Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● ღია წერილი შევარდნაძეს

 ♥ ზვიად გამსახურდია

 

 zviadi-edo

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია: “ღია წერილი ედუარდ შევარდნაძეს”

”უსამართლო ძლიერებას საუკუნო არ აქვს ძალი,

უძლეველი საბოლოოდ არის მხოლოდ სამართალი”. 

 აკაკი წერეთელი  

გადავწყვიტე, წერილობით მოგმართოთ, ვინაიდან მრავალი ჩვენს ურთიერთობაში გარკვევას საჭიროებს, როგორც ქართველი ხალხისათვის, ასევე მსოფლიოსათვის. ეს წერილი მიზნად არ ისახავს თქვენს განქიქებას, ან თქვენი როგორც პიროვნების შეურაცხყოფას. იგი ასახავს მხოლოდ ობიექტურ რეალობას. მე ვთვლი, რომ ის რაც ხდებოდა თქვენი მმართველობის დროს საბჭოთა პერიოდში, სახეცვლილად გრძელდება დღესაც და ასახავს ურთიერთობას საქართველოსა და იმპერიულ ცენტრს შორის, რომელმაც იმთავითვე დაგაკისრათ ფუნქცია საქართველოს ჟანდარმისა. ამიტომ მსურს გაგახსენოთ ყველაფერი უმცირეს დეტალებში და მოგახსენოთ ჩემი დასკვნები; მზად ვარ აგრეთვე მოვისმინო თქვენი კონტრარგუმენტები. დანარჩენი კი ერმა და საზოგადოებრიობამ განსაჯოს.

მართალია, პიროვნულად ჯერ კიდავ 60-იანი წლებიდან გიცნობდით, მაგრამ ჩვენი პირველი საქმიანი შეხვედრა მოხდა 1970 წელს. იმხანად თქვენ შინაგან საქმეთა მინისტრი იყავით და მამაჩემის, კონსტანტინე გამსახურდიას მეგობრად და კეთილისმსურველად სახავდით თავს. ამან გამაბედინა თქვენთან მოსვლა, როდესაც მამაჩემმა საახალწლოდ მიიღო ანონიმური წერილი ვითომდაც ,,რუსი და სომეხი ნაცისტებისა”; კუთხოვანი ასოებით დაწერილი ქართულ ენეზე, რომელიც ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდა მამაჩემს და მთელ ქრთველ ერს. ამ წერილში ნათქვამი იყო, რომ ქართელი ერი გადაგვარებისა და მოსპობის გზაზეა დამდგარი, და რომ ამას დააჩქარებენ რუსი და სომეხი ,,ნაცისტები”. მათი თქმით, აღმოსავლეთ საქართველო უნდა გადასულიყო სომეხთა და აზერბაიჯანელთა ხელში, დასავლეთ საქართველო კი რუსეთის ხელში. კონსტანტინე გამსახურდია, როგორც ეროვნული მოღვაწე, ამ ,,ნაცისტებს” უმთავრეს დაბრკოლებად ესახებოდათ ამ მიზნის მიღწევის გზაზე და ემუქრებოდნენ სიკვდილით. წერილში იყო ასეთი ფრაზა: “მოველით იმ წუთს, როდესაც დავიწყებთ ქართველთა სისხლის დაღვრას, ხოცვას ახალგაზრდებიდან დავიწყებთ”.

დიდხანს ვცდილობდი თქვენთან დაკავშირებას; მაგრამ ამაოდ. თქვენი მისაღები ხან მპასუხობდა თათბირი აქვსო, ხანაც რაიონშიაო წასული. სჩანს წინდაწინ იცოდით თუ რა საკითხზე მსურდა თქვენთან დაკავშირება. ბოლოს, როგორც იქნა, მწერალთა კავშირიდან მთავრობის აპარატით დაგიკავშირდით და მიმიღეთ. თქვენ წაიკითხეთ წერილი, განცვიფრება გამოხატეთ და დაავალეთ გამოძიება შსს ერთერთ გამომძიებელს. თანაც მითხარით ათიოდე დღეში გამოიარეთო. ამასთან რაოდენ დიდი იყო ჩემი განცვიფრება, რომ თქვენ საუბარზე დაისწარით ქალაქის მილიციის საგამომძიებლო განყოფილების ყოფილი უფროსი (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ), რომელმაც კინაღამ სიცოცხლეს გამოგვასალმა მე და მერაბ კოსტავა 1959 წელს საპატიმროში რეციდივისტი მკვლელების ხელით. აი, ასე გამეცით ,,სიმბოლური “ პასუხი ჩემს კანონიერ მოთხოვნაზე, რომ გამოგეძიებინათ იმ ანონიმური წერილის ავტორის ვინაობა და როგორც ჩანს, გამოხატეთ თქვენი პოზიცია. ცხადია, შემდგომში არც არაფერი გამოიძიეთ და მიაფუჩეჩეთ საქმე. მრავალი რამ ამ ,,ნაცისტების” მუქარიდან თანდათან რეალობად იქცა მომდევნო წლებში, განსაკუთრებით კი უკანასკნელ წელს (1992 წ-ს.), საქართველოში დატრიალებული სისხლიანი მოვლენების დროს, მაგრამ ამაზე ქვემოთ ვისაუბრებ. ახლა კი, ჩვენი ურთიერთდამოკიდებულების სხვა მომენტებს დავუბრუნდები.

მჟავანაძისეული პერიოდის კორუფციისა და განუკითხაობის დროს ქართველი საზოგადოება გამოსავალს ეძებდა. თქვენ აცხადებდით, რომ იბრძოლებდით პატიოსნებისა და პრინციპულობისთვის, უშველიდით ქართულ კულტურას, მოუღებდით ბოლოს მაფიის თარეშს (ცხადია, დამოუკიდებლობასა და თაისუფლებაზე ოცნებაც კი გამორიცხული იყო მაშინ). ამიტომ მრავალი მიესალმა თქვენს მოსვლას ხელისუფლების სათავეში 1972 წელს და მეც იმედი გამიჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი დისიდენტი და საბჭოთა სისტემის მტერი. ახლა ვხედავ, რომ ეს იყო ახალგაზრდული გამოუცდელობა და კომუნისტური დემაგოგიის ვერშეცნობა ჩემის მხრით. რა უნდოდა იმის დანახვას, რომ კორუფციასთან ბრძოლის დროშა ააფრიალა ყველაზე მეტად კორუმპირებული სამინისტროს ხელმძღვანელმა და რომ პოლიტბიურო მხოლოდ საგანგებოდ შერჩეულ და შემოწმებულ კარიერისტ კოლაბორაციონისტებსა და რუსიფიკატორებს ნიშნავდა ნაციონალური რესპუბლიკების ხელმძღვანელებად? თურმე თვით მჟავანაძეც კი ,,ნაციონალისტად” მიაჩნდათ თქვენთან შედარებით, ვინაიდან მან (თავისი სისუსტით და არა პატრიოტიზმით) ვერ გამოუცხადა ომი საკუთარ ერს, მის ენასა და კულტურას, მის თვითმყოფადობას. ამიტომ იყო აღნიშნული პოლიტბიუროს ცნობილ დადგენილებაში მისი პერიოდის ,,ნაციონალისტური” გადახრები. ხელისუფლებლის სათავეში თქვენი მოსვლის შემდეგ მალე გაქარწყლდა ილუზია, რომ თქვენ კომუნისტური და რუსოფილური ნიღაბი გჭირდებოდათ მოსკოვის მისატყუებლად, რათა ეროვნული საქმისათვის მიგეხედათ. თქვენ დაიწყეთ რუსიფიკაციის კამპანია ისეთი მასშტაბით, როგორიც არ მოსწრებია ჩვენს მრავანტანჯულ საქართველოს თვით ცარიზმის შავბნელი რეაქციის წლებშიც კი. თქვენ განდევნეთ ქართული ყველა სახელმწიფო დაწესებულებიდან, რუსული ენა კი ფაქტიურად სახელმწიფო ენად აქციეთ. დაიწყეთ კამპანია ეროვნული სულის ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგ; თვით ისტორიულ თემაზე წერასაც კი ,,ნაციონალიზმად” ნათლავდით, ხოლო თქვენი მწერლები და კინორეჟისორები აშკარად გადავიდნენ ისტორიის გაყალბებაზე, საქართველოს რუსეთთან შეერთების, როგორც უაღრესად პროგრესული მოვლენის აპოლოგიაზე, ,,საბჭოთა პატრიოტიზმის”, შერეული ქორწინებების პროპაგანდაზე.

,,ინტერნაციონალიზმის” დროშით დაიწყო ქართული მოსახლეობის არნახული შევიწროება, სოფლად თუ ქალაქად, არაქართველთა პრივილეგიების პარალელურად. დაიწყო ბრძოლა ,,მავნე ჩვეულებებისა და ტრადიციების (!)” წინააღმდეგ, რაც ფაქტობრივად ნიშნავდა რელიგიურ წეს-ჩვეულებებთან ბრძოლასაც; პარალელურად კი ნერგავდით კომუნისტურ, საბჭოთა ,,დღესასწაულებს”, სადაც ღრეობისა და მუცელღმერთობის გარდა არაფერი ხდებოდა, ნერგავდით ,,ახალ რიტუალებს”, ე.ი. ახალ საბჭოთა, კომუნისტურ რელიგიას.

დღეს, კრიმინალიურ – ტერორისტული ხუნტის მოწვევით საქართველოში ჩამოსულს თქვენ და თქვენისთანა პარტოკრატებს ხშირად გხედავენ ეკლესიებში, სადაც სანთლებს ანთებთ ხოლმე. შთამომავლობამ უნდა იცოდეს, თუ როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება საქართველოს ეკლესიასთან; როგორ მართავდა მას თქვენი რწმუნებული, როგორ ფიქრობდა მის გადაქცევს სუკ-ის ფილიალად, როგორ არბევდნენ თქვენი კომკავშირლები მორწმუნე ახალგაზრდობას, განსაკუთრებით აღდგომის დღესასწაულებზე. მათ, ეკლესიების გვერდით გახსნილ კომკავშირულ შტაბებში შეჰყავდათ ახალგაზრდები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიაში ბედავდნენ მოსვლას. ამ შტაბებში ხდებოდა მათი ტერორიზება, ,,დამუშავება”, აღტიცხვაზე აყვანა, ხოლო შემდგ ამას მოსდევდა რეპრესიები, სასწავლებლებიდან გარიცხვა, ოჯახების დაწიოკება და სხვა. როგორ დაიწყეთ ეკლესია-მონასტრების გადაკეტება თეატრებად, საკონცერტო დარბაზებად, როგორ გააუქმეთ, მაგალითად, შიო-მღვიმის მონასტერი 1980 წელს, როგორ დაამწყვდიეთ მისი წინამძღვარი, მოხუცი კაცი ეკლესიის შენობაში, ზამთრის ყინვაში, რის შედეგადაც მას კინაღამ სული აღმოხდა, როგორ იმსხვერპლა სუკ-ის ტერორმა მრავალი სამღვდელო პირი და ეკლესიის მსახური, როგორ უწყობდით ხელს ,,ზაკვო”-ს სამხედროებს ჩვენი კულტურის უნიკალური ძეგლების, განსაკუთებით დავით-გარეჯისა და გელათის განდგურებაში, რაც იმპერიის გეგმის მიხედვით ხორციელდებოდა.

საყოველთაოდ ცნობილია, თუ როგორ თანდათანობით ზრდიდით რუსული ენის საათებს ქართულ სკოლებში ქართული ენის ხარჯზე; როგორ კრძალავდით საქართველოს ისტორიის სწავლებას, როგორ დააპირეთ 1976 წელს უმაღლესი სასწავლებლების რუსიფიკაცია, ძირითად საგნებში ლექციების რუსულ ენაზე კითხვის დაკანონება, რამაც გამოიწვია დიდი აღშფოთება შეგნებული ქართული საზოგადოებისა. ამავე წლებში ბრეჟნევისეულ გიგანტომანიას, გიგანტური ჰესებისა და საწარმოო ობიექტების მშენებლობას ყველაზე აქტიურად თქვენ დაუჭირეთ მხარი, რაც იყო გამოვლინება საქართველოს წინააღმდეგ ეკოლოგიური ომისა და საბოლოო ჯამში მიზნად ისახავდა ქართველი ხალხის გენოციდს. ეს აჩქარებდა აგრეთვე ქართველი ხალხის ასიმილაციას, ვინაიდან ასეთი მასშტაბების მშენებლობებს ეროვნული კადრებით არა თუ საქართველო, არამედ თვით უკრაინა და ყაზახეთიც ვერ აუდიოდა. თქვენ იყავით ერთერთი ინიციატორი ავადსახსენებელი როკის გვირაბის გაყვანისა, რის შედეგაბსაც ახლა იმკის საქართველო და რამაც დაგვაკარგინა შიდა ქართლი და სამაჩაბლო. თქვენ, ავადსახსენებელი სუსლოვის ინსტრუქციების შესაბამისად, ყველაფერი იღონეთ იმისათვის, რომ აფხაზეთში ყოველნაირად გაძლიერებულიყო სეპარატისტული მოძრაობა და მომზადებულიყო სისხლიანი ეთნოკონფლიქტი.

