Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ საბრძოლო ხელოვნება

ქართული საბრძოლო ხელოვნება ათასწლეულებს ითვლის

 

ქართული ხმლის წონა 500 გრამს შეადგენს. საოცარი ძალა ჰქონდა მას. დღემდე მოგვიტანა ეროვნული მეობა ქართულმა ხმალმა და ქვეყნისთვის სიყვარულით ანთებული გმირების მარჯვენამ.

თანდათან დავიწყება იპყრობს ყველაფერს. ძველი ოსტატები აღარ არიან, აღარც ხმლით სჭირდება ვინმეს ბრძოლა. მუზეუმებსა თუ ისტორიულ სახელმძღვანელოებსღა შემორჩა ქართული მადლიანი ხმალი და საოცარი ბრძოლის ამბები…

კახა ზარნაძე 500 გრამიანი ქართული ხმლის გაჭედვაზე მუშაობსო, ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ. კარგად გვენიშნა. კიდევ იბრძვის ვიღაც ეროვნული განძის, ცოდნის გადარჩენისთვისთქო. ახლა,როცა ქართველობის დისკრიმინაციას მავანნი აქტიურად ეწევიან, ახლა, როცა ქართველების გაუცხოება ყოველივე ქართულის მიმართ ინტერსიურად მიმდინარეობს, თითოეული ნაბიჯი ჩვენი მეობის შენარჩუნებისთვის გადადგმული, თითქმის გმირობის ტოლფასია, იქნება ეს ქართული საბრძოლო ხელოვნების, ილეთების მოძიება თუ ჭედური ხელოვნების გაცოცხლება, რაც კახა ზარნაძის სახელს უკავშირდება.

ქართული საბრძოლო ხელოვნება ათასწლეულებს ითვლის. ის, რაც დღეს ხრიდოლის სახელით არის ცნობილი, საუკუნეებიდან საუკუნეების მანძილზე თაობიდან თაობას გადაეცემოდა. რაც დღემდე შემორჩა და, რაც კახა ზარნაძის, ლევან კიკალიშვილის და ზურაბ ალავიძის დიდი მონდომებისა და გულმოდგინე ჯაფის შედეგად არ დაიკარგა, მხოლოდ 7% თუ გახლავთ იმისა, რაც კი არსებობდა საქართველოში, თუმცა ყოველივე ამის შესახებ თავად კახა ზარნაძე უკეთ მოგვითხრობს.

– ის ხალხი, ვისგანაც საბრძოლო ხელოვნების ილეთები ვისწავლე, უკანასკნელი მოჰიკანები იყვნენ, ვისაც თავიანთ მამა-პაპათაგან მიღებული ჰქონდათ სერიოზული ცოდნა. ხშირ შემთხვევაში ამას სისტემურობის ხასიათი აღარ ჰქონდა. რადგან ისინი ბევრნი იყვნენ, მათი მონაყოლის და ნასწავლის ბაზაზე სისტემის შეკვრა მაინც მოხერხდა. უკვე 15 წელია ამ საქმიანობით ვარ დაკავებული.

ჩემი პირველი შეხება საბრძოლო ხელოვნებასთან 1986 წელს მოხდა. სოფელ უკანაფშავში არდადეგებზე ვიყავი წასული. იქ გავიცანი ჩემი მეგობრის, ოლეგ სოხურაშვილის ბაბუა ავთანდილ სოხურაშვილი. მან პირველმა მაზიარა ისეთ ისტორიულ ფაქტებს, რასაც მე სხვა ფილოსოფიურ მიმდინარეობებში თუ სისტემებში ვეძებდი. ამ პერიოდისათვის აღმოსავლური სისტემით ვარჯიშის ათწლიანი გამოცდილება მქონდა. ეს პიროვნება ჩემთვის ცოცხალი მემატიანე იყო.

