Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ვისაც ზვიადი ცოცხალი ჰგონია – გონს მოდით

♥ ზვიად გამსახურდია

 

 

გურამ შარაძე: მოვუწოდებ იმათ, ვისაც ზვიადი ცოცხალი ჰგონია – გონს მოდით, კიდევ ერთხელ ნუ კლავთ ზვიად გამსახურდიას!

 

საქართველოში დაბრუნებულ ზვიად გამსახურდიას ნეშტს რა პატივისცემაც ხელისუფლებამ დააკლო, ხალხმა ასმაგად აუნაზღაურა და ნატანჯ-ნაწამები პრეზიდენტი მთაწმინდის მიწას დიდებით მიაბარა. გრანდიოზულ სახალხო მანიფესტაციად ქცეულმა პირველი პრეზიდენტის დაკრძალვამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ქართველ ერში თავისუფლებისა და ეროვნული ღირსების განცდა კვლავ კოცონივით გიზგიზებს, რაც ,,ვარდების ხელისუფლებისთვის’’ იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ პირკატაცემულებმა და დამუნჯებულებმა ზვიად გამსახურდიას ცხედართან გამოსათხოვარი სიტყვაც ვერ თქვეს. ამ და სხვა თემებზე ,,ასავალ-დასავალი’’ ზვიად გამსახურდიას ერთ-ერთ თანამოაზრესა და თანამებრძოლს, საქართველოში დაღუპული პრეზიდენტის ნეშტის მომპოვებელს და გროზნოში საპრეზიდენტო ღირსებით დაკრძალვის ერთ-ერთ მოთავეს, პროფესორ გურამ შარაძეს ესაუბრა.

– ბატონო გურამ, ალბათ, აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის შემდეგ, ქართველ ხალხს არცერთი პოლიტიკური თუ საზოგადო მოღვაწე არ დაუსაფლავებია ისეთი პატივით, როგორც ზვიად გამსახურდია დაასაფლავა 1 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე…

– ილიასა და აკაკის დავუმატებდი გალაკტიონს, იმის შემდეგ საქართველოს მართლაც არ ახსოვს ასეთი გრანდიოზული მანიფესტაცია თბილისის ქუჩებში. ძალიან სიმბოლური იყო ზვიად გამსახურდიას დაკრძალვა ბზობა დღეს. როგორც მაცხოვარი ტრიუმფით შევიდა ამ დღეს იერუსალიმში, ასევე ტრიუმფით დაუბრუნდა საქართველოს მისი პირველი, დევნილი და წამებული პრეზიდენტი, რასაც ეს ხელისუფლება არ ელოდა ან ელოდა და ბევრს ეცადა, რომ ყველაფერი ასე არ ყოფილიყო, მაგრამ, არაფერი გამოუვიდა.

ვერ დავიჯერებ, რომ პრეზიდენტის ცხედარი რუსეთ-საქართველოს საზღვარს მაინც და მაინც შუა ღამეს მოადგა. ეს იყო შეგნებულად გაკეთებული, რომ ხალხი არ შეხვედროდა ზვიადს. ვთქვათ, რუსეთმა ჩაიდინა ავაზაკობა და შეგნებულად მოაყენა პირველი პრეზიდენტის ნეშტი შუა ღამეს ყაზბეგის საზღვარს. მაგრამ ყაზბეგში ხომ იყო ეკლესია. ერი და ბერი იხვეწებოდა, რომ ხუთი წუთით მაინც დავასვენოთ ეკლესიაშიო. მაგრამ რა გააკეთეს – შუაღამეს მოასვენეს და სასწრაფოდ თბილისისკენ ქნეს პირი. ან ვინ დახვდა სახელმწიფოს წარმომადგენელთაგან? მხოლოდ კეთილმოწყობის თუ დასუფთავების სამსახურის უფროსი. ნუთუ ვერ მოიძებნა საქართველოს სახელმწიფოს უფრო მაღალი რანგის წარმომადგენელი, რომ ზვიად გამსახურდიას რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დახვედროდა?