თქვენს მიერ გაჩაღებულმა კამპანიამ ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ, კორუფციასთან მოჩვენებითბა ბრძოლამ, საშუალო და დაბალი ფენა დააზარალა, მსხვილ მექრთამეთა ,,ელიტა” კი ხელშეუხებლად დატოვა. იმ დროს, როდესაც ხაბეიშვილისა და მგელაძის კორუმპირებული მაფია მილიონებს ატრიალებდა, რომელსაც უხვად უგზავნიდით პოლიტბიუროს. თქვენ წონაში მოტყუებისა და უმცირესი სამეურნეო დანაშაულისათვის ციხეებში ყრიდით და აციმბირებდით ათასობით უბრალო ადამიანს. როგორც ერთმა პოეტმა შეგნიშნათ, თქვენს დროს აქლემის ქურდი ნემსის ქურდს ასამართლებდა, ხოლო თქვენ ამ აქლემის ქურდებს სხვადსხვა დიდი თანამდებობებით ჯილდოებდით, ციხეებში დანერგეთ არნახული სადისტური წამების მეთოდები, თქვენს მიერ შექმნილ სპეციალურ მეორე კორპუსში სადისტმა გამომძიებლებმა და აგენტმა პატიმრებმა დაასახიჩრეს და დახოცეს ასობით ადამიანი, ჩვენებისა და ფულის გამოძალვის მიზნით, გააუბედურეს ასობით ოჯახი (ცირეკიძე – უსუპიანის საქმე, ფროლოვის საქმე, ოპერის საქმე და სხვა). დღეს ბევრი მათგანი აღდგენილია და იმავე ადგილზე მუშაობს; ალბათ, ახალ დატვირთვებს მისცემთ მათაც. ,,ნეგატიურ მოვლენებთან” ბრძოლის პარალელურად თქვენ თავად ნერგავდით კრიმინალურ პრაქტიკას საწარმოო-სამეურნეო სფეროში. კახეთში თქვენს მიერ ღვინის ფალსიფიკაციის მიზნით შეტანილმა შაქარმა სახელი გაუტეხა ქართულ ღვინოსა და ქართველ მეღვინეს. სამაგიეროდ ამგვარმა ფალსიფიკაციამ და მიწერებმა მოგიტანათ გარდამავალი დროშები, სოციალისტური შრომის გმირის ორდენები და გზა გაგიკაფათ კრემლის დიდებისაკენ.

იმ წლებში საზოგადოების მორალური დეგრადაცია იმითაც დაჩქარდა, რომ თქვენ თანამდებობის მოპოვების თუ საზღვარგარეთ მივლინებით წასვლის მთავარ პირობად სუკ-ის აგენტობა აქციეთ, რის შედეგადაც სუკის აგენტურულ ქსელში ჩაითრიეთ ქართველი ინტელიგენციის, ახალგაზრდობის და სამღვდელოების მნიშვნელოვანი ნაწილი. საერთოდ, სუკ-ის აგენტების რაოდენობამ თქვენი მმართველობის პერიოდში რეკორდულ ციფრს მიაღწია, რასაც თქვენ ,,პიროვნების სოციალიზაციას” უწოდებდით და როგორც ჩანს განზრახული გქონდათ უდიდესი ნაწილის ჩაბმა ამ შავბნელი ორგანიზაციის სამსახურში.

თქვენ აღმართეთ თბილისის ცენტრში მოღალატე ორჯონიკიძის უდიდესი ძეგლი, ხოლო ოზურგეთში ძეგლი დაუდგით ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ორგანიზატორს ფილიპე მახარაძეს, ყოველნაირად ნერგავდით კომუნისტი ძმათამკვლელებისა და რენეგატების კულტს, ლენინის ძეგლების რაოდენობით ხომ საქართველომ ყველა საბჭოთა რესპუბლიკას გადააჭარბა. სტალინის კულტსაც ფარულად უწყობდით ხელს, ვინაიდან სტალინი ოფიციალურად დაგმობილი იყო. თქვენ არაერთხელ გითქვამთ ვიწრო წრეში, რომ სტალინი თქვენი მოძღვარი იყო, რასაც საქმით ამტკიცებთ ყოველ ნაბიჯზე. ამავე დროს საქართველოში ძეგლები არ ეღირსათ დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს, გიორგი ბრწყინვალეს და მრავალ დიდ საზოგადო მოღვაწეს.

საბჭოთა კავშირში და მთელს მსოფლიოში თქვენ სიტყვა ,,ქართველი” ხაზინის ქურდის, მექრთამის, სპეკულანტის სიმბოლოდ აქციეთ, იმ დროს როდესაც კორუფცია და სპეკულაცია იმპერიის სხვა რეგიონებში კიდევ უფრო მეტად ყვაოდა.

თქვენ ებრძოდით საქართველოში ჭეშმარიტ ეროვნულ მწერლობასა და მეცნიერებას, სამაგიეროთ აყვავეთ ,,მურტალო-კუკარაჩებისა” და ,,შემწვარი ნეკების” ცრუ ლიტერატურა და ანტიეროვნული მეცნიერება. თქვენ არნახული სისასტიკით სდევნიდით არა მარტო დისიდენტურ მოძრაობას, არამედ თვით უმცირეს მისწრაფებასაც თავისუფლებისადმი, რაზეც აქ განსაკუთრებით უნდა შევჩერდე.

1976 წელს თქვენ დახვრიტეთ ქართველი პატრიოტი ვლადიმერ ჟვანია, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი, რომელმაც მოაწყო საპროტესტო აფეთქებები მთავრობის შენობის წინ თბილისში, ქუთაისში და სოხუმში; 1983 წელს თქვენი ბრძანებით წამებით მოკლეს ქ. თბილისის ფსიქიატრიულ სავადმყოფოში პირუთვნელი ჟურნალისტი ქალი ნაზი შამანაური, თქვენი მაფიის მხილებისათვის; 1983 წელს დაახვრეტინეთ ცნობილი ,,თვითმფრინავის საქმეზე” დაპატიმრებული ახალგაზრდები, თუმცა სხვა რესპუბლიკებში მინიმალურ სასჯელს აძლევდნენ ასეთი დანაშაულისათვის; მათთან ერთად დახვრიტეთ უდანაულო მღვდელი თევდორე ჩიხლაძე, როგორც ვითომდაც მათი ,,იდეური ხელმძღვანელი”, სინამდვილეში კი იმის გამო, რომ არ ისურვა სუკ-ის აგენტობა.

საქართველოს სავალალო მდგომარეობამ, თქვენმა დრაკონულმა რეპრესიებმა, ანტიქართულმა და ანტიდემოკრატიულმა პოლიტიკამ გამოიწვია საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც მე და მერაბ კოსტავაჩავუდექით სათავეში. ერთხანს ჩვენ ვცდილობდით იატაკქვეშა მოძრაობის პარალელურად გამოგვეთქვა ჩვენი აზრი, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალ-გაზეთების რედაქციები დაკეტილი იყო ჩვენთვის, გწერდით წერილებს, განცხადებებს, ქართული ენის, კულტურის ძეგლების, ქართული ეკლესიის მდგომარეობაზე.

მიღებაზე მუდამ უარს გვეუბნებოდით, განცხადებებზე კი არავითარი რეაქცია არ ჩანდა, გარდა იმისა რომ, თქვენს გამოსვლებში დაუსახელებლად ხშირად გვიწოდებდით ანტისაბჭოთა დემაგოგებს, სამშობლოს მოღალატეებს (ცხადია სოციალისტურ სამშობლოს გულისხმობდით, რადგანაც სხვა სამშობლო არასოდეს გწამდათ და არც გწამთ). ბოლოს მთლიანად გადავედით იატაკქვეშა ბრძოლაზე და დავუკავშირდით საბჭოთა კავშირის დემოკრატიულ მოძრაობას,ვინაიდან მაშინ ჩვენი ბრძოლა ერთ მიზანს ისახავდა. ამას მოჰყვა ჩვენი დევნა სუკ-ის მიერ, დაბარებები, გაჩხრეკები, დაკავებები, ბოლოს კი ჩვენს წინააღმდეგ გაჩაღდა უპრეცენდენტო ცილისმწამებლური კამპანია პრესითა და ტელევიზიით, ხოლო 1977 წელს დაგვაპატიმრეთ. სუკ-ის ჯურღმულები არ გვაკმარეთ და ფსიქიატრიულ ციხეებში გვიკარით თავი: მე მოსკოვში, სერბსკის ჯალათ-ფსიქიატრთა ,,ინსტიტუტში”, ხოლო მერაბ კოსტავას თბილისის ორთაჭალის ციხის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში. შეშლილებად გსურდათ ჩვენი გამოცხადება თქვენი დრაკონული რეჟიმისა და სიმართლის თქმისათვის. ბოლოს ჰონოლულუს ფსიქიატრთა მსოფლიო კონგრესზე საბჭოთასადამსჯელო ფსიქიატრიის დაგმობამ გვიშველა, აგრეთვე საფრანგეთის ფსიქიატრთა პროტესტმა, წინააღმდეგ შემთხვევაში დნეპროპეტროვსკის ფსიქიატრიულ ციხეში ამოგვხდიდნენ ორივეს სულს.

სუკ-ში პატიმრობისას წელიწადნახევრის მანძილზე მიწევდნენ შანტაჟს, მემუქრებოდნენ ამერიკის დაზვერვის აგენტად გამოცხადებით, სამშობლოს ღალარის მუხლით გასამართლებით, ოჯახის წევრების ფიზიკური განადგურებით, მოსალოდნელი ახალგაზრდული დემონსტრაციების გაჟლეტით, ხოლო მოსკოვში პატიმრობისას ავადსახსენებელი სუსლოვის ემისრები საქართველოდან აფხაზეთის ჩამოშორებითაც კი მემუქრებოდნენ თუ არ მოვინანიებდი. ჩემი მეუღლე კი, ძუძუთა ბავშვის დედა, დეკრეტულ შვებულებაში მყოფი სამსახურიდან მოახსნევინეთ, რაც არც ჰიტლერს და არც სტალინს არ ჩაუდენიათ. დღეს თქვენი აგენტები აყალბებენ ჩემი ე.წ. ,,მონანიების” არსს, იყენებენ ამას ჩემი დისკრედიტაციისათვის, თითქოს არ იცოდნენ საქმის რეალური ვითარება. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია კიდევ ერთხელ განვმარტო ჩემი ტაქტიკური უკანდახევა სასამრთლოზე 1978 წელს.

