Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ოქროპირიძე- აჭარა III

 

უჩა ოქროპირიძე

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის თანამედროვე პერიოდი და აჭარა (1988.X– 1994.III)

 დასაწყისი, თავი I

თავი III. აჭარა საქართველოში სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების პერიოდში

(1991.XII.22 – 1992.X.11)

 

საქართველოში 1991 წლის 22 დეკემბერს დაწყებულ სამხრედრო-კრიმინალურ გადატრიალებაში აჭარას, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთი მისი მკვიდრის აქტიურობას, მის იდეოლოგიურ შემზადებაში, მონაწილეობა თითქმის არ მიუღია. მაგრამ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების მხარდასაჭერადაც აჭარის მმართველთა მხრიდანაც რაიმე განსაკუთრებულ აქტივობას, თუ არ ჩავთვლით პოზიციის განცხადებით დაფიქსირებას, ადგილი არ ჰქონია (უმნიშვნელო რაზმმა, ბადრი მელაძის ხელმძღვანელობით, თბილისში ჩასვლისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობას შეაფარა თავი და მოვლენათა განვითარებას იქ, თითქმის ბოლომდე ელოდა).

1992 წლის 6 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და მისმა მომხრეებმა დატოვეს მთავრობის სასახლე და თბილისიდან გასულებმა ჯერ სომხეთს შეაფარეს თავი, შემდეგ კი ჩეჩნეთში გადავიდნენ.

საქართველოს კანონიერი ხელისუფლების ამ ძალადობრივი ჩამოგდებით დაიწყო უშავბნელესი ეპოქა საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელსაც შეეწირა ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე და რაც მთავარია, ქართველი ხალხის ღირსება და სამომავლო ინტერესები. საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსულმა სამხედრო-კრიმინალურმა ბანდებმა ქვეყანაში დაამყარეს ძალადობის ძალაუფლება – ძალადობის პირდაპირი კულტი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებისთანავე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გაატარა სასწრაფო ღონისძიებები თბილისში განხორციელებული ძალადობის აქტის აჭარის რეგიონზე გავრცელების აღსაკვეთად, რაშიც მას თანადგომა განუცხადა ამ კუთხეში მოქმედმა ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის ძალებმა. თავის მხრივ აჭარის ხელისუფლებამ 1991 წლის 25 დეკემბერს ქალაქ ბათუმში შექმნა აღორძინების კავშირის საინიციატივო ჯგუფი (68 კაცი), რომელმაც მოისმინა ასლან აბაშიძის ანალიტიკური მიმოხილვა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების შესახებ, სადაც მომხენებელმა აღნიშნა, რომ ძველი სტრუქტურების რღვევამ და საზოგადოების საყოველთაო პოლიტიზირებამ გამოიწვია გარკვეული დაპირისპირება სოციალურ ფენებს შორის. ეკონომიკა გაჩანაგების პირასაა მისული, მოსახლეობა დაუცველია… ამიტომ ასეთ ვითარებაში აუცილებელია ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილის გაერთიანება – ვინც მზადაა დაუზოგავად და პრაქტიკულად მოახმაროს თავისი ცოდნა, გამოცდილება და ენერგია აჭარის აღმშენებლობა-აღორძინებას. წამოაყენა წინადადება აჭარის აღორძინების კავშირის შექმნის შესახებ. [118]

საინიციატივო ჯგუფმა მხარი დაუჭირა ა. აბაშიძის წინადადებას და აირჩია საინიციატივო საბჭო 11 კაცის შემადგენლობით მისივე თავმჯდომარეობით. 1992 წლის 28 იანვარს ჩატარდა აჭარის აღორძინების კავშირის დამფუძნებელი კრება, რომელმაც მოისმინა ა. აბაშიძის მოხსენება აჭარის აღორძინების კავშირის შემქნის აუცილებლობისა და საინიციატივო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. შემდეგ განიხილა აჭარის აღორძინების კავშირის საპროგრამო დოკუმენტები და დაადგინა მისი პირველი კონფერენციის მოწვევის თარიღი, ამასთან გადაწყვიტა სხვა მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები. დამფუძნებელი კონფერენცია ჩატარდა 1992 წლის 24 აპრილს ბათუმში, რომელსაც დაესწრო 509 დელეგატი. კავშირის სახელის დაზუსტების შემდეგ მას ეწოდა “აჭარის აღორძინების სრულიად საქართველოს კავშირი”. [119]

კონფერენციამ მოსმინა ინფორმაცია კავშირის პირველადი ორგანიზაციების შექმნისა და აღორძინების კავშირისადმი აჭარის მოსახლეობის მასიური მხარდაჭერის შესახებ, მიიღო “აჭარის აღორძინების სრულიად საქართველოს კავშირის” პროგრამა, რომლის დევიზს წარმოადგენდა – “საქართველო უპირველეს ყოვლისა”. კონფერენციის დასასრულ თავის შემაჯამებელ სიტყვაში ბატონმა ა. აბაშიძემ აღნიშნა: “აჭარაში შეიქმნა აღორძინების კავშირი, რომლის ზრუნვის საგანია მთელი საქართველო და არა მისი რომელიმე კუთხე. კავშირის შექმნა არის შედეგი აჭარაში მუდამ ცოცხალი ოცნებისა და ფიქრისა ერთიან, ძლიერ საქართველოზე.” [120]

მაშინ, როდესაც მთელ საქართველოში ძალადობის ძალაუფლების გავრცელებას შეეწირა მისი ისტორიული კუთხეების ღირსება და თავმოყვარეობა, აჭარაში ასეთი სულისკვეთების ორგანიზაციის ჩამოყალიბება დროით იყო ნაკარნახევი და მისი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ინტერესებს გამოხატავდა. აჭარის ხელისუფლებამ, მიუხედავად ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა პოზიციისა, რომლებიც პირდაპირ ეპატიჟებოდნენ აჭარაში საქართველოს დამაქცევარ კრიმინალურ ბანდებს, [121; 122] შეძლო აჭარის მოსახლეობის თავის გარშემო კონსოლიდაცია და ამ კუთხეს თავიდან ააცილა ის უდიდესი კატაკლიზმები, რამაც ფაქტიურად დანაწევრებამდე მიიყვანა ქართული სახელმწიფო. სამხედრო- კრიმინალურ გადატრიალებას არაფერი სასიკეთო რომ არ მოუტანია საქართველოსთვის, ამ საკითხში, დღევანდელი გადასახედიდან მაინც, ერთიანია ქართული საქმის ყველა გულშემატკივარი.

მის შეფასებასა და აქედან გამომდინარე მართებული დასკვნების გამოტანაში დაგვეხმარება მასალა, რომელსაც ნაშრომში საკმაო ადგილს ვუთმობთ.

1991 წლის 22 დეკემბერი – ამ დღეს საქართველოს დედაქალაქში დაიწყო ჩვენი სამშობლოს ისტორიაში კიდევ ერთი უბედურება – სამხედრო გადატრიალება, – აღნიშნავს გაზეთი “იბერია-სპექტრი”, – იგი დასრულდა 1992 წლის 6 იანვარს კანონიერი ხელისუფლების დამხობით. რა მოუტანა ჩვენს ქვეყანას ამ გადატრიალებამ? – კითხვამს სვამს გაზეთი. “…სამხედრო გადატრიალებამ და ძმათამკვლელმა კონფლიქტმა დამანგრეველი გავლენა მოახდინა ერის ფსიქოლოგიაზე და, რაც ყველა უფრო სამწუხაროა, – ქართველ ახალგაზრდობაზე”, – პასუხობს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ივლიანე ხაინდრავა, და იქვე განაგრძობს, – “ქვეყანაში დამკვიდრდა ძალის, უფრო სწორად კი ძალადობის კულტი. ჯერ კიდევ გადატრიალების წინა პერიოდში პირველ პლანზე გამოვიდა თოფიანი კაცი და დღემდე ეს თოფიანი კაცი გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს ცხოვრებაში…” [123]

ამავე კითხვაზე პროფესორი თენგიზ კიკაჩეიშვილი ამგვარად პასუხობს: “ნგრევა და განადგურება ცხოვრების ყველა ასპექტში.” [იქვე] ხოლო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე აღნიშნავს: “1991-1992 წლის დეკემბერ-იანვრის მოვლენებს საქართველოსთვის სასიკეთო არაფერი მოუტანია. ხელისუფლების იარაღით დამხობა თავისთავად მოუღებელი იყო ჩვენთვის. მთავარია ის, რომ ეს პროცესი, ისევე როგორც სხვა პროცესები საქართველოში, ქართველი პოლიტიკოსების წყალობით, რუსეთიდან იმართებოდა. თავიდანვე გათვალისწინებული იყო, რომ ამ მოვლენებს უნდა მოჰყოლოდა შევარდნაძის ხელისუფლებაში მოყვანა… რუსეთმა არაჩვეულებრივად გამოიყენა ამ “ავტორიტეტისადმი” ჩვენი საზოგადოებრიობის პროვინციული დამოკიდებულება. შევარდნაძემ ეფექტურად შეძლო წარემართა რუსეთის მიერ გათვალისწინებული პროცესები საქართველოში. ეს არის: სახელშეცვლილი იმპერიის შეკოწიწების მცდელობა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გეგმაზომიერი რღვევა, საბაზრო ეკონომიკის ბლოკირება, კაპიტულანტური ხელშეკრულებების დადება, საქართველოს გადაქცევა რუსეთის სამხედრო პოლიგონად. 1991-1992 წლების შეიარაღებული გადატრიალება სასიკეთოს ვერაფერს მოიტანდა, რადგან თავად ფორმა იარაღით ხელისუფლების ჩამოგდებისა თავის თავში შეიცავს უარყოფით მუხტს და ყოვლად მიუღებელია ნორმალური საზოგადოებისათვის.” [იქვე]

თითქმის იგივე აზრისანი არიან საქართველოში 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალების შესახებ საქართველოსა თუ უცხოეთში მოღვაწე ცნობილი პოლიტიკური ფიგურები; მითუმეტეს, დღევანდელი გადასახედიდან, არავის ეჭვი აღარ ეპარება ამ მოვლენათა სამხედრო-კრიმინალურ ხასიათში და მისი წარმმართველი ძალების უცხოეთის სპეცსამსახურებთან ალიანსში საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობის მიზნით. მაგრამ მაინც მოვუხმოთ ფაქტებს და ისინი ვალაპარაკოთ, მათზე ხომ უამრავი მასალაა გამოქვეყნებული.

საქართველოს განდევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მთავრობა 1992 წლის შობას სომხეთის საკურორტო ქალაქ იჯევანში შეხვდნენ. იმ ღამეს პრეზიდენტმა ლექსი – “შობა” დაწერა. მისი თანამებრძოლების თქმით პრეზიდენტი საოცრად მშვიდი იყო და ღვთისმშობლის ხატთან ლოცულობდა. თბილისში კი შობის დღეს ხელისუფლების სათავეში გადატრიალების ორგანიზატორები მოვიდნენ. [124; გვ. 8] თუ როგორი იყო ამ ძალთა ჰაბიტუსი ამის საილუსტრაციოდ იმპერიოდინდელ მათივე განცხადებებსა და ქმედებებს მივმართავთ. ჯერ კიდევ 1992 წლის 3 იანვარს, შეიარაღებული პუტჩის ერთ-ერთი მთავარი ტრუბადური ეროვნულ-დემოკრატიული პარტია აკეთებს განცხადებას: “საქართველოში უკიდურესად დაძაბულმა ვითარებამ საფრთხე შეუქმნა თვით ქვეყნის ფიზიკურ არსებობას.

1992 წლის 2 იანვარს შექმნილმა სამხედრო საბჭომ მიზნად დაისახა ვითარების განმუხტვა, რაც აუცილებელია ქვეყანაში ნორმალური მდგომარეობის დამყარებისათვის. სამხედრო რეჟიმის პირობებში გარკვეულწილად ფერხდება და იზღუდება პოლიტიკური და საზოგადოებრივი სტრუქტურების ჩვეული ფუნქციონირება, რაც ნორმალური ცხოვრების დროს მიუღებელი და არაკანონიერია. მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც მთავრობის სახლის ბუნკერიდან კვლავ გაისმის მოწოდებები შეიარაღებისა და სამოქალაქო ომის მთელი საქართველოს ტერიტიროაზე გავრცელებისაკენ, ეს დროებითი ნაბიჯი იძულებითი და ამდენად გამართლებულია.

ამასთან ედპ გამოთქვამს მტკიცე იმედს, რომ სიტუაციის განმუხტვისთანავე მოხდება ყველა კანონიერი სტრუქტურის აღდგენა და ნორმალური ფუნქციონირება. [125] თუ რას გულისხმობდნენ სიტუაციის განმუხტვასა და კანონიერი სტრუქტურების აღდგენაში ეს გამოჩნდა მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა გამსახურდიამ ზედმეტი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად 1992 წლის 6 იანვრის ღამით დატოვა მთავრობის სასახლე და სცადა გასცლოდა შეიარაღებული დაპირისპირებას. აი როგორ იგონებენ იმ ღამეს პრეზიდენტ გამსახურდიას თანამებრძოლები ნემო ბურჭულაძე, რობერტ პეტრიაშვილი და ირინა ტალიაშვილი.

“მთავრობის სასახლიდან ჩვენ ფეხით გამოვედით (რობერტ პეტრიაშვილი და მისი ძმა გურამ პეტრიაშვილი – უ.ო.) თავიდან ითქვა, რომ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით უნდა წავსულიყავით. შემდეგ პუტჩისტები ზვიადის მისამართით საყვედურს ამბობდნენ: დასავლეთში უნდა წავიდეო და სინამდვილეში აღმოსავლეთის მიმართულებით წავიდა, მოიტყუაო…

სასაცილოა არა?! კაცს მოსაკლავად მისდევდნენ და თან ბრაზობდნენ – წინასწარ რატომ არ გვითხრა, სად მიდიოდაო…” [124, იქვე] და საქართველოს პირველ პრეზიდენტს რომ ნამდვილად მოსაკლავად მისდევდნენ სამხედრო-კრიმინალური ბანდები, აქ საეჭვო არაფერია.

