Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ მესხეთის პრობლემა

♣ “თურქი მესხები” 

მესხეთის პრობლემა

წერილით  მივმართავთ  ევროსაბჭოს

“თავისუფლებას” (ლიდერი კ. გამსახურდია) და ამ გაზეთის გამომცემელს “საქართველოს სახალხო ფრონტს” მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ღია პაექრობა გავუმართოთ და მოვუგოთ ყველა მოწინააღმდეგეს, რომელიც ცდილობს, საქართველოს ინტერესთა წინააღმდეგ მიმართული კონცეპტუალური ხედვები მოახვიოს მსოფლიო პოლიტიკას და მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს. (ასეთია, მაგალითად, ეუთოს  საქართველოს მისიის ანტიქართული პოზიცია ცხინვალის საკითხზე, ბოდენის ცნობილი გეგმა აფხაზეთის მკაფიოდ ანტიქართული დარეგულირებისა და მრავალი სხვა). ამჯერად მსჯელობა ეხება ევროსაბჭოს რეკომენდაციას 2012 წლამდე საქართველოში 1944 წელს მესხეთიდან გასახლებული მუსლიმანებისა და, რაც მთავარია, მათი ოთხასათასიანი შთამომავლობის განუკითხავი შემოსახლების შესახებ, რაც, ობიექტურად, საქართველოს ამ მხარის დაკარგვას ნიშნავს პერსპექტივაში. საქართველოს პარლამენტი აპირებს ამ პროცესის მარეგულირებელი ბარბაროსულად უმეცრული და ასევე ბარბაროსულად ანტიქართული კანონის მიღებას.

წინამდებარე ტექსტი არის სავარაუდო (შავი) მონახაზი წერილისა, რომელიც უნდა მიეწეროს ევროსაბჭოს ამ თემაზე. იგი დაიხვეწება იმ შენიშვნების გათვალისწინებით, რომელსაც, იმედია, საქმეში ჩახედულ მკითხველთაგან მივიღებთ. (რედაქციისაგან: ხსენებული კანონპროექტი მცირედი შესწორებებით ამჟამად მიღებულია).

 

ბატონო თავმჯდომარევ

ბატონებო და ქალბატონებო

ქვემორე ხელის მომწერი პოლიტიკური პარტიები…

მადლიერნი ვართ ევროსაბჭოსი მის მიერ დღემდე საქართველოს პრობლემებისადმი გამოჩენილი ყურადღებისათვის და მათს გონიერ გააზრებაზე დახარჯული შრომისათვის. წინამდებარე წერილის მიზანია გაახლოთ ჩვენი აზრი საქართველოს კანონის პროექტზე “ყოფილი სსრკ-ს მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ”, რომელიც ეხება საქართველოს სამხრეთი რაიონებიდან 1944 წლის 15-16 ნოემბრის ღამეს იძულებით გადასახლებული მაჰმადიანებისა (ოჯახებითურთ) და მათი შთამომავლობის ბედს და რომელიც, როგორც გვეუბნებიან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, მოწონებულია ევროსაბჭოს ექსპერტების მიერ, აგრეთვე ევროსაბჭოს რეკომენდაციაზე, რომელიც გულისხმობს ხსენებული დეპორტაციის დროს გასახლებული პირებისა და მათი შთამომავლობის მასობრივ (იდეალურ შემთხვევაში _ სრულ) ჩასახლებას საქართველოში 2012 წლამდე. ჩვენი აზრი იბეჭდება ქართულ პრესაში. გამჭვირვალობის ინტერესებში, მიზანშეწონილად ვრაცხთ ჩვენი წინამდებარე წერილის გამოქვეყნებასაც.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონი (მისი პროექტის ტექსტი ჩვენ გადმოგვცა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ) მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მოსახლეობისათვის, აგრეთვე მიგვაჩნია, რომ მისთვის მიუღებელია ევროსაბჭოს ზემოხსენებული რეკომენდაციაც, რომლის შესრულება არის აუცილებელი პირობა საქართველოს შემდგომი მონაწილეობისა ევროსაბჭოში. ეს რეკომენდაცია, ჩვენის აზრით, არის ან არარეალისტური არსებულ ვითარებასთან მიმართებაში, სახელდობრ, შეუთავსებელია საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებთან, ან ამ ინტერესების ცნობიერად უგულებელმყოფელია.

კანონპროექტის შესახებ ჩვენი შეხედულებები შემდეგია:

1. კანონს მუხლში I (“კანონის მიზანი”) დასახული აქვს მიზანი _ “სსრკ-ს მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გასახლებულ პირთა და მათ შთამომავალთა საქართველოში დაბრუნებისათვის სამართლებრივი მექანიზმების შექმნა”,

_ რომელიც არ არის ქართველი ხალხის მიერ ჩათვლილი საქართველოსა და მისი მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებთან შეთავსებადად არც რეფერენდუმის ან პლებისციტის ფორმით, არც საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნებში ისეთი კანდიდატურებისათვის ხმის მიცემის ფორმით, რომლებსაც დასახელებული მიზანი შეტანილი ექნებოდათ ან რაიმე სახით ნაგულისხმევი ექნებოდათ თავის საარჩევნო პროგრამაში,

_ რომელიც არანაირად არ გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, საქართველოს სხვა კანონებიდან ან საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან (საერთაშორისიო სამართლის ნორმებს აქ ვახსენებთ იმიტომ, რომ პირები, რომელთა “საქართველოში დაბრუნებისათვის სამართლებრივი მექანიზმების შექმნას” მიზნად ისახავს კანონპროექტი, სხვა სახელმწიფოებში ცხოვრობენ როგორც მათი მოქალაქეები ან მოქალაქეობის გარეშე),

_ რომელიც არანაირად არ გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა დამცველი, მათ შორის _ უმცირესობათა უფლებების დამცველი საერთაშორისო კონვენციებიდან, რომელთა ხელისმომწერი სახელმწიფოა საქართველო,

_ რომლის აღიარებასაც და დასახვასაც არ გულისხმობს მსოფლიოს იურიდიულ და პოლიტიკურ პრაქტიკაში არსებული რომელიმე გადაწყვეტილება, როგორც პრეცედენტი, და

_ რომლის სრული შეუთავსებლობა საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესებთან დასაბუთებადია (რაც ნაჩვენები იქნება ქვემოთ)

