Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•თოფჩიშვილი- ოსთა წინაპარი ალანების თავდაპირველი განსახლების არეალი

  ♥ სამაჩაბლო – Samachablo

როლანდ თოფჩიშვილი

 

ოსთა წინაპარი ალანების თავდაპირველი განსახლების არეალი

 

ბოლო ორი-სამი ათეული წელიწადია არაქართველთა მიერ მიზანმიმართულად ხდება საქართველოში ოსთა მიგრაციის ისტორიის გაყალბება, ქართულ-ოსური ეთნოისტორიული ურთიერთობების დამახინჯება. წინამდებარე წიგნის ავტორმა აღნიშნულ პრობლემას რამდენიმე ნაშრომი (მათ შორის, სამი წიგნი) მიუძღვნა. დადგენილია, რომ ოსური ეთნოსის გადმოსახლება საქართველოს ტერიტორიაზე გვიან შუა საუკუნეებში მოხდა: დვალეთში _ XVII საუკუნეში და შიდა ქართლის მთიანეთში _ XVIII საუკუნის შუა ხანებიდან. სად განხორციელდა ოსთა წინაპარი ალანების ეთნოგენეზი? სად მკვიდრობდნენ ისინი საქართველოში მიგრაციამდე? _ ამ კითხვებზე პასუხს მკითხველი წინამდებარე ნაშრომში იპოვის.

სამეცნიერო რედაქტორი: აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე

რეცენზენტები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ პაპასქირი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯონი კვიციანი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სალომე ბახია-ოქრუაშვილი

წიგნს დანართის სახით ერთვის სქემები ლევ გუმილიოვის წიგნებიდან:

Этносфера: история людей и история природы. С-П. М.: 2002;

Открытие Хазарии. _ М.: 2003;  Ритмы Евразии: эпохи и цивилизации. _ М.: 2003.

* * *

ქართველი ხალხი მძიმე განსაცდელის წინაშე იმყოფება. რუსეთის იმპერია საქართველოს ძირძველი ტერიტორიების მიტაცებას სეპარატისტი ოსებისა და აფხაზების საშუალებით ახდენს. ტერიტორიების მიტაცებას კი როგორც ოსები და აფხაზები, ისე მათი წამქეზებლები ისტორიულ დასაბუთებასაც “უძებნიან” _ ისტორიას აყალბებენ, მითოლოგემებს ქმნიან. ისტორიის მიზანმიმართული გაყალბება უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია მიმდინარეობს. ქართველი მეცნიერები სათანადო პასუხს არ აყოვნებდნენ, მაგრამ მათი ნაშრომები, თუ ორიოდ გამონაკლისს არ მივიღებთ მხედველობაში, ძირითადად ქართულ ენაზე იწერებოდა. რუსულ ენაზეა ქართულ-ოსურ ურთიერთობებისადმი მიძღვნილი წიგნი (Грузино-осетинские этноисторические очерки), რომელიც პატრიოტის შალვა კირთაძის ხელშეწყობით დაიბეჭდა. მაგრამ მისი ტირაჟი (200 ცალი), ბუნებრივია, ფართოდ გავრცელების საშუალებას არ იძლევა. ქართველი ხალხის მტრებს კი ინფორმაციის გავრცელების დიდი საშუალებები გააჩნიათ. ქართულ ენაზეა დასტამბული აგრეთვე მონოგრაფია, რომელიც ოსთა საქართველოში მიგრაციას შეეხება და რომელიც თავის დროზე (1997 წელს) ასევე პატრიოტმა და მოღვაწემ როსტომ ჩხეიძემ დასტამბა. დღეს, რამდენადაც ცნობილია, საქართველოში ოსური ეთნოსის დასახლების საკითხებით და ქართულ-ოსური ურთიერთობებით ევროპაშიც არიან დაინტერესებული, თუმცა მათი ინტერესის დაკმაყოფილება, ფაქტობრივად, არ ხერხდება, რადგან ინგლისურ ენაზე არაფერი გაგვაჩნია. ამ მხრივ კი ხელისუფლების გარკვეულმა წრეებმა უნდა გადადგან რეალური ნაბიჯი.

იმდენად ხელშესახებია ოსების საქართველოში გვიან (თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე XVII საუკუნის შუა ხანებიდან) მოსვლის ფაქტი, რომ თავის დროზე ქართველი მეცნიერები მის შესწავლას საჭიროდაც კი არ თვლიდნენ. მას შემდეგ, რაც ისტორიის გაყალბებაში რუსეთის სახელისუფლო წრეებიც უშუალოდ ჩაებნენ, ვფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლებაც არ უნდა გადგეს განზე და თავისი სამოქალაქო ვალი იმითაც უნდა მოიხადოს, რომ ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური პრობლემის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურა ინგლისურ ენაზე (და რუსულ ენაზეც) თარგმნოს.

წინამდებარე წიგნში ოსთა წინაპარი ალანი ტომების თავდაპირველი განსახლების არეალებია გამოვლენილი. ამ მხრივ დიდი სამსახური გაგვიწია კატალონიელი ისტორიკოსის აგუსტი ალემანის ნაღვაწმა, რომელმაც ალანებისა და მათი მონათესავე ტომების შესახებ მსოფლიოში არსებული ყველაენოვანი წყარო მოიძია, თარგმნა და სათანადო კომენტარებით გამოსცა. ასე რომ, ალანების შესახებ ყველა წყარო ერთ წიგნშია თავმოყრილი. კატალანურ ენაზე სქელტანიანი წიგნის გამოსვლისთანავე ის ინგლისურადაც გამოიცა. სამი წლის შემდეგ, 2003 წელს წიგნი რუსულ ენაზედაც ითარგმნა (Агусти Алемань. Аланы в древних и средневековых письменных источниках. _ М.: Издательство «Менеджер». _ 608 с.). თითქოს ჩვენთვის უშრომია აუგუსტი ალემანს. ყველა წყაროს თანახმად ალანთა ეთნოგენეზი კავკასიიდან ძალიან შორს მოხდა და ჰუნთა შემოსევებამდე მათი განსახლების არეალი მხოლოდ ევრაზიის ვრცელი სტეპები იყო, შემდეგ კი _ ჩრდილოეთ კავკასიის ველები. წიგნში დაწვრილებითაა ამ პრობლემაზე საუბარი.

* * *

თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე ოსური ეთნოსი საკმაოდ გვიან, XVII საუკუნის შუა ხანებიდან განსახლდა (თოფჩიშვილი. 1997). ისინი აქ ჩრდილოეთ კავკასიის მთებიდან გადმოსახლდნენ. დადგენილია, რომ ირანულენოვანი ოსები კავკასიის ოდინდელი მკვიდრნი არ არიან; ისევე როგორც თურქულენოვანი ხალხები, ოსებიც კავკასიაში მოსული არიან. უტყუარი წყაროების მიუხედავად, ოსურ ისტორიოგრაფიაში არის მცდელობა ოსთა წინაპრების კავკასიაში (და, მათი აზრით, საქართველოშიც) დასახლება ძალიან ძველ პერიოდში გადატანისა. უფრო მეტიც, აქ აღმოჩენილ სხვადასხვა ეპოქის მატერიალურ-არქეოლოგიურ კულტურას ირანულენოვანი ხალხის, ანუ ოსების წინაპართა კუთვნილებად აცხადებენ.

ქართველ მეცნიერთა მიერ გარკვეულია, რომ ოსების კავკასიის მთებში შემოხიზვნა მონღოლთა შემოსევების დროს მოხდა; ამ დროს “სტეპნიაკი” ოსები მთიელებად იქცნენ. თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას, უფრო ადრეც, ოღონდ კავკასიის მთიანეთის სხვა მონაკვეთში, ოსთა წინაპარი ალანები დასავლეთით, თანამედროვე ბალყარეთისა და ყარაჩაის ტერიტორიებზეც იყვნენ შემოსახლებულნი. აქ ისინი უშუალოდ ემეზობლებოდნენ საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებს: აფხაზეთსა და სვანეთს. ოსთა წინაპარი ალანების კავკასიელებად ქცევა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ დაძრული ჰუნების თარეშებთან იყო დაკავშირებული. თანამედროვე ოსეთის ოთხი საზოგადებიდან (ხეობიდან) ადრე შუა საუკუნეებში ალან-ოსები მხოლოდ დიგორიაში ცხოვრობდნენ. როგორც აღვნიშნეთ, ალან-ოსების განსახლების არეალი ახლანდელი ბალყარეთი და ყარაჩაიც იყო. მაგრამ იალბუზის ირგვლივ, ანუ ყარაჩაისა და ბალყარეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ალან-ოსები მონღოლთა შემოსევების დროს კავკასიის ბარიდან და სამხრეთ რუსეთის სტეპებიდან მიგრირებული თურქულენოვანი ყივჩაყების მიერ იქნენ ასიმილირებულნი. ასიმილაციას დიგორელები გადაურჩნენ, თუმცა თურქული მინარევი მათში საკმაოდ არის წარმოდგენილი (კალოევი 1999). ფაქტი თანამედროვე ყარაჩაის და ბალყარეთის ტერიტორიაზე (დასავლეთ კავკასიაში) ალან-ოსების ცხოვრებისა ქართული საისტორიო წყაროებითაც დასტურდება. ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, დასავლეთ კავკასიის მთიანეთში ალან-ოსების დასახლკარება ჰუნთა შემოსევების დროს მოხდა, ე. ი. ახ. წ. IV საუკუნის 70-იან წლების შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში ალან-ოსები ჩრდილოეთ კავკასიის დაბლობში ნამდვილად სახლდებიან, მაგრამ მათი ნაწილი მთაში, იალბუზის მიდამოებშიც მაშინვე დასახლდა თუ არა ამის დამადასტურებელი წერილობითი მონაცემები არ არსებობს. ჩვენი ვარაუდით, აქ მათი შემოსვლა ოდნავ მოგვიანებით, VI-VII საუკუნეებში უნდა მომხდარიყო.

ამ დროს, ალან-ოსებთან ერთად, სხვა ეთნოსებიც შემოსახლებულან, კერძოდ თურქულენოვანი ჰუნების მონათესავე სავირები, რომლებიც ალან-ოსებში მალე გაითქვიფნენ. ამის დამადასტურებელი უნდა იყოს ბალყარელთათვის ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფის _ სვანების მიერ “სავიარებად” სახელდება. იმ პერიოდში ნარევი ეთნიკური ელემენტების ერთად მიგრაცია და დასახლება იშვიათი არ იყო. მოგვიანო პერიოდშიც, მონღოლთა შემოსევების დროს, ჩრდილოეთ კავკასიის ალაგირის, ქურთაულისა და თაგაურის ხეობებში შემოსული ოსები ნოღაელებთან ერთად დასახლდნენ. თუმცა ნოღაელები არცთუ ისე დიდი ხნის გასვლის შემდეგ თავიანთ სამომთაბარეო არეალს ისევ დაუბრუნდნენ. ნოღაელთა რაღაც ნაწილი კი კავკასიის მთებში ოსებს შეერია. ოსებისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი მონღოლოიდური ელემენტი სწორედ მაშინდელი წარმონაქმნია.

ერთი რამ გარკვევით და დაბეჯითებით უნდა ითქვას: ქართული და უცხოური წყაროებით, საქართველოს ტერიტორიაზე გვიან შუა საუკუნეებამდე ოსები საერთოდ არ ცხოვრობდნენ. მათი მიგრაცია კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე განპირობებული იყო იმ პოლიტიკური მოვლენებით, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში ხდებოდა. ამავე დროს, გადმოსახლების მიზეზი ბუნებრივ-გეოგრაფიული და ეკონომიკური ფაქტორებიც იყო.

საიდან მოვიდნენ ოსთა წინაპარი ირანულენოვანი ტომები კავკასიაში? მიგრაციის რა გზა და მიმართულება გაიარეს? აი, კითხვები, რომლებიც ნებისმიერი ჩვენთაგანის წინაშე ისმის და რომლებსაც ოსური ისტორიოგრაფიის წარმომადგენლები საერთოდ არ სვამენ, რადგან მიიჩნევენ, რომ კავკასიაც ჯერ კიდევ ძვ. წ. II-I ათასწლეულებში ირანულენოვანი ტომების სამკვიდრებელი იყო. ობიექტური მკვლევრისათვის ეს პრობლემები ნათელია. მაგრამ, იმის გამო, რომ ისტორია დღეს პოლიტიზირებულია და ხდება მისი გაყალბება და მითოლოგემების შექმნა, რომლის მიზანიც სხვათა ეთნიკური ტერიტორიების მიტაცება და მისაკუთრებაა, ამიტომ ჩვენი ვალია აღნიშნულ კითხვებს პასუხი გაეცეს. ოსი ისტორიკოსები იქამდეც კი მივიდნენ და იმის “მტკიცება” დაიწყეს, თიღქოს ოსები კავკასიაში ვაინახებზე ადრე მკვიდრობდნენ, რომ ჩაჩნები და ინგუშები (იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხი) აქ მიგრირებული არიან. უფრო მეტიც, შიდა ქართლში ალან-ოსები თურმე ქართველებზე ადრე მოსახლეობდნენ (ბლიევი 2006).

მეცნიერთათვის დღემდე აღნიშნულ პრობლემაზე პასუხი არსებობდა, მაგრამ ის მაინც გართულებული იყო იმის გამო, რომ საისტორიო წყაროები, რომლებშიც ოსთა წინაპრებად მიჩნეული ირანულენოვანი ხალხები (ალანები, სარმატები, როქსოლანები, აორსები და სხვები) არიან მოხსენიებულნი, ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო. ალანები და სხვა ირანულენოვანი ტომები არაერთ დასავლურ და აღმოსავლურ წყაროში არიან მოხსენიებულნი. საბედნიეროდ, ბოლო დროს აღმოჩნდა მკვლევარი, რომელმაც თავი მოუყარა ირანულენოვანი ეთნოსების შესახებ არსებულ საისტორიო წყაროებს. წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევის ავტორია კატალონიელი ისტორიკოსი აგუსტი ალემანი, რომლის წიგნიც XXI საუკუნის დასაწყისში მალევე ითარგმნა ინგლისურ ენაზე (“Sources on the Alans”). ეს გამოცემა რუსულ ენაზეც დაიბეჭდა (ალემანი 2003).

აგუსტი ალემანის ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა ეყრდნობა ადრეული და შუა საუკუნეების პერიოდის ლათინურ (რომაულ), ძველ ბერძნულ, შუა საუკუნეების ლათინურ, ბიზანტიურ, არაბულ, სომხურ, კატალანურ, ქართულ (სამწუხაროდ, არასრულყოფილად), ებრაულ, ირანულ, მონღოლურ, ჩინურ, სირიულ და რუსულ წყაროებს. რა თქმა უნდა, ყველა წყარო ერთნაირი დანიშნულების, მნიშვნელობისა და ღირებულების არ არის. წყაროთმცოდნეობით ნაშრომში ავტორს ზოგიერთი წყარო გამორჩა, არ იცნობს ზოგიერთ სამეცნიერო გამოკვლევასაც. მაგალითად, აგუსტი ალემანს სამეცნიერო მიმოქცევაში არ შემოაქვს ვახუშტი ბაგრატიონის თხზულების მნიშვნელოვანი მონაცემები ოსების შესახებ, ეს იმ დროს, როდესაც ქართველი ავტორის არსებობის შესახებ იცის და ერთ ადგილას მისი წიგნი ციტირებულიც აქვს.

