Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ბესარიონ გუგუშვილი კომისიის შესახებ

 

ბესარიონ გუგუშვილი უნდობლობას გამოთქვამს კომისიის მიმართ

9-04-2010, 16:45
მადლენ მაჭარაშვილი
ბესარიონ გუგუშვილი: „დინების საწინააღმდეგოდ მცურავი“  კოკოს  კომისია ყალბის მქმნელი ორგანოა„ახალი 7 დღის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ზვიად გამსახურდიას მთავრობის პრემიერმინისტრ ბესარიონ გუგუშვილთან არა მხოლოდ 9 აპრილის აღსანიშნავად მიგვაჩნია მნიშვნელოვნად. როგორც ცნობილია, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საკითხის შემსწავლელი კომისია დიდ იმედს ამყარებს გამსახურდიას გარდაცვალების მოწმეებისგან ჩვენების აღებაზე. გარდაცვალების მთავარი მოწმე ბესარიონ გუგუშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებს, რადგან მას არ ენდობა.

— ბატონო ბესარიონ, 9 აპრილს საქართველოში გლოვისა და დამოუკიდებლობის დღე ერთდროულად კიდევ ერთხელ აღინიშნება. როგორ გაიხსენებდით 1989 წლისა და 1991 წლის 9 აპრილს?

— თბილისში 1989 წლის 9 აპრილს მომხდარს წინ უსწრებდა ძალზე მსგავსი და უფრო მასშტაბური სისხლიანი მოვლენები პოლონეთში 1983 წელს, ხოლო მოსდევდა არანაკლებ სისხლიანი მოვლენები ბაქოში 1990 წლის 20 იანვარს (დაიღუპა 124, დაიჭრა 737), რიგაში 1991 წლის 14-20 იანვარს (სადაც სსრკ ჯარებმა დახოცეს ხალხის მხარეს მდგარი ლატვიელი პოლიციელები და ტელეჟურნალისტი), ვილნიუსში 1991 წლის 13 იანვარს (სსრკ ჯარებმა ლიტვის მთავრობის სახლზე შეტევისას მოკლეს 14 მოქალაქე). ასე რომ, სსრკ–ისა და სოციალისტური ბანაკის დაშლას დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა მხრიდან მსხვერპლი ახლდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, პრაქტიკულად, ყველგან სადაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა აქტიური და მაგალითის მიმცემი იყო.

მაგრამ, სწორედ, ამ აქტიურმა, სამაგალითო მოძრაობებმა დაამხეს ბოლოს ის ბოროტების იმპერია, რომელსაც სოცბანაკი და სსრკ ერქვა. აღსანიშნავია, რომ პოლონეთშიც, აზერბაიჯანშიც, ლიტვაშიც და ლატვიაშიც ფართოდ და ყოველწლიურად აღნიშნავენ იქაურ „9 აპრილებს“, თუმცა რატომღაც ეს აღნიშვნა იზოლირებულად ხდება და არასდროს მოიხსენიებენ სხვა რესპუბლიკებში თავგანწირვის მაგალითებს. ნეტა რატომ?

— ქართულ ეროვნულ თარიღებზე საუბრის დროს გვერდს ვერ ავუვლით იმ მოვლენების მთავარი გმირის, ზვიად გამსახურდიას, გარდაცვალების საკითხს. მითუმეტეს, რომ ეს თემა საქართველოში ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა – საკითხს საპარლამენტო კომისია სწავლობს. შესაძლებლად მიგაჩნიათ თუ არა კომისიის დასკვნის პროგნოზირება?