2. კანონის მუხლის I (“კანონის მიზანი”) ფორმულირებაში “ამ კანონით დადგენილი სისტემა ეფუძნება ისტორიული სამართლიანობის აღდგენის… ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების პრინციპებს” გამოყენებული გამოთქმა “ისტორიული სამართლიანობა” არ არის შეტანილი კანონის მუხლის “2” (“ტერმინთა განმარტება”) მიერ განმარტებულ ტერმინთა რიცხვში. ამგვარად, კანონმდებელსაც და კანონით მოქმედ აღმასრულებელ ხელისუფლებასაც აქვთ საშუალება ამ გამოთქმაში ჩადონ ნებისმიერი შინაარსი, მათ შორის ისეთიც, რომელიც წანამძღვრად იქნება გამოყენებული საქართველოს სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესებთან შეუთავსებელი გადაწყვეტილებებისა და პრაქტიკული ნაბიჯებისათვის. “ისტორიული სამართლიანობა”, ამ სიტყვის მოარული გაგებით, ნიშნავს ან გადაწყვეტილების მიღებას სახელმწიფოთა შორის საზღვრების გავლებაში ისტორიულად ცნობილი ვითარებების შესაბამისად, ან მათს მიღებას ხალხთა, ერთა, ეთნოსთა, როგორც თვითცნობიერ ისტორიულ ერთეულთა, შორის საცხოვრებელი და გამოსაყენებელი სივრცის განაწილებაში ცნობილი ისტორიული ვითარებების შესაბამისად, მაგრამ არა მათს მიღებას ინდივიდუალური ადამიანებისათვის (და ოჯახებისათვის) მათ წინაპართა მიერ განცდილი ზარალის კომპენსაციაზე ორიენტაციით. ინდივიდთა (და ოჯახთა) მიერ განცდილი ზარალის ზღვევის ამოცანა სამოქალაქო სამართლის სფეროს ეკუთვნის, მათი პიროვნების ხელყოფისათვის დამნაშავის დასჯის ამოცანა სისხლის სამართლისას. არც ერთში, არც მეორეში “ისტორიული სამართლიანობა”, როგორც სამართლებრივი კატეგორია, არ ფიგურირებს. ქვემოთ ნაჩვენები იქნება, რომ საქართველოს სამხრეთი რაიონებიდან სსრკ-ს ხელისუფლების მიერ მასობრივად გასახლებული პირების (ოჯახებითურთ) მიმართ ჩადენილი დანაშაული არის მათი საკუთრების ხელყოფა ერთის მხრივ და მათ მიმართ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული მეორეს მხრივ, ამასთანავე _ დანაშაული ადამიანობის წინააღმდეგ, და არა რომელიმე სხვა სახის დანაშაული, მათ შორის _ არც დანაშაული “ისტორიული სამართლიანობის” წინააღმდეგ ანუ ისეთი დანაშაული, რომელშიც დარღვეული იქნებოდა სახელმწიფოთა საზღვრები ან ეთნიკურ ერთეულთა (ერთა, ხალხთა, ისტორიულად თვითცნობიერ ეთნოსთა, როგორც ისტორიის სუბიექტთა…) საცხოვრებელი სივრცეების ისტორიულად სამართლიანი საზღვრები. შესაბამისად, დანაშაულის მსხვერპლთათვის მიყენებული ნივთიერი, ფიზიკური და მორალური ზარალის ანაზღაურება (თუკი იგი ჯერ კიდევ შესაძლებელია) შეიძლება გულისხმობდეს, ჩამდენთა დასჯასთან ერთად, მხოლოდ მათი პიროვნული ადამიანური უფლებების შელახვით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას და ნივთიერი ზარალის ანაზღაურებას, მაგრამ არა სხვა სახისას.

3. კანონის მუხლის 3 პუნქტის 2 სიტყვები “რეპატრიანტის სტატუსზე ულებამოსილი პირები არიან: იძულებით გასახლებული პირი, ან/და მისი მეუღლე, შვილი, შვილისშვილი, შვილთაშვილი, ასევე ამ პირთა მეუღლეები, არასრულწლოვანი შვილები და გერები” რეპატრიანტის უფლებას ანიჭებს, ანუ საქართველოში შესახლების საშუალებას აძლევს სურვილის შემთხვევაში, პრინციპულად, ადამიანთა შეუზღუდველ რაოდენობას, ანუ პრინციპულად უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოში დასახლდეს ადამიანთა ახალი მასა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ტოლი იქნება ან მასზე უფრო მრავალრიცხოვანი, რამდენადაც

ა) “შვილთაშვილობა” ანუ შთამომავლობა დროში შეუზღუდველი მიმართებაა. მაშასადამე, “შვილთაშვილობის” მოტივით საქართველოში ახალ პირთა შემოსახლება შეიძლება გაგრძელდეს და გაგრძელდეს უსასრულოდ (ის, რომ კანონი მოქმედებს 2011 წლამდე, არ ნიშნავს, რომ მისი მოქმედება არ გაგრძელდება იმ მოტივით, რომ “რეპატრიაცია” დამთავრებული არ არის)

ბ) გასახლებული პირის შთამომავალთა მეუღლეებისა და გერებისათვის საქართველოში “რეპატრიაციის” უფლების მიცემა საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს (სპეცსამსახურების ჩათვლით), მოახდინონ ნებისმიერ “შთამომავალთან” (კაცთან და ქალთან) ნებისმიერი რაოდენობის შვილებისა და შვილიშვილების მყოლი პირის დაქორწინების ორგანიზაცია, რაც საქართველოსკენ გზას გაუხსნის ნებისმიერი რაოდენობისა და დავალების მქონე ადამიანთა მასას. ასეთი დაინტერესებული ორგანიზაციები და სამსახურები ბევრია. საკმარისია ითქვას, რომ დღეს მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ამიერკავკასიის თურქიზაციისათვის, რასაც შორს მწვდომი სტრატეგიული გეგმები აქვს და, შესაბამისად, დაფინანსებაც არ მოაკლდება.

4. კანონპროექტი უგულებელყოფს კანონმდებლის მოვალეობას, რომ, როცა ანიჭებს პირთა რაღაცა კატეგორიას ქვეყანაში შემოსვლის უფლებას, ამ უფლების საფუძველი და მისი მინიჭების მოტივი მიუთითოს. კანონის მუხლის 3 პუნქტში I ნათქვამია, რომ “რეპატრიანტის სტატუსი ნიშნავს პირის სამართლებრივ კავშირს საქართველოსთან”, მაგრამ კანონი არ განსაზღვრავს, რა არის საქართველოსთან იურიდიული კავშირის არმქონე, სხვა ქვეყანაში მოსახლე პირისათვის ამგვარი კავშირის მაგულისხმებელი სტატუსის მინიჭების საფუძველი. ერთადერთი წარმოდგენადი საფუძველი ასეთი სამართლებრივი კავშირის დამყარებისა არის ის და შეიძლება იყოს ის, რომ ეს პირი დაზარალებულია საქართველოს ბრალით. მაგრამ კანონი არ  განსაზღვრავს არც იმას, რომ რეპატრიანტობის, სახელდობრ, საქართვე¬ლოში ცხოვრების უფლებადაკარგულის უფლების საფუძველი დაზარალებაა, არც “დაზარალებულის” ცნებას. ვინ არის დაზარალებული და რით? ის, ვინც აკვანში მწოლი გაასახლეს, დაზარალდა აყრით, ფიზიკური ტანჯვით, სიცოცხლის რისკით, უცხო ქვეყანასა და გარემოში აღზრდით და ა.შ. მაგრამ რით დაზარალდა მისი შვილისშვილის გერი, რომელიც დღეს 30 წლისაა და საქართველოს ხარჯზე ერთი კარგი სახლისა და ნაკვეთის მიცემას იმედოვნებს, რათა საქართველოს მიწაზე საქართველოსადმი ავად განწყობილი ან გულგრილად განწყობილი ოჯახი შექმნას, მით უმეტეს, თუ ამისთვის დავალებაც და დაფინანსებაც აქვს? თუ საქართველოში შემოსახლების უფლების წყაროდ აღიარებული იქნება წინაპრის _ საქართველოს ყოფილი მცხოვრების _ დაზარალებულობა, მაშინ რატომ არ ეძლევა საქართველოში შემოსვლის უფლება და სათანადო მატერიალური დახმარება იმ ქართველის შვილთაშვილს (ციმბირში მაცხოვრებელს და არაფრით აღარ ქართველს), რომელიც იმავე ორმოციან წლებში ციმბირში “ტროიკის” (სამეულის) განაჩენით გაასახლეს? რატომ არ არის საქართველო ვალდებული, მასაც მისცეს სახლი და ნაკვეთი? ხოლო თუ პირადი დაზარალება არ არის აუცილებელი საქართველოში დასახლების უფლების მინიჭებისათვის, მაშინ რაა ასეთი უფლების საფუძველი? სხვა სიტყვებით: კანონპროექტი სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლად ამყარებს სამართლებრივ კავშირს საქართველოსა და საქართველოს გარეთ მაცხოვრებელ ადამიანთა დიდ მასას შორის, რისთვისაც კანონპროექტის თანახმად საკმარისია ამ მასაში შემავალი პირის სურვილის გამომხატველი განცხადება, რის შედეგადაც ამ პირს უჩნდება უფლებები საქართველოს მიმართ (მუხლი II. 1). იმისთვის, რომ ასეთი საფუძველი გაჩნდეს, მითითებული უნდა იყოს სათანადო მუხლები საქართველოს კანონმდებლობისა, საერთაშორისო სამართლისა (რამდენადაც საქმე ეხება რუსეთთან და იმ ქვეყნებთან ურთიერთობასაც, სადაც გადასახლებულები დღეს ცხოვრობენ) და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული კონვენციებისა, რომლებზედაც საქართველო ხელს აწერს. კანონპროექტი ასეთ საფუძვლებს არ უთითებს (და ვერც მიუთითებს, რადგან ასეთი საფუძველი არ არსებობს). “საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის” განკარგულება (მუხლი II.2) ამ საფუძვლის შექმნისთვის საკმარისი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ რეპატრიაციის მსურველთა სამართლებრივი დაკავშირება საქართველოსთან უნდა მოხდეს (რაც განზრახულია) ხსენებული იურიდიული საფუძვლების გარეშე ანუ ამა თუ იმ არაიურიდიული (მორალური, პოლიტიკური, ჰუმანიტარული…) მოსაზრების საფუძველზე, მაშინ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას მხოლოდ პლებისციტით, რამდენადაც საქართველოში ახალი მოსახლეობის შემოყვანა მისი მოსახლეობის (როგორც მინიმუმი) 12-15%-ის რაოდენობით ან (როგორც მაქსიმუმი) საქართველოს მოსახლეობის ტოლი ან მასზე დიდი რაოდენობით შესაბამისად ავიწროებს საქართველოს ყველა მოქალაქის და მისი შთამომავლობის მატერიალურ საარსებო ბაზას (ანუ: სურს თუ არა გადასახლებულ მუსულმანთა  და მათ შთამომავალთა სასარგებლოდ ამგვარი მსხვერპლის გაღება, უნდა გადაწყვიტოს ხალხმა და არა “ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ).

