Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ განცხადებები, მიმართვები, წერილები

 

***

საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე ორგანიზაციათა ერთი ჯგუფის განცხადება

რუსეთის უმაღლესი სახელმწიფოს ხელისუფლების წარმომადგენელნი, მათ შორის პრეზიდენტი პუტინი, უკვე რამდენიმე თვეა ატარებენ გაშლილ დიპლომატიურსა და საპროპაგანდო კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ იმ აშკარა მიზნით, რომ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს არსებობს იმის უფლებრივი, პოლიტიკური, მორალური ან სხვა რამ სახის საფუძველი, რომ რუსეთმა მიიერთოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რომლებშიც ახლა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაცული სეპარატისტული უკანონო რეჟიმები არიან ხელისუფლებაში, ან ამ ტერიტორიათა საქართველოსგან დამოუკიდებლობა ცნოს. ქვემორე ხელის მომწერი ორგანიზაციები, მიგვაჩნია რა სრული უეჭველობით, რომ ქართველი ერის სულისკვეთებასა და პოზიციას გამოვხატავთ, საჭიროდ ვრაცხთ განვაცხადოთ, რომ ქართველი ერის, ისევე როგორც ქართული სახელმწიფოს ნებისმიერი მომავალი ლეგიტიმური ხელისუფლების, მტკიცე ნება არის და იქნება საქართველოს ხსენებული ტერიტორიების საქართველოსთვის წართმევის არდაშვება, ხოლო თუ რომელიმე მარიონეტული და სახელმწიფო ინტერესების მოღალატე ხელისუფლება ამ ტერიტორიათა წართმევას დაუშვებს – მათი საქართველოში დაბრუნება. იმისთვის, რომ ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს ამ პოზიციის, როგორც ერთადერთი უფლებრივად მართებულისა და მორალურად მართებულის, საფუძველი ნათელი იყოს, ვაქვეყნებთ შესაბამის არგუმენტაციას აფხაზეთთან მიმართებაში ქართულ ენაზე. უახლოეს ხანებში გამოვაქვეყნებთ, ანალოგიურად, ჩვენს პოზიციას ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში, ხოლო შემდგომ – ორსავე ტექსტს ინგლისურ ენაზე.

I.     იმისათვის, რომ ეჭვის ქვეშ დადგეს აფხაზეთის ტერიტორიის სტატუსის მართებულობა, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილისა, საფუძველი არ არსებობს. სახელდობრ:

1. აფხაზეთს “აფხაზეთი” იმის გამო არ ეწოდება, რომ მასში ცხოვრობს ხალხი “აფსუა”, რომელთაც სხვანი, ქართული სახელის “აფხაზი” განმეორებით, “აფხაზებს” უწოდებენ. პირიქით: “აფსუა” სახელის მატარებელ ხალხს ქართველების მიერ, ხოლო მათი მიყოლით – სხვების მიერაც “აფხაზი” დაერქვა იმიტომ, რომ იგი კავკასიონის ქედის ჩრდილო მხარიდან გადმოსვლის შემდეგ, რაც ძირითადად XVI-XVIII ს-ებში მოხდა, “აფხაზეთად” წოდებულ ქართულ პროვინციაში დასახლდა. აფხაზეთის სამეფო, რომელიც აფხაზეთის დღევანდელი ტერიტორიის ცენტრალურ ნაწილში შეიქმნა ბიზანტიის ხელშეწყობით (VIIIს), ხოლო შემდეგ მთელი დასავლეთი საქართველო მოიცვა დედაქალაქით ქუთაისში, ისტორიის ყველა მონაცემების მიხედვით, ქართული სახელმწიფო იყო, რის გამოც მასში აფსუური ენის არანაირი კვალი არ დასტურდება არც ტოპონიმიკურად, არც ეპიგრაფიკულად. ამ ტერიტორიის ავტოხთონური მოსახლეობა ქართველურია.

2. აფსუა (“აფხაზი”) მოსახლეობის მეტ-ნაკლებად გავრცელებული (ერთსულოვანი) რწმენა, რომ აფხაზეთის ტერიტორია მისი მიწაა, უნდა ვივარაუდოთ, გულწრფელია, რადგან იგი ამ მიწას თავის წინაპართა მიერ დაპყრობილად რაცხს. ისტორიისათვის ცნობილია, მართლაც, რომ მესაქონლე აფსუა ტომების გადმოსვლა  კავკასიონის ჩრდილოეთი კალთებიდან სამხრეთის ურთიერთპარალელურ ხეობებში და აქ დასახლება (ისეთ პირობებში, როცა ციხეებში თურქები იდგნენ და დასავლურ ქართული სახელმწიფოებრიობა ფაქტობრივად ვეღარ ფუნქციონირებდა), ძირითადად, არამშვიდობიანი იყო (იხ. მაგ. ჯ. გამახარიას მიერ ამას წინათ გამოქვეყნებული მასალები). მაგრამ ამ დაპყრობის პროცესს არასოდეს მიუღწევია მასშტაბით იმ ნიშნულისთვის, რომ აფსუა ტომების მიერ დაკავებული ტერიტორიები საქართველოს მისწყვეტოდნენ და ცალკე პოლიტიკური ერთეული შეექმნათ. ამგვარად, აფხაზეთის ტერიტორია არასოდეს ქცეულა მტრის მიერ დაპყრობილ და ამ გზით საქართველოს მიერ დაკარგულ ტერიტორიად. ისტორიაში არ ყოფილა მომენტი, როცა აფხაზეთის მთელი ტერიტორია ადმინისტრაციულად, პოლიტიკურად და იურიდიულად ქართული სახელმწიფოს ნაწილი არ ყოფილიყოს.

 

შენიშვნა. დრო, როცა “აფხაზეთის სამეფო” შეიქმნა (VIII ს), იყო დასავლეთ საქართველიში ბიზანტიური ბატონობის და ქართველური სახელმწიფოებრივი აღარარსებობის ხანა. ფსიქოლოგიურად ეს ტერიტორია აღიქმებოდა, როგორც კოლხეთის, ხოლო შემდეგ ეგრისის (შდრ. მოსახლეობის თვითდასახლება მ-ეგრ-ელ-ი, მ-არგ-ალ-ი, რაც ნიშნავს “ეგრისელს”) ნაწილი. 1925 წლის აფხაზეთის `კონსტიტუცია”, რომელიც ბოლშევიკებმა სეპარატისტული სულისკვეთების შესაქმნელად შეთხზეს, კონსტიტუციად არ ქცეულა, იგი იყო მხოლოდ პროექტი. XVI-XVIII ს-ებში აფხაზეთი იყო სამთავრო დასავლეთი საქართველოს, იმერეთის მეფის ხელქვეით.

3. აფხაზეთის მოსახლეობაში XIX ს-ს შუა წლებისათვის, როცა რუსეთის მიერ 1801 წლიდან დაწყებულმა საქართველოს ანექსიამ საქართველოს ეს უკანასკნელი პროვინციაც მოიცვა, აფსუა (`აფხაზი”) იყო დაახლოვებით ნახევარი. ამ ნახევრის ნახევარი იყო გააფხაზებული (გააფსუებული) და ისლამზე მოქცეული ქართველი, რომელიც გაექცა უკიდურესად გამწვავებულ ფეოდალურ დამოკიდებულებას და ამ ნაბიჯით შეუერთდა დიდი ავტონომიურობის მქონე აფსუურ თემებს.

რუსეთის მიერ ჩატარებულმა მუსლიმანთა დეპორტაციამ, ე.წ. მუჰაჯირობამ (რომლის მექანიზმი იყო ისლამური პროპაგანდა ადმინისტრაციული ზეწოლის ფონზე, და არა სიკვდილის მუქარა, როგორც საბჭოთა დეპორტაციების დროს) ამ მოსახლეობას 1/3 მოაკლო, რუსეთმა აქ მასობრივად შემოასახლა რუსები და სომხები, განსაკუთრებით საბჭოთა წლებში. 1989 წლის აღწერით აფხაზეთის მოსახლეობაში იყო 46% ქართველი, 17% “აფხაზი” (აფსუა), გააფხაზებულ ქართველებთან ერთად, 14% რუსი და 16% სომეხი. დღეს ყველა ფორმატში და ყველა ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებებზე აფსუა (“აფხაზი”) ხალხი, რომლის წარმომადგენლობა მითვისებული აქვს სეპარატისტულ მარიონეტულ ხელისუფლებას, ერთადერთია აღჭურვილი ვეტოს უფლებით (ანუ ერთი აფხაზის ხმა, პრინციპულად, ჩათვლილია უფრო დიდი წონისად, ვიდრე ერთი არააფხაზის ხმა ქართველის ჩათვლით). ეს მართებული არ არის. ყველა ხმის იურიდიული თანასწორობის, ანუ დემოკრატიის ფონზე, მორალურად ყველაზე მეტი უფლება აფხაზეთის სტატუსის გადაწყვეტაში, ჩვენის აზრით, ეკუთვნის ქართველ მოსახლეობას, როგორც ავტოხთონურს, შემდეგ – აფხაზურს (აფსუურს), რადგან საქართველოში შემოსვლის შემდეგ მან გაწყვიტა ფსიქოლოგიური კავშირი თავის მონათესავე ყაბარდოულ-ადიღეურ მოდგმასთან, მათ შორის აბაზებთანაც, რომელთა ენა აფსუურის (“აფხაზურის”) სავსებით იგივეობრივია, და ახალი ეროვნული თვითცნობიერება – აფსუა (“აფხაზი”) – შეიმუშავა. ჩვენ პატივს ვცემთ მის ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ მისი ეს უპირატესობა, ჩვენი აზრით, გრძელდება მხოლოდ მანამდე, სანამ იგი კვლავ თავს არ გააიგივებს ადიღეურ მოდგმასთან საერთოდ  და ამ საფუძველზე საქართველოში, აფხაზეთში ადიღეების მასობრივ შემოსახლებას არ მოისურვებს. თუ ეს მოხდება (რისი ნიშნებიც არსებობს), მაშინ აფსუა (“აფხაზი”) მოსახლეობის მორალური უფლება აფხაზეთის მიწაწყლის მიმართ ყველა სხვა დიასპორისას გაუტოლდება.

