Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ სუვერენიტეტი

სუვერენიტეტი

თუმცა ამ სიტყვის _ “სუვერენიტეტი” _ მნიშვნელობამ ისტორიის მანძილზე ვარიაცია განიცადა, მისი ძირითადი მნიშვნელობა მაინც ერთია _ უზენაესი ძალაუფლება მოცემული ტერიტორიის შიგნით, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ეს ტერიტორია დამოუკიდებელია გარე ძალებზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მისი საკუთარი სუვერენული ხელისუფლება ამ ტერიტორიაზე სუვერენული ვეღარ იქნება. იგი პოლიტიკური ძალაუფლების ხასიათის აღმნიშვნელი ერთერთი თანამედროვე ცნებაა. სუვერენიტეტის, როგორც მოვლენის, ვარიირება სამ განზომილებაში ხდება: ვინ არის სუვერენიტეტის მპყრობელი, რამდენად აბსოლუტურია (სრულია) სუვერენიტეტი და რომელია მისი შინაგანი და გარეგანი პარამეტრები. სახელმწიფო ის პოლიტიკური ინსტიტუტია, რომელშიც სუვერენიტეტი ხორციელდება. სახელმწიფოთა შენაერთი ქმნის სახელმწიფოთა სუვერენულ სისტემას.

სუვერენიტეტის ისტორიის გაგება შეგვიძლია ორი ფართო მოძრაობის მაგალითზე, რომლებიც გამოიხატა პრაქტიკული ინსტიტუტების სახითაც და პოლიტიკური აზრის სახითაც. პირველი იმაში მდგომარეობს, რომ განვითარდა სუვერენულ სახელმწიფოთა სისტემა, რომელიც დაგვირგვინდა ვესტფალიის ზავით (1648). იმავდროულად სუვერენიტეტი გახდა პოლიტიკური აზრის წამყვანი თემა მაკიაველის, ლუთერის, ბოდენის და ჰობსის ნაწერთა სახით. მეორე მოძრაობა გახლავთ სუვერენული სახელმწიფოს შემოსაზღვრა (შემოზღუდვა), რომელიც პრაქტიკაში დაიწყო II მსოფლიო ომის შემდეგ და მას აქეთ გრძელდება ევროპული ინტეგრაციის სახით, ერთის მხრივ, და ადამიანის უფლებათა დამცველი კანონებისა და შესაბამისი პრაქტიკის გაძლიერების სახით, მეორეს მხრივ.

ყველაზე გამოჩენილი (საყურადღებო) პოლიტიკური აზრი ამ თემაზე გვხვდება სუვერენიტეტის კრიტიკოსთა ნაწერებში, როგორნიც არიან, მაგალითად, ბერტრან დე ჟუვენალი და ჟაკ მარიტენი.

 1. სუვერენიტეტის განსაზღვრა

თავის კლასიკურ ნაშრომში “მეფის ორი სხეული” (1957) მედიევალისტი (შუა საუკუნეთა სპეციალისტი. რედ.) ერნსტ კანტოროვიცი აღწერს პოლიტიკური ძალაუფლლების ცნების ღრმა ტრანსფორმაციას (გარდაქმნას) შუა საუკუნეთა მანძილზე. ეს ცვლილება მაშინ დაიწყო, როცა ქრისტეს სხეულის ცნება თანდათან განვითარდა ორი სხეულის ცნებად. ერთია ცორპუს ნატურალე (ბუნებითი სხეული. რედ.), რომელიც წარმოგვიდგება (ლიტურგიაში. რედ.), როგორც კონსაკრირებული (ნაკურთხი. რედ.) ჰოსტია საკურთხეველში, მეორეა ცორპუს მისტიცუმ _ სოციალური სხეული, ეკლესია თავისი თანმხლები ადმინისტრაციული სტრუქტურებითურთ. ეს უკანასკნელი ცნება, _ კოლექტიური სოციალური ორგანიზაციისა, რომელსაც აქვს მუდმივი (არაწარმავალი) მისტიკური არსი, _ გადატანილ იქნა, შემდეგ, პოლიტიკურ ერთეულებზე, პოლიტიკურ სხეულზე. შემდეგ კანტოროვიცი აღწერს, როგორ გაჩნდა ამ ცნებიდან გვიან შუა საუკუნეებში მეფის ორი სხეულის იდეა, რომელიც გაცოცხლებულია შექსპირის “რიჩარდ II”-ში და შეიძლებოდა მიჰყენებოდა ახალი დროის პირველ ხანებში პოლიტიკურ სხეულს: თუმცა მეფის ბუნებითი, მოკვდავი სხეული წარვალს მისი სიკვდილის შედეგად, მეფეს, ამ წარმოდგენის თანახმად, აქვს წარუვალი, არაბუნებითი სხეულიც, რომელსაც ვერ გაანადგურებს მკვლელობაც კი, რადგან იგი წარმოადგენს (ასახიერებს) პოლიტიკური სხეულის მისტიკურ ღირსებასა და სამართლიანობას. თანამედროვე პოლიტეია (სახელმწიფო. რედ.), რომელიც დომინანტურ (გაბატონებულ) ორგანიზაციულ ფორმად ჩამოყალიბდა თანამედროვე ევროპის ქმნადობის გარკვეულ ეტაპზე, ასახიერებდა კოლექტიურობის იმ მახასიათებლებს, რომლებსაც აღწერს კანტოროვიცი: ერთადერთი, გაერთიანებული, ტერიტორიულ საზღვრებში მოქცეული, ინტერესთა საერთო სისტემის მქონე და ისეთი ძალაუფლების მიერ მართული, რომელიც ერთ ერთეულადაა შეკრული და უზენაესობა აქვს პოლიტეიის (სახელმწიფოს), როგორც მთელის, ინტერესთა წინ წაწევაში. თუმცა ახალი დროის პირველ ხანებში ასეთი ძალაუფლების მპყრობელნი მეფეები იყვნენ, შემდგომ პოლიტიკაში ასეთი ძალაუფლებით სხვათა აღჭურვაც მოხდა: მათი, ვინც მართავს კონსტიტუცის ძალით, ერებისა, კომუნისტური პარტიისა, დიქტატორებისა, ხუნტებისა და თეოკრატიებისა. თანამედროვე პოლიტეია (პოლიტიკური ერთეული) ცნობილია (აღიარებულია) როგორც სახელმწიფო და მისი ფუნდამენტური მახასიათებელია ის, რომ მას მის შიგნით აქვს უმაღლესი ძალაუფლება _ სუვერენიტეტი.

კანტოროვიცის მიერ აღწერილი ეს ევოლუცია ფორმაციულია: იგი თანამედროვე პოლიტიკის შემქმნელი არსებითი შტრიხია. ზოგ მეცნიერს ეჭვი ეპარება, არსებობს თუ არა სუვერენიტეტის სტაბილური, არსებითი ცნება. მაგრამ სინამდვილეში არსებობს ამ ცნების იმგვარი დეფინიცია (განსაზღვრება), რომელიც მოიცავს ყოველივე იმას, რაც კი ოდესმე აღუნიშნავს ამ სიტყვას ადრეულ ახალ ევროპაში და რის მიმართაც მას შემდეგ გაჩენილი სხვადასხვა განსაზღვრებები მხოლოდ სხვადასხვა ვარიანტებს წარმოადგენენ. ეს დეფინიციაა: უზენაესი ძალაუფლება მოცემულ ტერიტორიაზე. ეს ის თვისებაა, რომელიც ჰქონდათ ადრეული ახალი დროის სახელმწიფოებს, მაგრამ არ ჰქონდათ პაპებს, იმპერატორებს, მეფეებს, ეპისკოპოსებს და კეთილშობილთა და ვასალთა უმრავლესობას შუა საუკუნეებში. ამ განსაზღვრების ყოველი კომპონენტი ყურადღების ცენტრში გვიყენებს ამ ცნების რომელსამე ასპექტს. პირველი ისაა, რომ ის, ვისაც სუვერენობა აქვს, ფლობს ძალაუფლებას. ანუ: მოცემულ პიროვნებას ან ერთეულს აქვს არა მხოლოდ მაიძულებელი ძალა, რომ ამას და ამას აიძულოს იმის ქმნა, რასაც ეს უკანასკნელი სხვა შემთხვევაში არ იზამდა. ძალაუფლება უფრო იმას ნიშნავს, რომ, როგორც განსაზღვრავს ფილოსოფოსი ვოლფი, “გქონდეთ უფლება ბრძანებისა და, შესაბამისად, უფლება, რომ თქვენს ბრძანებას დაემორჩილონ”. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ აქ არის სიტყვა “უფლება”, რომელიც გულისხმობს ლეგიტიმურობას. სუვერენიტეტის მფლობელი თავის ძალაუფლებას იღებს ლეგიტიმურობის რომელიღაცა, ორივე მხარის მიერ აღიარებული წყაროდან: ბუნებითი სამართლისგან, ღვთიური მანდატისაგან, მემკვიდრეობის კანონიდან, კონსტიტუციისაგან, თვით საერთაშორისო სამართლისგანაც კი. თანამედროვეობაში სამართლის მიერ განსაზღვრული რომელიღაცა კორპუსი (ადამიანთა ერთობლიობა) ყველგან არის სუვერენიტეტის წყარო.

