Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ საქართველოს გრძელვადიანი პოლიტიკური პერსპექტივები

 

ბადრი რამიშვილი,

პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი

საქართველოს გრძელვადიანი პოლიტიკური პერსპექტივები გეოეკონომიკური ცვლილებების ფონზე

 

გლობალიზაციის პირობებში არ არსებობს ისეთი სახელმწიფო, რომელზეც ამა თუ იმ დონით არ ახდენდეს გავლენას გარე გარემო. პატარა ქვეყნები კი მთელ რიგ შემთხვევებში მთლიანად არიან დამოკიდებულნი საგარეო ფაქტორებზე. ასეთთა რიგში თავისუფლად შეიძლება განვიხილოთ საქართველო, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მსგავსი ვითარება ჩვენთვის არ არის განსაკუთრებული სიახლე და ისტორიულად საგარეო ძალების ბალანსირების პოლიტიკას ხშირად საკმაოდ ეფექტურად იყენებდნენ ჩვენი წინაპრები.

 თანამედროვე პოლიტიკური ურთიერთობები, როგორც არასდროს, ემყარება  პრაგმატულ ბაზისს. საერთაშორისო ურთიერთობებში მინიმიზებულია სუბიექტური, ემოციური ფაქტორები და წინა პლანზე გამოდის ეკონომიკური სარგებლის მიღების მოთხოვნილება. თავის მხრივ, ეკონომიკური სიძლიერე განაპირობებს სახელმწიფოთა სამხედრო და პოლიტიკურ გავლენას. გამომდინარე აქედან, ლოგიკურია საკითხის შემდეგნაირად დასმა, _ საქართველოს გარშემო არსებული გეოეკონომიკური ლანდშაფტი განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ (მათ შორის რა თქმა უნდა ტერიტორიულ) პერსპექტივებს. როდესაც პრობლემაა გარე გარემოს ანალიზი, პირველ ყოვლისა უნდა განისაზღვროს, თუ რას წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს გარე გარემო, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, უნდა მოხდეს იმ ფაქტორების იდენტიფიცირება, რომელთაც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ საქართველოს მომავალზე. ამ მხრივ, დიდი სიბრძნე არ არის საჭირო იმის დასადგენად, რომ დომინანტია ორი ვექტორი: რუსული და ამერიკულ-დასავლური. სწორედ ამ ორ ძალას შორის წონასწორობა განსაზღვრავს საქართველოს ბედს. თუმცა, ამგვარი მსჯელობა სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არაფერი უნდა მოვიმოქმედოთ და გუხელდაკრეფილებმა ველოდოთ რას გადაწყვეტენ ჩვენს შესახებ. საქართველოს უმთავრესი ამოცანა რაც შეიძლება მაღალი სიზუსტით განსაზღვროს მომავლის განვითარების მიმართულება და მასთან მოახდინოს ადაპტირება. მაგალითად, თუ კვლევა აჩვენებს, რომ რუსეთის გაძლიერება შეუქცევადი პროცესია მომდევნო რამდენიმე ათწლეულში, მაშინ ჩვენ სხვაგვარი ქმედება გვმართებს იმ სიტუაციისაგან განსხვავებით, როდესაც რუსეთის ყურადღებას საკუთარი დიდი პრობლემები მიიპყრობს და ჩვენთვის გამიზნულ რესურსებს იქით გადაისვრის. მსგავსი ანალოგებიც მრავლად მოიძევება ჩვენს მდიდარ წარსულში, მე ვგულისხმობ ვითარებას, როდესაც დაუძლეველი საგარეო ძალა სათანადოდ შეაფასეს ჩვენმა წინაპრებმა და მასთან ღია დაპირისიპირებას არჩიეს ე.წ. “ჩაწოლის” პოლიტიკა, რაც მტრის მიმართ გარკვეულ ლოიალობას გულისხმობდა “კარგი დროების” დადგომამდე, ხოლო როცა საგარეო ვითარება იცვლებოდა სასიკეთოდ, ესეც ხშირად გამოგვიყენებია. რუსული და დასავლური ფაქტორების წინ წამოწევა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უგულვებელვყოფთ რეგიონული მნიშვნელობის სხვა ძალებს, მაგრამ, ჯერ ერთი, ერთი ნაშრომის მოცულობა არ არის საკმარისი მთელი გარე გარემოს შეფასებისათვის და მეორეც, თუ რუსული საფრთხე იქნება განეიტრალებული, სხვა ძალებთან საკუთარი ინტერესების დაცვა განუზომლად ადვილი იქნება ჩვენთვის.

