Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ისტორიული ძეგლები და ტოპონიმები

ავთანდილ სონღულაშვილი – “სამხრეთ ოსეთი” საქართველოში?!  

ისტორიული ძეგლები და ტოპონიმები

ზოგიერთი ოსი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ოსები უძველესი დროიდან ცხოვრობენ შიდა ქართლში, ანუ ე. წ. ყოფილ “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” ტერიტორიაზე. თუ ეს ასეა, მაშინ მათ კულტურა უნდა დაეტოვებინა – თუნდაც მცირე ნაკვალევი ამ მიწაზე. მაგრამ ის არსად არ არის: ყველაფერი, რაც ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” ტერიტორიაზე აღმოჩნდა არქეოლოგიური გათხრების შედეგად და ყველაფერი რაც ხელოვნებათმცოდნეების მიერ შემჩნეული და შესწავლილი იქნა მიწის ქვეშ თუ მიწის ზევით _ მხოლოდ ქართულია21.

ჩვენთვის საინტერესო ტერიტორიაზე ადამიანის დასახლება პალეოლითის ხანიდან დაიწყო. ამ ეპოქის ადამიანთა სადგომები აღმოჩენილია სოფლებში ლაშებალთაში, ნაგუთნში, ფიჩიჯინში, ძაღინაში, თიღვაში (ყოფილი ზნაურის რაიონი), დამპალეთში, კვერნეთში, თამარაშენში (ცხინვალის რაიონი), მორგოში, წრუში (ჯავის რაიონი) და სხვ. ამავე ეპოქას განეკუთვნება წონისა და კუდარო I-ის პალეოლითური გამოქვაბულები.

ნეოლითის ძეგლები აღმოჩენილია ჯურმუგის მთაზე, სოფელ ფიჩიჯინში, ნაგუთნში, წნელისში, რუსთავში და სხვ. ენეოლითის ხანის ძეგლები აღმოჩენილია ნაცარგორის ბორცვებზე (ცხინვალის მიდამოები) აქვე აღმოჩენილია თიხის ჭურჭელი, ნამგლის კაჟის ჩასართავები. ქვის მარცვლის სანაყები და სხვ. ძვ. წ. III ათასწლეულის ბრინჯაოს ეპოქის ძეგლები გამოვლინდა სოფელ ძაღინაში, ნულში, გუფთაში და ა. შ.

ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარში შიდა ქართლის, კერძოდ, ყოფილი ოლქის ტერიტორიაზე გაჩნდა ლითონის დასამუშავებელი კერები. შუა ბრინჯაოს ეპოქაში მეტალურგიასთან ერთად ვითარდებოდა მიწათმოქმედება ბარში და მეცხოველეობა (კერძოდ, მეცხვარეობა) მთაში. გვიანდელი ბრინჯაოს ხანის დასაწყისში საქართველოს ტერიტორიაზე გამოიკვეთა რამდენიმე კულტურული კერა, რომლებიც მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან, მაგრამ ამავე დროს გარკვეული თავისებურებებითაც ხასიათდებოდნენ.

აღმოჩენილი არქეოლოგიური კომპლექსები ადასტურებენ შიდა ქართლის ახლო ურთიერთობას დასავლეთ საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიასთან. ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოს და I ათასწლეულის დასაწყისში აქ აღსანიშნავია რკინის ათვისება. ძვ. წ. VII საუკუნიდან რკინის ნივთების წარმოებამ მასობრივი ხასიათი მიიღო. ამ პერიოდს განეკუთვნება ოჟორის სამარხებში გამოვლენილი რკინის ინვენტარი (ძვ. წ. VII-VI სს.) კომპლექსები. “ახალგორის განძი” (საგურამოს სამარხი) და ყანჩაეთის სამარხები (ძვ. წ. VI-IV სს.) ასახავს სამხედრო დემოკრატიიდან უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლის ეტაპს.

