Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•პარლამენტის კომისიის დასკვნა-I

♥ ზვიად გამსახურდია

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან

დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის

დასკვნითი დოკუმენტი

თბილისი 2011

ნაწილი I, ნაწილი II , ნაწილი III

ნაწილი I

***

 

სისხლის სამართლის #7494802 საქმის აღწერილობითი ნაწილი და მისი მოკლე საპროცესო ისტორია

1991 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგეებმა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად და კანონიერი ხელისუფლების დასამხობად ამბოხი დაიწყეს და მთავრობის სასახლეს ცეცხლი გაუხსნეს. აღნიშნული მდგომარეობა ქვეყანაში გრძელდებოდა 1992 წლის 6 იანვრამდე, ვიდრე პრეზიდენტმა არ მიიღო გადაწყვეტილება ძმათა მკვლელი ომისა და სისხლის ღვრის თავიდან აცილების მიზნით დაეტოვებინა ქვეყანა. თბილისის დატოვებისას პრეზიდენტს და მის თანმხლებ პირებს უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა გაუხსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც ორივე მხრიდან იყვნენ დაჭრილები. ასე აღმოჩნდნენ პრეზიდენტი და მისი თანმხლები პირები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. რადგან, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი იყო პრეზიდენტისა და მისი თანმხლები პირების დაპატიმრება, პრეზიდენტმა მარშრუტი შეცვალა და გადავიდა სომხეთის ტერიტორიაზე, ქალაქ იჯევანში. დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, ჩეჩნეთის პრეზიდენტთან შეთანხმების შედეგად ზვიად გამსახურდია, მისი ოჯახის წევრები და ორმოცამდე თანმხლები პირი გადაფრინდნენ ქალაქ გროზნოში, სადაც ჯოხარ დუდაევმა პრეზიდენტს საცხოვრებლად გამოუყო “ცეკას” სასტუმრო.

გროზნოში პრეზიდენტთან ჩასული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატები პრეზიდენტს არწმუნებდნენ, რომ საჭირო იყო მისი საქართველოში დაბრუნება, არსებული დე ფაქტო ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა. ამასთანავე 1993 წლის ზაფხულში, ზუგდიდში, უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნების შესახებ. ადგილზე გარემოების შესასწავლად პრეზიდენტმა საქართველოში გამოაგზავნა პრემიერ- მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი. ბესარიონ გუგუშვილმა ჩამოსვლიდან მეორე დღეს, ზუგდიდში, ჩაატარა მრავალათასიანი მიტინგი და მოუწოდა მოსახლეობას ერთსულოვნებისა და კანონიერი ხელისუფლების მხარდაჭერისკენ.

1993 წლის 24 სექტემბერს პრეზიდენტი გროზნოდან ზუგდიდში ჩავიდა. ზვიად გამსახურდიას ზუგდიდში ჩასვლის დღესვე გაიმართა მრავალათასიანი მიტინგი, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია გადავიდა აფხაზეთში და ჩავიდა ოჩამჩირეში. პრეზიდენტს შეხვდნენ იქ მებრძოლი ქართველები, მათ შორის, შევარდნაძის მომხრე ძალოვნებისა და სამხედრო ფორმირებათა წარმომადგენლები. ამის შემდეგ პრეზიდენტი წავიდა ტამიშში, სადაც დასავლეთის ქვეყნების კორესპონდენტებმა ჩამოართვეს მას ინტერვიუ. პრეზიდენტის პოზიცია, რომელიც მან ადგილობრივი ტელევიზიით დააფიქსირა, შეიცავდა კანონიერ და ფაქტობრივ ხელისუფლებათა შეიარაღებული ძალების გაერთიანებისკენ მოწოდებას, რათა აფხაზეთის დაცვა ერთიანი ფრონტით მომხდარიყო. (იხ. დოკუმენტური ფილმი “დინების საწინააღმდეგოდ”, პირველი ნაწილი) სხვადასხვა მიზეზის გამო ეს გაერთიანება არ შედგა. ამ ფაქტორმა, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სეპარატისტების აქტიურმა მხარდაჭერამ განაპირობა საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხი, ჯერ სოხუმის, შემდეგ კი ოჩამჩირისა და გალის დაცემა.

აფხაზეთის დაცემის შემდეგ პრეზიდენტი ჩავიდა წალენჯიხაში, მარტვილში, სენაკში, აბაშაში, ფოთში და ბოლოს სამტრედიაში. მოსახლეობა პრეზიდენტს ყველგან აღფრთოვანებით ხვდებოდა და მისგან მოითხოვდა კანონიერი ხელისუფლების აღდგენისათვის ბრძოლას. ყველა ამ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში აღდგენილად ცხადდებოდა კანონიერი ხელისუფლება.

მას შემდეგ, რაც ჩაიშალა ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციაში გამართული მოლაპარაკებები კანონიერ და ფაქტობრივ ხელისუფლებათა წარმომადგენლებს შორის, თბილისში განთავსებულმა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ დახმარება კრემლს სთხოვა. რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდალმა სევასტოპოლში, ადმირალმა ედუარდ ბალტინმა ჯავშანტექნიკით შეიარაღებული დესანტი გადმოსხა ფოთში და რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა დე ფაქტო ხელისუფლების სამხედრო დაჯგუფებებთან ერთად განახორციელეს შეტევა კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, რის შედეგადაც დაიკავეს დასავლეთ საქართველოს არაერთი ქალაქი და დასახლებული პუნქტი.

1993 წლის 31 ოქტომბრიდან პრეზიდენტსა და მის თანმხლებ პირებზე დევნას ახორციელებდნენ დე ფაქტო ხელისუფლების უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმები, აგრეთვე გენერალ გია გულუას მიერ რუსეთიდან ჩამოყვანილი სპეციალური დანიშნულების რაზმი “ლეტუჩიე მიში”. პრეზიდენტი გადავიდა აფხაზეთში, კერძოდ, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ილორში, სადაც სეპარატისტული მხარის მიერ დანიშნული ადგილობრივი ხელისუფლის, რუსლან Qქიშმარიას ძმის, მერაბ ქიშმარიას სახლში მას შესთავაზეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და სანაცვლოდ დაჰპირდნენ სამხედრო დახმარების აღმოჩენას კანონიერი ხელისუფლების აღსადგენად. ამაზე პრეზიდენტმა კატეგორიული უარი განაცხადა. ამის შემდეგ პრეზიდენტსა და მის თანმხლებ პირებს მოკლე ხანში დაატოვებინეს აფხაზეთი. 5 ნოემბერს პრეზიდენტი სამეგრელოს ტერიტორიაზე დაბრუნდა.

პრეზიდენტი თანმხლებ პირებთან ერთად გადაადგილდებოდა სამეგრელოს რეგიონის ტყეებსა და სოფლებში, ხოლო 1993 წლის 28 დეკემბერს სოფელ ჯიხაშკარიდან, ჯონსონ კვარაცხელიას სახლიდან გადავიდა სოფელ ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიას სახლში. ბესარიონ გუგუშვილის, რობინზონ მარგველანისა და ბაჩუკი გვანცელაძის თქმით, 30 დეკემბერს დაახლოებით 00.00 საათსა და 01.00 საათს. შორის პრეზიდენტმა კარლო ღურწკაიას სახლში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ხოლო ბაჩუკი გვანცელაძის თქმით, პრეზიდენტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 30-31 დეკემბერს ღამით.

1994 წლის 10 იანვარს საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოადგილემ ა. ბალუაშვილმა რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებული მასალებისა და მანანა არჩვაძე-გამსახურდიას განცხადების საფუძველზე აღძრა და წარმოებაში მიიღო სისხლის სამართლის #7494802 საქმე – ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე (თუმცა საქმის აღძვრის დადგენილებაში მითითებული არ არის, როგორც თვით ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტი, ისე საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება). 1994 წლის 5 იანვარს მითითებული საქმის აღძვრამდე, საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის ჯამლეთ ბაბილაშვილის სახელით ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს #1 ბრძანება სპეციალური საგამოძიებო- ოპერატიული ჯგუფის შექმნის თაობაზე. აღნიშნული ჯგუფის უფროსის ა. ბალუაშვილის და მისი წევრების – ავთანდილ იოსელიანის, კორნელი ჩალაძის, ვენედი ბენიძის, ზ. ჯორჯიკიას, ა. ხვადაგიანის, ლ. კვაშილავას და ო. ქელდიშვილის შემადგენლობით, აღნიშნულ ბრძანებაში მითითებულია, რომ საქართველოს რესპუბლიკის “ყოფილმა” პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში თავი მოიკლა. აღნიშნულის შესასწავლად და გამოძიების მიზნით შეიქმნა ზემოხსენებული ჯგუფი. 1994 წლის 12 იანვარს ა. ბალუაშვილმა გამოიტანა დადგენილება “დაკრძალვის ადგილიდან ზვიად გამსახურდიას გვამის ამოღებისა და დათვალიერების შესახებ”. ამ დროისთვის ნეშტის დაკრძალვის ადგილი ოფიციალურად გახმაურებული არ ყოფილა. 1994 წლის 13 იანვარს ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზის დასადგენად დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. აღნიშნული დადგენილება შესასრულებლად გადაეგზავნა საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს ა. ჯორბენაძეს. 1994 წლის 17 იანვრის #13 ბრძანებით ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ზემოხსენებული დადგენილების საფუძველზე ზვიად გამსახურდიას გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის გამოკვლევისთვის შექმნა კომპლექსური კომისია ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. 1994 წლის 5 იანვარს #1 ბრძანების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები 6 იანვარს გაემგზავრნენ ქალაქ გროზნოში, სადაც შეხვდნენ ოფიციალურ – პირებს პრეზიდენტ ჯოხარ დუდაევს და ვიცეპრეზიდენტ ზ. იანდარბიევს, ასევე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრს მერაბ კიკნაძეს. მანანა არჩვაძე- გამსახურდიამ მათთან შეხვედრა არ ისურვა და პრეზიდენტ ჯ. დუდაევის პირით შეუთვალა, რომ კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ზ. გამსახურდიას დაკრძალვის ადგილის გამხელის, სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისა და ასევე ამ ფაქტთან საქართველოში ნებისმიერი საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიების განხორციელების თაობაზე. დელეგაციამ გროზნოდან წამოიღო მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ზ. იანდარბიევისათვის გადაცემული მიმართვის ასლები. მანანა არჩვაძე-გამსახურდიას 1994 წლის 7 იანვრით დათარიღებული რუსულენოვან ტექსტში, გამოხატულია საკუთარ და ოჯახის წევრთა ნება, ზვიად გამსახურდიას ნეშტი დაიკრძალოს ჩეჩნეთში. ანალოგიური ტექსტითა და თხოვნით მანანა არჩვაძე-გამსახურდია მიმართავს ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრსა და ჩეჩნეთის მთავრობას. საქმეს ერთვის ჩეჩნეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 იანვრის #10 დადგენილების ასლი ზვიად გამსახურდიას ოჯახის თხოვნით საშუამავლო მისიით ჩეჩნეთის დელეგაციის შექმნის, გვამის ამოცნობისა და საქართველოდან ჩეჩნეთში გადასვენების მიზნით, რომელსაც დაერთვის #1 ოქმი, რომლითაც განსაზღვრულია მხარეთა უფლება-მოვალეობები. საქმეშია ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის 1994 წლის 13 იანვრის საქართველოს მთავრობისათვის გაგზავნილი დეპეშა ზვიად გამსახურდიას ოჯახის სახელით გარდაცვლილის ნეშტის საქართველოდან ჩეჩნეთში უსაფრთხო გადასვენების, ასევე ჩეჩნეთიდან თვითმფრინავის მიღების პირობების შექმნის თხოვნით და აღნიშნულის თაობაზე ქართული მხარის თანხმობის პასუხები.

