Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•პარლამენტის კომისიის დასკვნა-III

♥ ზვიად გამსახურდია

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან

დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის

 დასკვნითი დოკუმენტი

 თბილისი 2011

 ნაწილი I ნაწილი II

ნაწილი III

 

 

***       

 

ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა ჩვენებები

 

2010 წლის 25 იანვრი. გვარდიის ყოფილი სარდალი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის შესახებ

“ზვიად გამსახურდია არ არის თვითმკვლელი. იგი მოკლულია ედუარდ შევარდნაძის სპეციალური დავალებით, რომელიც განახორციელეს შსს მინისტრმა შოთა კვირაიამ, გენერალმა გია გულუამ, ყოფილმა უშიშროების მინისტრის მოადგილემ ავთანდილ იოსელიანმა. ამ საქმეში აგრეთვე გარეულია მაშინდელი პრემიერ მინისტრი ავთანდილ მარგიანი. ზვიად გამსახურდიას სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შევარდნაძეს გაუჩნდა პირდაპირი მტერი და მას ემუქრებოდა ჩამოგდება. აქედან გამომდინარე, შევარდნაძემ დაიწყო ფიქრი, თუ როგორ მოესპო ზვიად გამსახურდია. მან დავალება მისცა შოთა კვირაიას, გია გულუას, ავთანდილ იოსელიანს და ავთანდილ მარგიანს. ეს პირები იყვნენ გარეული ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში. ედუარდ შევარდნაძის დავალებით, მარგიანი და დევდარიანი ჩავიდნენ ადმირალ ბალტინთან მოლაპარაკების მიზნით. თანხის რაოდენობას მე ვერ გეტყვით, მაგრამ ბალტინი უფულოდ აქ არ ჩამოვიდოდა. მას არანაირი უფლება არ ჰქონდა შემოსულიყო საქართველოს ტერიტორიაზე. ბალტინს თავისი უფროსებისგან ჰქონდა ნებართვა და ამიტომაც შემოვიდა ფოთში. ეს იყო სწორედ ის დამანგრეველი ძალა რომლის შემდეგაც დაიშალნენ ზვიად გამსახურდიას მომხრეები.

ავთანდილ მარგიანმა ერთ–ერთი საუბრის დროს თავის ახლობელთან თქვა _ მე გადავიხადე 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ამერიკული დოლარი ზვიად გამსახურდიას მკვლელობაშიო. ამის შემდეგ მე ვამტკიცებ, რომ ზვიად გამსახურდია მოკლულია. მე ვიძახი, რომ ზვიად გამსახურდია არის ორი ტყვიით მოკლული. არ შეიძლება “სტეჩკინის” სისტემის იარაღით, ზემოდან ქვემოთ ნასროლით თავი მოეკლა ზვიად გამსახურდიას, ეს არის ნასროლი. პირველმა ტყვიამ ეტყობა რბილობში გაიარა, ხოლო მეორე ეტყობა ზემოდან დაახალეს და მოკლეს. ერთი ტყვია არის საწოლში. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე წამშია გაკეთებული. ავთო იოსელიანის დაჯგუფებამ ყველაფერი იცოდა გამსახურდიას გადაადგილების შესახებ. შოთა კვირაია ერთხელ ვნახე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი, რომელმაც ისე თქვა რაღაც, რომ ეს უთუოდ მათი გაკეთებული იყო.

 

თვითმკვლელი კაცი როდის იყო მუცელზე იდებდა ასეთი სიმძიმის იარაღს. ფინანსური სისტემა ებარა მარგიანს, მან შევარდნაძის დავალებით გამოიტანა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ამერიკული დოლარი და გადაიხადა პრეზიდენტის მკვლელობაში. ეს ინფორმაცია არის იმ წრიდან, სადაც მარგიანმა გაამხილა აღნიშნული ინფორმაცია, ამას დეტალურად შემდგომში ვიტყვი.

ლოთი ქობალიას და ედუარდ შევარდნაძეს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.“

 

2010 წლის 27 იანვრი. უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის შესახებ

„პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობაში შემსრულებლების დონეზე განიხილებიან შს მინისტრი შოთა კვირაია და აწ განსვენებული გენერალი გია გულუა. ამას ჩვენ ვერ გავექცევით. სახელმწიფო მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს როდესაც მოვახსენე, რომ ზვიად გამსახურდია ალყაში მყავს_მეთქი, მან მითხრა _ მე ცოცხალი არ მჭირდებაო. ამ საქმის შესრულებაში გადახდილი იყო თანხა, სხვათაშორის ეს დიდი თანხა არ არის. შემსრულებლებმა ვინც იციან აღნიშნულის შესახებ, მზად არიან ითანამშრომლონ გამოძიებასთან. პროკურატურაში არ არის მასალები, რომლებიც დაადასტურებენ მის მკვლელობას და ასევე არ მოიპოვება მასალები, რომლებიც დაადასტურებენ მის თვითმკვლელობას. ჩვენ ვიცოდით ზვიად გამსახურდიას ჩამოსვლაც და მას ვინც აეროპორტში უნდა დახვედროდა ის პირებიც. ბატონი ზვიადი ღია რადიო კავშირით ესაუბრებოდა ლოთი ქობალიას. ეს ჩანაწერები ჩვენ გვქონდა. იქ საუბარში ვახტანგი (ლოთი) ყველანაირად ცდილობდა დაეჯერებინა პრეზიდენტი, რომ მისი ჩამოსვლა აუცილებელი და რაც მთავარია შედეგიანი იქნებოდა.

