Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ზვიადი რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა

♥ ზვიად გამსახურდია 

 

ველოდი მირცხულავა: “ზვიადი რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა”


უზენაესი საბჭოს დეპუტატი 90-იანი წლების საქართველოს შესახებ

ზაირა მიქატაძე
(12.07.2010)

წარსული, რომელიც ძალიან ბევრ კითხვას ჰბადებს და პასუხიც, ძირითადად, მწირი და არაობიექტურია, ჩვენს ქვეყანას ბოლო 20-მა წელიწადმა შესძინა. არიან თვითმხილველები, მოვლენების უშუალო მონაწილეები, რომლებმაც ბევრი რამ იციან, მაგრამ მათ აზრს არავინ ეკითხება. ეს ხდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მეორე მხარის წარმომადგენლები ისევ გავლენიან ადგილებზე არიან მოკალათებული, ან სხვა ანგარიშგასაწევი მდგომარეობა უკავიათ.
 

ჩვენი რესპონდენტი, ველოდი მირცხულავა 1990 წლის მოწვევის პარლამენტის წევრია. იგი ხელისუფლებაში ეროვნული მოძრაობიდან მოხვდა. წარმოშობით აფხაზეთიდანაა და იქ განვითარებული მოვლენების ეპიცენტრში ყოველთვის ტრიალებდა. იგი ერთ-ერთი მოწმეა 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალებისაც. ჩვენთან საუბარში იმ ავბედით დღეებს იხსენებს და საუბრობს იმ შეცდომებზე, რომელმაც აფხაზებს კრიმინალური ხელისუფლების არჩევის შესაძლებლობა მისცა.
 

გთავაზობთ ინტერვიუს დამხობილი უზენაესი საბჭოს დეპუტატთან, “უპარტიოთა მოძრაობის” უხუცესთა კოლეგიის წევრთან, ველოდი მირცხულავასთან.
 

 “მთელი კვირა“: როგორ გაიხსენებდით 90-იანი წლების ეროვნულ მოძრაობას აფხაზეთში და ვინ ღებულობდა მასში მონაწილეობას?
  ველოდი მირცხულავა: აფხაზეთში ეროვნულ მოძრაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ ადგილობრივი ქართველები და ის აფხაზები, რომლებიც ჩვენს მხარეზე იყვნენ. რაც შეეხება თავად ეროვნულ მოძარაობას, ის გუშინ არ დაწყებულა და არც ზვიადს დაუწყია და არც მერაბს. ყოველთვის იყო, დღესაც არის და კვლავაც იქნება. თუნდაც ჩვენი დიდი მეფეები რომ ავიღოთ, ისინი ყოველთვის მოიაზრებოდნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მედროშეებად. ამიტომ ეროვნული მოძრაობის პიროვნებებზე მიწერა და ასეთი შექება გინებაზე უარესია. შექება კი არც ზვიადს სჭირდება და არც მერაბს. ისინი იყვნენ თავიანთი ეპოქის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მედროშეები.
 

მეც ყოველთვის მქონდა მიდრეკილება ეროვნული მოძრაობისკენ. არა იმიტომ, რომ ჩემში პროტესტის გრძნობა იყო ძალიან დიდი. უბრალოდ, არ შეიძლება, კაცს დამთავრებული ჰქონოდა საშუალო, ესწავლა ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და მას არ ჰქონოდა ეროვნული სიამაყე და სიყვარული. მიუხედავად კომუნისტური წყობისა, იმ ეპოქაში ეს მაინც იდო ლიტერატურასა და ისტორიაში.
 

“მ.კ”: აფხაზეთში გაჩაღებული ეროვნული მოძრაობა აღიზიანებდათ თუ არა აფხაზებს?
  ვ.მ
: იშვიათად თუ შეგხვდებათ საქართველოს რომელიმე კუთხეში ეროვნული საქმისათვის ისეთი თავდადებული ადამიანები, როგორიც აფხაზეთის ქართველობა იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თბილისიდან იქ დიდი ინტელიგენცია ჩავიდა და ამან ხელი შეუწყო აფხაზეთში ქართული კულტურის აღზევებას. როგორც დანარჩენ საქართველოში მიმდინარეობდა ეროვნული მოძრაობა, ასევე ხდებოდა აფხაზეთშიც. ეს კი არც ცენტრალურ ხელისუფლებას აწყობდა და არც ადგილობრივს.
 

