Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ პრორუსული ხელისუფლება ნიღაბს იხსნის

პრორუსული ხელისუფლება ნიღაბს იხსნის

ეროვნულ პარტიათა ალიანსის განცხადება

 

რუსეთის გეგმაზომიერი შემოტევა საქართველოზე, რომელშიც მას ეხმარება ჩვენი ქვეყნის ფარულად რუსეთის ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება, შეფერხებულია დასავლეთ სახელმწიფოთა წინააღმდეგობის გამო, მაგრამ გრძელდება. დღეს ამ შემოტევის ძირითადი მიზანია საქართველოსაგან მიიღოს აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” “დამოუკიდებლობის” აღიარება შენიღბული სახით _ შექმნას “სახელშეკრულებო სახელმწიფო”, ანუ კონფედერაცია საქართველოს, აფხაზეთის და “სამხრეთ ოსეთის”, როგორც დამოუკიდებელი საერთაშორისო-სამართლებრივი სუბიექტების, მონაწილეობით, ანუ ისეთი სახელმწიფო, რომელიც ავტომატურად იშლება, როგორც კი ერთი მონაწილე სუბიექტი გამოთქვამს ასეთ სურვილს. საქართველოს ურყევ პოზიციას ამ გეგმის წინააღმდეგ არ გამოთქვამს არც ხელისუფლება (რომელიც რუსეთს ემსახურება), არც ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც დაფინანსება აქვს და ტელეეკრანზე ჩანს. მაგრამ საქართველოსა და მისი საზოგადოებრიობის პოზიციის გამოთქმა _ რომ საქართველოსთვის ეს გეგმა მიუღებელია _ აუცილებელია. საქართველოს ეროვნულ პარტიათა ალიანსი უმოკლეს ხანში განაცხადებს თავის პრინციპულ პოზიციას მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე, რათა ცნობილი იყოს ყველასთვის, რომ საქართველო ბრმა არ არის და ამ შეგნებულ თვითმკვლელობაზე არ წავა.

განცხადების სავარაუდო ტექსტს ვაქვეყნებთ წინდაწინ, რათა საზოგადოებას შეეძლოს თავისი მოსაზრებების გამოთქმა მასში გამოხატული პოზიციის ან ამ უკანასკნელის დასაბუთების სრულყოფის მიზნით.

 

თბილისის მერმა უგულავამ, რომელიც სააკაშვილის გუნდის წევრია, ჟურნალისტს განუცხადა, რომ საქართველო შესაძლებელია დასთანხმდეს ხელის აღებას სათავდაცვო ორიენტაციაზე დასავლეთისკენ, კერძოდ _ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებისკენ მისწრაფებაზე, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაიყვანს თავის შეიარაღებულ ძალებს საქართველოს ტერიტორიიდან, ანუ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. ეს განცხადება, რომელიც ვერ გაკეთდებოდა ამ გუნდის ლიდერის _ სააკაშვილის ნების გარეშე, ჩვენ მიგვაჩნია საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ სვლად, რაც, ჩვენის აზრით, მეტყველებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მორიგი პოლიტიკური და იურიდიული ოპერაციის დაწყების მცდელობას, ჯერჯერობით _ მისი დემაგოგიური იდეოლოგიური მომზადების სახით.

აღნიშნული განცხადების საშუალებით მინიშნებული განზრახვა ჩვენთვის მიუღებელია შემდეგ გარემოებათა გამო.

