Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ როგორი უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხში

როგორი უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხში

წინამდებარე პუბლიკაციაში ჩვენი მიზანია იმის მოკლედ ჩამოყალიბება, თუ როგორი უნდა იყოს ერთგული და გონიერი ქართული ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკა ამ სფეროში _ ის ერთადერთი კურსი საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკისა, რომელიც აუცილებელია და საკმარისია, რათა ჩვენი დღევანდელი ისტორიის ეს უმძიმესი პრობლემა სამართლიანად, ანუ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყდეს.

წინასიტყვა


საქართველოში არსებული (და პოტენციურად შესაძლებელი) სეპარატისტული მოძრაობები დღესდღეობით გარეშე ძალთა შორის მხარდაჭერილია (უფრო მეტიც _ ინსპირირებულია და ორგანიზებულია) მხოლოდ რუსეთის მიერ. ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში მათი მხარდაჭერა არ მოხდება სხვა გარე ძალების მიერაც, სხვადასხვა კომბინაციაში. საქართველოს სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, აქედან გამომდინარე, ვერ იქნება შემოფარგლული ერთჯერადი  და კონტექსტუალური მორიგებების ძიებით როგორც სეპარატისტებთან, ისე ხსენებულ გარე ძალებთან. მისი მდგრადი და მუდმივი საფუძველი და იდეოლოგიური საყრდენი შეიძლება იყოს მხოლოდ რეალისტური სამართლიანობის პრინციპი იმ გათვლით, რომ იგი (ეს პრინციპი) გამოსადეგი იყოს, როგორც საყოველთაო პრინციპი სახელმწიფოთა და მათში არსებულ არა ამ სახელმწიფოს სახელის მატარებელ ეროვნულ (ეთნიკურ) ჯგუფთა (როგორც მცირერიცხოვანთა, ისე მრავალრიცხოვანთა) ურთიერთობის დასარეგულირებლად. ეს პრინციპი შემდეგია:

I. საქართველოს სეპარატისტულ  პრობლემათა  დარეგულირების პრინციპი

_ ერი, ანუ ადამიანთა გენეტური (ან ასეთად მის მიერვე მიჩნეული) და ამავე დროს ისტორიული ერთობა, არის თვითცნობიერი სუბიექტი, რომელსაც, როგორც ასეთს, უფლებები, მოვალეობები და ამ უკანასკნელთა შესრულება-არშესრულებაზე დამყარებული პასუხისმგებლობები აქვს. ერის უფლებებია მარადიული არსებობა, როგორც ასეთისა (ანუ როგორც ამ ერისა), და თავის მიწაწყალზე, ანუ თავის ეთნიკური ტერიტორიაზე, საზოგადოების შენება საკუთარი ბუნებისა და ტრადიციის შესაბამისად, ანუ საკუთარი გზის ძებნა კაცობრიობის მარადიული მორალური და სულიერი იდეალების განსახორციელებლად. შესაბამისად, ერს აქვს ისტორიული მეხსიერების და ეროვნული საკუთრების უფლებაც.
_ ყოველ ადამიანს, ყველა სხვა უფლებათა შორის, აქვს თავისი ეროვნული ინტერესებისა და მოთხოვნილებების გარანტირებული დაკმაყოფილების უფლება. ასეთი მოთხოვნილება ძირითადად ორია: მან უნდა იცოდეს, რომ მისი ერის არსებობა, როგორც ასეთისა, დაცულია, და იგი თავისუფალი უნდა იყოს უარყოფითი დისკრიმინაციისაგან (“დაჩაგვრისაგან”) ეროვნული (ეთნიკური) ნიშნით.

