Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ნუთუ ისევ დიდთურქობის ხანა გველის?

• “თურქი მესხები”

ნუთუ ისევ დიდთურქობის ხანა გველის?

ბოლო დროს კვლავ აქტუალური გახდა ე. წ. თურქი-მესხების საკითხი, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია საქართველოს თავზე დამოკლეს მახვილად ჰკიდია.

ცოტა რამ მათ შესახებ:

XVIII საუკუნის შუა წლებშიც კი ისტორიული მესხეთის მოსახლეობა კვლავ ქრისტიანი ქართველები იყვნენ. მაჰმადიანობას ისევ და ისევ მხოლოდ ფაშას გარემოცვა აღიარებდა, რომლებიც თანამედროვე ახალციხის, ასპინძისა და ახალქალაქის მიდამოებში იყვნენ თავმოყრილნი. შემდგომ პერიოდში ხდებოდა სხვადასხვა ოსმალო ტომების ჩამოსახლება საქართველოს ამ ძირძველ ისტორიულ მიწა-წყალზე.

ჯერ კიდევ 1919 წელს მესხეთში მცხოვრები თურქები აჯანყდნენ საქართველოს ახლადფეხადგმული დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს ომი წამოიწყეს თურქეთის საიდულო სამსახურების წაქეზებით, მომზადებითა და დახმარების მეშვეობით, რომლებსაც თურქეთის სახელმწიფო უმაგრებდა ზურგს. თურქეთის საიდუმლო სამსახურები მესხეთში მცხოვრებ თურქებს მესხეთის თურქეთთან მიერთებას ჰპირდებოდა.

საბედნიეროდ დამოუკიდებელ საქართველომ შესძლო ამ აჯანყების ჩაქრობა.

რუსეთის საბჭოთა იმპერიის შემქმნელები, რომელთაც სურდათ მჭიდრო თანამშრომლობა ქემალისტურ თურქეთთან, ამიერკავკასიის თურქულენოვანი მოსახლეობისათვის უპირატესობის მინიჭებას ცდილობდნენ. შედეგად, ქემალისტური თურქეთის ზეწოლითა და სურვილით, მესხეთში თურქებმა მიიღეს კულტურული თვითმმართველობა (“ავტონომია”).

1921 წლის 25 თებერვლის რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს დაპყრობის შემდეგ, რუსმა ”მასონ-ბოლშევიკებმა” ქართველი მაჰმადიანების თურქულ ენაზე სწავლება დაიწყეს. მასწავლებლები მეზობელი აზერბაიჯანიდან ჩამოჰყავდათ. მესხეთში მცხოვრებ ძირძველ ქართველებს შეუცვალეს სახელები და გვარები და, მიუხედავად მათი წინააღმდეგობისა, საბუთებში ქართველებსაც ეროვნებად თურქი ჩაუწერეს.

რუსეთის აღრიცხვის თანახმად, XX-ე საუკუნის 30-იანი წლების შუახანებში რუსეთმა მესხეთში ჩაასახლა 28 ათასი აზერბაიჯანელი. სამაგიეროდ, უკვალოდ გაქრნენ ქართველი-მაჰმადიანები.

მაინც რამდენი ათასი ადამიანი იქნა გასახლებული 1944 წელს საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებიდან?

პოდოლსკი მთავარ არქივში, ისტორიკოს შოთა ნოზაძის მიერ მოპოვებული მასალიდან ჩანს, რომ 1944 წელს

საქართველოდან გადასახლებული ყოფილა 15 568 ოჯახი, 69 869 სულით. მათ შორის:

• 59 780 ანუ, 85,5% თურქი;

• 8 667, ანუ 12,4% მაჰმადიანი ქურთი;

• 1 462, ანუ 2,1% თარაქამი და ხემშილი (მაჰმადიანი არმენი).

 

სამცხე-ჯავახეთის მხარიდან გასახლებულთა ზუსტად იგივე რაოდენობა (69 869 სული) მოყვანილია პროფესორ მაყვალა ნათმელაძის მიერ საქართველოს “პრეზიდენტის” არქივში მოკვლეულ საბუთებში (იხილეთ მ.ნათმელაძე, “დემოგრაფიული ცვლილებები საქართველოში XX საუკუნის ორმოციან წლებში”, თბილისი, 2002 წ.).

