Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• მიმართვები

ზვიად გამსახურდიას მიმართვები

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამოსვლიდან უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს

“… ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით, ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, თქვენ, რამეთუ არ იცით, რას ითხოვთ… ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კერძოდ თბილისში და მე დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მოხდა. აი, ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება-შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეირაღებული ბანდის ხელში… მათ შორის ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ზეგავლენისათვის და იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა. მოიშლება ყველაფერი: ელექტროენერგია, გაზები, კომუნიკაციები… საქართველოსაც გადაედება შემდეგ ეს ტენდენცია და საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია… საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოჰყვება ჩემს შესაძლო გადადგომას…”

 

მიმართვა  შიდა ქართლისა და ქ.ცხინვალის ოსი მოსახლეობისადმი 

ჩვენი ხალხებისადმი ამ მძიმე დღეებში მოგმართავთ თქვენ, ვინაიდან ყველაფერი, რაც ოსებსა და ქართველებს შორის ხდება, არა მარტო საერთო უბედურებაა, არამედ პირადი ტრაგედიაცაა თითოეული ჩვენთაგანისათვის. ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ერთურთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით, ვინაიდან ეს ძმათა მკვლელი ომი ვიღაცის იმპერიული ამბიციების დასაყრდენია.

დღეს მთელს მსოფლიოს აღელვებს ქალაქ ცხინვალში შექმნილი სიტუაცია, როგორც ქართველი, ისე ოსი ლტოლვილების მდგომარეობა. სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და კეთილგანწყობა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მიერ იარაღის ჩაბარება შინაგან საქამეთა სამინისტროსათვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღება, რაც მთელი საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს, შეიარაღებული დაჯგუფებები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.

მეორე პრობლემა ქ. ცხინვალში კანონიერი ხელისუფლების შექმნაა. არ იქნება დაშვებული ე.წ. საოლქო უკანონო სტრუქტურების არსებობა. ცხივნალი გადაიქცევა რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად. ოსებისათვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ. ეს უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით იმ პირობებით, რომ ცხინვალში დაბრუნდება ყველა ლტოლვილი, ქართველები და ოსები თანასწორი უფლებებით ისარგებლებენ, გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელს ტერიტორიაზე.

ამჟამად მთელს საქართველოში იქმნება ხელისუფლების ახალი სტრუქტურები – პრეფექტურა და მუნიციპალიტეტი, რომლებიც უნდა შეიქმნას ცხინვალშიც. ეს იხსნის ქალაქს ანარქიისაგან, შიმშილისაგან, კრიმინალური ელემენტების თარეშისაგან. ცხინვალში უნდა დაინიშნოს პრეფექტი, რომელსაც ექნება როგორც ქართველი, ასევე ოსი მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა. აგრეთვე უნდა ჩატარდეს მუნიციპალური არჩევნები, სადაც არჩეული იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ ხალხის ნდობით.

ამოუდექით მხარში პარლამენტს ამ საქმეში. ეს საშუალებას მოგვცემს უახლოეს მომავალში აღვადგინოთ მშვიდობა და სტაბილურობა. ეს აგრეთვე დაგვეხმარება სტიქიური ბლოკადის შედეგების დაძლევაში, რაც წარმოიშვა გაფიცვების, არასტაბილური მდგომარეობის შედეგად ტვირთის ტრანსპორტირების შეუძლებლობის, დივერსიების, ტერორისა და დამნაშავე ელემენტების თარეშის გამო. მოვუხმოთ კეთილგონიერებას სანამ გვიან არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი და სისხლისღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. ზვიად გამსახურდია

 

ზვიად გამსახურდია: მიმართვა აფხაზი ხალხისადმი

ძვირფასო თანამემამულენო!

აფხაზთა და ქართველთა ძმობა უხსოვარი დროიდან იწყება. ჩვენი საერთო კოლხური წარმოშობა, გენეტიკური ნათესაობა ჩვენს ხალხებსა და ენებს შორის, საერთო ისტორია, საერთო კულტურა გვავალებს დღეს დიდ დაფიქრებას ჩვენი ხალხების მომავალ ბედ-იღბალზე. ჩვენ ერთ მიწა-წყალზე ვცხოვრობდით მუდამ და ერთმანეთის ჭირ-ვარამს ვიზიარებდით. ჩვენ საერთო სამეფო გვქონდა საუკუნეთა განმავლობაში, ერთ ტაძარში ვლოცულობდით და ერთ ბრძოლის ველზე ვიბრძოდით საერთო მტრების წინააღმდეგ.

უძველესი აფხაზური გვარების წარმომადგენლები დღესაც არ ანსხვავებენ ურთიერთისაგან აფხაზსა და ქართველს. აფხაზთა მთავრები შერვაშიძეები, საკუთარ თავს არა მხოლოდ აფხაზ, არამედ ქართველ თავადებსაც უწოდებდნენ, ქართული ენა მათთვის დედა ენა იყო, ისევე როგორც იმჟამინდელი აფხაზი მწერლებისათვის. “ვეფხისტყაოსნის” კულტურა გვაკავშირებდა ჩვენ და უძველესი ქართული ტაძრები, ძველი ქართული წარწერებით დამშვენებულნი, დღესაც რომ დგანან აფხაზეთში და ხიბლავენ მნახველს, ჩვენს შორის იყო გადებული თამარის ხიდი მდინარე ბესლეთზე, სოხუმის მახლობლად, დღესაც რომ ამშვენებს უძველესი ქართული წარწერა. ბედია და მოქვი, ამბრა, ბიჭვინთა და მრავალნი სხვანი მოწმენი არიან ამ ძმობისა და ერთობისა.

აფხაზი მუდამ ამაღლებული, რაინდული კეთილშობილების სიმბოლო იყო ქართველის ცნობიერებაში. ამას მოწმობს აკაკის “გამზრდელი” და სხვა მრავალი შედევრი ქართული მწერლობისა. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ სწორედ ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ კიდევ მეტად გაუთქვა სახელი მთელს ქვეყანაზე აფხაზურ კულტურასა და ყოფას, აფხაზი ხალხის გმირობასა და კეთილშობილებას თავისი “მთვარის მოტაცებით”. ქართველმა მეცნიერებმა _ ნიკო მარმა, არნოლდ ჩიქობავამ, ქეთევან ლომთათიძემ გადამწყვეტი როლი შეასრულეს აფხაზოლოგიის დაფუძნებაში, აფხაზური ენის გრამატიკის სისტემატიზაციის საქმეში; ქართველმა ისტორიკოსებმა _ ივანე ჯავახიშვილმა, სიმონ ჯანაშიამ, ნიკო ბერძენიშვილმა და სხვებმა კი აფხაზეთის ისტორიის საკვანძო საკითხების კვლევაში, ხოლო აფხაზები ყოველთვის დიდ როლს ასრულებდნენ ჩვენი საერთო სამეფოსა განმტკიცებასა და კულტურულ აღმშენებლობაში.