საქართველოს ისტორიას და ეთნოგრაფიას პირველად ამ კაცის შემწეობით შევეხე სხვა კუთხით. ბრძოლის კანონებს, ადათ-წესებს, მებრძოლთა ყოფას და მათ ცნობიერებას ვსწავლობდი. მან გამიხნა ეს კარი. იგი ისეთ რამეებს მიყვებოდა, რასაც ვპოულობდი ჩინურ, აღმოსავლურ, იაპონურ, ინდურ მითოლოგიაში და იქაური სხვადასხვა ფიზიკური აღზრდის სისტემებში. საბრძოლო ხასიათის სისტემებზე მაქვს საუბარი. როცა დაინტერესება შემატყო, თავის ძმადნაფიცთან გამაგზავნა, მე პრაქტიკულად ვიცი, ჩემზე უკეთ კი მან იცისო. აქედან მოყოლებული დავდივარ და ვკრიბავ ასეთ ილეთებს. ჩემი მასწავლებლები იყვნენ: გიგი წიკლაური, მიხა არაბული, რეზო გულბანი, რამოდენიმე ათეული ადამიანი. ხრიდოლზე ინფორმაცია მალხაზ გველუკაშვილის ბაბუისგან, გიორგი გველუკაშვილისგან მაქვს. ბატონ გიორგის მუშტით დათვი ჰყავდა მოკლული. მარჯვენა ხელის მაჯაზე ატარებდა გველის ტყავს, ძალიან მისტიკური პიროვნება იყო. ქართლოს ლიპარტელიანმა დათვი ხელით დააღრჩო, ხოლო რეზო გულბანმა სტუმრობისას ძმაკაცი გამაცნო, რომელმაც ორჯერ დააგდო დათვი ბეჭებზე. როგორ ეჭიდავე დათვს-მეთქი – გავოცდი. მაგას რა უნდოდა, ილეთები არ იცოდაო. იქვე მაჩვენა ის ფანდები. მეტი წილი ილეთები მათგან ვისწავლე.

სიახლეს ხრიდოლის შესახებ დაცინვით შეხვდნენ

– პირველად 1989 წელს გავაკეთე მოხსენება, რომ ასეთი რამ არსებობს საქართველოში. ჩამოყალიბდა ქართული და აღმოსავლური ორთაბრძოლის ასოციაცია. დამფუძნებულია სხდომას 145 დელეგატი ესწრებოდა. ყველა კარატისტი, კუმფუისტი და ა. შ. იყო. როცა ვთქვი, ასეთი რამ არსებობს საქართველოში-მეთქი, სიცილი დამაყარეს. ერთადერთი პიროვნება, ვინც სერიოზულად დაინტერესდა ამით, ბატონი დავით თევზაძე იყო. დღესაც არ დაუკარგავს ინტერესი და სერიოზული კონტაქტები გვაქვს. სხდომაზე რომ დამცინეს, სამი პიროვნება ჰაერში დავრჩით გამოკიდებული. გული მეტკინა, სულ ეგ არის თქვენი ქართველობა-მეთქი? წამოვედი და მარტომ გავაგრძელე მუშაობა ამ საქმეზე. მივხვდი, თუ დოკუმენტი არ მექნებოდა, ზეპირად ვერავის ვერაფერს გავაგებინებდი. ამ დროიდან მოყოლებული ყოველ სიტყვას, ყოველ ნაბიჯს ვაფიქსირებ ვიდეოკამერით, ფოტოაპარატით, ჩანაწერებით.

პირველი ვარჯიშები კონსერვატორიაში ტარდებოდა?!

– მოგროვებული მასალის ბაზაზე 1993 წელს ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია “ხრიდოლი” ჩამოვაყალიბეთ სამმა კაცმა: მე, ლევან კიკალეიშვილმა და ზურაბ ალავიძემ. ჩვენ ერთი იდეოლოგიით ვიყავით გამსჭვალული. პარადოქსია, მაგრამ პირველი ვარჯიშები კონსერვატორიაში, სპორტულ დარბაზში ტარდებოდა. ბატონი ზურა კონსერვატორიაში დეკანი იყო მაშინ.

