Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• გამსახურდია – ამერიკული ლიტერატურის მკვლევარი

 

ნინო დარბაისელი

 

ზვიად გამსახურდია – ამერიკული ლიტერატურის მკვლევარი და მთარგმნელი

           

 ქართული ამერიკანისტიკის ისტორიაში გასული საუკუნის 70-იანი წლები საეტაპო მოვლენით აღინიშნა. ამ დროს ქვეყნდება ზვიად გამსახურდიას ორი წიგნი: თარგმანთა კრებული ,,ამერიკელი პოეტები’’ და გამოკვლევა ,,XX საუკუნის ამერიკული პოეზია’’.
            იმისათვის, რომ მეტ-ნაკლები სისრულით გავიაზროთ ამ გამოცემათა ხასიათი და ლიტერატურულ-კულტურული მნიშვნელობა, გათვალისწინებული უნდა იქნეს გარემოებათა მთელი კომპლექსი: ამ გამოცემათა გამოჩენამდე როგორ, რა წყაროებით იცნობდა ქართველი მკითხველი ამერიკულ პოეზიას და ზოგადად ამერიკულ კულტურას, როგორ იყო დამუშავებული ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში უცხოური, კერძოდ, ინგლისურენოვანი პოეზიის თარგმნის აქტუალური პრობლემატიკა და რა პრაქტიკული მთარგმნელობითი გამოცდილება იყო დაგროვილი ამ სფეროში, როგორი იყო 60-70-იანი წლების საერთო ლიტერატურული კონტექსტი, რომელშიაც ჩაერთო ზვიად გამსახურდიას თარგმანები გამოკვლევითურთ, რა კონკრეტული პრობლემები იდგა ქართული პოეზიის წინაშე მაშინ და როგორ ეხმიანებოდა ეს გამოცემები.
          ამერიკული პოეზიის თარგმნის ისტორია ქართულ ლიტერატურაში XX საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. იმ დროის ერთ-ერთი პირველი ნიმუში ე. ა. პოს ”ყორანის”  ვაჟა-ფშაველასეული თარგმანია. შესრულებული 1906 წელს. ათიანი წლების ბოლოს, ოციანის დასაწყისში ჩნდება უ. უიტმენის თარგმანები. 1922-1923 წლებში ჟურნალ ,,ხომალდსა’’ (1922, #3) და გაზეთ  ,,ორიონში’’ (1923)  ქვეყნდება ხარიტონ ვარდოშვილისეული თარგმანები ველტ ველტმანის (ორთოგრაფია მთარგმნელისაა: ნ.დ.) ლექსები `ყველასადმი~ და `სალუტი მთვარეზე, დიდება ქვეყნად~. შემდგომ პერიოდში ამ დაინტერესებას სპონტანური ხასიათი აქვს, თუმცა ქვეყნდება არაერთი მნიშვნელოვანი თარგმანი კვლავ უ. უიტმენის პოეზიის, რაც 50-იან წლებში მეცნიერული შესწავლის ობიექტად იქცევა (ღოღობერიძე ლ: უოლტ უიტმენი).
            XX საუკუნის 70-იან წლებამდე არათუ ამერიკული, ზოგადად ინგლისურენოვანი ლიტერატურით მთარგმნელობითი დაინტერესება ძირითადად პროზის, მეტადრე სათავგადასავლო ჟანრის სფეროებს მიოიცავდა, რაც შეეხება პოეზიას, მთარგმნელობითი და ლიტერატურათმცოდნეობითი ინტერესი ბრიტანული კლასიკური მემკვიდრეობისკენ იყო მიპყრობილი.
        გამოკვლევაში, რომელიც ქართული ევროპეიზმის პრობლემატიკას აშუქებდა, დ. ლაშქარაძე წერდა:
,,ქართველმა მკითხველმა ნიკო ყიასაშვილის, ციალა თოფურიძის, ირაკლი კენჭოშვილის, ზვიად გამსახურდიასა და ინგლისური ლიტერატურის სხვა სპეციალისტების საინტერესო დისერტაციების გამოკვლევების, წერილების საშუალებით ინგლისური მწერლობის ბევრი თვალსაჩინო წარმომადგენელი გაიცნო და შეიყვარა~. (ლაშქარაძე 1988:314).