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მის ჩამოსვლამდე ოთხი დღით ადრე 1993 წლის 20 სექტემბერს. გია გულუამ პრაქტიკულად იცოდა პრეზიდენტ გამსახურდიას გადაადგილება. მქონდა ინფორმაცია, რომ ზვიად გამსახურდიასთვის ეძებდნენ ჩასაცმელს, ჯერ მაშინ, როდესაც ის ცოცხალი იყო. წინასწარ ვრცელდება უკვე ინფორმაცია, რომ კაცმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე ორი დღით ადრე ერთი კაცი ყიდულობს პრეზიდენტისთვის უკვე პიჯაკს მის გასაპატიოსნებლად. ჩემი ანალიზით, შემთხვევის ადგილზე უცხო პირი ვერ მივიდოდა. ოთხმოცდაცხრამეტი მთელი ცხრა მეათედი პროცენტით მე გამოვრიცხავ, რომ იქ ვინმე შეიპარა, ასევე გამოვრიცხავ თვითმკვლელობას. ე. ი. მივდივართ იქამდე, რომ ეს დავალება შეასრულა იმ ხალხმა ვინც მასთან უშუალოდ კონტაქტში იყვნენ, ანუ, პირველი წრე, მასთან ვინც იმყოფებოდა, უცხო იქ ვერ შევიდოდა.“

 

2010 წლის 25 თებერვალი. ყოფილი პრემიერ მინისტრი თენგიზ სიგუა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის შესახებ

„1993 წლის 23 სექტემბერს ზვიად გამსახურდია ჩამოიყვანეს გროზნოდან სენაკის აეროპორტში, იქედან გადაიყვანეს ზუგდიდში, ამის შემდეგ გააქტიურდა სამხედრო შეიარაღებული ფორმირება. ესენი იყვნენ შს–ს და უშიშროების სამინისტროს სპეცრაზმები. მოლაპარაკება გამართეს რუსეთ–უკრაინის გაერთიანებული შავი ზღვის ფლოტის ხელმძღვანელობასთან, კერძოდ, ადმირალ ბალტინთან. არის ინფორმაცია, რომ ბალტინის მოსასყიდად გაღებულია საკმაოდ დიდი თანხა. ამ გზით იგი ჩართეს სამხედრო ოპერაციაში. ამ ოპერაციის შედეგად ქობალიას რაზმი დამარცხდა და უკვე იწყება ზვიად გამსახურდიას დევნა, ამ ორი უწყების შექმნილი რაზმების მიერ.

უშიშროების მინისტრის იგორ გიორგაძის თქმით, სადაც იგი ღიად ამბობს, რომ ჩემი რაზმი კვალდაკვალ მისდევდა ზვიად გამსახურდიასო, პრეზიდენტის გარემოცვიდან ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ. გიორგაძემ როდესაც შესთავაზა სახელმწიფო მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს, შემიძლია დავაპატიმრო გამსახურდია და მეორე დღესვე მოგგვაროო, შევარდნაძის პასუხი იყო ასეთი, ცოცხალი ზვიად გამსახურდია მე არ მჭირდებაო. გიორგაძის თქმით მან ეს დავალება არ შეასრულა, მაგრამ მისი გვერდის ავლით ანალოგიური დავალება მიიღო მისმა პირველმა მოადგილემ ავთანდილ იოსელიანმა. ოფიციალური ვერსია, რომ პრეზიდენტმა „სტეჩკინის“ სისტემის პისტოლეტით მოიკლა თავი, სინამდვილეს არ შეესაბამება. კერძოდ, „სტეჩკინის“ სისტემის იარაღი იწონის კილოგრამზე მეტს და აქედან გამომდინარე, გასროლის შემდეგ იარაღი იატაკზე უნდა ეგდოს, ამას ნებისმიერი ექსპერტი დაადასტურებს. ამ დროს გაკეთებულია ინსცენირება, რომ გასროლის შემდეგ პრეზიდენტს იარაღი ხელში უკავია და მუცელზე უდევს. დაცვის უფროსი იმდენად განსწავლული უნდა იყოს, რომ თვითმკვლელობის იარაღი არ გააპრიალოს. ამ პროცედურის შემდეგ წაშლილია ანაბეჭდების კვალი. ზვიად გამსახურდიას იარაღი ბოლომდეა გაპრიალებული, პრეზიდენტი გაპატიოსნებულია, მისი სამოსი გარეცხილი და გაპრიალებულია, ყველაფერია გაკეთებული კვალის დაფარვის მიზნით.

 

ცნობილი პათანატომის თამარ დეკანოსიძის თქმით, დათვალიერების დროს გვამთან მეტრ_ნახევარზე ახლოს არავინ მიუშვეს. იმ გარეგნული დათვალიერებით, რაც მე ვნახე, ძალიან მეეჭვება, რომ იყოს თვითმკვლელობა.”

როდესაც ოპოზიცია თბილისის ზღვაზე დაბანაკდა, მოსკოვიდან ჩამოვიდა ერთ_ერთი მაღალჩინოსანი, თბილისის მეტროპოლიტენის ყოფილი ხელმძღვანელი ნოდარ ბერიძე, რომელმაც თენგიზ კიტოვანს განუცხადა, რომ უშუალოდ ედუარდ შევარდნაძის დავალებით იყო მოსული. მისი თქმით, დავალების არსი მდგომარეობდა იმაში, რომ დაქირავებულიყო „ქილერი“ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციისთვის, რაზედაც ამ პიროვნებამ სასტიკი უარი მიიღო თენგიზ კიტოვანისგან.”

[თენგიზ სიგუა ასევე მიიჩნევს, რომ 50 000 ამერიკული დოლარი ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციისთვის არის ძალიან მცირე თანხა. თენგიზ სიგუა დღესაც ღრმად არის დარწმუნებული, რომ ეს იყო მკვლელობა.]

 

 ***

 

 საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ჩატარებული გამოკითხვებისა და საქართველოს მთავარი პროკურატურიდან გამოთხოვილი #7494802 სისხლის სამართლის საქმის მასალების

შემაჯამებელი დასკვნები და შეფასებები

 

აღნიშნული საქმე ისე აღძრა გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ა. ბალუაშვილმა, რომ მითითებული არ იყო სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლი და საქმის ნომერი. შესაბამისად, საქმის ნომერი და ბარათი არ გაგზავნილა საინფორმაციო ცენტრში.

მიუხედავად ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებში გამოვლენილი შეუსაბამობებისა და იმ პასუხგაუცემელი კითხვებისა, რომლებიც ასახულია წარმოდგენილ საქმეში, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, 1994 წლის 10 იანვარს აღძრული სისხლის სამართლის საქმე  2004 წლიდან დღემდე შეჩერებულია და დღემდე არ არსებობს მათ მიერ მოპოვებული არც ერთი რეალური მტკიცებულება არც პრეზიდენტის თვითმკვლელობის და არც მკვლელობის შესახებ.