1991 წელს გამოცემულ საბჭოთა ჟურნალ “კომუნისტში” გამოქვეყნებული “დეპორტაციის მასალების” თანდართულ ცხრილში საქართველოდან გასახლებულ ადამიანთა რაოდენობად დასახელებულია 94 955. ამავე მასალებში არის 1944 წლის 28 ნოემბრით დათარიღებული ლავრენტი ბერიას მოხსენებითი ბარათი სტალინის,მოლოტოვისა და მალენკოვის სახელზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ საბჭოთა კავშირის თავდაცვის კომიტეტის განკარგულებით საქართველოს საზღვრისპირა მხარეებიდან 91 095 თურქი, ხემშილი და ქურთი გაუსახლებიათ. ბერიას მოხსენებითი ბარათიდან სჩანს, რომ 1944 წლის 25-26 ნოემბერს მაჰმადიანი მოსახლეობა აჭარიდანაც გაუსახლებიათ.

ბერიას მოხსენებით ბარათში აჭარიდან გასახლებულთა რიცხვი მითითებული არ არის. პოდოლსკში ნოზაძის მიერ მოკვლეული საარქივო მასალების მიხედვით კი, ბათუმიდან გასახლებულია 165 ოჯახი:

მათ შორის თურქი — 84,

ქურთი — 7,

ხემშილი (მაჰმადიანი არმენი) — 6.

ბათუმის მხარიდან გასახლებულია 1 049 კერა, ქობულეთის რაიონიდან — 302 კერა:

აქედან თურქი — 70,

ქურთი — 198,

ხემშილი — 34.

1939 წელს საქართველოში ჩატარებული აღწერის შედეგები. ამ მონაცემების მიხედვით, სამცხეჯავახეთში ცხოვრობდა 266 115 კაცი; მათ შორის:

• 88 164 (33,13%) აზერბაიჯანელი (მაშინ თურქებიც აზერბაიჯანელებად ეწერებოდნენ) და

• 3 886 (1,46%) ქურთი.

 ამრიგად, მხარეში მაჰმადიანების ჯამური რიცხოვნობა 92 150 კაცს შეადგენდა. ანუ, მთელი მოსახლეობის 34,5%-ს.

საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღორძინებასათან ერთად რუსეთის იმპერიამ მრავალი ნაღმი აამოქმედა, მათ შორის საქართველოდან საბჭოთა კავშირის დროს 1944 წლის ნოემბრის თვეში თურქეთის საზღვრისპირა რეგიონებიდან გასახლებული სხვადასხვა მუსულმანი ტომები და როგორც სჩვეოდათ, შექმნეს ახალი კოლგრემერანტი “თურქი მესხი”. მუსულმანი ტომები გაასახლეს აზერბაიჯანსა და შუა აზიის რესპუბლიკებში; ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში, სადაც 1989 წლამდის ცხოვრობდნენ.

ყველას გვახსოვს, ალბათ, თუ როგორ ახსნა შანიბოვმა ფერღანაში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი, რომელსაც 100 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა: “იზ ზა პოლთარა ქილოგრამა ქლუბნიკა!”.

მოსკოვის მიერ საქართველოს საწინააღმდეგოდ შექმნილი ტერმინი “თურქი მესხი” საუბედუროდ დამკვიდრდა საერთაშორისო არენაზეც.

ამ ტერმინის დამკვიდრებას, აგრეთვე ხელი შეუწყო 1998 წელს ვენაში და 1999 წელს ჰააგაში, 1944 წელს გადასახლებულთა საკითხზე გამართული საერთაშორისო რჩევითმა შეკრების შედეგებმაც, როდესაც მრავალდღიანი კამათის შემდეგ ახალი ეთნონიმი “თურქი მესხი” ერთხმად მიიღეს.

თუმცა, ამ ეთნონიმს სხვაგვარად შეხვდენ თვით გადასახლებულთა შორისაც, რადგან გადასახლებულთა შორის მაჰმადიანი ქართველების (მცირე ნაწილი) გარდა არიან ხემშილები (მაჰმადიანი სომხები), თარაქამები, თალიშები, ქურთები და სპარსული წარმოშობის ტომებიც.

გადასახლებულთა მრავალეთნიკურ შემადგენლობას ყველა ერთიანად შერაცხეს “თურქ მესხად”. ეთნიკური წარმომავლობა დაუკარგეს მაჰმადიან სომხებს, ქურთებს, ირანულ ტომებს და რაც მთავარია, მაჰმადიან ქართველებს.