თქმულიდან გამომდინარეობს, რომ აფსუა (“აფხაზ”) ხალხს, რომელსაც საქართველოს გარეთ თავისი მიწაწყალი აღარ აქვს, აქვს ავტონომიის მორალური უფლება იქ, სადაც ცხოვრობს, მაგრამ არა იმის უფლება, რომ დაისაკუთროს ის ადგილები, სადაც არ ცხოვრობს, მით უმეტეს – მოიწადინოს საქართველოდან აფხაზეთის, როგორც მთელის, გამოყოფა.

ჩვენი დასკვნაა: ისტორიული, დემოგრაფიული, იურიდიული და მორალური ვითარება არ შეიცავს რაიმე საფუძველს იმისთვის, რომ აფსუა (`აფხაზმა”) ხალხმა აფხაზეთის მიწაწყალი თავის ექსკლუზიურ კუთვნილებად ცნოს და მისი საქართველოსგან სეცესია მოითხოვოს. საქართველოს სახელმწიფოს სრული უფლება აქვს თავისი იურისდიქცია განახორციელოს აფხაზეთის ტერიტორიაზე საამისოდ საჭირო ყველა მეთოდის, მათ შორის ძალის, გამოყენების ჩათვლით. 

II. 1992-1993 წლის ომი აფხაზეთში და მისი წაგება საქართველოს მიერ არ ამცირებს საქართველოს კანონიერ უფლებამოსილებას აფხაზეთის ტერიტორიის მიმართ.

ხსენებული ომი იყო რუსეთის აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ და იგი გრძელდება, როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის კანონსაწინააღმდეგო ოკუპაცია. იგი რუსეთმა მოაწყო თავისი ნების აღმასრულებლების – შევარდნაძის და არძინბას გუნდების – ხელით და მათ იგი საქართველოს დამარცხებით დაამთავრებინა. რუსეთი საქართველოს ეომა თავისი შეიარაღების, მოწინააღმდეგე მხარისათვის სადაზვერვო მონაცემების მიწოდების, თავის პარამილიტარული ჯგუფების, თავისი ავიაციის და არტილერიის, თავისი `დაქირავებულების” და თავისი რეგულარული სამხედრო მოსამსახურეების საშუალებით.

ამ ომის, რომელიც მიმდინარეობს, მოგება საქართველოსთვის შედგება ორი ელემენტისაგან:

ა) რუსეთის იურიდიული განიარაღებისაგან, ანუ რუსეთის საკმარისად სრული მხილებისაგან, როგორც აგრესორისა, რათა შეწყდეს რუსეთის საომარი ჩარევის მეტ-ნაკლებად ღია ფორმების გამოყენება.

ბ) რუსეთის ფარული ჩარევის მოგერიებისთვის (უვნებელყოფისთვის) საკმარისი ძალის შექმნა.

ორივე ამ მოქმედების შესრულება საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა.

III. ქართველი ერისა და საქართველოს სახელმწიფოს წმინდა მიზანია არა მხოლოდ აფხაზეთის, როგორც ტერიტორიის, დაბრუნება ჩვენი ქვეყნის შემადგენლობაში, ანუ აფხაზეთში საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის სრული აღდგენა, არამედ აფსუა (`აფხაზი”) მოსახლეობის მობრუნებაც საქართველოს თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში. ამ კეთილშობილური საქმის შესრულების იდეოლოგია, რომელიც, ჩვენის აზრით, მისაღებია ორივე მხარისთვის, ჩვენ გვესახება შემდეგნაირად:

1. აფსუა (“აფხაზი”) ხალხის, როგორც ერის, გადარჩენა და მისი სრული თვითრეალიზაცია აწ და მომავალში უნდა განიხილებოდეს, როგორც სახელმწიფოს ფუნდამენტალური მიზანი. ეს შეუძლებელი იქნება (“აფხაზი” ხალხი, როგორც ერი, წაიშლება 2-3 თაობის მანძილზე) იმ შემთხვევაში, თუ იგი იქნება რუსეთის ძალის არეალში (რადგან რუსეთის მხრიდან შეუძლებელია შერიგება მის ხელქვეით მცირე ერის სრულფასოვან არსებობასთან. იგი, თავისი არაკონკურენტუნარიანობის გამო, რასაც იწვევს მისი შედარებით ჩამორჩენილობა სოციალურ სფეროში, ასეთ ერს არ ენდობა). ეს შეუძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ერი დაუცველად ინტეგრირებული იქნება დასავლეთის სისტემაში (რადგან მას გარდაუვლად მოელის “წაგებული ერის” ლოოსერ სტატე ბედი გლობალიზაციის ბუნებრივ პროცესში). იგი ეროვნულად გადარჩება მხოლოდ ისეთი სახელმწიფოს შემადგენლობაში, რომელსაც ექნება გლობალიზაციის ბუნებრივ პირობებში მისი უარყოფითი მექანიზმებისაგან თავისი მოსახლეობის დაცვის სახელმწიფო პოლიტიკა. ასეთია მხოლოდ საქართველო (ჩრდილო კავკასიის ფედერალური სახელმწიფო ვერ შედგება, ხოლო თუ იგი შედგება, იგი აგებული იქნება იმგვარ ისლამისტურ პრინციპზე, რომელიც შეუთავსებადია აფსუა (“აფხაზი”) ხალხის სოციალურ ამოცანასთან). 

2. აფხაზეთის, როგორც მთელის, ნება არის სამი ნების ტოლქმედი: ერთია აფსუა `(აფხაზი”) მოსახლეობის ნება, რომ აფხაზეთი განიხილოს, როგორც თავისი სამარადისო სახლობისა და თვითრეალიზაციის, მათ შორის _ ეროვნულის ასპარეზი. მეორეა ქართველი მოსახლეობის ნება, რომ აფხაზეთი განიხილოს, როგორც თავისი ამგვარივე თვითრეალიზაციის ასპარეზი. მესამეა ყველა მოსახლის ნება, რომ იცხოვროს კეთილდღეობის, მშვიდობისა და დემოკრატიის პირობებში. ეს სამი ნება ერთი არ არის, მაგრამ ურთიერთჰარმონიზებადია. აფსუა (“აფხაზი”) ხალხის ყოველმხრივი, მათ შორის, ეროვნული თვითრეალიზაცია ისტორიის წინაშე რეალურად იმას ნიშნავს (იმით მიიღწევა), რომ მას აქვს შესაძლებლობათა და უფლებათა სრული სპექტრი, დაწყებული დემოგრაფიული დაცვისაგან (იქ, სადაც იგი კომპაქტურად ცხოვრობს, ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს ვეტოს უფლება ახალი პირის შემოსახლებაზე დედამიწის ნებისმიერი სხვა წერტილიდან, ისევე როგორც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს ვეტოს უფლება ნებისმიერი პირის შემოსახლებაზე საქართველოს გარედან) და დამთავრებული ავტონომიური უფლებით, რომ უპირატესად აფსუური (“აფხაზური”) მოსახლეობის ადმინისტრაციულ ერთეულებში სპეციფიკური დეტალები შეიტანოს ყოველდღიური ცხოვრების მარეგულირებელ კანონმდებლობაში.

აფხაზეთის რესურსთა სიუხვე და მისი ნაკლებ დასახლებულობა განაპირობებს, ჩვენი გათვლით, მოსახლეობის უპრობლემო ურთიერთშეუზღუდავ ზრდასა და გამდიდრებას მრავალრიცხოვან თაობათა მანძილზე.

 2009

***

 

საქართველოს პარლამენტს
საქართველოს საზოგადოებრიობას

ნატოში საქართველოს გაწევრიანების
სასურველობის საკითხისათვის

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა, აახლონ მას თავისი დასაბუთებული აზრი იმის შესახებ, თუ რამდენად მიზანშეწონილია, რომ საქართველო გახდეს ჩრდილო ატლანტიკის თავდაცვითი კავშირის (ნატოს) წევრი უახლოეს წლებში. სიამოვნებით ვაახლებთ მას პარტიის “საქართველოს სახალხო ფრონტის” აზრს, რომელსაც ვაქვეყნებთ. ტექსტი გაგზავნილია პარლამენტში წერილის სახით და email-ით.
საქართველოს სახალხო ფრონტის
ეროვნული კომიტეტი

