Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ტოტალური შეტევა ქართველებსა და ჩვენს ისტორიაზე

♥ სამაჩაბლო – Samachablo

 

როლანდ თოფჩიშვილი

ტოტალური შეტევა ქართველებსა და ჩვენს ისტორიაზე: გაზეთ “ვოენნო-პრომიშლენნი კურიერში” დაბეჭდილ კ. ტროეპოლსკის სტატიის გამო

ბოლო დროს ტოტალური შეტევა მიმდინარეობს საქართველოს ისტორიაზე, ქართულ კულტურაზე; ცდილობენ საუკუნეების მიღმა ჩამოყალიბებული ერთიანი ქართული ცნობიერების დაშლას, ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფების ტერიტორიული ერთეულების, ანუ ივანე ჯავახიშვილის ტერმინი რომ გამოვიყენოთ, თემების არაქართველებად, ცალ-ცალკე ეთნოსებად გამოცხადებას. ეს შეტევა რუსეთიდან მოდის ნიაღვარივით. თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ისტორიაში მითოლოგემების შექმნა, ქართველთა ცნობიერების დაჩეხვა, ქართული კულტურის მითვისება, ერთი სიტყვით, ისტორიის ქურდობა ახლა არ დაწყებულა. საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან მებრძოლმა რუსეთის იმპერიამ ყოველივე ეს ქვეყნის კოლონიად გადაქცევისთანავე დაიწყო. საბჭოთა პერიოდის თავდაპირველ სტადიაზე ის ერთგვარად შესუსტდა, მაგრამ ახალი ძალით გაჩაღდა დაახლოებით ოცდაათი-ორმოცი წლის წინათ, დღეს კი აპოგეას მიაღწია. ბუნებრივია, იქ, სადაც ზნეობა აღარაა და ცდილობენ სხვისი მიწა-წყლის მითვისებას, თავიანთი მოქმედება იმპერიული აზროვნებით შეპყრობილმა ადამიანებმა და სახელმწიფო სტრუქტურებმა ისტორიის გაყალბებით სხვათა ისტორიისა და კულტურის მითვისებით უნდა გაამყარონ. აქ რა მოსატანია, მაგრამ რა დამავიწყებს ჩემი ახალგაზრდობის ასაკში ორ კომუნისტურ იმპერიას – საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის საზღვრების გამო ომი რომ მოხდა, მაშინაც რუსულმა იმპერიულმა მანქანამ ბრძოლაში ისტორია ჩართო: გაზეთმა “პრავდამ” ვრცელი წერილი გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ თურმე ამურისპირეთში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა არა ჩინური, არამედ სლავურია, რომ სადავო მიწა-წყალი ოდითგანვე რუსთა განსახლების არეალი იყო. ამის შემდეგ, რაღა უნდა გაუკვირდეს ადამიანს?!

ხშირად მიფიქრია ისტორიის ქურდებს ჭეშმარიტმა მეცნიერებმა თავი უნდა გაუყადრონ თუ არა, როდესაც თეთრზე გიმტკიცებენ შავიაო, ხმა უნდა ამოიღო თუ არა. ჩვენ ერთგვარად თავდაცვითი პოზიციებიდან გამოვდივართ, რაც ძალიან მძიმეა; ძალიან მძიმეა არა მეცნიერული თვალსაზრისით, არამედ მორალურად, რადგან ქართველი ერი შეურაცხყოფილია, როდესაც ვიღაც გადამთიელი შენთვის ყველაზე ძვირფასს გტაცებს, ითვისებს. ანდა რომელ ერთს უნდა უპასუხო. რუსული სპეცსამსახურები დიდ ფინანსებს ხარჯავენ საამისოდ, ჩვენ კი ერთგვარად დაბეჩავებულებს საინფორმაციო თვალსაზრისით მწირი საშუალებები გვაქვს.

ბევრ რამეში ქართველებიც ვტყუივართ. მაგალითად, როდესაც ოსი ეთნოგრაფი ბ. კალოევი – გაყალბების ერთ-ერთი მამათავარი მითოლოგემებს ქმნიდა და თავის წიგნებსა და სტატიებს ქართველ კოლეგებს ჩუქნიდა, არავინ ხმის გამცემი არ იყო, ეს იმიტომაც ხდებოდა, რომ ქართველთაგან ბევრი ვიწროთემიანობით იყო შეპყრობილი და იმ პრობლემებზე არ მუშაობდა, რომელ პრობლემებსაც მტერი მიზანმიმართულად და შეგნებულად აყალბებდა.

თავის დროზე შესაძლებლობა მქონდა 1994 წელს სანკტ-პეტერბურგში დაბეჭდილ სქელტანიან წიგნზე, რომელსაც რუსეთის აეროპორტებსა და დიდ ვაგზლებში არიგებდნენ, ჩემი, როგორც მეცნიერისა და მოქალაქის, ვალი საპასუხო პატარა კრიტიკული წიგნით გამომეხატა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჩვენი ნაწერი, რომელშიც მხილებული იყვნენ წიგნის შემდგენლები და რომლებშიც არაერთი ფაშისტური ნიუანსიცაა, ჩვენს შორის რჩებოდა.

მანამ, სანამ გაზეთ “ვოენნო-პრომიშლენნი კურიერში” (14. 01. 2009) დაბეჭდილ ვინმე კირილ ტროეპოლსკის სტატიას შევეხები, კითხვა უნდა დავსვა: სტატიას რატომ უნდა ბეჭდავდეს გაზეთი, რომელსაც “ვოენნო-პრომიშლენნი კურიერი” ჰქვია ე. წ. ქართულ-ოსური კონფლიქტის შესახებ, რომელიც სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ომი იყო, საისტორიო თემაზე. ყველაფერი ეშმაკურადაა გათვლილი, აღნიშნულ გაზეთს სამხედროები, როგორც ოფიცრები, ისე, ალბათ, რიგითებიც კითხულობენ. ესაა იდეოლოგია; მათ ბრძოლაში სტიმული სჭირდებათ, რათა დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ისტორიული სამართლიანობისათვის იბრძვიან, რომ აგრესორი ქართველებისაგან მიტაცებული ტერიტორიები “დაჩაგრულ” ოსებს, სინამდვილეში რუსეთის იმპერიას დაუბრუნონ.

