Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• სამეგრელოს საკითხი

ზვიად გამსახურდია

“სამეგრელოს საკითხი”

(ისაკი ჟვანია და სამეგრელოს “ავტონომია”)*

 

  თანამედროვე საქართველოში მწვავედ დგას კუთხური პარტიკულარიზმისა და სეპარატიზმის პრობლემა, რომელსაც ჩვენი მტრები ყოველთვის აღვივებდნენ და ართულებდნენ. XIX საუკუნეში შავრაზმელი რუსიფიკატორები ყოველმხრივ ცდილობდნენ ხელი შეეწყოთ აფხაზური, მეგრული, სვანური, მუსულმანურ-მესხური სეპარატიზმისთვის, რისთვისაც ისინი მიმართავდნენ სხვადასხვა მეთოდებს: ამ მცირე ტომებისათვის ანბანის შექმნას, წირვა-ლოცვის შემოღებას მათ ენაკავებზე, ხოლო მესხეთში ხელს უწყობდნენ მუსულმანობის გაძლიერებას, თურქული ენის გაბატონებას, აჭრელებდნენ მესხეთის ტერიტორიას არა ქართული მოსახლეობით, რითაც ნიადაგს უმზადებდნენ საქართველოს საბოლოოდ დანაწევრებას და ასიმილაციას.

 მომდევნო პერიოდში ეს ტაქტიკა დაიხვეწა და შეიცვალა. საბჭოთა პერიოდში ნათელი ხდება, რომ იგივე საქმე გრძელდება უკვე ქართველების ხელით, რომელთაგან უმრავლესობა თანამდებობის პირია.

 “სამეგრელოს საკითხი”, რომელიც თავდაპირველად შავრაზმელებმა: ვოსტორგოვმა, იანკოვსკიმ და სხვებმა წამოაყენეს, ახლებურად განავითარა 20–იან და 30-იან წლებში ზუგდიდის სამაზრო პარტიული კომიტეტის1 პირველმა მდივანმა ისაკი ჟვანიამ, რომელმაც ბევრი იბრძოლა ამ მიმართულებით და ბოლოს თავისი გამოცდილება შეაჯამა რუსულ ენაზე დაწერილ სპეციალურ წიგნში, რომელიც დღეს ვრცელდება სამეგრელოში (ხელნაწერის სახით).

 ამ წიგნის მიზანია საზოგადოების დარწმუნება იმაში, თითქოს სამეგრელო ისეთივე ცალკე ეროვნული ერთეულია, როგორც ოსეთი, აფხაზეთი, აჭარა (!) და ა.შ. და რომ მეგრელები იმსახურებენ ავტონომიას, ისევე, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი პატარა ხალხები.

 ამასთან დაკავშირებით, ი. ჟვანია წერს: “აფხაზეთი, ოსეთი და სხვა პატარა ხალხები ამიერკავკასიისა იყო არენა ორი ნაციონალიზმის ბრძოლისა: ქართულისა და რუსულისა. სოვეტიზაციამდე ამ ბრძოლაში ჩაბმული იყვნენ სამეგრელოს თავადაზნაურობა, სასულიერო წოდება, უმაღლესი ინტელიგენცია (იურისტები, ექიმები, აგრონომები და ა.შ.), რომელნიც მთლიანად დადგნენ ქართული ნაციონალიზმის მხარეზე…”

 “ქართველი ნაციონალისტები ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის მეთაურობით (იხ. მისი რეაქციული, შოვინისტური წერილი პირველდაწყებით სკოლებში მეგრული ენის შემოღების წინააღმდეგ “პეტერბურგსკიე ვედომოსტი“ 1908 წ. ვარიანელის ფსევდონიმით), თედო ჟორდანია უტევდნენ რუსი ნაციონალისტების ღონისძიებებს, ახდენდნენ მობილიზაციას სამეგრელოს თავადაზნაურობისა და სამღვდელოებისას, სამეგრელოს ეპისკოპოსის, “მეგრელი” ბესარიონ დადიანის სახით. ეს იყო ცნობილი ხულიგანი, შავრაზმელი, პოდხალიმი ქართული შოვინიზმისა, მეთაურობდა მეგრელ თავადაზნაურობას, ურცხვად კარიერისთვის თავის შვილს ეუბნებოდა უხერხულია ჩვენს თავს ვუწოდოთ მეგრელებიო”.

 “ამიტომ ის ქართველები, რომლებიც ნაციონალური საკითხის მცოდნეებად ითვლებოდნენ არ ცნობდნენ სამეგრელოს საკითხს – მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი მცოდნე ნაციონალური საკითხისა – ამხ. სტალინი სამეგრელოს აღიარებდა დამოუკიდებელ ეროვნებად”.

 ზემოთხსენებული ქართველი “ნაციონალისტების“ ამგვარ მიდგომას ი. ჟვანია ფეოდალურ მიდგომას უწოდებს, ლენინური კომპარტიისათვის შეუფერებელს. რადგანაც თავად გაგება “მეგრელისა“ (მარგალი) ნიშნავს უდაბლეს გლეხურ ფენას, თავადაზნაურობა სამეგრელოსი თავის თავს მეგრელად არ თვლიდაო: “ყველა პრივილეგირებული ფენა (თავადაზნაურობა, სასულიერო წოდება, ინტელიგენცია) თავისთავს ქართველად თვლიდა. აქედან გამომდინარე, ჟვანიას სიტყვით, ამიერკავკასიის ხენლმძღვანელობა თვლიდა, – რომ რადგან “კულტურული“ ზედა ფენა გაქართველდა, არაკულტურული (თუმც უმრავლესობა) უნდა მიჰყვეს კულტურულს და მოხდეს მისი ასიმილირება ქართველებთან. ეს კი არ არისო ლენინურ–სტალინური შეხედულება. ამის შემდეგ ი. ჟვანია განაგრძობს: “საქართველოს ცივილიზებული სამყარო პრ. ჯავახიშვილის, ახვლედიანის, ბერიძის და სხვათა სახით ამტკიცებს: “მომავლის პერსპექტივისათვის უნდა დავთმოთ თანამედროვე სამეგრელო, ვინაიდან ქართული კულტურა უმაღლესი კულტურააო“ (ცხადია, ეს სიტყვები გაყალბებულია, – ზ.გ.).

 კულტუროფობი და ვულგარული მარქსისტი ი. ჟვანია, ცხადია, არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. მისთვის კულტურა ერთგვარი ხორცმეტია, ხელის შემშლელია “სოფლის“ სოციალისტურად გარდაქმნაში“ და ამიტომ მას ურჩევნია სამეგრელო სიბნელისა და უკულტურობის ჭაობში დარჩეს, ოღონდ არ “გაქართველდეს“, დადიანების სასახლის კულტურას მას გლეხის ფაცხის წყვდიადი ურჩევნია, ვინაიდან იგი ხელს უწყობს მას თავისი ბნელი ზრახვების განხორციელებაში, მეგრელების ცალკე ეროვნებად გამოცხადებაში.

 შემდეგ იგი მოსთქვამს: “ამ ბურჟუაზიულ–შოვინისტური“ პროფესორების გავლენით საქართველოს განათლების სამინისტრომ გააუქმაო მეგრულად სწავლება სკოლებში 1921 წელს, რითაც გადაუხვიაო ლენინ–სტალინის მიმდევრების გეზს.

