Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ რატომ არ უნდა გერმანიას საქართველოს ყოფნა ნატოში?

რატომ არ უნდა გერმანიას საქართველოს ყოფნა ნატოში?

 

ამ კითხვას და მის ანალოგიურ სხვა კითხვებს კარგა ხნის ისტორია აქვთ.

რანი არიან ერთმანეთისთვის დღესდღეობით (და მთელს განჭვრეტად მომავალში) მსოფლიო პირველობისთვის თითქმის ყველა პარამეტრში მებრძოლი გერმანია და დღეს ყოფნა-არყოფნის მიჯნაზე მდგომი საქართველო?

ისინი არიან, პირველ ყოვლისა, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს გაქრისტიანებული ქვეყნები იმ განსხვავებით, რომ საქართველოში ქრისტიანობის აღიარებას სახელმწიფო რელიგიად (354 წ) წინ უსწრებდა მრავალსაუკუნოვანი სხვა საკუთარი (და აღმოსავლეთის სამყაროსაგან მნიშვნელოვნად დავალებული) კულტურა, გერმანელებისათვის კი ქრისტიანობაში შესვლა და მწიგნობრულ კულტურაში შესვლა ერთი და იგივე ხდომილება იყო. საერთო აქვთ ისიც, რომ თავისი დღევანდლამდელი ისტორიის უდიდესი ნაწილი ცხოვრების ფეოდალური წესის პირობებში აქვთ გავლილი, სხვა სიტყვით _ განვითარებული და განშტოებული ფეოდალური საზოგადოების შემოქმედნი არიან თავის მიწაწყალზე (რაც სრულებითაც არ არის ყველა ერის მიღწევა და პრივილეგია, არამედ მხოლოდ ზოგიერთისა. არ არის, კერძოდ, იმ ერთა მიღწევა, რომელთაც ევროპაშიც, და არა მხოლოდ აზიაში, ცხოვრების დესპოტური წესი აირჩიეს). საერთოა (ანალოგიურია) ჩვენს შორის ისიც, რომ ერთერთ ყველაზე ტრაგიკულ ტვირთად საუკუნეთა მანძილზე ქართველებსაც და გერმანელებსაც ფეოდალური დაქსაქსულობა გვქონდა და, ამავე დროს, ზოგადეროვნულ იდეალად _ ერთიან ეროვნულ სახელმწიფოდ ყოფნა. საქართველოს ინტელექტუალურმა წრეებმა გერმანიის შესახებ ბევრი იცოდნენ, გერმანიისამ საქართველოს შესახებ _ ცოტა. პირველებს გერმანიისადმი, ტრადიციულად, დიდი ინტერესი ჰქონდათ და მასში, ასევე ტრადიციულად, პოტენციურ მოკავშირეს ხედავდნენ, როგორც ევროპის ერთერთ დიდსა და მოწინავე ძალას, რომელიც (იგულისხმებოდა) რუსეთის იმპერიული ბატონობის ამბიციებს პირისპირ უდგას, ამა თუ იმ სახით, და მომავალშიც ყოველთვის ედგომება. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როცა გერმანია დამარცხებული და, გამარჯვებულთა აზრით, ლამის დამნაშავე სახელმწიფოს როლში იმყოფებოდა, რამდენიმეწლიან დამოუკიდებლობამოპოვებული საქართველო მსოფლიოს პირისპირ ოფიციალურად აცხადებდა (იხ. “წითელი წიგნი”), რომ მას ომისა და მისი შემდგომი დროის მანძილზე გერმანიის მხრიდან სრული კორექტულობისა და საკუთარი სიტყვისადმი სრული ერთგულების გარდა არაფერი უნახავს (რაც, რა თქმა უნდა, სრულებით არ ემთხვეოდა იმას, რისი გაგონებაც ამ დროს საწადელი იყო გამარჯვებულთათვის). საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს კვლავ ანექსიის შემდეგ (1921) საქართველო, როგორც თავისთავადი სუბიექტი პოლიტიკისა, აღარ არსებობდა და, შესაბამისად, აღარ არსებობდა რაიმე დამოუკიდებელი ურთიერთობა ერთის მხრივ ქართულ სახელმწიფოსა და ხალხს, მეორე მხრივ გერმანულ სახელმწიფოსა და ხალხს შორის.

კითხვები იწყება 1994 წლიდან, როცა საქართველოში 1992 წლიდან დაარსებული ეუთოს მისია ჯერ ელჩი აიფის, ხოლო შემდგომ ელჩი ბოდენის ხელმძღვანელობით (ორივე გერმანელია) იკავებს მკაფიოდ და, რაც არსებითია, ულოგიკოდ და უპრინციპოდ მტრულ პოზიციას საქართველოსა და მისი სასიცოცხლო სახელმწიფოებრივი ინტერესების მიმართ. ეს დახასიათება რომ ჰიპერბოლას არ შეიცავს, ეს სხვა მრავალ დეტალთან ერთად იქიდანაც ჩანს, რომ მისიის რეკომენდაციაში ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე ნათქვამია, არაერთ ქართველს მიაჩნიაო, რომ დემოგრაფიული სიტუაცია უნდა გადაისინჯოს საქართველოში მაცხოვრებელი ოსების საზიანოდ (თუმცა ვერ იმოწმებს, _ უფრო მეტიც: ვერ ასახელებს _ ვერც ერთ წერილობით ან ზეპირად ამ აზრის გამომთქმელ ქართველს), აგრეთვე, ფაქტის დაუსახელებლად ახდენს კონსტატაციას, რომ ქართველები უარყოფენ ოსი მაცხოვრებლების უფლებას იცხოვრონ საქართველოში, მაშინ როცა სინამდვილეში ქართველები უარყოფენ მხოლოდ ოსი მოსახლეობის უფლებას, რომ საქართველოს ტერიტორიის ერთ ნაწილს უწოდონ “ოსეთი” (ანუ სახელი, რომელიც მხოლოდ რუსმა ოკუპანტებმა და დამპყრობლებმა შეთხზეს ყოველგვარი ისტორიული ან დემოგრაფიული საფუძვლის გარეშე, ისიც _ არა საქართველოს რომელიმე ინსტანციის, არამედ რუსეთის ბოლშევიკური პარტიის კავკასიის ბიუროსა და ცეკას დადგენილებით და რომელიც შემდეგღა გაიმეორა საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ, საქართველოს ხელმეორე ანექსიის მომდევნო 1922 წელს. ეუთოს მისიის ეს რეკომენდაცია დაბეჭდილია გაზეთში “სვობოდნაია გრუზია” (შერბილებული სახით), მასზე ქართველ პარლამენტართა ერთი ჯგუფის პასუხიც დაბეჭდილია (ინგლისური შეურბილებელი დედანი ხელთ მაქვს და შემიძლია მსურველს წარვუდგინო, თუ იგი მიმართავს გაზეთის “სააქართველო” რედაქციას). საყურადღებოა, რომ როდესაც საქართველოს პარლამენტის ერთერთმა წევრმა ეუთოს მისიის ახალ წევრს, ეროვნებით ფრანგს, უსაყვედურა მისიის არაობიექტურობის გამო, ხსენებულმა ფრანგმა დიპლომატმა მას უპასუხა “უკაცრავად, _ ეს მისიის აზრი კი არ არის, არამედ მისი გერმანიული ნაწილის აზრია”.

ბუნებრივია, რომ კითხვა, რამ განაპირობა (პრაგმატული ინტერესების თვალსაზრისით, ფსიქოლოგიურად ან სხვა რამ მიზეზითა და მოტივით) მისიის გერმანული ნაწილის ეს ქართველებისათვის საზიანო მიკერძოება, ქართველ საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა. შესაძლო პასუხი ორი იყო _ ორივე არასაკმარისი და ამასთანავე ნაკლებ ალბათი. ერთი ის გახლავთ, რომ II მსოფლიო ომის დროს უნგრეთი იყო გერმანიის ყველაზე უკეთ მეომარი მოკავშირე, რამაც გარკვეული როლი ითამაშა იმაში, რომ უნგრეთისთვის სადავო ტერიტორია _ ტრანსილვანია _ ცალსახად და უყოყმანოდ დაუკანონდა პაექრობის მეორე მხარეს. ამიტომ _ ასეთი იყო ამ აზრის მომხრეთა მიერ მიცემული ინტერპრეტაცია _ გერმანია თავის ვალად თვლის საქართველოში “სამხრეთ ოსეთად” წოდებული ტერიტორიულ-პოლიტიკური ერთეულის დაკანონებით ხელი შეუწყოს პრეცედენტის შექმნას, როცა ეთნიკური ანკლავი, როგორიც არის კომპაქტური უნგრული მოსახლეობის შემცველი ტრანსილვანიაც, არის მაქსიმალურად ფართო უფლებების მომცველი (პოლიტიკური) ერთეული, რეალურად _ სახელმწიფო სახელმწიფოში (თუმცა განსხვავებად ის დარჩა, რომ ტრანსილვანიას სახელად “აღმოსავლეთ უნგრეთი” არ სწოდებია, საქართველოს კი ეუთოს მისიამ ურჩია “ცხინვალის რეგიონს” “ოსეთი” უწოდოს. მეორე შესაძლო მოტივად იგულისხმება ის, რომ, როგორც გვიჩვენა მეორე მსოფლიო ომის პრაქტიკამ, ოსებთან, როგორც ინდოევროპული (იგივე ინდოგერმანული) მოდგმის ხალხთან, პროპაგანდულ-იდეოლოგიური მუშაობისთვის გერმანელებს ფართო შესაძლებლობები აქვთ, რის გამოც ოსების ეთნიკურ მისწრაფებათა მხარდაჭერა, რომელთაც თავისი ეთნიკური ტერიტორიის გაფართოება უნდათ ქართველთა ისტორიული და ეთნიკური ტერიტორიის ხარჯზე, გერმანიას ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის საყრდენის მოპოვებისათვის კავკასიაში და კერძოდ ამიერკავკასიაშიც. იგულისხმებოდა აგრეთვე, რომ საქართველოში “სამხრეთ ოსეთის” სახით ფაქტობრივად თითქმის დამოუკიდებელი ტერიტორიულ-პოლიტიკური ერთეულის არსებობა გერმანულ სახელმწიფოს, რომელსაც მინორიტეტულ ჯგუფთა პრობლემები არ გააჩნია, გაუძლიერებდა პოზიციებს მის მშვიდობიან მეტოქეობაში სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან, რომელთაც ამგვარი პრობლემები აქვთ. არსებითად იგივე პასუხი (ვიმეორებ: უკმარისი პასუხი) ეძლეოდა საზოგადოებრიობის მიერ კითხვას, თუ რით არის მოტივირებული ცნობილი და პოპულარული გერმანელი ჟურნალისტის ფრიც პლაიტგენის წიგნში Durch den wilden Kaukasus რამდენიმე გვერდი, სადაც სტრიქონებს შორის ძალიან მკაფიოდ იკითხება სინანული იმის გამო, რომ აფხაზეთიდან ეთნიკური წმენდით გამოდევნილ ქართველებს, ალბათ, ოდესმე საშუალება მიეცემათ, თავის სახლებში დაბრუნდნენ _ სინანული, რომელიც მას მოჰგვარა საუბარმა ბერიას აგარაკში დაბინავებულ ზემოხსენებულ ბოდენთან, იმ დროს გაეროს წარმომადგენელთან აფხაზეთში.