1. არც უგულავა, არც სააკაშვილი არ არიან ის ადამიანები, რომელთა მხრიდანაც შესაძლებელია რაიმე დიპლომატიური ან სხვა სახის პოლიტიკური ოპერაციის წარმოება რუსეთის აგრესიისაგან საქართველოს დაცვის მიმართულებით. სააკაშვილი, პრაქტიკულად, მხილებულია რუსეთისადმი პირდაპირ აგენტურულ სამსახურში, რომლის ერთერთი უკანასკნელი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეპიზოდია 2008 წლის აგვისტოს რუსულ-ქართული ომი. ეს ომი დაიწყო რუსეთმა ჯერ საქართველოს მოსახლეობის სისტემატური საარტილერიო დაბომბვით, რომელზეც სააკაშვილს ოფიციალური პროტესტი არ გამოუთქვამს და რომლის ფაქტი მას ოფიციალურად არ დაუფიქსირებია მსოფლიოს საზოგადოებისა, საერთაშორისო სასამართლოსა და საერთაშორისო ურთიერთობების პრობლემათა დამრეგულირებელი კომპეტენტური ორგანიზაციების, პირველ ყოვლისა _ გაეროს წინაშე, ისევე, როგორც არ გაუუქმებია რუსეთის “სამშვიდობო” მანდატი ცხინვალის რეგიონში მიუხედავად იმისა, რომ რუსი “მემშვიდობეები” აქტიურ დახმარებას უწევდნენ ოს სეპარატისტებს ქართული სოფლების დაბომბვაში და არანაირად არ ასრულებდნენ სამშვიდობო ამოცანებს. შემდეგ სააკაშვილმა ოფიციალური რეაგირების გარეშე დატოვა რუსული შეიარაღებული ძალების (58-ე არმიის) მანევრი, რომელმაც 6 და 7 აგვისტოს შემოიყვანა თავისი ნაწილები საქართველოს ტერიტორიაზე, დაიკავა საკვანძო პოზიციები და მათზე მოახდინა ძალების კონცენტრაცია, რითაც ომი მოიგო უკვე 7 აგვისტოს დღის ბოლოსათვის. სააკაშვილმა კი, _ საქართველოს მოქმედმა, თუმცა ხელისუფლებაში ტოტალური გაყალბების გზით მყოფმა პრეზიდენტმა, _ რუსეთის სასარგებლოდ ისიმულანტა ომის დაწყება: მან ღამით 23 საათსა და 35 წუთზე გაცემული ბრძანებით საომარი მდგომარეობა დააფიქსირა და ცეცხლის გახსნა ბრძანა ისეთი ობიექტისაკენ, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით ინტერესს არ წარმოადგენდა, საპროპაგანდო ომის თვალსაზრისით კი მნიშვნელოვანი იყო _ მოსახლეობისაგან დაცლილ ქალაქ ცხინვალისკენ. ანუ, როგორც არაერთხელ აღინიშნა ქართულ პრესაში, სააკაშვილმა გაისროლა მაშინ, როცა რუსმა უბრძანა, იმ მიმართულებით, რომლითაც რუსმა უბრძანა, და იმ ტიპის ჭურვით, რომლითაც რუსმა უბრძანა. რაც მთავარია, ეს ქმედებები მან მოახდინა მას შემდეგ, რაც რუსეთს უკვე მოგებული ჰქონდა ეს ომი ზემოხსენებული მანევრის საშუალებით. ხსენებული განცხადების ავტორი, სააკაშვილის გუნდის წევრი უგულავა მონაწილეობდა კიდეც ამ ომში კანონსაწინააღმდეგო წესით, სახელდობრ, იგი, თუმცა სამოქალაქო პირი იყო, ერეოდა სარდლობის მოქმედებაში, რისი ფაქტიც, სხვათა შორის, მოწმობს, რომ სააკაშვილისთვის ამ ომში მთავარი იყო შეიარაღებულ ძალთა მოქმედების არა საბრძოლო მხარე, არამედ პოლიტიკური, რის გამოც მას ომის თეატრზე სჭირდებოდა არა სამხედრო პირი, არამედ თავისი პოლიტიკური გუნდის წევრი და მისი ზემოხსენებული მოღალატური ოპერაციის შეგნებული მონაწილე.

სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური გუნდის თანმიმდევრული აგენტურული მოქმედება რუსეთის სასარგებლოდ დასტურდება მათი პოლიტიკის მთლიანი მიმართულებითაც, რომლის გამჭოლი მიზანი ხასიათდება შემდეგი ფორმულირებით (აგრეთვე არაერთხელ გამოქვეყნებულით ქართულ პრესაში): ამ გუნდის პოლიტიკა მდგომარეობს საქართველოს ყოველმხრივ ნგრევაში რუსეთის განკარგულებით, მაგრამ “დასავლური ღირებულებების” სახელით, რასაც თავის ერთ-ერთ, უდავოდ წინასწარ გათვლილ  შედეგად უნდა მოჰყვეს დასავლეთის _ უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატების _ თანდათანობითი დისკრედიტაცია მოსახლეობის ფართო მასის თვალში. ეს სახელმწიფოს მიმართ დივერსიული ქმედებებია, წარმოების ხელოვნური მოშლა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების რუსებისათვის მიყიდვა (პირველ ყოვლისა _ ენერგეტიკულის), ემიგრაციის სტიმულირება, იმიგრაციის ხელშეუშლელობა, განათლების სისტემისა და მეცნიერების დანგრევა (მოსწავლეთა კონტინგენტის და უმაღლეს სასწავლებლებში პროფილთა სპექტრის მკვეთრი შემცირება), კორუფციის ჩუმი სტიმულირება და მასში მონაწილეობა, სახელმწიფოს სამართლიანობის პრინციპთა მიზანმიმართული ხელყოფა და მრავალი სხვა (ამ პოლიტიკის ხსენებული ძირითადი პრინციპები _ საქართველოს ნგრევა რუსეთის ბრძანებით, მაგრამ დასავლეთის სახელით, სამართლიანობის მიზანმიმართული საბოტირება და მოსახლეობის ემიგრაციის სტიმულირება _ სააკაშვილის გუნდს მემკვიდრეობით აქვს მიღებული შევარდნაძის ადმინისტრაციისაგან).

