Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ ქართველები, რუსები, ამერიკელები

ქართველები, რუსები, ამერიკელები

 

რუსები

რუსეთმა ამიერკავკასიაში დამკვიდრებისთანავე ორიენტაცია აიღო საქართველოს და ქართველი ერის განადგურებაზე იმ მეთოდთა ფარგლებში, რომლებიც კი შეიძლებოდა გამოყენებულიყო იმ დროის საერთაშორისო “ზრდილობისა” და თუნდაც მოჩვენებითი მორალის დაცვით. რუსეთის მეფე ალექსანდრე I-ის მანიფესტში საქართველოს ანექსიის თაობაზე ნათქვამი იყო, რომ იგი საქართველოს იერთებს არა თავის სამფლობელოთა გაზრდის მიზნით, არამედ ქართველ ხალხზე ზრუნვისა და მისი დაცვის მიზნით. ამ კურსს თითქოს ადასტურებდა ის ფაქტები, რომ ქართველობას ფართოდ ჰქონდა გახსნილი გზა სამხედრო კარიერისთვის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, რუსეთის კავკასიურ ომებში ფართოდ მონაწილეობდნენ ქართველი მოხალისეები (მილიცია), ასე რომ ეს ომები გარკვეულწილად ერთობლივი რუსულ-ქართული ომებიც კი იყო. ომების მიზნები მოიცავდა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიზნებსაც: მუსლიმანი დამპყრობლების უკუგდებას და მათი ხელიდან ისტორიული ქართული ტერიტორიების გამოგლეჯას. ჭკვიანი მთავარმართებელი ვორონცოვი, ნაკლებ ჭკვიანთაგან განსხვავებით, რაღაცა ფარგლებში მეურვეობდა ქართული კულტურის არჩაქრობასაც კი იმ საპერსპექტივო გეგმითა თუ იმედით, რომ მოხდებოდა ქართველების ჯერ მხოლოდ კულტურული, შემდეგ კი ყოველმხრივი თვითიდენტიფიკაცია რუსეთთან _ “რუსული სული ჩადგებოდა ქართულ სხეულში”, უფრო კონკრეტულად _ მოკლე დროში უნდა შექმნილიყო ქართველი ერის რუსეთისადმი სავსებით აკულტურირებული  (ანუ მასთან კულტურულად შერწყმული) და თავისი პოლიტიკური სახელმწიფოებრივი ორიენტაციით რუსეთთან თავის¬თავის სავსებით გამაიგივებელი გაბატონებული ფენა. მაგრამ რეალური პოლიტიკის მიმართულება სხვა იყო. ამ უკანასკნელის მაჩვენებელია, მაგალითად, ის, რომ 1829-1830 წლების რუსულ-თურქული ომის შემდეგ, რომელიც რუსეთმა, გაუზვიადებლად შეიძლება ითქვას, მოიგო ქართველების ძალიან დიდი და ძალიან გულმხურვალე საბრძოლო მონაწილეობის წყალობით, რუსეთმა არ ისურვა ქართველი ერისთვის მიეცა ის, რის გამოც ქართველები მასობრივად და უკანმოუხედავად სისხლს ღვრიდნენ ამ ომში: მან არ დაუშვა თურქეთის ხელიდან წართმეული სამხრეთ საქართველოს (მესხეთის) მუსლიმანი ქართველი მოსახლეობის მობრუნება ქართველი ერის წიაღში, სახელდობრ, არ დაუშვა მისი ერთი ნაწილის სახლებში დაბრუნება ომისდროინდელი ლტოლვილობის შემდეგ, ასევე არ დაუშვა ლტოლვილობაში არმყოფი ნაწილის დაბრუნება ქრისტიანობაზე: ამის ნაცვლად მან ჩამოასახლა სომხები, ხოლო ქართველი მაჰმადიანების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც მისი წინააღმდეგობის მიუხედავად ადგილზე დარჩა, მყარად დაადგა მათში ისლამისა და თურქული ცნობიერების განმტკიცებისა და გაძლიერების გზას. ქვემო ქართლში, რომელიც ქართველობისა და მისი ისტორიული მტრის _ თურქობის მრავალმხრივი, მათ შორის _ დემოგრაფიული ბრძოლის ასპარეზი იყო, რუსეთმა ყველაფერი მოიმოქმედა, რაც კი შეეძლო, ქართული პოზიციების მაქსიმალური შესუსტებისათვის. მაგალითად, ჩამოასახლა გერმანელები და რუსები, ხელი შეუწყო არა მხოლოდ სომხური მოსახლეობის შემოსვლას, არამედ თურქულმოდგმოვანისასაც (ტურკიც), დღეს _ აზერბაიჯანელები). ქართველების მიმართ კი ატარებდა მკაფიოდ გამოხატული ნეგატიური დისკრიმინაციის პოლიტიკას. მაგალითად, რუსს და გერმანელს აძლევდა მიწას მკვეთრად მეტს, ვიდრე ყველა სხვას, სომეხს და თურქულმოდგმოვანს აძლევდა საშუალოდ (ასევე, სხვებს), ქართველს კი აძლევდა მკვეთრადვე ნაკლებს, ვიდრე ყველა სხვას, ამავე დროს ქართველს ბეგრავდა შეუდარებლად უფრო მძიმედ, ვიდრე მოქალაქეს საერთოდ, რუსს და გერმანელს კი შეუდარებლად უფრო მსუბუქად, ვიდრე მოქალაქეს საერთოდ (ამ ვითარებაზე საინტერესო წერილების სერია შეგიძლიათ ნახოთ გაზეთში Кавказ 1905-1907 წლების რევოლუციის დაღმავლობისა და დამარცხების წლებში, სათაურით Мотивы социализма в Грузии. სომხობაზე იყო ორიენტირებული, ტრადიციულად, რუსული პოლიტიკა თბილისში და აღმოსავლეთ საქართველოში საერთოდ.