მაგრამ სუვერენიტეტი უბრალოდ ძალაუფლებას კი არ ნიშნავს, არამედ უზენაეს ძალაუფლებას. უზენაესობა ის არის, რაც აშშ-ის კონსტიტუციას უფრო მაღლა აყენებს პენსილვანიის შტატის მთავრობაზე, ან რაც სუვერენიტეტის რომელსამე მფლობელს ასხვავებს პოლიციის უფროსისაგან ან რომელიმე კორპორაციის აღმასრულებელი თანამშრომლისაგან. სუვერენიტეტის მფლობელი უმაღლესია ყველა ხელისუფლებაზე, რომელიც იმყოფება მისი კომპეტენციის საზღვრებში. უზენაესობაც თანამედროვეობის ენდემური თვისებაა. შუა საუკუნეებში მრავალ ხელისუფლებას ჰქონდა ხოლმე ამა თუ იმ სახის კანონისმიერი რწმუნება, როგორც საფუძველი თავისი ძალაუფლებისათვის _ ფეოდალური, კანონიკური თუ რამე სხვაგვარი, _ მაგრამ ასეთი საფუძველი იშვიათად თუ იძლეოდა უზენაესობას.

დასასრულ, სუვერენიტეტის შემადგენელია ტერიტორიალობა, რაც აგრეთვე წარმოადგენს პოლიტიკური ძალაუფლების დამახასიათებელ ნიშანს დღე¬ვანდელობაში. ტერიტორიალობა არის ის პრინციპი, რომლითაც განისაზღვრება, ვინ ეკუთვნის მოცემულ თემს (საზოგადიებას). იგი განსაზღვრავს, რომ პიროვნებანი თავის წევრობას ამ თემში ფლობენ იმ საფუძველზე, რომ მის საზღვრებში ცხოვრობენ. ეს ძალიან ძლიერი პრინციპია, რადგან იგი წევ¬რობას განსაზღვრავს იდენტობისაგან (ვინაობისაგან) დამოუ¬კიდებლად. რომელიმე სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები სრულებითაც არაა აუცილებელი, რომ მოიცავდნენ რომელსამე “ხალხს” ან “ერს”, ისინი შეიძლება მოიცავდნენ რამდენიმე იდენტობის (ვინაობის) მატარებლებს, რასაც თვითგამორკვევისაკენ მიმართული და ირიდენტული მოძრაობების ფაქტი თვალსაჩინოს ხდის. ადამიანები რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს ეკუთვნიან და მისი მმართველის ძალაუფლებას ემორჩილებიან, ამას განსაზღვრავს მათი მყოფობა (ლოკაცია) ამ საზღვრებს შიგნით. თანამედროვე სუვერენები თავის უზენაეს ძალაუფლებას ამა თუ იმ გეოგრაფიული ტერიტორიის შიგნით ფლობენ.

ტერიტორიალობა დღესდღეობით საყოველთაოდ აღიარებულია: იგი ხელისუფლების განუყრელი ელემენტია მთელ მსოფლიოში. თვით სუპრაეროვნული და ინტერნაციონალური ინსტიტუტებიც კი, როგორიცაა ევროკავშირი ან გაერო, შედგებიან სახელმწიფოებისაგან, რომლებშიც წევრობა განსაზღვრულია ტერიტორიულობის მიხედვით. ფორმის ეს უნივერსალობა დამახასიათებელია თანამედროვეობისათვის, იგი ხაზს უსვამს სუვერენობის კავშირს თანამედროვეობასთან. თუმცა ტერიტორიალობა არსებობდა სხვადასხვა ეპოქებში და ადგილებში,  იქ მაღალი პრესტიჟი ჰქონდა წევრობის სხვა პრინციპებსაც, როგორიცაა ნათესაობა, რელიგია, ტომი თუ ფეოდალური ურთიერთობები. ყველაზე ცოცხალ კონტრასტს ტერიტორიალობის პრინციპისადმი წარმოადგენს მომთაბარე ტომი, რომლის ძალაუფლებითი სტრუქტურა სავსებით დამოუკიდებელია მიწის რომელიმე ნაკვეთისაგან. ტერიტორიალობა განსაზღვრავს იმას, თუ თავისი რა მახასიათებლის ძალით არიან ადამიანები მოცემული ხელისუფლების დაქვემდებარებულნი: ესაა მათი გეოგრაფიული მოთავსებულება ამა და ამ საზღვრებში. საერთაშორისო ურთიერთობათა თეორეტიკოსებს შემჩნეული აქვთ სუვერენიტეტის მსგავსება სხვა ინსტიტუტთან, რომლის ხაზებიც აგრეთვე ადგილს ემთხვევიან _ ესაა კერძო საკუთრება. ეს ორი განსაკუთრებით ერთობლივად იყო მოაზრებული ჰობსის მიერ.

“უზენაესი ძალაუფლება მოცემული ტერიტორიის შიგნით” სუვერენიტეტის ზოგადი განსაზღვრებაა. სუვერენიტეტის კონკრეტული მანიფესტაციები ისტორიის მანძილზე თითქმის ყოველთვის ამ განსაზღვრების კერძო შემთხვევებია. ფილოსოფოსები და პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანები ყველაზე უფრო ხშირად ამ კერძო შემთხვევებზე ლაპარაკობენ ხოლმე, როცა ამა თუ იმ პიროვნებისათვის ან სამართლებრივი (კანონმდებელი) კორპუსისათვის სუვერენიტეტს ითხოვენ. ამგვარად, იმის გაგებას, თუ რა არის სუვერენიტეტი, განუხრელად ახლავს იმის გაგებაც, რა არის სუვერენიტეტზე პრეტენზიის განცხადებები ან, სულ ცოტა, ყველაზე მნიშვნელოვნები ამ განცხადებებს შორის.

გასული ნახევარი ათას¬წლეულის მანძილზე ასეთი განცხადებები უაღრესად ურთიერთგანსხვავებული სახისა იყო _ ერები ითხოვდნენ დამოუკიდებლობას დედა სახელმწიფოებისაგან, კომუნისტები _ კოლონიალისტებისაგან, “ხმა ერისა” _ “ძველი რეჟიმებისაგან”, თეოკრატები _ საერო სახელმწიფოებისაგან და აუარებელი სხვა.  ეს, მართლაც, ნიშანია სუვერენული სახელმწიფოს ელასტიურობისა, რომ მან (ისტორიის მანძილზე) ძალაუფლების ამდენი სხვადასხვა სახეობა მოირგო. თუმცა ამ ძალაუფლებათა სახეებს აქ ვერ ჩამოვთვლით, უნდა აღვნიშნოთ სამი განზომილება, რომელთა მიხედვითაც შეგვიძლია მათი  კატეგორიებად დაყოფა. ესენია: ვინ არიან სუვერენტეტის მფლობელნი, აბსოლუტური თუ არააბსოლუტური ბუნებისაა სუვერენიტეტი და რა მიმართებაა სუვერენიტეტის საშინაო და საგარეო განზომილებებს შორის.