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სააკაშვილს უახლოეს გარემოცვაშიც კი მტრები ჰყავს. საკუთარი გარემოცვიდან არავინ არ ურჩია მას, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნეშტს დახვედროდა. თავს რომ დებს ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ და სამართლებრივ მემკვიდრეობაზე, რაში გამოიხატა ეს? სააკაშვილი ზვიად გამსახურდიას არ დახვდა საზღვარზე, კოლხურ კოშკში ერთხელაც არ მისულა და დასაფლავების დღესაც, მარტოდმარტო, პარლამენტისა და მთავრობის წევრების გარეშე მივიდა ზვიადის კუბოსთან. გამოსათხოვარი სიტყვაც კი არ ათქმევინეს არავის. საქართველოს პირველი პრეზიდენტი მუნჯურად დაასაფლავეს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ზვიად გამსახურდიას ჩამოსვენების, გასვენებისა და დაკრძალვის დღეები ბრწყინვალე დემონსტრაცია იყო იმისა, როგორ დუღს ქართველ ხალხში ის მიძინებული, მინავლებული ეროვნული სული და ცნობიერება. როგორი დათრგუნულია ხალხი ბოკერიების და რამიშვილების იდეოლოგიით, მაგრამ ქართველები მაინც ილიას, აკაკის, კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიას მემკვიდრეები არიან.

– ზვიად გამსახურდიას დაკრძალვაზე თუ მანამდე, სამძიმარზე ისეთი ხალხიც გამოჩნდა, რომელთაც წვლილი მიუძღვით ეროვნული ხელისუფლების დამხობაში და მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე დაპირისპირებული იყვნენ ზვიად გამსახურდიასთან. რას იტყვით, რას ნიშნავდა მათი იქ მისვლა? მონანიებას ხომ არა?

– ჯერ ერთი, გაუგონარი ცინიზმი იყო ის, რომ ზვიად გამსახურდიას გადმოსვენებისა და დასაფლავების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე იყო პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელი, რომელიც გახლავთ მოქალაქეთა კავშირის პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი წევრი, ერთ-ერთი ლიდერი იმ გუნდისა, რომელმაც დაამხო ზვიად გამსახურდია, რომელიც მთელი ამ 14-15 წლის განმავლობაში დევნიდა ზვიადის მომხრეებს. თუმცა, ცინიზმი ამით არ ამოწურულა. იმ კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ზვიად გამსახურდიას ცხედრისთვის უნდა ეპატრონა, სომხეთის პრემიერ-მინისტრის დაკრძალვაზე წავიდა ერევანში და იქ აღვარღვარებდა ცრემლებს. არც მისულა პანაშვიდებზე კოლხურ კოშკში, დასაფლავების დღეს კი საერთოდ არ გამოჩენილა. ისინი, ვინც ზვიად გამსახურდია დაამხო, ნამდვილი ქრისტიანები რომ ყოფილიყვნენ, იქ მივიდოდნენ და მოინანიებდნენ ყველაფერს, მაგრამ მათ არც ამაში ეყოთ ვაჟკაცობა და ქრისტიანობა.

– ამბობენ, თითქოს, სვეტიცხოველში მისულმა ჯუმბერ პატიაშვილმა ზვიადის კუბოსთან მოინანია. ჩვენ ვცადეთ ამის გარკვევა თვითონ პატიაშვილთან, მაგრამ მასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.

– არ ვიცი, ეს არ დამინახავს და არც მომისმენია. იყო ისეთი ხალხი, ვინც იქ მიდიოდა არა საკუთარი ცოდვების გამოსასყიდად, არა მონანიებისთვის, არამედ მეც ნახირ-ნახირიო და სცადეს თავის გაპატიოსნება და ნამუსის მოწმენდა, ვითომ ჩვენც ზვიად გამსახურდიასთან ვართო.

– ბატონო გურამ, ენდობით თუ არა ზვიად გამსახურდიას ცხედრისთვის რუსეთის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას?

