Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ რუსეთის სამი მიზანი

საქართველოს ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა

რუსეთი საქართველოს კიდევ ერთხელ დაპყრობას ცდილობს. მას სამი მიზანი აქვს

პირველი (სტრატეგიული) – მას უნდა საქართველოს ოკუპაცია ან მისი გადაქცევა გაუვალ ზონად (დანგრეული გზები, მშიერ ბრბოდ გადაქცეული ხალხი, ეპიდემიები, ეპიზოოტიები, სისხლიანი ქაოსი), რათა დასავლეთმა ვერ იმოძრაოს შუა აზიისკენ და მესამე მსოფლიო ომის ერთერთმა ძირითადმა ფრონტმა შავ ზღვაზე გაიაროს.
მეორე (სტრატეგიული) – მას უნდა დაპყრობილი საქართველო გამოიყენოს პლაცდარმად, რათა მომავალში მუდამ დარტყმის ქვეშ ჰყავდეს ახლო აღმოსავლეთის ნავთობიანი ქვეყნები.
მესამე (დემოგრაფიული და ფსიქოლოგიური) – მას უნდა შექმნას უქართველებო საქართველო, რათა მის ადგილას მოაწყოს მდიდარი სასოფლო-სამეურნეო, სამრეწვწლო, დასასვენებელი და სატურისტო რუსული პროვინცია.
დღეს საქართველო თავის ხელისუფალთა ჩვიდმეტწლიანი დანაშაულებრივი პრორუსული პოლიტიკის შედეგად თითქმის მოუმზადებელი ხვდება ამ შეტევას.
სახელდობრ:
_ ეკონომიკა დანგრეულია, მისი სტრატეგიული ობიექტები გაყიდულია, ხალხი გაღატაკებულია. ამიტომ საქართველოდან გასულია 1.5 მილიონი სული, ძირითადად ახალგაზრდები, ანუ ერი დაბერებულია შემადგენლობით და ენერგია დაკლებული აქვს.
_ საქართველოში არ არსებობს (დანგრეულია) იარაღისა და ტყვია-წამლის წარმოება, რაც ქვეყნის ომისუნარიანობისათვის აუცილებელია.
_ საქართველოში რეალურად არ არსებობს საყოველთაო სამხედრო სწავლება არც სკოლაში, არც საყოველთაო სავალდებულო სამხედრო ბეგარის სახით, რაც მოსახლეობას მისცემდა სამხედრო ცოდნასა და მხედრულ სულს.
_ საქართველოში ყოველგვარ მინიმუმზე დაბლაა ჩამოყვანილი პროფესიული სამხედრო განათლების სისტემა (ისევე, როგორც განათლებისა საერთოდ), არ არსებობს სამოქალაქო თავდაცვის სისტემა, არ არსებობს გზათა სტრატეგიულად გააზრებული სისტემა, არ არსებობს ჰაერსაწინააღმდეგო თავდავის ერთიანი სისტემა და სასურსათო უსაფრთხოების ორგანიზებული სისტემა.
_ ამ და სხვა ნაკლოვანებათა მიუხედავად და უკვე გაღებული დიდი მსხვერპლის მიუხედავად საქართველოს შეიარაღებული ძალების სულისკვეთებაც და მტრისგან ხელყოფილი მოსახლეობის საბრძოლო სულისკვეთებაც ისე მაღალია, როგორც ქართველი ერის საუკეთესო ისტორიულ ტრადიციებს შეესაბამება. ეს იმას მეტყველებს, რომ ქართველი ერი საკმარისად ბრძოლისუნარიანია, რათა გაუმკლავდეს მოახლოებულ და უკვე დამდგარ კიდევ ერთ ისტორიულ საფრთხეს.

ქართველი ერი გაუძლებს რუსეთის დღეს მიმდინარე ყოვლად უღირს შემოტევას მიუხედავად იმისა, რომ რუსებს შეუდარებლად აღმატებული რიცხოვნება, შეიარაღება და სამხედრო გამოცდილება აქვთ. ამას განაპირობებს შემდეგი ორი მიზეზი:

პირველი _ ქართველმა ერმა დიდი ტრაგიკული გამოც¬დილებით იცის, რა არის რუსული იმპერიალიზმი და მასზე დამყარებული რუსული სახელმწიფო. ეს არის კლასიკური მაგალითი აღმოსავლეთის დესპოტიისა, რომელიც დღესაც შედარებით უკან არის და მომავალშიც შედარებით უკან იქნება მსოფლიოს დიდ დემოკრატიულ ქვეყნებზე, ამიტომ თავის გავლენის ზონაში მყოფ მცირე ერთა მიმართ სხვა პოლიტიკა არა აქვს გარდა დემოგრაფიული მოსპობისა (როგორც ჩრდილო კავკასიის რამდენიმე ხალხი მოსპო), გადასახლებისა (როგორც ჯერ კიდევ 1943-1944 წლწბში მოახდინა) და ძალადობითი ასიმილაციისა. ქართველ ერში არიან ნებისყოფაგატეხილი და მონური სულისკვეთების ადამიანები, რომლებიც მზად არიან ცხოვრების ბოლომდე ეროვნული და სოციალური ყმობის მდგომარეობაში დარჩნენ. მაგრამ ცოტაა ისეთი, ვინც თანახმაა თავისი შთამომავლობა დღევანდელი თავისუფალი მსოფლიოს ფონზე ასეთი ბედისათვის გაიმეტოს.