          მკვლევარი აქ ამერიკულ ლიტერატურას ბრიტანულისგან არ აცალკევებდა და  ’’ინგლისური მწერლობის’’ საერთო სახელით მოიხსენიებდა, ამავე დროს, აღნიშნავდა ღვაწლს ზვიად გამსახურდიასი, რომლის ინტენციაც, სინამდვილეში იყო თვითმყოფადი და მრავალფეროვანი ამერიკული ლიტერატურისა და კულტურისათვის კუთვნილი ადგილის მიჩენა ქართულ ცნობიერებაში.
          ზვიად გამსახურდიამ სათარგმნი მასალის სელექციისას ძირითადი ყურადღება XX საუკუნის დასაწყისის ამერიკულ პოეზიას, ე.წ. ამერიკული აღორძინების პოეტებსა და განსაკუთრებით იმაჟისტებს მიაპყრო, მაგრამ წინ წაუმძღვარა მეცხრამეტე საუკუნის ორი უმნიშვნელოვანესი პოეტური ფიგურა, უ. უიტმენი და ე. დიკენსონი, რომელთა შემოქმედებამაც მთელი შემდგომი პერიოდის ამერიკული პოეზიის მაგისტრალურ დინებას უშუალოდ მისცა მიმართულება.
      ინგლისურენოვანი პოეზიით დაინტერესებული მკითხველი აქ უთუოდ მოისაკლისებდა ედგარ ალან პოს, მაგრამ ამას თავისი ახსნა ეძებნება.
            ედგარ პო, რომელსაც ფრანგი სიმბოლისტები საკუთარ უშუალო წინამორბედად მიიჩნევდნენ და რომლის შემოქმედებამაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა ევროპელ, რუსულ და ამისდა კვალად, ქართულ პოეზიაზეც, კერძოდ,  გალაკტიონსა და  ცისფერყანწელებზე, ამერიკული პოეზიისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა კარგა ხნის დაგვიანებით ხდება და ,შეიძლება ითქვას, ციკლურად, ევროპული პოეზიის სიმბოლისტურ გარსში გავლით უბრუნდება მას.
            ემერსონისა და მის ორბიტაზე განლაგებული სხვა პოეტების შესახებ კი უნდა ითქვას, რომ მიუხედავად უკვე მკაფიოდ გამოკვეთილი მათი პოეტური ინდივიდუალიზმისა, მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, კერძოდ ათიან წლებამდე, მთელი ეს მემკვიდრეობა ინგლისური მრავალსაუკუნოვანი პოეზიის ამერიკულ განშტოებად მოიაზრება და მის კონტექსტში ეწერება. ანუ მეცხრამეტე საუკუნის ამერიკული პოეზია ისტორიული თვალსაზრისით — იმდროისათვის ახალგაზრდა, ჩამოუყალიბებელი ამერიკული კულტურის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ესთეტიკური თვალსაზრისით კი, მრავალსაუკუნოვანი ინგლისური პოეზიის, ვიქტორიანული პოეტების, ე.წ. ,,ტბის სკოლის’’, გვიანი რომანტიზმის გაგრძელება.
            თარგმანთა კრებულისთვის დართულ გამოკვლევაში ზ. გამსახურდია აყალიბებს საკუთარ ხედვას ამერიკული პოეტური სამყაროსი, რომელთან გასაცნობათაც ამზადებს ქართველ მკითხველს, ხოლო წიგნი ,,XX საუკუნის ამერიკული პოეზია’’, რომელიც გარდა ამ შესავალი ნაწილისა, შეიცავს ფართო მსჯელობასაც ფროსტის, ელიოტის და სხვათა ესთეტიკურ მრწამსზე, მსოფლმხედველობრივ თავისებურებებსა და წინამძღვრებზე, მნიშვნელოვან ცნობებს გ.ვაწვდის ასევე მათი ლექსების კონკრეტულ ფორმობრივ თავისებურებებზე.