ანალოგიური კითხვები და მათი პასუხების ბნელში ხელის ფათურით ძიების ანალოგიურივე საჭიროება გაჩნდა ახლა, როცა, როგორც ჩვენი გერმანიაში მაცხოვრებელი თანამემამულეებისაგან ვიცით, გერმანიის მედიაში ძალიან ფართოდ არის გავრცელებული საქართველოსთვის არასასარგებლო ინფორმაცია (პირდაპირ ვიტყვი _ ყალბი ინფორმაცია) საქართველოს სეპარატისტებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ და საქართველოსთვის აგრეთვე ძალიან არასასარგებლო თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც საქართველოს გაწევრიანება ნატოში არა თუ სასურველი, არამედ დასაშვებიც არ არის. მასალები მწირია. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ფაქტია, რომ ეს მასალები გამოირჩევა სრული არაინფორმირებულობით (არ მინდა ვიხმარო სიტყვა _ იგნორანციით, ქართულად _ უმეცრებით) კონკრეტულ ფაქტებთან მიმართებაში, ერთის მხრივ, და იმის ასეთივე სრული უგულებელყოფით, რომ არსებობს კაცობრიობისთვის სასიცოცხლო პროცესთა მართვის, მათ შორის _ პოლიტიკის მართვის პრინციპები, რომელთა გარდახდომაც არა მხოლოდ ზოგადმნიშვნელადი მორალური სისწორისაგან გადახვევას ნიშნავს, არამედ პრაგმატულად არსებითისგანაც, და რომელთა დაცვა და დაუცველობა განაპირობებს შესაბამისი პოლიტიკის წარმატება-წარუმატებლობას შედარებით ახლოსა თუ შორეულ მომავალში.

ჩვენ ხელთ გვაქვს გერმანიაში მაცხოვრებელი ორი ქართველი მანდილოსნის _ ნანა ჭელიძე-ჟაკისა და მარიკა ლაფაური-ბერკის წერილი სათაურით “რას წერენ გერმანელი მეცნიერები საქართველოში კონფლიქტების შესახებ (ერთი სტატიის მაგალითზე)”. სტატია ეკუთვნის, ავტორთა სიტყვით, “გერმანელ მეცნიერსა და კავკასიის საკითხებში ეუთოს მრჩეველს” მარიეტა ქიონიგს, რომელიც, მათივე ცნობით, “მიწვეულია ყველა კონფერენციაზე, ბოლო წლებია, აქვეყნებს საქართველოზე სტატიებს. მისი შეხედულებები და თეზისები გერმანიაში განიხილება, როგორც სტანდარტი საქართველოს საკითხების შეფასებისას (დამატებითი ინფორმაცია: www.core-hamburg.de). ავტორებს მოჰყავთ შემდეგი ვრცელი ამონარიდი ქ-ნ მ. ქიონიგის სტატიიდან საკუთარ თარგმანში მოკლე-მოკლე კომენტარებით. აი, იგი:

“სამხრეთ ოსეთის გადაუჭრელი პრობლემები” (არამდგრადი სამშვიდობო შეთანხმება).

“1990-იან წლებში კავკასიაში გაჩაღებულმა ომებმა საბოლოოდ დაამსხვრია აქამდე არსებული რომანტიული მითები ამ რეგიონის შესახებ. კავკასია ოდითგანვე ხომ “ენების მთად” იწოდებოდა, სადაც 40-მდე განსხვავებული ეროვნების მოსახლე 60-მდე ენაზე საუბრობს და ერთმანეთთან მშვიდობიანად ცხოვრობს. ეს მშვიდობა კი საბოლოოდ მაშინ დაირღვა, როდესაც საბჭოთა კავშირის ნაციონალისტური პოლიტიკის შედეგად საზღვრების ხელოვნური გადაწევა განხორციელდა.

“ამ პროცესების შედეგად კი განსაკუთრებით ოსი ხალხი დაზარალდა. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შედეგად ოსი ხალხი საბოლოოდ შუაზე გახლეჩილი აღმოჩნდა საქართველოსა და რუსეთს შორის.

“(უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოსაზრებას ორად გაყოფილ ოს ხალხზე ხშირად გაიგონებთ გერმანიაში. მთარგ.). მომდევნო 70 წლის მანძილზე საბჭოთა დიქტატურის პირობებში ეთნიკურ-ტერიტორიული დაპირისპირებები თუმცა ფარულად, მაგრამ მაინც მიმდინარეობდა.

“მოსალოდნელი ასიმილაციის და გაუცხოების შიშით ინსპირირებულ კონკურენციებს ადგილობრივ ხელისუფალთა მიერ გავლენის სფეროების გადანაწილებაზე დაემატა საბჭოთა ხელისუფლების მუდმივი მცდელობები, გამოეყენებინა სამხრეთ ოსეთი როგორც კოზირი საქართველოს ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ.

“საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სამხრეთ ოსეთი თავისი ტერიტორიული პოზიციების გაძლიერებას შეეცადა, რასაც ქართველების მხრიდან წინააღმდეგობები მოჰყვა. გაჩაღდა საომარი მოქმედებები. ოფიციალურად ქართულ-ოსური კონფლიქტი 1992 წლის 24 ივნისს სოჭში დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებით და 2004 წელს განახლებული ხელშეკრულებით გადაჭრილად ითვლება. მიუხედავად ამისა, შეიარაღებული კონფლიქტები მუდმივად მიმდინარეობს. სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხი კი 2007 წლამდე გადაუჭრელი დარჩა.

 “ოსი ხალხის ეთნოგენეზისი. კონფლიქტი ქართველებსა და სამხრეთ ოსებს შორის ისტორიულად ღრმად ფესვებგამდგარი ეთნო-ტერიტორიული დაპირისპირების შედეგია. ის ეფუძნება ამ ორ ერს შორის არსებულ ეთნიკურ, ტერიტორიულ და კულტურულ-ანთროპოლოგიურ განსხვავებას. ამით აიხსნება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოსახელობის განსახლების და ძალაუფლების დემონსტრირების მიმდინარე პროცესები”.

შემდეგ, მთარგმნელთა სიტყვით, ავტორი მოკლედ მიმოიხილავს ოსური ენის ჩამოყალიბების პროცესებს და აღნიშნავს, რომ “1954 წლიდან ოსური ენის დამწერლობა კირილიცაზე იქნა აგებული, მანამდე კი, საქართველო და რუსეთი წლების მანძილზე უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს ენობრივი გავლენის მოსაპოვებლად და ცდილობდნენ ახლადშექმნილი ოსური დამწერლობისათვის თავს მოეხვიათ შესაბამისად ხან ქართული და ხან რუსული ანბანი”.

(გაუგებარია, რას ნიშნავს “მანამდე”. მთარგ.).

შემდეგ გრძელდება:

“…მათ (ოსების) ეთნოლოგიური და ენობრივ-ავტოქტონურ განსაკუთრებულობას ემატება ისიც, რომ ოსები ძირითადად ქრისტიანები არიან და ჩრდილოეთ-კავკასიის მუსულმანი ერების ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლებში, რომელიც მე-19 საუკუნეში ცარისტული რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, ისინი მონაწილეობას არ იღებდნენ. ოსები საკუთარი თვითგამორკვევისათვის იბრძოდნენ სამხრეთ კავკასიაში ქართველების წინააღმდეგ და ამ ბრძოლის ფონზე მუდმივად ცდილობდნენ რუსეთისაგან მხარდაჭერა მოეპოვებინათ. აქედან გამომდინარე, ოსები რუსების “ყმებად” მოიაზრებოდნენ და დიდი ხნით იზოლაციაში იმყოფებოდნენ”.