– დავიწყოთ იქიდან, რომ ამ საკითხზე თავის დროზე შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელშიც მთავრობის წარმომადგენლები შედიოდნენ და იყო ასეთი საექსპერტო კომისია, რომელსაც ორი ამოცანა ჰქონდა: პირველი, უნდა მოეხდინა იდენტიფიკაცია, ნეშტი ნამდვილად ეკუთვნოდა თუ არა ზვიად გამსახურდიას და მეორე, უნდა გაერკვიათ ტყვიის ტრაექტორია, ტყვია, რომელიც ზვიად გამსახურდიას მარჯვენა საფეთქელში ჰქონდა დახლილი, გასროლილი იყო ზემოდან ქვემოთ, თუ თვითმკვლელის ხელით ქვემოდან ზემოთ. ამ საექსპერტო კომისიაში შედიოდნენ აწ განსვენებული დიდი ქართველი მეცნიერი და მოქალაქე, აკადემიკოსი ვახტანგ ბოჭორიშვილი, აკადემიკოსი თამარ დეკანოსიძე, მაშინდელი ექსპერტები: მთავარი ექსპერტი ზაზა ოქრუაშვილი, მისი მოადგილე ლევან ჩიჩუა და პროფესორი კაპანაძე. შედგა ოქმი. ამ ოქმს რატომ არ გვაძლევს გენერალური პროკურატურა? მე ის თავის დროზე ხელში ჩამივარდა და 1994 წელს გამოცემულ ჩემს წიგნში ,,ზვიად გამსახურდიას სიკვდილი და დასაფლავება’’ დავბეჭდე. დედანი ინახება გენერალურ პროკურატურაში. ამ ოქმს ხელი მოაწერეს როგორც ჩეჩნეთის სამთავრობო დელეგაციამ, ისე საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ჩემს მიერ ჩამოთვლილმა ექსპერტებმა. ოქმში წერია, რომ ტყვია არის ზემოდან დახლილი მარჯვენა საფეთქელში. გამოსულია ყელში და მარცხენა ლოყაში.

– ანუ ტყვია გასროლილია არა ქვემოდან ზემოთ, როგორც ამას თვითმკვლელი იზამდა?

– რა თქმა უნდა! ტყვია დახლილია ზემოდან ქვემოთ, რაც ზვიად გამსხურდიას თვითმკვლელობას გამორიცხავს. და თუ შეიძლება, კიდევ ერთი რამ უნდა ვთქვა, აუცილებლად.

– ბრძანეთ!

– გამოჩნდნენ ზოგიერთები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ზვიად გამსახურდია ცოცხალია. ე.წ. ზვიადის თაყვანისმცემლები მადლობას მეუბნებიან, რომ თურმე მე გმირობა ჩამიდენია, ზვიად გამსახურდია საქართველოდან გამიპარებია და ჩეჩნეთში ჩუჩელა დამიკრძალავს. სასაცილოა ხომ? გითხრათ, ვინ ამბობს ამას? გვარები დაგისახელოთ?

– უკეთესი იქნება, ბატონო გურამ!..

– მაგალითად, ნონა დოჭვირი, რომელსაც მე საერთოდ არ ვიცნობდი, მაგრამ იმის გამო, რომ ბატონი ოთარ ეგაძის რძალი იყო, ჩავსვი იმ 24 კაციან თვითმფრინავში და წავიყვანე გროზნოში ზვიადის დაკრძალვაზე. რაც მან იქ ცრემლები აღვარღვარა. ერთი კვირის მერე კი თბილისში მხვდება და მადლობის გრძნობით მეუბნება, თქვენ გააპარეთ ზვიადი შევარდნაძის პირსისხლიან ხელისუფლებას, იქ, გროზნოში ფიტული დაასაფლავეთ, ზვიადი კი ცოცხალიაო. ვუთხარი, ქალბატონო ნონა, მე კიდევ ავიტან ამ შეურაცხყოფას, მაგრამ თქვენ თვითონ ზვიად გამსახურდიას შეურაცხყოფთ-მეთქი.

ეს კიდევ არაფერი. თვითონ შევარდნაძის ხელისუფლების მხრიდან ზვიად გამსახურდიას დამკრძალავი კომისიის ხელმძღვანელი ავთო მარგიანი, ამ დღეებში ,,ჯორჯიან თაიმსის’’ ფურცლებზე აცხადებს, მგონი, ზვიადი ცოცხალი უნდა იყოსო.

