Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ პოლიტიკასაც მეცნიერული წიგნიერება სჭირდება

პოლიტიკასაც მეცნიერული წიგნიერება სჭირდება

ხელისუფლებისადმი ბრმად მორჩილმა ქართულმა ტელეარხებმა ამ რამდენიმე დღის წინ გააჩაღეს კამპანია მინისტრის ი. გაგოშიძის წინააღმდეგ იმის გამო, რომ მან იხმარა გამოთქმა “დიასპორა” საქართველოს მოსახლეობის ყველა ეროვნული ჯგუფის მიმართ ქართველებისა და აფხაზების გარდა, ხოლო ხელისუფლებამ გაგოშიძე თანამდებობიდან მოხსნა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს ხელისუფლების მეცნიერულ არაინფორმირებულობას, მის დემაგოგიურ სულისკვეთებას და მის მიზანმიმართულად ანტიქართველურ ორიენტაციას პოლიტიკაში. სახელდობრ:

1. ბერძნული “დიასპორა” (“განთესილი”) არ არის არც იურიდიული, არც პოლიტიკური, არც ვინმესთვის შეურაცმხყოფელი ცნება. ეს არ არის იურიდიული ცნება, არამედ გეოგრაფიული და დემოგრაფიულია. იგი  აღნიშნავს ერის იმ ნაწილს, რომელიც თავისი სამშობლოდან გასულია და სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, როგორც წესი – თაობათა და საუკუნეთა მანძილზე. პირველად ეს ცნება შეიქმნა პალესტინიდან გასული ებრაელებისა და მათი დასახლებების აღსანიშნავად (მათი ეს გასვლა დაიწყო IV ს-ში ქ. წ.) შემდეგ გავრცელდა სხვა ხალხთა ანალოგიური ნაწილებისა და დასახლებების მიმართ. საქართველოში მაცხოვრებელი არაქართველი ეთნიკური ჯგუფების საქართველოში დასახლების ისტორია მეცნიერებისათვის ზედმიწევნით ცნობილია. ის ფაქტი, რომ ეს მოსახლეობა საქართველოში შემოსულია სხვა ქვეყნებიდან, არაფრით არ ზღუდავს მათს მოქალაქეობრივ სტატუსს და არაფრით შეურაცხყოფს მათს ღირსებას.

2. წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების ანტიმეცნიერული,  დემაგოგიური და ორიენტაციით ანტიქართველური პრაქტიკისა შევარდნაძისა და სააკაშვილის გუნდთა მმართველობის დროს, საქართველოს პოლიტიკას თავის მოქალაქეთა ეთნიკურ ჯგუფებთან (ქართველებთან, აფხაზებთან, სომხებთან, ოსებთან, ბერძნებთან და ა.შ) სჭირდება პრინციპები, რომლებზედაც არც შევარდნაძე, არც სააკაშვილი (სრულებით არასაპატიო მიზეზების გამო) არ დაფიქრებულან. ეს პრინციპებია:

ა) საქართველოს, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყნის, მოქალაქეობა არის ხელშეკრულებითი დამოკიდებულება პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის (და, ამდენად, მასზე ვრცელდება “სახელმწიფო ხელშეკრულების” კლასიკური კონცეფცია): მოქალაქეს აქვს უფლებები და მოვალეობები სახელმწიფოს მიმართ, ხოლო სახელმწიფოს – მოქალაქეთა მიმართ. სახელმწიფოს არა აქვს უფლება, იძულებით ჩაიხედოს მოქალაქის სულში  და შეამოწმოს, რომელი ქვეყნის გუნდს დაუჭერს იგი მხარს საერთაშორისო მატჩში – საქართველოსას თუ, ვთქვათ, არგენტინისას, საიდანაც მისი წინაპრები მოვიდნენ ორასი წლის წინათ. ხსენებული უფლება-მოვალეობები ცნობილია და უკლებლივ ყველა მოქალაქისათვის ერთნაირია.