ქართული საზოგადოებისათვის, ალბათ, ყველაზე საინტერესო იქნება ქვესათაური “კონფლიქტის ისტორიული განვითარება”, ამიტომ ამ თავს მთლიანად მოვიყვანთ:

“მაშინ, როდესაც სამხრეთ ოსები ჩრდილოეთ კავკასიაში საუკუნეების მანძილზე მცხოვრებ თავიანთ წინაპრებზე მიუთითებენ და თავიანთი განსახლებისა და ავტონომიურ უფლებებს ამით ასაბუთებენ, საქართველო მათ მოთხოვნებს სამაჩაბლოდ წოდებულ (სამაჩაბლო _ ასე უწოდებენ ამ რეგიონს წლების მანძილზე აქ გაბატონებული თავადის სახელის მიხედვით) შიდა ქართლში (შიდა ქართლი რეგიონია ჩრდილოეთ საქართველოში) კატეგორიულად უარყოფს (გვინდა აღვნიშნოთ, რომ “სამაჩაბლო” აქ ხშირად განსაკუთრებულ კონტექსტში მოიხსენიება, _ როგორც რეგიონი, სადაც ქართველი თავადი იყო გაბატონებული. მთარგმ.). საქართველოს არგუმენტად მოჰყავს ის ფაქტები, რომ ოსები რუსეთის სამხრეთ საზღვარზე პირველად მე-17 საუკუნეში დასახლდნენ და, აქედან გამომდინარე, ამ რეგიონში “სტუმრები” არიან და რომ ოსეთი მე-19 და მე-20 საუკუნეებში ხელმეორედ იქნა გაყოფილი საქართველოსა და რუსეთს შორის და, ამდენად, სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეული, არ არსებობდა. ოსეთის სამხრეთ ნაწილი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ქართველი თავადების მმართვლობის ქვეშ იყო, ჩრდილოეთ ნაწილი კი რუსეთის ადმინისტრაციული ერთეულების დაქვემდებარებაში შედიოდა. იმ დროისათვის ოსები ყველაზე გაჭირვებულ ფენას წარმოადგენდნენ, ხშირი იყო გლეხთა ამბოხებები, რომლებიც უმეტესად მარცხით სრულდებოდა. 1918 წლის 22 აპრილს (შეცდომა არაა, 22 აპრილია ტექსტში მითითებული. მთარგმნ.), ისარგებლა რა რუსეთში რევოლუციური არეულობებით, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რითიც ოსეთის გაყოფის საკითხი საბოლოოდ დაგვირგვინდა.

“ამას, 1918-1920 წლებში მოჰყვა რიგი აჯანყებებისა, რომლებიც ქართულმა ჯარებმა სისხლში ჩაახშეს. მხოლოდ 1920 წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით 5000 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 20 000 ოსმა კი სამხრეთ ოსეთიდან ჩრდილოეთ ოსეთს შეაფარა თავი.

“1922 წელს სამხრეთ ოსეთს ავტონომიური ოლქის სტატუსი მიენიჭა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ფარგლებში. ხოლო, ჩრდილოეთ ოსეთმა 1936 წელს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი მიიღო რუსეთის ფედერაციის ფარგლებში. ასეთი სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი დაყოფა საბჭოთა კავშირის დაშლის მერეც შენარჩუნდა.

“1989 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩატარებული აღწერით, საქართველოში ცხოვრობდა 164 000 ოსი, ამათგან სამხრეთ ოსეთში 65 000 (მთლიანად სამხრეთ ოსეთში 98 000 მაცხოვრებელი იყო).

“ამჟამად არ არსებობს დაზუსტებული რიცხვები მოსახლეობის რაოდენობისა და ეთნიკური დაჯგუფებების შესახებ”.

ციტირებული ტექსტიდან ჩანს, რომ ავტორმა, ქ-ნმა ქიონიგმა არ იცის საგანი, რომელზეც წერს, თუმცა ეს არ უშლის მას ხელს, რომ ამავე საგანზე ეუთოს მრჩეველი იყოს, “ყველა კონფერენციაზე იყოს მიწვეული” და ამავე საკითხებზე სამსჯელოდ გერმანიაში “სტანდარტთა” დამდები (ამით _ აგრეთვე გერმანული პოლიტიკის თანაგანმსაზღვრელი) იყოს. აი, მისი შეცდომები ციტირებულ ამონარიდში.

1. არაა მართალი, რომ “1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ოსი ხალხი საბოლოოდ შუაზე გახლეჩილი აღმოჩნდა საქართველოსა და რუსეთს შორის” (რასაც ავტორი ამავე აბზაცში ოსების “დაზარალებად” რაცხს), ისევე როგორც არ ვიქნებით მართალნი, თუ ვიტყვით, რომ ჩინელი ხალხი “დაზარალებულია” იმის გამო, რომ ჩინელ ხალხს დიასპორები ჰყავს, ანუ ჩინელთა გარკვეული რაოდენობა ჩინეთის გარეთ ცხოვრობს და მათი სახლობის ადგილები ჩინეთთან ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებული არ არის. ოსები საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე, ანუ ძირითადად კავკასიონის სამხრეთით (დღეს რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიათა ჩათვლით) ცხოვრობენ მხოლოდ XVII საუკუნიდან (თრუსოს ხეობის გამოკლებით, რომელიც კავკასიონის ჩრდილო ფერდობშია და რომელშიც ოსები XVI საუკუნიდან არიან ამოსულნი). რუსეთის მიერ საქართველოს პირველ ანექსიამდე (1801) ოსური მოსახლეობა საქართველოში არსებობდა მხოლოდ  მიმოფანტული მცირე მთის სოფლების სახით და არც ერთ ხეობაში, ისევე, როგორც არც ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობის ცოტა მაინც მნიშვნელოვანი პროცენტი არ შეუდგენია. კომპაქტური ოსური მოსახლეობა საქართველოში (თრუსოს ხეობის გარდა, სადაც რამდენიმე ასეული ოჯახი ოსი ცხოვრობს) მაინც არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს რაიმე საფუძველი იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის რომელსამე ნაწილს ამ დროს (1801 წლის შემდეგ 1917 წლის რევოლუციამდე) “ოსეთი” ეწოდებოდეს.

შენიშვნა. რუსულ კოლონიურ ადმინისტრაციას (1801 წლიდან) ჰქონდა ტენდენცია ზედსართავი “ოსეტინსკი (აია)” ეხმარა საქართველოში შემავალი სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულების მიმართ (მაგრამ არა არსებითი სახელი “ოსეტია”), სადაც კი ოსები რაგინდარა მცირე პროცენტით ცხოვრობდნენ. ეს მეტყველებს მხოლოდ რუსების სიმპათიაზე ოსებისადმი იმის გამო, რომ ოსები იყვნენ ერთადერთი ხალხი ჩრდილოეთ კავკასიაში (ისევე, როგორც სომხები სამხრეთ კავკასიაში), ვინც მხარს უჭერდა რუსეთის კოლონიურ გაბატონებას ამ რეგიონში (და არა “არ მონაწილეობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში”, როგორც ქ-ნი ქიონიგი ფიქრობს). ოსთა რაოდენობა საქართველოში ზრდას იწყებს განსკუთრებით 1864 წლიდან (ბატონყმობის გაუქმებიდან), როცა უყმებოდ დარჩენილი ქართველი თავადაზნაურობა (Adel) იწყებს ოსების ჩამოსახლებას ხიზნებად კავკასიონის ჩრდილოეთი ფერდობებიდან.

ოსი მოსახლეობის ზრდის დინამიკა საქართველოში ჩვენთვის პოლიტიკურ კონტექსტში საინტერესოა. ხსენებულ წლებში შემდეგია (А. Тотадзе, Осетины в Грузии, Тбилиси, 2006).

თუ 1860 წელს საქართველოში ცხოვრობს 19 324 ოსი, 1880 წელს (ჩრდილოეთიდან იმიგრაციის შედეგად) ცხოვრობს 51 988 (ამათში, თუ გავითვალისწინებთ ტრადიციულ პროპორციას, ცხინვალის რეგიონში ცხოვრობს 40%-ზე ნაკლები) და 1989 წლის აღწერით სულ საქართველოში ცხოვრობს დაახლოებით 160 ათასი ოსი, ამასთან ცხინვალის რეგიონში, ე.წ. “სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში” _ 65 ათასი (ქართველები დაახლოებით 30 ათასი), “სამხრეთ ოსეთის” შექმნის მომენტისათვის ოსები ამ ტერიტორიაზე უმცირესობა არიან, ქართველები _ აბსოლუტური უმრავლესობა.

2. არაა მართალი, რომ საქართველოსა და ოსეთს შორის “საზღვრების ხელოვნურად გადაწევა” “საბჭოთა კავშირის ნაციონალისტური პოლიტიკის შედეგად” არის იმის მიზეზი, რომ “მშვიდობიანი ცხოვრება” სხვადასხვა ხალხებისა დაირღვა კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ჯერ ერთი, საბჭოთა კავშირი თავისი “პროლეტარული ინტერნაციონალიზმის” იდეოლოგიითურთ იყო დაუძინებელი მტერი ნაციონალიზმისა, განსაკუთრებით _ შედარებით მსხვილი და კულტურულად ძლიერი ერების ნაციონალიზმისა, რის გამოც იგი ქართველებს შეუდარებლად უფრო საძულველ მტრებად თვლიდა, ვიდრე ოსებს (ეს იყო საბჭოთა პოლიტიკის პრინციპთა პრინციპი. ვინც ეს მარტივი ჭეშმარიტება არ იცის, იმან, შეიძლება ითქვას, საბჭოთა კავშირი არ იცის). მეორეც. საზღვრის გადაწევა საქართველოსა და ოსეთს (ანუ კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარე ნამდვილ ოსეთს, დღეს “ჩრდილო ოსეთად” წოდებულს) შორის მოხდა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, და არა პირიქით, რითაც საქართველომ თავისი ეთნიკური და ისტორიული ტერიტორიის კარგა მოზრდილი ნაკვეთი დაკარგა. მესამეც (და მთავარი), იმ სიახლეთა ჩამოთვლისა და აღწერისას, რაც ოსი ხალხის ცხოვრებაში მოხდა გასაბჭოებასთან დაკავშირებით, ავტორი არ ახსენებს იმას, რაც ყველაზე არსებითია: რომ საბჭოთა ხელისუფლებამ მისცა ოს ხალხს ის, რაც მას არასოდეს ჰქონია და დედამიწაზე მოქმედი არც ერთი იურიდიული, ადათობრივი, მორალური ან ტრადიციისმიერი ნორმით არ ეკუთვნოდა: მან ოსებს შეუქმნა ახალი ეროვნული ტერიტორია მათი ქვეყნის (ოსეთის) გარეთ, სხვა ქვეყანაში (საქართველოში), ამ უკანასკნელის ეთნიკური და ისტორიული მიწაწყლის ხარჯზე, და ამ ახალ ტერიტორიას თვითნებურად, ანუ ყოველგვარი ისტორიული, იურიდიული, მორალური ან სხვა რამ საფუძვლის გარეშე, დაარქვა “ოსეთი”, კონკრეტულად _ შეუთხზა სახელი “სამხრეთ ოსეთი”. ოსი ხალხისათვის საბჭოთა ხელისუფლების მიერ ბოძებული ეს საჩუქარი იყო გასამრჯელო იმისათვის, რომ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა ოსებმა მხარი დაუჭირეს ბოლშევიკების მიერ ორგანიზებულ აგრარულ ამბოხებას დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების წინააღმდეგ 1919 წელს.

