Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• მამალაძე- ჩრდილო ქართლი

 ♥ სამაჩაბლო – Samachablo

გაიოზ მამალაძე

მკაცრი გამოთქმები, ანუ ჩრდილო ქართლი და არა სამხრეთ ოსეთი

 

საქართველო დამარცხდა საომარ მოქმედებებში 2008 წლის აგვისტოში რუსეთის იმპერიასთან (იმედია დროებით). ამ მარცხის შედეგად ოკუპირებულ და ანექსირებულ იქნა ძირძველი ქართული ტერიტორიები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისა. ომი რუსეთსა და საქართველოს შორის დიდი ხანია, 1800 წლიდან მიმდინარეობს. პერმანენტულად ის შეიარაღებულ ხასიათს იღებს (1800 წლის ნაძალადევი ანექსია ქართლ-კახეთისა, 1810 წლის ნაძალადევი ანექსია იმერეთისა, აჯანყებები XIX საუკუნეში, 1921 წლის ომი რუსეთთან, 1924 წლის აჯანყება, ომი რუსეთთან 1991-1992 წლებში ცხინვალში, ომი რუსეთთან 1992-1993 წლებში აფხაზეთში, 2008 წლის ომის ესკალაცია და სხვა და სხვა).

საქართველო-რუსეთის ომი, ჩვენი სამამულო ომი რუსეთთან არ დასრულებულა. მან დიპლომატიური ხასიათი მიიღო. ამასთან, როდის განაახლებენ არაადექვატური რუსი პოლიტიკოსები საომარ მოქმედებებს უცნობია. ამისთვის უნდა ვემზადოთ.

დიპლომატიურის გარდა მიმდინარეობს რუსეთ-საქართველოს შორის ფსიქოლოგიური და პროპაგანდისტული ომი. ამ ომსაც ჩვენ მომზადებული ვერ შევხვდით და, სამწუხაროდ, აქაც ვაგებთ.

ქვეყნების, უფრო სწორად, სახელმწიფოების დაარსებას, არსებობას აქვს გეოგრაფიული, ეთნიკური და სხვა საფუძველები.

მაგალითად, ტომობრივ გაერთიანებებს აყალიბებდნენ ერთგვარი წარმოშობის ტომები. მერე, მათ შეიძლება დაეპყროთ, შეეერთებინათ სხვა წარმოშობის ტომები, მაგრამ ეს მხოლოდ მეორე ეტაპზე ხდებოდა.

გარდა ამისა, ტომებისა და ტომთა გაერთიანებების შექმნასათვის, რომლისაგანაც მერე ეთნოსი იქმნებოდა, საფუძვლად გეოგრაფიული გარემო იქცეოდა ხოლმე. კერძოდ, ასეთი გაერთიანებების შესაქმნელად აუცილებელი პირობა ყოველთვის იყო ადვილად მისაწვდომობა, ურთიერთობა ერთმანეთში.

მაგალითად, ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთ ნაპირებზე, სადღაც საფრანგეთში მცხოვრები ტომები და ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროებზე, სადღაც აფრიკაში, მცხოვრები ტომები, თუნდაც ნათესაური წარმოშობის ყოფილიყვნენ, ერთ ეთნოსად ვერ ჩამოყალიბდებოდნენ და ვერც ერთ სახელმწიფოს შექმნიდნენ ვერაფრისდიდებით.

კონკრეტული ეთნოსი კონკრეტულ, საერთო ტერიტორიაზე ყალიბდება. თუ მას შუაში ჰყოფს რაიმე ზღუდე, ასეთ ვითარებაში ეთნოსი ვერ ყალიბდება.

ასეთ ზღუდეებია, როგორც ვთქვით, ზღვა, უდაბნო, დიდი და გადაულახავი, თუნდაც ზამთრობით, მთაგრეხილები, დიდი და გადაულახავი, თუნდაც რამდენიმე თვით მდინარეები.

უკვე ჩამოყალიბებული ეთნოსი, ახლა რომ გაყო და ზღუდის (ზღვა, მთაგრეხილი, უდაბნო და ა. შ.) აქეთ-იქით რომ დაასახლო, მან შეიძლება არ დაკარგოს საერთო თვისებები და ორ ეთნოსად არ გაიყოს. პირველი იმიტომ, რომ ახლა, XXI საუკუნეში, კომუნიკაცია (მიმოსვლა, კულტურული ურთიერთობა და სხვა), განვითარებულია, თანაც ეთნოსები უკვე ჩამოყალიბებულია. ამ მხრივ კი ვითარება სულ სხვაგვარი იყო მრავალი საუკუნისა და, მით უმეტეს, ათასწლეულების წინ.

მაგალითად ირანელები და ოსები ნათესავები არიან, მაგრამ ერთი ერის წარმომადგენლები სულაც არ გახლავან, იმიტომ, რომ სხვადასხვა ადგილას ცხოვრობდნენ და სხვადასხვა ხალხად ჩამოყალიბდნენ. ასევე გერმანელები და ოსები, ათასი წლების წინ ნათესავები იყვნენ, მაგრამ ახლა, სხვადასხვა ადგილებში ცხოვრების გამო სულ სხვადასხვა ხალხია.

კავკასია იმთავითვე დასახლებული იყო მონათესავე ხალხებით, იაფეტური ტომებით, იბერიელ-კავკასიელებით, მაგრამ, ერთ ხალხად ისინი არ ჩამოყალიბდნენ, იმიტომ, რომ ბუნებრივი ზღუდე, კავკასიის დიდი წყალგამყოფი ქედი, ჰყოფდა. სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა ქართველთა ერი, ასევე ყოფილი ალბანელები (აღმოსავლეთში), ხოლო ჩრდილოეთში ადიღეელები, ვაინახები და დაღესტნის ხალხები.