ქართველი მეცნიერებისთვის საქართველოში ოსთა მიგრაციისა და ქართულ-ოსური ურთიერთობების საკითხები იმდენად გამჭვირვალე იყო, რომ საჭიროდ არც კი სთვლიდნენ ამ თემებზე სპეციალური ნაშრომების შექმნას. მაგრამ მეცნიერთა გარკვეულმა ნაწილმა სამი-ოთხი ათეული წლის წინათ იყნოსა რა ამ სფეროში დატრიალებული ცუდი სუნი, თადარიგი ერთგვარად დაიჭირა: მონოგრაფიულად შეისწავლა და მიგრაციის საკითხიც, შიდა ქართლის ისტორიული გეოგრაფიის პრობლემებიც, დვალთა ეთნიკური კუთვნილებაც, ქართული საეკლესიო და საერო არქიტექტურის ძეგლებიც, ქართული ეპიგრაფიკაც და მიწის ენაც, ანუ ტოპონიმებიც. მაგრამ, რად გინდა, მტერი, რომლებსაც ჩვენ უზნეო მეცნიერთა სახელით მოვიხსენიებთ, მაინც არ ცხრება, ქართველი ერის ისტორიის ტოტალური ქურდობა კვლავ გრძელდება. მომავალში ასეთ შემოტევებს, კალმით უზნეო ბრძოლას ალბათ კიდევ უნდა მოველოდეთ.

ასეთი ქურდობის, ისტორიის გაყალბების, მითოლოგემების შექმნის ტიპური ნიმუშია კირილ ტროეპოლსკის სტატიაც. მასში სულ სხვადასხვა მომენტზეა საუბარი, რომლებიც, ალბათ, სულ ცოტა ხნის წინათ საერთოდ არავის დაესიზმრებოდა. რამდენიმე წლის წინათ იმაზე არ გვიხდებოდა ხმის ამოღება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, უფრო კონკრეტულად შიდა ქართლში, ოსები არც მონღოლთა შემოსევების დროს, ანუ XIII-XIV საუკუნეებში ჩამოსახლებულან, არც – ადრე შუა საუკუნეებში, არც – ძველი წელთაღრიცხვის II-III საუკუნეებში და თქვენ წარმოიდგინეთ, არც – 5. 000 წლის წინათ (როგორც ამას ნაფი ჯუსოითი “ლიტერატურნაია გაზეტაში” წერდა ოდესღაც). ახლა კი მსოფლიოს იმას ჩასჩიჩინებენ, რომ ალანეთის სახელმწიფო, რომელიც სინამდვილეში ჩრდილოეთ კავკასიის ბარში შეიქმნა ახალი წელთაღრიცხვის I-II საუკუნეებში, თურმე საქართველოს ტერიტორიასაც – შიდა ქართლსაც მოიცავდა. ამ ნაბოდვარს რა უნდა უპასუხო, გარდა იმისა, რომ ნებისმიერი სახელმძღვანელო, ანდა საისტორიო გამოკვლევა უნდა მიუთითო, გარდა ვლადიკავკაზში სულ ახლახანს დაბეჭდილი სასკოლო საისტორიო ატლასისა, რომელშიც ასევე მტკვრის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორია ალანების ფერით – ყვითელი ფერითაა შეფერილი. ხოლო იმავე ატლასში კახეთის ტერიტორიას “ლეზგი” აწერია. სინამდვილეში კი ოსთა წინაპარი ირანული ტომების ეთნოგენეზი შუა აზიაში, თანამედროვე ყაზახეთის ტერიტორიაზე მოხდა, შემდეგ – ახალი და ძველი წელთაღიცხვების მიჯნაზე – აქედან, როგორც მომთაბარეები, ევრაზიის სივრცეს მოედვნენ. ევრაზიის სივრცეში მომთაბარეები კი ახ. წ. II საუკუნის 70-იან წლებში ჰუნებმა გაანადგურეს. ამ დროს ჰუნებისაგან გადარჩენილ ალანთა ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიის ბარში დასახლდა, სადაც შექმნეს კიდევაც ე. წ. ადრეკლასობრივი სახელმწიფო და რომელთანაც შემდეგი საუკუნეების განმავლობაში ქართველებს ჰქონდათ ურთიერთობა. ალბათ, ცოტა ხანში იმასაც დაწერენ, რომ ქართველები კავკასიელები არ არიან და რომ ჩვენი წინაპრები აქ საიდანღაც მოვიდნენ. ასეა, ქართველებს ქართული სახელწიფოებრიობისა და კულტურის შუაგულს – შიდა ქართლს ედავებიან, ართმევენ.

ახლა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ის “მარგალიტები”, რომლებიც ვინმე კ. ტროეპოლსკის სტატიაშია თავმოყრილი. ის ბრალს სდებს ქართველებს იმაში, რომ საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე ეროვნებათაშორისი ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა ტიტულოვან ქართულ ეთნოსსა და ყველა არაქართულ ეთნიკურ ერთეულს შორის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. საქართველოში, აფხაზებსა და ოსებს გარდა, სხვა ეთნიკური ჯგუფებიც ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ. ესენი იყვნენ და არიან: აზერბაიჯანელები და სომხები, ბერძნები და ქურთები, ებრაელები და რუსები… არც ერთ ამ ეთნიკურ ჯგუფთან ქართველებს რაიმე დაპირისპირება არ ჰქონიათ. იგეგმებოდა კია რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მსგავსი დაპირისპირება, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ხალხს ეყო გონიერება და პროვოკაციებს არ აჰყვა.

ახლა ერთ დიდზე დიდ ტყუილსაც უნდა შევეხო. ტროეპოლსკის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ახლანდელი ქართულ-ოსური კონფლიქტი ერთადერთი არაა ქართულ-ოსურ ურთიერთობებში, თურმე ის რამდენჯერმე მოხდა სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის. აქ ავტორი შეგნებულად ხმარობს ტერმინებს: სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს. ისტორია ხომ წყაროებს, საბუთებს ემყარება. ბუნებაში არსად არ არსებობს დოკუმენტი, რომელშიც საქართველოსთან ერთად ასეთი პოლიტიკური წარმონაქმნი, თუ ტერიტორიული ერთეული სადმე იქნება ნახსენები ბოლშევიკების დიქტატურის დამყარებამდე. ერთ რამეში მართალია ისტორიის ფალსიფიკატორი. დიახ, 1920 წელს საქართველოს ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელზედაც ოსები მკვიდრობდნენ, მართლაც მოხდა ომი, რომელსაც ის ეთნოსთაშორის ომს უწოდებს. ბუნებრივია, ომში მსხვერპლიც იქნებოდა. დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს ოსებმა დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს (ბოლშევიკების წაქეზებით) და ქართველებს პირი დაეღოთ და თავიანთი ძირძველი მიწა-წყალი ოსებისათვის მიერთმიათ. რომელი სახელმწიფო არ იცავს თავისი ტერიტორიის მთლიანობას. 1920 წელს ქართველმა ხელისუფლებმა სახელმწიფოებრივი და მამულიშვილური მოვალეობა მოიხადეს.