როგორც ითქვა ზემოთ, სუვერენობა ჰქონდათ სხვადასხვა ხელისუფლებებს _ მეფეებს, დიქტატორებს, ხალხს, რომელიც მართვას ახორციელებდა კონსტიტუციის საშუალებით, და ა.შ. ის, თუ როგორია უზენაესი ხელისუფლება მოცემული ტერიტორიის შიგნით, ალბათ, სუვერენიტეტის ყველაზე მნიშვნელოვანი განზომილებაა. ახალი დროის დასაწყისში ფრანგ თეორეტიკოსს ფრანსუა ბოდენს მიაჩნდა, რომ სუვერენიტეტი უნდა სახიერდებოდეს ერთ ინდივიდში. მასაც და ინგლისელ ჰობსსაც წარმოედგინათ, რომ სუვერენი კანონზე მაღლა დგას. შემდგომი მოაზროვნეები სხვადასხვაგვარად უდგებოდნენ ამ თემას _ ისინი სუვერენიტეტის ადგილს სხვადასხვაგან ხედავდნენ, მაგრამ ამავე პრინციპის ერთგულნი რჩებოდნენ.

სუვერენიტეტი ამავე დროს შეიძლება აბსოლუტურიც იყოს და არააბსოლუტურიც. როგორაა შესაძლებელი, რომ სუვერენიტეტი იყოს არააბსოლუტური, თუკი იგი უზენაესია? ბოლოსდაბოლოს, ზოგი მეცნიერი, ალენ ჯეიმსივით, ხომ ასაბუთებს, რომ სუვერენიტეტი ან არის, ან არ არის, იგი ვერ იქნება ნაწილობრივი. მაგრამ ასეთ შემთხვევაში სიტყვა “აბსოლუტური” ეხება არა სუვერენიტეტის გავრცელებას (ამა და ამ ტერიტორიაზე), არა მის ხასიათს (რაგვარობას), რომელიც ყველა შემთხვევაში უზენასია, არამედ, უფრო, იმ საკითხთა მოცულობას, რომლებშიც სუვერენიტეტის მპყრობელი სუვერენულია. ბოდენი და ჰობსი სუვერენიტეტს ხედავდნენ, როგორც აბსოლუტურს, უპირობოდ გავრცელებულს ყველა საკითხზე მოცემული ტერიტორიის შიგნით. მაგრამ შესაძლებელია, სუვერენიტეტი ვრცელდებოდეს მხოლოდ ზოგ საკითხებზე მოცემული ტერიტორის შიგნით, და არა ყველაზე. (მაგალითად) დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სუვერენულნი არიან თავდაცვის მართვაში, მაგრამ არა ვალუტისაში ან ვაჭრობის საკითხებისაში და სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკის არაერთი მიმართულებისაში, რასაც ისინი ახორციელებენ ევროკავშირში, მისი კანონის თანახმად, ევროკავშირის ხელისუფლებასთან კოოპერაციაში. აბსოლუტური სუვერენიტეტი თანამედროვე სუვერენიტეტის კვინტესენციაა. მაგრამ ბოლო ათწლეულებში მიმდინარეობს მისი შემოზღუდვა ისეთი ინსტიტუტებით, როგორიცაა ევროკავშირი, გაეროს პრაქტიკა სანქცირებული ჩარევისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო.

დაბოლოს, უკანასკნელი წყვილი ზედსართავებისა, რომელიც განსაზღვრავს სუვერენიტეტს, არის “საშინაო” და “საგარეო”. ამ შემთხვევაში ეს სიტყვები აღწერენ არა სუვერენიტეტის ექსკლუზიურ სახეებს, არამედ მის სხვადასხვა ასპექტებს, რომლებიც თანაარსებულია და ყველგან მყოფი. სუვერენული ძალაუფლება ხორციელდება საზღვრების შიგნით, მაგრამ, თავისი განსაზღვრებითვე, უცხოებთან მიმართებითაც, რომელნიც ვერ ჩაერევიან სუვერენულ მართვაში. სახელმწიფო საგარეო სუვერენიტეტის მთავარი მპყრობელია ვესტფალიის ზავის შემდეგ (1648), რომლის ძალითაც ჩარევა სხვა სახელმწიფოს მმართველობითს პრეროგატივებში გახდა უკანონო. ცნებას “სუვერენიტეტი” საერთაშორისო სამართალში ხშირად აქვს კონნოტაცია (თანმხლები მნიშვნელობა) საგარეო სუვერენიტეტისა. ალენ ჯეიმსსაც ამგვარადვე ესმის საგარეო სუვერენიტეტი, როგორც კონსტიტუციური დამოუკიდებლობა _ სახელმწიფოს თავისუფლება გარეგანი გავლენისაგან მისი ძირეული პრეროგატივებით გათვალისწინებულ სფეროში. დამახასიათებელია, რომ საგარეო სუვერენიტეტი დამოკიდებულია უცხოთა მიერ ცნობაზე. სახელმწიფოებისათვის ეს იგივეა, რაც ჩაურევლობის (ნო ტრესპასსინგ) კანონია (სამართალია) კერძო საკუთრებისათვის _ ურთიერთ შეთანხმებულობათა (უნდერსტანდინგ) სისტემა, რომელიც საკუთრებას, ან სახელმწიფოს, ანიჭებს შეუვალობას (იმმუნიტეტს) გარედან ჩარევის მიმართ. იგივე საგარეო სუვერენიტეტი ადგენს საგარეო ურთიერთობების ძირითად პირობას _ ანარქიას, რომელიც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს უმაღლესი ხელისუფლება, რომელსაც პრეტენზია ექნება უფრო დაბალი ძალაუფლებების მიმართ. სახელმწიფოების კრებული, რომელნიც შინაგანადაც და გარეთაც სუვერენულნი არიან, ქმნის საერთაშორისო სისტემას, რომელშიც სუვერენული ერთეულები კავშირებს კრავენ, ვაჭრობენ, ომს და ზავს აცხადებენ.

 

2. სუვერენული სახელმწიფოს წარმოშობა. თეორია და პრაქტიკა

“უზენაესი ძალაუფლება მოცემული ტერიტორიის შიგნით”, _ ამ დეფინაციით (განსაზღვრებით) სუვერენიტეტის უფრო დეტალური გაგება შეგვიძლია მისი ისტორიის გათვალისწინებით. ამ ისტორიის გადმოცემაში შეგვიძლია გამოვყვეთ ორ მთავარ მოძრაობას. პირველია მრავალსაუკუნოვანი ევოლუცია ჯერ სუვერენულ სახელმწიფოთა კონტინენტის ჩამოყალიბებისაკენ ევროპის სახით, შემდეგ კი მათი პლანეტის ჩამოყალიბებისაკენ. მეორეა აბსოლუტური სუვერენიტეტის პრეროგატივების შემოსაზღვრა XX საუკუნის II ნახევარში.

ევროპის ხანგრძლივი გადასვლის პროცესი შუა საუკუნეებიდან სუვერენულ სახელმწიფოთა სამყაროს მდგომარეობაში დაასრულა ვესტფალიის ზავმა (1648). ისტორიკოს სტრეიერის მიხედვით, ბრიტანეთი და საფრანგეთი სუვერენულად გამოიყურებოდნენ ჯერ კიდევ 1300 წლის მიდამოებში, როცა მათ მეფეებს ჰქონდათ უზენაესობა მოცემული ტერიტორიის შიგნით. მაგრამ ევროპა 1517 წლამდე ჯერ კიდევ შორს რჩებოდა ვესტფალიის ზავის მდგომარეობისაგან. დიდი ისტორიული შემობრუნება დაიწყო მაშინ, როცა ესპანეთის მეფემ კარლოს V-მ გააერთიანა კასტილია, არაგონი და ნიდერლენდები და ამავე დროს გახდა რომის საღვთო იმპერატორი, რითაც მოიპოვა პრეროგატივები ცენტრალური ევროპის ქვეყნების მიმართ, ამავე დროს, თავისთავზე აიღო როლი კათოლიკური ეკლესიის ჯერ კიდევ ძლიერი პრეროგატივების განხორციელებისა თავისი იმპერიის შიგნით, მათ შორის საეკლესიო ორთოდოქსიის განხორციელებისაც. მაგრამ თავისი იმპერიის შიგნით კარლოს V არ იყო სუვერენი, რადგან მასში მთავრები და კეთილშობილნი ინარჩუნებდნენ მისი კონტროლის გარეთ მყოფ პრეროგატივებს. 1555 წელს სუვერენულ სახელმწიფოთა სისტემის მყარი ნიადაგი შეიქმნა აუგსბურგის ზავის სახით, რომლის ფორმულამ “ვისიც ძალაუფლებაა, იმისივეა რელიგია” საშუალება მისცა გერმანელ მთავრებს თავისი ტერიტორიების შიგნით თავისი სარწმუნოება დაედგინათ. მაგრამ ეს სისტემა არამყარი აღმოჩნდა. გაჩნდა მრავალი დავა ამ შეთანხმების პუნქტთა გაგებაზე, რასაც მოჰყვა ომები და მათი კულმინაცია ოცდაათ¬წლიანი ომის სახით, რომელიც დაასრულა ვესტფალიის 1648 წლის ზავმა.

