Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ასტერიოს არგირიუ

 

ასტერიოს არგირიუ

ქართველი იმპერატორი აღმოსავლეთის მართლმადიდებელი იმპერიის აღორძინებისათვის

 

კირილე ლავრიოტისის, რომელიც წარმოშობით ქ. პატრადან იყო1, აპოკალიფსის ეკზეგეზას (განმარტებას) სამი განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანი აქვს: ეს არის ყველაზე ვრცელი მართლმადიდებლური კომენტარი, რომელიც არსებობს ბერძნულ ენაზე; მისი ავტორი წარმოჩნდება, როგორც წმიდათა ათასწლოვანი მეფობის ყველაზე დარწმუნებული დამცველი, რომლის სრულ აღწერასაც იგი ახორციელებს; ეს არის ერთადერთი ეკზეგეზა, რომელიც აიგივებს ფილადელფიის ეკლესიას იბერიის ეკლესიასთან.

ამ ნაშრომზე კირილე მუშაობდა 1792 წლიდან 1826 წლამდე, ე.ი. ოცდათორმეტი წლის განმავლობაში თერთმეტჯერ დაწერა და გადაწერა იგი. ჩვენთვის მხოლოდ მეთერთმეტე ვერსიაა ცნობილი2. იგი შედგება 5256 ხელნაწერი გვერდისაგან, რომლებიც რვა ტომად არიან აკინძულნი3; აღნიშნული ვერსია შედგენილი იყო 1817 წლის 11 ივლისსა და 1821 წლის 30 მაისს შორის. უფრო მოგვიანებით, 1825-26 წლებში, კირილემ გადაიკითხა თავისი კომენტარი და შეიტანა შესწორებები გვერდების მინდორზე ჩამატებული ტექსტისა თუ სხვადასხვა ადგილას მიკრული ქაღალდის პატარა ნაჭრებზე დაწერილი შენიშვნების სახით. როგორიც არ უნდა იყოს მისი საღვთისმიტყველო თუ ჰერმენევტიკული ღირებულება, ჩვენი ბერის ეკზეგეზა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და ძვირფას წყაროს იმ მოვლენებისა და იდეოლოგიური ტენდენციების კვლევისათვის, რომელთაც ადგილი ჰქონდათ 1821 წლის დამოუკიდებლობის ომის დაწყებამდე ორმოცდაათი წლის განმავლობაში და აღნიშნული ომის პირველ თვეებში4.

ავტორის შეხედულებები წმიდათა ათასწლოვანი მეფობის შესახებ განბნეულნი არიან კომენტარის მთელ ტექსტში. მიუხედავად ამისა, კირილე გრძნობს აუცილებლობას, რომ შედგენილი იქნეს ცალკე ტექსტი, მისი სიტყვა წმიდათა ათასწლოვანი მეფობის შესახებ. სიტყვა დაიწერა 1821 წელს, ე.ი. ეკზეგეზას მეტერთმეტე ვერსიის დასრულების შემდეგ. იგი ყველაზე ვრცელია ეკზეგეზას მერვე ტომში შემავალ თორმეტ სიტყვას შორის5. 120 ხელნაწერ გვერდზე წარმოდგენილი ტექსტი არა მარტო კრებს და ახარისხებს კომენტარში წარმოდგენილ ავტორის იდეებს, არამედ ახორციელებს სხვა მოვლენების განმარტებასაც. სიტყვა წმიდათა ათასწლოვანი მეფობის შესახებ მრავალი დეტალით, გამეორებებითა და ბუნდოვანებით აღწერს მომავალ აღმოსავლურ მართლმადიდებელ იმპერიას: მისი დაარსების დროსა და საშუალებას, მოწყობასა და მმართველობას, მის ბუნებასა და დასასრულს6. ჩემთვის ცნობილი წყაროებიდან, აღნიშნული ტექსტი წარმოადგენს ყველაზე უფრო დეტალურ და შესაძლებელია, ყველაზე უფრო სრულ აღწერილობას მართლმადიდებელი ერების მმართველობისა მუსულმანებისა და პაპისტების ბატონობის გაქრობის შემდეგ. მაგრამ ყველა სხვა მნიშვნელობაზე უფრო

2

 მეტად მისი მთავარ ინტერესს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი გულწრფელობითა და სისავსით გამოხატავს იმ ეპოქაში გავრცელებულ იდეოლოგიურ, ეთნიკურ-რელიგიურ და სახალხო მოძრაობის მწუხარებებს, იდეებსა და იმედებს.

«გლახაკი მეფე, რჩეული ღვთისა», რომელიც მოვა დამონებული მართლმადიდებელი ერების მუსულმანური და პაპისტური ტირანიისაგან გასათავისუფლებლად, იქნება წარმოშობით ქართველი. 1821 წელს კირილე ვერ დაწერდა ამ მოვლენებისადმი მიძღვნილ ოც გვერდს (§1871-1892), უფრო ადრე, 1817 წელს, რომ არ შეედგინა ორმოცდაათ გვერდიანი ტექსტი (§882-957) __ ფილადელფიის ეპისკოპოსისადმი ეპისტოლეს განმარტება, სადაც იგი ნათლად და კატეგორიულად აიგივებს ფილადალფიის ეკლესიას იბერიის ეკლესიასთან. წარმოდგენილ მოხსენებაში ჩვენი ინტერესი მიმართულია ამ ორი საკითხის შესწავლისადმი: ფილადელფიის ეკლესიის გაიგივება საქართველოს ეკლესიასთან და გლახაკი მეფის გაიგივება საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენელთან. მე ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა ყველაზე მშვენიერი საჩუქარი, რომლის მიძღვნასაც შევძლებდი ჩვენი ქართველი კოლეგებისათვის მათი ძმური მასპინძლობის სანაცვლოდ. გარდა ამისა მოცემული საკითხი შედის ჩემს კომპეტენციაში და ჩემი მეცნიერული ინტერესების სფეროში.

მიუხედავად ამისა, საკითხის კვლევა წარმოადგენს დიდ და ხშირად გადაულახავ სიძნელეებს, რადგან იგი ორ მნიშვნელოვან დაბრკოლებას აწყდება: ერთის მხრივ ავტორის მიერ გამოყენებული რთული ეკზეგეტიკური მეთოდი და მეორეს მხრივ წყაროები, საიდანაც აღებულია ის ისტორიული ელემენტები, რომლებსაც ეფუძნება ზემოთაღნიშნული გაიგივება, გაიგივება, რომელიც უნიკალური მოვლენაა ბერძნულ ეკზეგეტიკურ ტრადიციაში. ჩემთვის გამოყოფილი დრო ნებას არ მაძლევს დაწვრილებით განვიხილო დეტალები და ვრცლად წარმოვადგინო თემა, ამიტომ შევეცდები შეძლებისდაგვარად ნათლად და ზუსტად აღვწერო კირილეს ესქატოლოგიური ნააზრევი და მისი ეკზეგეტიკური მოღვაწეობა. აგრეთვე შესაძლებლობა მექნება წარმოვაჩინო უფრო სრული კვლევის ზოგიერთი მიმართულებები, რომელიც უნდა განხორციელდეს მოგვიანებით, თუ შესაძლებელი იქნება ქართველი მკვლევარის (ან მკვლევრების) მიერ, რომელიც იქნება ბერძნული ენისა და პალეოგრაფიის კარგი მცოდნე და შესაბამისი დონის ისტორიკოსი და ღვთისმეტყველი.