ჩემი დაპატიმრების შემდეგ ეროვნულ მოძრაობას განადგურების საფრთხე დაემუქრა. აღარავინ რჩებოდა გარეთ დასავლეთის ქვეყნებთან ხიდის გამდები, თვითგამოცემებისა და იატაკქვეშა მუშაობის ორგანიზატორი. ბოლოს მე და მერაბ კოსტავამ მოვილაპარაკეთ, რომ მე ,,მოვინანიებდი” ჩემს ზოგიერთ ქმედებას, გამოვიდოდი ციხიდან და გარეთ გავაგრძელებდი საქმიანობას, შევინარჩუნებდი თვითგამოცემას, შევინარჩუნებდი საინფორმაციო ხიდს დასავლეთთან, ხოლო მერაბ კოსტავამ თავად იტვირთა ციხეში დარჩანა, თანაც გააკეთა წერილობითი განცხადება, რომ ჩემი ე.წ. ,,მონანიება” აუცულებლობით იყო გამოწვეული ჩვენი საერთო საქმის ინტერესებიდან გამომდინარე. მე გამოვიტანე ეს განცხადება ციხიდან, მაგრამ არ გამომიქვეყნებია, ვშიშობდი რამე ზიანი არ მიმეყენებინა მეგობრისთვის. ბოლოს, განთავისუფლების შემდეგ მან თავად გამოაქვეყნა იგი 1987 წელს მოსკოვის ჟურნალ ,,გლასნოსტის” მეხუთე ნომერში (რედაქტორი ს. გრიგორიანცი). ამგვარი შინაარსის წერილი მისწერა მან ე. ბონერსაც სახაროვისათვის გადასაცემად ქსნის კოლონიიდან იმავე წელს. მაგრამ ჰოი საოცრებავ, დღეს თქვენ და თქვენი დამქაშები ჩემს ამ ტაქტიკურ უკანდახევას ,,ღალატად” ნათლავთ, თითქოს მერაბ კოსტავაზე დიდი მორალური ავტორიტეტები იყოთ და ეროვნული მოძრაობის თავკაცები. მაგრამ თქვენ სულ სხვა მიზეზის გამო არ გასვენებთ ჩემი ,,მონანიება”. საქმე ის გახლავთ, ჩემი ,,მონანიება” და ციხიდან გამოსვლა რომ არ მომხდარიყო, არ იქნებოდა არც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა, არც 9 აპრილი და არც იმპერიის ბატონობის დასარული 1990 წლის 28 ოქტომბრის თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების სახით, ამიტომაც ვერ მოგინელებიათ ჩემი ,,მონანიება” და კბილებს აღრჭიალებთ მისი გახსენებისას.ბოლოს გადამასახლეთ ნოღაეთის ნახევარუდაბნოში, სადაც ქართველმა მწყემსებმა გადამარჩინეს შიმშილითა და სიცივით სიკვდილს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თქვენმა დამქაშებმა გამივრცელეს ჭორი, თითქოს მე თქვენი აგენტი გავხდი, რაც ერთხანს ირწმუნა საზოგადოების ნაწილმა და რასაც დიდხანს იმეორებდნენ ჭანტურია და სხვა მოღალატენი, ვიდრე თავად არ გამოვლინდნენ, როგორც თქვენი აგენტები. თანაც საზოგადოებამ დაინახა, რომ ისევ მე ვიყავი ერთადერთი კაცი რომელიც მსოფლიო საზოგადოებას ვაწვდიდი ინფორმაციას საქართველოს შესახებ, ვახერხებდი თვითგამოცემას, ვაწყობდი საპროტესტო აქციებს ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად. ბოლოს ის ახალგაზრდებიც ჩამომაშორეთ და მტრებად მიქციეთ ისინი სუკ-ის ჯოჯოხეთური მანქანის მეშვეობით. გარდა ამისა ყველა ხედავდა, რომ სუკის ყველაზე დიდი დევნისა და მეთვალყურეობის ობიექტი ისევ მე ვიყავი, ხელახალ დაპატიმრებას კი ვეღარ ბედავდით, რადგანაც უცხოეთში ძალზე გახმაურდა ჩემი სახელი.ჰო, მაგრამ, მეტყვიან თქვენი დამქაშები, თქვენ შევარდნაძის წარსულზე საუბრობთ, მაგრამ დღეს იგი აღარ არის ის, რაც იყო, შევარდნაძე გადემოკრატდა. იგი ხომ ,,პერესტროიკის” ერთ-ერთი ავტორია. მან თავისი წარსული შეცდომები დაგმო, კომპარტიიდან გავიდა, ნუღარ იხსენებთ მის წარსულს, მის აწმყოზე ილაპარაკეთ. კეთილი და პატიოსანი.განვიხილოთ თქვენი მოღვაწეობა ,,პერესტროიკის” შემდეგ. მართალია, თქვენ და გორბაჩოვი იძულებული გახდით მსოფლიო საზოგადოებრიობის დაწოლით დაგეწყოთ შედარებითი ლიბერალიზაცია, მაგრამ მიუხედავად პოლიტპატიმრებისა და რუსი დისიდენტების რეაბილიტაციისა, გრძელდებოდა ქართველი დისიდენტების დევნა და საზოგადოებიდან იზოლაცია. ჩემს წინააღმდეგ ისევ მძვინვარებდა კამპანია 1987-89 წლების საბჭოთა პრესაში, მაგრამ ამანაც ვერ შეაჩერა ეროვნული ძალების აზვირთება საქართველოში, რისი კულმინაციაც იყო 9 აპრილი, როდესაც თქვენ და გორბაჩოვმა უკანასკნელად სცადეთ სამხედრო ძალით გაგენადგურებინათ ეროვნული მოძრაობა საქართველოში. დამახასიატებელია ის, რომ თქვენ 9 აპრილს დამსჯელი ოპერაციის ერთ-ერთი ავტორი და დამგეგმავი, საქართველოში მოგავლინეს და მოგახსნევინეს კომენდანტის საათი (თუმც დღეს მოსკოვის მიერ მოწყობილი პუტჩის შემდეგ ისევ თქვენ დააწესეთ უსასრულო კომენდანტის საათი, რომლის მოხსნასაც აღარ აპირებთ). ბოლოს საქართველოში გაიმარჯვა დემოკრატიამ, ჩატარდა თავისუფალი, მრავალპარტიული არჩევნები, რომელიც თქვენი და თქვენი პარტიისათვის კრახით დამთავრდა. იმ დღიდან თქვენ გულში ჩაიდეთ რევანში და ყველაფერი იღონეთ იმისთვის, რომ ეს მონაპოვარი გაგენადგურებინათ და მიაღწიეთ კიდეც ამას იმპერიული ძალების დახმარებით. ხალხისათვის თვალის ასახვევად თქვენ მომილოცეთ ტელეგრამით არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ რამდენად გულწრფელი იყო ეს მოლოცვა დაადასტურა შემდგომი დროის მოვლენებმა. თქვენ შექმენით მოსკოვში შტაბი, რომელშიც გააერთიანეთ საქართველოდან გაქცეული ყველა რენეგატი-პარტოკრატი და გააჩაღეთ უპრეცენდენტო კამპანია მთელს მსოფლიოში საქართველოს ახალი ხელისუფლებისა და პირადად ჩემს წინააღმდეგ. თქენს მიერ მოსყიდულ ყოფილ დისიდენტებტან და ეროვნული მოძრაობის მოღალატეებთან ერთად არწმუნებდით მსოფლიოს, რომ საქართველოში დამყარდა ტოტალიტარული რეჟიმი, ფაშისტური დიქტატურა, რომლის დამხობაც აუცილებელია. რა დიქტატურაზე შეიძლებოდა საუბარი, როდესაც გამოდიოდა 20-ზე მეტიოპოზიციური გაზეთი, ტელევიზიით იკრძალებოდა მხოლოდ ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, თავისუფლად დათარეშობდნენ უკანონო შეიარაღებული ფორმირებები და პარტიები, დავაპატიმრეთ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც სჩადიოდნენ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს, ბანდიტიზმს, ქუჩების გადახერგვას ბარიკადებით, ტელევიზიის აღების მცდელობას.თქვენ იყენებდით საბჭოთა იმპერიასა და დასავლეთს შორის დამყარებულ ალიანსს საკუთარი ქვეყნის გასანადგურებლად, მისი ლიბანიზაციის დასაჩქარებლად, სისხლიანი პუტჩისა და გადატრიალების მოსაწყობად. თქვენი მეცადინეობით ჩვენს წინააღდეგ ამოქმედდა კრემლის უზარმაზარი პროპაგანდისტული მანქანა, რომლის პირისპირ ჩვენი საინფორმაციო საშუალებები უძლური აღმოჩნდა. პარალელურად კრემლი აძლიერებდა საქართველოში თავის მიერ შექმნილ შეიარაღებულ ,,ოპოზიციას” და მის მოკავშირე კრიმინალურ ბანდებს, რომელთაც აიარაღებდნენ საოცარი ინტენსივობით. ხოლო როდესაც ჩვენ კანონი ავამოქმედეთ, დასცეს განგაში პოლიტიკური რეპრესიების შესახებ.

ამასთან თქვენ და გორბაჩოვი ყოველნაირად უჭერდით მხარს ოს სეპარატისტებს, რაც ხელს უწყობდა შიდა ქართლის კონფლიქტის გაღვივებას და საუკეთესო საშუალება იყო ჯარის შემოყვანისა და საქართველოს ხელახალი ანექსიისა. ამასთან ყოველნაირად ინიღბებოდით და მალავდით კავშირს ამ მოვლენებთან. თქვენ თითიც არ გაანძრიეთ იმისათვის, რომ ეს საფრთხე აშორებოდა საქართველოს. შეგახსენებთ ერთადერთ სატელეფონო საუბარს, რომელიც შედგა ჩვენს შორის 1991 წლის გაზაფხულზე, როდესაც გორბაჩოვმა დააპირა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შიდა ქართლის მთელს ტერიტორიაზე, რაც საქართველოს ხელახალ ოკუპაციას მოასწავებდა. მაშინ ჯერ კიდევ ვფიქრობდი რომ შეგებრალებოდათ თქვენი ქვეყანა და სწორ ინფორმაციას მაინც მივიღებდი თქვენგან ამ საშინელი საფრთხის შესახებ. როდესაც ტელეფონით დაგიკავშირდით თქვენ მითხარით, რომ მე უნდა დამერეკა გორბაჩოვისადმი და მეთხოვა შეეჩერებინა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ეს იმას მოასწავებდა, რომ გორბაჩოვი სანაცვლოდ მომთხოვდა საკავშირო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, ამიტომ ცხადია, აღარ დავურეკე მას. შემდეგ მე მოვითხოვე თქვენგან დაგვხმარებოდით საქართველოს გამოყოფაში სსრ კავშირიდან, თანაც შეგახსენეთ, რომ თქვენ თქვენი სამშობლოს მეტი არაფერი დაგრჩენოდათ და უნდა გეფიქრათ მის კეთიდღეობაზე. ,,დამანებეთ თავი, მე ერთი პენსიონერი კაცი ვარ და ნუ მთხოვთ იმაზე მეტს, რაც შემიძლია”- ასეთი იყო თქვენი პასუხი; მე გკითხეთ აგრეთვე, მიეცით თუ არა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას 31 მარტის რეფერენდუმზე, რაზედაც თქვენ დუმილით მიპასუხეთ. ახლა საყოველთაოდ ცნობილია, რომ თქვენ მხოლოდ 17 მარტის ე.წ. საკავშირო რეფერენდუმში მიიღეთ მონაწილეობა და ხმა მიეცით საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას, ხოლო 31 მარტს საქართველო და მისი დამოუკიდებლობა არც გაგხსენებიათ. მაგრამ თქვენი ყველაზე დიდი დანაშაული მაინც არის საქართველოში კრიმინალური რევოლუციის შემზადება და განხორციელება, რასაც პრეცენდენტი არ გააჩნია მსოფლიო ისტორიაში. თქვენ, ერთდროს დამნაშავეობასთან ვითომდაც მებრძოლი, დაუკავშირდით დამნაშავეთა სამყაროს და მისი მეშვეობით მოახდინეთ გადატრიალება საქართველოში. დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლები _ ჯ. იოსელიანი თავისი ,,მხედრიონით” და თ. კიტოვანი თავისი კრიმინალური ,,გვარდიით”, რომელმაც უღალატა კანონიერ ხელისუფლებას, თქვენი დადასაყრდენი არიან დღესაც. თქვენს მიერ შექმნილმა კრიმინალურმა ხუნტამ, საქართველოში ,,ზაკვო”-ს ჯარების დახმარებით, დაატრიალა იგივე რასაც სჩადიოდნენ მურვან-ყრუს, ჯალაჯედინის, თემურ-ლენგის, შაჰაბასისა და აღა-მაჰმად ხანის ურდოები. ხუნტაში დამნაშავე სამყაროსთან ერთად გაერთიანდენენ მაფიოზი პარტოკრატები და თქვენს მიერ პრივილეგირებული კომუნისტური ინტელიგენციის წარმომადგენლები, ის ინტელიგენტები, რომელთა მიერ იარაღის ხელში აღებას თქვენ მიესალმეთ თვითმფრინავის ტრაპიდანვე საქართველოში ჩამოსვლისას. აი, ის სოციალური ფენები, რომელთაც თქვენ ეყრდნობით დღეს და რომელთა ხელითაც აპირებთ საქართველოს მომავლის ,,აშენებას”. საქართველოს ციხეებიდან და კოლონიებიდან თქვენი ,,ამნისტიით” გამოშვებული 4 ათასამდე კრიმინალის დიქტატის ქვეშ არის დღეს მილიცია და პროკურატურა, მთელი სამართალდამცავი ორგანოები, რომელნიც ხელს უწყობენ მათ ახალ-ახალი სისხლიანი დანაშაულების ჩადენაში. თქვენი და ამ კრიმინალების დავალებით შეთითხნა პროკურატურამ ,,საქმეები” ჩემს წინააღმდეგ, უზენაესი საბჭოს დეპუტატებისა და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ, ხოლო ნამდვილ დამნაშავეთა საქმეები გააუქმა და მათი რეაბილიტაცია მოახდინა. პატიმრობიდან გაათავისუფლა ქართველი ხალხის მოსისხლე მტერი, ბოროტმოქმედი ტ. ყულუმბეგოვი, რამაც ახალი აღმავლობა გამოიწვია ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ-ტერორისტული მოძრაობისა და საბოლოოდ დაგვაკარგვინა შიდა ქართლი.