   60-70-იანი წლების ქართულ პოეზიაში გამოკვეთილი სიახლე თავისუფალი ლექსით გატაცება იყო, მანამდე ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში მიღებული იყო აზრი, რომ  ,,თავისუფალი ლექსი არსებითად, ტონური ლექსწყობის ნაირსახეობაა და ფიქსირებული მახვილების ენაზე მას დიდი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ იგი ქართულად შესაძლებელია, მხოლოდ მტკიცე მეტრის საზღვრებში არსებობდეს~.
(გაჩეჩილაძე :310),
              ეს აზრი ეყრდნობოდა ქართული მთარგმნელობითი გამოცდილების ერთ ხაზს, მაგრამ იმთავითვე არსებობდა მეორე ხაზი, რომლის ნიმუშიცაა ჩვენ მიერ დასახელებული თარგმანი ხარიტონ ვარდოშვილისა, ველტ ველტმანის (ორთოგრაფია მთარგმნელისაა: ნ. დ.) ,,ყველასადმი’’, რომელიც თავისუფალგრაფიკიანი , დისმეტრული თავისუფალი ლექსით არის შესრულებული:

ვინც არ უნდა იყვე —
შენ —
მე ვიცი,
ბოდავ მოჩვენებათა გზაზე
ყველაფერი, რასაც ფეხით სთელავ, ხელით ეხები —
მხოლოდ ჩრდილია ჩრდილთა, რომელიც დნება და ქრება.

        ზვიად გამსახურდიას თარგმანების გამოჩენისას თითქმის მივიწყებული იყო საუკუნის დასაწყისის ქართული თავისუფალი ლექსის გამოცდილება, თუნდაც გალაკტიონის ლექსები. მიმდინარეობდა მწვავე პოლემიკა, სადაც გამოიკვეთა მხარეთა საერთო მახასიათებელი — ნაკლებგარკვეულობა თავისუფალი ლექსის სპეციფიკაში, რაც ობიექტურად იმით იყო განპირობებული, რომ საბჭოთა ლიტერატურათმცოდნეობას საკითხი ჯერ არ ჰქონდა საფუძვლიანად შესწავლილი. ასეთ ვითარებაში ზვიად გამსახურდიამ უცხოური სპეციალური ლიტერატურის შესწავლის საფუძველზე ჩამოაყალიბა საკუთარი შეხედულება თავისუფალ ლექსზე, გამოკვლევაში ,,XX საუკუნის ამერიკული პოეზია”:
      ”თავისუფალი ლექსი გულისხმობს მეტრიკისადმი ნებისმიერ დამოკიდებულებას, სალექსო სტრიქონში მახვილების ნებისმიერ განაწილებას, რაც ნაკლებად ბორკავს პოეტს და მიმართავს მკითხველის ყურადღებას ლექსის შინაარსობრივი მხარისადმი. თავისუფალი ლექსი უფრო მრავალფეროვანია და ნაკლებად მონოტონური, ვიდრე ბოლორითმოვანი ლექსი. თუ ბოლორითმოვანი ლექსის სტრიქონში ტერფები მეტრული კანონის საფუძველზე ერთიანდებიან, თავისუფალი ლექსის სტრიქონი აერთიანებს სხვადასხვა ხასიათის ტერფებს, რომელთა შერჩევა და ურთიერთდაკავშირება პოეტის ინტონაციის საქმეა.
ასე რომ ამ შემთხვევაში პოეტი თავისუფალია ყოველგვარი მეტრულ-რიტმული დოგმებისაგან, მაგრამ აქაც უნდა იგრძნობოდეს მკვეთრი შინაგანი რიტმი (გამსახურდია 1972 :13-14)
        ეს დესკრიფციული ხასიათის განმარტება, ლექსთმცოდნეობითი თვალსაზრისით, ორიოდე ტერმინოლოგიური ცდომილების მიუხედავად, მთარგმნელისათვის კვლავ კარგი გზამკვლევია თავისუფალი ლექსის რთულსა და მრავალმხრივ ბუნებაში გასარკვევად. მასზე დაყრდნობით შესრულებული თარგმანებით კი ზვიად გამსახურდიამ პრაქტიკულად დაამტკიცა, რომ ქართულ ენაზე არათუ შესაძლებელია თავისუფალი ლექსის არსებობა, არამედ ამ მხრივ ჩვენი ენის პოტენცია ამოუწურავია.