 “მ.კ”: თვითონ აფხაზი ხალხის დამოკიდებულება როგორი იყო?
  ვ.მ
: დიდი ნაწილი ეროვნული მოძრაობის მხარეს იდგა. როცა გავიმარჯვეთ და ეროვნული გვარდია ჩამოვაყალიბეთ, აფხაზებს შვილები მოჰყავდათ და ასობით აფხაზი ეროვნულ გვარდიაში ერიცხებოდა. ოჩამჩირეში ასეთი შემთხვევაც იყო, როცა რამდენიმე ასეულმა აფხაზმა პასპორტში “ეროვნებით ქართველი” ჩაიწერა. ეროვნულ ხელისუფლებას რომ დასცლოდა, ეს პროცესი გაგრძელდებოდა და არც გაჩერდება იგი, როგორც კი აღდგება აფხაზეთში საქართველოს იურისდიქცია.

  “მ.კ”: გაქვთ ამის იმედი?
  ვ.მ
: მე შეიძლება ასაკმა მიმტყუნოს, მაგრამ თქვენ იქნებით იმის მოწმე, რასაც ახლა ვლაპარაკობ, ეს წავა მასიურად. მოკლედ, ვიმუშავეთ და ასე ძლიერი ორგანიზაციით მივედით არჩევნებამდე. მე იმჟამად “ჰელსინკის კავშირის” წევრი ვიყავი, გამომიგზავნეს ერთი ახალგაზრდა კაცი რაიონში გასაწევრიანებლად, ხედავდა, როგორ მღებულობდა ხალხი და სწორედ ამ კაცს უთქვამს “ჰელსინკის კავშირის” ხელმძღვანელებისთვის – გულრიფშის რაიონში დეპუტატობის კანდიდატად ველოდი მირცხულავა ჩავსვათო.
  ვიმუშავეთ, მაგრამ რამდენიც უნდა გვემუშავა, რას გავიმარჯვებდით, ზვიადი რომ არ ყოფილიყო?! იქ მე კი არა სიაში ჯოხი რომ ჩაგესვა ჰელსინკის სახელით, ისიც გაიმარჯვებდა.
 

 “მ.კ”: ასეთი მიღებული იყო ზვიადი აფხაზეთში?
  ვ.მ
: კი, რა თქმა უნდა. ჯერ დიდ პატივს სცემდნენ მამამისს, კონსტანტინე გამსახურდიას. მერე კიდევ, ზვიადი რომ ყოფილიყო, აფხაზეთში ომი არ მოხდებოდა. გეტყვით ამის შესახებაც, რატომ არ მოხდებოდა და რატომ არ მოხდა მანამდეც, დიდი ხნის განმავლობაში.
 

მოკლეთ, არჩევნებში გავიმარჯვეთ და მუშაობა დაიწყო. ამის პარალელურად ამოქმედდა შევარდნაძის აგენტურა საქართველოში, ე.წ. დირექტორიატი, სადაც შედიოდნენ რაიკომის ყოფილი მდივნები, წარმოების ყოფილი დირექტორები, მილიციის უფროსები. ანუ, ის ხალხი, ვინც ამინდს ქმნიდა აფხაზეთში.
 

იყო ასეთი შემთხვევა – ჩამოდის რაიაღმასკომის თავმჯდომარე, მე დეპუტატი ვიყავი და მიმიწვიეს შეკრებაზე. ბევრ მათგანს ვიცნობდი, იყვნენ ჩემი კოლეგებიც – დეპუტატებიც. სხდომა გახსნა მიშველიანმა. ადგა აწ გარდაცვლილი გენერალი გენო ადამია. მან პირდაპირ მიმართა დეპუტატებს – თქვენ მითითებებს არ ასრულებთო. ეს არ მომეწონა, ხალხის მიერ არჩეულ ხალხს როგორ უხეშად მიმართავს-მეთქი და “ავვარდი”: თქვენ ვინ ბრძანედებით და ამათ რა ვალდებულებები აკისრიათ თქვენ წინაშე, აქვე თქვით-მეთქი. სიტუაცია დაიძაბა და წამყვანმა სხდომა გადადო.