ბ) პიროვნების კუთვნილობა თავისი ერისადმი არ არის ხელშეკრულებითი დამოკიდებულება, არამედ პრინციპულად სხვაა. იგი ბუნებითი ერთობაა (ანუ კაცობრიობა ბუნებითვეა დაყოფილი სხვადასხვა ერებად), რომელიც ადამიანის ფსიქიკის განუშორებელ აუცილებლობას წარმოადგენს და ემყარება ძირითადად ერთიან გენეტიკურ წარმომავლობას, ისტორიული ბედისა და ღვაწლის ერთობას, მომავალი ბედის ერთობას, ენას, კულტურულად იგივეობას და სხვა არაშემთხვევით იგივეობებსა და ერთგვარობებს. ინდივიდის ბუნებრივი ფსიქიკური მოთხოვნილება და ამავე დროს უფლება არის თავგანწირული ბრძოლა თავისი ერის უკვდავყოფისა და წარმატებისათვის. ამაში შედის მისი ერის ტერიტორიული სამარადისო თავდამკვიდრებაც იმ ერთადერთ  ტერიტორიაზე, რომელიც მისი ეთნიკური ტერიტორიაა. ამგვარად, საქართველოს სახელმწიფო ვერ უნდა ითხოვდეს და მოელოდეს თავისი ეროვნებით არგენტინელი მოქალაქეებისაგან, რომ საქართველოს და არგენტინის სამკვდრო-სასიცოცხლო ომის შემთხვევაში მათ საქართველოს მხარეზე იბრძოლონ, და თავისი სტრატეგია ვერ უნდა ააგოს იმაზე, რომ ისინი თავისი ერის წინააღმდეგ იბრძოლებენ. ეს რეალური არ იქნება.

თქმულიდან გამომდინარეობს საქართველოს სახელმწიფოს მოვალეობა, რომ
ა) იყოს თავისი მოქალაქე დიასპორების სულისკვეთების კურსში, რათა  კრიტიკულ სიტუაციებში მათი მოქმედების პროგნოზირება შეძლოს
ბ) მაქსიმალურად გაუწიოს ანგარიში თავისი დისპორების მოქალაქეობრივი ინტერესების გარდა (რაშიც ყველა მოქალაქე ერთია) მათს სპეციფიკურად ეროვნულ ინტერესებსაც (მაგალითად, ყველანაირად აერიდოს არგენტინასთან ომს, როცა იცის, რომ არგენტინული წარმოშობის დიასპორა ჰყავს)

3. საქართველოს  ეროვნული მიმართულების პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აზრით, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის შეუვალი პრინციპი ეთნიკურ დიასპორასთან ურთიერთობაში უნდა იყოს ინტეგრაცია (ანუ ერთიანობა) ასიმილაციის გარეშე. ჩვენთვის მიუღებელია იმ სახელმწიფოთა (მათ შორის _ უდიდეს დემოკრატიულ სახელმწიფოთა) პრაქტიკა, რომლებიც მოქალაქეს უწერენ თავისი (და არა იმ მოქალაქის) ეროვნების სახელს და ფიქრობენ, რომ ამით ამ მოქალაქის თავის სახელმწიფოში “ინტეგრაციის” პრობლემა გადაჭრეს. საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ერთადერთი მისაღები პერსპექტივაა მასში მოსახლე ყველა ეთნიკური ჯგუფისათვის თავისი ეროვნული იდენტობისა და კულტურის გარანტირებული მარადიულყოფის პირობების შექმნა იმის მყარი ცნობიერებით, რომ (იხ. 4 აქვე)

4. საქართველო, როგორც დედამიწის ერთი ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს, როგორც კაცობრიობის ერთ ნაწილს. საქართველოს მარადიულყოფა, როგორც დღევანდელ ოფიციალურ (და გაეროს მიერ ცნობილ) საზღვრებში მდებარე, დამოუკიდებელი, თავისუფალი და ქართული (ანუ თავის მოქალაქესთან ოფიციალურად სალიტერატურო ქართულ ენაზე მოლაპარაკე) სახელმწიფოსი, საქართველოს სახელმწიფოს უფლება და მოვალეობაა. მისი მოვალეობაა იმიგრაციის კონტროლიც.