I. შესაძლებელია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტი დღეს და განჭვრეტად მომავალში?

 
1. რუსეთის გეოსტრატეგიული აზროვნება დღეს, ხვალ და განუსაზღვრელ მომავალში კატეგორიულად მოითხოვს, რომ დასავლეთს დაეკეტოს (სახელდობრ, კავკასიაში დაეკეტოს) შუა აზიისკენ მიმავალი გზა. ერთგულების თვალსაზრისით საიმედო მოკავშირე ამ გზის ღიაობის მსურველ დასავლეთს, ამასთან _ ზღვაზე გამავალი ქვეყნის მაცხოვრებელი მოკავშირე _ საქართველოს გარდა არავინ ჰყავს. აქედან _ რუსეთის სტრატეგიული ამოცანა: ქართველი ერის, როგორც ამ ტერიტორიის ქმედუნარიანი მფლობელის, “აორთქლება” პლანეტიდან, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს, როგორც შუა აზიის გასაღებისა და ამ რეგიონში დასავლეთის შესაძლო პლაცდარმის, ქმედითი და სამუდამო კონტროლის აღება მისი ჩაკეტვის მიზნით.
2. ამავე მიზეზით იგივე გეოსტრატეგიული მიზანი არ შეიძლება არ ჰქონდეს ირანს, რაც განაპირობებს ბუნებრივ მოკავშირეობას ირანსა და რუსეთს შორის.
3. ასევე (პერსპექტივაში) ამ ორთა კავშირის მესამე წევრია თურქეთი, რომელშიც ფუნდამენტალისტური (კერძოდ, რელიგიური) პოლიტიკური მოტივაციების გაძლიერება ბოლო ათწლეულებში, ქვეყნის “დასავლეთიზაციისათვის” იდეალური პირობებისა და ხელშეწყობის არსებობის ფონზეც კი, შემთხვევითობა არ არის (თურქეთი, საქართველოსგან განსხვავებით, ტიპოლოგიურად აღმოსავლური ქვეყანაა, რის გამოც “ანტიდასავლელობას”, როგორც მენტალიტეტის მიმართულებასა და სულისკვეთებას, იქ მეტი პერსპექტივა აქვს, ვიდრე “მედასავლეთეობას”, რომელიც ქრისტიანულ რუსეთშიც კი ყალბი აღმოჩნდა).
4. არა თუ მოსალოდნელი, არამედ გარდუვალია, რომ სამთა ხსენებული კავშირი, რომელიც (გაუფორმებლად თუ სათანადო გაფორმებით) ჩინეთის მეთაურობით ქმნადობაში მყოფი ანტიდასავლური ალიანსის ნაწილია პოტენციაში, თავის გეოსტრატეგიულ პროგრამა-მაქსიმუმში იმის მაგულისხმებელი იქნება, რომ დასავლეთ – შუა აზიის ერთადერთი პერსპექტიული გზის, კავკასიის საიმედო გადაკეტვის შემთხვევაში დასავლეთი, ამ კონკრეტული რეგიონის სიტუაციისადმი უიმედობით მოცული, ხელს აიღებს მესამე მსოფლიო ომის ამ ერთერთი ძირითადი ფრონტის გადატანის განზრახვაზე კასპიის ზღვის ხაზიდან (ან, მისთვის უარეს შემთხვევაში, საქართველო-აზერბაჯანის საზღვრიდან) შუა აზია-ჩინეთის საზღვრისკენ, რასაც ის მოჰყვება, რომ დასავლეთი, აქტიური პოლიტიკის ნაცვლად, დაადგება მესამე მსოფლიო ომში ამ ფრონტზე მოწინააღმდეგის მხრიდან დარტყმის პასიური ლოდინის პოლიტიკას და მის წინაშე ღრმად ეშელონირებული თავდაცვის ხაზის მშენებლობას დასჯერდება. ამ შემთხვევაში (რომელსაც ალტერნატივა არა აქვს, თუ ამიერკავკასიის ხიდი რუსული ძალით გადაიკეტა) საქართველო, ყოველივე დაცვის გარეშე, ხელთ რჩება ხსენებულ ოთხთა კავშირს (ისლამური სამყაროს დიდი ნაწილის მიმატებით) და ამ ისტორიული ხაფანგიდან გამოსვლას ვერასოდეს ვეღარ ეღირსება. ეს იზოლაცია უფრო მძიმეა, ვიდრე ისტორიულად ცნობილი იზოლაცია, როცა საქართველო იდგა ორი (ურთიერთმტერი) ისლამური ვეშაპის _ თურქეთისა და ირანის _ პირისპირ და მათ შორის ლავირებასთან ერთად მათი მოპირისპირე ძალისკენ _ რუსეთისკენ _ იყურებოდა. ახლა მისი აგრესიული მეზობლები _ ირანი, თურქეთი და რუსეთი _ ერთნი იქნებიან. ამ ვითარებაში საქართველოს შესაძლო (და არა გარანტირებულ) დამცველად ერთადერთი ისტორიული სუბიექტი _ დასავლეთი _ რჩება. ნატოში (ან სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ სამხედრო კავშირებში) საქართველოს შეუსვლელობა მისი ამ დაუცველი მდგომარეობის დასტაბილებას (მარადიულყოფას) ნიშნავს.

შენიშვნა: ყოველივე თქმულის გათვალისწინებითღა (მაგრამ არა მანამდე) იწყება ქართული პოლიტიკური აზრის ყველაზე მძიმე ამოცანა. დასავლეთი, რა თქმა უნდა, არც საქართველოს ბიძებისაგან შედგება, არც მისი გადარჩენისათვის თავის გაწირვის ან თუნდაც დამატებითი უკომფორტობის შექმნის მსურველთაგან. დასავლეთს შეუძლია ჩვენი ქვეყნის გაწირვაც და ფეხებზე დაკიდებაც. რით შეგვიძლია ჩვენ (ჩვენსა და დასავლეთს შორის ერთობლივი სასიცოცხლო ინტერსების გათვალისწინებით) ამ ხვედრისაგან თავის დაცვა? პასუხი ერთია: არა სამხედრო ალიირებაზე ხელის აღებით (რის იდეასაც რუსეთი გვინერგავს თავის აგენტთა პირითა და კალმით), არამედ ამ სახის ალიანსებისათვსის (ორმხრივი იქნება ეს თუ მრავალმხრივი, ნატოსავით) ერთობლივი პასუხისმგებლობის არეალთა და პირობათა წინასწარი განსაზღვრითა და დაფიქსირებით. ამ ბაზაზე (და მხოლოდ ამ ბაზაზე) არის შესაძლებელი ჩვენი და ჩვენ მოკავშირეთა ინტერესების წინააღმდეგ მეზობელი ქვეყნების ევენტუალური შემოტევების აღკვეთა. მაგალითად, ალიანსს, რომელშიც საქართველოც იქნება და დასავლელებიც, შეუძლია შეთანხმება ჰქონდეს იმავე ირანთან, რომ ჩვენს სტრატეგიულ მოძრაობას დასავლეთი-შუა აზიის ხაზზე იგი დაბრკოლებას არ უქმნის, ხოლო ჩვენ მის ამა და ამ ინტერესებს არ ვეხებით (ან ხელს ვუწყობთ), და ა.შ. ჩვენი ქვეყნის მომცველი სათავდაცვო ალიანსის ანალოგიური შეთანხმებები შეიძლება თურქეთთან, რუსეთთან და ნებისმიერ სხვასთან, რადგან არც სათავდაცვო ალიირება გამორიცხავს შეთანხმებას მოპირისპირე ალიანსებთან და არც მოწინააღმდეგეთა არსებობა გამორიცხავს ალიირებას ერთობლივი ინტერესების მქონე ქვეყნებს შორის.

თქმულის საფუძველზე ჩვენი უყოყმანო აზრია:

1. საქართველოს ნეიტრალიტეტი დღეს და განჭვრეტად მომავალში შეუძლებელია და საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების თვალსაზრისით დაუშვებელია;
2. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია დღეს და განჭვრეტად მომავალში სათავდაცვო კავშირი (ალიანსი) დემოკრატიულ დასავლეთთან.

 

II. დემოკრატიულ დასავლეთთან საქართველოს სათავდაცვო კავშირის შესაძლებელი ფორმები, მათი უპირატესობები და ხარვეზები

ასეთი ფორმა (ჩვენი დღევანდელი ხედვის ფარგლებში) სამია:
ა) საქართველო ხდება ნატოს წევრი;
ბ) საქართველო დებს სათავდაცვო ხელშეკრულებას ნატოსთან;
გ) საქართველო დებს ცალ-ცალკე ორმხრივ ხელშეკრულებებს დასავლეთის ქვეყნებთან.
ამ სამ შესაძლებლობას შორის საქართველოსთვის ოპტიმალური იქნება ის, რომელიც ყველაზე მეტ შესაძლებლობას იძლევა, რათა
_ მკაფიოდ იყოს განსაზღვრული საქართველოსა და მისი მოკავშირე სახელმწიფოს (სახელმწიფოების) იმგვარი ერთობლივი დაინტერესების არეალი, რომელიც (ეს დაინტერესება) საკმარის საფუძველს წარმოადგენს მათი ჩაბმისათვის ერთობლივ ომში ამ ინტერესთა შემლახავი მხარის წინააღმდეგ;
_ მკაფიოდ იყოს განსაზღვრული საქართველოსა და მისი მოკავშირე სახელმწიფოს (სახელმწიფოების) პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე თითოეული მათგანის კონკრეტული კერძო ინტერესის მესამე მხარის მიერ ხელყოფის შემთხვევაში (ტერიტორიული ინტერესის ჩათვლით);
_ მკაფიოდ განსაზღვრული იყოს საქართველოს და მისი მოკავშირე სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ტერიტორიის დაცულობის (ჰაერსაწინააღმდეგოსა და რაკეტსაწინააღმდეგოს, ქიმიურის, ბაქტერიოლოგიურის და სხვა) ის ხარისხი, რომლის მოცემულობის შემთხვევაშიც ძალაში შედის საქართველოს მოვალეობა მოკავშირის მიერ წარმოებულ ომში ჩაბმისა.