ამავე დროს, საქართველოს პროკურატურის მასალებში საქართველოს პრეზიდენტის გარდაცვალების ერთადერთ მიზეზად მხოლოდ თვითმკვლელობა სახელდება, რომელიც მომდინარეობს როგორც მთავარი მოწმეებისგან (რობინზონ მარგველანი, შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძე, ზაზა ბურჯანაძე, გოჩა კეკენაძე), ასევე მათთან დაკავშირებული პირებისგან (კარლო ღურწკაია, ლუდმილა აბშილავა, ძმები: ზაურ და ანატოლი ჩუხუები), რომლებიც აგრეთვე მოწმის სტატუსით დაიკითხნენ.

საქმის გაცნობისას ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ გამოძიებას არ დაუკითხავს ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურის არც ერთი წარმომადგენელი და თანამდებობის პირი. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ სწორედ ეს სტრუქტურები ახორციელებდნენ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დევნას 1993 სექტემბერ_დეკემბერში. ასევე აღსანიშნავია, რომ ზვიად გამსახურდიას სამშობლოში დაბრუნებამდე 1 დღით ადრე, 1993 წლის 23 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აღძრა და წარმოებაში მიიღო სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე ათეული მუხლით საქართველოს პრეზიდენტისა და კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ. საქართველოს უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე, გენერალი ავთანდილ იოსელიანი ფილმში “დინების საწინააღმდეგოდ”, რომელიც 2007 წელს ტელეეთერით გავიდა, პირდაპირ მიუთითებს: “საქართველოს პრეზიდენტს ეს ორი ჯგუფი ეძებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროების სამინისტრო… გარემოცვა არ იყო ჩვენთან დაკავშირებული, გარემოცვა, რომ ყოფილიყო, მაშინ ჩვენ გვეცოდინებოდა მისი საბოლოო ადგილსამყოფელი. ჩვენ კავშირი გვქონდა გარემოცვის გარემოცვასთან. სადაც მოძრაობდა ვიცოდით ამ დონეზე. მე ახლა აგენტურას ვერ გეტყვით, რადგან მაგის უფლება არ მაქვს.” (იხ. ფილმის პირველი ნაწილი ინტერვიუ ა. იოსელიანთან)

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იკვეთება გამოძიების არათანმიმდევრული და ტენდენციური მოქმედება 1994-2003 წლებში განხორციელებული სისხლის სამართლის საქმის მიმართ. დროებითი საპარლამენტო კომისია სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მიიჩნევს, რომ აღნიშნულ წლებში არ არსებობდა აღნიშნული საქმის გამოძიების პოლიტიკური ნება. ამის გამო განადგურდა ყველა კვალი, რასაც შესაძლებელია საგამოძიებო და კრიმინალისტიკური კუთხით გარკვეული შედეგის დადგომისთვის ხელი შეეწყო. მოწმეებისა და უშუალო თვითმხილველების ურთიერთგამომრიცხავი და არსებულ საქმესთან შეუსაბამო ჩვენებები ეფექტიანი საგამოძიებო მოქმედებების გარეშე უშედეგოა. აღსანიშნავია ასევე, რომ მომხდარი დანაშაულის უშუალო შემსრულებლებისა და თანამონაწილეების თითქმის ნახევარი ლიკვიდირებულია ან გარდაცვლილი. თუ რატომ არ არსებობდა საქმის გამოძიების პოლიტიკური ნება, ამ შეკითხვაზე პასუხი უნდა გასცენ უპირველეს ყოვლისა “სახელმწიფოს მეთაურმა”, შემდეგ პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, ასევე მისი ხელისუფლების უმაღლესი რგოლის წარმომადგენლებმა.

პრეზიდენტის ჯიხაშკარიდან ძველ ხიბულაში გადაყვანის თარიღსა და დროს დაკითხული პირები ჩვენებებში ურთიერთგამომრიცხავ დღეებსა და საათებს ასახელებენ. გამოძიების მსვლელობისას აღნიშნულ საქმეზე არ დაკითხულან ამ ოჯახის სხვა წევრები, რომლებიც შემთხვევის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.

წინააღმდეგობრივია პრეზიდენტის გადაყვანის აღწერა მოწმეების მიერ ჯიხაშკარიდან ძველ ხიბულაში. მანქანაში ვერ გამოიძებნა ადგილი პრეზიდენტის პირადი დაცვის ორი წევრის, ზაზა ბურჯანაძისა და გოჩა კეკენაძის გადასაყვანად, მაშინ როდესაც მანქანაში ადგილი მოინახა ერთ-ერთი გვარდიელისთვის, გულიკო ტიბუასათვის. ასევე ძველ ხიბულაში მდებარე კარლო ღურწკაიას კუთვნილ ორსართულიან სახლში არ აღმოჩნდა ჯიხაშკარში, ჯონსონ კვარაცხელიას კუთვნილ სახლში დატოვებული ზაზა ბურჯანაძის და გოჩა კეკენაძის ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ ძველ ხიბულაში მდებარე კარლო ღურწკაიას კუთვნილ სახლში ამის შესაძლებლობა ნამდვილად იყო.

პროკურატურის მიერ წარმოებულ დაკითხვებში ყურადღება არ გამახვილებულა არც პრეზიდენტის ჩაცმულობაზე გზაში, არც მის მდგომარეობაზე საწოლში და არც გარდაცვალების დროსა და თარიღზე. პირიქით, ამის საპირისპიროდ კომისიის მიერ ჩატარებული გამოკითხვებით ვიგებთ, რომ ოჯახის მასპინძელმა პრეზიდენტი ამოიცნო მხოლოდ ზედა ტუჩით და მისი სიმაღლე ვერ განსაზღვრა, ჩაცმულობაზე, რომ არაფერი ვთქვათ.

პრეზიდენტის გადაადგილებას სამ–ოთხ კილომეტრზე, მათივე ჩვენებებით დასჭირდა ოცი წუთი და ამ დროს გაურკვეველი რჩება თუ შებინდებისას გასულნი (დაახლოებით 18 : 00საათზე.) როგორ მივიდნენ ღამის 22საათზე, 22საათსა და 30წუთზე კარლო ღურწკაიას კუთვნილ სახლში.