თავის ჰერმენევტიკულ ნაშრომში კირილე იყენებს მეთოდს, რომელიც არის როგორც კომპლექსური ასევე რთული, მეთოდს, რომელიც არის ხან მორიგეობით და ხან ერთდროულად სიტყვა-სიტყვითი, ალეგორიული, ანალოგიური და ისტორიული ეკზეგეზა. ხშირად მისი შენიშვნები ერთი სიტყვის ბგერით ფორმასა და აზრობრივ შინაარსზე აღნიშნულ მეთოდს აახლოვებენ თანამედროვე სემიოტიკის მეთოდს. კირილეს მიერ გამოყენებული მეთოდი წარმოჩნდება როგორც გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ჩვენი თემისათვის. მართლაც, მხოლოდ ასეთი მეთოდი, ე.ი. კომბინირება და შერევა მრავალი მეთოდებისა, აძლევს მას საშუალებას მიაღწიოს აპოკალიფსის წიგნის პირად ინტერპრეტაციას. უფრო მეტი განვრცობისათვის მოვიტან სამ მაგალითს ფილადელფიის ეკლესიის მიმართ ეპისტოლედან. ასე მაგალითად, კირილე ხანგრძლივად განმარტავს განსაზღვრებების წმიდასა და ჭეშმარიტის

 3

 (გამოცხ. 3,7.) მნიშვნელობას, სადაც ეს განსაზღვრებები ბუნებრივად არიან მიკუთვნებულნი ქრისტესადმი, როგორც უპირატესად წმიდისა ჭეშმარიტისადმი. შემდგომ იგივე განსაზღვრებები ალეგორიულად და ანალოგიით მიკუთვნებულნი არიან ფილადელფია_იბერიის ეკლესიის ეპისკოპოსისადმი, რადგან აგრეთვე ის, როგორც ქრისტე ფლობს კლიტეს დავითისას, რომლითაც ის განაღებს და ვერავინ დახშას. ეს მეორე ინტერპრეტაცია მას საშუალებას აძლევს შეუდგეს ისტორიულ ეკზეგეზას და მიაკუთვნოს იბერიის სამეფოსა და ეკლესიას წმიდათა ათასწლოვანი მეფობის დამფუძნებლისა და ხელმწიფის ესქატოლოგიურიი როლი (§ 885-894). იგივე მეთოდი არის გამოყენებული იერუსალიმის შესახებ გამოცხ. 3,12-ს განმარტებისათვის. ამგვარად, ძველი იერუსალიმი მორიგეობით ნიშნავს ძველი აღთქმის იერუსალიმს, მუსულმანების მიერ დაპყრობილ იერუსალიმს და ზოგადად ისტორიული პერიოდისას. ახალი იერუსალიმი კი ნიშნავს ახალი აღთქმის იერუსალიმს და წმიდათა ათასწლოვანი მეფობის იერუსალიმს, როგორც ზეციური და საუკუნო ქალაქის წინახატს. ბოლოს, განღებული კარისა და დავითის კლიტეს მეტაფორების შესახებ მსჯელობისას, კირილე ნათლად განასხვავებს ბგერით ფორმასა და აზრობრივ შინაარსს, სადაც აზრობრივი შინაარსი აღნიშნავს ღვთის მიერ საქართველოს პატარა სამეფოსათვის მინიჭებულ ხელმწიფებასა და სიძლიერეს (§ 895-908).

აუცილებელი წინასწარი შენიშვნების შემდეგ, ვნახოთ თუ როგორ ახერხებს ჩვენი ეკზეგეტი ასეთ გამბედავ განმარტებას იბერიის შესახებ, განმარტებას, რომელიც აბსოლუტურად უცხოა ბერძნული ეკზეგეტიკური ტრადიციისათვის7.

1. უპირველეს ყოვლისა კირილე შენიშნავს, რომ ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზის მიმართ ეპისტოლეს უკავია მეექვსე ადგილი სარდიკია_ანტიოქიის ეკლესიის მიმართ ეპისტოლეს შემდეგ და ლაოდიკია_რუსეთის ეკლესიის მიმართ ეპისტოლეს წინ. მართლაც იბერიამ მიიღო ქრისტიანობა ანტიოქიის შემდეგ და რუსებზე ადრე, კონსტანტინე დიდის მეფობისას, «ღვთისნიერი ქალის წყალობით» (§831).

2. იგი აგრეთვე შენიშნავს, რომ ფილადელფიის ეკლესია არის ერთადერთი შვიდ ეკლესიას შორის, რომლისთვისაც «დაწნულია დიდების გვირგვინი და რომელსაც ეძღვნება დიდი ქება და კეთილი აღთქმები». მართლაც ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, მხოლოდ იბერიის ეკლესიას არ გადაუხვევია არასოდეს მართლმადიდებლობის დოგმებიდან და ტრადიციებიდან, არასოდეს მოპყრობია უყურადღებოთ სახარებისეულ ზნეობრივ სათნოებებს და არასოდეს განუცდია არამართლმადიდებელი თუ ურწმუნო უცხო ძალის ბატონობა ან უარყოფითი გავლენა (§831). სწორედ ამ ორ ელემენტს (ეპისტოლეს ადგილმდებარეობა და შინაარსი) მიჰყავთ კირილე ორი ეკლესიის გაიგივებასთან. შემდეგ, რა თქმა უნდა ჩვენი ეკზეგეტი იპოვის სხვა «დამახასიათებელ ნიშნებს», რომლებიც განამტკიცებენ და მისი აზრით უეჭველს გახდიან აღნიშნულ გაიგივებას.

3. ასე მაგალითად, თურქების უღლის ქვეშ მყოფი ბერძნებისადმი ქართველების მიერ გამოხატული კაცთმოყვარული დამოკიდებულების გამო იბერიას ეწოდა ფილადელფია; უფრო გულწრფელი და მტკიცე დამოკიდებულებისა ვიდრე რუსების მიერ იყო გამოხატული (§882,883).

4. სტეფანეს ლექსიკონის მიხედვით, აღმოსავლეთში სამი ქალაქი ატარებს ფილადელფიის სახელს. ეს გარემოება გულისხმობს იბერიის დაყოფას სამ სამეფოდ: იმერეთი, ქართლი და კახეთი (§882).

5. ეპისტოლეში დგას განღებული კარისა და დავითის კლიტეს საკითხი. განღებული კარი ნიშნავს რომ, «კონსტანტინე დიდის მეფობიდან ჩვენს დრომდე მათი პატარა სამეფო ქრისტემ გაზარდა დიდ სახელმწიფოდ და ვერც ერთმა სახელმწიფომ უძველესმა, შუასაუკუნოებრივმა თუ თანამედროვემ ვერასოდეს მოახერხა მასზე ბატონობა{…..}, მაშინ როდესაც მისი უღმერთო და ბოროტმოქმედი მტრები ეყვნენ იმდენად მრავალრიცხოვანნი, კარგად შეიარაღებულნი და მამაცნი, მსგავსნი ველური მხეცებისა» (§883).

6. რაც შეეხება დავითის კლიტეს, კირილე მას ადარებს ქართველი მეფეების უძველეს ტრადიციას ეტარებინათ დიდი მეფეებისა და წინასწარმეტყველების, დავითის და სოლომონის სახელები, როგორც ამასვე გვამცნობს იერუსალიმის პატრიარქის, ქრისანთოს ნოტარასის სინტაგმატიონი.

7. უფრო მეტიც, განღებული კარისა და დავითის კლიტეს საშუალებით «წმიდა იოანეს სურდა განეცხადებინა (ეწინასწარმეტყველა) ერთის მხრივ ქრისტიანული სარწმუნოების მტრების დამარცხება, ხოლო მეორეს მხრვ დამონებული მართლმადიდებლების აღორძინება (გათავისუფლება) და მათი მძლავრი და დაუმარცხებელი სახელმწიფოს აღდგენა, რომელიც ათას წელს იარსებებს» (§883).

სხვა გვერდზე კირილე მშვენივრად გადმოსცემს ფილადელფიის ეკლესიისადმი ეპისტოლეს თავის ისტორიულ ინტერპრეტაციას. ის წერს, რომ ფილადელფიის ეკლესიის ეპისკოპოსისადმი მიმართული ეპისტოლე მოთავსებულია აპოკალიფსის წიგნის მე_3 თავის 7_13 მუხლებში. აღნიშნული შვიდი მუხლიდან პირველ ექვს მუხლში სულმან წმიდამ ალეგორიულად გადმოსცა საქართველოს მთელი ისტორია და მიგვანიშნა იმ ესქატოლოგიურ როლზე, რომლისთვისაც ის არის მოწოდებული. მე_7 მუხლით სული წმიდა მოძღვრის ქართველებს მიბაძონ ქრისტეს სიწმიდეს და განეშორონ მუსულმანების ბოროტმოქმედებას; მე_8 მუხლი შეიცავს ქართველების ისტორიას მათი გაქრისტიანებიდან წმიდათა ათასწლოვან მეფობამდე; მე_9 მუხლი ეხება მუსულმანების ბატონობის პერიოდს, კერძოდ მუჰამედის გამოჩენიდან კონსტანტინეპოლის დაცემამდე და კონსტანტინეპოლში ოტომანების დაფუძნებიდან მათი ტირანული იმპერიის სრულ განადგურებამდე; მე_10 მუხლი შეიცავს ქრისტეს დამოძღვრას ქართველებისადმი, რომელიც მათ მოუწოდებს იყვნენ უშიშარნი და არავითარი კავშირი არ იქონიონ არც ბოროტმოქმედ მუსულმანებთან, არც უგნურ მწვალებლებთან (ლუთერანები და კალვინისტები), არც ხარბი და ანგარებიანი მართლმადიდებელი მეფეების სიცრუესთან (რუსები); ბოლოს მე_12 მუხლში, ქართველებისა და სხვა ყველა მართლმადიდებელი ეკლესიების მორწმუნეებისათვის აღთქმულნი არიან უდიდესი ჯილდოები (§884).