 1925 წელს აგვისტოში კვლავ წამოყო თავი “სამეგრელოს საკითხმა“, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკ–ს პრეზიდიუმის სხდომაზე გამოიყო სათანადო კომისიაც. მაგრამ, თურმე, ამავე წელს, ი. ჟვანიას თქმით აჯანყდა “შავრაზმელი“ თავადაზნაურული ე.წ. “მეგრული“ ინტელიგენცია, ათწლობით თბილისში მცხოვრები, რომელსაც თურმე არავითარი კავშირი აღარ ჰქონია მეგრულ სოფელთან და მეგრელ გლეხებთან, გარდა იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე სისხლს წოვდნენ მეგრელ გლეხებს. აი, ი. ჟვანიას თქმით, ეს ქართველი “ფაშისტები“: კოწია გამსახურდია, ჟორდანია, თედო სახოკია და სხვანი, შეიკრიბნენ ქ. თბილისში, რუსთაველის თეატრში ცკ–ს მიერ რაიმე გადაწყვეტილების გამოტანამდე და ეს “შავი თავადაზნაურული ხროვა გმობს სამეგრელოს საკითხს, როგორც საქართველოში განხეთქილების, გათიშვის შემომტანს. თბილისში მოქალაქეების წინაშე ცხადდება პოლიტიკური და მორალური ტერორი იმათ წინააღმდეგ, ვინც ბედავენ ხმის ამოღებას სამეგრელოს ავტონომიის შესახებ”.

 შემდეგ ი. ჟვანია განაგრძობს: “ზემოთ ჩამოთვლილი ფაშისტები იქამდე მივიდნენ, რომ მშრომელი მეგრელები, რომელთაც მოისურვეს მშობლიურ ენაზე სკოლა, სასამართლო, გაზეთი და საქმის წარმოება სოფ. საბჭოებში გამოაცხადეს რეაქციონერებად და პარტიის წევრი გლეხები, რომელნიც ემხრობოდნენ ამ საკითხს, გაარიცხვინეს პარტიიდან ამ გზით შეიქმნა საზოგადოებრივი აზრი. ამ აზრს განსაკუთრებით მიემხრნენ ქართველი ბოლშევიკი უკლონისტები, რომელთაგან ერთერთმა ა. ღამბარაშვილმა, ი. ჟვანიას თქმით, დიდად ავნო მეგრულ სეპარატიზმს.

 მიუხედავად ამისა, 1925 წ. 24 აგვისტოს ზუგდიდის პარტიულმა კომიტეტმა მაინც განიხილა სამეგრელოს საკითხი, ხოლო 1925 წლის სექტემბერში საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ კახიანი, ოკუჯავა, ელიავა, გეგეჭკორი, ორჯონიკიძე, მათიკაშვილი, სუხიშვილი და ივანოვ – კავკაზსკი, გამოიტანეს დადგენილება მეგრული ენის შემოღებისა სკოლებში, სასამართლოებში და შესაძლებლად ცნეს მეგრული გაზეთების გამოცემა, სამეგრელოს ავტონომიის იდეა კი “დაგმეს“ ვითომდაც, ჰო, მაგრამ ყოველივე ზემოთჩამოთვლილი ღონისძიებები განა უკვე არ მოასწავებდნენ ავტონომიას!”

 მიუხედავად ამისა, ი. ჟვანია ვითომდაც დიდადაა დამწუხრებული ამგვარი დადგენილებით, რახან ავტონომიას არა მიეცა მწვანე შუქი, მითუმეტეს, რომ შემდგომში ზემოხსენებულმა “ბურჟუაზიულ–შოვინისტურმა პროფესორებმა“ ისევე წამოყვეს, თურმე, თავი და “ბოროტი გავლენა“ მოახდინეს განათლების სახალხო კომიტეტზე და ისევ ააკრძალვინეს მეგრულად სწავლება სკოლებში“. “მეგრელი“ კომუნისტებიც დაშინდნენ და გაილურსნენ.

 1928 წლის თებერვალში მოსკოვიდან ჩამოვიდა ცკ ვკპ (ბ)-ს ინსტრუქტორი პშენიცინი, რომელმაც მოიხილა სამეგრელოს სოფლები და გამოიტანა “ობიექტური“ დასკვნა: “მეგრელ გლეხს უნდა მივცეთ სკოლა, სასამართლო და პოპულარული ბროშურა მშობლიურ ენაზე“. (“მშობლიური ენა“ პშენიცინისა და ძმათა მისთა ტერმინოლოგიით, მეგრულია).

 ცკ–ს მდივანი კახიანი წაახალისა პშენიცინის მხრით გამხნევებამ და გამოიტანა ახალი დადგენილება 1929 წლის მარტს მეგრული ენის პრივილეგიების აღსადგენად სკოლაში, სასამართლოში საქმის წარმოებისას, გაზეთის გამოცემის საქმეში, ამ დადგენილებაში მეგრულს უკვე ენა ეწოდა და არა ენაკავი. ამაშია ამის პროგრესიო, აღნიშნავს ი. ჟვანია.

 მაგრამ, თურმე ისევ წამოყვეს თავი ქართველმა და “მეგრელმა“ შოვინისტებმა და აყვირდნენ: არიქა, ჩამოვიდა მოსკოვის იმპერიალიზმის წარმომადგენელი, პშენიცინი, რომელიც ცდილობს გათიშოს ერთიანი საქართველო“.

 ამ ნაციონალისტურმა “შანტრაპამ“ ისევ გაიმარჯვაო, მოსთქვამს ი. ჟვანია და აი, 1929 წლის 3 მაისის დადგენილებით მეგრული გაზეთის გამოცემა ისევ აიკრძალა. მაგრამ “მეგრელი“ ბოლშევიკები “ჟვანიას ხაზით“ მაინც მტკიცედ დგანან “ლენინურ–სტალინურ პოზიციებზე“ ნაციონალურ საკითხში და განაგრძობენ ბრძოლას. მათ ახლა ახალი მშველელები მოევლინენ საკავშირო ცკ-დან – იბრაგიმოვი და მალინსკი. მათ მოხსენებაში ვკითხულობთ: “მართალია მეგრელები და ქართველები ტომობრივად ენათესავებიან ერთმანეთს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არაფრით არ განსხვავდებიან ურთიერთისაგან. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მათ 1442 წლიდან 1808 წლამდე დამოუკიდებელი სახელმწიფო ჰქონდათ (აქ მათ ღალატობთ ისტორიის ცოდნა, სინამდვილეში სამეგრელოს სამთავრო საბოლოოდ გაუქმდა 1857 წელს – ავტ.) ისინი ენით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მეგრელ გლეხობას არ ესმით ქართული და რამდენადაც ყველა პარტიული, საბჭოთა და სხვა დაწესებულებანი ქართულად აწარმოებენ საქმეს, ფართო მშრომელი მასები მოსწყდნენ მას“. (ი. ჟვანიას ტერმინოლოგია).

 როგორც ვხედავთ, ყველა მოითხოვს “მასებისათვის ხელმისაწვდომ“ დიალექტზე გადასვლას, არავის ახსენდება, რომ მოითხოვოს ნამდვილი მშობლიური სალიტერატურო ენის, ქართული ენის სწავლება მასებისათვის, რომელსაც ისინი მართლაც მოსწყდნენ ისტორიული ბედუკუღმართობის შედეგად. მეგრულ ენაზე პოლიტლიტერატურისა და გაზეთის უქონლობა ისეთივე ჩამორჩენილობად მიაჩნიათ, როგორც წარმოების ჩამორჩენილობა – აბრეშუმის ქარხნის უქონლობა, მელიორაციის უქონლობა და ა.შ.

 მაგრამ ი. ჟვანიას თქმით, არც ამან უშველა საქმეს, კვლავ ამუხრუჭებენ ცენტრიდან სამეგრელოს ავტონომიას. “რატომ არ არსებობს მეგრული ნაცია?“ — კითხვას სვამს იგი, სამეგრელოს ხომ ყველა ის თავისებურება გააჩნია, რისგანაც იქმნება ნაცია: 1. კულტურისა და ყოფის ერთობა; 2. ტერიტორია, 3. ეკონომიკური ურთიერთობა; 4. ენა და ა.შ.