ანტიკური ხანის ძეგლები აღმოჩენილია სოფელ სოხთაში, ურსძუარში, როკში, დირგინაში, ჯრიაში, სტირფაზში, პატკნეთში, არკნეთში, ოჟორაში, მონასტერში და სხვ.22

აღნიშნული მიდამოების ხუროთმოძღვრულ ძეგლთა შესწავლა, ხელოვნების ისტორიის თვალსაზრისით, 1935 წელს დაიწყო, რასაც სათავე დაუდო გ. ჩუბინაშვილის მიერ ქსნის ხეობაში ჩატარებულმა ექსპედიციამ.

IV საუკუნიდან ქართლის სამეფოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ აქ მრავალი ტაძარი აიგო, რომელთაგან აღსანიშნავია ვახტანგ გორგასლის მიერ V საუკუნეში აშენებული ნიქოზის ბაზილიკა. საკულტო მშენებლობა განსაკუთრებით ინტენსიური იყო VIII-IX საუკუნეებში. ამ პერიოდს მიეკუთვნება ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ისეთი ძეგლები, როგორიცაა არმაზი (ქსნისა (864 წ.), წირქოლი (IV ს.) კაბენი ყანჩაეთისა (X-XIII სს.), თიღვა (1152 წ.), იკორთა (1172 წ.), ხოფის ეკლესია და სატრაპეზო (XIII ს.), თირის მონასტერი (XIV ს.), ძაღინის სასახლის კომპლექსი (VII ს.) და სხვ. შემოინახა აგრეთვე ქართული რელიეფური ქანდაკებისა და მონუმენტური მხატვრობის არაერთი მნიშვნელოვანი ნიმუში.

მკვლევართა ყურადღებას იპყრობს სოფელ კუსირეთის ტაძარი (ქ. ცხინვალის მახლობლად) და მეჯუდის ხეობაში სოფელ ბიეთის ზევით დაცული ნახევრად გამოქვაბული ეკლესია.

არაგვისა და ქსნის ხეობების დასაცავად VIII-IX საუკუნეებში აგებული ციხეები წირქოლსა და გრუაში, როგორც ჩანს, ძლიერი იყო იმდენად, რომ მათი დაუფლება ყოველთვის დავის საგანს წარმოადგენდა დიდებულთა შორის.

IX საუკუნის ბოლოდან ვიდრე XI საუკუნის დასაწყისის ხანამდე შიდა ქართლის ერთი კუთხის მთავრებად ტბელთა საგვარეულოს წარმომადგენლები ხდებიან. ტბელთა სამთავროს მნიშვნელობა გაზრდილი იყო იმით, რომ აქ გადიოდა გზა ჩრდილოეთ კავკასიაში. ეს გზა გამაგრებული იყო ციხეებით და კოშკებით _ აჩაბეთის, კეხვის და სხვა ციხეებით. ციხეები აგებული იყო აგრეთვე ვანათში, აწრისხევში, ბიკარში და სხვაგანაც. ციხე-ალავნები ჰქონდა ეკლესიებსაც და მონასტრებსაც, რომლებიც საჭირო შემთხვევაში თავდასაცავ გამაგრებულ პუნქტებად იქცეოდნენ ხოლმე.

ინტენსიურად გაშლილ მშენებლობას პოლიტიკურად და ეკონომიკურად გაძლიერებულ ამ ფეოდალთა პერიოდში მოწმობს რიგი ჩვენამდე მოღწეული ძეგლები: ერედვის წმინდა გიორგის ეკლესია, ე. წ. ბერის საყდარი, ხეითის საბაწმინდა, დოდოთის ცხრაკარა, ტბეთის ბორცვისჯვრის ეკლესია, ნიქოზის მცირე გუმბათიანი ეკლესია, ჭარები და სხვ.23

XX საუკუნის 30-ანი წლებიდან ცხინვალის რეგიონში ე. წ. “სამხრეთ ოსეთში” დაიწყო და, სამწუხაროდ, საქართველოს მაშინდელ ხელმძღვანელთა თანხმობით მიმდინარეობდა ქართული სახელების ოსურით შეცვლა24. საერთოდ, ოსები ან თარგმნიან ქართულ ტოპონიმებს, ანდა ფონეტიკურად ისე ცვლიან, რომ საქმეში ჩაუხედავ მკითხველს მათი შემქმნელი ოსი ხალხი ეჩვენება25.