ბრწყინვალე ისტორიული გზა და განსაკუთრებული ესქატოლოგიური როლი, რომლისთვისაც მოწოდებულნი არიან ქართველები, წარმოადგენენ ღვთის ჯილდოს მათი შეურყეველი ქრისტიანული რწმენისა,

 5

 მართლმადიდებლობისადმი მოშურნე ერთგულებისა და სახარებისეული დიდი სათნოებებისათვის (§902-905, 927, 945).

ქართველების ძირითადი დამსახურებებისა და დამახასიათებელ ნიშნებს შორის, კირილე ჩამოთვლის შვიდს, იგივენაირად, როგორც ისინი წარმოჩნდებიან ფილადელფიის ეკლესიისადმი ეპისტოლეში. ასე რომ, ჩვენი ბერის მიხედვით ეპისტოლეში ვხედავთ:

«1. რომ ეს სამეფო არის მცირე თავისი სიმძლავრისა და ტერიტორიის მიხედვით;

2. რომ ის აღსაარებს აღმოსავლეთის ეკლესიის მართლმადიდებელ სარწმუნოებას;

3. რომ მისი მეზობლები ცდილობენ აიძულონ უარყოს თავისი რწმენა:

4. რომ იგი ცხოვრობს ზედმიწევნით სწორად ქრისტიანული ზნეობრივი კანონების მიხედვით:

5. რომ იგი თავისუფალია მუსულმანების ყოველგვარი ბატონობისა და გავლენისაგან;

6. რომ მან არ განიცადა არავითარი ვნება მეზობელი ხალხებისაგან, რომლებიც ყველა საშუალებით ცდილობენ მატერიალურად და სულიერად დააზიანონ იგი;

7. რომ იბერიის ეკლესიას, რომელმაც ხელშეუხებლად დაიცვა თავისი ქრისტიანული სარწმუნოება და ზედმიწევნით სწორად იცხოვრა სახარებისეული ზნეობრივი სათნოებების მიხედვით, ღმერთი იფარავს და განაშორებს მისგან ყველა მტერს».

 თითქოს ქრისტე ამბობდა: «ვიცი, რომ შენი ძალი მცირეა; ვიცი, რომ დაიმარხე ჩემი სიტყვა; ვიცი, რომ არ უარყავი ჩემი სახელი; ამიტომ მოგეცი კარი განღებული, რომელსაც ვერავინ დახშავს» (§901).

კირილეს მიხედვით, იბერიის სახელმწიფოს ისტორიული დანიშნულების სიმბოლოა კარი განღებული, ხოლო დავითის კლიტე აღნიშნავს მის ესქატოლოგიურ როლს. ამ ადგილას (§883 და სხვაგან) ჩვენი ეკზეგეტი პარალელს ავლებს გამოცხ. 3, 8_სა და ისაია 22, 20-25_ს ღრმად მესიანურ ტექსტს შორის. ამ უკანასკნელზე იყო დაფუძნებული მთელი ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიური ესქატოლოგიური ლიტერატურა ღვთის რჩეული გლახაკი მეფის შესახებ8; ამ ტექსტში იაჰვე წარმოჩნდება როგორც თავისი მსახურისათვის დიდებისა და დავითის სახლის კლიტეს მიმნიჭებელი, მისთვის ძალაუფლების მიმცემი და დიდების ტახტზე დამადგინებელი. სხვა ადგილას კირილე წერს (§900): «აქედან გამომდინარეობს, რომ აღმოსავლეთში მხეცის სრული დამარცხების შემდეგ, იბერიიდან წარმოიმართება ხელმწიფე და მეფე, რომელიც მართავს მორწმუნეებს, უფლის ჭეშმარიტი გზით ატარებს მათ და ამავე დროს ჩაშლის მტრების მზაკვრობებსა და მრავალრიცხოვან ხაფანგებს». მუსულმანური მხეცის სრული დამარცხება მოხდება ღვთის მიერ დანიშნულ ჟამს (§924). როდესაც უფლის მიერ დანიშნული ჟამი მოვალს, მუსულმანები მრავალრიცხოვანი ჯარით შეუტევენ პატარა იბერიას. მაგრამ «ღვთის ძალით დაცული» მართლმადიდებელი ქართველები გაანადგურებენ ურწმუნოებს და «სრულ და საუკუნო დავიწყებას მისცემენ მათ ტირანიას მთელ აღმოსავლეთში» (§920). ამგვარადვე განადგურდებიან ანტიქრისტეს ყველა სხვა ძალები და ასე დაარსდება წმიდათა ათასწლოვანი მეფობა, მსოფლიო მართლმადიდებელი და მესიანური იმპერია, რადგან ყველა სხვა მმართველობა და ძალაუფლება გაქრება. შემდეგ მართლმადიდებელი სარწმუნოების მისაღებად მოვლენ «მთელი ებრაელები, მუსულმანთა დიდი რიცხვი, პაპისტები, ზოგიერთი ათეისტი და ვოლტერის მიმდევარი» (§947).

 6

  ისინი, ვინც მოისურვებენ თავისი უღმერთობისა ან მცდარი სარწმუნოებისადმი ერთგულებას, მეგობრობისა და მოკავშირეობის სათხოვნელად მიმართავენ ახალ მართლმადიდებელ ხელმწიფეს და დაემორჩილებიან მას, როგორც ვასალები და სახელმწიფოს მართლმადიდებელი მოქალაქეების მსახურები (§916-918).

ქართველი ხელმწიფის მისია, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის შურისმაძიებლისა ანტიქრისტეს ერებისა და მათი მმართველების წინააღმდეგ, წარმოჩნდება აპოკალიფსის ყველა ხილვებში, სადაც ჩვენ ვხედავთ ანგელოსს, რომელმაც «დასთხია ლანკანი თვისი მდინარესა ზედა დიდსა ევფრატისასა» (გამოცხ. 16,12), «და მიჰყო….. ნამგალი თვისი ქუეყანასა და მომკო ქუეყანა» (გამოცხ. 14,16), «მოჰკრიბა ვენახი ქუეყანისა, და შთადგა საწნეხელსა მას დიდსა გულის წყრომისა ღმრთისასა» (გამოცხ. 14,19), რომელსაც «აქუნდა კლიტე უფსკრულისა და ჯაჭვი დიდი ხელსა მისსა. და შეიპყრა ვეშაპი იგი და გუელი დასაბამისა, რომელ_არს ეშმაკი და სატანა, და შეჰკრა იგი და დაბეჭდა მას ზედა, რათა არღარა აცთუნებდეს წარმართთა მერმე, ვიდრე აღესრულოს ათასი წელი» (გამოცხ. 20, 1_3), რომლის მიერაც «შეპყრობილ_იქმნა მხეცი იგი და მისთანა ცრუ_წინასწარმეტყველი იგი, რომელმან ჰქმნნა წინაშე მისსა სასწაულნი, და რომლითა აცთუნნა იგინი, რომელსა მიეღოს ბეჭედი მხეცისა და თაყუანის_ჰსცეს ხატსა მისსა. და ცოცხლივ შთავარდეს ორნი იგი ტბასა მას ცეცხლისასა, რომელი იგი იწვების წუნწუბითა» (გამოცხ. 19,20)9.