თქმული, ჩვენის აზრით, საკმარისია იმ დასკვნისათვის, რომ ამავე შემადგენლობის ხელისუფლება თავის ყველა მკვეთრ პოლიტიკურ ნაბიჯში, მათ შორის იმაშიც, რომელსაც ახლა, როგორც ჩანს, გეგმავს (რის გამოც წინასწარ სინჯავს საზოგადოების რეაქციას), ორიენტირებული იქნება რუსეთის ინტერესებზე ქართულის წინააღმდეგ;

2. უგულავას განცხადებაში არაადექვატურად არის ჩამოყალიბებული ის საზღაური კრემლის მხრიდან, რომელიც, ავტორის აზრით, ამ უკანასკნელმა უნდა გადაუხადოს საქართველოს იმის სანაცვლოდ, რომ საქართველომ ხელი აიღოს დასავლურ ორიენტაციაზე. ეს საზღაური, უგულავას განცხადების თანახმად, ამოიწურება იმით, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი შეიარაღებუ;ლი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, მაგრამ არ არის ნათქვამი, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს თავის მიერ საქართველოს ნაწილების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, რუსების მიერ “სამხრეთ ოსეთად” მონათლულის, _ “დამოუკიდებლობის” ცნობა. ეს გარემოება ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ უგულავას და მისი პირით მოლაპარაკე სააკაშვილს განზრახული აქვთ დათანხმება რუსეთის მიერ ჩუმად ლობირებულ გეგმაზე, რომ საქართველოსგან მის, მათი აზრით, უკვე შეკვეცილ საზღვრებში, “დამოუკიდებელი” აფხაზეთისაგან და “დამოუკიდებელი” “სამხრეთ ოსეთისაგან” შეიქმნას ე.წ. სახელშეკრულებო სახელმწიფო, ანუ კონფედერაცია, რომელიც ავტომატურად დაიშლება მაშინათვე, როგორც კი ერთი მონაწილე უარს იტყვის მასში მონაწილეობაზე. ამ გეგმის მთავარი მახასიათებელი, არსებული კონტექსტის მიხედვით, არის ის, რომ

_ იგი გულისხმობს თავის ლოგიკურ პირობად საქართველოს მიერ ხსენებული ორი ერთეულის “დამოუკიდებლობის” ცნობას, რასაც რუსეთმა ვერ მიაღწია და, მსოფლიოს ფაქტობრივად ერთსულოვანი პოზიციის მიხედვით, რომელიც დღეს არსებობს, ვერც ოდესმე მიაღწევს

_ იგი ნიშნავს რუსეთის გამოსვლას იმ ჩიხიდან, რომელიც მას შეექმნა, როგორც აგრესორს საქართველოს მიმართ.

_ იგი ნიშნავს რუსეთისთვის “საიმედო პარტნერისა” და “მფარველის” სახელის აღდგენას მის მიერ ორგანიზებადი და მართვადი ნებისმიერი სხვა სეპარატისტული მოძრაობის თვალში, რომლის გამოყენებასაც იგი სამომავლოდ გეგმავს ან დაგეგმავს ამა თუ იმ სუვერენულ სახელმწიფოში შეჭრის ან მასზე კონტროლის მოპოვების მიზნით.

