Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• კახა კუკავას გამოსვლა ზვიად გამსახურდიას იუბილეზე

♥ ზვიად გამსახურდია

Kakha Kukava

კახა კუკავას გამოსვლა ზვიად გამსახურდიას იუბილეზე

 

მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას დღევანდელი ღონისძიების მხარდაჭერისათვის, მინდა მივესალმო დამსწრე საზოგადებას და განსაკუთრებული მოწიწებით მინდა მივესალმო ამ დარბაზში მყოფ ეროვნული მოძრაობის ვეტერანებს, პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლებს, რომლებიც ამ დარბაზში უმრავლესობა ბრძანდებით.

ცოტა შეცვლილები ხართ, ცოტა მობერებულებიც, მაგრამ ვხედავ, რომ არავინ არ არის გატეხილი, არავინ დანებებულა ცხოვრებას და ყველა მზად არის გააგრძელოს ის მოძრაობა, რომელიც 1992 წლის 6 იანვარს იარაღის ძალით შეაჩერეს.

მე გავიხსენებ ერთ მიტინგს, ერთ-ერთი ბოლო მიტინგი იყო, რომელიც გამართა პრეზიდენტმა გამსახურდიამ თბილისში 1991 წლის ბოლოს, როცა მან წარმოთქვა სიტყვები, რომელიც ყველას ახსოვს: „ვისაც ჰგონია, რომ იარაღი ძალაა, ძალიან ცდება, იარაღი უძლურებაა, თუ ჩვენი მტრები ტყვიას გვესვრიან, ჩვენ მათ ყვავილები ვესროლოთ და ასე დავამარცხოთ“ – თქვა მან.

ბევრი მიიჩნევდა, რომ ეს იყო უბრალოდ პოეტის სიტყვები, რომლის უკან რაიმე კონკრეტული აზრი და შინაარსი არ იყო, მაგრამ ამ დღეებში ჩვენ ვუყურებთ დაუჯერებელ და საოცარ ისტორიას  ყველა არხზე. მე პირადად მართალი გითხრათ ცოტა ღიმილითაც ვუყურებ – მას პატივს მიაგებენ, მეგობრებო, უკვე არა მხოლოდ მისი მომხრეები და თანამებრძოლები, არამედ ჩვენ ვხედავთ, რომ მის წინაშე ქედს იხრიან მის წინააღმდეგ მებროლები და მოწინააღმდეგეები. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც სულ რამოდენიმე წლის წინ დასცინოდნენ, დიქტატორად მოიხსენიებდნენ პრესაში, დღეს უკვე მისი სახელის წინაშე ქედს იხრიან და გუშინ მოსაწვევს ეძებდა ამ დარბაზში მოსახვედრად ადამიანი, რომელიც ჩაუშესკუს ეძახდა მას თითქმის სამი ათეული წლის წინ.

აი ასე დაამარცხა მან იარაღის გარეშე, ყვავილებით თავისი მოწინააღმდეგეები და ასე გაიმარჯვა მან სიკვდილის შემდეგ.

აქ რატიმ  თქვა სავსებით სამართლიანად, რომ ის არ იყო მხოლოდ პირველი პრეზიდენტი და კარგი იქნებოდა, თუ დღევანდელ სცენაზე ვისაუბრებდით რუსთველოლოგიაზე, ლიტერატურაზე, ენათმეცნიერებაზე, რასაც ის დიდ დროს უთმობდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი გადაუხდელი ვალი, როგორც პირველი პრეზიდენტის ასევე ბრძოლაში დაცემული მისი თანამებრძოლების წინაშე: გამოუძიებელი არის არა მხოლოდ მისი მკვლელობა, არამედ დღემდე ჯიუტად ქართული სახელმწიფო სამოქალაქო დაპირისპირებას უწოდებს იმ მოვლენებს, რომლებიც გრძელდებოდა 1991-დან 1993 წლამდე. ეს არის არა მხოლოდ ისტორიის გაყალბება, არამედ ერთგვარი შეურაცხყოფაცაა ათასობით მსხვერპლის მიმართ. არცერთ გერმანელს თავში არ მოუვა სამოქალაქო დაპირისპირება უწოდოს იმას, რასაც სჩადიოდნენ ნაცისტები ებრაელების მიმართ. არ შეიძლება ვუწოდოთ სამოქალაქო დაპირისპირება, როდესაც ერთ მხარეს არის კბილებამდე შეიარაღებული, ნარკოტიკებით გაბრუებული კრიმინალური ბანდა, რომელიც პირდაპირი დამიზნებით ცეცხლს გაუხსნის დედაქალაქის ცენტრში მრავალათასიან მშვიდობიან, უიარაღო მანიფესტაციას – ეს არ არის მეგობრებო, სამოქალაქო დაპირისპირება, ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი და ამისი არც დავიწყება, არც პატიება არ შეიძლება. მართლმსაჯულების აღსრულება არის ის ვალი, რომელიც არის ჩვენი უმთავრესი გასაკეთებელი უახლოესი რამოდენიმე წლის მანძილზე.

არავინ არ თქვას, რომ ეს დაგვიანებულია: დღემდე იძიებენ 60-იან წლებში ჩილეში პინოჩეტის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, დღემდე გრძელდება ესპანეთში ფრანკისტების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და ალბათ უყურებთ უცხოურ არხებზე სულ რამოდენიმე თვის წინ დააკავეს გესტაპოს უკანასკნელი ოფიცერი, რომელიც 90 წელს არის გადაცილებული, იმიტომ რომ არსებობს დანაშაულები, რომლებზეც არ ვრცელდება ხანდაზმულობა და რომელთა პატიება და დავიწყება ასევე დანაშაულია. ამიტომ მართლმსაჯულების აღსრულება, მე ვფიქრობ, არის ჩვენი უმთავრესი  ამოცანა. ჩვენ მარტო თბილი სიტყვები არ უნდა ვიკმაროთ ყოველი წლის 31 მარტს. თბილი და კეთილი სიტყვები, რომელიც დღეს ბევრი დაიხარჯა, ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს მოძრაობა შემდეგ ლოგიკურ ნაბიჯამდე.

აქ მოსული ადამიანები არ ხართ მხოლოდ იუბილეს სტუმრები, ბევრი თქვენთაგანი ბრძანდებით ეროვნული მოძრაობის წევრები და დამფუძნებლები და მიუხედავად იმისა, რომ მეთაური მოკლულია ეს არ ნიშნავს, რომ ეს მოძრაობა უნდა შეჩერდეს. ეს მოძრაობა უნდა გაგრძელდეს, მანამდე ვიდრე არ აღდგება სამართლიანობა, მანამდე ვიდრე არ  აღსრულდება მართლმაჯულება და მანამდე ვიდრე ქართული სახელმწიფო არ დაუბრუნდება თავის კანონიერ პატრონს – მის უდიდებულესობას, ქართველ ხალხს!

31.03.2019

 

***