ყველა ხილვა, რომელიც აპოკალიფსში ეხება მორწმუნეების საბოლოო გამარჯვებასა და ქრისტეს მეუფების დადგინებას, ჩვენი ავტორის მიერ გაგებული არის, როგორც წმიდათა ათასწლოვანი მეფობის მომასწავებელი. ამგვარად ივარაუდება აპოკალიფსის წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილის კავშირი ქართველების ესქატოლოგიურ როლთან10.

ამ ახალ გარემოებაში, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა წმიდათა ათასწლოვანი მეფობის დადგენით, მორწმუნე მეფე «რომელსაც გვიგვინს დაადგამს იბერიის ეპისკოპოსი და რომელიც ღვთის წინასწარგანზრახვით უწინარეს ყოველთა საუკუნეთა იყო მოწოდებული მეფობისათვის» (§910), «რომელიც არის მორწმუნე მეფეების უძველესი ოჯახის შთამომავალი» (§5961), გახდება «უფრო დიდებული მეფეთა მეფე და უფალთა უფალი» (§936) და «მადლით სიტყვა ღვთისა» (§952); იბერიის ეპისკოპოსს ექნება წოდება და ნამდვილად იქნება «დამოუკიდებელი ეპისკოპოსი მეფედ კურთხევისა და მღვდელმთავრად ხელდასხმის უფლებებით»; «და ამ ორი მეუფის მმართველობის ქვეშ მყოფი» მორწმუნე ხალხი «იქნება და მას ეწოდება წმიდა ერი, სამეუფო სამღვდელოება და რჩეულთა ერი». «და თქვენს დედაქალაქს ეწოდება ახალი იერუსალიმი». ეპისკოპოსი იზრუნებს სულიერ დამწყსაზე და მეფე კი ღვთის ერის სამოქალაქო მმართველობაზე (§936). წმიდათა ათასწლოვანი მეფობისას იბატონებს სახარებისეული სამართლიანობა, მორწმუნეთა მმართველობა განხორციელდება სიბრძნითა და ღვთის სამართლის მიხედვით. ეპისკოპოსი გარშემორტყმული იქნება წმიდა სინოდით და მეფე კი ბრძენთა, ერისკაცთა და სასულიერო პირთა საბჭოთი. ამგვარად, უსამართლობა, ამბოხება და საიმპერატორო დინასტიის შეცვლა იქ არ მოხდება11.

7

 წმიდათა ათასწლოვანი მეფობის ბუნება, მისი მოწყობა და რელიგიური, სოციალური და პოლიტიკური მმართველობა აღწერილნი არიან კირილე ლავრიოტისის მიერ თავის სიტყვაში. საკითხი ეხება იმპერიას, რომლის შენობის აგებაც შეძლო ჩვენმა ბერმა სხვადასხვა მასალების სესხებით ესქატოლოგიური ლიტერატურიდან, ოტომანთა იმპერიის სინამდვილიდან და ევროპელი მოაზროვნეების იდეებიდან ლიბერალური დესპოტიზმის შესახებ.

საკითხი, რომელიც წმიდათა ათასწლოვანი მეფობის შესახებ სიტყვაში, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ჩვენი თემისათვის, არის ნაბუქოდონოსორის მიერ ჩვენებაში ხილული ქანდაკების ინტერპრეტაცია. საქმე ეხება ბიზანტიურ და პოსტ_ბიზანტიურ ესქატოლოგიურ ლიტერატურაში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებულ ტექსტს12. აღნიშნულ ტექსტსა და იბერიის ესქატოლოგიურ როლს შორის პარალელის გავლებით, კირილე ახდენს ახალი და გამბედავი ეკზეგეზის მცდელობას, მიზნად ისახავს რა განამტკიცოს აპოკალიფსის საკუთარი კომენტარი და პასუხი გასცეს მოწინააღმდეგეების შენიშვნებსა და დაცინვებს. ჩვენ შემოვიფარგლებით დანიელის წიგნის 22, 34-35 და 44 მუხლების განმარტებით, რადგან მათ უფრო პირდაპირი კავშირი აქვთ ჩვენს თემასთან (§5881-5892). «შენ უყურებდი: უცბად ერთი ქვა, ვინმეს ხელშეუხებლად მოწყდა და მოვიდა და დაეჯახა ქანდაკებას {…} და ქვა, რომელიც დაეჯახა ქანდაკებას გახდა დიდი ქვა და გაავსო მთელი ქვეყანა {…}. ამ მეფეების დროს ზეცათა უფალი დააფუძნებს სამეფოს, რომელიც არასოდეს განადგურდება და ამ სამეფოს სხვა ერი ვერ დაეპატრონება».

ქანდაკების ფეხები, კირილეს მიხედვით, სიმბოლურად ნიშნავენ ორ უკანასკნელ იმპერიას, რომლებიც არიან ანტიქრისტეს ორი ძალა, ისლამი და პაპიზმი, რომელთაც აპოკალიფსის მე_13 თავში ორი მხეცი ეწოდებათ. დანიელის ხილვის მთა პირველადი მნიშვნელობით აღნიშნავს ისრაელის თორმეტ ტომს და მეორადი მნიშვნელობით (ანალოგიით) მართლმადიდებელ მეფეებს. ბიზანტიელმა იმპერატორებმა თავისი ღვთისმოშიშების სანაცვლოდ ღვთისაგან მიიღეს მეუფება და ძალი, მაგრამ ისინი განშორდნენ უფლის გზას და ღვთისაგან დაისაჯნენ (§904,5895)13. შემდგომ უფალმა თავისი ძალაუფლება მიანდო რუსეთის მართლმადიდებელ მეფეებს, მაგრამ მათაც გადაუხვიეს ჭეშმარიტ გზას და იწვნევენ ღვთის რისხვას14. ქვა, რომელიც ვინმეს ხელშეუხებლად მოწყდა მთას, უპირველეს ყოვლისა ნიშნავს ქრისტეს და შემდეგ «ყველა მორწმუნეს და აღმოსავლეთის ეკლესიის სარწმუნოების ერთგულ ყველა მორწმუნე სახელმწიფოს». დღეს (1821 წელს) იბერიის ძალიან მცირე სამეფო არის ერთადერთი მორწმუნე სახელმწიფო, რომელიც აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენის ერთგული დარჩა. ამპარტავნებითა და სიხარბით შეპყრობილმა რუსეთის მეფეებმა ხელჰყვეს საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიის დამოუკიდებლობა; «მათ მიიტაცეს მათი გვირგვინი», სხვანაირად რომ ვთქვათ, რუსეთის პოლიტიკურ და საეკლესიო ხელისუფლებას შეუერთეს. ქართველი ხალხი მამაცურად და თავგანწირვით იბრძვის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის და ღმერთი შეეწევა მას ამ საუნჯის მოპოვებაში. ასე რომ ქვა, საქართველო, მალე მოწყდება მთას, გათავისუფლდება რუსეთის ბატონობისაგან, ვინმეს ხელშეუხებლად, რუსეთის პოლიტიკური და საეკლესიო ინსტანციების

