Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ლევან სეფისკვერაძე – საიდან უნდა ველოდოთ საფრთხეს სამაჩაბლოში

ლევან სეფისკვერაძე

საიდან უნდა ველოდოთ საფრთხეს სამაჩაბლოში

რამდენად დაცულია სამაჩაბლოს ქართული სოფლები სეპარატისტული აგრესიისაგან და რომელი ოსური სოფლებიდან უნდა ველოდოთ საფრთხეს? ამ მეტად აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, გთავაზობთ დღეისათვის შექმნილი სიტუაციის დეტალურ მიმოხილვას.
სამაჩაბლოს კონფლიქტში მოვლენების შესაძლო განვითარების პროგნოზი რუსული ფაქტორის გარეშე შეუძლებელია. მოვლენების განვითარების შესაბამისად, რუსეთმა უკვე დაუფარავად გამოხატა თავისი პოლიტიკური ინტერესები საქართველოს ამ რეგიონის მიმართ. საქართველოსთვის ძალზედ არასახარბიელოა, რომ რეგიონში სამშვიდობო მისიას სწორედ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი რუსული გენერალიტეტი ასრულებს და მინიჭებული მანდატის ფარგლებში პრაქტიკულად, მოვლენების საკუთარი სცენარით განვითარებას უზრუნველყოფს.

როგორც ცნობილია, ფრისსა და ერედვს შორის გამავალი ახალი გზის გადაკეტვით რუსეთმა კონფლიქტის ზონა, ფაქტობრივად ორ ნაწილად გახლიჩა. საფრთხე ყველაზე მეტად შეიძლება დიდი ლიახვის ზემო წელში მდებარე ათამდე ქართულ დასახლებას დაემუქროს. დიდი შანსია, რომ ჯავის რაიონიდან (რომლებიც მთლიანად ოსური კონტროლის ქვეშაა), ქემეთზე, კეხვზე, ძარწენზე და დიდი ლიახვის ხეობის სხვა სოფლებზე აგრესია განხორციელდეს.

აღნიშნული ქართული სოფლების ჩრდილოეთით მდებარე ოსური დასახლებებიდან პირველი სოფელია დიდი გუფთა, რომელშიც სეპარატისული ძალების ერთ-ერთი მთავარი ბაზაა შექმნილი. დიდ გუფთას თავის მხრივ ზურგში განლაგებულნი არიან საკმაოდ მოზრდილი ოსური სოფლები: ბუზალა, ჩიმასი, წრუ და რაც მთავარია, თვითონ რაიონული ცენტრი ჯავა, რომელსაც ძირითადად სარეზერვო ძალები ამაგრებენ და რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, დიდ გუფთასთან წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვებიან.

დიდი გუფთის დაკარგვის შემთხვევაში კი, სეპარატისტების მიერ უკან დახევის ორგანიზებული განხორციელებას და უახლოეს სოფელში საიმედოდ გამაგრებას უზრუნველყოფენ.

ყველა ეს ოსური სოფელი მდინარე გუდისწყლის ხეობაში მდებარეობს და მთიანი რელიეფის გამო ბუნებრივად გამაგრებულ სტრატეგიულ წერტილებს წარმოადგენს, საიდანაც ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი პარტიზანული ბრძოლის სრული და, რაც მთავარია, შედეგიანი კორდინაცია. პარტიზანული ბრძოლის ეფექტიანობას ჯავის რაიონის თითქმის მთელ ტერიტორიაზე გაშლილი ტყეებიც იძლევა.

ანალოგიური მდგომარეობაა შექმნილი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქშიც. ცხინვალი უკვე დიდი ხანია, რაც საბრძოლო მდგომარეობაშია. ქართული ძალების მიერ ცხინვალზე განხორციელებული შტურმის შემთხვევაში, შესაძლოა, ამ ქალაქმა საომარი მოქმედებების მთავრი პოლიგონის ფუნქცია დიდხანს ვერ შეინარჩუნოს. ცხინვალის დაკარგვა სეპარატისტებისთვის სერიოზული დარტყმა კი იქნება, მაგრამ ომი ამით არ დამთავრდება.

ოსები აუცილებლად იზრუნებენ იმაზე, რომ ცხინვალის დაკარგვით მათი სამხედრო ძალა წელში არ გატყდეს და მის შესანარჩუნებლად დედაქალაქსაც შეელევიან.

დღესდღეისობით ცხინვალის გამაგრებისთვის მათ მიერ შერჩეული ტაქტიკა იმაზე მიუთითებს, რომ პოზიციური ბრძოლების დამთავრების შემდეგ ბოევიკებისაგან ქალაქის გაწმენდა იოლი არ იქნება და დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ ცხინვალი ჯავისკენ მიმართული ქართული ძალებისთვის საიმედოდ გამაგრებული ზურგი გახდეს.

თუ ცხინვალში ქართული საჯარისო შენაერთები შევიდა, ქალაქის სამხრეთით მდებარე ქართული სოფლები – ნიქოზი, ხვითი და სხვა, პრაქტიკულად, ფრონტს ჩამოშორდება, ზურგის ფუნქიას დაკარგავს და მთავარი დასაყრდენი ოსი პარტიზანებით სავსე ცხინვალში გადაინაცვლებს.

ცხინვალის დათმობა და პოზიციური ბრძოლების ჩრდილოეთისკენ გადანცვლება სეპარატისტებს შესაძლებლობას მისცემს, პარტიზანული ომის ფრონტის გაშლასთან ერთად თავისი ძალები ქართული სოფლებისკენ მიმართონ.