  “მ.კ”: რა ხდებოდა სინამდვილეში?
  ვ.მ
: მერე თანდათანობით გაირკვა, რომ ჩვენი დეპუტატების ხელშეწყობით მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ ლომინაძე უნდა დაენიშნათ.
 

 “მ.კ”: თქვენ ამბობთ, რომ ადამია და ლომინაძე დირექტორიატის წევრები იყვნენ?
  ვ.მ
: რა თქმა უნდა, ომის დროს რაც გააკეთეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოქრო ადამიანები არიან. ომიც არ მოხდებოდა, ოქრო რომ ვყოფილიყავით. სწორედ აქ დგას საკითხი, ომი საერთოდ არ უნდა მომხდარიყო. მოკლეთ, ჩვენს მუშაობაში ჩაერია შევარდნაძე თავისი აგენტურით.
 

 “მ.კ”: თქვენი აზრით, ამ აგენტურას რა უნდოდა, იქ სიტუაციის არევა თუ ის, რომ ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ გამოსულიყვნენ?
  ვ.მ
: სიტუაციის არევა თავისთავად გამოიწვევდა ეროვნული მოძრაობის დისკრედიტაციას. სწორედ ამიტომ იყო ასეთი მიმართულების შეხვედრები თუ შეკრებები. თავიდან ამას ყურადღებას არ ვაქცევდით. თუ გახსოვთ, არძინბას იმდროინდელი გამოსვლები, იგი დაჭრილი ძუ მგელივით ებრძოდა საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველებს. ეს ახალი ამბავი არ არის, თითქმის ყოველდღე გამოდიოდა მოსკოვში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს და საქართველოდან გასვლას ითხოვდა. ეს კაცი ხდება მერე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე.
 

“მ.კ”: ვინ შეუწყო მას ამაში ხელი?
  ვ.მ:
რა თქმა უნდა, შევარდნაძის ხალხმა, ლომინაძეებმა და ზოგიერთმა დეპუტატმა. მე ჩემს კოლეგებზე ცუდს კი არ ვლაპარაკობ, მაგრამ ისინი დაარწმუნეს იმაში, რომ ჩვენ თუ მივაწვებით აფხაზებს, ჩვენი გაგვივაო. ბოლოს, როცა არჩევნებზე მიდგა ჯერი, მისი ჩატარება რამდენიმე თვით გადაიწია. ყველა ეძებდა გამოსავალს და ბოლოს დაინიშნა არჩევნები. აი, ეს არის ყველაზე საინტერესო ამბავი. აფხაზეთში იყვნენ ისეთი აფხაზები, რომლებსაც გვერდით დაიყენებდი. მაგალითად, ლორიკ მარშანია. ადრე იგი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე იყო, სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის რექტორიც იყო, სხვადასხვა დროს დიდი თანამდებობები ეკავა.
 

ეს კაცი არის ქართველი. აფხაზია, მაგრამ თავის ნაშრომებში ყველგან წერს, მე საქართველოს მოქალაქე ვარო. ჩვენთან ერთად წამოვიდა მთელი ოჯახით და აქ ცხოვრობს. ასეთი იყო რაულ ეშბაც, ულამაზესი აფხაზი ახალგაზრდა და კარგი მექართულე. ასევე, ბორის ადლეიბა, საოლქო კომიტეტის ყოფილი მდივანი. მე უნდა ჩამომეყვანა იგი ზვიადთან. ჩამოვიყვანეთ და ზვიადს შევახვედრეთ ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მელია. ათ ენას ფლობდა. იგი ქართველი იყო, მაგრამ ამ შეხვედრის ორგანიზატორი გახლდათ ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე გუბაზი.
 