_ იგი ნიშნავს რუსეთის რეალური სტრატეგიული და პოლიტიკური პოზიციების შენარჩუნებას კავკასიონიდან სამხრეთით მდებარე ტერიტორიებზე, რომელთა სეპარატისტ პოლიტიკოსებსაც მან დახმარება გაუწია მათი მიზნების განხორციელებაში.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რომ ფარულად სწორედ ამგვარი “დარეგულირების”  მომხრეა და რუსეთის სწორედ ამგვარი დავალების შემსრულებელია, ამის მოწმობაა ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ განუცხადებია პროტესტი და, საერთოდ, არანაირი კრიტიკული დამოკიდებულება არ გამოუვლენია ბოდენის გეგმის მიმართ, რომელიც, ძირითად ხაზებში, აფხაზეთში მიმდინარე თითქოსდა ქართულ-აფხაზური, სინამდვილეში კი რუსულ-ქართული კონფლიქტის “დარეგულირებას” ეხება, მიუხედავად იმისა, რომ მის ხელთ იყო და არის საკმარისი არგუმენტები ამ გეგმის სრული მიუღებლობისა (მთავარი არგუმენტია ის, რომ ბოდენის გეგმა უსამართლოა: აფხაზეთი არ არის საქართველოს მიერ ოდესმე დაკავებული ტერიტორია. მის შესვლას საქართველოს შემადგენლობაში ისტორიაში თარიღი არა აქვს, ხოლო დღეს აფხაზებად წოდებული მოსახლეობის შემოსვლას ამ ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან, კავკასიონის გადაღმიდან, თარიღი აქვს. ესაა XVII საუკუნე, როცა აფსუა ხალხი დასახლდა “აფხაზეთად” წოდებულ ქართულ პროვინციაში, რის გამოც მას ჯერ ქართულად, ხოლო შემდეგ, შესაბამისად, ყველა სხვა ენაზეც, გარდა საკუთარისა “აფხაზები” დაერქვა. ამიტომაც არანაირი ანალოგია დღეს რუსულ-ჩეჩნურსა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთმიმართებებს შორის არ არსებობს: თარიღი, როცა ჩეჩნები დასახლდნენ თავის დღევანდელ ტერიტორიაზე, ისტორიაში არ არსებობს, ხოლო თარიღი, როცა ეს ტერიტორია შევიდა, დაპყრობის შედეგად, რუსეთის შემადგენლობაში, არსებობს: ესაა XVII-XVIII-XIX საუკუნეები). უტყუარი საბუთი ბოდენის გეგმის საწინააღმდეგოდ არის ის, რომ, თუ პრეცედენტად დაკანონდება, რომ დემოგრაფიული დინამიკა ნებისმიერი სახელმწიფოს ამა თუ იმ ტერიტორიაზე განსაზღვრავდეს მოცემული ტერიტორიის იურიდიულსა და პოლიტიკურ სტატუსს (როგორც “სამხრეთ ოსეთი” რუსმა დამპყრობლებმა გამოიგონეს და შექმნეს მხოლოდ იმ მოტივით, რომ საქართველოს ოთხ პარალელურ ხეობაში ოსურმა მოსახლეობამ გადააჭარბა ქართულს რუსეთისავე აქტიური ხელოვნური შემოსახლებების შედეგად), ეს იქნება რეალური სტიმულირება ყველა ეთნიკური ჯგუფის პანიკური შიშისა ყველა სხვა ჯგუფის დემოგრაფიული კეთილდღეობის წინაშე. მაშასადამე, ეთნიკური წმენდისა და მისი ძირითადი იარაღის, გენოციდის სტიმულირებაც მთელს მსოფლიოში ევროპის ჩათვლით. საქართველოს დღევანდელი რუსეთის სამსახურში მდგომი ხელისუფლების მხარდაჭერას ამ პროექტისადმი არაპირდაპირ, მაგრამ ცალსახად მოწმობს ისიც, რომ იმ ოთხიდან (ცაგარეიშვილი, კუბლაშვილი, ბაქრაძე, ხაინდრავა) _ რომელნიც დასთანხმდნენ ამ ანტისახელმწიფოებრივი პროექტის იგივეობრივი, თითქოს ქართული პროექტის ხელმოწერაზე თავისი ქართული გვარებით, ორი, _ კუბლაშვილი და ბაქრაძე _ ხელისუფლებმა თავისი უმჭიდროეს პოლიტიკურ ჯგუფში აიყვანეს და უმაღლესი თანამდებობებით დააჯილდოვეს.

3. თემისათვის, რომელსაც განცხადება ეხება, ანუ ქართულ-რუსული ურთიერთობების შემდგომი ევოლუციის მოსალოდნელი ან სასურველი მიმართულების განსაზღვრისათვის, არსებითია მოწინააღმდეგის, ანუ რუსეთის პოლიტიკის გამჭოლ მიზანთა, კონკრეტულ ტაქტიკურ მოტივთა და პროპაგანდისათვის მომუშავე არგუმენტთა გათვალისწინება. განცხადების ავტორები საქმის ამ მხარეს ან სრულებით არ უფიქრდებიან, ან შეგნებულად ხუჭავენ მასზე თვალს. რუსეთის გრძელვადიანი და სადღეისო ტაქტიკური მიზნები სამხრეთ კავკასიასთან და, კერძოდ, საქართველოსთან მიმართებაში ხილულია: რუსეთის მიზანია დასავლეთს გადაუკეტოს გზა ცენტრალური აზიისკენ, რაც განუყრელადაა დაკავშირებული მისი გეოსტრატეგიის და, კერძოდ, აღმოსავლეთში მსოფლიო პოლიტიკისათვის ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანი სამხედრო და ეკონომიკური ალიანსის შექმნასთან. ამ მიზანზე რუსეთი ხელს ვერ აიღებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში დასავლური დემოკრატია, რომელთან მიმართებაშიც რუსეთი არც ეკონომიკურად, არც კულტურულად კონკურენტუნარიანი არ არის და განჭვრეტად მომავალში ვერ იქნება, შეაღწევს ცენტრალურ აზიაში და კონტინენტის ამ სტრატეგიულად საკვანძო ზონაში რუსეთის როგორც შემტევი, ისე თავისი და თავისი მოკავშირის ალიანსისათვის ვრცელი ტერიტორიის შემოზღუდვაზე დამყარებული “თავდაცვითი” სტრატეგიის გაბატონებას შეუძლებელს გახდის. აზიის ამ გადაკეტვისათვის რუსეთს სჭირდება შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის მდებარე ტერიტორიის ან დაუფლება (და არა მხოლოდ მეტ-ნაკლებად ზერელე გავლენის გავრცელება მასზე), ან სრული გრძელვადიანი პარალიზაცია, როგორც სატრანსპორტო არტერიისა (რაც ხანგრძლივი დროით აგრეთვე ადვილი მისაღწევი არ არის). ამიტომ რუსეთი გარდუვალად შეეცდება, რომ “რაგინდარა დაპირისპირებისა და დათმობისათვის” მზაობის განცხადებათა ფონზე (პირობათა დარღვევა მას, როგორც ცნობილია, ტრადიციად აქვს) საქართველოსთან მიმართებაში რეალურად ორიენტაცია აიღოს მხოლოდ დაკავების სტრატეგიაზე (და არა მოჩვენებითი “მეგობრობისაზე”). თქმულიდან გამომდინარეობს, რომ რუსეთის მხრიდან მის პოლიტიკაში ამიერკავკასიის მიმართ არ იქნება და ვერ იქნება დაცული ვერც ერთი რაგინდარა უხინჯო ფორმალობებით გამაგრებული ხელშეკრულება საქართველოსთან. ეს საშიშროება მით უფრო რეალურია, რომ რუსეთს უკვე აქვს მოპოვებული იურიდიული პლაცდარმი საქართვლოს წინააღმდეგ პროვოკაციისათვის და მასზე ხელახალი შეტევისათვის საბაბის შესაქმნელად. ეს არის სარკოზი-მედვედევის შეთანხმება, რომელიც საქართველოსთვის კაბალურია, რამდენადაც იგი საქართველოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი შეტევის განუხორციელებლობას პირობადებულს ხდის, სახელდობრ, მას ისეთი პირობებით განსაზღვრავს, რომელთა საქართველოს მხრიდან დარღვევის არა მხოლოდ სიმულაცია, არამედ ორგანიზებაც მას ნებისმიერ წამს ძალუძს, რამდენადაც საქართველოს დღეს მისი უსიტყვოდ მორჩილი ხელისუფლება ჰყავს. მეტ-ნაკლებად (მაგრამ მხოლოდ მეტ-ნაკლებად!) საიმედო მასთან შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი ხელშეკრულება (ან ხელშეკრულებები, სადაც მისი ერთგულება განპირობებული იქნება პარტნერის ძალით და არა საერთაშორისო სამართლის პირდაპირი დარღვევის გამო გართულებათა შექმნის რიდით. ნათელია, რომ ასეთი პარტნერის როლში საქართველო ვერ გამოვა.

