Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ა. თოთაძე- ოსები საქართველოში II

ანზორ თოთაძე

ოსები საქართველოში: მითი და რეალობა

მეორე შევსებული გამოცემა
თბილისი 2008

 

 

მართლა შეუერთდა თუ არა “სამხრეთ ოსეთი” რუსეთს 1774 წელს

 

ოსი “მეცნიერები” არავითარ სიყალბეს არ ერიდებიან და იმასაც კი აცხადებენ, რომ თითქოს არსებობდეს რაღაც ისტორიული დოკუმენტი, რომლის თანახმად ერთიანი ოსეთი 1774 წელს რუსეთის იმპერიაში შევიდა.

2004 წლის 10 ივლისს რუსეთის დუმამ მიიღო სრულიად უპრეცენდენტო, პროვოკაციული გან-ცხადება იმის თაობაზე, რომ ოსეთი ნებაყოფლობით შეუერთდა რუსეთს 1774 წელს და რუსეთი მოვალეა დაიცვას თავისი ოსი მოქალაქეების უფლებები. მათი აზრით, რუსეთს ამ წელს შეურთდა როგორც სამხრეთი ისე ჩრდილოეთი ოსეთი _ ცხინვალიდან ვლადიკავკაზის ჩათვლით. ამდენად ისინი აცხადებენ, რომ დამოუკიდებელ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედროები ახლა უკვე საკუთარ მოქალაქეებს იცავენ და რუსეთი თითქოს გასაჭირში მყოფ თავიანთ მოქალაქეებს არ მიატოვებს ბედის ანაბარად. ამით ისინი ცდილობენ ოსები ფარად აიფარონ თავიანთი იმპე-რიული მიზნების დასაკმაყოფილებლად.

XIX საუკუნემდე არავითარი ისტორიული დოკუმენტი არ არსებობს, სადაც შიდა ქართლის მთიანეთი ოსეთად იწოდებოდეს. წარსულში ქართლის მთიანეთში მცხოვრებ ოსს აზრადაც არ მოუვიდოდა ეთქვა, ოსეთში ვცხოვრობო, რადგან მან კარგად იცოდა: ქართულ მიწაზე ხიზნად იყო დასახლებული. შიდა ქართლი საქართველოს განუყრელი ნაწილი იყო. ქართლ _ კახეთის მეფე ერეკლე მეორე, რომლის სამხედრო ნიჭს დიდად აფასებდნენ დასავლეთშიც, კერძოდ, პრუსიის მეფე ფრიდრიხ II და დიდი გერმანელი მწერალი ლესინგი, ერთ_ერთ დოკუმენტში აფრთხილებს ორგულ ოსებს, თუ ჩემს ბრძანებას არ დაემორჩილებით, “ისეთს რისხვას მოგაყენებთ, რომ არას კაცს არ მოსვლოდეს და არც ჩვენს მამულში თქვენს გვარსღა გავუშვებთო”. დიახ, შიდა ქართლი “ჩვენი მამული” იყო ყოველთვის, მაგრამ ჩინოვნიკები XIX საუკუნის 60_იანი წლებიდან ხელოვნურად და წინასწარგანზრახულად შეთხზულ ტერმინებს _ “ჩრდილოეთ ოსეთსა” და “სამხრეთ ოსეთს” ამკვიდრებენ ხმარებაში. ასე რომ, გარკვეულ ძალებს ყოველთვის აწყობდათ ოსეთის ასეთი დაყოფა კოლონიური პოლიტიკის გასატარებლად. სწორედ ასეთმა ძალებმა მიგვიყვანეს დღეს არსებულ კონფლიქტამდე. როგორც სამართლიანად მიუთითებენ, ეს იმას ჰგავს, რომ საქართველოს რაიონებს, სადაც ამჟამად სომხები, აზერბაიჯანელები და ბერძნები ცხოვრობენ, შესაბამისად ვუწოდოთ ჩრდილოეთი სომხეთი, დასავლეთი აზერბაიჯანი ან აღმოსავლეთი საბერძნეთი. ბუნებაში მხოლოდ ერთი, ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე ოსეთი არსებობს.

რაც შეეხება ოსეთის რუსეთთან გაერთიანების პროცესს, იგი XIX საუკუნის 20_იან წლებში დასრულდა და, რა თქმა უნდა, ეს პროცესი არ  შეეხებოდა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ოსებს, რომლებიც ქართლ-კახეთის სამეფოს ქვეშევრდომებს შეადგენენ. უფრო მეტიც, 1774 წელს რუსეთს შეუერთდა ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები არა მთელი ოსები (იმ პერიოდში ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო წარმონაქმნი არ არსებობდა), არამედ, როგორც დოკუმენტები ადასტურებენ, მათი ერთი ნაწილი. როგორც ცნობილია, XIII_XIV საუკუნეებში ჯერ მონგოლ_თათრების, შემდეგ კი თემურ-ლენგის ურდოების შემოსევების შედეგად იმიერკავკასიის ნაყოფიერ ველებზე ოსები სასტიკად იქნენ დარბეულნი. ოსთაგან მიტოვებული დაბლობები ყაბარდოელებმა ჩაიგდეს ხელთ და ამის შედეგად ოსები მთლიანად მცირე მიწიან მთებში აღმოჩნდნენ შემწყვდეულნი, სადაც ჩამოყალიბდა “ალაგირის”, “ქურთათის”, “თაგაურის” და “დიგორის” ოსური თემები. როგორც ოსური ლიტერატურის ფუძემდებელი კ. ხეთაგუროვი აღნიშნავს, ამ თემებს ერთმანეთთან იმდენად შეზღუდული ურთიერთობა ჰქონდათ, რომ ერთმანეთსაც ვერ აგებინებდნენ, რის შესახებაც ქვემოთ გვექნება საუბარი. ამ საკითხების შესანიშნავი მცოდნე, აწ გარდაცვლილი ახალგაზრდა მეცნიერი ვ. ითონიშვილი აღნიშნავდა: “XVIII საუკუნის შუა წლებიდან ოსეთში საბოლოოდ იძალა პრორუსულმა ორიენტაციამ. საუკუნეების მანძილზე ცენტრალური კავკასიონის ვიწრო ხეობებში შეყუჟული და ყაბარდოელ ფეოდალთაგან შევიწროებული ოსი ხალხის ისტორიული არჩევანი 1774 წელს გაკეთდა, როდესაც ალაგირის, ქურთათისა და თაგურის ოსური თემები ყაბარდოსთან ერთად რუსეთს შეუერთდა. . . 1781 წელს იგივე ნაბიჯი გადადგა დიგორის ოსურმა თემმაც”.

საქართველოში მცხოვრები ოსებისა და სხვა ეროვნებების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საფუძველი გიორგიევსკის ტრაქტატის (1783წ.) დადება გახდა.

ორი წლის შემდეგ ეს საკითხი, რა თქმა უნდა, რუსეთის კარნახით, დასვა თვითგამოცხადებული “სამხრეთ _ ოსეთის რესპუბლიკის” პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ. შემდეგ “სამხრეთ ოსეთის” ვიცე_პრემიერმა ბორის ჩოჩიევმა დაიცვა პრეზიდენტის შეხედულებები და გააკეთა აბსოლუტურად არასწორი ექსკურსი საქართველოს ისტორიაში. “სამხრეთ ოსეთის” პრემიერის მიერ წამოჭრილ საკითხებს “რეგნუმ” საინფორმაციო სააგენტოს კორესპონდენტის თხოვნით, თავის სტატიაში კომენტარი გაუკეთა პოლიტოლოგიისა და ისტორიის კანადელმა პროფესორმა, კავკასიის საკითხთა სპეციალისტმა, კალგარის უნივერსიტეტთან არსებული სამხედრო_სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის წარმომადგენელმა ენდრიუ ანდერსენმა. რამდენადაც ოსი “მეცნიერები” ყოველთვის მიკერძოებულად მიიჩნევენ ქართველთა პასუხებს, ამჯერად საჭიროდ ჩავთვალეთ ბატონ ენდრიუ ანდერსენის სტატიის თითქმის სრულად მოყვანა, მიუხედავად მისი დიდი მოცულობისა. ეს იმანაც განაპირობა, რომ არ შეიძლება სხვისი ისტორიის ასე ხელაღებით მითვისება, ისტორიული წყაროების ასე უკუღმართად წაკითხვა, რადგან “დაგვიჯერებენ მხოლოდ იმას, რაც თვითონ გვჯერა”. უცხოელ მეცნიერებს და არც ცნობილ ოს მეცნიერებს არ სჯერათ ოსი დილეტანტი მეცნიერების მხოლოდ პოლიტიკურ გადასახედიდან დანახული, პოლიტიკური მოტივებით შეკოწიწებული ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” ისტორია, უხსოვარი დროიდან აღმოსავლეთ საქართველოში ოსების ცხოვრების მითი, ერთიანი ოსეთის არსებობა.

ბატონი ენდრიუ ანდერსენი აღნიშნავს: “ამ რამდენიმე ხნის წინათ, ედუარდ კოკოითიმ, საქართველოს შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე მდებარე ერთი გოჯი მიწის – ამჟამად თვითგამოცხადებული “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკად” წოდებული რეგიონის მეთაურმა ედუარდ კოკოითიმ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი ცდილობს, ეს ტერიტორია შეიყვანოს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ამ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას სადღეისოდ აკონტროლებს უკანონო შეიარაღებული ფორმირებები “სამხრეთ ოსეთის არმიის” სახით და მათ მხარს უჭერენ რუსი “მშვიდობისმყოფლები”. ასეთი ინიციატივის საფუძვლად კოკოითიმ მოიტანა რაღაც იდუმალებით მოცული “ისტორიული დოკუმენტი 1774 წელს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ერთიანი ოსეთის შესვლის შესახებ”.

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამ თვითაღიარებული რესპულიკის “ლიდერის” ასეთი გამოსვლის შემდეგ, კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ყველას შეახსენა, თუ ვის შეიძლება ეხებოდეს კოკოეთის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ 1774 წელს არ არსებობდა არანაირი მითიური “ერთიანი ოსეთი”, ან რომელიმე სხვა ოსეთი საქართველოს ტერიტორიაზე. ბატონ ვოლსკის ასეთმა განცხადებამ, როგორც ჩანს, კოკოითის მომხრეთა დიდი განრისხება გამოიწვია. კერძოდ, “სამხრეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა ბორის ჩოჩიევმა ამას ძალზე საინტერესო პასუხი გასცა, რომელიც გაავრცელა “რეგნუმ” საინ-ფორმაციო სააგენტომ შემდეგი სათაურით: “სამხრეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა განახორციელა “უწიგნურობის ლიკვიდაცია სამამულო ისტორიაში”.

უწიგნურობის ლიკვიდაცია (ეს ტერმინი დამკვიდრდა საბჭოეთში XX საუკუნის 20-იან წლებში), რა თქმა უნდა, ღირსეული და საჭირო საქმეა. სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიოში საკმაოდ მომრავლდნენ ისტორიულად უწიგნური ადამიანები. ამის მიზეზია ტენდენცია, რომელიც დაისახა გასული საუკუნის შუა წლებში მთელ რიგ ქვეყნებში. ამ ტენდენციის თანახმად, ისტორიის სწავლება ყველა სასწავლებელში მნიშვნელოვნად შეიკვეცა, ზოგიერთი პროგრამებიდან კი საერთოდაც ამოიღეს. ვინც ამ საკითხის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებდა, ეს იმით განმარტა, რომ ისტორია, თურმე ძალზე  მოწყვეტილი ყოფილა რეალური სინამდვილისგან, და ამიტომაც, მისი შესწავლისთვის არ ღირს დროის და სახსრების ხარჯვა. ამ მხრივ, განსაკუთრებით “გაუმართლათ” საქართველოს და იმ სხვა ხალხების ისტორიებს, რომლებსაც წილად ხვდათ სსრ კავშირის შემადგენლობაში ყოფნის “ბედნიერება”: დასავლეთში მათი ისტორია ამოიღეს ნებისმიერი პროგრამებიდან, რადგან, მიაჩნდათ, რომ ეს ქვეყნები ვერასდროს ვეღარ დააღწევდნენ თავს რუსეთს, ხოლო მათ თუ აღარ ექნებოდათ მომავალი როგორც ერებს, მაშინ მათი წარსულის შესწავლა და გახსენებაც კი აღარ იქნებოდა საჭირო. სსრ კავშირში კი მიაჩნდათ, რომ ხალხების მიერ თავიანთი ისტორიების ცოდნა შეუქმნიდა საფრთხეს ”ურღვევი კავშირის” მონოლითურობას. ყოველივე ამის შედეგად, მივიღეთ ისტორიულად ნაკლებდ განათლებული, ზოგჯერ კი, აბსოლუტურად უწიგნური პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების და საზოგადოების რიგითი წევრების რამდენიმე თაობა. ამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში კი ძალზე მომრავლდნენ ისეთი ავტორები, რომლებიც ქმნიან სრულიად ახალ ვირტუალურ წარსულს, სარგებლობენ რა იმით, რომ რეალური წარსულის შესახებ პრაქტიკულად თითქმის არაფერი იციან არც საზოგადოებამ და არც მისმა ბელადებმა. ერთი სიტყვით, წარსული “განუჭვრეტელი” გახდა.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბატონ ვოლსკის მიმართ გამოთქმული საყვედური, რომ იგი ისტორიულად უწიგნური ყოფილა, უსაფუძვლოდ მიგვაჩნია, რადგან, მის მიერ ნათქვამი სიტყვები მთლიანად შეესაბამება ჭეშმარეტებას. 1774 წელს რუკაზე არ არსებობდა არა მარტო ბატონი კოკოითის და ექსპანსიონისტური პროპაგანდის სხვა რუპორების მიერ ასე ხშირად ნახსენები “ერთიანი ოსეთი”, არამედ საერთოდ, ოსეთი, როგორც ასეთი. ოსური ენის სხვადასხვა დიალექტზე მოლაპარაკე ადამიანები, რა თქმა უნდა, ცხოვრობდნენ დიდი კავკასიონის ქედის ორივე მხარეს, მაგრამ ამჟამინდელი ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოსების უმრავლესობა ემორჩილებოდა ყაბარდოელ ფეოდალებს, მათი მიწებიც, შესაბამისად, ყაბარდოს ნაწილს შეადგენდა, რომელიც, თავის მხრივ, ფორმალურად ემორჩილებოდა ყირიმელ ხანებს _ ოსმალეთის იმპერიის ვასალებს. ამჟამინდელი თვითგამოცხადებული “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” ტერიტორია კი შედიოდა აღმოსავლეთ საქართველოს ქართლ-კახეთის სამეფოს შემადგენლობაში და არასდროს არ იყო გამოყოფილი შიდა ქართლის ოლქიდან. ერთი სიტყვით, მათ არასდროს არ უცხოვრიათ განცალკევებულად აღმოსავლეთ საქართველოსგან. ამას ამტკიცებენ წარსულის ყველა სერიოზული ისტორიკოსები და ეს არავისთვის არ არის სადავო, გარდა, ღმერთმა უწყის, საიდან გამოჩენილი ამ ბოლო წლების “ისტორიკოსებისგან”, თუმცა, მათაც ვერ დაუდასტურებიათ თავიანთი “რევოლუციური” შეხედულებები ვერანაირი მტკიცებულებებით. მაგრამ, პოლიტიკურ ავანტიურისტებს განა რაიმე მტკიცებულებები სჭირდებათ?