მაშ ასე, რას წარმოადგენს სადღეისოდ რუსეთი და როგორია მისი ძალთა თანაფარდობა დასავლეთთან და სხვა პოტენციურ მეტოქეებთან და რა პერსპექტივები გააჩნია მას. ჩვენი შეფასებებები დაეყრდნობა საყველთაოდ ცნობილ ეკონომიკურ მაჩვენებლებს და დომინირებულ ექსპერტულ შეფასებებს. განსაკუთრებით საინტერესოა გლობალურ გეოეკონიმიკურ ლანდშაფტზე, გრძელვადიან, 10-15 წლიან პერიოდში მოსალოდნელი ცვლილებები.

ქვემოთ ანალიზი შესრულდება გლობალური გეოეკონომიკური ძალების _ აშშ-ს, ევროკავშირის, ჩინეთის, იაპონიის, ინდოეთის და რუსეთის მიხედვით. ურთიერთანალიზის გასაადვილებლად, შეფასებები განხორციელდება 2008 წლის აშშ-ს დოლარში პარიტეტული მსყიდველობითი ძალის გათვალისწინებით. მთლიანი შიდა პროდუქტის პერსპექტივაში დინამიკის შეფასებისათვის ვისარგებლებთ რთული პროცენტის ფორმულით. გაანგარიშებები გაკეთდება 5, 10 და 15 წლიანი პერიოდებისათვის.

რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 2008 წლისათვის შეადგენდა 2,225 ტრილიონ დოლარს. მიმდინარე კრიზისის გამო, ექსპერტების ყველაზე ოპტიმისტური შეფასებებით, ეს მონაცემი შემცირდება მინიმუმ 7,5 %-ით , რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დიდ ეკონომიკებს შორის და მიაღწევს 2,070 ტრილიონ დოლარს. 2009 წლის შემდგომი პერიოდისათვის რუსეთის ეკონომიკის განვითარების რამდენიმე სცენარი არსებობს, მათ შორის არის ამ ქვეყნის მთავრობის მიერ მოწონებული სამი შესაძლო ვარიანტი, რომელთაგან ზომიერად ოპტიმისტური ვარიანტის მიხედვით რუსეთის ეკონომიკა 2010 წელს გაიზრდება 1%-ით, 2011 წელს 2,6 %-ით, ხოლო 2012 წელს კი 3,8 %-ით. ერთადერთი რესურსი, რაც აღნიშნული სცენარის განხორციელებას უზრუნველყოფს, არის მაღალი ფასები Uრალს-ის მარკის ნავთობზე _ 54-57 დოლარი ბარელზე. მართალია მოცემულ მომენტში ნავთობზე ფასები რამდენადმე მეტია, მაგრამ პერსპექტივაში ძნელი წარმოსადგენია ფასები ენერგორესურსებზე მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ეს თუ მაინც მოხდა, მაშინ ამან, შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკაში კვლავ გამოიწვიოს სტაგნაცია, რასაც შედეგად მოჰყვება ნავთობზე და სხვა ენერგომატარებლებზე ფასების უფრო დაბალ ნიშნულამდე დაცემა. აშშ-ს ენერგიის საინფორმაციო სააგენტოს პროგნოზების თანახმად, 2030 წლამდე მოსალოდნელია ნავთობზე ფასების წელიწადში საშუალოდ დაახლოებით 3 %-იანი ზრდა. სადღეისოდ ნახშირწყალბადების წარმოება უზრუნველყოფს რუსეთის მშპ-ს 18-20 %-ს, რაც აბსოლუტურ მაჩვენებლებში დაახლოებით 400-450 მილიარდი აშშ დოლარია, აღნიშნული თანხის 3%-იანი გადიდება ნავთობზე ფასების ზრდის გამო გამოიწვევს მშპ-ს დაახლოებით 0,6%-იან ზრდას. ვარაუდი იმისა, რომ რუსეთის მთავრობა მოკლე დროში შეცვლის ეკონომიკურ პოლიტიკას და გადაჭრის დემოგრაფიულ პრობლემას, წარმოუდგენელია, ამიტომ ვთვლით, რომ რუსეთს 10-15 წლიან პერსპექტივაში გაუჭირდება ეკონომიკური ზრდის იმ ტემპებთან მიახლოებაც, კი რაც ამ ქვეყანას 2001-2008 წლებში გააჩნდა. აქვე ერთი ფაქტიც არის ნიშანდობლივი. 2001-2008 წლებში რუსეთის რეალური მშპ იზრდებოდა საშუალოდ 6%-იანი ტემპით, მაშინ როდესაც მსოფლიოს ფასები ნავთობზე ამავე პერიოდში გაიზარდა 22 აშშ დოლარიდან 137 აშშ დოლარამდე, ანუ საშუალო წლიური ზრდა იყო დაახლოებით 20 %.