“მთავრობის სახლიდან რომ გამოვედით, – იგონებს ნემო ბურჭულაძე, – ჯერ გათენებული არ იყო, ისევ ბნელოდა. ავტობუსში ჩავსხედით, რომელიც ხალხით ისე იყო გაჭედილი, რომ გაქანებაც არ შეიძლებოდა. ჩემს გვერდით იჯდა დეპუტატი ირინე ტალიაშვილი. სოლოლაკიდან მეტეხის ხიდთან ჩავედით. იქ ჩასაფრებულნი იყვნენ და რამდენიმე მხრიდან ერთდროულად გაიხსნა ცეცხლი, ავტობუსი გაჩერდა ნათურის ქვეშ. წარმოიდგინეთ წითელი ფერის “იკარუსი” ნათურის ქვეშ დგას. ჯერ კიდევ ბნელა და სამი მხრიდან ტყვიამფრქვევს და ავტომატს გვესვრიან… ხალხი ნელნელა იხოცებოდა, იჭრებოდა, ისმოდა კვნესა, ყველაფერი სისხლით გაივსო…” [იქვე] ამ შემზარავ სურათს ირინე ტალიაშვილის მოგონება შემდეგი შტრიხებით ავსებს: “6 იანვარს დაცხრილულ ავტობუსში ცოცხლად გადარჩენილებმა ახლომახლო სარდაფს შევაფარეთ თავი. სადღაც ექვსი თუ შვიდის ნახევარი იქნებოდა, როცა შეიარაღებული ახალგაზრდები შემოიჭრნენ. მე, ნემო ბურჭულაძე, ტარიელ გელანტია და ბორის კალანდია დაგვაპატიმრეს და წაგვიყვანეს მეცნიერებათა აკადემიის შტაბში, სადაც პუტჩის მოთავენი იყვნენ…” [იქვე]

ხოლო იმავე 6 იანვარს მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ კიტოვანის მონაწილეობით, სამხედრო ფორმირებების შესაძლო გაერთიანების შესახებ გაკეთდა ცინიკური განცხადება, რომ “…ჩვენ უკვე გავერთიანდით იმდენად, რამდენადაც ერთად დავღვარეთ სისხლი…” [იქვე] ამავე პრესკონფერენციაზე დაისვა კითხვა: “5 იანვარს იაპონურ პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია იმის, შესახებ, რომ ედუარდ შევარდნაძე მზად არის დაბრუნდეს საქართველოში და ითანამშრომლოს ახალ მთავრობასთან. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ? – რომელსაც გაეცა შემდეგი პასუხი: “მას, რა თქმა უნდა, შეუძლია სამშობლოში დაბრუნება, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით თანამშრომლობის რა პირობებს შემოგვთავაზებს იგი.” [იქვე] იქვე წამოყენებულია ცილისმწამებლური ბრალდებანი ზვიად გამსახურდიასა და მისი მომხრეების მიმართ, რომელთა დამტკიცება შემდგომში ვერავინ შეძლო.

ნიშანდობლივია გაზეთ “ქართული ქრონიკის” ამავე ნომერში გამოქვეყნებული ედპ-ის ლიდერის გ. ჭანტურიასა და საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის გ. ხაინდრავას საახალწლო მიმართვა, რომელშიც აშკარად ისახება უხამს ტყუილებთან შეხამებული დემაგოგიური პროვინციალიზმი.

აი, ამონარიდები აღნიშნული “შედევრიდან”: “…პრივატიზაციისა და ეკონომიკისათვის ვის სცალია, საქართველოს განა იმიტომ ჰყიდიან, რომ ხალხი დააძღონ (როგორ მოგწონთ ხალხისადმი პატივისცემის ამგვარი გამოხატვა?! – უ.ო.) ეს რომ იყოს მიზანი, საერთოდ არ გაყიდდნენ სამშობლოს, ეკონომიკურ რეფორმებს განახორციელებდნენ და ხალხიც კმაყოფილი ეყოლებოდათ. მაგრამ არა, საქართველო უნდა გაიყიდოს, უნდა გაიყიდოს რამეთუ საათმა ჩამოჰკრა, ჟამი არს აღსასრულისა და მოსასწრებია” (ან მაგრად დაბოლილები იყვნენ, ანდა საკუთარ სამომავლო გეგმას ამგვარი ფორმით ახმიანებდნენ; თორემ რა შეიძლება ეწოდოს ამ აბდაუბდას?! – უ.ო.).

“სტამბოლის ბაზარზე გასაყიდად გაყვანილი შავთვალწარბა ქალიშვილივით, რომელსაც ტანსაცმელი შემოახია მეპატრონემ, რათა მისი მაღალი მკერდით მუშტარი მიიზიდოს (ან კიდევ, ეტყობა ციხის საკანში სექსუალური ფანტაზიები მოეძალათ – უ.ო.) დგას გაძარცვული საქართველო თავისმომჭრელ კარვების წინ მთავრობის სასახლესთან და ამაოდ ცდილობს სასირცხო ადგილების ხელებით დაფარვას…

ჩართავ ტელევიზორს და აზრი – უნიჭო ტვინიდან მოწყდარი… აახმიანებ რადიოს და აქაც იგივე. გადაშლი ჟურნალ-გაზეთებს და გული შეგიწუხდება, ისეთ სურათს დაინახავ. არა მხოლოდ ჰყიდიან საქართველოს, არამედ დაფდაფებისა და ნაღარის ხმით ამაყად მიაცილებენ მას უფსკრულისაკენ და თან ჯიუტად იმეორებენ – ეს უფსკრული ჩვენი სანუკვარი მიზანიაო!

თავისუფალი სამყარო ჩვენს დამოუკიდებლობას არ აღიარებს, მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა ჩვენს დახმარებას არ აპირებს ჩვენივე მიზეზით და საქართველოს გაყიდვის დამასრულებელი აკორდი “თანამეგობრობად” მონათლული ახალი სლავურ-მუსულმანური სახელმწიფო იქნება, რომელიც შეიწოვს და შეისრუტავს “მრგვალების” მიერ გაყიდულ ჩვენს სამშობლოს და სიტუაციის მთელი ტრაგიზმი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ “ზვიადიზმით” დაღლილი, დაქანცული, და გატანჯული ხალხი ამას ხსნად ჩათვლის. იყიდება საქართველო!” [იქვე] – გაჰკივიან საქართველოს ეროვნული კონგრესისა და სახელმწიფო პუტჩის ეს იდეოლოგები 1991 წლის 21 დეკემბერს, ხოლო როცა საქართველოს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, უკვე 22 დეკემბერს იწყებენ მის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხებას, თან აღნიშნულ საახალწლო მიმართვას, ცინიკურად ილიას ცნობილი, – “რა გითხრა, რით გაგახაროთ?” – ამთავრებენ. თუმცა ჩვენ ამ ძალთა ფიზიონომიიის წარმოსაჩენად სხვა მასალებსაც მოვიხმობთ, მაგრამ ამჯერად იმის საილუსტრაციოდ, თუ რა მოვლენებთან ჰქონდა საქმე ახალფეხადგმულ ქართულ სახელმწიფოს და სინამდვილეში ვინ ჰყიდიდა საქართველოს, ეს მიმართვაც საკმარისია.

მიმდინარე პროცესების და მომენტის უდიდესი გავლენითაა აღბეჭდილი ილია ჭავჭავაძის საზოგადოების მიმართვა, – “თანამემამულენო!”, რომელიც გაზეთის იმავე ნომერში გამოქვეყნდა და დაწერილია 1991 წლის 31 დეკემბერს, [იქვე] თუმცა ამავე საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე შემდგომში დიდი ობიექტურობით მიუთითებს საქართველოსათვის სამხედრო გადატრიალების დამანგრეველ შედეგებზე.

ქართველი ხალხისადმი ცრუ ბრალდებებითაა სავსე გაზეთ “ქართული ქრონიკის” 1992 წლის 5 თებერვლის ნომერიც, რომელშიც სხვასთან ერთად ვკითხულობთ: “წელიწადნახევარზე მეტი (აპრილი, 1990 – იანვარი, 1992) თითქმის უქმად დაიკარგა. ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობა იძულებული იყო ებრძოლა არა უშუალოდ იმპერიასთან, არამედ იმპერიის იმ იარაღის გასაუვნებელყოფად, რომლითაც იგი ქართველმა ხალხმა აღჭურვა”, [126] – აი, ასეთ ოპუსს გვთავაზობს პუტჩისტთა ქვევრი, – და დანარჩენი მკვითხველის ფანტაზიამ გადახარშოს, რა იარაღსა და მის გაუვნებელყოფაზეა საუბარი, ან ვინ და რატომ აღჭურვა ქართველმა ხალხმა ამ იარაღით?! მაგრამ უფრო ნიშანდობლივია უცხოეთის პრესის დარაზმულობა პუტჩისტთა თვალსაზრისის გახმოვანებაში. ჯანრი კაშიას მიერ მომზადებულ ფრანგული პრესის მიმოხილვაში ვკითხულობთ: “უნდა ითქვას, რომ თითქმის ყველა გაზეთმა აღნიშნა… გამსახურდია გაიქცა და გაიტაცა მნიშვნელოვანი თანხა სახელმწიფო სალაროდან, ხოლო შემდეგ მალულად დაბრუნდა ზუგდიდში, გამოაცხადა არარსებული მეგრულ-აფხაზური რესპუბლიკა და მოუწოდა საძმო ომისკენ…” [იქვე] რა შეიძლება, კერძოდ ამაზე და მსგავსი სისულელეების შესახებ ითქვას, რომელთაც გაზეთებში – “ფიგარო”, “ლემონდი”, “ლიბერასიონი” სხვა, აქვეყნებდნენ ლორ მანდევილი, ბრიჟიტ ბრეიაკი, ჟაკ ამალრიკი, ჟორე ალენ ფრალონი და სხვები და რომელთა ცილისმწამებლური შინაარსის გამო შეურაცხყოფილი ქართველი ხალხისა და მისი პირველი პრეზიდენტისათვის, დღევანდლამდე ბოდიშიც კი არავის მოუხდია.

მეტად საინტერესოა, თუ როგორ შეხვდნენ თბილისში მომხდარ სამხედრო-კრიმინალურ გადატრიალებას აჭარაში მოქმედ საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული ძალები და რა პოზიცია გამოავლინეს მათ მის მიმართ. მათი დამოკიდებულება აღნიშნული მოვლენისადმი 1992 წლის გაზეთ “მაჭახელას” პირველ ნომერში აისახა უპასუხისმგებლო სათაურშივე – “ნუ განიკითხავ…” [127] ამასთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა ჯგუფის განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია: “რესპუბლიკაში შექმნილი მდგომარეობა… მოითხოვს უზენაესი საბჭოს სესიის მიერ ვითარების დროულად შეფასებას, დროებითი მთავრობისადმი დამოკიდებულების განსაზღვრას…” მოითხოვდნენ უახლოეს პერიოდში უზენაესი საბჭოს სესიის დანიშვნას და მისი დღის წესრიგში – “საქართველოში მომხდარი მოვლენების პოლიტიკურ შეფასებას, საქართველოს რესპუბლიკის დროებით მთავრობასთან თანამშრომლობის შესახებ” – საკითხის შეტანას. [იქვე] მაგრამ ამ მოვლენათა შეფასება სესიის მიერ, მათი აზრით, აუცილებლად დადებითი უნდა ყოფილიყო.

გაზეთის ამავე ნომერში მოცემულია მიმართვა “საქართველოს სახალხო ფრონტისაგან”, რომელშიც იგი ცდილობს მოიხსნას პასუხისმგებლობა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და თან აქვე გაკეთებულია ცილისმწამებლური განცხადება, რომ თითქოს “ხელისუფლებას ქირით მოწვეული ჰყავს არაქართველი მოემრები, მათ შორის სნაიპერები, რომლებიც თბილისის შენობათა სახურავებზე სხედან და მოქალაქეებს ესვრიან. ამ შეიარაღებულ უცხოელთა წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს სახალხო ფრონტს თავის წმინდათაწმინდა ამოცანად მიაჩნია” – აცხადებს ნ. ნათაძე 1991 წლის 30 დეკემბერს. [იქვე] თავისი ლოგიკით ამ განცხადებას ეხმიანება ო. ზოიძის მოსაზრებანი გ, ხაინდრავასა და გ. ჭანტურიას ქმედებათა გასამართლებად, რომელთაგან პირველმა ტელევიზიის პიკეტირება მოაწყო, მეორემ კი რუსთაველის პროსპექტი გადაკეტა. “ხელისუფლების სათავეში მოსვლამდე ზ. გამსახურდიას ხელმძღვანელობით არაერთხელ გადაუკეტავთ ქუჩა, მოუწყვიათ არათუ ტელევიზიის, არამედ სუკ-ის პიკეტიც კი” [იქვე] – აღნიშნავს ავტორი. მას, როგორც იურისტს, კარგად უნდა ესმოდეს, რომ გამსახურდიასა და მის თანამებრძოლებს მოქმედება სულ სხვა დროსა და სივრცეში უწევდათ და ისინი ამით საბჭოთა იმპერიას ებრძოდნენ, ხოლო საკუთარი ქვეყნის კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ იგივე მეთოდებით ბრძოლის ასეთი დემაგოგიით გამართლებას არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია.

ამავე რიგისაა აქვე მოცემული საქართველოს პარტიებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს განცხადება, რომელიც 1992 წლის 3 იანვრითაა დათარიღებული. [იქვე]

უფრო სრულად რომ წარმოვიდგინოთ აღნიშნული საკოორდინაციო საბჭოს პოლიტიკური ფიზიონომია, საჭიროდ მივიჩნიეთ საქართველოში მომხდარი სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების დროს მათ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტების შედარებით სრული სახით წარმოჩენა. მაგალითად:

“თანამემამულენო!

1991 წლის 1 მარტს აჭარაში მოქმედმა ოპოზიციურმა ორგანიზაციებმა შექმნეს საკოორდინაციო საბჭო”, – სიამაყით აცხადებენ ისინი და შემდეგ, თითქოს ეშინიათ სხვებმაც არ მოინდომონ ამ ისტორიული მიმართვის თანამონაწილედ თავის წარმოჩენა, ჩამოთვლიან მასში შემავალ ორგანიზაციებს, – “რომელშიც გაერთიანდნენ საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ბათუმის ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ბათუმის ორგანიზაცია, “ბათუმის ჯგუფი”, საქართველოს ედპ-ის ბათუმის ორგანიზაცია, საქართველოს მონარქისტული (კონსერვატიული) პარტიის აჭარის სადროშო, საქართველოს სახალხო ფრონტის ხელვაჩაურის რეგიონალური ორგანიზაცია, ბათუმის სახალხო ფრონტი… აჭარაში მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო მიესალმება დროებითი მთავრობის მისწრაფებას სიტუაციის ნორმალიზაციისა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას… საკოორდინაციო საბჭო სათანამშრომლოდ იწვევს აჭარაში მოქმედ ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც იზიარებს ამ განცხადების სულისკვეთებას.

