“დვალეთი ისეთივე ტკივილია საქართველოსი, როგორიც სხვა დაკარგული ტერიტორიები”
“დღეს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ოსები თავიანთ თავს “თუალს” (დვალს) უწოდებენ და იმ სოფლებში ცხოვრობენ, რომლებსაც ჟღერადობის შეცვლის მიუხედავად, ქართული სახელები ჰქვია”
ქართველებს მტრისგან მიტაცებულ მიწებს შორის დვალეთიც გვერიცხება. რატომ მივივიწყეთ და ამოვიგდეთ ცნობიერებიდან, ამის მიზეზის კვლევას დიდხანს მოვუნდებით. ფაქტი ის არის, რომ საქართველოს მთიანეთის ეს ნაწილი (3581 კვკმ ტერიტორია) რუსეთმა 1859 წელს ჩრდილო ოსეთს სათამაშოსავით აჩუქა. ერთ “მშვენიერ” დღეს, კერძოდ, 1859 წლის აპრილში, ქართველებმა გაიღვიძეს და დვალეთი უკვე გორის მაზრას აღარ ეკუთვნოდა, ის უკვე ოსების საკუთრება იყო. რატომ არ გამოხატა ამის გამო პროტესტი რუსეთის იმპერიის სამსახურში ჩამდგარმა მაშინდელმა ქართველობამ, უცნობია, თუმცა დვალეთის დაბრუნების საკითხის დაყენებას ქართველი ისტორიკოსები გასულ საუკუნეში შეეცადნენ. სავარაუდოდ, სტალინის იმედით: მაგალითად, პავლე ინგოროყვამ დვალეთის ტერიტორიები დეტალურად აღწერა, ივანე ჯავახიშვილმა კი პრესაშიც განაცხადა: “ბუნებრივი იქნება, რუსეთის მთავრობის შეცდომა შესწორდეს და დვალეთის, ანუ არდონის ქვაბ-ხეობა საქართველოს დაუბრუნდესო”! რასაკვირველია, ამ ამბებს შედეგი არ მოჰყოლია. დვალეთში კანტიკუნტად მცხოვრები დვალებიც გაოსდნენ. მათმა უმრავლესობამ ჯერ კიდევ ოსების სისხლიანი შემოსევისას შეაფარა თავი საქართველოს სხვა კუთხეებს. დვალთა შთამომავლების ნაწილში ისტორიული სამშობლოს მოგონება დღემდე ცოცხლობს. ისტორიის მეცნიერებათა პროფესორის როლანდ თოფჩიშვილის თქმით, დვალეთის შესახებ მისი წიგნის პრეზენტაციაზე დვალური გვარების არაერთი წარმომადგენელი მივიდა, მათ შორის, დვალები და დვალიშვილები. როგორი იყო დვალეთი და როგორ ცხოვრობდნენ დვალები, რომელთაც კავკასიური ლეგენდები “დევებადაც” კი მოიხსენიებენ, ამის შესახებ როლანდ თოფჩიშვილი გვესაუბრება.
– როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ქართველი მეცნიერები ელოდნენ, რომ საქართველოს სახელმწიფო დვალეთზე პრეტენზიას გამოთქვამდა, მაგრამ ჩვენი ისტორიული გულარხეინობის წყალობით, ოსებმა ტერიტორიებზე პრეტენზია აქეთ გამოხატეს და მიისაკუთრეს კიდეც. ვერასოდეს წარმოვიდგენ, რომ სამუდამოდ ასე იქნება, მაგრამ ამისთვის ბრძოლაა საჭირო. დვალეთის შესახებ არათუ ფართო საზოგადოებამ, არამედ, დარწმუნებული ვარ, მთავრობის დიდმა ნაწილმაც არაფერი იცის. ისტორიული მეხსიერების ასეთი დაქვეითება ცუდს მოასწავებს. დვალეთის დაპყრობაც იმის ნიმუშია, როგორ ნელ-ნელა შეიძლება დაგიპყროს მტერმა, თუ მას ნებაზე მიუშვებ. არადა, დვალეთი საქართველოს სახელმწიფოს ჩასახვიდან, ანუ მეფე ფარნავაზიდან მეფე ერეკლემდე საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო. იქ მოურავებს საქართველოს მეფეები ნიშნავდნენ. დვალეთის ერთ-ერთი მოურავი გიორგი სააკაძეც გახლდათ, ბოლო მოურავი კი ვინმე ფავლენიშვილი, რომელიც დვალეთში ერეკლე მეფემ დანიშნა.