Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• კ. გამსახურდია – ზვიად გამსახურდია როგორც უფლებადამცველი

♥ ზვიად გამსახურდია

 

zviad Gamsakhurdia

კონსტანტინე გამსახურდია

ზვიად გამსახურდია როგორც უფლებადამცველი

გამოსვლა მარჯანიშვილის თეატრში, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლის საიუბილეო კონფერენცია-კონცერტზე

 

ძვირფასო მეგობრებო,

პოლიტიკოსები, რომლებიც სახელმწიფოს მეთაურების რანგში ადიან, შესაძლოა რამოდენიმე ტიპისა არიან: ერთნი გეოპოლიტიკური ძვრებისთვის ბიძგის მიმცემნი, მეორენი სხვების მიერ დაწერილი პროექტების მუშა შემსრულებლები, მესამენი დახავსებული რეალობების დამკონსერვებლები, მეოთხენი – ჩვეულებრივი ავანტიურისტები; მათ შესაძლოა ქონდეთ ძალაუფლების სისავსე და პრაქტიკული შედეგებიც, მაგრამ არ ქონდეთ არც ავტორიტეტი, არც სიყვარული ხალხის მხრიდან – ისეთი, რომელიც პარტიულობაზე მაღლა იდგება. ასეთი სახელმწიფო კაცი ტექნიკოსია, მასზე იტყვიან, საქმე იცისო. არსებობს კიდევ ერთი სახეობაც – ესაა ამა თუ იმ თანამედროვე “ერი-სახელმწიფოს” დამფუძნებელი მამა, პოლიტიკოსი-შემომქმედი და ხელოვანი, რომელსაც სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც არ აკლია არც ავტორიტეტი, არც სიყვარული მისი თანამემამულეების მხრიდან. ის, ვინც მაღალი თანამდებობის დაკავებამდე ჩანდა ბარიკადებზე, ვინც იმარჯვებდა სიტყვით, კალმით და გაბედული ნაბიჯებით, რაც რისკის ქვეშ აქცევდა, აზიანებდა მის კეთილდღეობას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ზვიად გამსახურდია სწორედ ამ კატეგორიას ეკუთვნის.

შესაძლოა ბევრმა კარგად, ხოლო ბევრმა ნაკლულად იცოდეს, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი და ამავე დროს როგორც საბჭოთა კავშირში, ისე მსოფლიოში ცნობილი უფლებადამცველი ზვიად გამსახურდია არაერთი საქმის ინიციატორი და ყამირის პირველგამკვალავია: იყო ადამიანის უფლებათა პირველი საინიციატივო ჯგუფის და ჰელსინკის პირველი ჯგუფის დამაარსებელი კავკასიაში; საერთაშორისო ამნისტიის კომიტეტის თანადამაარსებელი საბჭოთა კავშირში; აკრძალული ლიტერატურის თვითგამოცემის ორგანიზატორი თბილისში, რომელიც წლების მანძილზე საქართველოდან ამარაგებდა საბჭოთა უფლებადამცველებს; დამაარსებელი პოლიტიკური კოალიციისა, რომელმაც ბალტიელებთან ერთად პირველმა დააყენა საქართველოს გასვლის საკითხი საბჭოთა იმპერიიდან; ვინც პირველმა საბჭოთა სივრცეში ჩაატარა ოფიციალური არჩევნები არასაბჭოური, მრავალპარტიული კანონმდებლობით; ინიციატორი რეფერენდუმისა დამოუკიდებლობაზე, რომლის ჩანაფიქრიც ჯერ კიდევ თეთრცხენოსანი მხედრის რესპუბლიკის ევროპაში გადასულ ემიგრაციას ქონდა, შემდეგ კი დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღება, რითიც მან გაამთლიანა საქართველოს უახლესი ისტორიის გაწყვეტილი ხაზი 1918 წლიდან ჩვენს ეპოქამდე.