საკოორდინაციო საბჭო. 17.01.92 – ქ. ბათუმი”. [128] ეს იყო ფაქტიურად მისალმება პუტჩისადმი საქართველოში. ხოლო თუ რა სულისკვეთებაზე არის ლაპარაკი ეს ნათლადაა გადმოცემული წერილში – “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს აჭარაში მოქმედი პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს მიმართვა”. მასში ნათქვამია:

“1992 წლის 6 იანვარს დაემხო გამსახურდიას ავტორიტარული რეჟიმი. ძალაუფლება ხელში აიღო ახალმა ხელისუფლებამ, რომლის რესპუბლიკაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების დემოკრატიზაციისაკენ აღებულმა კურსმა მხარდაჭერა ჰპოვა საზღვარგარეთის პროგრესულ ქვეყნებში. საქართველოში ჯერ კიდევ არ სუფევს სრული სამოქალაქო სიმშვიდე. გამსახურდიას რეჟიმის მომხრეებმა თავიანთი ძალების კონცენტრაცია მოახდინეს ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, რაც კუთხური საომარი დაპირისპირების, სამოქალაქო ომის საშიშროებას ქმნის. აჭარა თავისი სტატუსით საქართველოში პოლიტიკურად ძალზე მნიშვნელოვანი რეგიონია და მისი უზენაესი საბჭოს მიერ გამოხატული სწორი პოზიცია უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანდა მთელ საქართველოში პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციის აღდგენაში… მოგიწოდებთ დაძლიოთ შინაგანი წინააღმდეგობანი. მოვიწვიოთ უახლოეს დღეებში უზენაესი საბჭოს სესია და მივიღით დღევანდელი მოთხოვნების შესაბამისი გადაწყვეტილებანი და კანონები” [იქვე] – რაშიც ისინი საქართველოში მომხდარი პუტჩის მხარდაჭერასა და მისი ქმედებების მოწონებას გულისხმობდნენ. ეს იყო მათ მიერ ჩადენილი ეროვნული საქმის ღალატში რეგიონის ჩათრევის მორიგი ცდა. და თუ რა დონის ტყუილით ცდილობდნენ ისინი ამ ღალატის გამართლებას, ამას გვიდასტურებს იქვე მოცემული ამ ორგანიზაციის განცხადება, რომელსაც აქ სრულად მოვიყვანთ, რათა თავად განსაჯოთ რასთან გვაქვს საქმე.

“საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ზ. გამსახურდია იმყოფება ქ. ზუგდიდში (განცხადება დათარიღებულია 1992 წლის 17 იანვრით, როდესაც ზ. გამსახურდია უკვე გროზნოშია და საიდანაც საქართველოში მხოლოდ 1993 წლის 24 სექტემბერს ჩამოვიდა – უ.ო.) და მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდებს სამოქალაქო ომისაკენ. ეს კი ქართველებს თვითგენოციდს უქადის. სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტისა და მისი პოლიტიკური მხარდამჭერების დანაშაულებრივ მოქმედებას აჰყვნენ პოლიტიკურად გაუთვითცნობიერებელი მოქალაქეები, რაც ისტორიული ბოროტმოქმედების ტოლფასია. მართალია, ეს გზა საბოლოოდ დაასრულებს მისი იდეურ-პოლიტიკური გაკოტრების პროცესს, მაგრამ იმავე დროს მას შეუძლია შეიწიროს ათასობით ადამიანის სიცოცხლე. გარდა ამისა, პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის ყოფნა სამეგრელოს რეგიონში ქმნის საქართველოში კუთხეთა დაპირისპირების საშიშროებას, რაც კატასტროფით ემუქრება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქართველი ხალხის, როგორც ერთიანი ერის არსებობას.

 მოქალაქენო: ნუ აჰყვებით ზ. გამსახურდიას მიერ წამოწყებულ საქართველოსთვის დამღუპველ, უდღეურ ავანტიურას! ხელი შეუწყვეთ რესპუბლიკაში სიტუაციის სტაბილიზაციას და აქტიური მონაწილეობა მიიღეთ დემოკრატიის დაფუძნებაში.” [იქვე] აღნიშული განცხადება ბინძური ცილისწამების გარდა შეიცავს შეფარულ მოწოდებასაც, რომ აჭარის მოსახლეობაც დაემორჩილოს ხუნტის ძალმომრეობას; და თუ რა დემოკრატია დააფუძნეს მათ საქართველოში დღეს ეს ყველასათვის ცნობილია და ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. მაგრამ აღვნიშნავ, რომ 1992 წლის თებერვალ-მარტში აჭარაში პუტჩისტური იდეოლოგიის განსამტკიცებლად დიდ მუშაობას ეწეოდნენ თ. დიასამიძე, ო. ზოიძე, კ. ხაბაზი, მ. მახარაძე და სხვები. პირველი სამი თუ აქტიურობდა ადგილზე, ქ. ბათუმსა და აჭარის რაიონებში შეხვედრების ჩატარებით მიეღწიათ მიზნისთვის, [129] პროფესორი მიხეილ მახარაძე თავისი სტატიებით, – “პრეზიდენტი და აჭარა”, [130, გვ. 3] “კუკუმალობანას თამაშის დრო აღარაა” [129, გვ. 4-6] და სხვა, ცდილობს აჭარაში პუტჩისტური განწყობილებებისათვის ძირის გამაგრებას, ხოლო ვახტანგ აბულაძის სტატიაში, – “საით ბატონო ამღორძინებელო?!” [129, გვ. 3-6] – ლიტერატორი სჭარბობს პატრიოტს. ამასთან ისინი, ისევ დაჟინებით ცდილობენ პუტჩისტური ხელისუფლების აჭარაში დამკვიდრებისათვის იდეოლოგიური ფონის შექმნას და მარტში, როცა თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში დაღვრილია 100 ათასიან მანიფესტაცია-მიტინგებში მონაწილეთა სისხლი, ბანდფორმირებების თარეშის შედეგად ღირსებააყრილი და დათრგუნულია თითქმის მთელი საქართველო, ისინი ისევ დემაგოგობენ და ხალხს თვალში ნაცარს აყრიან, აცხადებენ რა, რომ “როცა საქართველოში მთლიანად რესპუბლიკის მასშტაბით, მიმდინარეობს სასიცოცხლო მნიშვნელობის მოვლენები, ბუნებრივია ამ პროცესებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს, მთავრობის წილ მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ აჭარაში სიმშვიდეა, სხვა რაღა გინდათო, – ამ არგუმენტს იშველიებს ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა, როცა საკითხი საქართველოს დროებითი მთავრობისადმი პოზიციის გარკვევას ეხება”, [იქვე, გვ. 2] – აღნიშნავს გაზეთი და იქვე საუბრობს საკრებულოსთან სახალხო რაზმების შექმნასა და ამ ხალხისათვის ავტომატური იარაღის დარიგებაზე. აჭარის უზენაესი საბჭოს მაშინდელი დეპუტატი გ. მასალკინი აღნიშნავს, რომ “ბატონმა ა. აბაშიძემ განგვიცხადა, რომ მან ყველაფერი იცის, რომ ეს ყველაფერი კეთდება მისი უშუალო ხელმძღვანელობით, რომ მას სჭირდება ამ იარაღის დარიგება… არის ხმები, რომ უნდა შემოვიდეს “მხედრიონი”, “გვარდია”… მე ძალას დავუპირისპირებ ძალასო (!!!) და ამას არც მალავს… რომც შემოვიდეს გვარდია ან მხედრიონი, ეს როგორ უნდა ავკრძალოთ, ეს ხომ რესპუბლიკის დროებითი მთავრობის პრეროგატივაა. განა აჭარა საქართველოს ნაწილი არ არის. ქართულ სამხედრო შენაერთს ვინ და რატომ უნდა შეუშალოს ხელი, ვთქვათ, შევიდეს მისი ქვეყნის რომელიმე ნაწილში”, [იქვე, გვ. 5] – ამბობს დეპუტატი. მაგრამ ჩვენ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი ამ შემთხვევაში აფიქსირებს მთელი საკოორდინაციო საბჭოს პოზიციას, რომლის შესახებ პირადად არაერთგზის მომისმენია და მათთან ამაზე კიდეც მისაუბრია. საკოორდინაციო საბჭოს ასეთი განწყობილების საპირისპიროდ აჭარის ა.რ-ის მაშინდელი უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ილია წულუკიძე იძულებული გახდა პირდაპირ განეცხადებინა: “ლაპარაკია კანონიერების დაცვაზე და კანონის პატივისცემაზე… დღეს არც ერთი კანონი არ მოქმედებს… ყველა უყურებთ და ხედავთ რას სჩადიან ისინი. მე, როგორც უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე წინააღმდეგი ვარ არა კიტოვანის, არა იოსელიანის, არამედ მათი ხალხის შემოსვლის, იმიტომ რომ აქ რას გააკეთებენ და რას ჩაიდენენ არ ვიცით. მე მორალური უფლება არ მაქვს, სანამ ყაჩაღს არ წავართმევ იარაღს, პატიოსან კაცს წავართვა. მე ვმუშაობ პრინციპით, როცა მე მექნება საშუალება, რომ ყაჩაღებს წავართვა იარაღი, მერე ამ სიით მიცემულ იარაღსაც ჩამოვართმევ…” მანვე იქვე განმარტა, რომ თუ გარედან არ ჩაერეოდნენ, აჭარაში სიმშვიდე შენარჩუნდებოდა და აქ საშიშროება არავის მოელოდა. [იქვე] რაც ასე კარგად ესმოდა ბატონ ილია წულუკიძეს, რატომ დარჩა გაუგებარი და მიუწვდომელი დემოკრატიის სახელით მოლაპარაკე საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელთათვის და რატომ ცდილობდნენ ისინი საქართველოში მოპარპაშე შეიარაღებული ბანდების წინააღმდეგ აჭარის მოსახლეობის განიარაღებას?! საქმე იმაშია, რომ თუ შევარდნაძემ კრიმინალური გადატრიალების ორგანიზებისათვის ძალაუფლება საქართველოზე მოიპოვა, მის აჭარიდან გამოსულ მომხრეთა ნაწილს, აჭარაში სურდა იგივე ჯილდოს მიღება. ამასთან თუ ყველაფერს ღრმად გავაანალიზებთ, უცხოეთის საინფორმაციო საშუალებებით დაწყებული საქართველოში პუტჩისტური ძალების მომხრეთა პოზიციით დამთავრებული, აშკარად ჩანს, რომ ყველა თითქმის ერთ ენაზე საუბრობს, რაც გვაფიქრებინებს მათი ერთი პულტიდან მართული სისტემის არსებობის შესახებ. ასეთი ბერკეტები კი მხოლოდ უძლიერეს სახელმწიფოთა უშიშროების სამსახურებს გააჩნიათ… ამიტომაც მათ პოზიციათა არაერთგზის განმეორება [122; 131; 132] და ერთი მიზნისკენ ასე ორგანიზებული სწრაფვა, შეიძლება ამით აიხსნას. მითუმეტეს, ცნობილია, რომ ზოგიერთი დღემდე ცდილობს საქართველოში მომხდარი ამ კრიმინალური გადატრიალების როგორმე გამართლებას და თუ ადრე მას სახალხო, დემოკრატიულ აჯანყებად ასაღებდა, ახლა სხვა ილუზორული არგუმენტებით ცდილობს მისი აუცილებლობის დასაბუთებას. და ეს მაშინ, როდესაც მისი ერთ-ერთი ავტორი თ. კიტოვანი პირდაპირ აღიარებს: “ახლა ზოგიერთები ამბობენ, რომ ეს იყო სახალხო აჯანყება მიმართული დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არ არის სიმართლე – მე უკვე ვთქვი და კვლავაც ვადასტურებ: 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში განხორციელდა სამხედრო გადატრიალება, რომელიც მიზნად ისახავდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დამხობას… იგი სუფთად ქართულ პოლიტიკას ადგა, და ეს იყო მაღალი, მდგრადი ეროვნული პოლიტიკა…” [133] ხოლო თუ რა მოვლენასთან გვქონდა საქმე 1991-1992 წლის დეკემბერ-იანვარის სამხედრო-კრიმინალური გადატრიალებისა და მისგან გამომდინარე პროცესების დროს, ამის ზუსტ შეფასებას გვაძლევს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მრევლიშვილი, როდესაც ამბობს: “…მსოფლიო დემოკრატიულ საზოგადოებას ხმა-კრინტიც არ დაუძრავს პროტესტის ნიშნად ამ ვანდალური და ბარბაროსული აქციების გამო. ქართველი ერისათვის ამ ტრაგიკულ პერიოდში ცხადად გამჟღავნდა, თუ რა საბედისწერო შედეგებამდე შეუძლია მიიყვანოს საზოგადოება ორი ბოროტი ძალის გაერთიანებამ: ბოლშევიკ-კომუნისტური იდეოლოგიის მატარებელი, რევანშს მოწყურებულ ნომენკალტურლ კასტასა და საბჭოთა იმპერიის სპეცსამსახურების ალიანსმა.” [134, გვ. 3]

თუ რა მდგომარეობა შეიქმნა საქართველოში უშუალოდ სამხედრო- კრიმინალური გადატრიალების შემდეგ, ამის შესახებ მეტად ტევადი და ობიექტური ინფორმაციებია 1992 წლის იანვარ-თებერვლის გაზეთ “ქართული აზრის” ნომრებში, [135; 136; 137; 138; 139] აგრეთვე პარიზში გამოცემული ჟურნალ “გუშაგის” 1992 წლის გამოცემებსა [151; 152] თუ სხვა საინფორმაციო საშუალებებში. საქართველოში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას ერთ-ერთმა პირველმა მისცა შეფასება თბილისის ქალაქისა და რაიონების საკრებულოების დეპუტატთა ჯგუფმა და საქართველოს ჰელსინკის კავშირის თბილისის ორგანიზაციამ. დეპუტატთა აღნიშნული ჯგუფის მიმართვაში ნათქვამია: “…1991 წლის დეკემბრის და 1992 წლის იანვრის თვეში შეიარაღებულმა ხუნტამ ძალადური აქტით ჩამოაცილა ხელისუფლება ქვეყნის მმართველობას და მიითვისა ხელისუფლება… საქართველოში საყოველთაო მშვიდობისა და კანონიერების აღდგენისათვის ქ. თბილისის რაიონის საკრებულოს დეპუტატთა ჯგუფი მოითხოვს:

1. აღდგენილ იქნას საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია.

2. გაუქმებულ იქნას 1992 წლის 2 იანვარს შექმნილი სამხედრო საბჭო და დროებითი მთავრობა, როგორც უკანონო.

3. მთელი ძალაუფლება დაუბრუნდეს კანონიერ ხელისუფლებას…” [137]

ხოლო საქართველოს ჰელსინკის კავშირის თბილისის ორგანიზაციის მიმართვაში გაეროსა და მსოფლიოს დემოკრატიულ სახელმწიფოთა მთავრობებისადმი აღნიშნულია:

“საქართველოში 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში განვითარდა ცივილიზებული მსოფლიოსათვის აღმაშფოთებელი მოვლენები.