ოსურ მოსახლეობაში ზოგი ქართული ტოპონიმი ოსური ლექსიკის მიხედვით გამოითქმოდა, ხოლო ნაწილს თავიანთ ენაზედ ეძახდნენ ამა თუ იმ სახელს. მიუხედავად ამისა, დღესაც ნაკლებად არის გარდაქმნილი ტოპონიმები და თვით არაქართული დასახლებების სახელწოდებათა უმრავლესობა ქართულია. შეიძლება დავასახელოთ _ წინუბანი, მამულაანი, ციხის სოფელი, მონასტერი, მსხლები, ნადარბაზევი და სხვა სახელები.

შიდა ქართლის ჩრდილო ტოპონიმებისათვის, განსაკუთრებით მიკროტოპონიმებისათვის, დამახასიათებელია ოსური ლექსიკის მიხედვით გაფორმება, რაც იწვევს ჩრდილო ოსეთის ზოგი ტოპონიმის განმეორებას. ასეთი ტოპონიმები უმთავრესად გვიან შუასაუკუნეებში წარმოიშვა.

ტოპონიმთა ჩამოყალიბება და განვითარება პირველ რიგში დამოკიდებულია მოსახლეობის მდგომარეობასა და მათი ლექსიკის მრავალფეროვნებაზე. გეოგრაფიული სახელწოდებები ქვეყნის ბუნებრივი ხასიათის, ხალხის ყოფისა და ისტორიის სარკეა. ადამიანი უხსოვარი დროიდან მიაკუთვნებდა ამა თუ იმ ადგილს შესაფერის სახელს. ამით იგი ადგილის ბარათს ავსებდა და თაობიდან თაობას გადასცემდა. ყოველთვის გეოგრაფიულ სახელში მოცემულია კონკრეტული შინაარსი. მაგრამ გვხვდება ისეთებიც, სადაც აზრი დაკარგულია. ეს გამოწვეულია სახელწოდების თანდათანობით შეცვლით ან უცხო ენის გავლენით. პრაქტიკულად, უაზრო სახელწოდება არ არსებობს. საქმე ისაა, რომ ადამიანი გეოგრაფიული სახელების დარქმევისას იყენებდა თავის ენაში ხშირად ხმარებულ სახელებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ზოგი მათგანი წაიშალა; ზოგი აღარ იხმარება სალაპარაკო მეტყველებაში, გადავიდა ეგრეთ წოდებულ სიტყვის პასიურ მარაგში. ზოგი სახელი სრულიად ამოვარდა ცოცხალი ენის ლექსიკიდან, მაგრამ გეოგრაფიული სახელწოდება შეინახა როგორც მოწმე ენის ისტორიული პროცესისა.

ტოპონიმთა შეცვლა უმთავრესად შიდა ქართლის ჩრდილო ნაწილში მომხდარა; სამხრეთ რაიონებში მოსახლეობის მიგრაციამ დიდად ვერ მოახდინა ქართული ტოპონიმების გარდაქმნა, მაგრამ აქა-იქ მაინც არის ასახული ოსური ლექსიკა. მდინარეთა შუა და ქვემო ნაწილებში დომინირებს ქართული ტოპონიმები. ამასთან, ბევრ ქართულ სახელს ოსური ენის თავისებურების გამო შეცვლია ფორმა. მაგალითად, კ-ასო გადასულია ჭ-ში (ქვითკირი _ ქვიჭირი), ო  იქცა უ-დ (როკა _ რუკი), ჟ კი ს-დ (ჟბა _ სბა) და სხვა. თითქმის ყველა სახელწოდება, რომელიც შეცვლილია, ასეთივე სახით გვევლინება.