ზვიად გამსახურდიას მიერ გადადგმული არც ერთი ნაბიჯი დაწყებული 1956 წლის ცნობილი პროკლამაციიდან ჯიხაშკარ-ხიბულას ტრაგედიამდე არ არის ამოვარდნილი მისი მოღვაწეობის ერთიანი კონტექსტიდან, რისი მიზანიც ყოველ ეტაპზე იყო ბრძოლა ეროვნული ინტერესების გამომხატველ, იმავდროულად ადამიანურობის შესაბამისი სახის მქონე პოლიტიკისთვის, რათა ის არ გახდეს წილნაყარი ერისა და კაცობრიობის ქაოტიზირების, დაცემის, დემორალიზაციის გამომწვევ ძალებთან.

ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის პირველივე მასობრივი აქციებიდან ზვიად გამსახურდია ცალსახად კარნახობს და ადგენს საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგს. იგივე ითქმის მის გროზნოულ პერიოდზე, ძალადობრივი დამხობიდან მკვლელობამდე. თვით გარდაცვალებიდან ოცდამეექვსე წელიწადსაც კი მისი ფაქტორი ბევრი თვალსაზრისით უჩვეულოდ ქმედითია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თუ საზოგადოებრივ დისკუსიაში. მერაბ კოსტავამ ერთხელ ასეთი სიტყვებით მიმართა მას, “ახალ ხარისხზე ასწიე ერიო”. აქ დამფუძნებლური ქმედება იგულისხმება, რაც გარდა პოლიტიკური აქტისა შინაარსობრივად იყო ერი-სახელმწიფოს შექმნის ყოვლისმომცველი ხელშეკრულება – რომელიც ერთი კონკრეტული დღით ვერ შემოიზღუდება. ნოემბრები და აპრილები, მრავალათასიანი მიტინგები და მანიფესტაციები იყო ამ ხელშეკრულების დადების პირველი მოქმედება, მათში ჩართულ ინდივიდებს, მოქალაქეებს შორის; “მგრგვალი მაგიდის” 63-ვე სხდომა, შემდეგ თავისუფალი არჩევნები, უზენაესი საბჭოს სესიები, რეფერენდუმი და დამოუკიდებლობის გამოცხადება პირველ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად იყო მეორე მოქმედება – როდესაც ეს დიდი ხელშეკრულება უკვე ხალხსა და სახელმწიფოს შორის დაიდო. იმის შემდეგ ხელისუფლებები და ხალხი გამოიცდებიან იმის შესაბამისად, თუ რამდენადად ერთგულნი არიან ამ ხელშეკრულებისა. ამ მხრივ გაფრთხილებად და იმავდროულად ერთგვარ ანდერძად ჟღერს ზვიად გამსახურდიას სიტყვები: “არ შეიძლება საკუთარი თავისა და საკუთარი ხალხის მოტყუება-ამაზე მწარე ხვედრი, ამაზე შემზარავი დანაშაული არ არსებობს”.