საბჭოთა იმპერიასთან ალიანსში მყოფმა საქართველოს რეაქციულმა ძალებმა მოაწყო პუტჩი. ჯერ კიდევ 1991 წლის ოქტომბრის თვეში ანტიდემოკრატიულმა რეაქციულმა ძალებმა სცადეს კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობა, რომელსაც საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის სესიამ მისცა პოლიტიკური შეფასება – პუტჩის მცდელობა… შეიარაღებულმა ხუნტამ ძალადური აქტით ჩამოაცილა ქვეყნის მმართველობას მოსახლეობის მიერ კანონიერად, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წევრებთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველოს დედაქალაქი თბილისი შემდგომი სისხლისღვის თავიდან ასაცილებლად. დაიღვარა უდანაშაულო ადამიანთა სისხლი, ხელისუფლების სათავეში მოსულმა ხუნტამ კაცობრიობის წინაშე ჩაიდინა აშკარა ანტიდემოკრატიული, ანტიადამიანური დანაშაული…

სამხედრო ხუნტა სისტემატურად არბევს მშვიდობიან, უიარაღო მომიტინგეებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ქ. თბილისში – მეტრო დიდუბესთან (3 იანვარს), მეტრო დელისთან (ქრისტეშობას – 7 იანვარს), ქ. ქუთაისში. ქ. სამტრედიაში, ქ. სენაკში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში.

მოკლული და დაჭრილია ათობით მშვიდობიანი, უიარაღო მომიტინგე და მანიფესტანტი… ამჟამად საქართველოში არიან პოლიტპატიმრები… პრესა და ტელევიზია აწარმოებს ფაქტების გაყალბებასა და მოსახლეობის დეზინფორმირებას, ადგილი აქვს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტებს… უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები…

თბილისში მოხდა ხელისუფლებისა და პრეზიდენტის განდევნა და ხელისუფლების უზურპაცია სამხედრო ხუნტის მიერ. პოლიტიკა, რომელიც ეფუძნება ფიზიკურ განადგურებას, ანტიხალხური, ანტიდემოკრატიული, დანაშაულებრივი პოლიტიკაა. საქართველოში გრძელდება იმპერიული ძალების მიერ ორგანიზებული პუტჩი, კომუნისტური კონტრრევოლუცია.

საქართველოს ჰელსინკის კავშირი გმობს კანონიერი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მხარდამჭერი მიტინგებისა და მანიფესტაციების წინასწარდაგეგმილ სისხლიან დარბევებს. მკრეხელობად თვლის ხელისუფლების უზურპატორთა მიერ ამომრჩეველთა ფსიქიურად დაავადებულად გამოცხადებას.

ეს არის ომი კანონიერების დამცველი უიარაღო ხალხის წინააღმდეგ, ულტრაფაშიზმი დემოკრატიის ნიღბით, ქართველი ერის გენოციდი იმპერიულ ძალებთან ალიანსში… საქართველოს ჰელსინკის კავშირის თბილისის ორგანიზაცია. 1992 წლის 10 იანვარი.” [137]

 საქართველოს პრეზიდენტმა ზ. გამსახურდიამ მიმართვა გაუგზავნა მსოფლიოს ხალხებსა და მთავრობებს, ყველა კეთილი ნების ადამიანს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, რომელშიც ნათქვამია:

მე, ზვიად გამსახურდია, ხალხის მიერ არჩეული კანონიერი პრეზიდენტი, მოგმართავთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია იდელაები დემოკრატიისა, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისა, ვინც არ არის გულგრილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი მთელი ერის მიმართ.

საქართველოში 1992 წლის იანვარში პოლიტიკური ავანტიურისტებისა და ადგილობრივი მაფიის მიერ შექმნილმა სამხედრო ხუნტამ მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება ქალაქ თბილისში. ძალადობის გზით მათ შეძლეს ძალაუფლების უზურპირება და დაიწყეს ომი კონსტიტუციურად არჩეული ხელისუფლებისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ, რის შედეგადაც დაიღუპა ასობით ადამიანი, ნაწილობრივ დაიწვა საქართველოს დედაქალაქი თბილისი. მთავარ პროსპექტზე განადგურდა ისტორიული ძეგლები. რაკი არ მსურდა სისხლისღვრის გაგრძელება, მე, საქართველოს პრეზიდენტმა, ოჯახთან ერთად, რომელსაც აგრეთვე ემუქრებოდა ანგარიშწორება, დავტოვე თბილისი. ხუნტამ დაწვა პარლამენტის შენობა, დაარბია და გაძარცვა ჩემი სახლი, რომელიც ამავე დროს იყო მამაჩემის, ცნობილი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი. ხუნტამ შექმნა თვითმარქვია “მთავრობა”, რომელიც დემოკრატიის ლოზუნგით გაუგონარ დანაშაულობებს სჩადის, უკანონობისა და თვითნებობის წინააღმდეგ აღმდგარი ხალხის მიმართ.

ისინი სისტემატიურად ხვრეტენ მშვიდობიან მიტინგებსა და დემონსტრაციებს, აპატიმრებენ უდანაშაულო ხალხს, მათ შორის პარლამენტის წევრებს. მათი შეიარაღებული ბანდები ძარცვავენ და ატერორებენ მოსახლეობას. ხალხმა დაუმორჩილებლობა გამოუცხადა ხუნტას. იფიცება საწარმოები, რკინიგზა, საზღვაო პორტები. ენერგეტიკისა და სასურსათო კრიზისმა ზღვარს მიაღწია საქართველოში.

მე მივმართავ გაეროს, მსოფლიო ხალხებს და მთავრობებს ამხილონ ხუნტის მიერ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები საქართველოში, მოითხოვონ კონსტიტუციურად არჩეული ხელისუფლების აღდგენა, აგრეთვე ყველა საშუალებით დაეხმარონ ქართველ ხალხს თავი დააღწიოს იმ მძიმე განსაცდელს, რაც მას თავს დაატყდა სამხედრო ხუნტის ავანტიურისტული მოქმედების წყალობით.

ზვიად გამსახურდია. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი. 1992 წელი, 27 იანვარი.” [138]

საქართველოს პრეზიდენტმა უმოკლეს დროში გამოაქვეყნა მიმართვები ქართველი ერისადმი, [139] ღია წერილი რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინისადმი, [140] მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი, [141] წერილი გაუგზავნა აშშ სახელმწიფო მდივანს ჯეიმს ბეიკერს, [142] და სხვა რომელშიც მოახდინა საქართველოში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების სამხედრო-კრიმინალური ხასიათის სრული გაშიშვლება და მხილება. ამასთან აშშ სახელმწიფო მდივანი გააფრთხილა, რომ “ხუნტასთან და მის ორგანიზატორებთან ურთიერთობით აშშ უგულებელყოფს ხალხის მიერ კანონიერად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას და შედის საეჭვო ალინსში დამაშავეებსა და მაფიასთან.

ამგვარი მოქმედება ხელს უწყობს საქართველოში ტოტალიტარიზმისა და სახელმწიფო ტერორიზმის განვითარებას, რასაც ყოველთვის გმობდა ამერიკის ოფიციალური პოლიტიკა…” [იქვე]

მაგრამ, ჩვენი აზრით, საქართველოში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ყველაზე მართებული შეფასება გააკეთა პარიზში გამომავალი ჟურნალ გუშაგის რედაქტორმა გიორგი წერეთელმა, რომელმაც ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ამ მოვლენებს დაარქვა ზუსტად ის, რასაც სინამდვილეში წარმოადგენდა – “ის, რაც გასულ დეკემბერს თბილისში მოხდა, იყო არა სამოქალაქო ომი, როგორც ამას ყველა ლაპარაკობს, არამედ შენიღბული იმპერიალისტური ომი დამოუკიდებელი საქართველოს დაპყრობა-ანექსიის მიზნით”, [143, გვ. 1-4] – აღნიშნავს ბატონი გიორგი და ბოლოს იქვე აკეთებს შეუმცდარ დასკვნასაც:

“მართალია, რომ ამ ომში ქართველები ხოცავდნენ ერთმანეთს, მაგრამ, რაც არ უნდა პარადოქსულად გვეჩვენოს, ის არ ყოფილა მათი შინაური, სამოქალაქო ომი; ისინი, როგორც მთელი მსოფლიო, შეცდომაში შეიყვანა რუსულმა ცრუ, მაკიაველურმა პროპაგანდამ. ომის ნამდვილი ნამდვილი გამომწვევი, გამჩაღებელი და სარგებლობის მომლოდინე იყო რუსული იმპერიალიზმი, რომელსაც თავი კრემლში ჰქონდა. მოვლენების ხასიათი და მასშტაბი, მათი ობიექტური ანალიზი უეჭველად მეტყველებს ამ განაცხადების სასარგებლოდ:

1. მხოლოდ საბჭოთა მთავრობას შეეძლო მსოფლიო მასშტაბით განეხორციელებინა ფარული შეთქმულება საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი მთავრობის წინააღმდეგ. მხოლოდ მის საპროპაგანდო საშუალებებს შესწევდა ძალა, რომ მსოფლიო საზოგადოება განეწყო მის წინააღმდეგ ისე, რომ მის დასაცავად კაცი არ აღმოჩნდა ჩვენს პლანეტაზე.

2. მხოლოდ კრემლს შეეძლო, რომ სატელეფონო და საფოსტო ურთიერთობა შეეწყვიტა საქართველოსა და მსოფლიოს შორის.

3. მხოლოდ საბჭოთა მთავრობას შეეძლო, რომ საქართველოსთვის არა მარტო საარსებო საკვები პროდუქტები, არამედ საწვავი ენერგიაც აღეკვეთა ხანგრძლივად და ამით ქვეყნის სრული ეკონომიკური ასფიქსია გამოეწვია. და ბოლოს,

4. მხოლოდ ცენტრალური საბჭოთა ხელისუფლების ნებართვით შეეძლო წითელი არმიის სამხედრო შტაბს, რომ საომარი იარაღი დაერიგებინა აჯანყებულთათვის და მომსახურე სპეციალისტებით მოემარაგებინა აჯანყება. ამ ფაქტის დამალვა აღარ შეიძლებოდა და იძულებული იყვნენ ცალყბად ეღიარებინათ.

ყველა ზემოთქმულიდან გამომდინარე, ან მთლად ბრმა, ან სიმართლისა და სინამდვილის აღქმის ალერგია უნდა გჭირდეს, რომ რუსული იმპერიალიზმის ხელი ვერ დაინახო საქართველოს ტრაგედიაში.

საქართველოს პირუთვნელი ისტორია, “ქართლის ცხოვრების” გაგრძელება კი იტყვის, რომ ეს ომი იყო ისეთივე შენიღბული იმპერიალისტური ომი, როგორი შენიღბული იმპერიალისტური სახელმწიფოც იყო საბჭოთა კავშირი”, [144, გვ. 7-13] – შენიშავს ავტორი და სრულიად მართებულადაც. ჩვენ აქვე დავამატებდით, რომ საქართველოში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დაამხო საბჭოთა ნომენკლატურის (შევარდნაძით სათავეში) და მასთან კავშირში მყოფი დანაშაულებრივ-მაფიოზური კლანის ალიასმა, საქართველოში ჩანერგილ “მეხუთ კოლონასთან” ერთად, რომელიც წარმოადგენდა საბჭოთა სისტემის მიერ საქართველოს ცოცხალ სხეულზე გაპარაზიტებულ ქმედუნარიან ორგანიზმს იმდროინდელი ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში. და თუ ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ ის პიროვნებანი, რომლებიც მათ ემსახურებოდა, ეს დღეს მაინც სავსებით ნათელია. ეს ხალხი საქართველოში დღემდე ინარჩუნებს პოლიტიკურ ასპარეზსა და მასზე ზემოქმედების ბერკეტებსაც. აი, ამიტომაც დღემდე ვერ მოხერხდა საქართველოში ლუსტრაციის კანონის გატარება. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ორივე თითქოსდა მსოფლიოს ურთიერთსაწინააღმდეგო ბანაკის ინტერესები საქართველოს ეროვნულ სახელმწიფოსთან მიმართებაში, თუმცა ირიბად, მაგრამ ერთმანეთს დაემთხვა – ერთი იმავე სივრცეში გვიპირებდა ისევ დაბრუნებას, საიდანაც ის იყო თავი დავაღწიეთ, მეორე კი სჯიდა, მისი აზრით, დინების საწინააღმდეგოდ წასულს, რომელიც ნამეტან სიცოცხლისუნარიანობას ამჟღავნებდა და თანაც თავიც დამოუკიდებლად ეჭირა. ასეთია, სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიოს ნამდვილი სახე.

1992 წლის 7 მარტს საქართველოში ჩამოვიდა ე. შევარდნაძე. საქართველოში დაბრუნებამდე 1992 წლის 28 თებერვლიდან 1 მარტამდე, ერთი კვირით ადრე, სანამ თბილისშ ჩამოფრინდებოდა, იგი იმყოფებოდა აშშ-ში, კერძოდ ფლორიდაში “სადაც მან მოსკოვის კგბ-გრუ-ს ძალების მიერ მოპოვებული პოლიტიკური “მემკვიდრეობა” ჩაიბარა.” [145, გვ. 5] 1993 წელს სვეტლანა ჩერვონნაიას მიერ გამოცემულ წიგნში, რომელსაც “აფხაზეთი – 1992” ჰქვია, ვკითხულობთ: ცოტა ხნით ადრე, სანამ საქართველოში დაბრუნდებოდა, შევარდნაძემ ამერიკაში ვიზიტის დროს “ბრუკ გრუპ ლიმიტედ” კომპანიასთან ერთად ხელი მოაწერა სტრატეგიული კონცეფციის პროტოკოლს საქართველოს აღორძინების შესახებ, რომელიც შეიცავდა ფოთისა და ბათუმის პორტების რეკონსტრუქციას, საჰაერო ტრანსპორტის გაზრდას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ნავთობის რეზერვუარების ქსელის გაფართოებას და ა.შ. [იქვე] ამავე წერილში მოტანილი მასალის ანალიზის საფუძველზე გაკეთებულია დასკვნა, რომ შევარდნაძემ 1991 მაისში უკვე იცოდა, თუ რას გააკეთებდა იგი მომავალ წელს საქართველოში, [იქვე] რაც იმაზე მიანიშნებს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა აქ დასაბრუნებლად.