როცა გამოვიდა მელია, გადაგვკოცნა, ეს რა ღმერთივით კაცს შემახვედრეთო. ზვიადმაც იგივე გვითხრა, რა კაცი მომიყვანეთო. ჩვენ ვუთხარით, კიდევ უკეთესები გვყავს-თქო და საქმეც თანდათანობით გაკეთდებოდა, მაგრამ შევარდნაძის აგენტურამ ყველაფერი ჩაშალა.
 

 “მ.კ”: ასეთი სახის შეხვედრები რა მისიას ასრულებდა?
  ვ.მ
: ესენი ხომ უბრალო ადამიანები არ იყვნენ?! მათ უკან მასა მიჰყვებოდა. მე რომ გვარები დაგისახელეთ, ისინი რომ ჩეგვესვა არჩევნებში და დეპუტატები გამხდარიყვნენ, როგორ ფიქრობთ, არძინბას რამეს გააკეთებინებდნენ? ის, რაც ახლა ხდება, არაფერი არ მოხდებოდა. მაგრამ საქმე ისაა, რომ საარჩევნო სიის შედგენასა და, საერთოდ, არჩევნების ჩატარებას შევარდნაძის ხალხი აკონტროლებდა. მათ ზვიადთან კარგი ურთიერთობით ისარგებლეს. ის სია კი ლომინაძის შედგენილი იყო.
 

 მაშინ რომ მივმხვდარიყავი, კარგი იყო, მაგრამ ამას ახლა ვხვდები. როცა ურემი გადაბრუნდება, კაცი გზას მაშინ პოულობს. ადგეს ვინმე და მითხრას, რომ ეს ასე არ არის. ვერ გაბედავს. ასე შევუწყვეთ პირადად ჩვენ ხელი აფხაზეთში არეულობას. ამის თქმას აქვს აზრი, აწი წარსულს ვერ დავიბრუნებთ, მაგრამ მომავლისთვის გავითვალისწინოთ, ყოველთვის ერთი და იგივე შეცდომა რომ არ დავუშვათ.
 

თბილისში ერთ-ერთი სესიის დროს მოდის ჩემი კოლეგა ნუგზარ მგალობლიშვილი და მთხოვს, აფხაზეთის დეპუტატები, 11 კაცი ვიყავით, მომიგროვე, ზვიადისგან მაქვს დავალება, მათ რაღაც უნდა ვუთხრაო. იმ წუთასვე მოვუგროვე და, აი, რას ეუბნება მათ: აქ ვინც ხართ დეპუტატები აფხაზეთიდან, აფხაზეთის არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიიღოთ, ეს ზვიადის აზრიაო. მე ეს ძალიან გამიხარდა, რადგანაც მთხოვდნენ გულრიფშიდან, შენი ხასიათის კაცი აქ დეპუტატი უნდა იყოსო. ჩვენ გვქონდა კანონით მონიჭებული უფლება, უზენაესი საბჭოს დეპუტატიც ვყოფილიყავით და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოშიც. 
 

მე უარი ვუთხარი და გამიბრაზდნენ ამის გამო. თურმე სწორი ყოფილან, რას გავაკეთებდი განსაკუთრებულს, რა, სხვაზე უკეთესი კი არ ვიყავი, მაგრამ იმათ მაინც არ შევატოვებდი ყველაფერს. გახსოვთ, ალბათ, ქართულმა დეპუტაციამ შეატოვა არძინბას ძალაუფლება ჯერ კიდევ ომამდე და თბილისში გამოიქცა.
 

 “მ.კ”: რა იყო ამის მიზეზი, რაზე გაბრაზდნენ?
  ვ.მ
: გასაბრაზებელი კი იყო, რადგან არძინბა იწყებდა ისეთი კანონების მიღებას, რომ საქართველოს იგნორირებას უკეთებდა. მაგრამ ამას მიტოვება კი არ უნდოდა, არამედ იმ აფხაზების ჩასმა, რომელთა შესახებაც ზემოთ მოგახსენე, და მერე იქ ბრძოლა. ეს გაუთვალისწინებია კეკელიას, რომელიც დეპუტატობას მთავაზობდა, მე კი გამიხარდა, პრეზიდენტიც ჩემსავით ფიქრობს თურმე და მე აფხაზეთში საჭირო არ ვყოფილვარ-მეთქი. მეგონა, რომ ეს აზრი მართლა ზვიადისგან მოდიოდა. დანარჩენმა დეპუტატებმაც უარი თქვეს და ისინიც თავის ნებაზე მივუშვით.
 