 ამ კითხვაზე ბოლშევიკურ პასუხს არავინ იძლევაო, მოსთქვამს ი. ჟვანია. ბოლშევიკური პასუხისა კი რა მოგახსენოთ და ეს კითხვა უფრო მნიშვნელოვან სხვა კითხვას ჰბადებს: რით აიხსნება ასეთი სიყალბე, ი. ჟვანიას გონებრივი ჩამორჩენილობით და სიბნელით, თუ შეგნებული ბოროტი განზრახვითა და საქართველოს უბოროტესი მტრების მხრით წაქეზებით? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რომელ კულტურაზე გვესაუბრება ი. ჟვანია? როდის ჰქონია სამეგრელოს სხვა კულტურა, გარდა ქართული კულტურისა? ან, იქნებ, არსებობს მეგრული დამწერლობა, მეგრული არქიტექტურა, მეგრული ლიტერატურა, მეგრული ფერწერა და ა.შ.?

 ასეთ კითხვებზე პასუხების გაცემას თანმიმდევრულად არც აპირებს ი. ჟვანია და მარქსის, ლენინისა და სტალინის იდეების იმედი აქვს, უთანასწორო ბრძოლაში ქართველ “ფაშისტებთან“ და “ბურჟუაზიულ–შოვინისტებთან“, თუმც მისი მდგომარეობა არც ისე უიმედოა: კახიანის, მახარაძის, ორჯონიკიძის, პშენიცინის, იბრაგიმოვის, მალინსკის და სხვათა გარდა, მან იცის, რომ ჰყავს კიდევ უფრო დიდი და მძლავრი მოკავშირე, რომელიც ჯერჯერობით დუმს. თუმც ეს დუმილი ი. ჟვანიას თანხმობად ეჩვენება და თავისი გუმანის შესამოწმებლად გადაწყვეტს პირადად ინახულოს ეს დიდი მოკავშირე და მოისმინოს მისი აზრი სამეგრელოს საკითხის შესახებ. მაგრამ ი. ჟვანია მორცხვობს, მას ერიდება პირისპირ მარტო შეხვედრა თავის დიდ მოძღვართან და ამიტომ პროვოკატორობაში თავის კოლეგას და სეპარატიზმში თავის თანამებრძოლს, ნესტორ ლაკობას მიმართავს შველისათვის. როგორც იტყვიან, “გულს გული იცნობსო“, ნესტორიც უსიტყვოდ გაუგებს თავის “დაჩაგრულ“ მოძმეს და ორივენი გაუდგებიან სოჭის გზას, სადაცა ისვენებს “პროლეტარიატის დიდი ბელადი“. ისინი სოჭში ჩავლენ 1929 წლის 13 სექტემბერს. პირველი მიღებისთანავე გაუარა ი. ჟვანიას შიშმა და მორცხვობამ. “დიდმა ბელადმა“ მისი სამივე კონცეფცია მოიწონა, აი, მისი სიტყვები: “თქვენი მოთხოვნა გაზეთის გამოცემის შესახებ, აგრეთვე გლეხისათვის განკუთვნილი ლიტერატურის მეგრულ ენაზე თარგმნის შესახებ სწორია. გაზეთი დაუყოვნებლივ უნდა გამოვიდეს: ნუთუ არსებობენ ადამიანები, რომელნიც ამას ეწინააღმდეგებიან? მახსოვს, ჯერ კიდევ 1905 წელს, პროკლამაციები გამოდიოდა მეგრულად. საბჭოთა ხელისუფლების დროს კი განა შეიძლება რამის თქმა: იგივე ითქმის სკოლებზეც. პირველდაწყებით სკოლებში პირველ ოთხ კლასში მეგრულად უნდა ასწავლონ საგნები. რაც შეეხება სამეგრელოს ოლქს, მეგრელ გლეხებს უფლება აქვთ იქონიონ თავიანთი ოლქი და ამ საკითხს მე მხარს დავუჭერ ცკ (ბ)–ში.” აქვე მიიღო ი. ჟვანიამ მითითება ჩაის კულტურის გაძლიერების შესახებ და სხვ.

 ადვილად შეიძლება სტალინის ზემოთხსენებული სიტყვები, განსაკუთრებით ოლქის შესახებ ი. ჟვანიას ფანტაზიის ნაყოფი იყოს, ვინაიდან მოგვიანებით განხორციელდა მხოლოდ გაზეთი, ოლქზე კი საბჭოთა მთავრობა არ იძლეოდა საქციას. ისიც ცნობილია, რომ მოგვიანებით სტალინმა სთქვა: “ამ ჟვანიამ გადამკიდა სამეგრელოდან გამოსული ინტელიგენცია: გამსახურდია, აბაშელი, სახოკია, და სხვა. მათი აზრი მე უფრო სანდოდ მიმაჩნია, ვიდრე ჟვანიასი. მომაშორეთ თავიდან ეს კაციო”. ალბათ ამანაც გადაწყვიტა ჟვანიას ბედი 1937 წელს.

 ყოველივე ამას ისიც გვაფიქრებინებს, რომ მცირე ხნის შემდეგ უკვე 28 სექტემბერს, სოჭიდან დაბრუნებული მ. კახიანი ეტყვის ი. ჟვანიას: “ბელადმა გვითხრა, ისე მოიქეცით სამეგრელოს საკითხში როგორც უმჯობესი იყოსო“. ასე რომ, სტალინი, როგორც ჩანს, ყოყმანობდა, უკვირდებოდა საქმის ვითარებას და ბოლოს საქართველოს ცკ–ს გადააბარა ამ საქმის გადაწყვეტა. შემდგომში ოლქის საკითხი ჩაიშალა, ჩაიშალა ფოთის ოლქის ჩამოყალიბებაც, რომელსაც უნდა გაეერთიანებინა სამეგრელო, გურია და სვანეთი. სამაგიეროდ, 1930 წლის პირველ მარტს ზუგდიდში გამოიცა პირველი მეგრული გაზეთი 17 000 ეგზემპლარად. ი. ჟვანია ლეგენდებს ავრცელებს ამ გაზეთის გავრცელების მასშტაბებზე, მაგრამ თავად აღიარებს, რომ ეს გაზეთი არავის უნდოდა ჩხოროწყუსა და სენაკში (აბაშაზე საერთოდ დუმს), ვინაიდან იქ ამბობდნენ, ქართული ყველამ ვიცით და მეგრული გაზეთი არ გვჭირდებაო. პროცენტული რაოდენობა გაზეთის მკითხველებისა ასეთია: ჩხოროწყუ – 2,2 პროცენტი, აბაშა – 2,2 პროცენტი, მარტვილი – 7,8 პროცენტი, სენაკი – 1,8 პროცენტი, ფოთი – 3,3 პროცენტი.

 გაზეთი უმთავრესად გალსა და ზუგდიდში ვრცელდებოდა.

 მაგრამ, როგორც ჩანს ამასობაში გაძლიერდა ინტელიგენციის ოპოზიცია – ამასთან ერთად თავად სამეგრელოდან გამოსულ კომუნისტთა ოპოზიციაც. ისევე, როგორც ინტელიგენციის ოპოზიციას სათავეში ედგა კონსტანტინე გამსახურდია, კომუნისტთა და თანამდებობის პირთა ოპოზიციას მეგრული ავტონომიისადმი სათავეში ჩაუდგნენ სამეგრელოდან გამოსული კომუნისტები, აგრეთვე ამიერკავკასიის მთავრობის თავმჯდომარე ბესო ლომინაძე, რომელთაც მძლავრი ლახვარი ჩასცეს სეპარატისტულ მოძრაობას იმით, რომ გამოუთხარეს ძირი ი. ჟვანიას, როგორც სამეურნეო ხელმძღვანელის ავტორიტეტს, თუმც ისინი უფრო “ნაციონალიზმს“ უწუნებდნენ ი. ჟვანიას, ჩოხის კულტს და კლასთა ბრძოლის შესუსტებას და სხვა. ამიტომ, ი. ჟვანია, ყველა მათ “ტროცკისტებსა“ და “ნახევრად–ტროცკისტებს“ “პროვოკატორებს” უწოდებს. იგი კვლავ ისვრის ბრალდებებს “ბურჟუაზიულ“, “თავადაზნაურულ“ ორიენტაციაში და მოჰყავს მაგალითი თავად ნ. დადიანისა, სამეგრელოს თავადაზნაურობის მარშლისა, რომელიც წერდა გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსს, გ. დადიანს: “მე და თქვენს მეუფებას ისევე როგორც ყველა ჩვენს თანამედროვე “მეგრელს“, მოგეხსენებათ, რომ ჩვენს სახლებში ხელშინაურნი ვერ ბედავენ ბატონების თანდასწრებით მეგრულად საუბარს, მეგრელს ხომ გლეხებს უწოდებენ დაბალი წოდების გამოსახატავად (მარგალი – მდაბიორი)“. აქედან გამომდინარე, ნ. დადიანი წერს: “მეგრულ ენაკავზე ლოცვანისა და სახელმძღვანელოების თარგმნა იქნება ანტიქრისტიანული აზრებისა და ღვთისმგმობელობის ხელოვნური გაღვიძება“. მეგრელი გლეხის და მისი ენის უკეთესი დახასიათება არ შეიძლება თავადაზნაურობის მარშლისაგან – აღნიშნავს ჟვანია. აქ იგი თვითვე აღიარებს, რომ “მეგრული“ გლეხის ენაა და არა ნაციისა, აბა ვინ არისო უფრო ახლოს თავადაზნაურობასთან, ლომინაძე თუ ჩვენ.

