Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•პარლამენტის კომისიის დასკვნა-II

♥ ზვიად გამსახურდია

  

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან

დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის

 დასკვნითი დოკუმენტი

 თბილისი 2011

 ნაწილი I, ნაწილი II , ნაწილი III

ნაწილი II

  

***

 

#7494802 სისხლის სამართლის საქმეზე

დაკითხულ პირთა პროკურატურისათვის მიცემულ ჩვენებებსა და საპარლამენტო კომისიის გამოკითხვებში

გამოვლენილი ფაქტების შეუსაბამობები და ურთიერთწინააღმდეგობები

 

1. დევნილი პრეზიდენტის გზა სამეგრელოს რეგიონში

როდესაც პრეზიდენტი 1993 წლის 2 ნოემბერს მის თანმხლებ პირებთან ერთად მესამედ გადავიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, იგი სოფელ ილორში ცოლ-ქმარ ტუჟბების ოჯახში დააბინავეს. 1993 წლის 5 ნოემბერს სოფ. ილორში, რუსლან ქიშმარიას ძმის, მერაბ ქიშმარიას სახლში პრეზიდენტი შეხვდა გუდაუთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებს. პრეზიდენტმა აფხაზების დელეგაციის მოთხოვნაზე ეღიარებინა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რომლის სანაცვლოდაც პრეზიდენტი აღიდგენდა თავის კანონიერ უფლებამოსილებას, კატეგორიული უარი განაცხადა. საპასუხოდ აფხაზეთის დელეგაციამ მოითხოვა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასგან აფხაზეთის დატოვება. პრეზიდენტი თავისი გარემოცვით სამეგრელოს რეგიონში დაბრუნდა. მის თანმხლებ პირთა შორის უკვე აღარ იმყოფებოდნენ ვიცეპრემიერი გურამ აბსანძე და შეიარაღებული ძალების სარდალი ვახტანგ (ლოთი) ქობალია.

როგორც თითქმის ყველა მოწმის ჩვენებაშია აღნიშნული, პრეზიდენტი გრძნობდა რა მდევრის სიახლოვეს სამეგრელოს ტერიტორიაზე, პრაქტიკულად ყოველი მომდევნო დღის შემდეგ იცვლიდა ადგილსამყოფელს. კერძოდ, 5_6 ნოემბერს პრეზიდენტმა და მისმა თანმხლებმა პირებმა ღამე გაათიეს სოფელ ჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რობინზონ მარგველანის ნათესავთან, მოხუცი ცოლ-ქმრის ოჯახში. 6 ნოემბრიდან 20 ნოემბრამდე პრეზიდენტი და მისი თანმხლები პირები ცხოვრობდნენ ძირითადად ჩქვალერის ტყეში დადგმულ კარვებში, საიდანაც გასული იყვნენ სხვადასხვა მიმართულებით ოჯახებში. პრეზიდენტი თავის გარემოცვასთან ერთად ადიოდა წალენჯიხის მაღალმთიან სოფლებში. მისი მეგზურობა ითავა წალენჯიხის რაიონის პრეფექტმა ზურაბ გუჩუამ და მისმა მოადგილეებმა კინწურაშვილმა და ჟვანიამ. 20 – 21 ნოემბერს პრეზიდენტი იმყოფებოდა სოფ. მუჟავაში, ოთარ და ვახო არქანიების ოჯახში, 21 ნოემბერს კი იქვე, არველოდ ჩხაპელიას ოჯახში. 21 ნოემბრიდან – 26 ნოემბრამდე პრეზიდენტმა ბადრი ზარანდიას ბანაკში ბესარიონ გუგუშვილთან ერთად ყოველგვარი დაცვის გარეშე 4 – 5 დღე გაატარა. 26 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე პრეზიდენტი ავიდა ჭყეპზენის მთებში, მეცხვარეების კარვებში. მას როგორც მთებში, ისე წალენჯიხის რაიონის სოფ. ჩვინარეში რამდენჯერმე შეხვდნენ გენერალ გია გულუასა და ბადრი ზარანდიას დაჯგუფების წევრები, რომლებმაც ულტიმატუმი წაუყენეს ქვეყნის დატოვების მოთხოვნით. მანამდე, 16 – 17 ნოემბერს სოფ. ჩვინარეში შედგა პრეზიდენტის ლიკვიდაციის გეგმა. აქ შეიკრიბა დაახლოებით 17 ადამიანი, მათ შორის, ბადრი ზარანდია, ზურაბ შონია, ძმები გია და გოჩა სარიები, გოჩა ხარებავა, ბეჟან წურწუმია და ხელის აწევით დაადასტურეს პრეზიდენტის ლიკვიდაციის გეგმაზე თანხმობა, საიდანაც გაემართნენ იმ ოჯახში, სადაც ეგულებოდათ პრეზიდენტი და მისი პირადი დაცვა. რადგანაც ისინი აღნიშნულ ადგილზე არ დახვდნენ, მათ მოსთხოვეს ოჯახის წევრებს ინფორმაცია პრეზიდენტის გადაადგილების მარშრუტის შესახებ. უარის მიღების გამო, მათ სასტიკად სცემეს ოჯახის მასპინძელი, ბრმა მოხუცებული კაცი და მისი 13 წლის შვილიშვილი.

პირველი დეკემბრიდან – 4 დეკემბრამდე პრეზიდენტი იმყოფებოდა სოფ. მუჟავაში, არჩილ და ზაურ ანთიების ოჯახში. მან გაფრთხილების გამო, რამდენიმე საათით ადრე, დატოვა ანთიების ოჯახი, რის გამოც ხსენებული ოჯახი დაარბიეს და გაანადგურეს. ამის შემდეგ პრეზიდენტის გადაადგილების თანმიმდევრობა ასეთია: 4 დეკემბრიდან – 5 დეკემბრამდე სოფ. ფახულანი, გულიკო გუჩუას ოჯახი, 5 – 6 დეკემბერი სოფ. პალური, – გივი პაჭკორიას ოჯახი (სოფ. ლიას მახლობლად); 6 დეკემბერი სოფ. ლია, ჩიგო გუჩუას ოჯახი, 6 დეკემბრიდან – 9 დეკემბრამდე სოფ. ტყაია, გურამ სამუშიას ოჯახი; 9 დეკემბრიდან – 12 დეკემბრამდე სოფ. ჩხორია, პალმირო თორდიას ოჯახი; 12 დეკემბერი სოფ. ზედა ეწერი, გონელი თორდიას ოჯახი; 13 დეკემბერი სოფ. ნაცატუ, გიული გაბედავას ოჯახი; 13 დეკემბრიდან – 14 დეკემბრამდე სოფ. ობუჯი, თამადა მესხიას ოჯახი; 14 დეკემბრიდან – 22 დეკემბრამდე სოფ. ჯაღრა, ანზორ მებონიას ოჯახი; 22 დეკემბრიდან – 27 დეკემბრამდე სოფ. ჯიხაშკარი, ჯონსონ კვარაცხელიას ოჯახი; 27 დეკემბრიდან – 1 იანვრამდე ძველი ხიბულა, კარლო ღურწკაიას ოჯახი. 1 იანვარს გარდაცვლილი პრეზიდენტი გადაასვენეს სოფელ ჯიხაშკარში, ჯონსონ კვარაცხელიას ოჯახში და იქვე დაკრძალეს.

საპარლამენტო კომისიის მამრიკო ზარანდიას 2010 წლის 19 ნოემბრის გამოკითხვით მუჟავაში, ზუგდიდის კომენდანტი ბადრი ზარანდია 1993 წლის 29 ან 30 ნოემბერს ბატალიონ ჯიხაშკრის უფროსთან, ვახტანგ ზარანდიასთან აგზავნის მირიან ქარდავას, რის შედეგადაც ვახტანგ ზარანდიას ნაცვლად მუჟავაში ბადრი ზარანდიასთან მიდის ამავე ბატალიონის წევრი მამრიკო ზარანდია, რომელიც ხვდება ბადრი ზარანდიას და აბარებს ვახტანგ ზარანდიას, სასწრაფოდ გამოცხადდეს მასთან. პიროვნება, რომლითაც დაინტერესებულია ვახტანგ ზარანდია, პრეზიდენტი გამსახურდიაა. ორი, სამი დღის შემდეგ ვახტანგ ზარანდია ცხადდება პრეზიდენტთან და სთავაზობს სანდო ოჯახს (იგულისხმება ანზორ მებონიას ოჯახი სოფ. ჯაღრაში), ამ სახლიდან დაახლოებით სამასი მეტრის მოშორებით მდებარეობს ბადრი ზარანდიას დაჯგუფების აქტიური წევრების, გოჩა და გია სარიების ბებიისა და ბაბუის სახლი, სადაც ციხიდან გაქცევის შემდეგ იმალებოდა თვით გენერალი გია გულუა, რომელიც იყო გოჩა სარიას მეუღლის ბიძაშვილი. ვახტანგ ზარანდია არ შეხვდა პრეზიდენტს იმ მოტივით, რომ ვითომ იმ ტერიტორიაზე მხედრიონი პიკეტირებდა და პრეზიდენტი თავისი დაცვითა და მეგზურით (წალენჯიხის პრეფექტი ზურაბ გუჩუა) ფეხით მივიდა ანზორ მებონიას ოჯახში.

22 დეკემბრიდან პრეზიდენტი ვახტანგ ზარანდიას გადაჰყავს სოფ. ჯიხაშკარში, კერძოდ, ჯონსონ კვარაცხელიას სახლში, საიდანაც დაახლოებით ორას მეტრში მამრიკო ზარანდიას გამოკითხვით, დროებით ცხოვრობს თავის ბებიასთან და ბაბუასთან აფხაზეთის უშიშროების ოფიცერი გია მხეიძე. გია მხეიძე აქტიურად ეძებს პრეზიდენტს და იკვლევს მის ადგილსამყოფელს. იგი ხვდება ბატალიონ “ჯიხაშკრის” მებრძოლებს და ხელმძღვანელობას და ყველასგან მოითხოვს თავის დაქვემდებარებაში ყოფნას. ეს ის გია მხეიძეა, რომელმაც ვახტანგ ზარანდიას გამოკითხვით, დაკავებული გუჯუჯი ებრალიძე დაკავებიდან სამ საათში გაანთავისუფლა ფოთის უშიშროების სამსახურიდან. პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ ის აქტიურად ეძებდა მისი დაკრძალვის ადგილს.

ზაურ ჩუხუას გამოკითხვით, 25 დეკემბერს თითქოს მას სთხოვეს თავის ძმასთან, ანატოლისთან ერთად პრეზიდენტის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. ამის შემდეგ პრეზიდენტთან მიდის ზაურ ჩუხუა, ხოლო პრეზიდენტი, მისივე განაცხადით, ვერ მიჰყვება იმ მოტივით, რომ ცუდად არის და სიარული არ შეუძლია. ყოველივე აღნიშნული ბათილდება ოჯახის მასპინძლის ჯონსონ კვარაცხელიას გამოკითხვით. ჯონსონ კვარაცხელია საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში აფიქსირებს, რომ მას ზაურ ჩუხუა არათუ სახლში, ეზოშიც კი არ შეუშვია.

გაურკვეველია აგრეთვე ფოთის უშიშროებიდან ახლად გამოხსნილი გუჯუჯი ებრალიძის მოსაზრება, (რომელსაც უკვე კავშირი აღარ აქვს პრეზიდენტთან) თუ რა მიზნით აგზავნის ერთ–ერთ მებრძოლს, გულიკო ტიბუას ჩუხუებთან პრეზიდენტის ადგილსამყოფლის გამოსაცვლელად. ანატოლი და ზაურ ჩუხუები კვლავ მიდიან ჯონსონ კვარაცხელიასთან ჯიხაშკარში და პრეზიდენტი მის სამ თანმხლებ პირთან ერთად გადაჰყავთ სოფელ ძველ ხიბულაში, გზისპირა სახლში, რომელიც ლუდმილა და კარლო ღურწკაიებს ეკუთვნოდა. ანატოლი და ზაურ ჩუხუები პირადი დაცვის ორ წევრს, ზაზა ბურჯანაძესა და გოჩა კეკენაძეს ტოვებენ ჯონსონ კვარაცხელიას სახლში იმ მოტივით, რომ ახალ სახლში ისინი ვერ მოთავსდებოდნენ. ასევე ჩუხუები პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებებში აცხადებენ, ოჯახის მასპინძლებმა არ იცოდნენ, მათთან პრეზიდენტი რომ მიდიოდა.

საპირისპიროდ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენებებისა და საპარლამენტო კომისიის გამოკითხვისა, გაზეთ “ასავალ – დასავალში” (2007 წლის 2 – 8 ივლისი, N 27 669) ანატოლი ჩუხუა აცხადებს, რომ იგი კარლო ღურწკაიასთან შეთანხმებული იყო რომ 6–7 კაცს მიიყვანდა პრეზიდენტთან ერთად, რამაც კარლო ღურწკაია აღაფრთოვანა. იგივეს იმეორებს ანატოლი ჩუხუა საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში.

რობინზონ მარგველანი საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში აცხადებს, რომ ლუდმილა და კარლო ღურწკაიების სახლი დამატებით არა ორ, არამედ გაცილებით მეტ ადამიანს დაიტევდა.

 

2. პრეზიდენტის პირადი დაცვის ჩამოცილება და ულტიმატუმი მუჟავაში ყოფნისას

ამონაწერი ბადრი ზარანდიას პირადი დღიურიდან: “როდესაც მე და ზურა შონია პრეზიდენტს ახალ ადგილსამყოფელში ვეახლეთ, ეს იყო სოფ. მუჟავას ერთ–ერთი დასახლება. პრეზიდენტის დაცვის უფროსი იქ არ დაგვხვდა. ბესარიონ გუგუშვილს ეძინა. პრეზიდენტის ირგვლივ რაც ხდებოდა ყველაფერი მოვახსენე და მას საქართველოდან სასწრაფოდ გაყვანა შევთავაზე. პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა. ჩვენი საუბრის შემდეგ ბატონ ზვიადს მოვახსენე ჩემი თანამებრძოლების შესახებ, რომ მათ ჰქონდათ საშვები, რომლის გამოყენებაც ჩვენ შეგვეძლო. მოვიდა მთელი ჩვენი საძმო. მთაში ამოვიდნენ გოჩა ოთხოზორია, გია ჭანია ორივე მილიციის თანამშრომელი, გოჩა ხარებავა, ბეჟან წურწუმია, გია და გოჩა სარიები. შეხვედრაზე წავიყვანე ზურაბ შონია, გოჩა ხარებავა, გოჩა სარია, ბესო იზორია. მათ პრეზიდენტს წაუყენეს ულტიმატუმი. პრეზიდენტმა მოუსმინა რა მათ, გადაწყვიტა ჩაბარებოდა ქალაქ ზუგდიდის მილიციის განყოფილებას. პრეზიდენტმა უარი განაცხადა სვანეთის დასახლებაში ასვლაზე, რაც პრეზიდენტის დაცვის უფროსმა შემოგვთავაზა. აგრეთვე უარი თქვა კახეთის მიმართულებით წასვლაზე. ერთადერთი, რაც პრეზიდენტმა დასაშვებად მიიჩნია იყო ხევსურეთში გადასვლა. ერთი სიტყვით, პრეზიდენტმა გადაწყვიტა ან ჩაბარებოდა მილიციის თანამშრომლებს ან მოხვედრილიყო ხევსურეთში, ხოლო გამოზამთრების შემდეგ გადასულიყო გროზნოში. პრეზიდენტის დაცვის ორი წევრიც ვაჟა ჭინჭარაული და ირაკლი გოგაძე გააცილა წალენჯიხელმა სოფ. ჯგალში მცხოვრებმა გვარდიელმა, რომელიც უკან უნდა დაბრუნებულიყო, მისი ვინაობა ცნობილი იყო ბუთხუზ ხარჩილავასთვის, მაგრამ პრეზიდენტის დაცვის წევრების წაყვანის შემდეგ ის ბანაკში აღარ დაბრუნებულა.”

არსენ მესხიას 2010 წლის 5 ნოემბრის საპარლამენტო კომისიის გამოკითხვით, პრეზიდენტი და ბესარიონ გუგუშვილი მუჟავის ბანაკში მოიყვანა ქარდავამ (მეტსახელად “სმერტნიკამ”). პრეზიდენტს თან ახლდა მხოლოდ ბესარიონ გუგუშვილი. პრეზიდენტმა 4–5 დღე აქ იცხოვრა, როდესაც პრეზიდენტი ჭყეპზენის მთებში ადიოდა, იმ დღეს შეუერთდა პრეზიდენტს პირადი დაცვა. ისინი ჩქვალერში იყვნენ დარჩენილები და ფაზა ქარდავამ მოიყვანა. არსენ მესხიას თქმით, ვაჟა ჭინჭარაული და ირაკლი გოგაძე მუჟავის ბანაკიდან მოსვლის დღესვე პრეზიდენტმა რაღაც კონკრეტული დავალებით სადღაც გააგზავნა. ისინი მას შემდეგ აღარ უნახავთ. ვაჟა ჭინჭარაული და ირაკლი გოგაძე ბადრი ზარანდიას ბანაკში არც ერთი დღე არ ყოფილან, რაც პრეზიდენტის დაცვის მიერ შეგნებულად არის მოგონილი.

ანატოლი ჩუხუას 2010 წლის 27 ოქტომბერს საპარლამენტო კომისიის გამოკითხვით, პრეზიდენტის დაცვის უფროსმა რობინზონ მარგველანმა მას უთხრა, რომ როდესაც დასჭირდებოდა ჯიხაშკარში პრეზიდენტის დაცვის დატოვებული ორი წევრი, თავად ჩავიდოდა ფეხით და მათ გადაიყვანდა.

რობინზონ მარგველანის 2010 წლის 16 სექტემბრის საპარლამენტო კომისიის გამოკითხვით, როდესაც პრეზიდენტი და თანმხლები პირები ღურწკაიების სახლში მივიდნენ და ნახეს იქ ორსართულიანი სახლი, მათ განუცხადეს ანატოლი და ზაურ ჩუხუებს, რომ იქ ადგილი საკმარისზე მეტი ყოფილა და პირადი დაცვის ორი წევრი წინა მასპინძელთან, ჯიხაშკარში რატომ დაატოვებინეს. მარგველანის თქმით, ანატოლი და ზაურ ჩუხუები მათ დაპირდნენ დარჩენილი დაცვის ორი წევრის მეორე დღესვე გადმოყვანას, მაგრამ ხან რას იმიზეზებდნენ და ხან რას. დაცვის ბიჭები არც მეორე დღეს არ გადაუყვანიათ და არც მესამე დღეს, ხოლო შემდეგ ანატოლი ჩუხუა საერთოდ აღარ გამოჩენილა, ეს მაშინ, როდესაც დარჩენილი დაცვის ორი წევრის გადაყვანას არაერთგზის კატეგორიულად მოითხოვდა პრეზიდენტი.

ბადრი ზარანდიას დღიურის მიხედვით, რობინზონ მარგველანმა პრეზიდენტს შესთავაზა “სვანეთის დასახლებაში” გადასვლა, რომელიც მდებარეობს წალენჯიხის რაიონის სოფ. ჯვრის მახლობლად და ჰქვია ზედა ეწერი. ეს მაშინ, როდესაც აღნიშნული ტერიტორია უკვე დაკავებული ჰქონდათ “მხედრიონის” შენაერთებს. იმავე ბადრი ზარანდიას დღიურში ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტს ასევე შესთავაზეს სვანეთში ასვლა, რაზედაც მან უარი განაცხადა.