მეორე დღეს უკვე არჩევნებია, გულრიფშში ვარ, არჩევნებისთვის ვემზადებით, ჩემი ახლობელი იყო ერთი, ინჟინერი კაცი, შემომთავაზა, სადმე წავიხემსოთ, თან ვილაპარაკოთო. დავსხედით და ასეთი რამ მითხრა – შენ როგორც გინდოდა, გულრიფშში დეპუტატობის კანდიდატად მგალობლიშვილი ჩავსვითო. ჭიქა ხელიდან გამივარდა. არც არაფერი მიჭამია, ავდექი და გამოვედი. აი, ის მგალობლიშვილი, რომელიც ლაპარაკობდა, არ უნდა ჩავჯდეთ ოლქებშიო, თვითონ ჩამჯდარა იმ ოლქში, სადაც ჩვენი თხოვნით საბჭოს თავმჯდომარეს შამუგიას უნდა ეყარა კენჭი, წესიერ და პატიოსან კაცს.
 

ამის შემდეგ მხვდება მეურნეობის დირექტორი იყო ერთი, კარგი კაცი და მეუბნება – მე ხომ არ მითხოვია დეპუტატობა, ჩემთვის ვიყავი მშვიდად, პირიქით, თქვენ მთხოვეთო. ანდა თუ ზვიადს სჭირდებოდა ჩასმა, ვერ თქვით, მომივარდნენ სახლში ყაჩაღურად, დამატერორეს და უარი ისე მათქმევინესო.
 

მერე გავიგე, რომ ის სამი პიროვნება თვითნებურად ჩასვეს, ვითომდა ზვიადის სახელით. არჩევით კი, როგორც გითხარით, ზვიადს იქ ჯოხი რომ ჩაესვა, იმასაც აირჩევდნენ. მაგრამ ზვიადი მოატყუეს. დაარწმუნეს იმაში, თუ არძინბას მოვიყვანთ თანამდებობაზე, მერე ის გაჩერდებაო. ასე ხდება პოლიტიკაში?! არძინბა თავის ხელით არ აკეთებდა არაფერს. მას ჰყავდა პატრონი და ის აკეთებინებდა. ამ უბედურებას კი თავიდან აგვაცილებდა იმ კარგი აფხაზების დეპუტატებად გაყვანა. იური ანუა, ეკლესიაში რომ მოკლეს, თუ გახსოვთ, სოხუმის რაიონში, აფხაზი იყო, მაგრამ ბევრ ქართველს ჯობდა.
 

 ამის შემდეგ დატრიალდა უბედურება, რომლის სულისჩამდგმელი არის შევარდნაძე, მარტო იმიტომ კი არა, რომ მას საქართველო სძულდა, შევარდნაძე იქ სძულდათ, მოსკოვში და ეს რომ არ გაეკეთებინა, თავდაყირა ჩამოკიდებდნენ. ამიტომ ის იძულებული იყო, ყველაფერი გაეკეთებინა რუსეთის სასარგებლოდ.
 

 “მ.კ”: სახელმწიფო გადატრიალების დროს უზენაესი საბჭოს სხვა წევრებთან ერთად თქვენ იყავით ე.წ. ბუნკერში. რა ხდებოდა იქ?
  ვ.მ
: ბუნკერი კი არ იყო ის, არამედ სასადილო. იქაც ღალატს ჰქონდა ადგილი. მოვიდა ერთხელ, გაგუაა ერთი, ასეთი პიროვნება, კაცს 24 ტყვია მოახვედრეს და დღესაც ცოცხალია, ზვიადსაც კარგად იცნობდა და მითხრა – აქ ისეთი კაცია, რომელმაც შეიძლება ჩვენ გაგვყიდოსო, უჩავაზე მეუბნებოდა. პრეზიდენტი საქმის კურსში ჩავაყენეთ. გვითხრა, მომიყვანეთ ლოლუაო. შევიდა ლოლუა, ჩვენ საუბარს არ დავსწრებივართ. გამოვიდა და გვეუბნება – უჩავას მოადგილედ დამნიშნესო და მან კი დასავლეთში მივლინებით გამაგზავნაო. მოკლედ, მოიშორა.
  ბუნკერში ყველაზე ცოტა 10 000 შეიარაღებული ჩვენი მომხრე იყო. ისინი რომ სწორი მიმართულებით გამოგვეყენებინა, ვინ აგვიღებდა? მაგრამ საქმეს ყველა ღალატობდა.
 