3. ყველაზე პირდაპირი დეზინფორმაცია ცხინვალის რეგიონის კონფლიქტთან დაკავშირებით, რაც დღეს მსოფლიოში ფიგურირებს და რასაც ან ფაქტთა უმეცრებით ან შეგნებული სიცრუით აცხადებს პუტინიც, არის ის, რომ საბჭოთა კავშირის შექმნის პროცესში სტალინმა “ოსეთის” ნაწილი საქართველოს მისცა. სინამდვილეში, ჯერ ერთი, ის, რაც იმ დროს გადაწყდა და გაკეთდა, სტალინის დონეზე კი არ გადაწყდა, არამედ უფრო მაღალ ინსტანციებში. მეორეც, საბჭოთა ხელისუფლების არც ერთი აქტით საქართველოს არაფერი არ მისცეს: პირიქით, საქართველოს ტერიტორიაზე,  მაშასადამე, საქართველოს ხარჯზე შექმნეს ის, რაც მანამდე არ არსებობდა _ “სამხრეთ ოსეთი”, ანუ შეკვეცეს საქართველოს იურისდიქციის ხარისხი მისივე მიწაწყლის 4500 კვ. კილომეტრის მიმართ. ქ-ნ ქიონიგის მსჯელობა (ვმსჯელობ თარგმანის მიხედვით. დედანი, სამწუხაროდ, ხელთ არ მაქვს) ძალიან ბუნდოვანია, მაგრამ იმის შეუვალად ჯიუტი ტენდენცია (სიტყვისათვის “ჯიუტი” მე აქ ალტერნატივა არ მეგულება), რომ ვერ გაიგოს მთავარი _ რომ “სამხრეთ ოსეთი” შეთხზული ქვეყანაა, სახელდობრ, რუსი დამპყრობლის მიერ შეთხზული, და არა რეალური _ მის მსჯელობას ამ ტერიტორიის სტატუსის ისტორიაზე და მისი დადგენის ფაქტორებზე განუშორებლად გასდევს (იხ. აქვე ზემოთ აბზაცი, რომელიც იწყება სიტყვებით “მაშინ, ქართველი საზოგადოებრიობისთვის” და თავდება სიტყვებით “საბოლოოდ დაგვირგვინდა”). პირველ ყოვლისა, აბერაციაა იმის თქმა, რომ როცა ოსები იმოწმებენ თავის მრავალსაუკუნოვან სახლობას ჩრდილო კავკასიაში, ამით ისინი ასაბუთებენ თავის უფლებებს სამხრეთ კავკასიის რომელიღაცა ნაწილის, სახელდობრ, ცხინვალის რეგიონის მიმართ. ოსებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს ორი სულ სხვადასხვა ტერიტორია გახლავთ. ჩრდილო კავკასიაში თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე რომ ლაპარაკობენ, ამით ისინი ასაბუთებენ თავის უფლებებს ვეინახების (ჩეჩნებისა და ქისტების) პირისპირ, რომელნიც მათ იქაც (ჩრდილო კავკასიაში) მოსულებად რაცხენ, და არა ქართველების პირისპირ). მეორეც, ოსები XVII ს-ში რუსეთის სამხრეთ საზღვარზე კი არ დასახლდნენ, არამედ საქართველოში. მესამეც, XIX-XX საუკუნეებში “ოსეთის” “მეორედ გაყოფა” ფანტაზიაა, რადგან არავითარი “ოსეთი” არ “გაყოფილა” არც XX საუკუნეში (ამ დროს, როგორც ვთქვით წეღან, ერთი ოსეთის, სახელდობრ, ნამდვილის გვერდით, რომელიც კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარეობდა და მდებარეობს, რუსი დამპყრობლის მიერ შეთხზული იქნა და 1922 წლიდან “დაკანონებულ” იქნა მეორე, ყალბი “ოსეთი” მის მიერ დაპყრობილი საქართველოს ტერიტორიის შიგნით და მის ხარჯზე). რაც შეეხება “ოსეთის” რაღაც გაურკვეველ სივრცეში მოთავსებულ მითიურ პირველ გაყოფას, იგი არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა, ვინაიდან ერთადერთ მანამდე არსებულ ოსეთს _ კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარეს _ არც რამე მოჰკლებია, არც რამე შეჰმატებია. მეოთხეც, აბერაციაა გამოთქმა, რომ “სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეული, არ არსებობდა”. იგი არ არსებულა არც როგორც ეთნიკური ტერიტორიული ერთეული, და არა მხოლოდ როგორც ადმინისტრაციული ერთეული. აბერაციაა იმის თქმაც, რომ ცხინვალის რეგიონში “ხშირი იყო გლეხთა ამბოხებები” (ასეთი ამბოხება, რამდენსამე ტალღად, მოხდა მხოლოდ 1919 წელს, ბოლშევიკების მიერ ორგანიზებული)”.

შეცდომებით უხვადაა მოფრქვეული ტექსტი ამ აბზაცის გარეთაც. მრავალთა შორის საყურადღებოა შემდეგიც (მოვყვები ციტირებულ ნაწყვეტს თავიდან): 1992 წლის 24.VI ხელშეკრულებით ცხინვალის კონფლიქტი “გადაჭრილად ითვლება” მხოლოდ რუსების მიერ და მათი ქართველი მარიონეტების მიერ, მაგრამ არა მოსახლეობის მიერ. “ქართველებსა და სამხრეთ ოსებს შორის კონფლიქტი” “ისტორიულად ღრმად ფესვგამდგარი” ვერ იქნება, რადგან კავკასიონის სამხრეთით ოსების სახლობა ამდენ დროს არ ითვლის; ძალიან საეჭვოა ბოლშევიკურად “იდეოლოგიზირებული” ციფრები, _ რომ 1920 წლის აპრილიდან ივნისამდე აჯანყების ჩაქრობისას 5000 კაცი დაიღუპა და 20 ათასი ჩრდილოეთში გავიდა (სულ ამ დროს საქართველოში 51 ათასზე ცოტა მეტი ოსი ცხოვრობდა, ამათში უმეტესობა _ ცხინვალის რეგიონის გარეთ). დასკვნას, მე მგონი, ალტერნატივა არა აქვს: მკვლევარი კომპეტენტური არ არის. თუ, როგორც საგაზეთო პუბლიკაციის ავტორები წერენ, იგი საქართველოს საკითხებში ეუთოს მრჩეველია, ეს იმას ნიშნავს, რომ ეუთოს ამ საკითხებში მრჩეველი არ ჰყავს, ხოლო თუ იგი ამ საკითხებში სტანდარტთა დამდებია, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს სტანდარტები ვითარებისადმი არაადექვატურად იდება.

ჩვენი მსჯელობის კონტექსტში მოსაყვანად ღირს ნიკოლას ბუსეს (Busse) პუბლიკაცია ინტერნეტში სათაურით “ომი, რომლის გადახდა ღირდა”. აი, იგი:

“ბოლო კვირათა მანძილზე ბრიუსელში ორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელთა კვალი ალბათ კიდევ დიდხანს გაჰყვება მსოფლიო პოლიტიკას _ ოღონდ ყველა შემთხვევაში სხვა, ვიდრე დღეს მრავალი მონაწილე მოელის. ერთი ისაა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა გააგრძელოს რუსეთთან მოლაპარაკება პარტნერობის ახალი შეთანხმების შესახებ, რომელიც შეწყვეტილი იყო საქართველოში მომხდარი ომის გამო. მეორე, ნატომ გზა გაიკაფა იმ გადაწყვეტილებისაკენ, რომ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომები თანდათანობით განახლდება. ეს სხდომებიც ამ ომის გამო იყო შეჩერებული.

 “ჯამში ეს ნიშნავს: ომიდან ოთხი თვის თავზე დასავლეთი აუქმებს თავის ზომებს მოსკოვის წინააღმდეგ, მას დღის მიმდინარე საქმეებთან დაბრუნება ჰსურს.

“ეს საქმის იმგვარი განვითარებაა, რომელიც  უშუალოდ ომის შემდეგ მოსალოდნელი არ იყო, ყოველ შემთხვევაში _ ასე მალე მოსალოდნელი. აგვისტოში ორსავე ხსენებულ ორგანიზაციაში ძლიერი ძალები არსებობდნენ, რომლებსაც ჰსურდათ რუსეთის დასჯა მისი შეჭრისათვის პატარა კავკასიურ ქვეყანაში: ბრიტებს, შვედებს, ბალტებს, სხვა აღმოსავლეთ ევროპელებს და პირველ ყოვლისა ამერიკელებს ჰსურდათ, რუსეთისათვის ფასი გადაეხდევინებინათ მისი მოქმედების გამო.

“ვაშინგტონში ეთანხმებოდნენ იმ აზრს, რომ დაემუხრუჭებინათ რუსეთის შესვლა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და იგი გაერიცხათ დიდი რვიანიდან. ევროკომისიაში ხდებოდა რუსეთთან არსებული ყველა ხელშეკრულების გადათვალიერება სანქციების შესაძლებლობათა დადგენის თვალსაზრისით.

ის, რომ დღეს ამაზე აღარავინ ლაპარაკობს, მნიშვნელვანწილად გერმანიის საგარეო პოლიტიკის შედეგია. მისი მთავრობა ევროკავშირშიც და ნატოშიც იმ პოზიციით გამოვიდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ რაც შეიძლება ნაკლები ზომები ყოფილიყო მიღებული, კიდევ უკეთესი _ სულაც არ ყოფილიყო მიღებული. ევროკავშირისა და რუსეთის შეთანხმებაზე მოლაპარაკებათა შეწყვეტის წინააღმდეგ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ ის მოსაზრება წამოაყენა, რომ ახალი მოლაპარაკების დადება ევროპელებს მეტ სარგებლობას მოუტანს, ვიდრე რუსებს. ნატოსა და რუსეთის დიალოგის შეწყვეტის წინააღმდეგ კი იგი იმ არგუმენტით გამოვიდა, რომ სწორედ კრიზისის დროსაა საჭირო დიალოგში ყოფნა.