განსაკუთრებით მთას ახასიათებს გაყოფა ხალხისა და დაუახლოება, არ დაახლოება ტომებისა. დაღესტანში თითქმის ყოველი მთის აქეთ-იქით, ოცდაათზე მეტი ეთნოსი ჩამოყალიბდა, თანაც ძირითადად იბერიულ-კავკასიური, მაგრამ, მაინც სხვადასხვა. მთების გადაღმა-გადმოღმა მცხოვრებლები სხვადასხვა ეთნოსების წარმომადგენლები არიან, ერთმანეთისაგან განსხვავებულ ენაზე მეტყველნი.

ოსური ეთნოსი კავკასიურ-იბერიული წარმოშობისა არ არის. მაშასადამე ის მოსული ერია. მოსულობა, მაინცდამაინც არ ნიშნავს გუშინ შემოჭრილობას, “მოთრეულობას” და სხვა. შესაძლოა, ისინი დიდი ხნის წინ მოვიდნენ, შეიძლება რამდენიმე ათასეული წლის (თითქმის ორი) წინაც, მაგრამ, პირველადი მაინც იბერიელები არიან, ოსების არა მონათესავენი. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი გასაყრელები არიან, ჩვენ სხვა რამეს ვამბობთ.

თუ ოსები მოვიდნენ, მაშასადამე ან ჩრდილოეთიდან მოვიდოდნენ, ან სამხრეთიდან, კავკასიის დიდ წყალგამყოფ ქედზე. ქედ-ქედ ვერ ივლიდნენ აღმოსავლეთიდან, თუნდაც დასავლეთიდან. თანაც მთელი ხალხის სვლა, აქეთ თუ იქეთ, არ არის ერთი გარკვეული, მოკლე პერიოდის საქმე. ეს დროში გაწელილის ვითარებაა, თანდათანობითი.

ოსები სამხრეთიდან მოსულები არ არიან, ეს ჩანს ისტორიიდან, წყაროებიდან და ფაქტობრივი მდგომარეობითაც. სამხრეთიდან მოსულები რომ იყვნენ, ჯერ ერთი, უფრო მეტნი სამხრეთში იქნებოდნენ, ანუ კავკასიის დიდი წყალგამყოფი ქედის სამხრეთით და ნაკლებნი კავკასიის დიდი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთში. საქმე კი სხვაგვარადაა. თან არც გადავიდოდნენ ჩრდილოეთში, მწირ მთიან მიწებზე, მეტიც, არც ავიდოდნენ მთებში.

მეორე, სხვა ეთნოსთან, ანუ ქართველებთან ექნებოდათ ბუნებრივი ზღუდე, თავისი ეთნოსის გარშემო, როგორც ყველა ერს აქვს (ჰქონდა) ბუნებრივი ზღუდე. მაგალითად, ქართველებს ბამბაკის მთები სომხეთთან, შავი ზღვა დასავლეთიდან, კავკასიონი ჩრდილოეთიდან და სხვა. მით უმეტეს, მთავარი დასახლება არ ექნებოდათ ქართველების მეზობლად ველებზე და მთისწინებში (ვგულისხმობ ცხინვალს _ ქრცხინვალს, რომელიც ისედაც ქართული ტოპონიმია).

მესამე და მთავარი, ქართული კულტურა უფრო განვითარებული იყო ყოველთვის და ყოველ დროს ამ ბოლო ათასწლეულების მანძილზე (სამი ანბანი, ჰაგიოგრაფია, ჰიმნოგრაფია, ისტორიოგრაფია, პოეზია, არქიტექტურა), უფრო განვითარებული იყო სახელმწიფოც (კულტურიდან გამომდინარე). მათ კი საერთოდ დამწერლობაც არ ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, გინდა თუ არ გინდა, ისინი ქართულ ეთნოსში გაითქვიფებოდნენ დიდი ხნის მოსულები რომ იყვნენ. ასეთია ისტორიზმის მკაცრი კანონი.

ჩვენ ვიცნობთ, კავკასიის მთის კალთებზე მცხოვრებ დვალების ისტორიას, ზოგი თვლის, რომ ისინი ქართული ტომი იყო, ზოგს ბაცბურად (ვაინახურად) მიაჩნია. ბევრი დვალი მოღვაწეა ცნობილი ქართულ კულტურაში, არც ერთი ოსურ კულტურაში, იმიტომ, რომ დვალები მწერლურ კულტურაში მოღვაწეობდნენ, ხოლო ოსებს მხოლოდ ფოლკლორული კულტურა ჰქონდათ იმ დროს და მეოცე საუკუნემდე.

თუ მივყვებით ოსებისა და რუსების ნააზრევს, აქეთ სამხრეთში “იყო ოსეთი” იქეთ ჩრდილოეთში არის ოსეთი და შუაში იყო ქართული კულტურის კუნძული? მაშ, როგორ მოხდა, რომ ერთი ეთნოსი ჩამოყალიბდა კავკასიის დიდი წყალგამყოფი ქედის გაღმა-გამოღმა, იმ პირობებში, როდესაც 6-7 თვით იკეტება ზამთარში გადასასვლელი ჩრდილოეთში სამხრეთიდან, და თანაც შუაში ცხოვრობდა ტომი, ქართული (თუნდაც ვაინახური) და არა ოსური. რა ოსებს, მაშინაც, ათასი წლების წინ, როცა ეთნოსები ყალიბდებოდა რუსები ეხმარებოდნენ ავიაციით და ქედის აქეთ-იქით აფრენდნენ თუ ოსებს ჰგონიათ როკის გვირაბი ათასწლეულების წინ გათხარეს სლავებმა? ისე, რუსებიც, ოსების მსგავსად, განვითარების სხვა საფეხურზე იყვნენ მაშინ.