კანონის ეს ხარვეზი, ერთის მხრივ, სამართლებრივი ტექნიკის ხარვეზია, ანუ იგი მდგომარეობს კანონმდებლის მიერ იმ პრაქტიკულ იმპლაკაციათა ვერგათვალისწინებაში, რომელიც შემოთავაზებულ ნორმებს მოსდევს, მაგრამ, მეორეს მხრივ, იგი გამოუსწორებადია, ვინაიდან ამგვარი ლოგიკური ნახტომის გარეშე კანონმდებელი ვერაფრით ვერ შეძლებს გასახლებულთა შვილებისა და შვილიშვილებისათვის საქართველოში, რომელიც მათი “პატრია” (სამშობლო) არაა და მათი ბიოგრაფიის არც ერთ მომენტში არ ყოფილა, “რეპატრიაციის” უფლების მინიჭებას (უფრო ვრცლად _ ამაზე ქვემოთ).

4. კანონის მუხლი 4 (“დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი”) საქართველოში “რეპატრიაციის” ანუ დასახლების უფლებას ადამიანს აძლევს, პრინციპულად, იმ შემთხვევაშიც, თუ მას “ეროვნულად” და “დაბადებით” საქართველოსთან არავითარი კავშირი არა აქვს და თუ მას ისეთი “რელიგია” და “პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებები” აქვს, რომლებიც საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს ეწინააღმდეგება. (მაგალითად, თუ მას მიაჩნია, რომ საქართველოში ისლამი სახელმწიფო რელიგიად უნდა იყოს გამოცხადებული, ან რომ ეს უნდა მოხდეს საქართველოს სამხრეთ ნაწილში მაინც, რომელიც უნდა ავტონომიური სტატუსით სარგებლობდეს მისი მუსლიმანი მოსახლეობის სასარგებლოდ, ან მიაჩნია, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტი უნდა იყოს ისლამის ინტერესები და არა საქართველოს სახელმწიფოსი, ან, სულაც, მიაჩნია, რომ სამხრეთი საქართველო თურქეთის ტერიტორიაში უნდა მოექცეს, ან მიაჩნია პრინციპულად, რომ მუსლიმანური რელიგიის მქონე მოქალაქისათვის ისლამური ფეტვა (მუსლიმანური მაღალი იერარქიის ინტრუქცია მრევლისადმი) უფრო ძლიერი განმსაზღვრელი უნდა იყოს მისი ქცევისა, მილიტარულის ჩათვლით, ვიდრე სახელმწიფოს კანონი, მთავარსარდლის ბრძანება, პოლიციელის მოთხოვნა და ა.შ.. ამგვარი მენტალიტეტის მქონე პირთა დასახლება საქართველოში ნიშნავს სახელმწიფოსათვის რეალური სასიცოცხლო საფრთხის, ამ რიცხვში _ აგრეთვე ფუნდამენტალისტური ისლამისტური საფრთხის შექმნას. სახელმწიფოს უფლება აქვს და მოვალეობა აწევს, თავისი მოსახლეობა და თავისი ქვეყნის მომავალი დაიცვას ამ საფრთხისაგან. ამგვარად, ახალი შენაძენი მოქალაქეების შემოწმება ქვეყნისათვის მათი უსაფრთხოების თვალსაზრისით მათი პოლიტიკური სულისკვეთების გამოკითხვის გზით არ არის ადამიანთა “დისკრიმინაცია”, ანუ მათი გარჩევა რაღაცა წინასწარგანსაზღვრული ნიშნებით, რომელთაც მოცემულ კონკრეტულ ამოცანასთან კავშირი არ აქვთ, არამედ ეს არის ყველა ადამიანისათვის ერთი და იგივე კრიტერიუმის გამოყენება, რომლითაც დგინდება მისი სანდოობა სახელმწიფოსთვის. თუ კანონმდებელს ჰსურს, სიტყვა “დისკრიმინაცია” ამ საყოველთაოდ მიღებულისაგან განსხვავებული შინააარსით იხმაროს, მან “ტერმინთა განმარტებაში” ამ სიტყვის განმარტებაც უნდა შეიტანოს.

შენიშვნა: რატომ აღმოჩნდა კანონპროექტში ხსენებული ფორმულირება, რომელიც წინა პროექტებში არ იყო _ “განმცხადებლები და რეპატრიანტები არ უნდა იყვნენ დისკრიმინირებულნი სქესის, სახის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების თუ სხვა სტატუსის საფუძველზე” _ სამწუხაროდ, გასაგებია: ქართველი საზოგადოებრიობა, პირველ ყოვლისა _ მისი დისიდენტური წრეები ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის ეპოქიდან, სახელდობრ, 1960-იანი წლების დამდეგიდან ცდილობდნენ საქართველოს სამხრეთ რაიონებიდან გასახლებული მუსლიმანი ქართველების მობრუნებას ქართული ცნობიერებისაკენ და იმათი რიცხვიდან, ვისაც ქართული მენტალიტეტი აქვს, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოყვანას საქართველოში. მთავარი დაბრკოლება, რომელიც სათანადო იურიდიული პროცედურის შექმნას უშლიდა, ამ პატრიოტულ-დისიდენტურ წრეებში ასე ფორმულირდებოდა: “რუსი არ მოგვცემს უფლებას, ერთს ვუთხრათ, შენ კარგი ქართველი ხარ, ჩამოდი, მეორეს კი ვუთხრათ, შენ ცუდი ქართველი ხარ, არ ჩამოხვიდე”. ციტირებული ფორმულირება კანონპროექტში იმას ნიშნავს, რომ მისი ავტორები ცდილობენ ქართველ ერს და ქართულ სახელმწიფოს წაართვან _ როგორც რუსული საკავშირო ხელისუფლება ართმევდა _ ის ერთადერთი იარაღი, რომლითაც საქართველოს და მის ერს შეუძლიათ თავისი რელიგიადაკარგული და ეროვნულ ცნობიერებადაკარგული, 1944 წელს იძულებით აყრილი მოსახლეობისა და მისი შთამომავლობის ბედის პრობლემის რაციონალური, სახელმწიფოს სასიცოცხლო იტერესებთან შეთავსებადი და, შეძლებისდაგვარად, სრული მოგვარება _ ამ ადამიანებში საგანმანათლებლო მუშაობის, მომზადებისა და გამორჩევის ხანგრძლივი პროცესის ჩატარება, რათა გაარკვიოს იმათი ვინაობა, რომელნიც მზად არიან, რომ საქართველოს გულსრული მოქალაქეები გახდნენ. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ პროექტის ავტორები საქართველოს სახელმწიფოებრიობის იმავე (ან: ისეთივე) მტრების დავალებას ასრულებენ, როგორნიც საქართველოს განთავისუფლებამდე სსრკ-ს ხელისუფალნი იყვნენ.