რუსეთის მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ კაპიტალის გადინებამ ფანტასტიურ მასშტაბებს მიაღწია. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ 1991-2008 წლებში ამ ქვეყნიდან უცხოელმა და ადგილობრივმა ინვესტორებმა გაიტანეს 2 ტრილიონ დოლარზე მეტი (ნეტო). თუ 2002-ში ეს ციფრი 9,2 მილიარდი იყო, 2005 წელს _ 14,8 მილიარდი, 2008 წელს კაპიტალის წმინდა გატანამ შეადგინა 122,8 მილიარდი დოლარი, ხოლო 2009 წლის პირველ ნახევარში _ 41,7 მილიარდი. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ნახშირწყალბადებზე ფასების ზრდამ საკმაო შემოსავლები მოუტანა რუსეთს, მაგრამ დღეს შეიძლება ითქვას, რომ ეს თანხები არცთუ ეფექტურად იქნა გამოყენებული. ამ ფაქტს მარტო სუბიექტური ფაქტორები არ განაპირობებდა. უბრალოდ, რუსეთის ეკონომიკას არ გააჩნდა პოტენციალი ფინანსების ასათვისებლადაც კი. უკანასკნელ პერიოდში რუსეთმა საკმაოდ დიდი ოქროსა და სავალუტო რეზერვები შექმნა, ეს თანხა 2008 წლის ივლისის ბოლოს დაახლოებით სულ 600 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2009 წლის სექტემბრისათვის კი იგი თითქმის 200  მილიარდი დოლარით შემცირდა. 400 მილიარდიანი რეზერვიც უზარმაზარი თანხაა, მაგრამ აქედან დაახლოებით 100 მილიარდი დაიხარჯება 2009-2010 წლების ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად, ამავე მიზნებით რუსეთის მთავრობა აპირებს გარე წყაროებიდან დამატებით ისესხოს 60 მილიარდი დოლარი. ამჟამად მხოლოდ სახელმწიფოს გარანტიით აღებული რუსეთის ვალი  შეადგენს დაახლოებით 40 მილიარდ დოლარს, ე.ი. უახლოესი სამი წლის შემდეგ რუსეთის მთავრობის დადებითი ბალანსი (რეზერვებს გამოკლებული სახელმწიფოს გარანტიით აღებული ვალი) იქნება დაახლოებით 200 მილიარდი დოლარი. მაგრამ ამ თანხიდან დაახლოებით 120 მილიარდი დოლარი ცენტრალური ბანკის ის ოპტიმალური რეზერვებია, რაც ფულად-საკრედიტო სისტემის ფუნქციონირებისა და რუსეთის გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფისათვის არის საჭირო. მაგრამ ესეც არ არის მთავარი, რუსეთის კერძო სექტორს საზღვარგარეთელი კრედიტორების დაახლოებით 450 მილიარდი დოლარი აქვს ვალად აღებული, რაც 2008 წლის კრიზისის შემდეგ რუსეთის ეკონომიკას აფეთქებით ემუქრება, რადგან მრავალი რუსული კომპანია გადახდის უუნარო გახდა და მათი კაპიტალიზაციაც მნიშვნელოვნად შემცირდა.

რუსეთმა დაკარგა იმ სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის უდიდესი ნაწილი, რომელიც საბჭოთა-კავშირისაგან დარჩა მემკვიდრეობად. 3-5 მილიონი ადამიანიდან, რომელთაც დატოვეს ეს ქვეყანა უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე, დიდი ნაწილი სწორედ მეცნიერებზე და კვალიფიციურ პრესონალზე მოდიოდა, შედეგად რუსეთს აღარ გააჩნია ადამიანური რესურსი მაღალტექნოლოგიური ეკონომიკის შექმნისათვის. უფრო მეტიც, მათ დიდი პრობლემები შეექმნებათ, თუ ვინმე გადაწყვეტს აქ ტექნოლოგიების შეტანას, რადგან მათი გამოყენებისათვის საჭირო კვალიფიკაციის პერსონალიც სულ უფრო მცირდება, ხოლო შევსების რეზერვი ანუ განათლების სისტემა დიდი ხანია კრიზისშია. ამას ადასტურებს აქ არსებული მსხვილმასშტაბიანი კორუფცია და რუსეთის ერთიანი მისაღები გამოცდები, სადაც თვით რუსი სპეციალისტებისთვისაც დამაფიქრებელი შედეგები დადგა. მართალია, მთლიან მოსახლეობაზე გადაანგარიშებით მეცნიერთა რაოდენობის მიხედვით რუსეთი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე, მაგრამ, ჯერ ერთი, მათი კომპეტენციის ხარისხი ფრიად საეჭვოა, ამავე დროს მათგან საკმაო და საუკეთესო ნაწილი ევროკავშირის პროგრამებშია ჩართული და ფაქტიურად სხვა სახელმწიფოებზე მუშაობს.

