Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ა. თოთაძე- ოსები საქართველოში I

♥ სამაჩაბლო – Samachablo

ანზორ თოთაძე

ოსები საქართველოში: მითი და რეალობა

მეორე შევსებული გამოცემა

თბილისი 2008

 

ნაშრომში გაშუქებულია ქართულ-ოსური კონფლიქტის ანატომია, ქართული და უცხოური ლიტერატურული წყაროებისა და ოფიციალური დემოგრაფიული მონაცემების ანალიზის საფუძველზე განხილულია საქართველოში XVII-XIX საუკუნეებში ოსების ჩამოსახლებისა და ცხინვალის ძირძველი მოსახლეობის საკითხები, ნაჩვენებია ოსი დილეტანტი მეცნიერების აბსურდული მოსაზრება “სამხრეთ ოსეთის” 1774 წელს რუსეთთან შეერთების შესახებ, მათ მიერ საქართველოს ოსტორიის დამახინჯების არნახული ფაქტები და ქართული კულტურული მემკვიდრეობის მითვისების ცდები, მთელი რიგი ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საქართველოში მცხოვრების ოსების ცხოვრების ყველაზე მაღალი დონე ყოფილ საბჭოთა კავშირში.
რედაქტორი: აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე

რეცენზენტები: პროფესორი ანზორ სახვაძე
პროფესორი ვაჟა გურგენიძე

***

 

კონფლიქტის ანატომია

კავკასიაში შეიარაღებული კონფლიქტები ხშირად მოიხსენიება როგორც ეთნიკური კონფლიქტები, რაც მთელი სისრულით არ გამოხატავს ამ კონფლიქტების ბუნებას. კონფლიქტების მიმდინარეობის ხასიათმა თვალნათლივ დაგვანახვა, რომ კონფლიქტების წარმოშობისა და დღემდე მოუგვარებლობის მნიშვნელოვანი ფაქტორი არის რუსეთის პოლიტიკური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და სხვა ინტერესები. ამიტომ რუსეთი ესწრაფვოდა და ახლაც ყოველმხრივ ესწრაფვის კონფლიქტებს მისცეს მთლიანად ეთნიკური ელფერი, რასაც გარკვეულწილად მიაღწია კიდეც. ამდენად, კონფლიქტები ეთნოპოლიტიკური ხასიათისაა. გამონაკლისს წარმოადგენს კონფლიქტი ჩეჩნეთში, რომელიც ძირითადად უკავშირდება ჩეჩენი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, თუმცა ეთნიკური ელემენტები ამ კონფლიქტისათვისაც დამახასიათებელია.

საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში არა ერთი დიდი თუ მცირე კონფლიქტი მოხდა ეროვნულ ნიადაგზე. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ტოტალიტარული რეჟიმის, გაბატონებული საბჭოთა იდეოლოგიის პირობებში ეროვნულ პრობლემებზე საწინააღმდეგო აზრის ღიად გამოთქმა მეტად საშიში იყო. კომუნისტურ პარტიას მარადიულად მიჩნეული შეხედულებათა სისტემა გააჩნდა, მათ შორის, ეროვნული ურთიერთობების სფეროშიც, რომელიც მკაცრეად იყო გამოვლენილი უპირატესად, საზოგადოებრივი ცნობიერების პოლიტიკურ ფორმაში. არადა ეროვნული პრობლემები განიცდიდა განვითრებას, მწიფდებოდა და საჭიროებდა შესაბამის გადაწყვეტას. ამასთან, ავტონომიების შექმნის დროს ნაკლებად ითვალისწინებდნენ რეალურ ვითარებას, ყველაფერი ერთპიროვნულად კრემლში წყდებოდა. მაგრამ ეს არ იყო ეთნიკური კონფლიქტების წარმოშობის ერთადერთი ფაქტორი. რუსეთს, რომელსაც განუსაზღვრელი ზეგავლენა ჰქონდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე და ცალკეული რესპუბლიკების ხელმძღვანელები შეპასუხებასაც კი ვერ უბედავდნენ თავიანთი ქვეყნების ეროვნული ინტერესების დასაცავად, უცებ აღმოჩნდა, რომ თავისი უპრეცენდენტო გავლენიდან აღარაფერი დარჩა. ოფიციალურად შეუძლებელი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში ადრინდელი ზეგავლენის დაბრუნება. ორპოლუსიანი მსოფლიო, სადაც სუპერსახელმწიფოებს რუსეთი და აშშ წარმოადგენდნენ, ერთპოლუსიანი გახდა. რუსეთმა პოსტსაბჭოთა სივრცეში ზეგავლენის აღსადგენად ცალკეულ რესპუბლიკაში და განსაკუთრებით გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ რეგიონებში მხარი დაუჭირა სეპარატისტულ ძალებს, ზოგჯერ კი თვითონ იზრუნა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლის პირიოდში, ამ ძალების შექმნაზე და შემდეგ ყოველმხრივ შუწყო ხელი ეთნოკონფლიქტების ფართოდ გაღვივებას, რომლებსაც ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მაგალი-თად, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ არა რუსეთის მხარდაჭერა საქართველოში ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები არც წარმოიშობოდა, ან, ყოველ შემთხვევაში, ისინი სისხლისღვრის გარეშე ჩაცხრებოდა. რუსეთს ახლაც შეუძლია ამ კონფლიქტების მყისიერი მოგვარება, თუკი იგი სეპარატისტ ძალებს აგრძნობინებს, რომ არავითარ სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას ისინი რუსეთის მხრიდან არ მიიღებენ და თავის სამშვიდობო მისიას პირნათლად შეასრულებს. მაგრამ რუსეთი იმპერიული მიზნების გამსახორციელბლად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ძველი პოზიციების შესანარჩუნებლად, სადაც კი შეუძლია ან ამის საჭიროებას დაინახავს, ხელოვნურად ახდენს ან ხელს უწყობს ეთნიკური კონფლიქტების გაღვივებას, რაც შეიძლება განზრახ აჭიანურებს კონფლიქტებს, რათა საბოლოოდ ამ რესპუბლიკებში თავისი ზეგავლენა კვლავ მოიპოვოს. ეს კონფლიქტები რუსეთის მეშვეობით არსებობს და ამას ცხადად მოწმობს მთელი რიგი შემდეგი გარემოებები.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვას ემთხვევა ეროვნებათშორისი კონფლიქტები, რაც სრულებითაც არ იყო შემთხვევითი. რუსეთი, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, გავლენის სფეროების დაკარგვას ვერ ეგუება. არც დროსა და სივრცეში ერთმანეთთან დაშორებული მოვლენების მჭიდრო კავშირი იყო შემთხვევითი. ძირითადად მოსკოვიდან იმართებოდა დნეპრისპირეთში, აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში” მიმდინარე მოვლენები. წინასწარ მომზადდა საომარ სიტუაციათა მოდელები. ასე იყო აფხაზეთში, “სამხრეთ ოსეთში” და სხვაგან.

