Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• თ. მღვდლიაშვილი: ზვიად გამსახურდია — ,,Cor Cordium”

♥ ზვიად გამსახურდია – Zviad Gamsakhurdia

 

Zviad Gamsakhurdia

ზვიად გამსახურდია — ,,Cor Cordium (გულის გული)”

 

,,…1822 წელს იტალიაში, ლივორნოს მახლობლად, ადგილობრივი მკვიდრნი უცნაური სამგლოვიარო რიტუალის მომსწრენი გახდნენ. ქარიშხლის დროს ზღვაში დამხრჩვალი კაცის
ცხედარი უცხოდ მოხატულ ქსოვილში გაახვიეს სამგლოვიარო პროცესის მონაწილეთ. იქვე, მთვლემარე ზღვისპირად, კვიპაროსების ჩეროში კოცონო დაანთეს, უჩვეულო, ძველ ენაზე რაღაც წარმოთქვა ინგლისელი პერის ტანსაცმელში გამოწყობილმა, დემონური გარეგნობის ჭაბუკმა…ჭაბუკს ცალ ხელში ოქროს ბარძიმი ეკავა ღვინით ავსილი, ჟამიდან ჟამზე ანთებულ კოცონზე აპკურებდა ღვინოს…სხვა ჭაბუკებმაც მოიტანეს ღვინო და ზეთისხილის ზეთი, აპკურეს კოცონს, ზედ მარილი გადააყარეს და ბოლოს მისცეს მიცვალებულის გვამი ჰეფესტოს განწმენდილ ცეცხლს.

…ბორეოსმა და ზეფიროსმა დაჰქროლეს, მუქი კვამლი ასდიოდა კოცონს, იისფერ-ოქროვანად ელავდნენ ცეცხლის ენები და როდესაც გვამი დანაცრდა და კოცონიც ჩაიფერფლა, უეცრად გაოცების გმინვა აღმოხდათ თანადამსწრეთ: მიცვალებულის გული უვნებლად გადაურჩა ცეცხლს!

,,პერსი ბიში შელლი: Gor Gordium (გულის გული)” – აი, რა აწერია რომში იმ საფლავს, სადაც მისი ურნაა დაკრძალული. ცეცხლს გადარჩენილი გული კი ინგლისს წაიღეს, ჭეშმარიტად ინგლისს ეკუთვნოდა ეს გული, ინგლისელ ხალხს, თუმცა, ფილისტერულმა, ოფიციოზურმა ინგლისმა სიცოცხლეში სამშობლოდან გააძევა შელლი”. – ასე აღწერა ზვიად გამსახურდიამ ინგლისელი პოეტის პერსი ბიში შელლის დაკრძალვის სამგლოვიარო რიტუალი, რომლის სულისჩამდგმელი გენიალური ინგლისელი პოეტი ჯორჯ გორდონ ბაირონი იყო.

გულის გული! როგორ უხდება ეს სიტყვები ზვიად გამსახურდიას.

ზვიად გამსახურდია – დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას და ქართლის უძველეს თავადთა შთამომავლის – მირანდა ფალავანდიშვილის ერთადერთი ძე.

ზვიად გამსახურდია – კაცი მართალი და ყოვლად სახიერი, მსოფლიო ბოროტებასთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ შებმული თეთრი მხედარი, ყრუთა და ბრმათა მიერ ვერ ძლეული,
ვერ დათრგუნული და ამიტომაც, მომავალში, – კავკასიონის ქედზე პრომეთესავით მიჯაჭვული თავისუფლების იდეა, თავისუფლების აზრი…

ზვიად გამსახურდია – თხემით ტერფამდე დისიდენტი, მამაცი მეომარი და ადამიანის უფლებათა დამცველი.

ზვიად გამსახურდია – ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პოეტი,ფილოსოფოსი, ლიტერატორი, კრიტიკოსი, მთარგმნელი… ქართველი ერის სულიერი განძთსაცავის, სულიერი მისიის განმსაზღვრელი…

ზვიად გამსახურდია – გონიერი, გამჭრიახი, გულთმისანი პოლიტიკოსი.
მას უყვარდა შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის მოქცეული ოქროსფერი ვერძი – საქართველო. ამ ოქროსფერი ქვეყნის გამო, სიცოცხლეც უღირდა და სიკვდილიც!..
მას უყვარდა ვაგნერი, ბეთჰოვენი, შოპენი… მისი ცხოვრება თავად ჰგავდა ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიას…

ზვიად გამსახურდია – დინების საწინააღმდეგოდ მოცურავე თავისუფალი ნების თევზი და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სახელოვანი პატრიარქი.