გარდაცვლილი პრეზიდენტის მდგომარეობას საწოლში, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დაკითხული მთავარი მოწმეები ასევე ურთიერთგამომრიცხავად და წინააღმდეგობრივად აღწერენ. ბოლო მასპინძელი_ლუდმილა ღურწკაია–აბშილავა პრეზიდენტის გარდაცვალებიდან პირველიდან მეორე სართულზე სახლის შიდა კიბით ავიდა რამდენიმე წუთში. პრეზიდენტს სახე და ხელები მისი თქმით უკვე აკრული ჰქონდა. ტანზე ეცვა შარვალი და პიჯაკი, რამაც ლუდმილა აბშილავა გააკვირვა, ვინაიდან მომხდარ ფაქტამდე ერთი საათით ადრე, როდესაც პრეზიდენტს ჩაი მიართვა მას საწოლში სპორტული პიჟამა ეცვა. ბალიში და საბანი საწოლზე აღარ იყო. თავქვეშ ამოდებული ჰქონდა ოჯახის ბიბლიოთეკიდან გადმოღებული წიგნები.

ასევე სხვადასხვა თარიღი სახელდება პრეზიდენტის გარდაცვალების დღედ, 30–31 დეკემბერი. თვით ცოლ–ქმარი ღურწკაიები აფიქსირებენ გარდაცვალების სხვადასხვა რიცხვს. ერთ–ერთი უშუალო მოწმის მამრიკო ზარანდიას გამოკითხვით, პრეზიდენტის გარდაცვალება მან 29 დეკემბერს დღის საათებში შეიტყო. აღნიშნული ინფორმაციის მომწოდებლად ის რამდენიმე წყაროს ასახელებს.

პრეზიდენტის თავის ქალაზე შემავალი და გამომავალი ნატყვიარის აღწერილობა ასევე ურთიერთწინააღმდეგობრივია, კერძოდ, შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძის თქმით, მან როდესაც დაათვალიერა პრეზიდენტის ცხედარი, თავის ქალაზე ნახა მხოლოდ შემავალი ტყვია მარჯვენა საფეთქლის მიდამოსთან, ხოლო გამომავალი ნატყვიარი მისი თქმით პრეზიდენტს არ ჰქონდა, რამაც ის გააკვირვა.

მოწმეები ასევე განსხვავებულ დიამეტრს ასახელებენ შემავალი ტყვიის რადიუსად (4–5მმ.).  მოწმე ნუკრი ღურწკაიას, კარლო ღურწკაიას ვაჟის გამოკითხვით, იგი როდესაც ავიდა და ნახა საწოლში გარდაცვლილი პრეზიდენტი, ვერ შენიშნა პრეზიდენტის ცხედარზე სისხლის კვალი. პრეზიდენტის პირადი დაცვის წევრების თქმით, ვერ აღმოაჩინეს ვერც ტყვიის გულა და ვერც მასრა. ოჯახის მასპინძლის კარლო ღურწკაიას ჩვენებით კი, მასრა იპოვეს, მაგრამ თუ ვინ აიღო, არ იცოდა. დაცვის უფროსმა რობინზონ მარგველანმა საპარლამენტო კომისიის გამოკითხვით, პროკურატურის ჩვენებისაგან განსხვავებით განაცხადა, რომ იპოვა მასრა და იგი შეინახა ჯონსონ კვარაცხელიას ეზოში პრეზიდენტის იარაღთან და სახელმწიფო ბეჭედთან ერთად.

პრეზიდენტის საწოლის დაფაზე აღმოჩენილია 6–7 მილიმეტრის ზომის დაზიანება. აღნიშნული დაფიქსირებულია პროკურატურის მასალებში, როგორც ტყვიისმიერი დაზიანება. ისმის კითხვა, ხომ არ არის ეს პრეზიდენტზე მიყენებული იმ მეორე ტყვიის კვალი, რომელიც პრეზიდენტს ქალაქ გროზნოს პროზექტურაში აღენიშნებოდა. აღნიშნულს დაცვის ერთ–ერთი წევრის სოსო თორიას თქმით, ადასტურებდა გროზნოს პათანატომი, რომ ეს იყო პრეზიდენტის ცხედარზე მეორე მცირე კალიბრიანი იარაღით მიყენებული ჭრილობა ყელის არეში. პათანატომმა დააფიქსირა ეს, აიღო მავთულის მსგავსი სამედიცინო იარაღი და შეიყვანა ნაჭრილობევში, იმის დასადასტურებლად, რომ შემავალი ჭრილობა იყო ნატყვიარი და გამჭოლად არ იყო გასული.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის ო. ჯაფარიძის #18. 05. 2001.  წერილში ვკითხულობთ: რობინზონ (რობერტ) მარგველანის თქმით, ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა “სტეჩკინის” კონსტრუქციის მაყუჩიანი პისტოლეტით, რომელიც ამოღებული და გამოკვლეული არ ყოფილა.

განსაკუთრებულ საქმეთა უფროსმა გამომძიებელმა ო. ჯაფარიძემ, წერილობით აცნობა რა ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო საზოგადოებას, მიუთითა წყარო, საიდანაც ჰქონდა მას ეს ინფორმაცია, თუმცა მარგველანის ჩვენებების შესწავლამ ეს არ დაადასტურა. როგორც ჩანს, გამქრალია მაყუჩის არსებობის შესახებ პირველწყარო. ძნელი სავარაუდოა, რომ განსაკუთრებულ საქმეთა უფროს გამომძიებელ ო. ჯაფარიძეს უბრალოდ შეშლოდა და სიტყვა “მაყუჩი” გამოეყენებინა ისე, რომ ამის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონოდა რომელიმე წყაროდან–მოწმის ჩვენებიდან და სხვა. თვითონ მაყუჩის არსებობის ფაქტი უკვე გამორიცხავს თვითმკვლელობის ვერსიას, რადგან მაყუჩი იარაღს კიდევ უფრო აგრძელებს და სრულიად გამორიცხავს თვითმკვლელის მიერ მისი ხელში დაჭერისა და სროლის განხორციელების შესაძლებლობას იმ კუთხით, რომელზედაც მოწმეები და ქალაქ როსტოვში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს. სხვათა შორის, მაყუჩის არსებობაზე გარკვეულ წილად მიუთითებს თვითონ რობინზონ მარგველანისა და კარლო ღურწკაიას მეუღლის ლუდმილა აბშილავას განცხადებები, რომ მათ შემოესმათ სროლის ყრუ ხმა. ამგვარი ხმა სწორედ მაყუჩიანი იარაღიდან განხორციელებულ გასროლაზე მიუთითებს.

