება კვლავ

141

გრძელდებოდა. ამიტომ ქერიმი ბახთიარის ტომებში არსებული მღელვარების ჩასახშობად გაემგზავრა. იგი სასტიკად გაუსწორდა ურჩ ტომებს, მრავალი მათგანი აჰყარა და ფარსსა და ყუმში გადაასახლა, რითაც დაქსაქსა ისინი და სასოფლო-სამეურნეო საქმეებში ჩააბა. ბახთიართა ტომებიდან დაახლოებით სამი ათასი კაცი წაიყვანა და თავის ჯარში ჩარიცხა. ასე მოუღო ბოლო ქერიმ-ხანმა ბახთიარელი ტომების აჯანყებას420.

ამის შემდეგ, ირანის ხელისუფლებამ გადაწყვიტა თუნდაც ძალის გამოყენებით გადაეჭრა ქართველების გამაჰმადიანების საკითხი… რა თქმა უნდა, როდესაც მოიხსნა პრობლემა ხელისუფლება არ აბოგინებდა შუაგულ სპარსეთში რამდენიმე ათას ქართველს თავისი განსაკუთრებული სჯულითა და კულტურით. 1750 წელს ქართველებს ძალით მიაღებინეს ისლამი და დააკისრეს გადასახადები. ამ ფაქტმა გამოიწვია ქართველების შეიარაღებული აჯანყება ხელისუფლების წინააღმდეგ, რასაც მრავალი ქართველი შეეწირა421. ამ მოვლენებთან დაკავშირებით, ხსოვნა დღემდე შემორჩა ფერეიდნელებში. ფერეიდნელი ქართველის სიტყვით, რომელიც ზურაბ შარაშენიძემ ჩაიწერა 1968 წელს ირანში, “ზემო ახორის დასავლეთით მდებარე მთას “სიხეს” (ციხე) ეძახიან. აქ ქერიმ-ხან ზენდს გურჯებთან ბრძოლის დროს ბევრი გურჯი დაუხოცია”422.

როდესაც ქართველებს მასობრივად მიაღებინეს ისლამი, დაუნგრიეს ეკლესიები ან მეჩეთებად აქციეს, იავარყვეს საეკლესიო ქონება, ამის შემდეგ ქართველი სასულიერო წოდება იმალება. ეროვნული ტანსაცმელი იდევნება და იცვლება ირანულით. ქალებისათვის სავალდებულო ხდება ჩადრის ტარება. მეურნეობიდან იდევნება მევენახეობა და ღვინის წარმოება, ტრადიციული ეროვნული დღესასწაულები თანდათანობით დავიწყებას ეძლევა. იკრძალება ეროვნული ცეკვები და სიმღერები. ნაცვლად დიდი სტუმართმოყვარეობისა და ჩვეული მხიარულებისა ადგილს იკავებს კარჩაკეტილობა, იზოლაცია, საკუთარი არსებობისათვის მუდმივი შიში. ეროვნული ტანსაცმელიდან რჩება მხოლოდ ფართო შარვალი, რადგან მეზობელი ლურისა და ბახთიარის ტომების შარვლების მსგავსი იყო და ირანელთა მხრიდან ყურადღების გარეშე დარჩა.

142

ირანის ადმინისტრაციის მხრიდან ქართველები განიცდიდნენ მუდმივ მეთვალყურეობას. მათ წაართვეს უფლება ესწავლათ მშობლიური ენა და მწერლობა. გამიზნულად ინერგებოდა ირანული ენა, შარიათის ტრადიცია და წეს-ჩვეულება. აიძულებდნენ შეესისხლხორცებინათ მუსლიმანური თვითშეგნება და ფანატიზმი423.

ქართველი მოსახლეობის მიმართ ირანის ხელისუფლების პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენდა მთლიანად აღმოეფხვრათ მათი ხსოვნიდან სამშობლო და არ დაეშვათ არავითარი კავშირი საქართველოსთან, როგორი ფორმითაც უნდა ყოფილიყო. ასეთი ფაქტების შემთხვევაში ხელისუფლება სადამსჯელო ზომებს მიმართავდა424.

რელიგიის შეცვლასთან ერთად შეიცვალა ფერეიდნელთა ზნე-ჩვეულებანი და საყოფაცხოვრებო წესები. ფერეიდნელი ქართველები ისლამის მიღების შემდეგ ასრულებენ ყველა იმ რელიგიურ მისტერიასა და დღესასწაულებს, რომელთაც ასრულებს ყველა მაჰმადიანი425.