4. უგულავას (პრაქტიკულად _ სააკაშვილი-უგულავას) ხსენებული განცხადება პირდაპირ და დაუფარავად მიდის საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ, როცა აცხადებს მზაობას, რომ ამა და ამ პირობით დაითმოს საქართველოს ფუნდამენტური ზოგადცივილიზაციური, გეოსტრატეგიული და კულტურული ორიენტაცია დასავლეთზე. ზემოთქმულიდან (იხ. პუნქტი 3) გამომდინარეობს, რომ ერთადერთი პარტნერი, რომელთან ხელშეკრულებასაც შეუძლია რუსეთი შეაკავოს გაშლილი შემოტევისაგან ამიერკავკასიის დასაპყრობად, ანუ ისეთი პარტნერი, რომელსაც რუსეთი ხელშეკრულებას ვერ დაურღვევს ამ უკანასკნელის ძალის რიდით, არის თანამედროვე დემოკრატიული დასავლეთი, პირველ ყოვლისა _ აშშ. დასავლეთი დღეს რუსეთს და მის პოტენციურ დიდსა და მცირე მოკავშირეებს აღემატება არა მხოლოდ სამხედრო პოტენციალით და თოფქვეშ მდგომი ძალით, არამედ ჩვენს რეგიონში თავისი დაინტერესების ხარისხითაც. დასავ;ლეთთან საქართველოს სათავდაცვო კავშირის რეალიზაციის გზა საქართველოსთვის არის ან ნატოში შესვლა ან დასავლეთის დემოკრატიულ სახელმწიფოებთან ორმხრივი სათავდაცვო კავშირების ქონა (პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, ესაა აშშ). ამ კავშირის ვერშეკვრა არის საქართველოს სრულებით დაუცველად დატოვეება რუსეთის არა მითიური “გაღიზიანებით” ან სხვა რამ ამდენადვე ზღაპრული შემთხვევითობით განპირობებული, არამედ ნამდვილი, რუსული იმპერიალიზმისათვის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე აგრესიის წინაშე. განცხადების ავტორი და რეალური ავტორები, ჩვენი აზრით, მსოფლიოს წინაშე სიმულაციას ეწევიან იმისას, რომ ეს გარემოება არ ესმით. ამის უკანასკნელი მაჩვენებელია, ჩვენის აზრით, თვით ამ განცხადების გაკეთების მომენტიც: დღეს რუსეთი მზად არის (ან სიმულანტობს, რომ მზად არის, მაგრამ ამ სიმულაციას ამ შემთხვევაში ნაკლები ალბათობა აქვს, ვიდრე რეალურ განზრახვას), რომ წავიდეს გეოპოლიტიკურ ავანტურაზე და განახორციელოს საქართველოს წინააღმდეგ ღია დარტყმა. ამით _ და სხვა ვერაფრით! _ აიხსნება ის, რომ რუსეთის ერთერთი პირდაპირი აგენტი ნოღაიდელი, რომელსაც ზურგს უკან არავითარი ადგილობრივი ძალა არ ჰყავს (არამედ ფლობს მხოლოდ რუსეთისგან მიღებულ ფულს), ტელეეკრანიდან “ვაჟკაცურად” ემუქრება ხელისუფლების რაგინდარა კორუმპირებულ და რაგინდარა აღვირახსნილ წარმომადგენლებს არა სამართალში მიცემით მომავალში, არამედ ფიზიკური სასჯელით. ეს უნიადაგო “ვაჟკაცობა” ტელეეკრანზე სხვა ვერაფრით იქნება გამოწვეული, გარდა რუსეთის სათანადო ფსიქოლოგიურ სამსახურებში შემუშავებული ინსტრუქციისა “შექმენი შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას იღებ!”, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძლავრი ფაქტორია ჩვენს სახელმწიფოზე რუსული დარტყმისათვის შესაფერისი ფსიქოლოგიური ამინდის შესაქმნელად. ამავე ინსტრუქციაზე მიგვითითებს ნინო ბურჯანაძის მიერ ამ ორიოდე თვის წინ რამდენჯერმე არჩეული შინაარსი მისი გამოსვლებისა (მაგრამ, ნოღაიდელისაგან განსხვავებით _ არა კილო). შემაშფოთებლად საყურადღებოა ისიც, რომ ნოღაიდელის ღია ტექსტზე, რომელიც დანაშაულებრივია, იურიდიულად არ რეაგირებს მისი ვითომ შეტევის ობიექტი _ სააკაშვილის ხელისუფლება, რაც ისევ და ისევ ვერანაირად ვერ აიხსნება იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილიც რუსეთის მიერ ცალსახად მართული არ არის.