1992 წლის 7 მარტით თარიღდება პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას “მიმართვა აჭარის მოსახლეობისადმი”, რომელშიც ნათქვამია:

“საქართველოს უმძიმესი განსაცდელის ჟამს მოგვართავთ ჩვენი ქვეყნის ძირძველი კუთხის მკვიდრებს. როგორც ხედავთ, იმპერიის მიერ ინსპირირებულმა პუტჩმა და სამხედრო გადატრიალებამ დაღუპვის პირას მიიყვანა ჩვენი ქვეყანა. პარტოკრატია და მაფია გაერთიანდა, რათა საბოლოოდ ხაზი გადაუსვან ჩვენს ყველა მონაპოვარს, რათა აღგავონ ჩვენი ერის სახსენებელი პირისაგან მიწისა.

საქართველოს მოსახლეობამ დაუმორჩილებლობა გამოუცხადა ხუნტას და მის მიერ შეკოწიწებულ უკანონო მთავრობას. ამჟამად მათ საქართველოში ჩამოიყვანეს პუტჩის მთავარი ინსტირატორი და სულის ჩამდგმელი, რენეგატი შევარდნაძე, რათა საბოლოოდ გაუსწორდნენ ეროვნულ ძალებს და საქართველო სამუდამოდ დატოვონ იმპერიის შემადგენლობაში… მათ სურთ უკანონო ანტიკონსტიტუციური არჩევნების ჩატარება, მოგიწოდებთ ყოველგვარი არჩევნების ბოიკოტისაკენ.

საქართველოს ჰყავს კანონიერი ხელისუფლება და პრეზიდენტი, რომელთაც ვერავინ გადააყენებს, ვერავინ გააუქმებს. მხარი დაუჭირეთ თქვენს მიერ არჩეულ ხელისუფლებას.

ვიბრძოლოთ ერთად საქართველოს გადარჩენისათვის! გფარავდეთ ღმერთი ამ წმინდა ბრძოლაში!

ზვიად გამსახურდია, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, 1992 წლის 7 მარტი.” [146, გვ. 7]

საქართველოში ჩამოსულმა ე. შევარდნაძემ ჟურნალისტებთან საუბარში ფარისევლურად განაცხადა, რომ არავითარი როლი არ მიუძღვის საქართველოში მომხდარ ამბებში, არ ფიქრობს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურად საკუთარი თავის წამოყენებას და სამშობლოში იმიტომ დაბრუნდა, რომ მას ემსახუროს თუ რაიმეში გამოადგება, სამი დღის შემდეგ კი, “სამხედრო საბჭო” (თენგიზ კიტოვანი, თენგიზ სიგუა, ჯაბა იოსელიანი) შეიცვალა “სახელმწიფო საბჭოთი”, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს ე. შევარდნაძე. მაგრამ როგორც ჟურნალი “გუშაგი” მართებულად შენიშნავს, ამ ორგანოს თავისი არალეგიტიმურობის გამო, ქართველის ხალხის სახელით ლაპარაკისა და მოქმედების უფლება არ ჰქონდა. [144, გვ. 12] მიუხედავად ამისა, ე .შევარდნაძემ გააჩაღა აქტიური საქმიანობა თავისი ხელისუფლების საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გასავრცელებლად. ამ მიზნით იგი ბევრს მოგზაურობდა საქართველოს რეგიონებში. 1992 წლის 19 აპრილს ე. შევარდნაძე ჩამოვიდა და იმოგზაურა ზემო აჭარაში, ხოლო 20 აპრილს მოაწყო შეხვედრები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სააქტო დარბაზში შეკრებილი საზოგადოებისა და პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. [132] ამ ბოლო შეხვედრაზე დადგმული ყველა მიკროფონი, გარდა სამთავრობოსი, გამორთული აღმოჩნდა, რამაც შეხვედრას მონოლოგის სახე მისცა, დაუკარგა ყოველგვარი პოზიტიური აზრი და საზოგადოებაში დიდი გულგატეხილობა გამოიწვია, რადგან მან კარგად დაინახა, თუ რას წარმოადგენდა ხელისუფლების უზურპატორთა მიერ ნაქადაგები დემოკრატიული ფასეულობანი, რის შესახებაც გაუგზავნეს წერილი “საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ე. შევარდნაძეს”, რომლის დასკვნით ნაწილში პირდაპირაა ნათქვამი: “ბატონო ედუარდ! თქვენ საქართველოში დაბრუნდით, მაგრამ ეს დაბრუნება, არ იფიქროთ ერთი წამითაც, რომ ნიშნავს საქართველოს დაბრუნებას შავბნელ წარსულში. და თუ რაც თქვენი აქ არყოფნის დროს აღორძინდა და სასიცოცხლო ძალა შეიძინა, თქვენს მიერ აბუჩად არის აგდებული, მშობელი ერი არასოდეს გაპატიებთ საკუთარი თავის მასზე მაღლა დაყენებას. თქვენ აღარ გაქვთ უფლება საქართველო კიდევ ერთხელ გამოიყენოთ პირადი მიზნების მიღწევის საშუალებად, და თუ აკეთებთ, უნდა აკეთოთ მხოლოდ საქართველოს საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ იქნებით ყველაზე უღირსი ქართველი, რომელიც XX საუკუნის საქართველოში დაიბადა…” [გაზ. “ჟამთააღმწერელი”, #2, 2005, გვ. 7-8]

ბათუმიდან შევარდნაძის მიერ შექმნილ “სახელმწიფო საბჭოში” თავიდანვე გაწევრიანებული იყო საქართველოს რესპუბლიკური პარტიიდან დავით ბერძენიშვილი, 1992 წლის მაისის ბოლოდან მასში შეიყვანეს თამაზ დიასამიძე. [131] აჭარიდან სახელმწიფო საბჭოს წევრები გახდნენ აგრეთვე აჭარის ა.რ. მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი ქ. ბათუმში თენგიზ ასანიძე, აჭარის უზენაესი საბჭოს მშრომელთა წერილების განყოფილების გამგე თემურ ჩოგაძე და ბათუმის ფეხსაცმელების ფაბრიკის მაშინდელი დირექტორი თამაზ ტუნაძე. [147]

ძირითადად აჭარის რეგიონში მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს გარშემო თავმოყრილმა ძალებმა, როგორც ზემოთაც აღინიშნა, გააჩაღეს აქტიური აგიტაცია-პროპაგანდა აჭარაში. პუტჩისტური განწყობილებების განმტკიცებისა და მასზე ხუნტის ხელისუფლების გავრცელების მიზნით. ამის შესახებ გაზეთი “მაჭახელა” იტყობინება: “25 თებერვალს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გარდა ბლოკ “აჭარის”წარმომადგენლებისა – თ. დიასამიძე და გ. მასალკინისა მონაწილეობდნენ დეპუტატი რ. დოლიძე და აჭარაში მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი კ. ხაბაზი.

26-27 თებერვალს ხულოსა და შუახევის კულტურის სახლებში შეხვედრები ჩაატარა თ. დიასამიძემ.

29 თებერვალს – ქობულეთის კინოთეატრ “რუსთაველში” გამართულ შეხვედრაში მონაწილებდნენ თ. დიასამიძე, ო. ზოიძე, რ. დოლიძე და კ. ხაბაზი.

2, 3, 4, 5, 6 მარტს – დეპუტატებმა ბლოკიდან “აჭარა” თ. დიასამიძემ და ო. ზოიძემ შეხვედრები გამართეს ბათუმში – ეროვნული მოძრაობის ისტორიის მუზეუმში, სუბტროპიკული ნაყოფის გადამუშავების კვლევით ინსტიტუტში, რკინიგზის საავადმყოფოში, საზღვაო ნავსადგურში (კ. ხაბაზთან ერთად), სამუსიკო სასწავლებელში.

9 მარტს – ბლოკ “აჭარის” წარმომადგენლები თ. დიასამიძე, ო. ზოიძე, ა. ბერიძე და ნ. ზოიძე ამომრჩევლებს ქედის პრეფექტურის დარბაზში შეხვდნენ.

შეხვედრებმა ფართო აუდიტორიის დიდი დაინტერესება გამოიწვია”, [129] – აღნიშნავს გაზეთი, – და მაშინ, როდესაც თითქმის მთელი საქართველო სამხედრო ხუნტის მიერ ჩადენილმა ძალადობამ წალეკა, დაარბიეს და დახვრიტეს ასეულ ათასიანი მანიფესტაცია-მიტინგები თბილისსა თუ საქართველოს სხვა ქალაქებში, აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა პუტნჩისტურად განწყობილ ჯგუფს მხოლოდ ის აწუხებს, რომ აჭარის “უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი აჭარბებს თავის უფლებებს და არ თვლის თავს ანგარიშვალდებულად აჭარის ა.რ-ის უზენაესი საბჭოს წინაშე;” – ამასთან ამ საყოველთაო ძალადობის პირობებში მათ აჭარის ხელისუფლების დანაშაულად მიაჩნიათ, “რომ იქმნება უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, ხდება დიდძალი იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შეძენა, უფორ მეტიც, იარაღის მოსახლეობის ნაწილზე ყოველგვარი კანონისა და ნორმების დარღვევით გაცემა მიუღებლად მიგვაჩნია, – აცხადებენ ისინი, – რომ ამას ამართლებენ გარეშე ძალების, მათ შორის ეროვნული გვარდიის ნაწილების ავტონომიურ რესპუბლიკაში შემოსვლის საშიშროებით… შეწუხებულია რა შექმნილი ვითარებით, გრძნობს რა უდიდეს პასუხისმგებლობას ერისა და მოქალაქეების წინაშე, დეპუტატთა ჯგუფი მოითხოვს: შეწყდეს უკანონო ფორმირებების შექმნა და მოსახლეობის შეიარაღება, ერთი კვირის ვადაში ამოღებულ იქნეს იარაღი და გადაეცეს თავდაცვის სამინისტროს…” [იქვე] – ე.ი. ხუნტას.

იმავე გაზეთში საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ “აჭარის ა.რ-ის ოფიციალური ხელისუფლება, ადმინისტრაციული ორგანოები ხსენებულ ფაქტს ხსნიან ყბადაღებული “გარე ძალების” თავდასხმისა და მათ შორის საქართველოს ეროვნული გვარდიის და “მხედრიონის” შემოსვლის საშიშროებით” და იქვე აქვეყნებს მის მიერვე მიღებულ მიმართვას: თითქოს “…საქართველოს ყველა რეგიონში ავტორიტარიზმმა მარცხი განიცადა. დემოკრატიზაცია მართალია, გარკვეული სიძნელეებით, მაგრამ მეთოდურად მკვიდრდება საქართველოში…” [იქვე] ამის განმცხადებელს რა უდიდესი პასუხისმგებლობა გააჩნდა ერისა და მოქალაქეების (მოქალაქეთა კავშირის სამომავლოდ ჩამოყალიბებას თუ გულისხმობდნენ, სხვა საკითხია – უ.ო.) წინაშე, რომელსაც ხუნტის შეიარაღებულმა ბანდებმა სულში ჩააფურთხეს და მიწასთან გაასწორეს, ამის განსჯა თქვენთვის მოგვინდვია, ძვირფასო მკითხველო. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ბრმად აცხადებდნენ, რომ “ის, რაც მოხდა თბილისში, მთლიანად აწევს ტვირთად ყოფილ ხელისუფლებას,” – და შემდეგ გვთავაზობენ ისეთი ოპუსების ნაზავს, რომლისაც, როგორც გაირკვა, თვითონაც არ სჯეროდათ. “მან (გამსახურდიას ხელისუფლებამ – უ.ო.) ყველა პირობა შექმნა იმისათვის,” – აცხადებს კ. ხაბაზი, – “რომ ეს კოშმარი დატრიალებულიყო საქართველოში. ძმას – ძმას დაუპირისპირა, შვილი – მშობელს, ქუჩა – ქუჩას, უბანი – უბანს, დაამახინჯა ადამიანის ცნობიერება, ერი ორად გაიხლიჩა. და მაინც მიმაჩნია, რომ ყველაფერს უნდა შევხვდეთ ღირსეულად… ვეწინააღმდეგები გავრცელებულ აზრს, რომ თითქოს უნდა გვრცხვენოდეს იმის, რაც მოხდა; პირიქით, მეამაყება, რომ ქართველმა ერმა შეძლო როგორც კომუნისტური უღლისგან განთავისუფლება, ისე იმ რეჟიმისაგანაც, რომლის დამყარებას ლამობდა წინა ხელისუფლება…” [148] – როგორც ამბობენ, “ნეტარ არიან მორწმუნენი” (მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ 2002 წელს ჩემთან საუბრისას იგივე პიროვნებამ აღიარა – “ჩვენ თუ სინდისი გვაქვს პოლიტიკას არ უნდა გავეკაროთ, რადგან ჩვენი ახალგაზრდული, დაუდუღებლი ამბიციების გამო საქართველო კინაღამ შევიწირეთო).

მაშინდელი აჭარის სინამდვილეში მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა 1992 წლის 8 მაისის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესია, რომელზედაც დეპუტატთა ჯგუფმა მოითხოვა სხდომაზე უზენაესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენა, მაგრამ დეპუტატთა უმრავლესობის მიერ ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანის უარყოფისა და ა. აბაშიძის მიერ ანგარიშის წარმოდგენაზე უარის თქმის შემდეგ რესპუბლიკური პარტიის წევრმა ო. ზოიძემ და ჰელსინკის კავშირის ყოფილმა წევრმა ბ. გობაძემ დღის წესრიგში დააყენეს ასლან აბაშიძის გადაყენების მოთხოვნა, რაზეც მხოლოდ მინისტრთა საბჭოს წარმომადგენლებმა, ძმებმა ასანიძეებმა სცადეს შეწინააღმდეგება. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ “სიტუაციის განმუხტვისა და გამოსავლის მოძებნის მიზნით საარჩევნო ბლოკ “აჭარის” ხელმძღვანელი, რესპუბლიკური პარტიის წევრი თამაზ დიასამიძე სხდომის მსვლელობის დროს მივიდა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან და პრეზიდიუმში მათ შორის საუბარი გაიმართა. ბატონმა ასლანმა, – ნათქვამია წერილში, – ეტყობა გაითვალისწინა სიტუაციის მთელი სირთულე და იგი ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე დათანხმდა. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ და თამაზ დიასამიძემ დროებით შეთანხმებას მიაღწიეს, რის საფუძველზეც სესიის სხდომა 20 მაისამდე შეწყდა.” [149] შეთანხმების თანახმად ასლან აბაშიძე გაითვალისწინებდა ოპოზიციის მოთხოვნებს და გაატარებდა სათანადო ღონისძიებებს. მაგრამ სულ მალე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა უმრავლესობამ უარი თქვა თავის უფლებამოსილებაზე და იგი გადასცა პრეზიდიუმს – იმავე ასლან აბაშიძით სათავეში. ამ მანევრით ა. აბაშიძე, როგორც იტყვიან, პოლიტიკურ მეჩეჩზე გარიყა “ოპოზიციონერები” და მოუსპო მათ ამ კანონიერი ორგანოთი ხუნტას სასარგებლოდ დემაგოგიური მანიპულირების საშუალება. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ თამაზ დიასამიძე გრძნობდა რა მდგომარეობის მთელ სირთულეს, რომელიც საქართველოში შეიქმნა, როგორც ჩანს, ცდილობდა მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გადაეწყვიტა ხელისუფლების გარშემო წარმოჭრილი პრობლემები. მაგრამ იგი მოტყუებული დარჩა და შემდეგ ასლან აბაშიძეს აღარ გასჭირვებია მათი განეიტრალება. მითუმეტეს, როდესაც ეს ე.წ. ოპოზიციონერები მიმართავდნენ სხვაგვარად მოაზროვნეთა და პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეთა აზრის დატერორების უნიკალურ მეთოდებს, – აქციებში მონაწილე ხალხისა და პიროვნებების გაუგონარ ლანძღვა-გინებასა და დამცირებას, მატი აზრების უსამართლო განქიქება-დაცინვას. [150] ისინი ხალხს ისე ელაპარაკებოდნენ, როგორც ზეციდან მოვლენილი ერთადერთი ჭეშმარიტების მფლობელი მესიები და არაფრად დაგიდევდნენ სიმართლეს.