ყველა, ვინც ერკვევა ისტორიაში, გეოპოლიტიკაში, ფსიქოლოგიაში, კულტურის ისტორიაში, გეოპროგნოზირებაში და ა. შ. იტყვის, რომ სტრატეგიულად ოსებს არა აქვთ ისეთი ტერიტორია დაკავებული, ჩრდილო ქართლი, რომ მისი ათვისება და მიერთება შეძლონ ოსეთზე (“ჩრდილო ოსეთზე”). კავკასიონის ქედი ის ბუნებრივი ზღუდეა, რომელიც ღმერთმა დააწესა ქართველთა ქვეყნის სიმაგრედ (მოვა დრო და აფეთქდება როკის გვირაბი).

არსად არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც შუაში, თვეების მანძილზე მიუდგომლად, ჰყოფდეს მწვერვალები, ხოლო ჩრდილო და სამხრეთ (თუნდაც სხვა ნებისმიერი) განაპირა სასაზღვრო მხარეები დაბლობებს ადგებოდეს. ასეთ “სახელმწიფოს” გეოსტრატეგიულად მომავალი არა აქვს. აღარაფერს ვამბობთ სხვა ფაქტორებზე.

ჩვენი წერილი არ არის დაცინვა ოსების კულტურისა ან წარსულისა. ჩვენი წერილი არის მძაფრი არგუმენტები მათ გასაგონად, ვინს თავს იტყუებს, თითქოს ჩრდილო ქართლში არსებობს ან არსებულა სამხრეთ ოსეთი. ჩვენ ვაფასებთ ოსურ ფოლკლორს, კულტურას, მაგრამ ჭეშმარიტების დადგენისათვის კამათში, ხშირად სასაცილო ვითარებაში ვარდება ხოლმე უტიფარი.

ასეთთა შორის უნებლიედ, გაუნათლებლობისა თუ გონებრივი განუვითარებლობის გამო არიან ქართველებიც, რომლებიც ჩრდილო ქართლს სამხრეთ ოსეთად მოიხსენიებენ.

ასეთ შეცდომას, ასეთ უცოდინრობას, გაუნათლებლობას, უწიგნურობას და ა. შ. არც ერთი ერი არ დაუშვებდა.

მაგალითად, სომხები არაფრისდიდებით არ დაარქმევდნენ არარატის მხარეს აღმოსავლეთ თურქეთს, ან დვინის მიწას ჩრდილოეთ ირანს, ყარაბაღს _ სამხრეთ აზერბაიჯანს და ა.შ.

აზერბაიჯანლები არასოდეს შეარქმევენ ყარაბაღის მხარეს აღმოსავლეთ სომხეთს.

საკუთარი ძირძველი ტერიტორიისათვის, ისტორიული მხარისათვის, უცხო ეთნოსის სახელწოდების მიკუთვნება არის მხოლოდ ქართველებისთვის დამახასიათებელი.

იმის გამო, რომ ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილი ერთი პერიოდი სომხებს (სომხურ დინასტიას) ჰქონდათ დაპყრობილი, ამ მხარეს, (ლორე-ტაშირს, ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილს) ქართველებმა უწოდეს “სომხითი”. მხოლოდ ქართველები უწოდებდნენ ასე. არც ერთი ერის წყაროებში “სომხითად” არ არის მოხსენიებული ეს მხარე, მათ შორის არც არმენულ (სომხურ) წყაროებში. ქვემო ქართლს მანამდეც და მერეც არმენულ წყაროებში “ვრაც დაშტი” _ ქართველთა ველი ჰქვია. მით უმეტეს, მოსახლეობის ძირითადი ნაწილი იქ ქართული იყო. საერთოდ, ქვემო ქართლის საზღვარი გადიოდა დღევანდელი ბამბაკის ქედზე.

ვინაიდან ერთი პერიოდი ერთ-ერთი სომხური დინასტია, ცოტა ხნით, ქვემო ქართლში იჯდა. ლორეს მხარეს სომეხთა “მეფის საჯდომი ადგილი” უწოდეს.

სახელწოდებას, დამოკიდებულებას საკითხისადმი აქვს საკრალური ძალა, ამიტომ მეოცე საუკუნის ოციან წლებში დავკარგეთ ლორე-ტაშირი, ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილი. იგი მიითვისა არმენიამ რუსებისა და სტალინის მეშვეობით.

ქართულმა იდეოლოგიამ უდიდესი შეცდომა დაუშვა ლაზეთთან მიმართებაში. თამარ მეფის მიერ დაარსებული ტრაპიზონის იმპერიის კეისარს, ქართველი ავტორები ბერძენთა მეფეს უწოდებდნენ გვიან საუკუნეებში, ხოლო ტრაპიზონ-ქალდეას, შუა და დასავლეთ ლაზეთს _ საბერძნეთს.