1994 წლის 17 თებერვალს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში ვალიკო ზარანდიას საცხოვრებელი სახლის ახლოს მდებარე დამხმარე ნაგებობაში, მიწის ამოთხრის შედეგად, ამოსვენებული იქნა კუბო, ზვიად გამსახურდიას ცხედრით. იმავე დღეს, 1994 წლის 17 თებერვალს, სენაკის აეროპორტში ჩატარდა ზვიად გამსახურდიას ცხედრის გარეგნული დათვალიერება. ცხედრის ამოღებისა და დათვალიერების ოქმს ხელს აწერენ იმდროინდელი საქართველოს რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ავთანდილ მარგიანი, ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები – გურამ შარაძე, იმდროინდელი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი გივი ლომინაძე, იმდროინდელი საქართველოს რესპუბლიკის ტელერადიო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გოგელია, იმდროინდელი საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ მიქელაძე, იმდროინდელი საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე ავთანდილ იოსელიანი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი თამარ დეკანოსიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ კაპანაძე, საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოადგილე ანზორ ბალუაშვილი და სხვები, სულ 21 პირი. ოქმს სხვებთან ერთად ხელს აწერს ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის უფროსი რობინზონ მარგველანი, რომელიც გარდაცვალების მომენტში ზვიად გამსახურდიასთან იმყოფებოდა. იმავე დღეს, 1994 წლის 17 თებერვალს, ზვიად გამსახურდიას ნეშტი თვითმფრინავით გადაასვენეს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში, სადაც იგი დაიკრძალა.

ამის შემდეგ გამოძიების მიერ ჩატარდა სულ რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხა რამდენიმე მოწმე, მათ შორის, ვალიკო ზარანდია და მისი მეუღლე, რომელთა საცხოვრებელი სახლის ახლოს მდებარე დამხმარე ნაგებობაში მიწის ამოთხრის შედეგად ამოასვენეს ზვიად გამსახურდიას ცხედარი. თუმცა, გაუგებარი მიზეზით, მაშინვე არ დაკითხულან საქართველოს პრეზიდენტთან უშუალოდ გარდაცვალების მომენტში მყოფი პირები. ამასთანავე, პრეზიდენტის გარდაცვალების ადგილზე, კარლო ღურწკაიას სახლში, არ ჩატარდა ჩხრეკა და არ მოხდა იქედან ნივთმტკიცებათა ამოღება, ასევე არ იქნა მიღებული ზომები იმ ცეცლსასროლი იარაღის მოსაძებნად, რომლიდანაც მოხდა გასროლა.

1994 წლის 10 მარტს საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსმა გამომძიებელმა ო. ჯაფარიძემ (ცხადია, ა. ბალუაშვილის მითითებით) გამოიტანა დადგენილება “თვითმკვლელობით, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე აღძრული #7494802 სისხლის სამართლის საქმის დანაშაულის შემთხვევის არარსებობის გამო შეწყვეტის შესახებ”. საინტერესოა, რომ საქმის მასალებიდან არ ჩანს, თუ როდის გადაეცა საქმე წარმოებაში ბატონ ო. ჯაფარიძეს. 1997 წლის 15 თებერვლის დადგენილებით საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ა. ბალუაშვილმა განაახლა წარმოება #7494802 სისხლის სამართლის საქმეზე. საქმის წარმოების განახლების ოფიციალურ მიზეზად დადგენილებაში აღინიშნა, რომ მანამდე მოწმის სახით არ დაკითხულა “თვითმკვლელობის” უშუალო მოწმე საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის პირადი დაცვის უფროსი რობინზონ მარგველანი. სისხლის სამართლის საქმე წარმოებაში იმავე ო. ჯაფარიძეს გადაეცა, რომელმაც 3 წლით ადრე შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმის წარმოება “დანაშაულის შემთხვევის არარსებობის გამო”.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის პირადი დაცვის უფროსი, რობინზონ მარგველანი, პრეზიდენტის გარდაცვალებისა და სხვა გარემოებების ირგვლივ პირველად დაიკითხა 1997 წლის 5 თებერვალს. იგი აღნიშნულ საქმეზე თექვსმეტჯერ არის დაკითხული. როგორც მოწმის სტატუსით დაკითხვებში, ასევე საგაზეთო ინტერვიუებში იგი აცხადებს, რომ ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლე პისტოლეტის გამოყენებით, თვითმკვლელობით დაასრულა.

ასეთივე ჩვენებებს აძლევენ ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის სხვა წევრებიც, რომლებიც მოწმის სტატუსით დაიკითხნენ მხოლოდ 2004 წლის მარტ-აპრილში, ანუ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან ათ წელზე მეტის გასვლის შემდეგ. მათ შორის არიან შემთხვევის ადგილზე მყოფი შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძე, აგრეთვე ზაზა ბურჯანაძე და გოჩა კეკენაძე, რომლებიც რობინზონ მარგველანისა და შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძისაგან განსხვავებით, ზვიად გამსახურდიას კარლო ღურწკაიას სახლში არ ახლდნენ და სხვებს ზვიად გამსახურდიას დაღუპვის შემდეგ შეუერთდნენ.

დღემდე საერთოდ არ დაკითხულა ბესარიონ გუგუშვილი, რომელიც ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მომენტში ასევე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ამის ოფიციალური მიზეზი ისაა, რომ ბესარიონ გუგუშვილი ცხოვრობს ფინეთში. თუმცა, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ ჩანს, მიიღო თუ არა საქართველოს რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ შესაბამისი ზომები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და საერთაშორისო სამართლით, რათა აღნიშნული პირი დაიკითხოს ფინეთის შესაბამისი უწყებების თანხმობითა და დახმარებით. გამოძიების მიერ მხოლოდ 1999 წლის თებერვალში მოწმის სტატუსით დაიკითხნენ კარლო ღურწკაია და ლუდმილა აბშილავა, ცოლ-ქმარი, რომელთა სახლშიც დაიღუპა საქართველოს პირველი პრეზიდენტი. მხოლოდ 1999 წლის თებერვალში დაიკითხნენ მოწმის სტატუსით ჯუმბერ (ზაურ) და ანატოლი ჩუხუებიც, რომლებსაც ურთიერთობა ჰქონდათ ზვიად გამსახურდიასთან მის გარდაცვალებამდე გარკვეულ პერიოდში.

იმავე პერიოდში, ანუ 1999 წლის თებერვალში, მოწმის სტატუსით დაიკითხა ჯონსონ კვარაცხელიაც, რომლის სახლშიც სტუმრობდა პრეზიდენტი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე და რომლის ეზოშიც დაიმარხა მისი ნეშტი მცირე ხნით, ვიდრე მას ვალიკო ზარანდიას სახლში გადაასვენებდნენ.

მხოლოდ 2004 წლის მარტში, ანუ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან ათ წელზე მეტის გასვლის შემდეგ პროკურატურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი კარლო ღურწკაიასა და ლუდმილა აბშილავას სახლში, სადაც გარდაიცვალა პრეზიდენტი. 2004 წლის 2 მარტით დათარიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმისა და 2004 წლის 3 მარტის საგნის დათვალიერების ოქმის თანახმად, კარლო ღურწკაიასა და ლუდმილა აბშილავას სახლიდან სხვა საგნებთან ერთად ამოღებული იქნა ბალიში, რომელზედაც თავი ედო გარდაცვლილ პრეზიდენტს და საქმის მასალებში საწოლის თავის დაფა, რომელსაც ამჩნევია ტყვიის კვალი. თუმცა, არ ჩანს, შემდგომ რა საგამოძიებო მოქმედებები (ექსპერტიზა თუ სხვა) განხორციელდა აღნიშნულ, ძალზე მნიშვნელოვან მტკიცებულებებთან დაკავშირებით.

მოცემულ საქმეზე 2004 წლის შემდეგ რაიმე მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედება აღარ ჩატარებულა, თუმცა, ოფიციალურად #7494802 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

2007 წლის მარტის ბოლოს ზვიად გამსახურდიას ნეშტი ქალაქ გროზნოდან გადმოასვენეს თბილისში და დაკრძალეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. გადმოსვენებამდე, ზვიად გამსახურდიას ნეშტს ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა რუსეთის ფედერაციის ქალაქ დონის როსტოვში.

უცნაურია, თუმცა ფაქტია, რომ ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა #7494802 სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება.

 

***

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებში გამოვლენილი შეუსაბამობანი

 

რობინზონ მარგველანის 1997 წლის თებერვლის ჩვენების მიხედვით:
“[გასროლის] შემდეგ პრეზიდენტი იწვა საწოლში, მარჯვენა საფეთქლიდან ჩამოსდიოდა სისხლი, მარჯვენა ხელი ჩამოდებული ჰქონდა კალთაზე და ხელში ეკავა “სტეჩკინის” სისტემის პისტოლეტი. ტყვიის გულა და მასრა ეძებეს და ვერ იპოვეს.”
რობინზონ მარგველანის ჩვენების აღნიშნულ ნაწილს არ ადასტურებს მოწმე კარლო ღურწკაია 1999 წლის 5 თებერვლის ჩვენებით. იგი აღნიშნავს, რომ ტყვიის გულა ვერ იქნა ნაპოვნი, მაგრამ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი იქნა გასროლილი მასრა, რომელიც ვინ აიღო, არ ახსოვს.

კარლო ღურწკაიას მეუღლის ლუდმილა აბშილავას 1999 წლის 5 თებერვლის ჩვენების მიხედვით:
“როდესაც მას და მის მეუღლეს მათივე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან შემოესმათ ყვირილის ხმა, იგი დაახლოებით ათ წუთში ავიდა ზევით, მისი გაკვირვება გამოიწვია პრეზიდენტის იმჟამინდელმა მდგომარეობამ, კერძოდ: პრეზიდენტს უკვე ეცვა შარვალ-კოსტუმი, ხელ-პირი აკრული ჰქონდა და თავქვეშ ედო ოჯახის ბიბლიოთეკიდან აღებული წიგნები.”

აღნიშნულთან დაკავშირებით გვანცელაძე, გუჩუა, მარგველანი თავიანთ ჩვენებებში მიუთითებენ: პრეზიდენტს თავქვეშ ედო ბალიში, რომელიც მთლიანად სისხლით იყო მოსვრილი. ლუდმილა აბშილავასა და ამ უკანასკნელთა [ანუ გვანცელაძის, გუჩუას და მარგველანის] საპირისპიროს აცხადებს ჯონსონ კვარაცხელია 1992 წლის 12 თებერვლის ჩვენებით: კერძოდ, “როგორც მას ახსოვს, ლეიბსა და ბალიშს რობინზონ მარგველანმა სალიარი დაასხა და კვარაცხელიას სახლის უკან დაწვა.”
იგი ფაქტს განსხვავებულად ჰყვება 2004 წლის 2 მარტის ჩვენებით ლუდმილა აბშილავა, კერძოდ, იგი ამბობს, რომ პრეზიდენტს თავქვეშ ამოდებული ჰქონდა ბალიში, რომელიც მან შეინახა და ახლაც ინახება მის საცხოვრებელ ბინაში.” შემდგომ ცნობილი ხდება, რომ ეს ბალიში ამოიღო მთავარმა პროკურატურამ და როგორც ნივთიერი მტკიცებულება ინახება პროკურატურაში.

აგრეთვე გაკვირვებას იწვევს რობინზონ (იგივე რობერტ) მარგველანის 1997 წლის თებერვლის ჩვენების მიხედვით:
ის ნაწილი, სადაც რობინზონი განმარტავს, რომ 1993 წლის 30 დეკემბერს, ღურწკაიას სახლში, სადაც იმყოფებოდა პრეზიდენტი, მათთან მივიდა ზაურ ჩუხუა, რომელსაც თან ახლდა ახალგაზრდა ბიჭი მეგზურის სახით, აქვე ავღნიშნავთ, რაში სჭირდებოდა ბატონ ზაურ ჩუხუას მეგზური, მაშინ როცა პრეზიდენტი თანმხლებ პირებთან ერთად თვითონ ზაურ ჩუხუამ და მისმა ძმამ ავტომანქანა “გაზ 24”_ით მიიყვანეს ღურწკაიას სახლში, სოფელ ძველ ხიბულაში. მან მოითხოვა გამსახურდიასთან ცალკე საუბარი, ყველანი, მათ შორის გუგუშვილიც, რომელიც აქამდე ყველა შეხვედრას ესწრება, პრეზიდენტს ტოვებენ ერთი საათით მარტო ჩუხუასთან.