თანამედროვე ისტორიოგრაფიაში აღიარებულია, რომ ოსთა წინაპარი ირანულენოვანი მოსახლეობა ალანების სახელს ატარებდა. ეს მოსაზრება XX საუკუნეში გამოცემულ ყველა ნაშრომშია გატარებული, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ რუსეთის ფედერაციის ავტონომიურ- სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს _ ჩრდილოეთ ოსეთს დამატებით “ალანიაც” უწოდეს. თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ოსებისათვის ეთნონიმი “ალანი” მთლად უცნობი იყო. ამ ტერმინით მათ არც სხვა ხალხები იცნობდნენ. ამავე დროს, მეცნიერებაში ისიც ხშირადაა აღნიშნული, რომ ალანები ეთნიკური თვალსაზრისით ერთგვაროვანნი არ იყვნენ. გამოთქმულია სხვა შეხედულებაც, რომლის თანახმადაც, თავდაპირველად, ალანები სრულიადაც არ იყვნენ ირანულენოვანნი და რომ ისინი ერთ-ერთი თურქული მოდგმის ხალხი იყო (მიზიევი 1986). ისიც აღიარებულია, რომ ალანები მომთაბარე ტომთა დიდ ჯგუფებს წარმოადგენდნენ, რომლებიც წყაროებში პირველად მოხსენიებული არიან ძვ. წ. II საუკუნეში ხანის დინასტიის ჩინურ ანალებში კავკასიდან საკმაოდ შორს, აღმოსავლეთით. ჩინურ წყაროებში ალანების მოხსენიება იმაზე მიუთითებს, რომ თავიანთი განსახლების არეალით ისინი ჩინელთა თვალსაწიერში შედიოდნენ. ჩინური დასახელებული წყარო კავკასიის არც ერთ ხალხს არ ახსენებს; მისი თვალსაწიერის უკიდურესი დასავლეთი წერტილი კასპიის ზღვის აღმოსავლეთი მხარეა. ირანული მოდგმის ეთნოსების ეთნოგენეზი და ეთნიკური ისტორია არალისა და კასპიის მხარეში რომ მიმდინარეობდა ეს ისტორიოგრაფიაში დიდი ხანია საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. მაგალითი შეიძლება ცნობილი ისტორიკოსის, ეთნოლოგის და გეოგრაფის ლევ გუმილიოვის მონოგრაფიდან მოვიყვანოთ: “Во II вв. до н. э. на берегах Каспийского моря жили сарматы, а во II в. н. э. это была восточная окраина союза племен, возглавленых аланами, которых около 158 г. хуны оттеснили на запад, за Волгу” (გუმილიოვი 202: 284). რაც შეეხება კლასიკურ ავტორთა ნაშრომებს, ალანები მხოლოდ ახ. წ. I საუკუნიდან იხსენიებიან რომის იმპერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მომთაბარე ბარბაროს ტომებს შორის. წინასწარ უნდა ითქვას, რომ ყველა საისტორიო წყაროთი, რომაელებთან კონტაქტში შესვლის მომენტისათვის, ალანებს ეკავათ სტეპები შავი, კასპიისა და არალის ზღვების ჩრდილოეთ მონაკვეთებს შორის. ყურადღებამისაქცევია, რომ წყაროებში აღნიშნული სტეპების ზოლში მრავალი სხვა ეთნოსიც მოიხსენიება, რომელთა შორის დასახელებული არიან აგრეთვე სხვა ირანულენოვანი ეთნოსები (ტომები თუ ტომთა გაერთიანებები): სკვითები, სარმატები, აორსები, როქსოლანები, რომლებთანაც ალანები მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ.

გერმანელი მეცნიერი იუდიგერ შმიტი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ჰუნების და, შემდეგ, მონღოლების ზეწოლით, ალანები თანდათან შერეკილ იქნენ კავკასიის მთებში: «Под натиском народов, двигавшихся в западном направлени (сначала гунов, позднее монголов и других), аланы со временем были постепно оттеснены в горные районы Кавказа, где они под именем осетин проживавают до сих пор» (ალემანი 2003: 18).

ამჯერად ჩვენს ინტერესებში არ შედის ყველა იმ წყაროს მითითება და დასახელება, რომელშიც ალანები არიან სახელდებული. მაგრამ მოკლედ უნდა შევჩერდეთ ეთნონიმის _ “ალანი” _ შესახებ. ამ საკითხით ა. ალემანიც დაინტერესდა. ეთნონიმის ეტიმოლოგიზაციას ის მონოგრაფიის გამოკვლევით ნაწილში იძლევა. საყურადღებოა, რომ აღნიშნული ეთნონიმით მათ იცნობდნენ როგორც დასავლური (ლათინი, ბერძენი), ისე აღმოსავლური (ჩინური) წყაროები. ერთ-ერთი მონაცემით, ტერმინ “ალანს” თურქულ-მონღოლური ახსნა აქვს და აღნიშნავს “მთას”. მკვლევარ ჰარმატის მონაცემებით, თურქმენეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში დღესაც ცხოვრობს ტომი, რომლებიც გადმოცემის მიხედვით გადმოსახლებულნი არიან მანგიშლაყის ნახევარკუნძულიდან (კასპიის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი), სადაც იყო ციხე-სიმაგრე “ალან-ყალა”. ეთნონიმ “ალანის” თურქული ახსნის შესახებ სხვათა გამოთქმული შეხედულებები თავმოყრილი აქვს ვ. ტომაშეკს. მაგრამ აქვე არ შეიძლება არ გავიხსენოთ დღეს უკვე უარყოფილი სხვა შეხედულებაც, რომელიც ეთნონიმს სანსკრიტულ “არანას” უკავშირებენ, რაც უცხოს, დაშორებულს აღნიშნავს და რომელიც ძველი ინდოევროპული სიტყვიდან _ “ელენ” _ მომდინარეობდა. მიგვაჩნია, რომ ეს მოსაზრება მთლად უგულებელსაყოფი არ არის. ერთი რამ კი აშკარად ცხადია, რომ ალანები ჰეტეროგენული წარმოშობისანი იყვნენ და რაშიც, მართლაც, შეუძლებელია აგუსტი ალემანს არ დაეთანხმო: «аланы возникли как гетерогенная племенная конфедерация благодаря объединению ряда североиранских групп под кличем общего «арийского» происхождения» (ალემანი 2003: 31). კატალონიელი ავტორი ვრცლად ჩერდება ეთნონიმის “ასის” შესახებაც. მას მიაჩნია, რომ აღნიშნული სიტყვის ეტიმოლოგია გაურკვეველია, თუმცა მოყვანილი აქვს რამდენიმე დაკვირვება, რომლებიც სხვადასხვა ავტორებს ეკუთვნით და რომლებიც წყაროებშია დაფიქსირებული. მაგალითად, იოსებ ფლავიუსი “ებრაული ომების” ისტორიაში წერს: «язык же ясьский ведом есть, яко от печенежского рода родися, живуща подле Тани и Меотьскаго моря». ინტერესმოკლებული არაა “როქსოლანების” ეტიმოლოგიაც, რომლებიც ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე დნეპრის აღმოსავლეთით იყვნენ ლოკალიზებულნი, შემდეგ _ დნეპრსა და დუნაის შორის, ბოლოს კი _ რომაული დაკიისა და მეზიის საზღვრებთან. ერთი მოსაზრებით, ის ვოლგელ ალანებს აღნიშნავს და მიღებულია ორი სიტყვის შეერთების შეგეგად; “როქსი” მდინარე ვოლგის ძველი სახელწოდება ყოფილა. მეორე მოსაზრებით ის “თეთრ ალანებს” აღნიშნავს, რადგან ოსური ენის დიგორულ დიალექტში, რომელიც არქაიზმებით ხასიათდება, “როქს” სინათლეს ნიშნავს.

ზემოთ აღინიშნა, რომ ალანები მსოფლიოს ხალხთა მრავალ წყაროებში არიან დასახელებული. მხოლოდ რამდენიმე მათგანზე შევჩერდებით. პირველ რიგში ლათინური წყაროები უნდა დავასახელოთ, რომლებშიც დღევანდელ ოსთა სავარაუდო წინაპრები: ალანები, აორსები და როქსოლანები არიან მოხსენიებულნი, მხოლოდ ახ. წ. I-II საუკუნეებს მიეკუთვნებიან. ახ. წ. დაახლოებით 350-360 წლებში ე. წ. პეიტინგერის ტაბულაზე ალანები კავკასიის ჩრდილოეთით, სამხრეთ რუსეთის სტეპებში არიან დატანილი. უფრო ადრინდელ ახ. წ. 23/4-79 წლებში მცხოვრები ავტორის გაიუს პლინიუს სეკუნდუსის თხზულების ერთი პასაჟის მიხედვით სხვადასხვა ირანული ტომები _ სარმატები, აორსები, ალანები და როქსოლანები _ მდინარე დუნაის აღმოსავლეთით ბინადრობდნენ. იმავე პერიოდის რომაელი მწერალი სენეკაც ალანებს დუნაის რაიონში მოიხსენიებს (ალემანი 2003: 54). ჩვენი აზრით, იმდროისათვის მდინარე დუნაი იყო უკიდურესი დასავლეთი საზღვარი, სადამდეც მომთაბარე ალანთა ტომები აღწევდნენ.

IV-V საუკუნეების ლათინური ლიტერატურული წყაროები ძირითადად ალანების დიდ თარეშებში მონაწილეობის შესახებ მოგვითხრობს. იგულისხმება ალანების ჰუნებისადმი დაქვემდებარება და დასავლეთით, ჰუნებთან ერთად, მათი ცალკეული ჯგუფების მიგრაცია. ამ თვალაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია მარცელინის, ამბროსის და ავზონის თხზულებები. ისინი ძირითადად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ალანები რომის იმპერიის დაქირავებულ მებრძოლთა შორის იყვნენ და ისინი ჩრდილოეთ იტალიასა და ესპანეთში ლაშქრობდნენ. ამბროსიუსი (დაახლოებით 339-397 წლები) შემდეგს წერდა: “ჩვენ გაგვიგია მრავალი ბრძოლის შესახებ! ჰუნები მიისწრაფიან ალანების წინააღმდეგ, ალანები _ გუთების წინააღმდეგ, გუთები _ თაიფალების და სარმატების წინააღმდეგ; ილირიკში გუთებმა, რომლებიც თავიანთი მიწებიდან იყვნენ გამოყრილი, თავის მხრივ, ჩვენ გაგვაძევეს და ეს ჯერ კიდევ ბოლო არაა” (ალემანი 2003: 66). ამ წყაროდანაც კარგად ჩანს, რომ ოსთა წინაპრებად მიჩნეული ალანები საქართველოდან (და კავკასიიდანაც) ძალიან შორს არიან მოხსენიებული. ციტატიდან ირკვევა, რომ ისინი გუთების ამოძრავებელნი ყოფილან. გუთები კი, როგორც ცნობილია, მაშინ ყირიმის ნახევარკუნძულსა და შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე იყვნენ განსახლებულნი.

ლათინურ ენაზეა დაწერილი ანტიოქიაში დაბადებული მწერლის ამიან მარცელინის თხზულება. ალანების შესახებ მარცელინის თხზულება ყველაზე სრულყოფილ წყა-როდ არის მიჩნეული, რომელშიც ვხვდებით არა მხოლოდ ისტორიულ ცნობებს (375-378 წლების მონაკვეთის შესახებ), არამედ გეოგრაფიულ მონაცემებსა და ეთნოგრაფიულ ექსკურსს. აზოვის ზღვის (palus Maeotis) შესახებ ამიან მარცელინი წერს: “ამ უკიდურესი და დაშორებული ჭაობის ირგვლივ მრავალი ხალხი მკვიდრობს, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ენებისა და წეს-ჩვეულებების მრავალფეროვნებით: იქსომატები, მეოტები, იაზიგები, როქსოლანები, ალანები, მელანქლები და გელონები” (ალემანი 2003: 67). მარცელინი ალანებს, მასაგეტებსა და სარგეტებთან ერთად, უფრო შორს, ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთითაც ასახელებს. სხვა პასაჟში ა. მარცელინი შავი ზღვის სანაპირო ზოლს მოღუნულ სკვითურ მშვილდს ადარებს და წერს: “ამ მშვილდის შუაში, რომელიც წარმოადგენს ძალიან ვრცელ ტერიტორიას, ფეხით კარგად მოსიარულე მგზავრის 15 დღის სავალში, ცხოვრობენ ევროპელი ალანები, კოსტობოლები და სკვითთა უთვალავი ტომები. მათი უმნიშვნელო ნაწილი მინდვრის ნაყოფით იკვებება, ყველა დანარჩენი ფართო სტეპებში მომთაბარეობს, რომლებმაც კავი (სახვნელი) რა არის, არ იციან, არ იციან თესვა, რადგან მინდვრები გაველურებულია და დაფარულია თრთვილით (ჭირხლით). ისინი იკვებებიან მხეცებივით, თავიანთ ოჯახობას, საცხოვრებელს და ღარიბ საოჯახო ბარგიბარხანას ისინი ათავსებენ კიბიტებზე (დახურული ჩარდახიანი ურმები), რომლებიც გადაფარებული აქვთ ქერქით და როდესაც სურვილი გაუჩნდებათ დაუბრკოლებლად გადაადგილდებიან, და თავიანთ საზიდავს მიმართავენ საითკენაც მოესურვებათ” (ალემანი 2003: 68).

ამრიგად, ამიანე მარცელინის ზემოთ მოყვანილ ციტატაში ბევრი რამაა საყურადღებო: ალანების განსახლების არეალი, სამეურნეო ყოფა, წეს-ჩვეულებები. მათი განსახლების არეალი კკლავ შავი და კასპიის ზღვების ჩრდილოეთი მონაკვეთია. ამ ვრცელ ტერიტორიაზე მომთაბარეობდნენ ისინი. წყაროდან აშკარად ჩანს, რომ ალანები მომთაბარეები არიან და მიწას არ ამუშავებენ. უფრო მეტიც, მათი ნაწილი შემგროვებლობით ცხოვრობს. არა აქვთ საცხოვრებელი სახლები და, როგორც ყველა მომთაბარისათვის, მათთვისაც საცხოვრებელი ჩარდახიანი ურემია. ალანები ჩრდილოეთით შორს ვრცელდებიან, რადგან იმ მინდვრებში, სადაც მომთაბარეობენ სიცივე ადრე დგება. მარცელინის თხზულებაში კიდევ ერთი რამაა საყურადღებო: ის საუბრობს ევროპელ ალანებზე, ე. ი. იყვნენ აზიელი ალანებიც, რის დამადასტურებელ წყაროებს ქვემოთ შევეხებით.

 ამიანე მარცელინი საუბრობს ბაქტრიელების, სოგდიელებისა და საკების შესახებ, რომლებიც შუა აზიელი ირანულენოვანი მოდგმის ეთნოსები იყვნენ. ამ ხალხების აღწერის შემდეგ რომაელი ისტორიკოსი მოგვითხრობს: “ადგილებში, სადაც მთავრდება მთები, რომლებსაც იმავის და აპურის მთებს უწოდებენ, სპარსეთის მხარეში ცხოვრობენ სკვითები, რომლებსაც ესაზღვრებიან აზიელი სარმატები და [რომლებიც] უკიდურეს ფარგლებში ეხებიან (ესაზღვრებიან) ალანთა მიწებს. დედამიწის დაშორებულ კუთხეში მიგდებულები მიჩვეულნი არიან უდაბნოს, ისინი ცხოვრობენ ერთმანეთისაგან შორს მდებარე სადგომებში და კმაყოფილდებიან ღარიბი და მწირი საკვებით” (ალემანი 2003: 69). ამრიგად, ამ პასაჟში ა. მარცელინი უკვე აზიელი ალანების შესახებ საუბრობს.

ისტორიკოსისათვის მათი განსახლების არეალი “დედამიწის მიგდებული” მხარეა. ასე რომ, ალანები ახ. წ. IV საუკუნის 70-იან წლებში ვრცელ ტერიტორიაზე _ შავიზღვისპირეთის სტეპებიდან შორს, ჩრდილოეთისაკენ, მდინარეების პრეგოლისა და ვისტულის მიდამოებამდე და კასპიის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით ცხოვრობდნენ (მომთაბარეობდნენ).