ზოგიერთის აზრით, ტრაპიზონის კეისრები, კომნენოსები, რომლებიც მანამდე ბიზანტიის საიმპერატორო ტახტზეც ისხდნენ, წარმოშობით ქართველები, ლაზები იყვნენ. შეიძლება ეს ვარაუდი არ არის სწორი, მაგრამ ფაქტია, ტრაპიზონის პირველი იმპერატორი, ალექსი, თამარ მეფის კარზე იყო გაზრდილი ქართულად. ტრაპიზონის “იმპერიაც” საქართველოს ავტონომიურ ნაწილად იყო ჩაფიქრებული. მით უმეტეს, ამ საკეისროს ტერიტორია რომ ლაზური ანუ ქართული იყო, უდავოა. თანაც ტრაპიზონის საკეისროში მოსახლეობის 70%-ზე მეტი ლაზი იყო. მაშ როგორ იყო ტრაპიზონი ბერძენთა მეფის სადგომი, ან როგორ გამოდის ლაზეთი საბერძნეთი?!

ასეთმა სენმა თავისი შედეგი გამოიღო, დავკარგეთ ლაზეთი და ლაზების შემობრუნებაც ურთულესია. ლაზეთის ისტორიის დაბრუნებაც ჭირს, რაც მხოლოდ პავლე ინგოროყვამ დაიწყო, სხვა ისტორიკოსები კი არ აჰყვნენ დღემდე (ახალი ქართული საისტორიო სკოლა ამ მიმართლებით მუშაობს, თუმცა ბევრი ვერ განიკურნა ძველი დაავადებისაგან).

ჩვენ მოვახერხეთ და აფსუებს (აფსნიებს) აფხაზები დავარქვით და აფხაზეთს ვჩუქნით. აფსუა საწყენი სიტყვა სულაც არ არის, ისინი თავის თავს აფსნი-ს უწოდებენ.

ანალოგიური რამ ხდება სხვა მიმართულებითაც.

რის ახსნასაც ახლა ვცდილობ, ყველა ნორმალური ქართველისთვის გასაგები უნდა იყოს. მაგრამ, სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებას დღესაც არა აქვს შემუშავებული ადეკვატური დამოკიდებულება პრობლემებისადმი.

მეტიც, პირდაპირ უნდა ითქვას, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი არის დასნებოვნებული ქრონიკული იდეოლოგიური დაავადებით, რადგან ძირძველ ქართულ მიწას “ოსეთს” უწოდებს.

პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებისაგან ხშირად გაიგონებთ _ “ოსეთი ჩვენია”, “ოსეთი ქართული სახელმწიფოს ტერიტორიაა” და სხვა.

თუ ოსეთია (?), ჩვენი როგორღაა. თუ ოსეთია (?), ოსების ყოფილა და მაშ აგრესორები ვართ რუსებისამებრ?!

ხელისუფლება ამას არ უნდა სჩადიოდეს, თუ სხვები ვერ ერკვევიან საქმის ვითარებაში, ხელისუფლებას მაინც უნდა ესმოდეს ტერმინის მნიშვნელობა. ქართულ ელექტრონულ მედიაში ძალიან ხშირად გაისმის ტერმინი “დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთი”. ეს ნიშნავს, რომ ფაქტიურად ანუ ნამდვილად ეს ტერიტორია არის სამხრეთ ოსეთი (“დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა” ოდნავ ნაკლები სისულელეა).

უფრო მეტიც, იდეოლოგიურად დაავადებული ფანტაზია უფრო წინ წავიდა და გაჩნდა ტერმინი “დე-ფაქტო ოსეთი”. ეს უფრო მეტად განვითარებული და გამძაფრებული ფორმაა დაავადებისა. რა თქმა უნდა, არა მარტო ამის მთქმელი ჟურნალისტები, არამედ მათთვის სამუშაოს მიმცემებიც აღნიშნული იდეოლოგიური დაავადებით არიან დასნებოვნებულნი.

საიდან გამოჩხრეკენ ხოლმე ასეთ კადრებს, სად მიიღეს განათლება, რა ასწავლეს ოჯახში, რატომ არ სურთ დაუკვირდნენ საქმეს, შეისწავლონ პრობლება _ გაუგებარია?!

ქართულ მედიას უყვარს ტერმინი “დე-ფაქტო პრეზიდენტი კოკოითი” (ან ბაღაფში). ასეთი ტერმინიც ვერ არის მთლად ჯანსაღად მოაზროვნის გამოგონილი ან გამოყენებული (ისე, რომ ვიცოდეთ რუსეთის შემოგდებულია).

“პრეზიდენტი” არის კანონიერად არჩეული სახელმწიფოს მეთაურის ტიტული. ხოლო კოკოევი და ბაღაფში არიან უკანონო, სეპარატისტულ-ტერორისტული ბანდების მეთაურები, საოკუპაციო რეჟიმების ხელმძღვანელები. ამიტომ მათ შესახებ უნდა ითქვას: ე. წ. პრეზიდენტი, ან უკანონო “პრეზიდენტი”, ან “სეპარატისტულ-ტერორისტული სახელმწიფოს “პრეზიდენტი”.

დანაშაულია რუსების მიერ შემოგდებული კიდევ ერთი ტერმინის, “თვითგამოცხადებული რესპუბლიკის” გამოყენებაც.

თვითგამოცხადებული ნიშნავს, რომ არ არის აღიარებული, მაგრამ კანონიერი საფუძვლები (იურიდიული, ისტორიული და სხვა) აქვს ამ “თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას” და მომავალში მოხდება სხვათა მიერ მისი აღიარებაც.

საერთოდ, ყველა სახელმწიფო თვითგამოცხადების საფუძველზეა შექმნილი, საკუთარი თავის მიერ (თვით) გამოცხადებული დამოუკიდებლობის დეკლარაციის საფუძველზე.