  

III. არის თუ არა ნეიტრალიტეტი თავდასხმისაგან საქართველოს დაცვის საშუალება?

არის თუ არა ნეიტრალიტეტის გამოცხადება საქართველოს მიერ, მართლაც, სახელმწიფოს დაცვა? ამ კითხვას მხოლოდ უარყოფითი პასუხი აქვს. იმისთვის, რომ სახელმწიფოზე თავდასხმის უფლება სხვა სახელწმიფოს არ ჰქონდეს, არ არის საჭირო, მას თავი ნეიტრალურად გამოცხადებული ჰყავდეს. თავდასხმა ანუ აგრესია უამისოდაც ყველას კატეგორიულად აკრძალული აქვს. მაგრამ არსებობს აუარებელი მექანიზმები საერთაშორისო სამართლის ამ უპირველესი ნორმისა და მცნებისათვის გვერდის ავლისა, მაგალითად, მსხვერპლად შერჩეული სახელმწიფოსათვის ამა თუ იმ შემთხვევითი გარემოების გამო შარის მოდების ანუ თავდასხმისთვის რაღაცა გამამართლებელი საბაბის შექმნის სახით (ამგვარ შესაძლო საბაბთა არსენალი თავისი ერთპიროვნული ვოლუნტარისტული განცხადებებით საგრძნობლად გააფართოვა რუსეთმა, ამასწინათ რომ თავისი სახელმწიფო უშიშროების დოქტრინა გამოფინა სააშკარაოზე, სადაც იგი უფლებას იჩემებს, თავისი მოქალაქეები თავისი ქვეყნის საზღვრებს გარეთ (წაიკითხეთ: საქართველოში) შეიარაღებული ძალის გამოყენებით “დაიცვას”). ამგვარი საბაბის ძებნას და პოვნას ნეიტრალიტეტის გამოცხადება მსხვერპლის მიერ არც რამეში ეხმარება, არც რამეში უშლის. აგრესიის სურვილის შემთხვევაში მსხვერპლად შერჩეულ რაგინდარა ნეიტრალურ სახელმწიფოს აგრესორის მიერ განეცხადება, `სიტყვით ნეიტრალური ხარ, საქმით კი არაო”, ან `ნეიტრალობა კი გინდა, მაგრამ ჩემი მოქალაქე შეგივიწროებიაო”, და საბაბიც მზად არის. მცირე სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ნეიტრალიტეტი ქმედითია, ანუ რეალურია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური აგრესორები _ ამ სახელმწიფოს მეზობლები ან დაახლოებით მეზობლები _ ერთმანეთში შეთანხმებულნი არიან, რომ ამ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ნეიტრალიტეტი თვითონაც აღიარონ. ეს კი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაინტერესებულნი არიან მის დაცვაში, და მხოლოდ მანამდე, სანამ მათი ეს დაინტერესება გრძელდება. როგორც კი პოტენციური დამრღვევი საჭიროდ და სასარგებლოდ დაინახავს იმ პატარა ქვეყანაზე თავდასხმას, იგი ამას მოიმოქმედებს კიდეც ამა თუ იმ საბაბით და ამით არანაირად არ გაიზრდება მისი პასუხისმგებლობის ხარისხი არც იმ მსხვერპლი სახელმწიფოს წინაშე, არც მისი “იქითა” მეზობლის წინაშე, ვისაც ნეიტრალიტეტზე შეუთანხმდა, არც მსოფლიოს წინაშე. სამაგიეროდ, ხიფათში მყოფი სახელმწიფოს მარტო დატოვებას, ანუ ყოველგვარი თავდაცვითი კავშირის გარეთ დატოვებას პოტენციური ძლიერი აგრესორის პირისპირ რეალური შედეგი მოაქვს, ამასთან, მოაქვს უშუალოდ და დაუყოვნებლივ. ბალტიის ქვეყნები დღეს საიმედოდ არიან დაცულნი ყოველგვარი აგრესიისაგან რუსეთის მხრიდან იმ ფაქტით, რომ უკვე ნატოში არიან. საქართველო საიმედოდ ვერა, მაგრამ პრაქტიკულად მაინც დაცულია რუსეთის პირდაპირი დარტყმისაგან გაშლილი დროშით იმის წყალობით, რომ დასავლეთისა და მსოფლიოს დღევანდელი უდავო ლიდერი აშშ ღიად და დემონსტრატიულად იცავს მას (თუნდაც ტელეფონით) ამ ბედისაგან. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ნატოს წევრი იქნება, რუსეთის მიერ საქართველოსკენ თოფის გასროლა ნატოსკენ თოფის გასროლის ტოლძალი იქნება, რასაც რუსეთი, ძალთა დღევანდელი შეფარდების პირობებში (რომელსაც ცვლილება არ ელის), ვერ იზამს. თუ საქართველო ნატოში არ იქნება და მის იქ შესვლაზე ლაპარაკიც შეწყდება, მაშინ რუსეთი ადვილად მონახავს შესაფერ მომენტსაც და საბაბსაც, რათა საქართველოში ინტერვენცია მოახდინოს, მისი ტერიტორიების მიტაცება და მის სათავეში თავისი ღია აგენტურის დაყენება ცადოს.

IV. დამატება

რაკი საქართველოში ნეიტრალიტეტის ქადაგების რუსული ლოგიკის უსაფუძვლობა ვნახეთ და, შესაბამისად, საქართველოს ნატოში არშესვლის მქადაგებელი რუსული არგუმენტაციაც უარვყავით, ვიკითხოთ მთავარი: რა არის საქართველოსთვის დასავლური ორიენტაციის ზოგადი პოლიტიკა და, კერძოდ, ნატოში შესვლის პოლიტიკა რეალურად, ანუ რა მოაქვს და რა არ მოაქვს მას, პრაქტიკულად, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არსებობისთვის (გადარჩენისთვის) დღეს და ქართველების, როგორც ერის, არსებობისათვის სამომავლოდ? ამ თემაზე მსჯელობისათვის არსებითია შემდეგი.

გვიან შუა საუკუნეებთან (XV-XVIII) შედარებით საქართველოს მდგომარეობა თავის აგრესიულ რეგიონში დღეს, თუ რეგიონგარე ძალებს არ ჩავთვლით, დამძიმებულია. მაშინ საქართველოს სასიკვდილო საშიშროებას უქმნიდნენ ირანი და თურქეთი, რომელთა უკანაც მთელი სამუსულმანო იდგა და რომელთა ზედაპირულ, მაგრამ მუდმივ ინტერესთა დაპირისპირებებზე თამაშსა და ბალანსირებას საქართველო წარმატებით ახერხებდა. ამათ საპირწონედ რეგიონში ჩნდებოდა და ძალას იკრებდა რუსეთი, რომელიც ამ ორისათვის უყოყმანო და უპირობო მოწინააღმდეგე იყო და, ამგვარად, საქართველოსთვის იმედი ამათთან ბრძოლაში. დღეს, პირიქით, რუსეთი, რომელიც აგრესიულად ამოქმედებულია, თავისი პოტენციალით კი არ ეპირწონება, არამედ ემატება და უჯამდება ამ ორს, რომელნიც აგრესიულად ამოქმედებულნი არ არიან, თუმცა თურქული გემების რეისები სოხუმში იშვიათი არაა. მათი მაერთებელი ფაქტორი გლობალურ ვითარებაში არის მათი ანტიდასავლურობა (ზოგისა _ აქტუალური, ზოგისა _ ჯერჯერობით მხოლოდ პოტენციური), რომელიც განპირობებულია, ჯერ ერთი, ამ უკანასკნელის (დასავლეთის) მსოფლიო ბატონობით, მეორეც, მისი რეგიონში შემოსვლის და რეგიონს მიღმა (შუა აზიაში) რეგიონის გზით გასვლის უშუალო პერსპექტივით. დღეს რუსეთი, ირანი და თურქეთი საქართველოს წინააღმდეგ, პოტენციურად, მოკავშირეები არიან, რისი პირველი რეალიზაციაც ისტორიაში, ღია სახით, იყო რუსეთის და თურქეთის ერთობლივი (ერთ დღეს მომხდარი) სამხედრო დარტყმა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე 1921 წელს. ამათი ერთობლივი (ჯერჯერობით _ მარტოოდენ პოტენციური) მიზანი და მისწრაფებაა დასავლეთისათვის აღმოსავლეთისკენ (ცენტრალური აზიისკენ) გზის გადაკეტვა საქართველოს, როგორც ამიერკავკასიის ზღვისკენ გამსვლელი ქვეყნის, აღარარსებობის მიღწევით, რაც განხორციელდება, ვთქვათ, რუსეთის მიერ საქართველოს კვლავ ანექსიის, მისი ტერიტორიის რუსეთსა და თურქეთს შორის გაყოფის ან, როგორც მინიმუმი, მისი გაუვალ რადიოაქტიურ, ქიმიურ, ბაქტერიოლოგიურ უდაბნოდ ან სისხლიანი ქაოსის ზღვად ქცევის შემთხვევაში. ამგვარად, დასავლეთის ფაქტორის გაჩენამ საქართველოსთვის უარყოფითი როლი ითამაშა იმ მხრივ, რომ მისი აგრესიული მეზობლები გააერთიანა და ამიერკავკასიაში საქართველოსთვის ურთიერთგამაწონასწორებელი ფაქტორების არსებობის შესაძლებლობა მოხსნა. რა რჩება საქართველოს ამ სიტუაციაში? ერთადერთი: დასავლეთზე დაყრდნობა, როგორც ძალით უპირატესსა და დაინტერესების ხარისხით უფრო აქტიურ მოკავშირეზე, ასეთი პირობებით: “მე ვიცავ (უკეთეს შემთხვევაში: ჩემი ცოცხალი ძალით და შენი მატერიალური, ფინანსური, ტექნოლოგიური, პოლიტიკური და სხვა დახმარებით) ამიერკავკასიას ჩრდილოეთიდან (და საჭიროების შემთხვევაში სამხრეთიდანაც), შენ კი მიცავ გლობალური სტრატეგიის თვალსაზრისით რუსეთის (და, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე სამხრეთის მეზობლების) დარტყმისაგან. ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების დამატებითი დამთხვევა ის არის, რომ მე, ისევე როგორც შენ, დაინტერესებული ვარ, რომ აღმოსავლელი კოლოსის დემოგრაფიულმა პოტენციალმა არ გადარეცხოს შუა აზია, ხოლო შუა აზიის გადალეკილმა პოტენციალმა _ კავკასია ჩემი ქვეყნის ჩათვლით”. მაგრამ, ამ მართლაცდა იდეალურად ჰარმონიულ სქემას, რომელსაც ძალუძს საუკუნეები იმუშაოს, თავისი საშიშროებები და სიძნელეები (მაგრამ არა თავისი “ანტინომიები”) აქვს. სახელდობრ (ჩამოვთვლით მხოლოდ ზოგიერთს, “ღია სიის” სახით):

1. იმ შემთხვევაში, თუ ნატოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი ჩნდება სხვა ზონაში (ვთქვათ, ევროპაში ან ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის თავზე), საქართველო ვალდებულია ამ კონფლიქტში (ომში) ჩაებას თვით ახალი ფრონტის გახსნამდე. ამასთან, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ამუშავდეს პარტნერთა რეალური უთანასწორობის ფაქტორი და მექანიზმი. საქართველო, როგორც პატარა ფაქტორი საერთო საქმისა, თავის ამ მოვალეობას ვერ გაექცევა. დასავლეთი კი, როგორც დიდი და ძლიერი ფაქტორი, ყოველთვის იქნება იმის უნარმოსილი, რომ საქართველოზე მისი რეგიონალური მეზობლის აგრესიის შემთხვევაში (ვთქვათ, ირანის მხრიდან ან თურქეთის მხრიდან, რომელიც თვითონ ნატოს წევრია) დაუსჯელად მოძებნოს კონფლიქტისათვის თავის გარიდების საბაბი.

