Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ნ. ვაშაკიძე – გამსახურდია როგორც პოლიტიკოსი

♥ ზვიად გამსახურდია

 

Nikoloz Vashakidze

ნიკოლოზ ვაშაკიძე

ზვიად გამსახურდია როგორც პოლიტიკოსი

გამოსვლა ზვიად გამსახურდიას საიუბილეო საღამოზე 2019 წლის 31 მარტს კოტე მარჯანიშვილის თეატრში

zviad Gamsakhurdiaპირველ რიგში, ძვირფასო მეგობრებო, მინდა მოგახსენოთ, რომ ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს ფაქტობრივი დამაარსებლის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლა.

პერიოდი, რომელიც ბატონი ზვიადის, როგორც პოლიტიკოსის, მოღვაწეობას ეხება, ქრონოლოგიურად ძალზედ მოკლე, სულ რაღაც ორიოდე წელი გამოდგა. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია აქ, ამ გამოსვლაში, მოხერხდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ამ საქმიანობის მეტნაკლებად სრულფასოვანი ასახვა და მითუმეტეს ანალიზი, რადგან ეს მოკლე პერიოდი უაღრესად დატვირთული გახლდათ ურთულესი და უმნიშვნელოვანესი, მათ შორის, მეტად მტკივნეული და ტრაგიკული მოვლენებით. შესაბამისად მრავალფეროვანი და არც თუ იოლია მიმოხილვისთვის ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური მოღვაწეობა.

ამდენად, ამ მოკლე გამოსვლაში შესაძლებელია ზვიად გამსახურდიას, როგორც საქართველოს პოლიტიკური ლიდერის ქმედებების მხოლოდ შერჩევით ფაქტებზე საუბარი. მეც გადავწყვიტე, შეძლებისდაგვარად, სწორედ ისეთი ფაქტები შემერჩია თქვენთან ერთად გასაანალიზებლად, რომლებიც სწორად წარმოაჩენდა მას, როგორც განსაკუთრებული, განსხვავებული ტიპის პოლიტიკოსს, რადგან ის სწორედ ასეთი გახლდათ და არ იქნებოდა გამართლებული მისი, როგორც ჩვეულებრივი პოლიტიკოსისა და პოლიტიკური ლიდერის განხილვა.

მაინც რაში მდგომარეობს მისი, როგორც პოლიტიკოსის, განსაკუთრებულობა? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, შეძლებისდაგვარად, ცოტა მაინც უნდა ჩავღრმავდეთ მის პიროვნებაში. ის არ განიხილავდა საქართველოს როგორც ერთგვარ ასპარეზს პოლიტიკური კარიერის გასაკეთებლად, რაც ზოგადად პოლიტიკოსებისთვის ჩვეულებრივი ამბავია. მეტიც, მაშინ, როცა მისთვის, მისი ოჯახური წარმომავლობიდან და გამორჩეული ნიჭიდან გამომდინარე, კეთილდღეობისკენ და პატივისკენ ყველა კარიერული გზა ხსნილი იყო, მან, რამდენიმე მეგობართან ერთად, დამონებული სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ეკლიანი და სახიფათო ბილიკი აირჩია. სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მაშინდელი დამონებული და დატერორებული საქართველოს საზოგადოებისთვის ეს არჩევანი ლამის სიგიჟის ტოლფასი იყო. მეწამეობრივი გზის შეგნებული ზნეობრივი არჩევანისთვის მზადყოფნა წარმოადგენდა მისი პიროვნების დომინანტურ თვისებას და სწორედ ამ თვისების კარნახით მიიღო მან თავისი სიცოცხლის მეორე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, როცა უკვე რეალური დამოუკიდებლობის გზაზე მდგომი საქართველოს პოლიტიკური ლიდერისა და შემდგომში მისი პრეზიდენტობის უმძიმესი როლი იტვირთა.
დიახ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ზვიად გამსახურდიამ, მისი ღრმა ინტელექტიდან და რუსული იმპერიის ბოროტების კარგად ცოდნიდან გამომდინარე, მშვენივრად იცოდა, რომ იმ ქარცეცხლიან პერიოდში ეს პოლიტიკური აღზევება სინამდვილეში მისთვის გოლგოთაზე ასვლას ნიშნავდა, მაგრამ მან ეს არჩევანიც მისთვის ჩვეული ზნეობრივი სიმტკიცით გააკეთა.