კომისიამ მოიპოვა ზუგდიდის ყოფილი კომენდანტის, ბადრი ზარანდიას დღიური, რამაც სინათლე მოჰფინა პრეზიდენტის ყოფნას წალენჯიხის რაიონში აფხაზეთიდან გადმოსვლის შემდეგ. უშუალო თვითმხილველთა გამოკითხვებიდან კომისიამ მოიპოვა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ბესარიონ გუგუშვილთან ერთად მუჟავაში–ბადრი ზარანდიას ბანაკში ისე მივიდა, რომ მას არ ჰყავდა პირადი დაცვის არც ერთი წევრი 4–5 დღის განმავლობაში. მუჟავასა და ჭყებზენის მთებში პრეზიდენტს რამდენჯერმე შეხვდნენ და ულტიმატუმიც წაუყენეს ზუგდიდის კომენდანტის ბადრი ზარანდიას დაჯგუფების წევრებმა და მათივე რიგებში მყოფმა პოლიციის თანამშრომლებმა. ულტიმატუმის თანახმად პრეზიდენტს უნდა დაეტოვებინა ქვეყანა, ვერტმფრენის, ან წითელ ხიდზე გადასვლით, რომლის უზრუნველყოფასაც თავად დაჰპირდნენ. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ მუჟავაში ყოფნისას გენერალ გია გულუასთან დაკავშირებული პირებისთვის პრობლემა არ იყო პრეზიდენტთან შეხვედრა, რომელიც ერთხელ მუჟავაში დაცვის გარეშეც კი დარჩენილა 4-5 დღის განმალობაში. 

ურთიერთგამომრიცხავი და წინააღმდეგობრივია პრეზიდენტის ავადმყოფობასთან დაკავშირებით მიცემული ჩვენებები და გამოკითხვები. რამდენჯერმე მეორდება, თითქოს პრეზიდენტი, რომელიც სამეგრელოს ათეულობით სოფელსა და პუნქტს გადადიოდა ფეხით, ღამეებს ათევდა ტყესა და მთაში და იმყოფებოდა იმდენად შეუძლოდ, რომ ვერ გადაადგილდა ეზოს ჭიშკრამდეც კი. როგორც ჩანს, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება პრეზიდენტის ტკივილებზე მუცლის არეში და ამ ფაქტორის დამძიმება ცალკეული მოწმის მიერ მიზნად ისახავს შემდგომში მათ მიერვე გავრცელებული თვითმკვლელობის ვერსიის გასამართლებლად კიდევ ერთი საფუძვლის გამოძებნას.

რაც შეეხება იარაღს, დაცვის წევრების განმარტებით, პრეზიდენტი სამეგრელოში “სტეჩკინის” სისტემის პისტოლეტს ატარებდა, რომელიც მას ბადრი ზარანდიამ აჩუქა, მაგრამ ბადრი ზარანდიას გარდაცვალებისას თავისი კუთვნილი იარაღი თვითონვე ჰქონდა. საპარლამენტო კომისიის გამოკითხვით “სტეჩკინის” კონსტრუქციის იარაღი აჩუქა ერთ–ერთმა გვარდიელმა ავთო პაკელიანმა. ერთ–ერთი “სტეჩკინის” სისტემის იარაღი ჩამარხა რობინზონ მარგველანმა ჯიხაშკარში, ჯონსონ კვარაცხელიას სახლის ეზოში. ამავე დროს, რობინზონ მარგველანი პროკურატურისადმი მიცემულ ჩვენებებში მიუთითებს რომ “სტეჩკინის” სისტემის პისტოლეტი და პრეზიდენტის პირადი დაცვის წევრების “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტები სასახლეში ჩაულაგა გარდაცვლილ პრეზიდენტს და გროზნოში სასახლიდან თვითონვე ამოიღო.

ზემოთქმულიდან გამომდინარე გაუგებარია, სად არის იარაღი, რომლისგანაც განხორციელდა გასროლა.

ამ მნიშვნელოვან საკითხზედაც ერთმანეთის გამომრიცხავი ჩვენებები არსებობს.

რობინზონ მარგველანს თუ დავუჯერებთ, ზვიად გამსახურდიას ორივე იარაღი, ერთი “სტეჩკინი”, რომლისგან განხორციელებული გასროლითაც, რობინზონ მარგველანისა და სხვათა მტკიცებით გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ხოლო, მეორე “ნაგანი”, რომლის არსებობის შესახებ რობინზონ მარგველანმა მხოლოდ პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ შეიტყო–თვითონ დაიტოვა, შემდეგ ქალაქ გროზნოში წაიღო და ვიღაც ჩეჩენ მეგობარს მიაბარა. მანანა არჩვაძე-გამსახურდიას კი უთხრა, რომ ვითომ ეს იარაღები სამეგრელოში იყო დამალული.

გოჩა კეკენაძის განცხადებით კი რობინზონ მარგველანმა და თვითონ გოჩა კეკენაძემ ეს იარაღები, პრეზიდენტის სხვა ნივთებთან ერთად, ჯონსონ კვარაცხელიას ეზოს შორიახლოს, მიწაში ჩამარხეს. ამასვე ადასტურებს, ნაწილობრივ, თავად ჯონსონ კვარაცხელიაც, რომელიც იმასაც ამბობს, რომ 1994 წლის გაზაფხულზე მან ჩამარხული ნივთები მანანა არჩვაძე-გამსახურდიას გამოგზავნილ პირებს გადასცა და, რომ ამ ნივთებს შორის იყო “სტეჩკინის” პისტოლეტი, მაგრამ “ნაგანის” რევოლვერი იქ არ ყოფილა.

ამ ორი, ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებიდან ჩანს, რომ რომელიღაც მოწმე გამოძიებას ცრუ ჩვენებას აძლევს? თუმცა, რომელი მათგანიც არ უნდა იყოს სწორი, უდავოა, რომ საქმეში არ არსებობს იარაღი, რომლისგანაც თითქოს განხორციელდა გასროლა; ის ფაქტი, რომ ეს იარაღი უკვალოდ გაქრა, თვით რობინზონ მარგველანისა და ზვიად გამსახურდიას გარემოცვის სხვა წევრების მოქმედების ან უმოქმედობის შედეგია.

ცხადია, რომ ამ იარაღის არსებობა დიდ როლს ითამაშებდა თვითმკვლელობის ან რომელიმე სხვა ვერსიის დადასტურების ან უარყოფისათვის. შესაბამისად, არსებობს გონივრული ეჭვი იმისა, რომ იარაღი სპეციალურად გადამალეს ან/და გაანადგურეს იმისათვის, რომ ის გამოძიებას ხელში არ ჩავარდნოდა.