არც ეთნოტერიტორიული კონფლიქტების სპეციფიკური თვისებაა შემთხვევითი. საქართველოში არსებულ კონფლიქტებს მკვეთრად გამოკვეთილი გეოგრაფიული გამოხატულება აქვთ – ეს კონფლიქტები გასდევს რუსეთ-საქართველოს საზღვარს. ამასთან, ს-ქართველოში ცხოვრობენ ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი ეროვნული უმცირესობები, რომელთა რაოდენობა ბევრად აღემატება აფხაზებისა და ოსების რაოდენობას, მაგრამ საქართველოს მათთან შეუდარებლად უფრო ნაკლები პრობლემები აქვს. საქმე ისაა, რომ ისინი ცხოვრობენ რუსეთის საზღვრიდან მოშორებით და რუსეთისათვის ბევრად ადვილი და მოსახერხებელია ეთნო კონფლიქტები შექმნან უშუალოდ მათ მოსაზღვრედ მცხოვრებ აფხაზებსა (რომელთა რაოდენობა ამჟამად აფხაზეთში დაახლოებით 42 ათას კაცს უდრის) და ოსებში (40 ათასი კაცი). ასე, რომ აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი” რუსეთისათვის გადაიქცა საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტად, ისე როგორც რუსეთმა სხვა ყოფილ რესპუბლიკებზე ზემოქმედების სხვადასხვა, ძირითადად მაინც ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ბერკეტი გამოიყენა.

რუსეთს საქართველოზე ზეგავლენა ხელ-ფეხს უხსნის მთელ ამიერკავკასიაში თა-ვისი ინტერესების რეალიზაციისათვის. ამას განსაზღვრავს საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა. კავკასიის რეგიონში ზეგავლენის უზრუნველყოფა რუსეთის ძირითადი პოლიტიკური ამოცანაა, რომლის გადაწყვეტის გარეშე მას არ შეუძლია იყოს დიდი სახელმწიფო. ამიტომ ცდილობს იგი არ დაუშვას სხვისი ზეგავლენა სამხრეთ კავკასიაზე. მაგრამ სულ სხვაგვარად ფიქრობენ აშშ და დასვლეთის სახელმწიფოები. როგორც აღნიშნავენ, რუსეთს არ შეუძლია ამჟამად და არც უახლოეს პერსპექტივაში კავკასიაში ითამაშოს გადამწყვეტი როლი და ამიტომ აუცილებელია “საერთო კავკასიურ პროცესში” აქტიურად ჩაერთონ გავლენიანი მოთამაშეები, უპირველეს ყოვლისა, აშშ და ევრო-კავშირი.

ქართველი და ოსი ხალხების მრავალსაუკუნოვანი, ტრადიციული მეგობრობა, მოყვრობა და ურთიერთნამშრომლობა სერიოზული გამოცდის წინაშე აღმოჩნდა, რაც ჩვენს ხალხებს თავს მოახვიეს გარეშე ძალებმა. ეს ძალები ცდილობენ, ხელი შეუშალონ “ჩატეხილი ხიდის” აღდგენას, რისთვისაც ქმნიან სიყალბესა და სიცრუეზე აგებულ “იდეოლოგიას”. ამის დასტურია თუნდაც მხოლოდ 2006 წელს ოსი სეპარატისი ავტორების მიერ მოსკოვში ზედიზედ ოთხი სქელტანიანი წიგნის გამოცემა; ამით სურთ შექმნან ცრუ წარსული ისტორიის ხელახალი გადაწერის გზით, რათა თავდაყირა დააყენონ ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობის ჭეშმარიტი ისტორია. ყოველივე ეს აფერხებს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობას, საქართველოში მცხოვრები სხვა-დასხვა ერის წარმომადგენელთა ინტეგრაციის პროცესებს.

ასეთ გამოხდომებს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს. ეს საჭიროა როგორც ქართველების, ისე ოსებისათვის, რადგან ცრუ ცოდნა და გაყალბებული ისტორია ნოყიერ ნიადაგს ქმნის ისეთი მავნე მოვლენების განვითარებისათვის, რომლებიც არც ამჟამად და არც მომავალში კეთილად არ წაადგება ჩვენი ხალხების საერთო საქმეს.