ჩვენ მრავალი იმპერიის შემოტევას გავუძელით, ჩვენი ძმობა და მეგობრობა ვერ დაარღვიეს ვერც რომაელებმა, ვერც ბიზანტიელებმა, ვერც არაბებემა, ვერც თურქებმა, მაგრამ აი მეცხრამეტე _ მეოცე საუკუნეში ჩვენ დაგვიპირისპირდა იმპერიათა შორის უვერაგესი და უბოროტესი _ რუსეთის იმპერია, რომელმაც არნახული უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხებს. რუსეთის იმპერიამ თურქეთში გადაასახლა აფხაზი ხალხის დიდი ნაწილი, მანვე გააუქმა აფხაზეთის სამთავრო, გააუქმა საქართველოს სამეფო და მიზნად დაისახა ჩვენი ხალხების სრული ასიმილაცია და მოსპობა. მან დაინახა, რომ ამას ვერ განახორციელებდა მხოლოდ სისხლიანი რეპრესიებით და გენოციდით, ამიტომ გამოიყენა ყველა იმპერიის ნაცადი ხერხი “Divide et impera” _ გათიშე და იბატონე და ყოველგვარ ღონეს ხმარობდა აფხაზი და ქართველი ხალხების ურთიერთ დასაპირისპირებლად. თუმცა, მიუხედავად ამისა, როგორც ამას აღნიშნავდა თვით ნესტორ ლაკობა, ცარიზმმაც ვერ შესძლო აფხაზებსა და ქართველებს შორის შუღლის ჩამოგდება. მაგრამ დღევანდელმა მოდერნიზებულმა კომუნისტურმა იმპერიამ, საუბედუროდ, მიაღწია ამას თავისი მეშვეობით, რაც მისი გეგმით დასაწყისი უნდა გახდეს კავკასიის ბალკანიზაციისა და ლიბანიზაციისა, რათა ცენტრმა შეინარჩუნოს თავისი პოზიციები და ჰეგემონია ამიერკავკასიაში.

ჩვენ პატივს ვცემთ აფხაზი ხალხის ეროვნულ და კულტურულ უფლებებს: თქვენს სახელმწიფოებრიობას, თქვენს ენას, კულტურას, აფხაზურ სკოლას, თეატრს, ყოველნაირად ვცდილობთ საკითხების მოლაპარაკების გზით გადაჭრას; მაგრამ, სამწუხაროდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალური ხელმძღვანელობა არ ამჟღავნებს სათანადო მზადყოფნას მოლაპარაკებისთვის, ადგას ჩვენს მიმართ კონფრონტაციის გზას, ამჟღავნებს სეპარატისტულ ტენდენციებს, საფრთხეში აგდებს მშვიდობას აფხაზეთის ტერიტორიაზე.

დღეს დიდი ხმაურია ატეხილი გალში ჩვენს მიერ პრეფექტის დანიშვნასთან დაკავშირებით. როგორც იცით, ჩვენი კანონის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ უნდა წარმოადგინოს პრეფექტის კანდიდატურები, რომლებიც ჩვენ უნდა დავამტკიცოთ. ამავე კანონის თანახმად, განმარტების მიხედვით, თუ ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა არ წარმოადგენს ასეთ კანდიდატურებს, საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს უფლება აქვს თავად დანიშნოს პრეფექტი. მიუხედავად ჩვენი არაერთგზის თხოვნისა, ბატონი არძინბა არ ჩამოვიდა თბილისში, არ დაესწრო პრეზიდიუმის სხდომებს, რომლის წევრადაც იგი ითვლება და არ წარმოადგინა პრეფექტის კანდიდატურა, ამიტომაც დაინიშნა გალში პრეფექტი. ამჟამად ჩვენ მას მივეცით ვადა სხვა კანდიდატურების წარმოდგენისა, რასაც იგი კვლავ აჭიანურებს.

ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ იგი ბოიკოტს უცხადებს ჩვენს პარლამენტს, ჩვენს პოლიტიკას პრეფექტურებთან დაკავშირებით და სურს აფხაზეთში შენარჩუნება კომუნისტური წყობილებისა, მმართველობის კომუნისტური სისტემისა. მაგრამ ჩვენ უნდა შევახსენოთ მას, რომ კომუნისტური სისტემა და საბჭოთა იმპერია დღეს განწირულია და ამაოდ ცდილობენ მავანნი და მავანნი ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალებას. ადრე თუ გვიან საბჭოთა კავშირის დამონებული ხალხები გადაიგდებენ კომუნისტური დიქტატურის უღელს და მაშინ არძინბას მსგავსი მოღვაწეები შეფასდებიან, როგორც საკუთარი ხალხის მოღალატენი.

დღეს მთელი მსოფლიო გმობს გორბაჩოვის რეპრესიულ პოლიტიკას დაპყრობილი ერების მიმართ, ლიტვაში და ლატვიაში ჩადენილ ბარბაროსობას. ასე, რომ საბჭოთა ტანკების იმედი ნუღარავის ექნება. მსოფლიო გმობს, აგრეთვე, ცენტრის მიერ ინტერფრონტების და “ხსნის კომიტეტების” შექმნის მცდელობას ხალხის მიერ არჩეული მთავრობების დამხობის მიზნით. და აი, ასეთ დროს აფხაზეთში შეიქმნა ინტერფრონტი, რომელსაც სურს გაიმეოროს ბალტიისპირეთის მოდელი, ხოლო არძინბა გამუდმებით იწვევს იმპერიის ჯარს, რათა სისხლისღვრა გამოიწვიოს აფხაზეთში. მან უკვე მიაღწია შინაგანი ჯარის შემოყვანას ბაბუშერაში, მაგრამ მას უნდა ახსოვდეს, რომ მსოფლიო ისევე დაგმობს მის საქციელს, როგორც დაგმო ბალტიისპირეთის “ხსნის კომიტეტები”. ამით არძინბას სურს აფხაზი ხალხი ჩაითრიოს სახიფათო ავანტურაში, რომელიც მას სირცხვილსა და უბედურებას მოუტანს. ასევე სახიფათო იქნება აფხაზეთის მოსახლეობისათვის მონაწილეობა 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმში, რაც მიზნად ისახავს ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივებას აფხაზეთში, ქართველების, აფხაზების, სომხების, რუსების და სხვა ეროვნებების ურთიერთდაპირისპირებას, ხალხთა შორის სისხლისღვრის პროვოცირებას. ამიტომ მოგიწოდებთ: ნუ აყვებით პროკომუნისტებს, ჩვენი ისტორიული მტრების აგენტებს და პროვოკატორებს, ბოიკოტი გამოუცხადეთ საბჭოთა რეფერენდუმს და მონაწილეობა მიიღეთ საქართველოს რესპუბლიკის 31 მარტის რეფერენდუმში, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან. დამოუკიდებელი საქართველო თქვენ უფრო მეტს მოგცემთ, ვიდრე მოდერნიზებული საბჭოთა იმპერია, რომლის მიზანიც არის ყველა პატარა ხალხის ასიმილაცია და რუსიფიკაცია. თვითმყოფად საქართველოში იარსებებს ჭეშმარიტად თვითმყოფადი აფხაზეთი, ჭეშმარიტი თვითმმართველობით, როგორიც მას ჰქონდა აფხაზთა და ქართველთა ერთიანი სამეფოს არსებობის დროს სუკუნეთა განმავლობაში.

გაუმარჯოს ჩვენს ისტორიულ ძმობას, ერთობას და დამოუკიდებლობას!

გვფარავდეს ღმერთი სიყვარულისა და ჭეშმარიტებისა!

სიყვარულით და პატივისცემით
ზვიად გამსახურდია.

თბილისი, 1991 წ. მარტი

ზვიად გამსახუდია: ჰელსინკის პრინციპების დასაცავად 

 

კონფერენციის პატივცემულო მონაწილენო!