წალენჯიხის ყოფილი პრეფექტის ზურაბ გუჩუას 2004 წლის 6 აგვისტოს ჩვენების მიხედვით:
1993 წლის 30 დეკემბერს ანზორ მებონია, თავად გუჩუა და მისი ექიმი მეუღლე, არ მიიყვანეს შეუძლოდ მყოფ პრეზიდენტ გამსახურდიასთან იმ მოტივით, რომ ვითომ მებონიამ მეგზური ვერ ნახა, ისმის ბუნებრივი კითხვა: რაში სჭირდებოდა ანზორ მებონიას მეგზური, მაშინ როცა შესანიშნავად უწყოდა პრეზიდენტის ადგილსამყოფელი? ზურაბ გუჩუას ამავე ჩვენებაში ვკითხულობთ: “პრეზიდენტი ლოგინზე ესვენა და მას თეთრი მარლით ჰქონდა თავი შეხვეული”, რასაც არც ერთი მოწმე თავის ჩვენებაში არც ადასტურებს და არც აღნიშნავს. ასევე საინტერესოა, თუ რატომ მალავენ ცოლ–ქმარი ღურწკაია და აბშილავა, რომ როდესაც პრეზიდენტი თავის თანმხლებ პირებთან მივიდა მათთან სახლში, იქ იმყოფებოდა აგრეთვე მათი ვაჟი, რასაც თავის 2004 წლის 12 მარტის ჩვენებაში აღნიშნავს გოჩა კეკენაძე.

ანზორ მებონიას 2004 წლის 21 ივნისის ჩვენების მიხედვით:
გარდაცვლილ პრეზიდენტს სოფელ ჯიხაშკარში ჯონსონ კვარაცხელიას სახლში ბალზამირება გაუკეთა ექიმმა, ვინმე დავით ჯალაღონიამ. იმდროინდელი გამოძიება არც კი დაინტერესებულა ექიმის დაკითხვით, რომელსაც შეეძლო სრულად აღეწერა გვამზე ყველა სახის დაზიანება. გამოძიებისას არ დაიკითხა ტრაქტორის მძღოლი მურთაზ კაჭარავა, რათა მას აღეწერა მომხდარი ფაქტი. ასევე, მაშინდელი პროკურატურა არ დაინტერესდა 7–8 იანვარს, პირადი ინიციატივით, ჯონსონ კვარაცხელიას სახლში მისულ აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ვინმე მხეიძის პიროვნებით, რომელმაც ორ–სამ კაცთან ერთად ჯონსონ კვარაცხელიას სახლში ჩაატარა ჩხრეკა და შემდეგ კვარაცხელიას ეზოში დაიწყო გარდაცვლილი პრეზიდენტის გვამისა და დასაფლავების ადგილის ძებნა.

გოჩა კეკენაძის 2004 წლის 12 მარტის და ზაზა ბურჯანაძის 2004 წლის 3 მაისის ჩვენებების მიხედვით:
აღნიშნულ ჩვენებებში ისინი მიუთითებენ რომ როდესაც პრეზიდენტი, გუგუშვილი, გვანცელაძე და მარგველანი გადავიდნენ ახალ ხიბულაში, ხოლო თვითონ ძმები ჩუხუების განმარტებით, რომ ვითომდა მასპინძლები ოთხ კაცზე მეტს ვერ მოათავსებდნენ, რაც ღურწკაია–აბშილავას ჩვენებებით არ დასტურდება, ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ორსართულიანი ბინის ფართი უპრობლემოდ დაიტევდა პრეზიდენტს და მის თანმხლებ პირებს. ბურჯანაძისა და კეკენაძისთვის ორი დღის განმავლობაში არავის არ მიუკითხავს, ხოლო მათი თქმით ერთ დღეს მათთან მივიდა ანზორ მებონია და განუცხადა: თქვენ დაგტოვეს და არავინ მოგაკითხავთო, ჩამაბარეთ იარაღები რაც გაქვთ და მე სენაკში გაგაცილებთ, შინ წადითო. მებონიას ეს განაცხადი ბურჯანაძეს და კეკენაძეს საეჭვოდ მოეჩვენათ და არ დათანმხდნენ. აქაც ისმის ბუნებრივი კითხვა: ვის დავალებას ასრულებდა ამ დროს ანზორ მებონია, მაშინ როცა მსგავსი რამ მისთვის არც პრეზიდენტს უთქვამს და არც მარგველანს.

ცალკე აღნიშვნას საჭიროებს ის გარემოება, რომ 1992 წლიდან გუჯუჯი ებრალიძე ახალი ხელისუფლების პერიოდში ჯიხაშკარის გამგებელია და ამ თანამდებობაზე 2001 წლამდე რჩებოდა. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების განდევნის შემდეგაც იგი ჯიხაშკარში ზვიად გამსახურდიასა და მის მომხრეებში სარგებლობს ნდობით და ახალ ხელისუფლებასთან მისი თანამშრომლობა ეჭვქვეშ არ აყენებს მის ერთგულებას პრეზიდენტისა და მისი თანმხლები პირების მიმართ. ახალი ხელისუფლების პირობებში ადგილი აქვს მაღალ თანამდებობზე მყოფი გატაცებული პირების (გვენცაძე, ხაზალია, როგავა და სხვა) გადაადგილება–გაკონტროლებას გ. ებრალიძის მხრიდან.

გუჯუჯი ებრალიძეს კავშირი აქვს ამავე სოფელში მცხოვრებ აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკთან, რომელიც ჯერ მიმალვაში მყოფ ზვიად გამსახურდიას კვალს დაეძებს, ხოლო ზვიადის დაღუპვის შემდეგ კი მის ცხედარს.
გუჯუჯი ებრალიძისათვის ცნობილია პრეზიდენტის მარშრუტი და ადგილსამყოფელი სოფელ მუჟავადან ძველი ხიბულას ჩათვლით.

რობინზონ მარგველანის 1997 წლის 20 თებერვლის ჩვენების მიხედვით:
გამსახურდიას საერთოდ ჰქონდა ორი ხელჩანთა, როგორც შემდეგ გავიგე მას ხელჩანთა დაუტოვებია სოფელ მუჟავაში, მეორე ხელჩანთა გამსახურდიას თვითმკვლელობამდე თან ჰქონდა, ამავე ხელჩანთაში აღმოვაჩინეთ პრეზიდენტის მრგვალი ბეჭედი. ჩვენ გამსახურდიას ხელჩანთა სოფელ ჯიხაშკარში ზარანდიას ოჯახში დავტოვეთ. გამსახურდიას ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე ჩემი და დაცვის ბიჭების კუთვნილი ოთხი ცალი “მაკაროვის” კონსტრუქციის პისტოლეტი და ამდენივე მოკლე ავტომატი მოვახერხეთ და გადავიტანეთ ქალაქ გროზნოში. 1994 წლის 17 თებერვალს გამსახურდიას ცხედარი გადასვენებული იქნა ქალაქ გროზნოში. დათვალიერებისა და გაპატიოსნების მიზნით ქალაქ გროზნოში გამსახურდიას ცხედარი ამოღებული იქნა კუბოდან. გამსახურდიას კუთვნილი ზემოაღნიშნული ორივე პისტოლეტი დავიტოვე მე. ფაქტობრივად, გამსახურდიას კუთვნილი იარაღი და ჩვენი დაცვის ბიჭების იარაღი, რომლებიც ზემოხსენებული წესით ჩამოვიტანე ქალაქ გროზნოში მივაბარე ჩემ მეგობრებს აზას და რუსლანს. [რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს მარგველანის განაცხადის სინამდვილეს შემდეგი შინაარსის ჩვენებით გამორიცხავს 2004 წლის 21 ივლისის ჯონსონ კვარაცხელიას ჩვენება. კერძოდ, კვარაცხელია აცხადებს, რომ 1994 წლის აპრილში რუსეთიდან ჩამოვიდა მისი შვილი და მამა–შვილმა კვარაცხელიებმა ორივე ადგილიდან, სადაც მარგველანს დამარხული ჰქონდა ცელოფანში შეხვეული ნივთები ამოთხარეს. სამარხში აღმოჩნდა: ავტომატის ვაზნები, რომლებიც უკვე გაფუჭებული იყო, პრეზიდენტის ბეჭედი და “სტეჩკინის” სისტემის პისტოლეტი, რომელიც მარგველანის განაცხადით, ჯერ კიდევ მარგველანმა თებერვლის თვეში გადაიტანა ქალაქ გროზნოში და ჩააბარა ვინმე რუსლანსა და აზას. თუ ყოველივე როგორც რობინზონ მარგველანი აღგვიწერს ასე მოხდა, ჩნდება ბუნებრივი კითხვა, რა “არქეოლოგიურ გათხრებს” აწარმოებდნენ მამა–შვილი კვარაცხელიები?]

დასკვნითი ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებში გამოვლენილი შეუსაბამობებისა, და იმ პასუხგაუცემელი კითხვებისა, რომლებიც შავით თეთრზეა აღბეჭდილი წარმოდგენილ საქმეში, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, 1994 წლის 10 იანვარს აღძრული სისხლის სამართლის საქმე, 2004 წლიდან დღემდე შეჩერებულია და დღემდე არ არსებობს მათ მიერ მოპოვებული არც ერთი რეალური მტკიცებულება არც პრეზიდენტის თვითმკვლელობისა და არც მკვლელობის შესახებ.
ამავე დროს, საქართველოს პროკურატურის მასალებში ერთადერთ ვერსიად ფიგურირებს მხოლოდ თვითმკვლელობა, რომელიც მომდინარეობს როგორც მთავარი მოწმეებისგან (მარგველანი, გვანცელაძე, ბურჯანაძე, კეკენაძე), ასევე მათთან დაკავშირებული პირებისგან, რომლებიც აგრეთვე მოწმის სტატუსით არიან დაკითხული (კარლო ღურწკაია, ლუდმილა აბშილავა, ძმები: ზაურ და ანატოლი ჩუხუები).

 

***

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნა და მის მიერ გაწეული საქმიანობის მოკლე აღწერილობა

2009 წლის 22 ოქტომბრის, საქართველოს პარლამენტის #1902 – II ს დადგენილების საფუძველზე, შეიქმნა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია შემდეგი შემადგენლობით: კონსტანტინე გამსახურდია (თავმჯდომარე), ლაშა თორდია (მოადგილე), რატი მაისურაძე (მდივანი), ბეჟან ხურციძე, ჯონდი ბაღათურია, ნაული ჯანაშია, რომან მარსაგიშვილი, ნუგზარ ერგემლიძე, ლევან ვეფხვაძე, რატი სამყურაშვილი, თემურ წურწუმია.
კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის მოკლე ქრონოლოგია:
1. 10. 11. 2009წ. ჩატარდა კომისიის პირველი სხდომა, კომისიის თავმჯდომარემ მოკლედ ისაუბრა კომისიის მიერ ახლო მომავალში განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ.

2. 14. 12. 2009წ. #12978/7–2 გაიგზავნა წერილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას სახელზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში ექსპერტ–სპეციალისტების მიხეილ ოსაძის, ზურაბ ბაცანაძის და გიორგი ჩოხელის მივლინებასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის #7494802 საქმის მასალების გასაცნობად.

3. 17. 12. 2009წ. ჩატარდა კომისიის რიგით მეორე სხდომა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით შედგა ფილმის “დინების საწინააღმდეგოდ” პირველი და მეორე ნაწილების ჩვენება.

4. 20. 01. 2010წ. კომისიის შემდგომი საქმიანობიდან გამომდინარე შედგა კომისიის თავმჯდომარის კონსტანტინე გამსახურდიას, კომისიის წევრის ბეჟან ხურციძის და კომისიის მოწვეული სპეციალისტის მიხეილ ოსაძის ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში, რომლის პირდაპირი შედეგია ყოფილი უშიშროების უფროსის, იგორ გიორგაძის, ასევე ყოფილი გვარდიის სარდლის, თენგიზ კიტოვანის მოსმენა, ასევე ქალაქ როსტოვში ჩატარებული სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მოპოვება.

5. 23. 02. 2010წ. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ კონსტანტინე გამსახურდიამ პარლამენტის სხდომაზე წაიკითხა შუალედური მოხსენება და მოითხოვა საპარლამენტო დროებითი კომისიისთვის ვადის გაგრძელება სამი თვით.

6. 25. 02. 2010წ. ჩატარდა კომისიის მორიგი სხდომა, რომელზეც მოწვეული იქნა ზვიად გამსახურდიას მთავრობის პრემიერ მინისტრი თენგიზ სიგუა, რომელმაც კომისიას მიაწოდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია.