უკანასკნელ წლებში მომრავლდა ოსი ცრუმეცნიერების, ფაქტობრივად დილეტანტების, მიერ დაწერილი საკმაოდ სქელტანიანი წიგნები, რომლებშიც საქართველოსა და საერთოდ კავკასიის ისტორია თავდაყირაა წარმოდგენილი. ისინი არაფრისაგან თხზავენ თავიანთ ცრუ ისტორიას, უწყალოდ ამახინჯებენ წერილობით წყაროებს, სტატისტკურ მონაცემებს და, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ცდილობენ სასურველი სინამდვილედ წარმოაჩინონ. ყოველივე ეს ემსახურება ერთ მიზანს _ გაამართლონ საქართველოს მიწა-წყალზე თვითგამოცხადებული “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” ცალკე, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობა, საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. ოს სეპარატისტებს ამ საქმეში გვერდში უდგანან, ყოველმხრივ აქეზებენ და ეხმარებიან რუსეთის რეაქციული ძალები, ურომლისოდაც ისინი ასეთ უხეშ ჩარევას საქართველოს შინაურ საქმეებში ვერ გაბედავდნენ. ოსი სეპარატისტები ხელყოფენ საქართველოს მიწა-წყალს და ქართველთა მიერ თავიანთი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ზრუნვას ქართველთა აგრესიად მიიჩნევენ. დილეტანტი ოსი მეცნიერები სარგებლობენ საქართველოში შექმნილი რთული ვითარებით, რომელიც ყოველთვის თან ახლავს დამოუკიდებლობის მოპოვებას, დემოკრატიული სახელმწიფოს მშებებლობას და გამონაგონი ისტორიით ცდილობენ თავანთი ხალხი დააყენონ აგრესიის გზაზე, შუღლი და მტრობა დათესონ ქართველ და ოს ხალხებს შორის, რომელთაც ურთიერთმეზობლობისა და თანაცხოვრების საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვთ.

ოსი ხალხის ისტორია ძირითადად ქართულ წყაროებშია დაცული, რადგან ოსებს დამწერლობა არ ჰქონდათ. რომ არა ქართული წყაროები, მათ თავიანთი უძველესი ისტორია ფაქტობრივად არც ეცოდინებოდათ. მაგრამ ისინი ამჟამად ქართულ წყაროებს როგორც აწყობთ ისე კითხულობენ და ისტორიულ რეალობებს მრუდე სარკეში წარმოაჩენენ. ავიწყდებათ, რომ უძველესი ქართული ისტორიული თუ ლიტერატურული წყაროები, რომელთა ნაწილი თარგმნილია უცხო ენებზეც, ცნობილია არა მარტო ქართველოლოგებისათვის, არამედ უცხოელი, მათ შორის, ცნობილი რუსი ისტორიკოსებისათვისაც. ამიტომ ვინც წამდაუწუმ სქელტანიან წიგნებს სცემს მოსკოვში და “ვისაც სურს შექმნას ახალი წარსული ისტორიის ხელახალი გადაწერის გზით”, ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ უძველეს ქართულ წყაროებს ბევრად უფრო თვალსაჩინო მკვლევარები სწავლობენ, ვიდრე კონიუნქტურას აყოლილი ოსი დილეტანტი მეცნიერები, რომელთა ნაშრომებში იკვეთება მხოლოდ მათთვის სასურველი ერთი იდეა _ ოსეთი ორი_სამხრეთი და ჩრდილოეთი ნაწილისაგან შედგება. ამისათვის კი საჭიროა ვამტკიცოთ მითი, იმის შესახებ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში და კერძოდ, შიდა ქართლში, ოსები უხსოვარი დროიდან ცხოვრობენ და იგი არასოდეს ყოფილა საქართველოს ტერიტორია, რასაც ისინი დიდი მონდომებით აკეთებენ კიდეც. მათი აზრით, 1774 წელს ერთიანი ოსეთი, როგორც ჩრდილოეთი ისე სამხრეთი, შეუერთდა რუსეთს და საქართველოს არაფერი ესაქმება რუსეთის ტერიტორიასთან. მთელი 70 წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთი, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს ავტონომიურ ოლქს, განიცდიდა კოლონიურ ჩაგვრას და აქ მოსახლე ოსების ცხოვრების დონე უაღრესად დაბალი იყო. ამიტომ, მათივე აზრით, სამხრეთ ოსეთის პრობლემა უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად, რომელიც აღიარებულია გაეროს მიერ და რომელიც იძლევა ხალხთა თვითგამორკვევის გარანტიას. 2006 წლის ივნისში, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა გაააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიის ანექსია მიმდინარეობს და საქართველო “არც ერთ მეტრს” არავის დაუთმობს. ამ განცხადების გაკეთებამდე ცოტა ხნით ადრე რუსული დიპლომატის ლექსიკონიდან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სიტყვიერი აღიარებაც კი გაქრა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთოდ დაივიწყა სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დე იურედ ყოფნა და ბოლო პერიოდში არაერთხელ განაცხადა, რომ ის “საერთაშორისო დონეზე აღიარებული კონფლიქტის ზონაა,” რომლის სტატუსი მოლაპარაკების გზით უნდა განისაზღვროს. რუსეთის საგარეო უწყებამ “ერთა თვითგამორკვევის უფლებაც” გაიხსენა. [1] ამრიგად, ის რაც წიგნებში დაიწერა, უკვე უმაღლესი დონის შეხვედრის დროს ან უშუალოდ მისი მომზადებისას ითქვა. ასე, რომ წიგნების გამოსაცემად ტყუილად როდი იხარჯებიან.

ალბათ, მსოფლიოში არ არსებობოს სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზე მეზობელი ქვეყნის ერის წარმომადგენლებიც არ ცხოვრობდნენ. ახლა მათ რომ ამ სახელმწიფოებში ტერიტორიების მისაკუთრება დაიწყონ ისტორიულ სამშობლოსთან მიერთების მიზნით, მსოფლიო საშინელ ხოცვა-ჟლეტას ვერ გადაურჩება. ამიტომ დიდმა სახელმწიფოებმაც ამ საქმეში საღი აზრით უნდა იხელმძღვანელონ, რადგან ასეთი სრულიად უსაფუძვლო პრეცენდენტების დაშვების შემთხვევაში, ფართო გასაქანი ეძლევა სწორედ საერთაშორისო სამართლით აღიარებული ფუძემდებლური პრინციპების უხეშ დარღვევებს.