განსაკუთრებულად მკვეთრი სახე მიიღო რუსეთის ანტიქართულმა მიზანმიმართულმა პოლიტიკამ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. საკმარისია ითქვას, რომ ამიერკავკასიაში, სადაც საქართველო მოსახლეობით 46%-ს შეადგენდა, ორგანიზებულ იქნა სამი პრინციპულად გასათანასწორებელი ერთეული _ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, _ და პოლიტიკა წარიმართა ამ ერთეულთა რეალური გათანასწორებისაკენ, რასაც დასჭირდა ქართული ტერიტორიების გადაცემა როგორც აზერბაიჯანისათვის (კახის, ბელაქნისა და ზაქათალის დღევანდელი რაიონებითურთ და სამი სადგური, დიდი მიწითურთ, თბილისი-ბაქოს სარკინიგზო ხაზის დაყოლებით), ისე სომხეთისათვის (ლორეს მხარე). შემდგომ და შემდგომ ამ პოლიტიკას ზედ დაერთო რუსეთის (ანუ სსრკ ცენტრალური ხელისუფლების) მკვეთრად პროაზერბაიჯანული და პროსომხური პოზიციის თანმიმდევრული გატარება უკლებლივ ყველა წვრილმანი თუ მსხვილმანი ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური დავის დროს. შედეგი (რომლის ფაქტორები იმ დროს უკვე ცნობილი იყო გარდა ერთადერთისა, _ აზერბაიჯანელების მოსახლეობაში დემოგრაფიული გამრავლების აფეთქებისა) ასეთია: დღეს აზერბაიჯანი მოსახლეობით ამიერკავკასიის 52%-ს შეადგენს, საქართველო კი 26%-ს.

ეკონომიკურ სფეროში რუსული პოლიტიკის ერთერთ ნიმუშად შეგვიძლია დავასახელოთ ქართველი თავადაზნაურობისათვის ფულით საყიდელი საქონლის მოთხოვნილების სტიმულირება (მაგალითად, ქართული ღვინოების დისკრედიტაციის მცდელობა იმპორტის სასტიმულირებლად) და პარალელურად საბანკო სესხების სახით მახის დაგების მიზანმიმართული პოლიტიკა, რასაც უნდა მოჰყოლოდა ამ ელიტის მიერ მიწების მასობრივი გაყიდვა და მოჰყვა კიდეც. კულტურულ სფეროში ამავე მიმართულებით წარმოებული პოლიტიკის ნიმუშად შეგვიძლია დავასახელოთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის ძალადობითი გაუქმება 1811 წელს.

ჩამოთვლილი გარემოებები ფართოდ ცნობილია. მათგან გამომდინარე, ჩვენი რეგიონის ბოლო ორი საუკუნის ისტორიის ასეთი ხედვაც არსებობს: “რუსები ბრმანი იყვნენ და სულელები. მათ რომ საქართველო განეხილათ როგორც პოტენციური და უკვე მოქმედი მოკავშირე, იმის ნაცვლად, რომ განეხილათ იგი, უბრალოდ, როგორც დაბრკოლება რუსული დამკვიდრებისათვის ამ მიწაზე, რომელიც უმჯობესია ცარიელი იყოს და, ამდენად, რუსებითა და სხვა უყოყმანოდ მორჩილი ხალხებით (მაგ. სომხებით, ოსებით, ბერძნებით…) დასახლებადი, მაშინ რუსების წარმატება ამ რეგიონში შეუდარებლად უფრო დიდი იქნებოდა: ისინი შეძლებდნენ თურქეთის ქართული პროვინციების დაკავებას და გადმოქართველებას (რაც რეალურია), აგრეთვე სომხური პროვინციების ხელთგდებას მოსახლეობის სიმპათიის გამოყენებით, შეძლებდნენ წარმატებული ომების წარმოებას ირანის სიღრმისაკენ და დღეს, ალბათ, მყარი პოზიციები ექნებოდათ, რუსეთთან პირდაპირი რკინიგზებით დაკავშირებული, სპარსეთის ყურის ნაპირებზე”.

 

ამერიკელები

ამ მსჯელობას, რომელშიც ყველაფერი უხინჯოდ ლოგიკურია, მოსდევს შემდგომი მსჯელობა, რომელიც თანამედროვეობას ეხება, დაახლოებით ასეთი: “ის შეფარდება ცივილიზებულობაში, დემოკრატიის ხარისხში და, ჯამურად, ქართული მენტალიტეტისა და ტრადიციისათვის მისაღებობის ხარისხში, რაც მაშინ არსებობდა საქართველოს მაშინდელ მთავარ მტრებს, ანუ თურქეთსა და ირანს შორის, ერთის მხრივ, და რუსეთს, მეორეს მხრივ, დღეს არსებობს რუსეთსა და დასავლეთს შორის.

რუსეთი შეცდა თავისსავე ინტერესებთან მიმართებაში, როდესაც საქართველო განიხილა არა როგორც მოკავშირე, არამედ როგორც პოტენციური ცარიელი ტერიტორია, რომელსაც ათვისებამდე ჯერ მისი დღევანდელი მეტ-ნაკლებად ჯანსაღი და პერსპექტიული მოსახლეობისაგან _  ქართველი ხალხისაგან დაცლა სჭირდება. ხომ არ ცდება, ასევე, დღეს დასავლეთი (პრაქტიკულად _ ამერიკა), როცა საქართველოს განიხილავს არა როგორც მოკავშირეს, არამედ როგორც, პრინციპში, ცარიელ ტერიტორიას, რომელზეც არ უნდა იბოგინოს ადგილობრივმა ნებამ და რომელიც, ამგვარად, დღეს მიზანმიმართულ ნგრევას უნდა დაექვემდებაროს და არა განვითარებას, გაძლიერებას, განათლებას, ინდუსტრიალიზაციას, ეკონომიკურ მომზადებას, სამხედრო მომზადებას, რომელსაც ქმედითი დახმარება უნდა გაეწიოს მეზობელ ადგილობრივ ძალებთან ურთიერთობაში და მისი საკუთარი ისტორიულმასშტაბიანი მიზნებისა და ოცნებების, პირველ ყოვლისა _ გეოსტრატეგიული მიზნების მიღწევაში? თუ ასე არაა, მაშინ რატომაა, რომ დღეს საქართველოში, გარეგნულად პროამერიკული ხელისუფლების ხელში მიზანმიმართულად ინგრევა ეკონომიკა, ინგრევა განათლება, მიმდინარეობს ეროვნული ცნობიერების და, საერთოდ, ჯანსაღი ცნობიერების წინააღმდეგ მუშაობა იდეოლოგიურ და, საერთოდ, მენტალურ სფეროში, რომ გარედან საქართველოს წინააღმდეგ მოქმედ გეგმებსა და ზრახვებს შორის დასავლეთი სამყარო საქართველოს ქმედითად იცავს მხოლოდ ორი ძირითადისაგან _ რუსეთის პირდაპირი სამხედრო დარტყმისაგან ანექსიის მიზნით და ტერიტორიული ხელყოფისაგან (რისთვისაც ქართველი ხალხი უსაზღვროდ მადლიერია), მაგრამ არა აუარებელი სხვისაგან, რომლებიც საქართველოს პარალიზაციას ესწრაფვიან, რომ საქართველოში ხელი ეწყობა კაკისტოკრატიას _ ანუ უარესების _ ყველაზე უუნაროების და, რაც მთავარია, სახელმწიფოსა და ერის წინაშე ყველაზე დიდ დანაშაულზე წამსვლელების _ ხელისუფლებას, რაც ხელისუფლების მარიონეტულობის (გარედან მართვის) უტყუარი ნიშანია”?