— მოგეხენებათ, ალბათ, რომ, როგორც ზვიად გამსახურდიას დევნილი მთავრობის პრემიერმინისტრი, რომელიც არ გადამდგარა და არც ვინმეს გადაუყენებია კანონიერად -საქართველოში ფაქტობრივად არსებულ რეჟიმს უკანონოდ, არალეგიტიმურად მივიჩნევ და, ამდენად, არალეგიტიმურად ვთვლი მის ყველა ორგანოს ე.წ. პარლამენტის და ამ „პარლამენტის“ ნებისმიერი კომისიისა თუ სხვა საგამოძიებო ორგანოების ჩათვლით. რაც შეეხება „დინების წინააღმდეგ მცურავი“ კოკოს კომისიას – ვინმეს სჯერა ამ კომისიის ობიექტურობის? – თუნდაც თვით ამ კომისიის წევრებს სჯერათ?

ღირს, გავიხსენოთ, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ზვიად გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებული გამოძიება ჯერ კიდევ 2004 წელს წამოიწყო. ამ გამოძიებაში ათობით გამომძიებელმა დაკითხა ასობით მოწმე და ჩაატარა ასობით საგამოძიებო პროცედურა, დაწერა ათასობით გვერდი მასალა – სულ ტყუილად? – უშედეგოდ? – საინტერესოა, კოკოს კომისიის დასკვნების შესაბამისად თუ დაისჯება სამაგალითოდ ამ გამოძიების რომელიმე მოხელე და თუ აიძულებენ გამოძიებას, „შეკეროს“ კოკოს კომისიის მიერ დაკვეთილი მკვლელობის საქმე…

— მე პრესის არქივში მოვიძიე თქვენ მიერ გავრცელებული დოკუმენტი, რომლის თანახმად, ზვიად გამსახურდიას ოჯახმა, კერძოდ, მისმა ქვრივმა, დადო პირობა, რომ გამსახურდიას სიკვდილის შესახებ თვითმკვლელობის ვერსიის გარდა სხვა ვერსიას არასდროს წამოაყენებდა. რატომ გახდა საჭირო ასეთი პირობის ოფიციალურად, დოკუმენტურად გაფორმება?

— ოჯახის მიერ დადებული პირობის თანახმად, რომელსაც, მაგალითად, ახმოვანებს ზ.გამსახურდიას გროზნოში გადასვენების საერთაშორისო(!) კომისიის თავმჯდომარე, ჩეჩნეთის ვიცეპრეზიდენტი ზელიმხა იანდარბიევი თბილისში მიცემულ საჯარო ინტერვიუში – გამსახურდიას ოჯახი უნდა ყოფილიყო ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის ვერსიის გარანტი და მცველი! ანუ გამსახურდიას ოჯახს არასდროს უნდა წამოეყენებინა სხვა ვერსია, გარდა თვითმკვლელობისა და ყოველთვის უნდა დაეცვა სწორედ და ზუსტად თვითმკვლელობის ვერსია!

— იმავე პირობის თანახმად, ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის მოწმეები უარს ამბობდით გამსახურდიას ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მოთხოვნასა და პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საკითხთან დაკავშირებულ გამოძიებაში მონაწილეობაზე. ამ პირობის გამო უარს იტყვით საქართველოს პარლამენტში დღეს შექმნილ კომისიასთან თანამშრომლობაზე?

— არაზუსტი და არასრულია თქვენი ინფორმაცია. ზ.გამსახურდიას გროზნოში გადასვენებისთანავე სიკვდილის მოწმეებმა მოვითხოვეთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება სანდო საერთაშორისო სპეციალისტების მიერ (რაც ოჯახის დაჟინებული წინააღმდეგობის გამო არ მოხდა), ხოლო ცხედრის დაკრძალვისთანავე, დაუყონებლივ მივმართე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ოფიციალური მოთხოვნით, შეექმნათ კომისია პრეზიდენტ გამსახურდიას თვითმკვლელობის გარემოებათა შესასწავლად (გამოქვეყნებულია) – ამდენად საკითხის შესწავლა-გამოკვლევა-გამოძიების ინიციატივა ჩვენგან, სიკვდილის მოწმეებისგან, მოდიოდა. ხოლო რაც შეეხება სასამართლო ექსპერტიზასა და გამოძიებაში მონაწილეობაზე უარს (რომელზეც თქვენ მიუთითებთ) – ეს ეხებოდა შევარდნაძის არალეგიტიმური რეჟიმის მიერ (რომლის სამართალმემკვიდეც გახლავთ სააკაშვილის არალეგიტიმური რეჟიმი) წამოწყებულ გამოძიებასა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას.