საქართველოს მთავარი მდინარის _ მტკვრის დინებამ განსაზღვრა ისტორიული ქართლის ზემო, შიდა და ქვემო ქართლად დაყოფა. ქართველი მემატიანეების, ადრეფეოდალური ხანის ქართული აგიოგრაგიული ძეგლებისა და VII საუკუნის სომხური გეოგრაფიის მიხედვით შიდა ქართლის უძველესი სახელწოდება იყო ზენა სოფელი. საქართველოს ეს ისტორიული პროვინცია XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის მიხედვით მოიცავდა ტერიტორიას “ტფილისითგან და არაგვითგან ვიდრე ტასისკარამდე და ფანვარადმდე”. [2] იმავე მემატიანის თქმით, უფლოსმა, რომელიც იყო ქართველთა ერთ-ერთი ეთნარქის _ ქართლოსის შთამომავალი და რომელსაც “ეპყრა ქუეყანა არაგვითგან და ტფილისითგან ვიდრე ტასისკარამდე და ფანავრადმდე და ამან აღაშენა უფლის-ციხე, ურბნისი, კასპი, არაგვითგან და არმაზითგან ვიდრე ტასისკარ-თამდე უწოდა ამას ქუეყანასა ზენას-სოფლისა, რომელსა აწ ჰქვიან შიდა_ქართლი”. [3] ქართლის (იბერიის) სამეფოს პირველმა მეფემ ფარნავაზ I-მა (ძვ. წ. IV საუკუნის მიწუ-რული და III საუკუნის პირველი ნახევარი) ქართლის სამეფო დაყო საერისთავოებად, მათ შორის ერთ-ერთი საერისთავო იყო შიდა ქართლი, ადრინდელი პერიოდის ზენა სოფელი. მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე, ეს იქნებოდა ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი (რომელიც შიდა ქართლს შუა იბერიის სახელწოდებით მოიხსენიებს) თუ XVIII საუკუნის პირველი ნახევრის გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი, XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ჯუანშერი და სხვა ქართველი მემატიანეები თუ ძვე-ლი ქართველი მწერლები, იტალიელი მისიონერები თუ ევროპელი მოგზაურები, ყველას უკლებლივ შიდა ქართლის ჩრდილოეთ საზღვრად კავკასიონის ქედი მიაჩნია. მართლაც, არა მარტო შიდა ქართლის, არამედ მთელი საქართველოს ჩრდილოეთი საზღვარი კავკასიონის ქედია.

საქართველომ თავის სახელმწიფოებრივ ძლიერებას XII საუკუნესა და XIII საუკუნის პირველ მეოთხედში მიაღწია. ამ პერიოდში იგი ახლო და შუა აღმოსავლეთში უძლიერეს სახელმწიფოს წარმოადგენდა, რასაც მნიშვნელოვანწილად მისი მოსახლეობის რაოდენობაც განაპირობებდა. მართლაც, 1254 წელს, მოსახლეობის აღწერის მონაცემების მიხედვით საქართველოში 8 მილიონი კაცი ცხოვრობდა. [4] აღსანიშნავია, რომ შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა თითქმის მთლიანად ქართველებით იყო დასახლებული და ეს გარემოება არც იტალიელ მისიონერებს გამორჩენიათ მხედველობიდან, რომლებიც დასავლეთ საქართველოში ათეული წლები მოღვაწეობდნენ. თემურლენგის შემოსევების დროინდელ სპარსულ წყაროებში კი დასავლეთ საქართველოში “არაქართველი მოსახლეობის ყოფნისა და არსებობის არავითარი კვალი არ ჩანს”. [5] რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ გარკვეული რაოდენობით მეზობელი, მაგრამ არა ჩრდილოეთ კავკასიელი, ერის წარმომადგენლებიც ცხოვრობდნენ.

საქართველომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აღმოსავლეთში ქრისტიანობის შენარჩუნებაში. ამას უცხოელი მეცნიერებიც აღიარებენ. გერმანელი მეცნიერი კ. კოხი, რომელმაც 1836 წელს იმოგზაურა საქართველოში, აღნიშნავდა: “როდესაც ირგვლივ ბერძნები და მცირე აზიელები თანდათან ისლამის რჯულს იღებდნენ, ქართველები და სომხები (ნაკლებად), თავიანთი მამაპაპური რწმენის ერთგულნი რჩებოდნენ. აღმოსავლეთში ქრისტიანობა სრული განადგურებისაგან მათ გადაარჩინეს”. [6] სპარსელი ისტორიკოსების ცნობით, თემურლენგი დიდ გაკვირვებას გამოთქვამდა იმის თაობაზე, რომ საქართველოში მუსლიმანური ქვეყნების გარემოცვაში როგორ შემორჩა ქრისტიანული სარწმუნოება. იგი იქადნიდა, რომ უსათუოდ გამოასწორებდა წინაპართა მიერ დაშვებულ ამ შეცდომას და ბოლოს მოუღებდა ამ უმსგავსოებას. [7] თემურლენგმა შეძლო ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების, მათ შორის, ოსების ნაწილის გამუსულმანება.

მტრის გამუდმებული შემოსევების შედეგად საქართველო დაიშალა სამეფოებად და სამთავროებად. ამ პერიოდში რუსეთი საგრძნობლად ავიწროებს ჩრდილოეთ კავკასიის ბარის მოსახლეობას, მათ შორის ოსებს, ხოლო ყაბარდოელებმა ოსები საბოლოოდ ჩაკეტეს მთებში. ჩრდილოეთ კავკასიელებს მეტად მძიმე პირობები შეექმნათ არსებობისათვის. თანდათანობით ხდება მათი გადმოსახლება საქართველოში _ კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე. მე-16 საუკუნის ბოლოსა და მე-17 საუკუნის დასაწყისში ასე ჩნდებიან კახეთში _ ლეკები, შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილში _ ოსები და აფხაზეთში _ აფსუები. ცალკეულ სამეფოებად დაშლილ საქართველოს უკვე არ შესწევს ძალა თავისი ქვეყნის ტერიტორია გაანთავისუფლოს მომხდურებისაგან. თავდაპირველად შიდა ქართლის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიის ნაწილში ოსები სახლდებიან ხიზნებად, ქართველი გლეხების გვერდით. შემდეგ, ჯერ ძალის გამოყენებით, მერე და მერე კი შიდა ქართლის ტერიტორიაზე მტრებთან გამუდმებულ ბრძოლებში ქართველი მოსახლეობის დიდი ნაწილის ამოწყდომის გამო, ოსები, ჩრდილოეთიდან გადმოსულ თავიანთი თანამოძმეების ახალ ნაკადებთან ერთად, თანდათანობით მოიწევენ შიდა ქართლის ბარის ტერიტორიაზე და იკავებენ ქართველთა ნასახლარებს ძირითადად ქართველი თავადების _ ქსნის ერისთავების, მაჩაბლების, ამილახვრებისა და ციციშვილების კუთვნილ მამულებში როგორც ხიზნები. ოს მეცნიერს, პროფესორ გ. თოგოშვილს დაწვრილებით აქვს განხილული ოსების ჩამოსახლების საკითხი შიდა ქართლში XVII_XVIII საუკუნეებში. მას მოტანილი აქვს დოკუმენტური მასალა იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობენ ფეოდალები მტრის შემოსევებისა და შინაფეოდალური ბრძოლების შედეგად შიდა ქართლის დაცარიელბული სოფლები კვლავ დაასახლონ1 და ოსები თავის დამოკიდებულებაში მოაქციონ.