მოგმართავთ თქვენ, როგორც საქართველოს ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ჩვენი კავშირი შეიქმნა 1976 წელს, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირში იქმნებოდა ჰელსინკის ჯგუფები. მან გამოიარა წარმოუდგენელი დევნის წლები. კავშირის წევრებმა არაერთგზის განიცადეს რეპრესიები, მაგრამ იგი განაგრძობდა ბრძოლას ადამიანის უფლებებისათვის, ერთა დამოუკიდებლობისათვის, დემოკრატიული არჩევნების დამკვიდრებისათვის.

1990 წლის ოქტომბერში ჩვენ მივაღწიეთ საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს, გავაუქმეთ კომუნისტური რეჟიმი და ავირჩიეთ საბჭოთა კავშირში პირველი მრავალპარტიული პარლამენტი. 1991 წლის 31 მარტს ჩავატარეთ პირველი რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე, ხოლო 1991 წლის 26 მაისს. პირველი თავისუფალი არჩევნები, რომელზეც ამირჩიეს მე ხმათა 87 პროცენტით.

მსურს გაგიზიაროთ მოსაზრებანი ჰელსინკის მოძრაობის პერსპექტივებთან და მის წინაშე მდგომ ამოცანებთან დაკავშირებით, რამეთუ ამ მოძრაობაში გახლავართ ჩართული დღიდან 1975 წლის ხელშეკრულების ხელმოწერისა. ჰელსინკის ჯგუფების პატიმრობაში მყოფ სხვა წევრებთან ერთად წარდგენილი გახლდით მშვიდობის ნობელის პრემიაზე.

1985 წლიდან, როდესაც სსრკ-ის ახალმა კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა “პერესტროიკა”, მისი საქმიანობის მთავარ ასპარეზად იქცა საგარეო პოლიტიკა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მსოფლიოში მოხდა ისტორიული ძვრები-ბერლინის კედლის დანგრევა და გერმანიის გაერთიანება, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან საბჭოთა ჯარების გაყვანა, «ვარშავის პაქტის» დაშლა და სხვა ქმედებანი მნიშვნელოვანწილად უკავშირდება «პერესტროიკას», რომელიც გამოწვეულია საბჭოთა კავშირისადმი დასავლეთის სახელმწიფოთა, პირველყოვლისა, აშშ-ის დამოკიდებულებით. საბჭოთა კავშირი არ გარდაქმნილა საკუთარი სურვილით, იგი აიძულეს საგარეო პოლიტიკაში  “ახალი აზროვნების” მიმართულებით ემოქმედა. რაც შეეხება სსრკ-ის საშინაო, მას არ განუცდია არანაირი, თუნდაც მცირედი ცვლილება. საგარეო დათმობების ხარჯზე საკუთრივ საბჭოთა კავშირში იმრავლა შიდა იმპერიის შენარჩუნების მცდელობებმა, რაც ფაქტობრივად მხოლოდ ერთგვარ გადახალისებას წარმოადგენს და სხვას არაფერს.

ერის თავისუფლება გულისხმობს მის თვითგამორკვევას, უფლებას თავად იყოს საკუთარი ბედის განმგებელი. სსრკ-ს ტერიტორიაზე მოსახლე დამონებულ ერებს ორად ჰყოფს: ხელისუფლებისათვის საიმედო და არასაიმედო, მეამბოხე ერებად.

შესაბამისად, ხელისუფლების დამოკიდებულებაც მეამბოხე და ქედუხრელ ერთა წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოუცხადებელი ომი ყოველგვარი არსებული ხერხებით. ფართოა ამ მეთოდების არსენალიც.

ა) რესპუბლიკებში იქმნება კომუნისტების მიერ ინსპირირებული ინტერფრონტები, რომელნიც ყოველმხრივ ცდილობენ ეთნოკონფლიქტების გაღვივებას, რათა ეს გახდეს საბაბი კრემლის მხრიდან შეიარაღებული ჩარევისა. არსებობს მრავალი მაგალითი: მოლდავეთში “გაგაუზებისა და დნესტრისპირეთის რესპუბლიკების” შექმნა, ბალტიისპირეთში-რუსულენოვანი მოსახლეობის “თხოვნით” ჯარების შეყვანა, საქართველოში-აფხაზი და ოსი სეპარატისტებისადმი პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა, სომხეთ-აზერბაიჯანის კოფლიქტის “რეგულირება” და მრავალი სხვა;

ბ) დაუმორჩილებელი რესპუბლიკების მიმართ ეკონომიკური ბლოკადის შემოღება;

გ) ტასს-ის, იმპერიის სიცრუის უშველებელი მანქანის საშუალებით საბჭოთა კავშირში და საზღვარგარეთ ტენდენციური ინფორმაციის გავრცელება “ზოგიერთ” რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენები შესახებ. რესპუბლიკების დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებებისათვის ბირთვული იარაღის ღილაკის დაუფლების სურვილის მიწერა, მათთვის ფაშისტობისა და დიქტატორობის, ადამიანის უფლებების შეზღუდვის დაბრალება… და ყოველივე ამას სჩადის რეჟიმი, რომლისთვისაც კლასობრივი სიძულვილი და კაცთა კვლა იდეოლოგიურ მიზანს წარმოადგენს. იმავდროულად ბრალდებულ ხალხებს არ გააჩნიათ არავითარი შესაძლებლობა მათ წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდისათვის პასუხის გაცემისა.

თუ ყოველივე ამას დავუმატებთ სსრკ-დან რესპუბლიკების გასვლის შესახებ დრაკონულ კანონს, რომელიც სინამდვილეში გაუსვლელობის კანონს წარმოადგენს, სრული სიცხადით ვიხილავთ ერთა თვითგამორკვევის საბჭოურ მოდელს.

სსრკ-ის შესახებ ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მასშტაბური და ღრმა რეფორმების გარეშე შეუძლებელია ჰელსინკის პრინციპების გამარჯვებაზე ფიქრიც კი, 1991 წლის კონფერენციაზე ყურადღება უნდა დაეთმოს შემდეგ პრობლემებს:

1. სსრკ-ში დემოკრატიული რეფორმებისათვის საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ბაზისის შექმნა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ერთა სრული თვითგამორკვევის გარანტიას, იმპერიალიზმისა და ნეოკოლონიალიზმის აღმოფხვრას;

2. დაპყრობილ ხალხთა წინააღმდეგ ეკოლოგიუირ ომის შეწყვეტა, ე.ი. მათი ბუნების, მიწის, ჰაერის, წყლის რესურსების და სასარგებლო წიაღისეულის ბარბაროსული ექსპლუატაციისა და განადგურების აღკვეთა;

3. ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობათა წინააღმდეგ ტერორის შეწყვეტა, სრული საჯაროობის პირობებში ამ ტერორის ინიციატორთა და შემსრულებელთა სამსჯავროსათვის გადაცემა;

4. იმ ჯგუფების ოფიციალურად ცნობა, რომელნიც იღვწიან ჰელსინკის და ვენის დასკვნითი დოკუმენტების დებულებათა ხორცშესხმისათვის, მათი ხელშეუხებლობის, დაცვისა და მათდამი თანადგომის გარანტირება. ამ პრობლემის გადაჭრისათვის აუცილებელია რეალიზაციის მქეანიზმის შემუშავება, რისთვისაც საჭიროდ გვესახება:

ა) სსრკ-ში მიმდინარე პროცესებზე, განსაკუთრებით, ეთნოკონფლიქტებზე, გაეროს, ევროპარლამენტის და საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციების მხრიდან მუდმივი კონტროლის დაწესება;

ბ) სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება;

გ) დასავლეთის სახელმწიფოებისა და რესპუბლიკების დედაქალაქებში საინფორმაციო ცენტრების შექმნა;

დ) გაეროს და სხვა ორგანიზაციების ექსპერტთა მიერ საქართველოში, ლიტვაში, ლატვიაში და სხვა რესპუბლიკებში მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევების, პროვოცირებული ეთნოკონფლიქტების, სხვა ანტიჰუმანური ქმედებებისა და მათი შედეგების შესწავლა.