ირანულენოვანი მოსახლეობის შესახებ ა. მარცელინი თხზულების სხვა მონაკვეთშიც საუბრობს: “ისტრი, რომელიც შენაკადებისაგან საზრდოობს სავრომატების გვერდით მიედინება, რომელთა ოლქიც ტანაისამდე ვრცელდება და რომელიც განაცალკევებს აზიას ევროპისაგან. ამ მდინარეზე ალანებს სკვითეთის უდაბნოს (სავანის) უზომოდ დიდი სივრცე უკავიათ. მათი სახელი მომდინარეობს მთის სახელწოდებიდან. თანდათანობით მათ (ალანებმა) გამარჯვებით დაიქვემდებარეს მრავალრიცხოვანი მეზობელი ხალხები, რომლებზედაც თავიანთი სახელი გაავრცელეს, როგორც ამას სპარსელები აკეთებდნენ” (ალემანი 2003: 71). ამრიგად, აღნიშნული პასაჟითაც აშკარაა, რომ ალანები ევრაზიის სივრცეში მომთაბარეობდნენ. ისინი არ იყვნენ მონოეთნიკური წარმოშობისანი; შემადგენლობით ჰეტეროგენური იყვნენ. ალანების სახელწოდებით, გარდა ალანებისა, სხვა ხალხებიც იყვნენ ცნობილი. ალანები დამორჩილებული ხალხების ალანიზაციას ახდენდნენ. კიდევ ერთი პასაჟი უნდა მოვიყვანოთ: “სამყაროს ორ ნაწილში განაწილებული ალანები მრავალ ტომად არიან დაყოფილი, რომელთა ჩამოთვლის საჭიროებას ვერ ვხედავ. თუმცა ისინი როგორც ნომადები მომთაბარეობენ ვრცელ ტერიტორიაზე, რომლებიც ერთმანეთისაგან შორი მანძილით არის დაშორებული, მაგრამ, დროთა განმავლობაში, ისინი ერთი სახელის ქვეშ ერთიანდებიან და ყველას ეწოდებათ ალანები წეს-ჩვეულებების ერთგვაროვნების, ცხოვრების ველური წესის და ერთნაირი შეიარაღების გამო. არა აქვთ მათ ქოხები, არავინ მათგან არ ხნავს, იკვებებიან ისინი ხორცით და რძით, ცხოვრობენ კიბიტებში, რომლებიც გადახურულია ხის ქერქის მოღუნული ნაჭრებით და გადაადგილდებიან უსასრულო სტეპებში. მიაღწევენ რა ბალახით მდიდარ ადგილებს, ისინი თავიანთ კიბიტებს წრეში აჩერებენ და იკვებებიან როგორც მხეცები, და, როდესაც საძოვარს გამოსჭამენ, თავიანთ “ქალაქებს” კიბიტებზე ტვირთავენ და აგრძელებენ მოძრაობას. კიბიტებში ხვდებიან (ეყრებიან) ერთმანეთს კაცები და ქალები, აქვე იბადებიან და იზრდებიან ბავშვები, ესაა მათი მუდმივი საცხოვრებელი, და საითკენაც არ უნდა წავიდნენ, იქაა მათი მშობლიური სახლი” (ალემანი 2003: 71). “ყველა, ვინც ასაკითა და სქესით ომისათვის გამოუსადეგარია, კიბიტების ირგვლივ არიან თავმოყრილი და ისინი დაკავებული არიან საოჯახო საქმიანობით, ახალგაზრდები კი ადრეული ასაკიდან ცხენთან არიან შეზრდილი, მამაკაცებისათვის სირცხვილად თვლიან ფეხით სიარულს” (ალემანი 2003: 72). ა. მარცელინი ისევ და ისევ ალანების ისეთ ყოფასა და კულტურაზე საუბრობს, რომელიც მხოლოდ მომთაბარე ხალხებისა და არა ბინადრებისათვის იყო დამახასიათებელი. ცხენიც ხომ მომთაბარეთა საყვარელი ცხოველი იყო, რომელზედაც ფაქტობრივად შეზრდილნი იყვნენ. გავაგრძელოთ ამიანე მარაცელინისეული ალანების დახასიათება: “თითქმის ყველა ალანი მაღალი და ლამაზი შესახედაობისაა, თმები აქვთ ქერა, გამოხედვა _ მრისხანე, თუმცა არც თუ ისე საშიში. ისინი, შეიარაღების სიმსუბუქის გამო, ძალიან მოძრავნი არიან; ყველაფერში ჰგვანან ჰუნებს (ბუნებრივია, აქ ისტორიკოსი მათ ანთროპოლოგიურ ტიპს არ გულისხმობს _ რ. თ.), მაგრამ თავიანთი წეს-ჩვეულებებითა და ცხოვრების წესით რამდენადმე რბილნი არიან. ყაჩაღობისას, ავაზაკობისას და ნადირობასას ისინი მეოტის ზღვამდე და კიმირიის ბოსფორამდე მიდიან სომხეთსა და მიდიამდე” (ალემანი 2003: 72). მოყვანილ ციტატაში კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისებაა წინ წამოწეული. ა. მარცელინი ვრცელ სალაშქრო რეგიონს შემოწერს _ სამხრეთით საავაზაკოდ ისინი სამხრეთ კავკასიასა და მცირე აზიამდე აღწევდნენ. აშკარაა, რომ ალანები კოლხეთსა და იბერიაში ვერ (არ) ლაშქრობდნენ, რადგან მიდიასა და სომხეთში ისინი კასპიის ზღვის მხრიდან შედიოდნენ და არა დარიალით, რომლის სიახლოვეს ახ. წ. IV საუკუნეში ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ გამოჩენილი. “წყნარი და მშვიდობიანი ადამიანებისათვის თუ სიწყნარეა მისაღები, ისინი (ალანები) სიამოვნებას ომებსა და საშიშროებაში ხედავენ. მათში ბედნიერად ითვლება ის, ვინც ბრძოლაში კვდება, ის კი ვინც მოხუცებულობას მიაღწევს და ბუნებრივი სიკვდილით კვდება, მას მოსვენებას არ აძლევენ, მკაცრად ექცევიან, დასცინიან, გადაგვარებულებსა და მშიშრებს უწოდებენ. არაფრით ისინი ისე არ ამაყობენ, როგორც კაცის კვლით და თავიანთ საბრძოლო ცხე-ნებზე, როგორც სასახელო ტროფეას, კიდებენ მოკლულის თავის ქალის გადამძვრალ კანს. არა აქვთ მათ არც ტაძრები და არც სალოცავები; ვერ ნახავთ ჩალით გადახურულ ქოხებს” (ალემანი 2003: 72). მოყვანილ ციტატას, ვფიქრობთ, კომენტარი არ სჭირდება, მომთაბარე ხალხს, ბუნებრივია, არც ტაძრები, არც სხვა სალოცავები და არც საცხოვრებელი სახლები არ ექნებოდა. ალანების სალოცავი ყოფილა მიწაში ჩარჭობილი მახვილი, რასაც მოწიწებით ეთაყვანებოდნენ და რომელსაც იმ ქვეყნის (მიწა-წყლის) მფარველად თვლიდნენ, სადაც ისინი მომთაბარეობდნენ. მომავალს შემდეგნაირად წინასწარმეტყველებდნენ: “ერთ კონად კრავდნენ ტირიფის წნელს, გარკვეული ხნის შემდეგ, რაღაც საიდუმლო შელოცვითა და თილისმით ხსნიდნენ და იღებდნენ გარკვეულ მითითებას იმის შესახებ, თუ რა ელოდათ. სამუშაოზე მათ არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდათ, ყველა კეთილშობილური წარმოშობისად თვლიდა თავს, ხოლო ხელმძღვანელად კი ახლაც მას ირჩევენ, ვინც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბრძოლაში გამოიჩინა თავი” (ალემანი. 2003: 72). აღნიშნული პასაჟიდან კარგად ჩანს, რომ ალანები რწმენა-წარმოდგენით წარმართები არიან, მათი სალოცავი მხოლოდ მახვილია, რომლითაც თავს ირჩენენ. ალანებს შორის IV საუკუნეში არავითარი სოციალური დიფერენციაცია არ იყო და ბელადად იმას ირჩევდნენ, ვინც დარბევებსა და ლაშქრობებში ყველაზე უფრო მოხერხებული და გეზის მიმცემი იქნებოდა.

კიდევ ერთხელ შევაჯამოთ მოკლედ ის მონაცემები, რომლებიც ზემოთ იქნა მოყვანილი: IV საუკუნის ბოლოსათვის ალანები (ოსთა წინაპრები) კავკასიის არც ერთ რეგიონში არ ცხოვრობდნენ; ამ დროისათვის ისინი მხოლოდ მომთაბარე მეურნეობას ეწეოდნენ და რჩენის ერთერთი საშუალება მხოლოდ ლაშქრობები, ბინადარი ხალხების ძარცვა იყო; ალანები მომთაბარეობდნენ ევრაზის სტეპების ვრცელ ტერიტორიაზე. მათი სამომთაბარო სივრცის უკიდურესი დასავლეთი საზღვარი მდინარე დუნაი იყო, ხოლო აღმოსავლეთი საზღვარი _ შუა აზის ვრცელი ტერიტორიები; ალანები ორ დიდ ჯგუფად იყოფოდნენ: ევროპელი ალანები და აზიელი ალანები. ამავე დროს, ეთნიკური თვალსაზრისით, ისინი არაერთგვაროვანი იყვნენ და მათ დაქვემდებარებაში ბევრი სხვადასხვა პირველყოფილი ტომი შედიოდა, რომლებიც ასევე ალანებად იწოდებოდნენ. ფაქტობრივად ალანები მომთაბარე იმპერიის მფლობელები იყვნენ. სამართლიანად შენიშნავს ავგუსტი ალემანი, რომ ამიან მარცელინის მიერ ალანთა დაქვემდებარებულ ხალხებს წიგნიერი წარმომავლობა აქვთ, რადგან ისინი წყაროებში რვა საუკუნით ადრე იხსენიებიან. ა. ალემანი განსაკუთრებით ხაზს უსვამს მარცელინის სიტყვებს: “Halani orienti acclines” და აღნიშნავს, რომ მასში უეჭველად კასპიისიქითა ალანები იგულისხმებიანო. რომაელი ავტორი აზიელ და ევროპელ ალანებს მდინარე ტანაისით ანუ დონით მიჯნავს. მოხუცებულების უპატივცემულობა ძველი ალანებისათვის დამახასიათებელი რომ იყო, ეს ნართების ეპოსიდანაც კარგად ჩანს, რომელშიც სუიციდის, ანუ მოხუცთა მოკვლის ფაქტებიცაა დადასტურებული. ალანებში სუიციდის ფაქტები დიუმეზილსაც აქვს შენიშნული.

დაბოლოს, ამიან მარცელინი, რომელიც ასე მრავალ ცნობას გვაწვდის ალანების შესახებ, ერთადერთი ავტორია, რომელიც საუბრობს ჰუნების მიერ ალანების დამორჩილებასა და დაქვემდებარებაზე. ევროპელი ალანების ნაწილი ან, უკიდურეს შემთხვევაში, ისინი, რომლებიც ტანაისზე (დონზე) ბინადრობდნენ, ჰუნებთან დამარცხების შემდეგ, ამ უკანასკნელთა მოკავშირეებად იქცნენ, ოსტგუთებს დაუპირისპირდნენ და დასავლეთისაკენ დაიწყეს მოძრაობა. ალანთა ცალკეული ყაჩაღური რაზმები უშუალოდ ჰუნების დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ. ალანთა ეთნიკურ ისტორიაში გადამწყვეტი აღმოჩნდა ჰუნების დასავლეთისაკენ მიგრაცია. ევრაზიის ვრცელ ტერიტორიაზე მომთაბარე ალანები, რომლებსაც ადრე სხვადასხვა ტომები ჰყავდათ დაქვემდებარებული, ახლა თვითონ აღმოჩნდნენ სხვის დაქვემდებარებაში და ევროპას მოდებული მძარცველები სხვადასხვა ხალხში გაითქვიფნენ (ისევე, როგორც ჰუნები). ჰუნებთან შეჯახების შემდეგ ალანების ერთი ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიის ბარში დამკვიდრდა, სადაც ისინი ბინადარ ცხოვრებაზე გადავიდნენ და სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი შექმნეს. ამ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნთან ჰქონდათ ქართველებს ურთიერთობა ახალი წელთაღრიცხვის V საუკუნიდან. ამ დროიდან ერქმევა საქართველოდან ჩრდილოეთ კავკასიაში გასასვლელს “დარიალი”, რაც ირანული სახელია (ტოპონიმია) და არა ალანურ-ოსური. ჰუნთა შემოსევების შემდეგ, დაახლოებით V-VII საუკუნეებში სახლდებიან ალანები კავკასიის დასავლეთ მთიან ნაწილში (თანამედროვე ბალყარეთის, ყარაჩაის და დიგორის ტერიტორიები). აქ ისინი ჰუნების ერთ-ერთ ტომთან _ სავირებთან ერთად შემოვიდნენ. სწორედ ამ ტერიტორიით ესაზღვრებოდნენ ალან-ოსები ქართველებს მთელი ადრე შუა საუკუნეების განმავლობაში და ეს საზღვარი მათ აფხაზეთთან და სვანეთთან ჰქონდათ. რაც შეეხება ცენტრალურ კავკასიას (ალაგირი, თაგაური, ქურთაული), აქ ალან-ოსების შემოსვლა და დასახლება (აღმოსავლეთიდან შემოსულ ახალ მომთაბარეებს) მონღოლებს უკავშირდება.

საყურადღებოა IV-V საუკუნეების მოღვაწის იულიუს ჰონორიუსის მიერ ჩამოთვლილი დასავლეთ ევროპის ხალხები. მის მიერ მოხმობილი ეთნონიმები ორ ჯგუფად იყო-ფა _ ძველი გალური მოდგმის ხალხთა სახელწოდებანი და გერმანული და ირანული ტომები, რომლებიც იქ შეიჭრნენ. ამ უკანასკნელთა შორის ასახელებს ალანებსა და სარმატებს (ალემანი 2003: 92). V საუკუნის ავტორთან კაპელასთანაც არიან ალანები მოხსსენიებული. ის აღწერს შავი ზღვის იქითა ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონს: დუნაის იქითა სკვითების სანაპირო დასახლებულია ბევრი სხვადასხვა ბარბაროსით, ისეთებით როგორებიც არიან: გეტები, დაკები, სარმატები, გამასკობები, ტროგოდატები, ალანები და გერმანელები” (ალემანი 2003: 101). ეს ის ალანები არიან, რომლებიც ჰუნების შემოსევას გადაურჩნენ და დასლეთისაკენ არ წავიდნენ. სწორედ აქ დარჩენილი ეს ალანები ცოტა ხნის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიის ბარში სახლდებიან, ბინადარ ცხოვრებაზე გადადიან და ქმნიან ალან-ოსთა სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს. ა. ალემანის აზრით, კაპელას პლინიუსის პერიფრაზირება აქვს მოცემული, მაგრამ პლინიუსისაგან განსხვავებით, აქ აორსები და როქსოლანები არ იხსენიებიან, რომლებიც ამ პერიოდში გამქრალები არიან. საერთოდ, IV-V საუკუნის ყველა რომაელი ავტორი ალანებს კარგად იცნობდა. ევროპული წყაროებით ერთი რამ ცხადია, მთელი IV-V საუკუნეების განმავლობაში ალანები, ჰუნებთან და გუთებთან ერთად, როგორც მძარცველები ისე მოიხსენიებიან ევროპის ხან რომელ მხარეში  და ხან _ რომელში. კავკასიის (მით უმეტეს, სამხრეთ კავკასიის) მკვიდრებად ამ დროისათვის ალანები არც ერთ წყაროში არ არიან დასახელებულნი.