მესამე მაგალითსაც გეტყვით. ზვიადისა და მერაბის უახლოესი მეგობარი და ჩემი მეგობარიც იუნონა აფაქიძე ერთ-ერთ გაზეთში წერს, რომ რამდენიმე თვის წინ ზვიად გამსახურდია მამიდაშვილთან ვნახე სამეგრელოშიო. ყველაზე დიდი უბედურება კი ის იყო, რომ  სვეტიცხოველში გვერდზე გამიხმო რამდენიმე ქალბატონმა და მითხრა: – რა კარგია, ბატონო გურამ, რომ თქვენ ასე ახლოს არ გაეკარეთ ამ გაუგებრობასო, – და თვალი რაღაც ეშმაკურად ჩამიკრეს.

– ესენი, ალბათ, ქალბატონი მანანა არჩვაძის ქალები იქნებოდნენ, არა?

– არ ვიცი, რას ქვია მანანას ქალები და ჩემი ქალები (ეცინება). ერთის მხრივ, ის ფაქტი, რომ სურთ, ზვიად გამსახურდია ცოცხალი იყოს, კეთილშობილური და კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ, რამხელა ცოდვას სჩადიან, როცა გარდაცვლილ ადამიანზე ამბობენ, ცოცხალიაო და რის ხარჯზე? გამქცევისა და საქართველოს დაქცევის შორიდან მაყურებლის როლში გამოყავთ ზვიად გამსახურდია. ამიტომ, თქვენი პატივცემული გაზეთის ფურცლებით მოვუწოდებ ამ ხალხს – გონს მოეგეთ და კიდევ ერთხელ ნუ კლავთ ზვიად გამსახურდიას!

– ბატონო გურამ, თქვენ პირდაპირ მაინც არ მიპასუხეთ კითხვაზე, ენდობით თუ არა როსტოვში ჩატარებულ ექსპერტიზას?

– მე არ ვიცი, რა წერია როსტოვის ექსპერტიზის დასკვნაში, მაგრამ ვიცი, რომ მთლიანად ვენდობი ზვიად გამსახურდიას ღირსეულ ვაჟს ცოტნე გამსახურდიას. ის ტყუილს არ იტყვის. დარწმუნებული ვარ, რომ ის ღვთისა და მამის ხსოვნის წინაშე მართალია. ცოტნესგან სხვა რამ გამორიცხულია!

რაც შეეხება იმ ექსპერტიზის დასკვნას, მე ის არ მინახავს და ამიტომ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ნურავინ გადაიწურავს იმედს, რომ ადრე თუ გვიან ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი იქნება გამოძიებული და დადგენილი. ახლა მთავარი ის არის, რომ ზვიადის ჩამოსვენებით საქართველომ გამოიღვიძა, საქართველოში აღსდგა ეროვნული სული, ქართული, ეროვნული ცნობიერების ახალი ეტაპი იწყება და მოვუწოდებ ყველას, რომ ნუ ჩაახშობთ ამ დიდ ლამპარს, ამ ხანძარს ეროვნული სულის აღორძინებისა, რომელიც ზვიად გამსახურდიამ ჩამოიტანა საქართველოში.

– რატომ იყო თავიდანვე წინააღმდეგი მანანა არჩვაძე, რომ ზვიად გამსახურდიას ცხედარს ექპერტიზა ჩატარებოდა?

– ამ შეკითხვას ასე გიპასუხებთ: ოჯახის კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ზვიად გამსახურდიას ნეშტი არ გამხდარიყო მაშინდელი ხელისუფლების ხელში საჯიჯგნად. ქალბატონმა მანანა არჩვაძემ მომცა წერილობითი რწმუნება, რომ ის მნიშნავს მის წარმომადგენლად მხოლოდ ამ პირობით. ჩემთვის მთავარი იყო, რომ ზვიად გამსახურდიას ნეშტი არ დაკარგულიყო და ჩამებარებინა მისი ოჯახისა და ისტორიისათვის, რაც შევასრულე კიდეც.

– კოკო გამსახურდიას ინიციატივით გადაღებული დოკუმენტური ფილმი თუ ნახეთ?

– კი ვნახე, მაგრამ ის არ არის ფილმი. ნედლი მასალაა. სხვათა შორის, ვიცი, რომ იმ ფილმის ერთ-ერთი მონაწილე მეც უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ, რატომღაც, არავის მივუწვევივარ, ისევე, როგორც სხვა დროს არ გახსენებია არავის გურამ შარაძე, არადა, ყველა ჩემს მიერ გადაღებული ერთადერთი უნიკალური კადრებით სარგებლობს ჩემს დაუსახელებლად.