თურმე “სამხრეთ ოსთა” გენოციდი ქართველებს XIX საუკუნის შუა ხანებშიც მოუხდენიათ, როდესაც შეტაკებები ხდებოდა სამხრეთ ოსებსა და ქართველ ფეოდალებს შორის. ვინ რას კითხავდა ამ დროს ქართველებს, მათ ხომ ამ დროს აღარავითარი სახელმწიფოებრივი სტრუქტურა აღარ ჰქონდათ. სიმართლე ისაა, რომ მთებში მცხოვრები ოსები, რომლებიც ქართველ ფეოდალთა მიწებზე ცხოვრობდნენ და რომლებიც მათი და ქართველ მეფეთა მიერ იყვნენ დასახლებულნი, რუსების შემოსვლის შემდეგ, ფეოდალური ვალდებულებების შესრულებაზე ზოგჯერ უარს ამბობდნენ. ცხადია, ამ დროს ქართველი თავად-აზნაურობაც იმ ხელისუფლებას მიმართავდა, რომლის წარმომადგენლებიც ისინი იყვნენ. მთიელი ოსები არა მხოლოდ ქართველ ფეოდალებს, არამედ იმპერიის ხელისუფალთაც უწევდნენ წინააღმდეგობას. რუსეთის იმპერია კი ოსებით დასახლებულ ტერიტორიებზე ექსპედიციებს აწყობდა და მორჩილებაში მოჰყავდა ურჩნი. მოაზროვნე ადამიანი მიხვდება, რომ ამ შემთხვევაში რუსეთის იმპერია, ჩვეულებრივ, დაპყრობილ ტერიტორიებზე ხელისუფლების კონტროლს ახორციელებდა და არავითარი გენოციდი ქართველების მიერ ოსებისა არ ხდებოდა.

თურმე ქართულ-ოსური შეტაკებები (რა თქმა უნდა, აქ ეთნიკური შეტაკებები იგულისხმება) XIII-XVIII საუკუნეებშიც ხდებოდა. ამას მკვლევარები აღნიშნავენო. არავითარი ეთნიკური შეტაკებები ამ დროს ქართველებსა და ოსებს შორის არ ყოფილა. არც ერთ ქართულ და არაქართულ წყაროში ეს ფიქსირებული არაა და არც შეიძლება იყოს ფიქსირებული, მით უმეტეს XIII საუკუნეში, რომლის მეორე ნახევარშიც ხდება ოსთა ჩრდილოეთ კავკასიიდან შიდა ქართლში გადმოსახლება. რომელი მკვლევარები წერენ და მიუთითებენ ამის შესახებ, რა თქმა უნდა, კ. ტროეპოლსკი ვერ მიუთითებს, თუ ამ სამი-ოთხი წლის განმავლობაში რომელიმე ოსმა ისტორიკოსმა, მაგალითად ისეთმა, როგორიცაა მ. ბლიევი რაიმე ახალი ზღაპარი, მითოლოგემა არ შექმნა. XIII-XVIII საუკუნეების ასეთ ეთნიკურ კონფლიქტთა თარიღებს შორის ის 1626, 1711 და 1740 წლებს ასახელებს. როგორც ჩანს, 1626 წლის ქართულ-ოსურ შეტაკებაში დვალეთში გიორგი სააკაძის ლაშქრობას გულისხმობს. ცნობილია, რომ დვალეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით იყო. საქართველოს ეს განუყოფელი პროვინცია XII საუკუნეში ოსური ეთნოსის წარმომადგენლებმა დაიკავეს მას შემდეგ, რაც ოსთა თავდასხმების და ლაშქრობა-მეკობრეობის შედეგად ადგილობრივ ქართველ მთიელთა დიდი ნაწილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიგრირდა. ნასოფლარებად ქცეულ დვალეთში ოსური ეთნოსის წარმომადგენლები დასახლდნენ და ადგილზე დარჩენილი დვალებიც თანდათან გაოსდნენ. ეს მხარე რუსეთის იმპერიულმა ხელისუფლებამ 1858 წლის აპრილის თვეში თბილისის გუბერნიის გორის მაზრას ჩამოაჭრა და თერგის ოლქს გადასცა. ასე დაკარგა საქართველომ თავისი ტერიტორიის ძირძველი ნაწილი, რომლის ფართობი 3 581 კვადრატული კილომეტრია. აი, აქ დვალეთში სულ ახლად მოსულმა ოსებმა, რომლებსაც ქართული წყაროები ინერციით, როგორც ამ ტერიტორიის მაცხოვრებლებს, დვალებს უწოდებდნენ, სახელმწიფოს უარი უთხრეს გადასახადის გადახდაზე და, ბუნებრივია, ლაშქრობის ხელმძღვანელობა რეგიონის მოურავს – გიორგი სააკაძეს დაევალა. ის ზეკარის უღელტეხილით გადავიდა დვალეთში და ურჩმა ყმებმა ბეგარაც გადაიხადეს. ამ ამბის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: “კუალად ჟამთა ამათ არა მოსცეს დუალთა ბეგარა მოურავსა, გარდავლო სპითა მოურავმან ზეკარა, შთავიდა და მოსრნა ურჩნი და ყვნა კუალად მებეგრედ და მოვიდა ქართლს” (ქართლის ცხოვრება. გვ II. 434). მკითხველი მიხვდება, რომ აქ მხოლოდ და მხოლოდ დვალეთში ახალმოსული ოსების გადასახადის გადაუხდელობის გამო ჩატარებულ ლაშქრობასთან გვაქვს საქმე (XIX საუკუნის პირველ ნახევარში ანალოგიურ ლაშქრობებს რუსეთის ხელისუფლება ექსპედიციებს რომ უწოდებდა) და არა ეთნიკურ შეტაკებასთან. ეთნიკური შეტაკებანი დვალეთში მაშინ ვერც მოხდებოდა, რადგან ეს მხარე იმ დროს, ფაქტობრივად, ეთნიკური ოსებით იყო დასახლებული. ადგილზე დარჩენილი ქართველი მთიელები – დვალები კი უკვე ასიმილირებულნი იყვნენ. ისე, სხვათა შორის, ეთნიკურ შეტაკებებს დვალეთის ტერიტორიაზე უფრო ადრე მართლაც ჰქონდა ადგილი, როდესაც XII საუკუნეში ჩრდილოეთ კავკასიიდან ოსები დვალეთს ლაშქრავდნენ, მეკობრეობდნენ. სწორედ ოსთა ასეთი რეგულარი თავდასხმების შედეგად აიყარნენ მამა-პაპათა საცხოვრისიდან დვალები. იგივე სიტუაცია განმეორდა ქართლის მეფის ვახტანგ I-ის დროს, თუმცა მას დვალეთში შესვლა აღარ დასჭირდა, რადგან დვალეთელი ოსები შეშინდნენ, “მათნი თავნი” ცხინვალს ჩამოვიდნენ და “მოსცეს ბეგარანი და დაემორჩილნენ, ვითარცა პირველ” (ვახუშტი. გვ. 455).