თქვენი ხუნტა პირველი დღეებიდან არბევდა და არბევს მშვიდობიან საპროტესტო მიტინგებსა და დემონსტრაციებს. საქართველოში იანვარ-თებერვალში ,,გვარდიისა” და ,,მხედრიონის” კრიმინალებმა დახოცეს და დაჭრეს ასობით დემონსტრანტი, ხოლო შემდეგ დამალეს მათ მიერ დაღვრილი სისხლი, აუკრძალეს რა ჯანმრთელობის სამინისტროს გარდაცვლილთა გვარების გახმაურება. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს გვარები ყველასათვის ცნობილია და ადრე თუ გვიან მათი მხეცური მკვლელობისათვის მოგეთხოვებათ პასუხი ყველას.

თქვენმა ხუნტამ საქართველოში გააჩაღა ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი და, რაც ყველაზე საგანგაშოა, არნახულად გააღვივა კუთხური შუღლი. ფოთის, სენაკის და ზუგდიდის ,,დასალაშქრავად” თქვენ გურულებს, იმერლებს და კახელებს აგზავნით, თითქოს უცხო ქვეყანას ოპყრობდეთ, ძარცვავთ, არბევთ და აწიოკებთ მოსახლეობას, ხოლო როდესაც ზუგდიდის მოსახლეობა აჯანყდა და ქალაქი გაათავისუფლა ,,მხედრიონის” და ,,გვარდიის” ბანდებისაგან, თანაც ტყვედ აიყვანა მრავალი მათგანი, ამის საპასუხოდ თქვენ თბილისში დააწვევინეთ კონსტანტინე გამსახურდიას სახლმუზეუმი, თითქოს იგი მარტო სამეგრელოს კუთვნილება ყოფილიყოს. როდესაც ზუგდიდის მკვიდრი 50-მდე შვილმკვდარი დედა დემონსტრაციაზე გამოვიდა დაყუპული შვილების პორტრეტებით ხელში, თქვენმა ,,შეიარაღებულმა” ძალებმა ისინი დაარბიეს, სასტიკად სცემეს და შვილების პორტრეტები თავზე დაამტვრიეს. აი თქვენი ,,ჰუმანიზმის”, ,,პატრიოტიზმისა” და ,,დემოკრატიის” დამადასტურებელი ნიშნები.

დღეს მოსკოვის საინფორმაციო საშუალებებით ხდება თქვენი რეკლამირება, როგორც პოლიტიკოსისა, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში. თქვენი განცხადება იმის შესახებ, რომ თქვენ დაიწყეთ ,,გარდაქმნა”, გაანთავისუფლეთ აღმოსავლეთ ევროპა და ბალტიისპირეთი, გააერთიანეთ გერმანია, განუზომლად გადაჭარბებული შეფასებაა თქვენი პიროვნული როლისა. ეგ ყველაფერი რონალდ რეიგანის, ,,სოი”-ს და დასავლეთის პოლიტიკის, აგრათვე საბჭოთა კავშირის დისიდენტური მოძრაობის დიდი გამარჯვებაა უწინარესყოვლისა, რამაც აიძულა გორბაჩოვის მთავრობა წასულიყო უდიდეს დათმობებზე. თქვენ და გორბაჩოვმა, ფაქტობრივად მხოლოდ უკან დაიხიეთ ძალის წინაშე და ხელი მოაწერეთ ფაქტობრივ კაპიტულაციაზე, რაც დიდ დიპლომატიურ გამარჯვებაზე ვერ მეტყველებს. სასაცილოა თქვენს მიერ დღეს იმის გაცხადება, რომ ეგ ყოველივე თქვენ გააკეთეთ, რათა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მიეღწია. საქართველოს დამოუკიდებლობა რომ გდომოდათ, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას ესოდენ თავგამოდებით არ იბრძოლებდით საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისათვის, ნებაყოფლობით არ დაბრუნდებოდით შემდგომში ისევ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე და არ განაცხადებდით, რომ საჭიროა სამშობლოს (ე.ი. სსრკ-ს) ხსნა. საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე რომ ყოფილიყავით, მონაწილეობას მიიღებდით 31 მარტის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში. ამასთან, დასავლეთის ქვეყნებში დიპლომატიური მისიით მოგზაურობისას ერთხელ მაინც განაცხადებდით, რომ ეროვნებით ქართველი ხართ და რომ საქართველო დაპყრობილი ქვეყანაა და იბრძვის დამოუკიდებლობისათვის; მაგრამ თქვენ ქართველად არასოდეს ჩაგითვლიათ თავი, ვინაიდან მუდამ იყავით ნამდვილი ,,ჰომო სოვიტიკუსი”, რაც თქვენ თავად აღიარეთ იტალიური გაზეთის ,,კორიერე და ლა სერასათვის” მიცემულ ინტერვიუში.

სასაცილოა აგრეთვე იმის მტკიცება, რომ თურმე გენშერის მიერ ჩამოტანილი 10 მილიონი მარკის ოდენობით კრედიტი მოხმარდება ,,დემოკრატიული ინსტიტუტების” განმტკიცებას, რაც თქვენმა მოკავშირემ, ოსტანკინოს დეზინფორმატორმა გვამცნო. ყველასათვის ცნობილია, თუ რა ,,ინსტიტუტებია” ,,მხედრიონი”, ,,გვარდია”, ,,სამხედრო საბჭო” ანუ ხუნტა, რომელიც ცეცხლითა და მახვილით ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში, ძარცვავს და არბევს მოსახლეობას, რამაც საქართველო მსოფლიოში ეკონომიურად ყველაზე გაღატაკებულ ქვეყნად აქცია, სადაც ყოველდღიურად უკვე მრავალი ადამიანი იღუპება შიმშილით (საქართველოს რადიოს ცნობა). რაც შეეხება დღევანდელი საქართველოს უკანონო რეჟიმის ცნობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მიერ, ეს იმპერიის მხარდაჭერისა და თქვენი დემაგოგიისა და დეზინფორმაციის ხელოვნების შედეგია. მაგრამ გახსოვდეთ: ჯერ საკუთარმა ხალხმა უნდა გცნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არავითარი ფასი არ აქვს უცხო ქვეყნების მხრივ ცნობას.
სანუგეშოა, რომ ის ქვეყნები, რომელთაც გადატრიალებამდე სცნეს საქართველოს კანონიერი ხელისუფლება, აღარ აპირებენ თქვენი უკანონო რეჟიმის ცნობას, საკუთარი ხალხი კი თქვენ არ გცნობთ არასოდეს.

ყველასათვის ცნობილია, რომ დღეს საქართველოში თქვენს მიერ მოხდა ნარკომანიისა და ნარკობიზნესის ლეგალიზაცია. ნარკომანია ღია, ლამის ოფიციალურ პრაქტიკად იქცა, ვინაიდან თქვენი ძირითადი დასაყრდენი ძალების, ,,მხედრიონისა” და ,,გვარდიის” წევრთა უმრავლესობა ნარკომანები არიან; თითოეულ მათგანს სჭირდება დღეში რამდენიმე ათასი მანეთი მაინც ნარკოტიკული ნივთიერებებისათვის, რის შედეგადაც მათ მიერ იძარცვება საქართველოს მოსახლეობა, იტაცებენ ათასობით კერძო და სახელმწიფო მანქანებს და ყიდიან საქართველოს ფარგლებს გარეთ სრულიად ლეგალურად. ასე გაძარცვეს თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, სენაკი და სხვა ქალაქები, ახლა კი ქართული მოსახლეობის გაძარცვის შემდეგ, არაქართველ მოსახლეობაზე გადავიდნენ, რაც გვიქადის ახალ ეთნოკონფლიქტებს. დაბა ყაზბეგი, ჩვენი დიდი ალექსანდრე ყაზბეგის სამშობლო, გადაქცეულია ნარკობიზნესის ცენტრად, მეორე ჰონკონგად, აზიისა და ევროპის ნარკობიზნესის ხიდად. ამის შედეგად იძარცვება სახელმწიფო ხაზინაც, რის გამოც ვეღარ არიგებთ ჯამაგირებს, პენსიებს, ჰონორარებს, თუმც პუტჩისტები მაინც ღებულობენ პრემიებს თავიანთი სისხლიანი დანაშაულობებისათვის, როგორც ,,დემოკრატისათვის მებრძოლნი”. აი თქვენი ,,დემოკრატიის” დიდი მიღწევები.

თქვენ ხედავთ, რომ საქართველოს მხოლოდ ,,მხედრიონისა” და ,,გვარდიის” ხელით ვერ იმორჩილებთ და ამიტომ, ფართოდ ჩააბით სამხედრო ოპერაციაში სნგ-ს ჯარები, რომლებიც დღეს ხუნტის ჯარებთან ერთად დაბანაკებულნი არიან სოფ. რუხთან და ლამობენ აფხაზეთში შეჭრას, რათა იქ გააჩაღონ ახალი ეთნოკონფლიქტი. 23 მარტს (1992წ), სამტრედიის სადგურზე ეშელონიდან გადმოტვირთეს თქვენი ,,გვარდიის” ჯავშანტრანსპორტიორები, რუსი ჯარისკაცებით სავსე, რომელნიც გაემართნენ ცხენისწყლის ხიდისკენ სადამსჯელო ოპერაციის ჩასატარებლად. სნგ-ს სამხედრო ვერტმფრენები თავს დასტრიალებენ წალენჯიხასა და ცელავენ ყველას, ვინც საეჭვოდ მიაჩნიათ. მათ მიერ განადგურებულია მშვენიერი კურორტი სქური. ასე, რომ თქვენ საქართველოში იწყებთ მეორე ავღანეთის ომს და ნუ გგონიათ, მსოფლიო ბრმა იყოს და ვერ ხედავდეს ამას.

 დემოკრატიული ინსტიტუტების” ჩამოყალიბების პარალელურად თქვენ საქართველოში მასობრივი ტერორი და 37 წლის დარი რეპრესიები გსურთ ააღორძინოთ. გრძელდება დაპატიმრებები შეთითხნილი ბრალდებებით, რაც თქვენი ხელწერაა. ყალბი ბრალდებებით არიან დაპატიმრებული უზენაესი საბჭოს საბიუჯეტო კომიის თავმჯდომარე ტარიელ გელანტია, პუტჩისტების 6 ტყვიით დაჭრილი, მომაკვდავი კაცი, ფინანსთა მინისტრი გურამ აბსანძე, უზენაესი საბჭოს სადეპუტატო ეთიკის კომიისის თავმჯდომარე ბიძინა დანგაძე, დიდხანს ტანჯეს ციხეში ქუთაისის დეპუტატი ფირუზ დიაკონიძე, ჰელსინკის კავშირის გამგეობის წევრი, დეპუტატი ვახტანგ ჭითავა და სხვანი. ახლა შემოიღეთ მიტინგებზე სასიკვდილოდ ცემა და დანით დაჭრა უდანაშაულო ადამიანებისა, რასაც განსაკუთრებით ეფექტურად ნერგავთ უკანასკნელ ხანებში. თქვენი ხელქვეითი კრიმინალები განსაკუთრებით არაადამიანურად ექცევიან ქალებსა და მოხუცებს, მთელი ქალთა სქესი ლამის მტრად გამოაცხადოთ პირუთვნელობისა და შეუპოვრობისათვის.

თქვენ, ,,გარდაქმნისა” და ,,საჯაროობის” მედაფდაფემ საქართველოში მოსპეთ ყოველგვარი საჯაროობა, დააწესეთ უსასტიკესი ცენზურა პრესაში და ტელევიზიაში, აკრძალეთ ყველა თავისუფალი გამოცემა. ერთადერთი დამოუკიდებელი გაზეთის, ,,იბერია-სპექტრის” რედაქტორს, პრინციპულ და მოუსყიდავ ჟურნალისტს, ირაკლი გოცირიძეს მოუკალით შვილი, შესანიშნავი მხატვარი გიორგი გოცირიძე და ახლა მეორე შვილზე ემუქრებით, ჟურნალისტური სინდისის ერთგულებისათვის. ა.წ. 30 მარტს, როდესაც მოსკოვის ტელევიზიით უნდა გადმოცემულიყო ჩემი ინტერვიუ, საერთოდ გააუქმეთ მოსკოვის პირველი არხი. ნუთუ ეს არის თქვენი დემოკრატია და საჯაროობა? რატომ არ უჩვენებთ ტელევიზიით ყოველივე იმას, რაც ხდებოდა და ხდება საქართველოში უკანასკნელი ოთხი თვის მანძილზე? რატომ არ უჩვენებთ თბილისის დანგრევასა და დაწვას თქვენი ზარბაზნებითა და რაკეტებით, მიტინგების დარბევას, უდანაშაულო მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას თქვენი ბანდების მიერ, დასავლეთ საქართველოს აწიოკებას, ხალხის ძარცვა-გლეჯას? რატომ არ აძლევთ სიტყვას თქვენს ოპონენტებს, ან იქნებ ფიქრობთ, რომ ამ გზით ჩაახშობთ სიმართლის ხმას?

