Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• თავს არ მოიკლავს ქართველი, არა…

 

***

 

თავს არ მოიკლავს ქართველი, არა…

 Solomoon Ternali   2011 წლის 06 03

ჩვენი საზოგადოება არის თვითმკვლელობის და მასშტაბური საპროტესტო მოძრაობის (შესაძლო რევოლუციის) მძიმე არჩევნის ზღვარზე.

საქართველოს ყველაზე დიდი მტერი არის რუსეთის იმპერია!

მაგრამ ქართველი ხალხის ყველაზე ახლო და პირველი მტერი არის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება. რომელმაც ისე დაასუსტა და გახლიჩა ქართული საზოგადოება, რომ გარდა უკვე დაკარგული ტერიტორიებისა, ყოველდღე იზრდება რისკი, რომ ქვეყნის სრულ დანაწევრება და ტერიტორიების მითვისება მოხდება არა მარტო რუსეთის, არამედ – სხვა მეზობლების მიერაც.

ნაცურ რეჟიმს, განსხვავებით პუტინისგან, არ დასჭირდა მაინცდამაინც წელში შევარდნა და ნიღბის იძულებითი ახდა. თავისით ჩამოიხსნა ნიღაბი და თავისი უტიფარი, მოძალადე და ერის მოძულე სახე მთელი ”ეშხით” დაგვანახა.

ჯერ გააჩუმა და დაანგრია თავისუფალი მედია…

მერე ტანზე ხალათივით მოირგო კონსტიტუცია… პარლამენტი აქცია პირისფარეშად და საკუთარი უკანონო გადაწყვეტილების დამამტკიცებელ სანოტარო კანტორად, რომელსაც არასდროს უჩნდება სურვილი ხალხის ინტერესები დაიცვას…

მერე შეცვალა: მოსამართლეები – ლაქიებით, პროკურორები – მგელძაღლებით, ადვოკატები – მაჭანკლებით, სასამართლო – საყასბოთი…

სადაც წაასწრო, დაუნდობლად დახოცა ახალგაზრდები და თავმომწონედ მჯიღი ირტყა მკერდში – ნახეთ, რა მაგარი ვარო!.. ”ქვეყანა, რომელიც შედგა”, იდიოტი პოლიტიკანის მიერ საზოგადოების უსამართლო ცემის და დამცირების, დამოუკიდებელი არხის დარბევის ეს გამართლება იქცა საბოლოო წყალგამყოფად მანამდე დეკლარირებულ დემოკრატიულ სამოთხესა და მის შემდეგ სულ უფრო ნათლად გამოკვეთილ ავტოკრატიული რეჟიმის ჭუჭყიანი საცვლების გამომზეურების ესტაფეტას შორის.

სააკაშვილის რეჟიმმა დაანგრია უნივერსიტეტები, ხელები ააწევინა პროფესორებს და გამოყარა, მოსპო მეცნიერება, განათლება ხელში ჩაუგდო ჯერ გამოლოტოტრონებულ, გადირექტორებულ ტურებს, ხოლო შემდეგ, – სახელდახელოდ გამოწურთნილ მანდა-ტურებს, რომლებმაც შარიკოვობაში და მანქურთობაში აჯობეს ასე-თუ ისე დიპლომირებულ დირექტორებს და ახლა ნელ-ნელა ანაცვლებენ კიდეც…

ყველას წაართვეს ბიზნესები, ჯერ – დიდი, მერე – საშუალო, მერე ბუტკებიც (და თავისი ბუტკები ჩადგეს -მილიონერების ბუტკები!)… მალე, ქალაქში ”ლატოკებით” სიგარეტის, ხაჭაპურის და მზესუმზირის გაყიდვასაც, ალბათ, უგულავას მიერ დანიშნული სუბიექტები დაიწყებენ… რომ არავის, გარდა მათი მონებისა, ჰქოდეს არსებობის და გადარჩენის უფლება

ხალხი გამოყარეს საცხოვრებელი ადგილებიდან – ჯერ, ლტოლვილები ”ივერიიდან”, მერე – ვისაც კარგ ადგილზე ჰქონდა სახლი, მერე – ვისაც კარგ ადგილზე ჰქონდა თავშესაფარი, მერე – ლტოლვილები საერთოდ თბილისიდან და ქალაქებიდან, რომ ”მიშსამოთხეში” ჩამოსულ ტურისტს ქვეყნის რეალური სახე არ დაენახა … მალე, ალბათ, მოვა იმათი გატყავების დროც, ვისაც უბრალოდ ჭერი აქვს… სადმე… რანაირიმე…

მთავრობის წევრებმა იყიდეს მარშრუტკები და ბორდელები, მთავრობის წევრების და ძალოვნების ცოლებმა იყიდეს ტელევიზიები, მოდა და ჟურნალები. პრეზიდენტის დედა არის სპრუტ-უნივერსიტეტი და პრეზიდენტის ცოლი – მისის ჯანდაცვა. პრეზიდენტის ფავორიტკები არიან მინისტრები და მინისტრობის გზა პირდაპირ გადიდის გოგოს კალთამადლიანობაზე და ბიჭის პირმოთნეობაზე, რასაც პლუტოკრატებმა ”მერიტოკრატია” შეარქვეს …

ამ ყველაფერს იცავს პოლიტიკური პოლიცია – ეს-ესი (სოდი) და გესტაპო (კუდი), რომელსაც ”კონსტიტუციური უსაფრთხოების” კი არა, დაფრთხობის და დაჩმორების დეპარტამენტი (”დდდდ” ანუ ”4დ”) უნდა ერქვას… ეს მოძალადე ძალოვნების ბერიასეული მეთოდებით შექმნილი ურჩხული ყველგან გვისმენს და გვიდარაჯებს, ურტყამს ქალებს და ვეტერანებს, ნაცისტური მეთოდებით ყრის საცხოვრებლიდან და დახურული ვაგონებით ახდენს ლტოლვილების გადასახლებას…

ქვეყანა დაშალეს და ნაწილ-ნაწილ გაყიდეს. და აცუნდრუკებით და სიბეცით ხაფანგშიშემხტარებმა ომი წააგეს… წააგეს მასთან და ყველა სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდეს სწორედ მას, ვისგანაც, ვითომდა, გვიცავენ და გვპირდებიან, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაგვიცავენ (ჩვენს სისხლის წვეთებზე და ლიტრებზეა ლაპარაკი, თორემ საკუთარს ძაანაც უფრთხილდებიან!)…

ხალხი იმ ზომამდე გაამწარეს, რომ თუ ადამიანი მხოლოდ საზღვარგარეთ გაქცევაზე ფიქრობს და არა – თვითმკვლელობაზე, ეს უკვე უკეთესი ვარიანტია…

იმდენჯერ მოგვატყუეს და იმდენჯერ მოისყიდეს დაბეჩავებული ადამიანები არჩევნებზე 10 და 20-ლარად, რომ არჩევნების უკვე არავის სჯერა. ”არჩევნები”, ”დემოკრატია” და ”თავისუფლება” აბსოლუტურად ცარიელ და დამცინავ სიტყვებად აქცია მიშამ. ”არჩევნები”, როცა მიხეილ მაჭავარიანის და პალიკო კუბლაშვილის მიერ ყველაფერი წინასწარ არის დაწერილი და რამდენიმე (ადეიშვილის, ვაშაძის, ხარატიშვილის და ბილოს – მერაბიშვილის) დონეზე – სუპერგაყალბებული… არჩევნები, რომლის გაყალბებაში მობილიზებულია სახლმმართველობების მდედრიონი და მძევლებად ქცეული პატიმრების და ნარკომანების დატერორებული ოჯახები…