ჰაჯის წოდება შეუძლია მიიღოს ყველამ, ვინც მექაში წავა, ილოცებს და ცოცხალი დაბრუნდება. ასეთი რამ ხდება ფერეიდნელ ქართველებშიც. მარტო 1928 წელს იქიდან თორმეტი კაცი გაემგზავრა მექაში სალოცავად. მათი უმეტესობა ღარიბები იყვნენ, რომლებიც მთელ ქონებას ხარჯავდნენ იმ იმედით, რომ “ღმერთი ლუკმას არ დაუკარგავდა”426. როგორც ვხედავთ, ისლამმა ქართველ ფერეიდნელებში მძლავრად გაიდგა ფესვები. 1923 წელს, როდესაც სეიფოლა იოსელიანი საქართველოდან ფერეიდანში დაბრუნდა, ფანატიკოსთა თვალების ასახვევად ჯერ მეშჰედს მივიდა შუა აზიის გზით, მთელი თვე იქ ილოცა და შემდეგ საქრისტიანო ქვეყნიდან დაბრუნებული “განწმენდილი” მივიდა ფერეიდანში, რათა მის წინააღმდეგ განგაში არ აეტეხათ.

სეიფოლა თავის “პატარა საქართველოში” დიდი პატივისცემით სარგებლობდა, ხანის წოდება გააჩნდა და ასე რომ არ მოქცეულიყო მისი ავტორიტეტი, მისი ხანობა დაეცემოდა427. ამ დროს ქართველები შეჭირვებული იყვნენ მეზობლად მცხოვრები ტომებისაგან. ამიტომ სეიფოლა ჩავიდა თეირანში და იმდროინდელი პირველი ვეზირი რეზა ხანი ინახულა. მან სთხოვა ვეზირს

143

ფერეიდნელი ქართველებისათვის იარაღის შეძენის ნებართვა, რომ ყაჩაღი ქურთებისა და ბახთიარებისაგან თავი დაეცვათ. ვეზირისაგან მან ზრდილობიანი უარი მიიღო: “მაგისთანა ხალხს თვით სახელმწიფო ალაგმავს, და იარაღი ხალხს რაც აქვს ისიც უნდა ჩამოვართვათო”. როგორც შემდეგში მათი დიალოგიდან ირკვევა, რეზა ხანს გარკვეული ეჭვი გაუჩნდა, რომ “საბჭოთა ქვეყნიდან” დაბრუნებულ იოსელიანს კომუნისტური იდეების გასავრცელებლად ხომ არ ჰქონდა განზრახული რაიმე ჩანაფიქრით იარაღის მოთხოვნა428.

ისფაჰანში იყო ერთი თავზეხელაღებული, სასულიერო წოდების საშინელი მოძულე სამხედრო პირი ათაფური, რომელიც წარმოშობით ქართველი იყო, მაგრამ ქართული დიდი ხნის დავიწყებული ჰქონდა. მას მაინც ფერეიდნელი ქართველი ჯარისკაცები ჰყავდა თავის გარშემო. ის დაინახავდა თუ არა ქუჩაში მიმავალ მოლას უსევდა ჯარისკაცებს:

_ აბა მიდით, დააფრთხეთ, ფართხუნა ტანსაცმელი შემოახიეთო. ჯარისკაცები მისცვივდებოდნენ მოლას, დაწეწავდნენ, მიათრ-მოათრევდნენ და გაუშვებდნენ.

_ ამ დროს კარგი შემოსავალი გვქონდაო, _ ამბობდნენ ჯარისკაცები. ათაფურმა ერთი აჯანყების დროს, როგორც ამბობდნენ, რამდენიმე მოლა დაიჭირა, ნაობახში შეყარა და წვერები შეაკრიჭა. მოლებმა საჩივარი აღძრეს მთავრობის წინაშე. ამ ამბავმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ათაფური პასუხისგებაში მისცეს, მაგრამ მან თავი ადვილად გაიმართლა:

_ ახალი კანონის დებულებით ციხეში ჩასმულ დამნაშავეს თმა და წვერი გაკრეჭილი უნდა ჰქონოდა და მეც ამ კანონის თანახმად მოვიქეციო. ათაფური გამართლდა. მოლებიც გაანთავისუფლა კანონმა, მაგრამ მათ ციხიდან გამოსვლაზე უარი განაცხადეს:

_ სანამ წვერები არ გაგვეზრდება ქუჩაში ვერ გამოვალთო. კანონმა ადვილად დააკმაყოფილა მათი უკანასკნელი სურვილი. ათაფური შირაზში გადაიყვანეს, მისი სახელი კი, მწარე მოგონებად დარჩათ ისფაჰანელ მოლებს429.