ახლა ვნახოთ რას წარმოადგენს საქართველოში თქვენი ,,მოღვაწეობა” სამართლებრივი თვალსაზრისით, ხელისუფლების უზურპაცია. თქვენს მიერ, კომპარტიის ცკ-ს მსგავსი უკანონო ორგანოს, ე.წ. სახელმწიფო საბჭოს შექმნა და საკუთარი თავის დანიშვნა მის თავმჯდომარედ, არის უდიდესი უკანონობა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევა, ვინაიდან ქვეყანას ჰყავს კანონიერი ხელისუფლება, ხალხის მიერ არჩეული, ხოლო თქვენ არავის აურჩევიხართ და არც დაუნიშნიხართ ამ თანამდებობაზე. თქვენ აცხადებთ, რომ საქართველოში უახლოეს ხანში ჩატარდება ვითომდაც თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად. ასეთი არჩევნები საქართველოში უკვე ჩატარდა 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს ჰყავს კანონიერი პრეზიდენტი და პარლამენტი, რომელთა გარეშეც არავის აქვს უფლება ახალი არჩევნების დანიშვნისა, ასე რომ თქვენი ,,არჩევნები” იქნება ყალბი და უკანონო. ხოლო ახალ საარჩევნო კანონს, თქვენს მიერ შექმნილს, არ ექნება არავითარი იურიდიული უფლებამოსილება. ამგვარ ,,არჩევნებს” ხალხი ბოიკოტით შეხვდება, ვინაიდან მან ერთხელ უკვე გამოხატა თავისი ნება. გარდა ამისა, ისეთ პირობებში, როდესაც თითქმის მთელს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია, არავითარ არჩევნებზე არ შეიძლება ფიქრიც კი, თუნდაც იგივე მსოფლიო სტანდარტების მიხედვით. ასე რომ, უზურპატორთა ხუნტის მიერ ,,არჩევნების” დანიშვნა საგანგებო მდგომარეობის პირობებში არცერთ მსოფლიო სტანდარტს არ შეესაბამება. თქვენმა ხუნტამ გამოაცხადა 1921 წლის კონსტიტუციის აღდგენა, რომლითაც იგი ვითომდაც ხელმძღვანელობს თავის პოლიტიკაში. თქვენ რომ გესმოდეთ, თუ რას ნიშნავს ამ კონსტიტუციის აღდგენა, იმ დღესვე გადადგებოდით და გამოაცხადებდით თვითლიკვიდაციას, ვინაიდან დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ქვეყანას უნდა მართავდეს არჩევითი ხელისუფლება და არა უკანონო ხუნტა.

ახლა ვნახოთ როგორ გესმით თქვენ რუსეთ-საქართველოს დღევანდელი ურთიერთობა. როგორც აღვნიშნე, თქვენ გაქვთ პრეტენზია, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე იბრძოდით საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. საქართველოს დამოუკიდებლობის რა მოგახსენოთ, მაგრამ მთელს თქვენს ძალებს მუდამ ახმარდით საბჭოთა იმპერიის მთლიანობის შენარჩუნებას, ხოლო ამჟამად, როდესაც დაიმსხვრა ეს თიხისფეხებიანი კერპი, იბრძვით მომაკვდავი რუსეთის იმპერიის შესანარჩუნებლად, რომლის დაშლაც გარდაუვალია, როგორც ყველა იმპერიისა. თქვენ კი ყოველნაირად ცდილობთ, საქართველო კვლავ აქციოთ რუსეთის კოლონიად. რატომ არ სცნობს დღევანდელი რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას და არ ამყარებს მასთან დიპლომატიურ ურთიერთობას? იმის გამო, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და აღარ სურს იყოს რუსეთის კოლონია და სამხედრო პლაცდარმი. ამასთან რუსეთს მიაჩნია, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციის ნაწილებად უნდა სცნოს შიდა ქართლი და აფხაზეთი. ,,თქვენ წახვალთ, ოღონდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე” გვეუბნებოდა გორბაჩოვის მთავრობა. დღევანდელი რუსეთის პოზიციაც ბევრით არაფრით განსხვავდება წინამორბედთაგან.

თქვენ განაცხადეთ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დიპლომატიურზე უფრო მეტია. დიპლომატიურზე ,,მეტი” ურთიერთობა საერთაშორისო პრაქტიკამ და სამართალმა არ იცის. რა უნდა ვიგულისხმოთ ამგვარ ურთიერთობაში, კოლონიალური მონობა ხომ არა? მაგრამ გახსოვდეთ, რო რუსეთის იმპერია განწირულია, ისევე როგორც თქვენი ცდები საქართველოში რუსოფილური ნეოკომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის დამყარებისა. საქართველომ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ერთგული დარჩება თავის არჩევანისა (სხვათაშორის წელს ეს თარიღი ოფიციალურად არც კი აღნიშნეთ). აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ცინიზმი და მკრეხელობაა თქვენის მხრით სამფეროვანი დროშისა და მერაბ კოსტავას სურათის ფონზე ჯდომა. იმ დროშისა, რომლის ეთგულებისათვის მრავალი ადამიანი გაგიგზავნიათ ციხეში. იმ მერაბ კოსტავასი, რომელიც 10 წლის განმავლობაში აწამეთ გულაგის საპყრობილეებში და რომელსაც თქვენმა აგენტებმა მოუსწრაფეს სიცოცხლე.

ახლა ვნახოთ ვით ემთხვევა ურთიერთს თქვენი სიტყვა და საქმე საოკუპაციო ჯარებთან დაკავშირებით. თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა გაიმართოს მოლაპარაკება ჯარების გაყვანის თაობაზე და საქართველო არასოდეს გახდება სნგ-ს წევრი. ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს, იმ დროს, როდესაც ამ თანამეგობრობის სხვა წევრები თავისი ტერიტორიებიდან აძევებენ საოკუპაციო ჯარებს, ან თავის იურისდიქციას უმორჩილებენ, თქვენ დღითი დღე უმატებთ მათ რაოდენობას საქართველოში.; გაირკვა, რომ თქვენი ჩამოსვლის პირველსავე დღეებში დაგირეკიათ მოსკოვში და გითხოვიათ ამ ჯარების საქართველოში დატოვება, რაც თავისი დაუფიქრებლობით მოსკოვის ტელევიზიით გამოაცხადა თქვენმა მეგობარმა ,,დემოკრატმა” გ.პოპოვმა. თქვენი ხუნტის დასტურით შემოიყვანეს ყარაბაღიდან გამოძევებული 366 მოტომსროლელი პოლკი. ამჟამად, როგორც სჩანს, გენშერთან გარიგების საფუძველზე გეგმავთ გერმანიიდან დემობილიზებული რუსი სამხედროებისათვის ბინების მშენებლობას. ბუნებრივია, ის ვისაც არ გააჩნია საკუთარი ხალხის მხარდაჭერა, დასაყრდენს ეძებს მტრის საოკუპაციო ჯარებში. ასე ყოფილა ოდითგან ჩვენს ავბედით ისტორიაში, ასე იყო ,,საბჭოთა” პერიოდში, ასე იქნება მანამ, სანამ საქართველოში იქნება სნგ-ს, ანუ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი თქვენი ხუნტის სახით.

არ შემიძლია არ ვახსენო ჩვენი ახალგაზრდობის სავალალო მდგომარეობა საქართველოში შექმნილი ვითარების შედეგად. თქვენ და თქვენი ,,წითელი” პროფესორები დღენიადაგ ნერგავთ ახალგაზრდობაში კრიმინალების, ნარკომანების, ,,კანონიერი ქურდების” მგლურ ჰეროიკას, შეაძულეთ ახალგაზრდებს წიგნი და შეაყვარეთ ნარკოტიკული ნივთიერებები, ავტომატი, ძარცვა-გლეჯა და ყაჩაღობა. ბოლოს, მრავალი მათგანი დამნაშავე რეჟიმის პატარა მონსტრებად აქციეთ, რომელნიც დღეს შეუბრალებლად არბევენ მშვიდობიან მიტინგებს, მხეცურად უსწორდებიან დიდსა და პატარას, ქალსა და ბავშვს, სიმართლის საქმისათვის. მაგრამ, გახსოვდეთ, სიმართლეს ვერავითარი ციხე, ვერავითარი ტყვია და კოცონი ვერ დაამარცხებს. საბედნიეროდ კარგი ახალგაზრდობაც გვყავს, რომელნიც თქვენ პასუხს გაგებინებენ ყველაფრისათვის. ,,უსამართლო ძლიერებას საუკუნო არ აქვს ძალი, უძლეველი საბოლოოდ არის მხოლოდ სამართალი”, როგორც იტყოდა დიდი აკაკი.

ახლა საბოლოოდ უნდა დაგისვათ მთავარი შეკითხვა: ვინ მოგიხმოთ ჩვენ წინამძღვრად? ვინ მოგიწვიათ საქართველოში, სად არიან ის მშრომელები, ის ახალგაზრდები, რომელნიც თურმე მოსკოვში მოსვენებას არ გაძლევდნენ განცხადებებითა და პეტიციებით, არიქა ჩამოდით საქართველოში და გვიშველეთო? სად არის ეს დოკუმენტები? მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოში მოგიწვიათ ერთადერთმა კაცმა, კრიმინალმა და რეციდივისტმა, ავადსახსენებელმა ჯაბა იოსელიანმა, რომელსაც საკუთარი ხალხის სისხლში აქვს ხელები გასვრილი და რომლის სახელსაც შეაჩვენებს ქართველი ხალხი თქვენს სახელთან ერთად. დიახ, მისმა ემისრებმა ჩამოგიყვანეს თქვენ თბილისში და აეროპორტში დაგხვდათ მოღალატეთა და კრიმინალთა მცირე ჯგუფი. სამაგიეროდ ქართველმა ხალხმა შეგარქვათ იუდა და ამ სახელის სკანდირება არ შეწყდება სანამ თქვენ მის მიწა-წყალზე დააბიჯებთ.

რატომ გეშინიათ სიმართლისა, რატომ არ პასუხობთ სტუდენტთა და ჟურნალისტთა შეკითხვებზე, რომლებიც გა,ზეთშიც კი გამოგიქვეყნეს? რატომ არ ღებულობთ ჟურნალისტებს? ან იქნებ გგონიათ, რომ დღეს შუა საუკუნეებია და თქვენი ბნელი საქმეები საბოლოოდ მიჩქმალული დარჩება? მერწმუნეთ მალე შეიტყობს დასავლეთი, თუ ვის შეუქმნა დემოკრატის იმიჯი და ვისი ხელით ცდილობს თავისი კავკასიური პოლიტიკის განხორციელებას. თქვენ კი აუცილებლად დამარცხდებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში, როგორც დამარცხდენ ნაჯიბულა და ბაბრაქ ქარმალი. ასეთივე დამარცხება გელით კავკასიის ხალხების წინააღმდეგ ომში, რომელსაც გეგმავთ იმპერიულ ძალებთან ერთად.

ამრიგად, თქვენი ,,გადემოკრატება” მარტოოდენ ფასადის შეცვლა ყოფილა, არსით კი თქვენ იგივე დარჩით, რაც იყავით, ტოტალიტარიზმის, სახელმწიფო ტერორიზმის ერთგული, სულით კომუნისტი, რაც მტკიცდება საქართველოში თქვენი ამჟამინდელი საქმიანობით, სადაც ააღორძინეთ პარტოკრატია და რეპრესიული, ტოტალიტარული რეჟიმი.

მახსენდება კანტის ცნობილი სენტენცია: ,,გადაფხიკეთ გერმანელი ფილოსოფოსი და თქვენ თეოლოგს აღმოაჩენთ მასში”. რასაც მე ასე მივუსადაგებდი ჩვენს სინამდვილეს: ,,გადაფხიკეთ ,,პერესტროიკის” ნებისმიერი დემოკრატი და თქვენ კომუნისტ-პარტოკრატს აღმოაჩენთ მასში”.