5. ჩვენს მოვალეობად ვრაცხთ, საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ უფრო ფართო კონტექსტსაც, რომელიც განაპირობებს დღეს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, რადგან ამ აგრესიას დღეს ვერაფერი სხვა ვერ აღკვეთს და ვერაფერი შეაკავებს რეალური წინააღმდეგობის გარდა. ვგულისხმობთ ყველა სახის წინააღმდეგობას, მაგრამ პირველ რიგში _ დიპლომატიურს, როგორც ამ შემთხვევაში ყველაზე ძლიერს. რეალობა გვეუბნება, რომ მოვლენათა განვითარების დღეს მიმდინარე ბუნებრივ, პრაქტიკულად _ უომარი პროცესის გაგრძელების შემთხვევაში რუსეთი უფრო და უფრო ინტენსიურად და თავისთვის არამომგებიანად _ ჩაერთვება მსოფლიოს ეკონომიკური, პოლიტიკური და სტრატეგიული განვითარების სისტემაში (სისტემაში, რომელშიც, ფაქტია, მაგალითად, ის, რომ არცერთ ბაზარზე რუსული წარმოების ინდივიდუალური კომპიუტერი არ არსებობს), რომელშიც მას, თავისუფალი მეტოექეობის პირობებიდან გამომდინარე, არა აქვს მსოფლიოს მეორე ან მესამე ძალის სტატუსის შენარჩუნების არანაირი პერსპექტივა. ამიტომ რუსეთისთვის დღეს გარდუვალია (და რუსეთის საშუალო მოქალაქის სულისკვეთებაც დღეს სწორედ ამას მოითხოვს საკუთარი ხელისუფლებისგან), რომ აწარმოოს შეზღუდული მასშტაბის მრავალმხრივი შეტევა თავის “ახლო საზღვარგარეთზე” იმ მიზნით, რომ ამა თუ იმ ფორმით დაიკანონოს და დანარჩენი მსოფლიოსგან რეალურად მოზღუდოს ხმელეთის რაც შეიძლება დიდი არეალი, რომელშიც იგი დაცული იქნება დანარჩენი მსოფლიოს მეტოქეობისაგან როგორც განვითარების ტემპისა და ცივილიზაციური დონის მხრივ, ისე ამ სივრცეში მოქცეული ბუნებრივი რესურსების მოპოვებასა და გამოყენებაში მეტოქეობის მხრივ. მოვლენათა ამ მიმართულების განვითარების იმედს რუსეთს სხვა ვერა მისცემს რა,  თუ არა ამ კონკრეტულ არეალში, რომელსაც რუსეთი უმიზნებს, ბუნებრივი რესურსების არაპროპორციულად დიდი კონცენტრაცია, რაც მას, მისი გაგებით, საშუალებას მისცემს ამ უპირატესობის გამოყენებით დიდხანს გააგრძელოს თავისი იმპერიული არსებობა დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით სტაგნაციის პირობებშიც კი (ასეთი მკვებავი რესურსის მაგალითი დღეს რუსული ნავთობი და გაზია), მაგრამ სამაგიეროდ ამ რესურსის დაცულობის მეტ-ნაკლები გარანტიით. მაგრამ რუსეთისათვის შეუძლევბელია არ იყოს ცნობილი, რომ მსოფლისთან ამ სახით თანაარსებობა ვერ იქნება დროში უსასრულო. ამიტომ რუსეთი გარდუვალად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა დროის იმ მონაკვეთში, სანამ ეს მისთვის სასურველი სიტუაცია გაგრძელდება, მოასწროს თავის მიერ მოზღუდულ სივრცეში ყოველივე მისთვის არასაიმედო, ანუ ამ სივრციდან გასვლისკენ მიმართული ფსიქოლოგიური და რეალური პოტენციალი მოსპოს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის პოლიტიკა ამ სივრცეში მოხვედრილი ქვეყნებისა და ხალხებისადმი სხვა ვერა იქნება რა, თუ არ მათი ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, კულტურულად, ეკონომიკურად, უფლებრივად, ტექნიკურად შეზღუდვის, მისთვის უკეთეს შემთხვევაში _ მოსპობის პოლიტიკა. თავის მიერ ამა თუ იმ ფორმით დაბრუნებულ ტერიტორიებში იგი აღარ გააგრძელებს სსრკ-ში არსებული “დამოუკიდებელი ერების” “თავისუფალი ეროვნული განვითარების” პოლიტიკას, რომელსაც კომუნისტური მმართველობისას მას თავისი ოფიციალიური იდეოლოგია ავალებდა, დღეს და განჭვრეტად მომავალში კი არავინ და არაფერი არ ავალებს. ამის შედეგად მას შეუძლია თავის წარმოდგენაში და იმპერიულად განწყობილი საშუალო მოქალაქის წარმოდგენაში _ გლობალიზებადი და თავისუფალი ეკონომიკის პირობებში მაცხოვრებელი დანარჩენი მსოფლიოს ამ მოდელის თითქოსდა განმეორებით, _ თავის სივრცეში ეს თავისუფალი (მაგრამ ამ სივრცეში რეალურად მართული) და საბაზრო (სინამდვილეში კი არაპირდაპირი მეთოდებით მართული) პროცესების საშუალებით მოაშთოს ის ეთნიკური, კულტურული, გეოგრაფიული და პოლიტიკური ერთეულები, რომელთაც იგი თავისთვის ყველაზე არასასურველად ჩათვლის. საქართველო, ბუნებრივია, ერთერთი ყველაზე პირველი იქნება, ტრადიციულადვე, ამ უკანასკნელთა შორის. თქმულიდან გამომდინარეობს, რომ პერსპექტივა, რომელსაც ხსენებული განცხადების ავტორები საქართველოს სთავაზობენ ლამაზად ჟღერადი “ნეიტრალიტეტის” სახით (რაც დღეს მასობრივ მომხმარებლამდე მრავალი არხით მიდის), არის არა “რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის” პროგრამა (ნორმალიზაციისა ქართული ტერიტორიების დატოვებით საქართველოს გარეშე!), არამედ ქართველი ერის, როგორც ამ ტერიტორიის მოსახლე და მფლობელი ერის, განადგურებისა. მარტივად: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა მხოლოდდამხოლოდ რუსეთის, როგორც კავკასიასა და ამიერკავკასიაში მოქმედი იმპერიის, დამარცხებაზე გადის. ვგულისხმობთ, რა თქმა უნდა, რომ ეს დამარცხება არაა აუცილებლად ომისმიერი. სამკვდრო-სასიცოცხლო მეტოქეობა მრავალ პარამეტრს მოიცავს და მრავალ ასპარეზზე მიმდინარეობს. შესაბამისად, რუსეთსაც ხსენებული დამარცხების პერსპექტივა (ჩვენის აზრით _ გარდუვალი პერსპექტივა) მრავალ ასპარეზზე აქვს.

