Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ურთიერთობის ისტორიიდან

ავთანდილ სონღულაშვილი

ირანში ქართველთა  ნაკვალევზე

 

ურთიერთობის ისტორიიდან

 დასაწყისი

საქართველოსა და ირანს შორის უძველესი არსებული მრავალსაუკუნოვანი კავშირურთიერთობა, უარყოფით სამხედრო და პოლიტიკურ შედეგებთან ერთად, ხელს უწყობდა ორ ხალხს შორის სულიერი და კულტურული ურთიერთობის განვითარებას. ამას მოწმობს ირანსა და საქართველოში სოციალური და იდეოლოგიური მიმართულებების, მათ შორის მანიქეველობის, მაზდაკიანობის და აგრეთვე ცალკეული ლიტერატურულ-ენობრივი ელემენტების გავრცელება52.

ირანულიდან შეთვისებული სიტყვები ქართულში სხვადასხვა დროისა და სხვადასხვა ხასიათისა არიან და მომდინარეობენ სხვადასხვა დიალექტური წრიდან. აქ შეიძლება შევხვდეთ სესხების ყველა სახეს, იქნება ეს ცოცხალი ენობრივი ურთიერთობის შედეგად შეთვისებული სიტყვები თუ ხელოვნური, წიგნური გზით შემოსული სხვა ენათა მეშვეობით (სომხურის, ბერძნულის, თურქულისა და სხვა), ე. წ. შებრუნებული ნასესხობანი და სხვა53.

ისტორიული ცნობები საშუალებას იძლევა ვიგულისხმოთ ქართველი ტომების ენობრივი ურთიერთობა ე. წ. ძველ ირანულ დიალექტებზე მოლაპარაკე ტომებთან. სახელწოდებაში “ძველი ირანელი” იგულისხმება, გარდა წერილობითი ძეგლებით დადასტურებული ძველი სპარსულისა და ავესტურისა, _ სკვითური, მიდიური, უძველესი საფეხური პართულისა, პაშტოსი და სხვათა, რომლებიც მხოლოდ საშუალოდ ახალი ირანული ფორმებით არიან წარმოდგენილი. მეტ-ნაკლები სისრულით ლექსიკური შეხვედრები ქართულისა საგულვებელია ყველა ძირითად ძველ ირანულ ენობრივ იდიომთან. ისტორიულ-არქეოლოგიურ მონაცემებთან ერთად, ამაში გვარწმუნებს ქართულში დადასტურებული ზოგიერთი უძველესი ირანული ლექსიკური და ონომასტიკური ელემენტის ფორმა, რომელიც ამა თუ იმ ძველი

22

ირანული დიალექტის კვალს ატარებს. უპირველეს ყოფლისა, უნდა აღინიშნოს მიდიური და სკვითური, რამდენადაც მიდიელებსა და სკვითებს უშუალო ტერიტორიული კონტაქტიც ჰქონდათ ქართველ ტომებთან.

მიდიელებმა, რომლებიც ირანელ ხალხთაგან პირველნი გამოვიდნენ ისტორიის ასპარეზზე VII საუკუნის ბოლოს ჩვენ ერამდე, პოლიტიკური ჰეგემონია მოიპოვეს საქართველოსა და, საერთოდ, ამიერკავკასიის მოსაზღვრე ტერიტორიაზე. მიდიის სამეფო ჩამოყალიბდა ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ტერიტორიაზე, რომელიც ამიერკავკასიას სამხრეთ-აღმოსავლეთით ეკვროდა (ძირითადად, თანამედროვე ირანის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე). გაძლიერებულმა მიდიელთა სახელმწიფომ ბაბილონელებთან კავშირში VII საუკუნის ბოლოსათვის დაამხო ასირია, ხოლო VI საუკუნის დასაწყისში ურარტუც (590 წ.). მიდიელებთან ერთად ურარტუს დამხობაში მონაწილეობას იღებდნენ ამიერკავკასიის ტომებიც სკვითებთან ერთად, როგორც ამას ურარტუს გათხრების დროს მოპოვებული სკვითური ისრის წვერები მოწმობს. უეჭველია, ამ დროისათვის ცხოველი პოლიტიკური და ენობრივი ურთიერთობაა საგულვებელი მიდიელებსა და ქართველ ტომებს შორისაც; რომ ქართველები (იბერიელები) მიდიელებთან გარკვეულ კულტურულ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, ამას მოწმობს თუნდაც სტრაბონის ცნობა იმის შესახებ, რომ იბერიელები მიდიურად იყვნენ გამოწყობილი54.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, ეთნიკური და გეოგრაფიული სახელი სპარსელებისა, რომელიც ქართულში სპარს-ისა და სპარსეთ-ის სახით არის შეთვისებული, უეჭველია აქამენიდების დროიდან. ამას მოწმობს ის გარემოება, რომ ქართველები სპარსელებს უწოდებენ ირანული მოდგმის თითქმის ყველა ტომს და სპარსეთიც ირანის გეოგრაფიული ცნების გამოსახატავად იხმარება ძველ ქართულ ისტორიულ ტრადიციაში; ზოგჯერ ამ სახელით იხსენიებიან არაბებიცა და თურქებიც. ეს გარემოება შედეგია იმისა, რომ ქართულმა ენამ სპარსელთა სატომო სახელი იმ ეპოქაში შეითვისა, როდესაც სპარსელთა ტომის პოლიტიკური ჰეგემონია ვრცელდებოდა მთელს ირანზე და არა მარტო ირანზე, _ ძლევამოსილ აქამენიდების იმპერიის ეპოქაში.

სატომო სახელი სპარსი მრავალ ქართულ საისტორიო წყაროში გვხვდება, დადასტურებულია, აგრეთვე, ბიბლიის ტექსტებში; იგი შემონახულია, მაგალითად, უძველეს ძეგლებში “შუშანიკის მარტვილობა”, “ევსტათი

23

მცხეთელის წამება”, “მოქცევაჲ ქართლისაჲ”, “გობრონის მარტვილობა”, ლეონტი მროველისა და ჯუანშერის თხზულებებში, “მატიანე ქართლისაჲ”-ში და დავით აღმაშენებლის მემატიანესთან, რომ არაფერი ვთქვათ უფრო მოგვიანო ხანის ძეგლებზე55.

ირანის ბრწყინვალების ხანაში, აქამენიანთა ბატონობის პერიოდში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI-IV საუკუნეებში ირანმა დაიმორჩილა სომეხი ტომები და ზოგიერთი სამხრეთით მცხოვრები, ქართველი ტომი.

კოლხთა სამხრეთი მეზობელი ტომები (ბექირები და ბიძერები) კოლხებთან უნდა შეკავშირებულიყვნენ სწორედ დარიოსის მიერ იმპერიის სატრაპიებად დაყოფის წინ (ძვ. წ. VI ს. 20-იან წ-მდე), იმ მიზნით, რომ თავი დაეღწიათ სპარსეთის აგრესიისაგან და არ მოხვედრილიყვნენ მის უშუალო შემადგენლობაში (ე. ი. არ გადაქცეულიყვნენ იმპერიის ფისკალურ-ადმინისტრაციულ ერთეულად, მის შემადგენელ ნაწილად. ამავე ხანას განეკუთვნება კოლხთა გარშემო სხვა, სამხრეთ მეზობელი სატომო ერთეულების შემომტკიცება და მათი დიდი გაერთიანების შექმნა (ძვ. წ. VI ს. უკანასკნელი მეოთხედისათვის)56.

ჰეროდოტეს მონაცემებით, აქამენიანთა იმპერია 26 პროვინციად ანუ სატრაპიად იყო დაყოფილი. აქამენიანთა მონარქი დარიოსი კი თავის ცნობილ ნაყში როსთემის კლდის წარწერაში იმპერიაში შემავალ 30 პროვინციას იხსენიებს. თითოეული პროვინციის მმართველად მონარქი ნიშნავდა მოხელეს, რომელსაც ბერძნები სატრაპს, ხოლო ირანელები ხუთშარბაზს უწოდებდნენ57. როგორც წესი, სატრაპიები თავისი მოცულობით აჭარბებდნენ შედარებით ადრეული იმპერიების პროვინციებს და რიგ შემთხვევებში, სატრაპიის საზღვრები ემთხვეოდა ქვეყნის ძველ სახელმწიფოებრივ და ეთნოგრაფიულ საზღვრებს. ჰეროდოტეს მიხედვით, მხოლოდ 20 სატრაპიაში ითვლებოდა 70-მდე ხალხი58.

კიროსისა და კამბიზის დროს ჯერ კიდევ არ იყო გადასახადის მტკიცედ დარეგულირებული სისტემა, რაც დაფუძნებული იქნებოდა აქემენიანთა იმპერიაში შემავალი ქვეყნების ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. დაქვემდებარებული ხალხები მეფეს უგზავნიდნენ საჩუქრებს, გამოსაღებს, უკიდურეს შემთხვევაში, ნატურით იხდიდნენ. დაახლოებით 518 წელს ჩვენს

24

წელთაღრიცხვამდე, დარიოს პირველმა დაადგინა სახელმწიფო გამოსაღების ახალი სისტემა. ყველა სატრაპია ვალდებული გახდა გადაეხადა მკაცრად ფიქსირებული ფულადი გამოსაღები დასამუშავებელი მიწისა და ნაყოფიერების დონის გათვალისწინებით59.

მე-18 სატრაპიაში შედიოდნენ მატიენები, სასპერები და ალაროდიელები, რომელთაც შეწერილი ჰქონდათ 200 ტალანტი. მე-19 სატრაპია 300 ტალანტს იხდიდა. ჰეროდოტე აქ შემდეგ ქართველ ტომებს ჩამოთვლის: მოსხები, ტიბარენები, მაკრონები, მოსინიკები და მარები60.

ჰეროდოტეს სიტყვებით, ტიბარენები, მაკრონები, მოსინიკები და მოსხები ერთგვაროვანი შეიარაღებით გამოდიოდნენ. მოსხებსა და ტიბარენებს სარდლობდა სპარსი არიომადოსი, მაკრონებსა და მოსინიკებს არტაიკტესი _ ჰელესპონტის სატრაპი. მარებისა და კოლხების სათავეში იდგა ფარანდატე, ალაროდიელებსა და სასპერებს მეთაურობდა მასისტიოსი. ჰეროდოტე იმასაც აღნიშნავს, რომ ალაროდიელები და სასპერები კოლხების მსგავსად იყვნენ შეიარაღებულნი61.

იგივე ავტორის ცნობების თანახმად, აქამენიდების იმპერიის ადმინისტრაციული დაყოფა, საგადასახადო ვალდებულებებთან ერთად, სამხედრო ბეგარასაც ითვალისწინებდა. ხარკის გარდა, დამორჩილებულ ხალხებს, საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვრული რაოდენობის მეომრებიც უნდა გამოეყვანათ. ბერძენ-სპარსელთა ომების ყველაზე გრანდიოზულ სალამინის ბრძოლაში ფიგურირებენ ქართველური ტომებიც. ისინი ბრძოლის ველზე გამოდიან სპარსელი სარდლების ან სატრაპების მეთაურობით. აზიის დანარჩენი ხალხების გვერდით ქართველური ტომების დასახელება სავსებით კანონზომიერ მოვლენად უნდა ჩაითვალოს, თუ გავითვალისწინებთ სპარსული მპყრობელობის ვალდებულებებს62.

25

კოლხების შესახებ ფრაგმენტული, მაგრამ საყურადღებო ცნობები აქვს დაცული ჰეროდოტეს. უნდა აღინიშნოს, რომ “ისტორიის მამის” ინფორმაცია შეზღუდულია მისი ნაშრომის მთავარ მიზანთან კოლხეთის სუსტი კავშირის გამო.

ჰეროდოტეს მიხედვით, აქამენიდების იმპერია კავკასიონის ქედამდე ვრცელდებოდა. ამიერკავკასიის მხოლოდ სამხრეთი ნაწილი შევიდა მე-18 და მე-19 სატრაპიის შემადგენლობაში. როგორც ზევით აღვნიშნეთ, თითოეულ სატრაპიას დაკისრებული ჰქონდა განსაზღვრული რაოდენობის გადასახადი. კოლხეთს დარიოს პირველის ადმინისტრაციული რეფორმა არ შეხებია. იგი სატრაპიად არ ჩამოყალიბებულა, მაგრამ გარეგნულ შეღავათს არ გაუთავისუფ-ლებია მძიმე ვალდებულებისაგან. ჰეროდოტე წერს: “კოლხებმაც და მათმა მეზობლებმაც კავკასიის მთებამდე დაიწესეს გადასახადი ნებაყოფლობითი საჩუქრების სახით. ეს ხალხი ჩვენს დრომდე ყოველ ხუთ წელიწადში მიართმევენ ას ჭაბუკსა და ას ქალწულს”63.

ჰეროდოტე გვაუწყებს, რომ დაპყრობილ ქვეყნებში გადასახადის რაოდენობას სპარსელები განსაზღვრავდნენ. ხარკის ძირითადი სახე იყო ოქრო და ვერცხლი. კოლხები კი დამპყრობლებთან ურთიერთობას ახალგაზრდების გაცემით არეგულირებდნენ. ჰეროდოტეს გადმოცემა ეჭვის ქვეშ აყენებს ანტიკურ მწერლობაში არსებულ ტრადიციას კოლხეთის სიმდიდრის შესახებ. მითოლოგიიდან მოყოლებული კოლხეთი მიჩნეული იყო ოქროთი მდიდარ ქვეყნად. როგორ მოხდა, რომ ოქროს მფლობელი ქვეყანა ამჯობინებს ორასი ახალგაზრდის მსხვერპლად შეწირვას? როგორი დიპლომატიაა ეს და ვინ შეიძლება იყოს მისი ავტორი?64

ჰეროდოტეს გადმოცემით, ეთიოპელები, კოლხები და არაბები ხარკს არ იხდიდნენ, მაგრამ სპარსეთის მეფეს მიართმევდნენ საჩუქრებს. ეთიოპელები ყოველ სამ წელიწადში ორ ხენიკ ოქროს, ორას ბენოზის (შავ) ხეს, ხუთ ეთიოპელ ბიჭს და სპილოს ოც დიდ ეშვს. არაბების ყოველწლიური საჩუქარი იყო ათასი ტალანტის გუნდრუკი.

ჰეროდოტე გარკვევით წერს: კამბიზმა ილაშქრა ეთიოპიაში, მაგრამ არ დაუპყრია, ხოლო არაბები სპარსელთა უღლის ქვეშ არასდროს ყოფილან. ჰეროდოტე, როდესაც ჩამოთვლის სალამინის ბრძოლაში ქსერქსეს არმიის შემადგენლობას, ეთიოპელებსა და არაბებს არ ასახელებს. ცხადია, მათი

26

საჩუქრები სიმბოლური იქნებოდა. სულ სხვა დამოკიდებულება ჩანს კოლხებსა და სპარსელებს შორის65.