II. საქართველოს ტერიტორიის იდეოლოგიური და პრაქტიკული დაცვის ასპექტები

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის ბრძოლის პროცესში საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გაითვალისწინოს ძირითადი იურიდიული და რეალური ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ ამ ბრძოლის წარმატებასა თუ წარუმატებლობას. ეს ფაქტორები შემდეგია:
1. საერთაშორისო სამართალი. მის ნორმათა თანახმად, სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები ხელშეუხებელია. ეს ფაქტორი დღეს რეალურად მუშაობს მსოფლიოს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მხარდაჭერის პროცესში. მაგრამ ეს ნორმა შესუსტების ან, სულაც, გაუქმების ტენდენციის მატარებელია, როგორც საყოველთაო და უპირობო ნორმა (ამის მაგალითი და პრეცედენტია კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება). ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას ჰმართებს დანარჩენი ფაქტორების სრული გათვალისწინებაც.
2. ჰუმანიტარული სამართალი, რომელსაც საერთაშორისო ასპექტებიც აქვს. მისი დღესდღეობით განვითარებისა და კოდიფიკაციის პროცესში მყოფი ნორმები ავალდებულებენ სუვერენულ სახელმწიფოს, უზრუნველყოს თავისი მთელი ტერიტორიის მთელი მოსახლეობისათვის ადამიანის ადამიანურ უფლებათა დაცულობის გარკვეული მინიმუმი, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო საზღვრების შეულახაობის პრინციპი ვეღარ მოქმედებს. მაგალითი და პრეცედენტია იგივე კოსოვოს ეპიზოდი, სადაც სუვერენული სერბია დადანაშაულებულ იქნა ალბანელი მოსახლეობის ადამიანურ უფლებათა ხელყოფაში, რის გამოც მიზანშეწონილად ჩაითვალა მისი ტერიტორიიდან ალბანური უმრავლესობის მყოლი ტერიტორიის ცალკე სახელმწიფოდ გამოყოფა.
3. ე.წ. მეტაიურიდიული სფერო თავისი დაუწერელი ნორმებით, ანუ ადამიანებში (კაცობრიობაში) გავრცელებული ძირითადი შეხედულებები მორალზე, ღირებულებათა იერარქიაზე, სამართლიანობაზე. გადაწყვეტილებათა მიღება მსოფლიოს რეალურად მმართველი ძალების მიერ ძალიან ხშირად განსხვავებულია იმისაგან, რასაც ეს შეხედულებები ითხოვენ, მაგრამ რადიკალური დაპირისპირება ამ ნორმებისადმი ამ გადაწყვეტილებებში არასოდეს არ ხდება. ამიტომ საქართველოს მიერ თავისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვა შეუძლებელია, თუ მსოფლიოს არ აეხსნა, რომ ეს ამოცანა სავსებით შესაბამისია კაცობრიობის ზემოხსენებული დაუწერელი ნორმებისა. სახელდობრ, მსოფლიოს უნდა ოფიციალურად განემარტოს, რომ
_ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქართველი ხალხი ავტოხთონური მოსახლეობაა, ანუ ის, რომელმაც ეს ტერიტორია მთლიანად ხელუხლებელი ბუნების მდგომარებიდან გადაიყვანა განვითარებული ფეოდალური ცივილიზაციის მდგომარეობაში (და განაგრძობს ამ განვითარებას დღემდე), ხოლო ყველა სხვა მოსახლეობა, აფსუურის (“აფხაზურის”) ჩათვლით, იმიგრირებულია ისტორიულად ცნობილ ხანაში: (აფსუური (“აფხაზური”) XVII საუკუნეში, ოსური _ XIX-XX სს-ებში, სომხური ჯავახეთში _ 1830-იანი წლების დასაწყისში, აზერბაიჯანული _ XVIII-XX-XXI სს-ებში და ა.შ.). უნდა აეხსნას აგრეთვე ის, რომ კავკასიონის ჩრდილოეთიდან გადმოსულ აფსუურ (“აფხაზურ”) ტომებს თავისი სამხედრო და დემოგრაფიული წარმატებები საქართველოს ტერიტორიაზე (ისეთ დროს, როცა დას. საქართველოს ციხეები თურქებს ეკავათ), სახელდობრ, აფხაზეთში, არასდროს მიუყვანიათ იმ ნიშნულამდე, რომ ეს ტერიტორია საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციიდან გამოეყვანათ, რის გამოც მათ არა აქვთ იურიდიული საფუძველი, ეს ტერიტორია თავისად ჩათვალონ და მისი ბედის გადაწყვეტაში აფსუური უმცირესობა ვეტოს უფლებით აღჭურვონ ქართველი უმრავლესობის პირისპირ.
თქმული, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფოს  ან ქართველი ხალხის ინტერესი არ არის აფსუა (“აფხაზი”) ხალხის მიერ ყველა იმ უფლებათა და ინტერესთა განხორციელება ისე, როგორც ამას ავთოხთონურობა გულისხმობს, ამაზე _ ქვემოთ.
4. მსოფლიო და ადგილობრივ ძალთა კონკრეტული განლაგება და მათი ინტერესები დღეს და მომავალში, რაც სწორი დაგეგმვის, ტაქტიკისა და სტრატეგიის აუცილებელი პირობაა.
ამ ფუძემდებელ პრინციპებთან დაკავშირებით, რომლებთანაც კამათი შეუძლებელია (რადგან მოკამათე ამით წამსვე თავს ავლენს, როგორც ანტიჰუმანისტი და ადამიანის ძირითად ადამიანურ უფლებათა ერთი ნაწილის ხელმყოფელი) როგორც კონკრეტული სახელმწიფოს იდეოლოგიას, ისე მსოფლიო პოლიტიკის მართვის ზოგად იდეოლოგიას უჩნდება სიძნელე, რომლის გააზრებაც და დაძლევაც აუცილებელია საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, სახელდობრ, ტერიტორიული მთლიანობის, დაცვის თვალსაზრისითაც. იგი მდგომარეობს შემდეგში:
თუ ერი არის კოლექტიური სუბიექტი  და მას აქვს ისტორიული პასუხისმგებლობა, ისტორიული ბრალისა და ისტორიული სიამაყის ცნობიერება (რაც ფაქტია), მაშინ აუხსნელი და იდეოლოგიურად დაუსაბუთებელი რჩება ცივილიზებული კაცობიობის პრაქტიკა, რომელიც ერს, როგორც მთელს, არ სჯის და ვერ სჯის მის მიერ და მისი სახელითა და მონაწილეობით ჩადენილი რაგინდარა მძიმე დანაშაულისათვის. მაგალითად, ჰოლოკოსტისათვის არ დასჯილა ის მოსახლეობა, რომელიც მასობრივად მხარს უჭერდა და ეთანხმებოდა მას (უმრავლეს შემთხვევაში _ პასიურად), არამედ ჩაითვალა (უსიტყვოდ), რომ ხსენებული დანაშაული იყო მხოლოდ პოლიტიკური ლიდერებისა და მაღალი მოხელეების სინდისზე. თქმული იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია გარჩევა ერთის მხრივ ერის, როგორც ასეთის, ხელშეუხებელი უფლებებისა, რომელთა მინიმუმი დასახელებულია ზემოთ, და მეორეს მხრივ ერთა ისეთი უფლებებისა, რომელიც ემყარება მათს დღემდე წარმოებული ისტორიული და ცივილიზაციური ძალისხმევით შექმნილ მონაპოვარს, რაშიც სხვადასხვა კონკრეტული ერები დედამიწის ზედაპირის მოცემულ კონკრეტულ ნაწილში არათანასწორად უფლებამოსილნი არიან, ანუ, სხვა სიტყვით, თავის მიერ შექმნილ ფასეულობებზე საკუთრების უფლების არაერთნაირად მფლობელნი არიან, ან ერთი მათგანი არის, ხოლო მეორე არ არის, ასეთ ისტორიულ მონაპოვართა რიცხვს ეკუთვნის ერის მიერ თავისი ამ კონკრეტული ტერიტორიის დაცვაც საუკუნეთა მანძილზე, რის გამოც მასზე ტერიტორიული პოლიტიკური თვითგამორკვევის ანუ ამ ტერიტორიაზე ეროვნული ნიშნით იურიდიულად და პოლიტიკურად ფორმალიზებული მეტნაკლებად დამოუკიდებელი სხვა ეროვნული ანკლავის შექმნის უფლება არ შეიძლება ენიჭებოდეთ ახალ-ახალ დიასპორებს, რომელთაც ამ ტერიტორიის მიმართ შესაბამისი ისტორიული ძალისხმევა არ განუხორციელებიათ და (ან) რომელთაც თავისი ერის მარადიული თვითრეალიზაციის ასპარეზი სხვა ტერიტორიაზე, სახელდობრ, თავის ისტორიულ სამშობლოში აქვთ. მაგალითად, პრინციპულად გაუმართლებელი იქნება, თუ რომელსამე გერმანულ ინდუსტრიულ ქალაქში თურქული უმრავლესობის მყოლი გარეუბანი მოინდომებს ამ გარეუბნისათვის “დასავლეთ თურქეთის” სახელის წოდებას და მასში თურქული ტერიტორიულ-პოლიტიკური ავტონომიის შექმნას. ამავე დროს, ამ თურქული მოსახლეობის შეუვალ უფლებად რჩება, რომ დაცული იყოს ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან როგორც ინდივიდუალურად (მაგალითად, არ შეექმნას დაბრკოლება სამუშაოს მიღებაში), ისე კოლექტიურად (მაგალითად, არ შეექმნას დაბრკოლება თურქულენოვანი სკოლის შექმნაში სახელმწიფოს სახსრებით). ეროვნულ უფლებათა ამ ორი კლასის _ ხელშეუხებელი უპირობო უფლებებისა და ისტორიული მონაპოვრისეული უფლებების _ მკაფიოდ და ღრმად დასაბუთებული გარჩევა, შესაბამისად _ მსოფლიო საზოგადოებრიობისათვის სათანადო დასაბუთებული ფორმულირებების წარდგენა საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ ექნება მყარი საფუძველი მსოფლიოსთვის იმის განმარტებისა, რომ ოსს ცხინვალში სრული უფლება აქვს აბსოლუტურად თანასწორუფლებიანი იყოს საქართველოს ყველა სხვა მოქალაქისა და თავისი ეროვნული ვინაობის, აგრეთვე თავისი ეროვნული ცნობიერების მარადიულყოფისა სათანადო ინსტიტუტების გამოყენებით, აგრეთვე თავისი ყველა ტრადიციისა და ისე მსოფლიო ისტორიის თავისი ეროვნული ხედვის შენარჩუნებით, მაგრამ არა აქვს უფლება, რომ ტერიტორიაზე, სადაც პოზიტიურ ისტორიულ მშენებლობაში ადგილობრივი მკვიდრი ქართველის წვლილის გადამწონი წვლილი არა აქვს, მეორე “ოსეთის” შექმნა მოითხოვოს ნამდვილი ოსეთის დამატებით, რომელიც (ნამდვილი ოსეთი) კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით არსებობს.
მსოფლიოსთვის ამ მარტივ ჭეშმარიტებათა განმარტების გარეშე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ისტორიულ პერსპექტივაში წარმატებით ვერ დასრულდება. შესაბამისად, სააკაშვილის ღიად გაცხადებული მზაობა, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ შექმნას “სამხრეთ ოსეთი”, პირდაპირ მიმართულია საქართველოს კანონიერი ისტორიულმასშტაბიანი ინტერესების წინააღმდეგ და სხვაგვარად ვერ დაკვალიფიცირდება, თუ არა როგორც სახელმწიფო ღალატი.

III. საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა ცხინვალის რეგიონში

“სამხრეთ ოსეთი”, ანუ “ოსეთი” კავკასიონის ქედის სამხრეთით, პირწმინდად რუსული კრეატურაა. სახელი “ოსეთი” საქართველოს ტერიტორიის რაღაცა (დაუკონკრეტებელი) ნაწილისათვის შეთხზა გენერალმა კნორინგმა (რუსეთის იმ დროს უმაღლესმა ხელისუფალმა კავკასიაში) 1802 წელს, ანუ იმ დროს, როცა საქართველოში მთლიანად რამდენიმე ასეული ოსი ცხოვრობდა. “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” შექმნა გადაწყდა რუსეთის მმართველი პარტიის _ ბოლშევიკების _ კავკასიის ბიუროს დადგენილებით ქ. როსტოვში 1920 წელს, ანუ იმ დროს, როცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, და განმეორდა იმავე პარტიის ცეკას დადგენილებით მოსკოვში იმავე წელს. 1922 წელს საქართველოს მარიონეტულმა მთავრობამ ცაკ-მა მიიღო შესაბამისი დეკრეტი. ამ წელსაც და მომდევნო წლებშიც ახალშექმნილ ავტონომიურ ოლქში ქართველი მოსახლეობა ოსურს სჭარბობდა და ქართული სოფლების რაოდენობა ოსურისას სჭარბობდა. ასე გაგრძელდა 1940-იან წლებამდე, როცა ოსებმა რაოდენობით გაადააჭარბეს ქართველებს ხელოვნური შემოსახლების შედეგად, რაც საბჭოთა ხელისუფლების გენერალური კურსი იყო ამ ზონაში. “სამხრეთ ოსეთს” საქართველოში დღემდე არც ერთი საათი არ უარსებია მასში რეგულარული რუსული შეიარაღებული ძალების დგომის გარეშე. 1990 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულად არჩეულმა უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ _ საქართველოს უზენაესმა საბჭომ _ 11 დეკემბრის კანონით გააუქმა უსაფუძვლო ავტონომიური ოლქი. სსრკ პრეზიდენტმა გორბაჩოვმა 1991 წლის 3 მარტს გამოსცა ბრძანებულება ამ კანონის გაუქმების შესახებ, მაგრამ მას საამისო უფლებამოსილება აღარ ჰქონდა, რადგან საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს 1990 წლის 9 მარტის დადგენილებით საქართველო ცნობილ იქნა დაპყრობილ და ფაქტობრივად ანექსირებულ ქვეყნად, ხოლო ამ დადგენილების იმავე წლის 29 ივნისის დამატებებით გაუქმებულ იქნა საქართველოში ყველა იმ იურიდიული აქტების მოქმედება, რომლებიც მოჰყვა ამ ანექსიას და გამომდინარეობდა მისგან, მათ შორის ის აქტებიც, რომლებიც სსრკ ხელისუფლებას აძლევდა საქართველოს უზენაესი საკანონმდებლო ორგანოების აქტების გაუქმების უფლებას.
ამგვარად, “სამხრეთ ოსეთი” საქართველოში არ არსებობს იურიდიულად და ამ სახელის ხმარების უფლება არა აქვთ არც ქართველ პოლიტიკოსებს, არც უცხოელებს.
საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობა და სრული იურიდიული უფლება იყო “სამხრეთ ოსეთის”, როგორც ტერიტორიულ-პოლიტიკური ან სხვა რამ ოფიციალური ერთეულის, ზემოხსენებული გაუქმება. ასევე მისი სრული უფლება და მოვალეობაა ქვეყნის წინაშე “სამხრეთ ოსეთის” კიდევ ერთხელ შექმნის აღარ დაშვება. ამავე დროს საქართველოს ხელისუფლების უფლებაა, რომ რაღაცა ფორმით, მაგრამ სხვა სახელით, შეინარჩუნოს ადგილზე ავტონომიური ერთეული, იქიდან გამომდინარე, რომ ადგილზე არსებობს კონკრეტული პრობლემა _ ქართველი და ოსი მოსახლეობის ყოფითი და მენტალური ურთიერთობების აღდგენის პრობლემა _ რომლისთვისაც შესაძლოა ადგილობრივი მართვა ხელსაყრელი იყოს. ვიმეორებთ, ეს საქართველოს ხელისუფლების მხოლოდ უფლებაა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში _ მოვალეობა. ამ უფლების რეალიზაცია, ანუ ცხინვალის რეგიონში ავტონომიური ერთეულის შექმნა, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეზობელი ქვეყნის _ ოსეთის (ალანიის) _ სახელმწოდებაში აღარ შევა პროვოკაციული ზედსართავი “ჩრდილო”.
საქართველოს ტერიტორიაზე ოსური მოსახლეობის (რომელიც მთლიანად დიასპორაა) ტერიტორიული თვითგანსაზღვრის (“თვითგამორკვევის”) არანაირი უფლება არ არსებობს არც ჰუმანიტარული სამართლის, არც ადამიანის უფლებათა სამართლის არც ერთი ნორმის მიხედვით.
საქართველოს ეროვნულსა და დემოკრატიულ ძალებს გვაქვს ქართული და ოსური მოსახლეობის საკუთრივ ეროვნულ ინტერესთა ჰარმონიზაციის და ოსების ეროვნული ინტერესების დაცვის სავსებით კონკრეტული და რეალისტური გეგმა. იგი მოიცავს:
_ ადგილობრივი თვითმმართველობის რეალურ დემოკრატიულ განვითარებას და
_ ფუნქციურ ავტონომიას, ანუ ოსების (ისევე, როგორც საქართვე¬ლოში მაცხოვრებელი ნებისმიერი სხვა ეროვნების, ქართველების ჩათვლით) ეროვნული ორგანიზაციის (ორგანიზაციების) კონკრეტული კანონმდებლობითი საფუძვლის შექმნას, რათა ამ ორგანიზაციამ (ორგანიზაციებმა) აწარმოოს ოსური სპეციფიკური ინტერესების განხორციელება და ლობირება მთელი სახელმწიფოს მასშტაბით და ამ საქმეში ჩართული ჰყავდეს არა მხოლოდ ცხინვალის ზონაში 30 ათას ავტოხთონურ ქართულ მოსახლეობასთან ერთად მეტ-ნაკლებად კომპაქტურად მაცხოვრებელი 60 ათასი ოსი, არამედ დანარჩენ საქართველოში გაბნეულად მაცხოვრებელი დანარჩენი 100 ათასიც.