რა მოხდა 1711 წელს. 1626 წლის მოვლენის ანალოგიური რამ განმეორდა: დვალეთში მცხოვრები ოსები კვლავ არ იხდიდნენ გადასახადს და ვახტანგ II დვალეთის ზრამაგისა და ჟღელის ხეობებში გადავიდა. ქართულ მიწაზე დასახლებულმა ოსებმა კეთილი ინებეს და ფეოდალური საზოგადოებისთვის სავალდებულო გადასახადი გადაიხადეს. ორივე შემთხვევაში მოვლენები საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ – ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე – დვალეთში მიმდინარეობდა, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1858 წელს წაგლიჯა რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს.

ახლა 1740 წლის შესახებ. როგორც ჩანს, ამის დასაყრდენი 1985 წელს თბილისში, გამომცემლობა “მეცნიერების” მიერ დასტამბული “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ისტორიის ნარკვევების” I ტომია, რომლის რედკოლეგიის წევრები ქართველებიც არიან. ამ წიგნის 118-ე გვერდზე (ავტორი გ. თოგოშვილი) ვკითხულობთ, “в 40-х гг. 18 в. Иракли II применил силу для подчинения осетинского населения ксанского и арагвского эриставов. ამ მოვლენის შესახებ დაწვრილებით მოგვითხრობს პაპუნა ორბელიანი. ის წერს, რომ “ორსავ საერისთაონი დიაღ ავკაცობდნენ, არც ბეგარას აძლევდნენ და არც მოხელე შეუშვეს”. ერეკლე მეორემ არაგვის ერისთავის ჯარი, რომელსაც ჯიმშერ თუშთ მოურავი უთავა, წინ გაუშვა. ურჩი თრუსოელები, რომლებსაც არაგვის ოსებს უწოდებდნენ (რადგან ადმინისტრაციულად არაგვის საერისთავოში შედიოდნენ), დაიმორჩილეს. შეშინებულმა “ქსნის ერისთავის ოსთა” (რომლებიც მაშინ მხოლოდ ქსნის ხეობის სათავეებში – ჟამურში მკვიდრობდნენ) მეფე თეიმურაზს ხვეწნა დაუწყეს, რომ მათაც იგივე დღე არ დასდგომოდათ, რაც თრუსოელ ოსებს და “მოსცეს სრული ბეგარა”. მეფემ საერისთავოში არსებულ შიდა დაპირისპირებასაც (არაგვის საერისთავოს გლეხთა აჯანყება, აჯანყებულთა მიერ ბეჟან არაგვის ერისთავის მოკვლა), რომლის გამოც თრუსოელი ოსები ბეგარის გადახდაზეც უარს ამბობდნენ, ბოლო მოუღო.

ერთ რამეზე უნდა შევჩერდეთ კიდევ. ძალიან ხშირად ოსი ისტორიკოსები ქართულ საისტორიო წყაროებში არსებულ ფაქტებს ამახინჯებდნენ. მაგალიათად, წყაროში, როდესაც საუბარია არაგველ ოსებზე, ისინი ამას ანზოგადებენ და მიაჩნიათ, რომ არაგვის ხეობა კომპაქტურად ოსებით იყო დასახლებული. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არაგველ ოსებში არაგვის საერისთავოს ოსები იგულისხმებიან. ესენი იყვნენ მდინარე თერგის სათავეში – თრუსოს რეგიონში მცხოვრები ოსები. არაგვის ხეობაში ოსები მხოლოდ თეთრი არაგვის ხეობის სათავეში – სოფელ ღუდაში ცხოვრობდნენ, რომლებიც აქ მაღრან-დვალეთიდან (მდინარე დიდი ლიახვის ხეობის სათავე) იყვნენ მოსული XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. რახან წყაროების დამახინჯებაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, უნდა ითქვას შემდეგიც: XVIII საუკუნის შუა ხანების საბუთით ირკვევა, რომ ზემო ჯავაში ქართული მოსახლეობა ამოწყდა ოსთა თავდასხმებისაგან, მაგრამ ოსებმა ტექსტი სხვანაირად თარგმნეს: ვითომ ზემო ჯავაში ოსური მოსახლეობა ამოწყდა. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ იქმნებოდა ყალბი ისტორია.

ასე რომ, თურმე, საქართველოს ხელისუფლება პერიოდულად ცდილობდა “სამხრეთ ოსეთი” თავისი ხელისუფლებისათვის დაექვემდებარებინა. ეს მცდელობები კი წარუმატებელი ყოფილა. მას კი თან ახლდა მუდმივი კონფლიქტები და ომებიო. მკითხველი უნდათ დაარწმუნონ, რომ ოდითგანვე სამხრეთ ოსეთი არსებობდა და ასეთი ეთნოპოლიტიკური ერთეულის არსებობას ხელს უშლიდნენ ქართველები, ეომებოდნენ მათ. ეს კი მიზეზი ყოფილა მუდმივი კონფლიქტებისა. აი, ასეთი კონფლიქტური ხალხი ვყოფილვართ ქართველები, რომლებიც მეზობელ მშვიდობიან ეთნოსს მოსვენებას არ ვაძლევდით. ასეთ ნაბოდვარზე, კომენტარსაც არ უნდა ვაკეთებდეთ, რომ არა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და თვით ოსი ხალხის შეცდომაში შეყვანა.

კონფლიქტის მოუწესრიგებლობა საუკუნეების განმავლობაში შეუძლებელი გამხდარა, რადგან ქართველებსა და ოსებს სხვადასხვა ვერსიები აქვთ სამხრეთ ოსეთისა და სამხრეთელი ოსების შესახებო, აღნიშნავს ავტორი. ქართული ვერსიით, სამხრეთ ოსეთი ანკლავიაო საქართველოს ტერიტორიაზე, ოსური ვერსიით კი ისტორიული ოსეთის მიწა-წყალი ყოფილა. ვერსიები კი არა საისტორიო წყაროები, მიწისზედა და მიწისქვეშა მატერიალური კულტურის ძეგლები, ტოპონიმები ცხადყოფენ, რომ საბჭოთა პერიოდის ე. წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს შუაგული იყო და არის და რომ ე. წ. ეთნოპოლიტიკური გაერთიანება, წარმონაქმნი აქ ოსებს რუსებმა შეუქმნეს. საქართველოს არქივების თუ არ სჯერათ, ტროეპოლსკებმა იქნებ რუსეთის არქივებში დაგვიძებნონ იმის დამამტკიცებელი საბუთები, რომ საქართველოს შუაგულში – შიდა ქართლში როდესმე არსებობდა ტერიტორიული ერთეული, რომელსაც სამხრეთ ოსეთი ერქვა.