5. კანონის მუხლი 6 (“რეპატრიანტის უფლება-მოვალეობანი”), პუნქტი 3, “ბ”, სადაც ნათქვამია, რომ “რეპატრირებული ვალდებულია არ შეიცვალოს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი საცხოვრებელი ადგილი რეპატრიაციიდან ერთი წლის განმავლობაში”, წინააღმდეგობაშია კანონის მუხლის 1 (“ზოგადი დებულებანი”) სიტყვებთან, რომ “რეპატრიაციის სისტემა ეფუძნება… საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეტაპობრივ რეპატრიაციას”. რადგან თუ რეპატრიირებულის ვალდებულება, რომ მისთვის გამოყოფილ ადგილზე დარჩეს საცხოვრებლად, ძალაშია მხოლოდ ერთი წლის მანძილზე და არა მუდმივად (სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგანაც თავისუფალი გადაადგილება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა რიცხვში შედის), ეს იმას ნიშნავს, რომ “რეპატრიაციის” წესით შემოსახლებული პროთურქული მასა ერთი წლის შემდეგ მთლიანად ან თითქმის მთლიანად თავს მოიყრის საქართველოს სამხრეთ რაიონებში და აქტიურ ბრძოლას დაიწყებს ამ რაიონების პოლიტიკური, დემოგრაფიული და კულტურული თურქიზაციისათვის, რაც ყოვლად შეუთავსებელია საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებთან (მით უფრო, რომ ამ მასას სამხრეთ საქართველოში სახლების შესაძენად ექნება განუსაზღვრელი დაფინანსება თურქეთიდან, მსოფლიოს ისლამური ფონდებიდან და, მოსალოდნელია, რუსეთიდანაც, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის გაძლიერება ურჩევნია თვით საქართველოს გაძლიერებას). ამგვარად, კანონპროექტში გაცხადებული “პრინციპი” რეპატრიანტების განსახლებისა მთელ საქართველოში, პრაქტიკულად, ყალბია, ანუ საშიშროება, რომ რეპატრიირებულები თავს მოიყრიან საქართველოს სამხრეთ რაიონებში და დაიწყებენ ბრძოლას ამ რაიონების თურქიზაციისათვის, კანონპრექტში გათვალისწინებული არ არის, ხოლო თუ გათვალისწინებულია, მაშინ კანონმდებლის მიერ არაა საჭიროდ ჩათვლილი, რომ კანონპროექტში განსაზღვრული იყოს მის წინააღმდეგ დამცავი მექანიზმი.

6. კანონპროექტის მინუსია ის, რომ იგი საქართველოს აკისრებს მისი ეკონომიკის მასშტაბებთან სრულებით შეუსაბამო მატერიალურ ხარჯს (გადასახლებულთა დაკმაყოფილება ბინით და ა.შ.) ისე, რომ არ უთითებს, რა არის ამ კომპენსაციის რაოდენობის გათვლის საფუძველი და რის პროპორციულად გაიცემა ეს კომპენსაცია. თუ იგი გაიცემა განცდილი ზარალის მიხედვით, მაშინ რატომ ეძლევა იგი გადასახლებულის “შვილიშვილს” და “შვილთაშვილის გერს”, რომელნიც არაფრით დაზარალებულნი არ არიან, ან რატომ ეძლევათ არათანაბარი კომპენსაცია რეალურად ერთნაირად დაზარალებულებს, ანუ ფიზიკურად გადასახლებულებს, იმისდა მიხედვით, თუ როგორ გამრავლდნენ ისინი საქართველოს გარეთ, გასახლების შემდეგ?

7. კანონპროექტის იურიდიული მინუსია ის, რომ იგი საქართველოს აკისრებს მატერიალურ კომპენსაციას სხვის, სახელდობრ, სსრკ-ს მიერ ჩადენილ დანაშაულზე, რისთვისაც კომპენსაცია ნებისმიერი სამართლებრივი ნორმით მხოლოდ სსრკ-ს სამართალმემკვიდრე რუსეთს ეკუთვნის.

8. თუ გავითვალისწინებთ კანონპროექტის საშუალებით დასარეგულირებელი საკითხის სირთულეს, სახელდობრ, იმას, რომ იგი ეხება, მდგომარეობის სხვა მხარეებთან ერთად, აგრეთვე ადამიანთა პირადი მატერიალური და მორალური ინტერესების და სახელმწიფო ინტერესების ურთიერთმიმართებას და მათ შეთავსებას, ადამიანთა ადამიანური უფლებების რომელობასა და საზღვრებს და ამ უფლებათაგან გამომდინარე მოვალეობების რომელობას და საზღვრებს, აგრეთვე ადამიანთა თვითცნობიერი, სახელმწიფოებრივად ორგანიზებული და ისტორიაში მოქმედი ერთობების _ ერების (ხალხების, ეთნოსების…) _ უფლებებსა და მოვალეობებს და ამ უკანასკნელთა მიმართებას ადამიანთა ინდივიდუალურ უფლება-მოვალეობებთან, ისევე როგორც ეროვნული ინტერესებისა და უფლებების ადგილს ინდივიდის ინტერესებისა და უფლებების სისტემაში, მაშინ ცხადია (ევიდენტურია), რომ კანონპროექტში აღძრულსა და პასუხგაცემულ საკითხებს _ ლოგიკურადაც და რეალობაშიც _  თავისი ზოგადი მორალური (ეთიკური), ზოგადმსოფლმხედველობრივი (ფილოსოფიური) და აქსიოლოგიური (ღირებულებათმეცნიერული) წანამძღვრები აქვს. კანონპროექტი ამ წანამძღვრებს არ ასახელებს (არ განსაზღვრავს), არამედ არგუმენტაციის გარეშე, მდუმარედ, თავისი სურვილისამებრ (არბიტრალურად) ირჩევს რომელიღაცას თავისთვის სასურველს, მაგალითად, წანამძღვარს, რომ ოჯახისა და მისი შთამომავლობის ცხოვრება წინაპრების სახლში, რომელიც ამ უკანასკნელმა უკანონოდ დაკარგა, “ისტორიული სამართლიანობის” ელემენტია და არა სამოქალაქო სამართლისა, ან, რომ ეს უფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერისა და მისი შემადგენელი ინდივიდების უფლება თავისი ქვეყანა გარდუვალი ისტორიული კატასტროფისაგან დაიცვან, და უგულებელყოფს ყველა სხვა პასუხის შესაძლებლობას. ამრიგად, კანონპროექტს აქვს ის ფუნდამენტური დეფექტი, რომ მასში არ არის განსაზღვრული,

_ იყო თუ არა 1944 წლის 16-17 ნოემბრის ღამის დეპორტაცია სამხრეთ საქართველოში დანაშაული, ვის მიერ იყო იგი ჩადენილი (და, შესაბამისად, ვის ჰმართებს, თუკი ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, მისი კომპენსაცია),

_ რა ხასიათის დანაშაული იყო 1944 წლის 15-16 ნოემბრის დეპორტაცია _ ქონების წინააღმდეგ, პიროვნების წინააღმდეგ, ანუ სისხლის სამართლის დანაშაული, ადამიანობის წინააღმდეგ, ამ სამივე სახისა ერთად თუ სხვა რამ ხასიათისა

_ ვის მიმართ იყო ჩადენილი დანაშაული და, შესაბამისად, ვინ არის დაზარალებული და რომელი ინტერესი (უფლება) შეელახა დაზარალებულს ამ დანაშაულით (და, შესაბამისად, რა სახის კომპენსაცია ეკუთვნის დაზარალებულს).