 იქვე ი. ჟვანია საინტერესო ეთნოგრაფიულ “თეორიას“ ავითარებს. “სამეგრელოს საკითხი, ეს გლეხთა საკითხიაო“, – ამბობს იგი, – გლეხი მეგრელები, ისევე როგორც სხვები — აფხაზები, ოსები, ლეკები და სხვანი, პატარა ეთნოგრაფიული ეროვნებანი, გამოირჩევიან თავისი ყოფით და ენობრივი თავისებურებებით. ამიტომ მეგრელ გლეხებსაც ისევე თბილად უნდა მოექცეთ, როგორც სხვა პატარა ხალხებს“.

 აქ კი ნამდვილად შეეჯახა ი. ჟვანია თავისი დიდი მოძღვრისა და ბელადის კონცეფციას ეროვნების გაგების შესახებ, ვინაიდან ასეთი აბსურდი სტალინსაც არ უთქვამს, რომ ამა თუ იმ ნაციაში ერთი კლასი შეიძლება ერთ ეროვნებას ეკუთვნოდეს, მეორე კლასი — მეორეს, მესამე კი — მესამეს. ი. ჟვანია მხოლოდ გლეხების “მეგრელობას“ ამტკიცებს დაბეჯითებით, ამავე ქვეყნის სხვა ფენების “მეგრელობაზე“ კი სდუმს. თავადაზნაურობას იმავე ქვეყნისას ქართველ “ფაშისტებს”, “ბურჟუაზიულ შოვინისტებს”, “ტროცკისტებს” და ა.შ. უწოდებს. ასე რომ, მისი ლოგიკით, თურმე ზუგდიდში მიწის დამმუშავებელი გლეხი მეგრელია, ხოლო მედუქნე, რომელიც დახლთან დგას, ან ოფიციანტი, რომელიც რესტორანში მსახურობს, აღარ არის მეგრელი (აღარას ვამბობთ თბილისში წასულ “მეგრელ” მოსახლეობაზე).

 ამდენი კამათი ტვინნაღრძობ ი. ჟვანიასთან ალბათ არც ღირდა, მაგრამ ვაი რომ იგი უმემკვიდრეოდ არ გადაგებულა, სეპარატისტულად განწყობილი პირნი დღესაც არსებობენ სოხუმში, გუდაუთაში, ოჩამჩირესა და გალში, რომელთაც თავის ფარულ “სახარებად” უქცევიათ ი. ჟვანიას ნაბოდვარი და მას ავრცელებენ კიდევაც ხალხში რუსულ ენაზე, თუმც ავიწყეებათ, რომ მასების სიბნელე 20-იან და 30-იან წლებისა შეუდარებლად უფრო დიდი იყო, ვიდრე დღეს, ამიტომ მათი პროვოკაციული მოქმედება ვეღარ დაგვირგვინდება ისეთი წარმატებებით, როგორც 50 წლის წინათ. თუმც იმხანად “სამეგრელოს საკითხს” აქტიური მომხრეებიც ჰყავდა საქართველოს ოფიციალურ წრეებში. მ. კახიანმა განაცხადა პლენუმზე 1929 წლის ოქტომბერში: “ზუგდიდის პარტ-ორგანიზაციის მოთხოვნა სამეგრელოს საკითხზე თავადაზნაურობის პოზიციას კი არ ასახავს, არამედ გლეხებისასო”, ხოლო საქართველოს კომპარტიის მე-6 ყრილობაზე 1929 წელს, დელეგატმა წულუკიძემ (რაჭის სამაზრო კომიტეტის მდივანი) წაახალისა “ზუგდიდელი ამხანაგები” თავის პატარა ავტონომიისათვის ბრძოლაში და აპლოდისმენტებიც მიიღო. (იხ. სტენოგრამა VI ყრილობისა, გვ. 24).

 რაც შეეხება შ. ელიავას, მას მერყეობა ახასიათებდა ამ საკითხში. მისი პოზიციიდან გასაგები ხდება, ჩვენის აზრით, ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რად არ დაუშვა მაინც საბოლოოდ საბჭოთა მთავრობამ სამეგრელოს ავტონომია. შ. ელიავა ამბობდა: “დავუშვათ და სამეგრელოს საკითხი გადაწყდა ისე, როგორც ამას მოითხოვენ ჟვანია და მისი მიმდევრები. მაშინ ეს იქნება აგრესიული ზომა ქემალისეული თურქეთის წინააღმდეგ. ვინაიდან იქ 300 ათასზე მეტი ლაზი ცხოვრობს, მეგრულად მოლაპარაკე”. მაგრამ ელიავა აქ მარტო თურქეთს როდი დაგიდევდათ, ვინადიან სამგრელოსათვის ავტონომიის მინიჭებით იქმნებოდა საფრთხე ლაზების გაერთიანებისა საზღვრებს გაღმა-გამოღმა, რაც თანაბრად საზიანო იყო როგორც თურქეთისთვის, ასევე “სსრ კავშირისთვის”, ე.ი. რუსეთისათვის. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის ძირითადი მიზეზი სამეგრელოს ავტონომიის შეფერხებისა და ე.წ. “აჭარის ასსრ”-ს შექმნაც ემსახურება მიზანს ე.წ. ბუფერული ზონის შემქნისას ორ ლაზეთს შორის, რომელთაც ასხვავებს მხოლოდ სარწმუნოება.

 საკავშირო მთავრობის წრეებში, სტალინის გარდა, როგორც ჩანს, სამეგრელოს ავტონომიას მხარს უჭერდა მ. კალინინიც, რომელმაც მე-16 პარტყრილობის დელეგატებს შორის მყოფ შ. ელიავას “ცივი წყალი გადაასხა” შემდეგი სიტყვებით: “ჩვენ სამეგრელოს მივცემთ ოლქს”, მაგრამ თბილისში დაბრუნებულ დელეგატებს კვლავ დახვდათ სიურპრიზი ოლქის გამოცხადების აკრძალვის სახით. ვინაიდან იმხანად საერთოდ აიკრძალა ახალი ოლქების გამოცხადება და უფრო დარაიონებაზე აიღო კურსი კომპარტიამ.

 ი. ჟვანიას აქვს თავისებური “ლოგიკა”, რომელიც უდავოდ გამართლებულია ველიკოდერჟავული შოვინიზმის თვალსაზრისით და არამცდაარამც სამეგრელოს და სრულიად საქართველოს მოსახლეობის ინტერესებით. იგი სვამს კითხვას: “განა აჭარის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ავტონომია არ განამტკიცებს საბჭოთა ხელისუფლებას?”