შენიშვნა: ერის საკუთრება თავისი ტერიტორიის მიმართ შემოფარგლულია (და მომავალში უფრო და უფრო შემოიფარგლება) რიგი საკაცობრიო (ძირითადად ეკოლოგიური და ჰუმანიტარული) საერთო ინტერესებით, რაც დარეგულიორებული იქნება საერთაშორისო კონვენციების სახით. (მაგრამ საკუთრების ფაქტს ეს შემოფარგლვა ვერ შეეხება).

მოყვანილი ოთხი უმარტივესი პრინციპი საქართველოს ეროვნული პოლიტიკისა, მით უმეტეს _ სხვა უფრო რთული და დეტალიზებული პრინციპები შევარდნაძისა და სააკაშვილის ადმინისტრაციისათვის უცნობია ან შეგნებულად უგულვებელყოფილია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხსენებული არაინფორმირებულობა და ამ პრინციპთა უგულვებელყოფა შემდგომშიც უნდა გაგრძელდეს. არ უნდა გაგრძელდეს მათი  პოლიტიკური მიმართულების დამახასიათებელი დემაგოგიაც, რომელიც მიზნად ისახავს ქართული მამულიშვილური იდეოლოგიისა და სულისკვეთების გამოყვანას არაქართველ მოქალაქეთა დაჩაგვრის იდეოლოგიის როლში და ემყარება პრიმიტიულ სოფიზმებს, ანუ ყალბი დასკვნების გამოტანის ხრიკს არასწორი თითქოსდა ლოგიკური პროცედურის გამოყენებით. მათი ორივე ძირითადი სოფიზმი, ისევე როგორც ყველა სოფიზმი საერთოდ, ემყარება ერთი და იმავე სიტყვის ორი სხვადასხვა მნიშვნელობით გამოყენებას. ერთი ასეთი სიტყვაა მათთვის “სამშობლო”, – იგი აღნიშნავს იმ ადგილსაც, სადაც დავიბადეთ, და იმ ერის ქვეყანასაც, რომელსაც ვეკუთვნით. მაგალითად, თუ ვარ ქართველი, მაგრამ არგენტინაში დავიბადე და ვცხოვრობ, ჩემთვის არგენტინა სამშობლოა ამ სიტყვის სხვა აზრით, ხოლო საქართველო _ მისი სხვა აზრით. საყურადღებოა, რომ აზერბაიჯანს აქვს უცხოეთში მაცხოვრებელ “თანამემამულეებთან” მუშაობის სამინისტრო და ოფიციალურად აქვს გაცხადებული, რომ ეს სამინისტრო ძირითადად საქართველოში  მაცხოვრებელ აზერბაიჯანელებთან მუშაობს (და, სხვათა შორის, აფინანსებს მათ მიწის საყიდლად). (ამიტომ საქართველოს ხელსიუფლებას ვთხოვთ, გაარკვიოს, რომელია საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა სამშობლო, ხოლო თუ მათი სამშობლო საქართველოა, მაშინ როგორღა არიან აზერბაიჯანის იმ სამინისტროს “თანამემამულენი”, რომელიც მათ აფინანსებს საქართველოში მიწის საყიდლად?). მეორე ასეთი სიტყვაა “ერი”, რომელიც თანამედროვე ევროპაში იხმარება “სახელმწიფოს” მნიშვნელობითაც  და “ერის” მნიშვნელობითაც (თუმცა მეცნიერებაში გერმანელები ასხვავებენ “ხალხ ერებს” (Volk-Nation) და “სახელმწიფო ერებს” (Staat Nation). პირველი, ბუნებრივია, მიისწრაფის, რომ მეორედ იქცეს, ანუ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს). საქართველოს ერთგულსა და კვალიფიციურ მომავალ ხელისუფლებას არა აქვს უფლება, შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებათა ზემოაღნიშნული გულუბრყვილობის კვალზე იაროს.

 საქართველოს ეროვნულ პარტიათა ალიანსი 

 

“საქართველო”

იანვარი, 2010

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s