ამ განსაზღვრებათა არარსებობა კანონპროექტში იმას ნიშნავს, რომ იგი არაადეკვატურია დასარეგულირებელი სიტუაციის მიმართ.

ყველა ამ განსაზღვრების მიღება კანონში არა მხოლოდ საჭიროა, არამედ სავსებით შესაძლებელიცაა, რადგან ყველა აღნიშნული პარამეტრი რეალური ვითარებისა ცნობილია. სახელდობრ:

_ 1944 წლის 14-16 ნოემბერს დეპორტაცია იყო დანაშაული

_ დეპორტაცია იყო სსრკ-ს დანაშაული, შესაბამისად, კომპენსაცია დაზარალებულთათვის, თუკი ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, ჰმართებს სსრკ-ს სამართალმემკვიდრე რუსეთს და არავის სხვას.

_ დეპორტაცია იყო დანაშაული საკუთრების მიმართ, რამდენადაც მისი ჩადენის დროს მსხვერპლებს წაართვეს სახლები, ნარგავები და სხვა უძრავ-მოძრავი ქონება. იგი იყო დანაშაული პიროვნებათა მიმართ, რამდენადაც მათ მიაყენეს ფიზიკური ტანჯვა და მსხვერპლი. ამავე დროს იგი იყო დანაშაული ადამიანობის წინააღმდეგ, რადგანაც მისი მსხვერპლნი იყვნენ ბავშვები, მოხუცები და სხვა პირები ყოველგვარი დანაშაულის გარეშე. გარდა ამისა, ეს იყო დანაშაული არსებული კონსტიტუციის წინააღმდეგ, რამდენადაც მისი მსხვერპლნი (როგორც შემდგომ გამოირკვა სტალინის სიკვდილის შემდეგ, მათი “რეაბილიტაციის” ანუ მათ მიერ არჩადენილი დანაშაულის მათთვის მოხსნის პროცესში) დამნაშავედ ცნეს სასამართლო პროცესის გარეშე და მათთვის შეტყობინების გარეშე.