 შემდეგ ი. ჟვანია იგივე “ლოგიკით” განაგრძობს: “სწორედ საბჭოთა ხელისუფლება განმტკიცდება საქართველოში უფრო მეტად, თუ სხვებთან ერთად გვექნება სამეგრელოს ავტონომიაც”. ოღონდაც, მივუგებთ ჩვენ, თუ “საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცებაში” აქ იგულისხმება საქართველოს დანაწევრება, მისი ეროვნული ერთიანობის მოსპობა და მომავალში ნიადაგის შემზადება ქართველი ერის სრული ასიმილაციისათვის, მაშინ ი. ჟვანია მართალია, ასე რომ, თუ აფხაზეთის ავტონომიის გამოცხადებით საქართველოს ჩამოსცილდა დაახლოებით მისი მეექვსედი ნაწილი, სამეგრელოს ავტონომია მას თითქმის ნახევარს ჩამოაცილებდა, ე.ი. საქართველოს საზღვარი მოვიდოდა სამტრედიასთან. ასე, რომ საბჭოთა ხელისუფლების გაძლიერება ჟვანიასნაირების “ლოგიკით” საქართველოს ეროვნულ თვითმყოფადობისა და ტერიტორიული მთლიანობის მოსპობას ნიშნავს და მისი შენარჩუნების უკუპროპორციულია (საინტერესოა აგრეთვე, რომ ი. ჟვანიას ნომენკლატურით “აჭარლებიც” ასეთივე ცალკე ხალხია, როგორც აფხაზები და მეგრელები. ვოსტორგოვი უკეთეს მემკვიდრეს ვერ ინატრებდა, ისიც მეგრულ ჩოხაში გამოწყობილს).

 ი. ჟვანია ემდურის საქართველოს სახელგამს: ორ წელიწადში სულ ორი ბროშურა მოგვცაო მეგრულ ენაზე. ერთ-ერთი მათგანი არის წიგნი “ჭითა ჩხორია” (“წითელი სხივი”) რომელზედაც დაწერა რეცენზია კონსტანტინე გამსახურდიამ და გაუგზავნა მთავრობას. (იხ. “ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში”, 1982 წ. N3, გვ. 143)

 ამ რეცენზიაში ავტორი წერს: “ყოველივე ჰიპერბოლის გარეშე წინამდებარე წიგნის “ჭითა ჩხორიას” გამოსვლა ვოსტორგოვის ლეშმა რომ გაიგოს, სამარეში (სიხარულით) გადატრიელდება სამგზის”.

 “ასეთი ანტიქართული, ქართული ენისათვის დამღუპველი ამბავი დიდი, დიდი ხანია საქართველოში არ მომხდარა… “

 “მაგალითისათვის, დღევანდელი ჰოლანდია მე-13-14 საუკუნეებამდის ქვემო გერმანიის განუყოფელი ნაწილი იყო და ფეოდალების წაკინკლავების წყალობით იგი გარმანიას გამოეთიშა…”

 “რომანოვების რუსეთის ბნელი ხელიც იქითკენ გაემართა, რომ ქართული ენისა და ეროვნების ფარგალი შეემცირებინა და ამგვარად სამარადჟამო სიდამბლე მოეგვარათ ქართული კულტურისათვის. ამისათვის უჩიჩინებდნენ აფხაზებს, ხოლო სვანები, რუსეთის გათახსირებულმა, პედერასტმა ეპისკოპოსებმა ენგურში ჩაჰყარეს და მე-7 საუკუნეში მონათლული ხალხი თავიანთ ჭკუით, ხელმეორედ მონათლეს. ამისათვის მუშავდებოდა “კავკასიის კალენდრის” მახინაციებით სავსე სტატისტიკა”.

 “და ყოველივე ამის რეზონდეტრი ის იყო, რომ ქართველი ხალხი საქართველოში უმცირესობად გამოეცხადებინათ”.

 “მაფალუისტების (მეგრელი ნაციონალისტების) დაბნელებული გონება იმავე არგუმენტს იშველიებს, რომელსაც პურიშკევიჩები და ვოსტორგოვები ხმარობდნენ: ესო და მეგრელ გლეხებს ქართული არ ესმის, ქართული წერა-კითხვა ჯვარში არ იციანო.

 აკი ჩვენ ყველას გვინდა ხუთწლიანი გეგმის შესრულებამდე საქართველოში არცერთი წერა-კითხვის უცოდინარი არ დარჩეს? ვთქვათ ჯვარელმა ან გალელმა გლეხმა გაზეთი “კომუნისტი” ვერ წაიკითხა, მაგრამ “ჭითა ჩხორიაც” ხომ იმავე ანბანითაა დაწერილი?”

 “სად არის ამ უებრო პეეტრების ლოგიკა?” – წერდა კ. გამსახურდია.

 ი. ჟვანიას ზიზღი ინტელიგენციისადმი იქამდე მიდის, რომ იგი სიტყვა “ინტელიგენტს” საგინებლად ხმარობს და გვარწმუნებს: მართალია ქართველი და მეგრელი ინტელიგენცია მტერია სამეგრელოს ავტონომიისა და არ მიესალმებაო ჩაის ინსტიტუტის ზეგდიდში გადატანას, მაგრამ მას მიესალმებიანო ქართველი მუშები და გლეხები. თუმც კონკრეტულად ი. ჟვანია ასეთი მუშებისა და გლეხების ვინაობას ვერ ასახელებს და არც ჩვენ გვსმენია რაიმე ასეთების არსებობის შესახებ, რომელნიც ესალმებოდნენ მეგრულ ავტონომიას და ჩაის ინსტიტუტის ზუგდიდში გადატანას. ქართველი მუშებისა და გლეხებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ გამოირკვა, რომ თვით ზუგდიდის რაიკომის ბიუროს წევრების უმრავლესობაც კი არ იზიარებდა სამეგრელოს ავტონომიის იდეას. ამის შესახებ გაიგზავნა წერილი ცკ (ბ)-ში სტალინთან და საქართველოს ცეკაში, აგრეთვე ზუგდიდის რაიკომში. ჟვანიამ სასწრაფოდ მოიწვია თათბირი და დაგმო ეს ვერსია, როგორც “ტროცკისტების” და “მემარჯვენე ოპორტუნისტების” მიერ შეთითხნილი ცილისწამება.

 ი. ჟვანია გარეგნულად ყოველნაირად ემიჯნება “მაფალიუზმს” ე.წ. “მეგრულ ნაციონალიზმს”, თავის მიმდევრებსაც ცდილობს ჩამოაცილოს ეს ლაქა (მაგ. ჭანტურიას), მაგრამ მისი იდეების ანალიზისას ცხადი ხდება, რომ იგი კომუნისტური იდეოლოგიით და პარტიული მანდატით შენიღბული მაფალიუსტია და სხვა არაფერი.

 ი. ჟვანია იცავს მეგრულ ენას ოპოზიციონერების ბოკუჩავასა და პირტახიას კრიტიკისაგან, თითქოს მეგრულ ენას არ გააჩნია განყენებული და ჩვეულებრივი აზროვნების გადმოცემის საშუალებები. ეს თავადაზნაურობის ბრალდების განმეორებააო, რომელიც მეგრულ ენას “არასულიერ” ენად სთვლიდაო. ყოველივე ამას იგი “ველიკოდერჟავნიკულ” შოვინიზმს უწოდებს (ოღონდ სიტყვა “ქართულს” არ ხმარობს). ბოლოს ი. ჟვანია ბოკუჩავას ამარცხებს და პარტიიდან გარიცხავს.