მართალია, ამ კითხვებს პასუხი აქვთ: “საქართველოს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს მიზანმიმართულ დივერსიულ ნგრევას ეწევა, მოქმედებს არა ამერიკელების, არამედ რუსების მითითებით, რომელთა აგენტურასაც იგი წარმოადგენს. ამ რუსულ დავალებაში შედის ისიც, რომ ეს დივერსიული მოქმედება უნდა ხდებოდეს არა ამ ხელისუფლების ნამდვილი პატრონის, ანუ რუსეთის სახელით (თუმცა ლოგიკა “როგორც შეგიქმენი ინდუსტრია, ისე გაგინადგურებ! როგორც ვავრცელებდი შენზე ტოტალური განათლების პროგრამას, ისე დაგინგრევ განათლების სისტემას!” რუსის მოქმედებაში აშკარად ჩანს), არამედ დასავლეთის, პირველ ყოვლისა _ ამერიკელების სახელით და “დასავლური ღირებულებების” სახელით (რასაც ფართო მასა ადვილად იჯერებს ხელისუფლების დასავლური რიტორიკის გამო).

მაგრამ ამ პასუხსაც პასუხი აქვს: როგორც ჩანს, დასავლეთი თვითონ მონდომებულია, რომ საქართველოს არ მისცეს ფეხზე წამოდგომის საშუალება, როგორც მცირე, მაგრამ საკუთარ რეგიონში მაინც საკუთარი ნების მქონე ერსა და სახელმწიფოს. იგი მექანიკურად ავრცელებს საქართველოზე აგრესიული “სოციალისტური ბანაკის” ეკონომიკისა და ფსიქოლოგიის გაუვნებლების ზოგად პროგრამას, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა ბოროტების იმპერიის დანგრევის პროცესში და, ზოგადად, მუდამ მზად არის, რომ დემოკრატიის სახელით ხელი შეუწყოს საქართველოში ყველა ან მრავალი ცენტრიდანული ძალების მოქმედებას, სამაგიეროდ, ხელი შეუშალოს ცენტრისკენულს. ამგვარად, დასავლეთი თანახმაა საქართველოს მიმართ რუსული პროგრამის შესრულებისა მის კონკრეტულად ამ, დივერსიულ ნაწილში. რადგან მას ურჩევნია ისეთი საქართველო, რომელიც სხვა არაფერია, თუ არ საკუთარი მკაფიო ნების არმქონე ტერიტორია ფომფლო ადმინისტრაციითა და გამართული სახელმწიფოებრივი ნების ფორმირების ნულოვანი პერსპექტივით”.

ეს მეორე მსჯელობა, ისევე როგორც პირველი, იტევს რეალობის ყველა ფაქტს (ანუ რეალობასთან წინააღმდეგობას არ შეიცავს). მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ იგი სინამდვილის სრულ სურათს იძლევა, ანუ ამერიკელები და რუსები საქართველოსთან და მის გეოსტრატეგიულ გარემოსთან მიმართებაში ორასი წლის განსხვავებით მართლაც ერთსა და იმავე შეცდომას უშვებენ _ ფიქრობენ, რომ უნებო, მიწაზე დამხობილი საქართველო მათი სტრატეგიული მიზნებისათვის სჯობია ფეხზე მდგარს, და ამიტომ მის ეკონომიკურ, ფსიქოლოგიურ და მორალურ დაკნინებას ეწევიან? მე მგონი, არ ნიშნავს. ვითარება ამ შემთხვევაში სხვადასხვაა. და აი, რატომ.

