Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ბელორუსი – ჩრდილოეთ ოსეთი

 

ბელორუსში ჩრდილოეთ ოსეთის აღიარებაზე ალაპარაკდნენ

 

თეა მარხვაიძე

11 მარტი, 2010 წელი

მოსკოვი უკვე დიდი ხანია ლუკაშენკოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებაზე “ეჩალიჩება”. ბელორუსის პრეზიდენტს აღიარებასთან დაკავშირებით ტკბილი სიტყვებით გაჯერებულ ბარათებს წერდნენ კოკოითი და ბაღაფშიც. მათმა წერილებმა ჩვენს ხელისუფლებაზე გასაოცრად იმოქმედა და თუ ამ წერილებამდე ლუკაშენკო ევროპის უკანასკნელი დიქტატორი იყო, ახლა ის დემოკრატიის ულვაშებიანი შუქურაა. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენებური ზონდერები იქაურ არჩევნებში აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას. რასაკვირველია, ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეებს მოუსინჯავენ ყბების სიმაგრეს თუ იქამდე მოსკოვმა მინსკი აღიარებაზე არ დაითანხმა.

 

აღიარებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი ვაჭრობა მიმდინარეობს. ლუკაშენკო იმაზე ბევრად ჭკვიანი გამოდგა, ვიდრე ვინმეს ეგონა. მან არაღიარების სანაცვლოდ ევროკავშირისგან მნიშვნელოვანი დახმარება მიიღო. აღიარების შემთხვევაში რუსეთიც გაიღებდა გასაღებს, მაგრამ მინსკმა ევროპული დახმარება ამჯობინა.

 

აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით წერილები არ წყდებოდა. იმდენი წერეს ბაღაფშმა და კოკოითმა წერილები, რომ გომელში აღიარების გუნებაზე მოვიდნენ, ოღონდ არა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, არამედ ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა ალანიის.

 

ბოლო ხანებში ჩრდილოეთ ოსეთთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ამბები ხდება. ამასწინეებზე ვიქტორ იანუკოვიჩმა ჩრდილოეთ ოსეთი და სამხრეთ ოსეთი ერთმანეთში აურია. პრეზიდენტის რანგში თავის ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში განაცხადა, ჩრდილოეთ ოსეთის აღიარებას არ ვაპირებთო.

 

ამასობაში ჩრდილოეთ ოსეთში ძალიან საინტერესო პროცესები დაიწყო. მას შემდეგ, რაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთი აღიარა, ჩრდილოეთში სეპარატისტული მოძრაობა საკმაოდ გაძლიერდა.

 

აქ უკვე ღიად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ალანიას უფრო მეტად ეკუთვნის დამოუკიდებლობა, ვიდრე სამხრეთ ოსეთს. ისე, სად იყო სამხრეთ ოსეთში სეპარატისტული მოძრაობა, რომ ჩრდილოეთ ოსეთი რუსეთისგან გამოყოფას ითხოვდა.

 

გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ვლადიკავკაზში (მაშინდელი ორჯონიკიძე) რამდენიმე ასეული ახალგაზრდა დააპატიმრეს. ოფიციალური ვერსიით ისინი ხულიგნობის გამო დააკავეს. შემდეგ გაირკვა, რომ რამდენიმე ასეული ოსი ჯეელი ჩრდილოეთ ოსეთის რუსეთისგან გამოყოფას და საქართველოს შემადგენლობაში შეყვანას ითხოვდა. ოსმა ახალგაზრდებმა ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზის გამო მიიღეს.

 

ჩრდილოეთ ოსეთში ოსური სკოლები არ ფუნქციონირებდა. ოსურ თეატრსა და უმაღლეს სასწავლებელზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო. სამაგიეროდ, ცხინვალის რეგიონში ამ მხრივ ყველაფერი სხვაგვარად გახლდათ.