როცა თვითონ ყველაფერს კადრულობ და ამგვარი უკიდურესი მეთოდებით თავს ესხმი საპირისპირო პოზიციის წარმომადგენლებს, მიმართავ ფსიქოლოგიური დატერორების ყველანაირ მეთოდს, ნუ გაგიკვიდრება თუ შენც დაგესხმებიან თავს მათ ხელთ არსებული საშუალებით, რადგან პოლიტიკური დებატები და ოპოზიციური აზრის წარმოჩენა არ შეიძლება იქცეს ლანძღვა-გინებისა და პიროვნების მორალური განადგურების საბაბად, რაც ტერორის ნაირსახეობას წარმოადგენს. ამგვარი დამოკიდებულების ნათელი სურათია წარმოდგენილი გაზეთ “მაჭახელა”-ს 1992 წლის მეთერთმეტე ნომერში, სადაც გვერდიგვერდაა დაბეჭდილი სტატიები “ვნებათაღელვანი თეატრალურ მოედანზე”, და “კვლავ ტერორი”. რომელთაგან პირველში სიტყვით ცდილობენ პიროვნებათა განადგურებას, მეორეში იარაღის მუქარით, – ორივეს კი შეიძლება ერთი ავტორი ჰყავდეს, რომელიც ცდილობს პირველთა წინააღმდეგ მიმართული ქმედების გამართლებას, მეორეს კი ამტყუნებს. [იქვე, გვ. 1; 2; 3]

თუ რა მდგომარეობა შეიქმნა საქართველოში სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების შემდეგ ამის შესახებ აი, რა ინფორმაციას გვაწვდის ჟურნალი “გუშაგი”, რომელშიც ნათქვამია: “ჩვენში მიტინგებზე დახვრეტილთა რიცხვი დაახლოებით (ზოგი დამალულია – ოჯახებს აშინებენ) 50 ადამიანია, დაჭრილია ოთხასზე მეტი, დაპატიმრებულია ორი ათასამდე. აპატიმრებენ სასამართლოს განაჩენის გარეშე – მხოლოდ სამხედრო კომენდანტის ხელმოწერით.

პუტჩის პირველ დღეებში დაპატიმრებული იყვნენ: დეპუტატები მერაბ კიკნაძე, ირინე ტალიაშვილი, ნემო ბურჭულაძე, ტარიელ გელანტია, ფინანსთა მინისტრი გურამ აბსნაძე… 23 დეკემბერს მოკლეს დეპუტატი აკაკი მარკოზია… დეპუტატები დალი ფიროსმანიშვილი, დავით ტაბიძე, შუქრი აბზიანიძე, გივი თაქთაქიშვილი… ბიძინა დანგაძე დააპატიმრეს…

გაზეთ “სვაბოდნაია გრუზიას” რედაქტორის, ქ-ნ ია მუხრანელის შვილი – მამუკა ამირეჯიბი მოკლეს პარლამენტის შენობის ეზოში, როდესაც მისი დედა ქ-ნი ია იმყოფებოდა ბუნკერში პრეზიდენტთან და დეპუტატებთან ერთად.

მოკლეს გაზეთ “იბერია-სპექტრის” რედაქტორის ირაკლი გოცირიძის შვილი – გიორგი”… იმიტომ რომ “ბ-ნ ირაკლი გოცირიძეს პუნტჩისტებმა მოსთხოვეს ტელევიზიით გამოსვლა პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ, რაზედაც მან უარი განაცხადა… დაპატიმრებული იყო გაზეთ “თავისუფალი საქართველოს” რედაქტორი თამარ ებრალიძე…” და სხვა. “ზუგდიდში გაძარცვულია ყველა ბანკი, მაღაზია, მოსახლეობას წაართვეს 300 ავტომობილი, “მხედრიონის წევრები სასტიკად არბევენ მოსახლეობას და არის ძალადობის შემზარავი ფაქტები. მხოლოდ ზუგდიდში მოკლულია ასამდე ადამიანი – არაუგვიანეს 10 აპრილი, 1992 წელი.” [151, გვ. 33-35]

ასეთი ვითარების ფონზე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცინვად გამოიყურება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრისა და კანცლერის მოადგილის გენშერის განცხადება, რომ “რაც ახლა ხდება საქართველოში მე და შევარდნაძემ, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მოვილაპარაკეთ შევარდნაძის გერმანიაში ყოფნისას”-ო. [იქვე] ამ მდგომარეობაში მყოფ საქართველოს მომავალ გაზეთ “მაჭახელა”-ში 1992 წლის ივლისში ზემოთ გამომჟღავნებული პოზიცია სასიკეთოს არაფერს მოუტანდა. მითუმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე თავისი მიუკერძოებელი პოზიცია ჩამოყალიბებულია 1992 წლის მაისში პარიზში გამოქვეყნებულ ქართული ეროვნული საბჭოს მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტ ბატონ ზვიად გამსახურდიასა და საქართველოს სახემწიფო საბჭოს თავმჯდომარის ბატონი ედუარდ შევარდნაძისადმი, რომელშიც ნათქვამია:

“ეს მიმართვა უკვე ნათელჰყოფს, თუ როგორ რთულ მდგომარეობაში იმყოფება დღეს საქართველო, ქართველი ხალხი: თქვენ ბ-ნო ზვიად, ხალხისაგან არჩეული პრეზიდენტი, უკვე ფაქტიურად ხართ გადაყენებული და ლტოლვილობაში იმყოფებით, თუმცა იურიდიულად საქართველოს პრეზიდენტი რჩებით, სანამ ქართველი ხალხი, ისევ არჩევნების გზით, არ შეცვლის მის 1991 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებას, ან თვითონ არ გადადგებით.

თქვენ კი ბ-ნო ედუარდ, სათავეში ჩაუდექით საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს, რომელიც მემკვიდრეა საქართველოს ე.წ. “სამხედრი საბჭოსი”, რომელიც არაკანონიერად… გახდა საქართველოს სახელმწიფოს ძალაუფლების ბატონ-პატრონი… “შეიარაღებული ოპოზიციის” მეშვეობით, და ამ უკანონობის ლეგიტიმაცია გსურთ მოხდეს 1992 წ. ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნების გზით.

ამგვარ რთულ მდგომარეობას კიდევ უფრო ძაბავს ის ფაქტი, რომ თქვენ გახდით ქართველი ხალხის ორ ბანაკად გაყოფის სიმბოლო…” აღნიშნულია მიმართვაში და მდგომარეობიდან გამოსასვლელად ეროვნული შერიგება და ახალი მრავალპარტიული საყოველთაო არჩევნების ჩატარება არის მიჩნეული, გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ.

“…შევიგნოთ არსებული ისტორიული რთული მდგომარეობა საქართველოში და ეროვნული მორიგების გზით თავი ავარიდოთ ქართველთა დაყოფას “მტრებად” და “მოყვრებად”, როგორც ეს იყო საქართველოში ბოლშევიკური რეჟიმის დროს…

გავიხსენოთ: ძალა ერთობაშია, და ამის მიღწევა შესაძლებელი უნდა გახდეს ეროვნული მორიგების გზით” [იქვე, გვ. 52-55] – აღნიშნულია მიმართვაში.

არჩევნები “სახელმწიფო საბჭომ” დანიშნა 1992 წლის 11 ოქტომბრისთვის, მაგრამ მისი დემოკრატიულად ჩატარების საკითხი თავიდანვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დაისვა, რადგან გამარჯვებულ მეომბოხეთა ხელისუფლებამ სხვა დარღვევებთან ერთად არჩევნებისათვის წამოაყენა ზვიად გამსახურდიას მომხრეებისათვის დისკრიმინაციული ლოზუნგი: “ყველა მინუს ერთი.” აი, ასეთი სახე მიიღო საბოოლოოდ ამ დემოკრატიისათვის თავგადაკლულ მებრძოლთა “დემოკრატიულმა სულისკვეთებამ” (მაგრამ, რას იზამ, როცა ძალას ამგვარად ახნევინებენ აღმართს) და ამგვარად უპასუხეს საქართველოში გაბატონებულმა “დემოკრატიის მამებმა” ქართველ ემიგრანტ მწერალთა და ჟურნალისტთა საზოგადოების 1992 წლის 25 ივნისის მიმართვაში გამოხატულ მოწოდებას, რომ “გთხოვთ უმორჩილესად, გადადგათ ერთმანეთისაკენ ნაბიჯი…” [152, გვ. 5]

 უნდა აღინიშნოს, რომ 1992 წლის მაისში ისევ განახლდა სისხლისღვრა ცხინვალის რეგიონში და საკმაოდ გამწვავდა ვითარება აფხაზეთის ხელისუფლებასთან. ხოლო 24 ივნისს თბილისში მოწყობილი სისხლიანი პროვოკაციის დროს, ედუარდ შევარდნაძე, დაგომისში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინს და მასთან ერთად ხელი მოაწერა სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ძალის შექმნას, რომელშიც შევიდოდნენ რუსების, ოსებისა და ქართველების ოფიციალური სამხედრო ფორმირებები და რომელსაც კონტროლი უნდა გაეწია ყოფილ სამხრეთ ოსეთის მთელი ტერიტორიისათვის, 15 კილომეტრით დაეშორიშორებინა მეომარი მხარეები, ცეცხლის შეწყვეტის დადგენილების დარღვევის შემთხვევაში უნდა მოეხდინა ერთობლივი რეაგირება და სხვა… [იქვე, გვ. 19-21] “ყოფილ სამხრეთ ოსეთში დაბანაკებული რუსი მხედრობა თუ წინათ დამალულად მოქმედებდა, ახლა, დაგომისის ხელშეკრულების შედეგად მათ მიენიჭათ “სამშვიდობოების” სტატუსი და აშკარად მოქმედებენ არა საქართველოს ინტერესების მიხედვით, არამედ რუსეთისა… დაგომისის ხელშეკრულებით ბატონმა შევარდნაძემ ფაქტიურად ცნოს რუსეთის სახელმწიფოს უფლებები საქართველოს ამ ნაწილზე,“ [იქვე] – აღნიშნულია ჟურნალ “გუშაგში”. იქვე სათაურის ქვეშ “მეგრული გაკვეთილები შევარდნაძეს” მოთხრობილია შემდეგი: “როგორც ჩანს ბ-ნ შევარდნაძეს ეჩქარებოდა მისი შეიარაღებული ძალების ცხინვალის ფრონტიდან განთავისუფლება და მათი სამეგრელოს ფრონტზე გადასროლა, მაგრამ აქ ბ-ნ ჯაბა იოსელიანის “მხედრიონის” ბოროტმოქმედებამ ხალხი ერთთავად წამოშალა და ააჯანყა არა მარტო მეგრელობა, არამედ ყველა ღირსეული ქართველი აღელდა, ბოროტი მხედრიონელების სამეგრელოდან გამოყვანა და სამაგალითოდ დასჯა მოითხოვა”, – ამბობს კორესპონდენტი და იქვე აღნიშნავს, რომ შევარდნაძემ მისთვის ჩვეული უკმეხობა გამოიჩინა და მეგრელების მოსახიბლად გაეშურა… “ქ. წალენჯიხის სტადიონზე, სადაც დაეშვა შევარდნაძის ვერტმფრენი, ზვიადისტების ცდა სროლა აეტეხათ, სწრაფად იქნა ლიკვიდირებული შევარდნაძის პირადი დაცვის მიერ. სტადიონზე შეკრებილი წალენჯიხელები შევარდნაძეს არ უსმენდნენ და მოითხოვდნენ გაძევებული ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად აღდგენას.

ქ. ზუგდიდის მისადგომებთან სამთავრობო ავტომობილების კორტეჟს გზა გადაუღობა შავებში გამოწყობილმა ქალებმა და ბავშვებმა. მოპიკეტენი აქაც მოითხოვდნენ ყოფილი პრეზიდენტის ხელისუფლების აღდგენას. ზუგდიდში მოგზაურობა ჩაიშალა. ქ. სენაკში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს შევარდნაძეს დაუშინეს ქვები და დამპალი ვაშლები (დამპალი კვერცხებიც – უ.ო.).

24 ივლისს თბილისში დაბრუნებული შევარდნაძე გამოვიდა ტელევიზიაში და თქვა: “არც ერთი სერიოზული პოლიტიკოსი არ მივიდოდა ასეთ რეგიონში. მე მივედი დასავლეთ საქართველოში, რათა არ დამეშვა საქართველოს დაშლა და შეწყვიტა სამოქალაქო ომი. მე არასოდეს მიოცნებია არარსებული სახელმწიფოს “სახ. საბჭოს” თავმჯდომარეობაზე. ძნელია ჩემი გამოყვანა წონასწორობიდან, მაგრამ მე ის კაცი არ ვარ, ვისაც შეიძლება მიაფურთხო”-ო – გადმოგვცემს ჟურნალი, შემდეგ კი აკეთებს დასკვნას, რომ “როგორც ჩანს, სამეგრელოს საოცარი “მიღებიდან” ბ-ნმა შევარდნაძემ სათანადო დასკვნა ვერ გამოიტანა: ხომ არ შეიძლება, მთელ ხალხს, საქართველოს ყველაზე დასახლებულ მთელ კუთხეს ბრალი დაედვას იმისათვის, რომ ის ერთგულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მის მიერ რეგულარულად არჩეულის, რომელიც ძალადობით გააძევეს ხელისუფლებიდან.