როგორია დღეს დეპორტირებულთა რაოდენობრივი მაჩვენებელი?

 2004-2006 წლებში უმცირესობის საკითხთა ევროპულმა ცენტრმა ჩაატარა კვლევა (EჩMI) ყველა იმ ქვეყანაში, სადაც დღეს მესხები ცხოვრობენ. კვლევების თანახმად, მესხების საერთო რაოდენობა მსოფლიოს

მასშტაბით დაახლოებით 450-455 ათასს შეადგენდა, რაც აღემატებოდა ადრინდელი კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემს. ამ საერთო რაოდენობიდან 137 000 მესხი ცხოვრობდა ყაზახეთში, 33 000 — ყირგიზეთში, 20-25 ათასი — უზბეკეთში, დაახლოებით 130 000 — აზერბაიჯანში, დაახლოებით 75 000 — რუსეთში, 9 000 — უკრაინაში და დაახლოებით 600 სული — საქართველოში. მესხთა საკმაოდ დიდი რაოდენობა ცხოვრობდა თურქეთში — დაახლოებით 35 000 სული. 2006 წლის სექტემბრის მონაცემებით დაახლოებით 10 000 მესხი კრასნოდარიდან აშშ-ში გადასახლდა.

მანამდე კი შუააზიის რესპუბლიკებში გადასახლებულები რეგისტრირებული იყვნენ სხვადასხვაგვარად, ზოგი აზერბაიჯანელად, ზოგიც თურქად და უზბეკად,რაც შეუძლებელს ხდის მათი ზუსტი რაოდენობის დადგენას.

1987 წელს გასახლებული თურქების ქართული წარმომავლობის შესახებ თავიდან ქართულ ეროვნულ მოძრაობას რუსეთის საიდუმლო სამსახურმა შემოაპარა. რამაც თავიდან თავისი ნაყოფი გამოიღო და ეროვნული მოძრაობის თავკაცებმა — ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ მოლაპარაკებები დაიწყეს იმ დროისათვის გავრცელებული ცნობებით ქართული წარმოშობის მაჰმადიანებთან.

რუსეთმა გადასახლებულ თურქებს მაჰმადიანური გაერთიანება “ვათანი”- ც შეუქმნა, რომლის თავმჯდომარედ ქართველთმოძულე და თავითფეხებამდე თურქი იუსუფ სარვაროვი დაუნიშნეს, შესაბამისი მხარდაჭერითა და ფულითაც მოამარაგეს. მოგვიანებით თურქების საიდუმლო სამსახურების მცდელობით გაერთიანება “ვათანმა” საერთაშორისო მნიშვნელობაც კი შეიძინა, რომელსაც წარმომადგენლობები აქვს მოსკოვში (რუსეთი),  ანკარაში (თურქეთი), ბაქოში (აზერბაიჯანი), თბილისში და სხვაგან. ეს გაერთიანება თურქეთის და რუსეთის ფულით მარაგდება, მათივე მხარდაჭერით სარგებლობს.

ამ მოლაპარაკებების შედეგად, სულ მალე ნათელი გახდა, რომ შუა აზიაში მცხოვრები ე.წ. ქართული წარმოშობის მაჰმადიანთა უმრავლესობა, მცირე ნაწილის გამოკლებით, თავს თურქად გრძნობდა და საქართველოს მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილნი.

 მათ თავიდან მთელი რიგი მოთხოვნებიც კი წამოაყენეს, კერძოდ:

საქართველოსაგან მოითხოვდნენ ბოდიშის მოხდას გასახლებასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ ქონებრივ ანაზღაურებასაც მოიცავდა;

აუცილებლად მესხეთში უნდა ჩაესახლებინათ, თანაც კომპაქტურად;

ითხოვდნენ თვითმართველობის მიცემას (“კულტურული ავტონომია”), რაც,სავარაუდოდ, შემდგომში სახელმწიფო თვითმართველობაში გადაიზრდებოდა;

სალაპარაკო ენას თურქულს მოითხოვდნენ;

 

ერთ-ერთ მორიგ შეხვედრაზე მერაბ კოსტავა შეხვდა ჩამოსახლების მსურველი თურქების გაერთიანება “ვათანი”-ის თავჯდომარეს იუსუფ სარვაროვს, რომელიც თავიდან ქართული წარმოშობის ადამიანად (ვითომდა დიდებულიძე იყო გვარად) ასაღებდა თავს. მოლაპარაკებისას, მერაბ კოსტავას კითხვაზე ქართველი იყო თუ არა იგი, სარვაროვმა უპასუხა:

“ალაჰმა დამიფაროს, რომ ერთი წვეთი სისხლიც კი მერიოს ქართული”–ო.