ზვიად გამსახურდია – მართლმადიდებელი ქრისტიანი, ქრისტეს მხედრობის ბრწყინვალე წარმომადგენელი და გრაალის უშიშარი რაინდი.

ზვიად გამსახურდია – ქართველთა გულების დამპყრობელი. მან მოიგო ,,სიყვარულის დიდგორი” – სწორედ ეს იყო მისი ყველაზე დიდი გამარჯვება და განსაცვიფრებელი ,, ძლევაი საკვირველი ”, მაგრამ , ისტორიის ბედუკუღმართობისა თუ ცინიზმის გამო, ქონდრისკაცებთან ,,დამეგობრებული” ზვიად გამსახურდია, წმინდა შალვა ახალციხელივით, იწვევდა შურს და ე.წ. მეგობრებს მის წინააღმდეგ საბრძოლველად განაწყობდა…

პატრიოტიზმი არისტოკრატული გრძნობაა. სამწუხაროდ, მსოფლიო პოლიტიკას მდაბიოები, უვიცები, სულიერად ბოგანოები და მწვალებლები მართავენ. გამსახურდია არისტოკრატი იყო. მათ თავიანთ წიაღში არ მიიღეს, უფრო სწორად, ვერ მიიღეს კეთილშობილი წარმომავლობის, განათლებული , ქრისტიანი პრეზიდენტი, რაც, ალბათ, სრულიად ლოგიკურია…

დასავლეთმა მწვანე შუქი აუნთო გამძვინვარებულ რუსეთის იმპერიას, ეს კი, არც მეტი, არც ნაკლები, სამარცხვინო პოლიტიკური რევერანსი იყო.

დიახ, ეს იყო შემზარავი საერთაშორისო შეთქმულება და გამაოგნებელი ღალატი!

1992 წლის 6 იანვარს, ქრისტეშობის ღამეს, სამხედრო დამნაშავეებმა ქვეყნიდან განდევნეს საქართველოს პირველი პრეზიდენტი, კანონიერი ხელისუფლება…გადაწვეს და გადაბუგეს რუსთაველის გამზირი, დახვრიტეს მშვიდობიანი დემონსტრანტები, გაძარცვეს სახელმწიფო დაწესებულებები, დააპატიმრეს და აწამეს ათასობით ქართველი პატრიოტი, ააოხრეს ქართლ-კახეთი, შვიდგზის დალაშქრეს სამეგრელო…

საქართველოს გული ამოვარდნაზე ჰქონდა.
საქართველოში უკუნეთმა დაისადგურა.
საქართველოს თავისუფლების მზე რუსთაველის გამზირზე ჩაესვენა!..

ამ თავისმომჭრელი, შემაძრწუნებელი ღალატით გულმოკლულმა ზვიად გამსახურდიამ ჯაჭვის პერანგივით გადაიცვა დიდი სიმართლე და გაუყვა მოწამეობრივ გზას – გზას კავკასიის მწვერვალებისკენ, გზას გოლგოთისაკენ!..

და, აი, ვაინახების უძველეს მიწაზე ერთად შეიყარნენ კავკასიის ორი ბუმბერაზი შვილი, ჩეჩნეთის ლეგენდარული პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი და საქართველოს განუმეორებელი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. კავკასიის გრანდიოზული, დათოვლილი მწვერვალებიდან მეფურად გადმომდგრებმა, დუელი გამოუცხადეს გონიერი ავაზაკის მიერ დაპყრობილ დედამიწას და თავმოყვარეობა დაკარგულ, თავგზააბნეულ, ურცხვ დედამიწელებს!..

მსოფლიო სვავებმა კი ზეციური დედოფლის წილხვედრი მიწის დაშლა-დაქუცმაცება და მითვისება დაიწყეს, რაც უღმერთობისა და უმეცრების უტყუარ საბუთს წარმოადგენს.

ზვიად გამსახურდიამ ყველაფერი ნახა – ავიც და კარგიც, სიყვარულიც და სიძულვილიც, ბოროტებაც და სიკეთეც, გამარჯვებაც და მარცხიც, სიკვდილიც და სიცოცხლეც მარადისობაში!.. მან იცხოვრა, იბრძოლა, ეწამა და გარდაიცვალა, როგორც დევნილი სიმართლისათვის!..

ზვიად გამსახურდია დიდი კაცი იყო – განათლებული, გასხივოსნებული, შორსმჭვრეტელი ბრძენკაცი!..