როცა ასეთ განცხადებას ვაკეთებთ, ვალდებულები ვართ ორ კითხვას გავცეთ პასუხი: რატომ იყო ეს არჩევანი გარანტირებული გოლგოთა და რატომ გააკეთა ზვიადმა ეს არჩევანი. შევეცდები ეს აქ შეძლებისდაგვარად გავაკეთო. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად კი მოგვიწევს სწორედ იმ ფაქტების, მოვლენებისა და გადაწყვეტილებების განხილვა, რომლებიც ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ მოღვაწეობას უკავშირდება.

საქართველოში, ობივატელებში დღეს არსებობს მოარული აზრი, რომ ეროვნულმა მოძრაობამ და ზვიად გამსახურდიამ ნგრევისა და ტანჯვის გზით წაიყვანეს საქართველო დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, მაშინ, როცა, საბჭოთა კავშირის დაშლა ისედაც გადაწყვეტილი იყო და უბრალოდ მოცდა იყო საჭირო. და მაშინ საქართველო ისევე უმტკივნეულოდ მიიღებდა დამოუკიდებლობას, როგორც ეს, მაგალითად, ბელარუსმა, უკრაინამ ან ცენტრალური აზიის რესპუბლიკებმა მიიღო. ვფიქრობ, სწორედ აქ არის საჭირო უფრო ღრმად ჩახედვა მაშინდელ მოვლენებში, რადგან ჩვენს კითხვებზე პასუხიც დიდწილად სწორედ აქ იმალება.

ცალსახად უნდა ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა და მასში შემავალი რესპუბლიკებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭება სულაც არ იყო სინამდვილეში გადაწყვეტილი. არც მოსკოვში და არც საზღვარგარეთ. შეგახსენებთ, რომ დაშლის ნაცვლად საბჭოთა კავშირში იმართებოდა გამალებული მზადება ე.წ. ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების დასადებად, რისთვისაც მოსკოვმა 1991 წლის 17 მარტს საკავშირო რეფერუნდუმიც კი ჩაატარა. თუმცა, აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ თანამშრომლობისა და ე.წ. დემოკრატიზაციის პროცესში შესული საბჭოთა კავშირის დაშლის გეგმა სულაც არ შედიოდა მაშინდელი დასავლეთის და, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების განზრახვაში. დასავლეთში, მათთვის ხშირად დამახასიათებელი ახლომხედველობის შედეგად ჩაითვალა, რომ დიდი საბჭოთა იმპერიის დაშლის არაპროგნოზირებად შედეგებთან გამკლავების ნაცვლად ისევ მოთვინიერებულ საბჭოთა კავშირთან ჯობდა ურთიერთობა. თუ რაოდენ მიამიტია ამგვარი დამოკიდებულება რუსეთის იმპერიასთან, დღევანდელი პუტინის რუსეთის მაგალითი ნათლად ცხადყოფს. სამწუხაროდ, მიდგომა სწორედ ასეთი იყო.

უაღრესად მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია ამ თვალსაზრისით ცნობილი ე.წ. მალტის სამიტი, რომელიც 1989 წლის 2-3 დეკემბერს გაიმართა კუნძულ მალტასთან მახლობლად საბჭოთა საკრუიზო გემ „მაქსიმ გორკი“-ზე ჯორჯ ბუშ უფროსსა და მიხეილ გორბაჩოვს შორის. აქ პრაქტიკულად შედგა სტრატეგიული გარიგება ორ სუპერსახელმწიფოს შორის აღმოსავლეთ ევროპის მომავალთან დაკავშირებით. დღეს უკვე დანამდვილებით არის ცნობილი, რომ შეთანხმების შედეგად გადაწყდა საბჭოთა კავშირის ჩაურევლობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საქმეებში, ბალტიის რესპუბლიკებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭება და დანარჩენი საბჭოთა კავშირის შენარჩუნება.