დანაშაულია ტერმინ “არაღიარებულის” გამოყენება ტერორისტულ-სეპარატისტული რეჟიმების მიმართ. არაღიარებული, ანუ ჯერ არაღიარებული, კანონიერი?

ხშირად მინახავს ქართველი ახალგაზრდები ან ბავშვები დიდი რიხით აცხადებენ, რომ “წავლენ საომრად და არავის დაუთმობენ ოსეთს”. უცხო თვალისთვის ეს შოვინისტური გამოხდომაა, იმპერიალისტური ფსიქოლოგიაა. რადგან, ვიმეორებ, დალოცვილებო, თუ ოსეთია რას ვერჩით.

სინამდვილეში არ არის ოსეთი, არც სამხრეთ ოსეთია. არ არის სწორი სამაჩაბლოც. მაჩაბლების სათავადო ძალიან პატარა იყო, ის არ მოიცავდა მთელს ცხინვალის რეგიონს. გარდა მაჩაბლებისა ამ ტერიტორიაზე არსებობდა ფალავანდიშვილთა და სხვა ფეოდალთა სათავადოები.

ცხინვალის რეგიონიც ხელოვნური ფორმაა.

გეოგრაფიისა და გეოგრაფიული ტერმინების მნიშვნელობის ზრდამ გარკვეული ცვლილებები შეიტანა თანამედროვე ტოპონიმიკაში, თანამედროვე ინფორმაციაში, ასევე გეოპოლიტიკაში და სხვა. გაჩნდა ახალი მიდგომები.

ძველად საქართველო იერუსალიმისათვის ჩრდილოეთის ქვეყნად მოიაზრებოდა. “წმიდა ნინოს ცხოვრება” მოგვითხრობს, როცა წმიდა ქალწული გამოიკითხავდა უფლის კვართის სამყოფელს, მას უპასუხეს, ის მცხეთაშიაო. “ხოლო იგი ეტყოდა: _ სადა არს მცხეთაი? ხოლო მან (სარა ნიაფორმა) ჰრქვა, ვითარმედ: _ არს ქვეყანაი ჩრდილოეთისაი და სამკვიდრებელი წარმართთაი შორის სპარსეთისა და ოვსეთისა. და ქალაქი არს მცხეთაი.” შემდეგ წმიდა ნინოს გამოეცხადა ღვთისმშობელი და უთხრა: “წარვედ ქვეყანად ჩრდილოეთისა და უქადაგე სახარებაი ძისა ჩემისაი”.

ამის მიხედვით კარგად ჩანს, რომ საქართველო მის სამხრეთით არსებული ქვეყნებისათვის მოიაზრებოდა ჩრდილოეთ ქვეყნად. მაშინ ირანი უდიდესი იმპერია იყო. მას დაპყრობილი ჰქონდა სომხეთი. ასე, რომ ირანსა და ოსეთს შორის (ჩრდილოეთ კავკასია) არსებობდა საქართველო. საინტერესოა, რომ ოსეთი უფრო ჩრდილოეთით იყო, მაგრამ, საქართველოს მაინც “ჩრდილოეთის ქვეყანას” უწოდებდნენ.
დღესაც თუ ისრაელისათვის საქართველო ჩრდილოეთია, რუსეთისათვის სამხრეთია (მივაქციოთ ამას ყურადღება). თუ რუსეთისათვის ისრაელი ახლო აღმოსავლეთშია, აზიის ცენტრალური ნაწილისათვის ის უკიდურესად დასავლეთ აზიაშია.

ყველა გეოგრაფიული ტერმინი, რომელიც ასევე გეოპოლიტიკურ დატვირთვას იძენს, უნდა ეყრდნობოდეს ისტორიზმსა და სამართლიანობას (აუცილებლად) და ეროვნულ ინტერესებს.

რუსული და ოსური ინტერესების გამო ძირძველ ქართულ მიწას უწოდეს სამხრეთ ოსეთი. ჩვენი ინტერესები მოითხოვს, და სამართლიანიცაა, რომ ჩვენ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად მოვიქცეთ და არ შევხედოთ პრობლემებს რუსული გადმოსახედიდან.

ეს მხარე არის შიდა ქართლის ჩრდილო ნაწილი, ამიტომ საუბრებში უნდა ვუწოდოთ ჩრდილო ქართლი. ზოგიერთმა შეიძლება თქვას, ასეთი რამ ისტორიაში არ ყოფილაო. ისტორიაში ცნობილია, სანამ ჩვენს ქვეყანას საქართველოს უწოდებდნენ, არ ერქვა საქართველო. არც ტერმინები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო არსებობდა მეოცე საუკუნემდე, მაგრამ, ახლა ყველასათვის ძალიან ბუნებრივია. ისტორია განვითარებადი ფენომენია, ისტორიზმი ითვალისწინებს მოცემული დროის რეალობას. მაგალითები ზემოთ, მგონი, საკმაოდ მოვიტანეთ, მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში კამათი განვაგრძოთ.

ზოგიერთი ჩვენი მეგობარი საუბრების დროს გვთავაზობდა ტერმინს ზემო ქართლი. ტერმინი ზემო ქართლი არ გამოგვადგება, ვინაიდან ზენა, ზემო ქართლი ერქვა ტაო-კლარჯეთის ტერიტორიას.

აკადემიკოსმა მარიკა ლორთქიფანიძემ უარყოფითი აზრი არ გამოთქვა ტერმინ ჩრდილო ქართლთან დაკავშირებით. ასევე, საფიქრელად შემოგვთავაზა ტერმინი მისი რედაქტორობით გამოსული წიგნის სათაურიდან _ შიდა ქართლის მთიანეთი. დიახ, საქართველოს აქვს ომი რუსეთთან და მთელმა ერმა უნდა მოისურვოს გამარჯვება ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ომში.

ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა ავუხსნათ, რაც მთავარია, ახალგაზრდებს უნდა ვასწავლოთ, რომ აღნიშნული ტერიტორია არის ჩრდილო ქართლი და არა მისი საპირისპირო ე. წ. სამხრეთ ოსეთი.

სხვათაშორის, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსებისათვის, საზოგადოებისათვის, შინაგანად, საქართველოს ნაწილად არ მოიაზრება ჩრდილო ქართლი, იმიტომ, რომ ისინი დავარწმუნეთ რომ ეს ტერიტორია “ოსეთია”.

დასავლეთის პოლიტიკოსთა პრინციპულობა საქართველოს მხარდაჭერის დროს რუსეთის პოლიტიკის საწინააღმდეგოა და საზღვრების ურღვევობის პრინციპს ეყრდნობა, თორემ შინაგანად სხვა განწყობა აქვთ, დარწმუნებული ვარ. განწყობას კი დიდი მნიშვნელობა აქვს. თანაც, ჩვენ არ ვიცით, როდის შეიცვლება საზღვრების ურღვევობის პრინციპი და როდის რა პრინციპი გაბატონდება მსოფლიო პოლიტიკაში. კოსოვოს პრეცედენტმა არასასიამოვნო, ჩვენთვის დრამატული შედეგი მოიტანა (დროებით). არ ვამბობთ ტრაგიკული, ვინაიდან ამ ტერიტორიის დაბრუნების იმედი გვაქვს.

ქართულ საზოგადოებაში გაბატონებული ტერმინი “სამხრეთ ოსეთი”, არის უნებლიე ღალატი, საინფორმაციო ომში ჩადენილი. საინფორმაციო ომი უმნიშვნელოვანესია XXI საუკუნეში.

არაფრის დიდებით არ შეიძლება აღნიშნული მოღალატური ტერმინების გამოყენება პირად საუბარში, შვილებთან ლაპარაკისას, უცხოელებთან ურთიერთობისას და მედიით. ასე რუსების მიერ შემოგდებული ტერმინები, ფსიქოლოგიურად დამშლელი იდეოლოგია გაგვიჯდება ძვალსა და რბილში და დაგვღუპავს.

ყველა, ვინც ჩრდილო ქართლს “სამხრეთ ოსეთს” უწოდებს, მით უმეტეს საჯაროდ, არის პუტინის, მედვედევის, კოკოითის, ჩოჩიევის, ბაღაფშისა და შამბას მოკავშირე საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ომში. ისინი ჩვენი მომავალი თაობის იდეოლოგიური მკვლელები არიან.

აღნიშნული “რესპუბლიკების” მიმართ უნდა გამოვიყენოთ ტერმინები (კონტექსტის მიხედვით): “ანექსირებული ჩრდილო ქართლის ტერიტორია”, “დაპყრობილი ტერიტორია”, “კრიმინალური “რესპუბლიკა”, “ტერორისტულ-სეპარატისტული ხუნტა”, “სეპარატისტულ-კრიმინალური რეჟიმი”, “ქართულ ტერიტორიაზე ქართველთა გენოციდის და ეთნიკური წმენდის შედეგად შექმნილი “სახელმწიფო”, “რუსებისა და ოსების მიერ ანექსირებული ჩრდილო ქართლი” და ა. შ.

თუ ქართველი ხალხი არ გაიზიარებს ჩემს ნათქვამს და ჯიუტად გაიმეორებს ტერმინებს: “სამხრეთ ოსეთი”, “დე-ფაქტო ოსეთი”, “ოსეთი”, ძირძველი ქართული მიწის მისამართით, ჩვენ ფსიქოლოგიურად მოვემზადებით ამ მიწის დაკარგვისათვის.

რაც შეეხება “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის აღდგენას”, თუ დადგება ამის აუცილებლობა მსოფლიო პოლიტიკიდან გამომდინარე, თუ კავკასიურ-ქართულად, სამართლიანად განწყობილი ოსები შეძლებენ ჩრდილო ქართლის ოსური მოსახლეობის შემობრუნებას ქართული სახელმწიფოსკენ, შესაძლოა ოლქის ან ავტონომიის გამოყოფა-აღდგენა ამ მხარისათვის, მხოლოდ იმ პირობით, რომ აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს სახელწოდებაში აღნიშნული ტერიტორიის ქართულობა. კერძოდ, აღნიშნულ რეგიონს, ოლქს, შეიძლება ეწოდოს: “ჩრდილო ქართლის _ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი” ან “ჩრდილო ქართლის ქართულ-ოსური რესპუბლიკა”. სახელწოდება ჩრდილო ქართლი უსათუოდ უნდა იყოს გამოყენებული.

არაფრის დიდებით არ შეიძლება ამ მხარეს დაერქვას სამხრეთ ოსეთი. თუ იქაური საზოგადოება არ მოინდომებს საქართველოს წიაღში დაბრუნებას, სახელმწიფომ უნდა შეასრულოს თავისი მისია.

ჩრდილო ქართლი 3 800 კვ. კმ-ია. ამ ტერიტორიის ხვედრითი წილი მთელი საქართველოს მაშტაბით არის 5, 4%.