2. იმ შემთხვევაში, თუ ნატოს თავისი რეგიონგარე მიზნებისათვის დასჭირდა რეგიონში მოქმედებების დაწყება (ვთქვათ, ირანის დაბომბვა საქართველოს ტერიტორიიდან ზოგადსანავთობე სტრატეგიის, იზრაელის დაცვის, ბირთვული გაუვრცელებლობის მიღწევის ან სხვა რამ მიზნით), საქართველო დგება საშიშროების წინაშე, რომ მას ამ არსებითად უცხო ომის ძირითადი ტვირთი და მსხვერპლი დააწვეს.

3. საქართველოს ანტისაჰაერო და ანტისარაკეტო დაცვის, აგრეთვე ბიოლოგიური დაცვის, აგრეთვე ბირთვული და სხვა ნაცვალგების (საპასუხო დარტყმის მიყენების უნარის) ხარისხი ნაკლები არის, და, სავარაუდოა, მომავალშიც ნაკლები იქნება, ვიდრე ნატოს სხვა პარტნერებისა, რის გამოც საქართველო გამრავალკეცებული რისკის ქვეშ დგება თავისი მოსახლეობით და თავისი მომავლით.

4. საქართველო, როგორც ნატოს წევრი, მუდამ იქნება იმ საშიშროების წინაშე, რომ ერთობლივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სადაც საქართველოს ხმა გადამწყვეტი არ არის, გაუთვალისწინებელი დარჩეს საქართველოს საკუთარი სასიცოცხლო ინტერესები, რომლებიც ნატოსთვის მთლიანად აქტუალური არ არის (მაგალითად, საქართველოს ნაწილთა პოლიტიკური სტატუსი განისაზღვრებოდეს საქართველოსთვის პერსპექტივაში საზიანო, თუმცა მისი მოკავშირეებისათვის მნიშვნელობის არმქონე მიმართულებით, მაგალითად, სტაბილობისა და, ვთქვათ, ტრანსპორტის უსაფრთხოების ინტერესები წინ დგებოდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისაზე).

5. საქართველო მუდმივი საშიშროების წინაშე რჩება, რომ ნატოს დანარჩენი წევრებისათვის არ (აღარ) აღმოჩნდება ხელსაყრელი საქართველოს სტრატეგიული პარტნერობა, რასაც მის პრობლემებზე პასუხისმგებლობის ტვირთვა, და, ვთქვათ, მისი საზღვრების შეიარაღებული დაცვის მოვალეობა ახლავს (ვთქვათ, ჩინეთის მხრიდან მისთვის ხელსაყრელ მომენტში დიდი მუქარისა და დიდი საშიშროების გაჩენის შემთხვევაში), რასაც შედეგად შეიძლება მისი ნატოდან კვლავ გამოყვანა (რაიმე საბაბით) და მისი მტრების პირისპირ მარტო დატოვება მოჰყვეს. აქ აღარას ვამბობთ იმ ბრმა პოზიციაზე, რომელიც არაერთხელ გამოთქმულა საქართველოს პოლიტიკურ საზოგადოებაში, ჩვენი მიზანია სასწრაფოდ შემოვიყვანოთ საქართველოში ნატოო (და არა `საჭიროა საქართველო შევიდეს ნატოშიო”), რითაც უგულებელიყოფოდა უარსებითესი განსხვავება ამ ორ ნაბიჯს შორის, სახელდობრ, ის, რომ საქართველოში ნატოს შემოსვლით (ნატოსი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება ისევ გავიდეს და მტერს შეგვატოვოს) საქართველო ცალმხრივად იყენებს თავს ხიფათში, მაგრამ პარტნერისაგან არაფერს ღებულობს, ხოლო საქართველოს შესვლით ნატოში საქართველო ვალდებულებებს კისრულბს პარტნერის წინაშე ისევე, როგორც ეს უკანასკნელი კისრულობს საქართველოს წინაშე.

რა გამოსავალი და მოქმედების რა გზები აქვს საქართველოს ამ მართლაც ურთულეს ვითარებაში, რომელიც თავისი მრავალგანზომილებიანობითაც და საშიშროებათა ხარისხითაც ერეკლე II-ის წინაშე მდგარ პრობლემას აღემატება? ზოგადი პასუხი ერთია: საქართველო უნდა იყოს მოქმედი და თვალხილული და არა მონური ქცევისა და ბრმა. იგი უნდა თვითონვე მოქმედებდეს, როგორც პოლიტიკის სუბიექტი (და არა მარტოოდენ ობიექტი), თუ უნდა, რომ პარტნერებმაც იგი სუბიექტად განიხილონ. კონკრეტულად, იგი უნდა ითხოვდეს იმას, რაც მის სასიცოცხლო უსაფრთხოებას ემსახურება დღეს და მის ისტორიულმასშტაბიან ინტერესებს _ მომავალში. მაგალითად, მოყვარემ და მოკავშირემ უნდა იცოდეს, რომ ტერიტორიული ინტერესი საქართველოსთვის დაუთმობადი ინტერესია, რომ ქმედითი საჰაერო დაცვის აწყობამდე საქართველო საავიაციო და სარაკეტო ბრძოლებში არ ჩაერევა, რომ დიპლომატიური დახმარება მსოფლიო არენაზე (საერთაშორისო ორგანიზაციების ჩათვლით) მის მოკავშირეთა პირდაპირ მოვალეობადაა მიჩნეული და, დასასრულ, მას უნდა ჰქონდეს თავის სახელშეკრულებო ურთიერთობაში პარტნერებთან (თვით ნატოს ჩათვლით) განსაზღვრული ინტერესთა ის არეალები, რომელშიც ერთი პარტნერის ხელყოფა ვინმეს მიერ მეორე პარტნერისასაც ნიშნავს და, შესაბამისად, იმ მეორესაც შეიარაღებულ პასუხს ავალებს. ასეთი ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნერებთან, ცხადია, მხოლოდ არადონდლო და არაჯაგლაგი ხელისუფლების პერსპექტივაა. მაგრამ ეს მოთხოვნა საქართველოს დამატებით ტვირთსა და ხარჯს არ აკისრებს, რადგან ამგვარი ხელისუფლება საქართველოს სჭირდება თავისი პოლიტიკური მოქმედების ყველა ასპექტში და არა მხოლოდ იმაში, რომელზეც ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს.

თუმცა საქართველოს დასავლურ ორიენტაციას დღეს და სამომავლოდ ალტერნატივა არა აქვს (ანუ საქართველოს სხვა გზა არა აქვს და არც მოეაზრება), მაინც საქართველომ უნდა იცოდეს, რომ ევროპელის თვალში იგი იგივე ევროპა არაა, რაც ევროპული ქვეყნები, და რომ, ამიტომ, არაა გამორიცხული, გარკვეულ სიტუაციაში ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ეთიკური მცნებების პირდაპირი დარღვევის გარეშე, ამა თუ იმ ზრდილობიანი და ლამაზი ფორმით, ნატო საქართველოსთან სამხედრო ალიანსიდან გავიდეს, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, განსაცდელის ჟამს საქართველოს უგანოს. ამის არდავიწყება ხელისუფლების მოვალეობაა. თქმულიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს დაყრდნობა ნატოზე არ უნდა იყოს იმ ხარისხისა, რომ, თუ ნატო გამოეცალა, საქართველო მიწაზე დაეცეს. ეს კი პრაქტიკულად ნიშნავს სამ რასმე.

პირველი: საქართველოს თავდაცვისუნარიანობა იმ ანგარიშით უნდა იგებოდეს, რომ რაღაცა დროის ფარგლებში მაინც (ეს ფარგლები შეძლებისდაგვარად დიდი უნდა იყოს) მას თავდაცვა ავტონომიურ რეჟიმში (ანუ გარედან დახმარებისა და მომარაგების გარეშე) შეეძლოს. ამ ამოცანაში შედის ქვეყნის საკუთარი ძალებით სასურსათო უსაფრთხოების დაცვაც და სხვა ანალოგიური არასაბრძოლო ამოცანებიც.

მეორე: საქართველოს სათავდაცვო ორიენტაციის გარდუვალი და უალტერნატივო დასავლური მიმართულების პირობებში საქართველო ამ ორიენტაციის რეალიზაციის გზათა შორის უნდა ითვალისწინებდეს არა მხოლოდ კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმს, როგორიცაა მრავალმხრივი ნატო, არამედ ორმხრივი სათავდაცვო კავშირებისასაც, ვთქვათ, საქართველოსა და “ა” ქვეყანას შორის, საქართველოსა და “ბ” ქვეყანას შორის, საქართველოსა და იმავე ნატოს შორის და ა.შ. კავშირის ამგვარი ფორმა უფრო ელასტიურია და მასში უფრო დაკონკრეტებადია ერთობლივი პასუხისმგებლობის არეალი და სავალდებულო ურთიერთდახმარების შემთხვევები.