მნიშვნელოვანი ცნობები აქვთ ალანების შესახებ დაცული ძველ ბერძენ ავტორებს. ამ წყაროებში ძირითადად ალანების გეოგრაფიულ ლოკალზაციასა და სამხრეთ კავკასიაში ქრისტიანული ერის პირველ საუკუნეებში ლაშქრობებზეა საუბარი. მაგალითად, ასეთი ცნობა პირველად გვხვდება ნიკომედიელი ფლავიუს არიანეს (დაახლოებით ახ. წ. 95-175 წლები) თხზულებაში, რომელშიც დაცულია ცნობა 135 წელს კაპადოკიაში ალანების შეჭრის შესახებ (ალემანი 2003: 125). იმავე წყაროს ცნობით,ალანები ძირითადად მახვილითა და შუბებით იყვნენ შეიარაღებულნი. ამ წყაროში კასპიის კარი აღწერილია, როგორც ალანიის მიმდებარე ტერიტორია. წყაროში კასპიის კარი, ანუ დარუბანდის კარი ალანიის მიმდებარე ტეერიტორიაად იმიტომაა მოხსენიებული, რომ ამ გზით ლაშქრობდნენ ისინი პართიაში.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა დიონ კასიოსის (დაახლოებით 150-235 წლები) ცნობები, რომელიც მაღალჩინოსანი გახლდათ. 135 წელს ალანები შეჭრილან ალბანეთსა და მიდიაში, მიუღწევიათ აგრეთვე სომხეთსა და კაპადოკიამდე, რომელთა წინსვლაც საჩუქრებითა და ძღვენით შეუჩერებიათ. წყაროს ცნობით, ამ კონფლიქტის პროვოცირება მოაწყო იბერიის მეფემ ფარსმან მეორემ. ვარაუდობენ, რომ ფარსმანმა გაუხსნა ალანებს კასპიის კარი, რათა ისინი თავს დასხმოდნენ ალბანეთსა და მიდიის ატროპატენას და იმ ქვეყნებს, რომლებიც პართიის მეფის ვოლოგეზის ვასალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდნენ. ეს ხელმწიფე იძულებული იყო ელჩები გაეგზავნა რომში, რათა ფარსმანისათვის წაეყენებინათ ბრალდება. ა. ალემანის კომენტარით, ალანებმა სომხეთისა და კაპადოკიის წინააღნდეგ ლაშქრობები თავიანთი ინიციატივით მოაწყვეს. ეჭვს გარეშეა რომ, იბერიის მეფე შეცდომითაა ბრალდებული, რადგან კასპიის კარი იბერთა საგამგეო ტერიტორია არ იყო და ალანები ალბანეთსა და შემდეგ უფრო სამხრეთით ქართველთა ჩარევით და ხელშეწყობით არ მოხვდებოდნენ. იმავე წყაროში როქსოლანებისა და იაზიგების შესახებაც არის საუბარი. 174 წელს იაზიგები დაკიასთან დაკავშირებით არიან მოხსენიებულნი. ა. ალემანი წერს: “სარმატული ტომები “იაზიგ-გადმოსახლებულები” დასახლებული იყვნენ დუნაისა და ტისს შორის ტერიტორიაზე (თანამედროვე უნგრეთი); რაც შეეხება როქსოლანებს, მათ ეკავათ ჩრდილოეთ მეზიის ტერიტორია და აღმოსავლეთ დუნაის საზღვრები (ალემანი 2003: 132).

შემდეგი ბერძენი ავტორი, რომელიც ალანებს ახსენებს არის დიონისი პერიგეტი, რომლის გეოგრაფიული პოემა 124 წელსაა დაწერილი. მდინარე დუნაიდან მეოტის ტბის შესართავამდე ის მრავალ ტომს ასახელებს, რომელთა შორის სარმატები და ალანებიც არიან. ეს უკანასკნელნი დნეპრის დასავლეთით იგულისხმებიან. დიონისის თხზულების “კომენტარებში” ევსტაფი სოლუნელს აღნიშნული აქვს, რომ ალანების მთა მდებარეობს სარმატიაში; მისგან მომდინარეობს ალანი ხალხი, რომლებიც, დიონისეს სიტყვებით, მამაცები და ბევრი ცხენის პატრონები არიან”.

რამდენიმე პასაჟი აქვს ალანების შესახებ პრორომაელ იუდეველ ისტორიკოსს იოსეფ ფლავიუსს. საერთოდ, ის პირველი ისტორიკოსია, რომელიც ალანებს ახსენებს. იოსიფ ფლავიუსი (37/8-100 წლები) კერძოდ აღნიშნავს, რომ “იმპერატორმა ტიბერიუსმა ვერ გადაიბირა იბერები და ალბანელები სომეხი არტაბანის წიინააღმდეგ და მან არტაბანის წინააღმდეგ ალანები მოიწვია, გაუღო კასპიის კარი და მისცა გასასვლელი თავის მიწაზე.

სომხეთი დამარცხებულ იქნა, პართიის მიწა დაპყრობილი” (ალემანი 2003: 138). როგორც აღვნიშნეთ, ესაა ალანების ისტორიის არენაზე პირველი მოხსენიება (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტაციტი, ალანების ნაცვლად, სარმატებს ასახელებს). მოგვიანო პერიოდის ლათინურ თარგმანში კი “სკვითები” ფიგურირებენ. წყაროს ამ ცნობამ ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერი დააბნია, მაგალითად, გაუგებრად მსჯელობს ტოიბლერი რომელიც აღნიშნავს, რომ “კასპიის კარი ძალიან შორს მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთით, რათა ის იბერებისა და ალბანელების კონტროლქვეშ ყოფილიყო” (ალემანი 2003: 139) და რომ ბერძენ ისტორიკოსს უბრალოდ შეცდომა აქვს დაშვებული _ “კასპიის კარის” ნაცვლად უნდა იყოს “დარიალი”. თუ ასეა, მაშინ კითხვა ჩნდება (დარიალზე თუ უნდა იყოს საუბარი), რაღა შუაშია აქ ალბანეთი? რა თქმა უნდა, ტექსტში შეცდომა არაა _ ალანები “კასპიის კარით” ალბანეთში გადავიდნენ; ალბანელებს თავისუფლად შეიძლებოდა გაეკონტროლებინათ “კასპიის კარი” ანუ დარუბანდი. ის მათი სახელმწიფოს საზღვართან მდებარეობდა.

 ახ. წ. 72/3 წელს რომაელების მიერ კომაგენის საბოლოო ანექსიის შემდეგ, ზემოთ დასახელებული წყაროს თანახმად, კვლავ საუბარია ალანთა თარეშებზე: “ალანები, რომლებიც არსებითად სკვითი ხალხია, დასახლებული არიან ტანაისის და მეოტიის ნაპირებზე, ლაშქრობენ მიდიასა და სომხეთში და ორივე ქვეყნიდან (სამეფოდან) თავიანთ ქვეყანაში ნადავლით ბრუნდებიან”. მკვლევარ ბოსვორტის კომენტარით, “ეს ალანები კასპიისიქითა წარმოშობისანი არიან, რომლებმაც კასპიის ზღვას შემოუარეს”. ვფიქრობთ, რომ მეცნიერის ვარაუდი გასაზიარებელია, წყაროში სწორედ აზიაში მცხოვრებ ალანებზეა საუბარი.

 ევროპელი ალანების შესახებ პასაჟი აქვს გეოგრაფ მარკიანსაც (დაახლოებით 400 წელი). მისი ინფორმაციით მდინარე რუდონი ალანიის მთებიდან მოედინება; ამ მთის მეზობლად მთასა და ოლქში ცხოვრობს ფართო ტერიტორიაზე განსახლებული ხალხი სარმატ-ალანები; აქაა მდინარე ბორისფენის სათავე, რომელიც ჩაედინება პონტოში. ალანების იქით, მდინარე ბორისფენის გასწვრივ, ე.წ. ევროპელი ჰუნები მოსახლეობენ (ალემანი 2003: 145).

 II საუკუნის ავტორის კლავდიოს პტოლემეოსის (ალექსანდრიელის) გეოგრაფიიდან მოვიყვანთ ზოგიერთ ნაწყვეტს. მისი ნაშრომის მიხედვით ტოპონიმი “სარმატია” მთელ აღმოსავლეთ ევროპას აღნიშნავს ვოლგამდე, სადაც იწყება სკვითეთი; რაც შეეხება დონს, ის ევროპისა და აზიის გამყოფია; დონი გამოყოფს ევროპულ სარმატიას აზიური სარმატიისაგან: “სარმატია ასევე გარშემორტყმულია მთებით, რომლებსაც ეწოდებათ (იწოდებიან): ტევკა (ან პევკა), ამადოკიის მთები, ბუდინის (ბოდინის) მთა, ალავნის მთა, ზემოთ ნახსენები მთა კარპატი, ვენედის მთები და რიპეის მთების ცენტრალური ნაწილი” (ალემანი 2003: 148). შემდეგი პასაჟი იმავე ავტორიდან: “ყველაზე დიდი ხალხები, რომლებიც სარმატიაში არიან დასახლებული: ვენეტები _ ვენეტის უბის მთელ სანაპიროზე და დაკიის იქით, პევკინები და ბასტერნები; მეოტიდის მთელ სანაპიროზე _ იაზიგები და როქსოლანები და ამ უკანასკნელთა სიღრმეში ქვეყნები: გამასკობია და სკვითი-ალანები” (ალემანი 2003: 148). ა. ალემანის კომენტარით, “ტექსტის თანახმად, როქსოლანებს ეკავათ აზოვის ზღვის სანაპიროს ჩრდილოეთი მონაკვეთი, შემდეგ ჩრდილოეთით მდებარეობდა გამაკსობია და ალანი-სკვითები… აორსები განთავსებული არიან ბალტიის ზღვის მახლობლად (=რიგის ყურე), ძალიან შორს ჩრდილოეთით” (ალემანი 2003: 149).

პტოლემეიოსი როდესაც ლაპარაკობს აზიის სარმატიაზე, ე. ი. ტერიტორიაზე დონსა და ვოლგას შორის, არ ახსენებს ალანებს, თუმცა ასახელებს ასებს. სამაგიეროდ, ერთ-ერთ თავში, რომელიც ცენტრალურ აზიას შეეხება ჰინდიყუშიდან და ჰიმალაიდან ვოლგამდე, უხვი მასალაა მოცემული ალანების შესახებ: ა) “სკვითების მთების მხარეზეა იმაონის მთები, ე. წ. ალანიისა და შემდეგ აღმოსავლეთისაკენ, გიპერბორიისა”; ბ) ამ სკვითეთის ჩრდილოეთით მთელი ოლქი გაყოფილია ე. წ. ალან-სკვითებსა, სუობენებსა და ალანორსებს შორის”. იქვე ნახსენები არიან სხვადასხვა ხალხი, მათ შორის, ასიოტები და აორსები; გ) ქვემოთ, სამხრეთით წყარო “ალანიის მთებსაც” ასახელებს. ჩვენთვის ფრიად საყურადღებოა ა. ალემანის კომენტარი: ”ланские горы _ это, по-видимому, горы Мугоджоры в степях Казахстана, есттественное продолжение Южного Урала к северо-востоку от Каспийского моря. Аланорсы, конфедерация алан и аорсов, возможно с «неарийскими» народами аланами-скифами, живут севернее этой Скифи, к востоку от Волги; аорсы и их соседи асиоты, с другой стороны, обнаруживаются снова слишком далеко, около яксартов, народа у Сыр-Дарьи» (ალემანი 2003: 151).

ამდენად, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ეს დასკვნა _ ალანიის მთები თანამედროვე ყაზახეთის ტერიტორიაზეა, კასპიის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით და, ბუნებრივია, აქვე იყო მათი (ალანების) პირველსაცხოვრისი. მნიშვნელოვანია ის დასკვნაც, რომ ალანებისაგან სამხრეთით სირდარიასთან ლოკალიზდებიან აორსებიც. ვინ იყვნენ აორსები თავდაპირველად, ირანულენოვანი თუ სხვა ეთნიკური სამყაროს წარმომადგენლები, ამას ამჯერად ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს.

შედარებით ვრცლად მოგვიხდება შეჩერება სტრაბონის (ძვ. წ. 64/3-ახ. წ. 23 წწ.) თხზულებაზე. სტრაბონი პირველი ავტორია, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის როქსოლანებისა და აორსების შესახებ. ბერძენი გეოგრაფი როქსოლანებს, აორსებსა და იაზიგებს კიბიტებში მცხოვრებლებად მოიხსენიებს. როქსოლანების შესახებ აღნიშნავს, რომ ისინი ყველაზე ჩრდილოელები [სკვითები] არიან და მოსახლეობენ ტანაისსა და ბორისფენს შორის მდებარე ველებში. ისინი მომთაბარეობენ საძოვრების ძიებაში, იზამთრებენ მეოტიდის ირგვლივ დაბლობში, ზაფხულში კი _ ველებში (ალემანი 2003: 155). ყველა მეცნიერი, რომელიც სტრაბონის ცნობას როქსოლანების შესახებ კომენტარს უკეთებს, აღნიშნავს, რომ ბერძენ ავტორს როქსოლანები ლოკალიზებული ჰყავს ჩორის ჩრდილოეთით, დნეპრსა და დონს შორის. მათი მონაწილეობა ტაისის მეთაურობით ომებში, რომლებსაც პონტოს მეფე მითრიდატ VI ევპატორი აწარმოებდა ყირიმელი სკვითების წინააღმდეგ, დამადასტურებელია სკვითების სამხრეთისაკენ მოძრაობისა, როდესაც ის მათ აზოვის ზღვის სანაპიროზე ათავსებს.

საინტერესოა სტრაბონის მონაცემები აორსების შესახებ: ა) “ამ განაწესის მიხედვით, პირველი ნაწილი (იგულისხმება ჩრდილოეთი აზია _ რ. თ.) დასახლებულია ჩრდილოეთით მდებარე ოლქებიდან ოკეანიის მხარეზე, რომელიღაც სკვითებით, ნომადებით, რომლებიც კიბიტებში ცხოვრობენ; შემდეგ, ქვეყნის სიღრმეში _ სარმატები (ასევე სკვითები), აორსები და სირაკები, რომლებიც ვრცელდებიან სამხრეთით კავკასიის მთებამდე; მათი ნაწილი მომთაბარეა, ნაწილი კი _ მიწათმოქმედთა კარვებში ცხოვრობს”. ბ) პირველი ნაწილის დასასრულს, კავკასიის შესახებ ვკითხულობთ: “ხალხები, რომლებიც შემდეგ მოდიან, მეოტიდს და კასპიის ზღვას შორის, უკვე მომთაბარეები არიან: ნაბიანები, პაგიანები და მაშინვე მათ შემდეგ სირაკები და აორსები. ეს აორსები და სირაკები, როგორც ჩანს, წარმოადგენენ განდევნილებს (გამოძევებულებს), ამავე სახელწოდების ტომებიდან, რომლებიც უფრო ჩრდილოეთით იმყოფებიან, თანაც მათგან აორსები ყველაზე 

ჩრდილოეთისანი არიან და ბატონობდნენ თითქმის კასპიის სანაპიროს დიდ ნაწილზე, ამასთან აწარმოებდნენ ვაჭრობას აქლემებით, ინდური და ბაბილონის საქონლით, რასაც იღებდნენ სომხებისა და მიდიელებისაგან. აორსები, გარდა ამისა, ცხოვრობენ ტანაისის დინებაზე, სირაკები კი _ ახარდიის დინებაზე, რომელიც კავკასიიდან მოედინება და ჩადის მეოტიდში” (ალემანი 2003: 156-157). ა. ალემანის კომენტარი შემდეგია: “ამ ორი პასაჟის მთავარი წყარო, როგორც ჩანს, პოსიდონია. აორსის ტომის ლოკალიზაცია დონსა და კასპიის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს შორის უფრო სარწმუნოა, ვიდრე პტოლემეიოსის, ბალტიის ზღვასა და სირდარიას შორის”. ამავე დროს ეს ავტორი უშვებს აორსთა ორი მთავარი ჯგუფის არსებობას, თუმცა ისინი განცალკევებულნი არ იყვნენ. “სირაკები კი, ასევე სარმატული ხალხი, როგორც ჩანს, ცხოვრობდნენ სტავროპოლიდან ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე ეგორლიკის დაბლობში (მანიჩის შენაკადი), რომელიც თავის მხრივ, დონს ქვემო წელში უერთდება” (ალემანი 2003: 158).