7. 04. 03. 2010წ. კომისიამ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით მოუსმინა საქართველოს პირველი პრეზიდენტის პირადი დაცვის წევრს შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძეს; ამავე დღეს კომისიამ აწარმოა პრეზიდენტის პირადი დაცვის მეორე წევრის გოჩა კეკენაძის მოსმენა.

8. 14. 04. 2010წ. კომისიამ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით მოუსმინა საქართველოს პირველი პრეზიდენტის პირადი დაცვის წევრს ზაზა ბურჯანაძეს; ამავე დღეს კომისიამ აწარმოა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოქალაქეების ჰამლეტ გულორდავასა და ვლადიმერ კუჭუხიძის მოსმენა.

9. 20. 04. 2010წ. შედგა კომისიის გასვლითი სხდომა სამეგრელოს რეგიონში, სადაც იქნა მოსმენა 1993 – 1994 წლებში საქართველოს უშიშროების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანოს მუშაკების მურმან წაქაძისა და თემურ გაბუნიას, #7494802 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.

10. 24. 05. 2010წ. კომისიამ #7494802 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მოსასმენად, საქართველოს პარლამენტში კომისიამ მოიწვია პათანატომები ლევან ჩაჩუა და ზაზა ოქრუაშვილი.

11. 25. 05. 2010წ. კომისიამ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით მოუსმინა უზენაესი საბჭოს დეპუტატს ვალტერ შურღაიას და ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის წევრს, სოსო თორიას.

12. 27. 05. 2010წ. გაიმართა საპარლამენტო კომისიის გასვლითი სხდომა სამეგრელოს რეგიონში. კომისიამ #7494802 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, აწარმოა ზვიად გამსახურდიას ბოლო ორი მასპინძლის, კარლო ღურწკაიასა და ჯონსონ კვარაცხელიას მოსმენა.

13. 09. 06. 2010წ. კომისიამ #7494802 სისხლის სამართლის საქმეზე აწარმოა გვარდიის მაიორ ვახტანგ ზარანდიას მოსმენა.

14. 29. 06. 2010წ. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ ბატონ კონსტანტინე გამსახურდიამ პარლამენტის სხდომაზე წაიკითხა მეორე შუალედური მოხსენება და მოითხოვა კომისიისთვის ვადის გაგრძელება ოთხი თვით.

15. 10. 08. 2010წ. კომისიამ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით #7494802 სისხლის სამართლის საქმეზე მოუსმინა უზენაესი საბჭოს დეპუტატს გივი თაქთაქიშვილს.

16. 12. 08. 2010წ. კომისიამ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით #7494802 სისხლის სამართლის საქმეზე მოუსმინა ქალაქ ზუგდიდის კომენდანტის ბადრი ზარანდიას დას მარინა ზარანდიას და ჟურნალისტ ირანდა კალანდაძეს.

17. 10. 09. 2010წ. კომისიამ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით მოუსმინა გაზეთ „ასავალ – დასავალის“ ჟურნალისტს ბელა შალვაშვილსა და ავთანდილ რცხილაძეს რომელიც 1991 წელს ქალაქ თელავის პრეფექტის მოვალეობას ასრულებდა.

18. 16. 09. 2010წ. კომისიამ, #7494802 სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით მოუსმინა პრეზიდენტის დაცვის უფროსს რობინზონ მარგველანს.
19. 04. 10. 2010წ. გაიგზავნა წერილი #10068/5–15 რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის იური ჩაიკას სახელზე, ზვიად გამსახურდიას გვამზე ფოტოგრაფიული თანაფარდობის შედეგების გადმოგზავნასთან დაკავშირებით. (რომელიც ჩატარდა 2007 წლის 6 – 23 მარტს) კომისიამ 2011 წლის დასაწყისში მიიღო ეს დოკუმენტი ქსეროასლის სახით.
20. 18. 10. 2010წ. გაიგზავნა წერილი #10500/2_2 ფინეთის გენერალური პროკურორის მაატი კუუსიმაკის სახელზე. ზვიად გამსახურდიას მთავრობის პრემიერ მინისტრის ბესარიონ გუგუშვილის გამოკითხის შუამდგომლობის შესახებ.

21. 27. 10. 2010წ. კომისიამ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით #7494802 სისხლის სამართლის საქმეზე მოუსმინა ძმებს ანატოლი და ზაურ ჩუხუებს.

22. 03. 11. 2010წ. გაიგზავნა წერილი #11093/5–15 საქართველოს მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას სახელზე. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის ორი წევრის უგზოუკვლოდ დაკარგული ვაჟა ჭინჭარაულისა და ირაკლი გოგაძის ცხედრების სამეგრელოს რეგიონში სავარაუდო ადგილსამყოფლის აღმოჩენის ცნობის შესახებ.

23. 03. 11. 2010წ. გაიგზავნა წერილი #11093/5–15 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის სახელზე. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის ორი წევრის, უგზოუკვლოდ დაკარგული ვაჟა ჭინჭარაულისა და ირაკლი გოგაძის ცხედრების სამეგრელოს რეგიონში სავარაუდო ადგილსამყოფელის აღმოჩენის ცნობასთან დაკავშირებით.

24. 05. 11. 2010წ. კომისიის გასვლა სამეგრელოს რეგიონში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლობასთან ერთად და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება.

25. 06. 11. 2010წ. კომისიის გასვლა სამეგრელოს რეგიონში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის, უგზოუკვლოდ დაკარგული ვაჟა ჭინჭარაულისა და ირაკლი გოგაძის სავარაუდო საფლავების ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით.

26. 7. 12. 2010წ. კომისიამ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით #7494802 სისხლის სამართლის საქმეზე მოუსმინა სასამართლო სამედიცინო ექსპერტს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომელს, ნინო კიკაბიძეს.

კომისიამ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, წერილობით მიმართა სახელმწიფო, საზოგადოებრივ, ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებს, რომელთა მხრიდანაც დღემდე სრული სიჩუმე და რბილად რომ ვთქვათ უყურადღებობაა გამოვლენილი, კერძოდ:
1. 01. 03. 2010წ. გაიგზავნა წერილი #2021/5 – 15 საქართველოს ექსპრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სახელზე, იგი დღემდე კომისიასთან თანამშრომლობისგან თავს იკავებს, შესაბამისად კომისიას მისგან არანაირი პასუხი არ მიუღია, პრესაში ზოგადად გაცხადებულ ინფორმაციას თუ არ ჩავთვლით, რომელსაც კომისია პასუხად ვერ ჩათვლის და ამით ვერ იხელმძღვანელებს.

2. 02. 03. 2010წ. გაიგზავნა წერილი #2100/5 – 15 საქართველოს სასჯელთაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის სახელზე, თუ რომელ სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში იხდიდნენ, ან იხდიან სასჯელს და სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლებით გია და გოჩა სარიები. აღნიშნული უწყების პასუხს კომისია დღემდე ელოდება.

3. 15. 10. 2010წ. გაიგზავნა წერილი #10459/5 – 15 “ტელეიმედის” გენერალური დირექტორის თემურ ხუბულავას სახელზე. 2004 წლის ზაფხულში “ტელეიმედის” ეთერით გასული ბესარიონ გუგუშვილის ინტერვიუს კომისიისთვის გადმოგზავნასთან დაკავშირებით. არც აღნიშნული ინტერვიუ და არც პასუხი დღემდე არ ჩანს.

 

***

 

[154-168]

წინააღმდეგობის მოძრაობის წევრის, ქალაქ ზუგდიდის კომენდანტის ბადრი ზარანდიას ჩანაწერებიდან:

 

1992 წლის თებერვალი, აბაშა.

მე, ჯემალ ქობალიამ, ხარებავამ… სულ ორმოცმა მებრძოლმა გავმართეთ ბრძოლები, რის შედეგადაც ხიდი აბაშაში არ იქნა აფეთქებული. ჯემალ ქობალიამ არ მომცა საშუალება, რუსების განიარაღებისა. ამავე დროს ვალტერ შურღაია ხვდება ჯაბა იოსელიანს ტარიელ ქანთარიას ძმის ხელშეწყობით. ტარიელ ქანთარია ოთარ ფაცაციას მარჯვენა ხელია. ქალაქ ზუგდიდში დაყაჩაღებული იქნა სომხეთის ყველა მანქანა. გია უჩავამ ზუგდიდში მოწინააღმდეგეზე შეტევის შესაძლებლობა არ მოგვცა.

ტარიელ ქანთარია ოთარ ფაცაციას მარჯვენა ხელია.

ზუგდიდში ამ დროს ზუგდიდის მხედრიონიც იდგა, ალეკო ქარდავას მეთაურობით, რომელსაც თხუთმეტამდე შეიარაღებული მებრძოლი ჰყავდა.

1992 წლის მარტი (პარტიზანული მოძრაობა).

ტყვია–წამლით გვამარაგებს გაბუნია, ზუგდიდის უშიშროების უფროსის ბიძაშვილი. მან ფაიფურის დასახლებაში ჩვენთან მოიტანა ტყვიამფრქვევი, ტყვიები და შემდეგ ჩვენ გაგვინაწილა 24 ტომარა. ზუგდიდის აღებაში მონაწილეობას ვღებულობდით 18 კაცი. მილიცია გაფრთხილებული არ იყო, რის შედეგადაც დაიღუპნენ თანამშრომლები. ზუგდიდის კომბინატის სასტუმრო დაწვეს გია უჩავამ, ზაზა მჭედლიძემ და ბახიამ. ბრძოლაში მონაწილეობდნენ ძმები ზარქუები, მიქავები, ხარებავა, მესხია, ოთხოზორია და სხვ. ბრძოლის ასპარეზზე ნელ–ნელა ჩნდება სხვადასხვა დაჯგუფება. ჯემალ ქობალიას, ზაზა მჭედლიძესა და ბახიას შორის შეჯახება მოხდა, სრული განუკითხაობაა. მარტის ბოლოს ციხიდან უშვებენ გია ყარყარაშვილს და ზურა თელაძეს. მიშა დადიანმა მათ ძმაკაცობა შეჰფიცა ეკლესიაში. თბილისელების დაჯგუფება, რომელსაც გია უჩავა ხელმძღვანელობს, მხოლოდ ყაჩაღობით არის გართული. მარტის ბოლო რიცხვებში შევდივართ ფოთში. ჯვარელ ცეზარ ჯიბლაძეზე პრეზიდენტი იტყვის: – ეს ყაჩაღი დაცვაში რისთვის გინდათო. ჯიბლაძემ გაყიდა მთაში პრეზიდენტის ყოფნის ამბავი. კერძოდ, სოფ. ჩქვალერში, როცა პრეზიდენტი იმყოფებოდა, იგი პრეზიდენტის დაცვის “ტოიოტას” ფირმის მანქანით დადიოდა ჯვარში და სიგარეტებს იღებდა, ხომ იცით, რისთვისაც მინდაო. ჩვენ მაშინ უკვე გახიზნულები ვიყავით.

ზუგდიდში ჩამოყალიბებულია: ჯემალ ქობალიას, სლავიკ მინჯიას, ანზორ ჩხეიძისა და იურა ბაძაღუას დაჯგუფებები, მათთან ერთად მოქმედებენ ჯვარელებიც. ამ პერიოდში ყალიბდება წალენჯიხისა და ჯიხას დაჯგუფებები. ყალიბდება “ფიფას” ჯგუფი. ჩვენთან დაიჭრება ენვერ ქობალია. შემდეგ კლავენ გაურკვეველ ავარიაში. მკვდარი რატომღაც პირველად ბეჟან წურწუმიამ იპოვა. ჩვენი დაჯგუფება იმყოფება კომბინატში, ჯუტი ხუბუტიას სახლში. ხუბუტია კონტაქტშია ოთარ ბულიასთან. ოთარ ფაცაცია აძლევს ჯუტის ბენზინს გასაყიდად. ზუგდიდში იმყოფება სვანთა საძმო, რომელსაც რეზო გვირგვლიანი ხელმძღვანელობს. რობინზონმა იგი ზუგდიდიდან გააგდო, თუ რისთვის ახლაც უცნობია. ლოთი ისევ დამალულია. ამ პერიოდში გოჩა და ვალტერ შურღაია დაჭერილები არიან ტელევიზიის აღებისთვის. ჩვენ მივდივართ, მაგრამ რიკოთზე გვხვდება ძლიერი დაჯგუფება. ზუგდიდში ჩამოდის ურიდია მერაბი, რომელსაც ოთარ ფაცაციას კაბინეტში ხვდება სლავიკა. იქმნება კიდევ ერთი ახალი დაჯგუფება შოშია ხაზალიას მეთაურობით, სოფ. ორსანტიაში. ქალაქში კვლავ განუკითხაობაა, ზუგდიდში ჩამოდის გრიშა შონია. იჭერენ თენგიზ ბულიას. ჯემალ ქობალია ითხოვს “ომონის” შექმნას წალენჯიხის ოპერაციის დასაწყებად.