თუ რაიმე შერჩენიათ ქართველებს ქრისტიანული სარწმუნეობისა, ერთადერთი ის არის, რომ როცა ფერეიდნელი ქართველი ქალი პურის ცომს მოზილავს და ლავაშს თონეში ჩასაკრავად გაამზადებს, მასზე ხელით ჯვარს დაუსვამს430. სწორედ იმ მიზნით, რომ ამით შეენარჩუნებინათ მათ

144

მეხსიერებაში შემორჩენილი ქრისტიანული სარწმუნოების ელემენტები, ამ სარწმუნოებაში შესული ზოგიერთი ადრეული წეს-ჩვეულებანი, რაც, თავისთავად, “ქართველობის” შენარჩუნებას ნიშნავდა.

მართალია ჯვარი საზოგადოების განვითარების უძველეს საფეხურზეა წარმოქმნილი, მაგრამ ქრისტიანობაში შესული და გაძლიერებულია. ფერეიდნელთა რწმენა-წარმოდგენებში იგი მხოლოდ ქრისტიანული წეს-ჩვეულების ელემენტია და არა წარმართული პერიოდისა. მისი შენარჩუნებით ფერეიდნელი ქართველები ძველი ეროვნული წეს-ჩვეულებების შენარჩუნებას ეძალებოდნენ.

როგორც ვიცით, “გურჯის” სოფლები “მაჰლებად” (უბნებად) იყოფოდა. მაჰლები ერთმანეთისაგან “რუებით” იყო დაცილებული. თითოეული მაჰლი რამდენიმე “ქუჩის” გაერთიანებას წარმოადგენდა. “ქუჩები” ფერეიდნელთა გვარების ეპონიმების სახელით იწოდებოდნენ (ონიკაანთ ქუჩა, ასლანაანთ ქუჩა და სხვ.). ისინი ერთმანეთთან იმ საერთო “მეიდანით” (დასახლების ცენტრალური ადგილით) იყვნენ დაკავშირებულნი, სადაც წყარო ჩამოდიოდა (ბუთუანთ წყარო, სუფიანთ წყარო, “გელაზი” და სხვ.). ერთ ქუჩაზე დაახლოებით 19-მდე სახლი შეიძლებოდა ყოფილიყო, სხვები ერთმანეთზე მჭიდროდ, ახლო-ახლო, თითქმის გადაბმულად იდგა და მათი სახურავებიც ურთიერთის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენდნენ431.

სახლები ალიზით იყო აშენებული, ბრტყელ ბანიანი, მიწით მოტკეპნილი ისევე, როგორც წინათ ქართლის ზოგიერთ სოფელში. ასეთივე შენობები ჰქონდა ყველას, საზოგადოდ, ირანის მთელ ტერიტორიაზე. ბინის შინაგანი მორთულობა სადა იყო. ვიწრო კარ-ფანჯრები იციან, ოთახში დაგებულია ნოხი ან ქეჩა. 20-იან წლებში არც ერთ ოჯახში, გარდა სეიფოლა იოსელიანისა სკამი არ ჰქონდათ. სკამს მხოლოდ იშვიათი სტუმრისათვის ინახავდნენ.

ეზოებში ყველს ჰქონდა სახაბაზო, თორნე, გომი (ბოსელი), ფიჩხი და გამხმარი წივა, რომელსაც აგუნდავებენ, ახმობენ მზეზე და ხმარობენ ზამთრობით სათბობ მასალად ქურსში*.

ქურსი ჰიგიენის მხრივ ძალიან ცუდია, ოთახი ივსება ნახშირის მძიმე სუნით. მით უმეტეს, თუ ქურსი წივითაა ანთებული, იმ ოთახში უჩვევი კაცი ვერ გაძლებს მაგრამ, როგორც ჩანს, ნახშირის სუნსაც თურმე ეჩვევა

145

ორგანიზმი432. რასაკვირველია, ქურსის ხმარება შედეგია შეშის სიძვირისა. ამი-ტომ ფერეიდნელი ქართველებისათვის ქურსის ხმარება აუცილებელია.