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ხელოვნურად იყო შექმნილი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლშევიკების მიერ. თვითონ ტერმინი “სამხრეთელი ოსი” პირველად გამოყენებული იქნა XIX საუკუნის მეორე ნახევარში და აღნიშნავდა კავკასიის წყალგამყოფი ქედის სამხრეთით გადმოსახლებულ ოსებს, რომლებმაც შეითვისეს ერთი ნაწილი ქართული ტომის _ დვალებისა და ნელ-ნელა დამკვიდრდნენ ჩრდილო ქართლში. ამაში მათ ხელი შეუწყვეს ქართველმა თავადებმა, მემამულეებმა, რომელთაც უნდოდათ მეტი მუშა-ხელი ჰყოლოდათ. ამიტომ, არისტოკრატები იღებდნენ მათ, ასახლებდნენ და ცდილობდნენ დაეყმევებინათ.

იმ დროისათვის, როცა აღნიშნული ოლქი შექმნეს კომუნისტებმა მოსკოვის დაკვეთით, ქალაქ ცხინვალში სულ რამდენიმე ოსის ოჯახი ცხოვრობდა.

1979 წლის აღწერით, ამ მხარეში 98 ათასი კაცი ცხოვრობდა, ამათგან 65 ათასი ოსი, 28 ათასი ქართველი, 2 000 რუსი, 1 000 სომეხი და სხვა. ამ ოლქში მცხოვრებთა ხვედრითი წილი საქართველოს მოსახლეობაში იმ დროისათვის ტოლი იყო 1, 9%-სა.

ეთნიკური წმენდის შედეგად ქართული მოსახლეობის ნაწილი გამოდევნილი იყო ჩრდილო ქართლიდან, დარჩენილი ნაწილი მუდმივ რბევასა და ჩაგვრას განიცდიდა, ხშირი იყო მკვლელობის ფაქტებიც, ე. წ. მშვიდობისმყოფელი რუსების წაყრუებითა თუ დახმარებით.

2008 წლის აგვისტოში კი რუსებმა და სეპარატისტ-ტერორისტებმა უკვე მთლიანად “გაწმიდეს” ქართული ეთნოსის წარმომადგენლებისაგან ჩრდილო ქართლის ტერიტორია. გარდა ამისა, მიაყოლეს არა ერთი რაიონი და სოფელი ჩრდილო ქართლის გარეთ და 160 000 ადამიანი დევნილად აქციეს.

ამ დროისათვის მხოლოდ ნახევარია დაბრუნებული ჩრდილო ქართლიდან კარგა მოშორებულ ადგილებში, თვითონ ჩრდილო ქართლში ქართველი დარჩენილი აღარ არის, გარდა ტყვეებისა და მათი, ვინც ტყეში იმალება. აბსოლუტურ უმრავლესობას სახლ-კარი გადაუწვეს.

65 ათასი ჩრდილო ქართლელი ოსიდან ნაწილი წავიდა რუსეთში, ნაწილი საქართველოს სხვა კუთხეებში გადმოვიდნენ, გაექცნენ-რა სოციალურ და კრიმინალურ პრობლემებს.

საქართველოში მცხოვრები ოსების (160 000) უდიდესი ნაწილი (95 000) ცხოვრობს ჩრდილო ქართლის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) გარეთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით (ასე იყო კონფლიქტამდე, ახლა მეტია მათი წილი). მარიონეტ-სეპარატისტები არ ეკითხებიან მათ აზრს, რომლებიც ძალიან მშვიდობიანად ცხოვრობენ მთელს საქართველოში. მარიონეტ-სეპარატისტები და რუსი აგრესორები არაფერს ეკითხებიან ჩრდილო ქართლიდან გამოდევნილ ქართველებს, ებრაელებს, რუსებს, გერმანელებს, სომხებს.

მთელი ქვეყნის ტერიტორიის 5.4% მიიტაცა რუსეთმა, მთელი საქართველოს მოსახლეობის 1. 3%-ის მეშვეობით. იგულისხმება ჩრდილო ქართლში მცხოვრები ოსური მოსახლეობა, უფრო სწორად მათი კრიმინალური ხელმძღვანელი რეჟიმი.

 

 

 



8 Responses to “• მამალაძე- ჩრდილო ქართლი”

  1. Guram Markhulia said

    Getankhmebit batono Gaioz.

    Like

  2. მამუკა გონგაძე said

    რატომღაც ყველას ავიწყდება რომ “სამხრეთ ოსეთის” ტერიტორია მოიცავს რამოდენიმე ქართულ კუთხეს: რაჭა, იმერეთი (დას. საქართველო) და ქართლი, ქსნის ხეობა (მთიულეთი) და აგერთვე მნიშვნელოვანია დვალეთის გამოყოფა. ჩრდილო ქართლი ისეთივე გამონაგონი ტერმინი იქნება როგორიცაა შიდა ქართლი; სამაჩაბლო (რომელიც მხოლოდ ლიახვის ხეობის რამოდენიმე სოფელს მოიცავს) და სასაცილო ოსეთი. უნდა აღნიშნოს, რომ ოსეთი ამ ტეიტორიის მიმართ გამოყენებული აქვს იაკობ გოგებაშვილსაც (რაც სამწუხაროა),

    Like

    • მაისურაძე said

      მეცნიერულად დადასტურებული წყაროების(არამხოლოდ ქართული წყაროების) მიხედვით, საყოველთაოდ ცნობილია რომ ოსი ერი განეკუთვნება სპარსულ ირანულ ტომობრივ დაჯგუფებას, შესაბამისად ეს ერი კავკასიაში არ წარმოადგენს აბორიგენულ ტომობრივ გაერთიანებას რის …საფუძველზეც სამართლიანი იქნებოდა ამ ერისათვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის ხელშეწყობის იდეა. ის მიზეზი(თითქოს საქართველომ მოახდინა ოის ერის გენოციდ) რის საფუძველზედაც აღიარა პირველ რიგში რუსეთმა, და შემდგომ მისი საგარეო პოლიტიკის მხარდამჭერებმა, ვფიქრობ უფრო უპრიანი იქნებოდა ჩეჩნეთის როგორც დამოუკიდებლი სახელმწიფოს ცნობისათვის.