აღიარება

– პირველი სერიოზული აღიარება გვქონდა 1995 წელს, როცა აქ ჩამოვიდა იუნესკოს კომისია როჟე ბამუკის ხელმძღვანელობით. ეს კომისია სწავლობდა ნაციონალური სპორტის და ტურიზმის საშუალებებს და სახეობებს საქართველოში. მაშინ სპორტის დეპარტამენტიდან დაგვიკავშირდა ბატონი ვაჟა ნუცუბიძე და გვითხრა, ერთადერთი ორგანიზაცია, ვინც საქართველოში ასეთ რამეს აკეთებს, თქვენა ხართ და იქნებ რამე გვიშველოთო. ჩვენც სპორტის სასახლეში მოვაწყვეთ ჩვენება. 48 ილეთი გავიტანეთ და ამხელა ზორბა ზანგი აღფრთოვანების ნიშნად ტრიბუნებიდან ჩამოვიდა და ხელს გვართმევდა. ვაჩვენეთ სვანური, რაჭული ჭიდაობები, ხევსურული სათითეები, კრივის ნაირსახეობები, ხიტკისია – მეგრული თვალხვეული ხანჯლაობა… გაოგნებულები დარჩნენ.

სვანური ჭიდაობა 3000-4000 წელს ითვლის

საქართველოში ფიქსირებულია 23 ნაირსახეობის ჭიდაობა. ქართული ჭიდაობა სინამდვილეში 6 ნაირსახეობის ჭიდაობის ელემენტებისგან შედგება. შიგნით არის ხევსურულის, რაჭულის, სვანურის ფანდები, ქართლ-კახური ჭიდაობები ამის ბაზაზეა მთლიანად გაკეთებული.

სვანეთში ორი სახეობის ჭიდაობაა, ერთი გუნდური სახეობაა, მეორე – ერთი-ერთზე. ჩვენი ზოგიერთი სისტემა თავისი ასაკით 3000-4000 წელს აბიჯებს. სვანურ კრიობებში: ლიგჯგუბელში და ლივიჯდიგელში სანამ იკრივებდნენ, წინ ფერხული და როკვები მიმდინარეობს ხარის ტოტემის თაყვანისცემის ნიშნად. რქებივით იჭერენ ხელებს. მიდის ყმუილი და ხარების ბუღრაობის რიტუალი თამაშდება. ძნელი მისახვედრი არ არის, ამ შემთხვევაში ხარის კულტთან გვაქვს საქმე და კიდევ რამდენ ათასწლეულს ჩადის ქვევით მისი ასაკი, ღმერთმა იცის. მით უფრო, რომ სვანეთში ისეთი მედალიონებია ნაპოვნი, რომელზეც მინუსის ტაძრის საკულტო სცენებია აღბეჭდილი. იქაც მინოტავრი, აქაც ხარის კულტთან დაკავშირებული სცენები. აღარ ვსაუბრობ თუშეთზე, ხევსურეთზე. იმდენი იშვიათი ცოდნა გაგვაჩნია ქართველებს, მოიხიბლება კაცი, მეტი რომ არაფერი ვთქვათ.

18 კუთხური ცურვის ნაირსახეობა გვაქვს საქართველოში, ხოლო უამრავი – ზუზიების, შხამის სწრაფად მომაკვდინებელისა.

რატომ დაიხურა ფედერაცია “ხრიდოლი”?

– როცა დაინახეს, ასეთი რამ კეთდებოდა, დაიწყეს პარალელური სტრუქტურების შექმნა. გაიხსნა ქართული აიკიდოს სკოლები, ქართული მუშტის, ქართული კრივის ფედერაციები. ჩვენ იძულებული გავხდით დაგვეხურა ფედერაცია, რადგან პარალელურმა სტრუქტურებმა ყველაფერი ერთმანეთში აურ-დაურია. ყველაფერს “ხრიდოლი” დაერქვა, თუმცა ფედერაციის დახურვის მთავარი მიზეზი, ალბათ, მაინც პლაგიატების არსებობა იყო. დღეს არ არსებობს კანონი, რომლის ძალითაც პასუხს აგებინებ ადამიანს, რომელიც შენი სახელით სარგებლობს და ბეჭდავს ფულს. რადგან ინფორმაცია მხოლოდ ჩვენ გვაქვს, რამდენიც არ უნდა იხტუნონ, მაინც გაიჭედებიან. მეორეც, ისინი იძულებული გავხადეთ, კვლევა თავად გააგრძელონ და ქვეყნისთვის ცოტა კეთილი საქმე მაინც გააკეთონ. თუ მე გამომრჩა და ვერ ვნახე ვინმე, იქნებ იმათ მაინც მიაკვლიონ და ცოდნა გადარჩეს, არ დაიკარგოს. იქნებ ამ მხრივ მაინც გახდნენ სასარგებლონი.