_ დანაშაული ჩადენილი იქნა პირველ ყოვლისა ინდივიდუალურ ადამიანთა _ კაცთა, ქალთა და ბავშვთა მიმართ. იგი ჩადენილ იქნა აგრეთვე საქართველოს მიმართ, რომლის ტერიტორიაზეც იგი მოხდა და რომლის შედეგად სახელმწიფოსაც და მოსახლეობასაც შეექმნა მატერიალური და, განსაკუთრებით, მორალური პრობლემები ყოფილ თანამოქალაქეებთან და ყოფილ თანამემამულეებთან ურთიერთობისა მას შემდეგ, რაც იძულებულნი გახდნენ პასიურად ეცქირათ ამ უკანასკნელთა შეურაცხყოფისა და ტანჯვისათვის უცხო ძალის _ სსრკ-ს შინაგანი ჯარების _ მიერ. გარდა ამისა, საქართველოს წაართვეს მისი შვილების _ გათურქებული, მაგრამ ნაწილობრივ მაინც პოტენციურად ქართულ ეროვნულ ცნობიერებაზე მობრუნებადი ადამიანების დიდი მასა. მაგრამ ამ ნათელი სურათის კონსტატაციის შემდეგ ჩვენს წინაშე დგება ჩადენილი დანაშაულის კიდევ ერთი კვალიფიკაციის ამოცანა: საქმე ის გახლავთ, რომ ისტორიამ იცის შემთხვევები, როცა დიდი მასის იძულებითი აყრა მისი სახლობის ადგილიდან არ არის მხოლოდ ადამიანთა დაზარალება, როგორც ინდივიდებისა და პიროვნებებისა, არამედ იმ კოლექტიური (მრავლობითი) სუბიექტის დაზარალებაც, რომელსაც ისინი ერთობლივად წარმოადგენენ და ასახიერებენ დღეს იმ მკაფიო იდეის ფონზე, რომ იგი (ეს კოლექტიური სუბიექტი, ერი) არა მხოლოდ მათი, ანუ დღეს არსებული თაობების, კუთვნილებაა, არამედ მომავალი თაობებისაც სამარადისოდ, და რომელიც მათთვის და მათი შთამომავლობისათვის თავისთავადი ღირებულებაა, მათი პირადი ზარალისა და ტანჯვისაგან დამოუკიდებელი. ასეთი ორმაგი _ ინდივიდუალური და ზეინდივიდუალური, ეროვნული _ დაზარალების მაგალითად ისტორიიდან შეგვიძლია მოვიყვანოთ ებრაელთა გასახლება ასირიელების მიერ (“ტყუენვაი ბაბილონისაი”), კახეთის აყრა-გასახლება შაჰ-აბასის მიერ XVII საუკუნის დამდეგს, თანამედროვეობიდან _ ვეინახების (ჩეჩნებისა და ქისტების) გასახლება საბჭოთა კავშირის მიერ 1943 წელს. ამ წესით დაზარალებული არის არა მხოლოდ ინდივიდთა მასა, არამედ მათი თვითცნობიერი ერთობლიობა, როგორც ისტორიის კოლექტიური სუბიექტი, რომელიც ამით კარგავს (და რომლის ყოველი ინდივიდუალური წევრი კარგავს) არა მხოლოდ კომფორტს, ჯანმრთელობას, ადამიანური ცხოვრების პირობებს და ა.შ., არამედ სამშობლოსაც _ თავის ექსკლუზიურად (პრიორიტეტულად) კუთვნილ ადგილს დედამიწაზე, სადაც მას საშუალება აქვს თავის ერთან ერთად თავისი ბუნებრივი და კულტურული მახასიათებლების შესაბამისად თავისი დამოუკიდებელი საზოგადოება აშენოს და დამოუკიდებლად ისწრაფოს კაცობრიობის მარადიული იდეალების განხორციელებისაკენ. ასეთ შემთხვევაში დაზარალება სამარადისოა _ იგი ეხება თაობებს უსასრულო ისტორიულ პერსპექტივაში _ და ამ ზარალის ანაზღაურებაც, ანუ მიყენებული ვნების გამოსწორებაც, შესაბამისად, უნდა მოხდეს ნებისმიერ დროს, როცა კი კაცობრიობა ამას შეძლებს. მაგალითად, სსრკ-ს მიერ გასახლებულ ჩეჩნებსა და ქისტებს ექნებოდათ შეუვალი უფლება თავის სამშობლოში დაბრუნებისა და მისთვის “ჩეჩნეთისა” და “ქისტეთის” სახელის აღდგენისა თუნდაც ათასი თაობის ჩავლის შემდეგ. 1944 წლის 15-16 ნოემბრის დეპორტაციის მსხვერლებს ამგვარი ორმაგი დაზარალება არ განუცდიათ. ისინი იყვნენ ძალით გამუსლიმანებული და ასევე ძალით ქართულ ეროვნულ ცნობიერებადაკარგული და თურქულ ეროვნულ ცნობიერებაზე გადასული ქართველები, შესაბამისი ტერიტორიების მოსახლეობის ერთი ნაწილი (მეორე ნაწილი იყო და დღესაც არის ის, რომელიც ქრისტიანულ სარწმუნოებაზე და ქართულ ეროვნულ თვითცნობიერებაზე დარჩა და დღესაც არის). გასახლებული მუსლიმანი ქართველები არ ყოფილან არც ერი, არც ტომი, არც ეროვნული თვითცნობიერების სხვა რამ ფორმის მატარებელი ჯგუფი, რასაც ცალსახად მოწმობს ის, რომ მათ არ ჰქონიათ და არ შეუმუშავებიათ რაიმე თვითდასახელება: ისინი თავის თავს უწოდებდნენ “იერლი” (თურქულად _ “ადგილობრივი”). მათ არ ჰქონიათ თავისი სამშობლო, როგორც სახელმწიფოებრივად ორგანიზებული და ისტორიაში სუბიექტად მოფუნქციე ეროვნული ტერიტორია (მათი შეუქცევადად გათურქებული ნაწილი ამ მხარეს თურქეთის ეთნიკურ ტერიტორიად თვლიდა, რომელიც თურქეთს უნდა დაუბრუნდეს მომავალში, და დღესაც ასე თვლის, ამგვარად, მათთვის სამშობლო პოლიტიკურად თურქეთი იყო და არის და არა ახალციხის მიდამოები. მეორე ნაწილი, რომელიც შეუქცევადად გათურქებული არ იყო, სამშობლოდ, ანუ ქვეყნად, რომლის შემადგენლობაშიც იგი, როგორც ეს ინდივიდი, ფუნქციობს კაცობრიობის მთლიან სისტემაში, ალბათ, საქართველოს თვლიდა. არც თურქეთი, როგორც ქვეყანა და სახელმწიფო, არც საქართველო, როგორც ქვეყანა და სახელმწიფო, მათი დეპორტაციით რუკიდან არ გამქრალა, როგორც გაქრა ჩეჩნებისა და ქისტების გასახლების შედეგად ჩეჩნეთი და ქისტეთი. შესაბამისად, არც რომელიმე მათგანის წინაშე დამდგარა მოვალეობა სამშობლოს, როგორც თავისთავადი ღირებულების, გადარჩენისა და აღდგენისა ნებისმიერ ფასად, როგორც გასახლებული ქისტებისა და ჩეჩნების წინაშე იდგა. ეს განსხვავება არსებითია. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანისთვის სასურველია და სანატრელია იმ მიდამოში დაბრუნება, სადაც მის წინაპრებს რამდენიმე ათასი წლის მანძილზე უცხოვრიათ, მაგრამ ეს არ არის მათი მოვალეობა სამშობლოს წინაშე, რომელიც უნდა შესრულდეს ყველა შემთხვევაში და ყველა ფასად. სამშობლოს აღდგენის მოვალეობას (რამდენადაც სამშობლოს ქონა ყველა პიროვნების უფლებაა) შემზღუდავი პირობები არ აქვს. ამ ნოსტალგიას კი, ანუ წინაპართა ნამოსახლარში ცხოვრების ბუნებრივ ადამიანურ სურვილს, თავისი შემზღუდავი პირობები აქვს. სახელდობრ, რაკი ყოველი ტერიტორია რომელსამე სახელმწიფოს ეკუთვნის, მასზე დასახლება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ამ სახელმწიფოს ინტერესებთან თავსებადია. ამიტომ საქართველოში დასახლების სურვილი დეპორტირებულის ჩამომავლისათვის შესრულებადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს შეთავსებადია საქართველოს ინტერესებთან, ანუ თუ შემოსახლების ეს მსურველი გენუინურად (გულწრფელად) აღიარებს ამ ტერიტორიას საქართველოდ და არ აპირებს მის პოლიტიკურ, დემოგრაფიულ, ენობრივ თუ კულტურულ ხელყოფას თურქეთის სასარგებლოდ. თუ არა, ანუ იმ შემთხვევაში, თუ შემოსახლების მსურველს ამოძრავებს მხოლოდ მამა-პაპათა მინდვრებსა და ფერდობებში თვალის გახარებისა და შთამომავლობის გაზრდის სურვილი, მაშინ იგი იძულებულია _ და იძულებული უნდა იყოს, _ გაითვალისწინოს არსებული პოლიტიკური და სტრატეგიული სიტუაცია და გაუგოს ქართულ სახელმწიფოს, რომელიც ვალდებულია არ ენდოს მას, როგორც აგრესიული თურქული ცნობიერების პატრონს, და ვერ გაბედოს მისი შემოშვება თავის მიწა-წყალზე ისეთ ვითარებაში, როცა, როგორც ვთქვით, საქართველოზე გააფთრებული შეტევა წარმოებს რამდენიმე მიმართულებით მისი თურქიზაციის მიზნით.

ამგვარად, ერთადერთი მიმართულება, რომლითაც იურიდიული და მორალური თვალსაზრისით სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მოსახლეობა, “იერლი” მოსახლეობა, დაზარალებულია, არის მისი ზარალი, როგორც ინდივიდებისა და ოჯახებისა. შესაბამისად, ამ ადამიანთა კომპენსაცია, თუკი იგი შესაძლებელია ჯერ კიდევ (მატერიალური მხრით ასეთი კომპენსაცია შესაძლებელი იქნება ყოველთვის), არის მათი კომპენსაცია როგორც ინდივიდებისა (ოჯახებისა) და არა როგორც ეთნიკური ერთეულისა. არ არსებობს არანაირი არც სამართლებრივი, არც მორალური საფუძველი, რომ მათთვის სსრკ-სგან მიყენებული მატერიალური და მორალური ზარალის კომპენსაციის ტვირთის საქართველოსთვის დაკისრების საკითხი დადგეს ან წამოყენებულ იყოს შესაბამისი მოთხოვნა. იმისთვის, რომ ჩვენი აზრი სავსებით ნათელი იყოს, შევნიშნავთ: დღეს რომ საქართველოს შემადგენლობაში ამა თუ იმ მიზეზით მოხვედრილი იყოს ტერიტორია, რომლიდანაც გასახლებული იქნა ერი (ტომი, ეთნოსი…) 10, 100 ან 200 წლის წინ, მაშინ დადგებოდა კითხვა საქართველოსთვის ამ ერის თავის ისტორიულ ტერიტორიაზე დაბრუნების და, ამგვარად, მისთვის სამშობლოს აღდგენის შესაძლებლობის მიცემისა, მორალურ სიბრტყეში მაინც. შემთხვევა, რომელსაც ვიხილავთ, პრონციპულად სხვაა. ამიტომ ჩვენი დასკვნა ცალსახაა: კანონპროექტი მიუღებელია. მისი მიღება იქნებოდა საქართველოს ისტორიულმასშტაბიანი სასიცოცხლო ინტერესების ღალატი, სახელდობრ, საქართველოს დექართველიზაციისაკენ, კერძოდ, მისი თურქიზაციისაკენ გადადგმული რადიკალური ნაბიჯი.