1992 წელი, წალენჯიხა, ივლისი.

ბრძოლაში მონაწილეობენ: რომეო კუჭუხიძე, ბადრი ზარანდია, სლავიკა ინჯია და ჯემალ ქობალია, ბრძოლის ველიდან გაიქცა ჯამბულ ბოკუჩავა, დაჭრილის გაყვანის მიზეზით. წალენჯიხის ბრძოლის შემდეგ გადავდივართ გალში. წალენჯიხის ბრძოლის დროს პოზიციები მოხსნა ოთარ უბილავამ, რის შემდეგაც ალყა შემოგვარტყეს და დაიღუპა ჩვენი თხუთმეტი კაცი. მარტვილის ზონას კურირებდა ვალერი გაბელია. ჯამბულ ბოკუჩავამ შექმნა სოხუმის კომენდანტურა. აგვისტოში ავარიაში ვხვდებით. ამის შემდეგ ჩვენთან მოვიდა ზვიად ლელაძე და გვაუწყა, რომ ზუგდიდში ჩამოსული იყო რომან გვენცაძე. მე, ლელაძის მეშვეობით, ლოთიმ მითხრა, რომ ჩვენ უნდა აგვეყვანა გვენცაძე და მისი თანმხლები პირები. აყვანის შემდეგ რატომღაც ისინი წაიყვანეს გალში, კერძოდ, კოხორაში. გოჩა ბახიამ ოთარ ფაცაციას მოსთხოვა ათი მილიონი. ეს ყველაფერი ჯუტისთვის გახდა ცნობილი. სლავიკამაც მას დაუჭირა მხარი, რათა ოთარ ფაცაციასთვის არ წაერთმიათ ფული. მეორე დღეს დაიწყო ომი აფხაზეთში.

გაურკვეველ ვითარებაში გაიქცა ალექსანდრე კავსაძე, რომელიც ოთარ უბილავამ და იური ბაძაღუამ წაიყვანეს. რომან გვენცაძის გამოსახსნელად ჩაერთვნენ კანონიერი ქურდები პაატა ჩლაიძე, ხაშურელი ქურდი და ბუია, ასევე სენაკელი ქურდი. მათ რომეო კუჭუხიძესთან ჰქონდათ მოლაპარაკება და რომეომ ითამაშა მათ გაშვებაში მთავარი როლი. არადა, მათი დაჭერა ლოთის პრეზიდენტისგან არ ჰქონია დავალებული. ამის შემდეგ ჯუმბერ მაქაცარია რატომღაც ჩვენს ხალხს ბათუმში უგვარებს ავტომატების საკითხს, გაურკვეველია, ბათუმში ვინ იყო ჩვენი ხალხი.

მინისტრების აყვანის დროს საქმის კურსში არ უნდა ყოფილიყო ვალტერ შურღაია, ეს ლოთის ნათქვამი იყო; მაგრამ მათი აყვანის დღეს ვალტერი იქ აღმოჩნდა, სადაც ვცემეთ. მეორე დღეს კი ვალტერი მიტინგზე გამოვიდა, სადაც მე, ქოქო ვაჩაბერიძემ და სლავიკამ მიტინგი დავურბიეთ, რის შემდეგაც ვალტერ შურღაია ზუგდიდიდან გავაძევეთ. ვალტერის ზუგდიდიდან გაძევების შემდეგ არენაზე უკვე სხვადასხვა პოლიტიკოსები გამოდიან. გოჩა ოთხოზორია იცავს პურკომბინატს ოთარ ფაცაციას თხოვნით. ზუგდიდში ჩამოდის პრეზიდენტის დაცვის უფროსი რობინზონ მარგველანი, რომელიც ჩემთან ერთად ქმნის კოლხურ ლაშქარს. ჩვენ ვიფიცებით ხატზე, მაგრამ რობინზონს არც ხატის სჯერა და არც ჯვრის. ის ზეგავლენას ახდენს სვანებზე და მათ საქმიანობაზე. რობინზონსა და ოთარ უბილავას შორის ხდება დაპირისპირება, რობინზონის წინააღმდეგ გამოდის რომეო და შვარცი. ეს ამბავი ხდება ზუგდიდის კომენდანტურაში. ამის შემდეგ რობინზონი იღებს გროზნოდან წერილს, სადაც ოთარ უბილავა აგინებს ლოთი ქობალიას, რის გამოც ოთარს აგდებენ გვარდიის სამმართველოდან. რობინზონის დაცვის წევრებმა ისევ მთავარი როლი ითამაშეს. ქოქო ვაჩიბერიძე გამოდის სოსო თორიას წინააღმდეგ, რომელმაც იარაღი არ აყიდინა გროზნოში. ასეთ პერიოდში რომეო კუჭუხიძეს ტონობით ჩაი გააქვს წალენჯიხის ფაბრიკიდან. მერაბ ჩუხუა ამ დროს სასწრაფოდ გამოდის სცენაზე ვალერი გაბელიასთან და თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად. ერთი მოითხოვს საქმის განჭვრეტას, მეორეს კი ლოთის ღალატობის ტოლფასობას უმტკიცებენ. გამოვდივარ მიტინგზე და ვამბობ, რომ აფხაზეთს უჭირს და იქ არის საომარი. პრეზიდენტთან უშუალო კავშირი არ გვაქვს.

აფხაზეთში ომის მიმდინარეობის დროს გაურკვეველია თუ ვინ და სად იბრძვის. ერთმანეთს ეჯახებიან ჯამბული და რომეო. რის შემდეგაც რომეო გამოჰყავთ თამაშიდან. დაზვერვის უფროსი უნდა იყოს ოთარ უბილავა, რის გამოც დაეჯახნენ ისინი ერთმანეთს. გაურკვეველ ვითარებაში ხდება სენაკისა და სხვადასხვა ბატალიონის ჩამოყალიბება. აღსანიშნავია ერთი მომენტი, ჩვენი ერთ–ერთი წევრი ბეჟან კიკალეიშვილი კლავს სრულიად უდანაშაულო პიროვნებას, რომელიც დაიჭირა რომეო კუჭუხიძემ და გადასცა ლოთის. მეორე დღეს კი ადგილობრივი მაფია გვიპირისპირდება. აფხაზეთის ომის პერიოდში აღსანიშნავია, რომ ჯემალ ქობალია აფხაზეთში იძულებით იქნა გაშვებული, ვინაიდან ლოთიმ ის მოღალატედ გამოაცხადა. მისი თქმით, სლავიკ მინჯია და კიდევ რამდენიმე კაცის მკვლელობა მის დაგეგმილად გამოცხადდა. ჯემალის აფხაზეთში წასვლის შემდეგ იგი გვიჩვენებს, თუ როგორ მიირთმევდა საჭმელს ჯაბა იოსელიანთან ერთად. ამით ჯემალის კარიერა დამთავრდა.

აფხაზეთის ომის მსვლელობის პერიოდში ორჯერ იყო ისეთი შემთხვევა, რომ შეიძლებოდა სისხლი დაღვრილიყო. ერთ–ერთი მათგანი იყო ჯაბას ზუგდიდიდან გატაცების საკითხი, ხოლო მეორე, სოხუმიდან მძიმე ტექნიკის გამოყვანის საკითხი. ორივე ასეთ რთულ სიტუაციაში ლოთი რატომღაც ასლანთან აღმოჩნდა სტუმრად. არადა შესაძლებელი იყო დიდი სისხლის ღვრა. აფხაზეთიდან მძიმე ტექნიკის გამოყვანის მომენტში ზვიადმა დარეკა ტელეფონით, თუ ლოთი სასწრაფოდ არ გამოჩნდებოდა ზუგდიდში, მას მოუხსნიდა უფლებებს. ზაურ ქობალიამ მიაწოდა პრეზიდენტს ინფორმაცია, რომ ჩემთან ერთად ვალტერი მოქმედებდა აფხაზეთიდან იარაღის გამოტანაში. პრეზიდენტმა გამოაცხადა, თუ ვალტერი თავს გამოიჩენს, მის დეპუტატობის აღდგენაზე ვიფიქრებო. არავითარი მონაწილეობა განიარაღებაში არ მიმიღია. ანზორ ჩხეიძეს ჩემთან ერთად შეხვედრაზე წამოსცდა, რომ ის აბსანძის კაცი იყო. აფხაზეთიდან ჩვენი გამოძევების დღეს მთელ შეიარაღებულ შემადგენლობასთან მოვიდა პრეზიდენტი. პრეზიდენტმა მთაში თქვა, ამათ მე მომატყუეს და ჩამომიყვანესო. აფხაზეთის დაცემის შემდეგ დაიწყო სასწრაფოდ ფოთის აღების დაგეგმვა. გავიგე, გუჯუჯი ებრალიძის ხალხს ჩაის კომბინატი პირწმინდად დაუტაცებიათ. რუსეთთან მოლაპარაკებას აწარმოებდა გურამ ლაკია. ერთხელ მეც დავესწარი, მაგრამ მაშინ სერიოზული არაფერი უთქვამს. ლოთის დაცვის ერთ–ერთ წევრს წამოსცდა, ჩვენ ვიბრძვით სრული ავტონომიისათვის, რად გვინდა თბილისიო. ეს იყო სოსო კაკულია. რუსების შემოტევისას ფოთიდან ბათუმში ერთად გაიქცნენ ვალერი გაბელია და თამაზ ვაშაძე. გზაში შემხვდნენ მერაბ ჩუხუა, გია მამფორია, ნუგზარ მოლოდინაშვილი, რომლებმაც მითხრეს, რომ სოსო ჟღენტი “ჩაჯმულია”, ლოთი მოღალატეა და მე უნდა ამეღო ხელში სარდლობა. ფოთიდან მათთან შეხვედრის შემდეგ მე პირდაპირ ზუგდიდში ჩავედი. ზუგდიდში ერთმანეთს ეჯახებოდნენ პოლიტიკური დაჯგუფებები და საშინელი ქაოსი სუფევდა. აქ იყვნენ აფხაზეთიდან გადმოსული დევნილები და ხდებოდა არეულობები, ყოველივე ეს გარედან იმართებოდა. გენერალ გია გულუას გაქცევა ციხიდან ჩემთვის ცნობილი იყო. სწორედ ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამო მასზე ხმა არ ამოვიღე, მიუხედავად იმისა, შემეძლო ეს აღმეკვეთა. მაგრამ უბრალოდ არ შევუშალე ხელი, ვინაიდან იგი პრეზიდენტის დისკრედიტაციისთვის უფრო იყო დაჭერილი. აფხაზების შემოყვანის შემთხვევაში ისინი მოითხოვდნენ გენერლის გადაცემას, რომელიც მთელი აფხაზეთის ბრძოლის დროს იქ იმყოფებოდა.

პრეზიდენტი ამ გაქცევასთან დაკავშირებით გამოვიდა ტელევიზიით და უარყოფითი შეფასება მისცა. ეს უმჯობესი იყო, ვიდრე ის, რომ იგი აფხაზეთის წარმომადგენლებისთვის გადაეცათ, ან მოღალატეებს მისგან ფული აეღოთ. აფხაზებისა და სხვა ეროვნებების შემოყვანა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ისტორიაში შეიძლება არასწორ ნაბიჯად დაიწეროს. არადა მისი სახელის გასატეხად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. აფხაზების შემოყვანამ გარკვეული უთანხმობა გამოიწვია ეროვნული გვარდიის რიგებში. აფხაზები და სხვა ეროვნების “ბოევიკები” ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ხელი გამოიღეს ბინძურმა პოლიტიკოსებმა, რის გამოც იძულებული ვიყავი, ისევ ბრძოლაში ჩავბმულიყავი.