ზვად გამსახურდიამ ქართველ ერს დაუტოვა სამაგიდო წიგნები: ,,საქართველოს სულიერი მისსია”, ,,მთვარის ნიშნობა”, ,,იგავები და ზღაპრები”, ,,ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება”... იგი იყო ამერიკისა და ევროპის ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლების – შელლის, ფროსტის, ელიოტის, სენდბერგის, მორისისა და სხვათა შესახებ შექმნილი უმშვენიერესი ლიტერატურული პორტრეტების ავტორი.

იგი მეტყველებდა ლამაზი ქართულით, ფლობდა რამდენიმე უცხო ენას, მაგრამ ბოროტებასთან სასაუბრო ენა ვერა და ვერ აითვისა, ვინაიდან ბოროტებასთან სასაუბრო ენა – ქაჯთა ენაა!..გამსახურდია კი ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის დიდოსტატის, კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში გაიზარდა, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ადამიანურ ენაზე – ქართულ ენაზე მეტყველებდნენ…

და ბოლოს, ზვიად გამსახურდია – ავად მზვერავთა მიერ ალყაში მოქცეული, ნაღალატები, განწირული, ვიღაც უბირის ხელით ნაწამები და უღვთოდ მოკლული!..

ის კავკასიის მწვერვალებიდან დაბრუნდა და დააკვდა თავის საფიცარ მიწას. გამსახურდია კალმახივით დაუბრუნდა სათავეს. მან არ უღალატა თავის დიდ სიყვარულს – საქართველოს! არ უღალატა საქართველოს უმშვენიერეს, უძველეს კუთხეს – აფხაზეთს! აფხაზეთის ჩაბარების შემთხვევაში, მას, ალბათ, დროებით აჩუქებდნენ დამდაბლებულ, დამცირებულ სიცოცხლეს. გამსახურდია გმირი იყო! გმირები არ ნებდებიან!

უთანასწორო ბრძოლაში, თავისი მოწამეობრივი გარდაცვალე ბით, მან, წმინდა გიორგის მსგავსად, დაამარცხა, განგმირა საქართველოს ამაოხრებელი ბებერი იქედნე, ბნელეთიდან ამოქვესკნელებული ძველი გველი და გველთსაშენის უბადლო მამამთავარი – ე. შევარდნაძე!..

პერსი ბიში შელლისგან განსხვავებით, ზვიად გამსახურდიას ნელ ცეცხლზე, ცოცხლად წვავდნენ…

შელლის მსგავსად, არც ზვიადის გული დაიწვა და დაიფერფლა. გარდაცვალების შემდეგაც კი ძგერს ზვიადის გული და მის გულისცემას დღემდე აყურადებს ქართველი ერი, რადგან:

,, …ჩვენ, ლექსის დენდები, ვიბრძვით, არ ვნებდებით,
ვაოცებთ სამყაროს მხურვალე ვნებებით!..
ჩვენ ვაგებთ ქვიშისგან კოშკებს და დარბაზებს,
ვაგროვებთ ბგერათა მარჯნებს და ალმასებს!..
ჩვენ ვზეობთ ზვირთების ზეგარდმო განცდებით, –
არც როდის ვიმარჯვებთ! არც როდის ვმარცხდებით!
ჩვენ ვთვრებით ომებით და ვცხრებით კოცონთან,
ჩვენ მეხთატეხებით ვზავდებით კოსმოსთან!
ჩვენ მუდამ გვლეწავდნენ ვერაგი მიზნებით! –
ტყვიით და მახვილით, – სიკვდილის მისნებით!..
ჩვენ ზღვაში ვყვინთავთ და ვეძიებთ მარგალიტს,
სიტყვათა იაგუნდს, ძოწსა და მალაქიტს!
დავქრივართ ცარგვალზე მზისფერი ეტლებით,
არც როდის ვისვენებთ, არც როდის ვბერდებით!
ჩვენ დუელს ვუცხადებთ გრიგალს და ქარაშოტს! –
მაგრამ, ჩვენ არ ვკვდებით! – სიკვდილთან ვთამაშობთ!..”

საქართველოს პრეზიდენტს სიცოცხლისკენ მიმავალი ყველა გზა მოუჭრეს, მაგრამ სასუფევლისკენ თავად გაიკვალა გზა, მიეახლა მაცხოვარს, ვითარცა კრავი – მგელთაგან მოკლული და დაემკვიდრა იქ, სადაც ,,მართალნი განისვენებენ”.

თინათინ მღვდლიაშვილი
2012 წელი