 “მ.კ”: ის მოღალატეები სად არიან ახლა?
  ვ.მ
: ზოგი დაიღუპა, ზოგი გაიქცა, ზოგი თვითონ დახოცეს შევარდნაძის მომხრეებმა, მაგალითად უჩავა, ქუთათელაძე ბესიკი. მე იქ ვიდექი, 30 კაცი და 2 “ბეტეერი” მისცეს ანძა რომ დაეცვა. იქ საომარი არაფერი იყო, დაცვა იყო მხოლოდ საჭირო, მაგრამ გაყიდული ყოფილა, ანძა ჩააბარა და დავით სოკოლოვს გამოურთეს ეთერი. მაგან დაგვღუპა ჩვენ. აქ რუსი დივიზიას ვერ შემოიყვანდა, ამიტომ იძახდა ზვიადი – არ ესროლოთ, არ ესროლოთო. მაგრამ რომ გადაკეტეს დასავლეთი და აღმოსავლეთი, ხალხმა ვეღარ გაიგო, რა ხდებოდა. დრო გაიწელა, ჩვენს რიგებს თანდათან ტოვებდნენ და ბუნკერიც იცლებოდა.
 

 “მ.კ”: გასვლა როგორ ხდებოდა, არ ესროდნენ გამსვლელებს?
  ვ.
მ: ვინც მათ უნდოდათ, იმას არ ესროდნენ, თორემ მე რომ გავსულიყავი, მომკლავდნენ. 6 იანვარი თენდება, ჩემთან მოდის ახალგაზრდა კაცი დაცვიდან და მეუბნება – პრეზიდენტი გიბარებსო. ჩემოდანი უდევს ზვიადს და ზის. მეკითხება – რამდენი ხართ აფხაზეთიდანო? ორი დავრჩით-მეთქი, ვუთხარი. ახლა მე გადავწყვიტე გასვლა, დასავლეთში უნდა წავიდე და იცოდეთ, აქ რაც ხდება, ეს ამბავი აფხაზეთში ნაყოფს გამოიღებსო. შენ და რეზო კემულარია უნდა ჩახვიდეთ აფხაზეთში, თუ ცოცხალი გადარჩებით, მაგრამ ღმერთი გადაგარჩენთ და უნდა იმუშაოთ იმაზე, რომ აფხაზმა ხალხმა იარაღს ხელი არ მოკიდოსო. ტყვია გავარდება თუ არა, მათ გვერდით ამოუდგებიან და ჩვენ იქიდან პირწმინდად გამოგვყრიანო. იცოდეთ, ეს ასე უნდა გაკეთდეს, დანარჩენს იქ გეტყვითო და ის იყო, გამოვედით.
 

“მ.კ”: გამოსვლას როგორ გაიხსენებდით?
  ვ.მ
: ორი მანქანა მოვიდა. პატარა მანქანაში ოჯახთან ერთად ზვიადი ჩაჯდა. ჩვენ კი “იკარუსში” ჩავსხედით. შიგნიდან გაყიდულები ვიყავით, ალბათ, და მეტეხის ხიდთან დაგვხვდნენ. ზვიადი გაატარეს და დასავლეთის გზა გადაუკეტეს. იძულებული გახდა, კახეთის გზას დადგომოდა. ზვიადი ქუთაისში მიდიოდა, შემდეგ კი აზერბაჯანში მოუხდა წასვლა. აზერბაიჯანმა არ მიიღო. გადავიდა სომხეთში, იჯევანში, იქ კი იყო პატიმარი. ნამდვილი წამება გაიარა.
 