”დემოკრატია”, სადაც არც სასამართლო, არც პოლიცია, არც მედია – არ იცავს ადამიანს… პირიქით, აშინებს, ატყავებს, დღედაღამ უსმენს, ატყუებს და მუდამ შოკში და სიბნელეში ამყოფებს…

”თავისუფლება”? სულით მონების, ფლიდების და გაიძვერების ”თავისუფლება”, რომ თავი მოიწონონ თავისი მონობით, ფლიდობით და გაიძვერობით მიღწეული ჯიპებით და ზიზლ-პიპილოებით… სისხლიანი რევოლუციის ჩრდილში ეგვიპტური ვოიაჟებით და ”სამოთხის ვაშლობით” თუ ქლიავობით…

გზები, რომელიც დააგეს (მალე, მაგრამ უხარისხოდ და გაცილებით ძვირად, ვიდრე რეალურად დაჯდებოდა)… სახლები, რომლებიც ლტოლვილებს აუშენეს (გარედან რომ მტერს უბრმავებს თვალს და შიგნიდან – ბალახამოსული და ნესტიანი – ბინადარს)… შადრევენები, რომლებიც ზამთარშიც მთელი დატვირთვით მუშაობენ ჩვენი ჯიბეებიდან გადახდილი ფულით… შენობები, რომელთაც გარედან მინის საფარველი ააკრეს, რომ ისევ გარედან მნახველი მონუსხოს, ხოლო შიგნით არსებული სიდუხჭირე, ნაგავი და დანგრეული ინფრასტრუქტურა დაფაროს… პოტიომკინის თარგზე აშენებული ქვეყანა, რომელიც ყასიდად თითქოს იმავე პოტიომკინის დატოვებულ მსგავს ქვეყანას უპირისპირდება, სინამდვილეში კი ყველაფერს სწორედ ამ იმპერიის მიბაძვით აკეთებს…

გამოსავალი თითქოს არ არის…

ყველამ იცის, რომ მიშა არის მონსტრი – ნაცმოძრაობის წურბელა ისე დაგვსევია, რომ შანსს არ გვიტოვებს… ყველაფერი მათია…

ერთი ჩემი ნაცნობს დედის წამლისთვის ფული სჭირდება. წამლები მიშასია! პირდაპირ – არა, მაგრამ დღეს რომ წამლები საქართველოში 100-300%ით უფრო ძვირია, ვიდრე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში და დაახლოებით 20-50%-ით უფრო ძვირი, ვიდრე ამსტერდამში და ჩიკაგოში, ეს ვისი დამსახურებაა? მიშასი და ნაცმოძრაობის! რადგან მათ ჯერ შექმნეს ეს სამთავიანი გველეშაპი-კარტელი და მერე თან ათეულ მილიონობით საარჩევნო ხარკი დაუწესეს, რომელსაც ეს კომპანიები რითი ამოიღებენ? – სწორედ მაღალი ფასით… გარდა ამისა, საავადმყოფოებიც ამ მონსტრებს აჩუქეს, რომ მათ არა მარტო მაღალი ფასებით გვწოვონ სისხლი, არამედ თავიანთი დამპალი და უვარგისი წამლები ძალისძალადაც შემოგვასაღონ! ხელისუფლება ტაშს უკრავს – თავად ხომ არ მკურნალობენ აქ! ქალაქის მერი ვენაში ამშობიარებს ცოლს და საბერძნეთში იკეთებს მენისკის ოპერაციას! სულ ფეხებზე არ ჰკიდია, აქაურ ჯანდაცვაში რა ხდება?.. რა უნდა ქნას ჩემმა ნაცნობმა? ან დედა უნდა გაიმეტოს, ან სახლი გაყიდოს, ან ამ დამპალი რეჟიმის სამსახურში ჩადგეს და პატიოსნებაზე და ადამიანობაზე უარი თქვას… იქცეს სწორედ ისეთ მანქურთად, ვისაც ებრძვის მუხლჩაუხრელად…

მეორე ჩემს ნაცნობს 4000 ლარის ვალის გამო მალე სახლს გაუყიდიან… მაღაზია ჰქონდა მის ცოლს, ერთ დღეს საგადასახადო მიადგა და აბსოლუტურად უმიზეზოდ მაღაზია დაულუქა. მხოლოდ მაშინ ახსნეს ლუქი, როცა ამ ქალმა ”ბრალეულობა” აღიარა და დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა. ამის შემდეგ წელში ვეღარ გაიმართნენ და სახლი დააგირავეს. ბიზნესი მაინც ვერ გადაარჩინეს. ახლა მალე შეიძლება უბინაოდაც დარჩნენ.

მესამე ნაცნობი კაცი ოჯახიანად დღე-დღე დეპორტს ელოდება საბერძნეთიდან. არადა, ამ რეადმისიის ხელშეკრულების დადებამდე იქ გაჰქონდა თავი და მშობლებსაც უგზავნიდა ყოველთვიურად 200-300 ევროს. რომ ჩამოვლენ, მშობლებს უნდა შეეხიზნონ პატარა ბინაში, რადგან წასვლისას თავისი ბინა გაყიდეს, რომ ვიზა მიეღოთ და სალონიკში ბინა ექირავებინათ.

თუ სადმე რამეს იყიდი, მიშას და ნაცმოძრაობას აძლიერებ!

ბენზინს რომ ისხამ – მიშასია… ვითომ მარტო ”ვისოლი”? ”სოკარშიც” აქვს მიშას ძმას სერიოზული წილი და თან ყველა კომპანიას რომ ფანტასტიურად მაღალი ფასი აქვს დაწესებული ბენზინზე (ბექა კემულარიას მიერ ჩატარებული ანგარიშით – საშუალოდ 40 თეთრით მეტი, ვიდრე უნდა ღირდეს 1 ლ ბენზინი). ეს განსხვავება სწორედ ნაცმოძრაობის ურჩხულის გამოსაკვებადაა… ადრე წყალთან ჯდებოდა ურჩხული, ახლა – ბენზინის შლანგთან… რაც მეტს ჩავასხამთ ბენზინს, მით მეტად გავაძლიერებთ დრაკონს და მით უფრო მეტ ზონდერს, პოლიციელს, გესტაპოელს და მანდატურს დაიქირავებს რეჟიმი, მეტ რეზინის ტყვიას და ცრემლსადენ გაზს იყიდის ჩვენს დასამორჩილებლად.

დენიც მიშასი და ნაცმოძრაობისაა. თუ საზღვარგარეთ ჩვენი ელექტროენერგია 2 ცენტად (დაახლოებით 3.5 თეთრად) იყიდება, ხოლო ჩვენთვის – 17, 5 თეთრად, როგორ ფიქრობთ, ვის აპეტიტს ხმარდება ეს კოლოსალური (500%-იანი) განსხვავება?

განადგურებულმა და მომსპარმა სოფლის მეურნეობამ ქვეყანა ნებისმიერი იმ საკვები პროდუქტის იმპორტიორად აქცია, რომელსაც სულ რაღაც 5-8 წლის წინ ქვეყანა ჯერ კიდევ საკმარისს აწარმოებდა. თან ეს პროდუქტი ხშირად მოწამლული და გენმოდიფიცირებულია (იხ. სტუდია ”მონიტორის” ფილმები და თქვენი მონა-მორჩილის სტატია ”გენოციდი ბედნიერების სახელით”). გარემო რომ დაბინძურებულია და მოწამლული, ამაზე სდუმან და გვიმალავენ.