მაინც რა შევიდა 1774 წელს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, და რა დოკუმენტების საფუძველზე მოხდა ეს? ამ კითხვაზე პასუხის პოვნა ადვილად შეიძლება 1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომის არქივებში, რომელიც დასრულდა ქუჩიუკ-კაინარჯის ზავით. ამ ზავმა დაადგინა რუსეთის საზღვრები ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში მდინარე ყუბანის გასწვრივ. იგი ითვალისწინებდა ოსმალეთის იმპერიისგან ყირიმის სახანოს ჩამოშორებას, რომელიც დამოუკიდებლად გამოცხადდა, და რუსეთისთვის საზღვაო სანაპიროს ნაწილის დათმობას ქერჩის, ენიკალეს, კინბუნის ციხე-სიმაგრეების ჩათვლით; რუსეთის შემადგენლობაში დიდი და მცირე ყაბარდოს შენარჩუნებას, რუსებს ეძლეოდათ უფლება სავაჭრო ხომალდებით შეუფერხებლივ გასულიყვნენ შავ ზღვაში და შავი  ზღვის სრუტეებში; ეძლეოდა ავტონომია მოლდავეთს და ვალახეთს, და ეს სამთავროები რუსეთის მფარველობის ქვეშ გადაეცემოდა.

ამრიგად, არანაირ ოსეთზე _ არც ერთიანზე და არც ორად გაყოფილზე, ლაპარაკი არ არის. არის დიდი და მცირე ყაბარდო, რომელშიც, როგორც უკვე ითქვა, შედიოდა ოსებით დასახლებული მიწების ნაწილიც. ასე რომ, უწიგნურობის ლიკვიდაციის გაკვეთილების ჩატარება საქართველოს სახელმწიფოს მინისტრის მოადგილესთან, მეტი რომ არ ვთქვათ, ზედმეტია. ახლა ასეთი კითხვა დავსვათ: რა გაკვეთილი მისცა ბატონმა ჩოჩიევმა ქართველ ოპონენტს? თუ გადავხედავთ ბორის ჩოჩიევის ბიოგრაფიას მის ოფიციალურ საიტზე, შეიძლება გაგვიკვირდეს, თუ სად და როდის გაეცნო იგი ასე დეტალურად საქართველოს და ოსი ხალხის ისტორიას. ამ ერთი გოჯი თვითაღიარებული ტერიტორიის “ვიცე-პრემიერმა” თავისი კარიერა დაიწყო მუშად და საოლქო კომუნალური მეურნეობის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს კომკავშირის კომიტეტის მდივნად, შემდეგ მუშაობდა ალკკ საოლქო კომიტეტში, პარალელურად ეუფლებოდა საბუნებისმეტყველო მეცნერებებს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე, ამის შემდეგ კი _ სსრ კავშირის დაშლამდე – იგი პარტიულ მოღვაწეობას ეწეოდა პარტიის სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის აპარატში. ამ საქმიანობის არც ერთი ზემოაღნიშნული სფერო არ ითვალისწინებდა და არც მოითხოვდა ისტორიის ღრმა ცოდნას _ მით უმეტეს, საქართველოს ისტორიის. თანაც, ასეთი მუშაობისას, ადამიანს ძალზე მცირე დრო უნდა ჰქონოდა ისტორიის შესასწავლად, მაგრამ . . . ყველაფერი ხდება. მოდით ვიფიქროთ, რომ ბატონი ჩოჩიევი პოულობდა დროს და ისტორიას თვითონ დაეწაფა. თანაც, იმდენად ღრმად და დეტალურიად შეისწავლა, რომ ახლა სხვებსაც ასწავლის. მაინც, რაში შეიძლება გაგვანათლოს ჩოჩიევმა ჩვენ?

ბატონი ჩოჩიევი ჩვენს დამოძღვრას იწყებს ს. რობაქიძის_1917 წელს გამოცემული საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელოს ავტორის ციტატით, რომლის თანახმადაც, “ოსეთი არ არის საქართველოს ნამდვილი ნაწილი”. რთულია სათანადოდ შევაფასოთ საუკუნის წინათ დაწერილი პროვინციული სასკოლო სახემძღვანილოდან მოყვანილი ეს ციტატა, რომელიც ამოგლეჯილია კონტექსტიდან. მაგრამ თუ გადავხედავთ საქართველოს ისტორიის შესახებ ფუნდამენტურ ნაშრომებს, მაგალითად, ვ. ალენის, დ. ლანგის, ან თვით პ. იოსელიანის, ან თვალს მაინც გადავავლებთ საქართველოს ადმინისტრაციულ რუკებს 1801 წლამდე რუსეთთან ამ ქვეყნის შეერთებამდე და მისი შეერთების შემდეგ, მერწმუნეთ, ვერ ნახავთ ვერანაირ “სამხრეთ ოსეთს” საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. თანაც, 1801 წლისთვის საქართველოს სახელმწიფოს განლაგება და თბილისის გუბერნიის ადმისტრაციული საზღვრები გადიოდა დაახლოებით იქვე, სადაც 1918 წლის შემდეგ გაიარა დამოუკიდებელი საქართველოს საზღვარმა, 1921 წლის შემდეგ კი_ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა. აქვე გადის თანამედროვე ოფიციალურად აღიარებული საქართველოს საზღვრიც. საზღვრის ოდნავი გადაადგილიება შეინიშნებოდა მხოლოდ დვალეთ-თუალიაში, რომლის უმეტესი ნაწილიც, ბოლოს და ბოლოს, მოხვდა ჯერ თერგის ოლქის, მოგვიანებით კი გორსკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასს რესპუბლიკის შემადგენლობაში. მაგრამ ამ ტერიტორიებზე დღევანდელი საქართველო პრეტენზიას არ აცხადებს. კარგად გვაქვს შეგნებული, რომ წარსულში გამოცემული სამეცნიერო ნაშრომები და რუკები ძალზე უშლიან ხელს იმათ,  ვისაც სურს შექმნას ახალი წარსული ისტორიის ხელახლა გადაწერის გზით, მაგრამ, მაინც უნდა განვაცხადოთ, რომ თვით იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთ დასახელებულ ნაშრომებს და რუკებს გაანადგურებენ მთელს რუსეთში, ისინი შენარჩუნებული იქნება მსოფლიოს სხვა კუთხეებში. . .

შემდეგ ბატონი ჩოჩიევი გვთავაზობს ერთ ძველ ჰიპოთეზას ქართველების წარმოშობის შესახებ, რომლის თანახმადაც, მათი წინაპრები სამხრეთ კავკასიაში მესოპოტამიიდან მოსულან. რა თქმა უნდა, ამ ჰიპოთეზასაც აქვს არსებობის უფლება _ ისევე, როგორც ბალტების, გერმანელებისა და სლავების ინდოეთიდან მოსვლის შესახებ ვარაუდს. მაგრამ ეს მართლაც ასეც თუ იყო, უკვე ძალზე დიდი დროა გასული და ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ ენიჭება. საინტერესოდ მიგვაჩნია ფრაზაც, რომელიც ბატონმა ჩოჩიევმა მოიტანა 1917 წელს დაბეჭდილი რომელიღაც გაზეთიდან: ახლო აღმოსავლეთიდან მოსულ ქართველებს ალანებმა გაუზიარეს კულტურა და შეასწავლეს სამხედრო საქმე. საინტერესოა სწორედ იმიტომ, რომ იმ შემთვევაშიც კი, თუ ქართველთა წინაპრები ისტორიამდელი მიგრანტები იყვნენ, იმ პერიოდში “ალანებზე” ლაპარაკი, მეტი რომ არ ვთქვათ, არაპროფესიულად მიგვაჩნია. წინაპრებიდან ჩრდილოეთ კავკასიაში იმ დროს სახლობდნენ არა ალანები, არამედ სკვითები და სარმატები. ეს ტომები მაშინ, ჩრდილოეთი კავკასიის გარდა, აკონტროლებდნენ ასევე თანამედროვე სამხრეთ რუსეთის მნიშვნელოვან ნაწილს და მთელ უკრაინას … და სკვითებიც, მართალია, ჩასახლდნენ სამხრეთ კავკასიაში სხვა ხალხების წარმომადგენლებთან ერთად, მაგრამ მათ არასდროს არ გაუკონტროლებიათ რაიმე ტერიტორიები კავკასიის დიდი ქედის სამხრეთ ნაწილში. და საერთოდ, ხალხების გადასახლება მსოფლიოში გამუდმებით ხდებოდა, მაგრამ ტერიტორიაზე ამა თუ იმ ტომის წარმომადგენელთა ყოფნა როდი ნიშნავდა იმას, რომ ეს ტომები გაბატონებულიყვნენ აღნიშნულ მიწებზე. ასეა თუ ისე, ძველი ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და ივერია სამხრეთ კავკასიაში არსებობდნენ, რასაც ჯერ კიდევ რომაელი ისტორიკოსები ადასტურებდნენ, რომლებმაც საკმაოდ დაწვრილებით აღწერეს მათი საზღვრები და ისიც აღ-ნიშნეს, რომ მეზობლად ბინადრობდნენ სხვა ქართველი ტომები, რომლებიც, არ შედიოდნენ ქართულ სახელმწიფოთა შემადგენლობაში. ძველ მემატიანეთაგან არავინ არ წერს, რომ არსებობდა რაიმე სკვითური სახელმწიფო წარმონაქმნი ამჟამინდელი “სამხრეთ ოსეთის” რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომელიც იმ დროისთვის იყო ივერიის ნაწილი. შემდეგ ჩოჩიევი კვლავ მოძღვრავს მკითხველს, შეახსენებს რა ოსების როლს საქართველოს ისტორიაში_ადრეული შუასაუკუნეებიდან XVIII საუკუნის დამლევამდე. მოდით, ნუ ჩავუღრმავდებით ჩოჩიევის მიერ მოყვანილი იმ ქართველი მხედართმთავრებისა და რიგითი მეომრების ბიოგრაფიებს, რომლთა გმირობის წყალობითაც საქართველო გახდა ზესახელმწიფო აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში XII საუკუნის პირველი მეოთხედიდან, აგრეთვე, რომელთა თავდადებამაც გადაარჩინა საქართველო უფრო მოგვიანებით, ამ ქვეყნის ისტორიის ტრაგიკულ მომენტებში, როცა საქართველოს სახელმწიფოებრიობა და თვით ქართველი ერის ფიზიკური არსებობა, როგორც იტყვიან, ბეწვზე ეკიდა. საქართველოს ამა თუ იმ ეროვნული გმირის ეთნიკური  წარმომავლობით სპეკულირება სიმდაბლეა, ხოლო ის, რომ სამასივე არაგველი ერთი ხელის დაკვრით ოსებად შერაცხეს, _ კიდევ უფრო მეტი, სისულელეა. ალბათ, ქართველ გმირთა შორის მრავლად იყვნენ ოსური წარმომავლობის ადამიანები და ეს გასაკვირიც არ არის, რადგან, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე ჩამოსახლებული ოსები დროთა განმავლობაში ქართული საზოგადოებრიობის ორგანული ნაწილი ხდებოდნენ. 

მახსენდება პოლონეთის ამღორძინებლის, მარშალ პილსუდსკის ერთ-ერთი სიტყვა, რომელიც მან 1920 წელს წარმოთქვა. მარშალი იხსენებს პოლონელი ხალხის ბრძოლებს, რომლებშიც მონაწილეობდნენ გერმანული, ებრაული, უნგრული, უკრაინული, ლიტვური, თათრული და სხვა წარმოშობის ხალხები, და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ისინი ყველა იყვნენ შვილები პოლონეთის, ქვეყნისა, რომელიც მათ უნდა უმადლოდეს თავის არსებობას. განა არ შეიძლება იგივე ფრაზა მივაკუთვნოთ საქართველოს სხვადასხვა ერის შვილებს, მათ შორის, ოსებსაც, რომელთათვის საქართველო გახდა სამშობლო და რომლისთვისაც ისინი ხშირად სიცოცხლესაც კი სწირავდნენ? მაგრამ ბატონ ჩოჩიევის მიმართ შემწყნარებლობა უნდა გამოვიჩინოთ: ამ ადამიანის ბრალი ნამდვილად არ არის ის, რომ საბჭოურ პერიოდში კომკავშირული და პარტიული ფუნქციონერების მომზადების პროგრამებში არ შეჰქონდათ პილსუდსკის და საბჭოთა ხელისუფლების სხვა მტრების სიტყვები.

გვსურს ყურადღება გავამახვილოთ კიდევ ერთ ფაქტზე: ისტორიიდან ჩანს, რომ თანამედროვე ოსების წინაპრები თავიანთ შვილებს გზავნიდნენ საქართველოში იმისთვის, რომ ერთგულად ემსახურათ, დაეცვათ და განემტკიცებინათ იგი. რატომ ხდება, რომ იმავე გმირების თანამედროვე შთამომავლები ასე გააფთრებით იბრძვიან იმავე საქართველოს დაშლისათვის?

ბატონი ჩოჩიევი კიდევ ერთ “ისტორიულ” განცხადებას აკეთებს: “საქართველოსთვის ძნელბედობის ჟამს რუსეთთან შეერთება მოხდა ნებაყოფლობით, სსრ კავშირის შემადგენლობაში შესვლაც უბრალო ხალხის სურვილი იყო, თუმცა, დღევანდელი “პატრიოტები” ამას “ანექსიას” უწოდებენ. ვერ დაგეთანხმებით, პატივცემულო ბორის, იქნებ, მაინც გაცნობოდით თქვენი სამშობლოს ისტორიის საფუძვლებს. არადა, ჩოჩიევს ეს რომ გაეკეთებინა, შეიტყობდა, რომ რუსეთის იმპერიამ უხეშად დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები, როცა ჯერ ასაოხრებლად შეატოვა ხელში ირანს აღმოსავლეთი საქართველო, შემდეგ კი დაიპყრო დასუსტებული სამეფო. შეიტყობდა იმასაც, თუ რა გააფრთებულ წინააღმდეგობას უწევდნენ რუსეთის იმპერიას დასავლეთ საქართველოს პატარ-პატარა წარმონაქმნები. შეიტყობდა, რომ მოხდა არა ერთი სახალხო აჯანყება და ქართველების გადასახლება ციმბირში. და ბოლოს, იმასაც გაიგებდა, რომ საბჭოთა რუსეთი 1921 წელს დაესხა თავს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ ამ ორ ქვეყანას შორის დადებული იყო საზავო ხელშეკრულება; გაიგებდა, რომ ქართველთა ჯარები და სახალხო მოლაშქრეები მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ ყოველი მხრიდან შემოჭრილ წითელ ურდოებს და ქემალისტური თურქეთის ჯარებს. დიახ, სანამ ამას არ გაიგებს, ჩოჩიევს, ალბათ, ძალზე გაუჭირდება “ისტორიაში უწიგნურობის ლიკვიდაციის” გაკვეთილების გამართვა.