IV. საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა აფხაზეთში

აფხაზეთში არსებული პოლიტიკური ვითარების დარეგულირების წანამძღვრები მოიცავს ისტორიული ფაქტორების გათვალისწინებასაც, დემოგრაფიულისასაც და პოლიტიკურისასაც. სახელდობრ, ეს წანამძღვრები შემდეგია:
1. მეცნიერებისთვის ცნობილია ქართველი ერის ავტოხთონურობა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე კოლხეთის სამეფოს არსებობის დროიდან მაინც და შემდეგაც. ამ ტერიტორიის გარკვეულ ნაწილში მოსახლე აფსილების გაიგივება თანამედროვე აფსუებთან (“აფხაზებთან”) შესაძლებელია (ბგერითი მსგავსების მიხედვით), მაგრამ უეჭველი არ არის. კოლხეთის ტერიტორიაზევე მაცხოვრებელი აბასკების გაიგივება ტერმინ “აფხაზთან” შესაძლებელია მაღალი ალბათობით, მაგრამ მათი გაიგივებისთვის თვით “აფსუა” ხალხთან (თანამედროვე აფხაზებთან) დღესდღეობით მეცნიერებისთვის ხილული არანაირი საფუძველი არ არსებობს. როგორც ძველი სამყაროს აფსილების, ისე აბასკების მიმართ უდავოა მეცნიერებისთვის ის, რომ არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ადრეული შუა საუკუნეებისათვის ან, მით უმეტეს, X საუკუნისათვის, როდესაც ერთიანი საქართველოს სახელმწიფო ყალიბდებოდა ბაგრატიონთა დინასტიის ხელში, მათ შთამომავლებს აფხაზეთის დღევანდელ ტერიტორიაზე ქართველურისგან განსხვავებული ენობრივი ან თვითცნობიერებითი რაიმე ნიშანი შენარჩუნებული ჰქონდათ. ის, რომ XVII საუკუნეში მომხდარია დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან ადიღეური მოდგმის ახალი მოსახლეობის მასობრივი იმიგრაცია, მეცნიერებისთვის ცნობილი ფაქტია. ამ მოსახლეობის შთამომავლები, ანუ დღევანდელი აფსუები, სხვათა მიერ “აფხაზებად” იწოდებიან. რაიმე ნიშანი იმისა, რომ საქართველში შემოსულებს მათ ამ ტერიტორიაზე მათივე მოდგმისა და ენობრივი ოჯახის რაიმე სხვა მოსახლეობა დახვდათ, არ არსებობს. ამგვარად, მეცნიერებისთვის ცნობილი ფაქტია, რომ აფხაზეთს იმიტომ კი არ ჰქვია “აფხაზეთი”, რომ იგი აფსუების, დღეს “აფხაზებად” წოდებულების, ქვეყანაა, არამედ, პირიქით, აფსუებს “აფხაზები” ეწოდათ იმიტომ, რომ საქართველოს “აფხაზეთად” წოდებულ პროვინციაში მოვიდნენ. ვინ არიან ეთნიკურად “აბაზგები” _ ქართველები თუ სხვანი _ არ ვიცით, მაგრამ უდავოდ ვიცით ის, რომ შუა საუკუნეებში ისინი კულტურულად, სოციალურად და პოლიტიკურად უკვე ქართული და ქართულენოვანი სახელმწიფოებრიობის და ფეოდალური კულტურის სივრცეში ორგანულად დამკვიდრებული საზოგადოება არიან (იხ. ნ. ბერძენიშვილი და სხვანი).
2. აფსუების იმიგრაცია აფხაზეთში XVII საუკუნეში დადასტურებული პროცესია. ცნობილია, რომ იგი მშვიდობიანიც იყო და არამშვიდობიანიც. ფაქტია, რომ მთაზე გადმოსულმა აფსუებმა ადგილზე ძალიან მაღალი პრესტიჟი მოიპოვეს, რაც უდავოდ უაღრესად სასახელო ისტორიული ფაქტია მათთვის. ამავე დროს, მათთვის სეპარატისტი ფიგურების მიერ არაოფიციალურად შეთავაზებული არგუმენტი “ეს მიწა დავიპყარით, ამიტომ იგი ჩვენია” უსაფუძვლოა, რამდენადაც მათ არასოდეს მიუყვანიათ თავიანთი გამარჯვებები იმ ნიშნულამდე, რომ ტერიტორია საქართველოსთვის მოეწყვიტათ. აფხაზეთი მთლიანად, _ როგორც იურიდიულად, ისე მორალურად, _ საქართველოს ნაწილად დარჩა.
წინამდებარე 1 და 2 პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას აქვს სრული უფლება აფხაზეთი მთლიანად თავის ისტორიულ ტერიტორიად და დღეს კუთვნილ ტერიტორიად ჩათვალოს.
3. აფსუა ხალხი კავკასიონზე გადმოსვლის შემდეგ მენტალურად მოსწყდა თავის ადიღეელ-ჩერქეზ ნათესავ ხალხებს და ცალკე ეროვნება _ “აფსუა” ეროვნება _ ჩამოიყალიბა. ეს ფუნდამენტური მნიშვნელობის ფაქტია. ამდენად, ჩვენს ამ ახლო მონათესავე ხალხს, რომელთან ეერთადაც ჩვენ მომავალ უსასრულო ისტორიაში უნდა ვიაროთ, საქართველოს გარეთ სხვა სამშობლო აღარ აქვს. ამდენად _ და მხოლოდ ამდენად, _ არსებობს მისი მორალური უფლება, რომ თავისი ეროვნული თვითრეალიზაციისათვის მოითხოვოს ტერიტორიული უფლება. ეს სწორედ ის ისტორიულად დაფუძნებული მიმართებაა ეროვნული და ეთნიკური ინტერესებისა (ამ შემთხვევაში _ ქართულისა და აფსუურისა), რომლის ერთადერთი ადეკვატური იურიდიული და სახელმწიფოებრივი ფორმაა ავტონომია.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის ამ კონკრეტულ საკითხში ეს პოზიცია უჭირავს (ანუ აფხაზეთის ყოფნისა საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის ფორმით), მაშინ მას შეუძლია დაიმოწმოს ჰუმანიტარული სამართლის საყოველთაოდ გაზიარებული პოზიციაც, რომ ტერიტორიული ავტონომია ეროვნულ უმცირესობას ეკუთვნის (სახელდობრ, რეკომენდირებულია, რომ ჰქონდეს) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უმცირესობა ადგილობრივია, ანუ თუ იგი არ არის დიასპორა, რომელსაც თავისი სახელწოდების ტერიტორია სხვაგან, როგორც წესი _ თავის ისტორიულ სამშობლოში აქვს. დღევანდელი “აფხაზების ხსენებული უფლებაც ტერიტოროული ეროვნული თვითრეალიზაციისა კავკასიონის სამხრეთით ძალაშია მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ჩრდილოეთში მცხოვრებ ადგილობრივ ადიღეელთაგან განსხვავებული ეროვნული თვითცნობიერება აქვთ. ხოლო თუ განხორციელდება საერთო-ადიღეური თვითცნობიერების შემუშავება, რისი ტენდენციაც არსებობს, მაშინ აფსუა (“აფხაზი”) ხალხი დიასპორა ხდება და მას, არსებული ნორმების მიხედვით,  ტერიტორიული ეროვნული თვითგანსაზღვრის უფლება კავკასიონის სამხრეთით აღარ ეკუთვნის.