ჩვენი აზრი ევროსაბჭოს რეკომენდაციის შესახებ, რომლის შესაბამისადაც საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომ 2012 წლამდე შემოასახლოს საქართველოში 1944 წელს სსრკ-ს მიერ საქართველოს სამხრეთ რაიონებიდან რელიგიური ნიშნით დეპორტირებული მაჰმადიანებისა და მათი შთამომავლობის მთელი მასა, შემდეგია

1. რეკომენდაციაც და მის საფუძველზე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებაც შეუთავსებადია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, და ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესებთან. სახელდობრ

_ თურქული ცნობიერებისა და ორიენტაციის მატარებელი მასის შემოსვლა საქართველოში გარდუვალ შედეგად მოიტანს ძლიერსა და გარედან ხელშეწყობილ მოძრაობას საქართველოს სამხრეთი რაიონების საქართველოსაგან მოწყვეტისათვის და თურქეთის შემადგენლობაში შეყვანისათვის. შუალედურ მოთხოვნად ამ მოძრაობას ექნება საქართველოს სამხრეთ რაიონებში ავტონომიის შექმნა თურქულენოვანი და თურქული ცნობიერების მქონე მოსახლეობის ინტერესთა რეალიზაციის მოტივით

_ ამ მასის ჩასახლება ამ რაიონებში დაუყოვნებლივ გამოიწვევს კონფლიქტს (და, სავარაუდოა, სისხლისღვრის საშიშროებას) მოსულებსა და ადგილზე მოსახლეებს შორის (რადგან ამ რაიონების მთელი სასოფლო-სამეურნეო შესაძლებლობები ათვისებულია, ხოლო სხვა ეკონომიკური აქტივობა აქ, პრაქტიკულად, არ არის)

_ ამ მასის შემოსახლება დაამძიმებს საქართველოს უმისოდაც უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობას, რამდენადაც საქართველოს უმისოდაც 300 ათასამდე ლტოლვილი ჰყავს და მოსახლეობის ერთი მეოთხედი იძულებით ემიგრაციაში იმყოფება).

2. ხსენებული რეკომენდაცია უსამართლოა ქართველი ერისა და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. საქართველო არაა ვალდებული, მატერიალური და მორალური ზარალი აუნაზღაუროს სსრკ-ს მიერ დაზარალებულ პიროვნებებსა და ოჯახებს, მით უმეტეს, არაა ვალდებული რაიმე ფორმით თავს იდოს მზრუნველობა მათს შთამომავლობაზე, რომელიც საქართველოს გარეთ დაიბადა და ცხოვრობს.

3. დანაშაულის მსხვერპლთა სიმრავლე (1944 წელს სპეციალისტთა გათვლით 91 ათასზე ცოტა მეტი. დღეს მათი შთამომავლობა და ისინი, ვინც თავს მათ შთამომავლებად აცხადებს _ 400 ათასზე მეტი) არ მოიცავს რომელსამე ისტორიულად, ეთნიკურად და პოლიტიკურად თვითცნობიერ ეთნოსს (ერს, ხალხს, ტომს…), რომლის წინაშეც იდგეს სამშობლოს, როგორც თავისი ქვეყნისა და ტერიტორიის, აღდგენის ამოცანა და ეკისრებოდეს შთამომავლობისათვის მისი გადაცემის მოვალეობა. საქართველოს სამხრეთი რაიონების მაჰმადიანი მოსახლეობა და მისი შთამომავლობა არ იყვნენ და არ არიან ცალკე ეთნოსი (იხ.ზემოთ) და ტერიტორია, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, არის მთლიანად ქართველი ერის, და მის რიცხვში _ ადგილობრივი როგორც მაჰმადიანი, ისე არამაჰმადიანი (ქრისტიანი) ქართველების სამშობლო, რომლებიც (ეს უკანასკნელნი) იქ დარჩნენ და ცხოვრებას განაგრძობენ. გასახლებულნი, როგორც ჯგუფი, არ არიან ამ ტერიტორიის მეურვენი, როგორც მათი სამშობლოსი, და მისი აღდგენის მოვალეობა არ აწევთ, რადგან იგი არ გაუქმებულა. შესაბამისად, საქართველოს არა აქვს და ვერ ექნება მოვალეობა, თავისი ტერიტორიის რაღაცა ნაწილი გაიღოს რომელიმე ეთნოსის (ხალხის, ერის, ტომის… “იერლი” ეთნოსი არ არის) გადასარჩენად  გაქრობისაგან, თუნდაც ამ ტერიტორიის არაქართული ავტონომიის შექმნის სახით.

შენიშვნა: გასახლებული მაჰმადიანური მოსახლეობა შედგებოდა

_ მუსლიმანი და დიდწილად ენობრივად და ცნობიერებით გათურქებული ქართველებისაგან;

_ ქურთებისაგან, რომლებიც ინფილტრირებულნი იყვნენ, როგორც დაქირავებული მეჯოგეები, რუსეთის მმართველობის დროს;

_ თარაქამებისაგან, ანუ დღეს “აზერბაიჯანელებად” წოდებული თურქებისაგან, რომლებიც იქ რუსეთმა ჩაასახლა 1830-იან და 40-იან წლებში პოლიციური ფუნქციების შესასრულებლად, რადგან ადგილობრივებს არ ენდობოდა;

_ ხემშინებისაგან, ანუ მუსლიმი სომხებისაგან, რომლებიც აგრეთვე რუსულმა ადმინისტრაციამ აქ ჩაასახლა ცოტა გვიან.

რუსეთის ადმინისტრაცია შეძლებისდაგვარად აღრმავებდა ქართველი მუსლიმანების თურქიზაციის პროცესს და იმასვე აგრძელებდა საბჭოთა ხელისუფლება, რომელმაც იმხანად ჯერ კიდევ ბევრად უფრო ნაკლებად გათურქებულ ქართველ მოსახლეობას ეროვნებად “აზერბაიჯანელი” ჩაუწერა დოკუმენტებში და აზერბაიჯანული სკოლები გაუხსნა.

4. არც თანამედროვე სამართალში, არც უფლებადაცვით პრაქტიკაში არ არსებობს ნორმა, რომელიც სახელმწიფოს ავალებდეს მისი ტერიტორიიდან არა მის მიერ ამა თუ იმ ძალადობითი ან სხვა უკანონო ფორმით მოშორებული პირების შთამომავლობისათვის თავის ტერიტორიაზე ცხოვრების უპირობო უფლების მინიჭებას და მის მატერიალურ უზრუნველყოფას გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ გზით მოშორებული პირები არიან თვითცნობიერი ეთნოსი (ხალხი, ერი, ტომი.) და მათი შთამომავლობის იქვე დასახლებას მოითხოვს ეთნოსის (ხალხის, ერის, ტომის…) გაქრობისაგან გადარჩენის ამოცანა. ამ წესით აღდგა, მაგალითად, ქისტების და ჩეჩნების სამშობლო. მაგრამ ეს წესი არ გავრცელდა არც 1945 წლის შემდეგ მასობრივად გაყვანილ სუდეტელ გერმანელებზე, არც ვოლგისპირელ გერმანელებზე, არც მრავალ სხვა, თავისი საცხოვრებლიდან იძულებით გაყვანილ დიდ ჯგუფზე. ამგვარად, საქართველოსადმი მიყენებული ნორმა, _ რომ სახელმწიფო ვალდებულია მისი ტერიტორიიდან ამა თუ იმ დროს ამა თუ იმ სუბიექტის მიერ იძულებით გაყვანილი პირები და მათი შთამომავლობა თავის ქვეყანაში დაასახლოს, თუკი ამ მოსახლეობას ეს ჰსურს, _ შექმნილია სპეციალურად საქართველოსათვის, და არა ყველასათვის, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ყველა ჰუმანიტარული ნორმის, ისევე როგორც ყველა სამართლებრივი ნორმის, საყოველთაო _ მნიშვნელადობის (Allgemeingьltigkeit) პრინციპს.