საკვები პროდუქტიც მიშასია და ნაცმოძრაობის. ნანა ლეჟავას ფილმმა მშვენივრად დაგვანახა, ვინ დგას სახელდახელოდ მთელ ქალაქში მისივე განკარგულების საწინააღმდეგოდ ჩაბუტკებული ”ნუგეშის” უკან… პიარშჩიკი – მერი უგულავა, მფლობელი – დეპუტატი გეგენავა და მისი ამფსონები… ეს ახლადმოვლენილი ”ნუგეშმაისტერები” დღეს ყველა მაღაზიას უძვირებენ მონოპოლიზირებული კვების პროდუქტების შესაყიდ ფასებს, რათა ჩვენ სხვაგან კი არა, სწორედ ”ნუგეშში” ვიყიდოთ ყველაფერი, 2-5 თეთრით იაფად. სამაგიეროდ, როცა ყველა მცირე ზომის სასურსათო მაღაზიას და ბაზრობებსაც დაძირავენ, და კიდევ მრავალ ათას ოჯახურ ბიზნესს დაანგრევენ, ”ნუგეშის” მილიონერი მეპატრონეები უკვე უკონკურენტო ბაზრის სრულ ბატონ-პატრონებად იქცევიან და მილიარდერები გახდებიან, ხოლო ამ თანხების დიდ ნაწილს ნაცმოძრაობის აფთრებს ჩაახეთქებენ მათი ამოუყორავი მუცლების ამოსაყორად…

ნაცმოძრაობის და პირადად გიგი უგულავასია ”სითი-პარკი”. საკმარისია, სადმე 10 წუთით გააჩეროთ მანქანა და მისი მოტაცება ისე ოპერატიულად ხდება, რომ ვფიქრობ, ”სითი-პარკი” რომ მოსკოვში გადაესროლათ, მათი მოტაცებული პუტინ-მედვედევი უკვე ორთაჭალაში იჯდებოდნენ! 70 ლარის გამოსასყიდის გადახდის შემდეგ ხვდები, რომ კიდევ უფრო გაამყარე რეჟიმი… სამართალი არ არსებობს აქაც. სადაც თქვენს მანქანას წაიყვანენ,იქ ნაცმოძრაობის წევრებს ჯარიმის გარეშე ერთი ზარით დაუბრუნებენ, თავად გამიგია ერთი მოტრაბახე ”გაბრწყინებულისაგან”…

მიშა და ნაცმოძრაობა ყველა გზას გვიჭრიან… წყალზე და დასუფთავებაზე ხომ გაზარდეს გადასახადი, მალე გაზზეც გაზრდიან. ბენზინი უეჭველად გაძვირდება… არაა გამორიცხული, ისევ შემოიღონ ერთხელ ნაცადი ისტორიული უბნების გადასახადი და ბოლოს – ჰაერზეც დაგვიწესებენ მოსაკრებელს… არ გეხუმრებით… რაც მეტად გაუჭირდებათ, ყველაფერზე წამსვლელნი არიან, ტრეფიკინგის ჩათვლით…

გჯერათ, რომ მერაბიშვილი მართლაც 2700 ლარზე ცხოვრობს? მაშ ვინ აკონტროლებს ნარკობიზნესს, ტონობით ნარკოტიკის ტრანზიტს, რომელსაც საქართველოში ვერასდროს იჭერენ (137 გ ყოფილა თურმე მათი ”პროფესიონალიზმის” მწვერვალი), ხოლო უკრაინაში და თურქეთში საქართველოდან გასულს – ცენტნერობით! არ გაგიგიათ, რამდენ ასეულ ადამიანს სპეციალურად იჭერენ მხოლოდ იმიტომ, რომ მერე საპროცესო გარიგებთ აახიონ ათასები და ასეთი ”ნოვატორული” ხერხით აავსონ ქვეყნის დაცარიელებული ხაზინა, რომელიც მერე ისევ ამ ბობოლების თვალუწვდენელ ხელფასებსა და პრემიებში იხარჯება!..

მინისტრები, რომელთა ხელფასი და რეგულარული პრემია თურმე ასობით პენსიონერის შემოსავალს აჭარბებს! – აი, სააკაშვილის რეჟიმის გამჭვირვალობა და დემოკრატიულობა…

რეჟიმს მოსახლეობისათვის და ბიზნესისათვის შეწერილი და წართმეული ფულით კი (გარდა თავისი ჰედონისტური მადისა) მხოლოდ ერთი ძირითადი საპატივცემულო ორგანოს დაპურება სურს – პოლიციის! და ყველა იმ ადამიანს, პენსიონერს, გაჭირვებულს, ინვალიდს და ლტოლვილს, რომელსაც იმდენი ფული არ გააჩნია, რომ მისი გატყავებით სულ ცოტა ერთი პოლიციელის/კუდელის/სოდელის/ზონდერის გაბედნიერება იქნეს შესაძლებელი, ნაცმოძრაობა მუქთამჭამელად განიხილავს და ყველანაირად ცდილობს, რომ ამ ქვეყნიდან გაისტუმროს – ან გარეთ, ან – მიწაში… სამაგიეროდ – მიწა ფულიანი ბურებისთვის უნდათ, რომლებიც მათ ხმასაც მისცემენ და მანქურთების გამოსაკვებ ფულსაც…

ქართველი ერი დღეს გაბრიელის დღეშია, ცნობილ კინოფილმ ”ლონდრეში” უილაჯობისაგან ყულფში თავის გაყოფა რომ გადაუწყვეტია და გაქსუებული წურბელები რომ აქეზებენ, – მიდი, რაღას უცდი? თუ ქურდობა, კაცის კვლა და მრუშობა არ შეგიძლია, შენი ადგილი სწორედაც რომ ზეცაშიაო!.. საყვარელი გოგო კი ეხვეწება, – არ დაუჯერო! გატყუებენ, გაბრიელ, გატყუებენო…

გაბრიელს სხვა აღვიძებს სწორედ იმ მომენტში, როცა სკამს ფეხი უნდა გაჰკრას…

არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რამდენად არაქრისტიანულია და მძიმე ცოდვაა თვითმკვლელობა… არ ვარ მე ისეთი ქრისტიანი, სხვას ნატაციები ვუკითხო…

მეტსაც ვიტყვი, გინდათ მკრეხელობად ჩამომართვით, და გინდათ, სასოწარკვეთად (მოდერნული საზოგადოების მკვლევარი ფილოსოფოსი გიგა ზედანია არის მაგის დიდოსტატი – მთავრობის არამოტრფიალეებში სასოწარკვეთის შემჩნევისა) – დღეს მიტევების დღეა და უფრო იშვიათად, ვიდრე ადრე, მაგრამ აქა-იქ ვნახე ჩემი მეგობრების ქრისტიანული თხოვნა – მომიტევეთ, თუ რამე გაწყენინეთო!

ვინც ნაციონალური მოძრაობის ღია თუ ფარულ სამსახურში დგას და ქართველი ხალხის სისხლი წოვით აუწყვია ”ლაივში” გრიალი, არავის არაფერს არ გთხოვთ და არც ვინანიებ, თუ ვინმეს რამეს ნერვებს გიშლით! მიტევების თხოვნას კი არა, დახმარების ხელის გამოწვდენასაც არ ვიფიქრებ თქვენდამი, სანამ ისე დაბეჩავებულებს არ გნახავთ,როგორც თქვენ ხალხი დააბეჩავეთ!

არ ხართ თქვენ ის სუბიექტები, ვისაც ჩვენ პატიება უნდა გთხოვოთ! ძალიანაც – პირიქით!..

და არც თავის მოკვლას ვაპირებ…

არ ვაპირებ იქამდე მოცდას, რომ ჩემიანები და ჩემნაირები შიმშილით და უსახლკაროდ იღუპებოდნენ.

ბრძოლას ვაპირებ – ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის.