საზოგადოების რომელი ფენიდან ხდებოდა საჩუქრებად გამზადებული ახალგაზრდების შერჩევა? გასათვალისწინებელია ისიც, რომ აქამენიდებს მხოლოდ გამორჩეული გარეგნობის ჭაბუკებსა და ქალიშვილებს თუ შეჰკადრებდნენ.

კოლხების მოქმედება ძნელი ასახსნელია. მდგომარეობას ართულებს მსგავსი ბეგარის იშვიათობა სხვა ხალხებშიც. ერთადერთ ახსნად შეიძლება იმის დაშვება, რომ საჩუქრად გამზადებულ ახალგაზრდებს კოლხები ტყვეებისაგან აგროვებდნენ.

ჰეროდოტე არ მიუთითებს, კოლხეთის რომელმა ნაწილმა გადადგა ასეთი ნაბიჯი. სხვა ბერძენი ავტორების მოწმობით, შავი ზღვის სამხრეთი სანაპიროს მკვიდრებიც იმავე სახელწოდების ტომები იყვნენ. ჰეროდოტეს მიერ მოხსენიებულ კოლხებში გულისხმობენ მდ. ფაზისის აუზში არსებულ გაერთიანებას, პოლიტიკურად და ეკონომიკურად განვითარებულ რეგიონს66.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საჩუქრები სრულიადაც არ ატარებდა ნებაყოფლობით ხასიათს. საჩუქრების რაოდენობა დადგენილი იყო, მაგრამ განსხვავებით გამოსაღებისაგან, მას იხდიდნენ ნატურით. ამდენად, დაქვემდებარებულთა უდიდესი უმრავლესობა იხდიდა გამოსაღებს, ხოლო საჩუქრებს ართმევდნენ მხოლოდ იმ ხალხებს, რომლებიც ცხოვრობდნენ იმპერიის საზღვრებთან (კოლხები, ეთიოპები, არაბები და ა. შ.)67.

კოლხების მიერ ძღვენის გაგზავნა სპარსეთში უნდა ითქვას, რომ ფისკალური ატავიზმია _ ასეთი პრიმიტიული სახარკო სისტემა მხოლოდ კიროს დიდის (ძვ. წ. 558-529 წწ.) დროს არსებობდა. ე. ი. კოლხთა მიერ აქამენიანთა ჰეგემონიის აღიარებას ადგილი ჰქონია ამ მონარქის ზეობაში68.

ირანის გავლენის “ნებაყოფლობითი” აღიარებით, კოლხეთი ახერხებს გარკვეული დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და ირანის ადმინისტრაციულ სისტემაში შესვლისაგან თავის დაღწევას69.

27

სპარსეთის მფარველურმა პოლიტიკამ მცირე აზიის დიდი სატაძრო გაერთიანებების მიმართ, რასაც, ცხადია, თავისი მიზეზები ჰქონდა, ხელი შეუწყო ქვეყანაში ამ გაერთიანებათა პოზიციების განმტკიცებას და გავლენიან თვითმმართველ თეოკრატიებად ჩამოყალიბებას…

ანალოგიური ვითარება სავარაუდოა წინაელინისტური ხანის იბერიაშიც. ძნელია დაბეჯითებით მტკიცება, თუ რამდენად ძლიერი იყო ირანის პოლიტიკური გავლენა ქართლზე, მაგრამ ეჭვი არ არის, რომ მასთან ურთიერთობამ შესამჩნევი კვალი დატოვა ქართლის ხევების საკულტო ცენტრების დაწინაურებასა და მნიშვნელოვან რელიგიურ-პოლიტიკურ ცენტრებად ჩამოყალიბებაში. კერძოდ, შემთხვევითი არ უნდა იყოს ის გარემოება, რომ სამადლოში და ციხია-გორაზე, სადაც მკვეთრად ჩანს სპარსული გავლენა (რელიგიის, ხელოვნების, არქიტექტურის და სხვა სფე-როში), სწორედ, წინაელინისტური ხანიდან იქმნება დიდი სატაძრო ორგანიზაციები, იწყება დიდი სატაძრო მშენებლობა. ამ დროს იგება სამადლოში კოშკისებური ტაძარი, რომელიც ახლო ანალოგიას პოვებს აქემენიანთა ირანის (პასარგადისა და ნახშირუსტამის) კვადრატულ, კუთხეებშვერილიანი კოშკის მოყვანილობის ტაძრებთან.

საგულისხმოა ისიც, რომ სამადლოს ტაძარს ზუსტად ისეთივე გადახურვა უნდა ჰქონოდა (ბრტყელი სახურავი), როგორც ირანის სინქრონულ ძეგლებს. აქედან სპეციალისტებს ის დასკვნა გამოაქვთ, რომ სამადლოს სატაძრო მშენებლობა ირანული საკულტო არქიტექტურის ნიმუშების მიხედვით ხდებოდა. ამასვე მეტყველებს ამ კოშკის განლაგება ბორცვის ყველაზე მაღალ წვერზე, განცალკევებულ ადგილას და სხვა. როგორც ფიქრობენ, ტაძარი აგებული იყო სპარსული კულტის სახელზე. აქ თაყვანს სცემდნენ ცეცხლს (აღიარებდნენ მაზდეანური რელიგიის ერთ-ერთ სახეობას _ მითრაიზმს)70.

მკვლევარი ი. გაგოშიძე სავსებით დასაშვებად მიიჩნევს, რომ ქართლის ტერიტორია შედიოდა ირანის აქემენიდთა იმპერიის მე-18 სატრაპიაში; მ. ინაძეს კი მიაჩნია, რომ ირანის პოლიტიკური გავლენის აღიარება, მაინცდამაინც არ გულისხმობდა იმპერიის ერთ-ერთ სატრაპიაში შესვლას71.

დაახლოებით ასეთი ვითარება იყო კავთისხევში, ციხია-გორაზე, სადაც წინაელინისტურ ხანაში (ცოტა უფრო გვიან, ვიდრე სამადლოში) შეინიშნება დიდი სატაძრო მშენებლობა, მიძღვნილი იმავე კულტებისადმი.

28

ამრიგად, უნდა ვიფიქროთ, რომ ისევე, როგორც მცირე აზიაში, იბერიაშიაც ირანი თავის დასაყრდენს ეძებს და ქმნის კიდეც ქართლის ხევების საკულტო ცენტრების სახით და ამით ხელს უწყობს მათ, როგორც პოლიტიკურ-რელიგიურ ორგანიზაციებად განვითარებას, ამასთან ერთად, მათ სათავეში მდგომი უზენაესი ქურუმის პოლიტიკური უფლებების გაძლიერებას, რაც აისახება კიდეც წერილობით ძეგლებში. სტრაბონის ცნობებიდან ჩანს, რომ ქურუმები იბერიაში განაგებენ მეზობლებთან ურთიერთობას, ე. ი. აწესრიგებენ საგარეო საქმეებს (სტრაბონისეულ იბერიის აღწერილობაში შემონახული ეს ცნობა ძველი ვითარების ამსახველი უნდა იყოს).

როგორც ჩანს, სავსებით დასაშვებია, რომ აღნიშნულ ხანაში ირანი თავის გავლენას ქართლზე ახორციელებდა ადგილობრივ პოლიტიკურ-რელიგიურ ძალებზე დაყრდნობით, მათი მეშვეობით.

ანალოგიური პოლიტიკის გატარებას ეცდებოდა ირანი კოლხეთშიც, აქ სამეფოს საბოლოო ჩამოყალიბებამდე (VI ს. 20-იანი წლების წინა ხანაში). როგორც ითქვა, დიდი საკულტო ცენტრები და მათ სათავეში მდგომი კულტმსახურნი, სწორედ, ამ დროს (VI ს.) გვევლინებიან საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთ მაორგანიზებელ, მის წარმმართველ ძალად კოლხეთში. ირანის ასეთ მცდელობაზე შეიძლება მეტყველებდეს სპარსული ცეცხლთაყვანისმცემლობის, საერთოდ, ცეცხლის კულტის დადასტურება ვანში, “ახვლედიანების გორის” ზედა ტერასაზე, მის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდესთან, სადაც გამოვლენილია ადრეანტიკური ხანით დათარიღებული დიდი “მოედანი”. მოედანი მოგებულია გაწითლებული თიხის ქვებით. თიხის ქვები ძლიერი ცეცხლის შედეგად უნდა გაწითლებულიყო. მკვლევართა ვარაუდით, საქმე უნდა გვქონდეს რიტუალურ მოედანთან, ხოლო რიტუალში, ჩანს, გარკვეულ როლს ასრულებდა ცეცხლი. ირანიდან მომდინარე კულტების გავლენა შეინიშნება საირხის რელიგიურ-პოლიტიკურ ცენტრშიც.

კოლხეთის სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ ირანის გავლენა თეოკრატიულ ცენტრებსა და მათ სათავეში მდგომ კულტმსახურებაზე, როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად იზღუდება72.

ძველი სპარსელები ცეცხლთაყვანისმცემლები იყვნენ. ამ სარწმუნოებას სამყარო ნათელი და ბოროტი ძალების ბრძოლის ასპარეზად წარმოედგინა. ნათელ სულებს მუდმივი ცეცხლისა და კაშკაშა სინათლის განსახიერება უმაღლესი ღმერთი აჰურამაზდა ედგა სათავეში, რომელიც ბოროტ დაევებს

29

ებრძოდა. ამ დაევებიდან მოდიან ქართული ზღაპრების დევები. აჰურამაზდას სახელიდან წარმოსდგა ამ სარწმუნოების სახელწოდება მაზდეანობა. მის დამაარსებლად ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში მცხოვრები ზოროასტრი ითვლება. ამიტომ მაზდეანობას ზოროასტრიზმიც ეწოდება. საქართველოში მაზდეანობა სპარსეთიდან შემოვიდა73.

ცნობილია, რომ პირველი აქამენიანი მეფეები ტოლერანტობას იჩენდნენ სხვა რელიგიების მიმართ და უზარმაზარი იმპერიის ტერიტორიაზე მათი მიმდევრები ამ მხრივ უშფოთველად გრძნობდნენ თავს. სურათი მკვეთრად იცვლება ქსერქსეს დროს (486-465 წწ.). პერსეპოლის წარწერის პირველივე სტრიქონით, ის იმპერატიული ფორმით აცხადებს: “ბაგა ვაზრაკა აჰურამაზდა” _ აჰურამაზდა უზენაესი ღმერთიაო. აი, ასე იწყება მაზდეანური ფორმულა, რომელმაც თითქმის დაკანონებული სახე მიიღო განსაკუთრებით, სასანიანთა მმართველობის დროს74. აქედან გამომდინარე, ქართველების ძველ სპარსელებთან ურთიერთობა ასევე აისახა უძველეს სპარსულ ეპოსებში. ამ ეპოსებმა, განსაკუთრებით, კი, მაზდეანური სარწმუნოების წმინდა წიგნმა _ “ავესტამ”, რომელსაც ქართველები “ნებროთის წიგნს” უწოდებდნენ, უდიდესი როლი ითამაშა ჩვენი წინაპრების ისტორიული აზროვნების ჩამოყალიბებაში75.

შემთხვევითი არ არის, რომ დ. ბაქრაძე ქართველ ტომთა უძველეს კულტურას თურანული წარმომავლობისად თვლიდა. ასეთი აზრი ევროპულ საისტორიო წრეებშიც საკმაოდ გავრცელებული იყო. იგი, კერძოდ, არქეოლოგ ჟ. სიურისა და ენათმეცნიერ მ. მიულერის დასკვნებს ეყრდნობოდა. დ. ბაქრაძის აზრით, სპარსული სამყაროს გავლენა ჩვენში გავრცელებული საკუთარი სახელების, სოციალური ურთიერთობების ფორმების, სამოხელეო აპარატის იერარქიის, რელიგიის, კულტურისა და სამართლის სფეროების _ მასთან სიახლოვით გამოიხატა. მისი სიტყვით, ასეთი გავლენის კვალი ქართულ ზღაპრებსა და მითოლოგიაშიც შეიმჩნევა.

საწყის ეტაპზე ქართულ კულტურაზე სპარსულის გავლენას აღიარებდა ნ. ნიკოლაძეც. ასეთი კავშირის არსებობას ხედავდა ის ქართულ საოჯახო

30

ტრადიციებში, სოციალურ-ეკონომიკური სისტემისა და საზოგადოებრივი აზროვნების თავისებურებებში76.

როგორც ვიცით, ცეცხლთაყვანისმცემლობა მიცვალებულთა მიწაში დამარხვას კრძალავდა (მაზდეანობის დოქტრინა ცეცხლთან ერთად მიწის სიწმინდესაც აღიარებდა), ამიტომ, ჯერ კიდევ, მიდიის მეფეებმა და დიდებულებმა კლდის აკლდამების შექმნით თავი დააღწიეს გვამით მიწის შეურაცხყოფას, იმდენად, რამდენადაც კლდე მიწად არ ითვლებოდა. შემდგომ, იმავე მიზეზით, აღნიშნული წესით დიდებულების დაკრძალვა აქამენიდურ, პართულ და სასანურ სამეფოებში, სამარხი კოშკების პარალელურად, თითქმის სავალდებულო წესად იქცა77.

კასპში აღმოჩენილი ნეკროპოლის როგორც ზოგადი სტრუქტურა და ლანდშაპტთან შერწყმა, ისე ცალკეული აკლდამების სივრცობრივ-გეგმური გადაწყვეტა ძველ ირანულ ანალოგიურ ძეგლებს საკმაოდ უახლოვდება. მიუხედავად ამისა, ვინაიდან განსხვავებულ ეპოქებში მახლობელი აღმოსავლეთის სხვა რეგიონებშიც იქმნებოდა რამდენადმე მსგავსი ძეგლები (მაგ., ურარტული, ლიდიური ან პალესტინური აკლდამები), კასპის აკლდამების მაზდეანურ სამყაროსთან დაბეჯითებით დაკავშირება გაძნელდებოდა, რომ არა კომპლექსის შემადგენელი განცალკევებული თარო-სარეცლები, რომლებიც მხოლოდ ამ რელიგიისთვის არის დამახასიათებელი78.

კასპის ნეკროპოლი, მისი მასშტაბის გათვალისწინებით, თითქმის უდავოდ მიგვანიშნებს შიდა ქართლის ტერიტორიაზე დროის არცთუ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ცეცხლთაყვანისმცემლობის ან ამ დოქტრინით ნასაზრდოები რომელიღაც მონათესავე რელიგიის საკმაოდ ფართოდ გავრცელებაზე79.