VI-IX საუკუნეების ლათინურ წყაროებში ალანები არაერთგზის არიან ნახსენები, მაგრამ ეს წყაროები ნაკლებმნიშვნელოვანია, რადგან ისინი ალანების შესახებ ძირითადად წინამორბედი ავტორების მონაცემებს იმეორებენ. გამონაკლისი მხოლოდ გრიგოლ ტურელისა და იორდანის თხზულებებია. VI საუკუნის შემდეგ დასავლეთ ევრო-პელთა თვალსაწიერიდან ალანები ქრებიან. ჩვენთვის უფრო საინტერესოა იორდანის (VI საუკუნე) ნაშრომი. იორდანი წარმოშობით გუთი იყო. მას დაწერილი აქვს “გუთების ისტორია”. ამავე დროს, იორდანი ამიანე მარცელინის შემდეგ, ერთადერთი ავტორია, რომელიც ჰუნების მიერ ალანების დამორჩილების შესახებ მოგვითხრობს. იორდანის აღნიშვნით, პანონიაში ალანები მივიდნენ დაახლოებით 380-385 წლებში, რომლებიც ჰუნების გამოდევნილები იყვნენ (ალემანი 2003: 189). “ნედაოსთან ბრძოლის შემდეგ ბარბაროსთა ზოგიერთმა ჯგუფმა იმპერატორისაგან დასასახლებელი ადგილი მოითხოვა: სკირებმა, სადაგარიებმა და ალანთა ნაწილმა თავიანთი ბელადით _ კანდაკით მიიღეს მცირე სკვითია და ქვემო მეზია” (ალემანი 2003: 194). ეს დაახლოებით 450-460 წლებში მოხდა. ისტორიკოსებს მდინარე ნედაოს ლოკალიზება უჭირთ. ვარაუდობენ, რომ ნედაოს ბრძოლა 454/5 წლებში უნდა მომხდარიყო და ამ ბრძოლაში ალანები ჰუნების მხარეზე იბრძოდნენ.

საყურადღებოა XIII_XIV საუკუნეების ლათინური ლიტერატურული წყაროები. ფრანცისკანელი ბენედიქტ პოლიაკი, რომელიც პლანო კარპინის თანამგზავრი იყო, თავის მოკლე ანგარიშში, მას შემდეგ, რაც მათ მონღოლეთში, ყარაყორუმში იმოგზაურეს, წერს: 1246 წელს ფრანცისკანელებმა ვოლგის ნაპირზე დატოვეს მიწა, რომელიც დასახლებული იყო კომანებით (ე. ი. ყივჩაყებით _ რ. თ.). “ძმებს, რომლებიც მიდიოდნენ კომანიის გავლით, თავიანთგან მარჯვნივ ჰქონდათ საქსინების მიწა, რომლებსაც ჩვენ ვთვლით გუთებად და, რომლებიც წარმოადგენენ ქრისტიანებს; შემდეგ მოდიან [ბინადრობენ] ალანები, რომლებიც ქრისტიანები არიან; შემდეგ _ გაზარები (ე. ი. ხაზარები _ რ. თ.), რომლებიც ასევე ქრისტიანები არიან; ამ ქვეყანაში მდებარეობდა მდიდარი ქალაქი ორანამი, რომელიც თათრებმა დაიპყრეს და ჩაძირეს წყალში; შემდეგ ჩირკასები (როგორც ჩანს, ჩერქეზები _ რ. თ.), რომლებიც ქრისტიანები არიან; შემდეგ გეორგიანები, რომლებიც ქრისტიანები არიან” (ალემანი 2003: 208). ა. ალემანის შენიშვნით, “კომანიაში” უნდა გავიგოთ რუსული სტეპები დნეპრსა და ურალს შორის აგრეთვე ტერიტორიები მის სამხრეთით. ვფიქრობთ, ბენედიქტ პოლიაკის ეს პატარა მონაკვეთი ყურადღების ღირსია, იმ თვალსაზრისით, რომ მასში, ჩვენი ღრმა რწმენით, სიზუსტით არის გადმოცემული XIII საუკუნის შუა ხანებში სამხრეთ რუსეთში ეთნოსთა განლაგება, განსახლება. მონღოლეთისაკენ მიმავალი ფრანცისკანელები გაივლიან ყივჩაღებით დასახლებულ 

ტერიტორიას. მათგან მარჯვნივ, ანუ სამხრეთით გუთები, ალანები, ხაზარები, ჩერქეზები და, ბოლოს, ქართველები ცხოვრობდნენ. თანამედროვე ოსთა წინაპარი ალანები გუთებსა და ხაზარებს შორის არიან ლოკალიზებულნი. როგორც ცნობილია, იმ დროს გუთები ყირიმსა და შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაპირებზე ცხოვრობდნენ და მათ მეზობლობაში იმყოფებოდნენ ალანები, ე. ი. აზოვის ზღვისპირეთსა და ჩრდილოეთ კავკასიის სტეპებში. ჩრდილოეთ კავკასიის სტეპებში, ალანების მეზობლად, თურქულენოვანი ხაზარების შთამომავლებიც მკვიდრობდნენ, მათგან უფრო სამხრეთით _ ჩერქეზები, ხოლო ჩერქეზების სამხრეთით, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთით _ ქართველები. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამ დროს (1246 წელს) ალან-ოსები ისევ ველებში, ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ და ისინი კავკასიის მთების სიახლოვეს ჯერ კიდევ არ იმყოფებოდნენ, აქ დასახლებულნი არ იყვნენ.

დაახლოებით 1440 წელს ფრა ც. დე ბრიდიას გადაუწერია 1247 წელს შესრულებული უცნობი ავტორის ნაშრომი, რომელიც პლანო კარპინთან ერთად ყარაყორუმიდან ბრუნდებოდა. ტექსტში ალანებიც არიან დასახელებულნი. მაგალითად, აღნიშნულია, რომ ჩინგიზ-ყაენის მიერ დასავლეთის მიმართულებით მცხოვრები კომანების (=ყივჩაყების) დასაპყრობად გაგზავნილ იქნა მისი შვილი ჯუჩი. წყაროში კომანები აზებზე (ასებზე) გაბატონებულად არიან დასახელებულნი. შემდეგ პასაჟში ალანები გაზარებთან (=ხაზარებთან) ერთად იხსენიებიან: «и (Бату) пошел на Оранс, очень болъшой город, полный христиан, а именно газаров и аланов, а также различных сарацин из разных земелъ. Город стоял на реке, которая питала обширный участок моря и пересекала город. Татары запрудили верхнее течение реки, а затем открыли путь бурному течению воды и она затопила город со всем что в нем было» (ალემანი 2003: 209). ანალოგიური ცნობა პლა-ნო კარპინთანაც გვხვდება. ამდენად, ამ პასაჟშიც ალანები ბარის (დაბლობის) მცხოვრებლებად არიან მოხსენიებული. დასახელებულ წყაროში კიდევ ერთი საყურადღებო ინფორმაციაა _ თათრების მიერ დაპყრობილთა შორის ალანებიც იხსენიებიან, “ალანები, რომლებიც თავიანთ თავს აზებს უწოდებენ” (ალემანი 2003: 210). ანალოგიური ცნობა აქვს პლანო კარპინსაც. ასე რომ, დამოწმებული ციტატის თანახმად, ალანებისათვის ეთნონიმი “ალანი” ეგზოეთნონიმი (გარესახელწოდება) ყოფილა. ალანთა ქვეყნის ადგილმდებარეობისათვის გარკვეული მნიშვნელობა აქვს წყაროს კიდევ ერთ მონაკვეთს: «И когда сын Угедэя, двоюродный брат Бату, возвратился, тайно узнав о смерти своего отца, то на обратном пути завоевал страны газаров и аланов, затем страну †Th ’’eett и , наконец, страну тартаров. Это земли христианские, но разных языков, и находятся на юге, близ моря» (alemani 2003: 210). მოყვანილი ციტატიდან აშკარაა, რომ ლანების ქვეყანა ხაზარების ქვეყანასთან ახლოს (მეზობლად) სამხრეთისაკენ, ზღვასთან მდებარეობს. ეს ზღვა კი უდავოდ აზოვის ზღვაა, რომლის ახლოც ალანთა ქვეყანა მდებარეობდა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ა. ალემანი დასახელებულ ზღვაში არა აზოვის, არამედ შავ ან კასპიის ზღვებს გულისხმობს.

რამდენიმე მნიშვნელოვანი და საყურადღებო ცნობა აქვს დაცული ჩვენთვის საინტერესო პრობლემაზე იტალიელ ჯოვანი დელ პიანო კარპინს (იოან დე პლანო კარპინს), რომელიც 1246-1248 წლებში იმყოფებოდა ყარაყორუმში. ქალაქ ორნასის წყალში ჩაძირვაზე ისიც ლაპარაკობს. მის შესახებ აღნიშნული აქვს: «Этот город был чрезвычайно многолюдный, ибо было много христиан, а именно газар, русских, аланов и других, а также сарацинов; однако власть над городом принадлежала сарацинам» (ალემანი 2003: 211). შემდეგ პასაჟში პლანო კარპინს აღნიშნული აქვს, რომ მონღოლებმა ორმოცდაორი ხალხი დაიპყრეს, რომელთა  შორის არიან “ალანები და ასები” (Alani sive Assi). იქვე ხაზგასმულია, რომ ალანების რაღაც ნაწილი მონღოლებს არ ემორჩილებოდა და კვლავ წინააღმდეგობას უწევდა. სიმართლე უნდა ითქვას, რომ პ. კარპინი პირველი ავტორია, რომელიც დაბლობში მცხოვრებ ალანებთან ერთად მთაში მცხოვრებ ალანებსაც ასახელებს: «ибо, когда [монголы] приступают к осаде крепости, то осаждают ее много лет, как это происходит ныне с одной горой в земле аланов, которю, как мы полагаем, они осаждали уже двенадцать лет; но те оказали мужественное сопротивление и убили много татарских воинов и вельмож» (ალემანი 2003: 212-213). კონკრეტულად რომელი ტერიტორია უნდა ყოფილიყო კავკასიის მთიანეთისა, სადაც ალან-ოსები თავს იცავდნენ მონღოლებისაგან? უნდა იგულისხმებოდეს ოსთა მიერ ახლად დასახლებული ცენტრალური კავკასია ან დასავლეთი კავკასია _ თანამედროვე ბალყარეთისა და ყარაჩაის ტერიტორია, სადაც ალან-ოსები დაახლოებით VI-VII საუკუნეებიდან უკვე ცხოვრობდნენ. არც ისაა გამორიცხული, რომ ალანების “მთიან მიწაში” ჩრდილო კავკასიის რომელიმე მთისწინა მონაკვეთზე იყოს საუბარი.

კიდევ ერთი საყურადღებო პასაჟი ფრანცისკანელის თხზულებიდან, რომელშიც ისევ და ისევ ალანებისა და კომანების მეზობლობაზეა ლაპარაკი: «Страна команов (Comania) граничит на юге с аланми, чиркассами, газарами, Грецией, Константинополем, а также с землей иберов, с татами, брутахиями, о которых говорят, что они иудеи, и бреют голову, _ и с землей зикков [западные черкесы], и с георгианами, арменами, и землей турков» (ალემანი 2003: 214). ბუნებრივია, რომ პ. კარპინს კომანებისა და ალანების სამხრეთით განსახლებული ხალხებისა და ქვეყნების ტერიტორიებზე (მიწებზე) ერთგვარი ამორფული წარმოდგენა აქვს, რადგან მათ ის, გადმოცემის მიხედვით, ჩამოთვლის, მაგრამ კუმანების კავკასიელი მეზობლების შესახებ, ფაქტობრივად, შეცდომას არ უშვებს და ალანების ლოკალიზებას კვლავ იქ ახდენს, სადაც უფრო ადრინდელი ავტორები ახდენდნენ. ესაა ჩრდილოეთ კავკასის სტეპები. მათი განსახლების არეალი ყივჩაყებსა და ჩერქეზებს შორის მდებარეობდა, რომელთა სამხრეთითაც ქართველები მკვიდრობდნენ, თუმცა ქართველებს ორი სხვადასხვა ეთნონიმით _ “იბერები” და “გეორგიანელები”, _ მოიხსენიებს.

ფლამანდიელი ფრანცისკანელი გილიომ დე რუბრუკი საფრანგეთის მეფე ლუი IX-ეს მონღოლეთის იმპერიაში ელჩად ჰყავდა გაგზავნილი, რომელმაც თავისი 1253-1255 წლების მოგზაურობის ჩანაწერები დაგვიტოვა. მეცნიერთა სამართლიანი შეფასებით, მის ჩანაწერებს არა მხოლოდ საისტორიო, არამედ ანთროპოლოგიური, ეთნოლოგიური და გეოგრაფიული თვალსაზრისითაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს. მისი ნაშრომის პასაჟების მნიშვნელოვანი რაოდენობა ალანებსაც ეთმობა. პირველი პასაჟი: “ყირიმის პროვინციის მთავარმა (ყირიმის პროვინციას Gazaria-ს უწოდებს) გვთხოვა, გვინდოდა თუ არა, დაგველია კუმისი, რაც ფაშატის რძეა. რადგან მათ შორის იმყოფებოდნენ ქრისტიანები _ რუსები, ბერძნები და ალა-ნები, რომლებსაც სურთ მყარად დაიცვან თავიანთი კანონები, არ სვამენ მას და თავს ქრისტიანად არც ჩათვლიან თუ მას დალევენ…” (ალემანი 2003: 215). ამრიგად, რუბრუკის თხზულების მიხედვით, ალანები ყირიმელთა (=ხაზართა) დაქვემდებარებაში არიან, მათი პროვინციის მკვიდრნი არიან. მეორე პასაჟი: “1253 წელს ყირიმში ჩვენთან მოვიდნენ ვიღაც ალანები, რომლებიც აქ იწოდებიან ასებად და არიან ბერძნული წესის ქრისტიანები, რომლებსაც აქვთ დამწერლობა ბერძნული და ჰყავთ ბერძენი მღვდლები. მაგრამ ისინი ბერძნების მსგავსად სქიზმატები არ არიან. მათ ჩვენ მოგვიტანეს მოხარშული ხორცი და გვთხოვეს გვეჭამა საჭმელი და გველოცა ერთ-ერთი  გარდაცვლილისათვის. მაშინ მე მათ ვუთხარი: ახლა დიდი დღესასწაულის წინ ჩვენ ხორცს არ ვჭამთ, და ავუხსენი (გავაგებინე) ეს დღესასწაული, რის გამოც ისინი ძალიან აღფრთოვანდნენ, რადგან არაფერი იცოდნენ, რასაც ქრისტიანობასთან ჰქონდა კავშირი, მხოლოდ ქრისტეს სახელის გამოკლებით” (ალემანი 2003: 216). ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ისიც, რომ ალანები ოქროსა და ვერცხლზე არაფერს ყიდდნენ, მხოლოდ ქსოვილებზე ცვლიდნენ საჭმელს. თუმცა ხაზგასმულია, რომ საჭმელებიდან ალანები მათ მხოლოდ ძროხის რძეს სთავაზობდნენ, რაც ძალიან მჟავე და სუნიანი იყოო.

მესამე პასაჟი: “ყირიმიდან ისინი (ალანები) მივიდნენ დიდ სტეპებში. სტეპებში აძოვებდნენ თავიანთ საქონელს უპირატესად კომანები, რომლებიც კაპჩატებად იწოდებიან; გერმანელები კი მათ ვალანებს უწოდებენ, ოლქს (მხარეს) კი _ ვალანიას. ისიდორე კი ქვეყანას მდინარე ტანაიდიდან მეოტიდის ჭაობებამდე და დანუბაიმდე ალანიას უწოდებს” (ალემანი 2003: 217). (ცნობისათვის: ისიდორე VII საუკუნის დასაწყისში სევილიის ეპისკოპოსი იყო, რომელსაც მნიშვნელოვანი საისტორიო მონაცემები აქვს დაცული ალანების შესახებ). ამრიგად, სამხრეთ რუსეთის სტეპებში თავის დროზე გაბატონებული ალანები ყივჩაყებს შეუვიწროვებიათ და, შესაბამისად, ალანიის ქვეყანას ყივჩაყების ქვეყანა დარქმევია.

