Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ უსაფრთხოების მხოლოდ ერთი ელემენტი

 უსაფრთხოების მხოლოდ ერთი ელემენტი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სასურველსა და შესაძლებელ მიმართულებაზე (მიმართულებებზე) სერიოზული მსჯელობის კონტექსტში ცხადი არის მხოლოდ ორი რამ. პირველი: რა მიმართულებით მიდის (იმართება) საქართველოს ეკონომიკა 1991-92 წლების გადატრიალებიდან დღემდე, ანუ როგორი არ უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა, და მეორე: რომელია და რაგვარია საქართველოს ეკონომიკური მომავლის ყველაზე სასურველი (იდეალური) სახე.

რეალურად მიმდინარეობს საქართველოს ეკონომიკის მიზანმიმართული დივერსიული ნგრევა, ანუ მასში საწარმოო ძალთა პარალიზება, არსებულ ეკონომიკურ შესაძლებლობათა გაყიდვა უცხოელებზე (ენერგეტიკული ბაზის ჩათვლით), განათლებისა და მეცნიერების ჩაკვლა, ადგილობრივთა ემიგრაციის და უცხოელთა იმიგრაციის სტიმულირება, ქართველი ერის გარდაქმნა ხელზე მომსახურე გაუნათლებელ მასად, ქართველი მოსახლეობის მიყვანა ეთნიკური უმცირესობის კონდიციამდე. სასურველია (იდეალური პერსპექტივაა) საქართველოს გარდაქმნა განვითარებულ და ზეგანვითარებულ აგრარულ-ინდუსტრიულ ქვეყნად, რომელიც თვითონ დაიკმაყოფილებს თავის სასურსათო და სხვა საარსებო მოთხოვნიილებებს, ექნება დადებითი სალდო პარტნერ ქვეყნებთან ვაჭრობაში და ექსპორტის საგნად ექნება მეცნიერებატევადი სახელმწიფო სამრეწველო პროდუუქცია, მეცნიერული პროდუქცია და მაღალი ხარისხის (ეკოლოგიურად სუფთა) სასოფლო-სამეურნეო საქონელი. ეს სასურველი მიმართულება გულისხმობს საქართველოს უსაფრთხოებასაც ანუ მისი ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის გარანტირებულ შენარჩუნებადობასაც გარე ძალების (და მათი სხვადასხვა კომბინაციების) ნებათაგან დამოუკიდებლად, ბოროტი ნების (ბოროტ ნებათა) ჩათვლით. წინამდებარე მცირე პუბლიკაცია ჟურნალის The Economist “პუბლიკაციებზე დაყრდნობით, ჩვენი აზრით, საკმარისია იმის საილუსტრაციოდ, რამდენად არსებითია საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისათვის მასში ეკონომიკური უსაფრთხოების პრინციპის გათვალისწინება, როგორც მისი (ერთ-ერთი) მთავარი საყრდენისა. საქართველოს ეკონომიკის გადარჩენისა და განვითარების პროგრამაზე არაერთი კომპეტენტური ჯგუფი მუშაობს და, იმედია, მას წარმოგიდგენთ უახლეს ხანებში.

იაფ საკვებს ბოლო ეღება

 