ამ ზავის რომელი მახასიათებლები ქმნიან სუვერენულ სახელმწიფოთა სისტემის გაჩენის საფუძველს? (ამ ზავისათვის ასეთი სტატუსის მიცემას ყველა მეცნიერი არ იზიარებს). არსად ხელშეკრულებებში არ არის ლაპარაკი სუვერენულ სახელმწიფოთა სისტემის სავალდებულოობაზე ან თუნდაც სახელმწიფოსაზე, როგორც მმართველი ლეგიტიმური ერთეულისაზე. ისიც ცხადია, რომ ამ ზავს სუვერენულ სახელმწიფოთა სისტემა არ შეუქმნია არარასგან (ეხ ნიჰილო): მისი კომპონენტები არსებობდა მანამდე და მათი აკუმულირება ხდებოდა საუკუნეთა მანძილზე. ამ ზავის შემდეგაც ცალკეული შუასაუკუნეობრივი ანომალიები არსებობას განაგრძობდა, მაგრამ ორი ფართო ასპექტით _ კანონისმიერი პრეროგატივებისა და პრაქტიკული ძალების ასპექტით _ სუვერენულ სახელმწიფოთა სისტემამ გაიმარჯვა. ჯერ ერთი, გაჩნდა სახელმწიფოები, როგორც რეალურად ერთადერთი ფორმა არსებითი კონსტიტუციური ძალაუფლებისა ევროპაში, მათს ძალაუფლებას სერიოზულად ვეღარ აყენებდა კითხვის ქვეშ რომის საღვთო იმპერია. ნიდერლანდებმა და შვეიცარიამ მიიღეს სიტყვაშეუბრუნებელი სუვერენიტეტი, რომის საღვთო იმპერიის გერმანულმა სახელმწიფოებმა მოიპოვეს უფლება მოკავშირეების ყოლისა იმპერიის გარეთ, ამავე დროს დიპლომატიურ ურთიერთობათა სისტემამაც და საგარეო პოლიტიკამაც მიიღო ის სქემა, რომელიც დღეს არსებობს თანამედროვე დიდ ძალთა სახით, რაშიც გამოიხატა საერთო გაგება იმისა, თუ რა არის სუვერენულ სახელმწიფოთა სისტემა. ეკლესიის საერო ძალაც შეიკვეცა იმ ზომამდე, რომ მას აღარ შეეძლო მეტოქეობა გაეწია რომელიმე სახელმწიფოს სუვერენიტეტისათვის. საპასუხოდ, პაპმა ინოკენტი X-მ შეაჩვენა ამ ზავის ხელშეკრულებები, როგორც “არარაული, ცარიელი, უსამართლო, უმართებულობით შემზარავი, უჭკუო, უწმინდური, ყოველსავე აზრს და ნაყოფს მოკლებული სამარადისოდ”.

მეორეც, ამ ზავმა ბოლო მოუღო ჩარევას რელიგიურ საქმეებში, რაც მანამდე ხშირი საფუძველი იყო სუვერენულ პრეროგატივათა ხელყოფისათვის. შეიარაღებულ დაპირისპირებათა ათწლეულების შემდეგ აუგსბურგის ზავის სქემა საბოლოოდ გამყარებულ იქნა, არა ზუსტად 1555 წლის ფორმით, მაგრამ ისე, რომ ეფექტიანად დადგინდა მთავართა ძალაუფლება რელიგიის საკითხებში. სუვერენულ სახელმწიფოთა სისტემა რომ კიდევ განივრცო შემდგომ ათწლეუ¬ლებში, ვერც ერთი ევროპული სახელმწიფო ვერ ეომებოდა მეორეს მისი რელიგიური კურსის გამო, რაც მკვეთრ კონტრასტში იყო მანამდელ 130 წელთან, როცა ევროპას რელიგიური ომები გლეჯდა. სუვერენული სახელმწიფოების სისტემა რომ განივრცო შემდგომ წლებში, ჩაურევლობის ეს სისტემაც განზოგადდა და საერთაშორისო სისტემის ერთ-ერთ ფუძემდებელ ნორმად იქცა.

შემდგომ სამ საუკუნეში სუვერენულ სახელმწიფოთა სისტემა მსოფლიოში გავრცელდა და თავის კულმინაციას მიაღწია ევროპელთა კოლონიური იმპერიების დაშლის სახით XX საუკუნის შუაში, როცა სახელმწიფო გახდა პოლიტეიის ერთადერთი ფორმა, რომელსაც ოდესმე დედამიწის ზედაპირის მოცვა ეწერა. დღეს სუვერენიტეტის ნორმები შესულია გაეროს ქარტიაში, რომლის მუხლი 2(4) კრძალავს სხვისი “პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის” ხელყოფას და მუხლი 2(7) სასტიკად კრძალავს ჩარევას.

სუვერენული სახელმწიფო რომ ევროპის კონტინენტს იკავებდა ნაწილ-ნაწილ, ახალი დროის დამდეგს, რითაც იქმნებოდა ევენტუალურად მთელი მსოფლიოს მომცველი სისტემა, მაშინ იმდროინდელმა პოლიტიკურმა მოაზროვნეებმა შეიწყნარეს პოლიტეიის ეს ფორმა და ჩამოწერეს, თუ რა ქმნიდა მას ლეგიტიმურად. ისინი არ იყვნენ ამ ცნებისა და იდეის აღმომჩენები, რადგან თვით შუა საუკუნეებშიც კი დანტე და მარსალიუს პალუელა ქადაგებდნენ საერო და საეკლესიო ძალაუფლებათა გამიჯვნას, რაც, მათი აზრით, მიიღწეოდა პრეროგატივების გადაცემით საერო მმართველობის ხელში. მაშინ, უხეში მიახლოებით, იყო ორი ფილოსოფოსი, რომელნიც, მართალია, ექსპლიციტურად და შეგნებულად არ წერდნენ სუვერენიტეტის შესახებ, მაგრამ თავისი იდეებით, რეალურად, აღწევდნენ დიდ წინსვლას ამ ცნების შემუშავებაში. მაკიაველი აკვირდებოდა ქალაქ-სახელმწიფოთა პოლიტიკას თავის რენესანსულ იტალიაში და აყალიბებდა, რა უნდა მოიმოქმდოს მთავარმა, რათა წინ წაწიოს თავისი აყვავებული რესპუბლიკა, _ აყალიბებდა იმგვარ ტერმინებში, რომლებიც ამ მთავარს ანიჭებდა უზენაეს ძალაუფლებას ამ ტერიტორიაზე. მკაფიო იყო, რომ ეს მთავარი არ უნდა შეზღუდულიყო არც ბუნებითი კანონით, არც კანონიკური სამართლით, არც სახარების მცნებებით, არც სხვა რამ ნორმებით და ავტორიტეტებით, რომლებიც სავალდებულო იქნებოდა მისთვის, როგორც საქრისტიანოს წევრისათვის. მეტიც, იგი მზად უნდა ყოფილიყო იმისათვის, რომ “კეთილი არ ყოფილიყო”, არამედ მზად ყოფილიყო ავის საქმნელადაც, მაგრამ არა იმიტომ, რომ ბოროტი ბოროტი აღარაა, არამედ იმიტომ, რომ ეს ზოგჯერ საჭიროა მაკიაველისათვის ცენტრალური მიზნის _ სახელმწიფოს ძლიერებისა და მოწესრიგების მისაღწევად. მთავრისთვის ვალდებულებაა მხოლოდ რაისონ დ”ეტატ _ სახელმწიფოსათვის აზრი. იგი უზენაესია სახელმწიფოს ტერიტორიის შიგნით და პასუხისმგებელია მხოლოდ ამ ერთი (ერთეული) კრებულის კეთილდღეობისათვის.