ასევე უცნობია, თუ სად გაქრა მასრა და გულა, რომლისგანაც დაიღუპა პრეზიდენტი.

ამ შემთხვევაშიც ერთობ საეჭვო გარემოებები იკვეთება:

რობინზონ მარგველანი ირწმუნება, რომ ტყვიის გულა და მასრა ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს. ამის საწინააღმდეგოდ, კარლო ღურწკაია, რომლის სახლშიდაც გარდაიცვალა პრეზიდენტი, გადაჭრით ამბობს, რომ მასრა იმავე ღამეს იპოვეს, მაგრამ რომელმა აიღო ის, რობინზონ მარგველანმა, შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძემ თუ ბესარიონ გუგუშვილმა – არ იცის. იმავე მოწმის ცნობით, ტყვიის გულა არ უპოვიათ.

როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაშიც სერიოზული წინააღმდეგობაა სხვადასხვა პირების ჩვენებებს შორის, თანაც ისეთ მნიშვნელოვან ნივთმტკიცებასთან დაკავშირებით, როგორიც არის გასროლილი ტყვიის გულა და მასრა. ამ შემთხვევაშიც რომელიღაც მოწმე ცრუობს. უფრო მეტიც, თუ კარლო ღურწკაიას ჩვენება სწორია, და ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში სწორედ კარლო ღურწკაიას ჩვენებაა უფრო სანდო, ვიდრე რობინზონ მარგველანისა, რადგან პრეზიდენტის გარდაცვალების ფაქტის მიმართ კარლო ღურწკაია ნეიტრალური პირია. ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ რობინზონ მარგველანმა, პრეზიდენტის გარემოცვის დანარჩენმა პირებმა, ან სულაც სხვა, უცნობმა პირმა რაღაც მოსაზრებით შეგნებულად გააქრეს საქმისათვის ესოდენ დიდი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება.

იარაღის გულასა და მასრის გარდა, განადგურებული და გამქრალია შესაძლო სისხლის კვლების ამოღების ყველა შესაძლო ნივთები, კერძოდ, ლეიბები დაწვეს მთავარმა მოწმეებმა, არ ჩანს საბანი, ბალიში გარეცხა პრეზიდენტის ბოლო მასპინძელმა ოჯახის დიასახლისმა, ხოლო ბალიშის პირი გაქრა. პრეზიდენტის სამოსიდან ნაწილი გამქრალია, ნაწილი კი_გარეცხილი.

გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს ის ადამიანები, რომელთაც შეეძლოთ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციების მოწოდება ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებზე. 1994 წელს მოკლეს გენერალი გია გულუა, 1998 წელს_ზურაბ შონია, იგივე “პუშკინა”, 2003 წელს კი_ბადრი ზარანდია.

1994 წლის 17 თებერვლის დაკრძალვის ადგილიდან გვამის ამოღებისა და გარეგანი დათვალიერების ოქმში, რომელსაც ხელს აწერს 21 ადამიანი, აღნიშნულია პრეზიდენტის ხილულ ადგილებზე, კერძოდ სახეზე ექვსი სხვადასხვა ზომისა და ფორმის დაზიანება. კომისიას არ შეუძლია იმსჯელოს მათ წარმომავლობაზე. ამასთანავე, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის სახელმწიფო სასამართლო_სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად (გაცემულია ქ. როსტოვის მიერ, დათარიღებულია 06–26 მარტით, 2007 წელი) დათვალიერებულ იქნა პრეზიდენტის სამარხი, საიდანაც განხორციელდა პრეზიდენტის ექსჰუმაცია. საფლავის სიღრმე იყო მეტრ_ნახევარი, კედლები ამოშენებული იყო წითელი აგურით, სასახლის დაფაზე შეინიშნებოდა დეფორმაციები და დაფების დარღვევა. ამავე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია პრეზიდენტის სხეულზე ცხრა ნეკნის გატეხვა, ბოქვენისა და მენჯის ძვლის მოტეხილობები; ხოლო ქ. როსტოვში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში გამოთქმულია ექსპერტის ვარაუდი, რომ ეს დაზიანებები შესაძლოა გამოეწვია გრუნტის მასების ზემოქმედებას, რომლებმაც დროთა განმავლობაში ჩააღწიეს მიცვალებულის სასვენებელში. კომისია მიიჩნევს, რომ გამოთქმული ვარაუდი არ არის დამაჯერებელი, გამომდინარე იქიდან, რომ ამავე დასკვნის თანახმად სასახლე იყო არა გატეხილი, არამედ დეფორმირებული. კომისიის მიერ მოწვეულმა პათანატომმა ნინო კიკაბიძემ გრუნტის მასის ზემოქმედების განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა ზემოხსენებული მოტეხილობების წარმოქმნაში უარყო.

ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია იმ გარემოებასთან, რომ 1994 წლის 17 თებერვალს პრეზიდენტის ცხედარს არ ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტრომ ამ დროს ჩამოიყვანა რამდენიმე უცხოელი ექსპერტი. სახელმწიფომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე უარის თქმის საბაბად დაასახელა მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მიერ ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებული წერილი, რომელიც უნდობლობას უცხადებდა “ხუნტის” მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას. კომისია თვლის, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ ზვიად გამსახურდიას გვამისთვის ექსპერტიზის ჩაუტარებლობა იმ არგუმენტით, რომ პრეზიდენტის ოჯახი ამის წინააღმდეგი იყო, მოკლებულია კანონიერ საფუძველს. სამართლებრივ სახელმწიფოში საგამოძიებო ორგანოები ვალდებული არიან ჩაატარონ საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევა. თუ ასეთი გამოკვლევისთვის საჭიროა ექსპერტიზის ჩატარება, იგი უნდა ჩატარდეს. უდავოა, რომ ყოველთვის, როდესაც არსებობს გვამი, მას უნდა ჩაუტარდეს სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რათა დადგინდეს სიკვდილის მიზეზი. როდესაც ასეთი ექსპერტიზა არ ტარდება, ცხადია, საგამოძიებო ორგანოს პრეტენზია ვერ ექნება, რომ მან ჩაატარა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევა. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩაუტარებლობა საგამოძიებო ორგანოს მიერ კანონის მოთხოვნის შეუსრულებლობის, ანუ კანონის დარღვევის ტოლფასია. რაც შეეხება ოჯახის პოზიციას, კანონის თვალსაზრისით მას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს, რადგან ოჯახის ესა თუ ის სურვილი საგამოძიებო ორგანოს მიერ კანონის დარღვევის საფუძველი ვერ გახდება.  