“ამ ხაზს განსაკუთრებით დაბეჯითებით იცავდა საგარეო საქმეთა მინისტრი შტაინმაიერი. მაგრამ კანცლერის კანცელარიიდანაც მოდიოდა ხმა, რომ უმჯობესია რუსებს მათ შეცოდებებზე განმარტოებაში ველაპარაკოთ, ვიდრე ისინი საჯაროდ დავსაჯოთ.

“საყურადღებოა, რომ გერმანიაში ამ თემის განხილვაში ოდნავ თუ უთამაშია აქამდე როლი იმ ასპექტს, რომელიც, გრძელვადიანი მომავალი ინტერესების თვალსაზრისით, უდიდესი მნიშვნელობისაა: ესაა კითხვა, თუ რა სიგნალს უგზავნის დასავლეთი თავისი ქმედებით მსოფლიო პოლიტიკის სხვა მონაწილეებს, როცა რუსეთის ხსენებულ ქმედებებს უყურადღებოდ ტოვებს. სტრატეგიული თვალსაზრისით _ მსოფლიო პოლიტიკაში კი ჭეშმარიტი მნიშვნელობა მხოლოდ ამ თვალსაზრისს აქვს _ ზაფხულის ომში საქმე ეხება არა სამხრეთ ოსთა და აფხაზთა ბედს, არამედ კითხვას, თუ სადაა საქართველოს ადგილი _ ნატოში და ევროკავშირის გვერდით თუ, პირიქით, იგი რუსეთის გავლენის სფეროს ნაწილია.

“პასუხს, რომელიც დასავლეთმა ამ კითხვას გასცა, მოსკოვში ალბათ კმაყოფილებით შეჰხვდნენ. ეს პასუხი ხაზგასმით მეტყველებს: თუ შეიჭრებით ქვეყანაში, რომელსაც დასავლეთი ნატოში მიღებას შეჰპირდა და რომლითაც შეგიძლიათ ააწყოთ ენერგიის ტრანსპორტირება კასპიის რეგიონიდან, ამისთვის თქვენ, ყველა შემთხვევაში, გემუქრებათ მხოლოდ ორი კვირის მანძილზე უბრად ყოფნა. მეტიც: ისიც კი შეგიძლიათ, რომ ეს ქვეყანა დაანაწევროთ და იქ მეტი ჯარები ჩააყენოთ, ვიდრე მოლაპარაკებული იყო (იგულისხმება მოლაპარაკებები ჩვეულებრივი იარაღის განლაგების შესახებ. რედ.), ისე, რომ ამას არანაირი სერიოზული შედეგი არ მოჰყვება.

 

“მტკიცე კურსი ჩინეთთან”

“იმას, რომ დასავლეთს, პირველ ყოვლისა _ ევროპელებს შეუძლია დიდ ქვეყანას სხვაგვარადაც მოეპყრას, მოწმობს ევროკავშირის პოლიტიკა ჩინეთის მიმართ. მას შემდეგ, რაც მოხდა დიდი სისხლისღვრა პეკინის მთავარ მოედანზე, უკვე 19 წელია გასული, მაგრამ ამის გამო ევროკავშირი დღესაც აგრძელებს ჩინეთისათვის იარაღის მიწოდების ემბარგოს. ამაშიც სტრატეგიული სიგნალი ძევს: ევროპელები მზად არიან ათწლეულთა მანძილზე საჯონ შორეული მსოფლიო ძალები მათს შინაგან საქმეებში ჩადენილის გამო, მაგრამ შემკრთალნი ჩერდებიან, როცა ახლო მყოფი მსოფლიო ძალა ძალით უხვდება წინ მათ ხელჩართულ ინტერესებს.

“მსოფლიო პოლიტიკის დაუწერელ სახელმძღვანელოებში ასეთი მოქმედება, ჩვეულებრივ, სისუსტედ გაიგება. სწორედ ისეთი აღმავალი ქვეყნები, როგორნიც ჩინეთი და ინდოეთი არიან, აღბეჭდავენ ამით თავის გონებაში, რა დაბალი ყოფილა ფასი, რომელსაც ბრიუსელი ახდევინებს საკუთარი ძალის დემონსტრაციის ჩამდენს. დამაფრთხობელ შთაბეჭდილებას ეს ფასი, ნამდვილად, არ ახდენს.

“ხარჯის ფხიზელი გათვლა ევროპაში წარმოებულ ღია დებატებში ოდნავ თუ ხსენებულა, რადგან ეს თემა ვერ ეთანადება ევროკავშირის სურათს საკუთარ თვალში, როგორც “რბილი ძალისას”. კულისებში, მართალია, მტკიცე რეაქციის პრო და კონტრას აწონ-დაწონას ადგილი უწყვეტად ჰქონდა. საწინააღმდეგო არგუმენტი მუდამ ის იყო, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიღებით დასავლეთი თავისთავს ავნებს.

“ფაუსტური გირაო ნატოს გაფართოების წინააღმდეგ

“ერთხელ ერთმა მინისტრმა ირონიულად პასუხი გასცა კითხვას, თუ რა საშუალებების გამოყენება ძალუძთ ევროპელებს რუსეთის წინააღმდეგ: ჩვენ შეგვიძლია კოლექტიურად უარი ვთქვათ რუსეთისაგან საწვავის მიღებაზეო. კომისიამ ის აზრიც კი კონტრპროდუქტიულად ჩათვალა, რომ რუსეთის მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემის პროცედურა გაამკაცრონ, რადგან მოსკოვი ამაზე ირეაგირებს ზომების მიღებით ევროპელ ეკონომიკურ სუბიექტთა წინააღმდეგ. ამ პოზიციაშიც ვლინდება ღირებულსაგანთა გათვლა: მრავალ ევროპელს, და საკუთრივად გერმანელებს, თავისი სამეურნეო ინტერესები უფრო უღირთ, ვიდრე ევროპული უშიშროების სტრუქტურა.

“კონკრეტული მოგება ამ სიტუაციიდან რუსეთს სწორედ ნატოს გაფართოების საკითზე არსებული მწვავე დაპირისპირებიდან აქვს: რაკი გერმანელები და სხვა დასავლეთ ევროპელები სეცესიასთან დაკავშირებული კონფლიქტების მოგვარებას ნატოში საქართველოს მიღების პირობად აყენებენ, რუსეთს შეუძლია ეს უკანასკნელი ბლოკოს იმით, რომ ამ რეგიონებში ჯარები ჰყავდნენ.

“რაც შეეხება უკრაინას, აქ კრემლმა მაგალითი გვიჩვენა ქმედებისა, რომელიც უკვე შთამბეჭდავი ხდება.

“უშიშროების პოლიტიკასთან დაკავშირებულ წრეებში გერმანიაში აქა-იქ გვესმის ისტორიული კიევის რუსეთის დამოწმებით იმის ხსენება, რომ უკრაინის მიღება ნატოში ისე იმოქმედებს რუსებზე, როგორც მათი სამშობლო მიწის მიტაცება. მედვედევი და პუტინი რომ თავის წლიურ ბალანსს გამოიყვანენ, მათ ალბათ იმის გრძნობა ექნებათ, რომ ზაფხულის ომი ჩატარებად ღირდა”.

მიხაელ შტურმერის (Sturmer) პუბლიკაცია “Die Welt”-ში “ხორცი ხორცთაგანი რუსეთისა?” _ რეცენზია ჯონათან ლიტელის წიგნზე “საქართველოში მოგზაურობის დღიური” _ ჩვენთვის საინტერესოა იმით, რომ ბ-ნი შტურმერი, რამდენადაც გერმანიაში მაცხოვრებელი ქართველებისგან ვიცით, ჯერ ერთი, პოპულარული და ავტორიტეტული პოლიტოლოგი ჟურნალისტია, მეორეც, თავის კოლეგებში ტრადიციულად გამოირჩევა ფხიზლად კრიტიკული დამოკიდებულებით რუსული პოლიტიკისადმი და დასავლური პოლიტიკის პრორუსული დინებებისადმი, მაშასადამე _ სიმპათიითაც იმ მიზნებისა და ღირებულებებისადმი, რომელთაც ჩვენ, ქართველები ვაღიარებთ. ამჯერად მისი კილო და სიმპათია-ანტიპათიათა რუკა გადახრილია საქართველოს მტრებისაკენ. ანალიტიკოსისა და მკვლევარის ხედვის ეს მეტამორფოზა, როგორც ჩანს, დიდი სისწრაფით მომხდარა, რის გამოც ახალი საგნის _ კავკასიის ვითარების _ საკმარისად გაცნობა ვერ მოუსწრია და, შედეგად, მის სამგვერდიან რეცენზიაში რამდენსამე თვალში საცემ აბერაციას ვხვდებით.