ზვიად გამსახურდიას რომ დღევანდელი საქართველოსთვის შემოეხედა, იგი არ შეკრთებოდა, თუმცა ბედნიერადაც არ იგრძნობდა თავს. მან თავის თეორიულ ნაწერებში და ლექციებში საქართველოს სულიერ, ისტორიულ, პოლიტიკურ და კულტურულ მისიაზე ისაუბრა. ჩვენი თანამედროვეობა კი რა სურათს გვთავაზობს? ხელში შეგვრჩა ძალიან ბანალური და არაფრისმთქმელი აღწერები ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მისწრაფებებისთვის. არაფრისმთქმელია ის, რომ ცეკვავ, მღერი, ასხამ ღვინოს, ტურიზმს აღორძინებ, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება გსურს. ზვიად გამსახურდია არც უტოპისტი ყოფილა რომ გონებოდა, თითქოს თავისუფლებისა და ღირსების საუფლო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის და მანამდე ცარისტული გუბერნიების ადგილას ხუთიოდე წელიწადშია დამკვიდრებადი. ისიც უწყოდა, რომ დასავლურობის და თავისუფლების გაგებას აქვს როგორც ნამდვილი, ისე ყალბი და სუროგატული გაგებები. მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ჭეშმარიტი დასავლურობა უპირველეს ყოვლისა კულტურაა, ცივილიზაციაა, პოლიტიკური ნააზრევია, იმ სოციალური და სამართლებრივი სისტემების შესწავლა და დამკვიდრებაა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ჩამოიქნა ევროპაში, ამოუწურავი შესაძლებლობების კონტინენტზე. ის არ არის პორნოგრაფია, სადისტური ფილმების კულტი, მოდების წამხედურობა, ხელგაწვდილი დგომა კრედიტების მოლოდინში, საეჭვო გარიგებები პოლიტიკურ ავანტიურისტებთან საკუთარი ერის საზიანოდ. მისივე გაგებიდან გამომდინარე დავამატებდი: თავისუფლება კი ზნეობრივი და პასუხისმგებლიანი ინდივიდუალიზმია, ამავე დროს ასეთივე ინდივიდუალიზმების სიმრავლეა, რომლებიც ცდილობენ და ახერხებენ კიდეც ერთმანეთთან ხმაშეწყობილად თანაარსებობას.

ზვიად გამსახურდია როგორც ერისკაცი და მორწმუნე ქრისტიანი, როგორც, ჯოხარ დუდაევის თქმით, “პრეზიდენტი ბიბლიით ხელში” ხელს უწყობდა ეკლესიურობის აღორძინებას, ამავდროულად მხარს უჭერდა ეკლესიის ინსტიტუტების რეფორმას და იქიდან საბჭოური მენტალობის განდევნას. იგი თვლიდა, რომ გარდა ეკლესიის მოწოდებისა ადამიანებს ასწავლოს ჭეშმარიტი გზა სულის ცხონებისკენ და სასუფევლისკენ, იგი ქართულ სახელმწიფოსთან ერთად მხარდამხარ უნდა იბრძოდეს ნამდვილი ეროვნული და პატრიოტული ღირებულებებისთვის. მან კარგად იცოდა, რომ თანამედროვეობის გამოწვევებთამ ვერაფერს გახდება გიგანტური რელიგიური ინსტიტუტი, მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური შინაარსებით, ამქვეყნიური ძალაუფლების ბერკეტების და უზარმაზარი უძრავ-მოძრავი ქონების განმკარგავი. დღეს რომ საქართველოსთვის შემოეხედა, ზვიად გამსახურდია არ მიესალმებოდა ქართველობის დაყოფას პოლიტიკურ სექტებად და უსაზმნო, დაუსრულებელ კინკლაობას მეორე და მესამეხარისხოვან საკითხებზე, იქ, სადაც მხოლოდ პერსონებზეა სწორება, სადაც არ არსებობს გამაერთიანებელი სერიოზული პოლიტიკური პლატფორმა ან პლატფორმები; იქ სადაც არ ფიქრობენ და პრაქტიკულად არ მუშაობენ სამოქალაქო პატრიოტიზმზე, სადაც ელიტების ანგარიშგასაწევი ნაწილი შესაძლოა საბედისწერო ინერციით თუ შეგნებულად მეზობელი დამპყრობელი სახელმწიფოს ინტერესებს ატარებდეს.

ასეთი მისი პოლიტიკური ანდერძის არასრული წართქმითი და უკუთქმითი ინტერპრეტაცია, ანუ როგორი უნდა იყოს და როგორი არ უნდა იყოს. მისი სახელი ამიერიდან საზომია, მეტრია, რითიც ყველა გაიზომება.

ვულოცავ ამ დღეს სრულიად საქართველოს

31 მარტი 2019