Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• შეთქმულების მზადება

♥ ზვიად გამსახურდია

 

შეთქმულების მზადება

 

ზვიად გამსახურდიასთან კაბინეტში ვიყავი… ტელეფონმა დარეკა. მან მხოლოდ ერთი სიტყვა _ “ალო” წარმოსთქვა და შემდეგ უსმენდა. როცა ყურმილი დადო, მომმართა, შევარდნაძემ ასე მითხრა: შენ და შენს თავისუფალ საქართველოს სისხლში ჩავახრჩობო. აი, ასე აასრულა დანაპირები”

 
“სუკის აგენტი ხარო”, ასე უთხრა თავის დროზე ზვიად გამსახურდიამ კაკო ასათიანს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობისა და ეროვნული მოძრაობის თვითმყოფადობის ნაყოფშივე ჩაკლული იდეების შესახებ ზესტაფონის პრეფექტის მოადგილეს, ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია “რეპრესირებულთა რეაბილიტაციის კავშირის” თავჯდომარეს, გიორგი ფერაძეს ვესაუბრეთ.

_ როდის დაიწყო ეროვნული მოძრაობისა და ზვიად გამსახურდიას გარშემო შეთქმულების მზადება?

_ პირველი განხეთქილება 1991 წელს, ჯერ კიდევ ზვიადის პარლამენტში ყოფნის დროს დაიწყო. შეიქმნა “ქარტია 91“, რომლის თავმჯდომარეც თედო პაატაშვილი იყო. მიზეზად მოჰყავდათ, ზვიადს ქვეყანა უფსკრულისაკენ მიჰყავს, დიქტატორიაო. მთავრობაში პირველი მოღალატე მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ სიგუა აღმოჩნდა. შემდეგ მას საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი ხოშტარია მოჰყვა.

“ქარტია 91”-ის გარშემო გაერთიანდნენ სიგუა, კიტოვანი, ბესიკ ქუთათელაძე, ვაჟა ადამია, “სახალხო ფრონტიდან” ნოდარ ნათაძე. ეს ხალხი ახლა იძახის _ ზვიადი აგვაყვავებდაო, მაშინ კი ჩვენი განადგურება უნდოდათ.

რომელი დიქტატორი ზვიადი იყო? კაცმა პრეზიდიუმზე ხუთჯერ გამიყვანა, როცა ზესტაფონის პრეფექტად ვინიშნებოდი. ხალხმა გზებიც კი გადაკეტა, გია გვინდაო, მაგრამ მაშინ სიგუას თავისი კანდიდატი ჰყავდა, ვაჟა ადამიას _ თავისი, კაკო ასათიანს _ თავისი… ამიტომ, საბოლოოდ, სხვა კანდიდატი გავიდა.

კაკო ასათიანთან დაკავშირებით მინდა გავიხსენოთ ის პერიოდი, როდესაც ზვიადს ყველაზე მეტად სჭირდებოდა მხარში დგომა. ამ დროს ასათიანი ავად გახდა. მისი მხრიდან ეს საკმაოდ საინტერესო და კარგად გააზრებული ნაბიჯი იყო. ის ექიმი, ვისთანაც ქობულეთში კაკო მკურნალობდა, ავთო მიქელეიშვილია, დღესაც ცოცხალია და კარგად იცის, იყო თუ არა ეს ადამიანი იმ პერიოდისათვის ავად.

“სუკის აგენტი ხარო” _ ასე უთხრა თავის დროზე ზვიად გამსახურდიამ კაკო ასათიანს. თუმცა ისიც კარგად მახსოვს, როცა არჩევნებში გავიმარჯვეთ, კრწანისის რეზიდენციაში სადილი გამართა. ზვიადი ზუსტად იმ მაგიდასთან მოვიდა, სადაც მე ვიჯექი. მას უკან ასათიანი მოჰყვებოდა. ზვიადმა მოსალმება ასე დაიწყო: “მონარქიული წყობა სუკმა დაანგრია, კაკომ ეშმაკს მიაფურთხა და ჩვენ დაგვიბრუნდა”, ანუ პრეზიდენტი კარგად ინფორმირებული იყო მთავრობის ყველა წევრზე.

_ რატომ მოგიწიათ ბუნკერში ჩასვლა და რა ხდებოდა იმ პერიოდში?