8

 გადაწყვეტილებისა და თანხმობის გარეშე.  და ეს ქვა გახდება დიდი მთა, რომელიც დაამსხვრევს და მტვრად აქცევს ყველა სხვა სამეფოებს. «ქვამ, ამბობს წმიდა წერილი, დაამსხვრია ქანდაკების რკინისა და გამომწვარი თიხის ფეხები, რომლებიც დაემსგავსნენ ზაფხულში ჰაერში გაბნეულ ბზეს. ეს უდიდესი საიდუმლო პირველად ბრწყინვალედ იქნა აღსრულებული ჩვენი უფლის განკაცებით {…}; ის აღსრულდება მეორედ კიდევ უფრო ბრწყინვალედ, როდესაც ამ პატარა სამეფოში მოვა კეთილდღეობა და მზისქვეშეთის ყველა სახელმწიფოები და ძალაუფლებანი, დიდნი და პატარანი, მის ფერხთა წინაშე განერთხმებიან» (§5886). თვით «რუსეთი, რომელიც ამჟამად დიდად არის განვრცობილი და ამპარტავნებს თავისი დიდებულებით, განიძარცვება იმ რეგიონებისა და უცხო სამეფოებისაგან, რომლებიც მან შეიერთა; დამცირებული, იგი იქნება შემოფარგლული მხოლოდ საკუთარი საზღვრებით» (§5843). თავისი სიხარბისა და სხვა ცოდვებისათვის რუსეთი დაისჯება. მისი დიდება და სიძლიერე კიდევ მხოლოდ მცირე დროით გაგრძელდება; ის დაეცემა და თავის დაცემულ მდგომარეობაში გამოჩნდება «უბადრუკი, საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი», როგორც უფალმა იწინასწარმეტყველა ლაოდიკია_რუსეთის ეკლესიისადმი ეპისტოლეში. ღმერთმა დაგვიფაროს!» (§5968). ამ ადგილას კირილე ახდენს შედარებას ქვასა, რომელიც გახდა დიდი მთა და ძე წულს, რომელსაც შობს მზით შემოსილი დედაკაცი, (გამოცხ. 12,1-5) შორის. ეს საკითხი მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. კირილე წერს: «ამგვარად, მზით შემოსილი დედაკაცის მიერ შობილი ვაჟი, ორი მოწმის (დამონებული მართლმადიდებლობის პოლიტიკური და საეკლესიო მმართველობის სიმბოლოები) დახმარებით, როგორც პატარა ქვა ქანდაკების_ოტომანთა ბრწყინვალე და დიდებული იმპერიის_დამსხვრევის შემდეგ, თავისი ერთგული მსახურის სამეფოს გახდის დიდ მთად, რომლის ჩრდილიც ათასი წლის განმავლობაში დაფარავს მთელ ქვეყნიერებას» (§5876). ეს მცირე ნაწყვეტი რომელშიდაც შეკრებილი და დალაგებულია მესიანური და ესქატოლოგიური ლიტერატურის სამი ძირითადი სიმბოლო (აპოკალიფსის ძე წული, ისაიას ერთგული მსახური და დანიელის ქვა, რომელიც გახდა მთა), ყველაზე მოკლედ და მეტყველად გამოხატავს კირილე ლავრიოტისის ნააზრევს, იბერიის ესქატოლოგიური როლის მისეულ ხედვას.

აღნიშნული ტექსტების ანალიზის მეთოდი უეჭველად კირილეს ეკუთვნის, მასვე ეკუთვნის ფილადელფიის ეკლესიის იბერიის ეკლესიასთან გაიგივების იდეა. შეიძლება იგივე ითქვას საქართველოს ესქატოლოგიური როლის შესახებ? განა არ შეეძლო ჩვენს ავტორს საიდანმე აიღო ეს იდეა, გაეთავისებინა და «მოვლენათა განვითარების»15 მისეული ხედვისა და ინტერპრეტაციისათვის შეესაბამებინა? ორმოცდაათიოდე წლით ადრე (1767 ან 1774 წელს) სხვა ბერძენმა ინტელექტუალმა, პანტაზეს ლარისელმა, რომელიც ასევე ბუქარესტში ცხოვრობდა და დაკვირვებისათვის ამ ერთ_ერთი საუკეთესო ადგილიდან იკვლევდა და განმარტავდა მოვლენებს, დაწერა ლეონ ბრძენის კონსტანტინეპოლის გაპარტახებისა და აღორძინების შესახებ წინასწარმეტყველების16 ეკზეგეზა.ის იქ ამტკიცებდა, რომ კონსტანტინეპოლის გამათავისუფლებელი მეფე იქნებოდა ვინმე იურტზისი. ესქატოლოგიური ტექსტების პანტაზესისეული ოთხი კომენტარი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი 1767-1792 წლების რუსეთ_თურქეთის ომებთან და

9

 გამოხატავენ ბერძენი ხალხის დიდი ნაწილის ღრმა რწმენას იმის შესახებ, რომ დამონებული მართლმადიდებლობის მომავალი გამათავისუფლებელი იქნება რუსეთის მეფე. ოცი წლის წინ, პანტაზესის ეკზეგეზებზე მუშაობისას, გამოვთქვი შეხედულება იმის შესახებ, რომ შესაძლებელი იყო გავლებულიყო პარალელი უცნობ იურტზისსა და გრიგოლ ორლოვსა ან გიორგი პაპაზოლისს შორის, რადგან ორივემ აქტიური მონაწილეობა მიიღეს რუსეთ_ თურქეთის პირველ ომში და იმ ეპოქის ბერძნულ იდეოლოგიურ მიმდინარეობებში. დღეს იქნებოდა კი შესაძლებელი გამოგვეთქვა ჰიპოთეზა გარკვეული სიახლოვის შესახებ პანტაზესის იურტზისსა და გიორგის შორის, რადგან ეს სახელი 1014 წლიდან კირილეს პერიოდამდე მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველის სამეფო დინასტიასთან18? სხვანაირად რომ ვთქვათ, შესაძლებელი იქნებოდა გვეფიქრა, რომ პანტაზესმა, როგორც კირილემ, რომელიმე ქართული წყაროდან, ქართული ესქატოლოგიური ტექსტიდან, წინასწარმეტყველებიდან, პროგნოსტიკონიდან და სხვ. აიღო აღმოსავლეთის მართლმადიდებელი იმპერიის აღმაშენებლის პერსონაჟი? ცხადია იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ტექსტები არსებობდნენ და ცირკულირებდნენ. თუ ეს ტექსტები არსებობდნენ, ჩვენი კვლევა უნდა განვითარდეს შემდეგი მიმართულებით: უნდა ვეძიოთ თუ როგორ შეიტყვეს ამის შესახებ ჩვენმა ორმა ავტორმა და როგორ შეძლეს ამ ტექსტების შეთავსება განსხვავებულ სინამდვილესთან, ბერძნული სამყაროსა და ზოგადად მართლმადიდებლობის სინამდვილესთან.

ჩვენი კვლევა სხვა მიმართულებითაც უნდა განვითარდეს. კირილეს მიერ იბერიისათვის მიძღვნილი გვერდები წარმოადგენენ ამ პატარა სამეფოსა და მისი ეკლესიის დითირამბიკულ ქება_დიდებას. ჩვენი ბერის მთავარი იდეა არის შემდეგი: იყვნენ რა ყოველი მხრიდან გარშემორტყმულნი მრავალრიცხოვანი და ძლიერი მტრებით, რომლებიც ყოველთვის ცდილობდნენ დაემორჩილებინათ ისინი და გადაეყვანათ თავიანთ სარწმუნოებაზე, ქართველები ყოველთვის მამაცურად იბრძოდნენ და ღვთის შეწევნით მოიგერიეს მათი მეზობლების თავდასხმები და დაიცვეს მათი პატარა ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, აგრეთვე ხელშეუხებლად დაიცვეს მართლმადიდებელი სარწმუნოება და ზედმიწევნით სწორად იცხოვრეს სახარებისეული ზნეობრივი სათნოებების მიხედვით.

ძველი პერიოდის საქართველოს ისტორიის შესახებ კირილე ზოგად და ბუნდოვან ცნობებს იძლევა19, ხოლო მეფე ერეკლეს დროიდან 1821 წლამდე პერიოდისათვის მისი ცნობები ნამდვილი და ზუსტია20. უნდა ვიფიქროთ, რომ ამ უკანასკნელი პერიოდისათვის მაინც, ჩვენს ეკზეგეტს ხელთა აქვს რომელიმე ისტორიული წყარო (ან წყაროები), რომელსაც ის არ იხსენიებს21. ჩემთვის ძნელია დავეთანხმო იმ აზრს, რომ აღნიშნული წყარო (ან წყაროები) იქნებოდა ზეპირი, ე.ი. მომავალი ბუქარესტში მცხოვრები ქართველი ინტელექტუალებისაგან. იძულებულნი ვართ დავუშვათ წერილობითი წყაროს (ან წყაროების) არსებობა, რომელიც იყო თარგმნილი ბერძნულად ან უკანასკნელ შემთხვევაში რუმინულად, რადგან ჩვენი ბერი მხოლოდ ამ ორ ენას ფლობდა. მე ვთქვი «თარგმნილი», რადგან ჩემი აზრით ამგვარი იბერიის ისტორიის ავტორი არ შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა ვინმე, თუ არა ქართველი ინტელექტუალი, რომელიც აღსავსე იყო უდიდესი სიყვარულით თავისი ქვეყნისა და მართლმადიდებლობისადმი. მხოლოდ ასეთ დაშვებას

10

 შეუძლია გადაწყვიტოს ის პრობლემა, რომელიც ისმება იბერიის შესახებ ჩვენი კომენტატორის აზრის გამო.