ვით ვირწმუნო თქვენი გარდაქმნა, როდესაც თქვენ, ნაცვლად იმისა, რომ შეინანოთ ერის წინაშე თქვენი უმძიმესი დანაშაულები, კვლავ ცოდვას ცოდვაზე უმატებთ და ყოველივე ძველებურად განაგრძობთ? თქვენ იმპერიამ მოგავლინათ თავისი შავბნელი ზრახვების განსახორციელებლად, ეს იცის ყველამ საქართველოში და ამის გამო დაგიხვდათ მტრულად მთელი ერი. გახსოვდეთ, ქართველი ერი პოლიტბიურო არ არის, მარკებითა და დოლარებით რომ შეიძლებოდეს მისი მოსყიდვა.

ახლა დავუბრუნდეთ იმ ანონიმურ წერილს, რომელიც დასაწყისში ვახსენე. ახლა ვრწმუნდები, რომ ეს არავითარი რუსი და სომეხი ,,ნაცისტების” წერილი არ ყოფილა. ეს იყო იმპერიული სუკ-ისა და თქვენი წერილი, სადაც მოკლედ იყო ჩამოყალიბებული გეგმა საქართველოს განადგურებისა. ბევრი რამ შესრულდა ამ გეგმიდან, დაიწყო ქართველი ერის გენოციდი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, მაგრამ ამასთან ერთი იმპერია დაიშალა, ხოლო მეორე დაშლის პირას დგას. ასე, რომ თქვენს გეგმებს ასრულება არ უწერია. ქართველმა ერმა გამოიღვიძა და ამიერიდან მას ვერავინ მოახვევს მონობის უღელს. იმპერია მოისპობა, ხოლო საქართველო იარსებებს სამარადჟამოდ.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მე თქვენ ბრალს გდებთ:

1. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სისტემატურ დევნასა და ჩახშობაში უსასტიკესი რეპრესიების გზით, მის დისკრედიტაციაში შინ და გარეთ. ქართველი პატრიოტების და ადამიანის უფლებათა დამცველების დევნადაპატიმრებაში, ქართველი პატრიოტის ვ.ჟვანიას დახვრეტაში, ,,თვითმფრინავის საქმეზე” დაპატიმრებული ახალგაზრდების და მათთან ერთად ცრუ ბრალდებით დაპატიმრებული უდანაშაულო მღვდელის, თევდორე ჩიხლაძის დახვრეტაში, ჟურნალისტ ნაზი შამანაურის მკვლელობაში 1983 წელს ქ.თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

2. საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ საერთაშორისო შეთქმულების მოწყობაში, უპრეცენდენტო ცილისწამებლური კამპანიის ორგანიზებაში მსოფლიოს მასშტაბით.

3. დასავლეთის ქვეყნების დეზინფორმირებასა და დეზორიენტირებაში საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

4. საქართველოში კრიმინალური რევოლუციისა და სამხედრო გადატრიალების მოწყობაში, უკანონო, დანაშაულებრივი ხუნტის შექმნაში, ხელისუფლების უზურპაციაში, ქ.თბილისის ცენტრის დანგრევასა და დაწვაში.

5. საქართველოში დემოკრატიის ნაცვლად კლეპტოკრატიის დამყარებაში, დამნაშავეთა სამყაროსადმი სამართალდამცავი ორგანოების დაქვემდებარებაში, კრიმინალებისათვის ხელისუფლების გადაცემაში.

6. საქართველოში 1990 წლის 28 ოქტომბრისა და 1991 წლის 26 მაისის დემოკრატიული არჩევნების მიღწევების განადგურებაში, კანონიერი პარლამენტისა და პრეზიდენტის დევნაში.

7. საქართველოში რუსეთის იმპერიის საოკუპაციო ჯარების ყოფნის დაკანონებაში, მათთვის საოკუპაციო ჯარების სტატუსის მოხსნაში, საქართველოში ამგვარი ჯარების ახალი კონტინგენტის შემოყვანაში ყარაბაღის 366 მოტომსროლელი პოლკის სახით, გერმანიიდან დემობილიზებული სამხედრო მოსამსახურეებისათვის განკუთვნილი სახლების მშენებლობის დაგეგმვაში ჩვენს ტერიტორიაზე.

8. საქართველოში კომუნისტური პარტოკრატიისა და მაფიის კვლავ აღორძინებაში.

9. იმპერიული სუკ-ის აგენტობაში და მის თავდადებულ სამსახურში წლების მანძილზე.

10. იმპერიული სუკ-ის აგენტურულ ქსელში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ჩათრევაში.

11. სახელმწიფო ტერორიზმში, 1992 წლის იანვარ-თებერვლის მშვიდობიანი მიტინგებისა და დემონსტაციების დარბევა-დახვრეტაში კრიმინალების ხელით.

12. დასავლეთ საქართველოს დალაშქვრა-დარბევაში, მოსახლეობის ძარცვასა და გენოციდში, კუთხური შუღლისა და სეპარატიზმის არნახულ გაღვივებაში.

13. საქართველოში ნარკომანიისა და ნარკობიზნესის ლეგალიზაციასა და წახალისებაში, თბილისის ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილის ნარკომანებად, კრიმინალებად ქცევაში.

14. პიროვნულად ჩემი და ჩემი ოჯახის, თვით მცირეწლოვანი ბავშვების, დევნაში 20 წლის მანძილზე.

15. კონსტანტინე გამსახურდიას მემორიალური სახლ-მუზეუმების გაძარცვასა და დაწვაში (ქ.თბილისი და დაბა ბიჭვინთა).

16. კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა მასობრივ რეპრესიებსა და ტერორიზებაში.

17. გერმანიასთან საძრახის გარიგებაში საქართველოს ინტერესების ხარჯზე.

18. იმპერიის ცენტრის დავალებით ქართველი ერის გენოციდში.

19. სამშობლოს ღალატში.

ყოველივე ზემოთთქმულთან დაკავშირებით, მოვითხოვ თქვენგან დაუყოვნებლივ წერილობით პასუხს და ახსნა-განმარტებას. გიწვევთ ტელედებატებში (როგორც საბჭოთა კავშირის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს და არა როგორც არარსებული სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს), თქვენი საყვარელი მოსკოვის ტელევიზიით, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ამჟღავნებს თქვენს მიმართ სოლიდარობას, თანადგომასა და მიკერძოებას. ტელედებატებს ექნება ტელეხიდის ხასიათი.

მზად ვარ უკან წავიღო ჩემი სიტყვები, თუ დამტკიცდება ჩემს ნათქვამში უმცირესი გაყალბება, უზუსტობა ან გადაჭარბება.

პოსტ სკრიპტუმი: თქვენდამი ღია წერილი უკვე დასრულებული მქონდა, როდესაც ხელში ჩამივარდა თქვენი ინტერვიუ ,,შპიგელისადმი”, სადაც ირკვევა, რომ თქვენ ყველაფერთან ერთად უწიგნურიც ყოფილხართ. კერძოდ, თქვენ, გერმანიის საქმეების ესოდენ დიდმა ,,ექსპერტმა” ,,შპიგელის” კორესპოდენტის განსაცვიფრებლად განაცხადეთ, რომ თურმე ჰიტლერიც დემოკრატიულად ყოფილა არჩეული, ისევე როგორც გამსახურდია. მან ზრდილობიანად შეგნიშნათ, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ სხვა გვერდზე ფრჩხილებში ჩასვა ეს თქვენი ,,აღმოჩენა” და გაგამასხარავათ (,,შპიგელი”, 14 აპრილი, 1992წ). არ ვიცი სკოლაში რა ნიშანი გქონდათ ისტორიაში, მაგრამ ასეთი რამ დღეს საშუალო სკოლის მოსწავლესაც არ ეპატიება. ცნობილია, რომ ჰიტლერი დანიშნა გერმანიის რაიხსკანცლერად პრეზიდენტმა ჰინდენბურგმა, ისევე, როგორც ერთ დროს თქვენ დაგნიშნათ ბრეჟნევმა საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველ მდივნად, ამაშია თქვენი სულიერი ნათესაობა, ხოლო ჰიტლერის პარტიამ ისევე ვერ შესძლო რაიხსტაგში უმრავლესობის მოპოვება, როგორც თქვენმა პარტიამ საქართველოში, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში. ასე, რომ ანალოგიები უფრო სხვაგან უნდა ეძიოთ. საერთოდ, გირჩევთ ხშირად ჩაიხედოთ პოპულარულ სახელმძღვანელოებში და ენციკლოპედიებში, მსოფლიო მნიშვნელობის ინტერვიუს მიცემამადე.

1992 წელი 19 აპრილი

Открытое письмо Эдуарду Шеварднадзе

Zviad Gamsakhurdia, Open Letter to Eduard Shevardnadze

 

ზვიად გამსახურდია

 

 

8 Responses to “● ღია წერილი შევარდნაძეს”

  1. teona said

    ათასს ცოცხალსა ბევრჯერა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია..

    Like

  2. AFXAZI said

    რა კაცი მოვაკვლევინეთ ჩვენი გაუტანლობით, სილაჩრით და ღალატით, რაც მოგვდის ყველაფრის ღირსები ვართ, კიდევ როდის გვაღირსებს ღმერთი ასეთ შანსს?…

    Like

  3. iosebi said

    ღმერთი მაშინ გვაღირსებს ბ-ნო აფხაზი ასეთ შანსს თუ „დავემორჩილოთ ღმერთს უფრო მეტად, ვიდრე ადამიანებს” – ასე ბრძანა წმინდა იუსტინე პოპოვიჩმა.

    http://didgori.wordpress.com/2009/02/28/ეკლესია-და-ხელისუფლება/

    ეკლესია და ხელისუფლება

    მორჩილებაი ჯერ-არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთაია” (საქმე 5, 29). აი, სწორედ ეს სიტყვებია მართლმადიდებელი ეკლესიის სული და გული! ესაა მისი სახარება! სწორედ ეს არის ის, რითაც ცხოვრობს და რისთვისაც ცხოვრობს ქრისტეს ეკლესია! ამაშია მისი უკვდავება და მარადიულობა. სწორედ ამაშია მისი წარუვალი და ყოვლისმომცველი ღირებულება. ღმერთის მორჩილება უფრო მეტად, ვიდრე ადამიანებისა – ეს ეკლესიის უაღმატებულესი პრინციპია, წმიდათა წმიდა მცნება, მისი საზომთა საზომი.

    ესაა მის ყოვლისმომცველი ხარება – მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა წმიდა დოგმატის, და კანონის არსი, აქ ყოვლად დაუშვებელია რაიმეს ფასად თუნდაც სულ უმნიშვნელო დათმობა ეკლესიის მხრივ პოლიტიკური რეჟიმისადმი. ყოვლად დაუშვებელია რაიმე კომპრომისი კაცთა თუ დემონთა წინაშე, და მეტადრე – ეკლესიის წინააღმდეგ აშკარა მებრძოლთა, მის მდევნელთა და მტერთა წინაშე.

    „დავემორჩილოთ ღმერთს უფრო მეტად, ვიდრე ადამიანებს” – ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდებულება, მისი მარადიული და უცვლელი წესი, მისი წესთა წესი, მისი საუკუნო და უცვალებელი დამკვიდრება. ეს სიტყვებია პირველი პასუხი ეკლესიის პირველ მდევართათვის და ეს ეკლესიის პასუხია მისი ყველა მდევნელთათვისაც საუკუნეთა განმავლობაში, განკითხვის საშინელ დღემდე.

    ეკლესიისთვის ღმერთი ყოველთვის პირველ ადგილზეა, ადამიანი კი – ყოველთვის მეორეზე. თუკი ადამიანები ღმერთისა და მისი კანონების წინააღმდეგ აღდგებიან, ეკლესია უნდა დაუპირისპირდეს და შეეწინააღმდეგოს მათ. და თუკი ის ამგვარად არ იქცევა, განა ეკლესიაა? და თუ ეკლესიის წარმომადგენლებიც ასე არ იქცევიან, განა სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები არიან? – არა და არა! რამეთუ საკუთარი თავის გამართლება ამ შემთხვევაში ე. წ. საეკლესიო იკონომიით – შემწყნარებლობით სხვა არაფერია, თუ არა ღმერთის და ეკლესიის შეფარული ღალატი. ამგვარი იკონომია ქრისტეს ეკლესიის გაცემაა.