 
      ,,თარგმანი ქალია, თუ ის ერთგულია, ლამაზი არ არის, ხოლო თუ ლამაზია, არ არის ერთგული” — ამბობს ერთი მოარული აფორიზმი. და მართლაც, მთარგმნელობით საქმიანობაში, ამ მხრივ, ჩვენში რამდენიმე ნაკადი გამოიყოფა: პირველია შემთხვევები, როცა მთარგმნელი ,თითქოსდა, ეტოქება ორიგინალის ავტორს და ქმნის ლამაზ ქართულ ლექსს, ბუნდოვან წარმოდგენას რომ ბადებს დედანზე. არსებობს ასეთი გამოცდილებაც: როცა ორიგინალურის ენა მიუწვდომელია მთარგმნელისათვის, იგი სარგებლობს შუამავალი, (ჩვენს შემთხვევაში — ძირითადად, რუსული) ენით, შედეგად კი, საუკეთესო შემთხვევაში, კვლავ ლამაზი, მაგრამ ერთგული ანუ ორიგინალთან თითქმის დაუკავშირებელი ლექსი იბადება.დედნისადმი ერთგულების მაგალითების რიცხვი ჩვენში ძალზე მოკრძალებულია.
      უაღრესად ფართო ერუდიციამ არა მხოლოდ ლიტერატურის, არამედ ფილოსოფიის, თეოლოგიის და ოკულტიზმის სფეროებში ზვიად გამსახურდიას, როგორც მთარგმნელსა და მკვლევარს, საშუალება მისცა, ღრმად ჩასწვდომოდა სრულიად განსხვავებული მსოფლმხედველობის, ესთეტიკური პოზიციის მქონე ამერიკელ ავტორთა ლექსების სიღრმეებს და 1971 წელს გამოცემულ კრებულში სწორედ ის მხარეები წარმოედგინა, რაც განმსაზღვრელი იყო მათი შემოქმედებითი ინდივიდუალობისათვის.
        ჩემი ფიქრით, ლამაზ თარგმანში უიტმენის ლექსებისა, რაკი ქართველი მკითხველი ამ პოეტის შემოქმედებას უკვე იცნობდა ხარიტონ ვარდოშვილის, ვახტანგ კოტეტიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიასა და სხვათა თარგმანებით,(ღოღობერიძე 1955) ზვიად გამსახურდია ინტერპრეტაციულ ვერსიას გვთავაზობს, როგორც ეს თვალნათლივია ამერიკელი პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნისადმი უიტმენის ცნობილ ლექს-რეკვიემში ”ო, კაპიტანო”:

… … ჩვენო კაპიტანო, მამავ საყვარელო!
ჩვენთვის აღარ დარობს დარი,
ეგებ სიზმარია, რომ შენ ამ გემბანზე
გართხმულხარ ცივი და მკვდარი?

მაგრამ კაპიტანი აღარ მპასუხობს,
დადუმებულან უსისხლო ბაგენი
მამა საყვარელი ვეღარ გრძნობს შეხებას,
მის მაჯისცემასაც ვეღარ მივაგენი.