ძალიან საეჭვოა, რომ რუსეთი, თუკი საქართველოს მოკავშირეობაზე აიღებდა ორიენტაციას, ამ მოკავშირეობის შედეგად იმ მასშტაბის უპირატესობას მოიპოვებდა ჩვენს ფართო რეგიონში, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. რუსეთის გეგმა ამიერკავკასიის დაკავებისა და ინგლისის სტრატეგიული გავლენის ზონისაკენ, ინდოეთისაკენ გასვლისა, რაც უნდა აქტუალური ყოფილიყო რუსი პოლიტიკოსების ცნობიერებაში, რეალური არ იყო და ვერ იქნებოდა: რუსეთი არ იყო არც თავისი ტექნოლოგიური დონით, არც თავისი სახელმწიფოებრივი ორგანიზებულობით მოწინავე ქვეყანა, რათა შესძლებოდა დიდი მასშტაბის შემტევი ომის წარმოება დასავლეთის წინააღმდეგ თავის საზღვრებს გარეთ. მისი იმგვარი წინსვლის შემთხვევაში, რომელიც ევროპის მოწინავე ქვეყნებისათვის მიუღებელი იქნებოდა, ამ უკანასკნელთ ჰქონდათ მისი შეჩერების საშუალება და იგი გამოიყენეს კიდეც შეზღუდულმასშტაბიანი სამხედრო დემონსტრაციის სახით: ყირიმის ომმა (1853-1856) რუსეთს დაანახვა მისი სისუსტე თანამედროვე დასავლეთთან შედარებით და ხელი ააღებინა ფართო სტრატეგიულ გეგმებზე. ანალოგიური ნაბიჯი გადაიდგმებოდა იმ შემთხვევაშიც, რუსეთს რომ რეალურად მოეწადინებინა სამხრეთის ოკეანისაკენ გასვლა და ამისთვის რეალური ზომები მიეღო. ამიტომ რუსეთისთვის, ბუნებრივად, უფრო მიმზიდველი იყო თავისი ტრადიციული “მცოცავი იმპერიალიზმით” დაკმაყოფილება, ანუ იმისი სრული ათვისება, რაც ახლოს იყო და სტრატეგიულ ნახტომს არ მოითხოვდა. ეს ახლო მდებარე ლუკმა იყო თავისთავადაც სტრატეგიულად მიმზიდველი კავკასია, პირველ ყოვლისა _ მისი ყველაზე პოტენციური ნაწილი საქართველო, რომელიც პლაცდარმი იქნებოდა შემდგომი შეტევებისათვის, მაგრამ არა ათასობით მილის მანძილზე, არამედ აქვე ახლოს, იმავე “მცოცავი იმპერიალიზმის” წესით, რომლითაც რუსები მანამდისაც მოძრაობდნენ აღმოსავლეთისკენ და თურქები _ დასავლეთისკენ. ამგვარი სტრატეგიის ჩარჩოში სავსებით ეტეოდა რუსული ზრახვაც (მეოცე საუკუნის დასაწყისიდან და ცოტა გვიან) “ევფრატის კაზაკობის” შექმნისა, ანუ შუამდინარეთის ათვისებისა, რაც ისევ და ისევ ამ ჩარჩოში ჯდებოდა. ეს განზრახვა იმ დროს (როცა ახლო აღმოსავლეთის ნავთობი ჯერ ის არ იყო, რაც ახლაა) თავისი მნიშვნელობით ევროპელებისათვის შეუდარებლად ნაკლებ მიუღებელი იქნებოდა, ვიდრე რუსეთის მოძრაობა ინდოეთის ოკეანისკენ (თუმცა ევროპელებს არც ეს დაუშვიათ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოკავშირეები იყვნენ).

 

რუსები და ამერიკელები

არის სხვა ფაქტორიც. ეს სხვა ფაქტორია ნდობა და მისი შესაძლო მოტივები. რუსეთს რომ საქართველოს მოკავშირეობაზე აეღო ორიენტაცია და არა მის განადგურებაზე და ამ მიზნით რომ ხელი მიეყო საქართველოს ეროვნული მშენებლობისათვის, ვთქვათ, დემოგრაფიული კეთილდღეობის სტიმულირებისათვის (რეალურად რუსეთი პირიქით მოიქცა: გასული საუკუნის დამდეგს მან სპეციალური ძალისხმევა განახორციელა ქართველ საზოგადოებაში აბორტის ჩვევის დასამყნობად), მას ფეხზე დამდგარ საქართველოსთან გაუჩნდებოდა ამ უკანასკნელის ერთგულების პრობლემა, რომელიც დაქვეითებულთან და სულის მღაფველთან არ ჰქონდა და ვერ ექნებოდა. რადგან სტრატეგიულად საინტერესო საქართველოს სხვანიც ეყოლებოდნენ სტრატეგიული მოკავშირეობის შემომთავაზებელნი და მთხოვნელნი, სახელდობრ, სწრაფად განვითარებადი და გაძლიერებადი ევროპა. მათთან მეტოქეობაში რუსეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, კონკურენტუნარიანი ვერ იქნებოდა, ამიტომაც საქართველოში თავისი პოლიტიკა მან ააგო არა მოკავშირეობაზე, არამედ სხვაზე _ ეროვნულ ნგრევაზე, დასუსტებაზე, ქართველებისაგან საქართველოს დეპოპულაციაზე, შობადობის შემცირებაზე, გარუსებაზე, ადგილობრივი არაქართველი ხალხების სტიმულირებაზე საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად, საქართველოში სხვათა შემოსახლებაზე, ხიზნებისთვის ხელის შეწყობაზე, მემამულეების ტყეებისა და სხვა სავარგულების წართმევაზე და ა.შ. და ა.შ..

დასკვნა პარადოქსალური ჩანს, მაგრამ ნათელია: რუსეთის კურსი ანექსირებული საქართველოს განადგურებაზე, მისი ინტერესების თვალსაზრისით, შეცდომა არ იყო. ასევე არაა იგი შეცდომა, ანუ საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ სვლა, დღესაც. ეს დებულება ძალაში რჩება სამომავლოდაც მანამდე, სანამ რუსეთისა და მისი დასავლელი მეტოქეების ქმედუნარიანობა იმ შეფარდებაშია ერთიმეორესთან, რომელშიც დღესაა, ანუ ასეთად რჩება მთელი განჭვრეტადი მომავლისთვის.

ამერიკელების დღევანდელ მდგომარეობას რუსების მაშინდელი მდგომარეობისაგან რამდენიმე არსებითი რამ ასხვავებს.

პირველი. ამერიკელები დღევანდელი ტექნოლოგიური განვითარების სათავეში არიან, მაშასადამე, მათ ჰყავთ და სტაბილურად ეყოლებათ (სავარაუდოა) ყველაზე წინწასული ან, როგორც მინიმუმი, სხვაზე არანაკლებ წინწასული ბრძოლისუნარიანი ძალები.