გაწბილებულმა მერაბ კოსტავამ მოლაპარკებიდან დაბრუნებისას, თბილისში გამართულ ხალხმრავალ შეკრებაზე განაცხადა ამის შესახებ და დასძინა, რომ ამ ხალხის საქართველოში ჩამოსახლება ქვეყნის დაღუპვის ტოლფასი იქნებაო. ამის შემდეგ ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ, მკაფიო უარით უპასუხა საქართველოსადმი მტრულად განწყობილ თურქებს ჩამოსახლებაზე. გამონაკლისების სახით უნდა დაბრუნებულიყვნენ ის პირები, ვინც მტრულად არ იყო განწყობილი, ქართველად მიაჩნდა თავი და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩასახლდებოდა, ცალ-ცალკე. რაც განხორციელდა კიდეც, რამდენიმე ქართული მეობის მქონე პირი დაბრუნდა იმერეთში, თავიანთ კერებითურთ (“ოჯახებით”).

თუქების, 1988 წლის 28 ივლისს ყაბარდო-ბალყარეთში გამართულ ყრილობაზე სწორედ ეს საკითხი იქცა ცხარე კამათის საგნად. წარმომადგენელთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა თავიანთ თურქულ წარმომავლობას. წარმომადგენლების (“დელეგატების”) უმრავლესობამ აღიარა, რომ თურქი-მესხები უნდა დაბრუნდნენ საქართველოში, როგორც თურქული ეროვნების ჯგუფი, რომლებიც ქართველებისაგან განცალკევებულად განსახლდებოდნენ. ყრილობაზე გადაწყდა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუშლიდა მათ მიზნის მიღწევაში, მაშინ ისინი დასახლდებოდნენ აზერბაიჯანში.

უმრავლესობამ განაცხადა თავისი თურქებისადმი კუთვნილობის შესახებ, ხოლო ძალიან მცირე ნაწილმა აღიარა, რომ ისინი წარმოადგენენ მაჰმადიანური აღმსარებლობის ქართველებს.

ვერც რუსეთის მიერ საქართველოს მაშინდელ “კომუნისტურ” ხელისუფლებაზე ზეწოლით მიაღწია რუსეთმა თურქების შემოსახლებას საქართველოში, რადგან მაშინდელი საქართველოს თავკაცის ჯუმბერ პატიაშვილის (“ცეკას I მდივანი”) თანხმობის მიუხედავად, ეროვნულმა მოძ რაობამ, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მეთაურობით, მაინც არ დაუშვა მტრულად განწყობილი თურქების შემოყვანა საქართველოში.

ფერღანის ტრაგედიის შემდეგ რუსეთმა შუა აზიის ქვეყნებში ჩასახლებული თურქების უსაფრთხოების საბაბით იქ მაცხოვრებელი თურქები დროებით აჰყარა და ძირითადად, საქართველოს გარშემო სხვადასხვა ქვეყნებში ჩაასახლა, კერძოდ აზერბაიჯანში, კრასნოდარის მხარეში, უკრაინაში და მოგვიანებით თურქეთშიც კი, ოღონდ დროებით. საქართველოზე კი ზეწოლა გააძლიერეს, როგორც რუსეთმა ასევე თურქეთმა.

ფერღანის დარბევების შემდეგ საბოლოოდ გამოვლინდა თურქი-მესხების მისწრაფება, თავი  მიეკუთვნებინათ ანატოლიელი თურქებისათვის და გადასახლებულიყვნენ თურქეთში.

დევნილი თურქების ყრილობაზე, რომელიც აზერბაიჯანში გაიმართა 1989 წლის 2 სექტემბერს, წარმომადგენელთა (“დელეგატთა”) 80-მა პროცენტმა სურვილი გამოთქვა თურქეთში გადასახლებაზე.

http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/AMBROSI/Polonetidan_danaxuli_sakartvelo/6/1.htm

ამ დროისათვის მოვლენებში სულ უფრო აქტიურად ერთვება თურქეთი და მისი საიდუმლო სამსახური, მათ მრავლად მოავლინეს თავიანთი ჯაშუშები საქართველოში, ასევე დევნილ თურქებთანაც შეაგზავნეს. ამისათვის დიდძალი ფულიც გამოყო და საერთაშორისო ზეწოლაც გააძლიერა საქართველოზე.