მარტინ ლუთერი სულ სხვა მხრიდან ასაბუთებდა სუვერენიტეტს. მისი რეფორმაციის თეოლოგია მოითხოვდა კათოლიკური ეკლესიისაგან მრავალი უფლების ჩამოცილებას _ არა მხოლოდ საეკლესიოსას, არამედ ისეთებისასაც, რომლებიც, ყველა თანამედროვე განსაზღვრებით, საეროა. მას მიაჩნდა, რომ ეკლესია აღარ უნდა მოიაზრებოდეს, როგორც ხილული იერარქიული ინსტიტუტი, არამედ როგორც უხილავად გაერთიანებული აგრეგატი (ერთობა) ადგილობრივი ეკლესიებისა, რომლებიც სწორ მოძღვრებას მიჰყვებიან. ამგვარად, კათოლიკურ ეკლესიას აღარ უნდა სჭეროდა კანონიერად ვრცელი მიწები, რომლებსაც იგი ბეგრავდა და იცავდა და რომელშიც სამართალს ახორციელებდა. მის ეპისკოპოსებს აღარ უნდა სჭეროდათ საერო თანამდებობები მეფე-მთავრების ხელქვეით. აღარც პაპს უნდა შესძლებოდა საერო ხელისუფალთა გადაყენება განკვეთის უფლების გამოყენებით. რაც ყველაზე არსებითია, რომის იმპერატორს აღარ უნდა შესძლებოდა კანონიერად ძალით განეხორციელებინა კათოლიკური ერთგვაროვნება. ეკლესიას და მისი სახელით მოქმედთ აღარ უნდა შესძლებოდათ პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების განხორციელება. ვის უნდა აეღო ხელში ეს ამგვარად განთავისუფლებული უფლებამოსილებები? ტერიტორიულ მთავრებს. “ეკლესიის დამოუკიდებლობისა და მის მიერ ტერიტორიისგარე საზოგადოებრივი აზრის მართვის გაუქმებით მოცილებული იქნა სახელმწიფოს შიგნით ერთიანობის უკანასკნელი დაბრკოლება” (ფიგსი). ვესტფალიაში ვითარების სწორედ ამ ხედვამ გაიმარჯვა.

ლუთერის პოლიტიკური თეოლოგია ყოველივე ამის ახსნა იყო. იგი ამბობდა, რომ ღვთის ძალაუფლების ქვეშ არსებობს ორი ფორმა მართვისა _ “სულის სამეფო” არის ის ფორმა (ის წესრიგი), რომლითაც ქრისტე მიმართებაშია მორწმუნის სულთან. ამა ქვეყნის სამეფო კი არის ის ფორმა (ის წესრიგი) საერო საზოგადოებისა, სადაც საერო ხელისუფალნი ამუშავებენ თავის მმართველობითს ინსტიტუტებს კანონისა და იძულების მეშვეობით. ორივე ამ სამეფოს კეთილი მოაქვს მორწმუნეთათვის, მაგრამ სხვადასხვა აზრით ისინი ცალ-ცალკე უნდა იყონ ორგანიზებულნი. ეკლესიის მესვეურებმა სულიერი მოვალეობები უნდა აღასრულონ, მეფე-მთავრებმა და მაგისტრატურებმა _ საერო. პაპისა და კათოლიკური ეკლესიის ძალისაგან გათავისუფლებულებმა, თავის საბრძანებელში შესაბამისი საერო ძალაუფლების მქონეებმა, მთავრებმა ახლა ეფექტიანად უნდა განახორციელონ თავისი საკუთარი სუვერენიტეტი. იმ ეპოქაში მთავრები მნიშვნელოვან კონტროლს ახოციელებდნენ თვით პროტესტანტულ ეკლესიებზეც კი, ხშირად ნიშნავდნენ მათს ადგილობრივ ლიდერებს, როგორც ამას ხატავს “ერასტიანიზმის” დოქტრინა. თუმცა არც ლუთერს, არც სხვა პროტესტანტ რეფორმატორებს არ განუხილავთ სუვერენიტეტის დოქტრინა მის დეტალებში, მათ მთავრებს შესთავაზეს მისი თვით დედაარსი. ფიგსი წერს: “ერთიანობა, უნივერსალობა და არსებითი სისწორე ტერიტორიული სუვერენული სახელმწიფოსი, უარყოფა ყოველივე ტერიტორიის გარე ან დამოუკიდებელი კომუნალური ფორმისა ცხოვრების სარეგულაციოდ _ აი, ეს არის ლუთერის წარუვალი წვლილი პოლიტიკაში”.

ახალი დროის დამდეგს სხვა ფილოსოფოსები, რა თქმა უნდა, ექსპლიციტურად იღებენ სუვერენიტეტის ამ დოქტრინას და, ამგვარად, ისინი უფრო ფართოდ დაკავშირებულნი არიან მასთან. ფრანგი ფილოსოფოსი ჟან ბოდენი პირველი ევროპელი ფილოსოფოსია, რომელიც ფართოდ იხილავს ამ ცნებას. მისეული ცნება სოუვერაინეტე-ს (სუვერენიტეტისა) ცენტრალურია მის შრომაში. მისი დე ლა რეპუბლიქუე (“რესპუბლიკისათვის”) (1576) დაწერილია კალვინისტებისა და კათოლიკური მონარქიის ომის ქარცეცხლში. იგი წესრიგის პრობლემას თვლიდა ცენტრალურად და არ ფიქრობდა, რომ იგი გადაწყვეტადია მოძველებული შუასაუკუნობრივი აზრებით სეგმენტირებული (დაყოფილი) საზოგადიების შესახებ, არამედ მხოლოდ იმ იდეით, რომ მმართველნი და მართულნი გაერთიანებულნი არიან ერთ პოლიტიკურ სხეულად, რომელიც მაღლა დგას ყოველსავე ადამიანურ კანონზე და, სინამდვილეში, ამ კანონის წყაროა. ეს იდეა არის სუვერენიტეტის იდეა: მხოლოდ უზენაეს ძალაუფლებას მოცემული ტერიტორიის შიგნით ძალუძს, გააძლიეროს დაქუცმაცებული საზოგადოება.

ბოდენი ფიქრობდა, რომ ეს კორპუსი (“სხეული”), რომელიც სუვერენიტეტს განახორციელებს, უნდა აკავშირებდეს თავისთავში ბუნებითსა და ღვთაებრივ კანონს, თუმცა ვერც ერთი ადამიანური კანონი ვერ განსჯის და ვერ მიმართავს მას. კიდევ უფრო საყურადღებოა, რომ, მისი  აზრით, მართებულად განსხვავებული სუვერენიტეტი პატივს სცემდა ჩვეულებითსა და საკუთრებითს უფლებებს. არ არის ნათელი, თუ ასეთი შეზღუდვა როგორაა შეთავსებადი სუვერენული ძალაუფლების უზენაესობის სტატუსთან. შესაძლოა, ბოდენი ფიქრობდა, რომ ასეთი უფლებები უნდა ყოფილიყო მახასიათებლები ლეგალური რეჟიმისა, რომელიც თვითონაა სუვერენული სხვა ხელისუფლებებთან მიმართებაში. იგი ფიქრობდა აგრეთვე, რომ სუვერენიტეტის მატარებელი ხელისუფლება შესაძლებელი იყო ლეგიტიმურად ყოფილიყო მონარქიული ან არისტოკრატული ან დემოკრატიული, თუმცა პირადად მას არისტოკრატია ერჩია. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ეს ხელისუფლება თავისი ტერიტორიის შიგნით დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო ყოველგვარი გარე ადამიანური კანონისაგან ან ძალაუფლებისაგან. ჰინსლი წერს:

“ისეთ დროს, როცა იმპერატიული გახდა ბოლოს მოღება კონფლიქტისათვის მმართველებსა და მართულებს შორის, ბოდენმა გააცნობიერა, _ და ეს დიდი ინტელექტუალური ღვაწლი იყო, _ რომ კონფლიქტი დაცხრებოდა მხოლოდ მაშინ, თუ შესაძლებელი იქნებოდა აუცილებლად შეუზღუდველი შინაგანი ძალის ორგანიზებაც, ერთის მხრივ, და ამ ძალის განსხვავებაც ყველა კანონისა და წესისადმი გულგრილი აბსოლუტიზმისაგან, მეორეს მხრივ. მან ეს იმით შეძლო, რომ (თავის აზრში) ძალის ლეგალურობაც და მისი სიბრძნეც, რომელიც უზრუნველყოფდა მის მიერ საჭირო შეზღუდვათა დაცვას, დაამყარა იმ პოლიტიკური კორპუსის (“სხეულის”), როგორც პოლიტიკური საზოგადოების, ბუნებაზე, რომელსაც უნდა მოეცვა მმართველნიც და მართულნიც. მისი ეს კონსტატაცია სუვერენიტეტის აუცილებელობისა იყო ერთადერთი შესაძლებელი შედეგი”.