კრიმინალისტის მოცემულობის ანალიზის თანახმად, გასროლა უნდა მომხდარიყო არა ნაკლებ 100_200 მმ მანძილიდან და ზემოთ, რადგან არ შეიმჩნევა ბჯენითა და ახლო მანძილისთვის დამახასიათებელი დაზიანებები როგორიცაა “შტანცმარკა”, ქსოვილის ჯვარედინი ნახეთქი, სიდამწვრე. აღნიშნულს ადასტურებს ქ. როსტოვში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა: “თავის ქალაზე არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გამოწვეული (ცეცხლნასროლი) დაზიანება შესაძლებელია მიყენებული იქნა ჭვარტლის წარმოქმნის მანძილზე”. ექსპერიმენტულად დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან “АПС” (პისტოლეტი “სტეჩკინი”) ჭვარტლის წარმოქმნის მანძილი არის ლულიდან 100_200 მილიმეტრი და ზემოთ.

დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი აირები ლულის გამოსასვლელთან 50_55მმ მანძილზე აღწევს 1500_30000ჩ. რომელიც იწვევს კანზე არა მარტო დენთის დამწვარი, თუ დაუმწვარი ნაწილაკების არსებობას, არამედ თერმული და ქიმიური ზემოქმედების კვალის წარმოქმნასაც, რაც ცხედარს ტყვიის შემავალ ხვრელზე არ აღენიშნებოდა.

დაზიანება მიყენებულია მხოლოდ ტყვიის კინეტიკური ენერგიის ხარჯზე, აირების ზემოქმედების გარეშე, რაც არ გამორიცხავს მაყუჩიანი AПB (AПB-გარეგნულად ავტომატური პისტოლეტის “სტეჩკინის” მაგვარი, მაყუჩით) ან მსგავსი პისტოლეტიდან გასროლის წარმოებას, ახლო ან მიბჯენასთან მიახლოებული მანძილიდან, რადგან მაყუჩის მიერ ხდება გამონატყორცნი აირების შეკავება, მასში არსებულ სექციებში.

მოწმეები, რომლებმაც ნახეს თავის ქალაზე შემავალი ჭრილობა აფიქსირებენ 6_7მილიმეტრის დიამეტრს, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს კანის ელასტიურობის გამო. ტყვიის გულა, კინეტიკური ენერგიის ზემოქმედებით, კანთან შეხებისას გაიყოლებს კანს მოძრაობის მიმართულებით, გაჭიმავს, შემდეგ ამოგლიჯავს პატარა ნაწილს და უბრუნდება თავის ფორმას, უფრო ნაკლები დიამეტრის ხვრელის სახით, ვიდრე თავად ტყვიის გულაა, რომლის გარშემოც შეიმჩნევა ტყვიის გულაზე არსებული სხვადასხვა ნივთიერებების გაწმენდის კვალი. შემავალი ხვრელის ზომა არ ემთხვევა ტყვიის დიამეტრს, იგი ყოველთვის მასზე ნაკლებია. ასეთ შემთხვევაში აირების ზემოქმედებას ადგილი არ აქვს.

ქ. როსტოვში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში ასევე ნათქვამია: “ტყვიის მოძრაობის მიმართულებაა მარჯვნიდან მარცხნივ, რამდენადმე ზემოდან ქვემოთ, რამდენამდე წინიდან უკან, რაზედაც მიუთითებს შემავალი და გამომავალი ხვრელები”. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ავტომატური პისტოლეტის “სტეჩკინის” (რომლის წონა დამუხტულ მდგომარეობაში 1420 გრამია) ხელში დაჭერა თვითმკვლელობის მიზნით, ლულით 100_200 მილიმეტრის მანძილზე და ისე, რომ ტყვის მიმართულება იყოს მარჯვნიდან მარცხნივ, რამდენადმე ზემოდან ქვემოთ, რამდენამდე წინიდან უკან, ფიზიკურად შეუძლებელია.

თუნდაც შესაძლებელი ყოფილიყო თვითმკვლელობის მიზნით ავტომატური პისტოლეტის “სტეჩკინით” განხორციელებულიყო საფეთქლის არეში სროლა იმ მიმართულებით, როგორიც აღწერილია ქ. როსტოვში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში, მსროლელი (ამ შემთხვევაში თვითმკვლელი) იძულებული იქნებოდა მიეტანა იარაღის ლულა თავის ქალაზე, რაც უმეტეს შემთხვევაში გამოიწვევდა საფეთქლისა და სოლისებრი ძვლის განგრევას, ცეცხლსასროლი იარაღის ლულიდან გამოტყორცნილი აირების მეშვეობით, რომლის წნევა ლულაში შეადგენს 1200_2000 კგ/სმ2 და ლულის გარეთ ეცემა გავრცელების მანძილის შესაბამისად. აღნიშნული მოქმედება ასევე გამოიწვევდა დიდი რაოდენობის სისხლის და სხვადასხვა სხეულის ნაწილაკების გამოდინება-გამოფრქვევას შემავალი და გამომავალი ხვრელებიდან; რაც მოწმეთა ჩვენებებსა და ასევე საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებულ მასალებში არ ფიგურირებს.

ავტომატური პისტოლეტის “სტეჩკინის” ლულიდან ტყვიის გამოტყორცნის ენერგია შეადგენს 348_353 ჯოულს, ე.ი. ცეცხლსასროლი იარაღის საკეტის უკუცემის ძალა შეადგენს თითქმის იგივეს, რადგან “სტეჩკინის” მოდელის პისტოლეტს არ აქვს მოძრავი ლულა და უკუცემის ენერგია სრულად გადაეცემა ცეცხლსასროლი იარაღის საკეტს და შემდეგ ინერციულად სახელურს, რაც ზემოთ აღწერილი ფორმით გასროლის წარმოების შემთხვევაში გამოიწვევდა მისი ხელიდან გავარდნას.

