Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• სონღულაშვილი- ქართველთა ნაკვალევზე

ავთანდილ სონღულაშვილი

ირანში ქართველთა  ნაკვალევზე

 

თბილისი 2005

 

ნაშრომში ქართული, აღმოსავლური და ევროპული ნარატიული წყაროების, ახლად გამოვლენილი საარქივო დოკუმენ-ტების საფუძველზე, მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურის გათვალისწინებით შესწავლილია ქართველების ისტორია ირანში უძველესი დროიდან დღემდე. წარმოჩენილია საქართველო-ირანის ურთიერთობის ასპექტები. ნაჩვენებია ქართველების როლი ირანის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ცალკე ადგილი ეთმობა ფერეიდნელი ქართველების საკითხების განხილვას, რაც ახალი მასალებით არის შეჯერებული.

რედაქტორი პროფ. ნ. ბართაია

რეცენზენტები: პროფ. დ. მალაზონია,  პროფ. ს. ვარდოსანიძე

 

რედაქტორისაგან

 

სამშობლოდან აყრა და დასაკარგავში გადასახლება, ქართველთა უმძიმესი ისტორიული ხვედრი ყოფილა, რომელიც ფერეიდნელებით არც დაწყებულა და არც დამთავრებულა. ვინ იცის, მტერს როდის, სად, რამდენი ათასი ქართველი გადაურეკავს უცხოეთში, რომლებიც თანდათან სხვა ხალხებმა შთანთქეს.

ფერეიდნელი ქართველები ერთადერთნი აღმოჩნდნენ მათ შორის, რომლებმაც ოთხასი წლის მანძილზე გასაოცარი სიმძაფრით, შეინარჩუნეს ქართველობა, მშობლიური ენისა და ისტორიული სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული.

ბევრი რამ დაწერილა ფერეიდნელებზე, რასაც, გულდაგულ, საარქივო მასალის ჩათვლით, გასცნობია ცნობილი ისტორიკოსი ავთანდილ სონღულაშვილი და მეცნიერულად აწონილ-დაწონილს აწვდის მკითხველს.

 

 

შესავალი

 

ვუძღვნი ძვირფასი მეგობრის ედიშერ ჩარგაზიას ნათელ ხსოვნას.

ირანის ისლამური რესპუბლიკა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ოფიციალურად სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და მასთან პოლიტიკურ-კულტურული ურთიერთობები წამოიწყო. 1993 წელს თბილისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო და ანალოგიურად, 1994 წელს თეირანში საქართველოს საელჩო გაიხსნა. მთლიანობაში ბოლო ათწლეულის მანძილზე ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკურმა და კულტურულმა ურთიერთობებმა აღმავლობა განიცადა, მაგრამ ჯერჯერობით მაინც არსებობს რწმენა, რომყველა სფეროში თანამშრომლობის ორმხრივად არსებული პოტენციალი რეალურად არ გამოყენებულა. ამიტომაც, იმედია, ახლო მომავალში ამ ურთიერთობათა გააქტიურების მოწმენი შევიქმნებით.

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ხათამიმ, 2001 წელი ცივილიზაციათა დიალოგის წლად გამოაცხადა. ირანის მთავრობა წელიწადნახევრის განმავლობაში სთხოვდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ირანში ჩასვლას. ეს თხოვნა მიზნად ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ სამყაროსთან დიალოგის დაწყებას ისახავდა. დიალოგი შედგა. საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ირანს ესტუმრა. რატომღაც ირანმა ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ ქვეყნებს შორის პირველი სამშვიდობო დიალოგისთვის საქართველო აირჩია.

ეს დიალოგი ეხებოდა მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას. რელიგიურ ლიდერებს მართლაც შეუძლიათ უდიდესი როლი შეასრულონ, რათა ომების საშიშროება თავიდან იქნეს აცილებული. როგორც ჩანს, ამ საკითხს სერიოზულად მიაქცია ყურადღება ირანმა.