იმისთვის, რომ სადაც მე მიცხოვრია, და ჩემს წინაპრებს, ის ქვეყანა, ქალაქები და სოფლები თქვენისთანა მედროვე ქვეყნისგამყიდველებმა მართლა ბურისტანად არ აქციონ… რომ ჩემს შვილებს და შვილიშვილებს არ ჰქონდეთ გასაქცევი თქვენებრ უსინდისო მძარცველების და მათი გამოკვებილი მანქურთების გამოისობით…

ძალიან მშვიდობიანი ადამიანი ვარ და 2010 წ. მაისში ძალიან ვეხვეწე ყველას – არ გვინდა არაფერი, არჩევნების მეტი მეთქი… ბევრი დამცინოდა მერე ჩემი გულუბრყვილობის გამო…

თქვენ ხომ არჩევნებზე ლაპარაკი მხოლოდ დროის მოსაგებად და ხალხის გასაბითურებლად გინდათ…

ასე რომ ჩემი და ჩემისთანების ”გარადიკალება” თქვენი დამსახურებაა…

აგერ მოვა 9-10 მარტიც და ვიცი, რასაც იზამთ, პალიკოების ჯილაგო… გამოჩნდება კიდევ ერთხელ, რომ საარჩევნო გარემოზე ან ნებისმიერ თემაზე თქვენთან მოლაპარაკება წყლის ნაყვაა…

გაგეცინებათ ალბათ, ბრძოლას რომ ვიქადნები, ჩემი ანონიმური ავატარის პატრონი…

კი ბატონო, იცინეთ… იცინეთ, სანამ ჯერ კიდევ დრო გაქვთ… ნურც იმას დაიჯერებთ, რომ ჩემსავით ბევრი გრძნობს და არ ვიქნები მარტო…

მარტო, იქნებ, თქვენ დარჩეთ მუბარაქივით…

ისე, ჩალაგებული თუ არ გაქვთ ნაძარცვი, არ იქნება ცუდი აზრი… მუბარაქის შვილმა 97 ჩემოდანი კი ჩაატენა თვითმფრინავში, მაგრამ იმდენი დარჩენია კიდევ, თურმე, საცოდავს!..

”არ მარადის ეშვათ – მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით!..”

 

 წყარო

 

***

როგორ შევცვალოთ ხელისუფლება-4

(პასუხის პასუხი ია ანთაძეს)

2011/02/28 

ია, დიდი მადლობა პასუხისათვის. ახლა შევეცდები, გიპასუხოთ. (სამწუხაროდ, გრძელი სიტყვის მოკლედ თქმა ჩემი ჰობი არაა და ამიტომ ისევ ახალი ნოუთის დაწერა მომიწია)

ქვეყანას დღეს მომავალი პოტენციური პირველი პირი არ ჰყავს. და მაინც ჩვენი ქვეყანა გაცილებით უფრო მზადაა პოლიტიკურად სერიოზული ცვლელებებისათვის, ვიდრე ეგვიპტე, ტუნისი და ლიბია. სადაც ოპოზიცია, თუნდაც თორთლაძის დონეზე, აღარაფერს ვამბობ თარგამაძეზე – პარლამენტში არ იყო და სადაც არასაპარლამენტო ოპოზიცია ან ციხეში იყო, ან – ემიგრაციაში.

სააკაშვილის პრობლემა არის ის, რომ განსხვავებით ალიევისაგან, ის პოლიტიკურ სტაბილურობასაც ვერ უზრუნველყოფს.

1) დამთავრდა მისი 4,5 მილიარდიანი კრედიტ-გრანტი და ამის მერე უკვე წლიურად დაახლოებით ნახევარ მილიარდამდე მხოლოდ ვალის მომსახურების პროცენტი იქნება გადასახდელი. ამას ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ აიტანს.

2) არავითარი მიმზიდველი საინვესტიციო გარემო არ არსებობს. და მოდით, სახეში შევხედოთ ფაქტს, რომ სანამ პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელსაც რუსეთი ოფიციალურად მაინც ნომერ პირველ მტრად აღიქვამს, აქ გიჟის მეტი სერიოზულ ინვესტიციას არ ჩადებს. ხოლო ქართველი ბიზნესმენები კარგად გრძნობენ, რომ სადაც არა სჯობს (ატყავებენ!), გაცლა სჯობს!

3) მალე სააკაშვილს მოუწევს პოლიციის შემცირებაზე წასვლა, რამდენადაც, პოლიციის ხელფასები თვიურად, სულ მცირე, 30 მილიონი ლარია. უკვე ძალიან მალე დაიწყება სახელმწიფო დაცვის კადრების შემცირებაც. ეს კი ისეთ პროცესებს გამოიწვევს პოლიციაში, რომლის პროგნოზირება ადვილია, მასშტაბის გათვლა კი – ძნელი. ის პოლიციელები, რომლებიც გუშინ ვეტერანებს ურტყამდნენ, ხვალ თავად აღმოჩნდებიან უმუშევრების როლში.

4) ამას ემატება ის, რომ სულ უფრო მეტი მაღალი რანგის პირი ”მოუტყდება” მიშას.

ნაცმოძრაობა ჯერ ახერხებს საიდუმლოდ შეინახოს გელა ბეჟუაშვილის ფაქტიურად გაქცევას ქვეყნიდან და ისიც, რომ ბეჟუაშვილმა საკმაოდ სერიოზული ინფორმაცია მიაწოდა ამერიკის სახ. დეპარტამენტს იმ მოსალდონელ ახალ ავანტიურებზე, რასაც სააკაშვილი გამუდმებით ხლართავს. მოსალოდნელია, რომ მალე კიდევ 2-3 ნიჭიერი და მოაზროვნე ადამიანი დატოვებს სააკაშვილის გუნდს.

რა თქმა უნდა, რეჟიმი შეეცდება, რომ გაბითურებული აკელა შეცვალოს და ახალი პრინცი მოიყვანოს. ყველაზე სავარაუდოდ, – გიგა ბოკერია, რომელსაც დღემდე უცხოეთში ნიჭიერი პრაგმატიკოსის რეპუტაცია აქვს. არაა გამორიცხული – ვანო მერაბიშვილი, რომელსაც ქვეყანაში ეფექტური მენეჯერის იმიჯი აქვს. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ არც ერთს და არც მეორეს დასავლეთი ახალ მასშტაბურ ინვესტიციებს არ მისცემს, ხოლო ქართული საზოგადოება და ბიზნესი კი არ მოტყუვდება, რომ ასეთი როქირება სინამდვილეში არის მიშას რეჟიმის შენარჩუნება მიშას ჩრდილში მოსვენებით და არავითარი შიდა სტაბილიზაცია და ბიზნესის აქტივაცია ამას არ მოჰყვება.

ამიტომ საკითხი ძირითადად ასე დგას – რეჟიმის წევრებს უნდათ შეინარჩუნონ ის აურაცხელი სიმდიდრე, რაც დააგროვეს და მიიღონ უსაფრთხოების გარანტიები. ამის შანსი არის მაშინ, თუ ისინი წავლენ სერიოზულ დათმობებზე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით და იმდენად ტრანსპარენტულს გახდიან პროცესს, რომ შესაძლებელი გახდება სულ ცოტა საპარლამენტო არჩევნებში მათი დამარცხების გაფორმება. მაგრამ უცნაური ლაფსუსია ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით მათ თავად მოიჭრეს ეს გზა, როცა შეიძლებოდა ქვყნის მთავარი მმართველი – პრეზიდენტი 2013-მდე ყოფილიყო ნაციონალი, ხოლო პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობას არ ექნებოდა ფორმალური უმრავლესობა, თუმცა შეიძლებოდა ყოფილიყო ყველაზე დიდი ფრაქცია და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაზე ეთამაშა თავისი პოლიტიკური ინტერესების გატანაში. ამჟამად შეტანილი ცვლილებებით ქვეყნის პირველი პირი – პრემიერ მინისტრი – სწორედაც რომ საპარლამენტო არჩევნებზე იქნება დამოკიდებული.