— პირობა ითვალისწინებდა თუ არა სანქციებს მისი დარღვევის შემთხვევაში? რა სანქციებზე იყო საუბარი?

— ოჯახის მიერ დადებული და საქვეყნოდ ცნობილი პირობის დაღვევისათვის ალბათ მთავარი სანქცია იყო, არის და იქნება სირცხვილი (თუ ასეთის საზოგადოებრივი გარემო არსებობს და იარსებებს საქართველოში)… არსებობს?

— ფიქრობთ თუ არა, რომ ამგვარი პირობის დადება პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საკითხს მეტად ბუნდოვანს ხდის, მსგავსი დოკუმენტის არსებობა ბევრ კითხვას ბადებს და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს…

— როდესაც ადამიანს აწყობს, რომ რამე ბუნდოვანი იყოს, ეს „რამ“ ბუნდოვანი იქნება და დარჩება ნებისმიერ შემთხვევაში. ამას ამტკიცებს უზნაძისეული „განწყობის თეორია“… ზოგადად კი ჯობდა, საზოგადოებას (და პრეზიდენტის ზრდასრულ ვაჟებს) „დიდი ინტერესი“ გამოეჩინათ პრეზიდენტის ბედ-იღბლისადმი იმ პერიოდში, როდესაც იგი იძულებული იყო, ტყე-ტყე, კარდაკარ მალვით ეხეტიალა – მძიმე ავადმყოფს (რასაც იოლად და დასაბუთებულად დაასკვნიდა სამედიცინო ექსპერტიზა, თუკი ის გროზნოში გადასვენებისას ჩატარდებოდა)…

— ჩვენ ვესაუბრეთ საპარლამენტო კომისიის წევრებს, ისინი ამბობენ, რომ უკვე გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელიც გამსახურდიას თვითმკვლელობის ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ თავის ქალაში შემავალი ტყვიის ხვრელი უფრო ვიწროა, ვიდრე ტყვიის სისქე. კომისიის წევრები აცხადებენ, რომ „სტეჩკინის“ ტყვიის სისქე 9.2მმ-ია, პროკურატურის მასალების თანახმად კი, თავის ქალაში შემავალი ხვრელი 7მმ-ის რადიუსისაა. რა კომენტარს გააკეთებდით ამ გარემოებაზე?

— მგონია, ცუდად გისაუბრიათ, მრუდედ „გამოკვეთილა“… სასაცილოა „საპარლამენტო კომისიის წევრების“ და ზოგჯერ ჟურნალისტების კომპეტენტურობის დონე. ასე მაგალითად: პირველი, წაიკითხეთ ვიკიპედიაში სტატია „Автоматический пистолет Стечкина“ და გაიგებთ, რომ ამ პისტოლეტის ყალიბია 9 მმ და არა 9.2 მმ! ( თუმცა გაუგებარია, 9მმ–ის რადიუსის ტყვიას როგორ უნდა შეექმნა 7მმ–ის რადიუსის ხვრელი! რედ.). მეორეც, განა ვინ გაზომა თავის ქალაში შემავალი ხვრელი? რომელი პროკურატურის რომელ მასალებზეა ლაპარაკი? სადაა ეს „მასალები“? სულ ტყუილები, ფანტაზიები, მონაჭორები, მონაჩმახები…

— კომისია ასევე საეჭვოდ მიიჩნევს გარდაცვლილის ცხედრის პოზას. მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეუძლებელია, თვითმკვლელი ადამიანის ცხედარი ბუნებრივ მწოლიარე მდგომარეობაში იყოს, „სტეჩკინიანი“ ხელი კი მუცელზე ედოს. გამორიცხავთ, რომ გარდაცვლილს ხელის მდგომარეობა ვინმემ შეუცვალა?