მე_19 საუკუნის დასაწყისში ჩნდება ტერმინი “სამხრეთელი ოსი”, ხოლო ამავე საუკუნის მეორე ნახევარში _ “სამხრეთი ოსეთი”. ამ ტერმინების გაჩენა, რუსული იმპერიული ძალების დიდ მცდელობასთან ერთად, იმ გარემოებამაც განაპირობა, რომ შიდა ქართლს ჩრდილოეთით, კავკასიონის ქედის გადაღმა უშუალოდ ესაზღვრებოდა ისტორიული ოსეთი, საკვლევი პერიოდისათვის _ თაგაურის, ქურთათის, ალაგირისა და დიგორის ოსური თემები. ცხადია, ასეთ ვითარებას რომ არ ჰქონოდა ადგილი და ოსეთი უშუალოდ საქართველოს მეზობელი არ ყოფილიყო, მაშინ გაცილებით მეტი რაოდენობითაც რომ ჩამოსახლებულიყვნენ ოსები საქართველოში, მაინც არასოდეს გაჩნდებოდა აღნიშნული ტერმინები და არც მათი ავტონომიის შექმნის საკითხი დაისმებოდა ცენტრალურ საქართველოში, ისტორიულად და კულტურულად ქართულ მიწა-წყალზე, რაც რუსული იმპერიული ძლებით იყო ნაკარნახები. ოსებმა დაიწყეს ბრძოლა ქართული ტერიტორიების მისაკუთრებისათვის. ეს პროცესი საბოლოოდ შიდა ქართლის ანუ ადრინდელი ზენა სოფლის ტერიტორიაზე 1922 წელს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნით დასრულდა.

მანამდე კი, როდესაც საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და 1918-1921 წლებში დემოკრატიულ რესპუბლიკას წარმოადგენდა, ბოლშევიკური რუსეთის კარნახით შიდა ქართლის ოსებით დასახლებულ ტერიტორიაზე რამდენჯერმე მოეწყო აჯანყება დამოუკიდებელი სასქართველოს წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ 1920 წლის 7 მაისს საქართველოსა და რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი უსიტყვოდ სცნობდა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და ვალდებულებას იღებდა არ ჩარეულიყო საქართველოს საშინაო საქმეებში, იგი მანამდეც და შემდეგაც ძირს უთხრიდა საქართელოს დამოუკიდებლობას. ასეთ მძიმე ვითარებაში საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია 1920 წლის 20 მარტს განცხადებით მიმართავს ინგლისის, საფრანგეთის, აშშ-ის, იტალიის წამომადგენლებს თბილისში: “ჩვენ მივიღეთ ფაქტიური აღიარება, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვართ, მაგრამ . . . მხოლოდ შიშველმა აღიარებამ ვერ მოგვცა ვერავითარი უპირატესობა ჩვენი თავისუფლებისა და საელმწიფოებრივი არსებობის ბოლომდე შენარჩუნების საქმეში. . . ჩვენ განსაკუთრებით ჩაგვცა ლახვარი თანხმობის ქვეყნების ჩვენდამი დამოკიდებულებამ ჩვენი ჩრდილო საზღვრების დაცვის საქმეში, საიდანაც ჩვენი სახელმწიფოს დანგრევის მიზნით ბოლშევიკები მოემართებიან. ჩვენ არაერთხელ აღვძარით შუამდგომლობა ამ ბრძოლაში ამუნიციით და სურსათით მხარდაჭერისათვის. მხარდაჭერას დაგვპირდნენ. . . მაგრამ დღემდე ვერ მივიღეთ თქვენგან ვერც ერთი ვაზნა, ვერც ერთი ფუნტი პური. ახლა დადგა მომენტი, როდესაც მეტი ლოდინი შეუძლებელია და დაპირებებით ვერ დავკამყოფილდებით. . . ჩვენ ისევ მარტონი დავრჩით, ან იმის გამო, რომ თქვენი მთავრობები არასაკმარისად არიან ჩახედულნი, ან კიდევ ბოლშევკური რუსეთის მიერ ჩვენი რესპუბლიკის დანგრევა აღმოსავლეთში თქვენი ინტერესების ხელყოფად არ ითვლება.

ასეთ ვითარებაში ჩვენი ხალხის უმაღლესი ინტერესები საქართველოს მთავრობას კარნახობს დაუყონებლივ ეძებოს ხსნის გზები უკვე თქვენს გარეშე, თქვენი ინტერსების გაუთვალისწინებლად”.1

ასეთ მძიმე ვითარებაში, როდესაც რუსეთის წითელი არმიის ნაწილები უახლოვდებოდნენ საქართველოს საზღვრებს, ოსები შიდა ქართლში რამდენჯერმე აჯანყდნენ. რუსეთის მე-11 არმიის ხელმძღვნელობაც საქართველოზე შეტევისა და მისი გასაბჭოების მიზნით იმედს აჯანყებულ ოსებზე ამყარებდა, რომლებიც, აჯანყებულთა მიერ მიღებული მემორანდუმის მიხედვით, მხარს უჭერდნენ “სამხრეთ ოსეთში დაწყეებულ კომუნისტურ აჯანყებებს თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში, სადაც გადატრიალებისათვის ყველაფერი მომწიფებული კი არა, გადამწიფებულიც არის”. [8] აჯანყებული ოსები მოითხოვდნენ ავტონომიას და საბჭოთა რუსეთის შემადგნლობაში შესვლას. ბოლშევიკურმა რუსეთმა 1921 წელს მოახდინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია და 25 თებერვალს გამოაცხადა საქართველოს გასაბჭოება. ოსებმა, ამ საქმეში გაწეული დახმარებისათვის, 1922 წელს სანაცვლოდ მიიღეს ავტონომია ოლქის სტატუსით ისტორიული შიდა ქართლის ტერიტორიაზე.