მესამე: საქართველოს მუდამ მზად უნდა ჰქონდეს პასუხი კითხვისათვის: რას ვიზამ მაშინ, თუ ნატომ (ან: დასავლეთმა საერთოდ) თავისი დახმარების პირობად დამიყენა ჩემ დაუთმობად ინტერესებზე ხელის აღება, მაგალითად, ამა თუ იმ ტერიტორიის დათმობა? ანუ: საქართველოს უნდა მუდმივად მომარაგებული ჰქონდეს შესაძლებლობა რაღაცა ინტენსიური ეკონომიკური და სამხედრო კავშირის კარის გახსნისა, რომელიც დაგმანული აქვს მოცემულ მომენტში თავის უპირველესად სასურველი დღევანდელი მოკავშირეების ინტერესებისათვის ანგარიშგაწევის გამო. მაგალითად, მას უნდა შეეძლოს სწრაფად აწყობა ირანული ნავთობის გატანისა ევროპაში, იაპონური პროდუქციის ამწყობი ხაზის ორგანიზებისა ევროპის ბაზრისათვის და ა.შ., რისგანაც იგი დღეს თავს იკავებს, უმტკივნეულოდ, თავისი დასავლელი სტრატეგიული სასურველი მოკავშირეების ანგარიშგაწევით.

დასავლეთთან სამხედრო კავშირის ხსენებული მინუსები, როგორც ვხედავთ, სერიოზულია, იმ პირველი და აქამდე არხსენებული მინუსით დაწყებული, რომ თვით ამ კავშირის აუცილებლობის აღიარებას, როგორც პოლიტიკის საწყისი პრინციპისა, საქართველოსათვის კარგა ხნის ნაცნობი საძულველი თეზისის “დამოუკიდებლობა არ შეგვიძლია” სუნი უდის. მაგრამ თუ საკითხს ღრმად და პატიოსნური აზროვნებით მივუდგებით, მაინც უნდა ვაღიაროთ უყოყმანოდ, რომ, ყველა აღნიშნული სიძნელის გადალახვისა და გამოსწორების თუ კომპენსაციის სურვილის ფონზე, დღეს საშინლად გააქტიურებული და შეტევაზე გადმომავალი იმპერიული რუსეთის პირისპირ ჩვენთვის მსოფლიო დემოკრატიული სუპერძალის მოკავშირედ ყოლა პრაქტიკულად აუცილებელია. რუსეთს დღეს, ყველა ნიშნით, თავისი სუპერსახელმწიფოებრივი იმპერიული სტატუსის შენარჩუნების უკანასკნელი შანსი უდგას (ან ჰგონია, რომ აქვს) და ეს შანსი საქართველოს გვამზე გადის. ეს შანსია: ამიერკავკასიური დერეფნის დასავლეთისათვის ჩაკეტვა; ამ ბაზაზე ჩინეთთან და ისლამურ ქვეყნებთან ალიანსის გაძლიერება იმ ზომამდე, რომ აზიაში, დესპოტიების ამ კლასიკურ კონტინენტზე, დასავლეთიდან სტრატეგიული შეღწევის ყველა მცდელობა გამოირიცხოს მთელი ისტორიული ეპოქით; ამ ხელსაყრელ ფონზე აზიის კონტინენტზე ყველა საჭირო საფორტიფიკაციო სამუშაოს ჩატარება პროფილაქტიკურად, რათა გადამწყვეტი შერკინების მომენტისთვის, რომელიც აუცილებლად მოვა (მაგრამ არა აუცილებლად იარაღის გამოყენებით), რეგიონი გარე სამყაროს ინდუსტრიალიზებული დესპოტიების მტკიცე და შეუვალი ჯაჭვის სახით დაჰხვდეს. ამას კი, _ სხვათა შორის, მაგრამ პირველ ყოვლისა, _ დასავლეთის ერთი პატარა, მაგრამ ორგანულად დასავლური ფორპოსტის _ საქართველოს _ დეზაქტივიზაცია სჭირდება მისი დემოგრაფიული, ეკონომიკური, სათავდაცვო, იურიდიული, კულტურული თუ ფსიქოლოგიური დესტრუქციის სახით. საქართველოსთვის უმჯობესია, რომ ამ გეგმისთვის გზის გადაკეტვა მისი რეალიზაციის პირველსვე ეტაპზე მოხდეს, ანუ ბრძოლა თავდაცვის ჯერ ყველაზე შორეულ ზღუდეზე გაიმართოს. ეს ზღუდეა დასავლეთისათვის შუა აზიის გაღება-გადაკეტვისათვის ბრძოლა და ეს ბრძოლა დღეს მიმდინარეობს.

საქართველოს
სახალხო ფრონტის
ეროვნული კომიტეტი

 2007

 

***

 

საქართველოს სახალხო ფრონტის განცხადება

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული მოქმედების ახალი ესკალაციის გამო

საქართველოს ყველა ობიექტური პირობა აქვს, რომ გარანტირებულად მიაღწიოს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ერთგული ხელისუფლების ყოლის შემთხვევაში. ე. წ. “ეთნიკური კონფლიქტების” დარეგულირება, რომლებიც სინამდვილეში წარმოადგენენ მხოლოდდამხოლოდ რუსეთის აგრესიულ ომს საქართველოს წინააღმდეგ, შედგება ორი ელემენტისაგან:

1. რუსეთის იურიდიული განიარაღებისაგან. სახელდობრ, საქართველომ უნდა განაცხადოს ოფიციალურად, რომ რუსეთი მრავალი წელია აწარმოებს აგრესიულ ომს საქართველოს წინააღმდეგ (რისი დოკუმენტური ილუსტრირებაც ადვილია) და ამჟამად ახორციელებს საქართველოს ტერიტორიის ორი ნაწილის _ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის _ ოკუპაციას. საქართველომ უნდა გააუქმოს რუსეთის შეიარაღებული ძალების `სამშვიდობო” მანდატი ამ ტერიტორიებზე და ასევე დაუყონებლივ გააუქმოს დსთ-ს წესდებასთან საქართველოს შეერთების, ანუ დსთ-ში საქართველოს შესვლის 1994 წლის აქტი, რომელიც მიღებული იყო კანონის დარღვევით. საქართველომ დაუყონებლივ უნდა გამოაცხადოს, რომ რუსეთის შეიარაღებული სამხედრო მოსამსახურის მყოფობა საქართველოს ტერიტორიაზე არის კანონსაწინააღმდეგო, და საქართველომ დაუყონებლივ უნდა მიჰმართოს ყველა საერთაშორისო ინსტანციას, სასამართლოს ჩათვლით, ოფიციალური თხოვნით რუსეთის აგრესიისაგან დაცვის შესახებ. ამით მოხდება რუსეთის, როგორც დღეს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომის მწარმოებელი სახელმწიფოს, იურიდიული განიარაღება, რითაც რუსეთი დაკარგავს იმის საშუალებას, რომ თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს ოფიციალურად, ანუ ეომოს საქართველოს, მეტაფორულად რომ ვთქვათ, თავისი გაშლილი სახელმწიფო დროშით.

2. რეალური ძალის შექმნისაგან საქართველომ უნდა შექმნას და განავითაროს  თავისი  შეიარაღებული ძალები ახალი ოფიციალური ორიენტაციით იმაზე, რომ მოიგერიოს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი არაოფიციალური აგრესიული ომი: კაზაკების და სხვა “ბოევიკების” შემოგზავნა, ვითომც `დაქირავებული” რუსი სამხედრო მოსამსახურეების შემოგზავნა, ანტიქართული ძალების შეიარაღება და გაწრთვნა, მათი მომარაგება საბრძოლო მასალებით და სადაზვერვო ინფორმაციით, მათი პროპაგანდული დახმარება და ა.შ. თუმცა საქართველოს არ შეუძლია წარმატებული და გრძელვადიანი ომი რუსეთთან “გაშლილი დროშებით”, მას სავსებით შეუძლია  და ვალდებულია, რომ შეეძლოს რუსეთის ზემოაღწერილი არაოფიციალური შემოტევის მოგერიება ნებისმიერი დროის მანძილზე.

საჭიროდ ვთვლით ავღნიშნოთ: “რუსთავი-2”-ის ა.წ. 13 მარტის გადაცემაში “პრაიმ-ტაიმი” (წამყვანი ი. გრიგოლია) ხელისუფლების წარმომადგენელმა პირებმა (რურუა, ქუთელია) მოკამათეებსა და მაყურებლებს დაუმალეს ის ფაქტი, რომ საქართველოს არსებული შეიარაღებული ძალები არ არის აგებული იმ ორიენტაციით, რომ ბრძოლა აწარმოოს თანამედროვე არმიასთან, რომელსაც იარაღის იმავე სახეობის ნაწილებთან ერთად, რაც ჰყავს საქართველოს, ჰყავს იარაღის ისეთი სახეობის ნაწილებიც, რომლებიც საქართველოს არ ჰყავს და რომლების ყოლასაც თანამედროვე პირობებში ომი აუცილებლობით მოითხოვს, მაგალითად, სატანკო ნაწილები (მაშასადამე, ნაწილები, რომლებიც შეტევას აწარმოებენ ტანკის მოძრაობის სისწრაფით), ავიასადესანტო ნაწილწბი, სარაკეტო ჯარები და მრავალი სხვა. ამგვარად, ხსენებულმა პირებმა დალალეს, რომ რუსეთის ოფიციალურად წარმოებულ აგრესიულ ომში მონაწილებისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალები ადექვატური არ არის, მისივე არაოფიციალური შემოტევის მოგერიებისათვის კი ადექვატურია, რის გამოც ლოგიკურად და პრაქტიკულად აუცილებელია რუსეთის ოფიციალური იურიდიული განიარაღება, როგორც აგრესორისა, მანამდე, სანამ დავუშვებდეთ კონფლიქტურ ზონებში თოფის გავარდნას.

3. პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ განაცხადოს საკუთარი მოქალაქეების წინაშე და მსოფლიოს საზოგადოებრიობის წინაშე, რაში მდგომარეობს მისი პოზიცია ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის საბოლოო, ანუ სამარადისო მოწყობისა ყველა მოქალაქის – როგორც ქართველების, ისე აფსუებისა (“აფხაზებისა”) და ოსების ინტერესთა შესაბამისად. ასეთი მოგვარების კონკრეტული ფორმულირებები საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ხელთ აქვს და ხელისუფლება ვალდებულია ისინი გამოიყენოს ან არსებული სახით, ან გაუმჯობესებული სახით.

საქართველოს ხელისუფლების ეს პირდაპირი მოვალეობა ძალაშია განურჩევლად იმისა, იგი ლეგიტიმურია თუ ხელისუფლებასთან უზურპაციის გზით მისული, რამდენადაც ორსავე შემთხვევაში  ხელისუფლების პირადი შემადგენლობა საქართველოს მოქალაქეებია. ამ პირდაპირ მოვალეობათა შეუსრულებლობა ჩვენ მიერ განიხილება, როგორც პირდაპირი სახელმწიფო ღალატი.

საქართველოს სახალხო ფრონტი

2008 წლის 13 მარტი

 

***

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს
ასლი: სახელმწიფო მინისტრს დ. ბაქრაძეს
ღია წერილი

ბატონო პრეზიდენტო
ჩემი განცხადება, რომ შეგეყვანეთ ცხინვალის რეგიონის სტატუსის განსაზღვრისათვის შექმნილ კომისიაში, როგორც ადგილზე მდგომარეობის მცოდნე და საკითხის ისტორიის მცოდნე, როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, როგორც ქართულ-ოსურ ურთიერთობათა დროებითი საპარლამენტო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და როგორც ამ თემაზე მრავალი პუბლიკაციის ავტორი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, თქვენ შემდგომი რეაგირებისათვის გადაუგზავნეთ მინისტრს კონფლიქტების კოორდინაციის საკითხებში (ასე მწერს თქვენი კანცელარია, თუმცა სიტყვას “კონფლიქტები” წერს “კომფლიქტები” სახით) დავით ბაქრაძეს. ამ უკანასკნელისაგან მივიღე უარი და წინადადება, რომ ჩემი აზრი წარვადგინო წერილობით კომისიის სათანადო ქვეკომისიაში. ვარჩიე ჩემი აზრი გაახლოთ თქვენ, კომისიას კი გადავცე იგი ასლის სახით.
პირველ ყოვლისა, გეკითხებით:

1. რა საფუძველი აქვს თქვენსა და კომისიის უკვე გაცხადებულ განზრახვას, რომ აღნიშნულ ტერიტორიას ერქვას “სამხრეთ ოსეთი“? (ამ კითხვას თქვენ ვერ უპასუხებთ, რადგან ოფიციალურად ვერ იტყვით, რომ ამ სახელის ერთადერთი საფუძველია ის ფაქტი, რომ მან, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური ორგანოს და კავკასიის ორგანოს მიერ შეთხზულმა ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველო დამოუკიდებელი იყო და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა, იარსება საქართველოში რუსეთის კანონსაწინააღმდეგო დიქტატურის წლებში (1922-1990). ის, რომ საქართველოს ამ წლებში დაპყრობილ და ფაქტობრივად ანექსირებულ ქვეყნად ცნობს საქართველოს კანონი, თქვენ, ალბათ, მოგეხსენებათ (იხ. საქსს უზენაესი საბჭოს 1990 წლის 9/III აქტი).

2. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ საქართველოში “ოსეთის” შექმნის საჭიროება განპირობებულია მხოლოდ ძალით (როგორც ამას წერს ეუთოს საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი დიტერ ბოდენი. იხ. მისი პუბლიკაცია გაზეთში `სვობოდნაია გრუზია”, 1995 წ.), მაშინ რა გაძლევთ უფლებას, რომ ოფიციალურად არ განაცხადოთ, რომ ადგილი აქვს საქართველოს სახელმწიფოზე ძალადობის მცდელობას, და ქვეყანას არ შესთავაზოთ თქვენი პროგრამა ძალადობისაგან მისი განთავისუფლებისა საპირისპირო ძალის შექმნის, აგრეთვე უცხო ძალის _ რუსეთის _ პოლიტიკური, დიპლომატიური და იურიდიული ნაბიჯებით ნეიტრალიზაციის გზით?

3. რა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ტერიტორიაში, რომლის “ოსეთად” აღიარებასაც გეგმავთ, შეყვანილი იქნას ახალგორის რაიონი, სადაც ოსური მოსახლეობა არც შეადგენს უმრავლესობას და არც ოდესმე შეადგენდა?
ამ კითხვასაც თქვენ ვერ უპასუხებთ, ანუ ვერ დაასახელებთ ამ განზრახვის ვერც ერთ საფუძველს გარდა იმისა, რომ ასე იყო (ეს რაიონი “ოსეთად” ითვლებოდა) რუსული საბჭოთა ოკუპაციის წლებში.

4. გაქვთ თუ არა თქვენ არგუმენტი იმ დებულების საწინააღმდეგოდ, რომ რუკაზე ორი ოსეთის __ ერთი ნამდვილისა (კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით) და მეორე ყალბისა (ქედის სამხრეთით) _ არსებობა კაცობრიობის წინაშე აყენებს მათი მომავალი გაერთიანების ამოცანას?

5. გაქვთ თუ არა არგუმენტი იმ დებულების საწინააღმდეგოდ, რომ პრეცედენტი იმის დაკანონებისა, რომ დემოგრაფიული დინამიკა (ვინ გამრავლდა მოცემულ ტერიტორიაზე და ვინ უმცირესობა გახდა) განაპირობებდეს სახელმწიფოს შიგნით ამ ტერიტორიის იურიდიული სტატუსის რაგვარობას, შექმნის სტიმულს (ფსიქოლოგიურ ცდუნებას) ეთნიკური წმენდისა და გენოციდისათვის მთელს მსოფლიოში ევროპის ჩათვლით, ანუ რომ თქვენი განზრახვით თქვენ ხელს უწყობთ ნელი მოქმედების ბომბის ჩადებას მსოფლიო სისტემის საფუძველთა საფუძველში?

6. რა გაძლევთ უფლებას, ქართველ ხალხს პლებისციტისა და რეფერენდუმის გარეშე თავს მოახვიოთ მისი ეროვნული ტერიტორიის ნაწილის ოფიციალური გამოცხადება მეზობელი ქვეყნის ტერიტორის სამხრეთ ნაწილად, რისი არანაირი განზრახვა არ გაგიცხადებიათ თქვენს წინასაარჩევნო პროგრამაში?

7. რა საფუძველი აქვს ცხინვალის რეგიონის სტატუსზე მსჯელობის პროცესში რუსეთის მოწვევას, ანუ ქვეყნის, რომელიც არის ამ რეგიონში არსებული კონფლიქტის ერთადერთი ორგანიზატორი, სეპარატისტების დამხმარე და შემაიარაღებელი, და რომლის შეიარაღებული ძალის რეგიონში დგომა არის საქართველოს ტერიტორიაზე სეპარატისტთა შეიარაღებული ბანდების, ისევე როგორც უკანონო და კრიმინალური სეპარატისტული ხელისუფლების, არსებობის ძირითადი ფაქტორი და მიუცილებელი პირობა?

მოგახსენებთ კიდევ ერთხელ: თქვენი ქმედება, რომელზეც ვამახვილებ თქვენ ყურადღებას, არის პირდაპირი სახელმწიფო ღალატი. სრული საფუძველი მაქვს განგიცხადოთ: საქართველოს საზოგადოებრიობა, ჯამში, ამ თქვენ მოღალატურ ზრახვას არ შეურიგდება და ცხინვალის რეგიონის როგორც მოწყობის, ისე სახელწოდების ამოცანას გადაჭრის ისე, როგორც სჭირდება საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს. ასევე, სახელმწიფოს ინტერესებში, იგი რაციონალურად გადაჭრის საქართველოში მაცხოვრებელი 160 ათასი ოსის (და არა მხოლოდ ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებელი 60 ათასის) ინტერესთა, მათ შორის _ ამ ადამიანების ეროვნულ ინტერესთა სრულფასოვანი და მუდმივი დაცვის ორგანიზაციულ ამოცანას.

ნ. ნათაძე
7.08.07წ.

***

 

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს
ღია წერილი

ბატონო პრეზიდენტო
მიმაჩნია, რომ პოლიტიკა, რომელსაც თქვენ აწარმოებთ ცხინვალის რეგიონში, სცილდება თქვენი კანონიერი კომპეტენციის ფარგლებს და ამავე დროს პირდაპირ წინააღმდეგობაშია საქართველოს სახელმწიფოს საარსებო ინტერესებთან დღეს და სამუდამოდ. სახელდობრ, თქვენ ოსური დიასპორისათვის, რომელიც დღეს საქართველოს ჩრდილოეთ ზონის სამ რაიონში (სსრკ-ს დროინდელი დასახელებით ჯავის, ცხინვალის, ზნაურის რაიონებში) მოსახლეობის ორ მესამედს წარმოადგენს (დანარჩენი ერთი მესამედი აქაური ავტოხთონური მოსახლეობა, ქართველები არიან), იზრახავთ რესპუბლიკის შექმნას “ფართო ავტონომიით” და მისთვის სახელის “სამხრეთ ოსეთი” წოდებას. ამით თქვენ საქართველოს ტერიტორიის ერთ ნაწილს აღიარებთ (სრულებით უსაფუძვლოდ) მეზობელი ქვეყნის, ოსეთის (“ალანიის”) სამხრეთ ნაწილად და კაცობრიობის წინაშე აყენებთ სამომავლო ამოცანას, რომ მიაღწიოს ორი “ოსეთის” _ ერთი ნამდვილისა (კავკასიონის ჩრდილოეთით) და მეორე ყალბის _ “გაერთიანებას”, როგორც გაერთიანდა გერმანია და გაერთიანდება მომავალში, ალბათ, ყველა ამჟამად ორად გაყოფილი სახელმწიფოები. ამავე პოლიტიკით ნელი მოქმედების ნაღმს უდებთ მსოფლიო სისტემას, რადგან იმის დაკანონება პრეცედენტად, რომ დემოგრაფიული დინამიკა რომელსამე მოცემულ ტერიტორიაზე (რომელი ეთნიკური ჯგუფი გამრავლდა, რომელი უმცირესობად იქცა და ა.შ.) განსაზღვრავდეს ამ ტერიტორიის პოლიტიკურსა და იურიდიულ სტატუსს, არის პირდაპირი გზა ყოველი ეთნიკური ჯგუფის, მათ შორის ყოველი ერის შიშის სტიმულირებისა ყველა სხვა ეთნიკური ჯგუფის დემოგრაფიული კეთილდღეობის წინაშე და, მაშასადამე, ეთნიკური წმენდისა და მისი მთავარი იარაღის, გენოციდის ცდუნების შექმნისა მთელს მსოფლიოში.