სწორედ ამ გარიგების გამოძახილი გახლდათ ის, რომ 1991 წლის აგვისტოში, როცა უმწვავესი დისკუსია და პროცესები მიმდინარეობდა საბჭთა კავშირის მომავლთან დაკავშირებით, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თავის გამოსვლაში ქალაქ კიევში პირდაპირი ტექსტით მიმართა ზვიად გამსახურდიას და ურჩია „არ წასულიყო დინების წინააღმდეგ“ და მოეწერა ხელი სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე. ამ განცხადების შემდეგ მალევე, 1991 წლის სექტემბერში, აშშ-მ და დასავლეთმა სცნეს ბალტიის ქვეყნების დამოუკიდებლობა.

ერთი სიტყვით, მოსკოვს დასავლეთის მხრიდან მიცემული ჰქონდა კარტბლანში საბჭოთა კავშირის შენარჩუნებაზე და ამაზე ნათლად მეტყველებს ის წაყრუება, რითაც მაშინ პასუხობდა დასავლეთი იმ ძალადობრივ ქმედებებზე, რომლებსაც კრემლი დრო და დრო მიმართავდა თავის პროვინციებში მშვიდობიანი მანიფესტაციების სისხლიანი ჩახშობისა და სეპარატისტული მოძრაობების გაღვივებისა და მხარდაჭერის ჩათვლით.

ბალტიისპირეთის ქვეყნების ბედის გადაწყვეტის შემდეგ დანარჩენ საბჭოთა კავშირში საქართველოს გარდა დამოუკიდებლობის იდეის რეალური დამცველი რომ ვერავინ იქნებოდა, ვფიქრობ ეს ნათელზე ნათელია. ამ პროცესში სწორედ საქართველომ ითამაშა ფლაგმანის როლი და მოახერხა ის, რომ საბჭოთა კავშირის სუბიექტების დამოუკიდებლობის საკითხი რჩებოდა აქტუალურ და ლეგიტიმურ თემად უმძიმესი რამდენიმე წლის განმავლობაში თავად ამ კავშირის დაშლამდე.

ამ კურსის სწორად და მტკიცედ გატარებაში ზვიად გამსახურდიას როლი და დამსახურება მართლაც რომ ფასდაუდებელია. ამ უაღრესად რთულ და თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში მან გასაკვირი პოლიტიკური გამჭრიახობა და უდიდესი თავგანწირვა გამოავლინა. ვფიქრობ, ზედმეტია იმაზე საუბარი თუ რას ნიშნავდა საერთაშორისო იზოლაციისა და საბჭოთა სპეცსამსახურების გაააფთრებული დაპირისპირების პირობებში სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოთხოვნით რესპუბლიკის ოფიციალური ლიდერის როლზე დათანხმება. დიახ, საქართველოსაც და მასაც პირადად ეს თავგანწირული სვლა უმძიმეს ტრაგედიად დაუჯდა და, მართლაც, სხვა საბჭოთა რესპუბლიკებმა დამოუკიდებლობა შემდეგ შედარებით უმტკივნეულოდ მიიღეს. თუმცა, რომ არა ეს თავგანწირვა, დამოუკიდებლობას ვერ მიიღებდა ვერც საქართველო და ვერც დანარჩენი რესპუბლიკები. სწორედ ეს იყო საქართველოს მისია ისტორიის იმ გადამწყვეტ მომენტში და ჩვენდა საბედნიეროდ საქართველოს მაშინ სათავეში სწორედ ის ადამიანი ჩაუდგა, რომელიც სრულად იდგა ამ უდიდესი მისიის მოწოდების სიმაღლეზე.

სწორედ ამიტომ ზვიად გამსახურდია უმალვე გახდა იმპერიული ძალების უბოროტესი ზიზღისა და დაუნდობელი თავდასხმების ობიექტი. ეს ნაბიჯი ლამის გარანტირებულად აქცევდა მას განწირულ მსხვერპლად. ისმის კითხვა – ხვდებოდა თუ არა ის ამას, ესმოდა თუ არა ეს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მშვენივრად ესმოდა და სწორედ ამიტომ ჩვენ ვალდეულები ვართ დიდის მადლიერებით ქედი მოვიხაროთ მისი ნათელი სახელის წინაშე.