ერთიანი ალანია, რომელიც თურმე ჩრდილოეთ კავკასიასა და სამხრეთ კავკასიის ტერიტორიებს მოიცავდა, თათარ-მონღოლებს დაუშლიათ და ის რიგ განცალკევებულ რეგიონებად და საზოგადოებებად დაყოფილა ქედის ორივე მხარეზე. რეალობა კი ასეთია: ალანიის სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი მონღოლთა შემოსევებამდე მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიის ბარში არსებობდა. ჩრდილოეთ კავკასიის ალაგირის, თაგაურის და ქურთათის საზოგადოებები იქამდე არ არსებობდა. მონღოლებს გადარჩენილმა ოსთა ნაწილმა ჩრდილოეთ კავკასიის მთებს შეაფარა თავი, ადგილობრივ ეთნოსებს შეერია და, ფაქტობრივად, ახალი ეთნოსი ჩამოყალიბდა, რომელშიც გამარჯვებული მიგრანტთა ენა გამოვიდა. მონღოლების შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიის ის ტერიტორია, რომელზედაც ადრე ოსური ეთნოსი მკვიდრობდა, ახლა ყაბარდოელებმა დაიკავეს და ოსებს თავიანთ ადრინდელ საცხოვრისში დაბრუნების საშუალება არ მისცეს. ბუნებრივია, გამრავლებულ ოსებს ტერიტორია სჭირდებოდათ, თავის სარჩენი მიწის ძიებაში კი გამოსასვლელი სამხრეთით, საქართველოსაკენ მოძებნეს. პირველი ასეთი მცდელობა მათ ჰქონდათ XIII საუკუნის ბოლოსა და XIV საუკუნის დასაწყისში. შიდა ქართლში დასახლება დარუბანდის გზით შემოსულმა ოსებმა სცადეს; ისინი მონღოლთა მხარდაჭერით სარგებლობდნენ. მაგრამ ოსთა ეს რაზმი გარკვეული ხნის შემდეგ განადგურებული და გაძევებული იქნა საქართველოდან. ქართველი ისტორიკოსი – ჟამთააღმწერელი იმასაც გვამცნობს, რომ გიორგი ბრწყინვალემ არა მარტო განდევნა ისინი საქართველოდან, არამედ ოსეთიდან საქართველოში შემოსასვლელი ორივე კარი მტკიცედ ჩაკეტა. დარიალისა და კასრის-კარის, (რომელიც დვალეთიდან ოსეთში გასავლელი კარი იყო) ჩაკეტვამ კარგა ხნით შეაჩერა ოსთა საქართველოში მიგრაცია. ქართული და უცხოური წყაროებითაც ოსები თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე XVII საუკუნის შუა ხანებამდე, ფაქტობრივად, არსად არ ცხოვრობდნენ. XVI საუკუნეში დვალეთში შემოსახლებული ოსები უკვე XVII საუკუნის შუა ხანებში იწყებენ თრუსოსა (თერგის სათავე) და მაღრან-დვალეთში (დიდი ლიახვის სათავე) დასახლებას. ოსების საქართველოს მთიანეთში დასახლებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ შიდა ქართლის მთიანეთი იმ დროისათვის ძირითადად ნასოფლარებით იყო მოფენილი, როგორც ვახუშტი ბაგრატიონიც შენიშნავს, ისინი აქედან გადასახლებულან ქართლის ბარში, რადგან მტერთა ხშირი თავდასხმების გამო, ადგილობრივი მოსახლეობა, ფაქტობრივად, გამწყდარა. საყურადღებოა, რომ XVIII საუკუნის მთელ მანძილზე ოსები მხოლოდ შიდა ქართლის მთაში ცხოვრობდნენ და აქ მოსულები ძირითადად ხიზნის სტატუსით იყვნენ. ქართლის მთისწინეთის ათვისებას შიდა ქართლისავე მთიანი მონაკვეთიდან ოსები XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისიდან იწყებენ. მიგრაციის ეს ეტაპი კი ასახულია ცარიზმის მიერ შედგენილ კამერაური აღწერის დავთრებსა და საოჯახო სიებში, რომლებიც დაცულია საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივის #254 ფონდში.

ალანიის დაშლამ თურმე ე. წ. სამხრეთ ოსეთი გაურკვეველი სტატუსის ეთნოპოლიტიკურ ტერიტორიად გადააქცია. გამოდის, რომ მონღოლთა შემოსევები საქართველოსათვის სიკეთის მომტანი ყოფილა; სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიაში გადაჭიმული მონოლითური ალანიის სახელმწიფოს დაშლით გვისარგებლია და ამ მითიური სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ათვისებას შევდგომივართ. აი, ეს იყო მთავარი მიზეზი საუკუნეობრივი ეთნიკური დაპირისპირებისა, რომელიც მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე დახარბებულ ისტორიის ქურდების ცნობიერებაში არსებობს. აქედან მოყოლებული შიდა ქართლი გაურკვეველი სტატუსის მქონე ეთნოპოლიტიკურ ტერიტორიად ქცეულა. საუკუნოვანი ეთნიკური დაპირისპირების საბოლოოდ დარეგულირება კი რუსეთის თანამედროვე იმპერიას გადაუწყვეტია, იმიტომ რომ ის მშვიდობისმყოფელია.

ასე რომ, ოსურმა ეთნოსმა ჩრდილოეთ კავკასიაში თუ კატასტროფა განიცადა და იქ ყველაფერი დაკარგა, სამხრეთში ცდილობდა და მიისწრაფოდა იმისაკენ, რომ ეთნოსის განსახლების კომპაქტური ტერიტორია შეენარჩუნებინათ. ამ თვალსაზრისით ალანური ელიტა ბრძოლის ცენტრის სამხრეთში გადატანასა და ახალი ალანური სახელმწიფოს შექმნას აქ ცდილობდაო, გვმოძღვრავს რუსი პუბლიცისტი. როგორც ჩანს, ამ მოვლენის შესახებ საგანგებოდ დუმან ქართული საისტორიო წყაროები. საინტერესოა, მისი დაუფიქსირებლობა სხვა ხალხთა საისტორიო წყაროებში იმით ხომ არ უნდა ავხსნათ, რომ მაშინდელმა ქართულმა ფეოდალურმა ელიტამ ისინი მოისყიდა.