საქართველოში რომ დემოკრატიის ნასახი ყოფილიყო, ბ-ნ შევარდნაძეს, როგორც მის მენტორს, სამართალი უნდა გაეჩინა და სასამართლოს წესიერების სამეთვალყურეოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მეთვალყურენი მოეწვია. ამის მაგივრად მან დამწვარზე ადუღებული წყალი დაასხა” [იქვე, გვ. 22-23] – შენიშნავს კორესპონდენტი, – და დაიწყო ახალი ესკალაცია ერის მთლიანობაზე და ერთიანობაზე 1992 წლის 14 აგვისტოს, ბრძანება გასცა რა ქართული შეიარაღებული ფორმირებების აფხაზეთში შეჭრაზე, რის გამოც რუსეთის ანტიქართულ პროპაგანდას არ გაჭირვებია არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის ამხედრება საქართველოს წინააღმდეგ, რომლებიც ვითომც “აწარმოებენ პატარა აფხაზი ხალხის გენოციდს”. აფხაზ სეპარატისტებს რუსების გარდა მხარში ამოუდგნენ ჩრდილოკავკასიელები, კავკასიის ხალხთა კონფედერაციის სახით და ამან თვით თურქეთში ოდესღაც გადახვეწილი მოხაჯირთა ნაშიერებიც ააღელვა. ამას კი განსაკუთრებით შეუწყო ხელი საქართველოს ჯარების მთავარსარდალ თენგიზ კიტოვანის შემცვლელ 25 წლის პოლკოვნიკ გია ყარყარაშვილის ულიტიმატუმმა ვლადისლავ არძინბასადმი, რომელშიც ის უპასუხისმგებლოდ აცხადებდა, რომ თუ 24 საათში არ გადადგებოდა იგი, შეტევაზე გადავიდოდა და გაანადგურებდა მას. და თუ ამ ბრძოლაში ასი ათასი ქართველი დაიღუპება, 97 ათასი აფხაზიც, ე.ი. მთელი აფხაზი მოსახლეობაც გაწყდებაო. ასეთ ვითარებაში 3 სექტემბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ბ. ელცინსა და ე. შევარდნაძის შეხვედრისას დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ვლ. არძინბა დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტაზე და შეიქმნა საზავო კომისია რუსეთის, საქართველოს და აფხაზეთის წარმომადგენლებისაგან. კომისიის სამხედრო ძალა შედგებოდა იგივე რუსეთის, საქართველოსა და აფხაზეთის სამხედრო შენაერთებისაგან. ამ ხელშეკრულებით რუსებმა ოფიციალურად მიიღეს უფლება აფხაზეთზე. [იქვე, გვ. 23-25] აი, ასეთ ვითარებაში მიმდინარეობდა მზადება საქართველოში 1992 წლის 11 ოქტომბრის ე.წ. “იმედის” არჩევნების ჩასატარებლად. მაგრამ სურათს რომ საბოლოო სახე მიეცეს, თუ რა ძალები მოვიდნენ საქართველოს ხელისუფლებაში კრიმინალური გადატრიალების შედეგად, მოვიყვანთ მოსკოვის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს მიმართვას რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს, პრეზიდენტ ბ. ელცინისა და მსოფლიო თანამეგობრობის სახელმწიფოების მთავრობებისა და მეთაურებისადმი საქართველოში ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია:

“პატივცემულო ბატონებო!

 სახალხო დეპუტატთა მოსკოვის საქალაქო საბჭო, გაეცნო, რა საქართველოში მოსახლეობისა და სახალხო დეპუტატების უკანონო დაპატიმრებების, ძალადობის, მკვლელობისა და სხვა ფაქტებს, მოგმართავთ შემდეგით: 1992 წლის იანვარში მომხდარი შეიარაღებული ამბოხების შედეგად, ქართველი ხალხის მიერ საყოველთაოდ არჩეული პრეზიდენტის გადაყენების შემდეგ, საქართველოში გაბატონდა ე. შევარდნაძის, ჯ. იოსელიანის, თ. კიტოვანისა და თ. სიგუას რეჟიმი, რომლის ძალისმიერი აქციების შედეგად ლიკვიდირებულია კონსტიტუციური ხელისუფლების ინსტიტუტი, განდევნილია პარლამენტი, არ მოქმედებს კანონები. ასობით ადამიანი ნაცემი, დაპატიმრებული ან მოკლულია, დამნაშავეთ კი პასუხს არავინ მოჰკითხავთ. ხალხის დაკავება ხდება ყოველგვარი მიზეზებისა და პროცესუალური გაფორმების გარეშე: უკანონო შეიარაღებული ფორმირება “მხედრიონი” ეწევა ძარცვას, ბანდიტიზმსა და ძალადობას მოსახლეობის მიმართ; თვითნებურად, – ყოველგვარი სასამართლო განაჩენის გარეშე დახურულია ყველა ოპოზიციური გაზეთი.

ზემოთქმულის გამო, მოსკოვის საბჭო აუცილებლად მიიჩნევს მიმართოს რუსეთის ფედერაციის უზენაეს საბჭოს, პრეზიდენტ ბორის ელცინს, მსოფლიო თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურებსა და მთავრობებს მხარი დაუჭირონ შემდეგ მოთხოვნებს:

– მოეთხოვოს შევარდნაძეს უკანონოდ დაკავებულ დეპუტატთა და სხვათა დაუყოვნებელი გათავისუფლება.

– გამოეცხადოს შევარდნაძის უკანონო რეჟიმს პოლიტიკური ბლოკადა და შეწყვეტილი იქნას მასთან ყოველგვარი კონტაქტი.

– მოეთხოვოს შევარდნაძის უკანონო რეჟიმს გადადგეს და აღდგენილ იქნას საქართველოს კონსტიტუცია, რესპუბლიკის კანონმდებლობა და წარმომადგენლობითი ხელისუფლება უზენაესი საბჭოსა და პრეზიდენტ გამსახურდიას მეთაურობით.

– გაიხსნას საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობა, და სხვა.

მოსკოვის საბჭოს თავმჯდომარე ნ. გონჩარი.” [იქვე, გვ. 25-26]

აღნიშნულ ორგანოს, ვერავინ დასწამებს საქართველოში 1992 წელს მომხდარი მოვლენების შეფასებისას ტენდენციურობას საქართველოს კანონიერი ხელისუფლების სასარგებლოდ, მაგრამ თვით რუსეთშიც აღმოჩნდნენ ძალები, რომელთაც ობიექტურად შეაფასეს საქართველოში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება და მისი შედეგები. ამ, საკმაოდ დიდი ფაქტობრივი, მასალის მოტანა საჭიროდ დავინახეთ იმისათვის, რომ სხვასთან ერთად სრულად წარმოგვეჩინა გამსახურდიას ოპონენტთა საარჩევნო ლოზუნგის – “ყველა მინუს ერთი” – აბსურდულობა; როგორც ჩანს, მათ ის უფრო აშინებდათ, რომ მათ მიერვე დანიშნული არჩევნებიც არ წაეგოთ ზვიად გამსახურდიასთან. აქედან ნათელია საქართველოში მათ პოლიტიკურ წონასთან ერთად, მათივე “დემოკრატიული” იერსახეც. თუ რა ძალების საქმეს აკეთებდა, ვისი დაკვეთა შეასრულა ამ ე.წ. “ოპოზიციამ” საქართველოში, ამის შესახებ შეიძლება დაგვაკვალიანებს ცნობილი ქართველთმოძულის, ქალბატონი ელენე ბონერის მოსაზრება, რომელსაც იგი საქართველოში მომხდარ სამხედრო გადატრიალებამდე ერთი წლით ადრე ახმიანებდა: “ზვიად გამსახურდიას არსებობა კავკასიაში ნიშნავს იმას, რომ რუსეთი კარგავს კავკასიას, რომლის მნიშვნელობა რუსეთისათვის ერმილოვს ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში ესმოდაო.“ [იქვე, გვ. 43]

მიუხედავად საქართველოში სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების შედეგად შექმნილი ასეთი უმძიმესი, სავალალო ვითარებისა საქართველოს ფაქტობრივ ხელისუფლებას ყოფნიდა თავხედობა გაეკეთებინა ასეთი განცხადებები: “მსოფლიომ ირწმუნა საქართველოში დემოკრატიული აღმშენებლობის კურსი, მისი ხელისუფლების ერთგულება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, სიცოცხლის, ღირსებისა და პატივის როგორც უზენაესი ღირებულებებისადმი… ხელისუფლებამ ქმედითი ღონისძიებები გაატარა ცხინვალის რეგიონში ეთნოკონფლიქტების მოსაგვარებლად… უმაგალითო ნაბიჯები გადადგა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დიქტატურული რეჟიმის პირობებში და მისი დამხობის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური, სახელმწიფოებრივი ძლიერების წინააღმდეგ მძიმე დანაშაული ჩაიდინეს… სამწუხაროდ, პოლიტიკური დიალოგი შეუძლებელი ხდება ადამიანებთან, რომლებმაც საზოგადოებაზე ზემოქმედების ცივილიზებული საშუალებების არსენალი ამოწურეს… ბანდიტებთან, მკვლელებთან, ყაჩაღებთან ურთიერთობაში, დათმობისა და მიმტევებლობის დრო ამოიწურა. ახლა მათ უნდა ველაპარაკოთ კანონის ენით”, [153] – ამ განცხადების ავტორია ყოველგვარი კანონიერებისა და სამართლიანობის იარაღის ძალით ფეხქვეშ გამთელავი და ხელისუფლებაში დამკვიდრებული ხუნტა. ამავე განწყობილებით ჩაებნენ 1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნებში მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალებიც. იმავე ძალებმა აქტიური საარჩევნო კამპანია გააჩაღეს აჭარაშიც, რომელთაც უმთავრესად თავი მოიყარეს საარჩევნო ბლოკში “11 ოქტომბერი” (თ. დიასამიძე, ო. ზოიძე, ს. კვაჭაძე, ა. ბერიძე და სხვები).

“11 ოქტომბრის არჩევნები – ვკითხულობთ მათ მიმართვაში, – საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპია. იგი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების მაგისტრალურ ხაზს. ახლად არჩეული პარლამენტი ჩვენს სახელმწიფოს წაიყვანს ან რეფორმისტულ-აღშენებლობითი გზით, ან საქართველოს გასწირავს დაუსრულებელი ქაოსის, ეკონომიკური კრიზისის, დამნაშავეთა პარპაშის, კორუფციის ლუკმად… რისი მოუცილებელი ნიშანი… არის პერიოდული სახელმწიფო გადატრიალებანი, შიმშილობა და სხვა სოციალური კატასტროფანი… ბლოკ “11 ოქტომბერში” არ არიან ყოფილი კორუმპირებული პარტიული ბიუროკრატები, ახლადგამოჩეკილი კარიერისტები, სანაცვლოდ არიან ახალი თაობის პოლიტიკოსები, რომლებსაც თავი არ შეურცხვენიათ არც კომუნისტური, არც მრგვალმაგიდური მმართველობისას”, – სიამაყით აცხადებენ ისინი და შემდეგ ასე ამთავრებენ – “ხოლო დღეს სახელმწიფო საბჭოში ატარებენ დამოუკიდებელ პოლიტიკას, უძღვებიან რეფორმის საკითხს საქართველოში.” [154]

საქართველოს ისტორიის თუ რა უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო 1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნები ამის დასტურია ის, რომ მისი მეშვეობით საქართველოს “სახელმწიფო საბჭოს” თითქმის მთელი შემადგენლობა საქართველოს პარლამენტში გადაბარგდა (პარლამენტად გადაინათლა); ხოლო რა გზით წაიყვანა მან საქართველო, ამას მოწმობს ის დაუსრულებელი ქაოსი, ეკონომიკური კრიზისი, დამნაშავეთა პარპაში, კორუფცია, სახელმწიფო გადატრიალებანი თუ მისი მცდელობანი, შიმშილობა და სხვა სოციალური კატასტროფანი, რომელშიც არჩევნების შემდეგ საქართველო აღმოჩნდა და რომლისთვისაც იგი ამ უპასუხისმგებლო, პუტჩისტურად განწყობილმა ძალებმა გასწირეს. აღარაფერს ვამბობ ამ “ახალი თაობის პოლიტიკოსთა” იმ ცოდვაზე, რომ მათ მართლაც “არ შეურცხვენიათ თავი” საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლით და 1991 წლის 9 აპრილს ეს ღირსშესანიშნავი აქტი მათ აჭარაში არც კი უზეიმიათ, პირიქით, მისი ბოიკოტირება სცადეს, [155] – ხოლო 1992 წელს წინასაარჩევნოდ მათი ზრუნვის საგანს შეადგენდა პუტჩისტური ე.წ. ეროვნული გვარდიის ფონდში აჭარიდან თანხის გადარიცხვა. [156] რაც შეეხება არჩევნებს, მის შესახებ ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი ქეთრინ ბენქსი, რომელიც საქართველოში 1992 წლის 11 ოქტომბერს არჩევნებს აკვირდებოდა, მის მიერ დაფიქსირებულ უამრავ სერიოზულ დარღვევებთან ერთად, შენიშნავს, რომ “ხელისუფლების მხრიდან ძალდატანება და ფაქტობრივი საომარი მდგომარეობა გამორიცხავდა არჩევნების დემოკრატიულობას და ამომრჩეველთა არჩევანის თავისუფლებას. ამ არადემოკრატიულობას განაპირობებდა ისიც, რომ არჩევნები ფაქტობრივად საგანგებო მდგომარეობის პირობებში მიმდინარეობდა… აშკარა იყო ძალადობა იარაღის გამოყენების გზითაც კი, რაც განსაკუთრებით პერიფერიებში იგრძნობოდა”.

ამერიკელმა სწავლულმა მიუთითა რომ მსგავსი და სხვა სახის მრავალრიცხოვანი დარღვევები დაფიქსირებულია ფინელი, ინგლისელი და ჰოლანდიელი დამკვირვებლების მიერ… “საბოლოო ჯამში დავრწმუნდი, რომ არჩევნებისას ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი და ყველაფერი გაკეთდა საქართველოში კომუნისტური რეჟიმის რესტავრაციისათვის” [157, გვ. 8] – აღნიშნავს ამერიკელი დამკვირვებელი. სწორედ ეს იყო ამ არჩევნების უშუალო შედეგი და შეიძლება ითქვას, მთავარი მიზანიც.