მეოთხე პასაჟი: “სამხრეთით ჩვენგან იყო დიდებული მთები [სც. Кавказ], რომლებზედაც გვერდიგვერდით უდაბნოს (ე. ი. სტეპების _ რ. თ.) მიმართულებით ცხოვრობდნენ ჩერქეზები და ალანები ანუ ასები, როლებიც აღიარებენ ქრისტიანულ რწმენას და ჯერ კიდევ იბრძვიან თათრების წინააღმდეგ” (ალემანი 2003: 217). ამ პასაჟში ჩვენთვის მნიშვნელოვანი ისაა, რომ ალან-ოსები XIII საუკუნეში სტეპების მხარეს ცხოვრობდნენ და ჯერ კიდევ თათარ-მონღოლებს არ ემორჩილებოდნენ.

მეხუთე პასაჟი: “კასპიის ზღვის დასავლეთით “მდებარეობს ალანიის მთები, ლესგები, რკინის კარები და გეორგიანების მთები”. იმავე დასავლეთით (დასავლეთ მხარეს) მთელი ეს ქვეყანა, სადაც მდებარეობს ალექსანდრეს რკინის კარები და ალანების მთები, ჩრდილოეთ ოკეანემდე და მეოტიდის ჭაობებამდე, სადაც იწყება ტანაიდი, ჩვეულებრივ, იწოდება ალბანიად [შეცდომით, ალანიის ნაცვლად]” (ალემანი 2003: 218). ამრიგად, ევრაზიის სივრცე XIII საუკუნის შუა ხანებში კვლავ ალანიად იწოდებოდა. რაც მთავარია კავკასიის მთები გეორგიანთა (ქართველთა) მთებადაა სახელდებული, რომელთა მთებიც “ალანთა მთებისაგან” განცალკევებით იხსენიება.

დასავლეთისაკენ უკანა გზაზე მიმავალმა ელჩებმა ვოლგის დინებაზე გამოიარეს და მივიდნენ ოქროს ურდოს ქალაქ სარაიში, რომელშიც ალანები და სარაცინები ცხოვრობდნენ.

მეექვსე პასაჟი: 1254 წლის 11 თუ 15 ნოემბერს ძმა ვილემი კავკასიაში მივიდა. წყარო შემდეგს აღნიშნავს: “ალანები ამ მთებში ჯერ კიდევ არ არიან დამორჩილებულნი, ისე რომ, სარტახის ხალხის ყოველი მეათე მთის ხეობებს დარაჯობდა, რათა ეს ალანები მთებიდან არ გამოსულიყვნენ ბარში მათი ჯოგების დასატაცებლად, რომელიც განფენილია სარტახის სამფლობელოსა, ალანებსა და რკინის კარებს შორის და რომელიც აქედან ორი დღის სავალზე [იყო], სადაც იწყება არკაკის დაბლობი. ზღვასა და მთებს შორის ცხოვრობენ რომელიღაც სარაცინები სახელით ლეზგები, მთიელები, რომლებიც ასევე არიან  დაპყრობილნი. ასე რომ, თათრებმა, რომლებიც ცხოვრობენ ალანების მთის ძირში მოგვცეს 20 კაცი, რათა მივეცილებინეთ რკინის კარებამდე…” (ალემანი 2003: 220).

ა. ალემანის სამართლიანი შენიშვნით, რკინის ჭიშკარი ესაა დერბენტი ლეზგისტანის ტერიტორიაზე. აქ არავითარ შემთხვევაში “დარიალი” არ იგულისხმება, რადგან მისი გავლისთანავე ვერც ვენახებს ნახავდა და ვერც ღვინოს მირთმევდა ვინმე.

ჩვენი პრობლემისათვის მნიშვნელოვანია ირანის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის _ სულთანიეს არქიეპისკოპოსის იონე III-ის ჩანაწერები, რომელსაც თავისი ნაშრომი 1404 წელს დაუმთავრებია. მის თხზულებაში დიდი რაოდენობის ისტორიული და ეთნოგრაფიული ცნობებია დაცული ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის ხალხების შესახებ. როგორც აღნიშნავენ, იოანე III-ის ჩანაწერები მისი მოგზაურობის შედეგადაა შესრულებული. საინტერესოა აღნიშნული ავტორის მიერ ხალხთა ჩამონათვალი: “ამ ქვეყანაში [დიდ თათრეთში] ბევრი ქრისტიანია, სახელდობრ: ბერძნები, ბევრი სომეხი, ზიკები, გუთები, თათები, ვლახები, რუსები, ჩერქეზები, ლეკები, აასეები,, აალაანეები,, ავარები, კაზიკუმუხები და თითქმის ყველა ისინი ლაპარაკობენ თათრულ ენაზე” (ალემანი 2003: 222). აქ სამხრეთ რუსეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის იმდროინდელი ეთნიკური პალიტრაა მოცემული. საყურადღებოა, რომ ალანები და ასები ცალ-ცალკე ხალხებად არიან დასახელებულნი. ცალკე აქვს აღწერილი საქართველო, რომლის აღწერისას ის ამატებს: “აქ ცხოვრობენ სხვადასხვა ხალხები, ისეთები როგორებიც არიან: ქართველები (ჟორიანი), სომხები, სარაცინები და ებრაელები, რომლებიც მისდევენ ვაჭრობას. საზღვარზე, მთებში ცხოვრობენ დვალები (Duelli)), ალანები, ასები და ა. შ. (ალემანი 2003: 222). ა. ალემანის სიტყვებით, “Что касается Duelli ето по-видимому Twaltae или южные осетины”. სამწუხაროდ, დვალებისა და “სამხრეთელი ოსების” იდენტიფიკაციაში უცხოელი ავტორი არაქართველ მკვლევარებს ემყარება. მისთვის უცნობია, რომ დვალები არავითარი ოსები არ ყოფილან. რაც ყველაზე უფრო მთავარია ალანები და ოსები (ასები) საქრთველოს საზღვრებიდან დაშორებით, დვალების შემდეგ ჰყავს დასახელებული. წყაროს მიხედვით, საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე _ მთებში დვალები მკვიდრობენ და მის იქით კი ალან-ოსები. ნათელია, რომ XV საუკუნის დასაწყისში არც ისტორიული და არც თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე ალან-ოსები ჯერ არ ცხოვრობდნენ.

უნგრეთის მეფის ლასლო IV-ის კარის მოძღვარს შიმონ კეზაის ეკუთვნის უნგრეთის ისტორია მითოლოგიური დროიდან 1282 წლამდე. ამ წყაროს დამატებაში ალანების შესახებაცაა საუბარი: 1239 წელს მეფე ბელა IV-ემ ნება დართო მონღოლთა ქარიშხალს გამოქცეულ კუმანებს (ყივჩაყებს), თავიანთი ბელადის კოტენის მეთაურობით, დასახლებულებულიყვნენ ცენტრალურ უნგრეთში. თვლიან, რომ მოსულებს შორის (დაახლოებით 40 ათასი “კიბიტი”) იყვნენ ალანთა ჯგუფებიც. ფიქრობენ, რომ ალანთა რაღაც ჯგუფი უნგრეთში ყივჩაყების დამოუკიდებლადაც უნდა მოსულიყო. მათი ასიმილაცია რამდენიმე თაობაში მოხდა, ის თანდათან მიმდინარეობდა: სილეზიელი გეორგ ვერნერი 1543 წელს იუწყებოდა, რომ “დღეს უნგრეთში ჯერ კიდევ არსებობს ხალხი იაზიგები, რომლებიც თავს უწოდებს შემოკლებული სახელით იაზ და ინარჩუნებენ თავიანთ, ბუნებრივ და განსაკუთრებულ ენას, რომელიც უნგრულისაგან განსხვავდება”. ფერენც ფორიშოსტროკოჩის მოწმობით, ყველა იასი უკვე 1693 წელს უნგრელად ლაპარაკობდა. მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიას დღეს ისევ ეწოდება იასშიგ (შდრ. კუნშაგ _ “ჩუმანია”) და ის ბუდაპეშტის აღმოსავლეთით, დუნაისა და ტისს შორის მდებარეობს. იმავე უნგრელი მემატიანის თხზულების დანართში ვკითხულობთ, რომ იუნანის იმპერიაში (ჩინეთი) 1323 წელს “ასევე არიან კეთილი ქრისტიანები, რომლებიც ალანებად იწოდებიან, რომელთაგანაც 30 ათასი დიდ ჯამაგირს იღებს მეფისაგან [მონღოლთა იმპერატორისაგან]” (ალემანი 2003: 228).

მნიშვნელოვანი მონაცემებია დაცული ბიზანტიურ წყაროებში. ცნობილია, რომ ბიზანტიელი ისტორიკოსი აგათია (დაახლოებით 536-582 წლები) დაწვრილებით მოგვითხრობს 552-558 წლების კოლხეთის ისტორიის ამბებს _ მისიმიანების აჯანყების შესახებ. წყაროს მიხედვით მისიმიანების ჩრდილოეთით (ჩრდილოეთ კავკასიაში) ალანების საზღვარი იყო და ალანების ქვეყანაში გადასასვლელი მდ. გიპუსის (=კოდორის) ზემო წელიდან იყო (ალემანი 2003: 238). ამ წყაროში, კავკასიის იქითა მხარეზე მცხოვრებ ალანებთან ერთად, სვანებიც არიან დასახელებული.

იმპერატორ ლევ VI ბრძენის შვილი კონსტანტინე 905 წელს დაიბადა და დამოუკიდებლად მეფობდა 945-949 წლებში. მისი თხზულება ალანების შესახებ მონაცემებსაც შეიცავს. X თავში კონსტანტინე პორფიროგენეტი ხაზარებზე საუბრობს და ერთგან აღნიშნავს: “რამდენადაც ხაზარეთის ცხრა ოლქი ალანიას ეკვრის, და ალანებს როცა მოუნდებათ შეუძლიათ გაძარცვონ ისინი და ამდენად [ხაზარებს] მიაყენონ დიდი უბედურება და ზარალი და ამრიგად, ხაზარეთის მთელი ცხოვრება და დოვლათიანობა დამოკიდებულია ამ ცხრა ოლქზე” (ალემანი 2003: 240). XI თავში “ხერსონისა და ბოსფორის ციხე-სიმაგრეების შესახებ” ვკითხულობთ: “ცნობილია, რომ ალანეთის ეკსუსიოკრატორი ხაზარეთთან მშვიდობიანად არ ცხოვრობს, მაგრამ უფრო მიზანშეწონილად თვლის რომაელთა იმპერატორთან მეგობრობას და თუ ხაზარებს არ სურთ შეინარჩუნონ მშვიდობა და მეგობრობა ბასილევსებთან, მას შეუძლია მათ დიდი ვნება მიაყენოს, მოაწყონ ჩასაფრება გზაზე, დაესხნენ თავს მოულოდნელად სარკელში _ ხერსონის ოლქში გადასვლისას. და თუ ეს ეკსუსიოკრატორი შეეცდება გადაუკეტოს გზა, მაშინ ხერსონი და ოლქები ისარგებლებდნენ ხანგრძლივი და სრული სიმშვიდით, რადგან ხაზარებს ეშინიათ ალანების თავდასხმების და არ შეუძლიათ ებრძოლონ ერთდროულად ერთსაც და მეორესაც, ამიტომ იძულებული არიან დაიცვან მშვიდობა” (ალემანი 2003: 240).

ბიზანტიელი ისტორიკოსი ცალკე თავს უთმობს პაჭანიკებს. აღნიშნავს, რომ “მათი ოლქები დნეპრის იქით უფრო აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით მდებარეობს, უზიის, ხაზარეთის, ალანიის, ხერსონის საწინააღმდეგოდ. სხვა ოთხი გვარი განთავსებულია დნეპრის ამ მხარეს”. შემდეგ ამატებს: “პაჭანიკების მიწა მდებარეობს უზიიდან და ხაზარეთიდან ხუთი დღის სავალზე, ალანეთიდან _ ექვსი დღის სავალზე, მორდიიდან _ ათი დღის სავალზე, რუსეთიდან _ ერთი დღის, უნგრეთიდან _ ოთხი დღის, ბულგარეთიდან _ ნახევარი დღის სავალზე” (ალემანი 2003: 241).

42-ე თავი დუნაისა და კავკასიას შორის მდებარე ტერიტორიის გეოგრაფიული აღწერილობისადმია მიძღვნილი: “კასახის იქით მდებარეობს კავკასიის მთები, და ამ მთების იქით _ ალანიის ქვეყანა. ზიხიის სანაპიროსთან არის კუნძული, ერთი დიდი და სამი პატარა… სადაც ზიხები ალანთა თარეშების დროს იმალებიან” (ალემანი 2003: 241-242). კომენტარი: ალანია, X საუკუნის ავტორის მოწმობით, კავკასიის მთების იქითა. კიდევ ერთი პასაჟი: “პაჭანიკები მოსახლეობდნენ ლევადიის ოლქში, აზოვის ზღვის ჩრდილოეთით, საიდანაც ისინი დაახლოებით 900 წელს უნგრელებმა გაყარეს და ექვსი დღის სავალზე მდებარეობდა ალანიიდან” (ალემანი 2003: 243).

ჩვენთვის საინტერესო მონაცემებია თავმოყრილი პალესტინაში, კესარიაში დაბადებულ პროკოფის (VI საუკუნე) თხზულებაში. მას იუსტინიანეს (527-565 წლები) მმართველობისას მომხდარი მდიდარი მოვლენები აქვს აღწერილი. პასაჟი პირველი: “მდინარე ბოასი (ჭოროხი ? _ რ. თ.) სათავეს იღებს სადღასაც ცანიკში (ჭანიკში ? _ რ. თ.), სომხეთის საზღვრებიდან… სადაც მარჯვნივ მდებარეობს ივერთა მხარე, და პირდაპირ მთავრდება კავკასიის მთები. აქ, სხვა ბევრ ხალხთან ერთად, მკვიდრობენ ალანები და ავასგები, რომლებიც ქრისტიანები და რომაელთა მეგობრები არიან; აგრეთვე ზიხები და მათ შემდეგ ჰუნები, რომლებიც სავირებად იწოდებიან” (ალემანი 2003: 264). პასაჟი მეორე: “მთელი ქვეყანა, რომელიც გადაჭიმულია კავკასიის მთებიდან კასპიის კარამდე, დასახლებულია ალანებით, რომლებიც დამოუკიდებელი ხალხია და რომელთაგანაც დიდი ნაწილი სპარსელების მოკავშირეა და გამოდიან რომაელებისა და მათი სხვა მტრების წინაღმდეგ” (ალემანი 2003: 264). პასაჟი მესამე: “ავასგების საზღვრებს (ფარგლებს) იქით (გარეთ) კავკასიის მთებში მკვიდრობენ ვრუხები, როლებიც იმყოფებიან ავასგებსა (აბაზგებსა) და ალანებს შორის” (ალემანი 2003: 265).

ამრიგად, პროკოფის მიხედვითაც VII საუკუნეში ივერთა ქვეყნის საზღვარი კავკასიონზე გადიოდა, რომლის იქითაც მკვიდრობდნენ ალანები. წყარო ზიხების (ე. ი. ჯიქების) შემდეგ კავკასიის მთებში სავირებსაც ანუ ჰუნებსაც ადასტურებს, რაც რეალური ისტორიული ფაქტია, რადგან დღესაც დასავლეთ საქართველოს მთიელები _ სვანები კავკასიის მთებში მცხოვრებ ბალყარელებს სავირებს უწოდებენ. ჩვენი ღრმა რწმენით, იალბუზის მთების მიდამოებში V-VI საუკუნეებში ალანები სავირებთან (ჰუნებთან) ერთად შემოსახლდნენ. ამ უკანასკნელებმა დროთა განმავლობაში დეთნიზაცია განიცადეს და მათი სახელი (ეთნონიმი) კი გვიან მოსულ (მონღოლთა შემოსევების შემდეგ) თურქულენოვან ბალყარელებზე იქნა გადატანილი. სწორედ ალანთა და სავირთა კავკასიის მთებში თანაცხოვობის შედეგი უნდა იყოს ის, რომ ზემოთ ხსენებული ქართველი მთიელები ეთნონიმს “სავიარი” ხანდახან ოსების მიმართაც იყენებდნენ ხოლმე. აფხაზებსა და ალანებს შორის დასახლებული ხალხი “ვრუხები” ადიღეური მოდგმის უბიხები უნდა იყვნენ, როგორც ამას სამართლიანად რამდენიმე მეცნიერი (ტომაშეკი, ლავროვი) ფიქრობს.