 

ზვიად გამსახურდია: ძალაუფლებისათვის მებრძოლ 41 პოლიტიკურ პარტიას,  საზოგადოებასა და კერძო პირს
 

წავიკითხე თქვენი განცხადება მრგვალი მაგიდის კონცეფციასთან დაკავშირებით და მსურს დაგისვათ რამდენიმე შეკითხვა და გიპასუხოთ უსაფუძვლო ბრალდებებზე.

თქვენ ეკამათებით ჩვენს პოლიტიკურ კონცეფციას და ამასთან აშკარად  აღშფოთებულნი ხართ იმით, რომ მე მოხსენიებული ვარ, როგორც მრგვალი მაგიდის სპიკერი, რის გამოც მიწოდებთ “ახლადგამომცხვარ დიქტატორს”. განსაცვიფრებელია ის, რომ სიტყვა “სპიკერი” თქვენს ცნობიერებაში გაიგივებულია სიტყვა “დიქტატორთან”, რაც, ჩემის აზრით, უნდა იყოს არა ტერმინოლოგიური უმეცრების შედეგი, არამედ შეგნებული ცდა საზოგადოების დეზინფორმირებისა. ნება მიბოძეთ გკითხოთ: ა.წ. 15-19 მარტს ჩატარებულ ეროვნული მოძრაობის საგანგებო კონფერენციაზე განა თქვენ თავად არ ამირჩიეთ სპიკერად? განა ასეთად არ ვითვლებოდი კონფერენციის მთელი მუშაობის მანძილზე? რად არ მიწოდებდით იმჟამად დიქტატორს? ან როგორ ვიქეცი დიქტატორად სულ რაღაც ორ თვეში? ან იქნებ ვინმემ გიკარნახათ ჩემთვის ამგვარი “ტიტულის” ბოძება? თანაც თქვენ თითქოს არ იცით, რომ მრგვალ მაგიდას სხვა სპიკერებიც ჰყავს და რომ ა.წ. 15 მაისის სხდომაზე სპიკერი იყო ვ. ბახტაძე, 18 მაისის სხდომაზე – თ. ჟორჟოლიანი. როგორ, ნუთუ ესენიც დიქტატორები არიან?

მაგრამ აქ საქმის ვითარება სხვაგვარია. ამას წინათ მოსკოვში გაიმართა ე.წ. თურქი მესხებისა და “პამიატის” გაერთიანებული დემონსტრაცია, სადაც გამოიტანეს ლოზუნგი: “ძირს დიქტატორი გამსახურდია”. დიქტატორი კი, თურმე, იმის გამო ვარ, რომ წინააღმდეგობას ვუწევ ნახევარი მილიონი თურქის ჩამოსახლებას საქართველოში, რასაც მოითხოვს კრემლი და, სხვათა შორის, თქვენი “საკოორდინაციო საბჭოს” ზოგიერთი წევრი ორგანიზაციაც. საინტერესოა, რას მივაწეროთ ტერმინების ეს ღირსშესანიშნავი დამთხვევა?

ან სად შევაპარეთ ჩვენს კონცეფციაში “ძლიერი ხელის” საჭიროება? ასეთი აზრი იყო სწორედ თქვენს მიერ განცხადებაში, რომელიც ამას წინათ გამოაქვეყნეთ “ახალგაზრდა ივერიელში”. აქაოდა, ეროვნულ მოძრაობას ხელმძღვანელობა არა ჰყავს, მას ძლიერი ხელმძღვანელობა ესაჭიროებაო.

რაც შეეხება დიქტატორს, აქ კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ: ფორუმიდან თავდაპირველად სწორედ იმის გამო გავედი პიროვნულად, რომ არ მომეწონა ზოგიერთი თქვენგანის ქცევა და ნაცვლად იმისა, მკაცრი მომთხოვნელობა გამომეჩინა, ავირჩიე სწორედ ყველაზე უფრო დემოკრატიული ფორმა პროტესტისა და განგერიდეთ.

ჩვენი პოლიტიკური კონცეფციის გაყალბების ცდაზე ცალკე წერილში გაგცემთ პასუხს მრგვალი მაგიდის ორგანიზაციები, ამიტომ აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებ. რაც შეეხება ჩემს “ახლადგამომცხვარობას”, ამას ნამდვილად არავინ დაგიჯერებთ არც საქართველოში, არც მის ფარგლებს გარეთ. ახლა თურმე იმასაც უარჰყოფთ, რასაც წლების მანძილზე გაჰყვიროდით ყოველ მიტინგზე: ზვიდ გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ ჯერ კიდევ 50-იან წლებში დაიწყესო ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა, ახლა კი თურმე “ახლადგამომცხვარიც” გავმხდარვარ. საოცარია, თქვენი შეხედულებების ესოდენ ელვისებური ტრანსფორმაცია. თუმც რა უნდა მიკვირდეს “პერესტროიკის” შემდეგ მართლაც რომ ახლადგამომცხვარი, ახლადგამოჩეკილი ორგანიზაციებისაგან, რომელთაც არ ჰყოფნით კადნიერება “ეროვნულ მოძრაობაში ჩაბმულ ძალთა აბსოლუტურ უმრავლესობად” გამოაცხადონ თავი, რაოდენობრივი პრინციპი თვისობრივზე მაღლა დააყენონ (ფრჩხილებს აღარ ვხსნი) და ჩვენ “ეროვნული მოძრაობის უმნიშვნელო ნაწილი” გვიწოდონ! თუმცა, მოდით ერს მივანდოთ უახლოეს  ხანში ყოველივე ამის განსჯა და ახლა გადავიდეთ იმ სასამართლოზე, რომლის მოწყობასაც თურმე მიპირებთ და რაც ამ განცხადებაშიც წამოგცდათ: “იგი ან ნებისმიერი სხვა პირი თუ არ დაამტკიცებს ფორუმის წევრთა უზნეობას, ტერორისტობას თუ კორუმპირებულობას, ეროვნულ ფორუმში გაერთიანებული პირები და ორგანიზაციები მოითხოვენ ამ ბრალდების დამტკიცებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ზ. გამსახურდიას დაეკისრება მორალურ-პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ცილისწამებათა გამო”.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ წერილობით განმარტებას არ გამოვაქვეყნებთ, რადგან მაშინვე ასტეხთ ყიჟინას: არიქა, ოფიციოზს უხსნიანო ხელს ჩვენი რეპრესიებისთვის! მაგრამ რახან ესოდენ გაკადნიერდით, ჩვენ უახლოეს ხანში მოგვიწევს ერთად შეკრება, ამ შეკრებას დაესწრებიან დასავლეთის მოღვაწენი და ჟურნალისტები, რომელთა თანდასწრებით სათანადო დოკუმენტებითა და მოწმეებით დაგიმტკიცებთ ყოველივე იმას, რასაც თქვენ უარყოფთ.