საქართველოში სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების ერთ-ერთი იდეოლოგი და აქტიური მხარდამჭერი ირაკლი ბათიაშვილი, (რომელსაც იმაზეც არ აკანკალებია ხელი, რომ მის მიერვე შეთითხნილ – “ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმართვა ჩრდილო კავკასიის საბრძოლო რაზმებისა და შენაერთებისადმი!” – გულისამრევ ცილისწამებაში, უსაზიზღრესი ფორმით ბრალი დაედო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასათვის საქართველოს მცირე იმპერიად გამოცხადებასა და მისი დანაწევრების აუცილებლობის ქადაგებაში; ამასთან, თითქოს მასვე ქართველთათვის მოეწოდებინოს კავკასიის კონფედერაციის ძალებთან ერთად “თეთრ მელად” წოდებული შევარდნაძის ხუნტასთან საბრძოლველად და თან კონფედერაციებისათვის განეცხადებინოს, რომ “ჩემი მხრივ, მზად ვარ თქვენს რიგებში ჩავდგე უბრალო მებრძოლად, თუ ამის ნებას მომცემთ და უზენაესის ნებაც იქნება,” [158, გვ. 5] – აი, ამისთანა სიბინძურის ავტორიც კი (ისე რესპუბლიკელებს მივულოცავ ამ დიდ შენაძენს, – ამისთანა კაცს მათ გარდა ვერავინ “აითვისებდა”) ეხება რა დეკემბერ-იანვრის შემდგომ პერიოდს, აღიარებს: “დღეს საქართველოში ეროვნული სულის დასამარების პროცესი მიმდინარეობს. იგი, სამწუხაროდ, ამჟამინდელი სახელმწიფო პოლიტიკის ინტერესებში შედის, რასაც ხმამაღლა… ვერ გაამჟღავნებენ და… ამაში საკუთარ თავსაც არ გამოუტყდებიან… ოფიციალური პროპაგანდა პირდაპირი თუ ირიბი გზით მიმართულია იქეთკენ, რომ მიაძინოს, გააყუჩოს და სრულებითაც გადაგვავიწყოს ნაციონალური იდეა. ამასვე ემსახურება ეროვნული მოძრაობის ლაფში ამოსვრის გაშლილი კამპანია,” [159, გვ. 119-135; 160] – ნათქვამია კორესპონდენციაში.

“ირაკლი ბათიაშვილს მთავარ უბედურებად მიაჩნდა კრიმინალურ-მაფიოზური პროსოციალისტურად მოაზროვნე და არაეროვნული ძალების მიერ საქართველოს სახელმწიფოს მართვა. იგი გამოყოფდა სამ პიროვნებას,” – აღნიშნულია სტატიაში, – “რომლებსაც ფაქტობრივად ხელთ ეპყრათ ქვეყნის სადავეები. ესენი იყვნენ: ედუარდ შევარდნაძე, ჯაბა იოსელიანი, კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე…

ე. შევარდნაძეს იგი ბრალს სდებდა, რომ ძველი სოციალისტური აზროვნების ტყვეობაში აღმოჩნდა და მისთვის რეალურად მეტად უცხო იყო რეფორმისტული პოლიტიკის წარმოება…

რაც შეეხება ჯ. იასელიანს, იგი კრიმინალურ-მაფიოზური ძალა იყო და სახელმწიფოს მეთაურის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდა. მას მეტასტაზივით ჰქონდა გადგმული ფესვები ქვეყნის მთელ სხეულზე და ფაქტობრივად შიდა სახელმწიფოებრივი სიტუაციის მართვის ბერკეტები ეპყრა ხელთ.

 სახელმწიფო მეთაურს ერთგულად ედგა მხარში მართლმადიდებლური ეკლესიის მესვეური, რომლის მთელი მოღვაწეობა მიმართული იყო იქეთკენ, რომ საქართველოთვის ამ განსაცდელის ჟამს ეკლესია ყოფილიყო მიყუჩებული, მიძინებული და არავითარი მონაწილეობა არ მიეღო ქვეყნის გადარჩენის საქმეში…” [იქვე]

სამწუხაროდ, ქართული ეკლესიის მართვადობა გარკვეული წრეების მიერ სახეზე იყო; იგი ჯერ კიდევ დეკემბერ-იანვრის სახელმწიფო გადატრიალების პერიოდში გამომჟღავნდა, როდესაც მან გაურკვეველი, ფაქტობრივად მომლოდინე, მეტწილად კი ეროვნული ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა და ხელი შეუწყო კანონიერი ხელისუფლების დამხობას… მაფიას ლამის ოფიციალური, ლეგალური ხასიათი ჰქონდა და მეტად მყარად ფლობდა მმართველობის ბერკეტებს. ბათიაშვილისვე აღაირებით, იგი და მისი მსგავსი სხვა პოლიტიკოსები, რომლებიც ეროვნული მოძრაობის წიაღიდან მოდიოდნენ, თანამშრომლობდნენ ზემოთ აღნიშნულ ძალებთან და მათთან ერთად სურდათ სახელმწიფოებრივი მშენებლობის წარმართვა; ეს კი უდავოდ დიდი შეცდომა იყო,” [159, გვ. 124-126] – შენიშნავს ავტორი. ამან კი საბოლოოდ მომაკვდინებელი დარტყმის ქვეშ დააყენა არა მარტო ქართული ეროვნული მოძრაობა, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობაც და შეიძლება ითქვას, რომ ამ თანამშრომლობის შედეგები დღემდე არ არის აღმოფხვრილი.

სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების წლისთავზე მისი შედეგების გაშუქებას თითქმის მთელი ნომერი მიუძღვნა გაზეთმა “იბერია-სპექტრი”, რომელშიც დაიბეჭდა პროფესორების თამარ კუკავას [161] და გიორგი მრევლიშვილის, [162] მეცნიერ-თანამშრომლების ალექსანდრე ქორელისა და დოლორეს დავითულიანის, [163] პედაგოგ მიხეილ მჭედლიშვილისა [164] და სხვათა წერილები, რომელთა შესახებ იქვე აღნიშნულია, რომ – “ყველა ავტორი უარყოფით შეფასებას აძლევს სახელმწიფო გადატრიალების ფაქტს და განვლილ წელიწადს,” – და გაზეთის რედაქცია მიანიშნებს, – “რაშია საქმე? რატომ არ არის დადებითი შეფასებები? ჩვენი რედაქცია, ფრიად გაკვირვებულია: რა, არავინ თვლის, რომ გადატრიალებამ სარგებლობა მოუტანა საქართველოს? ჩვენ მოვუწოდებთ მწერალ აკაკი ბაქრაძეს, პროფესორ ნოდარ ლომოურს, პროფესორ მარიამ ლორთქიფანიძეს, პროფესორ როინ მეტრეველს, რეჟისორ ელდარ შენგელაიას, პროფესორ ლევან ალექსიძეს, ეკონომისტ რომან გოცირიძეს, ყველა განათლებულ და ხალხში ავტორიტეტულ მოღვაწეს, გამოთქვან თავისი აზრი, დაუსაბუთონ ერს, თუ რა კონკრეტული პოზიტიური შედეგები მოიტანა გადატრიალებამ.” [165]

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნება საქართველოში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მომხრესა და მის იდეურ მოკავშირეს წარმოადგენდა. მაგრამ მიუხედავად გაზეთის ამგვარი მიმართვისა ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო თავისი დადებითი პოზიციის დაფიქსირება.

საქართველოდან კანონიერი ხელისუფლების ძალადობით განდევნის შემდეგაც არ შეწყვეტილა ეროვნული მოძრაობის ძალთა აქტივობა აჭარაში და ის ამ პერიოდშიც ყველა ეროვნული საქმის თანამონაწილე იყო. აქ 1992 წელსვე ჩამოყალიბდა ეროვნული დამოუკიდებლობის კომიტეტი… ამავდროულად ტარდებოდა კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერი საკმაოდ სოლიდური ღონისძიებები – მიტინგები, მანიფესტაციები და სხვა. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ სამხედრო გადატრიალებამდე და მის შემდეგაც აჭარაშიც, რა თქმა უნდა, იყვნენ ძალები, რომლებმაც საკმაო წვლილი შეიტანეს სამხედრო პუტჩის იდეოლოგიურ მომზადებაში, მისი განხორციელების შემდეგ ამას დიდი სიამაყის გრძნობითაც უწევდნენ აგიტაციას. მათი თავხედობა და უგნურება იქამდეც კი მივიდა, რომ აჭარის ხელისუფლებისაგან დაჟინებით მოითხოვდნენ ამ საქართველოს დამაქცევარი აქტის დადებითად შეფასებას, თვითონ კი ამ დროს დიდი სიამოვნებით ისხდნენ ე.წ. სახელმწიფო საბჭოში და კრინტსაც არ სძრავდნენ საქართველოში მრავალათასიანი მიტიგების დახვრეტის, გამეფებული საყოველთაო ტერორისა და ჩვენს თავს დამტყდარი ათასი უბედურების გამო. შემდეგ კი ასევე დიდი სიამოვნებით ე.წ. იმედის არჩევნების გზით სახელმწიფო საბჭოდან “პარლამენტშიც” გადაინაცვლეს… [166] მაგრამ ამით მათ დაიკლამყოფილეს მხოლოდ თავიანთი პირადი პოლიტიკური ამბიციები და საქართველოსთვის მათ ამ “რევოლუციურ” ძალისხმევას რაიმე დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. პირიქით, კიდევ უფრო გაღრმავდა სოციალ- ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ქაოსი, საძირკველი ჩაეყარა ქვეყნის დანაწევრებას, რამაც ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობა თითქმის დაღუპვამდე მიიყვანა.

 

***

გაგრძელება

თავი IV. აჭარა იმედისარჩევნებიდან უიმედო არჩევანამდე

(1992.XI.10 – 1994.I.03)

 

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები: 

 

118. დემოკრატიული აღორძინების კავშირის (შემდგომში დაკ) არქივი, აღწ. 1, საქმე 1, 1991 წ.
119. დაკ-ის არქივი, აღწ. 1. საქმე 2, 1992 წ.
120. დაკ-ის არქივი, აღწ. 1. საქმე 17, 1997 წ.
121. გაზ. “მაჭახელა”, #2 (18), აპნისი, 1992 წ.
122. გაზ. “მაჭახელა”, #6 (22), მირკანი, 1992 წ.
123. რა მოგვიტანა გადატრიალებამ?, გაზ. “იბერია-სპექტრი”, #155, 1995 წ. 21 დეკემბერი
124. მთავრი გაზეთი კვირას, 5-12 იანვარი, 2003 წ.
125. გაზ. “ქართული ქრონიკა”, #1 (11), 1992 წ., 7 იანვარი
126. გაზ. “ქართული ქრონიკა”, #2 (12), 1992 წ., 5 თებერვალი
127. გაზ. “მაჭახელა”, #1 (17), 1992 წ., აპნისი (იანვარი)
128. გაზ. “მაჭახელა”, #2 (18), 1992 წ., აპნისი
129. გაზ. “მაჭახელა”, #4-5 (21), 1992 წ., მირკანი
130. გაზ. “მაჭახელა”, #3 (19), 1992 წ., სურწყუნისი
131. გაზ. “მაჭახელა”, #11 (27), 1992 წ., მკათათვე (ივნისი)
132. გაზ. “საჩინო”, #1, 1991 წ., აპრილი
133. გაზ. “იბერია-სპექტრი”, #110, 1994 წ., 7-14 დეკემბერი
134. მრევლიშვილი გ., ჟამი უმძიმესი გამოცდისა, გაზ. “იბერია-სპექტრი”, #110
135. გაზ. “ქართული აზრი”, #1, 1992 წ., იანვარი
136. გაზ. “ქართული აზრი”, #2, 1992 წ., 1 თებერვალი
137. გაზ. “ქართული აზრი”, #3, 1992 წ., 6 თებერვალი
138. გაზ. “ქართული აზრი”, #5, 1992 წ., 16 თებერვალი
139. გაზ. “ქართული აზრი”, #6, 1992 წ., 26 თებერვალი
140. გამსახურდია ზვიად, ღია წერილი მის აღმატებულებას, რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინს, გაზ. “ქართული აზრი”, #6
141. გაზ. “ქართული აზრი”, #10, 1992 წ., 28 მარტი
142. გამსახურდია ზვიად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო
მდივანს ჯეიმს ბეიკერს, გაზეთი “ქართული ქრონიკა”, #6
143. წერეთელი გ., ბრალს ვდებთ რუსულ იმპერიალიზმს, ჟურნ. “გუშაგი”, #27, 1992 წ., გაზაფხული
144. წერეთელი გ., ღია წერილი საქართველოს ამბებზე, ჟურნ. “გუშაგი”, #27
145. აშშ-ის სიყვარული ქართველი დიქტატორისადმი, გაზ. “კოლხური კოშკი”, #1, 1994 წ., 26 სექტემბერი
146. მიმართვა აჭარის მოსახლეობისადმი, გაზ. “ჟამთააღმწერელი”, #2, 2205 წ., (ივნისი)
147. გაზ. “საჩინო”, #2 (11), 1992 წ., ივლისი
148. გაზ. “მაჭახელა”, #10 (26), 1992 წ., თიბათვე (ივნისი)
149. გაზ. “დრონი”, 1992 წ., 16 მაისი
150. ვნებათაღელვანი თეატრალურ მოედანზე, გაზ. “მაჭახელა”, #11 (27)
151. სამშობლოდან მომდინარე ამბები, ჟურნ. “გუშაგი”, #27, 1992, გაზაფხული
152. ჟურნ. “გუშაგი”, #28, 1992 წ., ზაფხული
153. გაზ. “ქართული ქრონიკა”, 1992 წ., 19 აგვისტო
154. გაზ. “მაჭახელა” #15 (31), 1992 წ., ენკენისთვე (სექტემბერი)
155. გაზ. “აჭარა”, #66, 1991, 10 აპრილი
156. გაზ. “მაჭახელა”, #17 (33), 1992 წ., ღვინობისთვე (ოქტომბერი)
157. გაზ. “საქართველოს სამრეკლო”, #1, 1992 წ., 15 დეკემბერი
158. გაზ., “ქართული ქრონიკა”, 1992 წ., 27 აგვისტო
159. კვესელავა იგ., ეროვნული იდეა, ჟურნ. “საისტორიო ვერტიკალები”, #3, 2003 წ., გვ. 119-135
160. გაზ. “7 დღე”, 1994 წ., 14-20 ივნისი
161. კუკავა თ., ტკივილიანი წელიწადი, გაზ. “იბერია-სპექტრი”, #58, 1992 წ., 15-21 დეკემბერი
162. მრევლიშვილი გ., ნაღვლიანად მოგვიახლოვდა ქრისტეშობისთვე, გაზ. “იბერია-სპექტრი”, იქვე
163. ქორელი ალ., დავითულიანი დ., კონტრრევოლუცია, გაზ. “იბერია- სპექტრი”, იქვე
164. მჭედლიშვილი გ., რა მოვიგეთ, გაზ. “იბერია-სპექტრი”, იქვე
165. რედაქცია გაკვირვებულია, გაზ. “იბერია-სპექტრი”, იქვე
166. ოქროპირიძე უ., რა ხდება აჭარაში?, გაზ. “აღდგომა”, #6 (103), 1996 წ., თებერვალი

 

 

 



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s