— ძალზე მეეჭვება, რომ ამ კომისიამ რამე დაზუსტებით და დასაბუთებულად იცოდეს ამგვარი თვითმკვლელობების დროს მიცვალებულთა პოზებზე, ან ოდესმე ენახოთ საკუთარი თვალით ასეთი რამეები… თქვენ გინახავთ, როგორ მოძრაობს თვითმკვლელის პისტოლეტიანი ხელი გასროლის შემდეგ? სხვათა შორის, არის ასეთი დოკუმენტური ვიდეომასალა საიტზე – „სიმართლე“(იხილეთ ვიდეო). ფრიად ინფორმაციული ვიდეომასალაა, შეისწავლეთ და თქვენს მკითხველს შთაბეჭდილებები გაუზიარეთ ნამდვილი (და არა კოკოს შეთხზული) თვითმკვლელობის დროს პისტოლეტიანი ხელის მოძრაობაზე – იოლად წარმოიდგენთ, როგორ იმოძრავებდა ხელი, თვითმკვლელი დაწოლილი რომ ყოფილიყო.

ზოგადად, ნიშანდობლივია, რომ გამსახურდიას სიკვდილის გარემოებებზე გამუდმებით და დაჟინებით ყოველთვის არაპროფესიონალები საუბრობენ საზოგადოებასთან – არასდროს სასამართლო ექსპერტიზის სპეციალისტები, არასდროს არის მოტანილი ფაქტობრივი მასალები, მაგალითები, პრეცენდენტები, შედარებები. მაგრამ ეს არ არის გასაკვირი, ასეც უნდა მუშაობდეს არალეგიტიმური პარლამენტის ყალბისმქნელი ორგანო…

— საპარლამენტო კომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს ასევე როსტოვში ჩატარებული სასამართლო ექსპერტიზის პასუხს. თქვენ თუ იცნობთ ამ ექსპერტიზის შედეგებს, იქნებ გვითხრათ, რა წერია ამ დოკუმენტში?

— როსტოვში ჩატარებული სასამართლო ექსპერტიზის მასალები მართლაც რომ საინტერესოა… და რადგან მას ასეთი დაჟინებით უმალავს გამსახურდიას ოჯახი საზოგადოებას, მასში ისეთი რამეები წერია, რაც მათ არ აწყობთ…

— კონსტანტინე გამსახურდიამ, რომელიც საპარლამენტო კომისიას თავად ხელმძღვანელობს, სატელევიზიო ეთერით პირდაპირი მინიშნებები გააკეთა ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში მონაწილეებსა და მკვლელობის სავარაუდო დამკვეთებზე: გია გულუაზე, შოთა კვირაიაზე, ავთანდილ იოსელიანზე, ავთანდილ მარგიანზე, ედუარდ შევარდნაძეზე… თქვენ გამორიცხავთ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან ამ ადამიანების კავშირს?

— „მინიშნებები“, „სავარაუდო“ – „პირდაპირი“ თუ „არაპირდაპირი“ არაა სამართლებრივი, იურიდიული მსჯელობები, ფაქტორები და ასპექტები, რომლითაც უნდა გამოირჩეოდეს ლეგიტიმური საკანონმდებლო ორგანოს დოკუმენტები. სამართლებრივი, იურიდიული მსჯელობები, ფაქტორები უზრუნველყოფილი და განმტკიცებული უნდა იყოს გადამოწმებადი ფაქტებით, თვითმხილველთა ჩვენებებით, მოწმეებით და ასე შემდეგ, სხვა ყველაფერი ბელეტრისტიკა და ფანტაზიებია, თუმცა ამ არალეგიტიმური კომისიის „მუშაობა“ ასეთიც უნდა იყოს, მისი მიზანი ხომ პიარია, ჭორიკნობაა და სხვა არაფერი.