უფალი და ერი იყოს ჩვენი მსაჯული!

1990 წ.

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

ბრძანებულება

საყოველთაო ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ

 

უკანასკნელ ხანებში იმპერიის შემადგენლობაში მყოფმა ხალხებმა გააძლიერეს საპროტესტო პოლიტიკური საგაფიცვო მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს იმპერიული ცენტრალური ხელისუფლების გაუქმებას და სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოების ჩამოყალიბების პროცესისათვის ხელშეწყობას. ამასთან დაკავშირებით, აგრეთვე  სამაჩაბლოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ე.წ. ცენტრის იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ მრგვალი მაგიდის პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა სატრანსპორტო საშუალებებისა და საკავშირო დაქვემდებარების საწარმოების გაფიცვები გამოაცხადეს.

გამომდინარე იმ მოსაზრებიდან, რომ აღნიშნულ საპროტესტო აქციებს აქვს ერთი მიზანი: საქართველოს სრული, ფაქტობრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, იმპერიული სტრუქტურებისადმი დაქვემდებარებისა და დიქტატისაგან მისი განთავისუფლება, რაც წარმოადგენს უკანასკნელ წლებში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის პროცესის უშუალო გაგრძელებას, ვადგენ:

1. სამინისტროებმა, უწყებებმა, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ყოველნაირად შეუწყონ ხელი მრგვალი მაგიდის პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ საყოველთაო ეროვნულ და სამოქალაქო დაუმორჩილებლობას.
2. თანამდებობის პირთაგან შეიქმნას საკონსულტაციო და საკოორდინაციო საბჭოები, რომლებიც საგაფიცვო კომიტეტებთან ერთად სისტემურ ხასიათს მისცემენ დაუმორჩილებლობის მოძრაობას, რათა არ დაზარალდეს რესპუბლიკის ეკონომიკური ინტერესები.
(…)

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია.

1991 წლის 15 აპრილი.

 

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

 მიმრათვა

 სსრკ  პრეზიდენტს  მ. ს. გორბაჩოვს, სსრკ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს  ა. ი. ლუკიანოვს, სსრკ უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს თავმჯდომარეს, რ. ნ. ნიშანოვს, სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრს ბ. კ. პუგოს

 

 თქვენთვის ცნობილია, რომ ამა წლის 24 აპრილს სსრკ უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა დადგენილება, რომელშიც დასახულია შიდა ქართლში, კერძოდ კი ცხინვალსა და მის მიმდებარე რაიონებში მდგომარეობის პოლიტიკური გზით რეგულირებისა და ნორმალიზაციის რეალური საშუალებები.  ეს გადაწყვეტილება მიიღეს ამ საკითხზე კონსტრუქციული მსჯელობის შემდეგ. სსრკ უმაღლესი საბჭოს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და რსფსრ უმაღლესი საბჭოს წევრთა შემადგენლობით შეიქმნება მუდმივი საპარლამენტთაშორისო კომისია, რომელსაც დავალებული აქვს რეგიონში მართლწესრიგის დაცვასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოგვარება. საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კონფლიქტის სწრაფი ლიკვიდაციის რეალური გზაა.

სწორედ ამ დროს აღნიშნულ რეგიონში მყოფი სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარები თავიანთი მოქმედებით იწვევენ ვითარების კიდევ უფრო მეტ დესტაბილიზაციას _ თავს ესხმიან სოფლის უიარაღო მოსახლეობას, იტაცებენ მძევლებს. ცნობილია, რომ დღეისათვის დაპატიმრებულია ბევრი ქართველი, რომლებისთვისაც ოფიციალურად არავითარი ბრალდება არ წაუყენებიათ. დღეს, 27 აპრილს, დილის 5 საათსა და 30 წუთზე შვიდი ჯავშანტრანსპორტიორი შეიჭრა სოფელ ერედვში. ჯარისკაცებმა ჩაამტვრიეს კარ-ფანჯრები, შეცვივდნრნ სახლებში, გაჩხრიკეს, დააკავეს და ცხინვალში წაიყვანეს ათი ადგილობრივი მცხოვრები, მათ შორის სამოცდაათი წლის ქალი. ათივე მძევლის გვარი დადგენილია. ადგილობრივი მცხოვრებლები აგებენ ბარიკადებს და კეტავენ სოფლისაკენ მიმავალ გზას. წინა დღეს 26 აპრილს, ცხინვალის გარეუბანში, ბაგების ქუჩაზე ოსი ბანდიტები თავს დაესხნენ სიმონ ფარცხალაძის ოჯახს, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ოჯახის დიასახლისი ზოია ფარცხალაძე-კობალაძე, ოჯახის უფროსი სიმონ ფარცხალაძე კი მძიმედ დაჭრეს მუცლის არეში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სსრკ შინაგან სამინისტროს ჯარების მიმნებებლობით ბანდიტები არბევენ და ხოცავენ ქართველი ეროვნების პირებს.

საქართველოს რესპუბლიკისათვის კატეგორიულად მიუღებელია სსრ კავშირის სინაგან საქმეთა სამინისტროს ამა წლის 23 აპრილის ბრძანებულება, რომელიც ითვალისწინებს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შინაგან საქმეთა ორგანოების სტრუქტურების აღდგენას, რაც არა მარტო სუვერენული საქართველოს, არამედ თვით სსრკ კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.

        ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო კატეგორიულ პროტესტს აცხადებს შიდა ქართლში სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების მოქმედების გამო, რაც ჩაშლით ემუქრება კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადაწყვეტის წარმატებით დაწყებულ საქმეს, და დაბეჯითებით მოითხოვს:

1. დაუყოვნებლივ გაუქმდეს სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს 23 აპრილის ბრძანებულება.

2. დაევალოს სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლში მყოფი ჯარების ხელმძღვანელობას შეწყვიტოს ცალმხრივი ძალადური მოქმედებანი ქართველი მოსახლეობის მიმართ როგორც აღნიშნულ რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

3. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ქ. ცხინვალისა და მიმდებარე რაიონებში დაკავებული ყველა პირი, რომლებიც პრაქტიკულად უკანონოდ არიან ამოყვანილი საქართველოს რესპუბლიკის იურისდიქციიდან, ან გადასცენ ისინი საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას.

4. დაევალოს სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონში მყოფი ჯარების ხელმძღვანელობას მჭიდროდ ითანამშრომლოს საპარლამენტთაშორისო კომისიასთან.

 

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დავალებით

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზ. გამსახურდია. 

 თბილისი, 1991 წლის 27 აპრილი.

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

 მიმართვა

 რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ  ბ. ელცინს

 

 როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ა. წ. 4 მაისს ქ. ცხინვალში, ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს უკანონოდ მოწვეულ სესიაზე მიღებული იქნა დადგენილება ე.წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის” გაუქმებისა და ავტონომიური ოლქოს აღდგენის შესახებ, რომელიც თუმცა შედის საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში, მაგრამ თურმე “ადმინსტრაციულად ექვემდებარება” რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის იურისდიქციას. და ეს ხდება მაშინ, როდესაც ა.წ. 24 აპრილს კონსტრუქციული მოლაპარაკების შედეგად საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს დადგენილებით პარიტეტულ საწყისებზე იქმნება საბჭოთა კავშირის, რსფსრ-ს და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოების დეპუტატთა კომისია შიდა ქართლში მცხოვრები ოსი მოსახლეობის წარმომადგენლის მონაწილეობით.