ხსენებული ტერიტირიული ავტონომიის განსაზღვრის პროცესში უსათუოდ უნდა მხედველობაში მიიღებოდეს ის გარემოება, რომ აფსუა (“აფხაზი”) ხალხის ეროვნული (ეთნიკური) თვითრეალიზაციის ტერიტორია არ არის იგივე, რაც აფხაზეთის მთელი ტერიტორია, არამედ იგი მოიცავს მხოლოდ ამ ხალხის რეალური განსახლების ტერიტორიას და აფხაზეთის იმ დანარჩენი ნაწილის ერთ ნაწილსაც, რომელზეც კომპაქტური ქართული მოსახლეობა არ ცხოვრობს (ეთნიკურ წმენდამდელი მდგომარეობით). აფხაზეთის ის ტერიტორია, სადაც ქართველი კომპაქტური მოსახლეობაა, აფსუების (“აფხაზების”) ტერიტორიული ეროვნული თვითრეალიზაციის ტერიტორიაში ვერ შევა, ვინაიდან ქართველი მოსახლეობა აქ ავტოხთონური მოსახლეობაა.
მორალური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აუცილებელია შემდეგის გათვალისწინებაც:
ურთიერთმონათესავე კავკასიელი ხალხების _ ქართველებისა და აფსუების (“აფხაზების”) _ მომავალ კონფლიქტთა სტიმულირებისა და ორგანიზების პოლიტიკა რუსეთმა დაიწყო XIX საუკუნის მეორე ნახევარში (მესამე მეოთხედში), მას შემდეგ, რაც ქართველი ეროვნების ინტელიგენცია, მათ შორის მოხელეები და სამღვდელოება, წინ აღუდგა რუსეთის ხელისუფლების მიერ მუსლიმან კავკასიელ ხალხთა, მათ შორის აფხაზთა თურქეთში თითქოსდა ნებაყოფლობითი გადასახლების, რეალურად კი იძულებითი დეპორტაციიის ანუ გასახლების (“მუჰაჯირობის”) მრავალწლიან კამპანიას (ამ წინააღმდეგობის ერთერთი ეპიზოდი იყო ის, რომ 18 ათასი აფხაზი, მთელი აფხაზი მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი, ქართველმა სამღვდელოებამ მონათლა სულ რამდენიმე დღის მანძილზე და ამით მათ მუჰაჯირობის, ანუ გადასახლების, მოთხოვნა ააცილა). საქართველოს ჯერ კომპარტიის ცეკას მდივნები, შემდეგ კი რუსეთის მიერ მართული პრეზიდენტები (შევარდნაძე და სააკაშვილი) განუხრელად ახორციელებდნენ რუსული იმპერიის ხსენებულ პოლიტიკას გაღრმავებულ დონეზე: ერთის მხრივ, გრძელდებოდა აფხაზეთის ტერიტორიის კოლონიზაცია ახალი, ძირითადად _ რუსული და სომხური მოსახლეობით და კონფლიქტოგენური სიტუაციების შექმნა ქართული და აფსუური (“აფხაზური”) ბიუროკრატიის კონკურენციის ორგანიზებით “მსუქან” თანამდებობათა დასაკავებლად, მეორეს მხრივ ტარდებოდა ღონისძიებები აფხაზეთში აფსუური (“აფხაზური”) მონოეთნიკური მმართველობის, ანუ ეთნოკრატიის დასამყარებლად ადმინისტრაციულ აპარატში, რათა შექმნილიყო საკმარისად წონადი აფსუური პოზიცია, რომელიც ქმედით შეტევას განახორციელებდა ქართველი მოსახლეობის მიმართ. დღეს, სიმულირებული “დემოკრატიის” დროშის ქვეშ, ტარდება ყალბი პროპაგანდირება იმ წარმოდგენისა, თითქოს აფხაზეთი არის აფსუების ქვეყანა, რომელზედაც შემოსულია ქართველი მოსახლეობა და რომელიც შესულია საქართველოს შემადგენლობაში ქართველი ეროვნების საბჭოთა დიქტატორის სტალინის სურვილის შესაბამისად _ თითქოს, ამგვარად, აფხაზეთი არის ქვეყანა, რომელსაც განთავისუფლება ესაჭიროება დეკოლონიზაციის მსოფლიო პროცესის კონტექსტში და რომელიც საქართველოს შემადგენლობაში დღეს იურიდიულად იმყოფება მხოლოდ იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა სახელმწიფოთა აღიარებული საზღვრების ძალად შეცვლის საერთაშორისო-სამართლებრივი პრინციპი. ანალოგიურადვე, პროპაგანდირება ხდება იმ წარმოდგენისა, თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გამოგონილი და შექმნილი “სამხრეთ ოსეთი” ისტორიული და დღევანდელი პოლიტიკური რეალობაა, რომელსაც ასევე “განთავისუფლება” სჭირდება საქართველოს “კლანჭებიდან”. დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა ამ საკითხში, ისევე როგორც აფხაზეთის საკითხში, ერთის შეხედვით კაპიტულანტურია, სინამდვილეში კი კაპიტულანტურიცაა და ფარულად რუსული ინტერესების გამტარებელიც.
ქართველი საზოგადოებრიობის მეტ-ნაკლებად ჩახედული წრეებისათვის ცნობილია, რომ ეს კაპიტულანტური და რუსულ-აგენტურული პოლიტიკა არაფრით გამართლებული არ არის არც საერთაშორისო სამართლის, არც კონსტიტუციური სამართლის, არც ჰუმანიტარული სამართლის, არც ადამიანის უფლებათა სამართლის, აგრეთვე არც ე.წ. ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით.
არსებითია მკაფიო გარჩევა იმისა, საქართველოს სახელმწიფოს რისი უფლება აქვს თავისი ტერიტორიის დაცვის საკითხში აფსუური (“აფხაზური”) იდეოლო¬გიურო და პრაქტიკული შემოტევის პირისპირ, და იმისი, რაც მისი ინტერესია. თუ ამას გავმიჯნავთ (აზრში და არა რეალობაში), დავინახავთ, რომ მეორე, ანუ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესი, ბევრად უფრო “პროაფხაზურია”, ვიდრე მისი მარტოოდენ იურიდიული უფლება. საქართველოს სჭირდება აფხაზეთი, როგორც მეგობრებითა და თანამებრძოლებით (რა თქმა უნდა, ქართველების გარდა) დასახლებული და იერმიცემული ქვეყანა. ამიტომაცაა, რომ საშუალო-ტიპიური, ნორმალური ქართველის, მათ შორის, აფხაზეთში ნაომარისა, მენტალიტეტს გამოხატავს ასეთი ფრაზა: ნეტავ მონაწილეობა მიმაღებინა ერთობლივ ქართულ-აფხაზურ ოპერაციაში რუსული ნაწილის წინააღმდეგ)”.  