იზეიმეთ ნაპირებო!
მე კი მმართებს გლოვა, ზარი,
გემბანზე ხომ კაპიტანი
ასვენია ცივი მკვდარი.

(გამსახურდია 1971:22)

      ორიგინალში ეს ლექსი შვიდტერფიანი იამბის რიტმს ეყრდნობა, მაგრამ უ. უიტმენი არ იცავს იდეალურ იამბურ სქემას. ცალკეულ ადგილებში, იქ, სადაც სამგლოვიარო ხასიათის დისკურსი ინტონაციურ პიკს აღწევს და არამეტრულ მახვილებს გამოკვეთს, იამბების ნაცვლად პირიქეები ჩნდება.
      რაკი იამბური წყობა თანამდროვე ქართულ ლექსში, რუსულისგან განსხვავებით, წარმოუდგენელია, მთარგმნელი ირჩევს პოლიმეტრულ წყობას, რომლითაც იქმნება თავისუფალი რიტმის შთაბეჭდილება, ინარჩუნებს რითმათა კონფიგურაციას და საზომთა მონაცვლეობით ამგვარ ჟღერადობას აღწევს:

ო, კაპიტანო, ჩვენო კაპიტანო, აღსდექ და ყური მიაპყარ ზარებს,
აღსდექ-დღეს შენთვის ფრიალებს დროშა, შენთვის ვაქუხებთ ძლევის ნაღარებს.
ეს გვირგვინები, ბაფთიანი ყვავილწნულები შენია, შენი!

იზეიმეთ ნაპირებო,
მე კი მმართებს მძიმე ზარი
გემბანზე ხომ კაპიტანი
ასვენია ცივი, მკვდარი.

      საფიქრებელია, რომ თუ ა. ლინკოლნის გარდაცვალებით გამოწვეული მძიმე, უჩვეულო განცდები უოლტ უიტმენმა განსხვავებული რიტმული მდინარებით გადმოსცა, მთარგმნელის აზრით, ქართულ პოეტურ ტექსტსაც რაღაც უჩვეულო რიტმი და არა ინერციული, მონოტონური დინება ესაჭიროებოდა.
      უიტმენის თარგმანისგან განსხვავებით, იმ ავტორთა ლექსებში, რომელთან შეხვედრაც პირველად უხდებოდა ქართველ მკითხველს, ერთდროულად, ზედმიწევნით დაცულია შინაარსი და მიკვლეულია ფორმის ოპტიმალური ადეკვატი, როგორც ვეიჩელ ლინდზის ამ ლექსში:
. . .
ლეგრის ჰქონდა ჯუბა—ბრინჯაოს ღილებით,
სისხლისფერ პერანგზე — გველის ყელსაბამი,
თხისებრი წვერი და წაზრდილი ფრჩხილები,
მგლისფერი თვალები, კისერი— დაბალი,
ლოყები — მოთეთრო, თევზის მუცელივით,
კბილები — ვეება, პირბასრი ცელივით.
. . .
ლეგრის ჰქონდა მუშტი — უჰ, უზარმაზარი,
საცოდავ ზანგთათვის განკითხვა და ზარი,
ნიღაბქვეშ თუ ჰქონდა ჯადო რამ, საზარი,
მაგრამ საბოლოოდ ეშმასთან წავიდა.
(გამსახურდია 1971:51)