ბოლო ათწლეულთა ტენდენცია იყო მსოფლიოში საკვების ფასის შემცირება. 1985-2005 წლებში ეს ფასები (რეალურ სყიდვისუნარიანობაზე გადაანგარიშებით) სამი მეოთხედით დაეცა, ახლა კი განუხრელად იზრდება. ხორბლის ფასი მხოლოდ გაზაფხულიდან დღემდე გაორმაგდა (400 დოლარი გახდა). სახელდება ამ მოვლენის ორი ძირითადი მიზეზი. ერთია ცვლილება მოხმარებაში: რიგმა ქვეყნებმა თავისი ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდის წყალობით მეტის მოხმარება დაიწყეს, ვიდრე ადრე იხმარდნენ. მაგალითად, 1985 წელს ერთი ჩინელი წელიწადში ჭამდა 20 კილოგრამ ხორცს, ახლა კი ჭამს 50-ზე მეტს. ანალოგიურია ინდოეთის მოსახლეობის მოხმარების ევოლუციაც (ჩინეთი და ინდოეთი ერთად კაცობრიობის დაახლოებით 2/5 შეადგენენ). მაგრამ ეს მიზეზი არც ერთადერთია, არც წამყვანი. ასე რომ იყოს, მაშინ საკვების ფასების ზრდა მხოლოდ თანდათანობითი იქნებოდა და არა უეცარი, როგორც ახლა რეალურად ხდება. წამყვანი მიზეზია საკვების გამოყენება ენერგეტიკული მიზნით, რასაც, თავის მხრივ, მუდმივმოქმედი ფაქტორი აქვს _ კაცობრიობის სტაბილური ენერგეტიკული გასაჭირი. ამერიკელები მზარდი ტემპით ხმარობენ უკვე ყველაზე იაფ მარცვლეულს _ სიმინდს _ საწვავის (ეთანოლის) დასამზადებლად, რომელიც შიდაწვის ძრავებში ბენზინს ცვლის. სიმინდის ფასის ზრდა იწვევს სხვა მარცვლეულისასაც, აგრეთვე ხორცისასაც (1კგ. საქონლის ხორცის მიღებას სჭირდება 8კგ. მარცვალი, ძროხის ხორცისას _ 3კგ.) და ა.შ. საკვების გაძვირება ურტყამს ქალაქის, განსაკუთრებით _ ღარიბი ქვეყნის ქალაქების ღარიბ მოსახლეობას და წელში მართავს სასოფლო-სამეურნეო მწარმოებელს, რომელიც ამის წყალობით იმ დონემდე მიდის (მივა), რომ სახელმწიფოს მიერ სუბსიდიებს აღარ საჭიროებდეს იაფი საკვების წარმოების სტიმულირების მიზნით, მით უმეტეს, გაქრება მეორე სუბსიდიის საჭიროებაც _ სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობისთვის ფულის გადახდა იმაში, რომ ესა და ეს პროდუქტი არ მოიყვანოს (ორივე სახის სუბსიდიებს ერთად დასავლეთის განვითარებული ქვეყნების მთავრობათა უკვე მრავალტრილიონიანი სახსრები აქვს მოხმარებული). უფრო ფართოდ და ზოგადად თუ შევხედავთ, ჟურნალის აზრით, საკვების გაძვირების დღევანდელ ღრმაფესვებიან ტენდენციას აუარებელი სიკეთის მოტანაც ძალუძს და აუარებელი ბოროტებისაც, თუმცა ზოგადი პერსპექტივები, მისი აზრით, საკმაოდ უსიხარულოა.

 მისი მინუსები შემდეგია:
_ გადასახადების გადამხდელთა დიდი დატვირთვა სუბსიდიების გამო (განვითარებულ ქვეყნებში);
_ საკვების ხარისხის გაფუჭება;
_ მონოკულტურების გაბატონება მოცემული ქვეყნების მეურნეობაში;
_ ჭარბწარმოების განვითარება, რაც ლახვარს სცემს ღარიბი ქვეყნების სოფლის მეურნეებს;
_ წამოების ნაყოფიერების ზრდის შესაბამისად, სოფლის მეურნეობის მუშაკთა მზარდი ნაწილის დარჩენა დასაქმების გარეთ;
_ ტყეების მოსალოდნელი გაკაფვა სახნავ-სათესად და ამით აუნაზღაურებელი ეკონომიკური ზარალის გამოწვევა.