რუსეთს აღარ შესწევს უნარი ძირითად ფონდებში კაპიტალდაბანდებების განხორციელებისა. საწარმოო თუ ინფრასტრუქტურის ის ობიექტები, რომელიც მას საბჭოთა კავშირისაგან მემკვიდრებით ერგო, უკვე სრულიად არის ამორტიზებული ან მნიშვნელოვნად შელახულია. ამას ადასტურებს უკანასკნელ ხანებში ამ ქვეყანაში გახშირებული ანთროპოგენური კატასტროფები.

რუსეთს ეკონომიკაში გარღვევის ტიპის განვითარების პროვოცირებისათვის საჭირო ხუთი ძირითადი ელემენტიდან _ კვალიფიციური შრომითი რესურსები, ბუნებრივი რესურსებიდან, საფინანსო კაპიტალი, ფიზიკური კაპიტალი, მთავრობის პოლიტიკური ნება _ გააჩნია მხოლოდ ერთი, ბუნებრივი რესურსების ჯერ-ჯერობით შთამბეჭდავი მარაგები. მაგრამ ესეც არ არის ულევი. ერთადერთი განახლებადი რესურსი, რომელსაც რუსეთი ძალიან დიდი რაოდენობით ფლობს, არის ტყე, ისიც გონიერი გამოყენების შემთხვევაში. ამ ქვეყნის კონტროლის პალატის ანგარიშის თანახმად, ზოგიერთი სასარგებლო წიაღისეულის რენტაბელური მარაგები ამოიწურება 2013-2025 წლებში. რაც შეეხება თანამედრვე რუსეთის მთავარ აქტივს _ ნახშირწყალბადების მარაგებს, მათი მოპოვების თანამედროვე ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, ნავთობის ამოღებადი მარაგები ამოიწურება 2015 წლისათვის, ხოლო გაზისა კი _ 2030-2035 წლისათვის. 2015 წლისათვის რუსეთს აღარ ექნება აღარც ურანის, ოქროსა და  სპილენძის საბადოები. ამ მხრივ რუსეთის ხელისუფალთა მტაცებლურ და შთამომავლობის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე მეტყველებს შემდეგი ფაქტიც. ეს სახელმწიფო ფლობს ნავთობის მსოფლიო მარაგების 5%-ს, მაშინ როდესაც მისი მოპოვება მსოფლიოს ანალოგიური მაჩვენებლის 10% შეადგენს. რაც შეეხება ეკონომიკური რეფორმების განხორციელებისათვის მთავრობის პოლიტიკური ნებას, შესაძლებელია ითქვას, რომ აქ რუსეთს ყველაზე ცუდად აქვს საქმე. ამ ქვეყანაში ვერაფერი ეშველა ოლიგარქების ხელში არსებული მონოპოლური ბიზნესების ბატონობას. ამას ემატება მთავრობის უხეში ჩარევა ეკონომიკაში და კორუფციისა და ეკონომიკური დანაშაულის შთამბეჭდავი დონე. აღნიშნულის დასადასტურებლად უამრავი ფაქტის მოტანა შეიძლება, მაგრამ ქვემოთ წარმოდგენილიც ნათელ სურათს ხატავს: სანკტ-პეტერბურგში აგებული წრიული სამანქანო გზის ერთი კილომეტრის საბალანსო ღირებულება არის 20 მილიონი ევრო. მაშინ როდესაც იგივე პირობებში ფინეთში აგებული (თუ უფრო მკაცრში არა) იგივე კლასის ტრასის 1 კილომეტრი ფინელებს 3,4 მილიონი ევრო დაუჯდათ. გერმანიის ყველაზე ძვირი ბეტონის ავტობანის ა-6 კლასის გზის 1 კილომეტრი დაჯდა 12,2 მილიონი ევრო/კმ, ხოლო რუსეთში იგივე ტიპის გზის ერთი კილომეტრი 100 მილიონი ევრო დაჯდება. ეს რუსეთის ტრასები ზემომოტანილის ნახევარიც რომ ღირდეს, ესეც კი ვერ ახსნის რუსული ავტომშენებელი ფირმების არაეფექტურობას. ცხადია, რომ უზარმაზარი თანხები იკარგება კორუფციული გარიგებების გამო. 