თურქეთისათვის მეტად მიმზიდველი აღმოჩნდა სამხრეთ საქართველოს, მესხეთ-ჯავახეთის მიტაცების შესაძლებლობა და მათ მტაცებლის მონდომებით დაიწყეს დევნილი თურქების ჩამოსახლების ხორცშესხმა მესხეთ-ჯავახეთში.

1990 წლის სამართლიანი არჩევნების შედეგად ეროვნული ხელისუფლება მოვიდა საქართველოში, რომელიც ურყევად დადგა საქართველოს სადარაჯოზე.

თურქეთმა რამდენჯერმე მოავლინა თავისი წარმომადგენლები, რათა ეროვნული ხელისუფლება დევნილი თურქების ჩამოსახლებაზე დაეყოლიებინა, მაგრამ არც მოთაფვლამ და არც მუქარამ მათთვის სასურველი შედეგი არ გამოიღო.

საქართველოს მეთაურმა ზვიად გამსახურდიამ მტკიცედ განუცხადა, რომ საქართველოს თავის მრავალათასიანი ქართველი ლტოლვილები ჰყავს დასაბინავებელი და საქართველოს სრულ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე დევნილი თურქების საქართველოში ჩამოსახლების საკითხს ვერ განიხილავს.

საქართველოს 1991-92 წლეებში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, საქართველომ დაკარგა დამცავი ეროვნული ხელისუფლება და მტრებს გზა გაეხსნათ საქართველოს ასაოხრებლად.

მიუხედავად იმისა, რომ დევნილ თურქთა უმრავლესობა მიისწრაფვის გადასახლდეს თურქეთში, რათა “იცხოვროს თანამემამულეთა შორის”., ეს არ აწყობთ თურქეთსა და რუსეთს, რათა თავიანთი დამპყრობლური მიზნები განახორციელონ.

თურქები და რუსების შევარდნაძესთან მოლაპარაკების შედეგად, ფარულად დაიწყო დევნილი თურქების შემოყვანა საქართველოში მცირე ჯგუფების სახით. ამ გზით მათ 1 200 დევნილის შემოპარება შესძლეს საქართველოში, ხოლო შევარდნაძის გარემოცვამ გვარიანი ფული ჩაიჯიბა, როგორც პირდაპირი ქრთამის სახით, ასევე თურქების მიერ დევნილებისათვის გამოყოფილი სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილის მითვისებით.

დეპორტირებული თურქების ასეთი გაჭიანურებული ჩამოსახლება არ აწყობდა თურქეთს და რუსეთს. მათ ევროკავშირის მეშვეობით გააძლიერეს ზეწოლა საქართველოზე.

1999 წელს ჰააგაში ევროკავშირის წინაშე, შევარდნაძის ბატონობისას, სულგაყიდულმა და ხელისუფლებაში მოსვლის ავადმყოფური სურვილით შეპყრობილმა მიშა სააკაშვილმა და ზურაბ ჟვანიამ ვალდებულება აიღეს რამოდენიმე ასეულათასიანი დეპორტირებული თურქების 2012 წლამდე საქართველოში ჩასახლების შესახებ, რაც ამ ნაძირალების საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთი წინაპირობაც იყო.

დევნილი თურქების ჩამოსახლებისათვის თურქეთის მიერ შესანიღბავად, ევროკავშირის გავლით უკვე 100 მილიონი ევროა გამოყოფილი. თურქების შემოსახლებას, თითქოს აღარაფერი უშლიდა ხელს, მაგრამ მალე ნათელი გახდა ჯავახეთში და საქართველოს სამხრეთში მცხოვრები არმენები, ასევე მათ ზურგს უკან მდგომი არმენია არ დაუშვებდნენ დეპორტირებული თურქების ჩასახლებას მესხეთში და განსაკუთრებით ჯავახეთში. არმენებს დიდი ხანია საქართველოს სამხრეთი, შავ ზღვამდე თავის საკუთრებად მიაჩნიათ.