სამხრეთში შუა საუკუნეებში ეთნოპოლიტიკური წარმონაქმნის შექმნა იმიტომ სდომნიათ ოსური ეთნოსის წარმომადგენლებს, რომ უწინდელ დროსაც ეს ტერიტორია მათი განსახლების არელი ყოფილა; ამასთანავე, ჩრდილოეთიდან უსაფრთხოდ დაცული იქნებოდნენ კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედით და სამხრეთიდან კი იმ დროისათვის მეგობრული ქართული ეთნოსი ესაზღვრებოდა. არაფერს არ გვეუბნებიან, სად გაქრა ამ ე. წ. სამხრეთ ალანიის ტერიტორიაზე მცხოვრები ოსური ეთნოსი. განსახილველ სტატიაში არა, მაგრამ ამის უხერხულობა იგრძნეს რა ისტორიის ქურდებმა, ამ სფეროშიც მითოლოგებმა შექმნეს და მოიგონეს “უწინდელი ოსების” ცნება. ყველა წყაროს, საბუთსა და ეთნოგრაფიულ მონაცემებს (გვართა სადაურობა-წარმომავლობის გადმოცემებს) რომ ვერაფრით აღუდგნენ წინ, ნახეს, რომ მათი წინაპრების გადმოსახლების დრო XIII საუკუნის იქით არ მიდიოდა და, როგორც აღვნიშნეთ, “უწინდელი ოსების” ცნება მოიგონეს. ეს უწინდელი ოსები ჩვენ ნაციონალისტ ქართველებს გაგვიქართველებია. ეს ნაღმი საკმაოდ დიდი ხნის წინათ ჩაიდო – 1930-იან წლებში და მისი შემქმნელი ზ. ვანეევი გახლდათ. აი, ამ “უწინდელ ოსეთს” გვედავებიან ისტორიის ქურდები და ქართული მიწა-წყლის მიმტაცებლები.

მონღოლთა შემოსევებს გამოუწვევია სამხრეთით დიდი მიგრაციული ნაკადები. მაგრამ, რადგანაც, თურმე, სამხრეთ ოსეთის ამ ე. წ. ეთნოპოლიტიკურ რეგიონს ჩრდილოეთიდან მხარდაჭერა დაუკარგავს, ქართველებს მის დაქვემდებარების მადა აშლიათ და მუდმივად ცდილობდნენ ეს უკანასკნელნი ოსური ეთნოსით განსახლებულ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებას. ესეც, თურმე, მონღოლ-თათართა დაპყრობებით გამოწვეული მკვეთრი ცვლილებების შედეგი ყოფილა. ისევ ვიმეორებთ: მონღოლებს, ფაქტობრივად, ქართველებისათვის სხვა, ოსური ეთნოსით დასახლებული ტერიტორიის დაკავების საშუალება მიუციათ. არადა აქამდე ვიცოდით, რომ საქართველოს უბედურებას საფუძველი მონღოლთა დაპყრობების შემდეგ ჩაეყარა. ისე მონღოლთა დაპყრობები ნამდვილად უბედურება იყო ოსებისთვისაც და ქართველებისთვისაც; ოსებმა თავიანთი ისტორიული განსახლების არეალი დაკარგეს. მონღოლთაგან შევიწროებულმა ალან-ოსებმა ჩრდილოეთ კავკასიის მთებში, თავის მხრივ, სხვას წაართვეს განსახლების არეალი, შემდეგ კავკასიის მთავარი წყალგამყოფი ქედიც გადმოლახეს და გვიან შუა საუკუნეებში შიდა ქართლის პროვინციაში დაიწყეს გადმოსახლება. რომ არა მონღოლები ოსები, საქართველოში ვერ მოვიდოდნენ, სტეპელები მთიელებად ვერ იქცეოდნენ და იქნებ ის მეგობრული ურთიერთობა, რაც, თავის დროზე, ქართველებთან ჰქონდათ, შეენარჩუნებინათ კიდეც.

აქ მეგობრობა და ურთიერთობა ვახსენეთ და არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ტოლერანტობით და შემწყნარებლობით გამორჩეული ქართველი ერი მათ მიმართაც ისეთი იყო, როგორც სხვების მიმართ. თუ არ ჩავთვლით, მთაში მცხოვრები ოსების პერიოდულ მეკობრეობას მთისწინეთსა და ბარში მცხოვრებ ქართველებზე (რის მიზეზიც იყო მშიერი ოსების მიერ ქართული მოსახლეობის ძარცვა), ქართველებსა და ოსებს შორის არავითარი დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე არ ყოფილა. XIX საუკუნის მეორე ნახევარშიც ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები ფიქრობდნენ ოს ხალხზე, ეძებდნენ გზებს, რომ ისინი არ გამქრალიყვნენ, ანბანი ჰქონოდათ და სწავლა-განათლება მშობლიურ ენაზე მიეღოთ, მთაში მცხოვრებნი და მთიდან ჩანმოსახლებულები ქრისტიანულ მრწამს ზიარებდნენ. ამის მაგალითები არაერთია იმდროინდელ ქართულ პრესაში. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მწერალ სოფრომ მგალობლიშვილის პუბლიკაციები გამოირჩევა. სხვათა შორის, როგორც ჩანს, ოსებმა და მათმა პროტექტორმა რუსებმა, ალბათ, არ იციან, რომ ქართველი მეფეები და თავადები ხშირად იყვნენ ოსთა საქართველოში გადმოსახლების ინიციატორები. ამის დამადასტუირებელი საბუთები არაერთი გაგვაჩნია, მაგალითად, როსტომ მეფისა და გიორგი XII-სა. შუა საუკუნეებში ეთნიკურობას საქართველოში იმდენად დიდი ყურადღება არ ექცეოდა, უბრალოდ, მიწისმფლობელებს მიწათმოქმედი სჭირდებოდათ. ასეთები კი ჩრდილოეთ კავკასიაში მიწის სიმცირის მქონე ოსები იყვნენ. მთავარი იმ დროს ქრისტიანობის მიღება იყო. აი, ამაზე კი ნამდვილად ზრუნავდნენ საქართველოს სახელმწიფოს მესვეურები, რომ მიგრირებულ ოსებს ქრისტიანობა მიეღოთ.

რუსი პუბლიცისტი ქვეყნიერებას ამცნობს, რომ ძალთა შეფარდებაში ქართველებსა და ოსებს შორის უთანასწორობამ, ქართველთა სიძლიერემ და პოლიტიკურად ორგანიზებულობამ გამოიწვია თურმე ის, რომ ამ უკანასკნელებმა ორმხრივი ურთიერთობა თავიანთ სასარგებლოდ შეცვალეს და ვასალურ დამოკიდებულებაში მოაქციეს ოსები, რომ ქართლ-კახეთის მეფეების პოლიტიკა მიმართული იყო სამხრეთ ოსების დაქვემდებარებისაკენ. საერთოდ, ასეთი პასაჟები კომენტარის ღირსიც კი არაა, მაგრამ ერთი უნდა ვკითხოთ რუსებს: თქვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სხვა მხრიდან უცხო ეთნიკური ერთეული რომ მიგრირებულიყო და დასახლებულიყო, რა რუსთა სახელმწიფოს დაქვემდებარებაშივარ უნდა შესულიყო ის.