აზიაში ირანი ის ქვეყანაა, რომელზეც განსაკუთრებული აქცენტი კეთდება. ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანი გარკვეულწილად საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა, ამიტომ ქვეყანა ეძებს გზებს აღნიშნული ვითარებიდან თავის დასაღწევად. საქართველო კი შემთხვევით არ იყო შერჩეული კონტაქტების დასამყარებლად.

კავკასია ყურადღების ცენტრში მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამოა მოქცეული. ამ შემთხვევაში საქართველო, როგორც ძირითადი წამყვანი ქვეყანა

5

კავკასიის ხალხებს შორის, თავისთავად რჩება განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ როგორც დასავლეთის, ისე აზიის მხრიდან1.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და ამ ქვეყანასთან ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის ყველა სფეროში ურთიერთობათა კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა. 2004 წელს თეირანსა და თბილისს შორის სხვადასხვა დელეგაციის გაცვლა-გამოცვლა ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი აქტივობის მანიშნებელია. ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალზე ირანის ეკონომიკის მინისტრის ხელმძღვანელობით ირანის მაღალი დელეგაციის ჩამოსვლა საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებისაკენ ირანის მისწრაფების ხელახალ დასტურად აღიქმება.

2004 წლის ივლისში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირანში ვიზიტმა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის რამდენიმე დოკუმენტის ხელმოწერამ სამომავლო კავშირების თვისებრივად ახალი პერსპექტივა გამოკვეთა. იმედია, ამ შეთანხმებათა პრაქტიკული განხორციელებით ჩვენი ურთიერთობის ახალი ფურცელი გადაიშლება2.

6

 

სადაურსა სად წაიყვან…

 

და მიედინებოდნენ მდინარედ სტამბოლისაკენ, ან კიდევ საით ძალით უფლებააყრილი საქართველოს შვილები იანიჩართა თუ საჭურისთა რაზმების, სულთან-ვეზირთა ჰარამხანების შესავსებად. ამ გაუბედურებული ადამიანებისა თუ თურქთა ბატონობის ქვეშ მოქცეული ქართული პროვინციების მკვიდრთა გულში არასოდეს წაშლილა ეროვნული თვითშეგნებისა და შეურიგებელი წინააღმდეგობის გრძნობა.

და ეს ხდებოდა უძველესი დროიდან. საკმარისია გავიხსენოთ ქსენოფონტეს “ანაბასისში” მოთხრობილი ამბავი, როდესაც ჩვ.წ. აღრიცხვამდე 401 წელს ბერძნები მაკრონების (მეგრელების) ტომის საზღვარს მიადგნენ; მაკრონების ლაპარაკის დროს ერთ-ერთი ბერძენი ჯარისკაცი მიხვდა, რომ თვითონაც მაკრონი იყო. დღესაც როგორ ჟღერს მისი სიტყვები: “მე ვფიქრობ ეს ჩემი სამშობლოა…”3

ქართველებით დასახლებული ადგილები იერუსალიმის გარეუბანში, ქართული ცნობით, ჯვრის მონასტრის დაარსებისთანავე გაჩენილა. შემდეგ მას მუსლიმები დაუფლებიან, ხოლო XIV საუკუნის პირველ ნახევარში ისინი კვლავ ქართველებს დაუკავებიათ”4.

ქართველი კოლონისტების შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის პროფესორი ა. ცაგარელი, რომელმაც იმოგზაურა ამ ადგილებში XIX საუკუნის დამლევს. იგი აღნიშნავდა, რომ ჯვრის მონასტრიდან 20 წუთის სავალზე არის პატარა სოფელი მალხა, რომლის მცხოვრებნი აშკარად ქართველ კოლონისტთა შთამომავლები არიან. მათ დავიწყებული ჰქონდათ მშობლიური ენა და მამა-პაპური სარწმუნოება, მაგრამ ახსოვდათ თავისი წარმომავლობა. ისინი თავს “გურჯებს” _ ქართველებს უწოდებდნენ. ითვლებიან ჯვრის მონასტრის მცველებად და ემსახურებიან მას5.