გამოაქვეყნა თუ არა კოკოს კომისიამ რამე ობიექტური და ცალსახა სამედიცინო-სასამართლო დასაბუთება იმისა, თუ რა გახდა ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზი? რამ მოკლა ზვიადი? ქართულ მედიაში ასეთი მოსაზრებაც კი წავიკითხე – ზვიადი კიბოთი მოკვდა და მკვლელობა-თვითმკვლელობა კი ინსცენირებულიაო… ვიკიპედიაში ზვიადის თვითმკვლელობის წინ დაწერილი წერილიც კია გამოქვეყნებული: „ნათელი გონებით, მე ამ ქმედებას ვასრულებ საქართველოს მმართველი რეჟიმის მიმართ პროტესტის ნიშნად და რადგან მე არ მაქვს საშუალება, როგორც პრეზიდენტს, სიტუაცია მოვაგვარო, აღვადგინო კანონი და წესრიგი,“ – აი რამდენნაირი „სიმართლეები“ არსებობს…

— ბოლოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც მინდა გკითხოთ. ალბათ ადევნებთ თვალს ქართველი ოპოზიციონერების ერთი ნაწილის მოსკოვურ ვიზიტებს, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ქვეყნის ღალატად ფასდება. თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე?

— გახსოვთ? სააკაშვილიც ფრიად ინტენსიურად და რეგულარულად ეახლებოდა მოსკოვს – სანამ მას იქ იღებდნენ. კარგად მახსოვს, საჯაროდ აღნიშნა: გუდაურში თხილამურებზე სრიალს ვსწავლობ, რათა პუტინთან ერთად ვითხილამუროო! გააჩნია, ვის როდის ეთხილამურება… სხვათა შორის, კიევშიც ხშირად დადიოდა სააკაშვილი. ნატო-შიც შედიოდა. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასაც თავისი პრეზიდენტობის რომელიღაც ვადაში აღადგენდა. იცვლება ყველაფერი… არაფერია მუდმივი ამ ქვეყანაზე… ორიოდ წელიწადში სააკაშვილის პრეზიდენტობის ინსტიტუციის დემონტაჟიც დაიწყება და სხვა „სიმართლეების“ დრო დადგება, დაველოდოთ.

 

 

 

 

 http://7days.ge/index2.php?newsid=941

 

 

 

5 Responses to “• ბესარიონ გუგუშვილი კომისიის შესახებ”

  1. აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს უთქვამს: „Звиад физически был очень сильным человеком, в конце октября 1993 года – в начале ноября он с температурой переплыл Ингури и перевел народ в Абхазию. Кто может меня убедить в том, что Звиад Гамсахурдиа к Новому году и тем более в чужом доме застрелился“

    http://www.aysor.am/ru/news/2010/04/29/gamsakhurdija-murder/

    ვის, ვის და ამხელა კაცს, თანაც აკადემიკოსს არ ეკადრება ასეთი არასერიოზული დასკვნების გაკეთება. ეს რომელი თეორიის თანახმად ასკვნის აკადემიკოსი, რომ თვითმკვლელობა მხოლოდ ფიზიკურად სუსტი ადამიანების ხვედრია? ან რა შუაშია აქ ფიზიკური სიძლიერე ან სისუსტე?