      აქ ადვილად შესაგრძნობია ზანგური ცეკვების რიტმი, რომელიც ქართულად დაქტილური წყობის თავისუფალი ვარიაციებით არის გადმოტანილი.
      დედნისადმი ერთგულების სხვა¬ მაგალითის მოყვანამდე ერთი პატარა ისტორია გავიხსენოთ. XX საუკუნის დასაწყისში ამერიკელ პოეტს ე. ლი მასტერსს მეგობარმა ქალმა ანტიკური ეპიტაფიების კრებული აჩუქა. ამით შთაგონებულმა პოეტმა შექმნა ლექსების ცნობილი ციკლი `სპუნ რივერი~, რომლითაც სათავე დაედო ანგლო-ამერიკული პოეზიის ახალ ჟანრს — მოდერნისტულ-ეპიტაფიურ პოეზიას.
        იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ ქმნის მთარგმნელი დედნის სტილის ანალოგს, ედგარ ლი მასტერსის ’’გორაკი’’ და  ,,ენ რუტლეჯიც’’ იკმარებდა, მაგრამ ,ვფიქრობ, უფრო საყურადღებო მაგალითია თემატურად “სფუნ რივერთან” ახლო მდგომი ლექსი თ. ელიოტისა, “წყალში სიკვდილი”, რომელსაც ეპიტაფიური ლაპიდარულობაც, სტრუქტურაც შენარჩუნებული აქვს, სამაგიეროდ,  განასხვავებს მითო-პოეტური სიღრმე და სახეობრიობა.

ფინიკიელ ფლებასს, ორი კვირის მკვდარს,
გადაავიწყდა თოლიების კვნესა, ზღვაური,
მონაგები და წანაგები, წყალქვეშა დინებამ
მისი ძვლები ჩაითრია ჩუმი შხუილით, იგი
აღზევდა და კვლავ დაქანდა,
განვლო სიჭაბუკის, ყრმობის ეტაპები
მძვინვარე მორევში.
წარმართი ხარ თუ ჰურია, ო, მოგზაურო,
საჭეს მართავ თუ, ქარს მინდობიხარ,
მოიხსენიე ფლებას, რომელიც ერთ დროს
იყო შენსავით მშვენიერი და ახოვანი.

(გამსახურდია 1971:93)

      ამ თარგმანში ზვიად გამსახურდიამ შექმნა დედნისეული თავისუფალი ლექსის ადეკვატი, რომელშიც ტრადიციული საზომი გამოკვეთილი არ არის, ვუალირებულია და მოქმედებს, ასე ვთქვათ, მიღმა რიტმული პლანიდან.
          აქ რომ მიზანმიმართულად არის მოშლილი ტრადიციული რიტმული კარკასი და მხოლოდ რიტმული პოტენციის სახით არის შენარჩუნებული. ერთი ასეთი, მცირე ექსპერიმენტითაც ჩანს. საკმარისია ოდნავი ჩარევა ტექსტში, სიტყვათა გადაადგილება და ორიოდე სიტყვის შეცვლა სინონიმით:

ფინიკიელი იყო ფლებასი. ორი კვირის მკვდარს
გადაავიწყდა თოლიების კვნესა, ზღვაური.
და ყოველივე, მონაგები და წანაგები, წყალქვეშ დინებამ
მისი ძვლები ჩაითრია ჩუმი შხუილით. იგი აღზევდა და კვლავ დაქანდა,
განვლო ყრმობის და სიჭაბუკის ეტაპები
მძვინვარ მორევში.
ო, მოგზაურო, წარმართი ხარ შენ თუ ჰურია,
საჭეს მართავ თუ ქარს მინდობიხარ,
მოიხსენიე ფლებასი იგი, რომელიც ერთ დროს,
იყო შენსავით ახოვანი და მშვენიერი.