ქართულ-ირანულ ინტენსიურ ურთიერთობაზე მიუთითებს მრავალი ფაქტობრივი მასალა. შემთხვევითი არ არის ის გარემოებაც, რომ ქართული წყაროს ცნობით, მცხეთის უკანასკნელი მამასახლისის სამარას ძმის მეუღლე და

31

საისტორიო ტრადიციით პირველი მეფის ფარნავაზის დედა ირანელი ანუ “ასპანელი” იყო.

ფარნავაზი ქართლის მამასახლისთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. “ფარნავაზი” ორი სპარსული სიტყვისაგან: “ფარნა” _ ბრწყინვალე, მანათობელი, “ბაზა” _ ხელი წარმოსდგება და ნათელი, ბრწყინვალე ხელის მქონეს ანუ “ბრწყინვალე ხელისუფალს” ნიშნავს. ამგვარად, ეს სახელი თავდაპირველად მეფის, ხელმწიფის აღმნიშვნელი ტერმინი იყო _ “ხელ-ნათელი”, “ხელბრწყინვალე”. ამიტომაცაა, რომ “ქართლის ცხოვრება”, როდესაც ფარნავაზის მიერ ქართლის ქალაქ ქართლში (გვიანდელი არმაზი) არმაზის კერპის აღმართვაზე საუბრობს, აღნიშნავს: “ამან ფარნავაზ თავის სახელზე შექმნა დიდი კერპი. ეს არის არმაზი, რადგან, ფარნავაზს სპარსულად არმაზი ჰქვია”. არმაზი იგივე “არმაზდი, ურმიზდი და აჰურამაზდაა. აჰურამაზდასთან თავის გაიგივებით ფარნავაზი და მისი საგვარეულო თავის ღვთაებრივ წარმოშობას უსვამდა ხაზს. აღმოსავლეთსა და კერძოდ, სპარსულ სამყაროში მეფეების და სამეფო საგვარეულოების გაღმერთების დიდი ხნის ტრადიცია არსებობდა. ძვ. წ. IV საუკუნის 20-იან წლებში წარმოქმნილი ქართლის სამეფოც ამ სამყაროს განუყოფელი ნაწილი იყო80.

ცნობილია, რომ ფარნავაზის მიერ აღმართული არმაზის კერპი ანთროპომორფული ღვთაებაა. ავესტაში დაცული ტექსტები, სადაც კი, აჰურამაზდაა მოხსენიებული, ადასტურებენ, რომ ამ ღვთაების წარმოდგენა ანთროპომორფული სახით გამორიცხულია81. როგორც გაირკვა ხეთური სახელი მთვარისა და მთვარე-ღმერთისა ყოფილა არმას, რომელიც ნაწარმოებია არმა-ძირიდან. ამიტომ ქართულ ისტორიოგრაფიაში ღვთაების მთვარე-ღმერთის სახელი _ არმაზი წარმოშობით დაკავშირებულია ხეთურ-მცირეაზიულ სამყაროს, სახელდობრ, ხეთურ-ნესიტურ (ან: ხეთურ-ლუვიურ) კულტურას, იქაური მთვარისა და მთვარის ღმერთის არმა-ს სახელს82.

ფარნავაზის გარდაცვალების შემდეგ ქართლში მისი ვაჟი საურმაგი (ძვ. წ. 263-230) გამეფდა. სახელი “საურმაგი”, იგივე “სავ-არმაგი” ძველ სპარსულ ენაზე “შავმკლავას” ნიშნავს83.

“ქართლის ცხოვრება” მეოთხე მეფე, ფარნაჯომ, ნებროთიანის შესახებ გვამცნობს, რომ მან შეიყვარა სპარსული რელიგია. მოიყვანა სპარსეთიდან

32

ცეცხლისმსახურნი და მიუჩინა ადგილი მცხეთაში “რომელსა აწ ჰქვიან მუგუთა”84.

ეს არის პირველი ინფორმაცია საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემლობის (ზოროასტრიზმის) ოფიციალურად დანერგვის მცდელობის შესახებ.

მცხეთის გარდა მაზდეანური ტაძრები და სამლოცველოები ძვ. წ. აღ. II საუკუნეში დედოფლის მინდორზე, უფლისციხეში, ნეკრესში და სხვაგანაც იყო85. ქალაქ ნეკრესის შენება ხომ მეფე ფარნაჯომთან არის დაკავშირებული. იქნებ ნეკრესიც იმ მიზეზით აირჩია, რომ აქ ძლიერ იყო ფეხმოკიდებული ეს რელიგიური მიმართულება, რომელიც ინტენსიურად ითვისებდა აღმოსავლეთის რეგიონებს. სამლოცველო, რომელიც ნეკრესის დასავლეთ ნაწილში, ე. წ. “მარნის” ტერიტორიაზე ითხრება მასთანვე დაკავშირებული კრემაციული სამარხებით და მაზდეანური სამლოცველოებისათვის დამახასიათებელი ნიშნებით, კარგად ადასტურებს წარმართული, ასევე, ცეცხლის კულტის დამკვიდრებას ქალაქში: აქ იგულისხმება სამლოცველოში დადასტურებული ე. წ. წკეპლების კონა _ ბრინჯაოს მოკლე მავთულების შეკვრა, რომელიც აშკარად მიგვანიშნებს ბარსომის, იგივე, ბარსემას (ქართულად ფარსმანდუკის) კონებზე _ მაზდეანური რიტუალის მთავარ ატრიბუტზე. ტა-ძარში შესვლისას მლოცველებს ხელთ ეპყრათ კეთილსურნელოვანი ტოტებით შეკრული ასეთი კონები. ზოგჯერ ტოტების ნაცვლად ლითონის ღეროებს ხმარობდნენ. ასეთი ოქროს ღეროები ცნობილია, მაგალითად, ამუ-დარიის განძიდან. თარიღდება ძვ. წ. აღ. V-VI სს.

ნეკრესის გათხრებით საკმაოდ კარგად იკვეთება ზღვარი მაზდეანურ და წარმართულ ურთიერთდაპირისპირებული რელიგიური მიმდინარეობების სამლოცველოებს შორის. კარგადაა ცნობილი, რომ წარმართულ კულტებს ებრძოდა და ანადგურებდა ყველა დიდი რელიგიური მიმდინარეობა _ მაზდეანობა, ქრისტიანობა, ისლამი. ამ მხრივ აქტიურობით გამოირჩეოდნენ როგორც აქამენიდი, ისე სასანელი მეფეები86.

ახ. წ. აღ. პირველივე საუკუნეებიდან, უფრო ორგანიზებული და მასშტაბური ჩანს ნეკრესის მაზდეანური სამლოცველოები. გათხრების შედეგად

33

ნაზვრევი გორის ძირში ვაკე ადგილზე, ქალაქის ზღუდის გარეთ აღმოჩნდა ვრცელი მაზდეანური ტაძარი, რომელიც თავისი გეგმარებით, მასშტაბურობით და ინტერიერის რთული არქიტექტურული გადაწყვეტით გამოირჩევა. ქრისტიანობის დამკვიდრებისთანავე აღნიშნული უნიკალური ტაძარი დანგრეული იქნა და მის კედლებზე ციხე-დარბაზი იქნა მოწყობილი. ტაძარი ახ. წ. აღ. II-IV სს-ით თარიღდება87.

ნეკრესის წარწერიანი ქვევრის პირის დაკავშირება მითრასთან არ შეიძლება მოულოდნელ ფაქტად ჩაითვალოს. მითრა დაკავშირებული ჩანს ღვინოსთან და ყურძნის კულტთან. ცნობილია ერთი გამოსახულება, რომელიც მითრას დაბადებისადმია მიძღვნილი _ მითრა ამოდის კედლიდან და მარჯვენა ხელში უჭირავს ყურძნის მტევანი. ერთ-ერთ კამეაზე მოცემული გამოსახულების მიხედვით კი, რომელზედაც მითრას კლდიდან დაბადებაა გამოსახული, სხვადასხვა სიმბოლოებთან ერთად გამოსახულია თასი და პური. ეს შესაძლებელია ჩაითვალოს წყაროდ პურისა და ღვინის ქრისტესმიერი ზიარების დასაფუძნებლად.

ამავე კონტექსტში უაღრესად საინტერესოა გავიხსენოთ მევენახეობასთან დაკავშირებული კულტი აგუნა, რომელიც ძირითადად დასავლეთ საქართველოშია შემორჩენილი, განსაკუთრებით კი _ გურიაში. ყურძნისა და ღვინის დღესასწაული გამორჩეულად პოპულარული იყო საქართველოში უძველესი დროიდან და აგუნაც სწორედ ასეთი დატვირთვით გამოირჩევა. ის, როგორც მიაჩნდათ, ყურძნის ღვთაების საახალწლო რიტუალია, რომლის ერთი ნაწილი მარანში მიმდინარეობს. ქვევრთან მიაქვთ მოხარშული ღორის თავი, რომელსაც ურტყამენ და რაღაც ტექსტს ეუბნებიან.

რიტუალი საშობაოდ, ე. ი. 25 დეკემბრისათვის იყო განკუთვნილი, რომელიც მითრას დაბადების დღე იყო და სწორედ ამ დროს იწყებოდა ღორების დაკვლა მთელ საქართველოში. ღორების შეწირვა შობის დღეს (იმავე მითრას დღეს) ყველაზე კარგად ნეკრესობას არის შემორჩენილი. დღეობა, როგორც ჩანს, მითრას კულტთან ერთად არის შემოსული და საქართველოში ყველაზე პოპულარული ყურძნისა და ღვინის დღეობასთან არის შერწყმული აგუნას სახელით. სხვათა შორის, აგუნას მეორე სახელია ანგურა, რაც სპარსულად ყურძენს ნიშნავს88.

რომის იმპერიაში სასანური ირანისა და მითრას კულტის საპირისპიროდ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ქრისტეშობის

34

დღედ IV საუკუნეში 25 დეკემბერი დამკვიდრდა, რაც განუხრელად დაკავშირებულია პირველი ქრისტიანი იმპერატორის კონსტანტინე პირველის სახელთან89. საშობაოდ ღორის დაკვლის ტრადიცია გაგრძელდა და ახალი დატვირთვა შეიძინა: ქრისტეშობისა და ახალი წლის შესახვედრად.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად რუსთავის ნაქალაქარზე ძაღლების სასაფლაო აღმოჩნდა. ეს იყო უპრეცენდენტო შემთხვევა საქართველოს არქეოლოგიაში. აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის აზრით, ძაღლების სასაფლაოს მოწყობა მაზდეანურ წესზე მიგვანიშნებს, უპირველესად კი _ იმ გარემოებაზე, რომ ძაღლი მეტად პატივდებულ ცხოველად ითვლებოდა. ის მითრას _ როგორც ტავროქტონის, იკონოგრაფიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა _ რომელიც ხარის სისხლს ლოკავს. ის “ზეციური ძაღლის ფუნქციას ასრულებდა, რადგანაც დარაჯობდა მსხვერპლშემწირველთა ჯოგებს. “ავესტას” მიხედვით, ძაღლის ცემა, მით უფრო მოკვლა, არ შეიძლებოდა და ამისათვის უფრო სასტიკი სასჯელი იყო დაწესებული, ვიდრე კაცის მოკვლისათვის90.

აჰურა-მაზდას მიმდევრები, ისევე, როგორც მითრაისტები, გაერთიანებულები იყვნენ ტაძრების ირგვლივ, მაგრამ მხოლოდ ძმობის პრინციპით არ ცხოვრობდნენ, ჰქონდათ იურიდიული კანონები, საკუთრების ფორმები, ჰქონდათ სატაძრო წევრების სიები და სხვ. ტაძრებში ხდებოდა დაკვირვება ციურ მნათობებზე, წინასწარმეტყველება, მკითხაობა, წყევლა-ჯადოქრობა, ასტროლოგიური სამუშაოები. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რადგან ნეკრესის მაზდეანური სამლოცველოს ფენასთან არის დაკავშირებული ორი ბრტყელი ქვის აღმოჩენა, რომლებიც სწორედ ამ მიზნით იქნებოდა გამოყენებული. ერთზეა გამოსახული წრის სეგმენტი და რამდენიმე რკალი, მეორეზე ზიგზაგები, რომლებითაც ამოღარული წერტილებია შეერთებული, იქნებ ვარსკვლავთა გადაადგილების სქემა იყო მოცემული91.

ასეთი ვითარების გამო ქართლის სამეფოს ბარის მოსახლეობა თავისი ცხოვრების წესით სპარსელებს წააგავდა და სპარსელთა მსგავსად იმოსებოდა. სპარსელებს კი იმჟამად თავზე ტიარა (თავსაბური, რომელიც თავისი ფორმით მამლის ბიბილოს მოჰგავს) ან ნაბადის ქუდები ეხურათ, ტანზე კვართი ანუ სახელოებიანი გრძელი პერანგი ემოსათ და კვართის ქვემოთ შარვლები ეცვათ.

35

ცივ ამინდში სპეციალურ დათბილულ გრძელ მოსასხამებს _ ჯუბებს ატარებდნენ92.

ოთხი საუკუნის განმავლობაში, პირველიდან მეოთხის ჩათვლით, მიუხედავად ხანმოკლე წარმატებებისა, ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია. მართალია, ქართველ მეფეს რომშიც ეპატიჟებიან და ბიუსტსაც უდგამენ, მაგრამ გაურკვეველია რა კონფესიის ფარგლებში სწირავს მსხვერპლს კაპიტოლიუმში. ამ ხნის განმავლობაში ორჯერ, პირველსა და მეოთხე საუკუნეში, სამეფო შუაზე იჩეხება, დგინდება ორხელისუფლებიანობა. არმაზის კერძ სამეფოზე სპარსეთი პატრონობს, მუხრანის კერძს _ რომი განაგებს. აღრევაა რელიგიური თვალსაზრისითაც. მცხეთაში წამყვანი მაზდეანობა ჩანს, ეს კარგად ჩანს არმაზისხევის სამაროვნის მასალებით და იმ სოციალური სიჭრელით, რომელიც აქ არის წარმოდგენილი სამეფო ელიტაში. ვინ არიან ესენი _ პიტიახში, ეზოსმოძღვარი, ან სახელდებით _ სერაფიტა, ზევახი, იოდმანგანი, ხსეფარნუგი, აგრიპა. ნიშნეულია, რომ თუ არა ბერძნულ ტექსტში ნახსენები “იბერიის მეფე”, არამეული ტექსტით ვერც შევიტყობდით, რომ საქმე იბერიის სამეფო კარს ეხება და მის კარზე დამკვიდრებულ უცხო ინსტიტუტების პატრონებს. არამეული და ბერძნული ტექსტები უცილობლად მიუთითებს სახელმწიფო აპარატის და კანცელარიის სამუშაო ენებზე. ქართული არა თუ დამწერლობა, არამედ მეტყველებაც გამოდევნილია. ქართულს იყენებს ალბათ დაბალი ფენები, მასა. ჩანს, რომ მცხეთა კვლავ მრავალენოვანი ქალაქია, შეიძლება ნომინალურად, მაგრამ მაინც, ქართველი მეფის ხელში იმყოფება. ტომთა აღრევას სწორედ მცხეთის ქვეყანაში აქვს ადგილი. აქ არის დადასტურებული თითქმის ყველა, არამეული, ფალაური, ბერძნული დამწერლობის ნიმუში, რომელთა თარიღიც, ძირითადად, ახ. წ. აღ. I-III სს-ზე მოდის (მცხეთა, ურბნისი, უფლისციხე, დედოფლის გორა…).

როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება უცხო კულტურული ექსპანსიისადმი, იმ მოსახლეობისა, რომელსაც წარმართობიდან გააჩნდა საკუთარი ეროვნული დამწერლობა და საკუთარი კულტურა. წარმოვიდგინოთ პიტიახშთა განსასვენებელი II-III საუკუნეებში. სამთავროს სამაროვანი დამშვენებული იყო ებრაული და ბერძნული ეპიტაფიებით, არმაზისხევში კი აღმართული იყო არამეულ-ბერძნული ბილინგვა, მის ახლოს კი ე. წ. შარაგასის “გამარჯვების სტელა”, რომლებიც ელიტარულ განსასვენებელ ადგილს გამორჩეულ სახეს აძლევდა. ეს

36

იყო სილუეტი ქართლის სამეფოს სოციალურად და პოლიტიკურად დაკნინებული გარემოსი. მაგრამ როგორი განვითარება მიიღო ყოველივე ამან, რა სურათი გვაქვს ორი საუკუნის შემდეგ: ებრაული წარწერები აყრილია საფლავებიდან და სამარხის კედლებად არის გამოყენებული. ბერძნული წარწერა, სადაც ქალაქის მთავარი მხატვრის თუ არქიტექტორის სახელი აქოლისი იყო აღნიშნული, ისიც საფლავის ქვად გამოუყენებიათ. მეორე ბერძნულწარწერიანი ქვაც, სადაც იგივე აქოლისი იყო მოხსენიებული, ეკლესიის შესასვლელში დადეს წარწერის ნაწილით ქვევით. რაც შეეხება არამეულ წარწერებს _ ბილინგვას და ე. წ. შარაგასის სტელას, ისინი მოუგლეჯიათ ადგილიდან და იმავე სამაროვანზე ქვის სამარხის კედლებად გამოუყენებიათ. ეს იყო მცხეთელების პროტესტი ქართლის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გზაზე. ეს გზა კი I-II საუკუნეებიდან უნდა დაწყებულიყო, როდესაც ქართლის საზოგადოებას ახალი სოციალური ფენომენი მოევლინა ფეოდალ აზნაურების სახით, რომლის ისტორიული მისიაც, სხვა საკითხებთან ერთად, ეროვნული თვითმყოფადობის აღდგენა იყო. სწორედ ეს იყო განმსაზღვრელი, როდესაც ისინი სამეფო კართან ერთად არ ერიდებიან სისასტიკეს, სპარსული იდეოლოგიის _ მაზდეანობის განსადევნად და ახალი იდეოლოგიის, ქრისტიანობის დასამკვიდრებლად93.

298 წელს დადებული ნიზიბინის ზავით სამხრეთ კავკასიაში დასრულდა სპარსთა ბატონობა. სპარსეთის უღლის გადაგდება გულისხმობდა, როგორც პოლიტიკური, ისე რელიგიური ექსპანსიის შესუსტებას. ზოროასტრიზმი ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა წარმართულ კულტებსა და ქრისტიანობას. იბერიაში რომაული კონტროლის აღდგენა ასუსტებდა ზოროასტრიზმს და გზას უხსნიდა ახალ მოძღვრებას94.

ამავე დროს, აქემენიდურმა და სასანურმა ეპოქამ მთლიანობაში დიდი როლი ითამაშა ირანის, მახლობელი და შუა აღმოსავლეთის ისტორიაში. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უდიდეს ტერიტორიაზე, ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთიდან ინდოეთის საზღვრებამდე მშვიდობა იქნა შენარჩუნებული. შეიქმნა ხელსაყრელი პირობები საერთაშორისო ვაჭრობის ასაღორძინებლად და კულტურული კონტაქტების განვითარებისათვის სხვადასხვა ქვეყნის ხალხებს შორის95. უკვე ამ დროიდან, რაც სხვადასხვა

37

ეპოქებში გაგრძელდა საქართველოსა და ირანს შორის ჩამოყალიბდა ისტორიული, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირები.

უძველესი დროიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადიოდა აღმოსავლეთის დასავლეთთან დამაკავშირებელი სავაჭრო-საქარავნო გზა, სადაც ჯერ კიდევ III-VII საუკუნეებში განლაგებული იყო სასტუმრო შენობები ე. წ. “ასპინძები” (ეს სიტყვა ირანული წარმოშობისაა და აღნიშნავს სასტუმროს, სადგომს). “ასპინძები” მრავლად იყო სასანურ ირანში შარაგზებზე. აღმოსავლეთ საქართველოში ალბათ მრავალი “ასპინძა” იქნებოდა96. ყოველივე აშკარად მიგვანიშნებს, რომ საქართველო სატრანზიტო გზით დაკავშირებული იყო სასანურ ირანთან და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან (ინდოეთი, ჩინეთი და ა. შ.). ერთი გზა, რომელიც საქართველოს ირანთან აკავშირებდა, გადიოდა რუსთავის ახლოს. იგი მოემართებოდა ბარდავიდან: ბარდავი _ განჯა _ შამქორი _ ხუნანი _ გარდაბანი _ თბილისი97.

საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს ჩვენს ტერიტორიაზე გამოვლენილი არქეოლოგიური და სასანური წარმოშობის ნუმიზმატიკური მასალა. საინტერესოა არმაზისხევის ერისთავთა განსასვენებლის ერთ-ერთ სამარხში აღმოჩენილი, ფალაურწარწერიანი (ჩვენში პირველი!) ვერცხლის პინაკი, რომელიც ეკუთვნის ირანში ახალი დინასტიის დამფუძნებლის არდაშირ სასანიანის ზეობის დროს და დიპლომატიური საჩუქრის სახით უნდა იყოს მოხვედრილი ქართლის დედაქალაქში, ერისთავთ-პიტიახშთა წლებში (ზედ ან ირანის მეფე, ან მისი პიტიახში ხატია)98. იქვე, II საუკუნით დათარიღებულ სამარხებში აღმოჩენილ სამკაულებზე გემები ნამდვილად ადგილობრივ ნაკეთებ ბეჭდებშია გამოყენებული, მაგრამ ამ გამოსახულებაში ხშირად ვხედავთ ზოროასტრულ სიუჟეტებს, პერსონაჟებს და ფალაურ ასოებსაც კი99.

სოფელ ღვანკითში აღმოჩნდა სასანური ფალაურწარწერიანი (საშუალო სპარსული) საბეჭდავი, რომელიც ამჟამად ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

38

მასზე ამოტვიფრულ სიუჟეტს ანალოგი არ მოეძებნება სასანურ გლიპტიკაში. პალეოგრაფიული მონაცემების მიხედვით საბეჭდავი V-VII სს-ით თარიღდება100.

სასანიდურ ირანთან მჭიდრო კავშირის მაუწყებელია ქართულში შემოსული და დამკვიდრებული სპარსული ტერმინები, როგორიცაა “ბეგარა”, “ხოდაბუნი” და სხვ. რაც ქართული ფეოდალური სინამდვილის ორგანული ნაწილი გახდა101.

ირანის ხანგრძლივსა და დიდ გავლენას მოასწავებს აქემენიანთა თუ პართიის ხანაში დაწყებული მოძალება სპარსული სახელებისა საგანთა ქართულ ლექსიკასა და ქართლის მმართველ წრეთა ონომასტიკონში, რაც კანონზომიერად გრძელდება სასანიანთა დროსაც (თუნდაც “მირიანი”, “ვახტანგ გორგასალი”, დედამისი “საჰაკდუხტი”, ბოლნისის წარწერაში ხსენებული “ფარნევანი” და სხვ.)102.

სწორედ ძველი დროიდან ირანსა და საქართველოში გავრცელდა ზოგიერთი ლიტერატურულ-ენობრივი ელემენტი, რომელსაც მომდევნო ეპოქებშიც ვხვდებით. ამ მხრივ დამახასიათებელია ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე გამოყენება რიგი სიტყვებისა და საკუთარი სახელებისა, რომლებიც ნასესხებია ზოროასტრული ავესტის ძველი კანონიკური ტექსტიდან _ იაშთიდან. მათ რიცხვში შეიძლება დავასახელოთ კვლავ საკუთარი სახელები: ჯამშიდი, ფერიდონი, მანუჩარი, თეიმურაზი. აქ შედის აგრეთევე, სოციალურ-ადმინისტრაციული და სამხედრო ტერმინები: აზნაური (თავისუფალი, სახელოვანი), სპასპეტი (მხედართმთავარი), დარბაზი (საბჭო) და გვიანდელი სეფაჰსალარი, ამილახორი, ამირბარი და სხვა103.

ყველა დამპყრობელს, მათ შორის, სასანიანებსაც, კარგად ესმოდათ სარწმუნოების იდეოლოგიური მნიშვნელობა საგარეო ორიენტაციისათვის. ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად აღიარებამ შეასუსტა ცეცხლთაყვანისმცემელთა პოზიციები, მაგრამ ირანის პოლიტიკური გაძლიერების ვითარებაში გაფართოვდა ცეცხლმსახურების პროპაგანდა. ირანის ხელისუფლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და, საკუთრივ, ქართლში თავის

39

მოგვებს, მაზდეანური სარწმუნოების მსახურთ გზავნიდა, აგებდნენ მაზდეანურ ტაძრებს. ცნობილია, რომ V საუკუნის დასაწყისში “მოგუნი მოგუთას მოგუობდეს ცეცხლისა მსახურებასა ზედა”104.

V საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში შაჰმა იეზდიგერდ მეორემ (439-457 წწ.) თავის ქვეშევრდომ ქვეყნებს, მათ შორის, ქართლსაც, ბრძანება დაუგზავნა, ცხენოსანი ჯარი შეეკრიბათ შუა აზიაში წასასვლელად, სადაც ირანელები სისხლისმღვრელ ომებს აწარმოებდნენ ქუშანების წინააღმდეგ. ქვეყანა ჯან-ღონით სავსე ვაჟკაცებისაგან იცლებოდა. ახალი რაზმების შეგროვებას თან ვაი და ვუი სდევდა. ნათესავები წინასწარ გამოიტირებდნენ ხოლმე დასაკარგავად მიმავალ მეომრებს.

იეზდიგერდი, უპირველეს ყოვლისა, შეეცადა, ცხენოსანთა რაზმელებისათვის სარწმუნოება გამოეცვლევინებინა. ერთხელ შაჰმა ნადიმზე მიიწვია რაზმების მეთაურები, მოეფერა მათ, მიუალერსა და სთხოვა, ეჭამათ სპარსული რელიგიის წესით მზისათვის შეწირული საქონლის ხორცი. მეთაურებმა უარი განაცხადეს. იეზდიგერდი არ გაძალიანებულა. ბრძანა, მოეტანათ ჩვეულებრივი საჭმელი. მოილხინეს, მაგრამ ვაი, ასეთ მოლხენას! ნადიმის დამთავრების შემდეგ შაჰმა ბრძანა, რაზმის მეთაურები დაეკავებინათ. მათ ზურგს უკან ხელები შეუკრეს და ჯურღმულებში ჩაყარეს, რამდენიმე დღე აშიმშილეს, შემდეგ იქიდან ამოიყვანეს და გააძევეს. ქრისტიანებისაგან შემდგარი რაზმები კი, პატარ-პატარა ჯგუფებად დაყვეს და შორეულ სტეპებში გაგზავნეს საომრად105.

ირანელთა მხარეზე ბრძოლა ქართველთა ლაშქარს, ალბათ, წინათაც უხდებოდა, მაგრამ ასე შორს ჯერ არასოდეს წასულა. ამასთან, ამ ბეგარამ ახლა რეგულარული ხასიათი მიიღო. მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებდა ქუშანებთან ომის სისატიკე. ბრძოლაში იმდენი იღუპებოდა, რომ შაჰი იძულებული იყო მებრძოლი ნაწილები ყოველ წელს ახლად გაწვეული რაზმებით შეეცვალა. მაგრამ ამიერკავკასიის ქვეყნებიდან ჯარების ასე შორს გაყვანას ის მიზანიც ჰქონდა, რომ ამით ირანელები ასუსტებდნენ მათ წარმგზავნელ ქვეყნებს, სადაც დამპყრობლები თავს უფრო უშიშრად გრძნობდნენ. ამავე დროს, ირანელებს უადვილდებოდათ თავიანთი გავლენის გავრცელება სამშობლოს მოწყვეტილ ჯარში. ყველაფერი ეს გამოაშკარავდა 449 წელს, როდესაც იეზდიგერდმა დიდი გამარჯვება მოიპოვა ქუშანებზე, გაჰფანტა მათი ჯარები და ააოხრა მათი ქვეყანა. მიუხედავად ამ გამარჯვებისა,

40

ირანელებმა მაინც არ დააბრუნეს სამშობლოში ამიერკავკასიიდან გაყვანილი მეომრები, რადგან შაჰის მიზნისათვის უკეთესი იქნებოდა, რაც უფრო შორს იქნებოდნენ ისინი სამშობლოდან106.