მეორე: ამერიკის (და, საერთოდ, დასავლეთის) სტრატეგია დღეს გლობალურია, ანუ გათვლილია მთელი დედამიწის მასშტაბით. მაშასადამე, მათ არ ემუქრებათ მოწინააღმდეგის მიერ “დაჭერა” ერთ რომელსამე წერტილში, რათა მეორე წერტილში უკან დაახევინონ, იმ შემთხვევაში, თუ პირველი წერტილი არ არის სტრატეგიულად უფრო მნიშვნელოვანი მეორე წერტილზე (როგორც ყირიმში დაამცირეს რუსეთი მისი აღმოსავლური ექსპანსიის დასამუხრუჭებლად).

მესამე. ამერიკა დღეს ეკონომიკურად ყველაზე ძლიერია მსოფლიოში და არ აპირებს ამ უპირატესობის დათმობას.

მეოთხე (პირველი სამიდან გამომდინარე). ამერიკას, როგორც პარტნიორს ან მოკავშირეს, შეუძლია სხვა სახელმწიფოს, ამ უკანასკნელისაგან რაღაცა უპირატესობის მოპოვების მიზნით, შესთავაზოს ისეთივე ან უკეთესი პირობები, ვიდრე შეუძლია სხვას. სხვა სიტყვით: ამერიკა (და ზოგადად დასავლეთი) კონკურენტუნარიანია, მაშასადამე, როგორც წესი, მას საშუალება აქვს და საფუძველი აქვს არ ელოდეს პარტნიორისა და მოკავშირის განდგომას მესამე ქვეყნის მეტოქეობის გამო. თავის პარტნიორთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, იგი, როგორც წესი, მიიღებს იმას, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით, ანუ მას შეუძლია, თავისი პარტნიორის ერთგულების იმედი ჰქონდეს.

თქმულის კონტექსტში ბუნებრივია, რომ ამერიკელების დამოკიდებულებას საქართველოსთან გადამწყვეტად განაპირობებდეს ის, რომ ეს ორი ქვეყანა, ობიექტური პირობებიდან გამომდინარე, ერთმანეთის ბუნებრივი მოკავშირეა. ამერიკას (და, საერთოდ, დასავლეთს) აინტერესებს უკეთეს შემთხვევაში ჩინელებზე უფრო სწრაფად შეღწევა შუა აზიაში, რათა თავისი და ჩინეთის ევენტუალური დაპირისპირების ხაზი გაიტანოს რაც შეიძლება შორს აღმოსავლეთისაკენ, უარეს შემთხვევაში კი აინტერესებს ის, რომ წინ აღუდგეს ჩინეთის გავლენის წინსვლას დასავლეთისაკენ ამიერკავკასიაში მაინც. საქართველოს აინტერესებს (სასიცოცხლოდ), რომ დასავლეთის ძალა იყოს რეგიონში და იყოს შუა აზიაში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მას ემუქრება (გარდუვალად):

♦ წამლეკავი ექსაპანსია ჩინეთისა და შუა აზიის მხრიდან (დემოგრაფიული, სამხედრო და ყველა სხვა სახისა)

♦ ჩინეთის, რუსეთისა და ისლამური ქვეყნების დიდი ნაწილის ალიანსის მიერ მიზანმიმართული მოსპობის მცდელობა, როგორც იმ ერთადერთი გზისა ზღვიდან შუა აზიისაკენ, რომლითაც დასავლეთს ძალუძს შუა აზიაში შევიდეს. საქართველოს ერთადერთობას ამ ფუნქციაში განაპირობებს ისიც (მაგრამ არა მხოლოდ ის), რომ აზერბაიჯანი თურქულმოდგმოვანი და მუსლიმანურია, თან ზღვაზე გასასვლელი არა აქვს, ხოლო სომხური ეროვნული ცნობიერება ორიენტირებულია უფრო დიასპორაზე, ვიდრე თავის ეროვნულ ტერიტორიაზე, და მასაც ზღვისკენ გასასვლელი არა აქვს. ამ ერთადერთობიდან გამომდინარე, ლოგიკურად მოსალოდნელია ჩინეთის, რუსეთის და ისლამური ქვეყნების ინტენსიური ერთობლივი ძალისხმევა, რათა საქართველო, როგორც ასეთი (როგორც საკუთარი ნების მქონე სტრატეგიისუნარიანი სახელმწიფო), არ არსებობდეს და აზიის ცენტრი, ინდოეთის ჩრდილოეთ საზღვრებამდე, სტაბილურად იყოს მოქცეული ამ ძალთა მონოპოლიურ კონტროლში.

 ორი აღნიშნული საშიშროება განაპირობებს იმის აუცილებლობას, რომ დაპირისპირებაში “ჩინეთი-რუსეთი-ისლამი” ერთის მხრივ და “დასავლეთი” მეორეს მხრივ, საქართველო სტაბილურად და უცვლელად იყოს დასავლეთის მხარეზე. საქართველოს სხვა ორიენტაცია შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, შესაძლებელი რომ იყოს ქართველი ხალხის თვითიდენტიფიკაცია ან რუსებთან, ან თურქულ მოდგმასთან, რაც რეალურად გამორიცხულია. ამგვარად, ობიექტური გარემოებებისდა მიხედვით, საქართველო დასავლეთისთვის ამ რეგიონში საიმედო (ერთადერთი ან თითქმის ერთადერთი საიმედო) პარტნერია. ეს კი (თავის მხრივ) განაპირობებს იმის პერსპექტივას, რომ ქართველ ხალხს დიდი და მრავალმხრივი (მათ შორის _ პოლიტიკური და მილიტარული) კრეატიულობა აღმოაჩნდეს, რათა დაპირისპირების გამწვავების შემთხვევაში (და ამ ტერიტორიაზე დასავლეთისა და ზემოხსენებული სამის შეჯახების შემთხვევაში) შედეგის განსაზღვრაში რეალური წვლილის შემტანი იყოს.