ამ კომისიას ევალება შიდა ქართლში შეიარაღებული კონფლიქტის პოლიტიკური საშუალებებით მოგვარება. გაჩნდა ამ რეგიონში საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და იქ მცხოვრები ოსი მოსახლეობის ეროვნულ-კულტურული ავტონომიის დაცვის რეალური პერსპექტივები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ შეიძლება პროვოკაციად არ შევაფასოთ ოსი სეპარატისტების მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომელთა მიზანია არა მარტო ხელი შეუშალონ დაწყებულ პოლიტიკურ პროცესს, არამედ პრაქტიკულად ჩაშალონ ეს წამოწყება, დაუპირისპირონ ერთმანეთს საქართველოს რესპუბლიკისა და რსფსრ-ს იურისდიქცია ამ რეგიონში.

არ შეიძლება თქვენი ყურადღება არ მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ეს სესია ჩატარდა ა. ჩეხოვის _ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატის ყოფილი სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის ყოფილი პირველი მდივანი _ გადაყენებული იყო თვით ოსი მოსახლეობის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებისათვის, მას არ ჰქონდა უფლება სათავეში ჩასდგომოდა ოს ექსტრემისტთა ახალ პროვოკაციას, რადგანაც კარგად იცოდა თუ რა მსჯელობა იყო ეროვნებათა საბჭოს სხდომაზე და რაზე შეთანხმდნენ დეპუტატები.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა ა. წ. 7 მაისს თავისი დადგენილებით იურიდიული ძალის არმქონედ ცნო ე. წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საოლქო საბჭოს რეამინაციის ცდა.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი დარწმუნებულია, რომ რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და მისი თავმჯდომარე ოფიციალურად გაემიჯნებიან ოს ექსტრემისტთა პროვოკაციულ აქტს, რომელიც ყოვლად შეუთავსებელია ორ სუვერენულ რესპუბლიკას შორის წამოწყებულ ჭეშმარიტად თანასწორუფლებიან ურთიერთობასთან. ამ აქტის თქვენი მხრიდან რეაგირების გარეშე დატოვება შეფასდება როგორც მისი ფაქტობრივი აღიარება და საქართველოს რესპუბლიკის საშინაო საქმეებში ჩარევა.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზ. გამსახურდია.

თბილისი, 1991 წლის 7 მაისი.

 

 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ა. ხ. გალაზოვს

 

ბატონო თავმჯდომარევ!

 როგორც ცნობილია, ქართული საზოგადოებრიობა დიდად შეწუხებულია ისტორიული შიდა ქართლის გაჭიანურებული კონფლიქტით. არის მსხვერპლი, არიან ლტოლვილნი როგორც ქართველ, ისე ოს მოსახლეობას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო ხანს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზები დაისახა, გარკვეული ძალები მაინც ცდილობენ ჩაშალონ ყოველგვარი მოლაპარაკება, რომელსაც ქართველი ერი ყოველთვის მხარს უჭერდა და ახლაც ამას ესწრაფვის, ჩვენ, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებულმა მეზობელმა ქვეყნებმა, უნდა შევძლოთ ურთიერთობის მოგვარება და გარკვეული დროის შემდეგ კეთილმეზობლობის აღდგენა. ამას დღესვე უნდა ჩავუყაროთ საფუძველი, ბოლშევიკური ჯარების აგრესიის შემდეგ, რასაც თან მოჰყვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის ოკუპაცია, შეიქმნა “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი”, 1992 წლის 20 აპრილს სახალო კომისართა საბჭოს #2 სპეციალური დეკრეტით დაზუსტდა ოლქის პოლიტიკური სტატუსი და ტერიტორია, მის დედაქალაქად გამოცხადდა ქალაქი ცხინვალი, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ქართველებით იყო დასახლებული. შემდეგ სხვადასხვა დროს პირდაპირი წაქეზებით და სამხედრო ძალის დახმარებით ცდილობდნენ ოლქის პოლიტიკური სტატუსი შეეცვალათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ხარჯზე. ასეთი მისწრაფების ბოლო გამოვლინება იყო სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის დეკლარაცია, რომელიც 1990 წლის 20 სექტემბერს მიიღო “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭომ. იმავე დღეს გადაწყდა ავტონომიური ოლქი “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად” გადაექციათ. 1990 წლის 21 სექტემბერს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა თავისი დადგენილებით ბათილად ცნო აღნიშნული აქტები. მიუხედავად ამისა, 16 ოქტომბერს “რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი” შეიქმნა და არჩევნები დაინიშნა. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 22 ნოემბერს ეს დადგენილება ბათილად ცნო  და ოსთა მხარე გააფრთხილა, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა ასეთი აქციებისათვის.  მაგრამ 1990 წლის 9 დეკემბერს ყოფილი “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” ტერიტორიაზე მაინც გაიმართა ანტიკონსტიტუციური, უკანონო არჩევნები მიმართული სახელმწიფოს მთლიანობის წინააღმდეგ. რამდენადაც საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება არასოდეს შეურიგდება მისი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, 1990 წლის 11 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქ,ების შესახებ”, რომელმაც აღადგინა ისტორიული სამართლიანობა და ღირსეული პასუხი გასცა იმათ, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ცდილობს. ოსთა მხარის შემდგომში მოქმედებამ პროვოკაციულად გაამწვავა კონფლიქტი, რომელიც დღეს გვაქვს. საქართველო-ოსეთის შემდგომ ურთიერთობას საფუძვლად უნდა დაედოს საქართველოს რესპუბლიკის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ცნობა, რომლის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება საქართველოს უზენაესი საბჭოს და რესპუბლიკის პრეზიდენტის კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოქმედება. დღეს კი დიდად გასაკვირია ის, რომ ოსთა ისტორიულ სამშობლოს “ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკას” უწოდებენ. ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ 1918 წლის მარტში პიატიგორსკში, თერგისპირა ხალხთა II ყრილობაზე, გამოცხადდა თერგის საბჭოთა რესპუბლიკა რუსეთის სფსრ შემადგენლობაში. 1919 იანვარ-თებერვალში ოსეთი ხელთ იგდო დენიკინმა, მაგრამ 1920 წლის მარტის მიწურულს კვლავ საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. 1921 წელს მთიელთა ასსრ შემადგენლობაში შეიქმნა ვლადიკავკაზის (ოსეთის) ოკრუგი. 1924 წლის 7 ივლისს ეს ოკრუგი ოლქად, 1931 წლის დეკემბერში კი ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გადაკეთდა. მართალია, ამ დროისათვის საბჭოთა რუსეთისაგან ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებობდა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, მაგრამ ისტორიული და პოლიტიკური სამართლიანობის აღდგენის შემდეგ, როცა საქართველოს კანონიერმა ხელისუფლებამ გააუქმა უცხო სახელმწიფოს აგრესიის ერთ-ერთი  შედეგი, ისტორიული ოსეთის “ჩრდილოეთ ოსეთად” მონათვლა სხვა არა არის რა, თუ არა იურიდიული ნონსენსი. ყოველივე ზემოხსენებული ერთ-ერთი უდიდესი დაბრკოლება იქნება ჩვენს შემდგომ ურთიერთობაში და გთხოვთ, მომავალში გაითვალისწინოთ ეს თქვენს საკანონმდებლო საქმიანობაში.