ამავე დროს შაჰმა იეზდიგერდ მეორემ გადაწყვიტა მაზდეანობის სახელმწიფო რანგში აყვანა ამიერკავკასიის ქვეყნებში. შაჰის ინსტრუქცია ითვალისწინებდა: “ნავასარდის თავიდან მეორე ნავასარდამდის (ნავასარდი იყო წელიწადის პირველი თვე; აქ იგულისხმება, მაშასადამე, ერთი წლის დაზმულობა) დიდი მეფის საბრძანებელში მოსპობილ იქნას არა თუ ქრისტიანების სარწმუნოება, არამედ აღმოფხვრილ იქნას თვით მათი სახელიც _ ეკლესიები დაკეტილ და მათი კარები დაბეჭდილ იქნას; ქრისტიანულ სამლოცველოების სამკაულები სიით ჩარიცხულ იქნას სამეფო ნივთებს შორის; ფსალმუნების გალობა, წინასწარმეტყველების წიგნთა კითხვა გაუქმებულ იქნას და ქრისტიანე მღვდლებს აღეკრძალოთ თავიანთ სახლებში ხალხის სწავლა-დარიგება; კაცი და ქალი ბერ-მონაზვნები უნდა გამოვიდნენ მონასტრებიდან და მათ უნდა ჩაიცვან საერო ტანისამოსი; ნახარარების ქალებმა მისცენ სხვებს მაგალითი და პირველნი თვითონ უნდა მიჰყვნენ მოგვების სწავლას: აზატების (აზნაურების) და შინაკანების (მსოფლიონების) ქალ-ვაჟნი უნდა შეუდგნენ მოგვებთან სარწმუნოების შესწავლას საზოგადო მოედნებზე. ქრისტიანობის მიერ დაწესებული კანონები ცოლ-ქმრობისა გაუქმებულ იქნას: ერთი ცოლის მაგივრად მამაკაცებს ნება მიეცათ ხალხის გასამრავლებლად რამდენიმე ცოლი იყოლიონ; ნება აქვთ შეირთონ მამებმა ქალიშვილები, ძმებმა დები, ვაჟებმა თავიანთი დედები, შვილიშვილებმა ბებიები; არც ერთი ცხოველი, რომელიც განკუთვნილია ადამიანის საჭმელად, არ შეიძლება საჭმელად გამოყენებულ იქნას, თუ წინასწარ მსხვერპლად არ არის ღვთისადმი შეწირული. ცომი უხაშოდ არ იქნას გაკეთებული, ნაგავი და სიბინძურე ცეცხლში არ იქნას ჩაგდებული. ხელის დაბანა ხარის შარდის გარეშე არ ხდებოდეს; წავი, მელა, კურდღელი არ იქნას მოკლული; გველი, ხვლიკი, ბაყაყი, ჭიანჭველა და სხვა საზარალო ცხოველი და ქვეშმძრომი მოსპობილ იქნას; მოსპობილ ცხოველთა რაოდენობა აწონილ იქნას სამეფო სასწორზე და ჩაწერილ იქნას: ყველაფერი, რაც ეხება მსხვერპლშეწირვას, ნაცარის განლაგებას და რაოდენობას, უქმეების და წლის სათვალავს, უნდა ჩაწერილ და სიებში შეტანილ იქნას; დანარჩენი და

41

ჩვენი კანონის დაწვრილებით ასრულება გადადებულია შემდეგი დროისათვის”107.

ირანის ხელისუფლებამ ვახტანგის ტახტზე დამტკიცების საფასურად მოითხოვა, რომ ცეცხლთაყვანისმცემლობას ქართლში ოფიციალური სტატუსი ჰქონოდა. გორგასალი, როგორც სახელმწიფო მოღვაწე, იძულებული იყო ანგარიში გაეწია ცეცხლთაყვანისმცემლობის არსებობისათვის ქართულ ქვეყნებში. საინტერესოა, რომ ამ რელიგიას მიმდევრები ჰყავდა მთიულებს შორისაც.

მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგს დედა სპარსელი ყავდა, ხოლო პირველი მეუღლე ბალენდუხტი ირანის შაჰის ასული იყო, მოგვიანებით ირანელებთან შებმის წინ ის სპობს ქართლში ირანელთა იდეოლოგიურ საყრდენს, მაზდეანობას. მან “შეაგდო საპყრობილეში ბინქარან მაცთური, ეპისკოპოსი ცეცხლის მსახურთა, მოსრა და გააძევა ყოველნი ცეცხლის მსახურნი ქართლის ტერიტორიიდან”108.

ვახტანგის გამეფებამდე ცეცხლთაყვანისმცემლობა ქართლის ტერიტორიაზე პოულობდა ახალ მიმდევრებს, ძირითადად, საზოგადოების ფართო ფენებში. ქართველი მემატიანე ჯუანშერი V საუკუნის 30-იანი წლების მოვლენების გადმოცემისას მიუთითებს, რომ ქართლში “მცირედნი ვინმე წვრილისა ერისაგანნი მიიქციეს ცეცხლისმსახურებასა”.

ცეცხლთაყვანისმცემლებს ჰქონდათ თავისი სამლოცველოები მუდმივი ცეცხლით, რომელიც მათ წმინდად მიაჩნდათ. ტაძარში წმინდა ცეცხლი ენთო ჩვეულებრივ შუა ნაწილში, სადაც ამისათვის გაშენებული იყო ბნელი სათავსო. პირაკრული მოგვი დროგამოშვებით უმატებდა ცეცხლს შეშას, რომელიც წინასწარ მზადდებოდა გარკვეული რიტუალის შესრულებით. შეშის მიმატებისას მოგვი ჩურჩულით ამბობდა ლოცვებს. ტაძარი წარმოადგენდა რვაკუთხა დარბაზს. მას ჰქონდა რვა კარი109.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ არაბებმა ჩადრი მიიღეს სპარსელი მაზდეანებისაგან, როდესაც მათ ეს ქვეყანა დაიპყრეს. მაზდეანურ რელიგიაში, როგორც აღვნიშნეთ მთავარია ცეცხლის კულტი. ქალი, რომელიც იყო ოჯახის

42

კერის დამცველი, ამ რელიგიის თანახმად, ბინძურია და, რომ არ შებღალოს (წაებილწა თავისი სუნთქვით) “წმინდა ცეცხლი” ცხვირპირი ჩადრით უნდა დაიფაროს110.

მაზდეანური რელიგიის გადმონაშთი საქართველოში უნდა იყოს პურის მცხობელი ქალი თონეში ცომის ჩაკვრის დროს პირს მოსახვევით რომ იფარავს ხოლმე.

თბილისში, მთის ფერდობის ამაღლებულ ადგილზე ბეთლემის (ფეთხაინის) ეკლესიის სამხრეთით, იქვე ახლოს აღმოჩენილია ცეცხლთაყვანისმცემელთა ძველი ტაძრის ნაშთი. პლ. იოსელიანის დროს ეს იყო აგურისაგან აშენებული კვადრატული ნაგებობა _ თაღი (ეხლა თაღი არ არის). ქართულად მას უწოდებდნენ საკერპოს, მეორე სახელი იყო ათეშგა, რაც სპარსულად ცეცხლის ადგილს ნიშნავს. შარდენს თბილისის გეგმაზე 1673 წელს ეს ნაგებობა აღნიშნული აქვს როგორც კვადრატული, მაგრამ დაბალი სფერული გუმბათით. ნაგებობას ჰქონდა მიწის თავისუფალი ფართობი, რომელიც შემოზღუდული იყო. ეს შენობა კარგად ჩანს ტურნეფორის (1700 წ.) გეგმაზეც. შარდენი მას იხსენიებს საზოგადო საწყობის სახელით. ცხადია, ათეშგას შენობას იყენებდნენ საწყობად (ჩანს, დიდი ხანია) და ამიტომაც ის შედარებით მოვლილ-დაცულიც იყო.

ბუნებრივია, ათეშგას აშენება VII საუკუნის მეორე ნახევრიდან შეუძლებელი იქნებოდა. საეჭვოა, რომ სალოცავი ვახტანგის მეფობაზე ადრე აეშენებინათ, რადგანაც აქ მოსახლეობა თითქმის არ იყო. ასეთი, თუნდაც მცირე ნაგებობის აშენება შეეძლო მორწმუნეთა მაინც მოზრდილ მრევლს. ამიტომ შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ათეშგას შენობა აგებულია ვახტანგ გორგასალის დროს ადგილობრივ მცხოვრებ ან მოსულ ცეცხლთაყვანისმცემელთა მიერ111.

523 წელს “ვითარცა მეფობაჲ დაესრულა ქართლს შინა, სპარსნი განძლიერდეს”, აღნიშნულია ქართლის მოქცევის მატიანეში. მათ პირველ ყოვლისა, კავკასიონის გასასვლელები დაიჭირეს და საგანგებოდ გაამაგრეს. ამით ირანელებმა ქართველებს ჩრდილოეთ კავკასიის ველებში მომთაბარე ტომების დახმარება მოუსპეს და თავიანთი სახელმწიფოც უზრუნველყვეს ამ მხრიდან შემოსევებისაგან. ამავე ხანებში კავადმა ირანის სახელმწიფოს სამხედრო-ადმინისტრაციული რეორგანიზაცია მოახდინა: ირანი ოთხ მხარედ,

43

ანუ კუსტაკად დაყო. კუსტაკი, თავის მხრივ, უფრო მცირე ადმინისტრაციულ ერთეულებს, ან “შაჰრებს” აერთიანებდა. ქართლი, სომხეთი, ალბანეთი და ატროპატაკანი (ადარბადაგანი) შაჰრების სახით ჩრდილოეთის ანუ კავკასიის შემადგენლობაში გააერთიანეს, რომლის ცენტრი იყო განძაკი (ურმიის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით). შაჰრებს “მარზპანები” (სპარსული სიტყვაა და “ოლქის მმართველს” ნიშნავს) მართავდნენ, რომლებიც კუსტაკის უფროსს, “სპასპეტს” ემორჩილებოდნენ. ამ პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა ირანული ეთნიკური ელემენტი საქართველოში. მცხეთაში ხელოსნები, რომლებიც სხვადასხვა ეროვნებისანი იყვნენ უბნებად ცხოვრობდნენ. ერთ-ერთ უბანში სპარსელი “მეჯადაგენი” და “მეხამლენი” (ფეხსაცმელების მკერავნი) ცხოვრობდნენ. ისინი თავს, ბუნებრივია, ლაღად გრძნობდნენ, ირანულ წეს-ჩვეულებებს მისდევდნენ და მაზდეანურ რელიგიურ რიტუალებს ასრულებდნენ.

ქართლს ირანელი მოხელე მარზპანი განაგებდა, რომლის ხელში იყო უზენაესი უფლებები, რაც კარგად ჩანს უცნობი ავტორის აგიოგრაფიული თხზულებიდან “ევსტათი მცხეთელის წამება”. როდესაც გაქრისტიანებული სპარსელი გვირობანდაკი ევსტათედ წოდებული დამბეზღებელმა სპარსელებმა მცხეთის ციხისთავს უსტამს მიჰგვარეს, მან განაცხადა: “ამის კაცისა პატიჟი მე არარაი ხელმეწიფების, არცა აღბმაი ძელსა, არცა პყრობილებაი, არამედ წარუძღვანო ეგე ტფილის ქალაქსა არვანდ გუშნასპს, ქართლისა მარზპანსა, და რაი-იგი შეჰგვანდეს, მან უყოს, რამეთუ ყოვლისა კაცისა ქართლისა მას ხელეწიფების სიკვდილი და ცხორებაი”112.

ქართლის მნიშვნელოვან ქალაქებში ირანელებმა ჯარები ჩააყენეს და ეს ქალაქები ირანელ ციხისთავებს დაუმორჩილეს. ერთი ამ ციხისთავთაგანი იყო სწორედ ზემორე ხსენებული უსტამი113.

შემდეგშიც, VII საუკუნის პირველ მესამედში, ცეცხლთაყვანისმცემელნი მრავლად იყვნენ ქართლის სამ ქალაქში _ თბილისში, მცხეთასა და უჯარმაში. ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემ, რომელიც სპარსეთს ეომებოდა, სპეციალურად სასტიკი ღონისძიებები ჩაატარა მათ სალიკვიდაციოდ114.

არაბთა ბატონობამ ირანსა და საქართველოში დროებით შეაფერხა ამ ორ ქვეყანას შორის უშუალო კავშირი, მაგრამ IX-X საუკუნეებიდან უკვე აშკარაა

44

ირან-საქართველოს კულტურული ურთიერთობა (ამაზე ნათლად მეტყველებს “ნინოს ცხოვრებაში” მოტანილი სპარსული ფრაზა ქართული თარგმანითურთ).

ამასთანავე, IX-X საუკუნეების არაბული და სპარსული წყაროების მიხედვით, თბილისი სავაჭრო-სატრანზიტო გზებით უკავშირდება ამიერკავკასიისა დ ახლო აღმოსავლეთის სავაჭრო-სატრანზიტო პუნქტებს. ამ სატრანზიტო გზების ცენტრს ქალაქი ბარდა წარმოადგენდა. ბარდადან სავაჭრო-საქარავნო გზის ერთი შტო მიემართებოდა ბაბ ალ-აბვაბისაკენ (დარუბანდი), მეორე _ განჯის, შამქორის, ხუნანის, კალა იბნ ქანდამანის გავლით უკავშირდებოდა თბილისს, მესამე _ ბარდას სომხეთის დედაქალაქ დვინთან, ხოლო მეოთხე შტო ბარდას სამხრეთ აზერბაიჯანის მნიშვნელოვან ქალაქ არდებილთან აკავშირებდა115.

საქართველოსათვის ძვირფასი ქვებით ვაჭრობის საქმეში განსაკუთრებულ როლს მაინც ირანი ასრულებდა. ამის გამოხატულებას წარმოადგენს ირანული წარმოშობის სახელწოდებანი, რომლებითაც აღინიშნება ძვირფასი ქვები ქართულ ლიტერატურულ და საისტორიო ძეგლებში116.

საქართველოს ურთიერთობა ჰქონდა აგრეთვე, ახალ ირანულ კულტურასა და მწერლობასთან. როგორც ცნობილია, საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ორი პროვინცია _ შარვანი და არანი, რომლებიც ირანული კულტურისა და ლიტერატურის ცენტრებს წარმოადგენდნენ, დავით აღმაშენებლის დროიდან ქართველთა პოლიტიკური გავლენის სფეროში ექცევიან. ამათგან შარვანი თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში საქართველოსადმი ვასალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა.

შარვანის შაჰის კარზე ცხოვრობდნენ სახელგანთქმული პოეტები _ ხაყანი (გარდაიცვალა 1199 წელს) და ნიზამი განჯელი (გარდაიცვალა 1202 წელს).

შარვანის მფლობელნი, როგორც ქართველთა მეფის ვასალები, ხშირად ჩამოდიოდნენ საქართველოში თავისი ბრწყინვალე ამალით, რომელშიც, რა თქმა უნდა, პოეტებიც იყვნენ. “ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის” ავტორი გადმოგვცემს, რომ ნიზამი, რომელსაც მფარველობდა აღსართან II, ორჯერ ჩამოსულა საქართველოში; ერთ-ერთი საზეიმო დარბაზობის დროს გამართულა საჯარო ლიტერატურული შეჯიბრება, რომელზედაც საასპარეზოდ გამოსულან ქართველი და ირანელი პოეტები.