ამავე დროს ავტონომიური ოლქის შექმნით ჩადებული იყო ერთგვარი შენელებული მოქმედების ყუმბარა ანალოგიური ვითარების შემთხვევაში საქართველოზე ზეწოლის მოსახდენად, რაც შესანიშნავად გამოიყენეს კიდეც რუსეთის რეაქციულმა ძალებმა საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის (1991 წ.) გამოცხადებას შემდეგ. ეს ძალები ყურად არ იღებენ მოვლენების ისტორიული განვითარების კანონზომიერ პროცესებს და ცდილობენ ყველაფერი ისევ ძველ სიცრცეში დააბრუნონ. ამიტომ ისინი ესწრაფვიან რაც შეიძლება გააღრმაონ და გაახანგრძლივონ კონფლიქტი და ამით ზეწოლა მოახდინონ საქართველოზე, რდგან საქართველო ისეთ სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ სივრცეში მდებარეობს, სადაც მრავალია დიდი ქვეყნების ინტერესთა გადაკვეთის წერტილები. როგორც სამართლიანად აღნიშნავს აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე, კონფლიქტის მოგვარება “დამოკიდებულია რუსეთსა და შეერთებულ შტატებზე. ჩვენ სწორედ ამ ორი ზესახელმწიფოს ინტერესებში უნდა ჩავჯდეთ”, [9] მაგრამ ამის საშუალებასაც არ გვაძლევენ.

ამდენად არსებული კონფლიქტი არის პოლიტიკური კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსეთი ცდილობს გადაზარდოს იგი ქართველებსა და ოსებს შორის ეთნიკურ კონფლიქტში, რასაც მიაღწია კიდეც.

ასეთია მოკლედ საკითხის ისტორია. ქართველი ხალხი ცდილობს მშვიდობიანად, უსისხლოდ გადაწყვიტოს კონფლიქტი. კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებისათვის საქართველოს პრეზიდენტის პროგრამა მთელ რიგ მეტად მნიშვნელოვანი ღონისძეიბების განხორციელბას ითვალისწინებს. ხელისუფლება სთავაზობს საქართველოში ოსეთის ავტონომიური სტატუსის მქონე სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს გაცილებით ფართო უფლებებს, ვიდრე ეს იყო ავტონომიური ოლქის არსებობის პირობებში. უპირველეს ყოვლისა, როგორც საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი აღნიშნავს, საქართველოს კონსტიტუციაში უნდა დაფიქსირდეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის პოლიტიკური სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში, რადგან ეს ტერიტორია ამჟამად საქართველოს კონსტიტუციაში არ მოიხსენიება. მაქსიმალური ავტონომიის მიცემასთან ერთად ხელისუფლება მაქსიმალურად განაწილდება ცენტრალური მთავრობის დონეზე, რათა ქვეყანაში არსებული ავტონომიები სრულფასოვნად მონაწილებოდნენ ქვეყნის ცენტრალური მართვაში. შეიქმნება ადლობრივი თვითმმართველობის ორგანოები. საქართველოს პარლამენტში გამოიყოფა ქვოტა ამ ტერიტირიის წარმომადგენლებისათვის. ავტონომიაში ოსურ ენას ექნება ოფიციალური ენის სტატუსი სახელმწიფო ენასთან ერთად. საქართველოს ხელისუფლება მზადაა განახორციელოს სხვა მნიშვნე-ლოვანი ღონისძიებებიც. ამასთან 2004 წელს უკვე დაიწყო პროგრამის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს იმ ეთნიკური ოსების დაბრუნებას, რომლებმაც 1991-1992 წლებში დატოვეს საქართველო.

საქართველოს ხელისუფლება, აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი, მზადაა გააკეთოს ბევრად მეტიც, მაგრამ ამავე დროს იგი არასოდეს დაუშვებს საქართველოს დაყოფას და ჩვენი ქვეყნის რომელიმე ტერიტორიის დამოუკიდებლობის სტატუსის დაკანონებას. საქართველოდან რომელიმე ტერიტორიის ჩამოცილებას ყოველ-თვის გაეწევა მაქსიმალური წინააღმდეგობა და სანამ საქართველო იარსებებს და მას ეყოლება ხელისუფლება ეს არასოდეს მოხდება, ასეთი ილუზიებით არავინ არ უნდა იკვებებოდეს.1 ისტორიული სამართლიანობა მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით უნდა აღსდგეს, რაც ქართველი და ოსი ხალხების მომავალი თანაცხოვრების, ერთმანეთს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენის მტკიცე საფუძველი იქნება. აქეთკენ მიისწრაფის საქართველოს ხელისუფლებაც. ჯერ კიდევ 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტი აცხადებდა: “ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან და მივცეთ მათ გაცილებით უფრო მყარი გარანტიები, ვიდრე ეს ჩრდილოეთ ოსეთს _ ალანიას აქვს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში”. [10]

უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში აღნიშნული კონფლიქტების გარშემო განვი-თარებულ მოვლენებსა და პროცესებს თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისტორია მეორდება. 1918-1920 წლებში და ამჟამად განვითარებული მოვლენები წვიმის ორი წვეთივით გვანან ერთმანეთს. ისე როგორც მაშინ, ახლაც ოსი ექსტრემისტები რუსეთის რეაქციული ძალების კარნახით მოითხოვენ “დამოუკიდებელი რესპუბლიკის” სტატუსს ცენტრალური საქართველოს ტერიტორიაზე და რუსეთთან შეერთებას.