_ სხვა გზა არ გვქონდა. პირველი ტყვია პრეზიდენტის კაბინეტს ჯერ “რუსთაველის” მხრიდან მოხვდა, შემდეგ გვერდიდან, ჩიტაძის ქუჩიდან. სხვა გზა აღარ დაგვიტოვეს. ახლა ბუნკერს უწოდებენ, თორემ ეს ჩვეულებრივი სასადილო იყო, სადაც დეპუტატები სადილობდნენ. ექიმები _ გოგი ხუციშვილი და დათო საყვარელიძე იქვე დაჭრილებს სამედიცინო დახმარებას უწევდნენ.

პრეზიდენტმა ხალხს ახალი წელი ვერ მოულოცა. ბესიკ ქუთათელაძემ ტელეანძა აიღო და იმიტომ.

იქვე შენობაში გამოყოფილი გვქონდა რამდენიმე ოთახი, საიდანაც ჟურნალისტ მზია ბაქრაძეს საინფორმაციო გამოშვება მიჰყავდა. საბოლოოდ, ეს სიგნალიც დაგვიხშეს. რომ ვერ გაგვტეხეს, ვაჟა ადამიამ შემოგვითვალა, სახანძრო მანქანებით ბენზინს ჩამოგისხამთ და ცეცხლს მოგიკიდებთო. სხვა გზა აღარ დაუტოვეს კანონიერ ხელისუფლებას და სამშობლოდან გააქციეს.

ზვიადს გამოცდილი მძღოლი ჰყავდა. თბილისის გარეუბნები ზეპირად იცოდა. დევნილი ხელისუფლების ამალა ყარაჯალის გზით სამშვიდობოს გაიყვანა. მოწინააღმდეგეს ეგონა, პრეზიდენტი დასავლეთისაკენ წავიდაო, სოფელ აღაიანთან ჩაუსაფრდნენ და ცეცხლი გურია-იმერეთის ბატალიონის უფროსის, სოსო ჟღენტის კოლონას გაუხსნეს. 30 ადამიანი უმოწყალოდ ჩახოცეს. იგივე განმეორდა თბილისში მეტეხის ხიდზე. ერთ-ერთი დაზარალებული გიული გაგუა დღესაც ცოცხალია, რომელსაც ორგანიზმში 42 ტყვია აქვს ჩარჩენილი. ხალხი დასავლეთიდან დაიძრა ჩვენს დასახმარებლად, მაგრამ სიგუას, კიტოვანის, იოსელიანის და სხვა ბანდფორმირებებს გზები ჰქონდათ გადაკეტილი.

თავდაცვის მინისტრი ჯონი ფირცხალაიშვილი, ბესიკ ქუთათელაძე, ნოდარ გიორგაძე, კოპალიანი მოღალატეები აღმოჩნდნენ.

პირველი აჯანყებისათვის დავიწყეთ მზადება. უნდა გადაგვეკეტა რიკოთის უღელტეხილი. ამ დროს გამსახურდია ქუთაისში უნდა ჩამოსულიყო და დასავლეთ საქართველოს გათავისუფლებისათვის დაიწყებოდა ბრძოლა, მაგრამ ჭიათურის ბატალიონის უფროსი დათო გაფრინდაშვილი მოღალატე აღმოჩნდა, რომელიც მოგვიანებით თანამებრძოლმა მოკლა. ამიტომაც აჯანყება ჩაიშალა, ზვიადი ვერ ჩამოვიდა, მე და სხვა მებრძოლები კი დაგვიჭირეს.

თავის დროზე ეროვნული მთავრობის მიერ დანიშნულმა მიშა სალაძემ და მისმა პოლიციელებმა სამმართველოს ე. წ. კაპეზეში ცემით ამოგვხადეს სული. აღიარებითი ჩვენების მიცემას მოითხოვდნენ, ვითომდა ჩემს ბინაში ორი ტომარა ფული, ხუთი მილიონი რუსული რუბლი მქონდა გადამალული. ეს თანხა ვითომდა შეგროვებული იყო იმისათვის, რომ ზვიადისათვის ქრთამის სახით გადამეცა.

ზვიადმა ამის საპასუხოდ შემომითვალა: “მაგინე, რამდენიც გინდა, ხალხმა იცის სიმართლე. ეცადე, თავი დააღწიო პატიმრობას”. თუმცა პოლიციამ ჩემგან აღიარება მაინც ვერ მიიღო. ამიტომ ჩემი და ჩემი ძმის, თემურ ფერაძის გარდა ყველა გაათავისუფლეს. რამდენიმე თვე ორთაჭალის ციხეში გავატარე. აგვისტოს ერთ მშვენიერ დილას შეგვატყობინეს, რომ შს მაშინდელ მინისტრს, რომან გვენცაძეს ჩვენი ნახვა სურდა.