ზოგიერთ სახლში შეხვდებით დედაბოძებს მშვენიერი ჩუქურთმებით. თითქმის ყველას აქვს პურის შესანახი კიდობანი. თაროებზე აწყვია სპილენძის ან თიხის ჭურჭელი. სოფელ ავჭალაში ხმარობენ ჩვენებურ თიხის ქოთანს, რომელშიც ლობიოს ხარშავენ433.

სოფელ ბოინის მცხოვრებნი მეჭურჭლეობასაც მისდევენ. აქ შეხვდებით ქართულ ლიტრას, კოკას და ქვევრებს. ამავე სოფელში არის კუსტარული წესის სამჭედლოები, სადაც ბლომად აკეთებენ ქართული ტიპის ბარებს, თოხებს, ნალებს და სხვ. საწარმოო იარაღები, კავ-გუთანი, ურმები ძველი ქართული ტიპისაა. ძაფს ართავენ თითისტარებით. ბევრი ჯარასაც ხმარობს. მრავალი ოჯახი თავს ირჩენს ხალიჩების, თოკებისა, და ფარდაგების ქსოვით. ირანელი ვაჭრები ორ-სამჯერ ჩადიან ფერეიდანში და ბლომად იძენენ ქართველი ქალების მოქსოვილ ხალიჩებსა და ფარდაგებს.

საჭმელები თითქმის ქართულია. აკეთებენ მწვადს, ხაშს, ხინკალს, ყაურმას, წნილიც ხშირად შეგხვდებათ ქართველთა სუფრაზე434. ყოველდღიურად საკვებად, შეიძლება ითქვას, რომ აქვთ პური და ხორცი. თუ რაიმე გადარჩებათ წლიური მარაგიდან, გააქვთ ისფაჰანის ბაზარზე გასაყიდად.

საზოგადოდ, ირანელი ხალხი შინაურ ფრინველს ნაკლებად ეტანება, მათი ყოველდღიური სანუკვარი საჭმელი ცხვრის ხორცია, რომელიც მოიპოვება მთელი წლის განმავლობაში. ცხვრის ხორცი შედარებით იაფია. მისგან მზადდება მრავალნაირი საჭმელი და გემოც საუცხოო აქვს. ხარის ხორცს იშვიათად ხმარობენ, ამასაც უმთავრესად, მოსახლეობის უღარიბეს ნაწილში. ხარი იკვლება იმ რაიონებში, სადაც სომხები და ებრაელები ცხოვრობენ. ზოგიერთმა ირანელმა არც კი იცის, თუ რა გემო აქვს ხარის ხორცს435.

146

ჩადრი მაჰმადიანი ქალის განუყოფელი თანამგზავრია. ამ მხრივ განსაკუთრებული მდგომარეობაა დღეს ირანში. თუ სხვა ისლამურ ქვეყნებში ქალს შეუძლია საზოგადოებაში უჩადროდ გამოჩენა, ირანში ეს შეუძლებელია436. საინტერესოა, რომ სოფელ თოლერის ქართველი მაჰმადიანი ქალები გასულ საუკუნეში ჩადრის გარეშე გამოდიოდნენ ქუჩაში და, მხოლოდ უცხო პირებთან შეხვედრის დროს იფარავდნენ სახეს437.

ქართველები სხვადასხვა კულტურებთან ერთად, თესავდნენ ოპიუმსაც, რაც ხელს უწყობდა ოპიუმის წევას. ამ მეტად მავნე ნარკოტიკულ საშუალებას ხმარობდა მამაკაცებისა და ქალების 5-10%. თუმცა ქართველი მოსახლეობის ოპიუმის მწეველთა პროცენტი მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე ირანელებსა და თათრებს შორის, მაგრამ უფრო მაღალი, ვიდრე სომხებში, მათთან ოპიუმის კულტურა თითქმის არ იყო მიღებული438.