 ალანების შესახებ სათანადო მონაცემები გაჩნია ბერსა და მემატიანეს თეოფანს, რომელიც 818 წელს გარდაცვლილა და რომელსაც 810/1-814/5 წლებში “ქრონოგრაფია” დაუწერია. პასაჟი პირველი: “ჰუნებმა, რომლებსაც ჩვენ, ჩვეულებრივ, თურქებს ვუწოდებთ, იუსტინესთან (571/2 წელი) ელჩობა გაგზავნეს ალანთა ქვეყნის გავლით”. პასაჟი მეორე: 717-741 წლებში “…იუსტინიანმა გაგზავნა ალანიაში ფული, რათა აემხედრებინა ალანები ავასგების (აბაზგების) წინაღმდეგ, რადგან სარაცინებმა დაიქვემდებარეს ავასგია, ლაზიკა და ივერია. მივიდა რა ლაზეთში, მან ფული შესანახად ფაზისში დატოვა და თავისთან აიყვანა რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები, გააგზავნა აფსილიაში, გადავიდნენ კავკასიის მთებზე და მივიდნენ ალანიაში” (ალემანი 2003: 270). ნიშანდობლივია, რომ აბასგიის მართველი ალანებს მეზობლებს უწოდებს. ამავე ავტორის მიხედვით, აბასგიასა და ალანიას შორის მთის გადასასვლელია. ალანები კი თავიანთი თარეშებით აბასგიას მოსახლეობისაგან ამეჩხერებდნენ, რადგან უღელტეხილებზე შემოჭრილებს ბევრი ტყვე გადაჰყავდათ. ამრიგად, აფსილეთიდან, აბასგიიდან იყო გადასასვლელი კავკასიის მთებით ალანიაში. წყაროს ცნობით, აბასგია, ლაზიკა და იბერია სარაცინებს (არაბებს) ხელთ ეპყრათ და ამით ალანიიდან რომის იმპერიაში მიმავალი გზა ბლოკირებული იყო.

ქართველებთან ერთად ახსენებს ალანებს ათენელი ბერძენი ისტორიკოსი ლაონიკ ხალკოკონდელი (დახლოებით 1432-1490 წლები). ის ისტორიას გადმოგვცემს 1298 წლიდან ვიდრე 1463 წლამდე. ეს ავტორი სებასტოპოლს (თანამედროვე სოხუმს _ რ. თ.) მეგრელთა ქალაქად თვლის, რომელიც დადიანების სამფლობელოში შედის. “ზემო ივერიის ქალაქებს ესაზღვრებიან ალანები, ჰუნები და ემბები. ალანები, როგორც ჩანს, კავკასიის მისადგომებამდე ვრცელდებიან” (ალემანი 2003: 301).

 XII საუკუნის ღვთისმეტყველს და მწერალს ნიკიფორე ვასილაკს მოვუსმინოთ. ალანებზე წერს: “იქ, მაღალი კავკასიის ძირში ამ დიდი ხალხის ბევრი ტომის ფარა ძოვს, რომლებიც ფერით სკვითები არიან; ისინი კავკასიის ყველაზე მეომარი ხალხია” (ალემანი 2003: 305).

 XIII საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწე იყო ალანიის ეპისკოპოსი თეოდორე. თეოდორეს ყირიმის ნახევარკუნძულზე უმოგზაურია. მან მიაღწია ხერსონესს (თანამედროვე სევასტოპოლი). ის წერს: “ხერსონის მახლობლად ცხოვრობენ ალანები, არა იმდენად თავისი ნებით, რამდენადაც ხერსონელთა სურვილით. ისინი ქალაქის დამცველები არიან”. აღნიშნული ავტორი ხერსონთან ალანთა სოფელსაც ასახელებს და იქვე ამატებს, რომ ეს ტომი კავკასიის მთებამდეა გაფანტული (ალემანი 2003: 313-314). ის იმასაც აღნიშნავს, რომ “ალანები მხოლოდ სახელით არიან ქრისტიანები”. ამრიგად, XIII საუკუნეში ალანები ჯერ კიდევ მკვიდრობდნენ კავკასიის ბარში და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში.

 VII საუკუნეში როდესაც არაბებმა სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთში შეაღწიეს, კავკასია ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ჩრდილოეთში თუ ძირითადად მომთაბარები ბინადრობდნენ, სამხრეთში განვითარებული ცივილური ურთიერთობები არსებობდა. ამ დროიდან კავკასია დიდ მონოთეისტურ რელიგიებს შორის ბრძოლის ერთ-ერთ არენად იქცა. არაბულ ლიტერატურულ წყაროებში არაერთი საინტერესო მონაცემია დაცული კავკასიის ხალხების შესახებ, მათ შორის ალანებზეც. IX საუკუნის ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, დაღესტნელი ხუნძების (ავარების) სამეფო ალანებსა და დერბენტს შორის მდებარეობდა (ალემანი 2003: 325). ირანელი ალ-ბირუნი (973-1050 წლები) ლაპარაკობს “ალანებისა და ასების ტომების შესახებ”, რომლებიც დასახლებულნი იყვნენ ყოფილი “პაჭანიკების მიწებზე”, ამუდარიის ქვემო დინებაზე, ხორეზმსა და გურგანს შორის, მაგრამ მდინარის კალაპოტის შეცვლის გამო, პაჭანიკებთან ერთად, გადასახლდნენ კასპიის ზღვის სანაპიროზე” (ალემანი 2003: 333). ალ-ბირუნის თანახმად, მაშინ მათი [ალანების] ენა ხორეზმულისა და პაჭანიკურის ნარევი იყო. ა. ალემანი იქვე მიუთითებს, რომ ესაა ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა ალანების კასპიის ზღვის აღმოსავლეთით ყოფნის შესახებ. იგივე ავტორი ამ ცნობას სანდოდ მიიჩნევს, რადგან ალ-ბირუნი ხორეზმის დედაქალაქ კატას გარეუბნის (ბირუნის) მკვიდრი იყო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ალანები ირანულენოვანი ალანებისა და თურქულენოვანი პაჭანიკების იმ ჯგუფების შერევის შედეგად იყვნენ ჩამოყალიბებულნი, რომლებიც საბოლოოდ გათურქდნენ და თანამედროვე თურქმენეთის ტერიტორიაზე დასახლდნენ ალანთა სახელით. ალ-ბირუნის დროს მათი ენა ჯერ კიდევ ნარევი იყო. საბოლოოდ კი თურქულმა მეტყველებამ გაიმარჯვა, ისევე როგორც შუა აზიის მთელ ტერიტორიაზე (ტაჯიკეთის გამოკლებით). მოყვანილი ცნობიდან კარგად ჩანს, რომ ირანულენოვანი მოსახლეობის თურქიზაცია შუა აზიაში საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და ის, ფაქტობრივად, XI საუკუნეში დასრულდა. ასე რომ, ალანური ეთნოსი თანამედროვე შუა აზიის ტერიტორიაზე, თავიანთ თავდაპირველ საცხოვრისსა და ეთნიკურ სამშობლოში, საკმაოდ დიდხამს მკვიდრობდა.

არაბი ალ-დახაბის (1247-1348 წლები) ინფორმაციით, “724 წელს აბდ ალაჰ ალ-ჰაკამი, დარიალის გზით, ხაზარეთში შეიჭრა და მან გამოსაღები მოაგროვა ალანებისაგან, როგორც სულადობრივი, ისე სადგილმამულო” (ალემანი 2003: 334).

არაბი ალ-დიმაშკის (+1327 წელი) ცნობით, კასპიის ზღვის დასავლეთით, მექვსე კლიმატი მოიცავს ალანების მიწას, დაღესტნელი ავარების, დუნაელი ბულგარების, საქართველოს, ყირიმის ზღვას და სუგდიას (ალემანი. 2003: 334). “თათრებმა, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროზე გადადგილდებოდნენ, განადგურეს ალანების, დასავლეთ ჩერქეზების, რუსების, უნგრელების, ბაშკირების, ყივჩაღების ტომები” (ალემანი 2003: 335). შემდეგი პასაჟი: “ალანები და დუნაელი ბულგარები, ისევე როგორც დასავლეთ ჩერქეზები, ესაზღვრებიან როსებს და, როგორც მიიჩნევენ, მათი ძმები არიან; ყველა ისინი ქრისტიანია”. “ალანები ასევე იმყოფებიან მეხუთე კლიმატში, რომელიც ძალიან ცივია” (გვ. 336).

იბნ ალ-ასირი (1160-1233 წლები) საინტერესო ცნობებს გვაწვდის ალანეთის ტერიტორიაზე თათრების შემოჭრის შესახებ. “1222 წელს, ლეზგებზე თავდასხმის შემდეგ, თათრებმა გადაინაცვლეს ალანიის ტერიტორიაზე. ალანებმა, გაიგეს რა ამის შესახებ, მაშინვე ყივჩაყებს დახმარებისათვის მიმართეს. ისინი დამპყრობლებს ერთად დახვდნენ საბრძოლველად. ვერც ერთმა მხარემ ვერ შესძლო გამარჯვების მოპოვება. მაგრამ თათრებმა გადაიბირეს ყივჩაყები (ჩვენ ერთი წარმოშობის ვართო), ეს უკანასკნელნი ბრძოლის ველს გაეცალნენ. თათრები კი ალანებს თავს დაესხნენ და ისინი ამოხოცეს, დატყვევეს, გაძარცვრეს. თუმცა თათრებმა თავიანთი სიტყვა გატეხეს და ახლა ყივჩაყებს დაესხნენ თავს. ეს უკანასკნელნი იძულებულნი იყვნენ თავშესაფარი ეძებათ მთებსა და ჭაობებში” (ალემანი 2003: 337). ასე დამთავრდა XIII საუკუნის 20-იან წლებში თურქი ყივჩაყების (კუმანების, პოლოვცების) ბატონობა სამხრეთ რუსეთის სტეპებში, რომლებიც იქ XI საუკუნის შუა ხანებიდან იყვნენ მოსული, თუმცა ყივჩაყები მაინც ოქროს ურდოს ძირითად ეთნიკურ ბირთვს შეადგენდნენ. ამ დროიდან დაიწყო ეთნიკური ცვლილებები კავკასიის დიდ რეგიონში.

არაბ იბნ-ბატუტას (1304-1368 წლები) 1333 წელს ოქროს ურდოში უმოგზაურია, როდესაც მას მართავდა ხანი უზბეკი. იბნ-ბატუტა, როდესაც ყვება ოქროს ურდოს დედაქალაქ ალ-ზარაზე, აღნიშნავს, რომ აქ ცხოვრობს ექვსი სხვადასხვა ხალხი: მონღოლები, რომლებიც წარმოად-გენენ ქვეყნის მცხოვრებთ და მის სულთნებს _ ზოგიერთი მათგანი მუსლიმია; ალანები, რომლებიც მუსლიმები არიან; ყივჩაყები, ჩერქეზები, რუსები და დასავლეთის სხვა ხალხები, რომლებიც ყველა ქრისტიანია. თითოეული მათგანი თავის უბანში ცხოვრობს და ყველას თავისი ბაზარი აქვს.

ტუნისელი იბნ-ჰალდუნი (1332-1406 წლები) წერს: “კასპიის ზღვის ჩრდილოეთით მდებარეობს ხაზარებისა და ალანების მიწები” (ალემანი 2003: 341). “მექვსე კლიმატის მეხუთე სექციის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ალანების ქვეყანა, მისი მთავარი დასახლებით, სავტალი, რომელიც მდებარეობს შავ ზღვაზე; ჩრდილოეთით, იმავე კლიმატის მექვსე სექციაში მდებარეობს ალანთა ქვეყნის დანარჩენი ნაწილი, რომელიც აქ ფართოვდება და გრძელდება (ვრცელდება) ჩრდილოეთით”. “სამყაროს ჩრდილოეთში არის ცალკეული ხალხები და მრავალრიცხოვანი ტომები: თურქები, სლავები, ტოღუზ-ოღუზები, ხაზარები, ალანები..” (ალემანი 2003: 341).

იბნრუსტა, რომლის თხზულება 903-913 წლებშია დაწერილი, შემდეგს წერს: “დაღესტნელი ავარების სამეფოს მარცხენა მხარეზე (დასავლეთით) სამი დღის მოგზაურობისას ხეტიალის შემდეგ მთებსა და მდელოებს შორის მიაღწევ ალანების სამეფოს. ალანების მეფე გულით ქრისტიანია, მაგრამ მის სამეფოში მცხოვრები ყველა ადამიანი წარმართია, რომლებიც კერპებს ეთაყვანებიან. ათი დღის სავალის შემდეგ, გზით, რომელიც მდინარეებსა და ტყეებზე გადის, მიაღწევ ციხე-სიმაგრეს, რომელსაც “ალანთა კარი” ეწოდება. ის დგას მთის მწვერვალზე, რომლის ქვეშ გადის გზა; სიმაგრე შემოსაზღვრულია მთებით. აქ მკვიდრი ათასი ადამიანი დღე და ღამე იცავს მის კედლებს. ალანების ხალხი ოთხი ტომისაგან შედგება” (ალემანი 2003: 343). X საუკუნის ამ არაბულენოვან ავტორს უმნიშვნელოვანესი ცნობა აქვს დაცული, რაც არც ერთ სხვა ავტორთან არ გვხვდება: ალანთა ქვეყნიდან დარიალამდე ათი დღის სავალია, ე. ი. ალან-ოსთა განსახლება ჩრდილოეთ კავკასიის მთისა და მთისწინეთიდან საკმაოდ შორს, ამ რეგიონის დაბლობში, სტეპებში არსებობდა. უფრო საინტერსო ცნობა აქვს დაცული სხვა არაბს ალმასუდის (გარდაიცვალა 956 წელს): “ალანების სამეფო ესაზღვრება დაღესტნელ ავარებს. ალანების სამეფოსა და კავკაზს შორის (დარიალის ხეობაში) არის ეგრეთ წოდებული ალანიის კარის ციხე და ხიდი დიდ მდინარეზე (თერგზე). ეს ციხე ააშენა სპარსეთის მეფემ ისბანდიარ ბიშტაფსმა, რომელმაც აქ დატოვა გარნიზონი, რათა ხელი შეეშალა ალანებისათვის მოსულიყვნენ კავკასიამდე” (ალემანი 2003: 347). შემდეგი პასაჟი: “ალანების მმართველი ძლიერი და გავლენიანი მეფეა, მას შეუძლია გამოიყვანოს 30 ათასი მხედარი. მისი სამეფო შედგება ერთმანეთთან ახლოს მდებარე დასახლებებისაგან..” “კავკასიასა და კასპიის ზღვას შორის სასანიდმა მეფემ ვისრა ანუშირვანმა აგო ქალაქი დერბენტი და კედელი ზღვიდან ციხე-სიმაგრემდე, რომელიც იწოდება ტაბასარანად, რათა შექმნა გამოუსვლელი ბარიერი ხაზარების, ალანების, სხვადასხვა თურქების და სხვა ურწმუნოთა შემოჭრის დროს” (ალემანი 2003: 349-350). მომდევნო პასაჟი: “ალანთა სამეფოს მეზობლად კავკასიასა და შავ ზღვას შორის ცხოვრობენ ჩერქეზები; ალანები სიძლიერით აჭარბებენ მათ; ჩერქეზებს არ შეძლოთ ალანებს გამკლავებოდნენ, რომ არ ჰქონოდათ ზღვის სანაპიროზე დამცავი სიმაგრე” (ალემანი 2003: 350). დასკვნა ერთმნიშვნელოვანი შეიძლება გაკეთდეს: ალანები X საუკუნეში ჩერქეზების და არა ვაინახების მეზობლები იყვნენ. არაბი ავტორი, ალანებთან შედარებით, ჩერქეზების სისუსტეს იმით ხსნის, რომ “მათ არ უნდათ დაინიშნონ მეფე; სხვა შემთხვევაში არა მარტო ალანები, არამედ სხვა ხალხებიც მათ წინაღმდეგობას ვერ გაუწევდა”. “ხაზარეთისა და ალანების ქვეყნების დასავლეთით ოთხი თურქული მოდგმის ხალხი ცხოვრობს, რომლებსაც ყველას თავისი მეფე ჰყავს და მშვიდობიანად ცხოვრობენ როგორც ხაზარეთის მეფესთან, ისე ალანიის მმართველთან”. “ალანების ქვეყნის მახლობლად ცხოვრობს აფხაზების ხალხი, რომლებიც ქრისტიანები არიან და რომლებსაც ჰყავთ თავიანთი მეფე. მათი ტერიტორია ვრცელდება თვით კავკასიამდე, მაგრამ ისინი საკმარისად ძლიერები არ არიან, რათა ებრძოლონ ალანებს” (ალემანი 2003: 351).