პირველი. იგი ფიქრობს, რომ “აფხაზები არ არიან არც ქართველები, არც რუსები, არამედ ხალხთა დიდი გადასახლების დროიდან შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირთან არიან შემორჩენილნი”. სინამდვილეში პოზიტიურმა მეცნიერებამ კარგად იცის, როგორც უცილობელი ფაქტი, რომ აფხაზები, რომლებიც მართლაც არც ქართველები არიან, არც რუსები, კავკასიური მოდგმის ხალხთა ოთხიდან ერთი ჯგუფის _ აფხაზურ-ადიღეური  ჯგუფის (და მათი ენებიც, შესაბამისად, აფხაზურ-ადიღეურ ენათა ჯგუფის) _ ერთერთი შემადგენელი არიან და მათს, ისევე როგორც მთლიანად ამ ჯგუფის, _ მყოფობას შავი ზღვის აღმოსავლეთით საქმე არა აქვს ხალხთა გადასახლებებთან გარდა იმ მცირე დეტალისა, რომ აფხაზები (თავის თავს ისინი “აფსუა”-ს უწოდებენ), მეცნიერთა ერთი ნაწილის ვარაუდით, ისტორიულად ცოტა უფრო ჩრდილო-დასავლეთით, სახელდობრ, ყუბანის შესართავის მიდამოებში სახლობდნენ (თ. გვანცელაძე და სხვანი), შემდეგ იმოძრავეს კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობებამდე (სადაც მათი უახლოესად მონათესავე ხალხები ახლაც სახლობენ) და ბოლოს, XV-XVII საუკუნეებიდან, გადმოსახლდნენ ქართულ პროვინცია აფხაზეთში, სადაც დღევანდელი სახელი “აფხაზი” მიიღეს და სადაც ახლაც სახლობენ, მეცნიერთა მეორე ნაწილი კი, სახელდობრ, აფხაზი მეცნიერები, ფიქრობენ, რომ ისინი ყოველთვის ცხოვრობდნენ იქ, სადაც ახლა იმყოფებიან. ავტორი ყოველი შემთხვევისათვის, რომ დიდი ცდომილება არ დაუშვას, ხმარობს ზოგადსა და დაუზუსტებელ გამოთქმას “ხალხთა გადასახლებანი” და ამგვარად მკითხველს უტოვებს თავისუფლებას, გადაწყვიტოს, ეს გამოთქმა ხალხთა ცნობილ დიდ გადასახლებას ეხება (დიდი მასებისას და დიდ მანძილზე) თუ ისტორიის მიერ ნახევრად მივიწყებულ ან სულაც ვერ შემჩნეულ მიგრაციებს პატარა მასებისას პატარა მანძილებზე. ბ-ნი შტურმერის ამ ყალბ კონსტატაციას აქვე მოჰყვება მეორე: აფხაზები, მისი აზრით, “თავის კუთვნილობას საქართველოსადმი უმადლიან სტალინის მოხასიათებას” (Laune) და “საბჭოთა კავშირის დაშლამ 1991 წელს დრო არ დატოვა იმისათვის, რომ მომხდარიყო კავკასიის პატარა ხალხოვანებათა ახალი დახარისხებაც (sortieren). სინამდვლეში აფხაზეთი საქართველოს ნაწილი იყო 1918-1921 წლებშიც, როცა საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო _ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა _ იყო და რუსეთის მხრივ ანექსიის მსხვერპლი გახდა 1921 წლის თებერვალ-მარტში), და ისტორიის ცნობილ მთელ მანძილზეც, რომელმაც (ისტორიამ) არ იცის არც ერთი მომენტი საქართველოს (ან მისი დასავლეთი ნაწილის _ კოლხეთის, ეგრისის, ლაზიკის, იმერეთის) შემადგენლობაში აფხაზეთის არყოფნისა. თვით რუსულ მონარქიაშიც, რომელშიც საქართველო არსებობდა ორი გუბერნიის სახით, აფხაზეთი ერთი მათგანის _ ქუთაისის გუბერნიის _ ნაწილი იყო. ავტორმა არც ის იცის, რომ აფხაზები, რომელნიც არც ქართველები არიან, არც რუსები და რომელთაც, როგორც იგი ქვემოთ წერს აფხაზი მინისტრის სიტყვების დამოწმებით, “საქართველოში ყოფნას მაინც რუსეთში ყოფნა ურჩევნიათ”, არ არიან იგივე, რაც აფხაზეთი: აფხაზეთი არის ავტოხთონური ქართველი მოსახლეობის მყოლი ტერიტორია (ეთნიკურ წმენდამდე მოსახლეობის 46%), ანუ მოსახლეობისა, რომელმაც ეს ტერიტორია, ისტორიულად, ხელუხლებელი ტყეებისა და მინდვრების მდგომარეობიდან გადაიყვანა განვითარებული ფეოდალური ცივილიზაციის მდგომარებაში, და არა მხოლოდ აფხაზებისა, ანუ აფსუებისა (მოსახლოების 18%), რომელთაც სხვანი (ქართული სახელის მიხედვით) “აფხაზს” უწოდებენ, ამასთან, მას (ბ-ნ შტურმერს). არც დემოკრატიულმა ალღომ, არც ტერმინოლოგიისადმი ოდნავ მაინც კრიტიკულად მომთხოვნმა დამოკიდებულებამ არ უკარნახა, რომ კავკასიის მცირერიცხოვან ერებს (იგულისხმება: ჩრდილო კავკასიის ერებს და სამხრეთ კავკასიაში _ აფხაზებს) არ უწოდოს “ხალხოვანებანი” მანამდე, სანამ ხელთ არ ექნება მყარი კრიტერიუმი, რომლითაც დადგენადი იქნება, ვინ არის “ერი”, ანუ ისტორიულად ჩამოყალიბებული თვითცნობიერი მაკროჯგუფი, რომელსაც, გენეტიკურ ერთობასთან ერთად (რაც უნდ კომბინირებული იყოს ეს უკანასკნელი), ისტორიისა და თანამედროვე მსოფლიო სისტემის პრინციპულად თანასწორ წევრად, უწყვეტი ისტორიისა და მომავალის მქონე წევრად, ერთობლივი მიზანსახვისა და პასუხისმგებლობის მქონე წევრად ყოფნის ცნობიერება აქვს, და ვინ ჯერ არ არის მოღწეული ცნობიერების ევოლუციაში ამ ნიშნულამდე, ანუ ერად ყოფნის დონემდე. სამწუხაროა, რომ ავტორს ექსპერტიზა ჰკლებია არა მხოლოდ თავისი განხილვის საგანში, არამედ ხალხთა კოლექტიური თვითცნობიერების განვითარების დღევანდელი მდგომარეობის სფეროშიც.

აბერაციები “Die Welt”-ის ამ მცირე პუბლიკაციაში სხვაც ბევრია, თუმცა არა ესოდენ თვალში საცემი. მაგალითად, როცა ავტორი წერს, “რუსები და სხვა მემშვიდობე ძალები”, იგი ცდება: რუსების გარდა ცხინვალის რეგიონის “სამშვიდობო” მისიაში მონაწილეობა “ესენგეს” არც ერთ სხვა წევრ სახელმწიფოს არ მიუღია, ასევე არც აფხაზეთში, თუმცა იქ გაეროს მიერ მიცემული მანდატი ესენგესი იყო და არა რუსეთის. ასევე ცდება იგი, როცა წერს, რომ აქ (კავკასიაში) დემოკრატია არასოდეს არსებულა (nie zuhause war): მან არ იცის არა მხოლოდ ის, რომ საქართველოს ერთ მეხუთედს, სახელდობრ, მთიანეთს თავისი დღევანდლამდელი ისტორიის დიდი ნაწილი ე.წ. სამხედრო დემოკრატიის პირობებში აქვს გატარებული, ხოლო საქართველოს დანარჩენი ოთხი მეხუთედი მკაფიოდ გამოხატული ფეოდალური ისტორიის მქონე ქვეყანაა (ფეოდალიზმი, როგორც მკითხველს, უთუოდ, მოეხსენება, შუა საუკუნეების დემოკრატიაა იმავე შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული დესპოტიების ფონზე), რის გამოც ქართველი ერი მენტალურად იყო და არის მზად დემოკრატიაში სარეალიზებელი ორივე აბსოლუტური ადამიანური ღირებულებისათვის _ თანასწორობისა და თავისუფლებისათვის _ მსხვერპლის გასაღებად. არც ის იცის (თუმცა ეს ინფორმაცია მისთვის უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს), რომ 1918-1921 წლებში არსებული და 1921 წელს ანექსირებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სანიმუშოდ დემოკრატიული ქვეყანა იყო.

სამწუხაოდ, ამ ადვილად მისატევებელი არცოდნის გვერდით პუბლიკაციაში გვხვდება არამისატევებელი, სახელდობრ, ტენდენციურობით გამოწვეული უზუსტობებიც, რომლებიც აზარალებენ საქართველოს პრესტიჟსაც და დღევანდელი ტრაგიკული განსაცდელიდან საქართველოს გადარჩენის პრაქტიკულ შანსებსაც. დავასახელებ რამდენიმეს.