და ბოლოს, ბატონი ჩოჩიევი უკვე საქართველოს უახლეს ისტორიაზე გადადის. იხსენებს რა, წარსულის ქართველ განმანათლებლებს, ჩოჩიევი წერს, რომ ისინი “კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათი სამშობლო დამპყრობლურ ომებს განახორციელებდა უცხო მიწებზე და ეცდებოდა იქაური ხალხების თავისუფლების დათრგუნვას, საუკუნეობრივი შუღლის გაღვივებას”. როცა ამას ვკითხულობთ, გაკვირვება გვეუფლება: ვის წინააღმდეგ აწარმოებს თანამედროვე საქართველო დამპყრობლურ ომს? ვისი თავისუფლების დათრგუნვა სურს? ნებისმიერ შემთხვევაში, ესეც, რა თქმა უნდა, პარალელურ სამყაროებში ხდება, რადგან 1989 წლიდან დაწყებული, საქართველო ჩათრეული იყო რამდენიმე ომში, მათ შორის, სამოქალაქოშიც, მაგრამ ყველა ეს დაპირისპირება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ხდებოდა და არა მის ფარგლებს გარეთ.

ბატონი ჩოჩიევი წერს, რომ მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულის საქართველომ დაამკვიდრა ფაშისტური ლოზუნგი – “საქართველო ქართველებისთვის!” და აუმხედრდა ისტორიულად ერთგულ ოსებს. ეს ლოზუნგი, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ ხოლმე ანტიქართული ისტერიის დროს ზოგიერთი ქვეყნების გაზეთების ფურცლები და ტელევიზია რომ წალეკა, უსაფუძვლოა მივიჩნიოთ ოფიციალურად და განვაცხადოთ, თითქოს მას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებდეს. დიახ, ეს ლოზუნგი გამოთქვა ფანატიკოსების ან პროვოკატორების (რაც უფრო სარწმუნოა) მცირერიცხოვანმა ჯგუფმა, მსგავსად ლოზუნგისა “რუსეთი რუსებისთვის!” სადღეისოდ სულ უფრო ხშირად რომ ისმის თანამედროვე რუსეთის ფედერაციაში, რომელთანაც მიერთებასაც ცდილობენ “სამხრეთ ოსეთის” ბელადები ქართული ტერიტორიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნაწილთან ერთად. ამავე დროს, ჩოჩიევს ავიწყდება ის, რომ სწორედ მაშინდელი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ხელმძღვანელებმა (1921 წელს ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იგი შეიქმნა გორის და დუშეთის მაზრების, აგრეთვე, რაჭის და შორაპნის მაზრების ტერიტორიებისგან) უღალატეს ისტორიულ ერთგულებას, უკანონოდ წამოჭრეს “ავტონომიის სტატუსი”, ამის შემდეგ კი გამოაცხადეს, რომ გადიოდნენ საქართველოს შემადგენლობიდან. ბუნებრივია, რომ ამ და მრავალი სხვა პროვოკაციის შემდეგ მოხდა სისხლისღვრა, რადგან საქართველო ცდილობდა შეენარჩუნებინა თავისი ტერიტორიული მთლიანობა, როგორც ამას გააკეთებდა ნებისმიერი სახელ-მწიფო ნებისმიერ დროს”.

ძნელია რაიმე დაამატო პროფესორ ენდრიუ ანდერსენის მიერ გაკეთებულ ანალიზს 1774 წელს ვითომ ერთიანი ოსეთის რუსეთთან შეერთების შესახებ. ეს საკითხი, ვიდრე იგი პოლიტიკურ ელფერს შეიძენდა, არავის გაუხდია სადაოდ. ცნობილი რუსი მეცნიერების ნაშრომებსა და ავტორიტეტულ გამოცემებში ყველგან მითითებულია, რომ 1774 წელს არავითარი ერთიანი ოსეთი, უფრო მეტიც, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო წარმონაქმნი, არ არსებობდა და ამ წელს რუსეთს შეუერთდა მხოლოდ ჩრდილო კავკასიაში მცხოვრები ოსების რამდენიმე თემი. რაც შეეხება საქართველოში მცხოვრებ ოსებს, 1801 წელს, როდესაც რუსეთმა უხეშად დაარღვია 1783 წელს რუსეთისა და საქართველოს შორის დადებული გეორგევსკის ტრაქტატის პირობები და შეიერთა საქართველო, ცხადია, ისინიც რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ. ცნობილი რუსი მეცნიერი ს. ბრუკი წერს: “XIII საუკუნეში თათარ-მონღოლთა და XIV საუკუნის ბოლოს თემურლენგის ურდოების შემოსევების შედეგად შევიწროებული ოსები მთის ხეობებში დასახლდნენ და დანაწილებული იქნენ დიგორის, ალაგირის, ქურთათისა და თაგაურის საზოგადოებებად. ჩრდილო ოსეთი 1774 წელს ნებაყოფლობით შეუერთდა რუსეთს. სამხრეთ ოსეთი – 1801 წელს”. [32] ასეთივე აზრია  გატარებული ერთ-ერთ სოლიდურ გამოცემაშიც: “1774 წელს ჩრდილო ოსეთი, ხოლო 1801 წელს სამხრეთი (საქართველოს შემადგენლობაში) ნებაყოფლობით შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში”. [33]  ამ მოსაზრების ავტორი ოსი მეცნიერი ბ. კალოევი გახლავთ. სხვა ფუნდამენტურ გამოცემებშიც, რომელთა ავტორები რუსი და ოსი მეცნიერები არიან, ანალოგიური აზრია გამოთქმული. კერძოდ. ბ. კაბულოვი აღნიშნავს: “მონღოლ_თათართა (XIII საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს) და თემურ ლენგის (XIV საუკუნის ბოლოს) შემოსევებმა ოსები აიძულეს თავი შეეფარებინათ კავკასიონის ქედის მთის ხეობებში, საიდანაც მათ დაიწყეს დასახლება მთის სამხრეთ კალთებზე, თანდათანობით დაიკავეს საშუალომთიანეთისა და წინამთიანეთის ზონა, რომელიც აკრავს ქართლის ბარს… სამხრეთ ოსეთი შედიოდა ფეოდალური საქართველოს შემადგენლობაში და 1801 წელს საქართველოსთან ერთად ნებაყოფლობით შეუერთდა რუსეთის იმპერიას”. [34] ბ. კაბულოვის მოტანილი ციტატიდან ნათლად ჩანს, რომ მტრის მიერ შევიწროებულმა ოსებმა კავკასიონის ქედის მთის ხეობებში შეაფარეს თავი და აქედან შემდეგ თანდათანობით დაიწყეს დასახლება ქართლის მთიანეთში, რომელიც “აკრავს ქართლის ბარს”. ამიტომ საუბარიც კი ზედმეტია აღმოსავლეთ საქართველოში და, კერძოდ, შიდა ქართლში სამხრეთ ოსეთის არსებობის შესახებ. ოსებს გამოყოფილად, ცალკე არასოდეს უცხოვრიათ და ისინი ყოველთვის ქართლის ფეოდალთა მიწებზე ცხოვრობდნენ ხიზნებად.

ზემოთ აღნიშნული საკითხები არც ოს და არც რუს მეცნიერებს საკამათოდ არასოდეს გაუხდიათ. ამის საილუსტრაციოდ შეიძლება კიდევ ცნობილი ოსი მეცნიერის გ. თოგოშვილის მოსაზრებაც მოვიყვანოთ: “1801 წ. ქართლ-კახეთი რუსეთს შეუერდა. ამ  გარემოებამ ოსთა ცხოვრების ყველა მხარეს ღრმა კვალი დაამჩნია. ჩრდილო ოსეთი, დაწყებული 1774 წლიდან, მჭიდრო ურთიერთობაში შევიდა რუსეთთან, შეუერთდა მას, თუმცა, ეს საბოლოოდ მაშინვე არ გაფორმებულა და მხოლოდ XIX საუკუნის 30-იანი წლებისათვის დამთავრდა ეს პროცესი. სამხრეთ ოსები 1801 წლიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდნენ, როგორც ქართლ-კახეთის სამეფოს ორგანული ნაწილი”. [35] შეერთების შემდეგ ოსები ჩრდილოეთ კავკასიის ველებზე სახლდებიან, სადაც საარსებო პირობები გაცილებით უკეთესია, ვიდრე კავკასიონის ქედის ღრმა ხეობებში. ეს რუსეთსაც აწყობდა, რადგან ამით იგი ანხორციელებდა კონტროლს რეგიონის ცენტრალურ ნაწილში. “ამ სივრცის შიგნით ფართოვდება რუსეთის იმპერიის მიმართ უფრო ლოიალურად განწყობილი ოსური საზოგადოებების დასახლება”. [36]

ტერმინი “სამხრეთ ოსეთი” რუსეთის ცარიზმის მიერ გამიზნულად მკვიდრდება XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან და ამ პერიოდიდან გამოსულ ენციკლოპედიებსა თუ ლექსიკონებში ოსეთის განმარტების დროს ტერმინ “სამხრეთ ოსეთსაც” ხმარობენ, თუმცა იძულებულნი არიან მიუთითონ იმის შესახებაც, რომ ოსები გადმოსახლდნენ ჩრდილო კავკასიიდან და დასახლდნენ ჯერ ქართლის მთიანეთში, ხოლო შემდეგ თანდათანობით ქართლის ბარსა და მთელ საქართველოში, როგორც ეს, მაგალითად, ბ. კაბულოვის ციტატაშია აღნიშნული. მხოლოდ ამჟამად, როდესაც რუსი სეპარატისტული ძალების პოლიტიკური მიზნები ფარავს ისტორიულ სინამდვილეს, ისტორიულ ფაქტებს, ზეპირი განცხადებების ნაცვლად უკვე წიგნებშიც ცდილობენ ამ ნაყალბევის დამკვიდრებას. ისინი აღნიშნავენ: “როდესაც ოსეთი 1774 წელს შევიდა რუსეთის შემადგენლობაში, მეოთხედი საუკუნის შემდეგ, 1801 წელს, რუსეთს შეუერთდა საქართველოც. არ იყო არავითარი “სამაჩაბლო” და “შიდა ქართლი”… როდესაც მეზობელმა ქართველმა ფეოდალებმა განაცხადეს თავიანთი უფლება ამ ტერიტორიაზე… 1918 წელს საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და სამხრეთ ოსეთი, რომელიც 1774 წლიდან რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა, აღმოჩნდა სახიფათო მდგომარეობა-ში. მაშინ, ისე როგორც 1989 წელს, სამხრეთ ოსეთმა გააკეთა არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ, ამით აიხსნება ბოლშევიკებზე ორიენტაცია _ მხოლოდ ასე შეიძლებოდა ჩრდილო ოსეთთან გაერთიანება რუსეთის შემადგენლობაში… სამხრეთ ოსეთი რუსეთისათვის გადაიქცა ქართულ სეპარა-ტიზმზე ზემოქმედების ბერკეტად”. [37]  მოკლედ, როგორც უნდათ ისე ჭრიან და ისე კერავენ. ერთი რამ ცხადია: “სამხრეთ ოსეთი” რუსეთისათვის გადაიქცა საქართველოზე ზემოქმედების ბერკე-ტად, ისე როგორც რუსეთმა სხვა ყოფილ რესპუბლიკებზე ზემოქმედების სხვადასხვა, ძირითადად მაინც ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, ბერკეტი გამონახა. რაც შეეხება ჩრდილოეთ ოსეთს, რუსეთმა ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში იქ შექმნა რამდენიმე გამაგრებული პუნქტი. “ამით ჩრდილოეთ ოსეთის ნაწილი გათავისუფლდა ყაბარდოელ მთავართა ბატონობისაგან და რეალურად აღმოჩნდა რუსეთის მფარველობაში, ოსებს გზა გაეხსნათ მოზდოკისაკენ… ჩრდილოეთ ოსეთში ფეხის მოკიდებით რუსეთმა გათიშა ყაბარდოელი მთავრები და იქ მოქმედი თურქეთის აგენტები ჩეჩენ-დაღესტნელებისაგან. ეს კი გზას უხსნიდა რუსეთს ხსენებულ რაიონებში დამკვიდრებისაკენ”. [38]

ოსი სეპარატისტი მეცნიერები იმის მაგივრად, რომ ფუნდამენტური ნაშრომების (ასეთი ნაშრომები კი მრავალია), არსებული, საიმედო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით შეაფასონ ისტორიული მოვლენები და პროცესები, იქექებიან პროვუნციულ სახელმძღვანელოებსა და ნაწერებში, რათა მათთვის რაიმე სასურველი აზრი გამოადნონ.

“სამხრეთ ოსეთის” თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ბორის ჩოჩიევი დიდი აღტაცებით გვმოძღვრავს იმის შესახებ, რომ ქართველი ავტორის ს. რობაქიძის 1917 წელს ქუთაისში გამოცემულ საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელოში ერთიან ოსეთზეა საუბარი. ს. რობაქიძე არის სასკოლო სახელმძღვანელოს “სამშობლოს აღწერა” შემდგენელი და გამომცემელი. იგი  მართლაც აღნიშნავს: “ოსეთი საქართველოს ნამდვილ ნაწილს არ შეადგენსო”. [39] ეს ციტატა მოაქვს ბ. ჩოჩიევს კონტექსტიდან ამოგლეჯილად. ს. რობაქიძე სახელმძღვანელოში იმ აზრს ატარებს, რომ ოსები გადმოსახლებულნი არიან ჩრდილოეთიდან. იგი წერს: “ხიზანი ოსები დღესაც ბლომად არიან საქართველოს მთიან ადგილებში”. [40]

ბუნებრივია, მთიან ადგილებში ოსები ხიზნებად არ არიან გადასული საქართველოს ბარის რაიონებიდან. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოს მთიანეთში გადმოსახლებული ოსები, სადაც მიწის დიდი სიმცირე იყო, ყოველმხრივ ცდილობდნენ შემდეგში ბარში გადასახლებას. ს. რობაქიძე აღნიშნავს: “ისინი ესახლებოდნენ ქართველ მემამულეების მიწებზე განსაზღვრული პირობით და ამ გვარად ხდებოდნენ საქართველოს მკვიდრ მცხოვრებლებად. ეს განსაზღვრული პირობები იმდენად ხელსაყრელი იყო უმიწაწყლო ოსებისათვის, რომ სრულიად არ ერიდებოდნენ სხვის მამულზე დასახლებას”. საერთოდ, კი სწორად მიუთითებს პროფესორი ენდრიუ ანდერსენი, რომ არ შეიძლება საუკუნის წინათ დაწერილი პროვინციული სასკოლო სახელმძღვანელოდან მოყვანილი ციტატის მიხედვით, რომელიც ამოგლეჯილია კონტექსტიდან, ვიმსჯელოთ ერთიანი ოსეთის შესახებ. მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოებაც, რომ ს. რობაქიძე არის სახელმძღვანელოს შემდგენელი და არა ავტორი, რომელიც სარგებლობს იმ პერიოდში რუსეთში გამოცემული ენციკლოპედიებით, სადაც, უმრავლეს შემთხვევაში, რუსეთის იმპერიის პოლიტიკური მიზნებიცაა გათვალისწინებული. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა კარგად იცოდნენ, რომ ჩრდილოეთ ქართლში ოსებით დასახლებული ტერიტორია საქართველოს მიწა-წყალია, რასაც იმდროინდელი დოკუმენტებიც ცხადყოფენ. დოკუმენტებში ხშირად ნახმარია “ტერმინები: “საქართველოს ოსეთი”, “ჩრდილოეთ ქართლის ოსეთი” და სხვ. მათ ისიც კარგად იცოდნენ, რომ აქ ხიზნად მოსული ოსების გარდა ცხოვრობდა მკვიდრი ქართველი მოსახლეობა, მაგრამ ქართველი ხალხის ინტერესები მათთვის არავითარ მნიშვნელობას არ წარმოადგენდა, ისინი რუსეთის იმპერიის მიზნებით ხელმძღვანელობდნენ და, ესეც რომ არ ყოფილიყო, მათთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა რა ერქმეოდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილს. ისინი ისედაც დაუკითხავად ახდენდნენ ქართული მიწების კოლონიზაციას. უფრო მეტიც. საქართველო რუსეთის ერთგული მოკავშირე იყო საუკუნეების განმავლობაში და 1783 წელს რუსეთის იმპერიისა და საქართველოს შორის დადებული მფარველობითი ხელშეკრულების მიუხედავად რუსეთმა საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა გაუუქმა, სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქართულ ენას და სამართალი შეუცვალა. რაღა გასაკვირია, რომ საქართველოში ოსების ჩამოსახლების ისტორიულ რეალობას რუსეთის უზარმაზარი იმპერია ანგარიშს არ უწევდა – საბოლოოდ ყველა ეს მიწა იმპერიის საკუთრებად მიაჩნდათ. ამიტომაც მათთვის როგორც საქართველოში, კერძოდ შიდა ქართლში, ისე ჩრდილოეთ კავკასიაში ოსების განსახლების არეალი ერთი მთლიანი ოსეთია. სწორედ ასეთი ინტერპრეტაცია ეძლეოდა ხშირად ოსეთის განმარტებასაც ენციკლოპედიებსა თუ საცნობარო ლიტერატურაში. ამიტომ არის, რომ, ერთის მხრივ, ს. რობაქიძე აღნიშნავს, ოსეთი საქართველოს ნამდვილი ნაწილი არ არისო, მაგრამ, მეორეს მხრივ, იცის რა, რომ არ არსებობს არავითარი სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, მიუთითებს: ოსები გადმოსულები არიან ჩრდილოეთ კავკასიიდან და ხიზნებად არიან დაახლებული ქართველ მემამულეთა მიწებზეო.