      ამ მცირეოდენი ჩარევების შედეგად ტექსტი უკეთ მოერგო მოთხოვნებს, რასაც ვ. გაჩეჩილაძე უყენებდა უცხოური ვერლიბრის ქართულ თარგმანებს, მაგრამ ამის შედეგად დაიკარგა სწორედ ის განსხვავებული თავისებურება — ეპიტაფიური ლაპიდარიზმი, რომელიც ელიოტის დედანს ახასიათებდა.
    სათარგმნი მასალის სელექციისას, ზვიად გამსახურდია მიიჩნევდა, რომ თომას ელიოტის გარდა, ეზრა პაუნდის გაცნობა ქართველი მკითხველისათვის ძალზე საჭირო და აუცილებელი იყო, რადგან მისი ფიგურის ორბიტაზე ლაგდება მეოცე საუკუნის პოეტური კულტურის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა. ეპიტაფიური ჟანრის ნიმუშები ეკუთვნის ეზრა პაუნდსაც, რომელმაც ძველი ჩინური და იაპონური ლექსის არაერთი მოდერნიზებული სახეობა შექმნა და ამის გამო მას თ. ელიოტი `ახალ ძველ ჩინელ პოეტად~ მოიხსენიებდა. პაუნდის ეპიტაფიური ჰაიკუ  ,,ლი პო’’ ზ. გამსახურდიამ ასე თარგმნა:

ლი პოც ნასვამი დაიღუპა.
იგი მთვარეს გადაეხვია
ყვითელ მდინარეში.

(გამსახურდია 1971:62)

          ჩინურად ყვითელ მდინარეს `ხუან-ხე~ ეწოდება საკმარისი იყო აქ მდინარის ჩინური სახელის ჩასმა, მცირეოდენი ცვლილება, რომ თარგმანი ასეთი გამოსულიყო.

ლი პოც ნასვამი დაიღუპა.
ის ღამით მთვარეს
ხუან-ხეში გადაეხვია.~

        მაგრამ მთარგმნელმა პაუნდის მოდერნისტული ჰაიკუს ხასიათის შესანარჩუნებლად უარი თქვა ქართული ტრადიციული ლექსის რიტმზე და ამით თავისუფალი ლექსის კიდევ ერთი სახეობა გააცნო მკითხველს.
        თუ თვალს გადავავლებთ ამერიკული პოეზიის თარგმანთა ბიბლიოგრაფიას, ერთ რამეში დავრწმუნდებით. ზვიად გამსახურდია იყო პირველი, ვინც გაბედა და დასავლური მოდერნიზმის ერთ-ერთი მამამთავრის ეზრა პაუნდის შემოქმედება წარმოუდგინა მკითხველს არა მხოლოდ თარგმანების, არამედ თავისი გამოკვლევის მეშვეობით.
      ეზრა პაუნდი მიუღებელი ავტორი და პიროვნება იყო საბჭოეთისთვის. და სათარგმნად აკრძალულთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. რუსი მკითხველისათვის ის გამსახურდიას თარგმანების გამოჩენიდან თერთმეტი წლის შემდეგ (1982) გახდა ხელმისაწვდომი.

    ცალკე უნდა აღინიშნოს ზვიად გამსახურდიას წვლილი ქართული კრიტიკული აზროვნების განვითარების საქმეში. თავის გამოკვლევაში თომაზ ელიოტის ლიტერატურულ-კრიტიკული წერილების და ესეების განხილვისას, მან სწორედ იმ საკითხების შესწავლაზე გაამახვილა ყურადღება, რაც აქტუალური და პოლემიკური იყო 60-70-იანი წლების ქართულ ლიტერატურაში, კერძოდ: კრიტიკოსის სუბიექტურობა და ობიექტურობა, განსხვავება შემფასებლურ და ინტერპრეტაციულ კრიტიკას შორის, ლიტერატურული მემკვიდრეობის ახალი, ახლებური წაკითხვების საჭიროება. ტრადიციისა და ნოვაციის პრობლემები, კრიტიკის როლი და შესაძლებლობანი მკითხველის გემოვნების ფორმირების საქმეში და ა.შ. რაკი ეს პრობლემები დღესაც იმავე სიმწვავით დგას ქართული ლიტერატურის წინაშე, დაინტერესებული მკითხველი კვლავ გვერდს ვერ აუვლის ზვიად გამსახურდიას ნაშრომს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსი მკვლევარის ა. ზვერევის წიგნი “მოდერნიზმი ამერიკულ ლიტერატურაში”, მხოლოდ 7 წლის შემდგომ (ზვერევი 1979), გამოიცა და მასში ინფორმაციული სიმდიდრის მიუხედავად, ამერიკული ლიტერატურა ზვიად გამსახურდიას გამოკვლევისგან განსხვავებით, მაინც ცალმხრივად, საბჭოთა იდეოლოგიური პრიზმიდან განიხილებოდა, ცხადი შეიქნება, რომ მკითხველი საზოგადოება ამერიკული პოეტური სამყაროს გაცნობის თვალსაზრისით, სხვა საბჭოთა მკითხველებთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