ვახტანგ ზარანდიას საპარლამენტო კომისიის გამოკითხვით, როდესაც ის შეხვდა პრეზიდენტის დროებით ჩამოცილებულ დაცვის უფროსს რობინზონ მარგველანს, ამ უკანასკნელმა, ვახო ზარანდიას მოსთხოვა მის მანქანაში მოთავსებული რადიოგადამცემი, რომელიც თავად დაიტოვა. აღნიშნული რადიოგადამცემით შესაძლებელი იყო ბადრი ზარანდიას ბანაკში დამონტაჟებულ რადიოგადამცემთან დაკავშირება. ხსენებულ რადიოგადამცემს რობინზონ მარგველანი და ზაზა ბურჯანაძე ერთი სიტყვითაც არ ახსენებენ არც პროკურატურისადმი მიცემულ ჩვენებებში და არც საპარლამენტო კომისიის გამოკითხვებში.

რადიოგადამცემის არსებობას, თავის საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში აგრეთვე ადასტურებს კახა მოლაშხია, რომელიც აცხადებს, რომ პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტის თანმხლები პირები სოფ. ნაკიფუში იმყოფებოდნენ, მისმა ერთ – ერთმა ნათესავმა დააფიქსირა, მისსავე სახლთან, როგორ ესაუბრებოდნენ უცნობ პირს რადიოგადამცემით რობინზონ მარგველანი და ბესარიონ გუგუშვილი.

 

3. პრეზიდენტის ჯიხაშკარიდან ძველ ხიბულაში გადაყვანის მიზეზი

1993 წლის 22 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, პრეზიდენტი, სოფელ ჯიხაშკარში, ჯონსონ კვარაცხელიას სახლში იმყოფებოდა. ოჯახის მასპინძლის, ჯონსონ კვარაცხელიას 2010 წლის 27 მაისის საპარლამენტო კომისიის გამოკითხვით, პრეზიდენტი მის ოჯახში გამოზამთრებას აპირებდა, რისთვისაც პრეზიდენტმა გარკვეული თანხა შესთავაზა კვარაცხელიას საკლავისა და საკვები პროდუქტების შესაძენად.

გულიკო ტიბუას პროკურატურის 1999 წლის 15 თებერვლის დაკითხვის თანახმად 1993 წლის დეკემბრის ბოლოს გულიკო ტიბუა, გუჯუჯი ებრალიძის თხოვნით წავიდა სოფ. ჭაქვინჯში ზაურ და ანატოლი ჩუხუებთან და სთხოვა, რომ მოეძებნათ შედარებით უსაფრთხო ადგილი პრეზიდენტის გადასაყვანად.

ზაურ ჩუხუას 2010 წლის 27 ოქტომბრის საპარლამენტო კომისიის გამოკითხვით, მასთან გულიკო ტიბუა მივიდა 1993 წლის 25 დეკემბერს. ამის შემდეგ ზაური და ანატოლი ჩუხუები წავიდნენ სოფ. ჯიხაშკარში, ჯონსონ კვარაცხელიას სახლში. ზაურ ჩუხუა ესაუბრა პრეზიდენტს, რომელმაც განუმარტა, რომ ავად იყო და ჭიშკრამდე მისვლასაც კი ვერ შეძლებდა. ამ მიზეზით პრეზიდენტმა უარი განაცხადა ადგილსამყოფლის შეცვლაზე.

აქვე აღსანიშნავია, რომ ოჯახის მასპინძელი ჯონსონ კვარაცხელია, 2010 წლის 27 მაისს, საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში აცხადებს, რომ ანატოლი და ზაურ ჩუხუები თავისი სახლის ეზოშიც კი არ შეუშვა, იმ მოტივით, რომ მასთან უკვე სტუმრად აღარავინ იმყოფებოდა, ამის შემდეგ ანატოლი და ზაურ ჩუხუებმა უთხრეს: “ჩვენ ვიცით სახლში ვინც გყავს და მას თუ რამე დასჭირდეს, უთხარი, რომ ჩვენ აქ ვართ”.

1993 წლის 28 დეკემბერს, ჯონსონ კვარაცხელიას საპარლამენტო კომისიის გამოკითხვით, მის სახლში ისევ მივიდნენ ანატოლი და ზაურ ჩუხუები. ზაურ ჩუხუამ უთხრა: გუჯუჯი ებრალიძემ გამომაგზავნა და მითხრა, ეს ადგილი გაცემულია და პრეზიდენტი ჯონსონის სახლიდან უნდა გადაიყვანო. ისეთი ადგილი შევარჩიე, კაციშვილი ახლოს არ ცხოვრობს და თავისუფლად შეძლებთ სახლის ეზოში გამოსვლას. პრეზიდენტს ჯონსონ კვარაცხელიას სახლიდან წასვლა არ უნდოდა და ჯონსონისთვის უთქვამს: “შენი სახლიდან მაგდებ ბიჭო”?

ვიდრე პრეზიდენტი ჯონსონ კვარაცხელიას სახლში მივიდოდა, ჯონსონ კვარაცხელიას გუჯუჯი ებრალიძის ნათესავი შეხვდა და პრეზიდენტის სტუმრობა მიულოცა. ვიდრე პრეზიდენტი ჯონსონ კვარაცხელიას სახლში მივიდოდა, ეს ამბავი უკვე წინასწარ იყო გახმაურებული.

ჯონსონ კვარაცხელიასთან პრეზიდენტის ყოფნის დროს სტუმრობდნენ ვახო ზარანდია – მისი მეგზური სოფ. ჯაღრიდან სოფ. ჯიხაშკრამდე და გუჯუჯი ებრალიძე. კვარაცხელიას თქმით, პრეზიდენტის სხვა ადგილას, მისი სახლიდან გადაყვანის მიზეზად ზაურ და ანატოლი ჩუხუებმა შემდეგი ინფორმაცია დაასახელეს, ვითომ ვახო ზარანდია დაიჭირეს, თუ თავად ჩაბარდა ზუგდიდის პოლიციას, ხოლო გუჯუჯი ებრალიძე დაკავებული იყო უშიშროების სამსახურის მიერ. ჯონსონ კვარაცხელიას ცნობით გუჯუჯი ებრალიძე მხოლოდ სამი საათით დააკავეს. იგი უშიშროებიდან პირადი თავდებით გაათავისუფლა აფხაზეთის უშიშროების თანამშრომელმა გია მხეიძემ, რომელიც დღე და ღამ მასთან იყო, რადგან მფარველობდა გუჯუჯი ებრალიძეს. ყოველივე ზემოთქმული ეყრდნობა ჯონსონ კვარაცხელიას 2010 წლის 27 მაისს დროებითი საპარლამენტო კომისიის გამოკითხვას.

რობინზონ მარგველანმა 1993 წლის 25 დეკემბერს, როდესაც შეიტყო ჭიშკართან ზაურ და ანატოლი ჩუხუების მისვლა, მისივე 2010 წლის 16 სექტემბერს, საპარლამენტო კომისიის გამოკითხვით, მასპინძელს უსაყვედურა, თუ რატომ გაუშვა ამ უკანასკნელმა ზაურ და ანატოლი ჩუხუები, ისინი სანდო ხალხი არიანო.

ჯონსონ კვარაცხელიას საპარლამენტო კომისიის გამოკითხვის მიხედვით, პრეზიდენტი მისგან დაუკითხავად მიასვენეს მის ოჯახში და შემდეგ მისსავე ეზოში დაკრძალეს. ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში, გუჯუჯი ებრალიძემ და მისმა თანმხლებმა პირებმა დაიჟინეს, რომ გარდაცვლილი პრეზიდენტი უნდა გადავასვენოთ, რადგან მისი ცხედრის მოტაცების საფრთხე არსებობსო. გია მხეიძემ კი, ჯონსონ კვარაცხელია (ამ უკანასკნელის ცნობით) თავისთან დაიბარა და დახმარება შესთავაზა.

გოჩა კეკენაძე 2004 წლის 13 მარტს და რობინზონ მარგველანი 1997 წლის 22 თებერვალს პროკურატურის დაკითხვებში აცხადებენ, რომ გარდაცვლილი პრეზიდენტის საფლავის ადგილმდებარეობით დაინტერესებული იყო აფხაზეთის უშიშროების ოფიცერი გია მხეიძე.

პრეზიდენტი როდესაც გადაიყვანეს ჯონსონ კვარაცხელიას სახლიდან კარლო ღურწკაიას სახლში, დარჩენილ პრეზიდენტის დაცვის ორ წევრთან ზაზა ბურჯანაძესთან და გოჩა კეკენაძესთან, მივიდა პრეზიდენტის წინა მასპინძელი ანზორ მებონია სოფელ ჯაღრიდან და უთხრა მათ, რომ პრეზიდენტმა ისინი თითქოსდა მიატოვა. მანვე პირადი დაცვის წევრებს სთხოვა იარაღის ჩაბარება და შესთავაზა სენაკამდე გაცილება. გოჩა კეკენაძის 2004 წლის 13 მარტს მიცემული ჩვენებით ეს 1993 წლის 30 დეკემბერს მოხდა.

აქ საყურადღებოა ერთი გარემოება: პრეზიდენტის კარლო ღურწკაიას სახლში გადაყვანის შემდეგ, ზაურ და ანატოლი ჩუხუების თქმით, უკვე გაცემულ ჯონსონ კვარაცხელიას სახლში რამდენიმე დღით დატოვეს პრეზიდენტის პირადი დაცვის ორი წევრი, აგრეთვე პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ ჯონსონ კვარაცხელიას “გაცემულ” სახლში ხუთი დღით დარჩა პრეზიდენტის პირადი დაცვის უფროსი რობინზონ მარგველანი და პრეზიდენტის პირადი დაცვის წევრი გოჩა კეკენაძე.

აგრეთვე ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი გარემოება, საიდან იცოდა ანზორ მებონიამ პრეზიდენტის ადგილსამყოფელი, მაშინ როდესაც თვით პრეზიდენტის პირადმა დაცვამაც კი არ იცოდა, თუ რომელ სოფელში და ვის ოჯახში გადაჰყავდა ვახტანგ ზარანდიას პრეზიდენტი (საპარლამენტო კომისიისათვის 19 ნოემბერს მამრიკო ზარანდიას გამოკითხვით).

მოცემულ საქმეზე პროკურატურას გუჯუჯი ებრალიძე არ დაუკითხავს. პროკურატურას ეს შეეძლო განეხორციელებინა 1997 წლიდან 2001 წლამდე, ანუ ებრალიძის გარდაცვალებამდე. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ გუჯუჯი ებრალიძე დანიშნეს სოფელ ჯიხაშკარის გამგებლად, რომელიც ამ თანამდებობაზე გარდაცვალებამდე დარჩა.

 

4. პრეზიდენტის სოფელ ჯიხაშკარიდან ძველ ხიბულაში გადაყვანის გარემოებები, თარიღი და დრო

რობინზონ მარგველანის 1997 წლის 20 თებერვალს პროკურატურისადმი მიცემული ჩვენების მიხედვით, ისინი ჯიხაშკარიდან ძველი ხიბულის მიმართულებით გვიან ღამით გავიდნენ. ეს მოხდა 26 თუ 27 დეკემბერს, ღამით. საათს ვერ იხსენებს. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მარგველანი 1997 წლის 20 თებერვალს პროკურატურის მიერ წარმოებულ დამატებით დაკითხვაში ვერ იხსენებს ბოლო მასპინძლის, იმ ოჯახის მასპინძლის გვარსა და სახელს, სადაც აღესრულა პრეზიდენტი და თავად რობინზონ მარგველანმა, მისივე თქმით, 4 დღე გაატარა. მასპინძელ კარლო ღურწკაიას რობინზონ მარგველანი მოიხსენიებს როგორც ვინმე “ლადოს”, ან “ვალიკოს”.

შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძე 2004 წლის 26 აპრილს პროკურატურის ჩვენებაში სოფელ ჯიხაშკარიდან გასვლის დროს არ ასახელებს, კარლო და ლუდმილა ღურწკაიების სახლში მისვლის დროს ასახელებს ღამის თორმეტ საათს, ან უფრო გვიან.

ზაური ჩუხუა 1999 წლის 10 თებერვალს პროკურატურის ჩვენებაში, დროს საერთოდ ვერ ასახელებს და ამბობს, რომ ჯიხაშკარიდან ძველ ხიბულამდე მისასვლელად მხოლოდ 20 წუთი დასჭირდათ.

ანატოლი ჩუხუა 1999 წლის 12 თებერვალს პროკურატურის ჩვენებაში სოფ. ჯიხაშკარიდან გასვლის დროს ასახელებს 23 – 24 სთ – ს, რიცხვს არ ასახელებს, ხოლო ძველ ხიბულაში მისასვლელად თუ რა დრო დასჭირდათ, არ აკონკრეტებს.

ჯონსონ კვარაცხელია 1999 წლის 12 თებერვალს პროკურატურის ჩვენებაში მისი ოჯახიდან პრეზიდენტის ჯიხაშკრიდან ძველი ხიბულის მიმართულებით გასვლის არც საათს და არც რიცხვს არ უთითებს.

ზაზა ბურჯანაძე და გოჩა კეკენაძე 2004 წლის 13 მარტის და 2004 წლის 3 მაისის პროკურატურის ჩვენებებში აღნიშნულთან დაკავშირებით არაფერს ამბობენ.

გოჩა კეკენაძე 2010 წლის 4 მარტს საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში უკვე უთითებს მისთვის მანამდე უცნობ პრეზიდენტის სოფელ ჯიხაშკარიდან ძველ ხიბულაში გადასვლის თარიღს, იგი აღნიშნავს, რომ გასვლის დრო იყო 26 დეკემბრის ღამის საათები.

ზაზა ბურჯანაძე 2010 წლის 14 აპრილს საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში მისთვის მანამდე უცნობ პრეზიდენტის სოფ. ჯიხაშკარიდან ძველ ხიბულაში გადაყვანის თარიღს იხსენებს და ამბობს, რომ 27–28 დეკემბერი, ხოლო დრო, მისი თქმით, იყო ოცდაოთხ საათს (ანუ, შუაღამეს) გადაცილებული.

ზაურ ჩუხუა 2010 წლის 27 ოქტომბერს საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში პრეზიდენტის სოფელ ჯიხაშკარიდან ძველ ხიბულაში გადაყვანის თარიღს უკვე იხსენებს და ამბობს, რომ ეს იყო 27 დეკემბერი, ღამის საათები. ეს ფაქტი ზაურ ჩუხუას არ დაუფიქსირებია პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში.

ანატოლი ჩუხუა 2010 წლის 27 ოქტომბრის საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში პრეზიდენტის სოფელ ჯიხაშკარიდან ძველ ხიბულაში გადაყვანის თარიღს უკვე იხსენებს და ამბობს, რომ ეს იყო 27 დეკემბერი, ხოლო ნაცვლად 23–24 საათისა, რომელიც პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში დააფიქსირა, ამბობს, რომ შებინდებული იყო.

ჯონსონ კვარაცხელია 2010 წლის 27 მაისის საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში პრეზიდენტის ჯიხაშკარიდან ძველ ხიბულაში გადაყვანის თარიღად, განსხვავებით პროკურატურისათვის მიცემული ჩვენებისაგან, ასახელებს 28 დეკემბერს, დაახლოებით, 18 საათს და ამბობს, რომ ჯერ კიდევ ბუნებრივი ნათება იყო და ჩანდა თუ ხალხი მინდორზე როგორ გადაადგილდებოდა.

კარლო ღურწკაია 1993 წლის 27 დეკემბერს პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში პრეზიდენტის სოფელ ჯიხაშკარში მასთან, მისვლის თარიღს ასახელებს 27 დეკემბრის დაახლოებით 22 საათს, ანალოგიურ თარიღსა და დროს აფიქსირებს კარლოს მეუღლე ლუდმილა აბშილავა.

კარლო ღურწკაია 1999 წლის 5 თებერვალს პროკურატურისთვის მიცემული ჩვენების აღნიშნულ ნაწილს უცვლელად იმეორებს საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში.

კარლო ღურწკაიას ვაჟი ნუკრი ღურწკაია 2010 წლის 5 ნოემბერს საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში პრეზიდენტის მათთან მისვლის თარიღად ასახელებს 27–28 დეკემბერს, ხოლო დროდ _ 19 – 20 საათის შემდეგ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ დაკითხულა ჯონსონ კვარაცხელიას ქალიშვილი, რომელიც ამ დროს შინ იმყოფებოდა. არ დაკითხულან პროკურატურის მიერ აგრეთვე კარლო ღურწკაიას ქალიშვილი და მისი ვაჟი ნუკრი. მათ სახლში ყოფნას ოჯახის წევრები მალავდნენ. ამის შემდეგ ნუკრი ღურწკაიამ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული_მკვლელობა, რომელიც შემდეგ შესაბამისი უწყებების მხრიდან დაკვალიფიცირდა, როგორც აუცილებელი მოგერიება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ შეგნებულად არ არის დასმული შეკითხვები პროკურატურის გამომძიებლების მხრიდან და შესაბამისად არ არის გამოკვეთილი პრეზიდენტის გადაყვანის თარიღი და დრო სოფელ ჯიხაშკარიდან ძველ ხიბულაში, რამაც წარმოშვა მოცემულ ჩვენებებსა და გამოკითხვებში დამატებითი შეუსაბამობები და ურთიერთწინააღმდეგობები. წარმოდგენილი პირებიდან, აგრეთვე ვერც ერთი ვერ მიუთითებს თუ ვის გვერდით იჯდა პრეზიდენტი სოფელ ჯიხაშკრიდან ძველ ხიბულაში გადაყვანისას ავტომანქანა “გაზ 24”_ში, რომელიც ეკუთვნოდა ანატოლი ჩუხუას. აგრეთვე აღნიშნული პირები ვერ იხსენებენ გადაადგილებისას მათ განლაგებას ავტომანქანაში.

ზაურ ჩუხუას საპარლამენტო კომისიის 2010 წლის 27 ოქტომბრის გამოკითხვიდან ინტერესს იწვევს ერთი დეტალი, პრეზიდენტის გადაყვანის დროს, როდესაც ვერ მოინახა ადგილი ავტომანქანაში პრეზიდენტის პირადი დაცვის ორი წევრისთვის, როგორ გამოძებნეს ადგილი გულიკო ტიბუასთვის.

ზაურ ჩუხუას 2010 წლის 10 ოქტომბერს საპარლამენტო კომისიის გამოკითხვით, მან 1993 წლის 25 დეკემბერს შეიტყო რა გულიკო ტიბუას მეშვეობით პრეზიდენტის სურვილი სხვა სახლში გადასვლის შესახებ, მივიდა ჯონსონ კვარაცხელიას სახლში და ესაუბრა პრეზიდენტს. აქვე, ზაურ ჩუხუა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი შეუძლოდ იმყოფებოდა, უჩიოდა მუცლის ტკივილს.