 რამდენადაც სამეგრელოს მოსახლეობის უმრავლესობა წინააღმდეგი იყო ავტონომიის გამოცხადებისა, საქართველოს ბოლშევიკური მთავრობა იძულებული იყო ეღიარებინა, რომ “თავად მეგრელებს არ სურთ სამეგრელოს ოლქი”. ამან მთლად გააცოფა ი. ჟვანია. იგი წერს: “როდესაც 1893 წელს სამეგრელოს თავადაზნაურობამ და სამღვდელოებამ თავის ყრილობაზე გამოიტანა დადგენილება მეგრელი ხალხის სახელით სამეგრელოს სკოლებში მეგრულ ენაზე სწავლების აკრძალვის შესახებ, იგი ქრისტეს სარწმუნოების სახელით მოქმედებდა, რათა მეგრელები ათეისტებად არ ქცეულიყვნენ, ამიტომ აკრძალა უწმინდესმა სინოდმა მეგრულ ენაზე სწავლება. მაშინ ამ საქმეს ხელმძღვანელობდა “მეგრელი” თავადი გრიგოლ დადიანი, გურია-სამეგრელოს ეპარქიის ეპისკოპოსი. მაშინ გასაგები იყო თუ ეს ხროვა რად ახრჩობდა მეგრელ მშრომელ ხალხს”. დღეს კი გაუგებარია, – განაგრძობს ი. ჟვანია, – რად იმეორებენო იგივეს ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელები.

 ჩვენთვის კი გასაგებია ყოველივე. დაინახეს რა ხალხისა და ინტელიგენციის ერთსულოვანი ოპოზიცია სამეგრელოს ავტონომიისადმი, ოფიციალური პირები უკუქცევის გზას დაადგნენ და გული მოუკლეს ჟვანიებს თავიანთი უარით.

 საინტერესოა, რომ ი. ჟვანია მარტო მეგრული სეპარატიზმის აღორძინებას როდი აპირებდა, არამედ სვანურ სეპარატიზმსაც უყრიდა საფუძველს. ეს მოჩანს პარტიის ზუგდიდის სამაზრო კომიტეტის გაფართოებული პლენუმის მასალებიდან, კერძოდ, ი. ჟვანიას გამოსვლიდან ამ პლენუმზე. უარყო რა ფოთის ოლქის შექმნის შესაძლებლობა, რომელსაც უნდა გაეერთიენაბინა სამეგრელო, გურია და სვანეთი ერთ ადმინისტრქციულ ერთეულში, ი. ჟვანიამ წამოაყენა ახალი თეზა სვანეთ-სამეგრელოს ოლქის შესახებ, რასაც იმით ასაბუთებდა, რომ “სამეგრელო და სვანეთი მუდამ წარმოადგენდნენ ერთ ეკონომიკურ და გეოგრაფიულ მთლიანობას, რაც უძირითადესი პრინციპია ამ მხარის დარაიონებისათვის”.

 პლენუმი კატეგორიულად მოითხოვდა სვანეთ-სამეგრელოს ოლქის ცენტრად ქ. ზუგდიდის გამოცხადებას, ვინაიდან ზუგდიდი იყო და არის სვანეთის და სამეგრელოს მოსახლეობის უმრავლესობისათვის გეოგრაფიულ-ეკონომიკური, კულტურული და ადმინისტრაციული ცენტრი. ეს გაერთიანება ი. ჟვანიას სიტყვით ხელს შეუწყობდა ჩაის მეურნეობის, ქაღალდისა და სხვა წარმოების განვითარებას და ა. შ. ამაზე მან, როგორც ჩანს, სვანეთშიც ბევრი აგიტაცია გასწია, ვინაიდან მიიღო სვანეთის აღმასკომისაგან სპეციალური “მანდატი”. სვანეთის მიზანში ამოღებაც არ გახლავთ შემთხვევითი, ვინაიდან შავრაზმელი რუსიფიკატორები XIX საუკუნისა უსლარი, ვოსტორგოვი და სხვანი სვანური ანბანისა და სვანური წირვა-ლოცვის შემოღებაზეც ოცნებობდნენ. მათმა ღირსეულმა მემკვიდრეებმა ღირსეულად გააგრძელეს მათი საქმე.

 ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, “მაფალუიზმის” იდეების ქადაგების შემდეგ ი. ჟვანიას არ ავიწყდება “ინტერნაციონალისტის” ნიღბის გაკეთება და ფარისევლურად აცხადებს, რომ “ზუგდიდის პარტორგანიზაცია” ბოლშევიკურად ამხელდა და აძევებდა ყოველთვის ე.წ. “მაფალუისტებს”, ისეთ მეგრელ ნაციონალისტებს, როგორიც იყვნენ ექიმი ფ. შენგელია, თ. თორდია, მ. დადიანი და სხვა. მაგრამო – დასძენს ჟვანია, – მას შემდეგ რაც ზუგდიდის რაიკომის ხელმძღვანელობას ჩამოაცილეს ის ხალხი, ვინც ზრუნავდა სამეგრელოს ოლქზე, ეს მაფალუისტები აღადგინეს და მშვიდად მუშაობენო თავიანთ ადგილებზე. საქართველოს სსრ მთავრობის წევრთა პოზიცია ასე თუ ისე გამოვლინდა სამეგრელოს საკითხში, ხოლო ლ. ბერიას პოზიცია გაურკვევლად და ბუნდოვნად რჩებოდა. მისი პოზიციის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ შემდეგი ფაქტებიდან გამომდინარე. საქართველოს კპ-ს პირველ მდივნად თავის დანიშვნის შემდეგ ლ. ბერიამ მოსთხოვა ჟვანიას ოფიციალური ანგარიში სამეგრელოს საკითხის შესახებ და მოითხოვა მისგან ინფორმაცია, თუ რომელი რაიონებისაგან აპირებდა ი. ჟვანია სამეგრელოს ოლქის შექმნას.

 ი. ჟვანიამ დაწერა ანგარიში, რომელშიც ჩამოთვალა ეს რაიონები: ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის, ნაწილობრივ მარტვილის, აბაშისა და ფოთის. თან დაურთო აგრეთვე ოქმები და ანგარიშები ბიუროს სხდომებისა და პლენუმებისა. აგრეთვე წერილები სხვადასხვა ინსტანციებში. ამის შემდეგ ბერიას არავითარი რეაქცია არ ჩანს, თუმც ჟვანიამ მას და მახარეძეს კიდევ გაუგზავნა წერილები, მაგრამ, ჩვენი აზრით, ბერიას რეაქციაზე ყველაზე უფრო ნათლად მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამის შემდეგ მალე გაანთავისუფლა ჟვანია ზუგდიდის რაიკომის პირველი მდივნობიდან, ხოლო შემდეგ 1937 წლის “წმენდაში” მოაყოლა და მოსპო (ცხადია, ეს მისი პატრიოტიზმის შედეგი კი არ იყო, ასე სჯობდა მისი კარიერისათვის: დისკრედიტირებული საქმის და დისკრედიტირებული კაცის გაწირვა).

 ამით დაესვა წერტილი ყბადაღებულ “სამეგრელოს საკითხს”, მაგრამ როგორც ვთქვით, არა სამუდამოდ, უკანასკნელ ხანებში სამეგრელოს ზოგიერთ რაიონებში (რომლებიც დღეს ე.წ. აფხაზეთის ასსრ-ში შედიან) თავი წამოყო ისევ სეპარატისტულმა განწყობილებებმა. რა არის ამის მიზეზი?

 ჩვენის აზრით, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია უკულტურობა, უმეცრება, ჰუმანიტარული განათლების სისტემის დაბალი დონე საქართველოში, განსაკუთრებით პერიფერიებში. სხვაგვარად ვერ შეაფასებ ვინმე ჯოჯუას წერილს გუდაუთის გაზეთ “ბზიფში” და დგებუავას წერილს ხობის გაზეთში.