ქართველი მეფეები დიდ მფარველობას უწევდნენ არაბ და ირანელ პოეტებს. ამ მხრივ განსაკუთრებით ცნობილია დავით აღმაშენებელი, რომელსაც

45

არაბი ისტორიკოსის იბნ ალ-ჯაუზის მოწმობით, ირანელი სუფიებისა და პოეტებისათვის თავშესაფარი აუგია, ხშირად ქონებრივადაც დახმარება გაუწევია და სადღესასწაულო მეჯლისებსაც უმართავდაო.

ქართველი მონარქების მეცენატობა იქამდისაც კი მიდიოდა, რომ ირანელი პოეტები უპირატესობას საქართველოს სამეფო კარის მფარველობას ანიჭებდნენ. მაგალითად, პოეტი ხაყანი ერთ-ერთ თავის ხოტბაში, რომელიც დაწერილია 1172 წელს ამბობს: “აფხაზეთის (საქართველოს) კარები ღიაა ჩემთვის, მე გავემგზავრები ნაჭარმაგევსა და მუხრანს, ბაგრატიონთა შორის მე ვიპოვნი თავშესაფარს… და თუ აფხაზეთში ვერ ვპოვებ მფარველობას, იქიდან მე გადავალ ბიზანტიაში”117.

ყველა ზემოაღნიშნულ გარემოებათა მეოხებით ირანული პოეზიის გამოჩენილ კლასიკოსთა _ ფირდოუსის, გორგანის, ხაყანის, ნიზამისა და სხვ. _ ციტატები უკვე XI-XII საუკუნეებიდან მოჰყავდათ ქართულ მხატვრულსა და ისტორიული ლიტერატურის ძეგლებში, ხოლო ზოგიერთი მათგანი ითარგმნებოდა კიდეც. ჩვენამდე მოაღწია გორგანის “ვის-ო-რამინის” (ვისრამიანის) საუცხოოდ დამუშავებულმა ქართულმა რედაქციამ, რომელიც უნდა ჩამოყალიბებულიყო არაუგვიანეს XII საუკუნის მეორე ნახევრისა. არსებობს საბუთები, რომ XII საუკუნეში უთარგმნიათ ქართულ ენაზე ფირდოუსის “შაჰნამე”, ნიზამის “ლეილი და მაჯნუნი”, “ხოსროვი და შირინი” და სხვ.

მდიდარი ქართული კულტურის ტრადიციები, თავის მხრივ, კეთილ ზემოქმედებას ახდენდნენ ირანულ პოეზიაზე. ირკვევა, რომ ქართულ ენას ფლობდნენ და ქართული მასალებით სარგებლობდნენ ისეთი პოეტები, როგორებიც იყვნენ ნიზამი განჯელი და ხაყანი. ხაყანი ქართულ სიტყვებს მახვილგონივრულად იყენებდა ირანულ ლექსებში მოხდენილი კალამბურების მისაღებად. სპეციალისტების მოსაზრებით ნიზამის პოემა “ისკანდერ-ნამე” ვერ შეიქმნებოდა ქართული მასალების გათვალისწინების გარეშე118.

ეკონომიკური და კულტურული ურთიერთგავლენა კიდევ უფრო გაიზარდა სეფიანთა ირანის დროს. XVI-XVII საუკუნეებში დიდი რაოდენობით შემოდიოდა საქართველოში და, კერძოდ, თბილისში ირანული, თურქული, ინდური და ევროპული საქონელი, მაგრამ თბილისს გაცხოველებული იმპორტი მაინც ირანთან ჰქონდა. ირანიდან შემოდიოდა ძვირფასი აბრეშუმის

46

ქსოვილები: დარაია, ხარა, ზარბაქი (ოქროქსოვილი ფარჩა), დარაიბავთი, ბიბა _ ოქრომკედით ნაქსოვი ფარჩა _ იგივე სტავრა, შალის ქსოვილები, ტყავი, თავრიზული შეკერილი სამოსელი, ჩითი, ხოის საბნის პირი, შეიდიში, თავრიზული ხავერდი, მოვი ქაშანისა და შემახიისა, ძვირფასი ქვები: მარგალიტი _ ირანიდან, ზურმუხტი _ ეგვიპტიდან, ფირუზი, ლალი და სხვ. აგრეთვე, ქაშანის ზანდუკი, ისპაანის წინდა, საპონი, ქაშანური ჭურჭელი, მინის ჭურჭელი _ შირაზული და სხვა119.

ქვეყნის პოლიტიკური ვითარების გამო, ქართულ ხუროთმოძღვრებასა და ხელოვნებაში სწორედ ამ დროს შემოიჭრა ირანული გავლენა. უპირველეს ყოვლისა, იგი თავს იჩენს სწორედ ქალაქებში, განსაკუთრებით, თბილისში, რადგანაც ამ უცხო გავლენას ყველაზე მეტად და ყველაზე ადრე ითვისებენ და ექვემდებარებიან მეფის კარი და არისტოკრატია: მათი სასახლეები და საცხოვრებლები “სპარსთა რიგისაა”; შეძლებისდაგვარად ცდილობენ მიბაძონ ირანულ სასახლეებს, არა მარტო მათ ხუროთმოძღვრებას, არამედ მთელ შიდა გამართულობასაც; ასევე, აღმოსავლურ-ირანული “რიგისაა” ამდროინდელი საბაზრო შენობები, ქარვასლები და აბანოები. საეკლესიო არქიტექტურა უფრო მეტად “შეუღწევი” იყო ირანული გავლენისათვის: ქართული ეკლესიების, მათ შორის, თბილისური ეკლესიების, მთელი აღნაგობა უცვლელად ტრადიციულია (თუ არ ჩავთვლით ბუნებრივ, გარდუვალ ევოლუციის მიერ გამოწვეულ ზოგ კერძო ცვლილებას). მხოლოდ გარეგნულ მორთულობაში იჩენს თავს (მით უფრო კახეთში, აქ-იქ თბილისშიც) ირანული ელემენტები: ისრული თაღები, “სტალაქტიტები”, აგურის ხალიჩისებრი წყობა (აგურის ფართოდ გავრცელება ამ დროის დამახასიათებელია); სასახლეთა, აბანოებისა და ქარვასლების ინტერიერებში უხვად იყენებენ მოჭიქულ ფერად აგურს, მინასა და სარკეებს, აღმოსავლურ ხალიჩებს და სხვ. (ისიც აღსანიშნავია, რომ გლეხური საცხოვრებლები და, მით უფრო, მთა-საქართველო ამ უცხო გავლენის გარეშე რჩება, გამონაკლისი _ ცოტაა).

საბუთები და იმდროინდელ ავტორთა ნაწერები მოწმობს, რომ გვიანი შუა საუკუნეების თბილისში “მცხოვრებთ აქვთ სახლები _ ზოგთა სპარსთა რიგისა, ზოგთა ქართული”. ჩანს ისიც, რომ უმეტესად ეს ბანიანი სახლებია განლაგებული მთის კალთებზე, ისე, რომ ქვემო სახლის ბანი ზემოთ მდებარე

47

სახლისთვის ეზოსავით არის. სახლები, ცხადია, განსხვავდებოდა პატრონთა შეძლების მიხედვით _ იყო ქოხმახებიც, მაგრამ იყო რამდენიმე სათავსიანი, მათ შორის, სამეურნეო დანიშნულების სახლებიც120.

აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო მმართველობაში როსტომ მეფის მიერ ჩატარებული ყოველი ღონისძიება ირანის შაჰის მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. ამ მიზნით, შაჰის ხელისუფლებამ ქართლის სამეფო კარზე წმინდა ყიზილბაშური თანამდებობანიც შემოიღო: ვეზირი (მრჩეველი), მუსტოუფი (მთავარი აღმწერელი, ფინანსების მოხელე) და მუნში (მწერალი). სამივე ეს თანამდებობა ქართლის სამეფო კარზე სამეთვალყურო აპარატს ქმნიდა121.

სუფრაზე ქალებისა და მამაკაცების განცალკევების ჩვევას შარდენი საქართველოში სპარსეთის გავლენას მიაწერდა: “მას აქეთ, რაც ქართველები სპარსეთს დამორჩილდნენ, აქაურ ქალებს მამაკაცებთან ყოფნა ეკრძალებათ. ქალების თავისუფლება აქ თანდათანობით იკვეცება და ეს მშვენიერი სქესის წარმომადგენლები იძულებულნი არიან მისდიონ წესს და განცალკევებით მოიყარონ თავი”122.

ამავე დროს როსტომ ხანმა სპარსეთიდან დიდი რაოდენობით ჩამოიყვანა იქ მყოფი გამაჰმადიანებული ქართველები. როგორც აკადემიკოსი ნ. ბერძენიშვილი შენიშნავდა: “ამ გზით სპარსულ-ყიზილბაშური წესები, ზნე-ჩვეულებები ფართოდ იკიდებდნენ ფეხს ქართულ ფეოდალურ საზოგადოებაში. სპარსულ-თურქული ენები ქართველ ფეოდალთა სამეჯლისოდ სასაუბრო ენებად იქცნენ, მმართველობაში ფეხი მოიკიდეს სპარსულ-ყიზილბაშურმა ინსტიტუტებმა. სპარსულ-თურქული საერო პოეზია უცილობლად გაბატონდა ქართველ ფეოდალთა წრეებში. ქართული წიგნის სამკაული სპარსული მხატვრობა შეიქმნა… სპარსულ-თურქულმა სამოსელმა ქართული ფეოდალური სამოსელი შეცვალა”. ასე, თანდათანობით ქართლში გზას იკაფავდა სპარსული გავლენა. როგორც აღნიშნულია ქართლის ცხოვრებაში: “ამათით შეერიათ ქართველთა განცხრომა, სმა-ჭამა ყიზილბაშური, სიძვა, მრუშება, ტყუილი, ხორცი განსუენება, აბანო, კეკლუცობა უგვანი, მეჩანგე, მგოსანი, რამეთუ ამათ

48

საქმეთაგან მოქმედთაგან კიდე არავის სცემდნენ პატივსა და მიდრკენ, ვიდრე მღვდელ-მთავარნიცა და ჰყოფდნენ უჯეროთა”123.

ამიტომაც იყო, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქების ვაჭრები მუდამ ირანული ორიენტაციისა იყვნენ, მიუხედავად იმისა, მისაღები იყო მათთვის თუ არა პოლიტიკური ძალაუფლება.

XVIII საუკუნის 60-იან წლებში პეისონელი საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ “თბილისი მართლაც წარმოადგენს ყველაზე უფრო ხელსაყრელ ადგილს სპარსეთთან ვაჭრობის დასამყარებლად”124. ხოლო ამავე პერიოდის გერმანელი ავტორის, ფონ ზასის დაკვირვებით აღმოსავლეთ საქართველოს “ვაჭრობა უპირატესად სპარსეთთან იყო გაჩაღებული. იქიდან შემოჰქონდათ აბრეშუმის ქსოვილი, ძვირფასი ქვები, მარგალიტი, ბამბა, შაქარი, ყავა და ყველანაირი სახის სხვა წვრილმანი”125.

სპარსეთის გავლენად მიაჩნდა ივ. ჯავახიშვილს, რომ “ავეჯეულობის ისტორია ყველაზე უფრო ღარიბია XVII-XVIII სს. ამის ერთ-ერთი მიზეზი სპარსეთის გავლენა იყო”. ამავე საუკუნეების უცხოელი მოგზაურები ერთხმად მიუთითებდნენ, რომ საქართველოში ხმარებაში არაა მაგიდა და სკამები. შარდენის მოგზაურობის წიგნში ჩართული სურათის მიხედვითაც, სადაც მოცემულია ნადიმი თბილისში ვახტანგ V-ის კარზე, სტუმრები ფეხმორთხმულები სხედან126.

გენერალ ტოტლებენის ადიუტანტი ფრანგი გრაფი დე გრაი დე ფუა, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, საინტერესო ცნობებს გვაწვდის ირანული წეს-ჩვეულების გავლენაზე ქართულ ყოფაში. როდესაც ერეკლესთან აუდენციაზე მივიდნენ გრაფი აღნიშნავს, რომ “მეფემ მეც შემომთავაზა დაჯდომა, მაგრამ რადგანაც ყველანი ფეხმორთხმული ისხდნენ ხალიჩაზე და ჩემთვის კი ასე დაჯდომა შეუძლებელი იყო, ვუპასუხე, რომ იმ თაყვანისცემის გამო, რომელსაც განვიცდი მისი უდიდებულესობის მიმართ, არ ძალმიძს დავჯდე მის წინაშე. მან კვლავ შემომთავაზა და განმიცხადა, რომ არ

49

მომისმენს, ვიდრე არ დავჯდები. იძულებული გავხდი გამემხილა მისთვის ნამდვილი მიზეზი _ ის, რომ ევროპული სამოსი მოუხერხებელი იყო ამგვარად დასაჯდომად. რადგან სასახლეში არც ერთი სკამი არ იყო, მომიტანეს სკივრი, რომელზედაც იმგვარად ვიჯექი, რომ ყველა დანარჩენი ჩემზე დაბალი იყო”127.

გერმანელი ნატურალისტ-ენტომოლოგი ბ. იეგერი, რომელიც 1825 წელს საქართველოში იმყოფებოდა აღნიშნავს, რომ სოფელ შილდაში ყოფნის დროს მასპინძლებმა სტუმრებისათვის მაგიდა ევროპულ სტილში გაშალეს _ სუფრით, დანებით, ჩანგლებით, კოვზებით და ა. შ. ხოლო თვითონ და სხვა სტუმრები ფეხმორთხმით დასხდნენო128. როგორც ვხედავთ, ირანული გავლენის კვალი კახეთში XIX საუკუნის 20-იან წლებშიც იყო შემორჩენილი.

აღნიშნულ ფონზე გვიან შუა საუკუნეებში კიდევ უფრო ინტენსიური ხდება ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობა, როცა ქართული მწერლობისა და, საერთოდ, მთელი ეროვნული კულტურის აღორძინების ხანა დაემთხვა ირანული კულტურის აღორძინების პერიოდს, რამაც ლიტერატურული ურთიერთობისათვის გარკვეული ნაყოფი მოიტანა. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია, თეიმურაზ პირველის შემოქმედება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სპარსული პოლიტიკური ორიენტაციის წინააღმდეგ გააფთრებით მებრძოლი თეიმურაზი, იმავე დროს, სპარსული ლიტერატურული კურსის ყველაზე ბეჯითი წარმომადგენელია საქართველოში.