არმენებმა აამუშავეს თავიანთი კავშირები მსოფლიოში და მრავალმილიონიანი ფულადი სახსრები. რამდენიმე მილიონიანი არმენული დასაყრდენი ამერიკაში, მათი ფული და კავშირები. არმენებმა მოახერხეს და ამერიკის ხელისუფლებამ მიიღო თურქების ერთი ნაწილის (იმ თურქების, რომლებიც თავს ჯავახეთიდან გასახლებულად მიიჩნევდა და შესაბამისად ჯავახეთში მოითხოვდა ჩასახლებას) ამერიკაში ჩასახლების შესახებ. ამ ჩასახლების ხარჯებს არმენები იხდიან. კრასნოდარიდან 25 000 -მდე დევნილი თურქი ფილადელფიაში (ამერიკაში) გადაიყვანეს.

ახლა კი ჩვენს მთავარ სათქმელს დავუბრუნდეთ;

როგორც ვიცით, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებით გზით მობრუნებულმა შევარდნაძემ ქვეყანას თავს მოახვია უამრავი უკეთურობა, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ქართველი ერის ფიზიკურ არსებობას. არსულებდა და ასრულებს რა, საქართველოს მიმართ მტრული ძალების დაკვეთებს, ერთ-ერთი მათგანია 1999 წელს ევროსაბჭოში აღებული ვალდებულება ე. წ. თურქი მესხების საქართველოში რეპატრიაციის შესახებ.

ეს საქმე წარმატებით განაგრძეს შევარდნაძის მემკვიდრეებამ, რომლებიც 2003 წლიდან “მართავენ” საქართველოს.

2007 წლის 11 ივლისს კი საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა ყოფილი საბჭოთა კავშირიდან იძულებით გადასახლებულთა რეპატრიაციის შესახებ კანონს.

ამავე დღით თარიღდება საქართველოს “პრეზიდენტის” მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი საქართველოს კანონი ყოფილი სსრკის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრკ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ.

მიუხედავად ამ კანონის მთელი რიგი უარყოფითი მხარეებისა, კანონში მაინც არის ზოგიერთი მუხლი, რომელიც განსაზღვრავს თუ ვის უნდა მიენიჭოს რეპატრიანტის წოდება და შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა.

კანონის მესამე მუხლის თანახმად განაცხადის წარდგენის უფლების მქონე პირები

1. ამ კანონით დადგენილი წესით რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი განაცხადის წარდგენის უფლების მქონე პირები არიან: იძულებით გადასახლებული პირი და მისი პირდაპირი შთამომავალი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მეუღლეებს და არასრულწლოვან შვილებს ამ კანონით დადგენილი წესით რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი განაცხადის წარდგენის უფლება აქვთ მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენისა და მათთვის თანხმობის მიცემის შემთხვევაში.”

 

მუხლი 7. რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადების განხილვის დამატებითი პროცედურები

1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები რეპატრიანტის  ტატუსის მინიჭების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით.

2. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის მიზნით შეიძლება დადგინდეს გასაუბრების პროცედურა, აგრეთვე სხვადასხვა სახის ტესტირების გავლის აუცილებლობა, რაც დაკავშირებულია პირის სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხთან.

3. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება ქართული ენის ცოდნას. როგორც კანონიდან ვგებულობთ რეპატრიანტის სტატუსის მინიჭებისას “უპირატესობა ენიჭება ქართული ენის ცოდნას”, მხოლოდ “უპირატესობა”, არა და სწორედ ეს უნდა იყოს ერთ-ერთ სწორედ ეს უნდა იყოს ერთ-ერთ უმთავრეს მოთხოვნად, რადგან დასავლეთის ქვეყნების კანონები ქვეყანაში ცხოვრების უფლების ნებართვისას, თუ მოქალაქეობის მინიჭებისას, უპირველეს მოთხოვნად აყენებენ ქვეყნის სახელმწიფო ენის ცოდნას.