ბოდენისეული “სუვერენიტეტის განცხადება” პირველი სისტემური ნაბიჯია ამ მიმართულებით ევროპულ ფილოსოფიაში და, ამგვარად, დროის ნიშანსვეტია.

ჰობსიც სამოქალაქო ომის ვითარებაში წერდა და ისიც სუვერენიტეტის ცნებამდე მივიდა, როგორც ხსნამდე. მის თვალში ადამიანები ადგენენ (აყალიბებენ, აფუძნებენ) სუვერენულ ხელისუფლებას ხელშეკრულების საშუალებით, რომლითაც ისინი ყველა თავის უფლებას გადასცემენ ლევიათანს _ სახელმწიფოს ცნების აბსტრაქტულ განსახიერებას. ამ უკანასკნელის ნება უზენაესია და იგი განასხეულებს მისი ამომრჩევლების და მისთვის თავის ყველა უფლებათა გადამცემების ნებას. ბოდენისეული სუვერენიტეტივით, იგიც ყოველსავე კანონზე მაღლაა, იგი მოკვდავი ღმერთია და არაა შეკრული არანაირი ხელშეკრულებითი ვალდებულებით არანაირ გარეშე მხარესთან. მაგრამ, ბოდენისაგან განსხვავებით, ჰობსის ლევიათანი არაა შეზღუდული რაიმე ბუნებითი, საღვთო ან ჩვეულებითი სამართლით, კანონი, უფრო, მისი ბრძანებაა, მისი ნებიდან გამომდინარე, და აღსასრულებლად სავალდებულოა აბსოლუტურად.

ბოდენიცა და ჰობსიც ქადაგებენ სუვერენიტეტს, როგორც უზენაეს ხელისუფლებას. ეს იდეა განაგრძობს პრევალირებას, როგორც სახელმწიფოთა პოლიტიკური მართვის პრეზუმფცია, მთელს დედამიწაზე დღემდე, ისეთ სახელმწიფოთა ჩათვლით, სადაც სუვერენული მმართველი კორპუსი აწესებს შეზღუდულ მმართველობას და სამოქალაქო უფლებებს ინდივიდისათვის. საუკუნეთა მანძილზე გაჩნდა სუვერენიტეტის მპყრობელის ახალ-ახალი ცნებები. რუსო, ბოდენისა და ჰობსისაგან ძალიან განსხვავებულად, ადამიანთა კოლექტივს სახელმწიფოს შიგნით განიხილავდა როგორც სუვერენს, რომელიც მართავს საერთო ნებით. კონსტიტუციურ მმართველობებში სწორედ ხალხი მართავს საკანონმდებლო კორპუსის მეშვეობით, რომელიც სუვერენულია. ეს ის ვერსიაა, რომელსაც, უმეტესწილად, ლეგიტიმურობა აქვს მსოფლიოში დღეს.

 

3. სუვერენული სახელმწიფოს შეზღუდვა (“შემოფარგვლა”): თეორია და პრაქტიკა

სუვერენიტეტის შობა და გლობალური გავრცელება, რომელსაც აქებენ და განადიდებენ კიდეც პოლიტიკური ფილოსოფოსები, ახალ დროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ყველაზე საშინელი პოლიტიკური ტენდენციაა. მაგრამ თავისი გაჩენის პირველი დღეებიდანვე სუვერენიტეტი, ამასთან ერთად, შეჰხვდა მოეჭვეებსაც და კვალიფიციურ მხარდამჭერებსაც. ამ უკანასკნელთა შორის მრავალნი მიიჩნევდნენ, რომ ყოველი კორპუსი (“სხეული”), რომელიც განასახიერებს კანონის მიერ სუვერენიტეტის სტატუსზე პრეტენზიის გაცხადებას, კერპთაყვანისმცემლობის ფორმაა, ზოგჯერ _ დამცავი ბაკანი, რომლის მიღმაც მმართველნი მალავენ თავის სისასტიკესა და უსამართლობას, რათა კანონიერი უცხო თვალი არ მოჰხვდეთ. რეალურად, მხოლოდ ჰოლოკოსტის (ჰიტლერელთა მიერ ებრაელების გენოციდის) შემდეგ მოხდა ის, რომ რეალურად გაჩნდა სუვერენიტეტის სამართლებრივი და ინსტიტუციონალური შეზღუდვა, რის შედეგადაც მნიშვნელოვანწილად შეიკვეცა სუვერენული სახელმწიფოს უფლებები. ყველაზე დიდი შეკვეცებია ის, რომელიც განხორციელდა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით და ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.

1948 წელს სახელმწიფოთა დიდმა უმრავლესობამ ხელი მოაწერა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, რითაც იკისრა, პატივი სცეს ინდივიდთა 30-ზე მეტ ცალკეულ უფლებას. ვინაიდან ეს არ იყო სამართლებრივად დამაკმაყოფილებელი დეკლარაცია და არ შეიცავდა იძულებითი განხორციელებინების მექანიზმებს, მან სახელმწიფოთა სუვერენიტეტი ხელშეუხებელი დატოვა, მაგრამ ეს მაინც იყო პირველი ნაბიჯი მათი მიბმისა საერთაშორისო საყოველთაო ვალდებულებებზე, რომლებიც შეეხებოდა მათს შინაგან საქმეებს. შემდგომი ათწლეულების მანძილზე ხდებოდა ამ ადამიანურ უფლებათა სტატუსის თანდათანობითი ამაღლება. ერთერთი ყველაზე მძლავრი კონვენცია ადამიანის უფლებათა თემაზე, _ რომელიც მართლაც კვეცავს სუვერენიტეტს, _ არის “ევროპული კონვენცია ადამიანთა უფლებათა დაცვის შესახებ” და ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც დაფორმულდა 1950 წელს. მისი დაახლოებით თანამედროვე, 1948 წლის 9 დეკემბერს ხელმოწერილი, იყო კონვენცია გენოციდის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ხელმომწერ სახელმწიფოებს, თავი შეიკავონ გენოციდისაგან და დასაჯონ იგი. შემდეგი, 1960-იანი წლების შუახანებში, დაიდო “შეთანხმება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ” და “შეთანხმება ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ”, რამაც სამართლებრივად დაავალდებულა მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობა, პატივი  სცენ თავისი ხალხების ადამიანურ უფლებებს. ამჯერად ხელმომწერ სახელმწიფოთა კონსტიტუციური ძალაუფლება დიდწილად ხელუხლებელი დარჩა, რამდენადაც ისინი არ უშვებდნენ იმას, რომ რომელსამე ამ ვალდებულებათაგანს გამოეწვია მათი სუვერენიტეტის ხელყოფა. შემდგომი შეთანხმებებიც ადამიანურ უფლებათა შესახებ, რომელთაც ხელი მოაწერა სახელმწიფოთა უმრავლესობამ, ასევე შეიცავდა დათქმებს სუვერენიტეტის ხელყოფის დაუშვებლობის თაობაზე.