მიუხედავად ზემოთქმულისა, ზოგიერთი რუსი ექსპერტი რატომღაც ამტკიცებს, რომ გრძელვადიან პერიოდში ამ ქვეყნის ეკონომიკა შეიძლება გაიზარდოს 3 %-იანი ტემპებით. დავუშვათ, რომ 2013-2024 წლებში რუსეთის ეკონომიკა მართლაც გაიზრდება 3%-იანი საშუალო წლიური ტემპით. მარტივი გათვლების შედეგად მივიღებთ, რომ 2014 წლისათვის რუსეთის მშპ იქნება მაქსიმუმ 2,291 ტრილიონი დოლარი, 2019 წლის დასაწყისისათვის _ 2,655 ტრილიონი, ხოლო 2024 წლისათვის კი _ 3,077 ტრილიონი. ვთქვათ, ეს მართლაც ასე მოხდა. დაისმის კითხვა: ეყოფა კი რუსეთს ეკონომიკური ძალა, რათა მან წარმატებით უპასუხოს გეოპოლიტიკურ გამოწვევებს და კვლავ გაატაროს აგრესიული ან თუნდაც მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი პოლიტიკა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისათვის აუცილებელია იმ ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალის შეფასება პერსპექტივაში, რომელთაც რუსეთი თვლის მეტოქედ ან რეალურად გვევლინება ამად.

ნაშრომში “რუსეთის გეოპოლიტიკური გამოწვევები აღმოსავლეთ აზიაში მიმდინარე დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე” შევეცადეთ დაგვესაბუთებინა, რომ რუსეთის უმთავრესი მეტოქე არის ჩინეთი, რომელთან დაპირისპირებასაც ის ვერ ასცდება. ამიტომ, პირველ რიგში შევეცდებით შევაფასოთ “ცისქვეშეთის” ეკონომიკური პოტენციალი 2009-2024 წწ პერიოდისათვის.

ჩინეთის მშპ 2008 წელს იყო დაახლოებით 8 ტრილიონი აშშ დოლარი. ეს ქვეყანა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ზრდის საოცარ ტემპებს ავითარებს, მაგალითად, 2001-2008 წწ პერიოდში რეალური მშპ-ს ზრდის საშუალო-წლიურმა ტემპმა დაახლოებით 10 % შეადგინა. თვით კრიზისულ 2009 წელს, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს თითქმის ყველა მსხვილი ეკონომიკა რეცესიას განიცდის, ჩინეთის მშპ-ს ზრდა “მხოლოდ” 9% იქნება. ამ ქვეყანას პრობლემად ექცა არა ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, არამედ ზრდის ტემპების გონივრულ ფარგლებში შეკავება, რათა თავიდან იქნას აცილებული ეკონომიკის გადახურება და მასთან დაკავშირებული ისეთი უარყოფითი მოვლენები, როგორიც არის ჭარბწარმოება, ინფლაცია, ეკოლოგიური პრობლემები და რესურსული გამოფიტვა. სწორედ ამიტომ 2005 წელს, როგორც ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ვენ ცზიაბაომ განაცხადა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რათა მშპ-ს ზრდა შეემცირებინათ 8-%-მდე. თუმცა მათ ამის მოხერხება “ვერ შეძლეს”. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის წინაშე მართლაც დადგება ეკონომიკის გადახურების პრობლემა, ამას 10-15 წელიწადში არ უნდა ველოდოთ. ჩინეთი, ამ პერიოდში, შეინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპსაც, რისი სამი უმთავრესი პირობა კვლავაც იქნება აქტუალური. ჩინეთის ეკონომიკის უმთავრესი რესურსი, რითაც იგი აღწევს ეკონომიკურ წარმატებას, არის იაფი, უაღრესი შრომის კულტურით დაჯილდოებული და საკმაოდ კვალიფიციური მუშახელი. ამ ფაქტორმა და ჩინეთის მთავრობის გონივრულმა პოლიტიკამ გამოიწვია ამ ქვეყანაში ინვესტიციების უზარმაზარი რაოდენობით შემოდინება, რამაც, თავის მხრივ, განაპირობა ეკონომიკური ზრდა. ეს კი იწვევს ჩინური ბაზრის ტევადობის გადიდებას, რაც თავად ქმნის ინვესტიციების მოზიდვის დამატებით მიზეზს. სახეზეა ჯადოსნური წრის ეფექტი _ ინვესტიციები იწვევს ეკონომიკურ ზრდას, ეკონომიკური ზრდა და შედეგად ჩინური სამომხმარებლო ბაზრის ტევადობის გადიდება კი თავად იზიდავს ინვესტიციებს და ქმნის ეკონომიკური ზრდის საფუძველს. 