დღეს რომ ამერიკელები ქართველებს თავის მოკავშირეებად არ რაცხენ (ან, უკეთეს შემთხვევაში, ანგარიშგასაწევ და გასაფრთხილებელ მოკავშირედ არ რაცხენ), სამწუხაროდ, თვალსაჩინოა (ქართველი ჯარისკაცების გამოყენება ერაყსა და ავღანეთში, რა თქმა უნდა, მოკავშირეობა არ არის). რომ რაცხდნენ, მაშინ საქართველოს დაბეჯითებით ურჩევდნენ, მაგალითად, სტრატეგიულად  მნიშვნელოვანი სამრეწველო და სხვა ეკონომიკური ობიექტების არგაყიდვას, მიწის უცხოელებზე არგაყიდვას, განათლების სისტემის განვითარებას და არა ნგრევას, თავდაცვითი წარმოების აწყობას (რადგან მხოლოდ იმპორტირებული იარაღითა და ტყვია-წამლით თავდაცვა შეუძლებელია), სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას და აუარებელ სხვა რასმე, რასაც იქმს ყველა სახელმწიფო, პირველ ყოვლისა _ ყველა ის სახელმწიფო, რომელსაც მის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების გაშლის საშიშროება აქვს; საერთაშორისო ასპარეზზე გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამდნენ საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად (თუნდაც სიტყვით) მის ბრძოლაში რუსეთის მიერ ინსპირირებული ანტისახელმწიფოებრივი სეპარატისტული მოძრაობების ასალაგმავად, რითაც გარკვეული საპირწონე შეექმნებოდა რუსეთის მხარდაჭერას ამ მოძრაობებისადმი, საქართველოს საზოგადოების შიგნით თავის კულტურასა და იდეოლოგიურ საქმიანობაში ორიენტაციას აიღებდნენ ისეთ ადამიანებზე (უპირატესად, ახალგაზრდებზე), რომელთაც საშუალოზე მაღალი ანთროპოლოგიური მონაცემები აქვთ, და არა, პირიქით, საშუალოზე დაბალი მონაცემების მქონე და ამიტომ სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობის არმქონეებზე (თვალხილვადი ფაქტია, მაგალითად, ის, რომ “თავისუფლების ინსტიტუტის” მიერ გამოზრდილსა და მომზადებულ ქართველ კადრში არიან ფიგურები, რომელთაც ფართო საზოგადოება იცნობს, როგორც კარიკატურულს, მაგრამ ვერ დასახელდება ვერც ერთი, რომელსაც საზოგადოება იცნობდეს როგორც პოზიტიურად გამორჩეულს).

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელების პოლიტიკა საქართველოს სახელმწიფოს ინტერსებისადმი _ და, განსაკუთრებით და ყველაზე თვალში საცემად, საქართველოს საზოგადოებრიობისადმი _ მცდარია. პირდაპირ ვთქვათ: არარეალისტურია და, ამდენად, თვით მისი გამტარებლების ინტერესებისთვის, უნდა ვივარაუდოთ, არასასარგებლოა (რადგან ვერავინ იტყვის, რომ, თუკი მსჯელობა თვით კითხვის დასმამდე მივიდა, რომ საკუთარი ან ვისიმე სხვისი ბაზრის გაფართოება რამდენიმე მილიმეტრით საქართველოს მრეწველობის ბაზრის ხარჯზე უფრო სასარგებლოა ამერიკული ინტერესებისთვის, ვიდრე მოკავშირე საქართველოში უმუშევრობის შემცირება, ან რომ საქართველოს შესაძლებლობათა არსენალში სამხედრო მრეწველობის არარსებობა და სასურსათო უსაფრთხოების არარსებობა უფრო ხელშემწყობია დასავლური ინტერესების პრომოციისთვის (წინწაწევისთვის) ამიერკავკასიაში, ვიდრე საქართველოს თავდაცვის სისტემაში ამ ფაქტორების ქონა).

ყოველგვარ კრიტიკაზე დაბლა დგას, რა თქმა უნდა, დასავლური ზეგანვითარებული ქვეყნებიდან საქართველოში კულტურული პროდუქტების შემოტანის ისეთი სტრატეგია, რომლითაც უინფორმაციობით დაკნინებულ მასაში ხელი ეწყობა ე.წ. მარგინალური ცივილიზაციის განვითარებას, მაგალითად, ძირითადად ისეთი აშკარად ყალბი იდეების იმპორტს, როგორიცაა, ვთქვათ, იდეა, თითქოს პიროვნების უმაღლესი ღვთისმიერი ნიჭი _ თავისუფლება _ მდგომარეობს თავის დაღწევაში ამა და ამ (ან _ საზოგადოდ) კაცობრიობისთვის ტრადიციული თვითშეზღუდვებისაგან (მაგალითად, სქესობრივი ურთიერთობის სფეროში), საკუთარი ყველა მახასიათების აყოლაში (“დაემორჩილე წყურვილის გრძნობას _ დალიე “სპრაიტი” და არა პედაგოგიური “მოითმინე ტკივილი, თუ გინდა ჯანსაღი კბილები გქონდეს!”), და არა იმაში, რომ საკუთარი გონების კარნახითა და საკუთარი ძალისხმევით ცდილობდეთ სამყაროსთვის (პრაქტიკულად _ კაცობრიობისთვის და მისი გარემოსთვის) იმ სახის მიცემას, რომელიც ოპტიმალურად, ანუ ყველაზე სამართლიანად, ბედნიერების ხელშემწყობად, შემოქმედებისათვის მასტიმულირებლად და ა.შ. მიგაჩნიათ, და თავისუფალი ეკონომიკის იდეათა შემოტანის ისეთი სტრატეგია, რომელიც, ჩანაფიქრით, ქართველ ერს უნდა უბიძგებდეს მომსახურე ერად ჩამოყალიბებისაკენ და არა შემოქმედებითად მშრომელ, მებრძოლ, გონებრივად, ზნეობრივად და ტექნოლოგიურად წინმავალ ერად. ყოველივე ეს, რაც დავასახელე, პოლიტიკათა იმგვარი მახასიათებლებია, რომლებიც შემთხვევითი ვერ იქნება. მათ (ანუ პოლიტიკის კონკრეტულ კურსებს სხვადასხვა სფეროში) საფუძვლად უდევთ ერთი ზოგადი იდეოლოგია, რომელიც, ერთგვარი მცირე სქემატიზაციით, ორი ძირითადი კომპონენტისაგან შემდგარად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. პირველი (ვუწოდოთ მას მიკროიდეოლოგია, ანუ ინდივიდის პრობლემებისათვის განკუთვნილი იდეოლოგია).