ჯონსონ კვარაცხელიას 2010 წლის 27 მაისს საპარლამენტო კომისიის გამოკითხვით, მან ზაურ და ანატოლი ჩუხუები თავისი სახლის ეზოშიც კი არ შეუშვა და განუცხადა, რომ პრეზიდენტი იქ არ იმყოფებოდა. გაკვირვებას იწვევს ის გარემოება, თუ საიდან იგონებს ზაურ ჩუხუა ყოველივე ზემოაღნიშნულს.

ანატოლი ჩუხუას 2010 წლის 10 ოქტომბრის საპარლამენტო კომისიის გამოკითხვით, დაცვის რომელიმე წევრი თუ ამბობდა, რომ საბარგულში ჩასხდებოდნენ და ისე წავიდოდნენ, რადგან მანქანაში ადგილი არ იყო, მას ასეთი რამ არ გაუგონია. ანატოლი ჩუხუას თქმით, მანქანასთან მისულები იყვნენ პრეზიდენტი, ბესარიონ გუგუშვილი, რობინზონ მარგველანი და შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძე. მას იქ მეტი არავინ უნახავს.

2010 წლის 14 აპრილს ზაზა ბურჯანაძის საპარლამენტო კომისიის გამოკითხვით, მათ გადასაყვანად ჯონსონ კვარაცხელიას სახლიდან ძველ ხიბულაში მივიდნენ ზაურ და ანატოლი ჩუხუები ავტომანქანა “გაზ 24”–ით. ის და გოჩა კეკენაძე საბარგულშიც კი სხდებოდნენ, მაგრამ პრეზიდენტმა საჭიროდ არ ჩათვალა.

ზაურ ჩუხუა ფილმში “დინების საწინააღმდეგოდ” (იხ. ფილმის I ნაწილი, 2007წ.) საუბრობს სოფელ ჯიხაშკარიდან ძველი ხიბულისაკენ მიმავალ გზაზე, როდესაც იგი პრეზიდენტთან და მის თანმხლებ პირებთან ერთად გადაადგილდებოდა, რაღაც პიკეტის მსგავს წინაღობაზე: “სოფელიც მოტყუებული იყო, ზოგჯერ ხალხის პიკეტები იყო, ვითომ ხალხი ხეს ჭრიდა და მხედრიონს უკეტავდა გზას. ეს ძალიან ჩაფიქრებული იყო ბინძური სამსახურებიდან, იმიტომ რომ ჩვენ არ გვემოძრავა მანქანით. ხალხმა არ იცოდა და ახლა ხალხს რაა, მაგრამ რომ მივადექით ერთ პიკეტს, ვინ ხართო, ნუ ახლა, მანქანა იცნეს – ჩვენ ვართ მეთქი, სხვა არავინ არ არის. ჰო, კარგი, კარგი მიბრძანდით, მიბრძანდითო. მეორე ადგილასაც ასე, შეიძლება ძალიან უნდოდათ, მაგრამ ვერ მოვიდოდნენ ალბათ”.

2010 წლის 10 ოქტომბერს საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში ზაურ ჩუხუა იგივეს იმეორებს, თუმცა მეორე პიკეტთან გაჩერებაზე არაფერს ამბობს. ამავე დროს იგი აცხადებს, რომ მანქანა დაახლოებით ოცი – ოცდაათი წუთით შეჩერდა იმის გამო, რომ ჩამოვარდა “გლუშიტელი”.

რობინზონ მარგველანი საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში, ახსენებს არა პიკეტს, არამედ სოფლის “ბირჟის” ხალხს. ზაურ ჩუხუამ მანქანაში მსხდომთ განუცხადა, რომ ეს ადამიანები მისი თანასოფლელები იყვნენ. რობინზონ მარგველანის თქმით, მანქანა არ გაჩერებულა, მაგრამ სვლა ოდნავ შეანელა.

შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძე საპარლამენტო კომისიის გამოკითხვით, მანქანის გაჩერებას არც ადასტურებს და არც უარყოფს, მხოლოდ აფიქსირებს, რომ გვერდით არ გაუხედავს.

მამრიკო ზარანდიას საპარლამენტო გამოკითხვის მიხედვით აღნიშნულ პერიოდში “მხედრიონი” და მსგავსი გასამხედროებული შენაერთები გაყვანილი იყო სოფელ ჯიხაშკარიდან და ძველი ხიბულიდან.

კომისიისთვის გაუგებარი რჩება, რა საჭირო იყო ამ შემთხვევაში პიკეტირება მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ, ან რა მიზანს ემსახურებოდა პრეზიდენტისა და მისი თანმხლები პირების მანქანის დროებითი შეჩერება, მით უმეტეს, თუ მოსახლეობისთვის აღნიშნული მანქანა ნაცნობი იყო.

ნანა ზულიაშვილის 2010 წლის 29 დეკემბრის საპარლამენტო კომისიის გამოკითხვით, რომელიც ეყრდნობა ბესარიონ გუგუშვილის გამონათქვამს არჩილ საჯაიასადმი, პრეზიდენტი მის თანმხლებ პირებთან ერთად მანქანით გადაადგილების დროს გააჩერა შავნიღბიანმა შეიარაღებულმა რაზმმა, სადაც ბესარიონ გუგუშვილი დააკავეს და გადმოიყვანეს მანქანიდან, რის შემდეგაც ის თვალებახვეული წაიყვანეს და ორი დღე მისთვის უცნობ სახლში იმყოფებოდა. როდესაც იგი მიიყვანეს იმ სახლში, სადაც პრეზიდენტი იმყოფებოდა თავისი დაცვის ორ წევრთან ერთად, მას პრეზიდენტი იმდენად შეცვლილი ეჩვენა, ამოცნობა გაუჭირდა. იგი მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაში იყო, ვერ გადაადგილდებოდა და ვერ მეტყველებდა. ბესარიონ გუგუშვილის იქ მისვლიდან მეორე საღამოს პრეზიდენტმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. თარიღი და სოფლის დასახელება დაკონკრეტებული არ არის. კომისიამ ეს ცნობა მხედველობაში მიიღო, თუმცა ის მისი გადამოწმების საშუალებას მოკლებულია.

 

5. პრეზიდენტის ჩაცმულობა სოფელ ჯიხაშკარიდან ძველ ხიბულამდე მიმავალ გზაზე

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გამოძიების მხრიდან 1994 – 2004 წლებში, მთავარი მოწმეების მიმართ, არ დასმულა არანაირი შეკითხვა პრეზიდენტის ჩაცმულობის შესახებ, სოფელ ჯიხაშკარიდან ძველ ხიბულამდე მიმავალ გზაზე. რაც აისახა საპარლამენტო კომისიის მიერ წარმოებულ გამოკითხვებში, კერძოდ, ჯონსონ კვარაცხელია 2010 წლის 27 მაისს საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში მიუთითებს, რომ პრეზიდენტი გავიდა შემდეგი ჩაცმულობით: ორბორტიანი, ნაცრისფერი პიჯაკით, სამხედრო ყურებიანი “უშანკა” ქუდით, პალტო ჩანთაში ედო. ანალოგიურ ჩაცმულობას აღწერს პრეზიდენტის წინა მასპინძლის, სოფ. ჯაღრის მკვიდრის ანზორ მებონიას ძმისშვილი გოდერძი მებონიაც. ამის საპირისპიროდ, კარლო ღურწკაია 2010 წლის 27 მაისს საპარლამენტო კომისიის გამოკითხვისას მის სახლში პრეზიდენტის მისვლისას მის ჩაცმულობას შემდეგნაირად აღწერს: ტანზე ნაბდის მაგვარი სამოსი ჰქონდა მოსხმული, თავზე ეხურა ფაფახი, ჩეჩნურის მსგავსი და ეცვა მაღალძირიანი ფეხსაცმელები.

რობინზონ მარგველანი საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში, აღნიშნულთან დაკავშირებით ამბობს, რომ პრეზიდენტს ეხურა მისი ნაჩუქარი სვანური ქუდი, ხოლო ნაბდის მსგავს სამოსს ის საერთოდ არ ახსენებს.

რობინზონ მარგველანის პროკურატურისადმი მიცემული ჩვენებებიდან ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ მას არ უხსენებია ძველ ხიბულაში მდებარე სახლის მეპატრონეები, რომლებმაც პრეზიდენტს ბოლო მასპინძლობა გაუწიეს. პრეზიდენტის თანმხლები პირებისა და ზაურ და ანატოლი ჩუხუების ცნობით – ესენი არიან კარლო ღურწკაია და ლუდმილა აბშილავა, ხოლო გამომძიებლის შეკითხვაზე, თუ ვის ეკუთვნოდა ძველ ხიბულაში მდებარე სახლი, რობინზონ მარგველანი კარლო ღურწკაიას ნაცვლად ვიღაც “ლადოს” ასახელებს.

 

6. პრეზიდენტის გარდაცვალების თარიღი და საათი

პროკურატურისათვის მიცემულ ჩვენებაში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც არის შეუსაბამობები; კერძოდ, რობინზონ მარგველანი 1997 წლის 20 თებერვალს პროკურატურისათვის მიცემული ჩვენებით პრეზიდენტის გარდაცვალების თარიღად ასახელებს 1993 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 01საათსა და 00წუთს.

შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძის 2004 წლის 27 აპრილს პროკურატურისადმი მიცემული ჩვენებით, პრეზიდენტი გარდაიცვალა 1993 წლის 30 დეკემბერს, გვიან ღამით.

კარლო ღურწკაიას 1999 წლის 5 თებერვალს პროკურატურისათვის მიცემული ჩვენებით პრეზიდენტის გარდაცვალების თარიღია 31 დეკემბრის 01 საათი და 30წუთი. ხოლო, მისი მეუღლე ლუდმილა აბშილავა 1999 წლის 12 თებერვალს თავის ჩვენებაში იგივე ფაქტს აფიქსირებს 1993 წლის 30 დეკემბრის რიცხვით.

გოჩა კეკენაძის 2004 წლის 13 მარტს პროკურატურისათვის მიცემულ ჩვენებაში 1993 წლის 29 დეკემბერს მათთან მივიდა უცნობი პიროვნება, სახელად გულიკო, რომელმაც ისინი რობინზონ მარგველანს შეახვედრა. რობინზონ მარგველანმა მათ განუცხადა, რომ პრეზიდენტმა თავი მოიკლა. რამდენიმე საათში გოჩა კეკენაძე უკვე გარდაცვლილი პრეზიდენტის ადგილსამყოფელში მივიდა. რამდენიმე წინადადების თქმის შემდეგ, გოჩა კეკენაძის აზრით, ეს მოხდა 1993 წლის 31 დეკემბერს. როგორც ვხედავთ, შეუსაბამობას ადგილი აქვს თვით ერთსა და იმავე ჩვენებაშიც კი.

ზაზა ბურჯანაძის 2004 წლის 3 მაისს პროკურატურისათვის მიცემული ჩვენებით მსგავსად გოჩა კეკენაძის ჩვენებისა, მათ მოაკითხათ უცხო პიროვნებამ, რომელმაც ისინი გზაში რობინზონ მარგველანს შეახვედრა. აქ მათ შეიტყვეს პრეზიდენტის გარდაცვალება. როდესაც მივიდნენ სახლში, სადაც გარდაცვლილი პრეზიდენტი ესვენა, გადაწყვიტეს, რომ იგი 31 დეკემბერს ჯონსონ კვარაცხელიას სახლში გადმოესვენებინათ. აღნიშნულს ადასტურებს ჯონსონ კვარაცხელია საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში, რომლის თქმითაც პრეზიდენტის ცხედარი მასთან 31 დეკემბერს მიასვენეს.

მამრიკო ზარანდიას 2010 წლის 19 ნოემბერს საპარლამენტო კომისიის გამოკითხვით, 1993 წლის 30 დეკემბერს დილის 10საათზე ან 10საათსა და 30წუთზე. გულიკო ტიბუამ მამრიკო ზარანდიას პრეზიდენტის თვითმკვლელობის ამბავი შეატყობინა.

გაზეთ “პრეზიდენტის” კორესპონდენტის ირანდა კალანდაძის 2010 წლის 12 აგვისტოს საპარლამენტო კომისიის გამოკითხვით, ლუდმილა აბშილავას მონათხრობიდან ისე გამოიკვეთა, რომ პრეზიდენტის მკვლელობა თუ თვითმკვლელობა ძველ ხიბულაში მიყვანის დღესვე მომხდარა.

რობინზონ მარგველანი დროებითი საპარლამენტო კომისიის გამოკითხვით, პრეზიდენტის გარდაცვალების თარიღად ასახელებს 1993 წლის 31 დეკემბერს. იმავე გამოკითხვაში, როდესაც მას უთხრეს, რომ 30 დეკემბერს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებით 19 საათზე უკვე ცნობილი იყო, რომ ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ამის შემდეგ რობინზონ მარგველანმა გარდაცვალების დღედ უკვე 30 დეკემბერი დაასახელა.

პრეზიდენტის ცხედარი გარდაცვალების მეორე საღამოს ძველი ხიბულიდან ზაურ და ანატოლი ჩუხუების მიერ მოყვანილი “დვშ_ს“ ტიპის ტრაქტორით გადაასვენეს ჯონსონ კვარაცხელიას სახლში, რომელიც სოფელ ჯიხაშკარში მდებარეობს. ტრაქტორს მურთაზ კაჭარავა მართავდა. პრეზიდენტის ცხედარი მეორე დღესვე დაკრძალეს ეზოში. დასაფლავებიდან 5-6 დღეში პრეზიდენტის გვამი ამოასვენეს და გადაასვენეს ვითომდაც კონსპირაციის მიზნით ისევ სოფელ ჯიხაშკარის მკვიდრის, ვალიკო ზარანდიას კუთვნილ სახლში. დროებითი საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში მამრიკო ზარანდია ადასტურებს ამ ფაქტს: მისი თქმით, გადასვენებაში 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა. დროებითი კომისიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით გვამის ე. წ. კონსპირაციულ გადასვენებას ახორციელებდნენ შემდეგი პირები:

1. რობინზონ მარგველანი

2. გოჩა კეკენაძე

3. იგორ ჯალაღონია

4. ზურაბ ხარებავა

5. რობერტ ხარებავა

6. პაატა მირცხულავა

7. გულიკო ტიბუა

8. ზაურ ტიბუა

9. რამინ ხაცავა

10. გენული ზარანდია

11. ბუთხუზ ზარანდია

12. ზაალ ბაგატელია

13. ენვერ ზარანდია

14. ენკო ხუბუა

15. გენადი შონია

16. გელა შონია

17. ზურაბ მესხია

18. რომან კონჯარია

19. მამრიკო ზარანდია

 

7. გარდაცვლილი პრეზიდენტის ჩაცმულობა და მდგომარეობა საწოლში

რობინზონ მარგველანის 1997 წლის 20 თებერვალს პროკურატურისათვის მიცემული ჩვენებით, გარდაცვლილი პრეზიდენტი მწოლიარე მდგომარეობაში იყო, ზედა ტანი ოდნავ წამოწეული ჰქონდა. გადაწოლილი იყო მარცხნივ და თავი საწოლის თავზე ჰქონდა მიდებული, ისე, რომ სახე ოდნავ მობრუნებული ჰქონდა მარცხნივ. მარგველანი გარდაცვლილი პრეზიდენტის ჩაცმულობის შესახებ საწოლში არაფერს ამბობს. მისი თქმით, როდესაც იგი პრეზიდენტთან მივიდა, პრეზიდენტს მარჯვენა საფეთქლიდან სისხლი სდიოდა. მარჯვენა ხელი ჩამოდებული ჰქონდა კალთაზე და ხელში ეჭირა “სტეჩკინის” კონსტრუქციის პისტოლეტი.

შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძის 2004 წლის 27 აპრილის პროკურატურისადმი მიცემული ჩვენებით, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტს ეცვა პიჯაკის შარვალი, მის შიგნით კი სპორტული თბილი შარვალი, ზემოთ ეცვა მონაცრისფრო პერანგი წვრილი, მოთეთრო ფერის ზოლებით, ზემოდან გადაცმული ჰქონდა მუქი ლურჯი ფერის პულოვერი, პიჯაკი არ ეცვა. ფეხზე ეცვა შავი ფერის ქუსლიანი ფეხსაცმელი. შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძემ, როდესაც გაიგონა გასროლის მსგავსი მჭახე ხმა, იგი ფეხდაფეხ მიჰყვა რობინზონ მარგველანს. პრეზიდენტი, რომელიც იწვა თავის ადგილას, ოღონდ ცოტა მაღლა წამოწეული, თავი და ტანის კორპუსი მარცხენა მხარეს ჰქონდა გადაწეული. მარჯვენა “სტეჩკინის” პისტოლეტიანი ხელი დადებული ჰქონდა მუცლის არეში ცოტა ქვემოთ. პისტოლეტი ხელში ეჭირა. მარჯვენა მხარეს საფეთქელთან ეტყობოდა ნატყვიარი და იქიდან სდიოდა სისხლი. ფეხები გამართული ჰქონდა საწოლის გასწვრივ. ფეხსაცმელი არ ეცვა. ნატყვიარის გარშემო ადგილი გაშავებული იყო და მის ახლოს თმაც შესამჩნევად შეტრუსული ჰქონდა. პრეზიდენტს სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა.

ლუდმილა აბშილავას 1999 წლის 5 თებერვლის პროკურატურისადმი მიცემული ჩვენებით მან დაახლოებით ღამის 12 საათზე გაიგონა რაღაც საგნის დავარდნის ძლიერი, ყრუ ხმა. კარლო (მისი მეუღლე) გააღვიძა და უთხრა, რომ ზევით რაღაცა ხდებოდა. ზევიდან შემოესმა პრეზიდენტის თანმხლებ პირთა ყვირილი, ვაიმე დავიღუპეთ, პრეზიდენტმა თავი მოიკლაო. იგი ათ წუთში ზევით ავიდა. ყვირილი გრძელდებოდა. ლუდმილა აბშილავა როდესაც ზედა სართულის ოთახში შევიდა, პრეზიდენტს ხელები და სახე აკრული ჰქონდა. პრეზიდენტი ესვენა თავის ლოგინზე. ტანზე ეცვა შარვალი და პიჯაკი, რამაც ლუდმილას გაკვირვება გამოიწვია, ვინაიდან პრეზიდენტს ლოგინში სპორტული პიჟამა ეცვა. ლუდმილა აბშილავამ მისივე თქმით, დაახლოებით ერთი საათით ადრე პრეზიდენტს ჩაი აუტანა. ბალიში და საბანი ლოგინზე აღარ იყო, თავის ქვეშ ამოდებული ჰქონდა ოჯახის ბიბლიოთეკიდან გადმოღებული წიგნები.