ცნობილია, წამებული ქეთევანის ძვლების ნაწილი კათოლიკე ბერებმა ინდოეთის ქალაქ გოაში წაიღეს და ა გრასას მონასტერში შავი ქვის კუბოში დაკრძალეს. ყოველივე ეს სარწმუნო ჩანს, თუ გავიხსენებთ, რომ ეს მონასტერი ქართველთა სამოღვაწეოც ყოფილა ძველთაგანვე. ისტორიას შემოუნახავს

7

ფრანცისკანელ ბერად ცნობილი ვინმე, ანდრიას, ერისკაცობაში _ ნასყიდას სახელი. მისი სარწმუნოებრივი სამსახური იმდენად თვალსაჩინო და გულმხურვალე ყოფილა, რომ 1321 წელს კიდევაც უწამებიათ. პადრები მას წმინდანადაც კი მიიჩნევდნენო. ფართოდ არის ცნობილი ფრანგი ექიმის ფრანსუა ბერნიეს გამოკვლევა, რომელიც დაწვრილებით აღწერს მოგოლთა სახელმწიფოს ცხოვრებას. ეს სახელმწიფო ძირითადად ემყარებოდა არმიის ძლიერებას, რომლის ძირითადი ბირთვი შემდგარი ყოფილა უცხო, არაინდოელი ხალხების წარმომადგენელთაგან. მათგან მოგოლ იმპერატორებთან განსაკუთრებით ახლოს ყოფილა “ქართველთა ჯგუფი”. სწორედ ამ წრიდან აღზევებულა სამი “მონა” XX საუკუნეში მეფე რამრასის დროს. მდიდარი ოლქების გამგებლებად დანიშნული ქართველები ერთმანეთისათვის მხარის მიცემით იმდენად გაძლიერებულან, რომ რამრასი ტახტიდან ჩამოუგდიათ და მეფის ტიტული სათითაოდ მიუღიათ. მათი სამეფოები გადაჭიმული ყოფილა ინდოსტანის სამხრეთში, დიდ სივრცეებზე და ერთ-ერთი მათგანის დედაქალაქს დვალეთი რქმევია. ქართულ სამეფო დინასტიას, ქვეყანა თითქოს ორას წელზე მეტხანს უმართავს.

ისე გამოდის, ინდოეთის სადედოფლო ტახტზე ქართველი ქალებიც მსხდარან. სილამაზე-სიმშვენიერით, ჭკუა-გონებითა და სხვა ღირსებებით განსაკუთრებით გამორჩეულა უდიპურის სახელით ცნობილი დედოფალი. იგი თითქოს ერთ მონათვაჭარს ჩაუყვანია ინდოეთში და შემდეგ მოგოლ იმპერატორს ცოლად დაუსვამს. ქალი ტყვეობაშიც ქრისტიანად დარჩენილა, თვალწინ ყოველთვის ჯვარცმა და ღვთისმშობლის ხატი სდებია და იმდენი უქნია, ქმარიც გაუქრისტიანებია. ამით უსარგებლია იმპერატორის მოქიშპე ძმას, რომელსაც გულში უდიპურის სიყვარულიც სდებია. რაყიფს ტახტიც ხელში ჩაუგდია და მშვენიერი დედოფალიც! ეს ისტორიული ამბავი საფუძვლად დასდებია XIX საუკუნის ინდოელი მწერლის შონკინშოდრო ჩოტოპადხაიმის რომანს “რაჯ-სინგხი”…6

შუა საუკუნეებში ამ უმდიდრეს ქვეყანასთან ვაჭრობას იმდენად ინტენსიური ხასიათი მიუღია, რომ საქართველოში ჩამოყალიბებულა სპარსეთთან და ინდოეთთან საქმით დაკავშირებული მთელი რიგი გვაროვნული დინასტიები. მათ ქარავნებს, ეჭვს გარეშეა, მიჰყვებოდნენ ინდოელი თანამოსაქმეებიც. ამიტომაც უპოვია ფართო გავრცელება ჩვენში იქაურ სახელგანთქმულ “ქიშმირსა” და ლითონის ნაწარმს, კეთილშობილ ქვებსა

8

და მუშკ-ამბრს, ქაღალდსა და მალამოებს, იარაღსა და თოფის წამალს, ეგზოტიკურ ხილს.