ქალაქ როსტოვში ჩატარებული სასამართლო_სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თავის ქალის სარქველი არის დეფორმირებული და თავის ქალის ფუძე ისეა დაშლილი, რომ მისი აწყობა ვერ მოხერხდა. დიდია ალბათობა იმისა, რომ ყოველივე აღნიშნული, შესაძლებელია გამოწვეული იყოს რაიმე ზემოქმედების შედეგად. აგრეთვე, მოცემულ დაზიანებაზე არ იგულისხმება იმ ტყვიის ზემოქმედება, რომლის მარჯვნიდან მარცხნივ მიმართული არხიც დაფიქსირებულია მიცვალებულის თავის ქალაზე. მოცემული დაზიანება თავის უკანა ნაწილს მოიცავს, სადაც დასკვნის თანახმად, ტყვიის არც შემავალი, არც გამომავალი ხვრელი არ ფიქსირდება. საწოლის საზურგეზე არსებული დაზიანება გაურკვეველი წარმომავლობისაა, რადგან არ ჩატარებულა მეტალიზაციაზე შემოწმება. თუ დავუშვებთ, ზოგიერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე იმ მოსაზრებას, რომ დაზიანება საწოლის დაფაზე წარმოქმნილია თავის ქალიდან გასროლის შემდეგ გამომავალი ტყვიის მიერ, მაშინ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, გვამის მდებარეობისა და ტყვიის მიმართულებასთან დაკავშირებით. რადგან ამ შემთხვევაში ადამიანი უნდა წოლილიყო საწოლის ნაპირზე მოუხერხებელ მდგომარეობაში, რა დროსაც გასროლის წარმოება მარჯვნიდან მარცხნივ, რამდენადმე ზემოდან ქვემოთ, რამდენამდე წინიდან უკან თვითმკვლელობის შემთხვევაში შეუძლებელია.

კომისიის მიერ მოპოვებული მასალები და მათზე დაყრდნობით გაკეთებული დასკვნები პრაქტიკულად აბათილებს  თვითმკვლელობის ვერსიას, რომელიც ერთადერთ მსჯელობის საგნად იქცა 1994-2004 წლებში პროკურატურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში.

გამოძიება ვალდებული იყო დაემუშავებინა და შეემოწმებინა ყველა სხვა ვერსია, რომელსაც მოცემულ სიტუაციაში ჰქონდა არსებობის უფლება. რატომ დაიჯერა გამოძიებამ ასე იოლად თვითმკვლელობის ვერსია ან რატომ არ მიმდინარეობდა პარალელურად მუშაობა მკვლელობის მიმართულებით ანდა რატომ არ გამოითქვა ეჭვი, რომ მკვლელს ან მკვლელებს შეეძლოთ სიკვდილის მუქარით იძულებული გაეხადათ რობინზონ მარგველანი, შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძე, ბესარიონ გუგუშვილი და ზვიად გამსახურდიას ახლო გარემოცვის სხვა პირები მიეცათ ჩვენებები და განმარტებები თვითმკვლელობის ვერსიის სასარგებლოდ?

სისხლის სამართლის მასალების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არსად იკვეთება ის გარემოება, რომ გამოძიებას 1994–2004 წლებში ჰქონდა რაიმე სხვა ვერსია გარდა იმისა, რასაც მას რობინზონ მარგველანი და სხვანი სთავაზობდნენ. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე მისი აღძვრიდან სულ რაღაც ორ თვეში შეწყდა. ასევე არ ჩანს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად გამოკვლევის სურვილი გამოძიების მოქმედებაში სისხლის სამართლის საქმის წარმოების განახლების შემდეგაც. ამას მოწმობს გამოძიების მიერ განხორციელებული არათანამიმდევრული და დაგვიანებული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც დეტალურად არის აღწერილი ამ დასკვნაში.

რობინზონ მარგველანის, შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძის და სხვათა დაკითხვის ოქმები არ შეიცავს არავითარ მინიშნებას იმის შესახებ, რომ გამოძიება ოდესმე სერიოზულად დაინტერესდა იმ აშკარად წინააღმდეგობრივი, ურთიერთგამომრიცხავი, რეალობასთან შეუსაბამო და ხშირად საღ აზრს მოკლებული განცხადებებით, რომლებსაც ეს პირები აკეთებდნენ დაკითხვის დროს. მათი დაკითხვის ოქმები მხოლოდ მოწმეთა თხრობითი ჩვენებებისგან შედგება, ხოლო გამომძიებლების მიერ აქა-იქ დასმული კითხვები არც ერთ შემთხვევაში არ იყო მიმართული იქითკენ, რომ გამოაშკარავებულიყო და ახსნილიყო ის აშკარა წინააღმდეგობები, რომლებზედაც, ვფიქრობთ, საკმაოდ ფართოდ ვისაუბრეთ ზემოთ.

კომისიას მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ არის საკმარისი რეზერვები იმისათვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება. ამისათვის შეიძლება საჭირო იყოს მოწმეების ხელახლა დაკითხვა, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მტკიცებულებების დეტალური შესწავლა, შესაძლოა აუცილებელი გახდეს გვამის ხელახალი ექსჰუმაციაც. გარდა ამისა, შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით აუცილებელია ბესარიონ გუგუშვილის დაკითხვის ორგანიზება და სხვა.

კომისიას ასევე მიაჩნია, რომ იმ მოწმეების მიმართ, რომლებიც ითანამშრომლებენ გამოძიებასთან და მისცემენ სწორ, ობიექტურ, რეალობის შესაბამის ჩვენებებს, უნდა გამოყენებულ იქნეს სათანადო დაცვის საშუალებები, რომლებსაც ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მოწმეები შეეცდებიან კვლავ დაუმალონ გამოძიებას და საერთოდ საქართველოს საზოგადოებას სიმართლე და მხარს დაუჭერენ თავიანთ ძველ ჩვენებებს, რომლებიც არა მხოლოდ ურთიერთგამომრიცხავია, არამედ საღ აზრს ეწინააღმდეგება, მაშინ მათ კიდევაც პასუხი უნდა აგონ შეგნებულად ცრუ ჩვენებების მიცემისათვის.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საპარალმენტო კომისია სთხოვს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიყენონ კომისიის მიერ მოკვლეული ახალი ფაქტები და გარემოებები და მოახდინონ სათანადო რეაგირება.  

[247]

 

სრულად

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s