შემორჩენილი წეს-ჩვეულება, საკულტო ქმედებასთან დაკავშირებული რიტუალები აშკარად მიგვანიშნებენ ქართულ სამყაროსთან კავშირს. ამათთაგან აღსანიშნავია წვიმების საწინააღმდეგო მისტერია: გაჭიანურებული წვიმის შემთხვევაში ბიჭები წითელ ტანსაცმელს ჩაიცვამენ (ზოგიერთი მონაცემებით, წითელ ქუდებს დაიხურავენ), ქოლგებს დაიფარებენ. ივლიან და ქართულად იმღერებენ:

“აღარ გვინდა ტალახი,

ღმერთო მოგვეც ბალახი!

ღმერთო მოგვეც ჰასილი,

აღარ გვინდ მოჰასილი*.

ჯგუფი ვისი სახლის წინ შეჩერდება და იმღერებს, იმ სახლის პატრონი ვალდებულია თითოეულ მათგანს რაიმე ნობათი _ ნუში, ქიშმიში და სხვა უბოძოს.

ქრისტიანული რელიგიის აშკარა ანარეკლია შემდეგ ჩვეულებებში: კალოზე ძნის გალეწვისას, როდესაც ხვავი დაგროვდება, მის ირგვლივ ორ წყებად წრეხაზს შემოავლებენ, ხოლო ზემოდან ჯვარს გამოსახავენ.

ფერეიდნელთა მარტყოფში არის ადგილი, რომელსაც ამაღლება ჰქვია. როცა ბავშვი ავად გაუხდებათ, იქ ცხვარს აიყვანენ და დაკლავენ.

147

მსხვერპლშეწირვის შემდეგ ავადმყოფი განიკურნება. არის აგრეთვე, “დედა მარიამის” სახელზე სალოცავი ადგილი, სადაც “მარიამობის თვეში” კოპწიათ მორთული ქალები მიდიან და ლოცულობენ439.

ფერეიდნელმა ქართველებმა საუკუნეების განმავლოაბში ისლამური საზოგადოების გარემოცვის მიუხედავად, შეძლებისდაგვარად შეინარჩუნეს ნათესავთა ურთიერთობის ძველი ქართული ტრადიციული ბუნება. ნათესაობის სხვადასხვა ფორმებიდან (სისხლიერი, მოყვრობითი, ხელოვნური) ფერეიდნელ ქართველებში, უმთავრესად, სისხლიერი და მოყვრობითი ნათესაობა მოქმედებდა, რაც იმ გარემოებით უნდა აიხსნებოდეს, რომ ირანში გადასახლებული ქართველები სისხლიერ და მოყვრობით ნათესაობის შენარჩუნებაში “ქართველობის” შენარჩუნებას ხედავდნენ, ხოლო ხელოვნური ნათესაობის დასამყარებლად (ძმადნაფიცობა, ნათლიად მოკიდება და სხვ.) ადგილობრივი მაჰმადიანური გარემო ხელსაყრელ პირობებს არ ქმნიდა. ფერეიდნელი ქართველები “ძმადნაფიცობას” სპარსელებთან ერიდებოდნენ, ხოლო ნათლიად მოკიდების ძველი ქართული წესი გამუსლიმანების შემდეგ ქრისტიანულ სარწმუნოებასთან ერთად თანდათან მიეცა დავიწყებას440.

საუკუნეების განმავლობაში უცხო ეთნიკურ გარემოცვაში მყოფი ფერეიდნელი ქართველებისთვის საქორწინო ინსტიტუტი მათი ეროვნული თვითშეგნებისა და ეროვნული კულტურის შენარჩუნების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობად იქცა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან საერთოდ, ეთნიკური კუთვნილებისა და მისი თავისებურებების დაცვის უმთავრეს უჯრედს სწორედ საოჯახო ყოფა წარმოადგენს441.

წმინდა ქართულ სოფლებში შერეული ქორწინება იშვიათობას წარმოადგენდა. ქართველები ერიდებოდნენ ირანელზე დაქორწინებას. ირანელები პირიქით, ყველა ღონეს ხმარობდნენ ქართველზე დასაქორწინებლად. მათ იზიდავდა ქართული ოჯახის ტრადიციული სიმტკიცე. ქართველი ქალები ირანელებთან შედარებით სარგებლობდნენ დიდი პატივისცემით. ქართველებში იშვიათი იყო განქორწინება. მიუხედავად ისლამის აღმსარებლობისა, ქართველები გაურბოდნენ მრავალცოლიანობას442.