არც ქართულ-სპარსული ურთიერთობა იყო ცალმხრივი. სპარსულ ენაში მრავლად გადავიდა ქართული ლექსიკური ერთეულები, სპარსულ ლიტერატურაში მრავლად გაჩნდა ქართული სინამდვილიდან წამოღებული სახეები, თემები, სიუჟეტები, სხვადასხვა ფორმისეული ელემენტები. ისევე, როგორც სპარსული კულტურის სხვა დარგებში, კერძოთ მხატვრული ლიტერატურის სფეროშიც მოღვაწეობდნენ ქართველი ხალხის შვილები, რომლებიც სპარსულად ქმნიდნენ თავიანთ ნაწარმოებებს129.

გიორგი XII-ის მემკვიდრე თეიმურაზ ბაგრატიონი 1805 წლის დეკემბერში ირანში გაემგზავრა. პოლიტიკური მისიის გარდა თეიმურაზი სპარსეთში სამწერლო-კულტურულ საქმიანობასაც ეწეოდა; ეცნობოდა ირანის ისტორიას,

50

ლიტერატურას; დაეუფლა უცხო ენებს; შეისწავლა სპარსული, თურქული, ფრანგული, იტალიური ენები. სპარსულიდან თარგმნა _ “ათნი გვირგვინნი, ქმნილი ანუშევან სპარსთა მეფისაგან…”, დაწერა _ “მცირე წიგნი პრაქტიკა არტილერიისა”, “დავთარი თოფჩებისა სრული”. იგი აგრეთვე, ცდილობდა, სპარსეთში გაფანტული ქართული ხელნაწერების შეგროვებას. სპარსეთიშივე შეადგინა “იტალიურ-სპარსულ-თურქული ლექსიკონი”. გარდა ამისა, თეიმურაზ ბაგრატიონს დაუწერია სპარსეთში მოგზაურობის შესახებ “სპარსული დღიურები” ანუ როგორც ერთგან თვითონ აღნიშნავს, “სისხლიანი ნაწერი ფიქრები”130.

მაგრამ ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობის ნამდვილად მასშტაბური და მიზანდასახული მეცნიერული შესწავლა იწყება აკადემიკოს ნიკო მარით, რომელმაც მტკიცე მეცნიერულ საფუძველზე დააყენა ამ ორი ლიტერატურის ურთიერთობის კვლევის საქმე131.

XX საუკუნის დასაწყისში ამიერკავკასიაში მრავალი ირანელი იყო სამუშაოს საძებნელად ჩამოსული. 1904 წელს მხოლოდ ბაქოში 7 ათასი ირანელი მუშა იყო დასაქმებული. რუსეთის 1905-1907 წლების რევოლუციის დროს, მათ გარკვეული საბრძოლო სკოლა გაიარეს. ბაქოდან სამშობლოში დაბრუნებულმა ირანელმა მუშებმა რევოლუციური ბრძოლის იდეები შეიტანეს შაჰისა და ფეოდალთა წინააღმედგ132.

1905-1911 წლების ირანის რევოლუციის დროს თბილისში შექმნილი იყო ირანის რევოლუციონერების დამხმარე სპეციალური კომიტეტი, მუსულმანთა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია “ჰუმმათი”133.

ჟანდარმერიაც ადასტურებდა, რომ ირანის რევოლუციონერთა (მოჯაჰიდების) დამხმარე ცენტრი იმყოფებოდა თბილისში და მისი მთავარი წევრები იყვნენ ირანის ქვეშევრდომები: ექიმი ნარიმანოვი (ნარიმან ნარიმანოვი), ხალიჩების ვაჭარი _ სადიხოვი, ტყავის ვაჭარი _ ალექფეროვი და რიზაევი, თერძი _ მაშადი მაჰმუდი, ხილის ვაჭრები _ თაჰირ-ზადე და ახუნდოვი134.

51

1907 წელს, ირანის სახელოვანი შვილების სათარ-ხანისა და მისი უახლოესი მეგობრის ბაღირ-ხანის მეთაურობით, აჯანყებული თავრიზელები წინ აღუდგნენ შაჰის 40-ათასიან არმიას, რომელსაც სარდლობდა ირანელი ხალხის ჯალათი ეინ ოდ-დოულე. თავრიზი ბლოკირებული იყო, შაჰის რაზმები ცდილობდნენ ჩაეხშოთ რევოლუციური მოძრაობა. მამაცი თავრიზელები დიდი მსხვერპლის მიუხედავად, იგერიებდნენ იერიშებს. მწვავე და დაუნდობელი იყო ბრძოლა. თავრიზს სული ეხუთებოდა, ხალხი შიმშილობდა, სურსათის შესაზიდ გზებს ხშირად მტერი ჰკეტავდა, თავრიზელი აჯანყებულები სასწრაფო დახმარებას საჭიროებდნენ135.

კავკასიელები ირანში ჩავიდნენ პირველი მეჯლისის დარბევის შემდეგ. ირანის რევოლუციის ცნობილი მკვლევარი მ. პავლოვიჩი (ვოლონტერი) მიიჩნევდა, რომ ირანის რევოლუციაში 180 ქართველი მოღვაწეობდა136. მათგან შეიძლება გავიხსენოთ სერგო გამდლიშვილი, აპოლონ ჯაფარიძე, სედრაქა ზარიძე, კაკო კორინთელი, ლუკა ქოიავა, აპოლონ კუჭავა, სანდრო ვეშაგური, პეტრე ჩიჩუა, ვლადიმერ დუმბაძე, ვალიკო ბაქრაძე, გიორგი ემუხვარი, ნაცვაძე, ჩიტო და სხვ137.

სან-ოდ დოულე მოჰკლეს 1911 წლის თებერვალში. ამის შესახებ წერდნენ ირანული გაზეთები და ასახელებდნენ ვინმე ქვათაძეს, რომელიც ასოთამწყობად მუშაობდა გაზეთ “ირანე ნოუ”-ში. იგი ამ ტერორისტული აქტის დროს შეიპყრეს და ბორკილებდადებული რუსეთში გააგზავნეს. ასთარასთან გადახტა ზღვაში და დაიხრჩო. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ქვათაძეს რქმევია ილარიონი. მის გარდა ამ გაზეთში მუშაობდა კიდევ მეორე ქართველი ასოთამწყობი ივანე ბერბერაშვილი138.

მრავალი ქართველი შეეწირა ირანის რევოლუციას. მაგალითად, მარანდის გუბერნატორმა სიჯაი დოვლემ ხუთ დატყვევებულ ქართველს ჯერ თვალები დათხარა და შემდეგ მოაკვლევინა. ცოცხლად დარჩენილმა რევუოლუციონერებმა ჯალათ გუბერნატორზე შური იმით იძიეს, რომ მოტყუებით სასახლეში ბომბები შეუგზავნეს, ააფეთქეს დედა-ბუდიანად და თანაც, თვით მარანდაც აიღეს139.

52

1908 წელს რეშთში დაკრძალეს შალვა დოლიძე. გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა ცნობილმა ირანელმა ორატორმა ქემსაიმ: “ირანელებო! ირანის თავისუფლებას თავი შესწირა იბერიის შვილმა, რომელსაც ჩვენ ნაკლებად ვიცნობთ… გურჯები ყველას ჩვენი მტრები გვგონია. მაგრამ ხომ ყველა ჰხედავთ ვინა დევს უსულოდ თქვენს წინაშე. ეს გურჯი შალვა, შვილი გურჯისტანისა. დღეიდან ერთხელ კიდევ უნდა დავინახოთ და დავრწმუნდეთ, რომ თუ ჩვენ სამშობლო ირანს მრავალი მტერი ჰყავს, მოყვარეც საკმაოდ მოეპოვება. ეს ჩვენი მოყვარე ხალხი ირანისა გურჯებია და გაიგეთ კარგად, რომ დღეიდან ვერავითარი ძალა და შური ვერ შეარყევს ჩვენს და გურჯებს შორის მეგობრობას და თავისუფალი ირანიც ღირსეულ პატივს სცემს გურჯისტანის შვილებს”140.

მოგვიანებით, სამშობლოსაკენ მომავალ ქართველებს ხოის მოსახლეობა შემდეგი სიტყვებით აცილებდა: “იაშასუნ გურჯი, ხოშ გელდი ყარდაშ, ბათრუმ”-ის ძახილით (გაუმარჯოს ქართველებს, მობრძანდით ძმებო და სხვ.). “იკურთხოს ის ქვეყანა, ის მშობელი, ვინც თქვენ გშვათ. თქვენგნით შეწირული მსხვერპლი კეთილ ნაყოფს გამოიღებს და მომავალი თაობა ქებით მოიხსენიებსო”. მებრძოლნი ერთმანეთს გადაეხვივნენ დასამშვიდობებლად და მათ გულიდან მძიმე ოხვრა აღმოხდა, გრძნობას გზა მიეცა და თვალთაგან ცრემლი ადინა. ამ სურათს ქალები შორიდან თვალს ადევნებდნენ და მდუღარეთ ტიროდნენ, თან ღმერთს ავედრებდნენ თავს. ცხენოსანი რაზმი მინდორს გაეკრა, თოფების სროლა ატეხეს გამოსამშვიდობებლად… თვითმხილველის სიტყვით “ეს სურათი ისეთი დიდი, ისეთი თვალწარმტაცი იყო, რომ მისი აწერა შეუძლებელია. ეს უნდა ნახოთ, იგრძნოთ ის, რასაც ეს ორი სხვადასხვა სარწმუნოების, სხვადასხვა ტომის ხალხი გრძნობდა”141.

ირანთან დაახლოების სურვილს ყოველთვის გამოხატავდნენ ქართველები. შემთხვევითი არ იყო, რომ ახლადაარსებულმა უნივერსიტეტმა ირანისტების მოსამზადებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგა. 1919 წლის თებერვლის ბოლოს ამ მიზნით ირანში გაიგზავნა პროფესორობისათვის მოსამზადებლად დატოვებული სილიბისტრო ლომია სპარსული ენის შესასწავლად. მაგრამ უიღბლო ბედის გამო სახადისაგან იმავე წლის 10 აპრილს სიცოცხლეს გამოესალმა. უცხო ქვეყნის სამარეს მიებარა მახლობელ-ნათესავებისა და მეგობრებისაგან დაუტირებელი ახალგაზრდა მეცნიერი.

53

1924 წელს უნივერსიტეტის რექტორს თხოვნით მიმართავდა სილიბისტროს ქვრივი ვერა ლომია, რათა უიღბლო მეცნიერის ნეშტი ირანიდან სამშობლოში გადმოესვენებინათ142.

XX საუკუნის დასაწყისში და განსაკუთრებით, საბჭოთა რეჟიმის პირველ ათეულ წლებში მრავალი ქართველი წავიდა სამშობლოდან სხვადასხვა მიზეზით ემიგრანტად ირანში. მაგალითად, 1910 წელს ირანში ჩავიდა ნიკოლოზ წერეთელი, 1931 წელს დარეჯან ლაზარია, 1932 წელს ევგენია ლაზარია-წერეთლისა, ნატო კვირიკაშვილი, გიორგი გუჯაბიძე, ლუბა უშაკოვა-გუჯაბიძე, დავით სულხანიშვილი, როზალია ვართანიანი, ვლადიმერ მუზაშვილი, ოლღა მუზაშვილი, გიორგი გამყრელიძე143.

40-იანი წლების მეორე ნახევარში ზემოხსენებული ემიგრანტები და ირანში მცხოვრები სხვა ქართველები ითხოვდნენ სამშობლოში დაბრუნებას და მოქალაქეობის მიღებას, რაც მაშინდელმა მთავრობამ დააკმაყოფილა.

საინტერესოა, რომ 20-იან წლებში თბილისში მოქმედებდა სპარსული სკოლა. სპარსეთის დიპლომატიური წარმომადგენლის შუამდგომლობით აღნიშნული სკოლა გადაეცა თბილისის აღმასკომს. პედაგოგ-მასწავლებლები და სკოლის მომსახურე პერსონალი გადაყვანილ იქნა სახელმწიფო მომარაგებაზე. სკოლის გათბობის, განათებისა და სხვა საჭირო ხარჯების დასაფარავად საქართველოს განსახკომმა 354 მილიონი მანეთი (მაშინდელი კურსით) შეიტანა განათლების განყოფილების ხარჯთაღრიცხვაში144.

ასევე ფუნქციონირებდა თბილისის მეორე სპარსული სკოლა “იტტიფაქ”-ი, რომელიც გაიხსნა ჯერ კიდევ 1908 წლის 1 სექტემბერს. სკოლა არსებობდა ადგილობრივ ირანელ ქველმომქმედთა ხარჯზე. შენობა შედგებოდა ერთი დიდი, ორი საშუალო და ორი პატარა ოთახისაგან. მოწაფეთა რაოდენობა 1926 წელს 143 აღწევდა. მათგან 110 ვაჟი და 33 გოგონა. ყველა მოწაფე ეროვნებით აზერბაიჯანელი იყო (ირანის აზერბაიჯანიდან). აქედან 121 ირანის, ხოლო 22 _ “საბჭოთა ქვეშევრდომი”. სოციალური შემადგენლობის მიხედვით, მოწაფეთა 60% უღარიბესი გლეხის შვილი იყო, დანარჩენი _ სხვადასხვა სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდა. სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა ექვს ჯგუფში. პედაგოგიური პერსონალი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: 1. სიმა ხანუმ ფარაჯულაევა, სპარსეთის ქვეშევრდომი, დაბალი განათლებით; 2. ისმათ ხანუმ ალი-ზადე, საბჭოთა ქვეშევრდომი, 8 წლის პედაგოგიური სტაჟით; 3.

54

ისფანდიარ ალი-ზადე, საბჭოთა ქვეშევრდომი; 4. მირზა ტაგი რიზაევი, ირანის ქვეშევრდომი, 12 წლის პედაგოგიური სტაჟით; 5. ჰაჯი მამედ ჰავან მოვლა-ზადე, საბჭოთა ქვეშევრდომი, უმაღლესი განათლებით, 45 წლის პედაგოგიური სტაჟით; 6. რუსულსა და ფრანგულ ენებს ასწავლიდა ფარუხ-ხანუმ ყაჯარი. ის იყო ირანის შაჰების ყოფილი დინასტიის პრინცესა, ირანის ქვეშევრდომი, 10 წლის პედაგოგიური სტაჟით; 7. ქართულ ენას ასწავლიდა ნინო მღებრიშვილი, რომელსაც 7 წლის პედაგოგიური სტაჟი ჰქონდა145.

სკოლაში მთლიანად იგნორირებული იყო ე. წ. “საბჭოთა სკოლის” პრინციპები. განათლების ხელმძღვანელობა აუცილებელ ღონისძიებად მიიჩნევდა სასწავლო პროცესიდან ამოეღოთ არაბული და ფრანგული ენის სწავლება. შეეცვალათ სკოლის გამგე “საბჭოთა ადამიანით”146.