კარლო ღურწკაიას 1999 წლის 5 თებერვალს პროკურატურისათვის მიცემული ჩვენებით, 1993 წლის 31 დეკემბერს 00საათსა და 30წუთზე მას მოესმა რაღაც გასროლის ხმა, რომელიც კარადის დაცემის ხმას მიამსგავსა, ამას მოჰყვა ზედა სართულიდან ყვირილი, პრეზიდენტმა თავი მოიკლაო. კარლო ღურწკაიამ მაშინვე აირბინა ზევით და საშინელი სურათი დაინახა. ბიჭებმა კარლოს სთხოვეს, რომ პრეზიდენტი გაეპატიოსნებინა. იგი როდესაც მიუახლოვდა პრეზიდენტის ცხედარს ზვიადი იწვა მარცხენა მხარეს. თავი საწოლის დაფასთან მარცხენა მხრით ჰქონდა დადებული, მარჯვენა ხელი_გაშლილი, გაშვერილი, მარცხენა ხელი კი ტანქვეშ ჰქონდა ამოდებული. პიჯაკი და შარვალი ეცვა. ტანით მთლიანად ლოგინზე იწვა. ფეხებზე მხოლოდ წინდები ეცვა. გასისხლიანებული იყო ბალიში, ლეიბის ნაწილი, ლოგინი, იატაკი. ცხედარი ჯერ კიდევ თბილი იყო. კარლო ღურწკაიამ ხელი თავზე დაადო პრეზიდენტს და იგრძნო თუ როგორ ჩაუვარდა თითი თავის ქალის უკან, მარცხენა ადგილას, სადაც დიდი დაზიანებები აღენიშნებოდა. ძვალი გატეხილი იყო. კარლო ღურწკაია მიხვდა, რომ ეს გამოსასვლელი ხვრელი იყო. დაათვალიერა პრეზიდენტის სახე, წინა მხრიდან, მარჯვენა საფეთქლის მიდამოსთან აღენიშნებოდა დაზიანება, პატარა ზომის ნახვრეტი.

გოჩა კეკენაძის 2004 წლის 13 მარტს პროკურატურისათვის მიცემული ჩვენებით, როდესაც ის პრეზიდენტთან მივიდა და ზაზა ბურჯანაძესთან ერთად გარდაცვლილს ზეწარი გადახადა, ნახა, რომ პრეზიდენტს საფეთქელთან კანი გაშავებული, თავი სულ გასისხლიანებული, ხოლო პირი აკრული ჰქონდა. იქვე საწოლთან იდო პისტოლეტი “სტეჩკინი”. მათივე თქმით ისინი პრეზიდენტის გარდაცვალებიდან ერთ საათში ან საათ_ნახევარში მივიდნენ ბოლო სახლში. რაც შეეხება დროს, იმ დროისთვის ალბათ ღამის ორის ნახევარი, ან სამის ნახევარი იქნებოდა.

ზაზა ბურჯანაძის 2004 წლის 3 მაისს პროკურატურისთვის მიცემული ჩვენებით, ზვიად გამსახურდია იწვა თავის საწოლში გარდაცვლილი, ზეწარგადაფარებული. „ტაშტზე“ წვეთ–წვეთად სდიოდა სისხლი, რომელიც ხმას გამოსცემდა. პრეზიდენტს ხელები და პირი აკრული ჰქონდა.

წალენჯიხის პრეფექტი, ზურაბ გუჩუა 2004 წლის 7 აგვისტოს პროკურატურისათვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ როდესაც მას ანზორ მებონიამ პრეზიდენტის გარდაცვალების ამბავი შეატყობინა, იგი დაუყოვნებლივ მივიდა ძველ ხიბულაში. გარდაცვლილი პრეზიდენტი საწოლზე ესვენა. მას თეთრი მარლით ჰქონდა შეხვეული თავი, საფეთქლის არეში სისხლიანი გამონაჟონი ეტყობოდა.

რობინზონ მარგველანის 2010 წლის 16 სექტემბერს საპარლამენტო კომისიის გამოკითხვით, როდესაც რობინზონ მარგველანი გარდაცვლილ პრეზიდენტთან მივიდა ნახა, რომ მას სვიტრი ეცვა. პიჯაკი არ ცმია, პიჯაკი იქვე სკამზე იყო ჩამოკიდებული, კვლავ ადასტურებს, რომ პრეზიდენტს ეცვა მწვანე ფერის სვიტერი, რომელიც მან ზუგდიდის ბაზრობაზე უყიდა.

კარლო ღურწკაიას 2010 წლის 27 მაისს საპარლამენტო კომისიის გამოკითხვით, პრეზიდენტს საწოლში ეცვა შარვალი და სვიტრი; აღნიშნული პირდაპირ ეწინააღმდეგება კარლო ღურწკაიას (მისივე) 1999 წლის 5 თებერვლის პროკურატურისადმი მიცემულ ჩვენებას, სადაც იგი ამბობს, რომ გარდაცვლილ პრეზიდენტს ეცვა პიჯაკი და შარვალი.

ნუკრი ღურწკაიას 2010 წლის 5 ნოემბრის საპარლამენტო კომისიის გამოკითხვით, როდესაც იგი პრეზიდენტის საწოლ ოთახში ავიდა დაინახა, რომ პრეზიდენტი იწვა, თავი მაღლა ჰქონდა მარცხნიდან მარჯვნივ, მას სისხლი არ დაუნახავს.

 

8. პრეზიდენტის თავის ქალაზე შემავალი და გამომავალი ნატყვიარის აღწერილობა და დაზიანება საწოლის დაფაზე

რობინზონ მარგველანის 1997 წლის 20 თებერვალს პროკურატურისათვის მიცემული ჩვენებით, პრეზიდენტს ტყვია მოხვედრილი ჰქონდა მარჯვენა საფეთქელთან და გამოსული იყო მარცხენა ყურის ზედა ნაწილში. გულა ვერ იქნა ნაპოვნი.

შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძის 2004 წლის 27 აპრილს პროკურატურისათვის მიცემული ჩვენებით, პრეზიდენტს პისტოლეტი ხელში ეჭირა. მარჯვენა მხარეს საფეთქელთან ეტყობოდა ნატყვიარი და სდიოდა სისხლი. ნატყვიარის გარშემო ადგილი გაშავებული იყო და მის ახლოს თმაც შესამჩნევად შეტრუსული ჰქონდა. გაპატიოსნებისას იგი შემთხვევით წააწყდა გამავალ ჭრილობას, რომელიც მდებარეობდა მარცხენა ყურის ძირში. ტყვიას მოწყვეტილი ჰქონდა ყურის ზედა ნაწილი. ნატყვიარიდან სისხლი სდიოდა, სადაც ჩაუდეს ბამბა. ნატყვიარი დაახლოებით იქნებოდა 4–5 მმ დიამეტრის. გამომავალი ადგილი როდესაც ვნახეთ, იგი უფრო დიდი იყო, დაახლოებით 2მმ–ით და იმ ადგილას ტყვიას მოგლეჯილი ჰქონდა ყურის ზედა ნაწილი.

კარლო ღურწკაიას 1999 წლის 5 თებერვლის პროკურატურისადმი მიცემული ჩვენებით, მან გარდაცვლილ პრეზიდენტს ხელი თავზე, რომ დაადო, იგრძნო თუ როგორ ჩაუვარდა თითი, კერძოდ, თავის ქალის უკანა მარცხენა ადგილას, სადაც დიდი დაზიანება აღენიშნებოდა. ძვალი გატეხილი იყო. მიხვდა, რომ ეს გამოსასვლელი ხვრელი იყო. მან პრეზიდენტის სახე წინა მხრიდან დაათვალიერა. მარჯვენა საფეთქლის მიდამოსთან აღენიშნებოდა დაზიანება_პატარა ზომის ნახვრეტი. მასრა შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძე, რობინზონ მარგველანი ან ბესარიონ გუგუშვილი აიღებდა. ზუსტად იცოდა რომ მასრა იპოვეს, ტყვიის გულა კი_ვერა.

გოჩა კეკენაძის 2004 წლის 13 მარტის პროკურატურისადმი მიცემული ჩვენებით, პრეზიდენტს როდესაც ზეწარი გადახადეს მას საფეთქელთან კანი ჰქონდა გაშავებული, ხოლო თავი სულ გასისხლიანებული. თითებით დეტალურად გასინჯეს პრეზიდენტის თავი, მაგრამ ვერსად დაზიანება ვერ აღმოაჩინეს გარდა მარცხენა ყურის არისა, სადაც ტყვიას მრგვლად მოეწყვიტა ყურის ზედა ხრტილი, საიდანაც სდიოდა სისხლი.

ზაზა ბურჯანაძის 2004 წლის 3 მაისის პროკურატურისადმი მიცემული ჩვენებით, მათ როდესაც პრეზიდენტს ზეწარი გადახადეს საფეთქელთან კანი იყო დამწვარი და თავი სისხლიანი ჰქონდა. ზაზა ბურჯანაძის განცხადებით მას არასდროს უფიქრია, რომ პრეზიდენტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისი თქმით, ის ვარაუდობს, რომ ამ ფაქტის დროს დაცვას ეძინა და თავადაც არ იციან, იქ რა მოხდა.

ანატოლი ჩუხუას 1999 წლის 12 თებერვალს პროკურატურისათვის მიცემული ჩვენებით, პრეზიდენტი ლოგინზე იწვა პიჯაკსა და შარვალში ჩაცმული. მან დაათვალიერა ცხედარი და ნახა შემავალი და გამომავალი დაზიანება. შემავალი იყო მარჯვენა მხრიდან ყურის უკანა ადგილას, ხოლო გასული იყო მოპირდაპირე მხარეს უფრო უკან, თანაც საწოლის დაფაზე აღენიშნებოდა დაზიანების კვალი.

რობინზონ მარგველანის 2010 წლის 16 სექტემბერს საპარლამენტო კომისიის გამოკითხვით, გარდაცვლილ პრეზიდენტს საფეთქელთან მარჯვენა მხარეს ადგილი ამომწვარი ჰქონდა. გასროლილმა ტყვიამ პრეზიდენტს ყურის აპწკთან გაუარა და მოწყვიტა ყურის ნაწილი. თავიდან პრეზიდენტს არავითარი დაზიანებები არ ჰქონია. ამოშავებული და ამომწვარი იყო საფეთქელთან ადგილი. ამომწვარი იყო მოყვითალოდ. შემავალი ტყვია “მაკაროვის” იყო. რობინზონ მარგველანის თქმით მისთვის გაურკვეველია სოსო თორიას ნათქვამი პრეზიდენტის ცხედარზე ორი ნატყვიარის შესახებ. გარდაცვლილ პრეზიდენტს იარაღი რობინზონ მარგველანმა აართვა ხელიდან.

შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძის 2010 წლის 4 მარტს საპარლამენტო კომისიის გამოკითხვით, პრეზიდენტის თავის არეში შემავალი ტყვია მარჯვნიდან იყო. გაპატიოსნებისას ნახეს შემავალი ჭრილობა, მაგრამ გამომავალი ჭრილობა ვერსად ნახეს. ცხედრის განბანვის დროს ხელი ყურზე მოუხვდათ, ყურის აპწკიდან აპწკს შორის სისხლმა ამოასხა. ყურის ადგილი პრეზიდენტს მოკვნეტილი ჰქონდა. მიხვდნენ, რომ გამომავალი ჭრილობა იყო ყურის აპწკს შორის. სხვა ვერანაირი ჭრილობა მათ ვერ ნახეს. მასრა ნაპოვნი იქნა. პრეზიდენტის საწოლის დაფაზე იყო რაღაც დაზიანება, რომელიც ამოტკეჩილი იყო დაახლოებით 6–7 მმ_ი. ზომის. შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძის თქმით მას არ უნახავს რომ პრეზიდენტს მიბჯენილი ჰქონოდა იარაღი, მითუმეტეს, მისი გამოკვრისას. ვარსკვლავისებური ანაბეჭდი მას პრეზიდენტის საფეთქელზე არ დაუნახავს, დააფიქსირა მხოლოდ ჩალურჯება. მისი თქმით “სტეჩკინზე” მაყუჩი არ ყოფილა.

ანატოლი ჩუხუა 2010 წლის 27 ოქტომბრის საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში მიუთითებს, რომ პრეზიდენტს შემავალი ნატყვიარი მარჯვენა საფეთქლიდან ჰქონდა, ხოლო გამომავალი იყო მარცხენა კეფის მიდამოში. თმა შეტრუსული ჰქონდა. ნატყვიარი ასევე მოხვედრილი იყო საწოლის თავის დაფაზე.

ზაზა ბურჯანაძე 2010 წლის 14 აპრილს საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში, პრეზიდენტის თავის არეში აღნიშნულ ნატყვიარს აფიქსირებს, როგორც ერთი მხრიდან შესულს და მეორე მხრიდან გამოსული ფორმით. გამომავალ ტყვიას პრეზიდენტისათვის მოეწყვიტა ყური ნახევარმთვარისებრად, ხოლო ტყვია შესული იყო შუა საფეთქელში. ტყვია თავის ქალას არ შეხებია.

გოჩა კეკენაძე 2010 წლის 4 მარტს საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში, აფიქსირებს, რომ პრეზიდენტს შუბლთან გარშემო ჰქონდა შტრიხისებრი ნაბეჭდი. იგი ადასტურებს, რომ სროლა განხორციელდა ახლო ბჯენით. სადაც შემავალი ჭრილობა იყო პრეზიდენტს ის ადგილი გაშავებული ჰქონდა. პრეზიდენტის საწოლის დაფა დაზიანდა “რიკოშეტის” შედეგად. ჭრილობიდან გაპატიოსნებისას სისხლი უწყვეტად სდიოდა. ტყვია გამოსულიყო ყურის კანსა და კანს შუა თავის ქალაში. მას არსად ჰქონდა გამომავალი მრგვალი ხვრელი.

სოსო თორია 2010 წლის 25 მაისს საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში, აფიქსირებს: „პრეზიდენტს პროზექტურაში აღენიშნებოდა ორი ნატყვიარი, კერძოდ, საფეთქლისა და ყელის არეში. შემავალი ჭრილობა იყო საფეთქელთან და ყელთან, რომელიც ნატყვიარს ჰგავდა, ამის გარშემო შემავალი ნახვრეტივით იყო. მაკაროვის ტყვია გლუვია და როდესაც ქსოვილში შედის ტოვებს ნახევს, ან ჯვარედინ ნახევს, ან კუთხეებიან ნახევს. საინტერესოა, რომ მოხვედრის დროს ეს ალბათ ქსოვილის თვისებაა, ტყვიას იქით კი არ შეაქვს ეს ნახევი, არამედ ბრუნდება უკან და შემავალი ჭრილობა ისეთი წვრილი იყო, რომ ასანთის ღერი შეეტეოდა და ნახევები არ იყო. საფეთქელთან და ყელთანაც იგივე ხასიათის იყო, ძალიან ვიწრო. ახლა აქ იმდენი ვიწრო ქსოვილია, ხელის მოკიდებაც არ შეიძლებოდა, რადგან შეიძლება დაზიანებულიყო. შემავალი ჭრილობა ამის მსგავსი იყო, მაგრამ კისერთან ჩალურჯებული იყო ჭრილობის გარშემო. პათანატომმა დააფიქსირა, რომ მცირე კალიბრით იყო ნასროლი. რაც გააკეთა ეს იყო, რომ აიღო მავთულის მაგვარი, სამედიცინო იარაღი და შეიყვანა ნაჭრილობევში თავისუფლად, რითაც დამტკიცდა, რომ ნატყვიარი იყო შემავალი. გამჭოლი „სკვაზნოი“ არ გასულა. ყელთან ნატყვიარზე თქვა, რომ ეს პატარა კალიბრის ტყვიააო. პირველი ტყვიის გამოსავალი იყო უკან, იქ სადაც ფუძის ძვალია. პრეზიდენტს თმები შეტრუსული არ ჰქონდა. კვალი თითქმის არ რჩება როდესაც იარაღი მაყუჩიანია. ფრჩხილები შელურჯებული ჰქონდა. ნეკნებზე და დაბლა ფეხებზეც შეინიშნებოდა სილურჯე“.

ავთანდილ რცხილაძე 2010 წლის 10 სექტემბერს საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში აფიქსირებს, რომ 1994 წლის 17 თებერვალს, როდესაც პრეზიდენტის გვამი ქალაქ გროზნოში ჩაასვენეს იგი შევიდა პროზექტურაში და დაათვალიერა პრეზიდენტის ცხედარი. ნატყვიარი იყო მარჯვენა საფეთქელთან შემავალი შესამჩნევი ჭრილობა. ზომები არ იცოდა. გამომავალი ჭრილობა იყო მარცხენა ყურთან. პირველი შემავალი ჭრილობა იყო საფეთქელთან მაღლა, ხოლო გამომავალი შესამჩნევად დაბლა. დახრილობა დაახლოებით 20–25 გრადუსი იქნებოდა. თვითმკველობა ფანტაზიად მიიჩნია. დანარჩენი იყო გვამური ლაქები რომ ჰქვია. გვამური ლაქები იყო ნეკნების ადგილას. 1994 წლის მაისიდან შემდეგი წლის იანვრის ჩათვლით ავთანდილ რცხილაძის თქმით, როცა ის დაკავებული იყო, მასთან ციხეში შევიდა მაშინდელი გენერალური პროკურორის მოადგილე ანზორ ბალუაშვილი. საუბარმა დაახლოებით სამ საათს გასტანა. ბალუაშვილმა ავთანდილ რცხილაძეს ჰკითხა: “მე ვიცი, რომ შენ პროზექტურაში პრეზიდენტის ცხედარი დაათვალიერე, ნიკაპის ქვეშ ნატყვიარი არ შეგინიშნავს?” რცხილაძემ უპასუხა: შესაძლოა იყო, თუმცა მე არ მინახავს. ანზორ ბალუაშვილმა შეკითხვა გაუმეორა და დასძინა: „რატომ მალავ?“, შემდეგ შეიცხადა, შენ დაკვირვებული კაცი ხარ და როგორ ვერ შეამჩნიე?, მაგრამ ავთანდილ რცხილაძემ აღნიშნული საბოლოოდ იუარა. მაშინ გენერალური პროკურორის მოადგილემ უთხრა, რომ ამოცნობის დროს ნატყვიარი ნიკაპის ქვეშ ყველამ დააფიქსირა და შენ როგორ ვერ დააფიქსირეო.

პრეზიდენტის საწოლის დაფაზე, პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ, აღმოაჩინეს ნატყვიარი, რასაც ადასტურებენ პროკურატურისათვის მიცემული ჩვენებებით დაცვის პირადი წევრები, მასპინძლები კარლო ღურწკაია და მისი მეუღლე ლუდმილა აბშილავა, აგრეთვე საქმეზე დაკითხული მოწმე ანატოლი ჩუხუა, რომელიც მიუთითებს, რომ საწოლის დაფაზე შენიშნა ნატყვიარი, დაახლოებით 6მმ_ი. დიამეტრის.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფმა ამოიღო აღნიშნული „დეესპესგან“ დამზადებული მართკუთხედი ფორმის, მუქი ყავისფერი საწოლის თავის დაფა, რომლის ზომებია: 94 X 55 სანტიმეტრი, ხოლო სისქე 17 მილიმეტრი, დაფის შიგნითა მხარეს ზემოდან ქვემო მიმართულებით 7,5 სმ–ზე და მარჯვენა კიდიდან 49,5 სმ–ზე შეინიშნება დეფექტი – ჩაღრმავების სახით, მაქსიმალური ზომით 2,6/1,7სმ_ი და მაქსიმალური სიღრმით 4მმ–ი. აღნიშნული საგნის დათვალიერების 2004 წლის 3 მარტის ოქმში არის საქმეზე დაკითხული მოწმის ლუდმილა აბშილავას განმარტება, კერძოდ, იგი ამბობს, რომ ეს არის იმ საწოლის თავის მხარის დაფა, რომელზედაც იწვა პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს.