რუსებს ყოველთვის და ახლაც სტრატეგიული კომუნიკაციები რომ აინტერესებთ განსახილველი წერილიდანაც კარგად ჩანს. ქართულ ფეოდალურ ელიტას დაუმორჩილებია რა სამხრეთელი ოსები, ამით მნიშვნელოვანი საკითხიც გადაუწყვიტავს: თავისი ჩრდილოეთი საზღვრების უსაფრთხოების პრობლემა. ესე იგი ჩვენ ჩრდილოეთისაკენ, კავკასიონის მთავარი ქედისაკენ მივიწევდით. კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, ფაქტობრივად, ბუნებრივ საზღვარს წარმოადგენდა და ქართველებს საუკუნეების განმავლობაში ამით უზრუნველყოფილი ჰქონდათ დაცვა ევრაზიის სივრცეში მომთაბარე ირანული და თურქული ტომებისაგან. მაგრამ ბუნებრივი საზღვარი მაინც იძლეოდა იქიდან გადმოსვლის საშუალებას, განსაკუთრებით ზაფხულობით. ამიტომაც იყო, რომ ქართველმა მეფეებმა საუკუნეების წინ შექმნეს აქ გასასვლელი სიმაგრეები. ზემოთ ნათქვამიც შეიძლება გავიხსენოთ, თუ როგორ ჩაუკეტა გიორგი ბრწყინვალემ ოსებს დარიალიცა და კასრის-კარიც, რადგან ქედის სამხრეთით არ გადმოსულიყვნენ და ავი ზრახვები არ განეხორციელებინათ. ქართველ ხელისუფალთა ინტერესებს ამ რეგიონში (სამხრეთ ოსეთში) ხელს უშლიდა ამ ტერიტორიაზე ახალი ოსური მოსახლეობის გაჩენაო. ამით რეგიონში ქართველთა ინტერესებს (ალბათ იმპერიულს) საფრთხე ექმნებოდა, ამიტომ მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ სატელიტ ოსებზე ქართველთა მოთხოვნები და ზეწოლა X|| საუკუნიდან მუდმივი გამხდარა. ყოველივე ეს, როგორც ჩანს, ოსეთის ისტორიის ახალ სახელმძღვანელოებშია დაფიქსირებული, რომელსაც გვპირდებიან და ისიც, ბუნებრივია, როგორც განსახილველი სტატია, რუსეთის უშიშროების სტრუქტურებში იქნება დაწერილი.

ქართველებსა და ოსებს შორის ღია დაპირისპირებასა და კონფლიქტს საფუძველი XIV საუკუნეში ჩაყრია, როდესაც გიორგი ბრწყინვალე სამხრეთ ოსეთის დაქვემდებარებას შეეცადაო – გვმოძღვრავს პუბლიცისტი. აქ ახალ აღმოჩენას გვთავაზობენ: 30-წლიანი სამხედრო დაპირისპირება ქართველებსა და სამხრეთელ ოსებს შორის ფრედ დამთავრებულა, ვერც ერთ მხარეს წარმატებისათვის ვერ მიუღწევია, გიორგი ბრწყინვალეს სამხრეთ ოსეთი ვერ დაუმორჩილებია, დაუპყრია; ალანური ელიტის მცდელობა კი სახელმწიფოებრიობის შექმნისათვის წარუმატებელი გამომდგარა. ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ერთადერთი წყარო ქართლში შემოჭრილი ოსების თარეშების შესახებ, რომლებიც მონღოლთა მხარდაჭერით სარგებლობდნენ, ჟამთააღმწერლის თხზულებაა. ეტყობა ჩვენმა მტრებმა სრულიად ახალი წყარო აღმოაჩინეს, რომელშიც მოვლენები სხვაგვარადაა აღწერილი და რომელსაც ჯერჯერობით გვიმალავენ, უცბად მთელ ერს გული რომ არ წაგვივიდეს. ისე ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ როგორც გვწამებენ, “ქართლის ცხოვრება”, XVIII საუკუნეში, უფრო ზუსტად 1703-1721 წლებში დაგვიწერია, ხელოვნურად შეგვითხზავს საქართველოს ისტორია (ეს ბრალდებები კი მკითხველს შეუძლია 2004 წელს მოსკოვში გამოცემულ ტ. შამბას და ა. ნეპროშინის წიგნის “აფხაზეთის” მე-8 გვერდზე წაიკითხოს). ამის შესახებ ადრე რომ გვცოდნოდა, შეცდომას არ დავუშვებდით და გიორგი |-ეს “ბრწყინვალის” ეპითეტითაც არ შევამკობდით.

უფრო შორსაც მივდივართ – მთელი XI-XVIII საუკუნეების განმავლობაში ქართულ-ოსური ურთიერთობა ურთიერთწინააღმდეგობის კალაპოტში მიმდინარეობდა თურმე. აღნიშნულის შედეგი კი მუდმივი კონფლიქტები და ბრძოლა ყოფილა. მაგრამ საქართველოს, უფრო სწორად, ქართლ-კახეთს ავი ზრახვები ვერ განუხორციელებია და სამხრეთელი ოსებისათვის თავს ვასალური დამოუკიდებლობა ვერ მოუხვევიათ. XIX საუკუნის დასაწყისში ოსებს ბეწვზე რუსებმა მოუსწრეს და ისინი აგრესორი ქართველებისაგანაც იხსნეს.

XIX საუკუნის განმავლობაში კონფლიქტები შემწყდარა, როგორც კონტექსტიდან ჩანს, რუსების წყალობით, ოსებს ქართველებისაგან შვება უგვრძვნიათ, რადგან სტატიის ავტორი პირდაპირ XVIII საუკუნის ბოლო პერიოდიდან 1918-1920 წლების მოვლენებზე გადადის. “შეტაკება მოხდა, როდესაც გეოგრაფიული მდებარეობის გამოისობით სამხრეთ ოსეთი აღმოჩნდა რა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, რომელიც ამიერკავკასიაში რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე წარმოიქმნა 1918 წელს, ცდილობდა თვითმმართველობის მოპოვებას”. სიმართლეს შეესაბამება ის, რომ ოსების ნაციონალური საბჭო საქართველოს მთავრობას ავტონომიას თხოვდა და ქართველი ხელისუფალნი მათ კატეგორიულ უარს ეუბნებოდნენ. ისტორიული სიმართლე ქართველ ხელისუფალთა მხარეზე იყო. რატომ უნდა მიეცათ ავტონომია სულ რაღაც ორი-სამი საუკუნის წინ ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსახლებულთათვის, რომლებსაც ადმინისტრაციული წარმონაქმნი არასდროს ჰქონიათ საქართველოს ტერიტორიაზე. პრეცედენტი გამოიწვევდა ჯაჭვური რეაქციით სხვა ავტონომიების შექმნასაც და შედეგად მყიფე და მსხვრევად სახელმწიფოს მივიღებდით. ვისაც ავტონომია ეკუთვნოდა საქართველოში – აფხაზეთს – საქართველოს სახელმწიფოს მესვეურებმა ეს პრივილეგია მისცეს კიდევაც.