მხოლოდ ადამიანურ უფლებათა უკან სამხედრო იძულების დგომისა და ძლიერი იურიდიული პროცედურებით დამუქრების პრაქტიკას შეეძლო, სერიოზულად შემოეზღუდა სუვერენიტეტი. ამ მიმართულებით სერიოზული პროგრესი დაიწყო ცივი ომის დამთავრების შემდეგ ვესტფალიის ზავის გადახედვის სახით _ გადახედვისა, რომელიც კვეცავს ამ ზავში მძლავრად წინ წამოწეულ ნორმას ინტერვენციის დაუშვებლობის თაობაზე. ეპიზოდთა მთელ სერიაში, დაწყებული 1990 წლიდან, გაერომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა მხარი დაუჭირეს იმგვარ პოლიტიკურ ქმედებას, ჩვეულებრივ _ სამხედრო მოქმედების მომცველს, რომელსაც სახელმწიფოთა ფართო კონსენსუსი მანამდე განიხილავდა, როგორც უკანონო ჩარევას სხვათა შინაგან საქმეებში. ეს ეპიზოდები მოიცავდა სამხედრო ჩარევის მოწონებას, როგორც ჩადენილი უსამართლობის გამოსწორების საშუალებისას ამა თუ იმ სახელმწიფოს შიგნით ან რომელსამე სახელმწიფოშო გაჩენილი შინაგანი პრობლემების ადმინისტრირების პოლიტიკური აქციის სახით. ცივი ომისდროინდელი სამშვიდობო ოპერაციებისაგან განსხვავებით, ამ ოპერაციებს ჩვეულებრივ არ ჰქონდა ხოლმე მიზანში ამოღებული სახელმწიფოს მთავრობის დასტური. ასეთი ოპერაციები ჩატარდა ერაყში, ყოფილ იუგოსლავიაში, ბოსნიაში, კოსოვოში, სომალიში, ჰაიტიზე, კამბოჯაში, ლიბერიაში და სხვაგან. თუმცა ცალკეულ ინტერვენციათა კანონიერება და სიბრძნე არც თუ იშვიათად დგება კითხვის ქვეშ სხვადასხვა სახელმწიფოთა მხრიდან _ მაგალითად, აშშ-ის მიერ იუგოსლავიის დაბომბვამ და ნატოს ინტერვენციამ კოსოვოში ვერ მიიღო გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერა, _ მაინც ამგვარი ჩარევის პრაქტიკა მოსალოდნელია გაგრძელდეს და გაეროში უშიშროების საბჭოს მხრიდან დიდი მხარდაჭერაც ჰქონდეს, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა.

მეორე გზა სუვერენიტეტის შემოზღუდვისა ევროპული ინტეგრაციაა. ეს იდეაც იშვა როგორც რეაქცია ჰოლოკოსტზე _ უბედურებაზე, რომელიც მრავალმა ევროპელმა ლიდერმა მიაწერა, ნაწილობრივ მაინც, სუვერენული სახელმწიფოს არა ანგარიშვალდებულებას მსოფლიოს წინაშე. ისტორიულად, ევროპის ინტეგრაციის ყველაზე ენთუზიასტი მხარდამჭერები კათოლიკური ქრისტიან-დემოკრატიული პარტიებიდან წარმოდგებოდნენ, რომელთა იდეალებს ფესვი ჰქონდა შუა საუკუნეთა ქრიასტიანობაში, სადაც, _ თეორიაში მაინც, _ არც ერთი ლიდერი არ იყო სუვერენული და ყველა მათგანი ანგარიშვალდებული იყო ღირებულებათა საყოველთაო სისტემის წინაშე. ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის თანამედროვე ენით ისინი ეხმაურებოდნენ პაპი ინოკენტი X-ის მიერ ვესტფალიის ზავის შეჩვენების ტექსტს.

ევროპის ინტეგრაცია დაიწყო 1950 წელს, როდესაც ექვსმა სახელმწიფომ პარიზის შეთანხმებით შექმნა “ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება”. ამ გაერთიანებამ შექმნა გაერთიანებული ევროპული ხელისუფლება ექვსი ქვეყნის მონაწილეობით ქვანახშირისა და ფოლადის საქმეთა სამართავად, რასაც მოჰყვა აღმასრულებელი კონტროლი მუდმივად არსებული ბიუროკრატიის ხელით და გადაწყვეტილებათა მიმღები მინისტრთა საბჭოს შედგენა, რომლის წევრები იყვნენ ამ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები. ეს მოდელი განივრცო საერთო ეკონომიკურ ზონად, რომელიც შეიქმნა რომის ხელშეკრულებით 1957 წელს. იგი კიდევ გააძლიერა ევროპის სასამართლოსა და ერთიანი ლეგისლატორის _ ევროპის პარლამენტის შექმნამ, რომელიც ევროპის მომცველი, პირდაპირი არჩევნებით დაკომპლექტებული კორპუსი იყო. დროთა მანძილზე ევროპის ინტეგრაცია კიდევ განივრცო (დღეს ეს ინსტიტუტი შედგება 15 წევრისაგან) და გაღრმავდა. 1991 წელს მაასტრიხტის ხელშეკრულებამ გააფართოვა მისი უფლებამოსილებები და გარდასახა იგი ევროპის კავშირად. დიდად დაშორებული იმ პრეტენზიას, რომ სახელმწიფოებს ჩაენაცვლოს, ევროკავშირი, უფრო, “კრებს” (პოოლს) მათი სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ასპექტებს “სუპრანაციონალურ” (ზეეროვნულ) ინსტიტუტად, რომელშიც მათი მოქმედების თავისუფლება ჩარჩოშია მოქცეული. ისინი აღარ არიან აბსოლუტურად სუვერენულნი. დღეს ევროპული ინტეგრაცია სწრაფად მიმდინარეობს. მისი ბირთვი სახელმწიფოები უკვე ფიქრობენ თავიანთი სათავდაცვო ძალების გაერთიანებასაც, გარკვეული მიზნებისათვის მაინც.

სუვერენული სახელმწიფოს ეს შემოზღუდვა საერთაშორისო ნორმებისა და სუპრანაციონალური (ზეეროვნული) ინსტიტუტების საშუალებით პარა¬ლელს პოულობს თანამედროვე ფილოსოფოსთა აზროვნებაში, რომელთაც იერიში მიაქვთ აბსოლუტური სუვერენიტეტის იდეასა და ცნებაზე. მათი აზროვნება არაა სავსებით ახალი, რამდენადაც ახალი დროის გარიჟრაჟზე ფილოსოფოსები, როგორიც იყო ჰუგო გროციუსი, ალბერტო ჯენტილა და ფრანცისკო სუარესი, თუმც კი იწყნარებდნენ სახელმწიფოს, როგორც ლეგიტიმურ (სამართლებრივ) ინსტიტუტს, მაინც ფიქრობდნენ, რომ მისი ძალაუფლება შეზღუდული უნდა იყოს და არა აბსოლუტური. მაგალითად, ულმობელი მთავარი უნდა დაქვემდებარებული იყოს მეზობელი მთავრების ზემოქმედებას, რომლებიც მას დისციპლინის ჩარჩოებში მოაქცევენ, რაც ფრიად და ფრიად წააგავს ჰუმანიტარული ჩარევის დღევანდელ იდეას.

შესაძლებელია, ორი ყველაზე გამოჩენილი თავდასხმა დღევანდელ სუვერენიტეტზე II მსოფლიო ომის აქეთ ფილოსოფოსთა შორის ეკუთვნით ბერტრან დე ჟუვენალს და ჟაკ მარიტენს. თავის შრომაში “სუვერენიტეტი. გამოკვლევა პოლიტიკური სიკეთის შესახებ” ჟუვენალი აღიარებს, რომ სუვერენიტეტი თანამედროვე პოლიტიკური ძალაუფლების არსებითი ატრიბუტია, რომელიც საჭიროა შინაგანი დისპუტების დასაცხრობად და კოოპერაციის (თანამშრომლობის) საორგანიზაციოდ გარეშეთაგან თავდაცვის საქმეში. მაგრამ იგი პირწმინდად უკუაგდებს სუვერენიტეტის თანამედროვე იდეას, რომელიც ქმნის წესებზე მაღლა მდგომ ძალას, _ ძალას, რომლის გადაწყვეტილებები ლეგიტიმურად უნდა ჩაითვალოს, უბრალოდ, იმიტომ, რომ ისინი ამ ძალისაგან მომდინარეობენ. ჟუვენალის აზრით, სუვერენიტეტის იდეამ თავის მწვერვალს მიაღწია ჰობსის აზროვნებაში, რომლის “საზარელ კონცეფციაშიც ყოველივე დაიყვანება იძულების საშუალებებამდე, რომელიც სუვერენს საშუალებას აძლევს, გამოცეს უფლებები და ქვეყანას უკარნახოს კანონები, როგორც მოეხასიათება. მაგრამ თვით ეს იძულების საშუალებები მხოლოდ ერთი ნაწილია სუვერენის ხელში თავმოყრილი ძალისა”. მიუხედავად მათი ურთიერთგანსხვავებისა სუვერენიტეტის ადგილისა და ფორმის თაობაზე, შემდგომ მოაზროვნეებს ლოკის, პუფენდორფისა და რუსოს სახით “ენებათ თავის თავზე გამოეცადათ ამ მექანიკურად სრულყოფილი კონსტრუქციის მიმზიდველი ძალა”. ეს იყო “თვით სუვერენიტეტის ტრიუმფის საათი”, რომლის უარსაყოფად მას აქეთ კადნიერება არავის ეყოფა”.