აღსანიშნავია, რომ ჰიდრონიმებსა და ოიკონიმებში დიდი ცვლილება არ შეიმჩნევა. ისინი ძირითადად მიკროტოპონიმებში გამოიხატება ოსებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში. მაკრო და საკუთრივ ტოპონიმების შედარებით სტაბილურობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ აბორიგენ მოსახლეობას ოსური მოსახლეობა თანდათანობით შეერია. ასეთი თანდათანობითი შერევის გამო ვერ მოესწრო სახელწოდებების შეცვლა. მთლიანად სახელწოდებების შეცვლა მოხდა იმ ადგილებში, სადაც ოსური მოსახლეობა იკავებდა ნასოფლარებს, ან აუთვისებელ ადგილებს. მიუხედავად ამისა, ასეთი ტოპონიმების ლექსიკა ღარიბია და მათი ეტიმოლოგიური ახსნა სრულიად ადვილია. ტოპონიმების ცვალებადობასა და გავრცელებაზე წარმოდგენას გვაძლევს ოსთა მიგრაციული პროცესები. ოსური წარმოშობის სახელები ძირითადად სამეურნეო ხასიათისაა. ტოპონიმების ძირითადი ნაწილი ერთფუძიანი სახელებია. ხშირია ამ სახელების გვერდით ქართული შესატყვისების ხმარება, რაც შეიმჩნევა ქსნისა და ფრონეების ზემო ნაწილებში. ძველი ქართული გეოგრაფიული სახელების საკმაო ნაწილი ოსური მოსახლეობის მიერ თავისებური გამოთქმით ოსური წარმოშობის სახელად მიაჩნდათ. ამის მაგალითებია ბრუტსაბძელი და ბურსამჯელი, ბაგინი და ბაგიათა, დუდეთი და დოდოთი, ზეკარი და ზიკარა, მაღრანდვალეთი და მაღლანდორი, ხწვე და ხვწე, რურნისი- სუნისი და სხვა. თითქმის ყველა სახელწოდება, რომლებიც შეუცვლელია, ასეთი სახით გვევლინება. სამწუხაროდ, ზოგი მათგანი ოფიციალურად დამკვიდრდა. ის სახელწოდებები კი, რომლებიც ოსური მოსახლეობის მიერ არის შერქმეული, სულ ახლო წარსულისაა და თანამედროვე რაღაც ნიშნის მიერ არის გადაკეთებული. ასეთებია _ ახალსოფელი, გობოზაანთ სოფელი, ხე-ტყის გადასაზიდი, ტალახიანი, დამწვარი, კორომი და სხვ. (ეს სახელწოდებები ოსური სახელების თარგმანია). ამასთან, ზოგი ოსური სახელწოდება ტოპოგრაფიულ რუკებზე ქართულის გვერდით ფრჩხილებში მოექცა. ადგილზეც დასტურდება, რომ ქართული სახელები მოსახლეობაში მტკიცედ არის დამკვიდრებული26.

ქართულ ტოპონიმებზე განსაკუთრებული იერიში მიიტანეს ყოვლად დაუსაბუთებელი ე. წ. “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” ხელოვნურად შექმნის შემდეგ (1922 წლის 20 აპრილი), როცა ოსთა ერთმა ნაწილმა თავიანთ ისტორიულ სამშობლოდ წარმოიდგინეს სამაჩაბლოსა და ქსნის საერისთავოს ტერიტორია; პირველი და აუცილებელი ამ მიზნით უნდა გაკეთებულიყო ისტორიული ქართული ტოპონიმების ამოძირკვა და მათ ნაცვლად ოფიციალურად ოსური და ოსური ჟღერადობის ტოპონიმების დამკვიდრება. ცხადია, ის აღარ გაითვალისწინეს, რომ ამ ტერიტორიის ძველი ქართული ტოპონიმები შემორჩენილია უძველეს და მოგვიანო პერიოდის წყაროებში.