საქართველოს ბრიყვ ხელისუფლებას და მასას (რომელიც ბრიყვი არ არის) მიეწოდება მარგინალური ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი იდეა, თითქოს  დემოკრატია თავისთავადი ღირებულებაა (და ამიტომ პოლიტიკური და სოციალური ვითარების შეფასებას მხოლოდ მასში დემოკრატიული მოცემულობის ხარისხი განსაზღვრავს), უფრო მეტიც _ თითქოს იგი მთავარი და ყოვლისდამფარავი ღირებულებაა, მაშინ როცა სინამდვილეში დემოკრატია არის მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო ფორმა საზოგადოებრივი წყობისა სხვა წყობათა შორის, მაგრამ იმ განუზომელი უპირატესობით სხვა წყობათა წინაშე, რომ მასში მეტად, ვიდრე რომელსამე სხვა წყობაში (და არა ექსკლუზიურად) ასპარეზი აქვს ორი აბსოლუტური ღირებულების რეალიზაციას _ თავისუფლებისა და თანასწორობისას, _ მიუხედავად იმისა, რომ ამ ორის გარდა სხვა მრავალი აბსოლუტური ღირებულებებიც არსებობენ, მათ შორის სამშობლოც, სამართლიანობაც, სიკეთეც, ერიც, ოჯახიც და არაერთი სხვაც, რომელთა უგულებელყოფა, როგორც ადამიანთა მოქმედების მარეგულირებლისა, პოლიტიკურად და მორალურად დაუშვებელია.

მეორე (ვუწოდოთ მას მაკროიდეოლოგია, ანუ არა ინდივიდის, არამედ ერისა და სახელმწიფოს პრობლემებისათვის განკუთვნილი იდეოლოგია). ამ იდეოლოგიაში უგულებელყოფილია ერი, როგორც ადამიანთა მაკროჯგუფი, რომელიც

_ ბუნებითი ერთობის, სახელდობრ, გენეტიკური ერთობის ცნობიერების მატარებელია (რაც არ გამორიცხავს ყველა არსებული ერის ნარევობას მეტ-ნაკლები ხარისხით და სხვადასხვა ფორმით)

_ ერთობლივი წარსულის და მომავალი ისტორიის (და ბედის) ცნობიერების მატარებელია

_ კაცობრიობის, როგორც მთელის,  წინაშე და მის ერთიან სისტემაში თავისი პრინციპულად თანასწორი ადგილის მქონე სუბიექტად ყოფნის, თავისი უნიკალური ფუნქციის, კაცობრიობის ერთიან წევრად (და არა მხოლოდ მის წევრ ინდივიდთა მეტ-ნაკლებად შემთხვევით და გადასინჯვად კრებულად) ყოფნის ცნობიერების მატარებელია, აქედან გამომდინარე _ აგრეთვე წარსულ თაობათა მონაპოვარზე საკუთრების და მომავალ თაობათათვის ამ საკუთრების დაუზარალებლად გადაცემის მოვალეობის ცნობიერების მატარებელი, აგრეთვე წარსულ თაობათა მიერ გადადგმულ დადებითი ნაბიჯების გამო სიამაყისა და უარყოფით ნაბიჯთა გამო სირცხვილის ან სინანულის მატარებელია და ა. შ.

ამ მიდგომიდან გამომდინარე, ამ იდეოლოგიის მიერ ერი არ განიხილება, როგორც სახელმწიფოსთან მიმართებაში პირველადი რეალობა, ანუ როგორც ისეთი რეალობა, რომლის მოცემულობიდან გამომდინარეობს სახელმწიფო ორგანიზმად მისი არსებობის აუცილებლობა და რომლის ზემოხსენებულ მიუცილებელ მიზნებსაც ემსახურება, სხვა მიზნებთან ერთად, სახელმწიფო. ამ იდეოლოგიის საფუძველზე უგულებელყოფილია ერის ბუნებრივი უფლება, რომ ხედავდეს ობიექტურ პირობებს ამ ერის გარანტირებული (ან: მეტ-ნაკლებად გარანტირებული) მარადიულყოფისა, მისი ტერიტორიის და მისი, როგორც ამა და ამ ნიშნებით და ამა და ამ უფლებებით (სტატუსით) აღჭურვილი ერთობის, მარადიულყოფის ჩათვლით.

 

ქართული ინტერესი

ასეთი უგულებელყოფა მისაღებია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის _ და მისი წინამორბედისთვის, მაგრამ სრულებით მიუღებელია ქართველი ერის მასისთვის, რომელიც საქართველოს დღევანდელ რეალობას განიხილავს არა მხოლოდ როგორც ერთერთ ელემენტს დღევანდელი მსოფლიო სისტემის ცხოვრებაში, არამედ აგრეთვე და პირველ ყოვლისა _ როგორც ერთერთ მომენტს საქართველოს ისტორიაში, რომელიც მიმდინარეობს რამდენიმე ათასი წლის მანძილზე და იდენს უსასრულო მომავალში.

ეს ფუნდამენტური ელემენტი ერის რაობისა და, შესაბამისად, ეროვნული ინტერესისა და სახელმწიფოს ინტერესისა (რომლის უგულებელყოფა, ვიმეორებთ, შეუძლებელია რეალისტური პოლიტიკისთვის და დაუშვებელია მორალისათვის), სამწუხაროდ, საქართველოსთან ურთიერთობაში უგულებელიყოფა დასავლური პოლიტიკის არაერთი სუბიექტის და არაერთი ნაკადის მიერ. მაგალითად კმარა ეუთოს საქართველოს მისიის რეკომენდაციებიც (15 აგვისტო, 1994), რომელიც საქართველოს ურჩევს შექმნას შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილში “სამხრეთ ოსეთი” და ამით თავის მიწაწყლის ერთი ნაწილი მეზობელი ქვეყნის (ნამდვილი ოსეთის; კავკასიონის ჩრდილო კალთებზე მდებარის) მიწაწყლის ნაწილად ცნოს. ცხადია, რომ ამგვარი აქსიოლოგიური დალტონიზმი პოლიტიკაში დადებითი შედეგის მომტანი ვერ იქნება.