რა ხდება გაქცევის წინ?

პრეზიდენტი დიდი ხანი არ იმყოფებოდა ლოთის სახლში. პრეზიდენტი ერთ ღამეს ხან ერთი სვანის სახლში ათენებს, მეორე დღეს, სადღაც სხვის სახლში. პრეზიდენტი ბოლო დღეებში უბრალო კაცივითაა, მხოლოდ თავის დაცვის გვერდით. ექვს ნოემბერს ყველაზე ბოლოს მე ვტოვებ ზუგდიდს. დატოვების წინ ჩვენ ხელთ არსებულ მანქანებს ვანადგურებ, “გრადის” მანქანასაც.

რა ხდება ბანაკში პირველ დღეებში?

ჩვენ ოციოდე მეომრით ავდივართ მთაში. ბანაკში მისვლამდე ჯვარში გვხვდება ჯვარის ბატალიონი. ზუგდიდში უკვე შემოვიდნენ. ჩემს შეკითხვაზე, ვინ იყვნენ ისინი? მიპასუხეს, რომ ოთარ უბილავას ბრძანებას ასრულებდნენ. მაშინ როცა ეს საგუშაგო ჩვენ არაფერში არ გვჭირდებოდა. ესეც ხომ თავის მხრივ ღალატის ტოლფასი შეიძლება იყოს. მთაში ყოფნის პირველ კვირას ჩვენ შევისწავლეთ ბანაკის ირგვლივ ყველა ბილიკი. განვალაგეთ ტყვიამფრქვევები და ტექნიკა. აქ ჩემთან ერთად იმყოფებოდნენ გორიდან, ზუგდიდიდან, რუსთავიდან. შემდეგ ჩემთან მოვიდა წინა საგუშაგოდან კაცი, რომელმაც მითხრა, რომ ჯამბულის ხალხი მკითხულობდა. მე და კუსავა ერთმანეთს შევხვდით სოფ. ფახულანში. ჯამბულის თქმით, ჩვენთვის უკეთესი იყო, მხარში დავდგომოდით კიტოვანისა და ფაცაციას მიერ ორგანიზებულ მოსალოდნელ გადატრიალებას. ამ საკითხთან დაკავშირებით მომავალ კვირას უნდა შევხვედროდი სოფ. ლიაში, მერაბ ნანავას სახლში, ოთარ ფაცაციას. ერთ დღეს როზბაქმა და მისმა ძმამ მითხრეს, რომ მათ, რამდენიმე დღეში, ღამის საათებში ჩემი დახმარება დასჭირდებოდათ, მე, რა თქმა უნდა მათ დახმარებას დავპირდი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი დათქმულ დღეს ჩემთან მოვიდნენ და ჩვენ ჭალის ბილიკების გადავლით მდინარე ენგურის ხიდზე ჩავედით, სადაც გავიგე, რომ ბატონი ზვიადი და ბესარიონ გუგუშვილი უნდა მოსულიყვნენ. დათქმულ დროზე პრეზიდენტის ამალა არ გამოჩნდა, რის გამოც ჩვენ ძალიან შეწუხებულები ვიყავით. ღამის ოთხ საათზე გამაღვიძეს, ხიდზე პრეზიდენტის ამალა გამოჩნდაო. ჩვენ ერთმანეთს შევხვდით ჭალის ასასვლელ ზოლზე. გადავედით მუჟავაზე და გამთენიისას წავიხემსეთ ძმებ არქანიების სახლში, რომლებიც მეგზურობდნენ ბატონი ზვიადის გადაადგილებას. ბატონმა ზვიადმა იმ საღამოს მომიყვა, რა ხდებოდა იმ პოზიციებზე, რომლებიც ჩვენ დავტოვეთ. ეს იყო ერთ–ერთი დიდი შემზარავი სურათი. ბატონი ზვიადის სიტყვებით, ის გაჰყვა ლოთის, ცხოვრობდნენ ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძო მოსახლის სახლში. ერთი სიტყვით, იქ პრეზიდენტისთვის საბოლოოდ გახდა ცნობილი, რომ ლოთი მოღალატე იყო. ამის შემდეგ ლოთიმ მიატოვა ზვიადი და წავიდა გაურკვეველი მიმართულებით. პრეზიდენტის დაცვის ერთ–ერთი წევრის ბაჩუკის თქმით, პრეზიდენტს უთხრეს, რომ ლოთის დიდი ოდენობით ფული ჰქონდა თან. ამასთანავე, მოღალატეც იყო და ამიტომ ისინი გაანადგურებდნენ ლოთის, რაზედაც პრეზიდენტმა უარი განაცხადა, წავიდეს თავისი სახელიც ეყოფა ჩემგანო. აქვე აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტთან ვიღაც ორი გოგო იმყოფებოდა, ჟურნალისტები, რის გამოც პრეზიდენტი უწყრებოდა თავისი დაცვის უფროსს, იქ კარავში ხვევნა–კოცნა რომ გამიმართეო. რობინზონი ეუბნებოდა, ის გოგოები ჩვენი მომხრეები იყვნენო. პრეზიდენტი გაუწყრა და ამის შემდეგ რობინზონი პრეზიდენტს ახლოს არ გაკარებია.

პრეზიდენტმა გიორგობის დღეს, 1993 წლის 23 ნოემბერს, ჩემს ბანაკში გადმოინაცვლა. ეს იყო ჩვენი შეხვედრა. აქვე აღვნიშნავ ერთ ფაქტს: წინა დღით ჯუტის ბიჭი და მისი მეგობარი ამოვიდნენ და გვითხრეს, ჯვარში ზვიადისტები შეიპყრესო. მეორე დღეს კი ჩვენთან გოჩა რაფავა ამოვიდა და გვკითხა, თუ რა ვიცოდით ბატონ პრეზიდენტზე. როცა უკვე ჩვენთვის ცნობილი გახდა პრეზიდენტის შესახებ, ბატონი ზვიადი ავტომანქანა “ურალით” გადმოვიყვანეთ. მე ცხენით მოვუძღოდი წინ. მეორე დილით პრეზიდენტის საძებნელად წამოსული გოჩა რაფავა ისევ ამოვიდა. ბატონმა ზვიადმა მკითხა, თუ ვინ იყო ეს პიროვნება და ვისთან ჰქონდა ურთიერთობა. როცა ვუთხარი, რომ იგი ვალტერ შურღაიას კაცი იყო, პრეზიდენტმა მასთან შეხვედრა არ ისურვა. აგრეთვე აუკრძალა თავის დაცვას, გასულიყო გარეთ. მიუხედავად ამისა, რობინზონი რატომღაც მაინც გამოვიდა და თავი დაანახა; ხოლო თვითონ გოჩას ვკითხე, თუ რა ჰქონდა პრეზიდენტისთვის გადასაცემი. როცა ზუგდიდში ვალტერ შურღაიას შევხვდი, მან მითხრა, ჩვენ გვინდა პრეზიდენტთან შეთანხმებით ბრძოლა დავიწყოთ სამეგრელოს ავტონომიისთვის. აქ წალენჯიხის პრეფექტი ზურაბ გუჩუა, მისი მოადგილე, ზურის ცოლი და შვილი იმყოფებოდნენ. პრეზიდენტმა ჩვენთან ყოფნის მეორე დღეს გადაწყვიტა, დაეთვალიერებინა პოზიციები. პრეზიდენტი და გუგუშვილი ნაბდებში იყვნენ, თეთრ ნაბადში იყო პრეზიდენტი, წაბლისფერში _ გუგუშვილი.

პრეზიდენტს “სტეჩკინის” ტიპის პისტოლეტი ჰქონდა, ბესარიონს კი _ “მაკაროვისა”.

დაცვის წევრები ნაღმტყორცნებითა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებული. პრეზიდენტის დაცვას მოჰქონდა დაახლოებით 200 (ორასი) – 300 (სამასი) კგ. წონის ნივთები. პრეზიდენტს ჰქონდა ფული, დაახლოებით ერთი სანტიმეტრი ზომით სულ ასდოლარიანი კუპიურები.

სოფ. მუჟავაში, როზბაქის სახლში, შევხვდი რომეო კუჭუხიძეს, მაგრამ რომეომ ბრძოლაზე უარი თქვა. ამ პერიოდში მთაში ჩემთან შესახვედრად ამოვიდა გია გულუა. მანამდე კი ამოვიდნენ ბესო ხარებავა და სარია. გენერალმა გია გულუამ, რომელსაც მოჰყვა გული დადიანიც, ბევრი ილაპარაკეს აფხაზების გარშემო. სირცხვილი ვჭამეთო. იგი აფხაზეთის საკითხებში ჩვენ ჩაბმას მოითხოვდა. აქვე ჩემს გასაგონად თქვა, რომ ლოთი აქ არ იყო და ისიც ცნობილია, თუ რისთვის ამოვიდა გულუა. აინტერესებდა, მე თუ ვეტყოდი რამეს პრეზიდენტის შესახებ, მაგრამ პრეზიდენტის შესახებ მასთან არ მილაპარაკია. როდესაც საუბარი თავიდან ბოლომდე გადავეცი ბატონ პრეზიდენტს, იგი დამშვიდდა.

მეორე დღეს პრეზიდენტი ყურს უგდებდა თავისი შვილების ხმას გროზნოდან, მაგრამ გვიბრძანა, რომ რაციაზე არ გავსულიყავით. აქვე აღსანიშნავია ერთი ფაქტი: ჯუტი ხუბუტია აგზავნის თავის ბიჭებს, რომელთა მეშვეობითაც გაიგო, რომ ზვიადი ჩვენთან იმყოფება. ჩვენთან ამოვიდა გალის მხედრიონის უფროსი დათო შენგელია. დათო შენგელია ჩემგან მოითხოვდა ჯაბა იოსელიანთან შეხვედრას, რაც მე ზვიადს მოვახსენე. შენგელია შეგვპირდა “ადიალებსა” და ლეიბებს. ბატონმა ზვიადმა გადაწყვიტა სხვა ადგილზე გადასვლა. გადავწყვიტეთ მანევრი, რომ ვითომ პრეზიდენტი სვანეთისკენ წავიდა. შევთახმდით, რომ მოკავშირე უნდა ყოფილიყო ზური შონია. პრეზიდენტი მე მტოვებდა ყველა ფორმირების უფროსად. დილით ტელევიზიით გამოვიდნენ სოსო ჟღენტი და ელიავა, რომლებმაც ომს უაზრო უწოდეს. პრეზიდენტმა დაიბარა: გუჯუჯი ებრალიძე, ვახო ზარანდია და რაფო კვარაცხელია, მაგრამ გუჯუჯიმ ბატალიონის მეთაურობიდან გადადგომა ისურვა, მოხუცი ვარო. ვინც ბრძოლას გააგრძელებს ხმა ამოიღოსო, თქვა რაფო კვარაცხელიამ. მე უნდა ვყოფილიყავი პარტიზანული მოძრაობის უფროსი. აქვე აღვნიშნავ, რომ სანამ პრეზიდენტი ჩვენთან იყო, ჩვენთან ამოვიდნენ ნაული ჯიქია და ჯუმბერ მაქაცარია, რომლებიც დაშლისკენ მოგვიწოდებდნენ. ერთი თვის წინ ზვიადისტები იყვნენ, ახლა კი ყველა სხვა გზას ეძებდა. ლოთი ამ პერიოდში საქართველოდან იყო გაქცეული. ყოველივე ამ სიტუაციის შემდეგ მე მრჩებოდა ერთი ვარიანტი, გამეყვანა საქართველოდან საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, მაგრამ იყო საფიქრალი, თუ როგორ გამეყვანა, რადგან ყველა გზა მოჭრილი იყო. ამ პერიოდში, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩემთან ამოვიდნენ ბესო ხარებავა, გოჩა სარია, ბეჟან წურწუმია და გია სარია. ასე რომ მრჩებოდა ერთადერთი გზა – ისინი გამომეყენებინა ჩემი ჩანაფიქრის განსახორციელებლად, რადგან მათ საშვიც ჰქონდათ და იარაღის ტარების უფლებაც. ამ პერიოდისთვის გოჩა ოთხოზორია უკვე ზუგდიდში დადიოდა, ხოლო ანზორ ჩხეიძე სამხედრო პოლიციაში იყო.