2001 წლის შეფასებით, ჩინეთის ეკონომიკაში დასაქმებულთა რაოდენობა იყო 744 მილიონი ადამიანი. აქედან 50% დაკავებული იყო სოფლის მეურნეობაში, 23% _ მრეწველობაში, 27% _ მომსახურებაში. ჩინეთში რეალური უმუშევრობა შეადგენდა შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 10 %-ს. 2008 წლის მონაცემებით ჩინეთში შრომობდა 808 მილიონი ადამიანი. უმუშევარი იყო 80 მილიონზე მეტი , სოფლის მეურნეობაში დასაქმებული იყო დაახლოებით 40%. ეს მონაცემები მოტანილია იმის საილუსტრაციოდ, რომ ჩინეთს მისი უმთავრესი სიმდიდრე, შრომითი რესურსები, ჯერ კიდევ ჭარბად გააჩნია. ეკონომიკური ზრდის უმთავრეს განმაპირობებელს ამ ქვეყანაში წარმოადგენს შრომის ნაყოფიერების ზოგადი მაჩვენებლის განუხრელი ზრდა. უმუშევრებს რომ თავი დავანებოთ, რომელიც თავისთავად დიდი რეზერვია, ჩინეთის სოფლის მეურნეობაში დასაქმებული 40% 2008 წელს ქმნიდა ამ ქვეყნის მშპ-ს მხოლოდ 11,3%-ს, ხოლო დანარჩენი _ 88,7%-ს. თუ აგრარული სექტორიდან ეკონომიკის სხვა სფეროებში მუშახელის გადასროლა იმავე ტემპით გაგრძელდება რასაც ადგილი ჰქონდა 2001 წლიდან, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ჩინეთის მუშახელის უზარმაზარი პოტენციალი 20 წელზე მეტი დროის განმავლობაში უზრუნველყოფს ეკონომიკის განვითარების სწრაფ ტემპს. ყოველ შემთხვევაში, განსახილველი 15 წლიანი პერიოდის განმავლობაში ჩინეთს ექნება მშპ-ს ზრდის დამუხრუჭების პრობლემა და არა ზრდის შენარჩუნების. დავუშვათ, რომ ჩინეთის მთავრობამ მოახერხა მშპ-ს ზრდის 8%-მდე შემცირება, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს მომავალი 15 წლის განმავლობაში მდგრადი განვითარების პერსპექტივებს. გამომდინარე ზემოთქმულიდან, 2014 წლისათვის ჩინეთის მშპ იქნება 11,8 ტრილიონი დოლარი, 2019 წლისათვის _ 17,3 ტრილიონი, 2024 წლის დასაწყისში კი  _ 25,4 ტრილიონი. თუკი ჩინეთმა ამ პერიოდში მოაგვარა ტაივანის პრობლემა, მაშინ მისი ეკონომიკური პოტენციალი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდება. 2008 წლის მონაცემებით, ტაივანის მშპ 757 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