ამ ვარიანტზე ალასანიას და ბოკერიას შეთანხმება რეალურია და დარწმუნებული ვარ, გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოს პირობებში რესპუბლიკელებს, თავისუფალ დემოკრატებს (ალასანია), ახალ მემარჯვენეებს, ქდმ-ს და ფორუმს საკმაოდ კარგი შანსები ექნებათ, რომ ჯამურად 50-60%-იც კი აიღონ.  

მაგრამ თავად ნაციონალურ მოძრაობაში ასეთ მიმართულებას მომხრეები უფრო ნაკლები ეყოლება, ვიდრე – მოწინააღმდეგეები. მოწინააღმდეგეები იქნებიან ისინიც, ვისაც კრიმინალური გზებით ურიცხვი ქონება აქვს დაგროვებული. და აქ, პირველ რიგში, სწორედ ბოკერიას ერთ-ერთი პოტენციური სპონსორი – კეზერაშვილი იგულისხმება. წინააღმდეგი იქნებიან ასევე ისინიც, ვინც ასეთ განაწილებაში საპარლამენტო სკამს დაკარგავს – წიკლაურები, ოჩიაურები, მალაშხიები და სხვა წვრილფეხობა, რომელთა ინტელექტუალური რესურსი ვერაფრით ახლოს ვერ მოვა მათ მყვირალა ურაპატრიოტობანასთან… თუმცა მათი ხმა მაინცდამინც არც ჩაითვლება მოსასმენად. მთავარი მაინც ისაა, რომ მერაბიშვილი გაცილებით მონდომებული იქნება, რომ საქმე ქუჩის აქციებისკენ წაიყვანოს. და შემდეგ ამ აქციების რუსეთთან კავშირის საბაბით მოახერხოს ოპოზიციის ნაწილის სერიოზული ნეიტრალიზაცია (90 დღე ციხეში მოთავსებით).

მაგრამ აი, აქ შემოდის მუბარაქის ფაქტორი!

ის რაც წარმოუდგენელი ჩანდა გუშინ, შეიძლება მოხდეს დღეს!

1. ფაქტია, რომ მერაბიშვილს ხალხის დახოცვას არავინ აპატიებს და იგი მაშინვე გაიზიარებს კადაფის ბედს, ხოლო რეზინის ჯოხების გამოყენება შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი, თუ ისევ 100,000 კაცი გამოვა, თანაც განწყობილი ისე, რომ ფოთლების ჩამოვარდნა აღარ ჩაითვლება ჯოჯოხეთში მოხვედრის საფუძვლად, იმის გათვალისწინებით, რომ რეალურ ჯოჯოხეთს სწორედ ეს რეჟიმი გვიმზადებს!

2. მეორე მნიშვნელოვანი, რაც არაბულ რევოლუციებს თან ახლდა, არის ის, რომ მათ აშკარად დაგვანახეს – რევოლუციის წარმატებისთვის აუცილებელია პროტესტის გაშლა მთელი ქვეყნის მასშტაბით. როცა მთავრობას აღარ შეუძლია სერიოზული ძალების აქეთ-იქეთ გადასროლა. ამ მხრივ, ქართული პარტიის სერიოზული რეგიონალური მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი საპროტესტო მოძრაობის წარმატებისათვის.

3. და ბოლოს, არაბულმა რევოლუციებმა დაგვანახეს, რომ რაც არ უნდა ხმამაღლა იყვირონ დიქტატორებმა იმაზე, რომ მათი შეცვლის მერე ქვეყანა დაინგრევა და მითიურ-რეალური საფრთხე ამოხეთქავს, ამან არ აიძულა დასავლეთის ლიდერები, რომ მათთვის მხარი დაეჭირათ. ჰოდა, თუ მუბარაქსა და კადაფის, მათ  შემდეგ  რეგიონის პოტენციური ფანატიური ისლამიზაციის შიშითაც კი არ დაუჭირეს მხარი, ვითომ მიშას ყვირილი – ”რუსი მოდის! რუსი მოდის!” აიძულებს ამერიკელებს, რომ სააკაშვილს მხარი დაუჭირონ?

ამიტომ მგონია, რომ  მალე გამოჩნდება, რომ სააკაშვილის რეჟიმი, ისევე როგორც საბჭოთა კავშირი, რომელიც თითქოს ურყევი იყო, სინამდვილეში, თიხის ფეხებზე დგას. თუ საბჭოთა კავშირი 2 წელიწადში დაიშალა, სააკაშვილის ”ერთი უკვდავი პარტიის” დაშლას მაქსიმუმ 2 კვარტალი დასჭირდეს.

იმედია, რომ ოპოზიცია მოუკლავი დათვის ტყავის გაყოფის ნაცვლად სწორედ ისე მოახდენს თავისი ნაბიჯების კოორდინაციას, როგორც ჩვენ ყველას დიდი ხანია გვსურს, რომ მოახდინონ.

თუ არადა, სამუდამოდ მართლა წავლენ ისტორიის სანაგვეზე – მიშასთან ერთად… და  ვაითუ – საქართველოსთან ერთად!

 

***

”ბურები გადაარჩენს საქართველოს!”?

 

2011/02/18

ბურები (ჰოლანდიურად ”ბურ” – გლეხს, ფერმერს ნიშნავს) მე-17 საუკუნიდან ”აღმოსავლეთ ინდოეთის ჰოლანდიური კომპანიის” მიერ დაარსებული ადმინისტრაციის ფარგლებში დასახლდნენ სამხრეთ აფრიკაში, სადაც ორი თავისუფალი დასახლება – ორანჟის თავისუფალი შტატი და ტრანსვაალი – შექმნეს და იქ დიდი მამულები ჰქონდათ, რომელშიც იაფი მონური შრომის და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საკმაოდ წარმატებული სოფლის მეურნეობა შექმნეს. ბურების ძირითადი ნაწილი ჰოლანდიელები იყვნენ, თუმცა იქ სახლობდნენ ასევე გერმანელი, სკანდინავი, პორტუგალელი, ბერძენი, პოლონელი, შოტლანდიელი, ირლანდიელი და ინგლისელი მიგრანტებიც. ბურები პროტესტანტები (კალვინისტები) არიან. მე-19 საუკუნეში დიდი ბრიტანეთის იმპერიამ, რომელშიც შედიოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დღევანდელი ტერიტორიაც, დაუშვა იქ ე.წ. თავისუფალი მიწების პრაქტიკა და ბურები ფაქტიურად დამოუკიდებლები იყვნენ.

მაგრამ 1880 წლისთვის თავისუფალი მიწების სტატუსი გაუქმდა. ბურები აჯანყდნენ და ე.წ. ინგლის-ბურების I ომი (1998-81) მათი გამარჯვებით და ტრანსვაალის დამოუკიდებლობის აღიარებით დამთავრდა. მაგრამ ინგლისელებმა დიდი რაოდენობით ჯარების კონცენტრაციის შემდეგ 1899-1902 წწ. ინგლის-ბურების II ომში დაამარცხეს ბურები და გააუქმეს მათი დამოუკიდებლობა. თუმცა ფორმალურად შეზღუდული დამოუკიდებლობა კოლონიებისთვისაც დაწესდა და ამ კოლონიებმა სამხრეთ აფრიკის  კავშირი შექმნეს. 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მე-20 საუკუნის ბოლოს აპარტეიდის დამარცხების და ქვეყნის სათავეში შავკანიანი უმრავლესობის მოსვლის შემდეგ ბური ფერმები ხშირად გამხდარან კრიმინალური თავდასხმების (ხოლო ზოგის აზრით -ეთნოციდის) სამიზნე. რამდენიმე ასეული ფერმერი იქნა მოკლული, გაძარცვული და იძულებული გახდა გაეყიდა თავისი ფერმა. განსაკუთრებით დიდი გამოძახილი მოჰყვა 2010 წ. აპრილში თეთრკანიანი ბური ლიდერის იუჯინ ტერ ბლანშეს მკვლელობას შავკანიანების მიერ.