 

9. ავადმყოფობდა თუ არა პრეზიდენტი

პრეზიდენტის ავადმყოფობას თავის ჩვენებებში იყენებენ ძმები ზაურ და ანატოლი ჩუხუები და მიუთითებენ, რომ პრეზიდენტი ძლიერ ავად იყო. ზაურ ჩუხუა კონკრეტულად უთითებს, რომ პრეზიდენტს მუცელი აწუხებდა და ვითომ არ შეეძლო სიარული, დამოუკიდებლად ორასი მეტრის გავლაც კი. იგივეს იმეორებს თავის ჩვენებაში შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძე, თითქოს პრეზიდენტმა მას უთხრა, რომ ის მოწამლული იყო. არის ისეთი მომწამვლელი ნივთიერებები, რომლებიც გარკვეული პერიოდის შემდეგ იწყებენ მოქმედებებსო. პრეზიდენტის მასპინძლები ანზორ მებონია სოფ. ჯაღრიდან, კარლო ღურწკაია და მისი მეუღლე ლუდმილა ღურწკაია სოფ. ძველი ხიბულიდან მიუთითებენ პრეზიდენტის მხრიდან საკვების მიუღებლობაზე.

ანზორ მებონია აცხადებს, რომ პრეზიდენტი მასთან ყოფნის დროს იყო მხოლოდ რძის ნაწარმზე, რასაც კატეგორიულად უარყოფენ საქმეში არსებული მასალებით მირიან მებონია, ანზორ მებონიას ძმისშვილი, პრეზიდენტის დაცვის წევრები ზაზა ბურჯანაძე და გოჩა კეკენაძე. პრეზიდენტის ავადმყოფობას კატეგორიულად უარყოფს აგრეთვე ბადრი ზარანდია და მისი გარემოცვა. არსენ მესხია და მირიან ქარდავა აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ჩვეულებრივად იკვებებოდა ხორცის ნაწარმით და მთაში, სუსხიან ზამთარში, არც ტკივილებს უჩიოდა. იგი ორჯერ გადმოვიდა და გადალახა მდინარე ენგური. ჯონსონ კვარაცხელიას ჩვენებით კი მასთან მისულმა პრეზიდენტმა სუფრას უთამადა და ერთ ლიტრამდე არაყიც კი დალია, ჯონსონ კვარაცხელია თან დასძენს, რომ პრეზიდენტი დიეტაზე იმყოფებოდა. მას კოლიტი აწუხებდა და ერჩივნა რძის ნაწარმის მიღება. ჯონსონ კვარაცხელიას პრეზიდენტისთვის არ შეუმჩნევია რაიმე სახის ტკივილი და ფეხითაც ნორმალურად დადიოდა. მისი სახლიდან იგი ყველას დაუხმარებლად საკუთარი ფეხით გავიდა, ჩაიარა დაღმართი და ჩაჯდა მანქანაში. კომისიის წევრებმა საკუთარი თვალით ნახეს ხსენებული ციცაბო დაღმართი ჯონსონ კვარაცხელიას სახლთან. თუკი დავუშვებთ, რომ პრეზიდენტმა ის მართლაც ჩაიარა, ჩნდება კითხვა, თუ როგორ შესძლო ზოგიერთი მოწმის თქმით, ავადმყოფმა და სრულიად დაუძლურებულმა ადამიანმა დამოუკიდებლად აღნიშნული გზის ჩავლა. მამრიკო ზარანდიას დროებითი საპარლამენტო კომისიის გამოკითხვის მიხედვით მანამდე პრეზიდენტმა ჩაიარა ანზორ მებონიას სახლთან მდებარე ურთულესი დაღმართი სოფელ ჯაღრაში, სადაც მიწის გრუნტი დამუშავებული იყო სასოფლო სავარგულისთვის. ჯაღრაში მდებარე სახლის მფლობელის, ანზორ მებონიას ძმისშვილის, გოდერძი მებონიას ცნობით, პრეზიდენტი მას დაეყრდნო ხსენებული დაღმართის ჩავლისას.

ზაურ ჩუხუას ინფორმაციას პრეზიდენტის მძიმე ავადმყოფობის და დაუძლურების შესახებ ეწინააღმდეგება ჯონსონ კვარაცხელიას საპარლამენტო გამოკითხვაში თქმული: პრეზიდენტმა, როდესაც საუბარი იყო მისი ადგილსამყოფელის შეცვლაზე, მაშინვე იკითხა, შესძლებდა თუ არა ეზოში თავისუფლად გადაადგილებას. ამაზე ზაურ ჩუხუამ მიუგო, რომ ახლომახლო არავინ ცხოვრობდა და ეს შესაძლებელი უნდა ყოფილიყო. აქ იგულისხმება სოფელი ძველი ხიბულა, კარლო და ლუდმილა ღურწკაიების სახლი.

 

10. მკვლელობის იარაღი და გარდაცვლილის სხეულზე აღბეჭდილი ტყვიის დიამეტრი

დაცვის წევრების განმარტებით, პრეზიდენტი სამეგრელოში „სტეჩკინის“ სისტემის პისტოლეტს ატარებდა. მათივე განმარტებით, აღნიშნული პისტოლეტი აჩუქა ზუგდიდის კომენდანტმა ბადრი ზარანდიამ, რომელიც მან გია გულუას აართვა.

საპარლამენტო კომისიის გამოკითხულ პირთა განმარტებებით დადგინდა, რომ ბადრი ზარანდიას თავისი “სტეჩკინის” სისტემის პისტოლეტი თავადვე ჰქონდა გარდაცვალებამდე. „სტეჩკინის“ სისტემის პისტოლეტი პრეზიდენტს გროზნოდან ზუგდიდში დაბრუნებისას აჩუქა ეროვნული გვარდიის ერთ_ერთმა წევრმა ავთო პაკელიანმა.

პროკურატურის მასალებში არსებული ჩვენებების საფუძველზე, რობინზონ მარგველანმა აღნიშნული „სტეჩკინის“ კონსტრუქციის სისტემის პისტოლეტი დამარხა ჯონსონ კვარაცხელიას ეზოში პრეზიდენტის სახელმწიფო ბეჭედთან ერთად, რასაც ადასტურებს ოჯახის პატრონი ჯონსონ კვარაცხელია.

რობინზონ მარგველანი პროკურატურისადმი მიცემულ ჩვენებებში მიუთითებს, რომ პრეზიდენტის კუთვნილი „სტეჩკინის“ სისტემის პისტოლეტი დაცვის სხვა წევრების ზაზა ბურჯანაძის, შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძის, კეკენაძის „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტებთან ერთად ჩაალაგა გარდაცვლილი პრეზიდენტის სასახლეში და გადაიტანა ქალაქ გროზნოში. იგი პირადად ატარებდა „სტეჩკინის“ სისტემის კონსტრუქციის პისტოლეტს. გაურკვეველია ზემოაღნიშნული „სტეჩკინის“ კონსტრუქციის იარაღთაგან რომელი ამოთხარეს ჯონსონ კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლის ეზოდან და რომელი იარაღი ინახება გამსახურდიების ოჯახში.

პრეზიდენტის პირადი დაცვის წევრების შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძის 2004 წლის 27 აპრილს პროკურატურისათვის მიცემული ჩვენებით, პრეზიდენტის მარჯვენა საფეთქელთან შემავალი ჭრილობა იყო 4 X 5მმ_ის. ზაზა ბურჯანაძის 2004 წლის 3 მაისს პროკურატურისათვის მიცემული ჩვენებით, პრეზიდენტის საფეთქელთან არსებული შემავალი ჭრილობის დიამეტრი 5 X 6მმ იყო. გოჩა კეკენაძის 2004 წლის 13 მარტს პროკურატურისათვის მიცემული ჩვენებით, პრეზიდენტის საფეთქელთან შემავალი ჭრილობის დიამეტრი 5 X 6 მმ_ის იყო.

საპარლამენტო კომისიის გამოკითხვიდან შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძის განცხადებით 4 X 5მმ_ი. დიამეტრის ჭრილობა დაწერა პროკურატურის გამომძიებელმა და ეს ჩანაწერი მისი დაკითხვის ოქმში თავად შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძეს არ ეკუთვნის.

ზაზა ბურჯანაძე 2010 წლის 14 აპრილს საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში კვლავ ადასტურებს 5 X 6 მმ–იან ჭრილობას პრეზიდენტის თავის ქალაზე.

გოჩა კეკენაძე 2010 წლის 4 მარტს საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში კვლავ ადასტურებს 5 X 6 მმ–იან დაზიანებას პრეზიდენტის თავის ქალაზე.

#7494802 სისხლის სამართლის საქმეში არსებულ, საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის ოთარ ჯაფარიძის 05. 2001 #18–21–2001 წერილში ვკითხულობთ: „რობერტ მარგველანის განმარტებით ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა „სტეჩკინის“ კონსტრუქციის მაყუჩიანი პისტოლეტით, რომელიც ამოღებული და გამოკვლეული არ ყოფილა.“

ქ. როსტოვის მიერ გაცემული რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის სახელმწიფო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის (დათარიღებულია 06 – 26 მარტი, 2007წ.) განმარტებით, გვამს თავის ქალაზე მარჯვენა საფეთქლისა და სოლისებრი ძვლის საზღვარზე, თხემის ძვლისა და სოლისებრი ძვლის საზღვრიდან 0,6 სმ-ით ქვევით და მარჯვენა ყვრიმალისა და შუბლის ძვლის საზღვრიდან 2,2 სმ-ით უკან აღენიშნება მომრგვალებული გამჭოლი ნახვრეტი, რომლის დიამეტრი 0,9 სმ_ია, რომლის ზედა ნაწილი ნახევარმთვარის ფორმისაა. ქვედა ნაწილს აქვს სამკუთხა ფორმის დეფექტი.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის სახელმწიფო სასამართლო_სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული დაზიანებები, შესაძლებელია გამოწვეული იყოს „ПМ“ ით – მაკაროვის პისტოლეტით. „АПС” – ავტომატური პისტოლეტი “სტეჩკინის”, “ვალტერის”, “სმიტის”, “ვესონის”, “ბერეტას”–ს, სისტემის იარაღებით. ჩამოთვლილი იარაღების ტყვიის დიამეტრი 9 მმ_ია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, საქმეზე დაკითხული პირები როგორ უთითებენ 4 X 5მმ_იანი, 5 X 6მმ_იანი დიამეტრის შემავალ ჭრილობას პრეზიდენტის თავის ქალაზე და როგორ იზიარებენ აღნიშნულს პროკურატურის გამომძიებლები, მაშინ, როდესაც ზემოხსენებული იარაღებიდან გასროლილი ტყვიის მასრები ბევრად აღემატებიან მათ მიერ დასახელებულ დიამეტრებს. ამ ფაქტს ექსპერტი ასე ხსნის, რომ ჭრილობის დიამეტრი არ ემთხვევაო ტყვიის გულის დიამეტრს (იხ. ზემოთ შენიშვნა 161-164 გვ.).

აღნიშნულთან დაკავშირებით, ვერც ერთი მოწმე ვერ ასახელებს გამომავალი ტყვიის აღწერილობასა და რადიუსს. აგრეთვე აღწერენ არარეალურ გამომავალი ტყვიის ტრაექტორიას. ტყვიამ, რომელმაც გაიარა მარცხენა ყურის უკანა ნაწილში აღნიშნავენ, რომ მოწყვიტა ყურის ზედა ხრტილი და არ უთითებენ ტყვიის მიერ დაზიანებული ადგილიდან სისხლის არსებობას. ზოგიერთი მოწმისთვის კი ეს ფაქტი შეუმჩნეველია. რობინზონ მარგველანის 1997 წლის 20 თებერვალს პროკურატურისათვის მიცემული ჩვენებით, გარდაცვლილ პრეზიდენტს ხელჩანთაში ჰქონდა ნაგანის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც “გეკოს” ტყვიებს ისროდა. პრეზიდენტი თავისი პირადი ხელჩანთიდან აღნიშნულ იარაღს არ იღებდა. პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ ხსენებული იარაღი არსად არ ფიგურირებს. აგრეთვე არ არის დადგენილი რა ბედი ეწია აღნიშნულ იარაღს.

რობინზონ მარგველანი 1997 წლის 21 თებერვალს პროკურატურის დაკითხვისას მიუთითებს, რომ გარდაცვლილ პრეზიდენტს სასვენებელში ჩაუწყო ყველა იარაღი. ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ დროებითი კომისიის 2010 წლის 16 სექტემბერს გამოკითხვისას მან განაცხადა, რომ 1999 წელს იგი მივიდა სოფელ ჯიხაშკარში, ჯონსონ კვარაცხელიას სახლში, სადაც ეგულებოდა მისი და ჯონსონ კვარაცხელიას მიერ დამარხული ზაზა ბურჯანაძისა და გოჩა კეკენაძის პისტოლეტები და ავტომატები. აღმოჩნდა, რომ ხსენებული იარაღები ჯონსონ კვარაცხელიას უკვე ჩაბარებული ჰქონდა, თუ სად_უცნობია. ეს კი შეუსაბამობაშია პროკურატურისათვის მისივე მიცემულ ჩვენებასთან.

 

11. შემთხვევის ადგილიდან ექსპერტიზისთვის საჭირო ყველა მტკიცებულებების განადგურება

გარდაცვლილ პრეზიდენტზე იარაღის გარდა, განადგურებულია დანაშაულის ყველა კვალი. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საგნების ის მონაკვეთები, სადაც ძნელია სისხლის კვლების განადგურება. კერძოდ, იატაკის ღარები, პლინთუსების ქვეშ, ტანსაცმლის ნაკერები, ღილები და ჯიბის სარჩული.

სისხლის გუბის მკვეთრი საზღვრები მიუთითებს გვამის პირველადი მდგომარეობის შეუცვლელობაზე. მოწმეები კი ერთმანეთისაგან განსხვავებულ მდგომარეობაში აღწერენ მიცვალებულს, რაც არანაირად დამაჯერებელი არ არის.

1. თვითმხილველები პრეზიდენტის გვამს აღწერს სხვადასხვაგვარად. მისი მდგომარეობით დაწყებული და ჩაცმულობით დამთავრებული. რობინზონ მარგველანი და შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძე უთითებენ, რომ პრეზიდენტს იარაღიანი ხელი მუცელზე ჰქონდა დადებული, ხოლო კარლო ღურწკაია აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს მარჯვენა ხელი გაშლილ მდგომარეობაში საწოლიდან გადმოვარდნილი ჰქონდა.

2. შემთხვევის ადგილზე სისხლის არარსებობა სხეულის დაზიანებისას, რომელიც სისხლდენას იწვევს მიუთითებს იმაზე, რომ გვამი გადატანილია დანაშაულის ადგილიდან, რასაც საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში აღნიშნავს ნუკრი ღურწკაია. მისი თქმით პრეზიდენტის სხეულზე სისხლის კვალი მისთვის შეუმჩნეველი დარჩა.

3. გვამის ტანსაცმელზე ახალი და გამშრალი სისხლის ნაღვენთები წარმოიქმნება გვამის გადატრიალებისას. სხეულის თრევისას ტანსაცმელზე ზოლად წარმოიქმნება ლაქა წანაცხების სახით. რომეო კუჭუხიძის საპარლამენტო კომისიის გამოკითხვით, პრეზიდენტს გარდაცვალების დროს რომელი ტანსაცმელიც ეცვა, ნახა გარეცხილი, ქალაქ ბათუმში შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძესთან. აღნიშნული მოქმედებით განადგურდა სისხლის კვლები.

4. სხეულის დაზიანების მომენტში დაზარებულის ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნაზე შეიძლება მიუთითებდეს ტანსაცმელზე ვერტიკალური ჩამონაღვენთებისა და ფეხსაცმელზე წვეთისებური ლაქების არსებობა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს ფეხსაცმელი არ ეცვა, თუ ვერ ჩააცვეს (იხ. 1994 წლის 17 თებერვლის დათვალიერების ოქმი).

5. სისხლის გუბის არსებობა მიანიშნებს დიდ სისხლდენაზე. იგი წარმოიშობა მსხვილი სისხლძარღვების დაზიანების, ან შედარებით წვრილი სისხლძარღვებიდან ხანგრძლივი სისხლდენით. სისხლის გუბის ფორმა და ზომა დამოკიდებულია არა მარტო დაღვრილი სისხლის რაოდენობაზე, არამედ იმ საგნის თვისებაზე რაზედაც იგი მოხვდა. ერთ-ერთი თვითმხილველი ზაზა ბურჯანაძე, რომელიც შემთხვევის ადგილზე მიყვანილი იქნა მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, პროკურატურისადმი მიცემულ ჩვენებაში განმარტავს, რომ პრეზიდენტის საწოლთან იდგა “ტაშტი”, რომელზედაც წვეთავდა გარდაცვლილი პრეზიდენტის თავის არედან მომდინარე სისხლი.

აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ჯონსონ კვარაცხელიას პროკურატურისთვის 1999 წლის 12 თებერვალს მიცემული ჩვენებით, ასევე რობინზონ მარგველანის პროკურატურისთვის 1997 წლის 22_27 თებერვალს მიცემული ჩვენებით, გარდაცვლილი პრეზიდენტის ორივე ლეიბი, ხიბულიდან ჯიხაშკარში გადასვენების შემდეგ, დიზელის დასხმით დაიწვა და განადგურდა ჯონსონ კვარაცხელიას ეზოში. მოწმეთა არც ერთ ჩვენებაში მითითებული არ არის თუ სად გაქრა პრეზიდენტის საბანი, ხოლო რაც შეეხება პრეზიდენტის ბალიშს, იგი ვითომ რელიკვიის სახით, ინახებოდა ძველ ხიბულაში, ღურწკაიას ოჯახში.

ოჯახის დიასახლისის ლუდმილა აბშილავა–ღურწკაიას 1999 წლის 5 თებერვალს პროკურატურისათვის მიცემული ჩვენებით, წლების განმავლობაში მან პრეზიდენტის ბალიში დაშალა, გარეცხა და შეუცვალა პირი. ამის შემდეგ, აღნიშნული განახლებული ბალიში 2004 წლის საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამოიღო და საქმეში ინახება, როგორც ნივთმტკიცება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება პრეზიდენტის ტანსაცმელს, პრეზიდენტის პირადი დაცვის წევრის ბადრი გოგელაშვილის ინფორმაციით, მან ის მიიღო პრეზიდენტის დაცვის უფროსის რობინზონ მარგველანისგან. პრეზიდენტის სამოსთან დაკავშირებით, მან პირად საუბარში, ბადრი გოგელაშვილს განუცხადა, რომ პრეზიდენტის ტანსაცმელი ჩაუტანა ქალაქ ბათუმში ქალბატონ ლამარა კერვალიშვილს. იყო თუ არა აღნიშნულ ტანსაცმელზე სისხლის ლაქები მისთვის უცნობია. შემდეგ მან შეიტყო ისევ რობინზონ მარგველანისგან, რომ ეს ტანსაცმელი მან ჩაიტანა უკვე თბილისში პრეზიდენტის ოჯახისთვის გადაცემის მიზნით. შემდეგ რობინზონ მარგველანის თხოვნით, ბადრი გოგელაშვილმა პირადად დაურეკა პრეზიდენტის ვაჟს, ბატონ ცოტნე გამსახურდიას და მოახსენა, რომ მისთვის რობინზონ მარგველანს სურდა პრეზიდენტის ტანსაცმლის გადაცემა, რაზედაც მან თანხმობა განაცხადა, მაგრამ ცოტნე გამსახურდია მოულოდნელად რუსეთში გაემგზავრა და მისთვის ტანსაცმლის გადაცემა ვერ მოხერხდა. აღნიშნულ ტანსაცმელს, თუ რა ბედი ეწია შემდგომში ბადრი გოგელაშვილისთვის უცნობია.