 

გაყალბებული ისტორია

 

ოსების მიერ ქართული მიწა-წყლის დასაკუთრებისა და ამ მიზნით ოსი სეპარატისტების მიერ წამოწყებული სისხლისღვრის გასამართლებლად, რუსეთის რეაქციული ძალების უშუალო დახმარებით, გამოინახა ისტორიის სახელდახელოდ გამყალბებლები, რომლებიც სცემენ სქელტანიან წიგნებს რუსეთში და “ამტკიცებენ”, რომ ოსები საქართველოში ჩვენს წელთაღრიცხვამდეც კი ცხოვრობდნენ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში და ისინი დომინირებდნენ კიდეც მოსახლეობის საერთო რაოდენობაშიო. უფრო მეტიც, ისინი შიდა ქართლს სამხრეთ ოსეთად ნათლავენ. ამ დროს კი ოსებს, როგორც ზემოთ ვნახეთ, აღმოსავლეთ საქართველოში მე-17 საუკუნემდე არასოდეს უც-ხოვრიათ. მართალია, მე-12 საუკუნეში ოსები შემოყვნენ მონღოლებს, როგორც მოთარეშე რაზმები და გარკვეულ პერიოდში ქალაქი გორიც დაიკავეს, მაგრამ მალე ქართველებმა მონღოლების ბატონობისაგან თავის დაღწევის შემდეგ, ოსებიც განდევნეს საქართველოდან. სწორედ ოსების აღმოსავლეთ საქართველოში უძველესი დროიდან ცხოვრების სასურველი იდეა გასდევს ლეიტმოტივად 1994 წელს სანკტ-პეტერბურგში და 2006 წელს მოსკოვში გამოცემულ წიგნებს “ოსეთი და ოსები” და “სამხრეთ ოსეთი”. ეს წიგნები უფრო კურიოზების კრებულებს წარმოადგენენ, ვიდრე მეცნიერულ ნაშრომებს. მაგალითად, როგორ შეიძლება სერიოზულ ნაშრომად მივიჩნიოთ ოსი “მეცნიერის” მარკ ბლიევის 500 გვერდიანი წიგნი “სამხრეთ ოსეთი”, როდესაც ავტორს მოაქვს სხვადასხვა წყაროდან ამოგლეჯილი ციტატები, მაგრამ არასოდეს არ უთითებს წყაროს, წიგნში ვერ შეხვდებით ვერც ერთ სქოლიოს. ამ დროს ავტორს პრეტენზია აქვს წიგნის მეცნიერულ დონეზე და მხოლოდ თავისი “ნამოღვაწარი” მიაჩნია ერთადერთ ჭეშმარიტებად. ამას ავტორი აკეთებს შეგნებულად, რადგან მის მიერ ქართული წყაროებიდან ამოგლეჯილ ციტატებს, შემდეგ მოსდევს სულ სხვა აზრი, რასაც მ. ბლიევი უმალავს მკითხველს. ხშირად იგი მოტანილ ციტატებს უმოწყალოდ ამახინჯებს. ვერ ვხედავთ აზრს, ვუპასუხოთ მ. ბლიევის წიგნში უამრავ დილეტანტურ მოსაზრებას, მაგრამ მკითხველს რომ ნათელი წარმოდგენა შეექმნას უზნეობის ზეიმზე, მხოლოდ რამდენი-მე მაგალითის მოტანით დავკმაყოფილდებით.

უძველესი ქართული წერილობითი წყაროებიდან ცნობილია, რომ ქართლის მეფემ ვახტანგ გორგასალმა (დაახლოებით V საუკუნის 40-იანი წლები – 502 წ.) ილაშქრა ოსეთში. მ. ბლიევი, რადაც არ უნდა დაუჯდეს ცდილობს დაამტკიცოს, რომ ეს ბრძოლა გაიმართა შიდა ქართლში, კერძოდ, არარსებულ სამხრეთ ოსეთში. წერილობით წყაროებს რომ თავი დავანებოთ, ამის შესახებ არც მითი და არც ლეგენდა არ არსებობს _ ყველაფერი წარმოსახვით იწერება, ხდება ამ ბრძოლის შესახებ არსებული ერთადერთი ქართული წყაროების არნახული გაყალბება, ერთმანეთშია არეული ქართველი მემატიანეების ციტატები და სხვა. მ. ბლიევს მოყავს ციტატა XI საუკუნის ქართველი  ისტორიკოსის ჯუანშერის V საუკუნის ამსახველი თხზულებიდან, რომელიც ეხება ვახტანგ გორგასალის მეფობას და აკეთებს აბსოლუტურად არასწორ, მხოლოდ მისთვის სასურველ დასკვნებს.

ამ ბრძოლის შესახებ მ. ბლიევი აღნიშნავს: “თვით ბრძოლა ვახტანგ გორგასალსა და ოს _ ბაყათარს შორის . . .  გაიმართა სამხრეთ ოსეთში _ იქ, სადაც “ერთი მთისაგან გამოვალს თავი ორთავე: ქართლისა არაგვისა და ოვსეთისა არაგვისა”. მ. ბლიევი მკითხვეს შეგნებულად უმალავს მოტანილი ციტატის წყაროს, რადგან იქ სულ სხვა რამ წერია და გამოგონილ სამხრეთ ოსეთზე, ან შიდა ქართლში ოსების ცხოვრებაზე სიტყვაც არ არის ნათქვამი. უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ მდინარე არაგვი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს. საერთოდ არაგვის სისტემას ქმნის მდინარეები _ მთიულეთის (თეთრი) არაგვი, გუდამაყრის (შავი) არაგვი, ხევსურეთის არაგვი და ფშავის არაგვი. როდესაც მ. ბლიევი აღნიშნავს, რომ ბრძოლა ქართველებსა და ოსებს შორის გაიმართა იქ, სადაც ერთი მთიდან იღებს სათავეს ქართლის არაგვი და ოსეთის არაგვიო, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ “ოვსეთის არაგვი” შიდა ქართლში მოედინებოდეს და ბრძოლა თითქოს, მართლაც შუაგულ შიდა ქართლში მოხდა. ახლა ვნახოთ როგორ წერია ქართულ წყაროში. როდესაც “დაამტკიცეს ლაშქრობა ოვსეთისა. . . ვახტანგ მოუწოდა ყოველთა სპათა ქართველისათა; და შემოკრბეს ყოველნი და დაიბანაკეს მუხნარს და ხერკს, ამიერ და იმიერ არაგუსა”. შემდეგ “წარვიდა ვახტანგ და დადგა თიანეთს. და მუნ მიერთნეს ყოველნი მეფენი კავკასიანნი… განვლო კარი დარიალანისა. შესვლად მისსა ოვსეთად იყო ვახტანგ წლისა თექუსმეტისა.

მაშინ მეფეთა ოვსეთისათა შეკრიბნეს სპანი და მოირთეს ძალი ხაზარეთით, და მოეგებნეს მდინარესა ზედა, რომელი განვლის დარიალანსა და ჩავლის ველსა ოვსეთისასა. და მასცა მდინარესა არაგვი ჰქვიან, რამეთუ ერთის მთისაგან გამოვალს თავი ორთავე: ქართლისა არაგვისა და ოვსეთისა არაგვისა”1

ყველაფერი რომ უფრო ნათელი გახდეს, საჭიროა აღინიშნოს, რომ დარიალის ხეობა, რომელიც მდინარე თერგის ხეობის მონაკვეთია საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთში, კერძოდ სტეფანწმინდის რაიონში, ძველ ქართულ და უცხოურ წყაროებში იხსენიება როგორც დარიალანი, დარიელა, არაგვის კარი, იბერიის კარი, ზღვის კარი, კავკასიის კარი, სარმატიის კარი, ოვსთა კარი და სხვ. ხეობაზე უძველესი დროიდან გადიოდა ამიერ და იმიერკავკასიის დამაკავშირებელი გზა, რომელიც იცავდა მთლიანად ამიერკავკასიას ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლე მომთაბარე ტომთა თავდასხმებისაგან. გადმოცემის თანახმად ხეობაში პირველი სიმაგრე ძვ. წელთაღრიცხვის II საუკუნის პირველ ნახევარში ააშენა იბერიის მეფე მირიან I-მა. საჭირო ხდება კიდევ ერთი განმარტება. როგორც მოტანილი ციტატიდან ჩანს, ოსებმა ვახტანგ გორგასალთან საბრძოლველად შეკრიბეს ლაშქრი და ვახტანგს, “მოეგებნეს მდინარესა ზედა, რომელი განვლის დარიალანსა და ჩავლის ველსა ოვსეთისასა. და მასცა მდინარესა არაგვი ჰქვიან”. ამრიგად, ქართლის არაგვი იმავე “მთისაგან გამოვალს”, სადაც სათავე აქვს აგრეთვე მეორე მდინარეს, “რომელი განვლის დარიალანსა და ჩავლის ველსა ოვსეთისასა”. ბუნებრივია, ამ “ოვსეთის არაგვს” არავითარი კავშირი არ აქვს იმ მდინარეებთან, რომლებიც არაგვის სახელითაა ცნობილი, არაგვის სისტემას ქმნიან და შიდა ქართლში მოედინებიან. “ოვსეთის არაგვი”, როგორც ქართველი მემატიანის ცნობიდან აშკარად ჩანს, საქართველოში იღებს სათავეს და იმიერკავკასიაში, ოსეთის ველზე მიედინება. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ “ოვსეთის არაგვი” იგივე მდინარე თერგია. როგორც ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს, “ამ მდინარეს ეხლა თერგი ჰქვიან, მაგრამ ძველად ქართველები მასაც არაგვს უწოდებდნენ… ძველს ქართულს მწერლობაში თერგსაც არაგვი ოვსეთისაი ეწოდებოდა”. [41]

საბოლოოდ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ჯუანშერის მიხედვით, ვახტანგ გორგასალმა შეკრებილი ლაშქარი ჯერ დააბანაკა მუხნარს და ხერკს, შემდეგ დადგა თიანეთს, რომელიც შიდა ქართლის ჩრდილოეთში მდებარეობდა. აქ მას შეუერთდნენ “მეფენი კავკასიანნი”. ამის შემდეგ ვახტანგმა განვლო დარიალანის კარი და გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში, “ველსა ოვსეთსასა”. თავის მხრივ ოსებმა ჩრდილოეთ კავკასიაში, ოსეთში შეკრიბეს ლაშქარი, ხაზარებიც დაიხმარეს და ვახტანგს საბრძოლველად “მოეგებნეს” იმ მდინარესთან, რომელიც მიედინება დარიალის ხეობით იმიერკავკასიაში და გადის ოსეთის ველებზე. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, “კავკასიის მთის ჩრდილოეთი” არის ოსთა ველი. [42]

ამრიგად, ჯუანშერის თხრობაში არსად არ ჩანს, რომ ბრძოლა ქართლში მოხდა. ისტორიკოსი გარკვევით წერს, რომ ვახტანგ გორგასალმა “განვლო კარი დარიალანისა” და ოსეთში შევიდაო.

ახლა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართველი მემატიანეებისათვის არსებობს მხოლოდ ერთი ოსეთი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარეობს. ამას ნათლად მოწმობს საისტორიო თხზულებათა კრებული “ქართლის ცხოვრება”, სადაც დაცულია უამრავი ცნობა იმის შესახებ, რომ ოსები ცხოვრობდნენ მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში, მათ ისტორიულ სამშობლოში _ ოსეთში. მაგალითად, XI საუკუნის მოღვაწე, ისტორიკოსი ლეონტი მროველი წერს: მირიან მეფე “გარდავიდა ოვსეთს, მოტყუენა ოვსეთი და მიუწია ხაზარეთამდი, და გარდამოვლო გზა დვალეთისა და მოვიდა შინა”. [43] “გარდამოვლო გზა დვალეთისა” ჩრდილო კავკასიიდან, ოსეთიდან მოსვლას ნიშნავს, ხოლო “გარდავიდა ოვსეთს” – ჩრდილო კავკასიაში გადასვლას. შიდა ქართლში რომ ოსებს ეცხოვრათ, მემატიანეს არ დაჭირდებოდა სიტყვების “გარდავიდასა” და “გარდამოვლოს” ხმარება. იგივე ავტორი აღნიშნავს: “იწყეს ოვსთა ძებნა სისხლისა მათისა სომეხთა ზედა, გარდამოვიდოდეს ქართლად და დაემეგობრნეს ქართველთა”. [44] ამრიგად, ოსები გადმოვიდნენ ქართლში და ქართველებს დაუმეგობრდნენ სომხების წინააღმდეგ საბრძოლველად. ოსებს რომ ქართლში ეცხოვრათ, თუნდაც მცირე რაოდენობით, მაშინ ისინი, უპირველეს ყოვლისა, თვისტომებთან გამონახავდნენ საერთო ენას. ლეონტი მროველთან ასეთი ადგილები მრავლად გვხვდება: “გარდამოვიდეს ოვსნი… გზასა დვალეთისასა. ხოლო ვერ იგრძნა ამაზასპ გარდამოსლვა ოვსთა ვიდრე გარდამოვლამდე მთისა”; [45] “ასფაგურ განუხუნის კარნი კავკასიანთანი და გამოიყვანნის ოვსნი, ლეკნი და ხაზარნი”; [46] “განუხუნეს კარნი კავკასიანთანი, და გამიყვანნენ ოვსნი და ლეკნი, და წინააღუდგნენ სპარსთა” [47]