 დღევანდელი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის თავისი ეროვნული ვინაობა, თავისი ერის ისტორიული წარსული, ვინაიდან არვინ ზრუნავს მისთვის ამგვარი ცოდნის მიწოდებაზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამეგრელოს ყველა რაიონს აქვს საკუთარი გაზეთი, მაგრამ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ამ გაზეთებს მოკლედ, პოპულარულ ფორმებში მაინც განემარტოთ მოსახლეობისათვის, თუ რას ნიშნავს ტერმინი “საქართველო”, “ქართველი”, “მეგრელი”, “იმერელი” და სხვა. ან დაებეჭდოთ მოკლე ცნობები საქართველოს ისტორიის შესახებ. უფრო მეტიც, არა თუ რაიონების, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობას, ალბათ, არ გააჩნია წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა იყო სამეგრელოს სამთავრო, ლევან დადიანის კარი. ბევრმა არ იცის მაგალითად, რომ ქართული კულტურა ყოველთვის იყო ერთადერთი კულტურა სამეგრელოში, ხოლო ქართული ენა გაბატონებული იყო თვით ცალკე სამთავროს გამოყოფის შემდეგაც, როგორც მთავრის კარზე, ისე ეკლესიაში, ისე წარჩინებულ ოჯახებში, რომ მეგრელობა აკად. ბერძენიშვილის თქმით შუასაუკუნეებში კულტურულად არც კი არსებობდა. ქართული იყო სახელმწიფო და სამწიგნობრო ენა სამეგრელოს სამთავროსი. მეგრული ენა უფრო ხალხის სალაპარაკო ენა იყო.

 მეგრულის ესოდენ წამოწევა დღევანდელ სამეგრელოში გამოიწვია ეკლესიისა და თავადაზნაურული წოდების, ინტელიგენციის ხელოვნურმა განადგურებამ, კულტურის დაცემამ, განათლების შეფერხებამ.

 მაგალითად, კითხვაზე: რომელ ენაზე ლაპარაკობდა ცოტნე დადიანი? თანამედროვე საქართველოს თვით განათლებული კულტურული ადამიანების უმრავლესობაც ალბათ მოგიგებთ, რომ იგი ლაპარაკობდა მეგრულ ენაზე, ამასთანავე ყველა დარწმუნებულია, რომ ცოტნე დადიანი “მეგრელად” თვლიდა თავს ასეთ უმეცრებას კი იწვევს საქართველოს ისტორიის, როგორც საგნის, ფაქტიური გაუქმება ჩვენს სკოლებში, ჩვენი ისტორიის პოპულარიზაციის მცირე მასშტაბები; რაც ძალზე შორს მიმავალ მიზნებს ისახავს, ამ კოლექტიური უმეცრების ორგანიზატორები ხელმძღვანელობენ ჯორჯ ორუელისეული ლეგენდარული სახელმწიფოს უმთავრესი დევიზით: “უმეცრება ძალაა”. მართლაც და დიდი იარაღია უმეცრება, როდესაც გინდა მთელი ერი გადააგვარო, დაუკარგო მას თვითცნობიერება და დაავიწყო თავისი ეროვნული ვინაობა, კუთხეებად დაანაწევრო, ყოველივე ამას უმეცრების დანერგვის გარეშე ვერაფრით შესძლებ.

 მეგრული სეპარატიზმი წვეთი წყალივით ჰგავს აფხაზურ და მუსულმანურ-მესხურ სეპარატიზმს. სამივე შემთხვევაში ერთი და იგივე საქმესთან გვაქვს საქმე. ვინც კარგად იცნობს საქმის ვითარებას, მისთვის ცხადია, რომ ამგვარი სეპარატისტული იდეების მატარებელი ყოველთვის უკულტურო, ბნელი ადამიანები არიან. რომლებიც თავის უმეცრებაზე აგებენ თავის “დოქტრინებს”. მაგ. ერთ-ერთი მუსულმანი – მესხი (სარვაროვი) ამტკიცებს, თითქოს მესხებმა I საუკუნეში მიიღეს ისლამი და რომ ისინი I სუკუნეებშივე მუსულმანები იყვნენ, მაგრამ საკმარისია ადამიანმა მიიღოს ელემენტარული განათლება, რომ იგი ამგვარ სეპარატიზმს გმობს და ემიჯნება. მაგალითად ნამდვილ მუსულმან მესხთა შორის საშუალო და უმაღლესდამთავრებულნი ერთხმად აღიარებენ, რომ ისინი ეროვნებით ქართველები არიან. წერა-კითხვის არ მცოდნენი და უწიგნურნი კი როგორც წესი, თურქებად თვლიან თავს, ვინაიდან ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან ეროვნება და რელიგია. სიტყვა “თურქი” მათთვის მაჰმადიანის სინონიმია. ასევეა აფხაზეთშიც. ნამდვილი და კეთილსინდისიერი აფხაზი მეცნიერები აღიარებენ, რომ არასოდეს აფხაზეთს არ უარსებია, როგორც დამოუკიდებელ ეროვნებას, რომ არ არსებობდა აფხაზური კულტურა, დამწერლობა, აფხაზური ეკლესია, რომ აფხაზეთის ისტორია, იგივე დასავლეთ საქართველოს ისტორიაა, რომ აფხაზეთის კულტურა ისტორიულად იგივე ქართული კულტურაა, რომ აფხაზებს არასოდეს ჰქონიათ სხვა სახელმწიფო და სამწიგნობრო ენა გარდა ქართულისა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე კულტურის ძეგლები ქართული კულტურის ძეგლებია და რომ ადიღეურ აფსუური ელემენტი და მისი ენა XVII საუკუნიდან წამოეძალა დღევანდელ აფხაზეთს, რაც გამოიწვია საქართველოს სამეფოს დაცემამ და დაკნინებამ, კუთხეებად დაქუცმაცებამ. დღეს უკვე სადაო აღარ არის, რომ აფხაზეთი ქართული, ქრისტიანული კუთხე იყო XV საუკუნემდე, ხოლო XV_XVII საუკუნეებში ე.წ. “მთის ჩამოწოლის” ანუ ჩრდილოეთ კავკასიური ტომების ჩამოსახლების შედეგად მოხდა ქრისტიანული ქართული აფხაზეთის კვლავ წარმართობად მიქცევა, ამავე დროს მოხდა ეთნიური შეცვლა, ქართული აფხაზეთისა ადიღეურ, არაქართულ აფხაზეთად (ნ. ბერძენიშვილი, პ. ინგოროყვა).

 ოსმალებმა გამოიყენეს (ადლერის მხრიდან) დასავლეთის მთიანეთის აფსუები აღმოსავლეთ-სამხრეთი აფხაზეთის დასამორჩიელბლად და ქართული ფეოდალური აფხაზეთის კვლავ მისაქცევად, მაგრამ აფხაზეთის თავადაზნაურობა კვლავ ძველი ტრადიციების ერთგული დარჩა. მან შეინარჩუნა ქრისტიანობა და ქართული ენა, იგი ქართველობდა გასხვავებით აფსუების მდაბიო წოდებისაგან, რომლისთვისაც უცხო იყო ქართული ელემენტები. დღევანდელი გაბატონება ადიღეური ელემენტისა გამოწვეულია აგრეთვე თავადაზნაურობისა და ეკლესიის მოსპობით, რომელიც იყო მატარებელი ქართული ელემენტისა. ამას უარყოფენ მხოლოდ მტრის მიერ დაქირავებული პროვოკატორ-სეპარატისტები, რომელთაც მძლავრი მხარდაჭერა აქვთ მოსკოვის ზოგი “ამხანაგის” მხრიდან.

 დღევანდელ მეცნიერებაში გარკვეულია, რომ თანამედროვე ქართული და მეგრული წარმოადგენენ ერთი საერთო პროტოქართული (მარის ტერმინოლოგიით ე.წ. იაფეტური) ფუძე-ენის ორ განშტოებას, რომელთაგან ერთი (ქართული) გახდა სამწიგნობრო ენა, ხოლო მეორე (მეგრული) შემორჩა დასავლეთ საქართველოში, როგორც ხალხის სალაპარაკო ენა, ისევე როგორც იტალიაში ე.წ. ლოგუდორული და კამპიდანური, გერმანიაში შვაბური, ზემო საქსონური და ა. შ., რომელნიც უფრო მეტად განსხვავდებიან გერმანულისაგან, ვიდრე მეგრული ქართულისაგან.