პლუსებია:
_ სოფლის მეურნეთა ფართო მასის სტიმულირება წარმოებისთვის, ამ დარგში დაბანდებათა შემოსვლა და სათანადო ინფრასტრუქტურის (მაგ. სარწყავი სისტემების) განვითარება.
ჟურნალი ფიქრობს (ცალსახად და უჭოჭმანოდ), რომ პრობლემის გადაჭრაში თუ ვერა, შემსუბუქებაში მაინც მთავრობებს გადამწყვეტი როლი ეკუთვნით (რაც, სხვათა შორის, იმასაც ნიშნავს, რომ არაკვალიფიციური და კორუმპირებული მთავრობა თავის ქვეყანას და ხალხს ვერ დაიცავს ამ პროცესის ვერც ერთი მინუსისაგან და ვერ მოუპოვებს მას ვერცერთ შესაძლებელ პლუსს). ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის მსოფლიო ბანკის დასკვნა, რომ ჭეშმარიტად ღარიბი მოსახლეობა სამჯერ უფრო დიდ ნამატს იღებს თავისი შემოსავლისათვის შრომის ნაყოფიერების ყოველი გაზრდისაგან სოფლის მეურნეობაში, ვიდრე ანალოგიური გაზრდისაგან მრეწველობაში ან მომსახურებაში).
ჟურნალის ასეთივე უყოყმანო აზრია, რომ მოსახლეობის ამა თუ იმ ფენის შველა საკვების გაძვირების პირობებში უნდა ემყარებოდეს არა მისთვის საკვების სუბსიდირებას (ანუ საკვების ხელოვნურ გაიაფებას), არამედ მისი შემოსავლის ზრდას. მიუხედავად ამისა, იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ამა და ამ ფენის შემოსავლის გაზრდა ყოველთვის ვერ გაუსწორდება მისი საკვების ფასის ზრდას: ეს სხვადასხვა მოსახლეობას სხვადასხვაგვარად ეხება. ჟურნალის საბოლოო გაანგარიშებით, ყველაზე ბნელი პერსპექტივა ამ მხრივ აქვს ღარიბი ქვეყნების ღარიბ ქალაქელსა და სასოფლო-სამეურნეო მოსახლეობას, რომელსაც, როგორც ვიცით, რეალურად საქართველოს მთელი მოსახლეობა ეკუთვნის დღეს. დახმარების განხორციელებისათვის ერთ-ერთ ძირითად დაბრკოლებად სახელდება ის, რომ ამას სჭირდება არაკორუმპირებული ხელისუფლება (რომელიც დახმარებას წესიერად გაანაწილებს), რასაც საქართველოში ადგილი არა აქვს. ჟურნალი აღნიშნავს, რომ ღარიბ ფენაზე ამ დარტყმის შესუსტება მხოლოდ მთავრობას ძალუძს. თქმულიდან გასაგები ხდება, რომ:
_ სასურსათო უსაფრთხოება ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის ერთერთი ყველაზე პრიორიტეტული ამოცანაა (საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის ეს ამოცანა, როგორც ცნობილია, არ არსებობს)
_ მთავრობის ხარისხი და პროცესებში მისი ჩარევის ხარისხი და მიმართულება გადამწყვეტი ფაქტორია ქვეყნის გადარჩენისთვის. როგორც აგრეთვე ცნობილია, საქართველოს ხელისუფლების იდეოლოგია გამორიცხავს ხელისუფლების ჩარევას ეკონომიკურ პროცესებში როგორც კონკრეტული ღონისძიებების სახით, ისე ეკონომიკური “თამაშის წესების” განსაზღვრაში ამა თუ იმ რაგინდარა გონივრული, მაგრამ არასტანდარტული (მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყნისაგან განსხვავებული) ნაბიჯის გადადმის სახით.