 

ის რამდენიმე ასეული ოსი ჯეელი თავისი ხალხის გარუსებისგან გადარჩენას ცდილობდა. მათი აზრით, ოსები თვითმყოფადობას მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში შეინარჩუნებდნენ.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩრდილოეთ ოსეთის საქართველოში შემოყვანის ინიციატივით თავის დროზე სერგო ორჯონიკიძე გამოვიდა. მან ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენჯერმე მიმართა სტალინს. იმან კიდევ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ასე დარჩა ჩრდილოეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში.

 

ახლა კი შეიძლება იქ სერიოზული პროცესები დაიწყოს. რუსეთმა ამ რეგიონზე კონტროლი გააძლიერა. რუსული სააგენტოები გამუდმებით მიუთითებენ იმაზე, რომ ჩრდილოეთ ოსეთში სეპარატიზმი ძლიერდება.

 

რუსი და ქართველი ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ძალიან მალე ჩრდილოეთ ოსეთი დამოუკიდებლობას მოითხოვს. რუს პოლიტიკოსებს თუ დავუჯერებთ, ამ “ბოროტ” აზრებს ჩრდილოელ ოსებს დასავლეთის ბოროტი ძალები აწვდიან.

 

როდის გამოვლენ ჩრდილოელი ოსები დამოუკიდებლობის მოთხოვნით, ძნელი სათქმელია. მათ მაგივრად ეს მოთხოვნა ბელორუსელებმა უკვე დააყენეს. არადა, რუსეთს იმედი ჰქონდა, რომ მინსკი სამხრეთის აღიარებაზე დათანხმდებოდა. იმათ კიდევ ჩრდილოეთის აღიარება მოუნდათ.

 

როგორც ჩანს, ქალაქ გომელის #30 ოლქის ამომრჩევლებმა ჩრდილოეთ ოსეთში გემრიელი ხაბიზგინები ჭამეს. მადლობის ნიშნად კი მათი აღიარების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

 

როგორც ბელორუსული პრესა იტყობინება, გომელის #30 ოლქის ამომრჩევლები იგორ სლუჩაკმა დარაზმა. ეს კაცი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთ. იმას აუგდია იქაურები, მოდით ერთი, ჩრდილოეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ვაღიაროთო.

 

ეპისტოლური ფორმით შედგენილი მოთხოვნა და ხელმოწერები მანვე წარადგინა ბელორუსის პარლამენტში და ბელოურსიის პარლამენტი როგორ მოიქცა? მათმა უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უარი განაცხადა ჩრდილოეთ ოსეთის აღიარებაზე. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, საკითხიც კი არ განიხილა.

 

– იქედან გამომდინარე, რომ ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანია რუსეთის ფედერაციის სუბიექტია, მისი სტატუსის შეცვლის პრეროგატივა რუსეთის ფედერაციას ეკუთვნის, – ასეთი პასუხი გამოუგზავნეს სლუჩაკს და მის თანამოაზრეებს ბელორუსიის პარლამენტიდან.

 

ამ პასუხმა იგორ სლუჩაკის აღშფოთება და გაკვირვება გამოიწვია. მან თავისი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში დაადანაშაულა.

 

– ერთი მხრივ, ისინი ჩრდილოეთ ოსეთის საკითხის გადაწყვეტას რუსეთის პრეროგატივად აღიარებენ, მეორე მხრივ კი, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტაში საქართველოს პრეროგატივას არ ცნობენ. ეს ორმაგი სტანდარტებია, – განაცხადა სლუჩაკმა “ბელორუსკი პარტიზანთან” საუბარში.

 

იმავე გაზეთთან საუბარში სლუჩაკმა იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხს საგარეო საქმეთა სამინისტრო უფრო სერიოზულად განიხილავს. საქმე ისაა, რომ ბელორუსიის პარლამენტმა ეს საკითხი განსახილველად საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა.

 

 

                “ახალი თაობა ”  # 58

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s