 “მ.კ”: ამ დროს თქვენც პრეზიდენტთან იყავით?
  ვ.
მ: ჩვენ ვინ დაგვაცალა. მივედით მეტეხის ხიდამდე. დაგვხვდნენ “მხედრიონელები”. ტატიშვილები ყოფილან, ძმები, იმათი ბანდა დაგხვდა და 15 მეტრიდან მიბჯნით გვესროდნენ. დაიჭრა გურამ აბსნაძე. თვალწინ მიდგას ყველაფერი. ჩამსხვრეული ფანჯრიდან გადახტნენ ნემო ბურჭულაძე და ტარიელ გელანტია და იყვირეს – გურამი მოკლესო. თურმე დაჭრილი ყოფილა. კიდევ ერთი მანქანა მოგვადგა, იმასაც ესროლეს და მერე გაიქცნენ. გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ ერთი ბიჭი, გვარად კაკულია, იმ ღამეს შემოვიდა ჩვენთან. ერთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი ღვიძლში და ხელში ჩაგვაკვდა.
 

 ხოშტარიების ოჯახმა შეგვიკედლა. ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ის ბიჭი, სისხლი სდიოდა, ამ სისხლს გამოჰყოლიან და სახლში შემოცვივდნენ, ჩვენ პატარა ოთახში დაგვმალეს. იქ ვერ მოგვაგნეს, მაგრამ ის მოხუცი ცოლ-ქმარი ისე სცემეს, ცხვირ-პირი სულ გასისხლიანებული ჰქონდათ. მკვდარი იქ დავტოვეთ, ფული გადავუხადეთ და წამოვედით. მანქანები წაღებული დაგვხვდა, მკვდრებიც წაუყვანიათ, სისხლიც გადარეცხილი იყო, მე დავალება მქონდა პრეზიდენტისაგან და ზუგდიდში ჩავედი. ძიძიგური და სხვა დეპუტატები იქ დამხვდნენ, გადავედი სოხუმში და დავიწყეთ ამაზე მუშაობა რომ “ჩათრევას ჩაყოლა ჯობია”. ზვიადის მომხრეებმა მაგრად ვიმუშავეთ იქ, რომ ომი აგვეცილებინა თავიდან.
 

 იქ ჩვენმა მომხრეებმა ლომინაძის დასაცავად მიტინგი მოვაწყვეთ. დაიბადა აზრი, მანიფესტაცია მთავრობის სახლისკენ დავძრათო. ამ გადასახედიდან ჩანს ის, რომ ან ჩვენში იქნებოდა პროვოკატორი, ან იქიდან გაისვრიდა ვინმე და ომი დაიწყებოდა. ეს არ გავაკეთეთ. რვა თვე გავიდა, შიგნიდან რომ ვერ მოახერხა შევარდნაძემ არეულობის დაწყება, გარედან შემოიყვანა ჯარი და თავისი გადასარჩენი ომი ატეხა.
 

 “მ.კ”: თქვენ გროზნოშიც ნახულობდით პრეზიდენტს, რა განწყობა ჰქონდა მას, იმედგაცრუებული იყო?
  ვ.მ
: იმედი არასოდეს ჰქონდა დაკარგული. მეორე სესიაზე ჩავედით მე და რეზო კემულარია. გაუხარდა და დაგვიძახა, გვესაუბრა, რომ გამოვდიოდი, ხელი გადამისვა და მითხრა – მოხუცო, არ შეგეშინდეს, მე ყოველდღე ვურეკავ ლომინაძესო, მილიციის გენერალი იყო მაშინ, აფხაზეთის შს მინისტრი შევარდნაძის დროს. იმდენად იყო დარწმუნებული ზვიადი იმ კაცში, სჯეროდა, თითქოს ჩვენ ლომინაძის იმედად ვიყავით იქ. მე მოვბრუნდი, სიმართლე მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისეთი ბავშვური თვალებით მიყურებდა, რომ, დაე, ასე ჯეროდეს-მეთქი, გავიფიქრე. შემაძრწუნა იმან, რომ ერთხელ ინტერვიუში ლომინაძემ ცუდად მოიხსენია ზვიადი, ზვიადს კი ბოლომდე კარგი წარმოდგენა ჰქონდა იმ კაცზე.
 

