Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ზვიადი – “შვილის აღზრდაში ოჯახი გადამწყვეტია”

♥ ზვიად გამსახურდია

 

gamsakhurdiebi

კონსტანტინე გამსახურდია, თამარ გამსახურდია, თათია ხაინდრავა, ზვიად გამსახურდია და მირანდა ფალავანდიშვილი

ზვიად გამსახურდია

“შვილის აღზრდაში ოჯახი გადამწყვეტია”

 

1991 წლის 17 მაისს მრგვალი მაგიდის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაზეთში “თავისუფალი საქართველო” № 17 (22) გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდიასთან “შვილის აღზრდაში ოჯახი გადამწყვეტია”. ესაუბრა ლეილა ძაძამია. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

“ახლა როგორც არასდროს, გვჭირდება შვილების გონივრული აღზრდა, მათთვის სწორი ორიენტაციის მიცემა ყოველივე ეს კი დიდი გამოცდილებითა და გამოზომილი დამოძღვრით თუ მიიღწევა მხოლოდ.

ღირსეული პიროვნებების ავტორიტეტი, მათ ნათქვამი სიტყვა უსათუოდ წაგვადგება ამ საქმეში. ამიტომაც გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით ბატონ ზვიად გამსახურდიას ამ თემაზე.

– ბატონო ზვიად, კონსტანტინე გამსახურდიამ რა თქმა უნდა გარკვეულწილად განსაზღვრა თქვენი მსოფლმხედველობა; ისიც ცნობილია, რომ თქვენ გყავდათ უსათნოესი დედა – ქალბატონი მირანდა. მამასთან ერთად უთუოდ დედამაც მოახდინა გავლენა თქვენი პიროვნების ჩამოყალიბებაზე, როგორ მოიგონებთ დედას?

ზვიად გამსახურდია – ჭეშმარიტად, მამასთან ერთად ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე დედაჩემმა. საკუთარი დედის ქება ცოტა უხერხულია, მაგრამ იგი გახლდათ სიკეთისა და სათნოების განსახიერება. ის იყო ყველა გაჭირვებულის, ყველა დამცირებულის თანამდგომი, მფარველი, თითქოს ცხოვრების მიზნად ჰქონდა დასახული, რომ მოყვასს დახმარებოდა. ეს ისეთი ალტრუისტული ბუნების გამოვლენა იყო, რომ მე პირდაპირ გაოცებული ვარ დღესაც! ეს იყო უკიდურესი ალტრუიზმი, საკუთარი თავის დავიწყება და სხვაზე ზრუნვა. მისი ის ნაადრევი დაავადება, მისი ფიზიკური დასუსტება, ყველაფერი ამასთან იყო დაკავშირებული. დეტალურად შეიძლება ამაზე ოდესმე დავწერო კიდეც. ყველა ასე იგონებს მას… არავითარი მიზანი ცხოვრებაში არ ჰქონდა, გარდა სხვა ადამიანებზე, გაჭირვებულებზე, დამცირებულებზე და დევნილებეზე ზრუნვისა…

რაც შეეხება შვილების აღზრდას, ჩემს აღზრდაში მას უდიდესი წვლილი აქვს იმ მხრივ, რომ სწორედ ამგვარი მსოფლმხედველობით მზრდიდა – საკუთარ თავზე ზრუნვა კი არ არის მთავარი, არამედ მოყვასზე, სხვა ადამიანებზე, და რაც მთავარია მაყვარებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას, მზრდიდა, როგორც მორწმუნეს… რწმენა რომელიც მე მაქვს, რელიგიის და ეკლესიის სიყვარული, მისი და მამაჩემის უდიდესი დამსახურებაა.

ასევე ზრუნავდნენ მშობლები ჩემს განათლებაზე. შეიძლება ითქვას, ყოველნაირად ცდილობდნენ რომ დისციპლინირებული ვყოფილიყავი, რომ მესწავლა ენები, მესწავლა მუსიკა, მეკითხა წიგნები. ის განათლება, რომელიც ასე თუ ისე შევიძინე, მათი დამსახურებაა. აი, ეს არის რაც შემიძლია ვთქვა. ყოველთვის ასეთად მომაგონდება დედაჩემი… ჩემი ბოლო წიგნი რუსთაველის შესახებ – “ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება” – დედას ვუძღვენი, ისევე როგორც პირველი წიგნი – “ვეფხისტყაოსანი ინგლისურ ენაზე” ვუძღვენი მამას.

– მიგაჩნიათ თუ არა, რომ დედა გადამწყვეტ როლს ასრულებს შვილის სულიერი ჩამოყალიბების საქმეში?

ზვიად გამსახურდია – ნამდვილად. უდიდესი როლი აქვს მამასთან ერთად და ჩვენი დედები, რასაკვირველია, უნდა დაუფიქრდნენ ამას… შვილის აღზრდა, სკოლით და გარეშე პედაგოგებით კი არა, უწინარეს ყოვლისა ოჯახით წარიმართება, ოჯახია გადამწყვეტი…

– ბატონო ზვიად, თქვენთან რომ მოვდიოდი, ჩემს შვილებს ვკითხე რას დამაბარებთ მეთქი? მითხრეს ჰკითხე, როგორი მამაა თვითონო

ზვიად გამსახურდია – როგორი მამა ვარ? ყოველნაირად ვცდილობ მომთხოვნი ვიყო შვილების მიმართ. მინდა რომ ჩემმა შვილებმა არ იგრძნონ პრივილეგირებული მდგომარეობა… ვინაიდან მე ასეთი სტატუსი მაქვს დღეს, – ყოველნაირად ვცდილობ, არ გაუჩნდეთ რაიმე სიამაყე, ან სხვაზე აღმატებულობის გრძნობა… ვცდილობა მათი თვალსაწიერის გაფართოებას და, რასაკვირველია, ისევ და ისევ ვურჩევ კარგად ისწვლონ… საბედნიეროდ ჯერ-ჯერობით კარგად სწავლობენ. აი ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი და ალბათ მეტნაკლებად ვაღწევ ამას. გარკვეულად მკაცრი ვარ იმიტომ, რომ დღევანდელ დღეს ისეთი მდგომარეობაა ჩვენს გარშემო, სიმკაცრის გარეშე შეუძლებელია შვილების აღზრდა.”

 

მასალა მოგვაწოდა დავით არაბიძემ