ამ ყოვლად უსაფუძვლო მოთხოვნის შესახებ ცნობილმა მეცნიერმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელმა ს. არუთინოვმა ჟურნალ “როდინას” (# 1, 1992, გვ. 71) კორესპონდენტის კითხვაზე: “გაიხსენეთ, როგორ გამძვინვარდა ეს საძაგელი ხანძარი სამხრეთ ოსეთში მხოლოდ იმიტომ, რომ ოსეთმა თავი გამოაცხადა საქართველოსგან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ”, უპასუხა: “კონფლიქტი გარდაუვალი იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს არავითარი ოსეთი არაა, არამედ ძირძველი ცენტრალური საქართველოა, სადაც ბოლო საუკუნეებში ჭარბად დასახლდა ოსური მოსახლეობა. რა თქმა უნდა, ოსებს აქვთ უფლება იცხოვრონ იქ, მაგრამ გამოაცხადონ თავიანთი სახელმწიფო აღნიშნულ ტერიტორიაზე, ამის უფლება არა აქვთ. სხვა საქმეა ჩრდილოეთ ოსეთი”. [11]

მართლაც, სხვა საქმეა ჩრდილოეთი ოსეთი. წარსულის შეცდომების გაუთვალისწინებლობით შეიძლება კიდევ უფრო დიდი ტრაგედია განმეორდეს.

***

 

ოსების ჩამოსახლება საქართველოში

საქართველოში ოსების თავდაპირველი შემოსვლა მონღოლთა და თემურლენგის მიერ ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ ველებზე ოსების დარბევამ და განადგურებამ განაპირობა; ამ შემოსევების შედეგად ოსები იძულებულნი გახდნენ მიეტოვებინათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები და თავი შეეფერებინათ ცენტრალური კავკასიონის ხეობებში.

XIII საუკუნის მეორე ნახევარში საქართველო მონღოლთა შემოსევებისა და ბატონობის გამო უაღრესად დასუსტდა. მნიშვნელოვნად შემცირდა ბარის მოსახლეობა. ყოველივე ამან ხელსაყრელი პირობები შექმნა შიდა ქართლის მიდამოებში ოსების სამხედრო რაზმების შემოსვლისათვის. ეს მონღოლთა ინტერესების სფეროშიც შედიოდა, რომელთაც ოსები საყრდენ ძალად მიაჩნდათ საქართველოში თავიანთი დამპყრობლური პოლიტიკის გასატარებლად. მართლაც, როგორც ქართველი მემატიანე ჟამთააღმწერელიც აღნიშნავს, 1292 წელს ქართლში უმეფობის პერიოდში “იწყეს ოვსთა ოხრებად, ხოცად და რბევად და ტყვევნად ქართლისა”1 ოსების ქართლში ყოფნა დაახლოებით 30 წელს გაგრძელდა.

ანალოგიურ ცნობას გვაწვდის XVIII საუკუნის პირველი ნახევრის ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი: “იწყეს ოვსთა ოხრება და ტყუევნად ქართლისა და ქალაქი გორი მოსტყუევნეს და დაიპყრეს”. ოსებს სურთ ფეხი მოიკიდონ ქართლში, ქართველ აზნაურთა მიწის მფლობელობა დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ამიტომ “შემოკრბენ ყოველნი ერისთავნი… მოადგნენ გორს და მრავალნი ოვსნი მოსწყდნენ და ქართველნი, და დაწვეს ქართველთა გორი.” ოსებმა დასახმარებლად მუხრანში მყოფ მონღოლებს მიმართეს, რომლებიც თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, ოსებს უჭერენ მხარს და მათი შუამავლობა იკისრეს. მონღოლებმა ქართველებსა და ოსებს შორის “ჰყვეს ზავი”. როგორც ვახუშტი აღნიშნავს, ამიერიდან შეიქმნა მტერობა ოსებსა და ქართველებს შორის მეფე გიორგი ბრწყინვალემდე, რომელმაც განდევნა, “განასხნა” მონღოლებთან ერთად შემოსული ოსები. გიორგი ბრწყინვალემ წაართვა, “წარუხუნა” ოსებს ქართლში დაპყრობილი ციხეები და დაბები, შემუსრა “კავკასსა შინა მყოფნი, ურჩნი მოსრნა და დაიმორჩილნა და მოხარკე ჰყვნა ყოველნი იგინი და დაამშვიდა ქარ-თლი ოვსთაგან, ვინაითგან გზანი ყოველნი თვით დაიპყრნა”.1

ამრიგად XIV საუკუნის დამდეგს, როდესაც მეფე გიორგი ბრწყინვალემ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ერთიანად გაწმინდა საქართველო მონღოლებისაგან, ოსთა მოთარეშე რაზმებიც გაანადგურა და საქართველოდან განდევნა; ამის შემდეგ, თითქმის მთელი ორი საუკუნე ქართული წყაროები ოსთა კომპაქტურ მასებს აღარ მოიხსენიებენ.

როგორც სათანადო ლიტერატურული წყარიებიდან ირკვევა, ოსთა ახალშენები ქართლის მთიანეთში XVII საუკუნის შუა ხანებიდან წარმოიქმნა. ამას საქართველოში ნამყოფი რუსი ელჩის ცნობაც ადასტურებს, რომლის თანახმად იმ ადგილებში 200-მდე ოსი ცხოვრობდა. ოსები XVII_XVIII საუკუნეებში თანდათანობით გადმოდიან საცხოვრებლად ქართლის მთიანეთში. მაგრამ აქ მათ მწირი მიწა და არსებობისათვის მეტად შეზღუდული, არახელსაყრელი პირობები დახვდათ. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, ამ ადგილების “ნაყოფიერება… არს მცირედი”, ოსები მარცვლეულს “ვერ სთესვენ მრავლად, უმიწობისა და კლდოვანობის გამო”. ამიტომ ბუნებრივი იყო ოსების ლტოლვა სამხრეთისაკენ. ამას ხელს უწყობდა ისიც, რომ მტრებთან გამუდმებულ ბრძოლებში ქართლის მოსახლეობა სულ უფრო მცირდებოდა და მათი შევსება მთის ქართველი მოსახლეობით ხდებოდა. ქართველთა ნასახლარ ადგილებს კი ოსები ეპატრონებოდნენ. ასეთი პროცესი უცხო არც ჩვენ საუკუნეში ყოფილა. ცნობილია, რომ კავკასიონის აღმოსავლეთი მთიანი რეგიონიდან ქართველების მასობრივად ბარში ჩასახლების შედეგად იყო ჩრდილოეთ კავკასიიდან მოსახლეობის თვითნებურად გადმოსვლისა და ქართული ტერიტორიების დაკავების ცდები.