    ეკლესია მარადიულობაა დროში, დროისმიერ სამყაროში. სამყარო იცვლება, ეკლესია კი უცვალებელია მარადის. უცვალებელია მისი საუკუნო ღვთაებრივი სახარება, მისი მარადიული საღმრთო საიდუმლონი. ეკლესია უცვლელია, რამეთუ უცვალებელია უფალი იესო ქრისტე; ასეთია სახარებისეული ჭეშმარიტება და სინამდვილე; „იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე” (ებრ. 13,8). მარადიულობა ეკლესიის მიერ დროისმიერ სამყაროში იმყოფება, რათა თვით დრო იკურთხოს მისით, განახლდეს მისით, გამარადიულდეს მისით და მას უსწორებდეს თავს. მარადიული ეკლესია კი არ უნდა უსწორებდეს თავს დროს ან დროის სულისკვეთებას და მოთხოვნას, არამედ დრო უნდა გაუსწორდეს მას და დროის სულისკვეთება უნდა დაემორჩილოს მას, როგორც საუკუნოს, მარადის უცვალებელს; დიახ, დროის სულისკვეთება უნდა გაუსწორდეს ეკლესიას – ღმერთკაცობრივი სულის მატარებელს. რამეთუ ეკლესია მარადის წმიდაა, მარადის სამოციქულოა, იგი მარადის საყოველთაოა, მარადის ღვთაებრივია და ამიტომ არასოდეს არ შესწირავს მარადიულს – დროისმიერს, ღვთაებრივს – კაცობრივს. ამის გამო ეკლესია არასდროს არ ეცდება მიესადაგოს, შეუთანხმიერდეს დროის სულისკვეთებას. პირიქით, დრო უნდა მიესადაგოს ეკლესიის მარადიულობას, დროისმიერი და წარმავალი – საუკუნოსა და წარუვალს, კაცობრივი – ღმერთკაცობრივს.

    ხელისუფლება ღმერთისგანაა (რომ. 13, 1-6); ღირებულებათა იერარქიაც და წესრიგის იერარქიაც ღმერთისგანაა. ამიტომ ხელისუფლებას უნდა დავემორჩილოთ, როგორც მომწესრიგებელ ძალას, ვისაც ამ ქვეყნად ეს ღვთივმოცემული და ღვთაებრივი წესრიგი უპყრია, ვინც იცავს და ინარჩუნებს ამ წესრიგს. სხვაგვარად დაცემა იქნება და შთავარდნა უხელისუფლობაში, ანარქიაში, საყოველთაო ბოროტებაში.

    ხელისუფალთ უნდა დავემორჩილოთ, რამდენადაც ისინი ღვთებრივ წესრიგს იცავენ ამქვეყნად და რამდენადაც ისინი ღვთისმსახურნი არიან. მორჩილება ხელისუფლებისადმი აუცილებელია, რადგან მათ, ვითარცა ღმერთის მსახურებს, მახვილი უპყრიათ ხელთ, რომლითაც სჯიან ბოროტებას და იცავენ სიკეთეს. ხელისუფალთა მორჩილება საჭიროა იმიტომ, რომ ისინი, ვითარცა ღმერთის მსახურნი „არა არიან საშინელ კეთილის მოქმედთა, არამედ ბოროტის მოქმედთათვის” (რომ. 13, 3). მაგრამ როდესაც ხელისუფალნი კეთილის მომქმედთათვის ხდებიან საშიშნი, როცა ხელისუფალნი საღმრთო სიკეთეს სდევნიან, ხოლო ყველაზე მეტად ამა ქვეყნის უდიდეს სიკეთეს – უფალ იესო ქრისტეს, მის წმინდა ეკლესიას სდევნიან, მაშინ ესევითარ ხელისუფალთ არ უნდა დავემორჩილოთ და მათი არ უნდა ვისმინოთ! ასეთ ხელისუფალთ ქრისტიანი სულიერად უნდა ებრძოლოს – კერძოდ კი ებრძოლოს წმიდა სახარებისმიერი საშუალებებით. ჭეშმარიტი ქრისტიანი არასდროს გაკადნიერდება იმად, რომ უფრო მეტად ადამიანებს დაემორჩილოს, ვიდრე – ღმერთს. განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, რომელნიც ჭეშმარიტ ღმერთსა და მის სახარებას ეწინააღმდეგებიან.

    ხელისუფლება იმთავითვე არის ღმერთისგან, მაგრამ როცა რომელიმე ხელისუფლება განუდგება ღმერთს და ღმერთის წინააღმდეგაც აღდგება, მაშინ იგი ძალადობად იქცევა და უკვე ღმერთისგან კი არა, ეშმაკისგან არის. ასე რომ, ჩვენ, ქრისტიანებმა, ვიცით საიდუმლო ხელისუფლებისა და საიდუმლო ძალადობისა. ხელისუფლება კურთხეულია ღვთისაგან, ეკლესიის წინააღმდეგ ძალადობა კი შეჩვენებულია ღმერთის მიერ! ყოველივე რაც ღმრთისაგანაა – სიკეთეა, ხოლო თუკი ამ სიკეთეს ბოროტად იყენებენ, აი, ეს არის ეშმაკი, ყველა სამყაროთა და მათ შორის ადამიანური სამყაროს ბოროტეშმაკეულება. ხელისუფლება ღმერთისგანაა, და სანამ იგი ღმერთში, ღმერთის მორჩილებაში და ღმერთთან ჰგიებს, იგი კურთხეულია, ხოლო თუკი რომელიმე ხელისუფლება მიატოვებს ღმერთს, იგი ძალადობად იქცევა და ამით ღმერთის მოწინააღმდეგის – ეშმაკის ხელისუფლებას უქვემდებარებს თავს.

    ამგვარია სახარებისეული, სამოციქულო, წმიდა მამათა მართლმადიდებელური სწავლება ხელისუფლების ბუნებისა და ღირებულების შესახებ. ასეთია ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა და უცდომელი სწავლება ამის შესახებ; ასეთია იგი დასაბამიდან დღემდე, ასეთია იგი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე! ვინ მოწმობს ამას? – ყოველნი წმიდა მოციქულნი, ყოველნი წმიდა მამანი, ყოველნი წმიდა მოწამენი, დაწყებული წმიდა პირველმოწამე სტეფანედან და დამთავრებული ჩვენი დროის ახალმოწამეებით და სხვა წმიდა მოწამეებით. ყველა ისინი უფალ იესო ქრისტესთვის ევნენ. ყოველნი ერთბაშად მეფეთაგან, ხელმწიფეთაგან და მთავართაგან ეწამნენ – ამაქვეყნის ღვთისმბრძოლ ხელისუფალთაგან და ქრისტეს ასეთ აღმსარებელთა რიცხვი არა თუ ათასები, მილიონებია! ყველა ისინი წმიდანნი და უკვდავნი არიან ვითარცა ამ საღმრთო ჭეშმარიტების მოწმეები; ქრისტიანები უნდა ეწინააღმდეგებოდნენ ამა ქვეყნის მეფეთა, ხელმწიფეთა და მთავართა ღმერთის საწინააღმდეგო მითითებებს, ბრძანებებს, სადაც არ უნდა იყვნენ და ვინაც არ უნდა იყვნენ ისინი. ყოველი წმიდა მოწამე, ქრისტეს სარწმუნოების ყოველი წმიდა აღმსარებელი ცოცხალი და უკვდავი განსახიერებაა მართლმადიდებელი ეკლესიის ამ ყოვლადწმიდა ხარებისა: „მორჩილებაი ჯერ არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთაი”. ყოველი მათგანი მთელი სულითა და გულით, სრული ძალითა და გონებით ადგა ამ ღვთაებრივ მცნებას და სწორედ ამისთვის აწამებდნენ, ამისთვის შეამთხვევდნენ ბოროტს, ამისთვის კლავდნენ მათ ღვთისმბრძოლი ხელისუფალნი საუკუნეთა განმავლობაში.

    აი, მხოლოდ მცირეოდენნი ამ უთვალავ და უკვდავ მოწამეთაგან:

    წმიდა მოწამე გლიკერიოს ხუცესი (+303, ხს. 28 დეკემბერს): ქრისტიანთა მდევნელმა იმპერატორმა მაქსიმიანემ უამრავი ქრისტიანი შეყარა ნიკომიდიის დიდ ტაძარში და დაემუქრა – ყველას ტაძართან ერთად დაგწვავთ, თუკი ქრისტეს არ უარყოფთო. მაშინ გლიკერიოს ხუცესმა ასე მიმართა ხელმწიფეს: „შენს მიერ დაპირებული საჩუქრები და სიკეთენი არ გვიზიდავს ჩვენ, ჰოი, მეუფეო, ხოლო შენი მუქარისა არ გვეშინის. ყოველივე ამქვეყნად ჩვენთვის სიზმარივითაა და ჩვენ მწუხარებად და საღმრთო სასჯელად შევრაცხავდით იმას, თუკი უსასტიკეს ტანჯვა-წამებას არ დავითმენდით ქრისტესთვის. ჩვენ არ გვეშინის მდევნელებისა, რამეთუ მეუფემ ყოველთამან ის იარაღი მოგვმადლა ზეგარდმო, რომლითაც ჩვენ ისევე აღვიჭურვებით ახლა და იმგვარადავე ვიცავთ თავს, როგორადაც შენ გიცავენ შენი საჭურველმტვირთავნი. შენ რომ გეწინააღმდეგებით, ამით ჩვენ მტკიცედ ვიმედოვნებთ, საკვირველი ძლევა მოვიპოვოთ, რამეთუ როცა გვხოცავენ, სწორედ მაშინ ვიმარჯვებთ და როცა დაგვცემენ, სწორედ მაშინ ვძლევთ ჩვენს მდევნელთ”. უკეთური ხელმწიფის ბრძანებით გლიკერიოს ხუცესი და ოცი ათასამდე ნიკომიდიელი ქრისტიანი ტაძარში დაწვეს!

    p.s.

    დღევანდელ ფსევდო-ოპოზიციას და ეროვნული მოძრაობის წარსულში ერთგულ მამულიშვილებს კი კაცის მორჩილებით სურთ საქართველოს გადარჩენა. იქნებ არც სურთ და ტყუილად ვიტყუებთ თავს?!

    Like

  4. mamuka said

    ერთი გამსახურდია იყო რა მარტო ”დემოკრატი” მერე მისი მრევლი…არ იყო ეგ კაცი საპრეზიდენტო და დიდი ფილოსოფია არ სჭირდება მაგას…იყო პატრიოტი მარა ვერ ივარგა პრეზიდენტოდ

    Like

    • iberiana said

      რა ვიცი 20 წელია ვერ გამოჩნდა არათუ უკეთესი, არამედ ცოტა მიმგვანებული მაინც ან ინტელექტით, ან სამშობლოს სიყვარულით, ან ერთგულებით.

      გამსახურდიას სხვებივით არ უტრაშუნია აქეთ-იქით და არც რამე გაუფლანგავ-შეუჭამია არც მას და არც მის ნათესავ-ახლობლებს.

      Like

  5. a. sanduchadse said

    პასუხი ვიღაც მამუკას!
    უკანასკნელმა ბოლო ოცმა წელმა აჩვენა ყოველივე, მაგრამ თქვენნაირ ურწმუნო მონებს ვინ რას შეაგნებინებს.

    ფუჩისტების მიერ დათესილ სიძულვილს ტყუილად არ ჩაუვლია, დღღეს კიდევ არიან სიძულვილით გონება დაბინდული ადამიანები ჩვენს შორის. ფუჩისტთა სულიერი შტამომავლებს, რომლებიც “დემონთკრატიის” უკურნებელი სინდრომით არიან გახრწნილები, შევახსენებთ იმ ადამიანთა მოსაზრებებს, ვინც არ იყო გამსახურდიას მრევლში:
    “მიმაჩნია, რომ როგორც ეროვნულ მოღვაწეს, ზვიად გამსახურდიას დიდი დამსახურება მიუძღვის თავისი ქვეყნის წინაშე. ის იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი და თავდაუზოგავად იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. მე მასთან ხშირად მქონია კამათი, მაგრამ უდავოა, რომ ზვიად გამსახურდია იყო დიდი საზოგადო მოღვაწე.
    ხოლო, როგორც პოლიტიკოსი, იგი შევარდნაძეზე ნაკლები ნამდვილად არ არის, მისი პოლიტიკა გაცილებით უფრო ზნეობრივი იყო როგორც მცირე ერების, ისე ზოგადად ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ასე ვაფასებ მე ზვიად გამსახურდიას.
    გამსახურდია ისტორიული პიროვნებაა და სამუდამოდ დარჩება ისტორიაში… ”

    იური ორლოვი
    ჰელსინკის საერთაშორისო ფედერაციის საპატიო თავმჯდომარე, აშშ
    “რუსსკაია მისლ”, პარიზი

    1978 წელს საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის მეორე თვალსაჩინო მოღვაწე პეტრე გრიგორენკო ხაზგასმით მიუთითებდა:
    „მჯერა დადგება დრო, როდესაც ქართველი ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავის უდიდეს ეროვნულ გმირებად შერაცხავსო“-ო. (ემიგრანტული ჟურნალი „თავისუფლების ტრიბუნა“ N: 21 1978.).