როგორც ზემოთ ითქვა, ანალოგიურ აზრს ანვითარებს ოსეთის მდებარეობისა და ოსების საცხოვრისის შესახებ ისტორიკოსი ჯუანშერიც. ამის თაობაზე ზემოთმოყვანილი ციტატის გარდა ჯუანშერს თხზულების სხვა ადგილასაც აქვს აღნიშნული. კერძოდ, ოსებმა, ისარგებლეს რა ვახტანგ მეფის მცირეწლოვანებით, გადმოლახეს კავკასიონის ქედი, ააოხრეს ქართლი, და გამარჯვებულნი დარუბანდის გავლით დაბრუნდნენ ოსეთში: “ვითარ იქმნა ვახტანგ წლისა ათისა, გრდამოვიდეს ოვსნი ურიცხუნი და მოტყუენეს ქართლი…  განვლეს კარი დარუბანდისა… და შევიდეს ოვსეთს გამარჯუებულნი”. [48] ქართველი მემატიანე ჟამთააღმწერელი, XIII საუკუნის პირველ მეოთხედში რუსუდან მეფის ხანის აღწერის დროს, აღნიშნავს. რუსუდანმა გააღო, “განუხუნა კარნი დარიალისანი და გარდმოიყვანა ოსნი, დურძუკნი… და წარავლინა… ბრძოლად ხვარაზმელთა”, ხოლო XVIII საუკუნის მოღვაწე ვახუშტი ბატონიშვილი ქართველების თემურლენგთან ერთ-ერთი ბრძოლის შესახებ აღნიშნავს: “გიორგი მეფემან პირველვე გამოიყვანა დარიელიდამ ოვსნი დიდძალნი და კავკასნი. და დაჰხუდა თემურს შეკრებული სპითა თვისითა”. [49] ამასთან, თემურ ლენგის ლაშქარმა განვლო “დარუბანდი, ლეკეთი და მივიდნენ ოვსეთს”, [50] გასათვალისწინებელია ისიც, რომ უამრავი ანალოგიური ფაქტი გვხვდება არა მარტო ძველ ქართულ ისტორიკოსთა თხზულებებში, არამედ ქართულ ლიტერატურულ, აგიოგრაფიულ ნაწარმოებებშიც. მაგალითად, იოვანე საბანისძის ნაწარმოებში “ჰაბოს წამება”, რომელიც დაწერილია VIII საუკუნის 80-90-იან წლებში, აღნიშნულია: ნერსე ერისთავმა “განვლო… კარი იგი ოვსეთისაი, რომელსა დარიალან ერქმის”. [51]

ქართველი მეფეები აქტიურდ იყენებდნენ უცხო ძალას დამპყრობლების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამიტომ მათ ჩრდილოეთ კავკასიიდან დარიალის გზით ხშირად გადმოჰყავდათ ოსები, ლეკები და ხაზარები, რომლებიც შემდეგ ნადავლით დატვირთულები ბრუნდებოდნენ უკან. ამავე დროს, ქართველი მეფეები იმაზეც ზრუნავდნენ, რომ ჩრდილოეთიდან არ შემოსულიყვნენ მომთაბარე მარბიელი ტომები. ამ მიზნით ისინი ამაგრებდნენ დარიალის ხეობას, რათა მათი ბრძანების გარეშე ოსები, ყივჩაყები და ხაზარები ვეღარ გადმოსულიყვნენ. როგორც ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს, ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ მეფე მირვანმა (ძვ. წელთაღრიცხვის II საუკუნე) “შეაბა კარი და ქმნა სიმაგრე ხაზართა და ოვსთათვის, რათა უმისოდ ვერაღარა ვიდოდნენ”. მაშასადამე, ეს კარი განკუთვნილი იყო ოსებისა და ხაზარებისათვის გზის შესაკრავად”. [52] შემდეგში ვახტანგ გორგასალმა, როდესაც დაიმორჩილა ოსები და ყივჩაყები, როგორც ჯუანშერი აღნიშნავს, “შექმნა კარნი ოვსეთისანი, რომელთა ჩვენ დარიანისად უწოდთ. და აღაშენა მას ზედა გოდოლნი მაღალნი, და დაადგინნა მცველად მახლობელნი იგი მთეულნი. არა ხელეწიფების გამოსვლად დიდთა მათ ნათესავთა ოვსთა და ყივჩაყთა თვინიერ ბრძანებისა ქართველთა მეფისა”. [53] ამრიგად “კარნი ოვსეთისანი”, რომელიც უძველეს ქართულ წერილობით წყაროებშია მოხსებული, იმას ნიშნავს, რომ ოსებს შიდა ქართლში შემოსასვლელი გზა გადაკეტილი ჰქონდათ.

ძველ ქართულ წყაროებში მინიშნებასაც კი ვერ შევხვდებით იმის შესახებ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ოსებს მე-17 საუკუნემდე სადმე, თუნდაც მცირე რაოდენობით, ეცხოვრათ, მაშინ როდესც სხვა ეროვნების შესახებ მრავალი ასეთი ცნობაა დაცული.  ერთადერთი ცნობა ოსების საქართველოსი ჩამოსახლების შესახებ გვხვდება XI საუკუნის ქართველი ანონიმური ავტორის თხზულებაში “მატიანე ქართლისა”, რომელშიც გადმოცემულია VIII-XI საუკუნეების საქართველოს ისტორია. ამ თხზულების მიხედვით არაბთა ლაშქარი ბუღა-თურქის მეთაურობით ორჯერ შემოესია საქართველოს (853-854 წლებში) თბილისის საამიროს დასამორჩილებლად და სამხრეთ კავკასიაში ხალიფის ძალაუფლების აღსადგენად. ბუღა თურქმა მეორედ შემოსევის დროს, 854 წელს საქართველოში, კერძოდ, ქვემო ქართლში ჩამოიყვანა ოსების ასი კომლი და დაასახლა ისინი დმანისში: “დარიალანით გამოიყვანნა ოვსნი ვითარ სახლი ასი, და დასხნა იგინი დმანისს”. [54] შეიძლება ყოველგვარი დაეჭვების გარეშე ითქვას, რომ ოსთა ჩამოსახლებას საქართველოში სხვა დროსაც რომ ჰქონოდა ადგილი მცირე და მით უმეტეს დიდი რაოდენობით, ეს პროცესი აუცილებლად აისახებოდა უამრავ ძველ ქართულ და შემდგომი პერიოდის ისტორიულ და ლიტერატურულ წყაროებში. მაგრამ საქართველოში მათი ჩამოსახლებისა და ცხოვრების შესახებ მე-17 საუკუნემდე ქართული წერილობითი წყაროები მეტს არაფერს გვეუბნება. აღნიშნული ოსთა ასი კომლი კი, რა თქმა უნდა, მაშინვე გაითქვიფა დმანისის მოსახლეობაში.

ამრიგად, ძველ ქართულ წყაროებში არსად რჩება ადგილი იმის შესახებ, რაც უფლებას მოგვცემს აღვნიშნოთ, რომ ოსებს აღმოსავლეთ საქართველოში უცხოვრიათ, მით უმეტეს სრული უაზრობაა საუბარი ორად გაყოფილ ოსეთზე, რომლის ერთი ნაწილი თითქოს შიდა ქართლში მდებარეობდა სამხრეთ ოსეთის სახით, რის მტკიცებასაც ასე გულმოდგინედ ცდილობენ ოსი დილეტანტი მეცნიერები. სამხრეთ ოსეთის ოლქის ხელოვნურად შექმნის დროს არსებობდა მხოლოდ ერთი ოსეთი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარეობდა. ყოველივე აღნიშნულის გამო უაზრობაა მ. ბლიევთან კამათი. იგი საქართველოში მომხდარ ისტორიულ მოვლენებს განიხილავს ცალკე საქართველოსა და ცალე არარსებეული სამხრეთ ოსეთისათვის, თითქოს საქართველო და სამხრეთ ოსე-თი თანაბარი დონის სუბიექტები იყვნენ. მაგალითად, მ. ბლიევი წერს, რომ 1830-იან წლებში პეტერბუგი მზად იყო განემტკიცებინა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთში ადმინისტრაციული გარდაქმნები, რომელიც დაიწყო გრაფმა პასკევიჩმა; [55] საქართველოში და სამხრეთ ოსეთში საგლეხო რეფორმის გატარების მთელი დოკუმენტაცია გაკეთდა უკლებლივ ქართველი თავადების ძალებით; [56] 1812 წელს კახეთში, აღმოსავლეთ და სამხრეთ ოსეთში მოხდა აჯანყება; [57] აღმოსავლეთ ოსეთის სამხრეთ ნაწილზე მდინარე არაგვის აუზში პრეტენზია ჰქონდათ აგრეთვე ქართველ თავადებს – ერისთავებს და სხვ. მ. ბლიევი ისეა დაბრმავებული ქართველი ხალხის სიძულვილით, რომ მეფის რუსეთს გამოუსწორებელ შეცდომად უთვლის თბილისის კავკასიის ცენტრად გამოცხადებას. [58] მისივე აზრით, 1803 წელს სამხრეთ ოსეთის მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლოებით 50 სო-ფელი) გადაეცათ მფლობელობაში ქართველ თავადებს_ერისთავებს, ხოლო სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიის დაბლობის მცირე ნაწილი მაჩაბლების ქართულ ფეოდალურ საგვარეულოს, [59] რომლებიც თურმე შეიარაღებული გზით ცდილობდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მიტაცებას, [60] მაშინ როდესაც XVII საუკუნიდან იწყება ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოში გადმოსული ოსების სწორედ მაჩაბლებისა და ერისთავების კუთვნილ მიწებზე ხიზნებად დასხლება. ასეთი ზღაპრებითაა სავსე მ. ბლიევის, და არა მარტო მისი, წიგნი.

ჩვენ ასევე საჭიროდ ჩავთვალეთ თამარ მეფის მეორე ქმრის, დავით სოსლანის შესახებ ოს ავტორთა მიერ აბსოლუტურად ცრუ, შეთხზული შეხედულების მკითხველისათვის გაცნობა. წიგნში “ოსეთი და ოსები” არის ასეთი თავი: “სოსლან დავითი და ვეფხისტყაოსანი”, სადაც ავტორი “ამტკიცებს”, რომ “ვეფხისტყაოსანი” დაწერა დავით სოსლანმა, ხოლო მ. ბლიევის აზრით, ოსი და-ვით სოსლანის მეშვეობით საქართველოს მეფე თამარი გახდა ამიერკავკასიის დიდი ნაწილის მფლობელი, რომლის საბრძოლო მიღწევებმა მსოფლიო დიდება მოუტანა თამარ მეფეს. დავით სოსლანმა შექმნა ამიერკავკასიაში უძლიერესი ქართული სამეფო. [61] მ. ბლიევის მსჯელობა იმდე-ნად მიამიტურია, რომ აღნიშნავს: ოსური ლიტერატურის კლასიკომა სეკა გადიევმა, “აღწერა რა დავით სოსლანის ცხოვრება, რომელმაც ფაქტობრივად თვით ოსების ჯარით შექმნა უძლიერესი სახელმწიფო, წუხს, რომ თავისი ტალანტი და მონდომება დავით სოსლანმა საქართველოს მისცა, აამაღლა იგი ოსეთზე, თუმცა შეეძლო თავისი ქვეყანა – ოსეთი, “დაეყენებინა” თუ არა უფრო მაღლა, საქართველოსთან თანაბარ რანგში მაინც”. [62]

რამდენადაც უხერხული არ უნდა იყოს ამ ზღაპრებზე პასუხის გაცემა, როგორც ჩანს, მაინც საჭიროა აღინიშნოს, რომ სანამ დავით სოსლანი თამარ მეფის ქმარი გახდებოდა, საქართველო უკვე იყო უძლიერესი სახელმწიფო მცირე აზიასა და მახლობელ აღმოსავლეთში. ჯერ კიდევ დავით აღმაშენებელმა 1121 წელს დიდგორთან დაამარცხა თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი კოალიციური არმია. ამ ბრძოლაში ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმეს და უძლეველობის სახელი დაიმკვიდრეს. ამის შემდეგ უკვე საქართველოს ძლევამოსილება დიდ შეშფოთებას იწვევდა მახლობელ  აღმოსავლეთში. სწორედ დავით აღმაშენებლის დროს მნიშვნელოვნად ფართოვდება საქართველოს საზღვრები. მისი აქტიური საგარეო პოლიტიკის შედეგად თურქ-სელჩუკები სამხრეთ კავკასიიდან განიდევნა, შემოიერთეს განთავისუფლებული სომხეთისა და შირვანის მნიშვნელოვანი ნაწილი. ქართული მიწები ერთ სახელმწიფოში გაერთიანდა.

მემატიანე დავით სოსლანს ახასიათებს როგორც ზნეობრივი და რაინდული თვისებებით შემკულ ადამიანს, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ “ლაშქრობდა დავით ბრძანებითა და გამორჩევითა თამარ”, [63] ე.ი. დავით სოსლანი თამარის რჩევითა და ბრძანებით ლაშქრობდაო.

ამჟამად მეცნიერებაში გავრცელებული მოსაზრების თანახმად დავით სოსლანი იყო ოსეთში დამკვიდრებული ქართული სამეფო გვარის ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი, რომელიც მომდინარეობს გიორგი I-ისა და ალანთა ტომის ასულის ალდე დედოფლის ვაჟის დემეტრესაგან. ქართველი მემატიანეების მიხედვით დავით სოსლანი მათი შთამომავალი იყო, რომელიც გაზარდა თამარ მეფის მამიდამ რუსუდანმა. ვახუშტის მიხედვით დემეტრეს “ანაკოფიას აფხაზეთს დაშთა ძე”, რომელმაც “იქორწინა ოვსთა მეფის ასულსა ზედა და ძე იგი მისი ოვსეთს მყოფი მამულით იწოდა მეფედ ოვსთა და ძის-ძე დიმიტრისა, და ამ დავითის მამა შერთეს რუსუდანს… ხოლო ქმარსა ამისსა სხუას ცოლთან ესუა ძე დავით, რომელი წარმოიყვანა ამან რუსუდან და აღზარდა ძედ თვისად”. [64] ამრიგად, რუსუდანის ქმარი ოყო დემეტრე ბაგრატიონის შთამომავალი, მაგრამ ვინაიდან “რუსუდან უშვილო იყო” [65], მან მოიყვანა აღსაზრდელად თავისი ქმრის “სხუას ცოლთან” გაჩენილი შვილი დავითი. ბაგრატიონთა შთამომავლადაა მიჩნეული დავით სოსლანი ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანისა (“თამარის ქმარი იყო დავით ოვსთ მეფე, ტომი ბაგრატიონთა”) [66] და ბასილი ეზოსმოძღვარის (დავით სოსლანი იყო “გუარადცა ბაგრატოანი”) [67] თხზულებებშიც. რაც მთავარია, როგორც ვახუშტი ბატონიშვილი მიუთითებს, დავით სოსლანის ბაგრატიონთა ჩამომავლობას მოწმობს კარსნის ხევში არსებული მცირე ეკლესია, სადაც “დახატული არიან და დაწერილნი ზედ დიმიტრი და ძე მისი დავით, ძე დავითისა ათონ, ძე ათონისა ჯადარონ, ძე ჯადარონისა სოსლან დავით, რომელი იყო ქმარი თამარისა… ვინაიდან ოვსეთს მკვიდრობდნენ: მუნებური გვარი ახსენა და არღარა დიმიტრით ბაგრატიონობა”. [68] სწორედ ბაგრატიონობის გამო განაცხადა თანხმობა თამარ მეფემ დავით სოსლანის ცოლობაზე: “რადგან ბაგრატიონობა სცნა, არღარა უარ-ჰყო თამარ, ვითარცა სხვანი ყოველნი”. [69]

ოსმა სეპარატისტებმა ყველაფერი იღონეს ოსების ეროვნული პატრიოტიზმის დეფომაციისათვის. ეროვნული ქედმაღლობისა და უპირატესობის შესახებ გაივსო ოსური პრესა. ლამის ყველა ქართული გვარი ოსურად მოიაზრეს; ქართული ფეოდალური საგვარეულოს ერისთავების წარმომადგენლები ოსებად გამოაცხადეს, [70] ხოლო ცნობილი ქართული გვარი წერეთელი ოსური წარმოშობის გვარად მიითვალეს, მაშინ როდესაც იგი სადაურობის აღმნიშვნელი ელ-სუფიქსით არის ნაწარმოები გორის რაიონის სოფელ წერეთიდან. ბევრი გამოჩენილი ქართველი მოღვაწეც ოსად მონათლეს. საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე გიორგი სააკაძე (1570-1629) და თვით სტალინიც კი წარმოშობით ოსად მიიჩნიეს, ხოლო “ვეფხისტყაოსნის” ავტორად ოსი გამო-აცხადეს. [71] როდესაც რეაქციული და სეპარატისტული ძალები ჭეშმარიტების დათრგუნვას შეეცადნენ, უპირველეს ყოვლისა, დაიწყო უცერემონიოდ შეჭრა ქართულ კულტურაში მისი მითვისების მიზნით.