ქართველ სოვდაგრებს საკუთარი ქარავნებიც ჰყოლიათ კალკუტაში, მადრასსა და ბენარესში და ეს სავაჭრო ბუდეები დიდხანს არსებულა, რაკი ჯერ კიდევ XIX საუკუნის მეორე ნახევარში ზოგიერთ თბილისელს, თურმე, იქიდან ოქროს ფულებიც კი მოსდიოდა მემკვიდრეობის წესით. იმ შორეულ მხარეში ჩვენს დრომდე შემორჩენილია მრავალი ქართველის ობოლი სამარე.

ინდოეთთან ურთიერთობის გზა ქართველი კაცის თვალში იმდენად საშინაო და გატკეპნილი ყოფილა, რომ მას მებატონეთაგან შევიწროებული ყმებიც კი დასდგომიან უსამართლობისაგან თავის დასაღწევად. 1697 წლით დათარიღებული ერთ-ერთი საბუთი, მაგალითად, იუწყება, რომ “თავის ბატონ გაწყრომილი ყმა”, ვინმე წატურაშვილი “ინდოეთს მიმავლებულიყო”. უბირი, გაჭირვებული ყმისათვის თითქოს არც კი არსებობს გეოგრაფიული სიშორისა და სიუცხოვის ბარიერი7.

ლევან გამყრელიძის გადმოცემით, რომელმაც აღმოსავლეთის მრავალი ქვეყანა შემოიარა, ირან-ინდოეთის საზღვართან, კუთხეში მცხოვრებნი თავს გურჯებს უწოდებდნენ, ზანდუკში ჰქონიათ შენახული სამუდამოდ დაკარგული სამშობლოდან წამოღებული წიგნები. მათ წაკითხვას უკვე ვერავინ ახერხებდა. ნაწერი მრგვლოვან ანბანს წააგავდა. ეს წიგნები მიბარებული ჰქონია გვარად გურამიშვილს, რომელიც იმ სოფლის მემამულედ ითვლებოდა8.

ოსმალებისა და ყიზილბაშების ბატონობის დასაწყისიდან ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი საზარელი სენი დასჩემდა. ეს იყო “ტყვის სყიდვა”, რომლის გავრცელებას ხელს უწყობდნენ გაბატონებული ფენები, გაბოროტებული თავადები, გაღატაკებული და ამ ნიადაგზე გააბრაგებული აზნაურიშვილები, ეკლესიის მსახურნი, პირველყოფილობაში _ “ისტორიის მიღმა”… ჩარჩენილი ან ამ პირველყოფილობას დაბრუნებული “მარად ავის მოხარული (ბარის მიმართ) მთა… ტყვის მყიდველები, იესირჯები, თულები, ლეკები და ყველა ამათი მფარველი და წამქეზებელი ყიზილბაშური ირანი და ოსმალური თურქეთი”9.

უღარიბესი გლეხები თავდაცვის მიზნით, ხშირ შემთხვევაში, კომბლებით იყვნენ შეიარაღებული. ასეთი კომბალი ღონიერი და ცქვიტი მეომრის ხელში საშიში იარაღი იყო.