საკვების გაძვირების ხსენებული მსოფლიო პროცესი შეუქცევადია განჭვრეტად მომავალში. აი, ზოგი მონაცემი.
1. სიმინდის მსოფლიო ფასი (150 დოლარი ტონა) 50%-ით აღემატება 2006 წლისას. ეს აისახება ყველა სხვა მარცვლეულის ფასზე. მკვეთრად შემცირდა (150 მილიონი ტონით) მარცვლის მსოფლიო მარაგთა რაოდენობა (ანუ მოთხოვნამ მკვეთრად გადააჭარბა შეთავაზებას). განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ეს მოხდა სარეკორდო მსოფლიო მოსავლის (1,66 მილიარდი ტონა) პირობებში. მაშასადამე, გაძვირება გაგრძელდება.
2.  საქონლის საკვები (მაშასადამე, ხორცის საწარმოებელი) მარცვლეულის მოთხოვნა მსოფლიოში იზრდება სტაბილურად 1-2%-ით წლიურად. შეუდარებლად უფრო მკვეთრია, როგორც ითქვა ზემოთ, მარცვლეულის ხარჯის ზრდა ენერგეტიკული მიზნისათვის. 2000 წელს ამერიკაში ეთანოლის (ანუ საწვავის) საწაროებლად მოხმარებულ იქნა 15 მილიონი ტონა სიმინდი, წლეულს _ 85 მილიონი. ამერიკის მთავრობამ შეისყიდა მარცვლეულის მთელი შიდა მოსავლის ერთი მესამედი.
3. ბუნებრივად საკითხავია: არის თუ არა მოსალოდნელი, საკვების ფასთა ზრდის საპირისპიროდ, სახნავ-სათესთა მნიშვნელოვანი ზრდა? მაინცდამაინც არა, რადგან
_ მათი ზრდა შეზღუდულია, ჯერ ერთი, ტყეების გაფრთხილების საჭიროებით, მეორეც, იმით, რომ მათი დიდი ნაწილი ბრაზილიის შორეულ მივარდნილ ჯუნგლებშია, რუსეთშია, ყაზახეთშია, სუდანსა და კონგოშია, ანუ ძნელი მისაწვდომია.
_ მათი მატების საპირისპიროდ, მოსალოდნელია მათი დიდი ნაწილების (20%) დაკარგვა მსოფლიო დათბობის პროცესთა შედეგად. გარდა ამისა, ნავთობის მაღალი ფასები ალბათ შეამცირებს სასუქთა წარმოებას. ჯამში, 2015 წლისათვის მოსალოდნელია საკვების ფასების ზრდა კიდევ ათიოდე პროცენტით.
ეს, ჟურნალის სიტყვით, ნიშნავს “წარსულთან კავშირის გაწყვეტას”.
4. ჩვენი ქვეყნისთვის არსებითია ვითარების კიდევ ერთი პარამეტრიც: ამერიკული ოჯახის ხარჯში საკვებს დღეს უკავია ერთი მეშვიდედი, ღარიბი ქვეყნების მოსახლეობისაში _ ნახევარზე მეტი. გაიაზროს მკითხველმა: რა პროცენტი უკავია კვების ხარჯს ქართული ოჯახის ბიუჯეტში და, შესაბამისად, სიღატაკის ზრდის რა ხარისხს მოუტანს პროდუქტის შემდგომი მსოფლიო გაძვირება ქართულ ოჯახს?
5. მთავრობის მიერ მოსახლეობის სასურსათო დახმარების ღონისძიებებში ჟურნალი ასახელებს ორს: ექსპორტის შეზღუდვას (“ჩემი მოსახლეობის საკვებს სხვას არ მივყიდი!”) და საშინაო ფასების შეზღუდვას (“არ შეიძლება პური ღირდეს ამა და ამ თანხაზე მეტი!”). ზოგი ქვეყანა ერთ საშუალებას მიჰმართავს, ზოგი (რუსეთი, არგენტინა) _ ორივეს, რასაც ხშირად პოპულისტური ხასიათი აქვს. ზოგი იგებს (ეს, რა თქმა უნდა, ძლიერი ქვეყნებია). მაგალითად, ამერიკელ ფერმერთა შემოსავალი გაიზარდა 50%-ით და წლეულს 89 მილიარდი დოლარი შეადგინა. ყველაზე საშინლად კი ეს, რა თქმა უნდა, დაარტყამს ღარიბ ქვეყნებს, რომელნიც სოფლის მეურნეობის ნაწარმის გამტანნი იყვნენ, ახლა კი შემომტანნი არიან (საქართველო ერთ-ერთი ყველაზე გაუბედურებულთაგანია ასეთთა შორის არასწორი პოლიტიკის წყალობით, რაც მკითხველისთვის ცნობილია). საქართველოსთვის ეს ვითარება დამატებით მინუსსაც შეიცავს: ამ პროცესში იზრდება კეთილდღეობის სხვაობა სოფელსა და ქალაქს შორის ქალაქის სასარგებლოდ (როცა შეფარდებაა 0,4, მაშინ უკვე ითვლება, რომ საზოგადოება უთანაბროა. ეს არის “ჯინის (??Gini) კოეფიციენტი”). შეგვიძლია მივხვდეთ, რა პერსპექტივა აქვს ამ მიმართულებით საქართველოს, და გავითვალისწინოთ, რა მნიშვნელობის ფაქტორი იქნება ეს საქართველოს სოფლის დაცლისთვის, ანუ მოსახლეობის მასობრივი ემიგრაციისთვის და “უქართველებო საქართველოს” შექმნისთვის.