V. სახელმწიფოს ორი ძირითადი ამოცანა აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებში და მათი ურთიერთმიმართება

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დღეს არსებულ არასასურველ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს ორი ამოცანა აქვს: ერთია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის რეალური გავრცელება ამ ტერიტორიაზე, მეორეა ამ ტერიტორიების მოსახლეობის არაქართველი ნაწილის _ აფხაზებისა და ოსების _ მენტალური შემობრუნება საქართველოს სახელმწიფოსკენ, რათა მათ შეეძლოთ სრულფასოვანი მონაწილეობა სახელმწიფოს მშენებლობაში და თავისი საკუთრივ ეროვნული ინტერესების (და არა მხოლოდ ზოგად-მოქალაქეობრივი ინტერესების) შეუზღუდველი და უშიშარი რეალიზაცია ამ სახელმწიფოს შიგნით. ორივე ამ ამოცანის სრული და უხინჯო გადაჭრა ჩვენი სახელმწიფოსა და ერის შეუვალი მოვალეობაა. მაგრამ ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვუსვამთ ხაზს: პირველი ამ ამოცანათაგანის გადაჭრა ვერ იქნება დამოკიდებული მეორის გადაჭრაზე; აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენა უნდა მოხდეს _ და სახელმწიფოს უფლებაა, რომ ეს მოახდინოს _ უპირობოდ. იგულისხმება, ცხადია, რომ ამ რაიონების არაქართველი მოსახლეობის ვერც მოქალაქეობრივი, ვერც ყოფითი, ვერც პოლიტიკური ინტერესები და უფლებები ვერ უნდა შეიზღუდოს და ვერ უნდა შეილახოს მათი პოლიტიკური შეხედულებების შინაარსისა და მიმართულების გამო.
საქართველოს სახელმწიფოს რეალური ინტერესი, რომ აფსუა (“აფხაზმა”) ხალხმა შეძლოს თავის მარადიული თვითრეალიზაცია (უკვდავყოფა და განვითარება) აფხაზეთის ტერიტორიაზე პრინციპულად აღემატება მისსავე მოვალეობას,  რომელასც მოქმედი საერთაშორისო-სამართლებრივი და ჰუმანიტარულ-სამართლებრივი ნორმები მას აკისრებენ. ამ მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო დაინტერესებულია აფსუა (აფხაზი”) ხალხის ეროვნული დემოგრაფიული, ეკონომიკური და ყველა სხვა სახის კეთიდღეობით ამ ხალხის გენეტიკური, ენობრივი და, რაც მთავარია, ღრმა  კულტურული სიახლოვის გამო.

VI. რამდენიმე იდეოლოგიური, ჰუმანიტარულ-სამართლებრივი და ადამიანის უფლებების სამართლებრივი ასპექტი
1. თუ დაკანონდა პრეცედენტის სახით, რომ ამა თუ იმ ტერიტორიაზე არსებული დემოგრაფიული დინამიკა, ანუ მოსახლეობის ეროვნული და ეთნიკური შემადგენლობის პროპორციათა ცვლა, განაპირობებს ცვლილებებს ამ ტერიტორიის იურიდიულ სტატუსში, ეს შექმნის მოტივაციას ყველა ეთნიკური ჯგუფის პანიკური შიშისათვის ყველა სხვა ჯგუფის დემოგრაფიული კეთილდღეობის წინაშე, შესაბამისად, ცდუნებისთვისაც ეთნიკური წმენდის მოსახდენად და მისი ძირითადი იარაღის _ გენოციდის გამოსაყენებლად მთელ მსოფლიოში, ევროპის ჩათვლით.
2. აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში მიღებული პრაქტიკა, როცა აფხაზეთის მოსახლეობის 17%-ის, ანუ აფსუა (“აფხაზი”) ხალხის, ნებას მინიჭებული აქვს ვეტოს უფლება დარეგულირების ნებისმიერი პროექტის მიღება-არმიღებაში, არ არის გამართლებული არც იურიდიულად, არც მორალურად. ეს პრაქტიკა ემყარება თითქოსდა ისტორიული შინაარსის წანამღვარს, თითქოს ქართველი მოსახლეობა (ეთნოწმენდამდე აფხაზეთის მოსახლეობის 46%) იყოს იმიგრირებული და, ამდენად, აფხაზ მოსახლეობასთან შედარებით ნაკლებ უფლებამოსილი აფხაზეთის, როგორც მთელის, ბედის ძირითად საკითხთა გადაწყვეტაში _ თითქოსდა ამის გამო აფხაზ მოსახლეობას ეკუთვნოდეს ვეტოს მონოპოლიური უფლება. ხსენებული ისტორიული წანამძღვარი სწორი არ არის. ქართველი მოსახლეობა აფხაზეთში ავტოხთონურია. მისი ერთი ნაწილი (დაახლოებით 120 ათასი) თავისი ამჟამინდელი სახლობის მანძილზე ცხოვრობს უწყვეტად ათასწლეულთა მანძილზე, მეორე ნახევარი შემოსულია XIX-XX საუკუნეებში იმ დროს თავისუფალ მიწებზე ამ ტერიტორიაზე, რომელიც ძველი ქართველივე მოსახლეობის ეთნიკური ტერიტორიაა. მის ამ უფლებას ერთ-ერთ საფუძვლად უდევს  ის ფაქტი, რომ ამ ტერიტორიის ცივილიზებული არსებობის (ამ ტერიტორიაზე ცივილიზაციის არსებობის) მთელს ისტორიულად ცნობილ მანძილზე ქართველი ერის ეთნიკური ცნობიერება იგივეობრივი რჩება. შესაბამისად, აფხაზეთის, როგორც მთელის, ბედის საკითხთა გადაწყვეტაში ერთი აფსუა (“აფხაზი”) მაცხოვრებლის ხმას მეტი წონა არა აქვს და ვერ ექნება, ვიდრე ერთი ქართველი მოსახლისას.
3. რუსეთის ხელისუფლების მიერ XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩატარებული მასობრივი დეპორტაცია აფსუური (“აფხაზური”) მოსახელობისა, რომელმაც ეს მოსახლეობა გაანახევრა, იყო და არის დანაშაული მხოლოდ რუსეთის მხრიდან. საქართველოს ამ დროს ხელისუფლება არ ჰყავდა, ხოლო ქართველი საზოგადოება ცდილობდა ყველანაირად შეემცირებინა, პროპაგანდის გზით და ზოგი სხვა გზით, თურქეთში გადასახლების მსურველ აფსუათა (“აფხაზთა”) რაოდენობა, რაშიც სერიოზულ წარმატებას მიაღწია (იხ. ზემოთ). გადასახლებულთა მიწებზე რუსეთის ხელისუფლებამ დაასახლა მხოლოდ არაქართველი მოსახლეობა, პირველ ყოვლისა სომხები და რუსები. ამ გენოციდური ღონისძიებებისათვის პასუხისმგებელი კაცობრიობის წინაშე და გასახლებულთა შთამომავლობის წინაშე არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის იმპერია და მისი სამართალმემკვიდრე _ თანამედროვე რუსეთის ფედერაცია.