რუსეთი სადღეისოდ თავის უპირველეს კონკურენტად აშშ-ს აღიქვამს. ეს ეკონომიკური თვალსაზრისით ღიმილის მომგვრელია ამჟამად და ასევე დარჩება მომავალშიც. აშშ-ს მშპ, 2008 წლის მონაცემებით, შეადგენდა 14,26 ტრილიონ დოლარს. მიუხედავად იმისა, რომ კრიზისი ამ ქვეყნიდან დაიწყო, ის ყველაზე ნაკლებად მოწყვლადი იქნება დიდ ეკონომიკებს შორის და მისი მშპ-ს ვარდნა სავარაუდოდ 2 % იქნება, ანუ 2009 წლის ბოლოსათვის ეს მონაცემი დაახლოებით 14 ტრილიონი დოლარი იქნება. 2008 წლის კრიზისამდე 5 წლიან პერიოდში აშშ-ს ეკონომიკა დაახლოებით 3 %-იანი ტემპებით ვითარდებოდა. ექსპერტული შეფასებებით 2010 წელი იქნება რეცესიის დაძლევის წელი როგორც აშშ-სთვის, ასევე ევროკავშირის და იაპონიის ეკონომიკებისათვის და რაიმე მნიშვნელოვანი ზრდა ამ წელს არ იქნება. მაგრამ 2010 წლის შემდეგ. ჩვენთვის საინეტრესო 2024 წლამდე, ამ ქვეყანამ უნდა შეძლოს ეკონომიკის ზრდის 3%-იანი ტემპების მიღწევა. გამომდინარე აქედან, 2014 წლის დასაწყისისათვის აშშ-ს მშპ იქნება სავარაუდოდ 15,3 ტრილიონი დოლარი, 2019 წლისათვის _ 17,7 ტრილიონი, ხოლო 2024 წლის დასაწყისში ამ მაჩვენებელმა უნდა მიაღწიოს 20,5 ტრილიონ აშშ დოლარს. აშშ-ს და ევროკავშირს შორის შესაძლოა უთანხმოება იყოს ტაქტიკურ საკითხებში, მაგრამ მინიმუმ საანალიზო პერიოდის განმავლობაში ეს ორი სუპერ-ძალა დარჩება ერთმანეთის სტრატეგიულ მოკავშირედ. ამიტომ უპრიანია აქვე განვიხილოთ ევროკავშირის ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები 2024 წლამდე. 2008 წლის ბოლოსათვის ევროკავშირის მშპ შეადგენდა 14,8 ტრილიონ დოლარს. ექსპერტული შეფასებით, 2009 წელს რეცესიის გამო, ეს მონაცემი შემცირდება 5%-ით, ანუ მიაღწევს დაახლოებით 14 ტრილიონ დოლარს. კრიზისამდე პერიოდში ამ რეგიონული გაერთიანების ეკონომიკა იზრდებოდა წელიწადში დაახლოებით 3%-ით. არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვივარაუდებთ, რომ განვითარების ამ ტემპს ევროკავშირის ეკონომიკა თავისუფლად აკრეფს 2010 წლის შემდეგ, ანუ მისი მშპ ჩვენთვის საინტერესო ვადებში დაემთხვევა აშშ-ს ანალოგიურ მაჩვენებლებს და იქნება 2014 წლის დასაწყისისათვის 15,3 ტრილიონი დოლარი, 2019 წლისათვის _ 17,7 ტრილიონი დოლარი, 2024 წლისათვის კი _ 20,5 ტრილიონი აშშ დოლარი. თუ ვსაუბრობთ დასავლეთზე, როგორც ერთიან სივრცეზე, აქ ზემოაღნიშნული ძალების გარდა, პირველ რიგში უნდა განვიხილოთ კანადაც და მისი ეკონომიკური პოტენციალი უნდა დავუმატოთ ევროკავშირის და აშშ-ს მონაცემებს. ამ ქვეყნის მშპ 2008 წელს შეადგენდა 1,3 ტრილიონ აშშ დოლარს. ამ ქვეყნის ცენტრალური ბანკის პროგნოზით 2009 და 2010 წლებში კანადის მშპ გაიზრდება 0,6 პროცენტით და 2011 წლის დასაწყისისათვის მიაღწევს დაახლოებით 1,316 ტრილიონ დოლარს. კრიზისამდე პერიოდის მონაცემების გათვალისწინებით, კანადის ეკონომიკას თავისუფლად შესწევს უნარი 2011-2024 წლებში განავითაროს ზრდის დაახლოებით 2,5%-იანი ტემპები, შესაბამისად 2014 წლისათვის მისი მშპ იქნება 1,4 ტრილიონი დოლარი, 2019 წლის დასაწყისისათვის _ 1,6 ტრილიონი, ხოლო 2024 წლისათვის კი _ 1,8 ტრილიონი.

აღმოსავლეთში, რუსეთის ტრადიციული მეტოქეა იაპონია. ამ ქვეყნებს შორის დღესაც არსებობს მწვავე ტერიტორიული დავა. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა მისკენაც უნდა მიაპყროს ყურადღება. არადა, იაპონია უმძლავრეს ეკონომიკურ პოტენციალს ფლობს. იაპონიის მშპ 2008 წელს შეადგენდა 4,3 ტრილიონ დოლარს. განვითარებული ქვეყნებიდან კრიზისმა ყველაზე მეტად სწორედ იაპონია დააზარალა. სავარაუდოდ მისი მშპ 2009 წელს 6,5%-ით შემცირდება და დაახლოებით 4 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს. 2010 წელი ამ ქვეყნის ეკონომიკისათვის იქნება გარდამტეხი და 2011 წლიდან ის ზრდის ჩვეულ, დაახლოებით 2%-იან ტემპს უნდა დაუბრუნდეს. გამომდინარე აქედან, სავარუდოდ 2014 წლისათვის იაპონიის მშპ იქნება 4,3 ტრილიონი დოლარი, 2019 წლის დასაწყისში _ 4,7 ტრილიონი, ხოლო 2024 წლისათვის კი _ 5,2 ტრილიონი აშშ დოლარი.