…და დაიწყო ქართული საბრძოლო ხელოვნების მეცნიერული კვლევა

– 1995 წელს ამ საკითხთან დაკავშირებით სპორტის დეპარტამენტში კოლეგიის სხდომა მოეწყო. ფიზკულტურისა და სპორტის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს ბატონ იაშვილს მიეცა მითითება ნაციონალური სპორტის განყოფილების შექმნის შესახებ. განყოფილების უფროსად მე ამიყვანეს. ორი წელი ვიმუშავე. შევეჩვიე მეცნიერული ხასიათის კვლევას. კვლევით ცენტრს დაერქვა “ჯგირაკი”, რაც წმინდა გიორგის ნიშნავს.

დღეს კვლევით ცენტრში სხვადასხვა მიმდინარეობები არსებობს, ჭიდაობები ცალკეა, კრივი, ფარიკაობა, მშვილდოსნობა ცალკე. საბრძოლო ხელოვნებას “ვეფხისტყაოსანში” სამამაცო ზნე ჰქვია. ამ ტერმინს ხმარობს არჩილ მეფე, ვახუშტი ბატონიშვილი. თვით “ილიადასა” და “ოდისეას” ქართულ თარგმანებშიც გვხვდება “ზნენი სამამაცონი”.

ევროპას კონდახიანი მშვილდების შექმნაში 14 საუკუნით გავუსწარით

– თავის დროზე აკადემიკოს ვასო ელიაშვილს მოსკოვიდან იუნესკოს ეგიდით მიეცა დავალება, სსრკ-ს ტერიტორიაზე მშვილდოსნობის ისტორია გაეკეთებინა. მსოფლიოში ისრის მოწევის სულ ხუთი ხერხია ცნობილი. ჩვენდა საამაყოდ უნდა ითქვას, რომ ბატონმა ვასომ იმ ხუთისგან განსხვავებით კიდევ ხუთი მარტო საქართველოში აღმოაჩინა. ერთი ჩვენც დავუმატეთ, ახლა უკვე 6 ხერხი არსებობს. აღარ ვსაუბრობ კონდახიან მშვილდებზე, რომლებიც საქართველოში ძველი წ. აღ-ის მე-2 საუკუნეში ფიქსირდება, ევროპა კი მას მე-12 საუკუნემდე არ იცნობს.

რატომ იბრალებენ სომხები საქართველოში ჭედვის ოსტატობას?

– წლების მანძილზე მუშაობამ უამრავი ილეთი დააგროვა. აუცილებელი გახდა ისეთი იარაღის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა ამ ილეთების შესრულებისას. ქარხნული წესით დამზადებული იარაღით ვერ ფარიკაობ, ხარისხი არ უვარგა. გადავწყვიტეთ, ბედი ცივი იარაღის გაჭედვაშიც გვესინჯა.

საქართველოში 12 ნაირსახეობის დანა, 15-ზე მეტი ტიპის ხმალი და 25 შუბის ნაირსახეობა გვაქვს. მშვილდებზე ხომ დილიდან საღამომდე შეიძლებოდა საუბარი.

რატომღაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, ისტორიულად იარაღი ჩრდილოეთ კავკასიაში კეთდებოდაო, რაც სიმართლე არ გახლავთ. მადანი, რომლითაც იარაღი იჭედებოდა, რაჭაში იყო. იქვე მზადდებოდა და შემდეგ შესამკობად გადაჰქონდათ დაღესტანში, სადაც ვერცხლზე მუშაობდნენ.