9

ერთი ქართული გადმოცემის მიხედვით, რომელიც XVIII საუკუნის 70-იანი წლების პერიოდს ეხება, სამცხის ერთ-ერთი სოფლიდან წამოვიდნენ მამა-შვილები, სულ ექვსნი, რათა ხალხი დაეტყვევებინათ და შემდეგ გაეყიდათ. დედა არ უშვებდა 16 წლის მეხუთე ვაჟს, მაგრამ მან დაიჟინა და ისიც წაიყვანეს. მოხერხებულ ადგილას, სოფელ ვახანთან, ისინი ჩასაფრდნენ. უცებ გზაზე გამოჩნდა მხრებზე კომბალმოგდებული ახალგაზრდა, მხიარულად მოღიღინე იმერელი. მის შესაპყრობად ჯერ გადაეშვა უფროსი ვაჟი, რომელმაც შესაშინებლად იმერელს ფეხებთან დაახალა დამბაჩა, მაგრამ ამ უკანასკნელმა მსწრაფლ მოუქნია მომხვდურს თავისი კომბალი, თავში ჩასცხო და იქვე გააგორა. ასევე ეძგერა იგი დანარჩენ მოთარეშე ქართველი მაჰმადიანის ხუთივე ვაჟს. ამის შემხედვარე მამა საფარიდან გამოვიდა და თავისით დანებდა იმერელს. აწი მე შინ ვეღარ დავბრუნდებიო, _ მაგრამ იმერელმა უარი სთქვა მის წაყვანაზე _ საჭმელი მე ჩემთვისაც არა მაქვს და შენ როგორ შეგინახოო. ამიტომ ცოცხლად დარჩენილ მამას ორივე ყური დააჭრა და გაუშვა10.

ფეოდალური საზოგადოების აშკარა დეგრადაციის მანიშნებელი ეს მძიმე მოვლენა აშკარა განადგურებას უქადდა მოსახლეობას. ყოველწლობით ათასობით რჩეული ქართველი ქალი თუ კაცი ტყვის მყიდველებს უცხოეთში, უმთავრესად, ოსმალეთსა და ირანში მიჰყავდათ.

უცხოელი ტყვედ წაყვანილ, გაყიდულ თუ თავისი ნებით გადახვეწილ აურაცხელ ქართველთაგან მხოლოდ ზოგიერთს თუ ხვდებოდა წილად სამშობლოში დაბრუნების ბედნიერება, თორემ სამუდამოდ იქ რჩებოდნენ და, ჩვეულებრივ, სულთნების, შაჰების, ბეგლარბეგების, ფაშების და ბეგების შეიარაღებულ რაზმებს თუ ჰარამხანებს ამშვენებდნენ. იქ იწყებოდა მათი მეორე, ნამდვილად მძიმე, მონური ცხოვრება. თუმცა დღევანდელი მონა ხვალ შეიძლება სხვისი ბატონი და ქვეყნის პატრონიც გამხდარიყო, რადგან მისი წოდებრივ-უფლებრივი თუ თანამდებობრივი მდგომარეობა ბევრად იყო დამოკიდებული მისსავე პირად ღირსებებზე: ჭკუა-გონებაზე, ერთგულ სამსახურზე, თავდადებაზე. ამიტომ ოსმალეთში და ირანში მოხვედრილი ქართველების მეტი წილი ამ ღირსებების წყალობით სწრაფად აღწევდა თავს მონურ მდგომარეობას, წინაურდებოდა და ბევრი მათგანი მსხვილი ფეოდალი, ბეგი, ბეგლარბეგი, ფაშა ხდებოდა. სწორედ ამ გარემოებას უსვამს ხაზს “კალმასობის” ავტორი, როცა ამბობს: “ისხდნენ კუალად კახეთიდან და

10

იმერეთიდან დაკარგულნი ტყვეები ბეგებად და ქაშიფებად (მმართველებად ა. ს.). მისრში ბეგებად ქართველები არიანო”11.

ერეკლე მეორემ თავის დროზე კავშირი გააბა ხონთქრის ქართულ გარემოცვასთან, ხელიც შეუწყო სტამბოლელი ქართველი დიდკაცების ურთიერთობას სამშობლოსთან12.