მოგეპოვებათ თუ არა საკმარისი ინფორმაცია ამ ტერიტორიის ისტორიის შესახებ, არ ვიცი, მაგრამ თქვენც, თქვენი ნების უყოყმანოდ შემსრულებელი პარლამენტიც და თქვენი მთავრობაც ვალდებულნი ხართ, იცოდეთ, რომ ოსური მოსახლეობა ამ რეგიონში შემოსულია ძირითადად 1864 წლის შემდგომ ხანებში (როცა საქართველოში ბატონყმობა გაუქმდა და უყმებოდ დარჩენილმა მემამულეებმა ქედის ჩრდილოეთიდან ოსების ხიზნებად შემოყვანა იწყეს) და საბჭოთა წლებში (1921-1991), როცა ხდებოდა ამ რეგიონის ხელოვნური ოსიზაცია და დექართველიზაცია ხელისუფლების მიერ. ვალდებულნი ხართ აგრეთვე იცოდეთ, რომ სახელი “ოსეთი” საქართველოს ტერიტორიის ამა თუ იმ ნაწილებისათვის შეთხზული იქნა რუსი დამპყრობლების მიერ (მას პირველი ხმარობს კავკასიის რუსი მმართველი გენერალი კნორინგი საქართველოს ანექსიიდან რამდენიმე თვის თავზე, 1802 წელს), რომ ამ შეთხზულ ტერმინს უყენებდნენ საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ ნაწილს, სადაც კი ოსები ცხოვრობდნენ, თუმცა უმცირესობა იყვნენ, და რომ სახელის “სამხრეთ ოსეთი” შეთხზვა და ამ სახელით საქართველოს ტერიტორიაზე ავტონომიური ადმინისტრაციული ერთეულის შექმნა 1922 წელს მოხდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (ბოლშევიკების) კავკაიის ბიუროს დადგენილების თანახმად, რომელსაც რეზიდენცია საქართველოს გარეთ, ჩრდილოეთ კავკასიაში ჰქონდა, და ამავე პარტიის (ბოლშევიკების) ცეკას შესაბამისი ერთეულის განკარგულებით, რომელსაც რეზიდენცია აგრეთვე საქართველოს გარეთ, მოსკოვში ჰქონდა.

თქვენ თქვენს ოფიციალურ გამოსვლებში და განცხადებებში ხმარობთ გამოთქმას “სამხრეთ ოსეთი”, რომელიც უკანონოა, რადგან გაუქმებულია საქართველოს კანონიერად არჩეული უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ 1990 წლის 11 დეკემბერს. თქვენს პოზიციას ვერ ასაბუთებთ ვერც თქვენ, ვერც თქვენი თანამოაზრე საპარლამენტო უმრავლესობა ან მთავრობა, რადგან ეს პოზიცია დაუსაბუთებადია. მიუხედავად ამისა, თქვენ დგამთ კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკულ ნაბიჯებს, რათა კანონსაწინააღმდეგო თითქოსდა გეოგრაფიული, ეთნიკური და პოლიტიკური ერთეულისათვის _ “სამხრეთ ოსეთისათვის”, _ მოიპოვოთ სუბიექტის სტატუსი ამა თუ იმ საერთაშორისო ხდომილებებში, როგორიცაა ევროსაბჭოს ტრიბუნიდან პოზიციის გამოთქმა და საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა. თქვენ ვერ ხვდებით ან თავს აჩვენებთ საზოგადოებას, თითქოს ვერ ხვდებით, რომ მრავალმხრივი კრიმინალი კოკოითი და თქვენ მიერ ცხინვალის რეგიონში დანიშნული წარმომადგენელი სანაკოევი, რომელმაც “კენჭი იყარა” კანონსაწინააღმდეგო `სამხრეთ ოსეთის” პრეზიდენტად, ერთნაირად დამნაშავენი არიან კანონის წინაშე და რომ “სამხრეთ ოსეთის” კიდევ ერთხელ შექმნა ერთნაირად ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოს ფუნდამენტურ ინტერესებს განურჩევლად იმისა, ვინ იქნება მის სათავეში _ კოკოითი თუ სანაკოევი. ვერ ხვდებით, როგორც ჩანს, იმასაც, რომ ლოგიკურად არაფერი უდგას წინ სავსებით ბუნებრივ ვარაუდს, რომ კოკოითი და სანაკოევი ურთიერთშეთანხმებული ერთი გუნდის, სახელდობრ, რუსეთიდან მართული გუნდის მოთამაშენი არიან და ამ თამაშის ზოგადი გეგმა პირდაპირ მიმართულია საბოლოო უმაღლესი მიზნისაკენ _ საქართველოში “სამხრეთ ოსეთის” შექმნისაკენ.

ჩვენი პოზიცია და, რამდენადაც შემიძლია ვიმსჯელო, ქართველი ერის დიდი უმრავლესობის პოზიცია ისაა, რომ საქართველოში “სამხრეთ ოსეთის” შექმნა არსებულ კონფლიქტს ვერ დააცხრობს და პრობლემას ვერ გადაწყვეტს, არამედ მას მხოლოდ გადაავადებს, და რომ უკანონო “სამხრეთ ოსეთი” გაუქმდება მაშინათვე, როგორც კი საქართველოში რეალურად არჩეული, ანუ მიცემული ხმების შესაბამისად არჩეული ხელისუფლება შეიქმნება, ხოლო ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომელთაც ბრალი ექნებათ ამ ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯის გადადგმაში, პასუხისგებაში იქნებიან მიცემულნი, როგორც საქართველოს ინტერესთა წინააღმდეგ შეგნებულად მოქმედი პირები.

დღეს თქვენ ქმნით კომისიას, რომელმაც ფართო მსჯელობა უნდა გამართოს ცხინვალის პრობლემის მოგვარების ოპტიმალური პოლიტიკის თაობაზე. მე მიმაჩნია, რომ ჩემი ყოფნა ამ კომისიის შემადგენლობაში საჭიროა, ვინაიდან მე მრავალი წელია ვმუშაობ და არგუმენტირებულ მოსაზრებებს ვაქვეყნებ ამ თემაზე, აგრეთვე ვიცნობ სიტუაციას ადგილზე და 1992-1995 წლების პარლამენტში ჩემი ყოფნისას ჩემს კონსტიტუციენციას ამ რეგიონის მოსახლეობაც წარმოადგენდა.

თქმულიდან გამომდინარე, ოფიციალურად მოგმართავთ განცხადებით, რათა შეყვანილი ვიქნე ამ კომისიის შემადგენლობაში.

ნოდარ ნათაძე
პარტია “საქართველოს სახალხო ფრონტის”
ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე

 

  

                    

2 Responses to “♦ განცხადებები, მიმართვები, წერილები”

  1. AFXAZI said

    აფსუებს უიარაღოთ მაინც ვერ მოუგებთ და თუ მოუგებთ ისინი გაიქცევიან თავის ისტორიულ ძმებთან ადიღეველებთან, ასე რომ იქ შექმნან სახელმწიფო, დამწერლობა ხომ დაუწერეთ.?. არანაირი ავტონომია არ ჭირდებათ აფხაზეთის მოსახლეობას, ისე როგორც ოსებს, შვილებს ისევ ნაღმებს უტოვებთ? სტრასბურგსში არსებობს ალძასური(გერმ) დიალეკტის ფაკულტეტი, მივბაძოთ ევროპელებს და გავხსნათ უნივერსიტეტებში მეგრულ, სვანურ, აფხაზური და სხვა მცირე ერების, ენების და დიალექტების შემსწავლელი ფაკულტეტები და მორჩა.

    მაგ: საფრანგეთში სანამ ფრანგულს არ ისწავლი საშუალო დონეზე, მოქალაქეობას არ მოგცემენ და მანამდე სამუშაოს უფლებას 5 წელი უნდა ელოდო მინიმუმ. საქართველოში 3 ყოფილ რუს ოკუპანტს უკვე სამსახურები და საცხოვრებელი ბინები დაურიგეს. როდის უნდა შეწყდეს ეს მაიმუნობა..? თუ რუსის ჯარში დავიწყო მსახური და მერე გადმოვირბინო თქვენთან..?

    ქართველს რატომ არ სცემთ პატივს, სამუშაო მანდ არ არის და აქედან ვუხდით ახლობლებს საწმლის და სინათლის ფულს… სადამდე..? დავიღალეთ…

    Like

    • iberiana said

      ნამდვილად ეგრეა, შევარდნაძის პერიოდთან თუ ცოტა უკეთესი მდგომარეობაა, ეს მხოლოდ საზღვარგარეთ წასული ხალხის მიერ ახლობლებისთვის გადმოგზავნილი ფულის ხარჯზე ხდება.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s