მართლაც, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ბერის მიერ დახატული საქართველოს სურათი მთლიანად არ შეესაბამება ისტორიულ სინამდვილეს. ისტორია გვამცნობს, რომ იბერიის სამეფოები ხშირად იყვნენ სპარსელების ან თურქების მოხარკეები; ისინი დებდნენ ხელშეკრულებებს ოტომანებთან, ირანელებთან და რეგიონის სხვა ემირატებთან; ზოგიერთი მეფე და ქართველი წარჩინებულები ცხოვრობდნენ მუსულმანი მეფეების კარზე; ზოგიერთებმა მუსულმანობაც კი მიიღეს; ისინი ეძებდნენ პაპისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მოკავშირეობას; ზოგიერთმა ქართველმა ინტელექტუალებმა და წარჩინებულებმა შემოიტანეს, ან უნდოდათ შემოეტანად, ევროპელი განმანათლებლების იდეები თავიანთ ქვეყანაში. ფილადელფიის ეკლესიასთან იბერიის ეკლესიის გაიგივება და ქართველთა ამაღლებული ესქატოლოგიური როლი დაფუძნებულია საქართველოს ისტორიის გაიდეალებაზე, ქვეყნისა, რომელიც ჩვენს ავტორს არასოდეს უნახავს და რომლის ისტორიას და ენას იგი არ იცნობდა. მაშინ რომელი ისტორიული წყაროდან (ან წყაროებიდან) შეძლო კირილე ლავრიოტისმა აეღო იბერიის გაიდეალებული სურათი და აგრეთვე ის ისტორიული ცნობები, რომლებიც მოთავსებულნი არიან მის აპოკალიფსის ეკზეგეზაში? ამ კითხვაზე პასუხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენი კომენტატორის ყველა ცნობა საქართველოს შესახებ მომდინარეობს აღნიშნული წყაროდან (ან წყაროებიდან).

ჩვენი უპირველესი ამოცანა უნდა იყოს იმ ისტორიული ცნობების შეკრება და გამოცემა, რომლებსაც ვხვდებით ეკზეგეზის მთელ ტექსტში და არა მხოლოდ იმ ორმოცდაათიოდე გვერდზე, რომლებიც ეხებიან ფილადელფიის ეკლესიას. შემდეგ ჩვენ ვალდებულნი ვიქნებით დავადგინოთ თუ რომელი წყარო (ან წყაროები) გამოიყენა ჩვენმა ბერმა. კირილე ლავრიოტისის აპოკალიფსის ეკზეგეზისათვის წარმოდგენილი ინტერესის გარდა, ჩემი აზრით, ამგვარი კვლევა წარმოადგენს გარკვეულ ინტერესს ქართული მეცნიერებისათვის.

ალბანელი თურქების პელოპონესზე 1770 წლის თავდასხმის მსხვერპლი, კირილე, თხუთმეტიოდე წელს თურქების ტყვეობაში გაატარებს. 1780-81 წლებში იგი ბუქარესტში ჩავა და დაახლოებით ორმოცდაათი წელი, გაჭირვებასა და სიღარიბეში იცხოვრებს საზოგადოებისა და ეკლესიისაგან მარგინალიზებული. კირილე 1829 წელს გარდაიცვალა. ეს ორი მოვლენა კვალს დაამჩნევენ მის ცხოვრებას და უარყოფით გავლენას იქონიებენ მის დამოკიდებულებაზე ბერძენი და რუმინელი მმართველი კლასების მიმართ. ბუქარესტი მას საშუალებას აძლევს, თვალყური ადევნოს თავისი ეპოქის მოვლენებს, რომელთაც იგი საკუთარი საზომებით აფასებს და განმარტავს.

კომენტარზე მუშაობისას კირილე მიჰყვება აპოკალიფსის წიგნის ეკზეგეზის იმ პრინციპს, რომელიც ოტომანთა ბატონობის პერიოდში იყო მიღებული. ამ პრინციპის მიხედვით წმიდა იოანეს დაუწერია თავისი ხილვები ერთის მხრივ რათა აღეწერა ანტიქრისტეს ბატონობის ქვეშ მართმადიდებლობის მდგომარეობა და მეორეს მხრივ რათა განეცხადებინა ბოროტების ძალების საბოლოო განადგურება და კეთილის გამარჯვება22. სწორედ ამ კუთხიდან იკვლევს, ამოწმებს და აფასებს იგი ყველა მოვლენას _ დიდსა და პატარას,

11

რეგიონალურს და საერთაშორისოს, საეროს და რელიგიურს. აქედან გამომდინარე, ისტორიის მისეული ხედვა არის რელიგიური, მისტიური და ესქატოლოგიური.

ოცდათორმეტი წლის განმავლობაში, რომლებიც მან მიუძღვნა ეკზეგეზის თერთმეტი ვერსიის რედაქციასა და გადაწერას, კირილე წარმოჩნდება როგორც დამონებული მართლმადიდებლობის გათავისუფლების ყველაზე მეოცნებე და ყველაზე «გარდარეული» მგალობელი; ის იზიარებს და თავისი განსაკუთრებული მანერით გამოხატავს მისი ეპოქის მართლმადიდებელი სამყაროს დიდი უმრავლესობის იმედებს. მეორე მხრივ მმართველი პოლიტიკური და ეკონომიკური კლასების მიმართ გამოთქმული მწარე კრიტიკა, რომლებიც თავისუფლებას ოტომანურ მხეცთან თანაარსებობასა და თანამშრომლობას ამჯობინებდნენ23, აღნიშნული იდეოლოგიური მიმდინარეობის ყველაზე მოწინავე წარმომადგენელთა შორის აყენებს მას. მაშინ როდესაც ამ მიმდინარეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებლობის გათავისუფლებას ანდობს მართლმადიდებელ რუსეთს, ხოლო ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაწილი და ისიც მხოლოდ მცირე დროით, მზერას აპყრობს საფრანგეთს და ნაპოლეონ ბონაპარტეს24, კირილეს პოზიცია ემთხვევა პოლიტიკური აზროვნების ყველაზე მოწინავე ნაწილის პოზიციას, რომლის მიხედვითაც დამონებულ მართლმადიდებლებს თავისუფლებისათვის ბრძოლა თვითონ უნდა დაეწყოთ, საკუთარ პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და ინტელექტუალურ ძალებზე დაყრდნობით და არ უნდა დალოდებოდნენ ან ეძებნათ უცხო ძალების დახმარება. კირილესათვის მართლმადიდებლობის «საკუთარი ძალები» იყვნენ მხოლოდ ორი ბუნებისა:

ერთის მხრივ ყოვლისშემძლე ღვთის შეწევნა და მეორეს მხრივ წინაპართა ზნეობა; მათი რწმენა ღვთის ძალისადმი და მათი ქრისტიანული ცხოვრების სიწმიდე. გარდა ამისა დამონებული მართლმადიდებლების გათავისუფლება და აღმოსავლეთის მართლმადიდებელი იმპერიის აღდგენა, რომელიც მის მიხედვით იქნება წმიდათა ათასწლოვანი მეფობა, მოხდებოდნენ მხოლოდ ღვთის მიერ დანიშნულ ჟამს.

ამგვარად ჩვენ ვხედავთ, რომ კირილე აკრიტიკებს ბუქარესტის ბერძენ ინტელექტუალებს, რომლებიც დასცინოდნენ აპოკალიფსის მისეულ ეკზეგეზას და მის იდეებს წმიდათა ათასწლოვანი მეფობის შესახებ25; რომ იგი უტევს მათ, ვინც თეოდორიტე იანინელის მსგავსად, ელოდებიან დახმარებას რუსეთიდან და მესიანურ მისიას აკუთვნებენ რუსეთის მეფეს26; რომ იგი კიდევ უფრო მკაცრია იმათ მიმართ, ვინც რიგას ფერეოსის მსგავსად, ანდობენ თავიანთ გათავისუფლებას ათეისტური საფრანგეთის იარაღსა და ანტიქრისტე ნაპოლეონს27; რომ იგი უტევს ალექსანდრე იფსილანტის და მის არმიას, რომელიც მოლდავეთში თურქების არმიაზე უარესად იქცეოდა28; ბოლოს დიდ სიმკაცრეს იჩენს მართლმადიდებელი რუსეთის მიმართ, რომელიც რუსეთ_თურქეთის ყველა ომში მიზნად ისახავდა არა მართლმადიდებლების გათავისუფლებას, არამედ საკუთარი ძალაუფლების გაზრდასა და განმტკიცებას29.