        დღევანდელ კონტექსტში, როდესაც ამერიკულ სამყაროსთან უშუალო კომუნიკაციის საშუალება მოგვეცა, მაგრამ კვლავ გვიჭირს მართებული ორიენტირება მულტიკულტურულობასა და სხვა ფაქტორების გამო ზვიად გამსახურდიას მთარგმნელობით-სამეცნიერო მემკვიდრეობა ახლებურ მნიშვნელობას იძენს, და არა მხოლოდ, როგორც, პრაქტიკული ნიმუში მთარგმნელობით პრობლემატიკასთან წარმატებული თუ წარუმატებელი ჭიდილისა, ან როგორც ქართულ ლიტერატურაში პირველი ნიმუშთაგანი თარგმანისადმი ერთდროული: შემოქმედებითი და ანალიტიკური, ანუ კომპლექსური მიდგომისა, არამედ, როგორც საეტაპო მოვლენა კულტუროლოგიური თვალსაზრისით. რადგან მიუხედავად მანამდე არსებული სპონტანური, მცირე გამოცდილებისა, ზვიად გამსახურდიას ამ წიგნების გამოცემით მკაფიოდ გამოიკვეთა ამერიკული სამყაროსადმი მიდგომის, მისი გააზრების მეთოდური წინამძღვრები.
          ამდენად, 1971-1972 წლები ზვიად გამსახურდიას ამ თარგმანებისა და გ.ამოკვლევის გამოქვეყნებისა, ქართული ამერიკანისტიკის ისტორიის მთავარ, მკაფიო ნიშნულად უნდა მივიჩნიოთ, რადგან სწორედ ამ დროს გაიჭრა სარკმელი ქართულ ცნობიერებისთვის იდუმალებით შებურული, შორი და მიუწვდომელი, ნამდვილად ამერიკული თვითმყოფადი პოეტური და კულტურული სამყაროსაკენ, საიდანაც არა ილუზორული, არამედ ჭეშმარიტი შემოქმედებითი, პიროვნული და საზოგადოებრივი თავისუფლების ჯანსაღი სიო უბერავდა.

– – – – – – – – – – – – – – – —

დამოწმებული ლიტერატურა

გამსახურდია 1971 : გამსახურდია ზ. ამერიკელი პოეტები.თბილისი: გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო’’, 1971
გამსახურდია 1972 : გამსახურდია ზ. XX საუკუნის ამერიკული პოეზია. თბილისი: გამომცემლობა განათლება’’, 1972
გაჩეჩილაძე 1959 : გაჩეჩილაძე გ. მხატრული თარგმანის თეორიის საკითხები. თბილისი: გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო’’, 1959
ლაშქარაძე 1988: ლაშქარაძე დ. ლიტერატურული მერიდიანები. თბილისი:გ გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო’’ ,1988
ზვერევი 1979 : ზვერევ ა.მოდერნიზმ ვ ლიტერატურე    ს შ ა. მოსკვა: იზდატელსტვო ,, ნაუკა’’, 1979
ღოღობერიძე 1955 : ღოღობერიძე ლ. უოლტ უიტმენ. თბილისი: გამომცემლობა ‘’საბჭოთა საქართველო’’ , 1955

One Response to “• გამსახურდია – ამერიკული ლიტერატურის მკვლევარი”

  1. myebot said

    I like when you talk about this type of stuff in your posts. Perhaps could you continue this?

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s