   სამხრეთ აფრიკის მთავრობის მიწების ახალი რეფორმა ბურების შეშფოთების მიზეზია და ისინი სულ უფრო დაუცველად გრძნობენ თავს. ისინი იძულებულნი არიან გასამხედროებული ჯგუფები შექმნან თავის დასაცავად, რადგან სამხრეთ აფრიკის პოლიცია ვერ ახერხებს მათ ეფექტურად დაცვას.

შეიქმნა ბურების გადასახლების რამდენიმე გეგმა, სადაც სამიზნე ტერიტორიებად ავსტრალია, კანადა და ახალი ზელანდია განიხილება. მაგრამ ყველა ამ ქვეყანაში ბურების გადასახლება სერიოზულ ფინანსურ დანახარჯებს უკავშირდება. 

2010 წელს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორების საკითხებში მირზა (პაპუნა) დავითაიამ აფრიკაში ვიზიტით ყოფნისას ბურ ფერმერებთან გაფორმებული მემორანდუმი ჩამოიტანა.

მემორანდუმის ყველაზე მნიშვნელოვანი მუხლი არის შეთავაზება, რომელიც ეხება ბური ფერმერების ბიზნესის გადმოტანას საქართველოში. 40 000 ბური ფერმერის სახელით საქართველოში ჩამოვიდა ბურ ფერმერთა დელეგაცია, რომელთაც დაათვალიერეს მიწები და გაეცნენ საქართველოს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის ტრადიციებს და პირობებს. ბურებს მოეწონათ საქართველოში მეღვინეობის განვითარების ტრადიციები (სამხრეთაფრიკული ღვინოები, განსაკუთრებით, კაბერნეს და მერლოს ტიპის, ბოლო 30-40 წლის განმავლობაში მსოფლიოს ღვინის ბაზრის ერთ-ერთ ლიდერებად იქცნენ). საინტერესოა, რომ ბურებს დაცვის გარანტიები მისცა და საქართველოს პოლიციის ეფექტურობა პირადად გააცნო შინაგან საქმეთა მინისტრმა და სააკაშვილის რეჟიმის ხერხემალმა ვანო მერაბიშვილმა. ბურების მცირე ჯგუფმა დაათვალიერა მიწები ქართლში (რუსთავის და მცხეთის რაიონები), კახეთში და შირაქში. შირაქში უკვე განსაზღვრულია ბურებისათვის გადასაცემი მიწის გამოსასყიდი ფასი – 40 ლარი 1 ჰექტარ მიწაზე. აღსანიშნავია, რომ იმავე მიწის შეძენის მსურველ საქართველოს მოქალაქეს მინიმუმ 600 ლარის (15-ჯერ ძვირი ფასის!!) გადახდა მოუწევს!

 რა შეიძლება იყოს დადებითი და უარყოფითი ამ ”არაჩვეულებრივ მიგრაციაში”, როგორც ამ პროექტს ინგლისურ გაზეთ ”ინდეპენდენტის” კორესპონდენტი უწოდებს:

 დადებითი ფაქტორები:

1)      ბურებს ნამდვილად გააჩნიათ საკმაოდ მდიდარი და მრავალწლიანი ფერმერული გამოცდილება, და მათი ეს გამოცდილება – მეღვინეობაში, განსაკუთრებით,  შეიძლება ნამდვილად დადებითად წაადგეს საქართველოში ყურძნის ჯიშების სელექციას ან რომელიმე ახალი ტექნოლოგიების სწრაფად დანერგვას.

2)      არაა გამორიცხული, რომ ბურების პრობლემების გადაჭრისათვის როგორც მათმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე სამხრეთ აფრიკის და უფრომეტად – ნიდერლანდების მთავრობამ – საგრანტო დახმარება გამოჰყონ (თუმცა სავარაუდოდ ეს დახმარება, ან მისი დიდი ნაწილი მაინც, თავად ბურებს გადაეცემათ და არა – საქართველოს). არსებობს მოსაზრება, რომ ბურების ჩამოსახლების პროექტი საქართველოს პირველი ლედის პირადი ინიციატივაა.

3)      საქართველოს მიმართ ევროპის და დასავლური სამყაროს დაინტერესება გაიზრდება – საქართველო კარგა ხნით მოხვდება საინფორმაციო საშუალებების მხედველობის ველში, როგორც უაღრესად არაორდინალური საიმიგრაციო პროექტის ლაბორატორია

4)      თუ ბურები საქართველოში დასახლდებიან და მოქალაქეობას მიიღებენ, ამით საქართველოს მოსახლეობის ოდენობა გაიზრდება და მოსახლეობის, როგორც შრომისუნარიანი და გადახდისუნარიანი ნაწილის, ასევე – ჯარში გასაწვევი ნაწილის პროცენტული ზრდა მოხდება, რაც თანამედროვე სამყაროში პოზიტიურ დემოგრაფიულ ფაქტორად ითვლება.

მაგრამ, მოდით, ახლა უარყოფით ფაქტორებზე ვილაპარაკოთ:

  1. საქართველო, განსხვავებით კანადისა და ავსტრალიისაგან,არ მიეკუთვნება ქვეყნებს, სადაც დიდი ტერიტორიები აუთვისებელია. ამიტომ, ასეთ ქვეყანაში დიდი ოდენობით არამკვიდრი მოსახლეობის იმიგრაცია უეჭველად გამოიწვევს დაპირისპირებას ახლადჩამოსულ და მკვიდრ მოსახლეობას შორის. განსაკუთრებით, თუ ახლადჩამოსახლებული მოსახლეობა ეთნიკურად და რელიგიურად განსხვავდება მკვიდრისაგან და, მით უფრო, როცა ეს ხდება ეკონომიკური კრიზისის ფონზე.
  2. აბსოლუტურად მიუღებელია ფაქტი, როდესაც ქართული მიწის გასხვისება უცხოელებზე ხდება უფრო იაფად, ვიდრე მკვიდრ მოსახლეობაზე! ეს პირდაპირ ადასტურებს იმას, რაშიც ბევრი სხვა და მეც, ვადანაშაულებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მას სურს მკვიდრი მოსახლეობის ქვეყნიდან გარეკვა – პოლიტიკური მიზეზების გამო – რამდენადაც ხედავს, რომ მისი რეიტინგი ამ მოსახლეობაში მკვეთრად დაცემულია და აღდგენას არ ექვემდებარება. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება ნებისმიერი საშუალებით ცდილობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ხელი ააღებინოს საკუთარ სამშობლოზე და მოახდინოს მათი დეპორტაციის ფინანსური მოტივირება. აღსანიშნავია, რომ ბურებისათვის შერჩეულ მიწების საკმაო ნაწილი უკვე არის საქართველოს მოქალაქეების მფლობელობაში, რაც ან შეცდომაა, ან გამიზნული ტაქტიკა, რომ ამ ადამიანებს (ისევე როგორც ადლიასა და ანაკლიაში) თავიანთ საკუთრებაზე იძულებით ათქმევინონ უარი.
  3. ბურების ჩამოსახლებას აშკარად ცუდი პოლიტიკური სუნი ასდის. საქართველოს მთავრობა უკვე ცდილობს დასავლეთის თვალში პოლიტიკური ქულების დაწერას. არაა გამორიცხული, რომ საქართველოს ავანტიურისტი პრეზიდენტის მენტალიტეტში ბურების ჩამოსახლებას (ისევე, როგორც უცხოელიმასწავლებლების დივიზიის ჩამოყვანას) გარკვეული ანტირუსული ცოცხალი ფარის მნიშვნელობა ენიჭებოდეს – ლოგიკით, თუ რუსეთი ისევ დაგვარტყამს, საფრთხის ქვეშ დადგებიან უცხოელი მოქალაქეები და უცხოეთის მთავრობები უფრო აქტიურად დაგვიცავენ – ”ეგებ ნატოს ჯარები შემოიყვანონ!” ასეთი ”ლოგიკა” აბსურდულია ნორმალური პოლიტიკოსისთვის, მაგრამ არა სააკაშვილის ტიპის ”ემოციური” მმართველისათვის, რომელმაც 2008 წლის 12 აგვისტოს ”სარკო-ზეიმზე” ხალხის მასიური კონცენტრირება და უცხოელი ლიდერების ჩამოყვანა სწორედაც რომ თავისი უსაფრთხოების გარანტირების მიზნითაც განახორციელა.
  4. პოლიტიკური მოტივი იმაშიც იქნება გამოყენებული, რომ კახეთის, შირაქის და ქართლის მოსახლეობის პროტესტული განწყობილების ნიველირება მოახდინოს არჩევნებზე. სავარაუდოდ, ბურების ლიდერებთან ნაცმოძრაობა გააფორმებს საიდუმლო მემორანდუმს, რომლითაც განისაზღვრება, რომ სწორედ არსებული მთავრობა არის პასუხისმგებელი ბურების დაცვის უზრუნველყოფაზე, რაც ბურ მოსახლეობას უბიძგებს, რომ მათ ყოველთვის ნაცმოძრაობას მისცენ საკუთარი ხმები.
  5. ზემოთხსენებული ”თავდაცვის მოტივი” შეიძლება საფუძვლად იქცეს საქართველოშიც ბურების თავდაცვითი ჯგუფების ჩამოყალიბებისათვის. სამხრეთ აფრიკაში არსებული რეალობის გათვალისწინებით ბური ფერმერები შეგუებულნი არიან, რომ საკუთარი თავის და მეურნებობის დაცვა მათივე მიერ ჩამოყალიბებული თავდაცვითი სახალხო რაზმების  საშუალებით უწევთ. ამ ნიადაგზე ბასიშვილის ზონდერბრიგადებს მალე ხელისუფლებამ შეიძლება ბურების ზონდერბრიგადაც ამოუყენოს  გვერდში, რაც საერთოდ კატასტროფულს გახდის ურთიერთობას ადგილობრივ მოსახლეობასა და ბურებს შორის.
  6. ბურების თითეულ ოჯახს სავარაუდოდ 10-20-ჯერ ან სულაც მრავალათასჯერ მეტი ფინანსური კაპიტალი ექნება მეურნეობის გასამართვად, ვიდრე ადგილობრივ მოსახლეობას. ამიტომ ჩამოსახლებიდან სულ რაღაც 2—3 წელიწადში, როგორც ტექნოლოგიური აღჭურვის მხრივ, ასევე დამატებითი მუშახელის დაქირავების პოტენციალის მხრივ ბურების მეურნეობები მშრალ ანგარიშზე დაამარცხებენ ადგილობრივ ფერმერებს და მსხვილ მეურნეობებსაც, რაც კიდევ ერთხელ მისცემს საფუძველს ნაცმოძრაობას, ამტკიცოს ყალბი თეზისი, რომ ”ქართველები – ზარმაცები და უნიათოები, ხოლო ბურები მუყაითები და კარგი ორგანიზატორები არიან”. დაახლოებით 5 წელიწადში ბურების მფლობელობაში არსებული მიწების რაოდენობა გაორმაგდება და შეიძლება გაათმაგდეს კიდეც, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა ვერ გაუძლებს არათანაბარ კონკურენციას იაფად მიჰყიდის  მათ მიწებს, ხოლო თავად მოჯამაგირედ დაუდგება, თუ მონებად არა, როგორც ეს სამხრეთ აფრიკაში იყო. ამ ეტაპზე მოსალოდნელია, რომ ბურების იმიგრაცია კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან მსოფლიო თვალნათლივ დაინახავს, რომ საქართველო სასათბურე პირობებს უქმნის იმიგრანტ უცხოელებს და ძალად დენის ქვეყნიდან თავის მკვიდრ მოსახლეობას. მხოლოდ ზარმაცი და უნიათო უცხოელი თუ არ ისარგებლებს ასეთი ”შემოთავაზებით”.  
  7. კომპაქტურად ბურების ჩასახლება და მათი მწარე გამოცდილება სამხრეთ აფრიკაში შესაძლებელს გახდის, რომ მათ თავიდანვე იფიქრონ დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გაფორმებაზე. ამიტომ სავარაუდოდ, საქართველოს ეკონომიკაში ბურების შეტანილი წვლილის განუხრელი ზრდის კვალობაზე ისინი მოითხოვენ და, სავარაუდოდ, მიიღებენ კიდეც საკმაოდ ფართო ავტონომიას.
  8. დაბოლოს, 1999 წელს ევროსაბჭოში გაწევრიანებისას საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე, რომლის საფუძველზე უნდა შექმნილიყო საკანონმდებლო ბაზა 1944 წელს მესხეთიდან დეპორტირებული მაჰმადიანი ქართველების რეაბილიტაციის, რეპატრიაციის და ინტეგრაციისთვის. თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა გახდა, კანონპროექტის მიღების საკითხმა ნაკლებად პრიორიტეტული თემების რიგში გადაინაცვლა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კი ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვლადებულება რიგი მიზეზების გამო კვლავ აქტუალურია. 2007 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი რეპატრიაციის შესახებ, მაგრამ, შეიძლება ითქვას, არასრული სახით. კანონი მესხების დაბრუნების მხოლოდ იურიდიული საფუძველია და მასში არ არის შეტანილი მუხლები რეპატრიაციის პროცესისა და სარეაბილიტაციოს ცენტრების დაფინანსების შესახებ. კანონი ამავდროულად ქმნის ბიუროკრატიულ სიძნელეებს, რაც აფერხებს პროცესის მიმდინარეობას.  ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულების თანახმად ე. წ. „თურქი მესხების“ რეპატრიაციის პროცესი 2002 წელს უნდა დაწყებულიყო და 2011 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, მაგრამ საქართველოს მთავრობის განცხადებებით მაჰმადიან მესხთა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებისთვის არც საჭირო თანხა არსებობდა, არც შესაბამისი ეკონომიკური თუ პოლიტიკური ამინდი ქვეყანაში. ამჟამად, როცა საქართველოს მთავრობა ყველასათვის მოულოდნელად ”დროულად და გამართლებულად” თვლის საქართველოსთვის აბსოლუტურად უცხო მოსახლეობის – ბურების მასობრივ ჩამოსახლებას და კომპაქტურ ჩასახლებას, საოცრად ”ნაივური” (გია ბარამიძის ოქროს ტერმინი) ან გულმავიწყი უნდა იყოს პოლიტიკოსი, რომ ვერ გაითვალისწინოს, რომ როგორც ევროპის საბჭო, ასევე ეუთო (და ორივე ორგანიზაციაში – რუსეთი და თურქეთი პირველ რიგში) და ასევე თურქი მესხების რეპატრიაციის კავშირი სავსებით სამართლიანად შეახსენებენ და მოსთხოვენ კიდეც საქართველოს მთავრობას, რომ მან სწორედაც რომ უსწრაფესად და სწორედაც რომ კომპაქტურად ჩამოასახლოს ისტორიულ სამშობლოში არაკანონიერად გადასახლებული თურქი მესხები. ასე რომ, იმავე კვირაში, როგორც კი ბურების ჩამოსახლებაზე გადაწყვეტილებას გააფორმებს, საქართველოს  მთავრობას მოუწევს მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება თურქი მესხების რეპატრიაციაზეც. და თანაც, აბსოლუტურად ლოგიკურად – განსხვავებით ბურებისაგან, თურქ მესხებს იმ 40 ლარსაც ვერ გამოართმევს ჰექტარ მიწაში. ხოლო თურქი მესხების მასობრივი, არაეტაპობრივი და კომპაქტური ჩამოსახლება (მით უფრო – თუ სამცხე-ჯავახეთში მოხდა ეს) რა ახალ პრობლემებს და გამოწვევებს გამოიწვევს, ამაზე დასაფიქრებლად საქართველოს დიდ უშიშროების საბჭოს დიდ მდივანს – გიგა ბოკერიას ალბათ არ სცალია – მას ხომ რუსეთის #1 მტრად ოფიციალურად აღიარების #1 ისტორიული ამოცანის შტურვალზე უდევს მარჯვენა…