    თქვენ, ვერავინ ვერ დაგაჯერებთ საწინააღმდეგოში ბ-ნო ელიზბარ რადგან ასე გჭირდებათ ალბათ – არც არის საჭირო! ვერც თ.კიტოვანი და თ.სიგუა ვერ იჯერებენ, რომ ზვიად გამსახურდია თვითმკვლელობამდე მიიყვანეს! ვერც დიდ მიშა „მშენებელს“ და ვერც ედუარდ ამომგდებელს ვერ წარმოუდგენია თურმე, რომ ასეთი მართლმადიდებელი პრეზიდენტი თურმე თვითმკვლელობამდე რას უნდა მიეყვანა! თქვენ ისე მსჯელობთ, რომ თითქოს პრეზიდენტი დასავლეთ საქართველოში სამოგზაუროდ იყო ჩასული და ენგურზე გადაცურვა-გადმოცურვის მეტი დილემა და სადარდებელი არ ჰქონდა. გავიწყდებათ, რომ რუსეთის სამხედროებმა ულტიმატუმი წაუყენა მას, გავიწყდებათ რომ ბალტინის ჯარებმა ააოხრეს საქართველო, გავიწყდებათ რომ დაიკარგა აფხაზეთი და ქუჩებში უმოწყალოდ ჟლეტდნენ ქართველობას, გავიწყდებათ რომ ზვიად გამსახურდიას და მის თანმხლებ პირებს დაგეშილი ძაღლებივით მისდევდნენ რომ ადგილზე დაეგლიჯათ მსხვერპლი, გავიწყდებათ რომ მისი მხარდაჭერის გულისთვის ხალხს ადგილზე ხვრეტდნენ, მდუღარეში ხარშავდნენ, გავიწყდებათ რომ მხატვარ ნოდიას მარჯვენა მოაჭრეს ზვიადის სურათის დახატვის გამო და ა.შ. გავიწყდებათ რომ ზვიადმა ეს ყველაფერი იცოდა და ყველაზე მეტად განიცდიდა ამას. გავიწყდებათ, რომ ის იყო მთავარსარდალი და იგი აგებდა ყველაზე მეტად პასუხს ერისა და უფლის წინაშე.

    ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, რატომ არ შეიძლება დაუშვას აკადემიკოსმა, რომ ისეთ ჭეშმარიტ მართლმადიდებელს, როგორიც ზვიად გამსახურდია იყო, მოყვასის გადასარჩენად და ქართველი ერისთვის მცირედი ამოსუნთქვის მისაცემად ასეთი ნაბიჯი გადაედგა? ნუთუ ასეთი სიკვდილი ღირსეული არ არის? ნუთუ ასეთი სიკვდილი კიდევ უფრო არ ამშვენებს მას?! თუ თქვენც იმ ვარიანტის მომხრე ხართ, რომ ქართველებში აღარ არსებობს კაცობა, ღვთის შიში, ერთგულება და სამშობლოს სიყვარული?

    კარგად დაფიქრდით ბ-ნო ელიზბარ და ნუ აჰყვებით ცრუ თეორიების შემქმნელ არალეგიტიმური კომისიების საეჭვო წარსულის მქონე წევრებს, რომლებსაც არათუ მართლმადიდებლობასთან, არამედ ნამდვილ მეცნიერებასთანაც არაფერი აქვთ საერთო. ისინი, მხოლოდ არალეგიტიმური კრიმინალური დე-ფაქტო ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ.

    თქვენ უჯერებთ იმ ხალხს, რომლებიც მოსაკლავად მისდევდნენ ზვიად გამსახურდიას და ახლა ყველაფერი, პუტჩიც და პრეზიდენტის მკვლელობაც ზვიად გამსახურდიას გარემოცვას, ბ-ნ ბესარიონს, ბაჩუკის და რობიზონს უნდა დაბრალდეს არა? ძალიან მზაკვრული გეგმა კი არის შემოგდებული იმისათვის, რომ ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენის იდეა ერთხელ და სამუდამოდ დასამარდეს. სამაგიეროდ კარზეა მომდგარი ედუარდის მიშასთვის დანატოვარი დამპალი პოლიტიკური სისტემის დახვეწის ეპოქა, რომელშიც ოპოზიციასთან ერთად ალბათ თქვენც იღებთ მონაწილეობას.