ევრაზიის სტეპების ეთნოსების შესანიშნავი მცოდნე ლევ გუმილიოვი ხაზარებისადმი მიძღვნილ ნაშრომში საუბრობს ამ უკანასკნელთა მეზობლების შესახებ VII_VIII საუკუნებში. ორიოდე წინადადებას მასაც დავესესხებით: `Гузы на востоке, мадьяры на севере, аланы и булгары (черные) на западе не всегда были друзьями хазар. “Но эти степи были не нужны уграм… и аланам, обитавшим в роскошных злаковых степях между Кубанью и Доном” (გუმილიოვი 2002: 388).

ალანები არაერთხელ არიან ნახსენები აგრეთვე ირანულ, სომხურ, მონღოლურ წყაროებში. გვხვდება მათი დასახელება რუსულ და, რაც მთავარია, ჩინურ წყაროებში. მაგრამ ჩვენი თემისათვის მათ არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვთ.

ზემოთ თქმულის შემდეგ შეიძლება დავასკვნათ:

I. ირანულენოვანი ალანების, რომლებიც თანამედროვე ოსების წინაპრები, უფრო სწორედ, ერთ-ერთი წინაპრები იყვნენ, ეთნოგენეზი შუა აზიის ტერიტორიაზე მოხდა. მათი თავდაპირველი განსახლების არეალო იყო ტერიტორია ჰინდიყუშიდან და ჰიმალაიდან მდინარე ვოლგამდე. წყაროებში მოხსენიებული “ალანთა მთები” იგივე სამხრეთ ურალის მუგოჯორის მთებია. ესაა თანამედროვე ყაზახეთის ტერიტორია. რაც შეეხება აორსებს, წყაროების მიხედვით, ისინი ალანებისაგან სამხრეთით, სირდარიასთან ლოკალიზდებიან. ალანების ძველ საცხოვრისში დარჩენილი ნაწილი, ალანებისავე სახელწოდებით, შუა აზიაში X საუკუნის ბოლომდე მკვიდრობდა, რომლებიც დროთა განმავლობაში გათურქდნენ. ალანთა მომთაბარე ტომები პირველად ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნეში ჩინურ წყაროებში არიან მოხსენიებულნი. ჩინური წყაროების თვალსაწიერი კი კასპიის ზღვის აღმოსავლეთ მონაკვეთს არ სცილდებოდა. კლასიკურ ავტორთა თვალსაწიერში კი ალანები პირველად მხოლოდ ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნეში ჩნდებიან, მას შემდეგ, რაც მათ ევრაზიის სივრცის ევროპულ მონაკვეთში დაიწყეს მომთაბარეობა და გამოცალკევდნენ აზიელი ალანებისაგან.

II. ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან ალანები დასავლეთის მიმართულებით იწევენ და მომთაბარეობას იწყებენ დღევანდელი სამხრეთ რუსეთისა და უკრაინის სტეპებში. ახალი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ბოლოდან ალანები, მათი მონათესავე ტომები, მათთან მიკედლებული და ალანებად მიჩნეული სხვა ეთნოსები აღნიშნულ სამომთაბარეო არეალს, ფაქტობრივად, ჰკარგავენ.

III. ალანების ისტორიაში ერთგვარი ტეხილი იყო IV საუკუნის 70-იანი წლები, როდესაც მათ სამომთაბარეო არეალს (კასპიის ზღვის ჩრდილოეთი მონაკვეთიდან აზოვის ზღვამდე) ჰუნები შემოესივნენ. ჰუნებმა ალანები აამოძრავეს. ალანების ნაწილი დასავლეთ ევროპის მიმართულებით, ჰუნებსა და სხვადასხვა გერმანულ ტომებთან ერთად, სათარეშოდ მიდის, ნაწილი სამომთაბარეო არეალს დუნაიმდე იფართოვებს და ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიის დაბლობში სახლდება და ქმნის სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს, რომელთანაც საქართველოს სახელმწიფოს ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა. ჰუნების შემოსევის შემდეგ, ალანები არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიის დაბლობში სახლდებიან, არამედ ჰუნების ნაწილთან _ სავიარებთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიის მთაში, იალბუზის მიდამოებშიც. აქ ალანებს (ოსებს) უშუალოდ ქართველი მთიელები _ სვანები და აფხაზები ესაზღვრებიან.

IV. ჩრდილოეთ კავკასიის ველებში მცხოვრები ალანები ადრე შუა საუკუნეებში თურქულენოვანი ხაზარებისა და ყივჩაყების მეზობლები იყვნენ; მკვიდრობდნენ ყირიმშიც; მონღოლთა შემოსევებამდე ემეზობლებოდნენ ყირიმსა და შავი ზღვის ჩრდილოეთ მონაკვეთში მცხოვრებ გუთებსაც. ადრე შუა საუკუნეებში ალანები ზამთრობით მეოტიის, ანუ აზოვის ზღვის სანაპიროებში ბინადრობდნენ. რაც შეეხება სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებას, მონღოლთა შემოსევებამდე ალანებს ჩრდილოეთით თუ ყივჩაყები ესაზღვრებოდნენ, სამხრეთით მათი მოსაზღვრე ჩერქეზები

იყვნენ. იმდროინდელი ყივჩაყების საცხოვრებელი ტერიტორია სხვა არაფერი იყო, თუ არა ის მიწა-წყალი, რომელზედაც II _ IV საუკუნეებში (ჰუნთა შემოსევამდე) ალანები მკვიდრობდნენ.

V. ისტორიოგრაფიაში გავრცელებულია შეხედულება, რომ “დარიალი” ალანურ-ოსური სიტყვაა და ალანთა დასახლებულ ტერიტორიაზე გასასვლელს ნიშნავს _ სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში დაბლობის (სტეპების) ალან-ოსთა სახელმწიფო დარიალიდან საკმაოდ შორს, დაახლოებით ფეხით ათი დღის სავალზე იყო. “დარიალი” ირანელთა მიერ შერქმეული სახელია, რაც, მართლაც, ალანთა ქვეყანაში გასასვლელს ნიშნავს. ეს სახელი კი იმიტიმ ეწოდა, რომ იმ დროისათვის ჩრდილო კავკასიაში ერთადერთი ხალხი ალანები იყვნენ, რომლებსაც სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი გააჩნდათ. სხვა, ადგილობრივი კავკასიური ეთნოსები, რომლებიც უმეტესად მთებში იყვნენ ჩაკეტილი, უცხოელ ავტორთათვის ნაკლებად იყვნენ ცნობილი.

VII. ახალი ტეხილი ალან-ოსთა ცხოვრებაში მონღოლთა შემოსევების შემდეგ იწყება. მონღოლებმა, მიუხედავად იმისა, რომ ალანები წინააღმდეგობას დიდხანს უწევდნენ, მოახერხეს მათი დამორჩილება. მონღოლებმა დაამარცხეს ალან-ოსების ჩრდილოეთით მცხოვრები ყივჩაყებიც და ამიერიდან როგორც ერთი, ისე მეორე ეთნოსის განსახლების არეალი რადიკალურად იცვლება. XIII საუკუნეში ალან-ოსები კვლავ უწევდნენ წინააღმდეგობას მონღოლებს, თუმცა ამ საუკუნის შუა ხანებიდან ცენტრალური კავკასიის მთიანეთში მათი შესახლება უკვე დაწყებული იყო. ალან-ოსების ძირითადი ნაწილის კავკასიის მთიან ხეობებში შემოსახლება XIV-XV საუკუნეებში განხორციელდა (აქ დიგორელები არ იგულისხმებიან. ისინი VI-VII საუკუნეებში მთაში შემოსული ალანების შთამომავალნი არიან). ამის შემდეგ ბარის მკვიდრნი, “სტეპნიაკი” ალან-ოსები მთიელებად იქცნენ; აითვისეს ადგილობრივ მთიელთა _ კავკასიელთა ტერიტორია, შეერიენ ადგილობრივ მოსახლეობას (კავკასიელებს), ნაწილობრივ მონღოლური მოდგმის ნოღაელებს, რის შემდეგაც, ფაქტობრივად, ახალი ეთნოსი ჩამოყალიბდა. განხორციელებული ეთოგენეტიკური პროცესების შედაგად, ფაქტობრივად, გაჩნდა ახალი ეთნოსი, რომელშიც გამარჯვებული ირანული ჯგუფის ალანური (ოსური) ენა გამოვიდა, ხოლო ეთნიკური კულტურის სფეროში _ ადგილობრივი კავკასიური. ეთნოგენეტიკური პროცესები კავკასიის მთებში დასახლების შემდეგ კარგა ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. ამის დამადსტურებელია მათ მიერ XVI_XVII საუკუნეებში ქართველი მთიელების _ დვალების ასიმილაცია. დვალეთის ზახას ხეობაში ეს პროცესი მოგვიანებითაც კი არ იყო დამ-თავრებული. თვით ოსი მეცნიერის (ბ. კალოევი) ცნობით სამი-ოთხი თაობის წინაც დვალეთის ზახას ხეობაში (ესაზღვრება თრუსოს) მკვიდრნი ორენოვანნი იყვნენ _ ლაპარაკობდნენ ოსურად და ქართულად.

VII. ალანებმა სისხლი ევრაზიის სივრცეში მოსახლე მრავალ ეთნოსს გადაუსხეს, შეერივნენ ევროპელებსაც და საბოლოო ნავსაყუდელი იმ დროისათვის საკმაოდ მრავალრიცხოვანი ხალხის მცირე ნაწილმა კავკასიის მთებში ნახა.

VIII. მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში ალან-ოსები სად აღარ ბინადრობდნენ დაწყებული ამურდარიიდან მდინარე დუნაიმდე (გაუნგრელებული ალანების შთამომამავლები აქ დღესაც მკვიდრობენ), მაგრამ არც ერთი წყარო ალანებს საქართველოში არ ასახელებს. მონღოლთა შემოსვლამდე ალანების განსახლების უკიდურესი სამხრეთი წერტილი კავკასიის მთების მისადგომები, ანუ მთისა და ბარის

მოსაზღვრე ტერიტორიები იყო. ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთის ის მონაკვეთი, რომელიც შემდეგ ალანებმა დაიკავეს, ადგილობრივი კავკასიური მოდგმის ხალხების საცხოვრისი იყო, რომელთა შორის ქართველი მთიელები _ დვალებიც იყვნენ, თუმცა მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში ქართველებთან ალან-ოსებს სხვადასხვა სახის ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდათ. დადგენილია, რომ ალან-ოსები როგორც ისტორიული, ისე თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე საკმაოდ გვიან გამოჩნდნენ: დვალეთში, რომელსაც XX საუკუნის მეორე ნახევარში ოსმა მეცნიერებმა ცენტრალური ოსეთი შეარქვეს, _ XVI საუკუნეში, ხოლო შიდა ქართლის მთიანეთში _ XVII საუკუნის შუა ხანებიდან. ამდენად, არავითარი საფუძველი არა აქვს იმ მითოლოგემებს, რომლის თანახმადაც თურმე ირანულენოვანი ალანური (სარმატული) ტომები საქართველოს მკვიდრნი არიან, ქართველებმა წაართვეს მათ შიდა ქართლის ტერიტორია, რომელსაც სარმატია უნდა ეწოდებოდეს. მიმოხილული წყაროებით აშკარაა, რომ ალანური ტომების, რომლებიც სარმატების განაყოფებად მიიჩნევიან, საცხოვრისი სამხრეთ რუსეთის სტეპები და სამხრეთ უკრაინა იყო, ჩრდილოეთ კავკასიის სტეპებიდანაც კი საკმაოდ შორს.

IX. ახალი გამოკვლევების თანახმად, ადრეული ალანები და ასები სრულიად განსხვავებული ხალხები იყვნენ, როგორც განვითარების აზიურ, ისე ევროპულ ეტაპზე ალანური ეთნოსის ჩამოყალიბებისას.

X. ჰუნების შემოსევებამდე ალანები მხოლოდ მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ _ არ ჰქონდათ მუდმივი საცხოვრებელი სახლები; ეს ფუნქცია კიბიტს (ჩარდახიანი ურემი) ჰქონდა დაკისრებული. თავის რჩენის საშუალებას კი მეკობრეობა, ლაშქრობა და სხვა ხალხების ძარცვა წარმოადგენდა. ამ მიზნით ხშირად მიექირავებოდნენ ხოლმა სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფალთ. იკვებებოდნენ ხორცითა და რძის პროდუქტებით. ალანებმა მიწათმოქმედებაზე გადასვლა მხოლოდ IV_V საუკუნეების მიჯნიდან დაიწყეს მას შემდეგ, რაც ისინი ჩრდილოეთ კავკასიის ველების მკვიდრნი გახდნენ. როგორც სხვა მომთაბარეებს, ბუნებრივია, ალანებსაც მუდმივი სალოცავი ადგილი, ნაგებობა არ ჰქონდათ; მათი სალოცავი იყო მიწაში ჩარჭობილი მახვილი. ბინადრობაზე გადასული ალანები დროთა გამნავლობაში ქრისტიანობას იღებენ, მაგრამ ფორმალურად. მთებში შეხიზვნის შემდეგ კი მათში წარმართობის ფაქტობრივი რეანიმაცია მოხდა.

 

დამოწმებული ლიტერატურა

ალემანი. 2003. _ Алемань А. Аланы в древних и средневековых пысьменных источниках. – М., 2003.

ბლიევი. 2006. _ Блиев М. Южная Осетия в коллизиях российско-грузинских отношений. _ М., 2006.

გუმილიოვი. 2002. _ Гумилев Л. Н. Этносфера: история людей и история природы. _ С-П, М. 2002.

თოფჩიშვილი. 1997. _ თოფჩიშვილი რ. საქართველოში ოსთა ჩამოსახლებისა და შიდა ქართლის ეთნოისტორიის საკითხები. თბილისი, 1997.

თოფჩიშვილი. 2006. Топчишвили Р. Грузино-осетинские этноисторические очерки. _ Кутаиси, 2006.

კალოევი. 1999. _ Калоев Б. Осетинские историко-этнографические этюды. – М., 1999.

მიზიევი. 1986.B _ Мизиев И.М. Шаги к истокам этнической истории центрального Кавказа. _ Нальчик, 1986.

 

 

Роланд Топчишвили

Ареал первоначального расселения предков осетин – аланов

 

 

 

 

2 Responses to “•თოფჩიშვილი- ოსთა წინაპარი ალანების თავდაპირველი განსახლების არეალი”

  1. Raymond Wheetley said

    Thanks for creating this. I really feel as though I know so much more about the topic than I did before. You should continue this, Im sure most people would agree youve got a gift.

    Like

  2. Raguel Niedzwiedz said

    Excellent entry! I’m been looking for topics as interesting as this. Looking forward to your next post.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s