XX საუკუნის 30-იან წლებში ოსებმა მიზნად დაისახეს “ოლქის ტერიტორიაზე” არსებული 986 ქართული ტოპონიმიდან 411 ოსურით შეეცვალათ. თურმე უნდა შეცვლილიყო გორგაშენი _ დალდაგყაუდ, ნაგომევი _ ტიჯითად, ფიჭვნარი _ კულდიმად, სარბიელი _ ზანგად, ციხისსოფელი _ ხუბიათად, ვაშლოვანი _ ფატკუჯინად, ჭორჭოხი _ უალვაზად, წინაგარი _ ამაძარინად, გდულეთი _ ბიბილთად, ქედიგორა _ უალბილად, მსხლები _ უალაზად, ორჭოსანი _ ზილახარად, ლომისი _ ხუასარად, მეტეხი _ ცაგათად, მონასტერი _ დონგარონად, ქვითკირი _ რაბინად, იკეთი _ ჩერთკოთედ, ნადაბური _ ნოგძიმრად, ივრეთი _ თუათად, საბუე _ რაბინად, ქემერტი _ ჩემერთად, კვერნეთი _ კუბფიედ, კეხვი _ ჩეხად, ჩასავალი _ ნიკკასანად, დიდმუხა _ სტირტულზად და ა. შ. ამდენად, ერთი ხელის მოსმით სურდათ გაენადგურებინათ მთელი ისტორია და გამოგონილი სახელები ეწოდებინათ მათთვის27.

ზნაურის რაიონი და მისი ცენტრი ზნაური ადრე იწოდებოდა ოქონის რაიონად და ოქონად. 1931 წელს აღნიშნული რაიონის სოფელ ტყისუბანს ეწოდა ზნაურკაუ, ხოლო საბოლოოდ მთელ რაიონსა და მის ცენტრს ზნაური. ჩვეულებრივ ზოგიერთ რაიონს კომუნისტები უწოდებდნენ ხოლმე პიროვნების გვარს (თუმცა არც ეს იყო გამართლებული), მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მთელ რაიონსა და მის ცენტრს ადამიანის სახელი მიაკუთვნეს, ხოლო მისი გვარით მონათლეს ზემო ქართლის ერთერთი სოფელი (ბორჯომის რაიონში).

ვინ იყო ზნაურ აიდაროვი? ის დაიბადა ჩრდილოეთ ოსეთში, განათლება _ ორი კლასი. სამხედრო სამსახურიდან დემობილიზაციის შემდეგ ჩამოდის თბილისში, სადაც ერთ-ერთ სამჭედლოში უროსმცემლად დაუწყია მუშაობა. იგი იყო ინიციატორი “თბილისელი ოსების რევოლუციური კომიტეტის” შექმნისა, რამაც დააჩქარა საქართველოში ოსური ბოლშევიკური ორგანიზაციის შექმნა. 1918 წლის იანვარში თბილისში აღმოცენდა ოსი ბოლშევიკების ორგანიზაცია “ჩერმენი”. 1919 წელს აიდაროვი გუჯარეთის ხეობის სოფლებში ატარებდა კრებებს. ხალხს მოუწოდებდა დაეწყოთ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლები, ამასთან, მას ქართლის მრავალი სოფლის დარბევაში მიუღია მონაწილეობა28.

1919 წლის 7 ნოემბერს ოსების შეიარაღებულმა რაზმმა აიდაროვის მეთაურობით იერიშით აიღო სოფელი ხცისი, ჩამოაგდო ადგილობრივი ხელისუფლება და გამოაცხადა საბჭოთა ხელისუფლება29. მრავალი ფაქტობრივი მასალა არსებობს, რომ ზნაურ აიდაროვი იყო საქართველოს დემოკრატიული რუსპუბლიკის წინააღმდეგ მებრძოლთა ერთერთი ლიდერი, და ასეთი პიროვნების სახელი ეწოდა ძირძველ ქართულ მიწას.