მსოფლიოს ხუთ უდიდეს ეკონომიკას შორის მოხვედრის რუსეთისეულ მისწრაფებას წერტილი საბოლოოდ დაუსვა ინდოეთში დაწყებულმა ეკონომიკურმა სასწაულმა. კრიზისამდე 5 წლიან პერიოდში ამ ქვეყნის მშპ იზრდებოდა 8,8%-იანი საშუალო წლიური ტემპით. ისევე, როგორც ჩინეთში, კრიზისის გამო, აქაც მხოლოდ შენელდა ეკონომიკური ზრდა და ყველაზე პესიმისტური პროგნოზების თანახმად 2009 წელს ინდოეთის მშპ მოიმატებს 4,8 %-ით, რომელიც 2008 წლის ბოლოს დაახლოებით 3,3 ტრილიონი დოლარი იყო. უკვე 2010 წელს, ნავარაუდევია მშპ-ს ზრდის ტემპის დაჩქარება 8%-მდე. ჩვენი აზრით, შემდგომ წლებში 2024 წლამდე ინდოეთმა უნდა შეძლოს ეკონომიკის ზრდის აღნიშნული მაჩვენებლის შენარჩუნება. შედეგად 2014 წლის დასაწყისისათვის მისი მშპ იქნება 4,7 ტრილიონი დოლარი, 2019 წლისათვის _ 6,9 ტრილიონი, ხოლო 2024 წლის დასაწყისისათვის კი _ 10.1 ტრილიონი დოლარი.

ქვემოთ, მეტი თვალსაჩინოებისათვის, ცხრილის სახით მოგვაქვს ჩვენეული პროგნოზები.

როგორც ცხრილიდან ჩანს, რუსეთი უკვე ამჟამად აღარ წარმოადგენს მსოფლიო მნიშვნელობის ეკონომიკურ ძალას. მომავალში კი, მისი როლი კიდევ უფრო დაკნინდება. განვითარების ის სცენარი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, საუკეთესოა რუსეთისათვის და იმ ფაქტს ეყრდნობა, რომ მსოფლიოში საანალიზო პერიოდში გლობალური ეკონომიკური კრიზისი აღარ მოხდება. კრიზისული ვითარება კი, როგორც ეს 2008-2009 წლების მოვლენებმა აჩვენა, ყველაზე მეტად რუსეთს დააზარალებს, ანუ მისი შეფარდებითი მდგომარეობა უფრო უარესი იქნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში დასავლეთი კვლავ დარჩება ერთიან კონსოლიდირებულ ძალად. ამავე დროს ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენ აქ არ განგვიხილავს ისეთი ქვეყნების პოტენციალი, როგორიც არის ავსტრალია, ისრაელი, ახალი ზელანდია. რაც შეეხება ლათინური ამერიკის სახელმწიფოებს, მათ პოლიტიკური ორიენტაციის მხრივ ერთიანი გამოკვეთილი პოზიცია არ გააჩნიათ. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ჩვენ რუსეთის მეტოქეებად თუ კონკურენტებად გეოკეონომიკურ ლანდშაფტზე მოვიაზრებთ ჩინეთს, იაპონიას და დასავლეთს. რაც შეეხება ინდოეთს, ეს ქვეყანა რუსეთისათვის, უკეთეს შემთხვევაში, ნეიტრალურ პოზიციებზე დარჩება.

აღნიშნულ ნაშრომში გაკეთებული გაანგარიშებები და სხვა ფაქტორები, რომლებიც ჩვენს მიერ განხილულია სტატიაში “რუსეთის გეოპოლიტიკური გამოწვევები აღმოსავლეთ აზიაში მიმდინარე დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე”, გვაფიქრებინებს, რომ რუსეთი უკვე 2014 წლისათვის აღმოჩნდება ისეთ ვითარებაში, რომ ის ვეღარ შეძლებს ეფექტურად დაიცვას საკუთარი ინტერესები და ამავე დროს შეინარჩუნოს მსოფლიოს გეოპოლიტიკურ ცენტრად ყოფნის სრულიად უსაფუძვლო ამბიციები. 2014-2019 წწ პერიოდი იქნება ერთგვარი გამორკვევის პერიოდი, როდესაც ამ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს გეოპოლიტიკური არჩევანი. სრული საფუძველი გვაქვს იმის ვარაუდისათვის, რომ მისი გადარჩენის ერთადერთი პირობა იქნება ალიანსი დასავლეთთან აქედან გამომდინარე ყველა პოლიტიკური შედეგით. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე 2019-2024 წლებში ის მარტო დარჩება მისთვის დაუძლეველი ძალის, ჩინეთის წინაშე.

ანალიზი, რომელიც გაკეთებულია ზემოთ, ნაკარნახევია საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, რათა ჩვენმა ქვეყანამ სწორად შეაფასოს ვითარება და ამის საფუველზე დასახოს სტრატეგიული გეგმა საკუთარი პრობლემების, მათ შორის ტერიტორიულის გადაწყვეტისათვის. ამ მხრივ, ჩემი აზრით, ჩვენ უნდა მყარად შევინარჩუნოთ დასავლური პოლიტიკური კურსი და აქტიური მოქმედება დავიწყოთ 2014-2024 წწ პერიოდში, როდესაც რუსეთის გავლენა კავკასიაზე მინიმიზებული ანაც სრულიად განეიტრალებული იქნება.

 

“საქართველო”

01.2010

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s