6. ჩვენს მოვალეობად ვრაცხთ, საქართველოს საზოგადოებრიობას გავუთვალისწინოთ, რომ რუსეთის შემტევ პოლიტიკას თავის “ახლო საზღვარგარეთში” გამარჯვების პერსპექტივა არა აქვს. თავისი “ახლო საზღვარგარეთის” კვლავ დაპყრობის მცდელობა, რასაც რუსეთი უდავოდ გეგმავს თავისი მოსახლეობის უფართოესი მასის ტაშის გრიალში, ვეღარ წააწყდება ამ პოლიტიკისადმი შემწყნარებლურად განწყობილსა და აგრესიის მპატიებელ მსოფლიოს. იგი წააწყდება დედამიწაზე მიმდინარე ყველა პროცესებით მაქსიმალურად დაინტერესებულ მსოფლიოს (გლობალიზაცია, როგორც ბუნებრივი პროცესი, ხომ სწორედ ეს გახლავთ!), რომელსაც რუსეთსა და მის შესაძლო მოკავშირეებზე, ერთად აღებულზე, შეუდარებლად აღმატებული ძალა ექნება (პირველ ყოვლისა, ტექნოლოგიური და მეცნიერული დონით) და რომელიც მყარი ნებითაა აღჭურვილი, რათა რუსეთის ახალი ექსპანსია აღკვეთოს. რუსეთი იძულებული იქნება თავისი აგრესია შეწყვიტოს და ამ აგრესიით მიღწეულ მონაპოვრებზე უარი თქვას. მაგრამ ეს არ არის გადარჩენის გარანტია არც საქართველოსთვის, არც ამ აგრესიის რომელიმე სხვა შესაძლო მსხვერპლისათვის. რუსეთი გარდუვალად ყველა საშუალებით შეეცდება, თავისი “ახლო საზღვარგარეთის” შემადგენელი რაც შეიძლება მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის მილიტარული, ეკონომიკური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ათვისება მიიყვანოს იმ ნიშნულამდე, რომ იგი შეუქცევადი გახადოს. ამიტომ დღეს მიმდინარე ბრძოლაში პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების გადარჩენისათვის, რომლის ბოლო, პრინციპულად, ცნობილია (რუსეთი ამ სივრცეს, ძირითადად, დაკარგავს), უპასუხოდ რჩება, ჯერჯერობით ერთი კითხვა: ვის განადგურებას მოასწრებს რუსეთი და ვისას _ ვერა. ამგვარად, რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევას ამა თუ იმ ერის ხელში არსებული ყველა შესაძლებლობით აზრი აქვს. რადგან სხვაა იმ ერის მომავალი, რომელსაც, წინასწარვე ხელებაწეულს, რუსეთი ერთ დღეღამეში იპყრობს, და სხვაა იმისა, რომელიც რამდენსამე დღეღამეს უძლებს მას, სანამ მსოფლიო თავის პირველ რეაგირებას მოახდენდეს და რუსეთს არ მისცემდეს საშუალებას, რომ მისი დაპყრობა ორი ქვეყნის ურთიერთობის “ნებაყოფლობით” ცვლილებად წარმოადგინოს. ამგვარად, პოსტსაბჭოთა ქვეყნების სინამდვილეში, რომელთაც რუსული აგრესია გვემუქრება, ერის შვილისა და მოქალაქის არჩევანი აღარ არის არჩევანი სახელოვან სიკვდილსა და ნაძრახ სიცოცხლეს შორის. დღეს ყველა პიროვნებას, ყველა ოჯახსა და მთლიანად ერს არჩევანი აქვს სამარცხვინო სიკვდილსა და სახელოვან სიცოცხლეს შორის. დღეს უკვე მსოფლიო ძალების რიცხვიდან თითქმის გასული (და მათში მობრუნების შანსის აღარ მქონე) რუსეთისათვის სამფლობელოდ ნასაბჭოვარი სივრცის დათმობა აღარ მოხდება. საქართველოსთვის ტრადიციული სიტუაცია _ როცა საქართველო, როგორც ერთადერთი ქრისტიანული ქვეყანა, პირისპირ იყო დარჩენილი ირანისა და ოსმალეთის იმპერიებთან რამდენიმე საუკუნის მანძილზე _ აღარ განმეორდება და ვეღარ განმეორდება გლობალიზაციის, პირველ ყოვლისა _ სტრატეგიული გლობალიზაციის ბუნებრივი პროცესის გამო. მანძილი აღარ კმარა _ და რაც დრო გავა, უფრო და უფრო ნაკლებად იკმარებს _ იმისთვის, რომ შედარებით სუსტ მტაცებელს მის ახლოს მდებარე სუსტი, მაგრამ მიმზიდველი მსხვერპლი ლუკმად დაუთმონ. Mმაგრამ ეს ჩვენი ქვეყნისთვის მხსნელი ფაქტორიც კი ძალაში იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საზოგადოებრიობა (პირველ რიგში) და საქართველოს მიერ არჩეული ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან, რათა