საქმე შემდეგნაირად იყო. თურმე ლოთი ქობალიას შემოუთვლია, გიორგი და თემურ ფერაძეებს სანდრო კავსაძეში გაგიცვლითო. ჩაგვიყვანეს სოფელ ცაიშში, სადაც ლოთი იყო გამაგრებული. ყურადღება მიაქციეთ თვეს და რიცხვს _ 13 აგვისტო. 14-ში აფხაზეთში ომი დაიწყო. სანამდე ჩემი და ჩემი ძმის გადაცემას აგვარებდნენ, ლოთის ხალხმა შევარდნაძის შს მინისტრი და რამდენიმე კაცი ტყვედ აიყვანეს. ამიტომ შევარდნაძის მთავრობაში ერთი განგაში და ალიაქოთი ატყდა.

აი, აქედან დაიწყო გაუთავებელი ბრძოლები აფხაზეთის ტერიტორიაზე. იმ საბედისწერო დღემდე ამ რეგიონში არავითარი ომი ან გაუგებრობა არ ყოფილა. უბრალოდ, აფხაზეთის მიწაზე ზვიადის მიმართ სიყვარული და ერთგულება შევარდნაძეს არ აწყობდა, იმიტომ, რომ მის დროს აფხაზეთში ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც აფხაზებმა საქართველოს დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი.

დღეს ომის დაწყების თაობაზე სხვა, შეთხზული მითი დადის. ერთია, ამ ბოლო დროს თეთრ მელას ცოდვების აღიარების სურვილი გაუმძაფრდა. აფხაზეთში ომი მე დავიწყეო, _ საჯაროდ აცხადებს.

კარგად მახსოვს, ერთხელ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან კაბინეტში ვიყავი. უეცრად ტელეფონმა დარეკა. მან მხოლოდ ერთი სიტყვა _ `ალო~ წარმოსთქვა და შემდეგ უსმენდა. როცა ყურმილი დადო, მომმართა: შევარდნაძემ ასე მითხრა, შენ და შენს თავისუფალ საქართველოს სისხლში ჩავახრჩობო. აი, ასე აასრულა დანაპირები.

_ მიშას მოსვლით რა შეიცვალა თქვენთვის და ეროვნული მოძრაობის დევნილი მთავრობის ცხოვრებაში?

_ გახსოვთ, სააკაშვილმა ფიცი დადო ქაშუეთის ტაძარში, რომ ჩვენი რეაბილიტირება მოხდებოდა. მოგვიანებით, ხელი მოეწერა “ეროვნული თანხმობის” დოკუმენტს, რომ ყველანაირ დახმარებას გაგვიწევდნენ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი დაპირებად დარჩა და სხვა არაფერი.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც 2 თებერვლის ამბები არავის გამოუძიებია. არადა, მიმდინარე 2 თებერვალს 18 წელი შესრულდება, რაც ყოფილი “ჩელუსკინელების” ხიდზე ეროვნული მოძრაობის მშვიდობიანი მანიფესტაცია დაარბიეს. სულ 320 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა სიმართლისათვის ბრძოლას. დაუსჯელია აბსოლუტურად ყველა დამნაშავე, ვისი ხელიც ამ ტრაგედიაში ერია.

 

 მაკა ივანიშვილი 
georgian times

 

 

One Response to “• შეთქმულების მზადება”

  1. afxazi said

    გაიხარე სიმართლისთვის, მეც მახსოვს 2 თებერვალი, როგორ გადავრჩი დღემდე მიკვირს, როცა ჩემგან მარჯვნივ და მარცხნივ ბიჭები წაიქცნენ დაჭრილები, ქალები როგორ მეფარებოდნენ პატარა ბიჭს, არიქა ბიჭებს ესვრიანო. ეტყობა ღმერთი მინახავს რაღაცისთვის, თორემ ისე რა არის ცხოვრება სამშობლოსა და თავისუფლების გარეშე.

    მადლობა უფალს რომ აქ ვპოულობ ჭესჰმარიტ ქართველთა ნააზრევს. ე. ი. საქართველო ცოცხალია. გამძლეობას გისურვებთ, ღმერთი არს ჩვენთან. ამინ…

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s