    ეჰ, დაგავიწყდათ, რომ ზვიად გამსახურდია ლეგიტიმურობის აღდგენისთვის იბრძოდა? თუმცა, ან ვის რაში უნდა ისეთი ლეგიტიმური მთავრობა, რომელიც მოღალატეებითა და ორგულებით ყოფილა სავსე არა? ეჰ, ვის წყალზე ასხამთ წყალს ბ-ნო ელიზბარ ნუთუ ვერ ხვდებით? თქვენთვისაც მხოლოდ ბ-ნი ზვიად გამსახურდია იყო მხოლოდ ლეგიტიმური ხელისუფლება? თქვენ მაშინ ვინ იყავით? არაფერი? ცარიელი ადგილი? მხოლოდ სკამს იკავებდით? რომელი ხელისუფლების მინისტრი იყავით აღარ გახსოვთ? ბ-ნი ზვიად გამსახურდიას გარდა, მეტი ნათელი წერტილი აღარ ყოფილა ლეგიტიმურ ხელისუფლებაში? სად გაქრა ეს ხალხი? რატომ აღარაფერს ამბობთ კანონიერების აღდგენაზე? ან რატომ გავიწყდებათ ის, რომ ლეგიტიმურ ხელისუფლებას წარმოადგენდით და მისი აღდგენისთვის უნდა გებრძოლათ მიუხედავად იმისა ცოცხალი იქნებოდა დღეს პრეზიდენტი თუ არა! ზვიადის დაღუპვას ხომ არ ელოდებოდებით ზოგიერთებივით, რომ პასუხისმგებლობა მოგეხსნათ და კანონიერების აღდგენისთვის ნაცარი წაგეყარათ?! შეჩერებული კონსტიტუცია აღარაფრად მიგაჩნიათ?

    ეჰ, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ცნობილი აკადემიკოსის, წარსულში ლეგიტიმური ხელისუფლების მინისტრის ასეთი პოზიციით.

    იოსებ ღუდუშაური

    საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის წარმომადგენელი

    ჰელსინკი – 2010 წ. 4 მაისი

    Like

  2. „Кто может меня убедить в том, что Звиад Гамсахурдиа к Новому году и тем более в чужом доме застрелился“

    ბ-ნო ელიზბარ!

    ვერც „к Новому году“ და ვერც „чужом доме“ ვერ გამოდგება ობიექტური გამოძიებისათვის, რაიმე დასკვნისთვის აუცილებელ და საკმარის მტკიცებულებად. თქვენ კი ასე იოლად გამოგაქვთ ვერდიქტი.

    p.s.

    ქრისტეშობის დღესასწაული რომ ყოფილიყო შეიძლება ცოტათი მაინც გაგვემართლებინა პატივცემული ელიზბარი. ნეტავ ახალ წელსაც მართლმადიდებლობას ხომ არ უკავშირებს?

    Like

  3. იოსებ said

    ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საბრძოლო იარაღი ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სიცოცხლეში იყო ორლესული მახვილი მხილებისა, რომელიც მის თანამებრძოლთა ხელში დაჩლუნგდა და ფხა გაუცუდდა. დღეს, პირუთვნელი მხილება, უმრავლესობისთვის ანტიდემოკრატიულ ქმედებად აღიქმება და ზოგჯერ მამხილებლებს დედა-ეკლესიის მტრებათაც ნათლავენ ღვთის ტაძარში მოკალათებული ანტი-ქრისტეს მსახურები თუ ცრუდემოკრატიაზე გადარეული კოსმოპოლიტები.

    „ჭეშმარიტების სამსახური მარტო მის აღიარებაში როდი გამოიხატება. ეს სამსახური, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს სიცრუისა და ბოროტების მხილებას. მაცხოვარი ჩვენი, მართლმხილების გამო აცვეს ჯვარს, მართლმხილების ძალამ, ღვთის ძალამ აღადგინა იგი მკვდრეთით და ცად აღამაღლა. მწიგნობართა, ფარისეველთა და ცრუ მღვდელმთავართა მხილება იყო მისი ქადაგებების ძირითადი მიზანი.“ – გვახსოვდეს ეს ჭეშმარიტება, რომელიც ზვიად გამსახურდიამ გაგვიმეორა უფლის შთაგონებით!

    „ცრუ მოციქულნი, მზაკვარნი ღებულობდნენ სახეს ქრისტეს მოციქულისას. ეს არც არის გასაკვირი, რამეთუ სატანაც ღებულობს ნათლის ანგელოსის სახეს… მაგრამ მათი აღსასრული საქმეთა მათთაებრ იქნება“ – გვასწავლის პავლე მოციქული.