სამაგიეროდ კირილეს სიხარულით უცემს გული, როდესაც სერბები, მარტო, უცხო სახელმწიფოს დახმარების გარეშე, გადაწყვიტავენ აჯანყებას30; მისი სიხარული და განცდები კიდევ უფრო დიდია, როდესაც ბერძნები, პელოპონესში, კონტინენტალურ საბერძნეთსა და კუნძულებზე დაიწყებენ დამოუკიდებლობისათვის ომს31. მიუხედავად ამისა კირილეს ყურადღება მუდმივადაა მიპყრობილი «სულ პატარა საქართველოზე»: ქართველი ხალხის მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებისა და ტრადიციებისადმი ერთგულების და მისი სახარებისეული სიწმიდის გამო; ბოროტების ძალების წინააღმდეგ დაუცხრომელ ბრძოლებში თავდადებისა და განსაკუთრებით მათი სახელმწიფოსა და ეკლესიის დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად რუსების წინააღმდეგ იმჟამად წარმოებული ბრძოლების გამო. ასე რომ იმ ეპოქის სხვადასხვა იდეოლოგიური მოძრაობების ფონზე და ისტორიულ კონტექსტში უნდა განვიხილოთ კირილე ლავრიოტისის ნააზრევი, თუ გვსურს გავაცნობიეროთ ზოგადად ისტორიისა და კერძოდ ქართველი ხალხის მისეული ხედვა.

 

 

 შენიშვნები:

 1 კ. ლავრიოტისის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ იხილე: A. ARGYRIOU, les exégèses grecques de l’Apocalypse à l’époque turque (1453-1821). Esquisse d’une histoire des courants idéologiques au sein du peuple grec asservi, Thessalonique, 1982, pp. 588-594 ეკზეგეზას შესახებ, გვ. 594-645, იქვეა მოცემული ბიბლიოგრაფია 1978 წლამდე.

 2 ხელნაწერი პირველად აღწერილი იქნა: K. DYOVOUNIOTIS dans Actes de l’Académie d’Athènes 6(1931)36-44 (en grec) და შემდეგ A. FYTRAKIS , Catalogue des manuscrits du Département de Théologie de l’Université d’Athènes, Athènes, (en grec), 1937, pp.3-13. ამჟამად ხელნაწერი ინახება ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის ეკლესიის ისტორიის განყოფილებაში.

3 არაბული ციფრებით კირილე ნომრავს არა გვერდებს, არამედ რვეულებს, რომელთაგან თითოეული შედგება რვა ფურცლისაგან. ბერძნული დანომრვის სისტემით ის ნომრავს პარაგრაფებს. ჩვენ ვახდენთ პარაგრაფების დანომრვას არაბული ციფრებით, რადგან გვაკლია ბერძნული აღრიცხვის ზოგიერთი ნიშანი.

 4 1951 და 1953-56 წლების ჟურნალ „თეოლოგიაში“ მოთავსებულ სტატიებში K. DYOVOUNIOTIS-ი აქვეყნებს ტექსტის მრავალ ისტორიულ და ჰერმენევტიკულ ნაწილებს, მაგრამ ისინი, ვერ თავსდებიან რა ვერც იმ ეპოქის იდეოლოგიური მოძრაობისა და ვერც ავტორის ნააზრევის ჩარჩოებში, იძლევიან ეკზეგეზას უარყოფით სურათს. DYOVOUNIOTIS-ი არ აქვეყნებს არც ერთ ტექსტს იბერიის ისტორიის შესახებ.

 5 აღნიშნული სიტყვების სია იხ. K. DYOVOUNIOTIS, op. cit., გვ. 40-43 და A. ARGYRIOU, op. cit., გვ. 592-594 (ფრანგული თარგმანი). შევნიშნავთ, რომ ამ სიტყვათაგან ხუთს მჭიდრო კავშირი აქვთ აპოკალიფსის ეკზეგეზასთან.

 6 იხ. ARGYRIOU, op. cit., გვ. 631-642. წმიდათა ათასწლოვან მეფობაზე კირილეს შეხედულებების შესახებ, , ჩემს მიერ გაკეთდა ორი მოხსენება, სტრასბურგსა და თესალონიკში, გამოუცემელია.

 7 აპოკალიფსის მე_2 და მე_3 თავების ეკლესიების გაიგივებას კირილე შემდეგნაირად ახდენს:ეფესო_რომი (§571-643), სმირნა_იერუსალიმი (§644-680), პერგამოსი_კონსტანტინოპოლი (§681-754), თიატირია_ანტიოქია (§755-830), სარდიკია_ალექსანდრია (§831-881),ფილადელფია_იბერია (§882-957)და ლაოდიკია_რუსეთი (§958-1057). მხოლოდ იბერიის ეკლესია არ იყო საპატრიარქო.

 8 იხ. ამ მნიშვნელოვანი ესქატოლოგიური ტექსტის გამოცემა P. G., vol. 107, col. 1141-1149; P.D. STEPHANITZIS, Recueil de divers prédictions, Athènes 1938, pp. 133-139. მოცემულ თემაზე უფრო ზოგადი ცნობებისათვის იხ. ARGYRIOU, op. cit., გვ. 93-113.

 9 იხ. §§ 900, 920, 931, 949-952 და სხვ.

 10 კერძოდ 21-ე თავი, სადაც ზეციური იერუსალიმი ხდება წმიდათა ათასწლოვანი მეფობის იერუსალიმი.

 11 მმართველობა, რომელსაც კირილე ითვალისწინებს წმიდათა ათასწლოვანი მეფობისათვის აღწერილია §§ 5961-6001; მაგრამ სხვა მრავალ ადგილასაც ვხვდებით მის სხვადასხვა ელემენტებს.

 12 თურქების ეპოქაში ნაბუქოდონოსორის ჩვენების საკუთარი განმარტების პირველი მცდელობა განახორციელა ანასტასიოს გორდიოსმა. იხ. A. ARGYRIOU, Traité sur Mahomet et contre les Latins d’Anastasios Gordios (1654-1729), Athèns, 1983, pp.28-29 et 66-68.

 13 იხ. აგრეთვე პერგამოს_კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსისადმი ეპისტოლეს კომენტარი (§§ 681-754).

 14 თავის სიტყვაში წმიდათა ათასწლოვანი მეფობის შესახებ, კირილე განსაკუთრებულად უსვამს ხაზს რუსეთის დამოკიდებულებას ბერძნებისა და ქართველებისადმი; შეგვიძლია ვნახოთ მისი უფრო ზოგადი შეხედულება ამ იმპერიაზე ლაოდიკია_რუსეთის ეკლესიისადმი ეპისტოლეს კომენტარში (§§ 958-1057). ამ გვერდებზე ჩვენ ვამჩნევთ ავტორის ყოყმანს ნათლად გამოხატოს თავისი პოზიცია რუსოფილური იდეოლოგიური მოძრაობის მიმართ, რომელიც რუსეთის სახით ხედავდა მომავალ მესიასა და დამონებული მართლმადიდებლობის გამათავისუფლებელს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც მისი პოზიცია ნათელია, რადგან მომავალი გამათავისუფლებელი იქნება ქართველი სამეფო ოჯახის შთამომავალი.

 15 ეს გამონათქვამი, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნება აპოკალიფსის ყველა ეკზეგეტის მიერ, პირველად იხმარა ანასტასიოს გორდიოსმა ზემოთციტირებულ ნაშრომში.

 16 ტექსტი გამოქვეყნებულია P.D. STEPHANITZIS, op. cit.,გვ.91-132. ამ პოპულარული წინასწარმეტყველებების მრავალი ხელნაწერი არსებობს.