ბატონო თავმჯდომარევ! თუ ჩვენ სავსებით გვესმის სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ თანამოძმეთა დახმარება, რომელსაც თქვენ უწევთ, ქართველი ხალხის გაკვირვებას და უდიდეს აღშფოთებას იწვევს, როცა თქვენ ხელს უწყობთ თვითმარქვია “საოლქო კომიტეტებს”, რაც ვიმეორებ, აბრკოლებს ვითარების შემდგომ ნორმალიზაციას. სუვერენული სახელმწიფო თავის საშინაო საქმეებში ჩარევას ვერ შეურიგდება. ამიტომ მოვითხივთ თქვენგან, აღადგინოთ თქვენი ქვეყნის ისტორიული სახელწოდება _ “ოსეთი”, ნაცვლად “ჩრდილოეთ ოსეთისა!”, აგრეთვე აღარ ცნოთ უკანონო “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი” და მისი “საოლქო კომიტეტი”.               

გთხოვთ, თქვენი შემდგომი მოქმედებისას გაითვალისწინოთ ჩვენი წინადადებანი. დარწმუნებული ვართ, რომ თუ ერთმანეთს შევუთანხმებთ გონივრულ მოქმედებას, ერთობლივი ძალისხმევით დავძლევთ დაპირისპირებას და კონფლიქტს. თუ დაკმაყოფილდა ყოველივე ზემოთქმული, ჩვენ შევძლებთ ისეთი კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას, როგორის ღირსნიც არიან ჩვენი ხალხები და ჩვენი სახელოვანი წინაპრები.

 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი  ზ. გამსახურდია.

 თბილისი, 1991 წლის 26 ივლისი

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 

ბრძანებულება 

აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის 92 ე მუხლის მე-14 პუნქტში და 156-ე მუხლში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ აფხაზეთის ასსრ 1991 წლის 9 ივლისის კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე

 1991 წლის 9 ივლისს აფხაზეთის ასსრ უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის 92-ე მუხლის მე-14 პუნქტში და 156-ე მუხლში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, რომლის თანახმად “აფხაზეთის ასსრ პროკურორი ინიშნება სსრკ გენერალური პროკურორისა და საქართველოს რესპუბლი-კის გენერალური პროკურორის თანხმობით აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს მიერ და მასვე ექვემდებარება. კანონიერების შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელებისას აფხაზე-თის ასსრ პროკურორი ექვემდებარება სსრკ გენერალურ პროკურორს, საქართველოს გენერალურ პროკურორს.

აფხაზეთის ასსრ პროკურორის მოადგილეები საქართველოს რესპუბლიკის გენერალურ პროკურორთან შეთანხმებით, აფხაზეთის ასსრ პროკურორის წარდგინებით ინიშნებიან აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბ-ჭოს მიერ.

აფხაზეთის ასსრ რაიონებისა და ქალაქების პროკურორები ინიშნებიან აფხაზეთის ასსრ პროკურორის მიერ საქართველოს რესპუბლიკის გენერალურ პროკურორთან შეთანხმებით”.

აფხაზეთის ასსრ ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 177-ე მუხლს, რომლის შესაბამისად “საქართველოს რესპუბლიკაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოების წარდგინებით’.

საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 1214 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე ვადგენ:

1. შეჩერებულ იქნეს აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის 92-ე მუხლის მე-14 პუნქტში და 156-ე მუხლში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ აფხაზეთის ასსრ 1991 წლის 9 ივლისის კანონის მოქმედება, რადგანაც იგი ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას.

 2. საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 82-ე მუხლის საფუძველზე წინადადება მიეცეს აფხაზეთის ასსრ უზენაეს საბჭოს აფხაზეთის ასსრ პროკურორის, მისი მოადგილეების, ქალაქებისა და რაიონების პროკურორების დანიშვნისას იხელმძღვანელონ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 177-ე მუხ-ლის მოთხოვნებით.

  საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია.

 1991 წლის 5 აგვისტო

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

ბრძანებულება

აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 20 ივლისის ბრძანებულების მოქმედების შეჩერების შესახებ

 

1991 წლის 20 ივლისს აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო ბრძანებულება “აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატების არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნის შესახებ”.

აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ეს აქტი აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას, მოქმედ კანონმდებლობასა და თვით აფხაზეთის ასსრ კანონს “აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ”.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საერთო რაოდენობის ორ მესამედს შეადგენენ ბლოკ “სოიუზის” წარმომადგენლები. კომისიის 13 წევრი ქალაქ სოხუმიდანაა, მაშინ, როცა მის შემადგენლობაში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ იქნენ შეყვანილ-ნი გულრიფშის, ოჩამჩირისა და სოხუმის რაიონების აღმასკომების მიერ წარდგენილი კანდიდატურები. ამის გამო დაირღვა აფხაზეთის ასსრ საარჩევნო კანონის მე-20 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად ცენტრალური საარჩევნო კომისია უნდა ჩამოყალიბდეს რაიონული და საქალაქო საბჭოების აღმასკომების წინადადებათა გათვალისწინებით.

აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებუ-ლების შედეგად აშკარად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღ-მოჩნდა აფხაზეთის ქართული მოსახლეობა. მისი საარჩევნო უფლებები არაქართველებთან შედარებით არაფრით არ არის დაცული. ქართველ ამომრჩეველთა მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ აფხაზეთის კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყეტილებათა გასაჩივრების წესი. ყოველივე ამის გამო დარღვეულია საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 34-ე მუხლის დებულება, რომელიც ადგენს საქართველოს რესპუბლიკაში სხადასხვა ეროვნების მოქალაქეების თანასწორი უფლებებით უზრუნველყოფის პრინციპს.

აფხაზეთის ასსრ ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს არჩევნების ჩატარება არადემოკრატიულად, კანონმდებლობის უხეში დარღვევით შექმნილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ თავიდანვე განაპირობებს თვით არჩევნების კანონსაწინააღმდეგო ხასიათს.

საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 1211 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე ვადგენ:

შეჩერებულ იქნეს “აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატების არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნის შესახებ” აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 20 ივლისის ბრძანებულება, რადგანაც იგი ეწინააღმდეგე-ბა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და მოქმედ კა-ნონმდებლობას.

 

 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია.

 1991 წლის 5 აგვისტო

 მიმართვა

 აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდუმს

 

 პატივცემულო აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრებო!

დღეს ჩვენ ყველანი ვიმყოფებით იმ ისტორიულ მიჯნაზე, როცა თითოეულმა პოლიტიკურმა მოღვაწემ, თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც გრძნობს პასუხისმგებლობას თავისი ხალხის, თავისი სახელმწიფოს ბედისათვის, უნდა გააკეთოს მტკიცე არჩევანი – ან იგი თავის პროფესიულ ცოდნას, ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ავტორიტეტს წარმართავს რესპუბლიკაში შექმნილი ვითარების ნორმალიზაციისათვის, ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროს დეზორგანიზაციის გამომწვევი კონფრონტაციის დასაძლევად, ან მხარს უჭერს დესტრუქციული ძალების უპასუხისმგებლო მოქმედებას, რომლებიც ეწევიან, არსებითად, ბრძოლას ძალაუფლებისათვის, ყველაზე ნაკლებად ზრუნავენ საქართველოს მრავალეროვნული მოსახლეობის ჭეშმარიტი ინტერესებისათვის.