გულრიფშის ბატალიონის უფროსმა, შოთა კვარაცხელიამ ურთიერთობა დაიწყო ჯვრის ბატალიონის უფროსთან, ისიც გვარად კვარაცხელია იყო. მათ დაიწყეს მთაში ამოსვლა და ბიჭების გადაბირება, დაშინება, რომ სოფელ ჯვარში ტექნიკა ბლომად იყო. ძნელად თუ წარმოვიდგენდი მე, ბადრი ზარანდია, როცა გოჩას თავისი ხალხი მოუკლეს, მას შემდეგ იარაღით ამოსულიყო ჩემთან და ბრძოლა გაგვეგრძელებინა, მაგრამ რატომღაც ასე არ მოხდა. არადა მისი ორი მეომარი სოფ. ნარაზენში გენერალ გია გულუას ხალხის მიერ დახვრეტილი იქნა. ასეთმა მდგომარეობამ, რაზედაც ზემოთ მქონდა საუბარი, იძულებული გამხადა, მეფიქრა პრეზიდენტის საქართველოდან გაყვანაზე, ამასთანავე, გამომეყენებინა ჩემი თანამებრძოლები, რომელთაც ცოტა ხნით ადრე ჩემი ცოლის გადამალვა მოახერხეს მხედრიონის დაჯგუფებისაგან. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მე ჯაბა იოსელიანთან შეხვედრაზე უარს ვამბობდი, რის შემდეგაც მოსალოდნელი იყო ჩემი ოჯახის დატერორება. ისინი მილიციის თანამშრომლის ბინაში იყვნენ გადაყვანილნი. მრჩებოდა ერთადერთი ვარიანტი, გამომეყენებინა ჩემი თანამებრძოლები ჩემი ჩანაფიქრის აღსრულებისათვის. სანამ ამას ჩემი თანამებრძოლები გაიგებდნენ, მინდოდა მომეხსენებინა პრეზიდენტისთვის ჩემი გადაწყვეტილების შესახებ და გამეგო მისი აზრი. საღამოს, ამის შესახებ, მე და ზურაბ შონიამ შევიტყეთ, რომელმაც იცოდა პრეზიდენტის ახალი ადგილსამყოფელი – ეს იყო სოფელ მუჟავას ტებენას დასახლებაში. ჩვენი მისვლის დროს პრეზიდენტის დაცვის უფროსი იქ არ დაგვხვედრია. ბატონ ბესარიონ გუგუშვილს ეძინა. მხოლოდ ბატონი პრეზიდენტი იყო ოთახში. რის შემდეგაც მისი დაცვის წევრი ბაჩუკი შემოგვიერთდა. ჩვენ საუბარი დავიწყეთ ყველაფრის ირგვლივ, რაც ხდებოდა. საჭირო იყო პრეზიდენტის სასწრაფოდ საქართველოდან გაყვანა, რაზედაც იგი დაგვთანხმდა. პრეზიდენტის დაცვის წევრი ბაჩუკი ითხოვდა ბრძოლის გაგრძელებას, პრეზიდენტმა მას საუბარი შეაწყვეტინა. ეს უკვე არარეალური იყო. მთაში ჩვენი მეგობრები რომ ამოსულიყვნენ, ჩვენ აღარც ტყვია – წამალი გვქონდა და აღარც პროდუქტები. პრეზიდენტს ვაცნობე ჩემი თანამებრძოლების შესახებ, ვისთანაც კავშირი მქონდა. პრეზიდენტმა ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა მათთან შეხვედრა. პრეზიდენტთან შეხვედრისას აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჯვარის ბატალიონის მებრძოლების უმრავლესობა გულრიფშის ბატალიონს შეერთებია. ამის შემდეგ ჩვენთან, მთაში, ამოვიდნენ გოჩა იზორია, გია ჭანია, მილიციის თანამშრომლები, ბესო ხარებავა, ბეჟან წურწუმია, გოჩა და გია სარიები მე და ზურაბ შონია, რომლებიც შეხვდნენ პრეზიდენტს. მათთან საუბარში პრეზიდენტმა მიანიშნა მილიციის განყოფილებაში ჩაბარებაზე. პრეზიდენტი უარზე იდგა, სვანეთის დასახლებაში ასვლაზე, რომელიც პრეზიდენტის დაცვის უფროსმა შემოგვთავაზა, ან კახეთის მიმართულებით, რომელიც უარყოფილი იყო. ერთადერთ დასაშვებ გზად ხევსურეთს მიიჩნევდა. ერთი სიტყვით, პრეზიდენტს გადაწყვეტილი ჰქონდა ორი ვარიანტი: ან ჩაბარებოდა მილიციის თანამშრომლებს, ან რამენაირად ხევსურეთში მოხვედრილიყო. გამოზამთრების შემდეგ გადავსულიყავით გროზნოში. პრეზიდენტის დაცვის ორი წევრი ჭინჭარაული და გოგაძე გააცილა წალენჯიხელმა გალში მცხოვრებმა გვარდიელმა, რომელიც უკან უნდა დაბრუნებულიყო, რადგან მისი ძმა ჩვენთან ერთად იმყოფებოდა. მათი ვინაობა ცნობილი იყო ბუთხუზ ხარჩილავასთვის, რომელმაც ესენი კომენდანტურაში მოიყვანა, მაგრამ პრეზიდენტის დაცვის წევრების წაყვანის შემდეგ ისინი ბანაკში აღარ დაბრუნებულან. მათი დარჩენა ბანაკში (გოგაძე, ჭინჭარაულის) გამოწვეული იყო პრეზიდენტის დაცვის უფროსთან მათი დამოკიდებულებით. პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ ჩვენთან ამოვიდა გოჩა სარია და გვაუწყა, რომ მეორე დღეს მოსალოდნელი იყო თავდასხმა. რის შემდეგაც მე იძულებული გავხდი, დამეშალა ბანაკი. მოქალაქე შევარდნაძემ გასცა ბრძანება პრეზიდენტ გამსახურდიას ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, ბესარიონ გუგუშვილი, პრეზიდენტის დაცვის უფროსი და სამი წევრი საქართველოს ეროვნული გვარდიის ზუგდიდის კომენდანტურის ოცდაათამდე გვარდიელი და მე, ბადრი ზარანდია, 1993 წლის ნოემბრის ბოლოს აღმოვჩნდით ოხაჩქუეს მთის ქვემო “რიადზე”, მდინარე ილორის სათავეებთან, ალყაშემორტყმული. ჩვენთვის გადაკეტილი იყო სვანეთისკენ მიმავალი გზაც. პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ უარი განაცხადა სვანეთში ასვლაზე, ხოლო სამეგრელოს ტერიტორიაზე ჩვენ წინააღმდეგ ზუგდიდში შეიარაღებული მხედრიონი იდგა, ჰყავდათ ოცდაათამდე საბრძოლო ტექნიკა, ხუთი ერთეული რუსული “ტ-72”-ის ტიპის ტანკი. ქალაქ სენაკს აკონტროლებდნენ შავი ზღვის სამხედრო ფლოტის ქვედანაყოფები თეკლათის გადასახვევიდან თამადის გზის მონაკვეთამდე. ჩვენი ბანაკიდან ექვსი კილომეტრის მოშორებით შემოყვანილი იქნა ქუთაისის ბატალიონი დევი ჩაკვეტაძის მეთაურობით, რომელსაც სამოცი შეიარაღებული კაცი ჰყავდა, ხუთი საბრძოლო მანქანა და “გრადის” ტიპის საარტილერიო მანქანა. მას მოჰყვებოდა გულრიფშის რაიონის შინაგანი ჯარების ბატალიონი შოთა კვარაცხელიას მეთაურობით. ერთი სიტყვით, სამეგრელოს გზა ჩვენთვის მოჭრილი იყო. აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლაზე კი ლაპარაკი ზედმეტი იყო. დათქმულ დღეს მე და ჩემი უახლოესი პირი დაველოდეთ ჩვენს თანამებრძოლებს სოფელ ლიაში, რათა შემდგომში დაგვეწყო ქალაქ ზუგდიდის გავლით პრეზიდენტის აღმოსავლეთ საქართველოში გაყვანა, რა დროსაც მე და ჩემთან მყოფი პირი ჩვენმა თანამებრძოლებმა დაგვატყვევეს. ქალაქ ზუგდიდში ტყვეობაში ჩემთან ერთად აღმოჩნდა ჩემი შვიდი თვის შვილი სლავიკ ზარანდია და ორსულად მყოფი მეუღლე თამრიკო ქარდავა. ჩემი ყოფილი თანამებრძოლები პატარა სლავიკას განადგურების მუქარით ჩემგან მოითხოვდნენ, შემესრულებინა ბერბიჭაშვილის როლი, რის გამოც იძულებული გავხდი, დამეწყო თამაში. მე მოვახერხე პრეზიდენტის გაფრთხილება, რომ არ შემხვედროდა არც მე და არც ჩემი სახელით გამოგზავნილ ნებისმიერ პიროვნებას. ამის შემდეგ პრეზიდენტი ჩემთან კავშირზე არ გამოსულა.

ფართო საზოგადოებას დააინტერესებდა, ვინ იდგა ჩემი თანამებრძოლების უკან, ვისგან მოდიოდა ბრძანება მთავარსარდლის განადგურების შესახებ და ვინ იყო უშუალოდ ქალაქ ზუგდიდში ცენტრიდან გადმოსროლილი ამ ბრძანების შესასრულებლად. ქალაქ ზუგდიდში პრეზიდენტის განადგურების საკითხს უშუალოდ ხელმძღვანელობდა უშიშროების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სპეცრაზმის “ალფას” დაჯგუფების უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ბასიკაშვილი, რომელსაც ჩემმა თანამებრძოლებმა ხუთჯერ – ექვსჯერ შემახვედრეს ქალაქ ზუგდიდის “ტაქსოპარკის” ტერიტორიაზე, სადაც მაშინ “ალფას” დაჯგუფება იყო დისლოცირებული. პოლკოვნიკ ბასიკაშვილის თქმით, პრეზიდენტის მკვლელი აუცილებლად ზვიადისტი უნდა ყოფილიყო. ამასთანავე, პრეზიდენტის ფიზიკურად განადგურების შემდეგ პრეზიდენტის სხეულს წაიღებდნენ კახეთის რეგიონში, რითაც კვალი უნდა მოესპოთ. მე მეძლეოდა 1000000 (ერთი მილიონი) ამერიკული დოლარი, რომელიც, მისი თქმით, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას თან ჰქონდა. ამასთანავე, საზღვარგარეთ გასვლასაც მპირდებოდნენ. მისი მხრიდან ჩემ მიმართ მუქარას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან მუქარას თავად ჩემი თანამებრძოლები ახორციელებდნენ. შეკითხვაზე, თუ ვინ იძლეოდა ბრძანებას, პასუხი იყო შემდეგი: საქართველოში პირველი კაცი. დიახ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მოკვლის ბრძანება მოქალაქე ედუარდ შევარდნაძისგან მოდიოდა. პრეზიდენტი და პრემიერ_მინისტრი უნდა დახოცილიყვნენ მათი გაანგარიშებით დეკემბრის პირველ ნახევარში. როგორც კი დარწმუნდნენ, რომ პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ჩემთან შეხვედრაზე არ გამოდიოდა, მას შემდეგ ჩემი თავი გადააბარეს მაშინდელ ზუგდიდის შ.ს. სამმართველოს პოლკოვნიკ ადამიას. სრულიად შემთხვევით ჩემმა მშობლებმა და ნათესავებმა გაიგეს ჩემი ცოლ – შვილის დატყვევება და მათი ჩარევით მოხდა მათი გათავისუფლება. გათავისუფლების მეოთხე დღეს შევხვდი ჩემს ერთგულ მეომარს და დავიწყე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ძებნა, რა დროსაც შევხვდი ერთ–ერთ პოლიტიკოსს და მოვახსენე მომხდარის შესახებ. მესამე დღეს საქართველოს ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოკლეს. საქართველოს ბედუკუღმართ ისტორიას ალბათ დასჭირდება თუ ვინ იყვნენ ჩემი თანამებრძოლები:

1. ბეჟან წურწუმია, 1992 წლის მარტიდან დაწყებული იბრძოდა ჩემს გვერდით, 1992 – 93 წელებში მონაწილეობა მიიღო თითქმის ყველა საომარ ოპერაციაში. ერთი წელი ცხოვრობდა ჩემს საკუთარ სახლში, ეს იყო ყველაზე აქტიური წევრი, რომელსაც უნდოდა პრეზიდენტის სიკვდილი. მზად იყო, თვითონ ესროლა ბატონი ზვიადისთვის. მუქარა პატარა სლავიკას სიკვდილით დასჯის შესახებ მოდიოდა მისგან. სამაგიეროდ, ღალატის ფასად დღეს ქალაქ თბილისში აჩუქეს ბინა.