– რას იტყვით იმაზე, რომ ფილმში რამდენიმე ადამიანი საუბრობს, თითქოს მათ ზვიად გამსახურდიას სიკვდილის შესახებ გაიგეს 30 დეკემბერს და არა 31-ში, როგორც ეს ოფიციალურად არის ცნობილი…

– ჰო, ეგ, შეიძლება ითქვას, ახალი გარემოებაა, მაგრამ ამაში ვერ ვხედავ რამე ისეთ აღმოჩენას, რომელიც კარდინალურად შეცვლიდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გარემოებებს. აქ მთავარია, მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა.

სხვათა შორის, ყველაზე დიდი აღმოჩენა ამ ორომტრიალში არის თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული ცნობა ელიზბარ ჯაველიძის მიერ ზვიადისთვის ნაჩუქარი პისტოლეტის შესახებ. ზვიად გამსახურდიას თავის მოკვლა რომ სდომოდა, რაღა სანადირო თოფისხელა ,,სტეჩკინით’’ მოიკლავდა თავს, როცა ქამარში ელიზბარის ნაჩუქარი ძალიან პატარა, მოქნილი პისტოლეტი ჰქონდა გაჩრილი. ასევე ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანი იყო ჯონსონ კვარაცხელიას ბოლო განცხადება ,,რუსთავი 2’’-ის ეთერით, რომელმაც გაიხსენა, რომ კაცი, რომელიც ტყეში, ხის ძირში შავ პარკს მარხავდა, იგინებოდაო. შემდეგ კვარაცხელიამ ამოთხარა ეს პარკი, რომელშიც აღმოაჩინა იარაღი ,,სტეჩკინი’’ და ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ბეჭედი. ვის აგინებდა ეს სტეჩკინისა და პრეზიდენტის ბეჭდის დამმარხავი? ქვეყანაზე იყო გაბრაზებული, ხელისუფლებაზე თუ ზვიად გამსახურდიაზე?

– და ვინ მარხავდა იმ შავ პარკს. ვინ იგინებოდა დ ავის აგინებდა?

– არ ვიცი და ამიტომ ჰკითხეთ ჯონსონ კვარაცხელიას. თუ კვარაცხელია იტყვის, რომ ის ,,სტეჩკინის’’ დამმარხველი გამსახურდიას აგინებდა, მაშინ, მე მგონი, ყველაფერი ნათელია.

 – რა ხდება ნათელი?

– მაშინ ის, ვინც იგინებოდა, მონაწილეა მკვლელობის. მას ეზიზღება გამსახურდია. ეს არის ყველაზე დიდი ამბავი, ჩემო ჯაბა, რომელიც აუცილებლად უნდა გაირკვეს.

– ბატონო გურამ, მინდა, აუცილებლად ილაპარაკოთ პრეზიდენტის დაცვის შესახებ…

– დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. 1994-1995 წლები იყო. მაშინ ბათუმში ვმუშაობდი და ,,ინტურისტში’’ ვცხოვრობდი. ჩემთან მოვიდნენ რობინზონ მარგველანი და ზუსტად არ მახსოვს, კეკენაძე იყო თუ გვანცელაძე. ორივე ძალიან აღშფოთებულნი იყვნენ და მითხრეს: გვიშველეთ, მოგვწმინდეთ ეს ჩირქი ჩვენ და ჩვენს შთამომავლებს, რომ პრეზიდენტის მკვლელებად ვიწოდებითო. ვუთხარი მათ, რომ ვერაფერს შეგპირდებით, არაფერი შემიძლია-მეთქი, რადგან მე იქ არ ვყოფილვარ და ვერც ერთი მხარის მოწმედ ვერ გამოვდგები-მეთქი!

– თქვენ ხართ თუ არა დარწმუნებული მათ უდანაშაულობაში?

– ამ შემთხვევაში არის განმსჯელი მაღალი ღმერთი და საკუთარი სინდისი. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს.

 

ჯაბა ხუბუა
,,ასავალ-დასვალი’’, 12-18 მარტი, 2007
 

 

 http://guramsharadze.wordpress.com/devnili/100tserili/2007-2/

 

 ***

ვინ გაძარცვა და გაანადგურა კოლხური კოშკი?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s