      Like

  3. iberiana said

    გეთანხმებით, ამიტომ უნდა შეიქმნას რუკა, სადაც ე.წ. “სამხრეთ ოსეთს” მიკუთვნებული ტერიტორიები დაუბრუნდება რაჭას, იმერეთს, მთიულეთს.

    Like

  4. ზაზა დავითულიანი said

    ოსები არა თუ საქართველოში საერთოდ კავკასიაშიც მოსულები არიან. ე.წ. ჩრდილო ოსეთის შემადგენლობაშია ასევე ჩვენი იტორიული კუთხე დვალეთი და დვალებიც ასიმილირებულნი არიან ოსებში, ისევე როგორც ოსებს შორის ყველაზე მამაცი ხალხი, ვაინახური წარმოშობის დიგორები, რაჭის მეზობლად.
    რამდენადაც ვიცი საერთოდ ოსები კავკასიაში არ ცხოვრობდნენ, რაც მონღოლებმა ალანთა წარმონაქმნი (კავკასიის მიღმა, ეხლანდელი რუსეთის ტერიტორიაზე) გაანადგურეს, მათი ძირითადი მასა ევროპაში გაიქცა და იქ გაითქვიფნენ იქაურ მოსახლეობაში. ნაწილი კი კავკასიას მოაწვა და დაიწყეს თანდათან მისი დაკავება. ჩრდილო კავკასიის ათვისების შემდეგ საქართველოშიც დაიწყეს გადმოსვლა ხიზნებად და დამკვიდრება. ჩრდილო კავკასია რადგან შერჩათ, საქართველოს მიწაც უნდათ დაიკანონონ. ვაი ოსებს რომ ჰკითხო, ალანთა სახელმწიფო კავკასიაში მდებარეობდა და საქართველოს მიწასაც მოიცავდა. ამის საწინააღმდეგოდ კი საჭიროა ისტორიული სრული სიმართლის თამამად გამომზეურება და არ სანახევროდ.

    დაახლოებით იგივენაირად წარმოიშვა აფხაზეთის პრობლემაც.

    ყოველივე აღნიშნულთან დაკავშირებით საინტერესოა შემდეგი ბმულები
    http://www.amsi.ge/istoria/div/WyaroTa.html

    http://mshwan1.livejournal.com/1284.html

    Like

    • iberiana said

      მაგ საკითხებზე შრომები საკმაოდაა, მთავარია ხალხამდე მიტანა –

      ♥ სამაჩაბლო – Samachablo:
      https://iberiana.wordpress.com/samachablo/

      ის, რომ ქართველთა ნაწილმაც კი არ იცის საქართველოს ისტორია, პირველ რიგში სკოლის და ტელევიზიის ბრალია. უზნეო და უაზრო გადაცემებით ხალხის გამოლენჩებას, სჯობს საქართველოს ისტორიაში მაინც გაარკვიონ საზოგადოება, რომ მომზადებული დავხვდეთ, ფსიქოლოგიურად მაინც, მტერს.

      Like

  5. მეგი said

    Iberiana said
    (გეთანხმებით, ამიტომ უნდა შეიქმნას რუკა, სადაც ე.წ. “სამხრეთ ოსეთს” მიკუთვნებული ტერიტორიები დაუბრუნდება რაჭას, იმერეთს, მთიულეთს.) – კი აბა ეხლა ახალი რუკა შეუქმნათ ოსებს და მერე იტყვიან აგერა რაჭა, იმერეთი და მთიულეთიც ჩვენია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაში შედიოდა თურმეო!!!!!!!- როგორც ახალგორი შეიყვანეს ჩვენებმა ძალათი ე.წ. სამხრეთ ოსეთში და შედეგიც სახეზეა!!!!!! – დიდი შეცდომა იყო სანაკოევის პროექტი!! რომელმაც ფაქტიურად ლეგიტიმაცია მოახდინა სამხრეთ ოსეთის და ეს ტერმინი ამან განამტკიცა არა მარტო ქართულ საზოგადოებაში არამედ საერთაშორისო დონეზე..წავიდეთ ეხლა და ვიყვიროთ და ვიძახოთ ზემო ქვემო თუ ჩრდილოეთ ქართლი :(((((((((((
    პ.ს. სრულიად გეთანხმებით რომ ტერმინებს და საერთოდ ისტორიას ყურადღება უნდა მიექცეს და ახალგაზრდობას ქონდეს ინფორმაცია ამ კუთხით ბევრი სამუშაოებია ჩასატარებელი და დროა გამოვფხიზლდეთ სანამ სულ დავკარგავთ!!!!

    Like

    • iberiana said

      ჩვენ ოსებს კი არ უნდა მივცეთ ტერიტორიები, ან სამაჩაბლო, შიდა ქართლი ან ზემო ქართლი კი არ უნდა აღვადგინოთ, არამედ უნდა დავშალოთ ეგ ადმინისტრაციული ერთეულები და ვისაც ეკუთვნის, იმას უნდა დავუბრუნოთ. რუკა კი მომავალი თაობებისთვისაა საჭირო.

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s