ბუნებრივია, რუსეთის რევოლუციონერთა მცდელობას საქართველოს განუყოფელ მიწა-წყალზე საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შესახებ, სათანადო რეაქციაც მოჰყვა საქართველოს სახელმწიფოს მესვეურთაგან; მათ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა დაიცვეს. სამხედრო ოპერაციას, რა თქმა უნდა, მსხვერპლიც მოჰყვა. საბოლოო შედეგი ის იყო, რომ ბოლშევიკური აგრესიის შედეგად, იმის გამო, რომ ოსებმა, რომლებიც რუს კომუნისტებს დიდ დახმარებას უწევდნენ და მათი ერთ-ერთი დიდი დასაყრდენიც იყვნენ, ადმინისტრაციული ავტონომია მიიღეს არა მხოლოდ ოსებით დასახლებულ ტერიტორიაზე, არამედ ავტონომიაში შეიყვანეს ის ტერიტორიული ერთეულები, რომლებიც ქართველებით იყო დასახლებული. არც ის გაითვალისწინეს, რომ მასში შემავალ რაიონებს ერთმანეთთან დამაკავშირებელი საკომუნიკაციო საშუალებებიც არ ჰქონდათ. უფრო მეტი – ავტონომიურ ოლქში შეიყვანეს არა მხოლოდ შიდა ქართლის ყოფილი სათავადოების ტერიტორიები, არამედ ისტორიული რაჭის ტერიტორია – კუდარო და ზემო იმერეთის მიწა-წყალი, ყვირილას ხეობის სათავე.

არ შეიძლება არ გაგიჩნდეს ადამიანს შეკითხვა: რა მიზანს ემსახურება ყალბი ისტორიის, მითოლოგემების შექმნა. პასუხი მარტივია: მოახდინონ ადამიანთა ცნობიერებაში ცვლილება, გაზარდონ აგრესორებად, რათა სხვისი ტერიტორიების მითვისება გაიადვილონ. ვის ტვინებში უნდა გაჩენილიყო სხვათა ჭეშმარიტი ისტორიის მითვისება, ისტორიის ქურდობა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს დიდი ხანია დაიგეგმა რუსეთის სპეცსამსახურებში, რომელთა ნების ერთ-ერთი დიდი განმახორციელებელია ისტორიკოსი მარკ ბლიევი. ის 2004 წელს მოსკოვში დაბეჭდილ დიდ მონოგრაფიაში წერდა, რომ ქართლის (იბერიის) სამეფო სხვა არაფერი იყო, თუ არა ოსურ-ქართული სატომო კავშირი, თითქოს ვახტანგ გორგასლისა და ოს-ბაყათარის შებრძოლება მოხდა არა ჩრდილოეთ კავკასიის ბარში, არამედ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე (ეს მაშინ, როდესაც წყაროში ვახტანგ გორგასლის ჩრდილოეთ კავკასიაში გადასასვლელი მარშრუტი დაწვრილებითაა მოცემული). უფრო მეტი, იმის გამო, რომ ვაინახები (ჩაჩნები და ინგუშები) რუსებისათვის არასანდონი არიან, მ. ბლიევი იმ მითოლოგემასაც ქმნის, რომ ეს უკანასკნელნი კავკასიაში მოსულები არიან, ხოლო ირანულენოვანი ოსები – ავტოქტონები.

 

p.s. არც თუ ისე დიდი ხნის წინათ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება ასეულობით მილიონს ხარჯავს პროპაგანდისათვის. სრული სიმართლეა! ამ პროპაგანდაში ყალბი ისტორიის შექმნაც შედის, მათ შორის, კ. ტროეპოლსკის და მისი მსგავსი ავტორების დაფინანსებაც, რომლებიც ასე მრავლად არიან რუსეთის სახელმწიფოში. ჩვენ რას ვაკეთებთ. ყურთბალიშზე გვიდევს თავი. ცალკეული ავტორების მიმართ ამას, ალბათ, ვერ ვიტყვი. ისინი თავიანთ პატრიოტულ მოვალეობას რამენაირად იხდიან. მახსენდება აკადემიკოსების მარიამ ლორთქიფანიძის, დავით მუსხელიშვილის, პროფესორ გიორგი ოთხმეზურის წერილები. მაგრამ ცალკეულ მეცნიერთა მცდელობები, პასუხი გასცენ ისტორიის ქურდებს, საკმარისი არაა. როდესაც ამ ფრონტზე ტოტალური შემოტევაა, სახელმწიფოს ჩარევისა და დახმარების გარეშე თითოეული მეცნიერის ხმა დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. ქართველთა მტრები თუ საამისოდ ასეულობით მილიონ დოლარს ხარჯავენ, ხომ შეიძლება ჩვენ 100 ათასი ლარი მაინც დავხარჯოთ.

ერთადერთი მეცნიერი, რომელმაც აგვისტოს ომისა და საქართველოს ძირძველი ისტორიული მიწა-წყლის მიტაცების შესახებ სიმართლე თქვა, ეს გახლდათ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ცნობილი ეთნოლოგი სერგეი არუთინოვი. “ეხო მასკვის” ჟურნალისტთან საუბარში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ძირძველი ისტორიული მიწა-წყალი წაართვა რუსეთმა, რომ არავითარი სამხრეთ ოსეთი არ არსებობდა, რომ ეს იყო და არის საქართველოს ძირითადი ისტორიული პროვინცია – შიდა ქართლი, რომ აქ ოსები არა დიდი ხნის, არამედ შედარებით ახალი მისულები არიან და რომ უსამართლობაა ქვეყნისათვის ტერიტორიების წართმევა და ეს წართმევა შიდა ქართლისა და აფხაზეთისა, მან ჩაკბეჩად მიიჩნია. არ ვიცი მას ქართველთაგან ვინმემ მადლობა გადაუხადა თუ არა.

14 მარტი, 2009 წელი
გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”

 

***

თოფჩიშვილი- ოსთა წინაპარი ალანების თავდაპირველი განსახლების არეალი

***

Топчишвили – Расселения предков осетин

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s