VII. საბოლოო დარეგულირების ძირითადი მიმართულებები:

1. მხედველობაში მიღება იმისა, რომ აფხაზეთის ნება არ არის მხოლოდ აფხაზების (აფსუების) ნება, არამედ იგი არის ტოლქმედი სამი ნებისა
_ აფსუა (“აფხაზი”) მოსახლეობის ნებისა, რომ განიხილოს აფხაზეთის ტერიტორია, როგორც თავისი ეროვნული თვითრეალიზაციის მარადიული ასპარეზი
_ ქართველი მოსახლეობის ნებისა, რომ აფხაზეთის ტერიტორია განიხილოს, როგორც თავისი ეროვნული თვითრეალიზაციის მარადიული ასპარეზი.
_ მთელი მოსახლეობის ნებისა, რომ იცხოვროს მშვიდად, კეთილდღიანად და დემოკრატიული წესით.
ეს სამი ნება განსხვავებულია, მაგრამ ჰარმონიზებადია, რისთვისაც აფხაზეთში საკმარისი რესურსი არსებობს.
2. დარეგულირების ორი ძირითადი ამოცანაა:
_ განსაზღვრა თბილისისა და სოხუმის უფლება-მოვალეობების განაწილებისა
_ განსაზღვრა სოხუმის და აფხაზეთისვე რეგიონების უფლება-მოვალეობების განაწილებისა
3. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების საფრთხით გამოწვეული ძირითადი ინტერესი აფხაზეთში არის სტრატეგიული უშიშროება, ანუ დაცვა რუსული და სხვა შესაძლებელი აგრესიისაგან. ამ ამოცანის გადაჭრისთვის აუცილებელ პირობათა შეზღუდვა დაუშვებელია.
აფსუა (“აფხაზი”) ხალხის საფრთხით გამოწვეული ძირითადი ინტერესია თავისი ეროვნული ვინაობის მარადიულყოფისათვის და თავისი საკუთარი საზოგადოების შენებისთვის უსაფრთხო და გარანტირებული ობიექტური პირობების შექმნა. ამიტომ მისი რეალური სახლობის ადგილებისთვის კონსტიტუციურად დაკანონებული უნდა იყოს
_ დემოგრაფიული დაცვა: ამ ადგილებზე დასახლება დაიშვება მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობით, ისევე, როგორც იმიგრაცია საზღვარგარეთიდან დაიშვება მხოლოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების თანხმობით.
_ ის, რომ ბუნებრივი რესურსების ექსპლოატაცია ეკუთვნის ადგილობრივ ხელისუფლებას ცენტრალურ ბიუჯეტში მხოლოდ იმ პროცენტის გადახდით ამ ექსპლოატაციისაგან, რაც ეკუთვნის ცენტრალური ხელისუფლების ხელში მყოფ ფუნქციებს (თავდაცვა და სხვა).
4. საბოლოო დარეგულურებას უნდა ჰქონდეს
_ ცენტრალური ხელისუფლების, ქართველი მოსახლეობის და აფსუა (“აფხაზი”) მოსახლეობის რეალურად ნდობაგამოცხადებული წარმომადგენლების შეთანხმების სახე.
_ მეცნიერულად გაანალიზებული და, ამგვარად, მეცნიერების მიერ დადასტურებული სახე (მეცნიერულ მიდგომაში იგულისხმება არა მხოლოდ ისტორიული მიდგომა, არამედ, პირველ ყოვლისა, გათვლა, შეთანხმების რომელ პუნქტს რა შესაძლო ახლო ან შორეული შედეგები შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური, პოლიტიკური და რიგი სხვა თვალსაზრისით.

საქართველოს ეროვნულ პარტიათა ალიანსი

“საქართველო”

01.2010

 

One Response to “♦ როგორი უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხში”

  1. jaba melkadze said

    mxolod da mxolod kartuli partizanuli mozraoba tu iknrba ertaderti politika, torem zakareishvili da ivanishvili sakutar dedebs gayidian! kremlis gulis mosagebad!

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s