 “მ.კ”: გროზნოში ჩატარებულ სესიებზე რა გადაწყვეტილებებს ღებულობდით?
  ვ.მ
: პირველ სესიაზე მთავარი მოხდა ის, რომ 1991-92 წლების მოვლენები შეფასდა, როგორც სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება. ეს შეფასება, სხვათა შორის, არც შევარდნაძის პარლამენტს მოუხსნია და არც ამათ. ერთ-ერთი შეხვედრის დროს ზვიადმა მითხრა, იცოდეთ, შევარდნაძეს ტყვია არავინ არ უნდა ესროლოსო. მაშინ მეწყინა, ასე რომ მითხრა, არადა მისი მოკვლა ნებისმიერს შეეძლო. ახლა ამ გადასახედიდან რომ ვაფასებ, შევარდნაძე რომ მოეკლათ, მას აიყვანდნენ მთაწმინდაზე, ხოლო მას შემდეგ, რაც ცუდი მოხდა, ყველაფერი ზვიადს დაბრალდებოდა. და იტყოდნენ, ის რომ ყოფილიყო, ასე არ მოხდებოდაო.
 

 “მ.კ”: ზვიადი ხომ გადარჩებოდა?
  ვ.მ
: ზვიადი მაინცაა ცოცხალი. შევარდნაძის სიცოცხლეს ზვიადის მთაწმინდაზე ყოფნა ჯობია.
  მინდა გავიხსენო ერთი ფაქტი. პირველი სესიის დროს გროზნოში ზვიადმა სიტყვა მისცა ნუგზარ მგალობლიშვილს. ავდექი, დარბაზში 2 500 კაცი იჯდა, ვინც საქართველოდან ჩასულიყო, ყველა ესწრებოდა სესიას. გარეთ როგორ დავტოვებდით?! იქ იყო ბატონი ჯოხარიც, ფადეევი და მთელი ჩრდილო კავკასიის ეროვნული მოძრაობა. ავდექი და ვთქვი – ბატონო პრეზიდენტო, გვეყოფა უპარაშუტოდ გადმოხტომა, აქ აფხაზების გასალანძღად კი არა ვართ მოსული, ჩასიძებულებივით ვართ სხვის ოჯახში-მეთქი. ეწყინა. მერე ცოტა ხნის შემდეგ გაიცინა. სესიის დამთავრების შემდეგ ვდგავართ მე და იგორ ჩხეიძე, ჩვენი მინისტრი იყო. მოვიდა ზვიადი, ბეჭებში ხელი დამარტყა და მითხრა, სურათი გადავიღოთო. ჩაგვიდგა შუაში და სურათი გადავიღეთ. შემდეგ ჯოხარიც მოვიდა, სხვებიც დადგნენ სურათის გადასაღებად. ამით მაგრძნობინა, ნაწყენი არა ვარო. ასეთი დიდი ბუნების ადამიანი იყო.
 

ერთ რამეს მინდა კიდევ ხაზი გავუსვა. ამერიკა ჩვენ მაშინ გვერდით კი არ გვედგა, გვებრძოდა და იმ დროს მოახერხა ზვიადმა რეფერენდუმის ჩატარება. ჩვენ რომ სხვა არაფერი გაგვეკეთებინა, კოზირად დავტოვეთ რეფერენდუმი. ძალიან ცუდია, რომ ამაზე არაფერს ამბობენ. კიდევ ერთი – ჯერ კიდევ 1991 წლის 15 სექტემბერს მივიღეთ კანონი რუსეთის ჯარის საოკუპაციოდ გამოცხადების შესახებ. ეს სტატუსი მივანიჭეთ, მაგრამ მოვიდა თუ არა შევარდნაძე, მაშინვე გააუქმა ეს კანონი, მაგრამ ხომ ყოფილა საჭირო?! ზვიადს ასეთი შორსმჭვრეტელი პოლიტიკა ჰქონდა.

 

http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=2887

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s