ლამარა კერვალიშვილის 2011 წლის 17 იანვარს საპარლამენტო გამოკითხვისას პრეზიდენტის კუთვნილი ტანსაცმლიდან მისი ყურადღება მიიქცია მოყავისფრო ზოლებიანმა ნაქსოვმა ჯემპრმა, რომელზედაც აღინიშნებოდა დიდი ზომის სისხლის ლაქა კისრის არეში და მცირე ზომის სისხლის ლაქა მარცხენა სახელოზე. ასევე ნაცრისფერ შარვალზე, უკან, სათავესთან აღინიშნებოდა მცირე ზომის სისხლის ლაქა. რობინზონ მარგველანი საპარლამენტო გამოკითხვაში ახსენებს ჯემპრს, რომელიც პრეზიდენტს გარდაცვალების მომენტში ეცვა. თუკი დავუშვებთ, რომ ეს მართლაც ასე იყო, გაუგებარია, ორი სისხლმდენი, ჭრილობაში შემავალი და ჭრილობიდან გამომავალი როგორ შეიძლება მეტი მოცულობის სისხლის კვალს არ ტოვებდეს პრეზიდენტის სამოსზე, ვიდრე ზემოაღნიშნულ გამოკითხვაშია მითითებული. ლამარა კერვალიშვილის შეკითხვაზე, თუ სად წავიდა ის ტანსაცმელი, რომელშიც, მთავარი მოწმეების თქმით, პრეზიდენტმა თავი მოიკლა, მარგველანმა განაცხადა, რომ ეს ტანსაცმელი მათ პრეზიდენტს სასვენებელში ჩაატანეს. აღნიშნულ ჯემპრსა და შარვალზე რობინზონ მარგველანს ლამარა კერვალიშვილთან საუბრისას არაფერი უთქვამს.

 

12. ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის წევრების დაკავება პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნებამდე

ნაწყვეტი გოჩა კეკენაძის 2004 წლის 14 მარტს პროკურატურის დაკითხვიდან: “1992 წლის მარტის თვეში, ქალაქ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, კომენდანტის საათის დარღვევის გამო დამაკავა მთაწმინდის მილიციის ქვეგანყოფილების თანამშრომელმა, რომლის გვარიც არ მახსოვს. მთაწმინდის მილიციაში დავყავი სამი დღე. იქ მე მნახა ჩემმა ნაცნობმა მილიციის თანამშრომელმა გოგი ქებურიამ, რომელსაც ჩემი დახმარება უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო. ამის შემდეგ გადამიყვანეს ქალაქ თბილისის მთავარ სამმართველოში, სადაც თვრამეტი დღე დავყავი. როგორც მახსოვს გამანთავისუფლეს თვრამეტ აპრილს. სამმართველოში ყოფნის დროს ორჯერ მომინახულა სამმართველოს უფროსმა გია გულუამ, რომელიც ადრე ჩვენთან მსახურობდა დაცვის ასეულში და კარგად მიცნობდა. შემდგომ როგორც გავიგე, ჩემი უფრო ადრე გათავისუფლება გადაუწყვეტიათ, მაგრამ გია გულუას უთქვამს: იჯდეს, რა ეჩქარება, დალპეს მანდო.” ნაწყვეტი შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძის 2004 წლის 21 აპრილის პროკურატურის დაკითხვიდან:

“1992 წლის იანვრის თვეში, დილის შვიდ საათზე, ქუთაისში, სახლში მომაკითხეს ომონის წარმომადგენლებმა და დამაკავეს. ბრალი წამიყენეს კომენდანტის საათის დარღვევისათვის. ამის შემდეგ ვერტმფრენით გადმომიყვანეს ქალაქ თბილისში. აღნიშნული ბრალდებით დაკავებული ვიყავი 20_ი–25 დღე ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში. ამის შემდეგ გამათავისუფლეს.”

ზაზა ბურჯანაძე თუმცა დაკავებული არ ყოფილა. იგი თბილისში რჩება პრეზიდენტის მიერ მთავრობის სასახლის დატოვების შემდეგ. ნაწყვეტი ზაზა ბურჯანაძის 2004 წლის 12 მარტს პროკურატურის დაკითხვიდან:

“1992 წლის ექვს იანვარს, პრეზიდენტმა თავის თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა სამთავრობო რეზიდენცია. ჩემს განკარგულებაში მყოფი ავტომანქანა “გაზ–24” ვერ დავქოქე. იძულებული გავხდი ჩემი განყოფილების ბიჭებთან ერთად ფეხით გავყოლოდი კოლონას. ლესელიძის ქუჩაზე ჩავედით, სადაც უკვე სროლები მიმდინარეობდა. იყვნენ დაჭრილები. პრეზიდენტის ესკორტი გადავიდა მეტეხის ხიდზე. მე და სხვა ჩემთან ერთად დარჩენილი დაცვის ბიჭები მივედით ერთ–ერთი თანამშრომლის ოჯახში, სადაც ღამე გავათენეთ. დილით ქუჩაში ცალ–ცალკე გამოვედით და სახლებში წავედით. დაახლოებით ხუთი დღე ქუჩაში არ გამოვსულვარ. ამის შემდეგ წავედი ზესტაფონში.”

ნაწყვეტი რობინზონ მარგველანის 2010 წლის 16 სექტემბერს საპარლამენტო კომისიის გამოკითხვიდან:

„1992 წლის 9 მარტს, გალში, პიკეტირების დროს, გამაჩერეს და დამაპატიმრეს. დაპატიმრების მიზეზად ჩემთან მყოფი ერთ–ერთი გვარდიელის ყოფნა დამისახელეს, რომელიც ვითომ ინფორმაციის მოსაწოდებლად იყო შემოსული. გადამიყვანეს ეშერაში, გვარდიის შტაბში. აფხაზეთის შსს მინისტრის გივი ლომინაძის ბრძანებით მომათავსეს სოხუმის იზოლატორში. გივი ლომინაძე, ჩემს დაკავებამდე, შემხვდა ქალაქ გალში. მებრძოლებს ანძა გაეთიშათ, საიდანაც მთელი აფხაზეთი იღებდა ტელემაუწყებლობას. ჩვენ შევთანხმდით, რომ ანძას ჩავრთავდით, სანაცვლოდ კი, აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების გარანტიას ვიღებდით. სოხუმის იზოლატორში შემხვდა ლომინაძის მოადგილე არშბა, რომელმაც განმიცხადა: „მოემზადე თბილისში გადასაყვანად, რადგან თქვენი თავი ბატონმა ედუარდმა მოითხოვაო. ყოველივე ამის შემდეგ ჩემთან მოვიდა გივი ლომინაძე და გამათავისუფლა. ავტომანქანაც დამიბრუნა და სამეგრელოშიც გამომაცილა.“

როგორც საქმიდან ჩანს, პრეზიდენტის პირადი დაცვის პრაქტიკულად ყველა წევრი დაკავებული იქნა ერთი და იმავე ბრალდებით –კომენდანტის საათის დარღვევისთვის. ყველა მათგანს, გარდა რობინზონ მარგველანისა, იზოლატორში შეხვდა გენერალი გია გულუა, შემდგომში შინაგან საქმეთა ჯგუფის კოორდინატორი, რომელიც სდევნიდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას. რობინზონ მარგველანს კი სოხუმის იზოლატორში პირადად შეხვდა აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გივი ლომინაძე. წინასწარ რა ინტერესები და გეგმები ჰქონდა გენერალიტეტს, ეს ცალკე საკითხია, რომელიც სხვა დონეზე გამოძიებას მოითხოვს.

 

13. პრეზიდენტის თანმხლები პირები მისი გარდაცვალების შემდეგ

2004 წლის 26 აპრილს შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძის პროკურატურისადმი მიცემული ჩვენებით, პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ 2 ან 3 იანვარს ის და ზაზა ბურჯანაძე ანზორ მებონიამ გააცილა ცენტრალურ გზამდე. სატვირთო ავტომანქანით გადავიდნენ სამტრედიამდე, ხოლო იქიდან ჩავიდნენ ქალაქ ბათუმში. ბათუმიდან სატრანსპორტო თვითმფრინავით გადაფრინდნენ ქალაქ მინვოდში, შემდეგ კი ტაქსით ჩავიდნენ ქალაქ გროზნოში.

2004 წლის 3 მაისს ზაზა ბურჯანაძის პროკურატურისათვის მიცემული ჩვენებით, 2 იანვარს მას და შალვა გვანცელაძეს დაევალათ ქალაქ გროზნოში წასვლა. მათი მეგზური იყო გენო ზარანდია. ისინი ჩავიდნენ ჯერ ჩხოროწყუში, შემდეგ კი ქალაქ სენაკში, სენაკიდან “ელექტრიჩკით” ჩავიდნენ ქალაქ სამტრედიაში. ამის შემდეგ გადავიდნენ ქალაქ ბათუმში, ბათუმიდან თვითმფრინავით ქალაქ მინვოდში, ხოლო შემდეგ ტაქსით გადავიდნენ ქალაქ გროზნოში.

გოჩა კეკენაძის 2004 წლის 13 მარტს პროკურატურისათვის მიცემული ჩვენებით, 10, თუ 11 იანვარს ვალიკო ზარანდიას მეზობელმა სპეციალურად ჩაისვა თავისი მეუღლე და ის და რობინზონ მარგველანი ჩაიყვანა ქალაქ ბათუმში, იქიდან კი გადავიდნენ ქალაქ მინვოდში და ტაქსით მივიდნენ ქალაქ გროზნოში. მეორე დღეს ქალაქ გროზნოში ჩაფრინდა გუგუშვილი, რომელიც ქალაქ ბათუმში ჩამოუყვანია ისევ იმ ოტელოს, რომელმაც კეკენაძე და მარგველანი ჩაიყვანა ქალაქ ბათუმში.

შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძის 2010 წლის 4 მარტის საპარლამენტო კომისიის გამოკითხვით ის და ზაზა ბურჯანაძე წამოვიდნენ სამეგრელოდან ფეხით, ქალაქ სენაკიდან ქალაქ ქუთაისში „კამაზით“ ჩავიდნენ. ის ღამე ქუთაისში გაჩერდნენ, შემდეგ კი ჩავიდნენ ბათუმში და ბათუმიდან გადაფრინდნენ ქალაქ გროზნოში. ამის საპირისპიროდ ზაზა ბურჯანაძე 2004 წლის 3 მაისს პროკურატურისთვის მიცემული ჩვენებაში წერს: „მე დამავალეს გროზნოში წასვლა, რათა ამბავი ჩამეტანა მომხდართან დაკავშირებით. მე ვუთხარი, მე რატომ უნდა წავიდე, წავიდეს ის, ვინც უშუალოდ დაესწრო იმ უბედურების ღამეს. შემდეგ ბატონმა ბესარიონ გუგუშვილმა გვთხოვა მე და ბაჩუკის, რომ ეს ამბავი ქალბატონ მანანასთვის ჩვენ ჩაგვეტანა. იმავე ღამეს მე, ბაჩუკი და ჩვენი მეგზური გენო ზარანდია ფეხით ჩავედით ჯერ ჩხოროწყუში, ხოლო შემდეგ სენაკში. სენაკიდან ელექრტრიჩკით ჩავედით სამტრედიაში. ამის შემდეგ წავედით ბათუმში, ბათუმიდან ჩვენმა ნაცნობებმა, კერძოდ გია თავზარაშვილმა თვითმფრინავის ბილეთი აგვიღო და გავფრინდით მონვოდში. მინვოდიდან ტაქსით ჩავედით გროზნოში.“ აუხსნელია, როგორ წავიდა ორი კაცი გროზნოში თან ერთად, თან სხვადასხვა ტრანსპორტით და მარშრუტით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუხსნელი რჩება, როგორ მოახერხეს იმ პირებმა, რომლებიც ზვიად გამსახურდიას სიცოცხლეში, მხოლოდ ღამღამობით გადაადგილდებოდნენ ჩუმად, რათა მდევრისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყვნენ. პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ, დღისით, მზისით, თავისუფლად ჩავიდნენ სხვადასხვა ადგილებში და შემდეგ თავისუფლად გადაფრინდნენ ქალაქ გროზნოში.

 

14. პრეზიდენტის სამარხისა და გვამის მდგომარეობა

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის სახელმწიფო სასამართლო_სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, იუსტიციის სამინისტროს გამომძიებლის მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი. დათვალიერებული იქნა ქალაქ გროზნოში ზვიად გამსახურდიას სამარხი, საიდანაც განხორციელდა პრეზიდენტის ექსჰუმაცია. საფლავის სიღრმე იყო მეტრ_ნახევრიდან ორ მეტრამდე, რომელშიც განთავსებული იყო წითელი ფერის სასვენებელი, საფლავის კედლები ამოშენებული იყო წითელი აგურით. დახურული სასვენებელი ამოღებული იქნა მიწის დონეზე. სასახლის დაფებზე შეინიშნებოდა დეფორმირება და დაფების დარღვევა. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ გამომძიებელი, რომელიც ანხორციელებს ექსჰუმაციას, ვალდებულია აღნიშნოს საფლავის მდგომარეობა: ხომ არ არის მიწა ჩაწეული ან ჩავარდნილი, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს შემთხვევის დათვალიერების ოქმში_ რაც არ არის მითითებული დასკვნაში. ამიტომაც ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ირიცხება ექსპერტის ვარაუდი მიწის დაწოლის შედეგად გვამის დაზიანებაზე.

ამავე სასამართლო_სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია ცხრა ნეკნის გატეხვა, ბოქვენისა და მენჯის ძვლის მოტეხილობები.

1994 წლის 17 თებერვლის დაკრძალვის ადგილიდან გვამის ამოღებისა და გარეგანი დათვალიერების ოქმში (სოფ. ჯიხაშკარი, ქ. სენაკი) აღნიშნულია, რომ ამოთხრის შედეგად, ოთხმოცი სანტიმეტრის სიღრმეზე გამოჩნდა სასვენებლის სახურავი, სასვენებლის თავსა და ბოლოში შემორტყმული და შეკრული ჰქონდა ლითონის მსხვილი მავთული, სასვენებელში ჩასვენებული იყო გამსახურდიას გვამი. სასვენებელი მთლიანი იყო. სასვენებლის სახურავის ახდისას დაფიქსირდა, რომ სასვენებელი სტანდარტულად იყო გაფორმებული ჩალისფერი ქსოვილით. დათვალიერდა გვამის ხილული ტანსაცმლით დაუფარავი ნაწილები. კერძოდ, თხემისა და ორივე საფეთქლის არე, სახის არე, კისრის ზედა მესამედის წინა ზედაპირი და ორივე ზედა კიდურის ხელის მტევნების ზურგის ზედაპირი. მიცვალებულს აღენიშნებოდა “ოვალური ფორმის მოშავო ფერის უბანი”, ზომით_1,5 X 1 სმ–ზე, “მარცხენა ყვრიმალის უკანა ნაწილში, საფეთქლის თმოვან ნაწილთან ახლოს”. გვამს ,,ზედა ტუჩის შუა მესამედის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა დაახლოებით 1 სმ–ის სიგრძის მქონე მოშავო ფერის ჩაღრმავებული უბანი, მარჯვენა ყვრიმალის არეში კი დაახლოებით 1,5 X 1სმ_ის, ნიკაპის შუაში დაახლოებით 3 X 2,5სმ_ის, მარცხენა ყვრიმალზე დაახლოებით 5 X 4სმ_ის და შუბლ–თხემ_საფეთქლის საზღვარზე მარცხნივ, დაახლოებით 3 X 2სმ–ზე აღენიშნებოდა მუქი მორუხო ფერის გამუქებული უბნები. გვამის გარეგნულ დათვალიერებაში მონაწილეობდნენ, როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ასევე სპეციალისტ–მედიკოსები ვ. ბოჭორიშვილი, თ. დეკანოსიძე, რ. კაპანაძე, ო. ოქრუაშვილი და ლ. ჩაჩუა. Gგვამის გარეგანი დათვალიერების შედეგად, სპეციალისტ–მედიკოსებმა დააფიქსირეს შემდეგი დაზიანებები თავის არეში: “მარჯვენა საფეთქლის მიდამოში აღინიშნება მრგვალი ფორმის დაახლოებით 0,6 X 0,7 სმ. Dდიამეტრის მქონე მოშავო ფერის უბანი ზომით_1,5 X 1,0 სმ. აღენიშნება მარცხენა ყვრიმალის უკანა ნაწილში, საფეთქლის თმოვან ნაწილთან ახლოს. ზედა ტუჩის შუა მესამედის წინა ზედაპირზე აღინიშნება დაახლოებით 1 სმ სიგრძის მოშავო ფერის ჩაღრმავებული უბანი მარჯვენა ყვრიმალის არეში დაახლოებით 1,5 X 1,0 სმ, ნიკაპზე შუაში დაახლოებით 3,0 X 2,5სმ, მარცხენა ყვრიმალზე 5,0 X 4,0სმ, და შუბლ–თხემ_საფეთქლის საზღვარზე მარცხნივ, დაახლოებით 3,0 X 2,0სმ–ზე აღენიშნება მუქი მორუხო ფერის გამუქებული უბნები.“

საწოლში მწოლიარე ადამიანს აღნიშნული შვიდი სხვადასხვა სახის დაზიანება თავის არეში არ შეიძლება მიეყენებინა თავისივე ხელით, თავისსავე თავისთვის. სოსო თორიას თქმით პრეზიდენტს ქალაქ გროზნოს პროზექტურაში აღენიშნებოდა ორი ნატყვიარი, კერძოდ, საფეთქლისა და ყელის არეში.

ავთანდილ რცხილაძის თქმით ზვიად გამსახურდიას ცხედარზე გროზნოს პროზექტურაში, ნეკნების არეში შენიშნა დალურჯებები. წარმოდგენილ საქმეზე პროკურატურისა და საპარლამენტო კომისიის მიერ დაკითხული პირები პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების თარიღად ასახელებენ 30–31 დეკემბერს. ექიმი დავით ჯალაღონია, რომელმაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ცხედარს 31 დეკემბერს ბალზამირება გაუკეთა, აცხადებს რომ მიცვალებულთან 36 საათის შემდეგ მოიყვანეს და ასეთი დიდი დროის გასვლის შემდეგ კი ძნელი იყო გვამის ბალზამირება.