1994 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოცემულ წიგნში “ოსეთი და ოსები” სიტყვასიტყვით ასე წერია: “მემკვიდრეობით მიიღო რა თავისი ალანი წინაპრებისაგან ცოდნისადმი მისწრაფება. . . დავით სოსლანმა, რომელიც ღვთის განგებით მოხვდა საქართველოში, გააგრძელა იქ თავისი ქვეყნის კულტურული ტრადიციები. . . ჭკუის სასწავლებლად. . . მეფე დავითმა ორმოცი ახალგაზრდა ქართველი საბერძნეთში გააგზავნა… დავით სოსლანის კალამს ეკუთვნის საგმირო პოება “ვეფხის-ტყაოსანი”, ავტოგრაფიული ხასიათის ნაწარმოები.” [72] ფაქტი, რომ დავით სოსლანმა 40 ქართველი ახალგაზრდა საბერძნეთში სასწავლებლად გაგზავნა, მის ოსურ წარმომავლობაზე სრულებითაც არ მეტყველებს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ სომეხი ისტორიკოსის ვარდან დიდის ცნობის თანახამდ (სხვა ასეთი ცნობა კი არ არსებობს _ა. თ.) 40 ბავშვი საბერძნეთში გააგზავნა არა დავით სოსლანმა, არამედ საქართველოს მეფემ დავით აღმაშენებელმა, რათა მათ “ესწავლათ ენები, შეესრულებინათ თარგმანები და ჩამოეტანათ, რაც მათ გააკეთეს. კიდევაც სამი ამათგანი შემდეგში ცნობილი გახდა თავისი მოღვაწეობით”. [73]

ასეთ მარტივ მსჯელობებს მეცნიერებასთან საერთო არაფერი აქვს. წიგნში საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა ამ სულელური მოსაზრებების მტკიცებას და ერთ-ერთ საბუთად მოაქვთ ის, რომ თურმე ქართველები არავითარ ინტრესს არ იჩენდნენ ირანული კულტურის მიმართ, რასაც ვერ ვიტყვით ოსებზეო. მთელი ეს ვაკხანალია თავდება “მშვიდობისმოყვარე ოსი ხალხის შეხსენებით აგრესორი მეზობლისადმი, რომ ვეფხის ტყავის ქვეშ ცემს ალანი რაინდის მგზნებარე გული. რომელმაც თავისი შუქით გააბრწყინა ოდესღაც ბნელით მოცული იბერია”.  [74] მართალია, სამშობლოს ბოლიც ტკბილია, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. ეს საზღვარი კი წაიშალა. როგორც გაზეთ “სოვეტსკაია ოსეტიაში” (21 დეკემბერი, 1989 წ.) აღნიშნავდნენ: ოს ხალხს აქვს უძველესი, ვიდრე ბევრ სხვა მეზობელ ხალხს, ისტორია, ისინი სკვითების უშუალო შთამომავლები არიანო. ამავე დროს, როგორც ამ დარგის რუსი სპეციალისტი ა. სმირნოვი მიუთითებს, “სკვითებს არ დაუტოვებიათ პირდაპირი მემკვიდრეები, მაგრამ მათმა ხელოვნებამ ბევრი ხალხის კულტურაზე მოახდინა გავლენა. ერთ-ერთი მემკვიდრენი ჩვენცა ვართ. სკვითების როლის შეფასებისას არ უნდა დავივიწყოთ, რომ სწორედ მათ პირველად ჩააყენეს ჩვენი ქვეყნის მრავალრიცხოვანი ხალხები ერთიანი განვითარების კალაპოტში. აზიარეს ისინი მაშინდელ მოწინავე კულტურას.” [75] ამასთან, ნართები, რომელსაც ოსურ ეპოსად აცხადებენ, მონუმენტური კავკასიური ეპოსია, კავკასიის ხალ-ხთა საზიარო ქმნილებაა.

მკითხველისათვის რომ კიდევ უფრო ნათელი გახდეს ოსი დილეტანტი მეცნიერების მიერ შეთხზული ზღაპრები და ამ ზღაპრების რეალური შემკვეთის ვინაობა, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ერთ მეტად მნიშვნელოვან ფაქტს_ ზუსტად ანალოგიურ პრეტენზიებს უყენებენ ქართველ ხალხს და ასევე უმოწყალოდ ამახინჯებენ საქართველოს ისტორიას სომეხი ვაიმეცნიერები. ეს საკითხი განხილული გვაქვს ჩვენს წიგნში (სოემხი ვაიმეცნიერების ანტიქართული ისტერია, თბ., 2005) სათანადო წყაროების მითითებით, ამიტომ აქ მხოლოდ ზოგადი მსჯელობით დავკმაყოფილ-დებით.

სომეხმა “მეცნიერებმა” (აკადემიკოსმა ს. აივაზიანმა და სხვ.) მსოფლიო პოეზიის მწვერვალი, შოთა რუსთაველის უკვდავი “ვეფხისტყაოსანი” არაქართულ ნაწარმოებად მონათლეს (Газ. “мецамор” Ереван, 2004. №6). ისინი აცხადებენ, რომ “ვეფხისტყაოსანი” სომეხმა დაწერა და შემდეგ თურმე ქართველებზე მზრუნველმა ისევ სომეხმა, ვიღაც “აშოტმა იზ რუსთავი” მაშინვე გამოართვა სომეხ ავტორს დედნის ერთადერთი ეგზემპლარი და პოემა თარგმნა ქართულად. მადლობის მაგივრად ქართველებს თურმე სომხური დედანი დაუწვავთ. შესანიშნავი ლოღიკაა. ასეთი ცნობა კი ბუნებაში არ არსებობს. მათივე აზრით, ყველა ქართველი თავადი სომხური წარმომავლობისაა, დიდი ქართველი მხედართმთავარი გიორგი სააკაძე სომეხია; დედით და მამით სომეხია სტალინი; ასევე სომეხია მე-19 სუკუნის დიდი ქართველი პოეტი აკაკი წერეთელი. თუ ოსები აღნიშნავენ, რომ უძველესი დროიდან აღმოსავლეთ საქართველოში ოსები ცხოვრობდნენ და მათი “სამხრეთი საზღვარი გადიოდა უშუალოდ სომხეთის მეზობლად (გაზ. “Иპ”, #6, 1990), სომხები მთელ საქართველოს გვედავებიან _ ყველაფერი ჩვენ აგიშენეთ, ჩვენ შევქმენით საქართველო და თბილისიც, სომხეთის საზღვარი უშუალოდ თბილისზე გადიოდაო. მოკლედ, დღისით, მზისით ითვისებენ, ჩვენს ტერიტორიას, ჩვენს კულტურას. ისე გამოდის, რომ “ქართველთა კუთვნილება საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ მდინარე მტკვარი ყოფილა” (თ. მიბჩუანი). იქნებ იმაზე მაინც გვიპასუხონ მეზღაპრეებმა, თუ საქართველო როგორ არის ერთდროულად ოსისა და სომეხის საკუთრება, ან სააკაძე, წერეთელი და სტალინი როგორ არიან ერთდროულად ოსებიც და სომხებიც, ან “ვეფხისტყაოსანი” ერთდროულად როგორ დაწერა ოსმაც და სომეხმაც? იქნებ უმჯობესია ერთმანეთში გაარკვიონ თავიანთი ამბიციები  და მოასვენონ ქართველები გაუთავებელი პრეტენზიებისაგან. მაგრამ არა_ისინი ორთავენი მართლები არიან, მტყუანია მხოლოდ ქართველი ხალხი_ასე ისურვეს მათი ზღაპრების რეალურმა ავტორმა_რუსეთის რექციულმა ძალებმა. ამიტომ გავს მათი სულელური მოთხოვნები ერთმანეთს წვიმის ორი წვეთივით, ამიტომ უშვებენ ქართველი ხალხის სიძულვილით გაჯღენთილ მათ დიდტანიან წიგნებს უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე პანტა-პუნტით მოსკოვში და შემდეგ დიდი ზარზეიმით რუსეთის სატელევიზიო არხები ამ წიგნის პრეზენტაციას უჩვენებენ. მათ შესანიშნავად იყენებენ “ჯიუტი” ქართველების მოსათოკად, რომ შემდეგ კავკასიაში გაბატონდნენ. კავკასიაში გაბატონება კი საქართველოს გარეშე შეუძლებელია. დედამიწის ყველაზე სახიფათო ადგილას არსებობისა (ი. გოგებაშვილი) და გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო ასეთი არის ქართვე-ლი ხალხის ხვედრი. ეს ყველაფერი ორასი წლის წინათაც შესანიშნავად იცოდნენ. ჯერ კიდევ გენერალი პასკევიჩი რუსეთის იმპერატორს ნიკოლოზ პირველს არწმუნებდა, რომ კავკასიის საბოლოო დაპყრობა შესაძლებელია მხოლოდ შავი ზღვის სანაპიროების დაპყრობისა და კოლონიზაციის შემდეგო. იმავე ხანებში, 1820-იან წლებში საფრანგეთის კონსული თბილისში ჟაკ ფრანსუა გამბა რუსეთის მთავრობას მოძღვრავდა: გაგრის ადგილმდებარეობა ძლიერ მოხერხებულია, რუსეთის მთავრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს ამ ადგილს და მისი ხელში ჩაგდება უპირველესი მნიშვნელობის ამოცანად უნდა დაისახოს, თუკი კავკასიის ხალხების საბოლოო დაშოშმინება და დამორჩილება სურს. მაგრამ რუს მოხელეებს გამბას გარეშეც ყურადღება ჰქონდათ მიქცეული ამ ადგილისათვის. მეტად საინტერესოა ამ მხრივ “კავკასიის დიქტატორის” ა. ერმოლოვის 1820 წელს დაწერილი წერილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისადმი. ამ პერიოდში რუსეთის გარნიზონში მაღალი მოკვდაობისა და დიპლომატიური სიძნელეების გამო რუსეთის საგარეო სამინისტროში დაისვა სოხუმისა და აფხაზეთის თურქებისათვის გადაცემის საკითხი. ა. ერმოლოვი საგარეო საქმეთა მინისტრს წერდა იმის შესახებ, რომ სოხუმი წარმოადგენდა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში რუსეთის დასაყრდენს. იგი გადადგომით იმუქრებოდა, თუკი სოხუმს თურქებს დაუბრუნებდნენ. სამინისტრომ დააკმაყოფილა ა. ერმოლოვის მოთხოვნა. ასევე ევროპელი მოგზაურები ერთხმად მიუთითებენ სამხრეთ და საერთოდ კავკასიაში რუსეთის გაბატონებისათვის საქართველოს განსაკუთრებულ როლზე. მაგალითად, ინგლისელი რეზიდენტი ჩერქეზეთში ო. სპენსერი, რომელმაც 1836 წელს იმოგზაურა კავკასიაში, აღნიშნავს: საქართველო “თავისი ადგილმდებარეობით დანარჩენი ამიერკავკასიის სამფლობელოებისაკენ ერთგვარ გასაღებს წარმოადგენს”. ო. სპენსერის აზრით, რუსეთს საქართველოში მყარად ფეხის მოკიდებამდე, “დღემდე ვერ გაუბედავს თავისი თვითმპყრობელური მანქანის ამუშავება და სახაზინო და საპასპორტო სისტემის დანერგვა. მათ ჯერჯერობით ვერ შეძლეს ამ ქვეყნისათვის მოხელეთა არმიის მისევა, რომ ძალმომრეობით გაეტარებინათ აქ თავისი დადგენილებები და კანონები. რუსეთი ხომ ჩვეულებრივ ასე იქცევა თავისი ბატონობის ქვეშ მყოფი ხალხების მიმართ”.1

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ვიკითხოთ: საერთოდ ოდესმე არსებობდა თუ არა საქართველო ან სად მდებარეობდა ეს ქვეყანა? ქართველ ხალხს რაიმე კულტურული ფასეულობა შეუქმნია თუ არა? ალბათ, ბედის დაცინვაა_ შთამომავლები იმ წინაპრებისა, რომლებიც თავის დროზე შეიხიზნა საქართველომ, ერთმანეთს ახლა საქართველოს ტერიტორიას ეცილებიან. მართლაც, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. პათოლოგიური აზრებით შეპყრობილი ცრუ მეცნიერები შემთხვევას ხელიდან არ უშვებენ ჩირქი მოსცხონ ქართველ ხალხს და მიკერძოებულად, ფაქტების არნახული დამახინჯებით წარმოაჩინონ საქართველოს ისტორიის საკითხები. განდიდების მანიით შეპყრობილნი მხოლოდ სათავისოდ განიხილავენ ყველა მოვლენას და უსაფუძვლო განცხადებებით შეცდომაში შეჰყავთ გაუცნობიერებელი საზოგადოებრიობა. თუ დიდ რუს კრიტიკოსს ბ. ბელინსკის დავესესხებით, “მრწამსი ძვირაფასი უნდა იყოს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჭეშმარიტია და არა იმიტომ, რომ იგი ჩვენია”.