რთული წარმოსადგენია, რომ ოსებმა თავისი სტრატეგიულად მოსახერხებელი მომენტი ხელიდან გაუშვან და ცხინვალი ისე დათმონ, რომ ალყაში მოქცეულ ქართულ სოფლებზე აგრესია არ განახორციელონ.

ქართველების მიერ ცხინვალზე განხორციელებული შეტევის პარალელურად, ცხინვალის ჩრდილოეთით მეორე ფრონტი გაიხსნას და თამარაშენი, კეხვი, ქემერტი და ალყაში მოქცეული სხვა ქართული სოფლები უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

ცხინვალის აღმოსავლეთით მდებარე სოფელი ფრისი კოკითის შეიარაღებული ძალების მიერ პრაქტიკულად სათავდაცვო ნაგებობად არის გადაქცეული. ეს სოფელი, ერთის მხრივ, ცხინვალს იცავს, მეორეს მხრივ კი, დიდი და პატარა ლიახვის ხეობის ქართული სოფლების ერთმანეთთან დამაკავშირებელ საჯილდაო ქვად გადაქცეულ ერედვი-ხეითის გზას აკონტროლებს. სოფელ ფრისის მთაზე მე-12 საუკუნის ქართულ ციხეში განლაგებულია ოსი სეპარატისტების არტილერიის დიდი ნაწილი. სწორედ ეს ციხე მოუსპობს ქართულ ძალებს წინ წაწევის საშუალებას.

რაც შეეხება პატარა ლიახვის ხეობის მაღალმთიან ქართულ სოფლებს, მათ საფრთხე ყველაზე მეტად სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად უმნიშვნელოვანეს დასახლებიდან, სოფელ ზონკარიდან შეიძლება დაემუქროს. როგორც ცნობილია, ცხინვალსა და დიდ გუფთასთან ერთად, ამ სოფელში არის თავმოყრილი ოსური შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი. სოფელ ზონკარს რუსული სამხედრო ბაზაც უმაგრებს ზურგს.

ზონკარიდან სამხრეთის მიმართულებით, გაყოლებაზე, ყურადღების მიღმა დარჩენილი რამდენიმე მოზრდილი ოსური დასახლებაა: ბენდერი, ზემო გორეთი, ქოლოთი, ქვემო ბოყარი. ამ სოფლების ნაწილი ახალგორის რაიონის შემადგენლობაშია (ახალგორი დღეს მთლიანად ქართული მხარის კონტროლის ქვეშაა).

ამ სოფლების მყუდროების დარღვევისთვის კოკოითს დიდ ძალისხმევა დასჭირდება. მას ან ერედვის ფრონტის გარღვევა მოუწევს, ან ძალების დაქსაქსვა და ჯავის მხრიდან ზონკარის გავლით აღმოსავლეთისკენ გადასროლა, რაც მის სტრატეგიაში უთუოდ დისონანსს შეიტანს. ამდენად, ახალგორის რაიონის კონფლიქტის ზონასთან ახლომდებარე სოფლებში მდგომარეობის გამწვავებას არც ქართველები ელიან.

ახლა განვიხილოთ ცხინვალის დასავლეთით მდებარე ოსური სოფლებიდან მომავალი საფრთხე. ყორნისის (ზნაურის) რაიონის ოსური სოფლები განაწილებულია როგორც მდინარე აღმოსავლეთ ფრონის, ასევე დიდი ლიახვის მარცხენა სანაპიროზე. ხეთაგუროვო, ავნევი (არ აგერიოთ ქართულ სოფელ ავლევში, რომელიც ზნაურის რაიონში მდებარე ორად-ორი ქართული სოფლიდან – ერთ-ერთია), თორმანეული, ძაღინა და თიღვა ქარელისა და ცხინვალს შორის მდებარეობს.

კონფლიქტის გამწვავების პირველ ეტაპზე იარაღი სწორედ ამ სოფლებში დარიგდა. აქ, 1991-92 წლების ომის მსგავსად, დიდი საფრთხეა იმისა, რომ კონფლიქტში ქარელის რაიონის სოფლებიც აღმოჩნდეს ჩათრეული.

აღნიშნულ სოფლებს ცხინვალის სამხრეთ-დასავლეთი მხრიდან დაახლოებით 80-კილომეტრიან პერიმეტრზე რკალში აქცევს ფრონის ხეობის ქართული სოფლები. თუკი სამაჩაბლოში სიტუაცია დაიძაბა, ფაქტიურად, შიდა ქართლის სამი რაიონის – გორის, ახალგორის და ქარელის მრავალი სოფელი სახიფათო ზონაში აღმოჩნდება.

განსაკუთრებული საფრთხე დაემუქრება ქარელის რაიონის სოფლებს – კნოლევსა და ცერონისს, რადგანაც ისინი სამხრეთის მხრიდან უშუალოდ ჯავის რაიონს ესაზღვრებიან და სამაჩაბლოს პირველი კონფლიქტის დროსაც ქართველების ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდნენ. ოსებმა მაშინ სწორედ ამ სოფლების მოსახლეობა აწამეს.

ასე რომ, ოსურ-რუსული საფრთხე თანაბრად ემუქრება შიდა ქართლის ერთბაშად რამდენიმე რაიონს. იმედია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ფაქტორს გაითვალისწინებს და სათანადო ზომებსაც მიიღებს.

22.11.2007
presa.ge

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s