“გამოიცანით, ვინ წააგებს” _ მოგვმართავს ჟურნალი და პასუხობს. მსოფლიოს 6 მილიარდზე დიდ მოსახლეობაში ნახევარი ღატაკია, ამათში 2,5 მილიარდი სოფლის მეურნეობაშია ჩართული. მაგრამ ნუ გეგონებათ, რომ თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაძვირებით ყველანი მოიგებენ ანუ მათი შემოსავლის ზრდა მათი საკვები ხარჯის ზრდას გადაფარავს ან გაუტოლდება. სრულებითაც არა! წააგებს ყველაზე მეტად ის, ვისაც სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა ყველაზე ცუდად ორგანიზებული ექნება (მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საქართველოც). გასათვალისწინებელია ის, რომ, ჟურნალის სიტყვით, ღარიბი ქვეყნების მიერ საკვების იმპორტი დიდდება, ხოლო მსოფლიო ორგანიზაციების ოპერაციები, რომელნიც ახორციელებენ სასურსათო დახმარებას, მცირდება. საინტერესო ციფრია შემდეგიც: თუ საკვების ფასები გაიზრდება ერთი მესამედით, ეს ცხოვრების დონეს მდიდარ ქვეყნებში (მათ ღარიბთა ჩათვლით) შეამცირებს 3%-ით, ღარიბი ქვეყნებისას კი 20%-ით. მიღებული კალორიების რაოდენობის შემცირებას კონკრეტული ადამიანისთვის ჟურნალი ანგარიშობს 2-8%-ით. საყურადღებოა, რომ ამ მოსახლეობაში შედარებით ნაკლებ დაზარალებული იქნება იმის ორგანიზმი, რომელსაც თავისი საკვები თვითონ მოჰყავს _ არც გააქვს და არც შემოაქვს, მაშასადამე, ნატურალურ მეურნეობასთან მიახლოებული ცხოვრების წესი აქვს. საყურადღებოა (თუმცა ამ მოვლენის მექანიზმების გახსნა შორს მიმავალი პრობლემაა), რომ აღწერილი პროცესი სხვადასხვა მოვლენებს იწვევს ერთის მხრივ მდიდარ და მეორეს მხრივ ღარიბ ქვეყნებს შორის ეკონომიკური განვითარების ერთერთი ძირითადი ფაქტორის _ საპროცენტო განაკვეთის სიდიდის მხრივაც: ღარიბ ქვეყნებში ეს განაკვეთი იზრდება, მდიდრებში მცირდება, რაც საუცხოოდ ეთანხმება ჟურნალის _ მსოფლიოს ამ უდავოდ ერთერთი ყველაზე ობიექტური და ბრძენი ჟურნალის _ ზოგად დასკვნებს: ღარიბი ქვეყნებისთვისაც და მდიდარი ქვეყნებისთვისაც ხსენებული პროცესის შედეგი დამოკიდებული იქნება ერთზე _ მთავრობის პოლიტიკის ხარისხზე.

აქედან გამომდინარე დასკვნა საქართველოს ეკონომიკური ბედისათვის ნათელია: ეს უკანასკნელი დამოკიდებული იქნება (უფრო მეტიც _ საქართველოს თვით სიცოცხლე უახლოეს მომავალში დამოკიდებული იქნება) საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებაზე, ანუ საკუთარი ხელით შექმნილ გარანტიაზე, რომ ქართველი ხალხი შიმშილით არ მოკვდება. ეროვნული სახელმწიფოებრიობის ეკონომიკური პროგრამის ერთი ცენტრალური პრინციპიც ეს არის.

2007

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s