    და კვლავ ლეგიტიმურობის შესახებ, რომელის აღდგენის გარეშეც ქართული სახელმწიფოს გადარჩენა და აღორძინება შეუძლებელია!

    „- ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ქრისტიანული ეთიკისა და პრაქსისის საფუძველთა საფუძველია. რა იყო პირველ ქრისტიანთა ცხოვრება, თუ არა უღმერთობისა და უზნეობისადმი დაუმორჩილებლობა? ქრისტიანობამ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში, რამეთუ საღვთო წერილი გვასწავლის: „საჭურველად გარე მოგადგეს ჭეშმარიტებაი მისი“, ხოლო სიმართლისათვის დევნა სახარების პირველი ნეტარებაა. ის, ვინც არ იბრძვის სიმართლისათვის და არ არის დევნილი, არც ქრისტიანია. ამასთან, ყოველი დროის ტირანები ცდილობდნენ გაყალბებას მოციქულთა სიბრძნისას ხელისუფლებისადმი დამორჩილების შესახებ. როგორც ცნობილია, მოციქულები მოგვიწოდებდნენ ხელისუფლებისადმი დამორჩილებას, რამეთუ, მათი თქმით, ყოველი ხელისუფლება ღვთისგანაა. მაგრამ, საქმე ის გახლავთ, რომ მოციქულთათვის სიტყვა “ხელისუფლება” ნიშნავს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, კანონიერ ხელისუფლებას და არა უკანონო, ყაჩაღურ, უზურპატორულ ხელისუფლებას, რომელიც ეშმაკისაგან არის და არა ღვთისაგან.“ (ზვიად გამსახურდია)

    იცის კი კოკო გამსახურდიამ რა არის სიმართლისათვის დევნილობა? რომელ ხელისუფლებას ემორჩილება იგი? კანონიერ ხელისუფლებას? განა დღევანდელი დე-ფაქტო ხელიუფლება ღვთიგანაა?! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კოკო გამსახურდია თანამშრომლობს უკანონო, ყაჩაღურ და უზურპატორულ ხელისუფლებასთან, რომელიც ეშმაკისგან არის და მისი საქმენიც ეშმაკეული იქნება. ამიტომ, ერისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებ რომ კოკო გამსახურდია ღმერთს ეწინააღმდეგება თავისი საქმიანობით.

    დღეს უკვე აშკარა ხდება, რომ კოკო გამსახურდია არათუ მისი დიდი მამის აზრებს, არამედ მოციქულთა აზრებსაც არ იზიარებს. სამწუხაროა,რომ იგი ლეგიტიმური ხელისუფლების წევრთა მდევნელთა მეგობარი და თანამოაზრე შეიქმნა.

    იოსებ ღუდუშაური

    უფალო იესო ქრისტე, ძე ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.

    Like

  4. AFXAZI said

    საუბედუროდ მშიერი (სულით და ხორცით) ადამიანი იყიდება, ხანდახან ქვეყნის გაყიდვის ფასად და ასეთები საკმაოდ ბევრი ტივტივებენ ახლანდელ ქართულ პოლიტიკაში. მალე დადგება დრო განწმენდისა. ამინ…

    Like

  5. ლომისა said

    აბა, წინ მორიგი უკანონო არჩევნების წუმპე გველოდება. სხვა რა გზა გვაქვს ჩვენც უნდა გავგორდეთ ამ წუპმეში? სანაცვლოდ რას გვპირდებიან? რომელი ავირჩიოთ? „ნაცები“ თუ „ქოცები“? უფრო ნაკლები ბოროტება? კანონიერი ხელისუფლების აღდგენა წყალსაც წაუღია? კანონიერი ხელისუფლების თვალსაზრისით და ზვიად გამსახურდიას თვალსაზრისით ორივე პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც ერთიდან, 1991-1993 წ.წ. სამხედრო პუტჩის შედეგებიდან მომდინარარეობს, არასამართლებრივი და უკანონოა!

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s