დღეს უკვე ცნობილია, რომ სტამბოლის ჰარამხანის ტყვე ქართველი ქალები მეფე ერეკლეს აწვდიდნენ სამხედრო-საიდუმლო ცნობებს ოსმალეთის შესახებ, რითაც უადვილებდნენ მტრების მოგერიებას. საყოველთაოდ ცნობილი გახდა, რომ ყოფილი ტყვე ქართველი მამაკაცები _ უზენაეს თანამდებობამდე მიღწეულნი _ აგრეთვე კრებდნენ საიდუმლო ცნობებს, ერეკლეს ატყობინებდნენ და ოსმალეთის ანტიქართულ გეგმებს ფუშავდნენ13.

თავიანთი ნიჭის, ერთგული სამსახურისა და მხედრული შემართების მეოხებით ქართველი მამლუქები სწრაფად დაწინაურდნენ, სამხედრო-პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდნენ და ზოგიერთმა ერაყის გამგებლის თანამდებობამდეც მიაღწია. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან 1831 წლამდე ერაყს მართავდნენ ქართველი მამლუქები (სულეიმან აბუ ლაილი, სულეიმან ბუიუკი, სულეიმან ქიუჩუკი, დაუდ ფაშა). ეს უკანასკნელი იყო ბოჩოლაანთ გიორგის უფროსი ბიჭი დათო მანველაშვილი. 5 წლის მოიტაცეს დუშეთიდან… ერაყის ფაშა 1815-1831 წლებში. 1834-1836 წლებში იგი ბოსნიის ბეგლარბეგია; 1838-1839 წლებში კი ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს, _ დივანის თავმჯდომარე. ამის შემდეგ, 1841 წლამდე ანკარის ვილაიეთს განაგებდა. 1846 წელს დაუდი მუჰამედ წინასწარმეტყველის აკლდამის ზედამხედველად, _ შეიხ ულ-ჰარამად დაინიშნა მედინაში. დაუდ-ფაშა გურჯი გარდაიცვალა 1851 წელს. განისვენებს იგი მუსლიმანთა წმინდა ქალაქ მედინაში, მართლმორწმუნე ხალიფა ოსმანის აკლდამის გვერდით14.

ეგვიპტეშიც თითქმის მთელი XVIII საუკუნე (1711-1798) არსებობდა მამლუქების ნახევრად დამოუკიდებელი საამირო, რომლის ქართველი მმართველები (ალი ბეგი ალ-ქაბირი (1753-1773), იბრაჰიმ ბეგი და მურად ბეგი (1775-1798) სინამდვილეში ცნობდნენ მხოლოდ სულთანის, როგორც მუსლიმური

11

სამყაროს მეთაურის, რელიგიურ ავტორიტეტს, მაგრამ საგარეო ურთიერთობათა სფეროში თვითონ ამყარებდნენ კავშირებს უცხოეთის სახელმწიფოებთან, ღებულობდნენ მათ დესპანებს და სდებდნენ მათთან სავაჭრო ხელშეკრულებებს15.

აღსანიშნავია, რომ XVIII საუკუნის დამლევს ეგვიპტის 18 ბეგიდან 12 გამაჰმადიანებული ქართველი იყო. ერთ-ერთი მათგანი, იბრაჰიმ ბეგი გვარად სინჯიკაშვილი კახეთის სოფელ ვაქირში დაიბადა16.

საფრანგეთში ნაპოლეონს თან გაჰყვა მისი ერთგული მსახური, ეროვნებით ქართველი, რუსტემი (როსტომ რაზმაძე). მან არც გადასახლებაში (ელბაზე) მიატოვა თავისი ბატონი17.