http://www.independent.co.uk/news/world/europe/boer-farmers-head-for-new-home-in-georgia-2128794.html

 

http://solomonternaleli.wordpress.com/

6 Responses to “• თავს არ მოიკლავს ქართველი, არა…”

  1. diaokh said

    ძალიან კარგი სტატიაა ბურებზე, დიდი მადლობა, იმედია აქ მაინც იქნება ქართველი ერი ერთსულოვანი და არ დაუშვებს ბურების ჩამოსახლებას!!!

    Like

  2. a. sanduxaZe said

    როდის ვიყავით ერთსულოვნები, ახლა რომ გაავხდეთ, ისე ჩამოასახლებენ, როგორც მოეწონებათ.

    Like

  3. lmmmml said

    xelisufleba rogor chevzvalot? jer chven unda chvizvalot kartveli eri ertsulovnebi unda gavxdet. xmerto chemo eseti rameebi ase achkarad rom safrangetchi xdebodes mas frangi ar moitmenda da arafrangsaz miimxrobda. chven ra gvjirs gartvelebs ? ase ram gadagvagvara rom kvelafers achkarad vxedavt da ver vezinaaxmdegebit ? mag santlit xelchi ra borotuli ganzraxvis axsrulebas evedreba xmerts tu echmaks? tu zodvas inaniebs?(tu ki inaniebs mainz rames )mubarakis faktori? mubaraki titkmis ufulod zavida imastan chedarebit raz mas saerto jamchi konda. bevri angarichebi daublokes. chven michas vetkvit albat oxond zadi da gonebaz tan zaixeo. gana chevardnazes ase ar vutxarit? ramdeni zaixo da ramdeni daaklda amit xalxs? da saerton chvens kvekanasa da chevens ers raime sakutrebachi tu dautoves chevardnaze-saakachvima? gasakidi da gasazemi darcha kidev rame? xoda kidev chaukmenit kidev erti avtonomia burebs(kompakturad dasaxleba ar daavizkdet). che darexvilo micha ase ram chegazula cheni eri, cheni kultura da tradiziebi?vinz sakartvelochi zxovrobs kartuli magas ver uszavlia da kartveli eri ver daufasebia. sakmaod gvaksv magalidebi amisi da exla kidev eg burebi . sul gadavgvardit albat kartvelebi . ratom zin ar axudgebit am kvelafers sanam gvian ar aris?tkven xom tkven taobebs utovebt oms da ubedurebas sxvebis chamosaxlebit? che darexvilo da damtxveulo kazo cheukmeni pirobebi xalxs da tvitonve eknebat gamravlebis survili . ramdeni gamoakziat kveknidan? tu kvela dabrundeba chven bevri vart chvenve gavmravldebit. daanaxet xalx rom sizozxle cheizleba sakartvelochi. ra absurduli mxareebi mokavs dadebitad ma korespodents.

    Like

  4. lmmmml said

    xelisufleba rogor chevzvalot? jer chven unda chvizvalot kartveli eri ertsulovnebi unda gavxdet. xmerto chemo eseti rameebi ase achkarad rom safrangetchi xdebodes mas frangi ar moitmenda da arafrangsaz miimxrobda. chven ra gvjirs gartvelebs ? ase ram gadagvagvara rom kvelafers achkarad vxedavt da ver vezinaaxmdegebit ? mag santlit xelchi ra borotuli ganzraxvis axsrulebas evedreba xmerts tu echmaks? tu zodvas inaniebs?(tu ki inaniebs mainz rames )mubarakis faktori? mubaraki titkmis ufulod zavida imastan chedarebit raz mas saerto jamchi konda. bevri angarichebi daublokes. chven michas vetkvit albat oxond zadi da gonebaz tan zaixeo. gana chevardnazes ase ar vutxarit? ramdeni zaixo da ramdeni daaklda amit xalxs? da saerton chvens kvekanasa da chevens ers raime sakutrebachi tu dautoves chevardnaze-saakachvima? gasakidi da gasazemi darcha kidev rame? xoda kidev chaukmenit kidev erti avtonomia burebs(kompakturad dasaxleba ar daavizkdet). che darexvilo micha ase ram chegazula cheni eri, cheni kultura da tradiziebi?vinz sakartvelochi zxovrobs kartuli magas ver uszavlia da kartveli eri ver daufasebia. sakmaod gvaksv magalidebi amisi da exla kidev eg burebi . sul gadavgvardit albat kartvelebi . ratom zin ar axudgebit am kvelafers sanam gvian ar aris?tkven xom tkven taobebs utovebt oms da ubedurebas sxvebis chamosaxlebit? che darexvilo da damtxveulo kazo cheukmeni pirobebi xalxs da tvitonve eknebat gamravlebis survili . ramdeni gamoakziat kveknidan? tu kvela dabrundeba chven bevri vart chvenve gavmravldebit. daanaxet xalx rom sizozxle cheizleba sakartvelochi. ra absurduli mxareebi mokavs dadebitad ma korespodents. da kidev erti pirveli ledi cheuzlia mochordes sakartvelos tavisi ojaxianad da tavis kvekanachi datkbes burebit. sakartvelo tavisi kvekana ar aris da mochordes

    Like

  5. uchancho said

    ვაა, რა არის გაუგებარი ბოლოსდაბოლოს რა გახდა რომ ყველაფერს თავის სახელი დაარქვათ. რას ნიშნავს თურქი მესხი? ის ხალხი თავს თურქებად თვლის (უუმცირესი ნაწილის გამოკლებით) ისინი არიან თურქები. უფრო სწორი იქნება “მესხი თურქები (ahiska turkleri). რატომ ართმევთ ამ ხალხს ეროვნებას? რატომ უძახით ქართველებს, როდესაც ისინი თავიანთ თავს უწოდებენ მესხ თურქებს და არა თურქ მესხებს?(ahiska turkleri) ანუ თურქები აჰისკადან. აჰისკას უძახიან მესხეთის რეგიონს.

    Like

  6. lmmmml said

    sulaz ar vtvli vaaaaaaaaaaaa me vambob tu ki tviton tvlian metki tavs da tuki martlaz akvt sisxli kartuli da tanaz es im chemtxvevachi tu ki burebis chamosaxleba seriosul xasiats miixebs. magat chamosaxlebas egret zodebuli turki mesxebi ara sjobia metkiiiiiiiii, me egre vtkvi.ise arz erti moutans sakartvelos siketes arz meore. ase rom tavchi kvaz uxlia ertsaz da meoresaz da imasaz visaz burebis chamosaxlebis idea akvs………

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s