2012 წლის 1 ოქტომბერს არჩეული ხელისუფლება კი შეუდგა ამ კანონის გამარტივებას და “თურქი მესხების” საქართველოში დაბრუნების დაჩქარების პროცესს, რაიც არა ერთხელ განაცხადეს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებების ხელმძღვანელებმა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ახალი ხელისუფლება თურქი- მესხების საქრთველოში დაბრუნების პროცესს მაქსიმალურად დააჩქარებს. მისი თქმით, რეპატრიანტის სტატუსი თითქმის 800-ზე მეტმა თურქმა-მესხმა მიიღო. “ჩემს შეხვედრებში და გუშინაც, მინიონთან შეხვედრისას, ყოველთვის ხაზს ვუსვამდი ჩვენს ვალდებულებებს ევროსაბჭოს წინაშე. იმასაც შეგახსენებთ, რომ 27 მარტს ახალმა ხელისუფლებამ თურქი-მესხების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ახალი დადგენილება მიიღო და ჩვენ ამ პროცესების მაქსიმალურ დაჩქარებას ვაპირებთ. ვისაც ექნება სურვილი და ობიექტური საფუძველი, ყველას ექნება საშუალება, უახლოეს ორ წელიწადში საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს “, – განაცხადა პრემიერ– მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად შეასრულებს ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებას.

ეს იმ დროს, როდესაც ქვეყანაში 300000 ათასამდე ადამიანია საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან აყრილი და იძულებით გადაადგილებული, ეს იმ დროს როდესაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური თუ სოციალური კრიზისის გამო ქვეყნიდან გასულია 2 მილიონამდე ადამიანი.

რა მოყვება “თურქი მესხების” ჩამოსახლებას საქართველოში? ამაზე ფიქრით დღეს თავს არ იწუხებს საქართველოს ხელისუფლება. მაშინ, როდესაც “თურქი მესხები” არ მალავენ თავინათ მიზნებსა და გეგმებს. მათი მიზანია მესხეთ-ჯავახეთის ვილაიეთის შექმნა და მისი თურქეთთან მიერთება.

მსოფლიო პრაქტიკაში გვაქვს ამის მაგალითი კვიპროსის სახით: ევროპის საბჭოს წევრმა, 1959 წლის ციურიხ-ლონდონის შეთანხმებით კვიპროსის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის ერთ-ერთმა გარანტმა სახელმწიფომ  — თურქეთის რესპუბლიკამ — 1974 წელს თურქული უმცირესობის უფლებების დაცვის საბაბით განახორციელა ინტერვენცია ევროპის საბჭოს წევრ კვიპროსის რესპუბლიკაში, დაიკავა მისი ტერიტორიის 36%, სადაც 1983 წლიდან მოქმედებს სეპარატისტული ე.წ. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, რომელთანაც იმავე ევროპის საბჭოს წევრ თურქეთის რესპუბლიკას აქვს დიპლომატიური ურთიერთობა. მიუთითებს თუ არა ეს ფაქტი იმაზე, რომ ევროპის საბჭოს წევრობა არ ნიშნავს წევრი სახელმწიფოსათვის მისი ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობას ევროპის საბჭოს წევრი სხვა სახელმწიფოს მხრიდან?

“თურქი მესხების” საქართველოში რეპატრიაციის საკითხი საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ რომაა მიმართული, ამის მიხვედრას დიდი ტვინის ჭყლეტა არ უნდა. მათი გასახლება მოხდა საბჭოთა კავშირის დროს. რუსეთის ფედერაციამ თავის თავზე აიღო საბჭოთა კავშირის სამართლებრივი მემკვიდრეობა, აქედან გამომდინარე საქართველო არ არის ვალდებული პასუხი აგოს სსრკ-ს მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებებზე.

საქართველოს კანონიერმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ რუს სამხედროებთან შეხვედრისას ამომწურავად გასცა პასუხი “თურქი მესხების” შესახებ დასმულ კითხვას. რუსეთის ფერედრაციამ უარყო ვოლგისპირელი გერმანელების პრობლემა და უარი განაცხადა გერმანელთა ავტონომიის აღდგენაზე.

ცნობისათვის:

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, რუსეთს, სომხეთს არ დააკისრა ამ ქვეყნებიდან 1944-1945 წლებში დეპორტირებული მოსახლეობისგერმანელების, უნგრელების, თურქების რეაბილიტაციისა და რეპატრიაციის ვალდებულება.

მაშ, რა ხდება საქართველოსთან მიმართებაში? როგორ მოხდა ამ ვალდებულების აღება?

იყო ეს ქართული მხარის საკუთარი ინიციატივა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ულტიმატუმი?

და თუ ეს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ნებასურვილით მოხდა, მაშინ საქართველოს მოსახლეობამ პასუხი უნდა მოთხოვოს ამ ღალატისა და მტრობის ინიციატორებს!

 

ალექსანდრე სანდუხაძე

(სტატიის წყაროინტერნეტ სივრცეში არსებული მასალები)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s