ამავე რაიონის სოფელ გიორგიწმინდას მიაკუთვნეს ისაკ ხარებოვის სახელი. ასევე გააყალბეს სხვა ასობით ქართული ტოპონიმი. ყორნისის აღმოსავლეთით რუსთავია. საქართველოში რამდენიმე რუსთავია და დაკავშირებულია “რუ”-სთან. რუსთავის სამხრეთდასავლეთით კი წუნარი მდებარეობდა. სოფელი ხრიოკ ფერდობზე იყო გაშენებული. ეს იმიტომ, რომ ძველად ქართველი მემამულეები შეგნებულად არჩევდნენ მწირ მიწას ოსი ხიზნებისათვის. “წუნარი” ოსურად გამეჩხერებულ ჩირგვნარს ნიშნავს. ქართულ წერილობით წყაროებში სახელწოდება “წუნარი” მრავალჯერ მოიხსენიება ჯერ კიდევ მაშინ, როცა აქ ოსები საერთოდ არ ცხოვრობდნენ. ამ ისტორიულმა სოფელმა დაკარგა თავისი სახელი 1940 წლის 27 იანვარს, რადგანაც სრულიად უსამართლოდ ხეთაგუროვი უწოდეს. ეს უძველესი სოფელი შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ტილიანის ნაპირზეა გაშენებული. ტილი, მტილი ძველ ქართულში ბაღს, ყვავილნარს, ბოსტანს ნიშნავდა.

ასევე უძველესი ქართული ქალაქის ცხინვალის (შეადარეთ: გოროვანი, ვაშლოვანი, თხინვალი, თერნალი და სხვ.) სახელი XX საუკუნის 30-იან წლებში შეიცვალა სტალინირით. სტალინირი, ანუ სტალინის ოსეთი (“ირ” _ ოსეთი). 1961 წლის 24 ნოემბერს ქალაქს დაუბრუნდა ნამდვილი სახელი _ ცხინვალი30.

როგორც ცნობილია დონი _ ოსური სიტყვაა და ნიშნავს წყალს. ამბობენ, რომ აქედან წარმოიშვა მდინარე დონის სახელი. ასევე ოსების ისტორიულ სამშობლოში მდინარეთა სახელწოდებები: გიზელდონი, ფიაგდონი და არდონი. ოსურიდან წარმოშობილს მიიჩნევენ დნეპრისა და დნესტრის სახელებსაც. ზოგიერთი მეცნიერის “ფანტაზია” კიდევ უფრო შორს მიდის და ლონდონის სახელსაც ოსურ სიტყვად თვლიან. ეს მათი საქმეა. დონი, არდონი, ფიაგდონი, ლონდონი… გაუშვი, რაც ქვეყანაზე “დონი” და სიტყვის ბოლო “დონზე” მთავრდება იყოს ოსური. ეს ჩვენ არ გვეხება. მითუმეტეს, რომ საქართველოში არ არის არც დონი, არც არდონი, არც გიზელდონი, და საერთოდ ასეთი დაბოლოების ტოპონიმი. და არც შეიძლება იყოს, რადგან ისინი გავრცელებულია მხოლოდ ოსების ისტორიულ ტერიტორიაზე _ ჩრდილოეთ ოსეთში.

ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ისტორიულად ოსებს საქართველოში არასდროს არ უცხოვრიათ31.

 

გაგრძელება

ვინ არის ოსი და სად არის ოსეთი? 

 

—————————–

20 რ. კვერენჩხილაძე, სამხრეთ ოსეთი, თბ., 1968, გვ. 24, 33.

21 П. Закарая, К истории зодчества Шида Картли, сб. «Осетинский вопрос», Тб., 1994, с. 89.

22 საქართველოს სსრ, გვ. 337.

23 რ. მეფისაშვილი, ზოგიერთი ისტორიული ძეგლი სამხრეთოსეთის ტერიტორიაზე “ძეგლის მეგობარი”, #14, 1968; გვ. 11.

24 შ. ნოზაძე, ოსეთი და ოსები საქართველოში, გაზ. “თბილისი”, 1990, 25 სექტემბერი.

25 რ. თოფჩიშვილი, პროვინციელ ფაშისტთა ცრუ ისტორია, თბ., 1999, გვ. 8.

26 კ. ხარაძე, საქართველოს ისტორიული გეოგრაფია შიდა ქართლი, თბ., 1992, გვ. 3132.

27 კ. ხარაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 34.

28 შ. ნოზაძე, დასახ. სტატია.

29 К. Харадзе, Происхождение развитие топонимов Шида Картли, Сб. «Осетинский вопрос», Тб., 1994, с. 155. 156.

30 კ. ხარაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 158.

31 А. Тотадзе, осетины в Грузии, Тб., 1994, с. 56.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s