 

***

 

დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ მოწვეული ექსპერტების დასკვნები

# 7494802 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით

 

მას შემდეგ, რაც დროებითმა საპარლამენტო კომისიამ მოიპოვა 1994 წლის 17 თებერვლის დათვალიერების ოქმი და ქალაქ როსტოვში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2007 წლის დასკვნა, კითხვით მიმართა ექსპერტს, პროფესორ გია დეკანოზიშვილს _ შესაძლებელი იყო თუ არა გვამის თავის ქალაზე მარჯვენა საფეთქლის არეში შემავალი ტყვია და გამომავალი თხემის ძვლის მარცხენა შუა ნაწილზე, რომელიც მთავრდება გამჭოლი ნახვრეტით, უკანა ნაპირზე მოხვედროდა საწოლის დაფას და თუ არა, შესაძლებელია თუ არა აღნიშნული დაფა დაეზიანებინა მასზე მეორე ნასროლ ტყვიას, რასაც აღნიშნავს საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში პრეზიდენტის დაცვის ერთ–ერთი წევრი სოსო თორია, ქალაქ გროზნოს პათანატომზე დაყრდნობით. (იხ. მე_6 ნაწილის დასკვნა)

მოცემულობა:

ზვიად გამსახურდიას ნეშტზე რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში, 2007 წლის მარტში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა; საქმეში არსებული ჩვენებები; საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებული ჩვენებები; ცეცხლსასროლი იარაღის „АПС“-ის (“სტეჩკინის” სისტემის პისტოლეტი) და „АПБ“–ს (ე.წ. “სტეჩკინის” სისტემის პისტოლეტი მაყუჩით) ტექნიკურ ტაქტიკური მონაცემები; ცეცხლსასროლი იარაღი „АПС“-ის (“სტეჩკინის” სისტემის პისტოლეტი) ექსპერიმენტული გასროლის შედეგები.

 

1. ამონარიდი ქალაქ როსტოვში ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნიდან:

– ექსპერტიზაზე წარმოდგენილი გვამის ნარჩენები ნამდვილად ეკუთვნის ზვიად გამსახურდიას;

– თავის ქალის პირდაპირი, დახრილი და გამჭოლი განათების პირობებში შეუიარაღებელი თვალით, ვიზუალური, ასევე უშუალოდ სტერეომიკროსკოპით გამოკვლევისას გამოვლენილია შემდეგი დაზიანებები (გამოყენებულია ბინოკულარული სტერეომიკროსკოპი МБС-2):

1. ქალაქ როსტოვში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თავის ქალის სარქველი დეფორმირებულია და თავის ქალის ფუძე ისეა დაშლილი, რომ მისი აწყობა ვერ მოხერხდა.

2. გვამს თავის ქალაზე მარჯვენა საფეთქლისა და სოლისებრი ძვლის საზღვარზე, თხემის ძვლისა და სოლისებრი ძვლის საზღვრიდან 0,6 სმ-ით ქვევით და მარჯვენა ყვრიმალისა და შუბლის ძვლის საზღვრიდან 2,2 სმ-ით უკან აღენიშნება მომრგვალებული გამჭოლი ხვრელი (დაზიანება #1)_დიამეტრით 0,9 სმ, რომლის ზედა ნაწილი ნახევარმთვარის ფორმისაა. ქვედა ნაწილს აქვს სამკუთხა ფორმის დეფექტი ზომებით_1,8X0,4X1,6სმ. ხვრელის ნაპირები: გარეთა ძვლოვან ფირფიტაზე არის სწორი, გლუვი, წამახვილებული, კომპაქტური ნივთიერების ანატკეცისა და ამოფხვნის გარეშე; შიდა – ძვლის ცირკულარული ანატკეცი სიგანით 0,2 სმ საერთო ზომით 1,2X1,4 სმ. ამრიგად, დაზიანებას აქვს კონუსის ფორმა, რომლის ფუძე მიმართულია თავის ქალის შიგნითა მხარეს. გამჭოლი ხვრელიდან წინა უკანა და ქვედა კიდიდან გადის სამი რადიალური გამჭოლი ბზარი. წინა კიდიდან, გამოდის გამჭოლი, თავის ქალის გარშემოწერილი რადიალური ბზარი, რომელიც გადის შუბლის ძვლის შუა ნაწილზე (შუბლის ძვალზე გამავალი შუა ნაწილიდან მარჯვნივ 2,4სმ_ის მანძილიდან, ძირითადი ბზარიდან გამოდის მარჯვნიდან მარცხნივ ირიბად აღმავალი 3,5 სმ სიგრძის ბზარი), შემდეგ მარჯვენა საფეთქლის ძვალზე (მეორე დაზიანებაზე, რომელიც ქვემოთაა აღწერილი), ზიგზაგისებურად ვრცელდება თხემის ძვლის მარცხენა შუა ნაწილზე, რადიალურად გადადის თხემის ძვლის მარჯვენა ნაწილზე და მთავრდება გამჭოლი ხვრელის უკანა ნაპირზე. მარცხენა საფეთქლის ძვალზე აღნიშნულ რადიალურ ბზარზე ფორმირდება ორი არასწორი მრავალკუთხა ძვლის ნამტვრევი, ზომებით 3,7X2,5X2,7 სმ და 3,8X1,7X3,4 სმ. გამჭოლი ხვრელის ქვედა კიდიდან რადიალური ბზარი მიემართება სოლისებრი ძვლის გასწვრივ_ქვემოთ 3,2 სმ სიგრძეზე, შემდეგი ძვლის ფრაგმენტები არ არსებობს.

3. მარცხენა საფეთქლის ძვლის შუაში, თხემის ძვლის საფეთქლის კიდეს (ქიცვისებრი ნაწილის) ზედა კიდედან ქვემოთ 3,7 სმ, მარცხენა გარეთა სასმენი ხვრელის ზედა კიდედან ზევით 0,4 სმ, საფეთქლის ძვლის კიდეს (ქიცვისებრი ნაწილის) თხემის უკანა ნაწილიდან 2,5 სმ-ზე არსებობს არასწორი მრავალკუთხა ფორმის გამჭოლი ხვრელი (დაზიანება #2) ზომებით 1,7X1,4X1,5სმ. ზემოხსენებული მარცხენა საფეთქლის ძვალზე არსებული ორი არასწორი მრავალკუთხა ძვლის ნამტვრევი წარმოადგენს გამჭოლი ხვრელის ზედა და წინა კედლებს. ხვრელის ნაპირები: ძვლის ფირფიტის შიგა მხრიდან შედარებით სწორია, წვრილად დაკბილული, კომპაქტური (ღრუბლისებრი) ნივთიერების ანატკეცისა და ამოფხვნის გარეშე; გარე მხრიდან ზედა ნაპირზე არის ცირკულარული ანატკეცი სიგანე 0,1-0,2 სმ და საერთო ზომით 1,9X1,7სმ. ამრიგად მეორე დაზიანება არის ფუძით გარეთ მიმართული კონუსური ფორმის. ამ დაზიანების ნაპირებიდან გამოდის ორი წინა და უკანა რადიალური ბზარი, რომლებიც არის ზემოხსენებული პირველი დაზიანების წინა და უკანა ნაპირებიდან გამოსული რადიალური ბზარების გაგრძელება.

– ტყვიის მოძრაობის მიმართულებაა მარჯვნიდან მარცხნივ, რამდენადმე ზემოდან ქვემოთ, რამდენადმე წინიდან უკან, რაზედაც მიუთითებს შემავალი და გამომავალი ხვრელები.

– თავის ქალაზე არსებული ცეცლსასროლი იარაღიდან გამოწვეული დაზიანება შესაძლებელია მიყენებული იქნა ჭვარტლის წარმოქმნის მანძილზე, არ არის გამორიცხული მიბჯენასთან მიახლოებული გასროლა, რაზედაც მიუთითებს ახლო დისტანციაზე გასროლის ფაქტორები, კერძოდ შემავალ ნახვრეტზე სურმის-სტიბიუმის არსებობა. სურმა წარმოადგენს ვაზნის კაფსულის (ფალია, ფისტონი) ქიმიური შემადგენლობის, ერთ_ერთ ელემენტს, რომელიც ვაზნის დეტონაციისას ასწრებს გასროლის დროს დენთის აირებთან ერთად რეაგირებას (დენთის აირებთან ერთად, კაფსულის შემადგენელი ელემენტების ნაწილი ტოვებენ ლულის არხს). ამრიგად, თავის ქალის აღნიშნული დაზიანება შესაძლებელია მიყენებული იქნეს ცეცხლსასროლი პისტოლეტით, როგორიც არის ПМ (პისტოლეტი “მაკაროვი”). გამორიცხული არ არის ცეცხლსასროლი იარაღის სხვა სახეობები, როგორიცაა АПС, “ვალტერი”, “სმიტი” და “ვესსონი”, “ბერეტა”.

 

2. საქმეში არსებული ჩვენებები;

მთავარი მოწმეების ჩვენებებით დაზიანებები, რომელიც არსებობს ზვიად გამსახურდიას თავის ქალაზე, მიყენებულია თვითმკვლელობის შედეგად 20 ცალი 9X18 ПМ ვაზნით დამუხტული ავტომატური „АПС“-ს (“სტეჩკინი”) პისტოლეტით, რომელიც ეჭირა ხელში და ედო მუცელზე. გვამი იყო ოდნავ წამომჯდარ მდგომარეობაში, მიყუდებული საწოლის საზურგეზე.

3. საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებული ჩვენებები;

ყველა მოწმე, რომელიც შეესწრო შემთხვევას ან საშუალება მიეცა ზვიად გამსახურდიას ცხედართან ჰქონოდა შეხება ადასტურებს, რომ ცხედარი იყო წამომჯდარ მდგომარეობაში, მიყუდებული საწოლის დაფაზე. ცხედარს მარჯვენა საფეთქელთან აღენიშნებოდა მრგვალი შემავალი ხვრელი დაახლოებით_6_7მმ, რომლის გარშემოც არ აღენიშნებოდა დამწვრობა ან რაიმე განსაკუთრებული სხვა ნიშანი. მარცხენა მხარეს ყურის უკან აღენიშნებოდა ტყვიის გამომავალი ხვრელი ძვლების ნამტვრევებით.

 

4. ცეცხლსასროლი იარაღების АПС-ის (პისტოლეტი “სტეჩკინი”) და АПБ–ს (პისტოლეტი “სტეჩკინი” მაყუჩით) ტექნიკურ_ტაქტიკური მონაცემები;

АПС პისტოლეტი “სტეჩკინი”:

კალიბრი_ 9х18 ПМ;

წონა ტყვიების გარეშე_1220 გრამი;

წონა ტყვიებით_1420 გრამი;

სიგრძე_225 მმ;

ლულის სიგრძე_140 მმ;

მჭიდის მოცულობა_20 ვაზნა;

ტყვიის საწყისი სიჩქარე_315-340 მ/წ

ლულის მიერ წარმოებული ენერგია_348-353 ჯოული;

სასხლეტის დაშვებისთვის საჭირო ძალა_25-30 ნიუტონი;

სასხლეტის დაშვებისთვის საჭირო ძალა თვითგადატენვით_55-70 ნ.

АПБ_იგივე, ნაკეთობა 6П13:

კალიბრი_ 9х18 ПМ;

წონა ტყვიების გარეშე_1650 გრამი, მაყუჩით და მხარსადებით (კონდახი);

საერთო სიგრძე_450 მმ;

საერთო სიგრძე მხარსადებით_785 მმ;

ლულის სიგრძე_140 მმ;

მჭიდის მოცულობა_20 ვაზნა;

ტყვიის საწყისი სიჩქარე_290 მ/წ;

სასხლეტის დაშვებისთვის საჭირო ძალა 25_30 ნიუტონი;

სასხლეტის დაშვებისთვის საჭირო ძალა თვითგადატენვით 55_70 ნ.

 

5. ცეცხლსასროლი იარაღი АПС_დან (პისტოლეტი “სტეჩკინი”) ექსპერიმენტული გასროლის შედეგები:

კვალწარმოქმნის მექანიზმის დასადგენად განხორციელდა გასროლა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან “АПС” (პისტოლეტი “სტეჩკინი”), რომელიც დაფიქსირდა ციფრული ფოტოაპარატით_ CANON 500D (FulHD 1920X1080, 30 კადრი წამში) და დამუშავდა კომპიუტერული პროგრამით Corel VideoStudio Pro X3; ამოღებული იქნა ერთი კადრი.

კადრზე თვალსაჩინოებისათვის დატანილი იქნა ზომები_

რომლის შედეგადაც დადგინდა:

– “შტანცმარკა”_წარმოიქმნება მიბჯენილი გასროლისას;

– ქსოვილის ნარღვევი – წარმოიქმნება ლულიდან 30-33მმ_ის მანძილზე;

– გარუჯვა_წარმოიქმნება ლულიდან 80-88 მმ მანძილზე;

– ჭვარტლი_წარმოიქმნება ლულიდან 100-200 მმ მანძილზე;

– დენთის მარცვლოვანი ნარჩენები_წარმოიქმნება ლულიდან 200-300 მმ_ის მანძილზე.

 

6. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დაპრესილი ნახერხისგან (დსპ) დამზადებული საწოლის დაფა.

– დაფა და მისი ზომები_მართკუთხა, 940X550მმ (94X55 სმ)

– დაფის დაზიანების მდებარეობა_მარჯვენა კიდიდან 495მმ (49,5სმ), მარცხენა კიდიდან 428მმ (42,8 სმ), ზედა კიდიდან _ 75 მმ (7,5სმ).

– დაფის დაზიანების ზომები_16X17X4მმ (1,6X1,7X0,4 მმ).

 

მოცემულობის ანალიზი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან შესაძლებელია ითქვას:

სახეზეა თავის ქალის ფუძის ნაწილების დეფორმაცია და დაშლა ისე, რომ მისი აწყობა_რეკონსტრუქცია სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის ლაბორატორიულ ინსტრუმენტული გამოკვლევის ჩატარებისას (2007 წლის მარტი) შეუძლებელი გახდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოცემული შემთხვევა შეუძლებელია გრუნტის ზემოქმედების შედეგი იყოს, აგრეთვე სავარაუდოდ ნაკლებად შესაძლებელია ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად თავის ქალაში შემავალ აირებს გამოეწვია თავის ქალის ფუძის დეფორმაცია და დაშლა ისე, რომ მისი რეკონსტრუქცია ვერ მოხერხდა.

ყველაზე მაღალი ალბათობით, ყოველივე აღნიშნული, შესაძლებელია გამოწვეული იყოს რაიმე ზემოქმედებით. ასევე დიდი ალბათობით, მოცემულ დაზიანებაზე არ იგულისხმება იმ ტყვიის ზემოქმედება, რომლის მარჯვნიდან მარცხნივ მიმართული არხიც დაფიქსირებულია მიცვალებულის თავის ქალაზე. მოცემული დაზიანება თავის უკანა ნაწილს მოიცავს, სადაც დასკვნის თანახმად, ტყვიის არც შემავალი, არც გამომავალი ხვრელი არ ფიქსირდება.

რაც შეეხება გასროლას, იგი უნდა განხორციელებულიყო არა ნაკლებ 100_200 მმ_ის მანძილიდან და უფრო შორი მანძილიდან, რადგან არ შეიმჩნევა მიბრჯენითა და ახლო მანძილისთვის დამახასიათებელი დაზიანებები: “შტანცმარკა”, ქსოვილის ჯვარედინი ნახეთქი, სიდამწვრე. აღნიშნულს ადასტურებს, ქალაქ როსტოვში ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა სადაც ვკითხულობთ “თავის ქალაზე არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გამოწვეული (ცეცხლნასროლი) დაზიანება შესაძლებელია მიყენებული იქნა ჭვარტლის წარმოქმნის მანძილზე.” ექსპერიმენტულად დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან АПС (პისტოლეტი “სტეჩკინი”) ჭვარტლის წარმოქმნის მანძილია ლულიდან 100-200 მმ_ი და ზემოთ.

დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი აირები ლულის გამოსასვლელთან 50_55მმ მანძილზე 1500_3000 გრადუს ჩ_ს აღწევს. რაც იწვევს კანზე არა მარტო დენთის დამწვარი, თუ დაუმწვარი ნაწილაკების არსებობას, არამედ თერმული და ქიმიური ზემოქმედების კვალის წარმოქმნასაც. რაც ცხედარს ტყვიის შემავალ ხვრელზე არ აღენიშნებოდა.

დაზიანება მიყენებულია მხოლოდ ტყვიის კინეტიკური ენერგიის ხარჯზე, აირების ზემოქმედების გარეშე, რაც არ გამორიცხავს მაყუჩიანი АПБ_დან ან მსგავსი პისტოლეტიდან გასროლას ახლო ან მიბჯენასთან მიახლოებული მანძილიდან, რადგან მაყუჩი გამონატყორცნ აირებს აკავებს მასში არსებულ სექციებში.

მოწმეები, რომლებმაც ნახეს თავის ქალაზე შემავალი ჭრილობა აფიქსირებენ 6-7მმ დიამეტრს, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს კანის ელასტიურობის გამო. ტყვიის გულა, კინეტიკური ენერგიის ზემოქმედებით, კანთან შეხებისას გაიყოლებს კანს მოძრაობის მიმართულებით, გაჭიმავს, შემდეგ ამოგლიჯავს პატარა ნაწილს და დაუბრუნდება თავის ფორმას, უფრო ნაკლები დიამეტრის ხვრელის სახით, ვიდრე თავად ტყვიის გულაა (კომენტარი გვ.168) რომლის გარშემოც შეიმჩნევა ტყვიის გულაზე არსებული სხვადასხვა ნივთიერებების გაწმენდის კვალი. შემავალი ხვრელის ზომა არ ემთხვევა ტყვიის დიამეტრს, იგი ყოველთვის მასზე ნაკლებია. ასეთ შემთხვევაში აირების ზემოქმედებას ადგილი არ აქვს.

ქალაქ როსტოვში ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ასევე ნათქვამია: “ტყვიის მოძრაობის მიმართულებაა მარჯვნიდან მარცხნივ, რამდენადმე ზემოდან ქვემოთ, რამდენადმე წინიდან უკან, რაზედაც მიუთითებს შემავალი და გამომავალი ხვრელები”. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ავტომატური პისტოლეტის “სტეჩკინის” (მისი წონა დამუხტულ მდგომარეობაში 1420 გრამია) ხელში დაჭერა თვითმკვლელობის მიზნით, ლულით 100-200 მმ მანძილზე და ისე, რომ ტყვის მიმართულება იყოს მარჯვნიდან მარცხნივ, რამდენადმე ზემოდან ქვემოთ, რამდენადმე წინიდან უკან_ფიზიკურად შეუძლებელია.

თუნდაც შესაძლებელი ყოფილიყო თვითმკვლელობის მიზნით ავტომატური პისტოლეტის “სტეჩკინით” განხორციელებულიყო საფეთქლის არეში სროლა იმ მიმართულებით, როგორიც აღწერილია ქალაქ როსტოვში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში, მსროლელი (ამ შემთხვევაში თვითმკვლელი) იძულებული იქნებოდა მიეტანა იარაღის ლულა თავის ქალაზე, რაც უმეტეს შემთხვევაში გამოიწვევდა საფეთქლისა და სოლისებრი ძვლის განგრევას, ცეცხლსასროლი იარაღის ლულიდან გამოტყორცნილი აირების მეშვეობით, რომლის წნევა ლულაში არის 1200 – 2000 კგ/სმ2 და ლულის გარეთ ეცემა გავრცელების მანძილის შესაბამისად. აღნიშნული ასევე გამოიწვევდა დიდი რაოდენობის სისხლისა და სხვადასხვა სხეულის ნაწილაკების გამოდინება-გამოფრქვევას შემავალი და გამომავალი ხვრელებიდან, რაც მოწმეთა ჩვენებებსა და საპარლამენტო კომისიის მიერ მოპოვებულ მასალებში არ ფიგურირებს.