 მართალია, მათი ნააზრევი, მათ მიერ მოყვანილი ფაქტები სრულიად უსაფუძვლოა და მათი გაბათილებაც არ არის ძნელი, მაგრამ ისინი უკვე წარმოითქვა მილიონობით მკითხველის წინაშე და ახლა მათ ნაჯახითაც ვეღარ ამოძირკვავ. ასე რომ, “პიესა დადგმულია, სპექტაკლი გათამაშებულია”. პუბლიკაციებმა უკვე შეასრულეს თავიანთი როლი ქართველი ხალხის საზიანოდ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია იმ ფაქტს აღნიშვნაც, რომ XVII-XVIII საუკუნეებში საქართველოში მრავალი მისიონერი ჩამოვიდა და ევროპელი მოგზაური გვესტუმრა. მათ ნაშრომებში ვერსად შეხვდებით ცნობას იმის შესახებ, რომ შიდა ქართლი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას წარმოადგენდეს. ისინი აღწერენ ოსების დამახასიათებელ თვისებებს, ცხოვრების პირობებს, მაგრამ შიდა ქართლს ყოველთვის უპირობოდ, ყოველგვარი დაეჭვების გარეშე ქართლ-კახეთის სამეფოს განუყოფელ ტერიტორიად მიიჩნევენ. მაგალითად, XVIII საუკუნის გერმანელი მოგზაური იაკობ რაინეგსი, რომელიც 1778-1781 წლებში ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის კარზე იმყოფებოდა, აღნიშნავს: “პროვინცია ქართლი… ჩრდილოეთით გადაჭიმულია კავკასიონის უმაღლეს მთებამდე”.1 გერმანელი მოგზაური ი. გიულდენშტედტი კი, რომელმაც 1772 წელს იმოგზაურა საქართველოში, შიდა ქართლის ჩრდილოეთ საზღვრად კავკასიონის ქედს ასახელებს.2

სწორედ ზემოთ აღნიშნულის გამო, რუსულმა მმართველობამ აღმოსავლეთ საქართველოს ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის დროს ცხინვალის რეგიონი მიაკუთვნა თბილისის გუბერნიის გორის მაზრას, სადაც ცხინვალი საპოლიციო უბანს წარმოადგენდა. “სამხრეთ ოსეთის” ოლქი შეიქმნა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დამოუკიდებელ საქართველოს არსებობისათვის უნდოდათ შეექმნათ რეალური საფრთხე, რასაც მიაღწიეს კიდეც. ჯერ 1920 წლის 28 ოქტომტერს რუსეთის კომპარტის (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურომ განიხილა საკითხი “სამხრეთ ოსეთისათვის ავტონომიის მინიჭების თაობაზე”, ხოლო შემდეგ 1922 წლის 7 აპრილს უძველესი ქართული პროვინცია ცხინვალის რეგიონი საქართველოს ცაკისა და სახალხო კომისართა საბჭოს დეკრეტის საფუძველზე ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების უგულებელყოფით “სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქად” გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ ოსებით კომპაქტურად დასახლებული შიდა ქართლის ჩრდილოეთი ტერიტორიის ნაწილი იმდენად პატარა იყო, რომ იქ ავტონომიურ წარმონაქმნის შესაქმნელად არავითარი საფუძველი არ არსებობდა. ამიტომ ავტონომიური ოლქის შექმნისათვის გამართლება რომ მოეძებნათ, მას მიუერთეს ქართველებით დასახლებული მიწა-წყალი, მათ შორის ქალაქი ცხინვალიც, რომელიც ოლქის დედაქალაქი გახდა. ამ მიწა-წყალზე კი ოსებს არასოდეს უცხოვრიათ. ამრიგად შიდა ქართლის ტერიტორიაზე “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი” ხელოვნურად იქნა შეკოწიწებული, მაშინ როდესაც შიდა ქართლი ისტორიულად ქართველ ტომთა კონსოლიდაციის ცენტრს წარმოადგენდა.

ეს საზღაური გაღებულ იქნა ოსი ბოლშევიკების სამსახურისათვის _ მათ 1918-1920 წლებში სამჯერ მოაწყვეს აჯანყება საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დასამხობად. გარდა ამისა, “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” შექმნით რუსეთს ყოველთვის შეეძლო ზეწოლა მოეხდინა საქართველოზე, რამაც შესანიშნავად გაამართლა 70 წლის შემდეგაც კი – დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირობებში. რუსეთის რეაქციული ძალების მხარდაჭერით ოსმა სეპარატისტებმა შუაგულ საქართველოში, შიდა ქართლში გამოაცხადეს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი, სუვერენული რესპუბლიკა. ოსი ხალხისათვის საკმაოდ დიდმა, ჯანსაღმა ნაწილმა მაშინვე იგრძნო და დაგმო ერთი მუჭა ოსი სეპარატისტების ყოვლად უაზრო და დაუფიქრებელი მოქმედება. საქვეყნოდ ცნობილმა ოსმა მეცნიერმა ვ. აბაევმა, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობდა, გამოაქვეყნა სტატია “სამხრეთ ოსეთის ტრაგედია”. მან ისტორიულ რეალობებზე დაყრდნობით ობიექტურად შეაფასა 1990-იანი წლების დასაწყისში “სამხრეთ ოსეთში” მიმდინარე პროცესები. იგი აღნიშნავდა: “მინდა ვიყო ობიექტური და გავარკვიო იყო თუ არა ოსების მხრიდან რაიმე ნაჩქარევი, მოუფიქრებელი მოქმედებები, რომლებმაც პროვოკაციის მოწყობით გაამწვავეს დაპირისპირება და უნდა გამოვტყდე, რომ ასეთი მოქმედებები იყო. მხედველობაში მაქვს სუვერენიტეტის გამოცხადება, რომელიც მთლიანად ორიენტირებული იყო მოსკოვზე პერსპექტივაში სამხრეთი და ჩრდილოეთი ოსეთის გაერთიანებით. სამხრეთელი ოსების მისწრაფება თავის ჩრდილოელი თვისტომებისაკენ ადამიანურად გასაგებია, მაგრამ გეოპოლიტიკური პლანით ეს შეცდომაა. კავკასიის მთავარი ქედი _ ბუნებრივი საზღვარია საქართველოსა და ოსეთს შორის, და ამ საზღვრის მოშლის ყოველგვარი მცდელობა გამოიწვევს პერმანენტულ კონფლიქტურ მდგომარეობას ქართველებსა და ოსებს შორის. იმისათვის, რომ აღვადგინოთ ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები ორ ხალხს შორის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დავამთავროთ საუბარი საქართველოდან სამხრეთ ოსეთის გამოყოფის შესახებ. საქართველოს არც ერთი ხელისუფლება ამას არასოდეს შეურიგდება და მართალიც იქნება”. მისივე აზრით, სამხრეთ ოსეთი უნდა განთავისუფლდეს ბუტაფორული “სუვერენიტეტისაგან”.1

ახლა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებაც უნდა ითქვას, რომლის შესახებ ყურადღება გაამახვილა სწავლულმა იურისტმა ი. ფუტკარაძემ.2 მას შემდეგ, რაც შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და დაცხრა თავსმოხვეული ვნებათა ღელვა, ოსები უკვე მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში ხედავენ თავიანთი თვითმყოფობის შენარჩუნების, თავიანთი ეროვნული ინტერესების დაცვის შესაძლებლობას. ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ 1925 წლის იანვარში ჩრდილოეთ ოსეთის, ხოლო ამავე წლის 25 მარტს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საბჭოების ყრილობებმა მიიღეს დადგენილებები, რომლებშიც გამოთქმული იყო ჩრდილოეთ ოსეთისა და სამხრეთ ოსეთის გაერთიანების სურვილი – ისინი ერთიანდებოდნენ ერთ ავტონომიურ საბჭოთა რესპუბლიკად და შედიოდნენ საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში. სრულიად რუსეთის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა (ცაკი) ამის შესახებ წინასწარ თანხმობა განაცხადა. საქართველოს ცაკის სესიამ ღია კენჭისყრით ერთხმად დადებითად შეაფასა გაერთიანებული ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში შესვლა და გადაწყდა ეს საკითხი რსფსრ-ის ცაკს საბოლოო გადაწყვეტისათვის სსრ კავშირის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტში დაეყენებინა. საკითხის განხილვამ გამოავლინა ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება – ოსებისა და ქართველების ტრადიციულად ურღვევი კავშირურთიერთობა. ძალუმად იჩინა თავი იმ არსებითმა ფაქტორმა, რომ, როგორც დოკუმენტებში ეწერა, “ოსეთის ხალხი ისტორიულად დაკავშირებული იყო საქართველოსთან”, ნათლად წარმოჩნდა საქართველოში მცხოვრები ოსების სულისკვეთება. აღინიშნა, რომ სამხრეთ ოსეთი “გადაჭრით მოითხოვს ჩრდილოეთ ოსეთისაგან, რომ… გაერთიანება მოხდეს საქართვე-ლოს ფარგლებში”. საქვეყნოთ ითქვა, რომ ჩრდილოეთ ოსეთი “სურვილს აცხადებს რსფსრ-ს ჩამოშორდეს და შევიდეს საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში”. ამ გადაწყვეტილებას ჩრდილოეთ ოსეთის ოლქის თავმჯდომარე ტაკოევი იმით ასაბუთებდა, რომ “ოსეთი არსებობდა და მხარდამხარ ვიდოდა საქართველოს რესპუბლიკასთან. ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის მშრომელნი, და მით უფრო პასუხისმგებელი მომუშავენი, თვალნათლივ ჰხედავენ, რომ საღი ნაციონალური პოლიტიკა ისე მიზანშეწონილად არსად არ ხორციელდება, როგორც საქართველოს რესპუბლიკაში”. ამ გარემოებამ, ტაკოევის თქმით, ყველა დაარწმუნა, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის კულტურული და ეკონომიკური განვითარებისათვის საჭიროა საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკაში შესვლა. ამას გარდა… სამხრეთ-ოსეთი კატეგორიულად აყენებს საკითხს, რომ იგი მხოლოდ მაშინ გაუერთიანდება ჩრდილოეთ ოსეთს, უკეთუ ეს უკანასკნელი თანახმა იქნება საქართველოს ს.ს.რ-ს შედგენილობაში შესვლაზე”. მართლაც, კულტურული და ეკონომიკური განვითარებისათვის ჩვენთან მცხოვრებ ოსებს კარგი პირობები ჰქონდათ, ისინი იმასაც კარგად ამჩნევდნენ, რომ საქართველოში საღი ნაციონალური პოლიტიკა ტარდებოდა. კარგი იქნება, თუ წარსულის ამ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოსკოვში სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელი დიმიტრი მედოევი გაეცნობა, რომელიც ათასგვარ ცილს სწამებს ქართველ ხალხს ოსებთან ურთიერთობაში.

ამჟამად როგორც იქნა, ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე კონფლიქტს თავისი სახელი დაერქვა. საქართველოს პრეზიდენტმა გარკვევით აღნიშნა, რომ ახლა რეალურად საქართველოს შიდა კონფლიქტის ნაცვლად, საქართველოსა და რუსეთს შორის დაპირისპირებას აქვს ადგილი. ამ კონფლიქტში მეორე მხარე მოსკოვია და არა ცხინვალი. ეს ქართულ-რუსული ურთიერთობის საკითხია.

მ. ბლიევის წიგნთან დაკავშირებით საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ “ნაშრომში” მთლიანად გაყალბებულია ისტორიული მოვლენები, ფაქტები და იგი არავითარ მეცნიერულ ღირებულებას არ წარმოადგენს. ხუთასგვერდიან წიგნს, სადაც არც ერთი წყარო მითითებული არ არის, არ შეიძლება მეცნიერული პრეტენზია ჰქონდეს. ოსი სეპარატისტი და დილეტანტი  მეცნიერები ქართულ წერილობით, და არა მარტო წერილობით, წყაროებს კითხულობენ უაღრესად ტენდენციურად, თავიანთი სამრეკლოდან. მათი მიზანი ერთია: ამტკიცონ აღმოსავლეთ საქართველოში და, კერძოდ, შიდა ქართლში უძველესი დროიდან არარსებული “სამხრეთ ოსეთის” არსებობა. ამით ცდილობენ გაამართლონ თავიანთი უსაფუძვლო მოთხოვნები საქართველოდან გამოყოფის შესახებ, დაადანაშაულონ ქართველი მხარე იმ სისხლისღვრაში, რაც მოჰყვა მათ მიერ საქართველოს სახელმწიფოს ტეროტორიის ხელყოფას.

უკანასკნელ ხანს მომრავლდა ბლიევისმაგვარი მეცნიერები, რომელთა წიგნებს სიამოვნებით ბეჭდავენ მოსკოვში. ეს წიგნები მიმართულია ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. მაგალითად, ი. კოჩიევასა და ა. მარგიევის წიგნში [76] აღწერილია ათი ისტორია, სადაც მოთხრობილია შესაბამისი კომენტარებით თუ ქართველები რა საშინლად ეპყრობოდნენ ოსებს, როგორ ხოცავდნენ მათ და ერეკებოდნენ საქართველოდან. მაგრამ სამაგიეროდ არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ორივე მხრიდან სისხლისღვრა, მსხვერპლი და ლტოლვილები ოსური სეპარატიზმის შედეგია, რომელიც აწყობდა მესამე ძალას. არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ როგორ უმოწყალოდ აწამებდნენ, ხვრეტდნენ და თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან, თავიანთი მიწა-წყლიდან აძევებდნენ ქართველებს. იმის შესახებაც დუმან ოსი ავტორები, რომ პირველად სწორედ ქართველების სისხლი დაიღვარა ოსების მიერ. წიგნის წინასიტყვაობის ავტორი, ვინმე ა. კასაევი აღნიშნავს: თუ წარმოვიდგენთ, რომ მომავალში ინტერნეტი არ იქნება, მაშინ ჩვენ თანამედროვეობას შთამომავლები შეისწავლიან ბიბლიოთეკებში არსებული წიგნების მიხედ-ვით, როგორც ეს ხდებოდა ძველად. ეს წიგნი გვიჩვენებს დრამატულ მოვლენებს, რომლებიც დაკავშირებულია ევროპისა და აზიის ერთ-ერთი უძველესი ხალხის – ოსების თანამედროვე ისტორიასთან. ისე როგორც ოსმალეთის იმპერიაში გენოციდი განიცადა სომხებმა, გერმანიაში ებრაელებმა და ბოშებმა, კამბოჯაში კამბოჯიელებმა, საქართველოშიც ოსების გენოციდს ჰქონდა ადგილი, რაც საქართველოს არ დაუგმია. [77] თურმე ქვეყნის ტერიტორიის მთლიანობის, ისტორიული ტერიტორიების დაცვა ფაშისტობა ყოფილა. ასე ხომ მსოფლიოში ვერც ერთი ერი ვერ ასცდება ამ ეპითეტის მიკერებას. ასეთი კონფლიქტები და შეტაკებები ხომ საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში ძირითადად რუსეთის რეაქციული ძალების ხელშეწყობით მრავალ რეგიონში მოხდა. საინტერესოა, როგორი ეპითეტით მონათლავენ ოსი დილეტანტი მეცნიერები ჩეჩნეთში მიმდინარე გაცილებით სისხლისმღვრელ ბრძოლებს. მაგრამ ეს მათ არ აწუხებთ, მთავარია მტრის ხატი დახატონ ქართველების სახით. ა. კასაევი ისევ გვმოძღვრავს: “საინტერესოა, რომ ოსეთის რუსულ ნაწილში, სადაც საუკუნეებია ათასობით ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, არასოდეს და არავის თავში აზრად არ მოსვლია თავის სამშობლოდ საქართველო გამოეცხადებინა… თითოეულის სამშობლო იქაა, სადაც ის ცხოვრობს, იქ, სადაც ის დაიბადა, იქ, სადაც მათი წინაპრები ცხოვრობდნენ. [78] თუ მხედველობაში არ მივიღებთ წინასიტყვაობის ავტორის სეპარატისტულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ოსეთი ორი ნაწილისაგან შედგება, რომლის ერთი ნაწილი რუსეთში მდებარეობს, ხოლო მეორე – საქართველოში, მაშინ საკამათო არაფერი რჩება. ბუნებრივია, საქართველოში დაბადებული ოსისათვის სამშობლო საქართველოა, ისე როგორც რუსეთში დაბადებული ქართველისათვის – რუსეთი. მაგრამ თუ რუსეთში დაბადებული ქართველები იარაღით ხელში ეცდებიან ის ტერიტორია, სადაც ისინი ცხოვრობენ, საქართველოს შემოუერთონ, მაშინ საშინელ სისხლისღვრას ვერ აცდება იქ მცხოვრები ქართველები.