როგორც გვაგრძნობინებს მის მიერ ჰობსის გადმოცემა, ჟუვენალი ახალი დროის დამდეგის აბსოლუტურ სუვერენობას დიდი შეშფოთებით განიხილავს. “თვით ეს იდეა სახიფათოა” _ წერს იგი. მაგრამ ის ამ იდეის გადაგდებას კი არ ითხოვს, არამედ მიაჩნია, რომ სუვერენიტეტი წარმართულ უნდა იქნას იმგვარად, რომ სუვერენული ხელისუფლება არ ინდომებდეს არაფერს ისეთს, რაც არ არის კანონიერი. მორალი, რომელიც არანაირად არ არის დამოკიდებული სუვერენის ნებაზე, დამოუკიდებელი ჭეშმარიტობის მატარებელია. მიჰმართავს რა თვალს “ქრისტიანი მოაზროვნეების” პერსპექტივისაკენ, იგი ამბობს, რომ “არსებობენ ისეთი ნებანი, რომლებიც სამართლიანნი არიან, და ისეთი ნებანი, რომელ¬ნიც უსამართლონი არიან”. ამგვარად, “ძალაუფლებას ახლავს ვალდებულება, რომ ბრძანოთ ის, რისი ბრძანებაც ჯერ არს”. ეს ძალაუფლების ის გაგებაა, რომელიც ჰქონდა “ანსიენ რეჟიმს” (“ძველ რეჟიმს”, საფრაგეთის მონარქიას 1789 წლის რევოლუციამდე. რედ.), რომლის თანახმადაც კარგ მრჩეველებს შეეძლოთ მონარქის ძალისხმევა მიემართათ საერთო სიკეთისაკენ. რას ძალუძს დღევანდელი სუვერენიტეტის წარმართვა? ჟუვენალი, როგორც ჩანს, ეჭვობს, რომ ამისათვის კმაროდეს იუსტიციური ან კონსტიტუციური სქემა. მას, უფრო, იმის იმედი აქვს, რომ ასეთ “რჩევას” მოიცემს მოქალაქეთა საერთო მორალური წარმოდგენები, რომლებიც მოქმედებს სუვერენის არჩევანების ჩარჩოში მოქცევის მიმართულებით.

თავისი წიგნის “ადამიანი და სახელმწიფო” (1951) II თავში მარიტენი სუვერენიტეტის მიმართ იმ შეზღუდულ სიმპათიასაც არ იმეტებს, რასაც მისდამი ჟუვენალი იჩენს: “ჩემი რწმენაა, რომ პოლიტიკური ფილოსოფია უნდა გათავისუფლდეს ამ ცნებისაგან _ “სუვერენიტეტისაგან”, არა იმიტომ, რომ იგი მოძველებულია, ამ “ობიექტური კანონის” სოციოლოგიურ-იურიდიული თეორიის გამო, და არც მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ცნება ქმნის აუარებელ გადაულახავ სიძნელეებს და თეორიულ ხლართებს საერთაშორისო სამართლის სფეროში, არამედ იმიტომ, რომ, თუ მას განვიხილავთ მისი ნაღდი (გენუინური) მნიშვნელობის მიხედვით და იმ საკუთრივ მეცნიერული სფეროს პერსპექტივის თვალსაზრისით, რომელსაც იგი (ეს ცნება) ეკუთვნის _ პოლიტიკური ფილოსოფიის თვალსაზრისით, _ მაშინ ეს ცნება (იდეა) შინაგანად ყალბია და გარდუვალად გზიდან ამცდენია _ თუკი მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ მან მეტისმეტად დიდხანს და მეტისმეტად ფართოდ იარსება საიმისოდ, რომ უფლება გვქონდეს მისი უკუგდებისა, და მასში გაუთვალისწინებელი რჩება ის ყალბი კონნოტაციები (თანმხლები მნიშვნელობები), რომლებიც მისგან განუშორებელია”.

ბოდენისა და ჰობსის შეცდომა ის იყო, რომ მათ სუვერენიტეტი მოაზრებული ჰქონდათ, როგორც ძალაუფლება, რომელიც ხალხს პერმანენტულად გადააქვს და რომელსაც ასხვისებს გარეგან ერთეულზე, ამ შემთხვევაში _ მონარქზე, იმის ნაცვლად, რომ იყოს ხალხის წარმომადგენელი და იყოს ანგარიშმგებელი ამ უკანასკნელის წინაშე. სუვერენი, ამ კონცეფციის მიხედვით, გახდა ტრანსტენდენტური ერთეული, რომელსაც უპყრია ამ ხალხის მართვის უფლება, ამ უკანასკნელისაგან დამოუკიდებლად. ჟუვენალის მსგავსად, მარიტენი გმობს სუვერენის ნების ეგზალტაციას იმ ზომამდე, რომ სამართლიანად მივიჩნევდეთ იმას, რაც ამ ნების ინტერესს ემსახურება. ეს კერპთაყვანისმცემლობაა. ყოველივე გადაცემა პოლიტიკური კორპუსის (“სხეულის) ძალაუფლებისა თუნდ მისსავე ნაწილზე, თუნდ რამე უცხო ერთეულზე, _ სახელმწიფო აპარატი იქნება ეს, მონარქი თუ თვით ხალხიც კი, _ უკანონობაა, რადგან მთავრობის ჭეშმარიტობა (ვალიდიტყ) ეფუძნება მის კავშირს ბუნებითს სამართალთან. სუვერენიტეტი შობს სამ ფუნქციისეულ დარღვევას. პირველი. მისი საგარეო განზომილება გაუგებარს (“მოუაზრებადს”) ხდის საერთაშორისო სამართალს და მსოფლიო სახელმწიფოს (ერთსაც და მეორესაც მარიტენი დიდი სიმპათიით ეკიდება). მეორე. სუვერენიტეტის საშინაო განზომილება, აბსოლუტური ძალა სახელმწიფოსი პოლიტიკური კორპუსის (“სხეულის”) მიმართ იწვევს ცენტრალიზმს და არა პლურალიზმს. მესამე. სუვერენული სახელმწიფოს უზენაესი ძალა ეწინააღმდეგება ანგარიშვალდებულების დემოკრატიულ იდეას.

ვინაიდან მარიტენი კათოლიკე ფილოსოფოსია, მისი არგუმენტაცია მსგავსია ახალი დროის დამდეგის ევროპის ქრისტიანი ფილოსოფოსების არგუმენტებისა, რომელნიც აკრიტიკებდნენ აბსოლუტურ სუვერენიტეტს. რაკი მოწმენი იყვნენ სახელმწიფოს, როგორც საშინელი ერთეულის, აღზევებისა, ისინი ცდილობდნენ საზღვარი დაედოთ მისი ძალისა და ძალაუფლებისათვის. ისინი იმათი წინაპარნი არიან, ვინც დღეს მოითხოვს საზღვრის დადებას სუვერენიტეტის ძალისა და ძალაუფლებისათვის ადამიანის უფლებათა სახელით, გენოციდის და სხვა უბედურებების აღკვეთის უფლების სახელით, _ საერთაშორისო სისხლის სამართლისაგან და იმ ზეეროვ¬ნული ერთეულებისაგან დახმა¬რების მიღების სახელით, რომელნიც ძალას იძენენ ეკონომი¬კური საქმეების სამართავად და ახლა, შესაძლოა, სამხედრო საქმეების სამართავადაც.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s