1922 წელს თბილისში ცხოვრობდა 3984 სპარსელი147. მათგან 95,6 მამაკაცი და 40,4 ქალი148. 1926 წელს, 1922 წელთან შედარებით, საგრძნობლად შემცირებულა სპარსელთა რაოდენობა. კერძოდ, 3219 სულით ანუ 80%-ით. მათ შორის, მამაკაცებისა _ 1890 ანუ 79,6, ხოლო ქალებისა _ 1329 ანუ 82,5%149.

ეს გარემოება გამოწვეული იყო იმით, რომ ამ პერიოდში საბჭოთა ხელისუფლების მიერ ნაციონალიზებული იქნა როგორც წვრილი, ისე მსხვილი საწარმოები და სავაჭროები. სპარსელები კი თბილისში ეწეოდნენ ვაჭრობასა და მრეწველობას, მათი სამრეწველო-სავაჭრო დაწესებულებების ნაციონალიზაციის შემდეგ ისინი, რასაკვირველია, იძულებული შეიქნენ და დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში150.

როგორც ჩანს თბილისში გარკვეულწილად, ფარულად არსებობდა სპარსელ სომეხთა კომიტეტი. მხოლოდ, 1925 წლის თებერვალში შინსახკომის ჩარევით გაირკვა, რომ აღნიშნული კომიტეტის რეზიდენცია მდებარეობდა ჩვენს დედაქალაქში სერგიევის ქ. #4-ში. კომიტეტი იყო სპარსეთის კონსულის უშუალო განკარგულებაში. ამ დროისათვის მან მოახერხა რეგისტრაციაში

55

გატარებულიყო. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებიდან არ ჩანს რა საქმიანობას ეწეოდა ეს ორგანიზაცია151.

1925 წლისათვის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობდა სპარსეთის მრავალი ქვეშევრდომი, რომელთაც არ გააჩნდათ ეროვნული პასპორტები. ბუნებრივია, ასეთი ვითარება ართულებდა მათ აღრიცხვას. კანონის შესაბამისად, ისინი ვალდებული იყვნენ მიემართათ სპარსეთის კონსულისათვის რეგისტრაციაში გასატარებლად152.

საქართველოს შინსახკომმა, მთავრობის დადგენილებიდან გამომდინარე, აცნობა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ ორგანოებს მიეღოთ ყველა აუცილებელი ზომა სპარსეთის ქვეშევრდომთა ეროვნული ვინაობის დამადასტურებელი მოწმობების შესაძენად153.

საქართველოს ტერიტორიაზე 1949 წელს ირანელთა 1670 ოჯახი ცხოვრობდა, რომლებიც სულადობრივად 5600 შეადგენდნენ. მათგან 730 ოჯახი 2300 სულის რაოდენობით ირანის ქვეშევრდომი იყო. 215 ოჯახს _ 600 სულზე მეტი _ არ ჰქონდა მოქალაქეობა, ხოლო 720-მა ოჯახმა _ 2690 სული, გააფორმეს საბჭოთა მოქალაქეობა.

ირანიდან მოსულთა საერთო რაოდენობიდან თბილისში ცხოვრობდა 1140 ოჯახი, მათ შორის, ირანის ქვეშევრდომი _ 575 ოჯახი, მოქალაქეობის არმქონე _ 3 ოჯახი და საბჭოთა მოქალაქეობა მიღებული 562 ოჯახი.

აღნიშნულ მოქალაქეთა უმრავლესობას კავშირი ჰქონდა ირანთან, ჰქონდა მიმოწერა ახლობლებთან. მრავალი მათგანი გაურბოდა შრომით საქმიანობას და მისდევდა ვაჭრობას. ირანელთა ნაწილი მტრულად იყო განწყობილი საბჭოთა ხელისუფლებისა და კოლმეურნეობებისადმი.

საქართველოში ასეთი რაოდენობის უცხოელთა და უცხო ქვეყნის ქვეშევრდომთა ცხოვრება, საზღვართან უშუალო სიახლოვეს მათი ყოფნა სერიოზულ სიძნელეებს ქმნიდა სახელმწიფო უშიშროების თვალსაზრისით. სამართალდამცავ ორგანოებს მიაჩნდათ, რომ აღნიშნული ვითარება ართულებდა “შპიონაჟთან” ბრძოლას, ამიტომ საქართველოს ხელისუფლება თხოვნით მიმართავდა საკავშირო უწყებას, მოსახლეობის ასეთი ნაწილი გადაესახლებინა კავშირის შორეულ რაიონებში154.

56

ბუნებრივია, საბჭოთა რეჟიმის პერიოდში საქართველო-ირანის ურთიერთობა ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. აი, ზოგიერთი მაგალითი: 1969 წლის დეკემბერში თბილისში ჩამოვიდნენ ირანის საქმიანი წრეების წარმომადგენლები. შეთანხმდნენ სასაზღვრო ვაჭრობის შესახებ. ირანის მხარე დათანხმდა შეესყიდა ქართული საქონელი 250 ათასამდე სავალუტო მანეთის ფარგლებში საექსპორტო ფასით155.

უფრო მნიშვნელოვანი იყო 70-იანი წლების დასაწყისში პროფესორ მაგალი თოდუას სამეცნიერო მივლინება ირანში, სადაც მეცნიერმა გამოავლინა XVI საუკუნის ქართველი პოეტის იასე თუშის უცნობი პოემა, თამაზ გურკის ოთხენოვანი ლექსიკონი156.

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ირან-საქართველოს ურთიერთობის ახალი ხანა დაიწყო.

 

გაგრძელება

გადასახლება

 

————————–

52 მორთეზა მეჰდი ფათემი, სპასრული მასალები XVI-XVII საუ-კუნეების ქართველ მოღვაწეთა შესახებ, თბ., 1982, გვ. 8-9.
53 მ. ანდრონიკაშვილი, ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან, I, თბ., 1966, გვ. 6.
54 მ. ანდრონიკაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 11-12.
55 იქვე, გვ. 22.
56 მ. ინაძე, ძველი კოლხეთის საზოგადოება, თბ., 1994, გვ. 48.
57 გ. ჭიპაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 6.
58 История Ирана, с. 52-53.
59 История Ирана, с. 57.
60 ჰეროდოტე, ისტორია, ტ. I, ბერძნულიდან თარგმნა, წინასიტყ-ვაობა და საძიებელი დაურთო თ. ყაუხჩიშვილმა, თბ., 1975, გვ. 226.
61 ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, I ნაწილი, თბ., 1998, გვ. 16-17, სქოლიო 2.
62 ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, I ნაწილი, გვ. 16-17.
63 ჰეროდოტე, ისტორია, I, გვ. 227.
64 ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, I ნაწილი, გვ. 15-16.
65 ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, I, გვ. 16, სქოლიო 1.
66 იქვე.
67 История Ирана, с. 58.
68 თ. დუნდუა, კოლხეთი, იბერია და გარესამყარო (ძვ. წ. VI-IV სს.), `ქართული დიპლომატია~, ტ. 4, 1997, გვ. 269.
69 მ. ინაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 103, სქოლიო 132.
70 მ. ინაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 100-101.
71 იქვე, გვ. 101, სქოლიო 128.
72 მ. ინაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 101-102.
73 თ. ბერაძე, მ. სანაძე, საქართველოს ისტორია, წიგნი I, (ანტი-კური ხანა და შუა საუკუნეები), თბ., 2003 გვ. 77.
74 ლ. ჭილაშვილი, ნეკრესის უძველესი ქართული წარწერები და ქართული დამწერლობის ისტორიის საკითხები, თბ., 2004, გვ. 31.
75 თ. ბერაძე, მ. სანაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 27.
76 დ. მალაზონია, ქართული ისტორიოგრაფიული აზროვნება XIX საუკუნის მეორე ნახევარში, თბ., 2001, გვ. 285.
77 ნ. ბახტაძე, კლდეში ნაკვეთი ძეგლების გენეზისი და განვი-თარების გზები საქართველოში (სადოქტორო დისერტაციის ავტორეფარატი), თბ., 2003, გვ. 31.
78 ნ. ბახტაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 32.
79 იქვე, გვ. 32-33.
80 თ. ბერაძე, მ. სანაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 54.
81 საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ., 1970, გვ. 666.
82 იქვე, გვ. 667.
83 თ. ბერაძე, მ. სანაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 56.
84 მ. ქურდიანი, წინაქრისტიანულ საქართველოში რელიგიური რეფორმის რამდენიმე მცდელობისა და მისი წარუმატებლობის მიზეზების შესახებ, კრ. `ისტორიის ინსტიტუტი 60 წლისაა~, თბ., 2001, გვ. 73.
85 მ. ქურდიანი, დასახ. ნაშრომი, გვ. 74.
86 ლ. ჭილაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 9-10.
87 ლ. ჭილაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 10.
88 ლ. ჭილაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 33.
89 Амброджо Донини, У истоков христианства, перевод с италянского, М., с. 63-64.
90 ლ. ჭილაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 57.
91 ლ. ჭილაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 77.
92 თ. ბერაძე, მ. სანაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 75.
93 ლ. ჭილაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 102-103.
94 ქართული დიპლომატიის ისტორია, თბ., 2003, გვ. 48-49.
95 История Ирана, с. 69-70.
96 დ. კაციტაძე, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან და რუსეთთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის ისტორიი-დან (XVII-XVIII სს.), თბ., 1992, გვ. 3.
97 ლ. ჭილაშვილი, ქალაქი რუსთავი, თბ., 1958, გვ. 205.
98 საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, თბ., 1973, გვ. 223.
99 საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, გვ. 588.
100 მ. წოწელია, სასანური პერიოდის საბეჭდავი სოფელ ღვანკითიდან, `საისტორიო ვერტიკალები~, # 3, 2002, გვ. 123.
101 А. А. Гвахария, Д. В. Кацитадзе, Грузино-Иранские культурно-исторические связи, Тб., 1978, с. 3.
102 საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, გვ. 225.
103 მორთეზა მეჰდი ფათემი, დასახ. ნაშრომი, გვ. 11.
104 ქართული დიპლომატიის ისტორია, გვ. 55.
105 ვ. გუჩუა, გადავხედოთ წარსულს, თბ.,, 1984, გვ. 26.
106 საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, გვ. 87.
107 ს. კაკაბაძე, ვახტანგ გორგასალი და მისი ხანა, თბ., 1994, გვ. 197-198.
108 ქართლის ცხოვრება, ტ. II, ტექსტის ადაპტაცია, ბოლოთქმა და განმარტებები ეკუთვნით: მ. სანაძეს, ნ. შოშიაშვილს, თბ., 1988, გვ. 39.
109 ს. კაკაბაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 229-230.
110 Л. И. Шайдулина, Арабская женщина и современность, М., 1978, с. 21.
111 ს. კაკაბაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 230-231.
112 ქართული პროზა, ტ. 1, თბ., 1981, გვ. 29.
113 საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, გვ. 247-248.
114 ს. კაკაბაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 229.
115 დ. კაციტაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 3-4.
116 დ. კაციტაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 6.
117 საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. III, თბ., 1979, გვ. 494-495.
118 იქვე, გვ. 495-396.
119 დ. კაციტაძე, XVII-XVIII საუკუნეთა ქართული დოკუმენტური წყაროები ირან-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობის შესახებ, კრ. `მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები~, II, თბ., 1972, გვ. 133.
120 თბილისის ისტორია, ტ. I, თბ., 1990, გვ. 283.
121 გ. ჟორჟოლიანი, საქართველო XVII საუკუნის 30-50-იან წლებში, თბ., 1987, გვ. 49.
122 თბილისის ისტორია, ტ. I, გვ. 443.
123 ნ. ასათიანი, საქართველოს ისტორია, თბ., 1999, გვ. 297.
124 დ. კაციტაძე, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან და რუსეთ-თან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის ის-ტორიიდან (XVII-XVIII სს.) თბ., 1992, გვ. 21.
125 დ. კანდელაკი, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხები გერმანულ წყაროებში (XVIII ს-ის II ნახევარი _ XIX ს-ის I ნახევარი), თბ., 2002, (სადოქტორო დისერტაცია), გვ. 127.
126 თბილისის ისტორია, ტ. I, გვ. 440.
127 დე გრაი დე ფუას ცნობები საქართველოს შესახებ, ფრან-გულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ჯუმბერ ოდიშელმა, თბ., 1985, გვ. 47.
128 დ. კანდელაკი, დასახ. ნაშრომი, გვ. 185.
129 გ. ციციშვილი, ლიტერატურათმცოდნეობითი ძიებანი, ექვს ტომად, ტომი პირველი, თბ., 2000, გვ. 479.
130 კ. ხარაძე, XVII-XIX საუკუნეების ქართველი მოგზაურები, თბ., 1987, გვ. 55-56.
131 გ. ციციშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 480.
132 История Ирана, с. 270.
133 ა. კელენჯერიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 20.
134 იქვე, გვ. 21.
135 იქვე, გვ. 27.
136 ა. კელენჯერიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 21.
137 Бадр Хасан Парвизпур, Великий октябрь и суверенитет Ирана, Тбилиси., 1984, с. 16, сноска16.
138 ა. კელენჯერიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 39.
139 იქვე, გვ. 141.
140 ა. კელენჯერიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 17.
141 გ. ჭიპაშვილი, თავრიზის 1908-1909 წლების აჯანყება და ქარ-თული პრესა, თბ., 1979, გვ. 82.
142 სუიცსა, ფ. 471, ანაწ. 1, საქ. 163, ფურც. 253.
143 იქვე, ფ. 1206, ანაწ. 2, საქ. 319, ფურც. 4-6.
144 ტრიბუნა, 1923, 6 აპრილი
145 საქართველოს პრეზიდენტის არქივი (შემდეგში სპა), ფ. 14, ანაწ. 3, საქ. 269, ფურც. 5.
146 იქვე, ფურც. 6.
147 შ. კაკურია, ქ. თბილისის მოსახლეობა 1803-1970, თბ., 1979, გვ. 69.
148 იქვე, გვ. 73.
149 იქვე, გვ. 91.
150 იქვე, გვ. 91, სქოლიო 47.
151 სუიცსა, ფ. 285, ანაწ. 1, საქ. 839, ფურც. 7.
152 იქვე, ფ. 600, ანაწ. 4, საქ. 78, ფურც. 66.
153 სუიცსა, ფ. 600, ანაწ. 4, საქ. 78, ფურც. 62.
154 სპა, ფ. 14, ანაწ. 25, საქ. 229, ფურც. 4.
155 სუიცსა, ფ. 600, ანაწ. 24, საქ. 1175, ფურც. 512.
156 იქვე, ფ. 2091, ანაწ. 1, საქ. 4987, ფურც. 1, 2.

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s