 17 პანტაზეს ლარისელისა და მისი ეკზეგეზების შესახებ იხ. A. ARGYRIOU, op. cit.,გვ.357-399; სახელდობრ იურტზესის შესახებ გვ. 380 და 387-388.

 18 ამ სახელის მატარებელი პირველი ქართველი მეფე იყო გიორგი I (1014-1027); კირილეს პერიოდში ქართლ_კახეთის მეფე იყო გიორგი XII (1798-1800). ჩვენი ნაშრომისათვის გამოვიყენეთ: Al. MANVELICHVILI, Histoire de Géorgie, Paris, 1951, et N. ASSATIANI – Al. BENDIANACHVILI, Histoire de la Géorgie, Paris, 1997.

 19 ისინი ძირითადად ეხებიან იბერიელების სიმამაცეს, სახარებისეულ სათნოებებს და მართლმადიდებელ სარწმუნოებას და აგრეთვე მათ გაქრისტიანებას, მათი ეკლესიის დაარსებას, მეფეების სახელებს, მტრებს და სხვ.

 20 მაგ., §§ 906, 916, 918, 928, 929, 932 939.

 21 კირილე შენიშნავს, რომ ის ახორციელებს განმმარტებლის და არა ისტორიკოსის სამუშაოს. ფილადელფიის ეკლესიისადმი ეპისტოლეს ეკზეგეზაში ის იხსენიებს სტეფანეს ლექსიკონს, ვარინიუსს, ქრისანთოს ნოტარასის სინტაგმატიონს, ეკლესიის ისტორიას (სავარაუდოა მელეტიოს ათენელის) და ზოგადად ისტორიკოსებს. არც ერთი ციტირებული წყარო არ ეხება 1762-1821 პერიოდის იბერიის ისტორიას. შევნიშნავთ რომ კირილე აგრეთვე იყო ოთხი ისტორიული ნაშრომის ავტორი. იხ. K. LAPPAS, Sainte Laure de Kalantyta – A. Textes extraits du Codex du Monastère, Athènes, 1975, (en grec).

 22 A. ARGYRIOU, «L’utilisation de la méthode historique comme méthode par excellence pour l’exégèse de l’Apocalypse à l’époque de la domination ottomane», dans L’Apocolypse de saint Jean. Questions philologiques, hIstoriques, herménevtique et théologiques, Nicosie, 1993, (en grec), pp.65-77.

 23 ერთ ადგილას ის წერს (§5978): «ღმერთი მოუვლენს და უეჭველად დაამსხვრევს ოტომანების ტირანიას. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ღიზიანდებიან, როდესაც ისმენენ ჩემ სიტყვებს ოტომანთა იმპერიის ახლო აღსასრულის შესახებ. სჩანს ამ ადამიანებს უყვართ მუჰამედი (თურქების ხელისუფლება), რადგან კმაყოფილნი არიან იმ სარგებლობით, რომელსაც იღებენ უსამართლო მმართველობაში მონაწილეობით, უკანონო ვაჭრობით, რომელსაც ისინი აწარმოებენ მაღალი თვიური შემოსავლებით, რომლებსაც ისინი იღებენ და სხვადასხვა ძღვენით, რომლებითაც ისინი საჩუქრდებიან ტირანის სამსახურში». აღნიშნული საკითხის შესახებ ყველაზე დამახასიათებელი ტექსტი არის იმათი სია ვინც იძლევა მხეცის ბეჭედს და ვინც იღებს მას. ეს სია კირილემ დაწერა ცალკე ქაღალდზე, როდესაც განმარტა გამოცხ. 13, 16-17. იხ. A. ARGYRIOU, Les Exégèses….. p. 619. შდრ. ჩვენი კომენტატორის კრიტიკის სიმკაცრე მმართველი კლასების მიმართ Hellinili Nomarhia-ს (1806) უცნობი ავტორის კრიტიკას.

 24 A. ARGYRIOU, «Le contenu idéologique des exégèses de l’Apocalypse à l’époque des Lumières grecques», dans 1900e anniversaire de l’Apocalypse de saint Jean, Athènes, 1993, (en grec), pp. 164-181; DU MEME, «Rhigas Velestinlis et les courants idéologiques de son époque», dans Actes du colloque international sur Rhigas Velestinlis, 200 ans après, Bruxelles,1999, (en grec), pp.81-100.

 25 იხ. §§ 1029, 2248, 2347, 2768, 5202, 5677.

 26 კირილე ხშირად უბრუნდება ამ თემას, რადგან იგი უნდა დაუპირისპირდეს ძლიერ ეთნიკურ_რელიგიურ მოძრაობას და აგრეთვე ხელიდან არ უშვებს არც ერთ შესაძლებლობას რათა დაგმოს რუსეთის პოზიციები ზნეობრივ და პოლიტიკურ სფეროებში.

 27 ეთნიკურ_რელიგიური მოძრაობის მომხრეებისათვის, როგორიც იყო კირილე და რუსოფილური წრეების წევრებისათვის, როგორიც იყო თეოდორიტე იანინელი, რევოლუციური საფრანგეთი და ნაპოლეონ ბონაპარტე წარმოადგენდნენ ანტიქრისტესა და მეძავ ბაბილონს. იხ. A . ARGYRIOU, «L’attitude des Grecs face à la Russie orthodoxe et aux Etats occidentaux (1767-1821) telle qu’elle apparaît à travers les textes eschatologiques de l’époque», dans Cahiers de l’Instutut des langues vivantes de Université catholoque de Louvain, Louvain, 30(1982)9-28. რიგას ფერეოსისადმი კირილეს დამოკიდებულების შესახებ იხ. A . ARGYRIOU, «La signification idéologique des jugements de Cyrille Lavriotis concernant Rhigas», dans la revue Hypéreia, Athènes, 1(1990)407-415, (en grec).

 28 ალ. იფსილანტისა და მის არმიას კირილე უძღვნის მთელ გვერდს (§5898), სადაც იგი გმობს მათ ძალადობას მოლდავეთის მოსახლეობის მიმართ და მათ უზნეო ქმედებებს.

 29 მაგალითად ის წერს: «ჩვენ დავინახეთ და ყოველდღე ვხედავთ, რომ რუსეთის ყველა მმართველები დიდნი და მცირენი, გენერლები და ბატალიონის მეთაურები, უგნურ პირუტყვებზე უარესად იქცევიან, რომ ისინი მუსულმანებზე უფრო საშინელ უსამართლობებს სჩადიან, რომ ათეისტ ფრანგებზე უფრო უღმერთონი არიან, მოკლედ ყოველთვის იქცევიან, როგორც ათეისტები და უწესო ხალხი» (§5942). «თვით მართლმადიდებელი რუსეთიც კი ჩვენს გასათავისუფლებლად კი არ იბრძვის, არამედ თავისი ძალაუფლების, სიმდიდრისა და დიდების გამრავლებისათვის» (§191). «როდესაც ისინი (რუსები) იარაღს იღებენ მეძავის (თურქების) წინააღმდეგ, ეს იმისათვის, რომ ჩვენ (მართლმადიდებლებს) დაგვადგან კიდევ უფრო მტანჯველი, მძიმე და დამამცირებელი მონობის უღელი» (§4440).

 30 იხ. § 2774, 2775, 2897, 4034, 4232, 4264.

 31 სხვათა შორის დამახასიათებელი ნაწყვეტი: «ელინების შთამომავალი რამდენიმე ათასი მართლმადიდებელი აჯანყდა და გადაწყვიტეს გათავისუფლებულიყვნენ მონობის უღლისაგან, რომლის ქვეშაც იმყოფებოდნენ. მათ არ ჰქონდათ იარაღი, არ ჰყავდათ ცხენები, არ ჰქონდათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, იყვნენ დასუსტებულნი მონობის გაჭირვებისაგან, მშიერნი, გაუწვრთნელნი, სამხედრო საქმის არმცოდნენი და ყოველგვარი დახმარების გარეშე მყოფნი თავის წარმატებას მხოლოდ ქრისტეს ანდობდნენ. ისინი გათავისუფლდებიან და ფეხქვეშ გათელავენ ტირანიის მძიმე უღელს» (§4072).

 

თარგმანი  ფრანგულიდან – ბასილ კობახიძის

 

http://www.lib.ge/body_text.php?5671

 

 

დატოვე კომენტარი