    ახლა კი ყური მივუგდოთ ცნობილ რუს უფლებათადამცველს ქალბატონ ნატალია ტელევნაიას:
    “ზვიად გამსახურდია არის ტრაგიკული პიროვნება, იგი საქართველოში მოვიდა მისი ისტორიის, ალბათ ყველაზე ტრაგიკულ მომენტში და მოვიდა ოქროს საუკუნიდან, სადაც მას თეოლოგსა და მოაზროვნეს შესაფერისი ადგილი ეჭირა თამარ მეფის ბრწყინვალე სასახლის ფილოსოფიურ დისპუტებზე. მაგრამ იგი დაიბადა სისხლიან XX საუკუნეში, როცა შინაგანად აფეტქებული დროთა კავშირი დაირღვა.
    ქართველი ჰამლეტი მოწოდებული იყო აღედგინა იგი, მაგრამ ეს მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა, როგორც მისი წინამორბედი დანიის პრინცისათვის…
    ხალხის რჩეული, საქართველოს რჩეული მზად იყო ემსახურა მისთვის, როგორც რაინდს, მაგრამ იგი არასდროს ყოფილა პოლიტიკოსი თანამედროვე გაგებით და პოლიტიკა მას ესმოდა როგორც დისპუტი ჭეშმარიტების დასადგენად. მისი მოწინაარმდეგეები იყვნენ პროფესიონალი ჯალათები…მისი პრეზიდენტობის გზა ცნობილია – ეს არის გოლგოთისაკენ აღმავალი გზა!
    პრეზიდენტი დისიდენტი, როგორც მას ხშირად უწოდებდნენ, იქცა პრეზიდენტ – მოწამედ. საერთოდ მასში იყო რაღაც ქრისტიანი მოწამისა და სხვა დროს რომ ეცხოვრა გახდებოდა რწმენის მორვაწე…
    Телевная Н. М.
    Почва и судьбы «Свободная газета» (Москва, 1999)

    საინტერესოა კავკასიის თავისუფლებისათვის მებრძოლი რაინდის, გმირი ინგუში ხალხის შვილის ცნობილი დისიდენტისა და უფლებათა დამცველის ბატონ ისა ქაძოევის მოსმენა:

    “ზვიად განმსახურდიას სიკვდილით მთავრდება დისიდენტური სუფთა, რომანტიკული ეტაპი კავკასიის ჩაგრულ ხალხთა თავისუფლების მოძრაობისა… ზვიადი მარადისობაში გადავიდა, თანამემამულეებს დაუტოვა რა თავისი მოძღვრება – ზვიადიზმი – საქართველოს სახელმწიფოს სრული უფლებების აღდგენისათვის. ქედმოუხრელი ბრძოლის მოძღვრება, მოძღვრება აგებული ოთხ დედაბოძზე:
    1. ქართველი ხალხის დაბრუნება ღმერთთან;
    2. დაბრუნება წინაპართა ტრადიციებზე;
    3. პოლიტიკურიად და ეკონომიურად ძლიერი დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენა;
    4. კავკასიელ ხალხთა ძმობა. საერთო კავკასიური სახლის შექმნა კავკასიის ყველა ხალხისათვის.
    აი ის დოქტრინა, რომელიც გაუნათებს გზას მომავალ პატრიოტებს საქართველოს თავისუფლებისათვის, სრულიად კავკასიის თავისუფლებისათვის..ღმერთი იყოს მათი შემწე! დაე, მათი ხვედრი იყოს წარმატებული და საბედნიერო ვიდრე ჩვენია! არა! ზვიად გამსახურდიას იდეაზე ჯვრის დასმა არ გამოუვათ. ზვიადი დაიღუპა ფიზიკურად, იდეა ზვიადისა კი იცოცხლებს“.

    1. В Тбилиси к власти пришёл националист Гамсахурдия?
    Гамсахурдия был не больший националист, чем Ельцин или Горбачёв.
    Гамсахурдия назывался националистом в том смысле, что он ратовал за независимость ГССР от СССР (право на это все ССР имели по конституции). В этом смысле националистом был и Ельцин и Сахаров и Кравчук и кто угодно в те годы. Сам по себе развал СССР я не одобряю (да и Гамсахурдию и Сахарова и Ельцина тоже), но, развалил его не Гамсахурдия и не Грузия первая вышла из состава СССР.
    Лозунга “грузия для грузин”, “кровь и почва”, “кровь и честь” ни он ни кто либо из его министров ни по телевизору ни в речах не выдвигал никогда. Не говоря уже о том, что не вскидывал никто тогда в Грузии руку в нацистском приветсвии, никто никогда в истории в Грузии не преследовал евреев (само понятие антисемтизм в Грузии “не работает” по историческим причинам – евреи там жили до исхода) и никто не брил голову и не одевал “гады”.
    Яков Кротов: По Грузии, Абхазии, Южной Осетии и “Розовой революции”

    „იგი კეთილშობილია, ალალი, წმინდა და განასახიერებს სიბრძნეს, მწერლის ნიჭს და სიმტკიცეს ბავშვურად გულუბრყვილო მარტვილისა, იგი მთელი სიცოცხლე ებრძოდა კომუნიზმსა და მისგან ათავისუფლებდა თავის პატარა ქვეყანას. იგი მარად დისიდენტია, რომელმაც გადაიტანა ციხეც, წამებაც და კატორღაც… იგი ალმოდებულ გემზე კაპიტნად რჩება და ურჩევნია ჩაიძიროს, ვიდრე ალამი დაუშვას, ესაა ზვიად გამსახურდია ქართული სიბრძნის და ღირსების სიმბოლო“.
    ვალერია ნოვოდვორსკაია
    რუსეთის დემოკრატიული პარტიის ლიდერი

    თვით მარგარეტ თეთჩერი, „რკინის ლედი“ ასე ახასიათებს ზვიად გამსახურდიას: “ასეთი პრეზიდენტი ნებისმიერ ქვეყანას დაამშვენებდა”.ვლაცლავ ჰაველმა – აღმოსავლეთ ევროპის დისიდენთა ლიდერმა განუცხადა ზვიად გამდახურდიას, რომ საქარტველოს ეროვნულმა მოძრაობამ, ზვიად გამსახურდიამ გადამწყვეტი როლი შეასრულეს აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა რესპუბლიკების განთავისუფლებაში.

    Like

  6. a. sanduchadse said

    ახალა კი კიდევ ერთ ცნობილ რუს სამართალდემცველ ქალბატონს მივუგდოთ ყური:
    „ვითარებათა გამო 70-80-იან წლებში მე „ვკურირებდი“ საქართველოს. ჩვენგან გადიოდა საქართველოში ე. შევარდნაძის მდივნობის ჯამს უკანონობისა და რეპრესიების შესახებ ინფორმაციიის დიდი ნაწილი… ინფორმაციის გაფორმებასა და საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანიზაციებში მის გადაცემას მე და ჩემი მოსკოველი კოლეგები მუდამ ზვიად გამსახურდიას დახმარებით ვახერხებდით… ზვიადი იყო ერთადერთი ძაფი, რომელიც გამოფხიზლების გზაზე მდგარ საქართველოსთან გვაკავშირებდა… იგი მუდამ ებრძოდა ე. შევარდნაძესა და მის ხელისუფლებას ეკლესიის ღირსების დასაცავად, საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლებისათვის…
    დილის ლოცვისას მუდამ შევსთხოვ ღვთისმშობელს, რათა სულიერი სიმხნევე არ მოაკლოს ბოროტ ძალთა მიერ თავით ფეხებამდე ცილნაწამებ ჩემს ტანჯულ მეგობარს, მონას ღვთისას ზვიადს, რომელსაც 28 წელია ვიცნობ. მისი განსაკუთრებული მისიის შეცნობა მხოლოდ მას შესწევს, ვისაც აქვს უნარი წმიდა ჯვრის ენით უთქმელი საიდუმლოს შეცნობისა. ჩემთვის საქართველო, როგორც ქვეყანა არ იარსებებს მანამდე, სანამ იქ კანონიერება არ აღსდგება“.
    ადელა ნადეინოვიჩი
    გულაგის ყოფილი პოლიტპატიმარი, რუსეთის ადამიანის უფლებათა დამცავი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი. მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის წევრი

    ქალბატონი ადელა თითქოს ყველა პატიოსანი ქართველის გულთამხილავია, როდესაც ამბობს: “მისი განსაკუთრებული მისიის შეცნობა მხოლოდ მას შესწევს, ვისაც აქვს უნარი წმიდა ჯვრის ენით უთქმელი საიდუმლოს შეცნობისა. ჩემთვის საქართველო, როგორც ქვეყანა არ იარსებებს მანამდე, სანამ იქ კანონიერება არ აღსდგება“–ო.

    და ბუნებრივიცაა, ფუჩისტებს და მათ მიერ დასნებოვანებულ ერცახე ცერეცოებსა და ქონდრისკაცებს არ გააჩნიათ ეს გრძნობა.

    ბევრი მუხანათი და ავაზაკი დღესაც იმეორებს: პატრიოტი იყო, მაგრამ პრეზიდენტად ვერ ივარგაო” – დააცალეს კი?
    მან ხომ ექვსიოდე თვე დაჰყო პრეზიდენტის პოსტზე, აქედან სამი თვე დანგრული რაჭისა და ზემო იმერეთის აღდგენას მოახმარა, იმ მოკლე დროში ხომ მიწისძვრით განადგურებული შენობა-ნაგებობების 70% პროცენტი აღადგინა, აღადგინა ისე რომ გარედან გროშ-კაპიკი არ შემოსულა.
    პრეზიდენტად რომ ვარგოდა და ივარგებდა მიტომ განდევნეს თორემ, ვინც “გივარგათ” დღესაც კრწანისში გიზით და მეორე მისი გამოზდილი წიწილი ჯერაც კიდევ პრეზიდენტის სახელს იჩემებს და ანგრევს საქართველოს.
    კადრები არ ჰყავდაო, უკეთესი კადრი ხომ ედოს და მიშასა ჰყავს. ქალების გარემოცვას უწუნებდნენ, მაგრამ ედოს ხომ ბანოვანთა კორჰოტა ჰყავდა შემოკრებილი იზა ორჯონიკიძის, ლანა ღოღობერიძის, ქეთი დოლიძის, მამანა გიგინეიშვილის და მისი სხვა დაქალუშკების სახით.

    განა სირცხვილი არ არის ზვიადის კადრებზე ლაპარაკობდე და პრმიერად ფაცაცია და ვიცე-პრემიერად სარიშვილი დასვა? ჯანდაცვის მინისტრი კიდე ჯორბენაძე, ფინანსთა მინისტრები ხომ მოვლენები იყვნენ ჭკუათხელისა და ნოღაიდელის სახით, განათლების მინისტრებს ნუღარ ვიკითხავთ. გუბერნატორები და გამგებლები ხომ საფრანგეთსა და იაპონიასაც შეშურდებოდა. რომელი ერთი უნდა დავასახელოთ, რომელიც გამსახურიას უვარგის კადრებს რომ შეადაროს კაცმა.

    მაგრამ არა უშავს, ყველაფერს აქვს ბოლო, დრო სამართლიანობისა და სიმართლის სასარგებლოდ მუშაობს ყოველთვის, ასეთ სნეულებს გაუყოლებს ჯოჯოხეთის გზას და დარჩება თავანკარა სიმართლე.
    განა ვინ შეძლო მზისათვის ტალახისა და ფურთხის მიწვდენა?

    ასეთი შხამიანი ძლოკვები ყოველთვის ეხვივნენ გარს ჭეშმარიტ მამულიშვილებს და ანთხევდნენ შხამს და ბალღამს და თვით ჩახრჩობილან თავიანთ გესლში!

    Like

  7. უჩა said

    ბატონი ალექსანდრეს თითოეულ სიტყვას ვეთანხმები! გაგიმარჯოთ სიმართლის დაწერისთვის! გიორგიანნო, ისმინეთ მართალი სიტყვა!

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s