მეორე _ არც დღეს, არც როდისმე მომავალში რუსეთი არ არის და აღარც იქნება ისეთი ძალა, რომელსაც შეეძლოს თავისი ნება მოახვიოს მსოფლიოს. მსოფლიო დაინტერესებულია, რომ რუსეთის ექსპანსია სამხრეთისკენ ამიერკავკასიის პლაცდარმად გამოყენებით აღიკვეთოს და რომ განვითარებულ დემოკრატიულ დასავლეთს ამიერკავკასიის გავლით თავისუფალი გზა ჰქონდეს შუა აზიისკენ. ამიტომ რუსეთს დანარჩენი მსოფლიო არ მისცემს იმის საშუალებას, რომ ამიერკავკასიაში ისევ დამკვიდრდეს. შესაბამისად, რუსეთისთვის ხელის აღებინება ამიერკავკასიის მეორედ დასაკუთრებაზე გარდუვალია. მიუხედავად თქმულისა, არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ დასავლეთის მოქმედება რუსეთის დღევანდელი იმპერიალისტური ავანტურის აღსაკვეთად ყოველთვის ისე დაიგეგმება, რომ რუსული შეტევის მოგერიება და ქართველი ერის დაცვა დროულად განხორციელდეს. ამიტომ ქართველი ერი ვალდებულია დაცვის საკუთარი მექანიზმები შექმნას. საქართველოს ეროვნული წინააღმდეგობის ამოცანაა ყოველივე იმის შესრულება, რასაც ხელისუფლება უნდა ასრულებდეს, სახელდობრ, რუსულ შემოტევასთან და ოკუპაციასთან ბრძოლის ორგანიზება და ამ ბრძოლის გაგრძელება მანამდე, სანამ რუსეთის უკანასკნელი ფორმიანი მოქალაქე არ დატოვებს საქართველოს მიწა-წყალს.
წინააღმდეგობის მოძრაობა
_ მოიპოვებს და გააანალიზებს ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უცხოური (რუსული) მოქმედების შესახებ, აგრეთვე, თუ ხელისუფლება შედრკა, ხელისუფლების შეცდომების შესახებ. იგი ამ შეცდომებს გამოააშკარებს თვით ხელისუფლებისა და საზოგადოების წინაშე.
_  სათანადო არგუმენტაციით დაიცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უცხო ძალების ფიზიკური და იურიდიული შემოტევებისგან.
_ მოამზადებს კადრებს შესაბამისი ინფორმირებულობით და შესაბამისი მოქალაქეობრივი ცნობიერებით საქართველოს პოლიტიკის ყველა დარგისათვის.
_ მიღებული მეთოდების გამოყენებით შექმნის სიტუაციას, როცა ოკუპანტს ფეხქვეშ მიწა ეწვის.

ძირითადი სასიცოცხლო სახელმწიფოებრივი ინტერესები, რომელთათვისაც ბრძოლა საჭიროა:
1. შეწყდეს რუსეთის შეტევა საქართველოზე, საქართველოდან გავიდეს რუსეთის ყველა შეიარაღებული უნიფორმიანი მოქალაქე.
2. აღდგეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
3. პრინციპულად აღიკვეთოს საქართველოს შინაგანი პრობლემების ინტერნაციონალიზაცია ყველა ასპექტით გარდა შემდეგი ორისა:
_ მისი განხილვისა, როგორც რუსეთის აგრესიისა საქართველოს წინააღმდეგ.
_ მისი განხილვისა ადამიანის უფლებების, მათ შორის ეთნიკურ და ეროვნულ უმცირესობათა უფლებების, და ომის წარმოების წესთა დაცვის თვალსაზრისით.

წინააღმდეგობის მოძრაობის პოზიცია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიციისაგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მექანიზმების საკითხში განსხვავდება შემდეგით:

1. სახელის “სამხრეთ ოსეთის” შემოღება, რასაც ხელისუფლება აპირებს, ნიშნავს იმის განცხადებასა და დაკანონებას, რომ ცხინვალის რეგიონის ტერიტორია არის მეზობელი ქვეყნის, სახელდობრ, ოსეთის (ალანიის) ტერიტორიის სამხრეთი ნაწილი, და კაცობრიობის წინაშე ორი “ოსეთის” _ ერთი ნამდვილის და მეორე ყალბის – “გაერთიანების” ამოცანის დაყენებას, რაც ისტორიულ სიყალბეს ეყრდნობა. “სამხრეთ ოსეთი”, როგორც გეოგრაფიული სახელი, შერქმეულია და დაკანონებულია რუსი კომუნისტი ოკუპანტების მიერ 1922 წლის აპრილში. ამ ხელოვნურ პოლიტიკურ-ტერიტორიულ ერთეულს არც ერთი საათი არ უარსებია ხსენებულ ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებულ ძალთა დგომის გარეშე. იგი გაუქმებულია საქართველოს პირველივე კანონიერი (არჩეული) საკანონმდებლო ორგანოს (საქართველოს უზენაესი საბჭოს) მიერ 1990 წლის 11 დეკემბრის კანონით. მისი კვლავ შექმნა ანუ იმის დაკანონება პრეცედენტად, რომ ქვეყნის ტერიტორიის ერთ ნაწილში არსებული დემოგრაფიული დინამიკა (ვინ როგორ მრავლდება მიგრაციის შედეგად) განსაზღვრავს მის იურიდიულ და პოლიტიკურ სტატუსს, იქნებოდა მთელ მსოფლიოში ყველა ეთნიკური ჯგუფის პანიკური შიშის სტიმულირება ყველა სხვა ეთნიკური ჯგუფის დემოგრაფიული კეთილდღეობის წინაშე და, ამგვარად, ეთნიკური წმენდისათვის და გენოციდისათვის ცდუნება მსოფლიოს მრავალ რეგიონში ევროპის ჩათვლით.
ოსი მოსახლეობის საკუთარ სპეციფიკურ ინტერესთა (მათ შორის ეროვნულთა) სრული რეალიზაცია შესაძლებელია დემოკრატიული თვითმმართველობის მექანიზმთა განვითარებით და პარალელურად (ოსთა სურვილის შემთხვევაში) ოსური ერთობლივი ორგანიზაციის (ორგანიზაციების) ფუნქციონირებით, რასაც ის უპირატესობა აქვს, რომ მოიცავს საქართველოში მცხოვრებ 160 000 ოსს და არა მხოლოდ იმ 60 000-ს, რომელიც ცხინვალის რეგიონში ცხოვრობს 30 000 მკვიდრ ქართველთან ერთად.

2. ხელისუფლება მდუმარედ ეთანხმება რუსეთს და მის მიერ მართულ სეპარატისტებს – აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდისა და მასობრივი მკვლელობის ჩამდენებს – იმაში, რომ აფხაზეთის ნება იგივეა, რაც მისი მოსახლეობის აფხაზური ნაწილის (17%) ნება. იგი დუმს იმაზე, რომ ქართველი მოსახლეობა ამ ტერიტორიის ავტოხთონური მოსახლეობაა, ანუ ის მოსახლეობაა, რომელმაც ეს ტერიტორია ხელუხლებელ ტყეთა და საძოვართა მდგომარეობიდან გადაიყვანა განვითარებული ფეოდალური ცივილიზაციის მდგომარეობაში და როგორც მაშინ, ისე ახლა, უწყვეტი ეროვნული თვითცნობიერება აქვს; დუმს იმაზეც, რომ მოსახლეობას, რომელიც თავისთავს `აფსუას~ უწოდებს, ქართულად და ქართულის მიყოლით სხვა ენებზეც `აფხაზი~ ეწოდება იმიტომ, რომ აფხაზეთად წოდებულ პროვინციაშია დასახელებული (XVI-XVII ს.ს) და არა პირიქით. შესაბამისად, ხელისუფლება არ აცხადებს და არგუმენტაციაში არ იყენებს ცხად ჭეშმარიტებას, რომ აფხაზეთის, როგორც მთელის, ნება არ არის მხოლოდ მისი აფსუური (აფხაზური) მოსახლეობის ნება, არამედ ტოლქმედია სამი ნებისა:
_ აფხაზი მოსახლეობის ნებისა, რომ განიხილოს აფხაზეთი, როგორც თავისი მარადიული ეროვნული თვითრეალიზაციის ადგილი,
_ ქართველი მოსახლეობის ნებისა, რომ განიხილოს აფხაზეთი, როგორც თავისი მარადიული ეროვნული თვითრეალიზაციის ადგილი,
_ ყველა მოსახლის ნებისა, რომ იცხოვროს უსაფრთხოდ და კეთილდღიანად თანამედროვე ცივილიზაციისა და დემოკრატიის პირობებში.
ეს სამი ნება ერთიდაიგივე არ არის, მაგრამ ჰარმონიზებადია, რასაც მხოლოდ რუსეთის ფაქტორი უშლის.

  ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ხსენებულ ორ საკითხზე ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენლის პოზიცია, რომელიც ჩვენს ზემოფორმირებულ პოზიციას არ ემთხვევა, არ ყოფილა მათ საარჩევნო პროგრამაში, ამგვარად, ამომრჩეველთა მანდატი არ გააჩნია. ჩვენს მოვალეობად ვრაცხთ, გულითადი მადლობა გადავუხადოთ ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის საფრანგეთის ხალხსა და ხელისუფლებას, რომელიც პრინციპულად და რეალისტურად იცავს მორალური სიმართლისა და იურიდიული სიზუსტის ინტერესებს საქართველოს დღევანდელი მძიმე განსაცდელის ჟამს.

საქართველოს ეროვნული
წინააღმდეგობის მოძრაობის სახელით

მამუკა გიორგაძე
ალექსანდრე კაკულია
პაატა კოღუაშვილი
ნოდარ ნათაძე
12 აგვისტო 2008 წ.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s