ის, რაც თითქოსდა 8 აგვისტოს ქართველების მიერ დაწყებულ ომს უძღოდა, იყო არა Scharmutzel (შეტაკებები), რომლებმაც, თითქოს, ქართულ მხარეს მოთმინება დააკარგვინეს, არამედ ქართული სოფლების სისტემური და მიზანმიმართული დაბომბვა (სხვათა შორის, კასეტური ჭურვების გამოყენებითაც), რაც თქვენს მონა-მორჩილს საკუთარი თვალით ნახული მაქვს, ამორჩევითი და არაარჩევითი მკვლელობები და მოსახლეობის სიცოცხლის ხელყოფის სხვა ცნობილი ფორმები. ასევე არაჭეშმარიტია ავტორის სიტყვა, თითქოს (ევროპელთათვის) დამტკიცებულია, რომ თავდამსხმელები ქართველები იყვნენ (ამ თემის გარკვევა ჯერ კიდევ საერთაშორისო კომისიის დავალებად რჩება ქ.ნ ტავიამინის ხელმძღვანელობით). რაც შეეხება ავტორის რიტორიკულობის ელფერდაკრულ კითხვას _ რას უნდა ეიძულებინა, “თუ ქართველი ფიურერის სუიციდალურ ტენდენციებს არ მოვიშველიებთ”, ქართული მხარე, რომ დაერღვია “1992 წლიდან არსებული ჰაერში გამოკიდებული (schwebend) მდგომარეობა” (სინამდვილეში ეს ის მდგომარეობა იყო, რომელშიც ქართველების ნელი გენოციდი ოსების ხელით და რუსების ხელშეწყობით გრძელდებოდა), ამ კითხვის ცალსახა პასუხი აქვთ საქართველოს ე.წ. ეროვნული ძალებს, ანუ საქართველოს დემოკრატიული ძალების იმ ნაწილს, რომელსაც საზღვარგარეთიდან დახმარება არა აქვს. ამათი აზრით, სააკაშვილი თავისი ხროვითურთ, ისევე როგორც შევარდნაძე თავისითურთ, რუსეთის ცალსახა სამსახურში დგას. მან, მას შემდეგ, რაც წლების მანძილზე არ გააუქმა რუსების, _ აგრესიის ამ მთავარი ორგანიზატორების _ სამშვიდობო მანდატი, ცეცხლი გახსნა იქ, სადაც რუსებმა უბრძანეს, მაშინ, როცა რუსებმა უბრძანეს, და იმ იარაღით, რომლითაც რუსებმა უბრძანეს. ამით მან რუსებს საბაბი მისცა (მართალია, ყალბი საბაბი, მაგრამ მაინც საბაბი) ორივე ბრალდებისთვის საქართველოს წინააღმდეგ. პირველი: თქვენ ესროლეთ ჩემს მემშვიდობეებს (ეს სიცრუეა: ქართველები მემშვიდობეებს არ შეჰხებიან. მემშვიდობეები უძრავად იდგნენ მანამდე, სანამ ქართველებმა უკან დახევა არ დაიწყეს საავიაციო დარტყმის შედეგად, ხოლო მერე ზურგში ცეცხლი გაუხსნეს). მეორე: თქვენ მოახდინეთ ოსების სიცოცხლის ხელყოფა (რაც აგრეთვე სიცრუეა: ქ. ცხინვალი დანგრეულია რუსული საავიაციო დაბომბვით და არა ქართველების საარტილერიო ცეცხლით). სააკაშვილის მოქმედების რაციონალური მოტივაციის არარსებობაზე მიანიშნა გერმანელმა ევროპარლამენტარმაც, როცა ამ პარლამენტის კათედრაზე მდგომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჰკითხა: “ქალბატონო, ყველაფერში გეთანხმებით და თქვენი ნათქვამი ყველაფერი მჯერა. მაგრამ ამიხსენით, თქვენი პრეზიდენტი ასეთ მარტივ სატყუარას რუსეთის მხრიდან როგორ წამოეგო?”

დაბოლოს, სამწუხაროა და გაუგებარია ჩვენს ფხიზელსა და სკეპტიკურად განწყობილ საუკუნეში, რომ ავტორს, როცა იგი აღნიშნავს, რომ აგვისტოს ომი რეალურად არის “სიმართლის წამი” დასავლელთა და რუსთა შორის, და არა ადგილობრივი მცირე ძალების ურთიერთძიძგილაობა (და რომ რუსეთი კვლავ მოდის, როგორც დიდი ძალა, ამ რეგიონში), ავიწყდება ამ კონსტატაციაზე მორალურად აუცილებელი კომენტარის დართვა (ან თავის კილოში ირონიის შერევა მაინც): რომ მოვლენათა განვითარების მექანიზმი, თუ იგი მართლაც ესაა, რასაც ავტორი ფიქრობს, ეწინააღმდეგება არა მხოლოდ მორალს, არამედ პერსპექტივის რუსულ-იმპერიულ ხედვასაც, ვინაიდან, როგორც ჰეგელი ფიქრობს და ჯერჯერობით თავის ამ თეზისში კამათს უძლებს, ისტორიული განვითარება, ასე თუ ისე, ლოგიკური განვითარებაა, ანუ ადამიანის აზრისა და განცდის გარდუხდომელი შინაგანი მოტივაციებით განსაზღვრული, და რომ კაცობრიობის დიდი უმრავლესობის, _ ანუ ასე თუ ისე მორალსა და სხვა ადამიანურ ღირებულებებზე ორიენტირებული მასის, _ აზრისა და ნების წინააღმდეგ ისტორიის გენერალური ხაზები არ წარიმართება და ვერ წარიმართება, რის გამოც, სხვათა შორის, თეზისი, რომ რუსეთი “კვლავ მოდის” და მოვა ამ რეგიონში, რუსეთის მიერ სისხლით დატბორილ კავკასიაში, ვერასოდეს ვეღარ გამართლდება.

* * *

რა შეიძლება იყოს პრესის განწყობილების ამ ფონზე ნატოში საქართველოს არმიღების სურვილის მიზეზი გარდა იმ ზოგადისა, რომლის გამოც საქართველოს საერთო-ეროვნული მისწრაფება დასავლეთთან (ევროპასთან) სამხედრო კავშირისაკენ გაწბილებული იყო, მინიმუმ, ოთხი საუკუნის (XVII-XX) მანძილზე? (ეს ზოგადი, ალბათ, იმ მარტივ ფაქტებში მდგომარეობს, რომ აღმოსავლეთის ძირითად დიდ სახელმწიფოებთან _ სპარსეთთან და თურქეთთან _ ურთიერთობა დასავლელებს ამ საუკუნეების  მანძილზე უფრო უღირდათ, ვიდრე საქართველო, და რომ გლობალიზაციის იმ დროს ჯერ ძალიან დაბალი დონის პირობებში სათანადო ძალისხმევა დასავლეთის მხრიდან არარეალისტურად დიდ გადაძაბვას მოითხოვდა). ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში წარმოსახვისთვის ფართო ასპარეზი არსებობს.

1.    გერმანიისათვის, ისევე როგორც განვითარებული კონტინენტური ცენტრალური ევროპისათვის საერთოდ, არასასურველი პერსპექტივაა რუსეთის მეტ-ნაკლებად რადიკალური (“სრული”) გამოთიშვა დიდი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული თამაშებიდან, როგორც პირველი რიგის მსოფლიო ძალისა. თუ ეს მოხდა, ანუ რუსეთის გლობალური ფაქტორი მოიხსნა, მაშინ რეალურად ყალიბდება (და შეუქცევადად ყალიბდება დიდი ხნით) ორპოლუსიანი გლობუსი _ აშშ ერთ მხარეს და ჩინეთი მის მოპირისპირე მხარეს. დასავლეთი და ცენტრალური ევროპა, რომელიც დღეს, სხვადასხვა ასპექტთა ჯამური გათვალისწინებით, მსოფლიოს ცენტრია, მსოფლიოს პროვინცია ხდება, რასაც მისთვის არახელსაყრელი ფსიქოლოგიური და მრავალი სხვა სახის შედეგები მოსდევს. ეს მით უფრო წონადი მოტივია გერმანიისთვის, რომ საქართვლოს მომცველი გზა შუა აზიისაკენ (შავი ზღვა – საქართველო-აზერბაიჯანი-კასპიის ზღვა), თუმცა მთლიანად დასავლეთის ინტერესებისთვის ზედმიწევნით სასარგებლოა, მაინც ამერიკულია და არა ზოგადდასავლური. დასავლეთის მთავარ სახელმწიფოებს შორის, მართალია, ისეთი მყარი სათავდაცვო, ეკონომიკური, იდეოლოგიური და ზოგადმენტალური ალიანსი არსებობს, როგორიც, ალბათ, ისტორიაში ჯერ არ არსებულა, მაგრამ არსებობს, ცხადია, ინტერესთა ზედაპირული წინააღმდეგობებიც, რაც მომცრო ზედაპირული “ურთიერთკვანტების” გამოდების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ის, რომ დასავლეთის ერთობა ამ რეგიონშიც (კავკასიაში და მთელს ახლო აღმოსავლეთში) შორი პერსპექტივისთვის ურღვევია, იმ მარტივი გარემოებიდანაც გამომდინარეობს ცალსახად, რომ ეს რეგიონი _ კასპია და შავი ზღვა თავისი მიდამოებითურთ _ დედამიწის ის ნაწილია, სადაც გადის მესამე მსოფლიო ომის ერთი ძირითადი ფრონტი ორთაგან (მეორეა წყნარი ოკეანე). დასავლეთს მთლიანად (და არა მისი შემადგენელთა რომელიღაცა ნაწილს) სისხლხორცეულად აინტერესებს, რომ ამ ფრონტის ხაზმა გაიაროს არა კასპიის ზღვაზე, როგორც დღეს გადის, და არა შავზე, როგორც რუსეთს ჰსურს, არამედ ცენტრალური აზიისა და ჩინეთის გამყოფ მთიანეთზე. დასავლეთის ინტერესია, რომ ხსენებული ხაზის ეს გადაადგილება აღმოსავლეთისაკენ მანამდე მოხდეს, სანამ ჩინეთი მზაობას მიაღწევდეს მესამე მსოფლიო ომის აღმოსავლური ბანაკის პირველ ნომრად დგომისათვის (რაც დაახლოებით 2020 წლის მიდამოებით თარიღდება). თუ ამიერკავკასია ადრე და ადვილად აღმოჩნდება ჩაბმული ამ არსებითად ამერიკულ, თუმცა ევროპელებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტში (ანუ თუ საქართველო მალე გახდება ნატოს წევრი), ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკელების რთული, მძიმე და გრძელვადიანი ბრძოლა ცენტრალური აზიის ენერგეტიკული ნაკადების დასავლეთისაკენ (და არა ჩინეთისაკენ) მოქცევისათვის, რომელიც მიმდინარეობს და რომელშიც ევროპელთა ჩაურთველობა ამ უკანასკნელებს საკმაოდ სწყინთ, მათ განუზომელ უპირატესობას მისცემს ამ გზით გადარჩენილ რესურსთა გამოყენებაში (ანუ მომატებულ, თუმცა გარანტირებულ კეთილგანწყობილ პოზიციებს ევროპის ნავთობით და გაზით მომარაგების სფეროში). ცენტრალურ ევროპას (გერმანიის ჩათვლით) ეს არც თუ ძალიან უნდა. სიტუაცია, თუ ეზოპეს ენით ვილაპარაკებთ, შეიძლება შევადაროთ ხომალდზე მყოფი იმ კაცის განწყობას, რომელიც მთელს ენერგიას ახმარს კომფორტული ადგილის მოპოვებას ბორტზე, მაგრამ მის არცერთ ნამცეცს არ ახმარს გემის გადარჩენისათვის ბრძოლას, რადგან დარწმუნებულია, რომ ამ ამოცანისთვის სხვათა ძალისხმევაც სავსებით კმარა.