ფერეიდნელ ქართველებში საქორწინო ასაკის ნორმირება შარიათით არ ხდებოდა. ირანელთა საქორწინო ჩვეულებებში კი, ბუნებრივია, შარიათის

148

მოთხოვნებია გათვალისწინებული. ფერეიდნელები ძველი ქართული ჩვეულებების გავლენით საქორწინო ასაკისათვის მთავარ ფაქტორად ქალ-ვაჟის ფიზიკურ მომწიფებას მიიჩნევდნენ443.

რადგან ფერეიდნელი ქართველები, მოქცეულნი ლოკალურ გარემოცვაში, გაურბოდნენ ქალის გათხოვებას სხვა ეროვნების წარმომადგენელზე ისინი იძულებული იყვნენ ერთ უბანში მოეძებნათ სარძლო და ბავშვობაშივე შეერჩიათ იგი.

ფერეიდნელ ქართველებში აკვანში დაწინდვის გარდა იცოდნენ ბავშვის დაბადებამდე დაწინდვაც, რომელსაც ორსული დედები აბანოში ასრულებდნენ. ისინი ამის ნიშნად ერთმანეთს ინას წაუსვამდნენ თავზე, გულისპირსა და ხელისგულზე. ბავშვის დაბადებამდე დაწინდვის ჩვეულება საქართველოს ზოგიერთ კუთხეშიც არის დამოწმებული.

“მუცლად შეთქმისა” და აკვანში დაწინდვის გარდა, გავრცელებული იყო მცირეწლოვანთა დაწინდვაც. აღნიშნული წესი ფართოდ იყო გავრცელებული როგორც ქართველი, ისე მრავალი სხვა ხალხის ეთნოგრაფიულ სინამდვილეში444.

 

გაგრძელება

ეროვნული თვითშეგნება

 