9 აპრილს მომხდარი ტრაგედიის შედეგად საქართველოში მაშინ ემოციური მუხტი და პოპულისტური რიტორიკა უაღრესად დიდი იყო. ამ პირობებში ოფიციალური პოლიტიკური ხელმძღვანილს პოზიციაზე მოსვლა უდიდეს რისკებთან იყო დაკავშირებული, განსაკუთრებით დისიდენტისთვის და ეროვნული მოძრაობის ლიდერისთვის. ეს რისკები გამომდინერეობდა იქიდან, რომ ზვიად გამსახურდია ძალაუნებურად უნდა გადასულიყო ოპოზიციონერისა და კრიტიკოსის როლიდან კრიტიკისა და თავდასხმების ობიექტის როლში. ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა და დამოუკიდებლობის მიზნის მიღწევა სიმტკიცესა და შემართებასთან ერთად მოითხოვდა პრაგმატიზმს, მანევრირებასა და ზოგჯერ ტაქტიკურ კომპრომისებსაც კი, რაც პოლიტიკურად აღტკინებული საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის შეიძლება გაუგებარი და მიუღებელიც ყოფილიყო. მეორესმხრივ, განსაცდელში და ისტორიულად გადამწყვეტ მომენტში მყოფ საქართველოსთვის მაშინ ხელისუფლების თუნდაც მინიმალური ცენტრალიზება და კონსოლიდაცია უბრალოდ აუცილებელი იყო, არადა საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში გამეფებული იყო ე.წ. „დემოკრატიზაციისა“ განწყობები. ბუნებრივია, ამ წინააღმდეგობებზე მაქსიმალურად ითამაშებდა მოსკოვის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მისი სპეცსამსახურები და ეს, რა თქმა უნდა, ასეც მოხდა.

იმ პერიოდში დამოუკიდებლობის მისაღწევად აუცილებელი იყო ეროვნული ძალების ჯერ კიდევ საბჭოურ სტრუქტურებში შესვლა და მათი გარდაქმნა ეროვნულ ინსტიტუტებად, რაც მაშინ საქართველოში გამეფებულ რომანტიული და პოპულისტური განწყობების პირობებში უაღრესად ძნელი და სახიფათო იყო. ამავე დროს, ნგრევის გზაზე მყოფი საბჭოთა ეკონომიკის პირებებში, ქვეყნისა და მისი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე მთელი პასუხისმგებლობა მთლიანად მმართველობით სტრუქტურებში მოსულ ზვიად გამსახურდიასა და ეროვნული ძალების კისერზე უნდა გადასულიყო. ეს წინააღმდეგობა უმალვე აისახა მაშინდელ პოლიტიკურ სპექტრში ამოხეთქილ დისკუსიაში და გამძაფრებულ დაპირისპირებაში. ეროვნული მოძრაობის ოპოზიციურ რეჟიმში და რესპუბლიკის სახელისუფლებო სტრუქტურების ბოიკოტის რეჟიმში დატოვების ერთი შეხედვით სწორი, მაგრამ სინამდვილეში პოპულისტური იდეა გარანტირებულად შეუწყობდა ხელს ამ მოძრაობის და მასთან ერთად მთელი საქართველოს მარგინალიზაციას და გაუადვილებდა მოსკოვს განახლებულ საბჭოთა კავშირში საქართველოს შეთრევის საქმეს. ბუნებრივია, იმპერიული სპეცსამსახურებიც მთელი თავისი ძალებით ხელს უწყობდენ ჩვენი საზოგადოების ამ სახიფათო დეზორიენტაციას.

ამ ურთულეს პირობებში ეროვნული მოძრაობის ლიდერს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეის მედროშის ფუნქციასთან ერთად უდიდესი პოლიტიკური პრაგმატიზმი და გამჭრიახობა უნდა შეეთავსებინა. დღევანდელი გადასახედიდან მართლაც განცვიფრებას იწვევს ის, თუ როგორ ახერხებს ზვიად გამსახურდია ამ უმძიმეს, უთანასწორო ბრძოლაში ერთადერთი სწორი პოლიტიკური სვლების გაკეთებას.