                წარმოუდგენლად რთულ პოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც ახასიათებას ჩვენი რესპუბლიკის დღევანდელ დღეს, მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნები. არჩევნებმა გვიჩვენა, რომ ხალხების კეთილ ნებას შეუძლია გამოაღვიძოს გონება, ხელს უწყობს გამონახონ ოპტიმალური გადაწყვეტილებანი, რომლებიც სახავენ უთანხმოების, უნდობლობის დაძლევის, სხვადასხვა თვალსაზრისთა დასაახლოებლად ვარიანტების ძიების გზას ჩვენი ხალხების მომავლისათვის, მათი მშვიდობიანი ერთობლივი ცხოვრებისათვის.

                ამავე დროს აფხაზეთიდან მოსული ინფორმაცია მოწმობს, რომ კვლავ ფეხქვეშ თელავენ ავტონომიური რესპუბლიკის მცხოვრებთა უდიდესი უმრავლესობის მოქალაქეობრივ უფლებებს, დისკრიმინაციას უწევენ მათ. უწინარესად – პოლიტიკურ დარგში; უგულებელყოფენ საქართველოს რესპუბლიკის კანონებსა და კონსტიტუციას, აგრეთვე აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციას. ეს პროცესები იწვევს სერიოზულ შეშფოთებას, რადგან ეწინააღმდეგება ჩვენი ხალხების ძირეულ ინტერესებს, ხელს უშლის იმ საარსებოდ მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტას, რომლებიც ხელს უწყობს ურთიერთგაგების აღდგენას, ჩვენი სახელმწიფოს ერთიანი ეკონომიკური კომპლექსის ნორმალური ცხოველმოქმედების აღორძინებას. სამწუხაროდ, ვითარების სტაბილიზაციის მიზნებს ეწინააღმდეგება აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ზოგიერთი გადაწყვეტილებაც, რომლებიც საკანომდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციების თვითნებური აღრევის შედეგია. განსაკუთრებით შემაშფოთებელია აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში საკანომდებლო ნორმების საშიში უგულებელყოფა, რასაც შეიძლება სერიოზული კონფრონტაცია მოჰყვეს.

                ამ პასუხსაგებ მომენტში საჭიროდ მიმაჩნია აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრებს დაჟინებით მოვუწოდო მთელი თავიანთი ძალები მოახმარონ ავტონომიურ რესპუბლიკაში მდგომარეობის სტაბილიზაციის პირველი ყლორტების მხარდაჭერას, სხვადასხვა საზოგადოებრივი ძალების შეკავებას, რათა არ გადადგან მოუზომელი ნაბიჯები, რომლებსაც შეიძლება შორს გამიზნული შედეგები მოჰყვეს, პოლიტიკური და სამართლებრივი რეალიების საღ შეფასებას საქართველოს რესპუბლიკის, კერძოდ აფხაზეთის მშვიდობის უზრუნველყოფისა და აყვავავების საკეთილდღეოდ.

   უნდა შეგახსენოთ წინათ გამოთქმული აზრი, რომ ავტონომიური რეპუბლიკის მომავალი პარლამენტის კანონიერ საფუძველზე ჩამოყალიბება დიდმნიშვნელოვანი პირობაა ახალ სიტუაციაში ავტონომიის უფლებათა რეალური შინაარსით გამდიდრების საკითხის გადასაჭრელად.

  მე მოვუწოდებ მოქალაქეობრივი თანხმობისა და თანამშრომლობისათვის თითოეულს, ვისაც ამოძრავებს რეალიზმისა და პასუხისმგებლობის გრძნობა, ვინც მზად არის შეკავშირდეს და იმუშაოს ჩვენი საერთო სახლის, ჩვენი რესპუბლიკის კეთილდღეობისათვის, საკითხებისა და პრობლემების სამართლიანი გადაჭრისათვის, რომლებიც არ ბღალავს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა კანონიერ უფლებებსა და ინტერსებს.

  მომავალი თაობა არ გვაპატიებს, თუ არ შევიგნებთ, რომ ნორმალური ცხოვრების ერთადერთი გზაა ჩვენი სახელმწიფოს მთელი შეგნებული, კონსტრუქციული ძალების შეკავშირება, ნამდვილი ძმობა და გულწრფელი მეგობრობა.

   საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი  ზ. გამსახურდია

   თბილისი, 1991 წლის 24 ოქტომბერი

 

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

 ბრძანებულება

 შიდა ქართლში შექმნილი მდგომარეობის გამო

 

შიდა ქართლში ოსი სეპარატისტები, რომლებსაც უზურპირებული აქვთ ხელისუფლება, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებისა და საბჭოთა არმიის მხარდაჭერით კვლავ განაგრძობენ ანტიკონსტიტუციურ, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას, რითაც აშკარად ცდილობენ ხელყონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, შეზღუდონ საქართველოს რესპუბლიკის სუვერენული უფლებები.

მიმდინარე წლის 26 ნოემბერს ა. ჩოჩიევის ხელმძღვანელობით ჩატარდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესია, რომელზეც განიხილეს რესპუბლიკის სახელწოდების შეცვლის, ხელისუფლების ორგანოების სტრუქტურის, კონსტიტუციის მიღების, რუსეთთან შეერთების ადრე მიღებული გადაწყვეტილებების დადასტურების, საგანგებო მდგომარეობის შემოღების, საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების, გვარდიის შექმნისა და სხვა საკითხები. სესიამ ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩია ზნაურ გასიევი და მასვე დააკისრა თავმჯდომარის მოვალეობა.

ნიშანდობლივია, რომ თვით ამ ე. წ. სესიამ აღიარა, რომ 1991 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც მიიღო უკანონო ორგანომ, ე. წ. “სამხრეთ ოსეთის ყველა დონის სახალხო დეპუტატთა სესიამ”, ამ რეგიონში შეიქმნა კონსტიტუციური ვაკუუმი. მაგრამ მიუხედავად ამ აღიარებისა, ოსი სეპარატისტები შიდა ქართლში “კონსტიტუციური ვაკუუმის” შევსებას კვლავ უკანონო, ანტიკონსტიტიციური მოქმედებით ცდილობენ, რომლის დასტურია სწორედ 26 ნოემბერს ჩატარებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის უმაღლესი საბჭოს სესია და მასზე მიღებული გადაწყვეტილებები.

“საგანგებო წესების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონისა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებისა და საბჭოთა არმიის ნაწილების შიდა ქართლის ტერიტორიაზე ყოფნას არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ამ რეგიონში დესტაბილიზაციის, საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული მტრული საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს.

საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ქვეყნის უშიშროების და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 1214 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ვადგენ:

1. ცნობილ იქნეს ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი ორგანოს, ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 1991 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებები.

2. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურამ განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ზომები იმ პირთა მიმართ, რომლებმაც შიდა ქართლში შექმნეს ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოს რესპუბლიკის სუვერენული უფლებების შეზღუდვა, საქართვე-ლოს რესპუბლიკისაგან მისი ტერიტორიის ნაწილის გამოყოფა.

3. დაისვას საკითხი სსრ კავშირის სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წინაშე შიდა ქართლში დისლოცირებული სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებისა და საბჭოთა არმიის ნაწილების საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან დაუყოვნებლივი გაყვანის შესახებ.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.

1991 წლის 2 დეკემბერი.

 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s