——————————

345 გ. ჭიპაშვილი, ირანის ქართველი მოსახლეობა, “მნათობი”, 1972, # 8, გვ. 87.
346 ზ. შარაშენიძე, ახალი მასალები ფერეიდნელი ქართველების შესახებ, თბ., 1969, გვ. 39.
347 ა. ჭელიძე, ფერეიდნელი ქართველები, თბ., 1951, გვ. 45-46.
348 იქვე, გვ. 47.
349 თ. ცაგარეიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 9.
350 გ. ჭიპაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 89.
351 იქვე.
352 ზ. შარაშენიძე, ფერეიდნელი გურჯები, გვ. 110.
353 ზ. შარაშენიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 112-113.
354 ლ. აღნიაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 189.
355 იქვე, გვ. 192.
356 ა. ჭელიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 103-104.
357 იქვე, გვ. 104.
358 სუიცსა, ფ. 600, ანაწ. 2, საქ. 315, ფურც. 5.
359 იქვე, ფ. 1206, ანაწ. 2, საქ. 275, ფურც. 3.
360 გ. ჭიპაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 88-89.
361 სპა, ფ. 14, ანაწ. 25, საქ. 229, ფურც. 24.
362 ლ. აღნიაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 197.
363 თ. ცაგარეიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 9.
364 სუიცსა, ფ. 1206, ანაწ. 2, საქ. 275, ფურც. 3.
365 იქვე, ფურც. 4.
366 გ. გოცირიძე, ქორწინება ფერეიდნელ ქართველებში, თბ., 1987, გვ. 27.
367 სუიცსა, ფ. 600, ანაწ. 2, საქ. 315, ფურც. 6.
368 იქვე, ფ. 1206, ანაწ. 2, საქ. 275, ფურც. 5.
369 იქვე.
370 სუიცსა, ფ. 1206, ანაწ. 2, საქ. 275, ფურც. 5.
371 იქვე, ფურც. 4.
372 იქვე, ფურც. 6.
373 იქვე.
374 სუიცსა, ფ. 1206, ანაწ. 2, სქ. 275, ფურც. 6.
375 სპა, ფ. 14, ანაწ. 25, სქ. 229, ფურც. 28.
376 ნ. ბართაია, დასახ. ნაშრომი, გვ. 103.
377 ნ. ბრეგვაძე, ხორბლის ძველქართული ჯიშები ფერეიდანში, “ძეგლის მეგობარი”, 1974, #34, გვ. 39.
378 იქვე.
379 იქვე, გვ. 40.
380 იქვე, გვ. 41.
381 თ. ცაგარეიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 12-13.
382 ა. ჭელიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 50.
383 ლ. ფრუიძე, ფერეიდნიდან ჩამოსახლებული ქართველები, “მაცნე”, ისტორიის სერია, # 2, 1975, გვ. 179.
384 იქვე, გვ. 180.
385 იქვე, გვ. 176.
386 ზ. შარშენიძე, ფერეიდნელი გურჯები, გვ. 100.
387 ა. ჭელიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 50.
388 ლ. ფრუიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 178.
389 ა. ჭელიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 52-53.
390 გ. ჭიპაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 13-14.
391 გ. ჭიპაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 14-15.
392 გ. ჭიპაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 17, 18.
393 სუიცსა, ფ. 1206, ანაწ. 2, საქ. 275, ფურც. 5.
394 სპა, ფ. 14, ანაწ. 25, საქ. 229, ფურც. 28.
395 გ. ჭიპაშვილი, ირანის ქართველი მოსახლეობა, გვ. 89.
396 თ. ცაგარეიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 13.
397 ა. ჭელიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 50.
398 იქვე, გვ. 51.
399 ზ. შარაშენიძე, ახალი მასალები ფერეიდნელი ქართველების შესახებ, გვ. 23.
400 სპა, ფ. 14, ანაწ. 25, საქ. 229, ფურც. 27.
401 იქვე, ფურც. 28.
402 იქვე, ფურც. 29.
403 ა. ჭელიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 49.
404 ქ. პავლიაშვილი, ინგლისელი ძმები ენტონი და რობერტ შერ-ლები ვატიკან-ირანის დიპლომატიურ ასპარეზზე (XVII საუკუნის I ნახევარი), “ქართული დიპლომატია”, ტ. 4, თბ., 1997, გვ. 200.
405 იქვე, გვ. 203.
406 ქ. პავლიაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 203.
407 მ. თოდუა, დასახ. ნაშრომი, გვ. 196-197.
408 ისქანდერ მუნშის ცნობები… გვ. 117.
409 ისქანდერ მუნშის ცნობები… გვ. 118.
410 იქვე.
411 გ. ჭიპაშვილი, ფერეიდნელი ქართველები, თბ., 1963, გვ. 24.
412 თ. ცაგარეიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 9.
413 ზ. შარაშენიძე, ფერეიდნელი გურჯები, თბ., 1979, გვ. 58.
420 ზ. შარაშენიძე, ირანი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, თბ., 1970, გვ. 45.
421 სუიცსა, ფ. 600, ანაწ. 2, საქ. 315, ფურც. 5.
422 ზ. შარაშენიძე, ახალი მასალები ფერეიდნელი ქართველების შესახებ, თბ., 1969, გვ. 20.
423 სპა, ფ. 14, ანაწ. 25, საქ. 229, ფურც. 20.
424 იქვე, ფურც. 21.
425 გ. ჭიპაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 25.
426 ა. ჭელიძე, ექვსი წელი სპარსეთში, თბ., 1964, გვ. 99.
427 ა. ჭელიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 79.
428 ა. ჭელიძე, ფერეიდნელი ქართველები, გვ. 11-12.
429 ა. ჭელიძე, ექვსი წელი სპარსეთში, გვ. 81-82.
430 გ. გოცირიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 73.
431 გ. გოცირიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 15-16.
428 ა. ჭელიძე, ფერეიდნელი ქართველები, გვ. 11-12.
429 ა. ჭელიძე, ექვსი წელი სპარსეთში, გვ. 81-82.
430 გ. გოცირიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 73.
431 გ. გოცირიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 15-16.
436 ნ. ბართაია, დასახ. ნაშრომი, გვ. 79.
437 სუიცსა, ფ. 1206, ანაწ. 2, საქ. 275, ფურც. 4.
438 სპა, ფ. 14, ანაწ. 25, საქ. 220, ფურც. 26.
* “ჰასილი” სპარსულია და ქართულად მოსავალს ნიშნავს, ხოლო “მოჰასილი” _ ხარკის ამკრეფს.
439 ლ. ფრუიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 183-184.
440 გ. გოცირიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 15, სქოლიო 1.
441 იქვე, გვ. 10.
442 სპა, ფ. 14, ანაწ. 25, საქ. 229, ფურც. 29.
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s