მისი ხელმძღვანელობით უზენაესი საბჭოს 1990 წლის არჩევნების შედეგად ეროვნული ძალები მოდიან რესპუბლიკის სათავეში, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს უკვე ოფიციალურად თქვას უარი როგორც საბჭოთა კავშირის შენარჩუნების შესახებ რეფერენდუმზე, ასევე, ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერაზე. ამავე დროს, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით საქართველო მართავს საკუთარ რეფერენდუმს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით და ამ შესანიშნავი პოლიტიკური სვლების კასკადს აგვირგვინებს 1991 წლის 9 აპრილის სახელმწიფოებრიობის აღდგენის აქტით. ამით საქართველომ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით უკვე ისეთი შემდგარი ფაქტის წინაშე დააყენა როგორც საბჭოთა კავშირი, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობა, რომლის უგულვებელყოფა უკვე შეუძლებელი იყო. შედეგად, საბჭოთა კავშირის დაშლა და მასში შემავალი რესპუბლიკების დამოუკიდებლობა გახდა წამყვანი დისკურსი საბჭოთა კავშირის მაშინდელ პოლიტიკურ რეალობაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ ამ ნაბიჯებმა განაპირობა ის აუცილებელი ფონი, რამაც ცნობილ ბელოვეჟის მოლაპარაკებებზე რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის ხელმძღვანელები საბჭოთა კავშირის დაშლისა და რესპუბლიკების სუვერენიტეტის გზით წაიყვანა. ამას მნიშვნელოვნად ხელს უწყობდა ისიც, რომ საქართველოს სწორი ქმედებების შედეგად საქართველოს საერთაშორისო აღიარების პროცესი ჯერ კიდევ საბჭთა კავშირის არსებობის პერიოდში დაიწყო.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ისიც, თუ როგორ მოხდენილად გამოიყენა გამსახურდიამ ძალაუფლებისთვის ბრძოლა ელცინსა და გორბაჩოვს შორის. საქართველოს ლიდერმა შეძლო წარმოუდგენელი და 1991 წლის 23 მარტს თავად რუსეთის ფერდერაციის ხელმძღვანელი დაიხმარა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში და, ამავე დროს, აღიარებინა მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმება. ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ ეს ისტორიული შეხვედრა თავად რუსეთის პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების მიერ დღესაც სიმწრით არის აღიარებული როგორც ზვიად გამსახურდიას წარმოუდგენელი დიპლომატიური ხელოვნება და ტრიუმფი.

საერთოდ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების საქმეში გამსახურდიას მიერ გატარებული ბრძნული პოლიტიკა შემდგომში მიღებული მძიმე გამოცდილების გადასახედიდან დღეს თავისი სისწორით მართლაც განცვიფრებასა და აღტაცებას იწვევს. ცხინვალის რეგიონის საკითხს ჩვენ უკვე ცოტა შევეხეთ. თუმცა, არსებობდა კიდევ უფრო მწვავე, აფხაზეთის პრობლემაც. საქართველოს პირველ პრეზიდენტს ეყო სიბრძნე და სიმტკიცე, ხმაურიანი კიჟინის მიუხედავად, არ დაჰყოლოდა იაფფასიან პოპულიზმს და არ გადაედგა ძალზედ პოპულარული, მაგრამ, სინამდვილეში უაღრესად პოპულისტური და სახიფათო, 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის აღდგენის ნაბიჯი. ნაცვლად ამისა, მან მძიმე, მაგრამ იმ დროისათვის აუცილებელი, ურთიერთკომპრომისების შედეგად მოახერხა აფხაზეთის სეპარატისტულ ლიდერთან შეთანხმების მიღწევა, ვითარების დამშვიდება და აფხაზეთის საქართველოს იურიდიულ და პოლიტიკურ ველში დატოვება.

ბუნებრივია, და ეს უკვე ვთქვით, რომ რუსეთის იმპერია საქართველოს პირველი პრეზიდენტის ამ უაღრესად შთამბეჭდავ ბრძოლას უპასუხოდ არ დატოვებდა და მის ხელთ არსებულ მთელ თავის რესურსებს გამოიყენებდა ამ შთამბეჭდავი წინსვლის შესაჩერებლად. საქართველოს და მის პრეზიდენტს სისხლიანი ანგარიშსწორება მოუწყვეს. ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული აღსასრული კარგად არის ცნობილი. ისიც ვთქვით, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარება არ იყო მოულოდნელი თავად ზვიადისთვის და ის ამისათვის მზად იყო. და ახლა სწორედ მოვიდა დრო ვისაუბროთ იმაზეც, თუ რამ მისცა ამ შესანიშნავ ადამიანს მოწამეობრივი არჩევანის შეგნებულად გაკეთების ძალა.