ეს მხოლოდ ზოგადი ფონია, რომელზედაც, ლოგიკურად, მოსალოდნელია გერმანული პოზიციის ჩამოყალიბება დროის ამა თუ იმ კონკრეტულ მონაკვეთში. უფრო კერძო განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის, ბუნებრივია, თავის როლს უნდა თამაშობდეს რუსეთთან, ამა თუ იმ პარამეტრებში, ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობათა ქონის სურვილიც. ამ კონტექსტში შეგვიძლია მოვიაზროთ ნატოში საქართველოს არშეშვების მეორე შესაძლო მოტივიც. როგორც კანტიკუნტად მოდის ქართველი საზოგადოების ყურამდე (ერთი საინტერესო ინტერვიუ ამ თემაზე ამ ორიოდე დღის წინ ვნახეთ ქართულ პრესაშიც), რუსეთიდან ინვესტიციების გატანის ზოგად ფონზე გერმანია გამონაკლისია. გერმანული ბიზნესი რუსეთიდან სახსრების გატანას არც ჩქარობს და, შესაძლებელია, არც ფიქრობს. რატომ? ამ კითხვაზე პასუხს უთუოდ ისტორიის გათვალისწინება სჭირდება. დაახლოებით ორასი წლის მანძილზე, პეტრე პირველიდან ნიკოლოზ მეორემდე, გერმანული რესურსი, სახელდობრ, ჭკუა, შრომა და ადმინისტრაციული გამოცდილება, და რუსული რესურსი, სახელდობრ, ტერიტორია, ბუნებრივი სიმდიდრე და ადამიანთა სიმრავლე, მჭიდრო ტანდემში მუშაობდნენ უზარმაზარი  იმპერიის ასაშენებლად და ააშენეს კიდეც იგი. ამიტომ ალბათ არ შევცდებით, თუ ვივარაუდებთ, რომ, მიუხედავად ორი ჩავლილი ტოტალური ომისა მათ შორის, ტანდემის ორსავე მონაწილეს მუდმივად თვალწინ უტრიალებს ნეტარი წარმოდგენა ამ ნაყოფიერი ტანდემის განახლებისა, რაც დღევანდელ პირობებში, ლოგიკურად, ერთის მხრივ, გერმანული ტექნიკური მეცნიერული დონისა და ორგანიზაციული გამოცდილების, მეორეს მხრივ კი ისევ რუსული ბუნებრივი რესურსების, რუსული ბაზრისა და რუსული შედარებით იაფი საკმარისად კვალიფიციური შრომის უაღრესად მომგებიან თანამოქმედებას ნიშნავს. გერმანია, როგორც ცნობილია, დღეს პირველობისათვის იბრძვის არაერთ პარამეტრში, ინდუსტრიულისა და ზოგადეკონომიკურის ჩათვლით. თუ მან შეძლო თავისთვის ამ მეტოქეობაში ისეთი კოლოსალური რეზერვის შექმნა, როგორიცაა რუსეთი, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ასპარეზზე მკვეთრი აღმავლობის გზით ივლის. საქართველოს ნატოში შესვლისადმი წინააღმდეგობა, ცხადია, დიდად ამაღლებს რუსეთთან ამგვარი თანამშრომლობის ტრადიციისათვის ახლავე საფუძვლის ჩაყრის შანსს.

დასასრულ, ქართული პრესის ერთ პუბლიკაციასაც მინდა შევეხო, რომელსაც გერმანული პოლიტიკის ამჟამინდელ შესაძლო მოტივებთან პირდაპირი კავშირი არა აქვს, მაგრამ ერთგვარ ანალოგად მაინც გამოდგება იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის ძალთა და ინტერესთა მიმართებების განხილვაში რეგიონს გარეთ მდებარე დეტერმინანტების შემოყვანაც. ეს პუბლიკაცია გახლავთ სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტში შესრულებული შრომა, რომლის შემოკლებული ვარიანტი მოთავსებულია ა.წ. 17 იანვრის “24 საათში”. ავტორები იხილავენ კავკასიაში მოქმედ ძალთა განლაგებას და ამ ძალებს აკლასიფიცირებენ სამ დიდ და სამ მცირე ძალად. პირველნი არიან რუსეთი, ირანი და თურქეთი, მეორენი _ აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო. მაგრამ ვითარებას იხილავენ ისე, რომ ანალიზის არეში არ შემოჰყავთ გარე მსოფლიო, რომლის ძალხაზებშიც ხსენებულ ექვსთა ურთიერთობის მთელი დრამა თამაშდება. შესაბამისად, არაადექვატურ ანალიზსა და პროგნოზს ვღებულობთ, როგორიც გვექნება, ვთქვათ, იმ შემთხვევაში, თუ ციური სხეულების მოძრაობის აღწერას მოვინდომებთ მიზიდულობის ფაქტორის გაუთვალისწინებლად. სახელდობრ, პუბლიკაციაში გამოტოვებულია ის გარემოება, რომ ძირითადი გეოსტრატეგიული მოტორი, რომელიც დაპირისპირებასაც განაპირობებს და შესაბამისად გადაადგილებასაც, არის ახალი Drang nach Osten(“სწრაფვა აღმოსავლეთისაკენ”), ანუ დასავლეთის სწრაფვა ცენტრალური აზიისაკენ კავკასიის გავლით, და მასთან განუყრელად დაკავშირებული პირაქეთი სწრაფვა, Drang nach Westen, ანუ სწრაფვა ცენტრალური აზიის, ე.წ. ხმელეთის გულის ქვეყნებისა დასავლეთისაკენ, რომლის (ამ სწრაფვის) დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ამ ქვეყნებს ორი სტიქიური უბედურება _ ერთი, სტაგნაცია და მეორე, დემოგრაფიული წალეკვა _ ელით. გერმანიის უაღრესად ფხიზელი და თავისი ქვეყნის ძალიან გრძელვადიანი მიზნების მსახველი მმართველები, რა თქმა უნდა, ხედავენ პროცესის მიმართულებასა და პერსპექტივას, ანუ იმას, რომ ხმელეთის გული და ხმელეთის მეცნიერულ-ტექნიკური აზრის სამშობლო ძალიან მოკლე ხანში დაუკავშირდებიან ერთმანეთს დღევანდელი ტექნიკის უკანასკნელი სიტყვის მიხედვით გამართული გზით და რომ ეს უდიდესი მნიშვნელობის მქონე ისტორიული ხდომილება ეპოქას შექმნის არა მხოლოდ მოცემული რეგიონის (რეგიონების) ისტორიაში. ისინი, ცხადია, არ აპირებენ თავისი ქვეყნის გამოთიშვას ამ ხდომილებით გამოწვეული ევენტუალური ბუმიდან.

სავარაუდოა, რომ ისინი პრაქტიკულად ოპტიმალურ ბალანსს მოძებნიან ერთის მხრივ საერთო-დასავლურ, მეორეს მხრივ, თავისსავე ზემოხსენებულ ტანდემთან დაკავშირებულ ინტერესებს შორის.

ცხადია, გერმანელ პოლიტიკოსებს, ისევე როგორც ვერავის სხვას, ვერ დაეძრახებათ თავისი ქვყნისათვის შეძლებისდაგვარად კომფორტული და მომგებიანი სასტარტო პირობების ძებნა და ამ ინტერესის წინ დაყენება სხვის, ამ შემთხვევაში, ქართველების ინტერესებზე. რა გამომდინარეობს აღნიშნული ვითარებიდან ჩვენთვის, ქართველებისათვის? რა თქმა უნდა, არა ის, რომ ჩვენი ევროპელი პარტნერისგან რაიმე ვიწყინოთ. პირიქით, გერმანული დიპლომატია დღეს ფხიზლად და ენერგიულად მონაწილეობს რუსეთის ანაქრონისტული აგრესიისაგან საქართველოსა და, საერთოდ, ევრაზიის დაცვის პროცესში და ამისთვის ჩვენ მხოლოდ მადლიერება გვმართებს. სავარაუდოა, რომ აღნიშნული პროცესის მიზანი არა მხოლოდ ისაა, რომ რუსეთი განიდევნოს მის მიერ ძალადობით დაკავებული საქართველოს ტერიტორიებიდან ანუ ცხინვალის რეგიონიდან ან აფხაზეთიდან, არამედ ისიც, რომ ეს გაკეთდეს მშვიდობიანი ზეწოლით, რათა რუსეთს ან სხვა შესაძლო აგრესორს არ ჰქონდეს მომავალში ეს მანკიერი ლოგიკა “დასავლელებს ომი ეზარებათ, ამიტომ ყველგვარ საერთაშორისო დარღვევასა და ძალადობაზე თვალს დახუჭავენო”. ეს პროცესი ივლის და თავის მიზანს მიაღწევს. ქართული პოლიტიკის რეაგირება ზემოთ დახასიათებულ გერმანულ პოლიტიკაზე, ალბათ, ის უნდა იყოს, რომ რეალისტურად გავითვალისწინოთ: დასავლეთთან სათავდაცვო კავშირისათვის, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის აუცილებელია, ნატოში ყოფნა არ არის ერთადერთი გზა. არის ორი სხვაც. ერთია საქართველოს ორმხრივი ხელშეკრულება ნატოსთან, როგორც მთელთან (რასაც აუარებელი საკუთარი უპირატესობები აქვს). მეორეა საქართველოს ორმხრივი ხელშეკრულებები დასავლეთის ცალკე ძალასთან ან ძალებთან. დიდი ალბათობაა, რომ საქართველოს სტრატეგიული მომავალი სწორედ ამ უკანასკნელი გზით ივლის, რაც გაზ. “საქართველოში” კონსტატირებული იყო ჯერ კიდევ ორი წლის წინ.

 

საქულა-ვარსკვლავთმრიცხველი.

I. II. 2009

 

One Response to “♦ რატომ არ უნდა გერმანიას საქართველოს ყოფნა ნატოში?”

  1. PATRIOT said

    araa gasakviri msoflio omis dros germaniis mokavshire turketi iyo da aris chveni daudzinebeli mteri dges germanias 11 milioni turki amshvenebs,

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s