 ამასთან ყოველივე ზემოთქმული იმას როდი ნიშნავს, რომ ჩვენ დავაკნინოთ მეგრულის მნიშვნელობა ქართული ენის განვითარებაში, მეგრული ქართველური ენაა, მასში შემორჩენილია უძველესი პლასტები პროტოქართული ფუძე-ენისა, აგრეთვე ძველი ქართულისა, აი, რას ამბობდა მაგალითად, აკაკი წერეთელი: “მეგრული დღეს სალაროა ნამდვილი ქართული სიტყვებისა. აღმოსავლეთ საქართველოს დაჰკარგვია ნამდვილი ქართული სიტყვები, მათ ნაცვლად სომხურ-თათრულ-სპარსული შემოუღია, რომელიც ქართველის ყურს ცუდად ეჩხირება და გულსა სწყინს და მეგრულ ენაში კი შემონახულან მარგალიტად ის ძველი სიტყვები. ჩვენ ვურჩევთ ჩვენს მწერლებ-მწიგნობრებს მეტი ყურადღება მიაქციონ მეგრულს, რომ იქიდან ამოკრებილი სიტყვებით შეივსონ დღეს მათი შელახული ქართული ლექსიკონი”. მე მგონი ახალ დროში კონსტანტინე გამსახურდიამ, სიმონ ჩიქოვანმა, შალვა დადიანმა, ლეო ქიაჩელმა და სამეგრელოდან გამოსულმა სხვა მწერლებმა შესანიშნავად აღასრულეს აკაკის ეს ანდერძი თავიანთ შემოქმედებაში.

 ალბათ ჟვანიასათვისაც ვინმეს რომ ესწავლებინა თავის დროზე საქართველოს ისტორია, იგი თავის სეპარატისტულ ბოდვებს არ აჰყვებოდა. თუმც საქმეს ის ართულებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ სამივე ტომის ხალხშიც შეიძლება შევხვდეთ უმაღლესდამთავრებულ და ასე თუ ისე განათლებულ ადამიანებს, რომლებიც შეგნებულად აყალბებენ ისტორიას და სარგებლობენ რა მასების სიბნელით, შთაუნერგავენ მათ სეპარატისტულ იდეებს. ასეთი შენიღბული პროვოკატორები მტრის წაქეზებით მოქმედებენ და მისგანვე ზერგგამაგრებულნი სარგებლობენ სრული დაუსჯელობით. საჭიროა მათი გამოვლენა და მხილება.

 ამავე დროს ზოგიერთი ფსევდოინტელიგენტი ჩვენში, რომელიც ბრტყელ-ბრტყელ ფრაზებს არ იშურებს საქართველოს სადიდებლად, ხანგამოშვებით ასეთ “თეორიებსაც” ავითარებს: “რა ესაქმებათ მეგრელებს ქართულ ეროვნულ მოძრაობასთან, რა მეგრელების საქმეა საქართველოს ტკივილები, მეგრელების გაკეთებული ქართული საქმე ვის უნახავსო”. თუმც ასეთები უპირატესად ის მედროვენი არიან, ორ სკამზე ჯდომას რომ ცდილობდნენ და ორ ბატონს რომ ემსახურებოდნენ, და ასეთ “თეორიებსაც”, ალბათ ჩვენი მტრების დავალებით ავითარებენ. სწორედ ასეთნი ცდილობენ შეათავსონ “პატრიოტული მოღვაწეობა” მტრის აგენტობასთან. მსგავსი ვაიპატრიოტების მიზეზით, სამეგრელოს ენგურსგაღმა ნაწილში სამურზაყანოში, მეგრელთა შორის უკვე შეინიშნება დაბნეულობა და უკმაყოფილება, რაც შეიძლება მეგრულ სეპარატიზმში გადაიზარდოს, რაც საბოლოო ლახვარი იქნება საქართველოსათვის. ქართული ეროვნული შეგნება ხომ ყველაზე დაბალ დონეზეა სწორედ დღევანდელი “აფხაზეთის” ასსრ-ს მკვიდრებში. სამურზაყანოც ხომ “აფხაზეთად” ითვლება 1921 წლის შემდეგ. თუმც იქ აფხაზური მოსახლეობა 1 პროცენტსაც ვერ აღწევს, ხოლო ის დაუფარავი ანტიქართული აგიტაცია, რომელსაც ჩვენი მტრები ეწევიან აფხაზეთში, იქაურ მეგრელობაზე უდიდეს გავლენას ახდენს და გზას უხსნის მათ “გააფხაზებისა” და “გამეგრელებისაკენ”.

 

1981-1989 წ.

__________________________

 1. იმჟამად რაიკომები ჯერაც არ არსებობდა

 * წერილი გადმობეჭდილია გაზეთ “ლიტერატურული საქართველოს” 1989 წლის 3 ნოემბრის ნომრიდან

 

 

One Response to “• სამეგრელოს საკითხი”

  1. a.sanduchadse said

    Письмо Г.К. Орджоникидзе
    И.В. Сталину.
    9 сентября 1925г.

    Дорогой Сосо!

    Самый модный вопрос в данный момент в Грузии – это автономия Мингрелии. Застрельщиками являются несколько никому не известных мингрельцев, плюс несколько человек коммунистов, плюс часть меньшевиков, с оружием в руках боровшихся против нас в дни августовского восстания. Вся мингрельская интеллигенция, а о грузинской нечего и говорить, решительно против. Что касается крестьянства, оно пока в это не втянуто. Гнездом автономистов являются Зугдиди. Н-Семаки решительно против, по крайней мере, так уверяет Гегечгори. Грузинской интеллигенцией это рассматривается как интрига Москвы, стремящейся к расчленению Грузии. Упорно муссируются слухи, что ты за автономию Мингрелии. Это результат твоих разговоров с Бахтадзе и Картвелишвили. Они рассказали в Зугдиди, что ты будто бы за. Это здорово подбодрило сторонников и запутало кое-кого из коммунистов. Оказывается, в Зугдиди имеется нежелательная группа автономистов, с ней связаны некоторые коммунисты. Мы решили автономистов разогнать. Меньшевиков, участников этой группы, выслать из Грузии. В печати повести решительную компанию против автономии.
    Сегодня Гегечгори поместил в «Коммунисте» мордобойную (так в оригинале – НГ) статью. Для крестьянских районов Мингрелии, не понимающих грузинский язык, допустить ведение делопроизводства в сельских советах на мингрельском языке, также в суде. Автономия в Мингрелии поставит против нас всю Грузию и разрушит Абхазию. Было бы очень хорошо, если бы ты сказал два слова против, поскольку болтают о поддержке с твоей стороны. Я всем говорю, что ты ничего подобного не говорил.

    Письмо И.В. Сталина
    Г.К. Орджоникидзе.
    17 сентября 1925г.

    Жалею, что шутки о Мингрелии приняты всерьез легковерными товарищами. Можешь заявить от меня, что я не высказывался и не намерен высказываться в пользу автономии Мингрелии. Можешь заявить об этом в форме, в какой найдешь целесообразным. Насчет Осетии поговорим по приезде.
    (Стиль, орфография и пунктуация сохранены. – С.Х.)

    es amonaridebi moyvanilia inguSi ruslan xamSievis naSromidan, mTeli narkvevi saqarTvelos siyvaruliTa da misi ubedobis gamo gamowveuli tkiviliTaa dawerili.

    xedavT Turme “uxumria” am qarTvelTmoZules samegreloze, tumc ra, is xom sul saxumarod da samasxrod igdebda mTels saqarTvelos.
    ubedureba ki is aris rom saqarTveloSi gamodis gazeTi, romelic ukve oriaTeuli welia ewva stalisnis pirovnebis reabilitaciasa da mis popularizacias, da yvelaferi es keTdeba “presis Tavisuflebis principebis” dacviT da am qarTvelTa sisixlimsmels gmirad asaReben.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s