ავტომატური პისტოლეტის “სტეჩკინის” ლულიდან ტყვიის გამოტყორცნის ენერგია არის 348_353 ჯოული, ე.ი. ცეცხლსასროლი იარაღის საკეტის უკუცემის ძალა თითქმის იგივეს, რადგან “სტეჩკინის” მოდელის პისტოლეტს არ აქვს მოძრავი ლულა და უკუცემის ენერგია სრულად გადაეცემა ცეცხლსასროლი იარაღის საკეტს და შემდეგ, ინერციულად სახელურს, რაც ზემოთ აღწერილი ფორმით გასროლის განხორციელების შემთხვევაში გამოიწვევდა მისი ხელიდან გავარდნას.

საწოლის საზურგეზე არსებული დაზიანება გაურკვეველი წარმომავლობისაა, რადგან არ ჩატარებულა მეტალიზაციაზე შემოწმება. თუ დავუშვებთ (ზოგიერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე) იმ მოსაზრებას, რომ დაზიანება საწოლის დაფაზე გამოიწვია თავის ქალიდან, გასროლის შემდეგ გამომავალმა ტყვიამ, მაშინ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი გვამის მდებარეობისა და ტყვიის მიმართულებასთან დაკავშირებით. რადგან ამ შემთხვევაში ადამიანი უნდა წოლილიყო საწოლის ნაპირზე მოუხერხებელ მდგომარეობაში, როცა გასროლა მარჯვნიდან მარცხნივ, რამდენადმე ზემოდან ქვემოთ, რამდენადმე წინიდან უკან, თვითმკვლელობის შემთხვევაში შეუძლებელია.

დავუშვათ, რომ მოწმეები, რომლებიც საუბრობენ საწოლის თავის დაფაზე დარჩენილ დაზიანებაზე, სიმართლეს ამბობენ. პროკურატურაც, რომელმაც მტკიცებულების სახით ამოიღო ხსენებული დაფა, ასევე ვარაუდობს ნატყვიარის კვალს, ლოგიკურად, ისმის კითხვა, თუ ზვიად გამსახურდიამ თვითმკვლელობა განახორციელა მარჯვნიდან მარცხნივ, ზემოდან ქვემოთ, მაშინ, რა ტრაექტორიით წავიდა ტყვია, რომ საწოლის დაფა დაზიანებულია მარცხნიდან მარჯვნივ, ანუ დაზიანება საპირისპირო მიმართულებითაა გადახრილი და ეს მაშინ, როდესაც ქალაქ როსტოვში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში ზუსტად არის აღწერილი შემავალი და გამომავალი ტყვიის ტრაექტორია მარჯვნიდან მარცხნივ, რამდენადმე წინიდან უკან, რამდენადმე ზემოდან ქვემოთ.

 

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პათანატომ ნინო კიკაბიძის დასკვნები

დასკვნები ეყრდნობა ქალაქ როსტოვში ჩატარებული ექსპერტიზის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ცხედარს ნეკნებზე აღენიშნებოდა არაპირდაპირი მოტეხილობები, ეს ნიშნავს იმას, რომ მატრამვირებელი ძალა (საგანი) მოდებული იყო მისგან დაშორებულ მიდამოში, რამდენად ცალკეული ზემოქმედების შედეგად განვითარდა ეს დაზიანებები, ამაზე მსჯელობა შეუძლებელია. მარჯვენა მხარეს დაზიანებები მეორედან მეათე ნეკნის ჩათვლით მოტეხილობა აღენიშნება ლავიწშუა ხაზზე. მათგან მითითებულია, რომ მეექვსე და მეშვიდე მარცხნივამხრივ ნეკნზე და მეორე მარჯვენამხრივ ნეკნზე ეს არის არასრული მოტეხილობა, რაც ნიშნავს, რომ ნეკნი სრულად არ არის დაზიანებული, ანუ დაზიანება არ მოიცავს ნეკნის მთელ სისქეს, კერძოდ კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნულ ნეკნებზე გარეთა ძვლოვანი ფირფიტა არ არის დაზიანებული. აღნიშნულ ნეკნებზე უნდა ვიგულისხმოთ რაიმე სახის მექანიკური ზემოქმედება.

– კომისიის მოწვეული სპეციალისტი: სხეულის რა ნაწილზე შეიძლება ყოფილიყო მექანიკური ზემოქმედება, რომელმაც გამოიწვია მარჯვენა და მარცხენა მხარეს ნეკნების დაზიანება?

– პათანატომი: ვინაიდან აქ არის არაპირდაპირი მოტეხილობები, დაზიანების მიმყენებელი ძალა მოდებული იყო მათგან დაშორებულ მიდამოში.

ნეკნების დაზიანებას რაც შეეხება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარებული იყოს რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის წინა და უკანა მიმართულებით, რაღაც კომპრესიის მაგვარი ზემოქმედებით, მხოლოდ, აქვე დასამატებელია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია განვსაზღვროთ ყველა ნეკნი ერთდროულად მოტყდა თუ თანმიმდევრობით.

– კომისიის მოწვეული სპეციალისტი: რას შეეძლო გამოეწვია ბოქვენის ძვლისა და მენჯის ძვლის მოტეხილობა?

– პათანატომი: ბოქვენის ძვლის ზედა ტოტისა და საჯდომის ძვლის ქვედა ტოტის მოტეხილობა აღწერილობიდან გამომდინარე, განვითარებული უნდა იყოს ბლაგვი მექანიკური ძალის ზემოქმედებით. დაზიანებიდან დაშორებულ მიდამოში ზემოქმედებით. (დაშორება დაახლოებით იგულისხმება რამდენიმე სანტიმეტრით).

დასკვნის აღწერილობით ნაწილში არ ჩანს მარცხენა მენჯის ძვალი ცალკეულ ფრაგმენტებად არის წარმოდგენილი თუ არა და აღნიშნული მოტეხილობები იზოლირებულია და მოსაზღვრავს ფრაგმენტებს თუ ფრაგმენტაციის გარეშეა განვითარებული.

 

თავის ქალა

პათანატომი: თავის ქალა შედგება ქალა სარქვლისაგან, ფუძისაგან და სახის ნაწილისაგან. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იყო თავის ქალის 20 მცირე ზომის ფრაგმენტი და სამი დიდი ზომის ფრაგმენტი.

ეს ოცდასამი ძვლოვანი ფრაგმენტი წარმოადგენდა თავის ქალის სხვადასხვა მიდამოების ფრაგმენტებს. ვინაიდან თავის ქალაზე აღინიშნება ცეცხლნასროლი დაზიანება შემავალი და გამომავალი ხვრელით, თავის ქალის ფრაგმენტაციის იზოლირებულად განხილვა არარეკომენდირებულია, იგი უნდა განხილულ იქნეს ცეცხლნასროლ დაზიანებებთან ერთად. ცეცხლნასროლი იარაღიდან ჭურვის გასროლის შედეგად ჭურვი და თანმხლები ფაქტორები, კერძოდ, აირები ბლაგვი ძალის სახით მოქმედებენ.

ნეკნებზე და მენჯის ძვალზე არსებული მოტეხილობები გამორიცხული არ არის განვითარებულიყო რაიმე მექანიკური ძალის ზემოქმედებით სიცოცხლეში ან გარდაცვალების შემდეგ.

– კომისიის მოწვეული სპეციალისტი: რა იწვევს გვამური გაშეშების მოხსნას ან მის არ განვითარებას?

– პათანატომი: გვამური გაშეშება არის ერთ_ერთი სიკვდილის შემდგომი ნაადრევი ცვლილება. მისი განვითარება იწყება სიკვდილის დადგომისთანავე, თუმცა გამოვლინება ოდნავ მოგვიანებით, სიკვდილიდან დაახლოებით 2_4 საათის შემდეგ, თუმცა ზოგიერთი ავტორის აზრით ის შეიძლება 1_3 საათშიც გამოვლინდეს. გვამური გაშეშება ერთდროულად სხეულის ყველა ჯგუფის კუნთებში არ გამოვლინდება. თავდაპირველად ის ვლინდება სახის კუნთებში და ვრცელდება დაღმავალი გზით. სიკვდილიდან დაახლოებით 8_12 საათში გვამური გაშეშება მოიცავს სხეულის ყველა ჯგუფის კუნთს. გვამური გაშეშების მოხსნა სიკვდილიდან დაახლოებით 2_3 დღის შემდეგ ხდება.

კომისიის მოწვეული სპეციალისტი: თუ შეიძლება ადამიანს სიკვდილიდან დაახლოებით 20 საათის განმავლობაში არ აღენიშნებოდეს გვამური გაშეშება და შეეცვალოს მას სხეულზე ტანსაცმელი?

– პათანატომი: სიკვდილიდან ოცი საათის განმავლობაში გვამური გაშეშება უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ის გამოვლინდება სიკვდილიდან დაახლოებით 2_4 საათის შემდეგ. რაც შეეხება ცხედარს_ აქტიური მოძრაობების შესრულება არ შეუძლია.

გარდაცვლილს გარდაცვალების შემდეგ, მიზანმიმართული მოქმედების შესრულება არ შეუძლია.

– კომისიის მოწვეული სპეციალისტი: შესაძლებელია თუ არა რაიმე მომწამვლელი ნივთიერებას გამოეწვია ისეთი მდგომარეობა, რომ გვამური გაშეშება არ ჩამოყალიბებულიყო?

– პათანატომი: პირადად ასეთი შემთხვევა ჩვიდმეტი წლის პრაქტიკაში არ მქონია, თუმცა რეკომენდირებულია ტოქსიკოლოგის კონსულტაცია.

– კომისიის მოწვეული სპეციალისტი: გარდა ცეცხლნასროლი დაზიანებისა, პრეზიდენტის ცხედარზე მიყენებულ დაზიანებებს შეეძლო თუ არა გამოეწვია სიკვდილი?

პათანატომი: იზოლირებულად აღებული ნეკნების და მენჯის ძვლების მოტეხილობები არ მიეკუთვენება სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებებს. თუმცა გასათვალისწინებელია მოტეხილობებს თან ახლდა თუ არა შესაბამის მიდამოებში განლაგებული შინაგანი ორგანოების დაზიანებები.

_ კომისიის მოწვეული სპეციალისტი: ექსპერტის დასკვნაში მითითებული დაზიანებები პრეზიდენტის სხეულზე არის თუ არა ბრძოლის ან თავდაცვის შედეგი?

_პათანატომი: აღნიშნულ საკითხზე ძვლოვანი მასალიდან გამომდინარე მსჯელობა შეუძლებელია.

კომისიის მოწვეული სპეციალისტი: მოცემულ შემთხვევაში რამ განაპირობა სიკვდილის დადგომა?

პათანატომი: მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზის კონკრეტული დადგენა შეუძლებელია გვამის სრული სკელეტირების გამო, თუმცა, თავის მიდამოში გამჭოლი ცეცხლნასროლი დაზიანებების არსებობა საშუალებას გვაძლევს ექსპერტის დასკვნის მონაცემებზე დაყრდნობით ვთქვათ, რომ არ არის გამორიცხული, (შესაძლებელია) სიკვდილი დამდგარიყო თავის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად.

– კომისიის მოწვეული სპეციალისტი: იმ შემთხვევაში, თუ არის შემავალი და გამომავალი ჭრილობები_შემავალი მარჯვენა საფეთქელთან, ხოლო გამომავალი საპირისპირო მხარეს ყურის უკანა ნაწილში, როგორი იქნება სისხლის დენა?

– პათანატომი: ნებისმიერი სიცოცხლისდროინდელი დაზიანება (ჭრილობა) სისხლმდენია. სისხლდენის ინტენსივობა დამოკიდებულია აღნიშნულ მიდამოში არსებული, დაზიანებული სისხლძარღვების კალიბრზე და დაზიანებულ მიდამოში სისხლძარღვოვანი ქსელის განვითარების ინტენსივობაზე.

 

სასამართლო – სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას საპარლამენტო კომისიის გამოკითხვით:

ქალაქ როსტოვში ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით გვამზე დაფიქსირებული დაზიანებების შესახებ ექსპერტმა დროებითი საპარლამენტო კომისიის 2010 წლის 24 მაისს გამოკითხვისას განაცხადა, რომ ნეკნები, მენჯის ძვალი და ბოქვენის ძვალი თავისით ამ წლების განმალობაში არ გატყდებოდა, თუ არ იქნებოდა რაიმე ფიზიკური ზემოქმედება. იგივე შეიძლება ითქვას თავის ქალის დაზიანებების შესახებაც. რაც შეეხება მოწმეების (ზაზა ბურჯანაძე, გოჩა კეკენაძე, შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძე) მიერ ნახსენებ ყურის ზედა ნაწილის მოწყვეტას, ექსპერტის თქმით, მას რომ მსგავსი რამ დაეფიქსირებინა, აუცილებლად დაწერდა ამის შესახებ.

 

დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი

საპარლამენტო კომისიის გამოკითხვების საფუძველზე, როგორც საქმეზე არსებული მოწმეები აფიქსირებენ პრეზიდენტის გარდაცვალების ღამეს შემოესმათ “ტაშტის”, ან შიფონერის დავარდნის მსგავსი ხმა, რომელსაც ასოცირებენ ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ხმასთან.

კარლო და ლუდმილა ღურწკაიების სახლიდან, სადაც გარდაიცვალა პრეზიდენტი, დაახლოებით ოცდაათ მეტრში მდებარე მეზობლის ხის სახლში არ გაუგიათ იარაღის გასროლის ხმა ან გასროლის მსგავსი რაიმე მოქმედებით განპირობებული ხმაური.

2010 წლის 6 ნოემბერს საპარლამენტო კომისიამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად მოწვეული სპეციალისტების ორგანიზებით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი:

ექსპერიმენტი ჩატარდა ხობის რაიონის სოფ. ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიას სახლში, მეორე სართულზე, სადაც მთავარი მოწმეების ცნობით აღესრულა საქართველოს პირველი პრეზიდენტი დაახლოებით 22 საათზე. ოთახის ფართობი დაახლოებით 15კვმ. ოთახში განათავსეს იგივე ავეჯი, რაც 17 წლის წინ: კარადა, ორი საწოლი დაშლილ მდგომარეობაში და ორი პატარა მაგიდა. სახლს ჰქონდა ჰერმენტულად დახურული კარები და ფანჯარა. იატაკი ნორმალურ მდგომარეობაში იყო.

გასროლის ხაზზე უსაფრთხოების მიზნით კარადა გადაადგილებული იქნა შესასვლელი კარებიდან მარჯვენა მხარეს და მის ადგილზე დამონტაჟდა ტყვიის დამჭერი. გასროლა განხორციელდა “ ნორინკოს” მოდელის პისტოლეტიდან, რომელსაც აქვს უძრავი ლულა და დაახლოებით “სტეჩკინის” მსგავსი ტექნიკურ–ტაქტიკური პარამეტრები.

უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვის შესაბამისად გასროლა განხორციელდა ჰორიზონტალური ხაზიდან ოცდაათი გრადუსით ზემოთ, ტყვიის დამჭერის მიმართულებით. ხმის დასაფიქსირებლად გამოყენებულია იაპონური სისტემის პროფესიული ვიდეოკამერა, რომელსაც აქვს ხმის ფიქსირების მაღალი ხარისხი, მისი შემდგომი დამუშავების პარამეტრებით.

განხორციელდა სამი ექსპერიმენტული გასროლა. პირველი გასროლა_დახურულ ოთახში, სადაც მთავარი მოწმეების ცნობით გარდაიცვალა პრეზიდენტი, ამავე ოთახში განთავსებული იყო ხმის დამჭერი ვიდეოკამერა. გასროლის შემდეგ დაფიქსირდა ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული შესაბამისი ხმოვანობა.

მეორე შემთხვევაში ხმის დამჭერი ვიდეოკამერა განთავსდა პირველ სართულზე, სადაც პრეზიდენტის გარდაცვალების დროს იმყოფებოდნენ პრეზიდენტის მასპინძლები. მოცემულ შემთხვევაშიც გასროლის შემდეგ დაფიქსირდა ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული შესაბამისი ხმოვანობა.

მესამე შემთხვევაში ხმის დამჭერი ვიდეოკამერა განთავსდა ღურწკაიების სახლიდან (სადაც გარდაიცვალა პრეზიდენტი), დაახლოებით ოცდაათ მეტრში მდებარე მეზობლის ხის სახლში. ამჯერად ხის სახლის ნაცვლად კაპიტალურ შენობაში, პირველ სართულზე, სადაც იმ დროს იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები. მოცემულ შემთხვევაშიც გასროლის შემდეგ დაფიქსირდა ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული შესაბამისი ხმოვანობა.

 

ზურაბ ხუციშვილი – სამხედრო ექსპერტი

ფილმი “დინების საწინააღმდეგოდ” 2007წ.

“არ მგონია გუგუშვილი სამხედრო განხრით ნავარჯიშები ყოფილიყო, ანუ მოუმზადებელი იქნებოდა ხომ?! ამას ემატება, რომ ადამიანს სძინავს. იგი შოკში ჩავარდებოდა, უბრალოდ, შოკში და სუსტი გულის მქონე ადამიანს შეიძლება ინფაქტი მიეღო საერთოდ. სულ ცოტა, რომ დაყრუვდებოდა და პირველ წამებში ვერაფერს გაიგებდა, თუ რა ხდება, რაშია საქმე?–რატომ მაგაზე არ ამახვილებს ყურადღებას გუგუშვილი?

“ტაშტის” ვარდნის ხმას უდრის “სტეჩკინის” გასროლის ხმა?, იგივე “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტის გასროლის ხმა? – უძლიერესი პისტოლეტია”.

 

დროებითი საპარლამენტო კომისიის კომენტარი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მთავარი მოწმეების ჩვენებებიდან გამომდინარე ბესარიონ გუგუშვილი მომხდარი ფაქტის შემდეგ დაუყოვნებლივ დგება საწოლიდან, რომელიც პრეზიდენტის საწოლის გვერდით მდებარეობს და მიემართება გვერდით ოთახში პრეზიდენტის პირადი დაცვის ორი წევრის მოსახმობად. ოთახების გამყოფი კედელი ხის არის, კარების გარეშე და ჩამოფარებულია ფარდა, ნახევრად ღია მდგომარეობაში. აღნიშნული დაცვის წევრების ოთახიდან აგრეთვე მოემართებიან ნახევრად მძინარე მდგომარეობაში მყოფი დაცვის უფროსი რობინზონ მარგველანი და დაცვის წევრი ბაჩუკი გვანცელაძე, ისე, რომ მათზე როგორც ნორმალურ ადამიანებზე არ ვრცელდება ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული შესაბამისი ხმოვანობის ადეკვატური მდგომარეობა. სწორედ აქედან იღებს სათავეს მთავარი მოწმეების მხრიდან არაადეკვატური და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები და გამოკითხვები.

 

გაგრძელება

ნაწილი III

                        

                                         

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s