თქმულიდან გამომდინარეობს, რომ ევროსაბჭოს წინაშე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება საქართველოს სამხრეთ რაიონებიდან 1944 წლის 15-16 ნოემბერს სსრკ-ს მიერ გასახლებული მუსლიმანების შთამომავალთა საქართველოში 2012 წლამდე შემოსახლების შესახებ გასაუქმებელია, როგორც უსამართლო და როგორც საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებთან შეუთავსებადი. საქართველოს არავითარი მოვალეობა არა აქვს ამ ადამიანების წინაშე გარდა იმისა, რომ, თუ რომელსამე მათგანს საქართველოში უძრავი ქონება აქვს დარჩენილი, რომელიც მათი გასახლების შემდეგ საქართველოს სარგებლობაში გადავიდა, მათ ეს საკუთრება გადასცეს. თუ ამ უსამართლო და საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებთან შეუთავსებადი რეკომენდაციის მიყოლა და, მისგან გამომდინარე, საქართველოს მიერ თავისთავზე აღებული შესაბამისი ვალდებულების შესრულება აუცილებელი პირობაა საქართველოს ყოფნისა ევროსაბჭოში, მაშინ საქართველო დგება იძულების წინაშე, რომ აირჩიოს ან სიცოცხლე ევროპის გარეთ, ან სიკვდილი ევროპაში, რაც არანაირი არც მორალური, არც სამართლებრივი, არც ჰუმანიტარული საფუძვლის არმქონე იძულებაა.

თქმულიდან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ ევროსაბჭოსაგან პასუხს კითხვაზე: რა არის საქართველოს მოვალეობის საფუძველი, რომ

ა) მის ტერიტორიაზე სსრკ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად საქართველოდან დეპორტირებული ადამიანები და

ბ) ამ ადამიანთა შთამომალები, რომლებიც საქართველოში არ დაბადებულან და დღეს საქართველოს გარეთ ცხოვრობენ

საქართველოში დაასახლოს? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კითხვას სამართალთან, მორალთან, ჰუმანიტარულ პრინციპებთან, მსოფლიო პრეცედენტებთან და ადამიანურ ინტერესთა და ღირებულებათა მეცნიერულ ცოდნასთან დაკავშირებული არანაირი პასუხი არა აქვს. თუ აქვს, დიდი მადლობელნი ვიქნებით თქვენი პასუხისა და მთელის გულმოდგინებით შევუდგებით ჩვენი დღევანდელი მიდგომის გადასინჯვას სამართლიანობის, კანონიერების, ჰუმანიზმისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობის სულისკვეთებით.

შენიშვნა: სამწუხაროდ, ვითარების რეალისტურად დანახვის ინტერესები მოითხოვს, რომ გაცნობოთ შემდეგიც. საქართველოს ტოტალური გაყალბებით არჩეული 1995 წლის პარლამენტის წევრები, რომელთაც სტრასბურგში აიღეს მოვალეობა 1944 წელს დეპორტირებულთა და მათ შთამომავალთა საქართველოში 2012 წლამდე შემოსახლების შესახებ, ადამიანთა სპეციფიკური ჯგუფი იყო, რომელსაც არ ჰქონდა უფლება საქართველოს ბედისათვის ესოდენ საკვანძო საკითხის გადაწყვეტისა. ხუხუნაიშვილი იყო ყოფილი “კომკავშირის” მოღვაწე, ღოღობერიძე ქალიშვილია საქართველოში ფართოდ ცნობილი მაღალი თანამდებობის ჩეკისტისა და ჯალათისა, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით და დემონსტრაციული სიძულვილით ქართველობის მიმართ, ჩიტაია წევრი იყო ჟვანიას ჯგუფისა, რომელმაც ყველაფერი შესაძლებელი მოიმოქმედა საქართველოს ეროვნული ქონების რუსეთის ხელში გადასაცემად და ერთხმად ხმა მისცა წინა პარლამენტში საქართველოს შესვლას “დესეთეში”, ხოლო სააკაშვილი ის კაცია, რომელიც დღეს, საქართველოს პრეზიდენტად ყოფნისას ყველაფერს აკეთებს, რათა რუსეთისთვის საქართველოს ქონების გადაცემის პროცესი გაგრძელდეს და გაღრმავდეს, რომელმაც რუსეთის სამხედრო ბაზებს საქართველოში ოფიციალური სტატუსი მიანიჭა სამნახევარი წლით და საქართველოში რუსულ-ქართული “ანტიტერორისტული ცენტრის” შექმნაზე თანხმობას აცხადებს. ამ მიმართულების ადამიანები თუმცა დღეს საქართველოს საჭესთან არიან როგორც (რუსეთის) შეფარული მარიონეტები, მაგრამ არანაირი ზომით არ გამოხატავენ ქართველი ხალხის არც ინტერესს, არც აზრს.

 

დეპორტირებულებისა და მათი შთამომავლობის ბედის გაუმჯობესების რეალური შესაძლებლობა

როგორც ვთქვით, საქართველოს არა აქვს არავითარი მოვალეობა 1944 წელს სსრკ-ს მიერ საქართველოდან დეპორტირებული მუსლიმანებისა და, მით უმეტეს, მათი შთამომავლების წინაშე (აქ აღარ ვეხებით იმ ფაქტს, რომ საქართველოდან დეპორტირებულთა შთამომავლებად დღეს თავს აცხადებენ სომხეთიდან ანალოგიური მოტივით იმავე წლის შემოდგომაზე დეპორტირებული ქურთებისა და ხემშინების შთამომავლები, რომელთა არსებობის ფაქტი, როგორც ჩანს, ევროსაბჭოსთვის სრულიად უცნობია). მაგრამ საქართველოს აქვს ინტერესი ამ ადამიანებისადმი, რადგან მათი ნაწილი  ქართველი ერის სისხლი და ხორცია (დანარჩენები რუსების მიერ შემოსახლებული უცხოელები არიან და ამჯერად ჩვენი განხილვის სფეროში არ შემოდიან), რის გამოც საქართველოს საზოგადოებრიობა მონდომებულია, ამ ადამიანთა რაც შეიძლება დიდი პროცენტი დაუბრუნოს ქართულ ცნობიერებას და თანდათანობით _ მათში ამ ცნობიერების გაღვიძებისდაკვალად _ შემოიყვანოს საქართველოში, ვინც უკვე მზად იქნება საქართველოს მოქალაქეობის უმძიმესი ტვირთის საზიდად. ჩვენ გვჭირდებიან ეს ადამიანები დღევანდელ უმძიმეს პირობებში, როცა საქართველოსა და მის მოქალაქეთა წინაშე “მტრის ცეცხლის ქვეშ” სახელმწიფოს მშენებლობის უმძიმესი ამოცანა დგას. ამ ადამიანებისათვის საქართველოს საზოგადოებრიობა შეძლებისდაგვარად ზრუნავს 1960-იანი წლებიდან და იზრუნებს შემდეგაც. მაგრამ საქართველოში შემოვა და დასახლდება მხოლოდ ის, ვინც თავისი ცნობიერებით ქართველი იქნება, და არა ის, ვინც საქართველოს ეროვნულ სახელმწიფოს განიხილავს, როგორც მტერსა და მოწინააღმდეგეს.

შეგიძლიათ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ქართველი ხალხის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით სწორედ ესაა, რასაც ჩვენ მოგახსენებთ, და არა ის, რასაც დღეს საქართველოში არანაირი ნდობისა და პრესტიჟის აღარ მქონე ხელისუფალთაგან მოისმენთ.

ველით თქვენს პასუხს ჩვენს კითხვაზე, რომელიც, დარწმუნებული ვართ, გაცემული იქნება სამართლის, ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების, მორალისა და ეთიკისა და ღირებულებათმეცნიერების (აქსიოლოგიის) სფეროში დღეს კაცობრიობის ხელთ არსებული მდიდარი ცოდნის საფუძველზე.

 2007

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s