უკვე საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის დროს ზვიად გამსახურდიამ ერთ-ერთ ვრცელ ინტერვიუში კითხვაზე, თუ ვინ არის მისთვის პოლიტიკური ლიდერის მისაბაძი მაგალითი და იდეალი საფრანგეთის რესპუბლიკის ლეგენდარული მოღვაწე და პრეზიდენტი დე გოლი დაასახელა. მაშინ ბევრმა ეს პასუხი ბატონი ზვიადის მტკიცე ცენტრალიზებული ხელისუფლების მომხრეობით და, უფრო მეტიც, მისი ვითომ და დიქტატორული მიდრეკილებებით ახსნა. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ მაშინდელ, გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში და განსაცდელში მყოფ საქართველოსთვის ფსევდოდემოკრატიულობითა და ყალბი ლიბერალიზმით გატაცება მართლა სახიფათო იყო და საქართველოს პოლიტიკური ძალაუფლების ერთგვარი კონსოლიდაცია მართლა ჰაერივით სჭირდებოდა. თუმცა, ზვიად გამსახურდიას ეს პასუხი მარტო ამით არ აიხსნება.

როცა შემდგომში დე გოლის პიროვნება და მისი მოღვაწეობა უფრო ღრმად შევისწავლე, ძალზედ საინტერესო რამ აღმოვაჩინე. შარლ დე გოლი საფრანგეთის ძველ რაინდულ ტრადიციებზე იყო აღზრდილი და ის ყოველთვის არა უბრალოდ მაშინდელ საფრანგეთს, არამედ დიადი საფრანგეთის ცოცხალ იდეას და იდეალს ემსახურებოდა. სწორედ ამან მისცა მას საშუალება მაშინდელი საფრანგეთის სავალალო მორალური და პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, უაღრესად მაღლა აეწია მიზანი და მაშინდელი, დამცირებული საფრანგეთისთვის წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწია. ეს იმიტომ, რომ რაინდული, დიადი საფრანგეთი დე გოლისთვის იყო არა აბსტრაქცია, არამედ ცოცხალი იდეა.

ზვიად გამსახურდიას, როგორც პოლიტიკოსის, განსაკუთრებულობას მისი აღზრდა და მსოფლმხედველობა განაპირობებს. გამოჩენილი ქართველი მწერლის და პატრიოტის ოჯახში აღზრდილ ზვიადისთვის საქართველოს იდეა მისტიური და ღრმა შინაარსით იყო დატვირთული. ღრმად მორწმუნე, ქართული ნეოპლატონიზმზე და ეზოთერიულ ქრისტიანულ ცოდნაზე მდგომ ზვიად გამსახურდიასთვის საქართველო და მისი იდეა ასევე არ იყო აბსტრაქცია. იდეალური საქართველო მისთვის იყო აბსოლუტურად ცოცხალი არსება, რომელსაც ის მთელი თავისი შეგნებით ემსახურებოდა და რომელიც მას მთელი თავისი გულით უყვარდა. ეს კარგად სჩანს როგორც მის მეცნიერულ-ფილოსოფიურ ნაშრომებში, ასევე, მის საოცარ პოეზიაში. ამდენად, როგორც ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის, მომაკვდინებელი საფრთხის მიუხედავად, წარმოუდგენელია თავისი ცოცხალი ახლობლის, შვილის, მშობელის თუ ძმის განსაცდელში მიტოვება და აბსოლუტურად ნორმალური და გასაგებია მისთვის თავგანწირვა, ასევე ბუნებრივი და ორგანული იყო ზვიადისთვის საკუთარი თავის შეწირვა საქართველოსთვის, რომელიც მის აღქმაში აბსოლუტურად ცოცხალი არსება გახლდათ და რომლისგანაც თავად ის განუყოფელი იყო და არის.