ამგვარად, ქართველი ერისა და ქართველი საზოგადოებრიობისადმი დამოკიდებულებაში დასავლელები, დღესდღეობით, ცდებიან. პარადოქსალურია, მაგრამ ფაქტია, რომ რუსები, რომლებმაც იმთავითვე საქართველოს განადგურების პოლიტიკა აირჩიეს და არა მისი მოკავშირეობისა, ძირეულად არ შეცდნენ (იხ. აქვე ზემოთ), დასავლელები კი ცდებიან.

 რა უნდა იყოს ქართველების რეაგირება ამ ცდომაზე? პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, იმის ცდა, რომ დასავლელები, პირველ ყოვლისა ამერიკელები, ამ ცდომისაგან დავიცვათ. მაგრამ რა უნდა ვქნათ, თუ ეს ვერ შევძელით? მაშინ აუცილებელია, ჩვენს დამოკიდებულებასაც მათ მიმართ უფრო პრაგმატული და ნაკლებ სენტიმენტალური ხასიათი მივცეთ. ჩვენი ურთიერთთან მოკავშირეობა სტრატეგიაში, რა თქმა უნდა, პრინციპულად ურყევი უნდა იყოს და ყოველთვის იქნება (რადგან ორივე სხვა შესაძლებლობა _ მოპირისპირე ბლოკის ჩინეთი-რუსეთი-ისლამი მიმხრობაც და რუსეთის პირისპირ მარტო ყოფნაც _ ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია). მოკავშირეობის შინაარსი ცნობილია (ჩვენ ვიცავთ ამიერკავკასიის ყელს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან _ პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთიდან) და ამით დასავლეთს სანდო გზას ვუქმნით შუა აზიისაკენ სამოძრაოდ, დასავლეთი კი (უფრო ზუსტად _ ამერიკა) გვიცავს რუსეთის პირდაპირი აგრესიისაგან). რაც შეეხება ყოველგვარ სხვა ურთიერთდასაჩუქრებას, მისგან ასეთ შემთხვევაში თავდაჭერა გვიხდება _ სხვათა შორის, ისეთ ურთიერთ ანგარიშგაწევისგანაც თავდაჭერა, როგორიცაა, ვთქვათ, სხვა არაგლობალური ძალის მქონე სახელმწიფოებთან ეკონომიკური და სატრანსპორტო თანამშრომლობის განვითარება, განურჩევლად იმისა, თუ რამდენად ეთანადება ეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების საშუალო და წვრილ სურვილებს.

ქვეყანა, რომელსაც გადარჩენა და წინსვლა უნდა, ვალდებულია, ერთსა და იმავე პარტნიორთან სტრატეგიული მოკავშირეობის და მასთან ურთიერთობაში თავისი საკუთარი ინტერესების დაცვის შეთავსება ისწავლოს. თავის დაქნევის გარდა იგი ჟესტ-მიმიკის სხვა ელემენტებსაც უნდა ფლობდეს. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს დღევანდელ მმართველებს არ შეუძლიათ და არც ოდესმე შეეძლებათ. მაგრამ საქართველოს ადამიანური რესურსი, ბუნებრივია, მხოლოდ ამგვარი ტიპაჟისაგან არ შედგება.

 

ნოდარ ნათაძე

2007 

“საქართველო”

2 Responses to “♦ ქართველები, რუსები, ამერიკელები”

  1. მოკლედ საქართველოსთვის არც ამერიკაა და არც რუსეთი. საქართველომ ჭკვიანურად უნდა იმოქმედოს. თავისი გაისწოროს და ეგაა!!!

    რუსეთმა დაანგრია საქართველო ბოლო დროს მაგრამ რაც მიხოა აქ მაგ დროს ამერიკამ კუტურულად დაანგრია საქართველო. შაჰაბაზის დროს და ეხლანდელ როს შერის ქართული ქვეყნის სისუსტე მსგავსია მეტი არაფერია დასამატებელი!!!

    Like

  2. ბატონო ნოდარ ნათაძე(ავტორი) მინდა მოგწეროთ რომ ეს სტატია თავიდან ბოლომდე წავიკითხე და ნამდვილად ძალიან საინტერესო სტატიაა, თუმცა ნუ მიწყენთ და ნამდვილად არის ასეთი ნაკლი ამ სტატიაში, რომ არის ძალიან რთული წინადადებები ზოგან და მიუხედავად 2-3 ჯერ წაკითხვისა ბოლომდე გააზრება ვერ მოვახერხე. ვერ ვიტყვი რომ “სუპერ წიგნიერი ვარ”, მაგრამ საშუალო მასზე წიგნიერი ნამდვილად ვარ. და ეს რატომ დავწერე, აი ასეთ საინტერესო სტატიას რომ წაიკითხავს მასა რაც ადვილი ენით იქნება დაწერილი იმედიია დამეთანხმებით რომ უფრო მეტად უკეთესია.

    და კიდევ ერთიც. ეს სტატია არის დაწერილი 2007 წელს, და 2008 წელს კარგად ვნახეთ რომ დასავლეთს აქვს ერთად-ერთი მიზანი ჰქონდეს ტრასა შავიზღვა-ბაქო და საქართველოს დაკარგული მიწები არ აინტერესებს. სწორედ ამიტომაცაა რომ არ ღირს თქვენი დაწერილი “დასავლეთის ურყევი მიმართულება” საქართველოსთვის. ნამდვილად უმჯობესია რომ საქართველომ ითანამშრომლოს ყველა მხარესთან ოღონდ ისე რომ არც ერთი მხარე არ გააღიზიანოს, თუმცა არც ნეიტრალიტეტის მომხრე ვარ, რადგან ეს არ ივარგებს. რადგანაც საქართველოს 080808 ომში ნატო საკმარისად არ დაეხმარა, არც ეკონომიკა, განათლება და სხვა რამეებში გვეხმარება ამიტომ ისევ რუსეთი ჯობია.

    პატივისცემით : გიორგია

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s