_ მყარად იბრძოლონ ქვეყნის ინტერესებისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებში

_ ააწყონ ქვეყნის თავდაცვა იმ მინიმალურ ნიშნულამდე, რომ მსოფლიოსთვის შესამჩნევი წინააღმდეგობა გაუწიონ აგრესორს სამხედრო დაპირისპირების პირობებში, ხოლო მშვიდობის პირობებში განავითარონ თავისი ეკონო-მიკური კავშირები, როგორც გზა შავი ზღვისა და მისი მიმდებარე წყლების ქვეყნებიდან კასპიის აღმოსავლეთით და სამხრეთით მდებარე ქვეყნებისაკენ.

როგორც აღვნიშნეთ, რუსეთის მცდელობა “ახლო საზღვარგარეთში” თავისი ბატონობის აღდგენისა მიზანს ვერ მიაღწევს და პატარა ერთან ბრძოლაში, თუკი მის ქვეყანაში თავისი მარიონეტული ხელისუფლება არ ჰყავს, ომის ყველა საშუალებას ვერ იხმარს. ის ობიექტური პირობები, რომ საქართველოსთვის მებრძოლი მამულიშვილის შრომა და მსხვერპლი უშედეგოდ იკარგებოდეს, როგორც საბჭოთა იმპერიაში ხდებოდა, აღარ არის და არასოდეს აღარ დადგება. მაგრამ ამ რამდენიმეწლიანი ბრძოლის მოგება ქართველ ხალხს შეუძლია და მომავალ თაობათა წინაშე ვალდებულიცაა, რომ მოიგოს.

 

ეროვნულ პარტიათა ალიანსი

22.01.2010

 

“საქართველო”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s