ი. კოჩიევასა და ა. მარგიევის წიგნიც სიყალბისა და ფაქტების დამახინჯების არნახულ ნიმუშს წარმოადგენს. მაგალითად, წიგნის გარეკანზე აღნიშნულია: “სსრ კავშირის მოსახლეობის 1989 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 164 ათასი ოსი ცხოვრობდა. 2002 წლისათვის საქართველოში დარჩა 38 ათასი ოსი”. ავტორები მკითხველებს უმალავენ იმ ფაქტს, რომ 1989 წელს 164 ათასი ოსი ცხოვრობდა მთლიანად საქართველოში, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის ტერიტორიის ჩათვლით, ხოლო 2002 წელს საქართველოში 38 ათასი ოსი ცხოვრობდა ამ ოლქის ტერიტორიის გარეშე. ეს მათ სჭირდებათ იმისათვის, რომ აჩვენონ, თითქოს საქართველოდან კონფლიქტის შედეგად ოსების დიდი უმრავლესობა წავიდა და ოსები საქართველოში 126 ათასი კაცით შემცირდა. საქართველოში მთლიანად 2002 წელს 82 ათასი ოსი ცხოვრობდა, მათ შორის, ყოველ სამხრეთ ოსეთის ოლქში – 46 ათასი.

ი. კოჩიევასა და ა. მარგიევს მოყავთ საქართველოში მცხოვრები ოსების ნაამბობი იმის შესახებ, თუ ეთნიკური კონფლიქტის დროს ოსები, რომლებიც ჩრდილო კავკასიაში გადასახლდნენ, როგორ მძიმე პირობებში ცხოვრობენ. ისინი ვერ ეგუებიან საერთო საცხოვრებლებს, სადაც უსუფთაობა, სივიწროვე, ხმაური და სიღარიბეა.1 სამაგიეროდ ოსი ვაიმეცნიერები არაფერს ამბობენ იმის შესახებ, თუ ქართველებს ყოფილი სამხრეთ ოსეთიდან, რომელიც მათი ისტორიული სახოვრებელი ადგილია და სადაც მათი წინაპრები ათასეული წლები ცხოვრობდნენ, როგორი სისასტიკით აძევებდნენ ოსები. რატომ ჰგონიათ მათ, რომ თავიანთ მიწაზე ლტოლვილი ქართველები შესანიშნავად ეგუებიან საერთო საცხოვრებლებს და იქ არც სივიწროვეა, არც ხმაური და არც სიღარიბე. ახლა იმის შესახებაც უნდა ითქვას, თუ როგორ კარგად ცხოვრობდნენ ოსები არა მარტო ყოფილ სამხრეთ ოსეთში, არამედ საქართველოს ყველა რაიონში. მეათე ისტორია, რომელიც ი. კოჩიევასა და ა. მარგიევს მოყავთ აღნიშნულ წიგნში, მათდა უნებურად, სწორედ ამის დადასტურებაა. საქართველოს ბორჯომის რაიონის სოფელ მიტარბში მცხოვრები ოსი ეროვნების ი. კუმარიტოვი აღწერს კონფლიქტის პერიოდში თავის ისტორიას: “მთელი ჩემი დიდი ოჯახი – მე, მეუღლე, დედა, ორი ვაჟიშვილი, რძალი და შვილიშვილი – ვცხოვრობდით ერთად სოფელ მიტარბში. ყველანი საბჭოთა მეურნეობაში ვმუშაობდით. გვქონდა დიდი ხის სახლი, დიდი ბოსტანი. შევისყიდეთ საშენი მასალები, ვაპირებდით ახალი, უფრო დიდი სახლის აშენებას. მეურნეობა არც თუ მცირე გვქონდა: 11 სული მსხვილი რქოსანი პირუტყვი, 25 – წვრილი, მრავალი ფრინველი და ღორი, მანქანა – “Газ-69”. ვცხოვრობდით შეძლებულად, ბაზარში ვყიდდით ყველს, მატყლს, ყოველგვარ ფრინველს. როდესაც ცხოვრება ქართველებთან შეუძლებელი შეიქმნა… გავემგზავრეთ (ჩრდილოეთ ოსეთში _ ა.თ.) ხელცარიელი, დოკუმენტებიც დავკარგე.

ჩამოსვლისთანავე მივხვდი, რომ დიდხანს ვერ გავატანდი. საქმე ისაა, რომ ვცხოვრობდით ტურბაზაში სხვის კუთხეში. ასთმით ვარ დაავადებული. ყველაზე შესაფერი ადგილი ჩემთვის დედამიწის ზურგზე მშობლიური სოფელი მიტარბია, სადაც თავს ვგრძნობდი ადამიანად. დავთანხმდი უკან დაბრუნებაზე, რომ ერთხელ კიდევ მესუნთქა მშობლიური ჰაერი. მართალი გითხრათ, ვფიქრობდი ბარემ დამებრუნებინა ჩემი სახლი და გამეფორმებინა იგი ქალიშვილზე, ხოლო შემდეგ უკან ჩამოვსულიყავი და აქ დამესრულებინა სიცოცხლის დარჩენილი დღეები.

ზენთა ბესტაევამ ჩვენ ჩაგვიყვანა მიტარბში, იქ კი გვიცდიდა  მ. სააკაშვილი ჟურნალისტებთან ერთად, წარმოთქვა სიტყვა. ჩემს სახლში ცხოვრობდა ვიღაც ქართველი, იგი მაშინვე გამოასახლეს, ბინა მთლიანად გაარემონტეს. მაშინვე მივიღე პასპორტი და სააკაშვილის ბრძანებით, როგორც გამონაკლისი, საქართველოს მოქალაქეობა. დაგვპირდნენ 5 ათას დოლარსაც, მაგრამ მივიღე 4 ათასი ლარი (ორი ათასი დოლარი), ისიც ერთ თვეში. მოგვცეს ყველაზე აუცილებელი ავეჯი, ძროხა ხბოთი. სოფელში ამ დროს სინათლე იყო… ვცდილობდი სახლის გაყიდვასაც და დავრჩი იქ დეკემბრამდე. სინათლეს აღარ გვაძლევდნენ, ზამთარში გზა არ არის. ცხოვრება იქ ამჟამად ძალიან ძნელია. დავბრუნდი უკან, სახლში დავტოვე ნათესავი. გამოვიზამთრე აქ, ისევ დაიწყო ძალიან დიდი სიცხეები და ისევ მომინდა მიტარბში წასვლა, რათა დამესვენა ჩემი დაავადებისაგან და მომენახულებინა სახლი. მაგრამ პასპორტი დამეკარგა ჯერ კიდევ 1991 წელს. გასულ წელს საზღვარი გადავლახე ლტოლვილის მოწმობით, ახლა იგი ჩამომართვეს, ხოლო ქართული პასპორტით საზღვარზე უკვე არ გამიშვებენ”1.

წერილიდან ნათლად ჩაის, რომ ი. კუმარიტოვი საქართველოს ბორჯომის რაიონის სოფელ მიტარბში ცხოვრობდა საკმაოდ შეძლებულად და თავს გრძნობდა ადამიანად. აუცილებლად უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ კომუნისტური მმართველობის პერიოდში ოჯახი, რომელსაც ყავდა 11 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 25-წვრილი, მრავალი ფრინველი და ღორი, ითვლებოდა უმდიდრეს ოჯახად. ი. კუმარიტოვს ჰქონდა საკმაოდ დიდი ხის სახლი (ბორჯომის რაიონის სოფლებში ტრადიციულად ხის სახლებია გავრცელებული), მაგრამ იგი კიდევ უფრო დიდი სახლის აშენებას აპირებდა და ამისათვის მას საშენი მასალებიც შეძენილი ჰქონდა. ეს არ იყო ერთეული შემთხვევა. საქართველოში ოსები, მართლაც, შეძლებულად, შეიძლება ითქვას, ყველაზე კარგად ცხოვრობდნენ და ამის დამამტკიცებელ შესაბამის ობიექტურ, ოფიციალური მონაცემებსაც ქვემოთ მოვიყვანთ. ამიტომ სრულიად ალოგიკურია დ. მედოევისა და სხვათა დაჩივლება იმის შესახებ, რომ ოსების სოციალური მდგომარეობა საქართველოში მძიმე იყო. სწორედ საქართველოში ი. კუმარიტოვი “თავს გრძმობდა ადამიანად”. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ ი. კუმარიტოვის წერილში, რომელიც ქართველების საწინააღმდეგოდ მოყავთ წიგნის ავტორებს, როგორც ჩანს, ეს ადგილი გაეპარათ, ასე ვთქვათ, მაინც გაჟონა სიმართლემ. ამასთან, როდესაც ოსი სეპარატისტების მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის შედეგად ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობები გართულდა, ოსები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საქართველოს რაიონებში, მაშინ როდესაც თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ქართველის ჩასვლა შეუძლებელი იყო, ქართველს იქ ჩასვლა შეიძლება სიცოცხლის ფასად დაჯდომოდა. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებასაც, რომ საქართველოს პრეზიდენტის პროგრამა ითვალისწინებს ოსების უკან, საქართველოში დაბრუნებას და მათთვის შესაბამისი საცხოვრებელი პირობების შექმნას და არა მათ მიერ ფულის კეთებას, სახელმწიფოს მიერ მოწყობილი სახლკარის გაყიდვას. უკან დაბრუნებულ ი. კუმარიტოვს, როგორც თვითონვე აღნიშნავს, ყველაფერი გაუკეთეს სოფელ მიტარბში ცხოვრებისათვის. როდესაც ქვეყანა ეკონომიკურად მოძლიერდება, შეიძლება კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ოსებსაც და ქართველებსაც ყველაფერი აუნაზღაურონ, მანამდე კი, გარდამავალ პერიოდში, უშუქობა, უგზოობა და ძნელი ცხოვრება აწუხებს მთელ საქართველოს და არა მარტო ოსებით დასახლებულ სოფელ მიტარბის მოსახლეობას.

ი. კოჩიევა და ა. მარგიევი ასე ცალმხრივად, უაღრესად ტენდენციურად აშუქებენ მოვლენებსა და პროცესებს. ისინი დუმან იმის შესახებ, რომ დაპირისპირება და კონფლიქტი ქართველებსა და ოსებს შორის გამოიწვია რუსეთის იმპერიული ძალებისა და ოთხი უდანაშაულო ქართველის ჩაცხრილვამ და, რაც მთავარია, რუსების კარნახით სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმებამ, საქართველოს შუაგულში თვითნებურად სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გამოცხადებამ,  რაც ფაქტობრივად საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაშლის ტოლფასია. სწორედ ამიტომ იმპერიული ჟინით შეპყრობილი რუსეთის რეაქციული ძალები, ოსი სეპარატისტები ცდილობენ არაერთი ამაზრზენი დანაშაულის ჩადენის დაფარვას, სიმართლის მიჩქმალვას, თავიანთი მზაკვრული გეგმების შენიღბვას. ამავე დროს მათ მიერ ქართველი მოსახლეობის ძარცვა-გლეჯის, დატყვევების, აბუჩად აგდების, დახოცვის, არაადამიანური, შუასაუკუნეობრივი მეთოდებით წამების უამრავი შემზარავი დოკუმენტი არსებობს. ჯერ კიდევ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნამდე ქართული სოფლების მოსახლეობა იძულებულია ერთობლივი განცხადებით (1921 წლის 25 აპრილი) მიმართოს ხელისუფლებას: “… გვაქვს მეტად ცუდი მდგომარეობა. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ლტოლვილებად, ვართ ჩვენს სახლებს მოწყვეტილნი, ოსების შემოსვლის შემდეგ, გვიხდება 3 თვე, რაც გამოქცეული ვართ სახლებიდან. ცხინვალში დაგვიწვეს 78-80 სახლი და რაც გადარჩა საქონელი და ავეჯი და ჭირნახული, წაიღეს ჯავის რაიონისაკენ… როცა ვთხოვეთ, ცემითა და მუქარით გვიპასუხებენ. ამ დროს ამოხოცეს 32 კაცი, მათში ზოგი დაწვეს და ზოგიც ცემით დახოცეს, გააუპატიურეს ქალები, დიდები, პატარები…” [79] ქართული სოფლების მოსახლეობა ქალაქ ცხინვალისა და ქართული სოფლების სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისათვის გადაცემის სასტიკი წინააღმდეგი იყო. ამ მიზნით ქართული სოფლების წარმომადგენელთა არა ერთი და ორი კრება გაიმართა. ერთ-ერთი ასეთი კრების ოქმში, რომელსაც 230 კაცი აწერდა ხელს, აღნიშნულია: “კრებამ ერთხმად, კატეგორიულად პროტესტი განაცხადა ქ. ცხინვალისა და მისი რაიონის სამხრეთ ოსეთზე გადაცემის შესახებ… ქ. ცხინვალი ითვლებოდა და ითვლება კიდეც, როგორც გეოგრაფიული მდებარეობით, აგრეთვე მის გარსშემორტყმული ქართველებით გასახლებული სოფლებით, ქართლის შუაგულ კუთხედ. ამისათვის განმეორებით დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ მუშურ-გლეხური მთავრობა ანგარიშს გაუწევს ხალხის სამართლიან მოთხოვნილებას და მოსალოდნელ ჩვენ და ოსებს შორის ეროვნული შუღლის თავიდან ასაცილებლად ქ. ცხინვალს თავისი რაიონით დასტოვებს სს რესპუბლიკის მართვა-გამგეობის ფარგლებში”. [80] ოსების თარეშის გამო ქართული სოფლების მცხოვრებნი აცხადებდნენ (1921 წლის 25 დეკემბერი): “როდემდის უნდა ვიყოთ მოქცეულნი ოსეთის ფარგლებში …მთავრობამ მაშინ მოგვცეს ბინა და გადაგვასახლოს შორს სადმე, რომ ჩვენს თვალსა და ყურს ვერ მოსწვდებოდეს ჩვენი ადგილების კვნესა და არ ატირებდნენ ჩვენ ძველად განთქმულ გულგმირულ ჩვეულებას”. [81] ასეთი საარქივო მასალების მოტანა უხვად შეიძლება როგორც ადრინდელი ისე თანამედროვე პერიოდის მოვლენების შესახებ, მაგრამ უმჯობესია ი.კოჩიევასა და ა.მარგიევის მიერ მსგავსი წიგნების წერის ნაცვლად, რომლებიც კიდევ უფრო აღვივებენ და ძაბავენ ურთიერთობებს ქართველებსა და ოსებს შორის, მათი მშვიდობიანი თანარსებობის გზებსა და საშუალებებზე ვიფიქროთ.

 

გაგრძელება

ცალმხრივად დანახული მოვლენები და “დაჩაგრული” ოსები

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s