ბრძოლა ოსმალთა უღლის გადასაგდებად დაიწყო სახელოვანი ქართველი მამლუქი ბელადის ალი-ბეის აჯანყებით18. ალი-ბეის დაწყებული საქმის გაგრძელება წილად ხვდა იბრაჰიმ-ბეის სახელით ცნობილ მარტყოფელ აბრამ შინჯიკაშვილს, რომელსაც ისტორიკოსები თავისი დროის გამოჩენილ პოლიტიკოსად და მხედართმთავრად მიიჩნევენ. მაგრამ თითქოს ბედის დაცინვით, მისი მთავარი მეტოქენი აღმოჩნდნენ გენიალური ნაპოლეონ ბონაპარტე; ასევე გენიალურ ამირბარად აღიარებული, ოდესღაც ფშავიდან გატაცებული და ღაზი-ჰასანის სახელით ცნობილი თურქეთის კაპუდან-ფაშა; ოსმალეთის ფაქტიური მბრძანებელი დიდვეზირი, წარმოშობით ასევე ქართველი იუსუფ-კოჭა ანუ “დიდი იუსუფი” და ბოლოს, მათზე არანაკლებ ძლევამოსილი ალბანელი არნაუტი მუჰამედ-ალი.

ღაზი-ჰასანი სტამბოლის ქუჩებსა და დიპლომატიურ შეხვედრებზე, თურმე, მუდამ ლომის ან ვეფხვის თანხლებით დადიოდა. მან, მთელ თავის მხედრულ გამოცდილებას და პოლიტიკიურ ცბიერებას უხმო ეგვიპტის მბრძანებლის, ხოლო სისხლით ღვიძლი ძმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ყველა ღონე იხმარა იმისათვის, რომ ეგვიპტიდან ამოძირკვულიყო ქართული ეთნიკური ელემენტი…19

 

გაგრძელება

ძველი და ახალი ირანი

 

————————-

1 რ. ადვაძე, საქართველოს სიყვარულს ფერეიდანში ისწავლით, ჟურნ. “სარკე”, 2001, # 23, გვ. 22.
2 გაზ. “მეგობრობის მაცნე”, 2005, # 3, თებერვალი, გვ. 5.
3 ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ., 1998, გვ. 18.
4 ა. მენთეშაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლო-მატიის ისტორია, წიგნი I, თბ., 2000, გვ. 358.
5 ა. მენთეშაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 358, სქოლიო 2.
6 ი. რურუა, დიდი რეგატა, თბ., 1986, გვ. 81-82.
7 ი. რურუა, დასახ. ნაშრომი, გვ. 82-83.
8 იქვე, გვ. 102.
9 ნ. ბერძენიშვილი, რუსეთთან საქართველოს შეერთების ისტო-რიული მნიშვნელობისათვის, “მნათობი”, 1954, # 6, გვ. 130.
10 ს. კაკაბაძე, კრწანისის ომი, თბ., 1991, გვ. 70.
11 ბ. სილაგაძე, ერაყი მამლუქთა გამგებლობის ხანაში, თბ., 1978, გვ. 113.
12 დ. ჯანელიძე, საქართველო და აღმოსავლეთი, თბ., 1984, გვ. 303.
13 დ. ჯანელიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 304.
14 ლ. ურუშაძე, ქართული წარმოშობის მოღვაწენი ოსმალეთში, “მაცნე”, ისტორიის სერია, 1989, # 4, გვ. 74.
15 ა. მენთეშაშვილი, დასახ. ნაშრომი, წიგნი II, გვ. 51-52.
16 იქვე, გვ. 54, სქოლიო 1.
17 იქვე, გვ. 67, სქოლიო 1.
18 ი. რურუა, დასახ. ნაშრომი, გვ. 362.
19 ი. რურუა, დასახ. ნაშრომი, გვ. 363-364.
20 კ. ტაბატაძე, თანამედროვე ირანი, თბ., 1956, გვ. 3.
21 ო. კიკნაძე, ირანი, თბ., 1979, გვ. 3.
22 საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივი (შემდეგში სუიცსა), ფ. 1206, ანაწ. 2, საქ. 227, ფურც. 1.

 

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s