2. ბესიკ ხარებავა _ კანონიერების აღსადგენად 1992 წლიდან ჩემ გვერდით იბრძოდა.

3. გია სარია _ 1993 წლის იანვრიდან იყო ჩვენ გვერდით, იბრძოდა აფხაზეთში.

4. გოჩა სარია _ ამ უკანასკნელის ძმა, ერთ–ერთი ორგანიზატორი ბეჟან წურწუმიასთან ერთად. ზოგიერთ სხვა საკითხსაც ნათელს მოჰფენს ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია. კანონიერი ხელისუფლების აღდგენის დროს, რომლის მასალების ორიოდე ეგზემპლიარი 1992–93 წლებში მომხდარი მოვლენების შესახებ ქვეყნის გარეთ დევს, რომლებიც დიდი საგანძური იქნება ჩვენი ერის ისტორიისთვის.

რომეო კუჭუხიძის მხარე ბრალს სდებდა პრეზიდენტის დაცვას, რომ გროზნოში იარაღი იაფ ფასში არ აყიდინეს. კერძოდ, საუბარი ეხებოდა სოსო თორიას, რომ ეს იყო ვალტერ შურღაიას ერთ–ერთი დაახლოებული პირის, მიშა დადიანის, სისხლით ნათესავი. პრეზიდენტმა მიშა დადიანი სამხედრო საბჭოში შეიყვანა, ხოლო რომეო კი გამოიყვანა. რასაც, თავის მხრივ, დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.

ერთ-ერთმა ჩემმა თანამებრძოლმა გურამ მამფორიამ, რომელიც დატოვებული იყო ქალაქ ზუგდიდში, ჩემი ქალაქ ფოთში ყოფნისას გზაში დაიჭირა გურამ აბსანძის ძმა, რომელიც მიუძღვოდა პურის ფქვილით დატვირთულ კოლონას, როგორც შემდეგ ჩემთვის გახდა ცნობილი, აბსნაძის ძმა უცემიათ კომენდანტურაში. რაც შეეხება, რომ ლოთი ქობალიას 2500 გვარდიელი ჰყავდა, ეს სიცრუეა, სულ ეროვნული გვარდიის რიგებში 2000 კაცი იქნებოდა, მათ შორის, ზუგდიდის კომენდანტურაში _ 150 კაცი, წალენჯიხის ბატალიონში _ 150 კაცი, სენაკის ბატალიონში _ დაახლოებით 100–150 კაცი, გურიის პოლკში _ 200 კაცი. ჯიხა ოდიშის ბატალიონი დაახლოებით 200 კაცი. კისავის ჯგუფი 30 – 40 კაცი. #16 ბატალიონი 30–40 კაცი. ბატალიონი კოლხეთი დაახლოებით 60 კაცი. სპორტსმენთა ბატალიონი რამდენიმე კაცისაგან შედგებოდა. ჯვარის ბატალიონი 40–60 კაცი. გორის ბატალიონი 20–30 კაცი. ზურა ირემაძის 40 კაცი, სპორტული სამსახური 40 კაცი. ტრადიციონალისტები 30 კაცი.

რა როლი ითამაშა ოთარ ფაცაციამ ზუგდიდის ბინძურ თამაშებში?

ფაცაცია არც ძებნაშია და არც ჩანს, როგორც მთავარი ობიექტი. არადა, ოთარ ფაცაცია აკონტროლებდა თითქმის ყველა დაჯგუფებას, რაც მიგვანიშნებს, რომ ოთარ ფაცაცია უცებ პრემიერ_მინისტრად დაინიშნა. მასთან ერთად ამ თამაშს თამაშობდა ოთარ უბილავა. ზაურ ქობალიას, სასამართლო პროცესზე დაკითხულმა ერთ–ერთმა მოწმემ უჩვენა, რომ ის პრეფექტად დანიშნეს ოთარ ფაცაციამ, თემურ ფიფიამ და ვახტანგ ქობალიამ. გოჩა ოთხოზორიას სასამართლოზე გოჩამ უჩვენა, რომ ოთარ ფაცაციას თხოვნით იცავდა წისქვილ–კომბინატს. ზუგდიდში ტარდებოდა თათბირი რეგიონალურ დონეზე. ეროვნული გვარდიის შტაბში ყოფნისას ლოთი ქობალიამ მთხოვა, გავყოლოდი თათბირზე, იქ თათბირზე იმყოფებოდა, ორმოცამდე სხვადასხვა ორგანიზაციის დირექტორი. მომხსენებლები გამოდიოდნენ თათბირზე სხვადასხვა რაიონიდან. ბოლოს ლოთიც გამოვიდა სიტყვით. მე თათბირი მივატოვე, იქიდან გამოსულს შემხვდა პროკურორი კიაზო მანია და მილიციის უფროსი თორნიკე ქირია, რომლებსაც შევპირდი, რომ გავაჩენდი გვარდიელებს და დავშლიდი მათ. ხოლო იმ საღამოს გაეშალათ სუფრა კომბინატში, სადაც პრეზიდენტის დაცვის უფროსს მარგველანს მარგიანმა ტყავის დუბლიონკა აჩუქა. სწორედ ასეთი ქმედებების შემდეგ ოთარ ფაცაცია ჩვენს ნათქვამს აინუნშიც არ აგდებდა. და ბოლოს ისე გათავხედდა, რომ ჩვენი ძმების სასაფლაოების გინებაც დაიწყო, რის გამოც მე მომიწია დამეცხრილა მისი კაბინეტი. მას შემდეგ ოთარი თავის სამუშაო კაბინეტში კაი ხანი აღარ ყოფილა. მას და გრიშა ქობალიას პირდაპირი კავშირი ჰქონდათ მოსკოვთან.

იმ საღამოს ოთარ ფაცაცია და კუკური როგავა მოჰყავთ გვარდიის შტაბში, რის შემდეგაც მათ ვართმევთ ვერტმფრენსა და იარაღს, რომლის გადაცემაც გვინდა პრეზიდენტისთვის, მაგრამ ლოთი ყველა ღონეს ხმარობს ვერტმფრენების დასაბრუნებლად. ლოთი გვირეკავს ზუგდიდში და გვეუბნება, რომ ვერტმფრენი საჭირო იყო დაჭრილების გადასაყვანად, მე იძულებული ვიყავი ვერტმფრენი გამეშვა. რაც შეეხება გრიშა ქობალიას, ის იყო მეორე ფიგურა ფაცაციას შემდეგ. მის ხელში იყო ტელევიზია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველა დაჯგუფების დასაყრდენ წერტილს წარმოადგენდნენ ლოთი ქობალიას დისშვილი და ლოთის მეზობლები.

ვინ გადავიდა ეროვნული მოძრაობიდან საწინააღმდეგო დაპირისპირებაში?

ჯერ კიდევ მთაში ყოფნის პერიოდში სამთავრობო ჯარების მხარეს გადავიდა სენაკის ბატალიონის მეთაური კაკო ელიავა. შემდეგ „კოლხეთის ბატალიონის“ მეთაური ანზორ ჩხეიძე შევიდა პოლიციაში. კიტოვანის მხარეს გადავიდა სოსო ჟღენტიც. იმ პერიოდში, როცა აფხაზეთში გააფთრებული ომი მიდიოდა, ლოთი ქობალია თავის სახლს აშენებდა.

რა უნდოდა გურამ აბსანძეს?

დევნილობაში ყოფნისას, უკვე იმის შემდეგ, რაც უშიშროების მუშაკებს შევხვდი, ჩემთან ამოვიდა გურამ მამფორია და მითხრა, რომ მოსკოვში მიბარებდნენ. მე ზური შონია გავაცილე მოსკოვში, სადაც შეხვდა გურამს, იქიდან დაბრუნებული ზური გურამის თხოვნით, ანუ ბრძანებით, მეუბნებოდა, რომ დამევიწყებინა ბეჟან წურწუმიას როლი პრეზიდენტის განადგურების მოთხოვნაში. მიზეზად კი მას მოჰყავდა, რომ ბეჟანმა უღალატა იდეას და არა ჩვენო. მთიდან ჩამოსვლის შემდეგ მე ისევ შემხვდა გურამისგან გამოგზავნილი ზური შონია, რომელმაც გადმომცა გურამის სიტყვები, მეცხოვრა სადმე რუსეთის ქალაქში და ის მომივლიდა ჩემს ცოლ–შვილთან ერთად. ამავე დროს შემხვდა ყველა ის სამხედრო დაჯგუფების ხელმძღვანელი, რომლებიც დაჭერილები არ იყვნენ. ისინი უკვე ქმნიდნენ ახალ სამხედრო დაჯგუფებას. ისინი იბრძოლებდნენ სამეგრელოს ავტონომიისათვის. თათბირს ესწრებოდნენ ვახო ზარანდია, ანზორ ჩხეიძე და გოჩა არაჩემია, რომლის უშუალო ხელმძღვანელობით მოხდა ეს შეხვედრა. თათბირს ესწრებოდა გურამ მაქაცარიას ძმა როლანდ მაქაცარია, რომელიც თათბირზე გაურკვეველი ბატალიონის სახელით გამოდიოდა. ამ ყველაფერს მოსკოვიდან გურამ აბსანძე მართავდა. ყოველივე ამის შემდეგ მე გადავწყვიტე უარი მეთქვა ამ თამაშში მონაწილეობაზე, ვინაიდან ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ეს პოლიტიკისკენ მიმავალი გზა იყო. ყოველივე ამის შემდეგ ოთარ უბილავა და გურამ აბსანძე ერთმანეთს დაეჯახნენ. ეროვნული გვარდიის სამმართველოს შტაბის ყველა, დაწყებული გვარდიის სამმართველოს უფროსიდან განყოფილების უფროსამდე კონტროლირებადი იყო, გაურკვეველია საიდან დაინიშნენ ისინი ამ თანამდებობებზე.

მე ლოთი ქობალიასგან მოვითხოვდი, გაგვენადგურებინა ქალაქ ზუგდიდში მოქმედი შეიარაღებული ბანდფორმირებები, რომელთა უმრავლესობა მისი მეზობლები იყვნენ. ლოთიმ მომცა სიტყვიერი ბრძანება, ამეყვანა მისი მეზობლები, ძმები ვეკუები, ჩამომერთმია მათთვის იარაღი და გამენადგურებინა ისინი, რის გამოც მე მოვთხოვე ლოთის ქაღალდზე დაეწერა ბრძანება. ასევე იყო კიდევ ერთი ფაქტი, როდესაც ლოთიმ ჩემგან მოითხოვა თავისი ერთ–ერთი მეზობლის დაჭერა. ლოთის შესახებ მათ ძალიან ბევრი იცოდნენ ჯერ კიდევ ოსეთში ბრძოლის პერიოდიდან. მათი განადგურების შემდეგ მე დამიპირისპირდებოდა ზუგდიდის მოსახლეობა, რის შემდეგაც თვითონ ლოთი ჩემ წინააღმდეგ მიიღებდა ზომებს.

შენიშვნა: როგორც პროკურატურის მიერ წარმოებული დაკითხვებიდან ამოღებული მასალა, ისე დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ ჩატარებული გამოკითხვები, დასკვნით დოკუმენტში, შეტანილია დაიჯესტის ფორმით, მათში სტილი არ არის დაცული, თუმცა ყველა ჩვენების შინაარსი ზუსტადაა გადმოცემული. ხოლო ბადრი ზარანდიას დღიურს რაც შეეხება, მასში ავტორის სტილი პრაქტიკულად დაცულია.

გაგრძელება

ნაწილი II

  

                                                   



 

Advertisements

One Response to “•პარლამენტის კომისიის დასკვნა-I”

  1. https://zg1993.wordpress.com/

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s