თუ რამე ლიტერატურა გამოდიოდა საბჭოთა კავშირში ცივ იარაღზე, ყველას ავტორი სომეხია. ასავატურიანმა დაწერა “კავკაზსკოე ორუჟიე”, სადაც მითითებული აქვს, რომ მე-19 საუკუნეში თბილისში სულ 8 ქართველი მჭედელი, 60 სომეხი, 10 რუსი და 7 მუსულმანი იყოო. პრაქტიკულად, გაგვასწორა მიწასთან. კი, მაგრამ საიდან ამდენი იარაღი, დღესაც რომ გააქვთ საქართველოდან? ან თბილისში რატომ მუშაობდა 60 სომეხი მჭედელი და არა ერევანში? ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ კარგად გათვლილი პოლიტიკური ნაბიჯია და ბოროტი ადამიანის ზრახვები. ყველაფერს გვითახსირებენ. იციან ქართველი კაცის ბუნება, თუ წელში არ გაიშალა და თავისი წარსულით ვერ იამაყა, მოიხრება, მოიკუტება და ადვილად სამართავი გახდება.

ერთი ხმალი რომ გავჭედოთ, 90 სმ სიგრძის პირით, დაახლოებით 3 თვე სჭირდება. წელიწადში მარტო ამით რომ ვიყო დაკავებული, 4 ხმალზე მეტს ვერ გავჭედავ. წარმოიდგინეთ, რამდენი მჭედელი იქნებოდა საქართველოში და რამხელა სიცრუეა, სომხები ჭედავდნენ იარაღსო.

ქართული საბრძოლო ხელოვნების კვლევით ცენტრ “ჯგირაკთან” არსებული საექსპერიმენტო სამჭედლო “ამირანის” ნამუშევრები მსოფლიოს შვიდ პრეზიდენტს აქვს, როგორც კახა ამბობს. მათ შორის არიან აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ირანის პრეზიდენტები, აგრეთვე საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი, აიკიკაი წყნარი ოკეანის ფედერაციის პრეზიდენტი მერვე დანის მფლობელი ჰიდოკი შიოკირა და დუმაის შეიხი. ამ სკოლის ჭედურობის ხელოვნებით აღფრთოვანებულმა გერმანიის პრინცმა კი ხელით ნაკეთები ხანჯლისათვის სიგელი გადასცა და ჰერცოგის ტიტული მიანიჭა კახა ზარნაძეს.

ვინ არის კახა ზარნაძე?

– ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში არსებობდა მენაკთა რიგები, მას ერთგვარი ჯარის სისტემა ჰქონდა. არსებობდა 9 საფეხური, რომელთაგან ყველაზე დაბალი შეგირდი იყო, ხოლო ყველაზე დიდი მოძღვარი. თუ ადამიანი ორ შვიდეულს (14 წ.) არ ითვლიდა დაბადებიდან, შეგირდი ვერ გახდებოდა, მოძღვრობისთვის კი ცხრა შვიდეული იყო აუცილებელი, ბოლოს ყველაფერი კიბერობამდე მიდიოდა, რადგან ყველაგზა უფალთან მთავრდება.

არსებობდა წოდება მესვეური, რომელიც მენაკთა რიგში არ ჯდება. იგი გზის გამკვლევია, შავი მუშაა, რომელსაც ცოდნის შენახვა ევალება. მეც სწორედ ამ ფუნქციას ვასრულებ დღეს.

 

მანანა ლობჯანიძე

P. S. ცხადია, იმითაც დავინტერესდი, ჩემს რესპოდენტსაც თუ შეეძლო დათვის დადება ბეჭებზე. თეორიულად ვიცი, თუმცა ჯერ პრაქტიკაში ამგვარი შემთხვევა არ მქონიაო, გაიცინა.

ჩვენის მხრივ ამას დავამატებთ, ღმერთმა უმრავლოს საქართველოს “მესვეურნი” და არა მარტო დათვის, მტრის ბეჭებზე დადებაც შესძლებოდეთ მალე. 

“საქართველო ”  # 7 (1778)
2 ივლისი, 2002 წელი

 

Advertisements

One Response to “♦ საბრძოლო ხელოვნება”

  1. ძალიან ვარ დაინტერესებული ხრიდოლის ხელოვნების შესახებ ისტორიული წყაროებით. სამწუხაროდ საქართცველოში არ ვიმყოფები, ამიტომ არ ვიცი ვის და როგორ მივმართო დახმარებისათვის და როგორ მივაწვდინო ხმა. გთხოვთ დამეხმაროთ!

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s