ქართული მიწების დასასაკუთრებლად ოსები ძალასაც იყენებდნენ და მათ ჩამოსახლების პროცესს ზოგჯერ მეტად მწვავე ხასითი ჰქონდა. კერძოდ, ერთი ნასყიდობის სიგელის მიხედვით, რომელიც XVII საუკუნის პირველ ნახევარშია შედგენილი (1621-1650 წლებში), ოსები ზემო ჯავაშიც არ სახლობენ. სიგელში ნათქვამია: ამოსწყდა ზემო ჯავა და დაუკაცურდა ოსთაგან, ღმერთი იყოს მოწმე ასე ამოსწყდა, რომ კაცის ნაშენი აღარ იყო-რა”.1 ამრიგად, ოსებს სოფელ ზემო ჯავაში მცხოვრები ქართველები მთლიანად ამოუწყვეტიათ. ზემო ჯავა შემდგომში მაჩაბლებმა ოსებით დაასახლეს. ქართულ მიწებზე ოსების დასახლების პროცესი არც ვახუშტი ბაგრატიონს გამორჩენია მხედველობიდან: “რაოდენნი ოსნი დავსწერეთ ამ ადგილებთა შინა, პირველად სახლეულან ქართველნი გლეხნი. შემდგომად მეპატრონეთა მათთაგან გარდმოსახლებულან ოსნი, და ქართველნი ბართა შინა ჩამოსულან, ვინაითგან მტერთაგან ბარს შინა კაცნი შემცირებულან”.2

ამრიგად, ამ პრიოდში ქართლის მთიანეთში ქართველთა ნასახლარებზე ოსები მკვიდრდებიან. აანალიზებს რა ვახუშტი ბაგრატიონის რუკებს, ჯ. გვასალია სამართლიანად მიუთითებს, რომ “ოსური მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებული სოფლები შიდა ქართლის მთისწინეთსა და ბარში არ არსებობდა, ასეთი სოფლები მხოლოდ ხეობათა სათავეებში იყო”. ოსებით დასახლებული ტერიტორია იმ პერიოდში ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” მხოლოდ მთიან ჩრდილოეთ ნაწილს მოიცავდა. ქართველი გეოგრაფის ვახუშტის მიერ შედგენილ 1735 წლის რუკაზე ოსეთი კავკასიონის ქედის გადაღმა მდებარეობს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებში დაცული ცნობების გარდა ენობრივი მასალა, ოსური ფოლკლორი, შიდა ქართლის მთიანეთის ხუროთმოძღვრების ძეგლები, ეპიგრაფიკა და ტოპონიმები, ცხადად ადასტურებს ოსების ჩამოსახლებას ძირითადად XVII საუკუნიდან. მაგალითად, ცნობილი ოსი მეცნიერი ვ. აბაევი აღნიშნავს: “ისტორიული და ენობრივი ფაქტები მოწმობენ, რომ ქსნის ოსების დასახლება ქსნის ხეობის ახლანდელ ადგილებში მოხდა არც თუ ისე დიდი ხნის წინათ, დაახლოებით უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში”.3 მართლაც, ოსური კულტურის კვალი შიდა ქართლში არსად ჩანს. კერძოდ, ხუროთმოძღვრების ყველა ძეგლი ქართულია. პ. ზაქარაია მიუთითებს: “შიდა ქართლის იმ ნაწილში, რომელსაც “სამხრეთ ოსეთი“ ერქვა, ყველაფერი, რაც მიწიდან არქეოლოგებმა ამოიღეს და რაც მიწის ზემოთ ძეგლი დგას, ქართულია. ეს თავისთავად იმაზე მიგვითითებს, რომ აქ ყოველთვის ქართველი მკვიდრობდა და თუ ვინმე რამეს ქმნიდა და აშენებდა, ისეევ ქართველი იყო. სხვა ერის წარმომადგენლის ხელი აქ მხოლოდ ნგრევაში, ქვეყნის წახდენაში ჩანს”.1

ერთ-ერთი უძველესი დიდი ეკლესია, რომელმაც მრავლჯერ გადაკეთების შედეგად ჩვენამდე მოაღწია გუმბათოვანი ტაძრის სახით, ესაა ნიქოზის ტაძარი. იგი ცხინვალის ახლოს მდებარეობს. მის კედლებზე გვხვდება ქართული წარწერების ფრაგმენტები. იგი თავდაპირველად აიგო მე-5 საუკუნეში. მემატიანე ჯუანშერის ცნობით, მეფე ვახტანგ გორგასალმა “აღაშენა ეკლესია ნიქოზისა საგზებელსა თანა ცეცხლისასა და დასუა ეპისკოპოსი, სადა-იგი ეფლა გუამი წმიდისა რაჟდენისი”.2 ე.ი. ვახტანგმა ააშენა ნიქოზის ეკლესია იმ ადგილას, სადაც წინათ იყო ცეცხლის საკურთხეველი და დასაფლავებული იყო წმინდა რაჟდენი. ვახტანგ გორგასალის მიერ ნიქოზის ეკლესიის აშენების შესახებ ცნობას გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილიც: “მეფემან კათალიკოზად პეტრე დაადგინა მცხეთას და სამოელ მუნვე ზემო ეკლესიასა ეპისკოპოსად; ხოლო სხუანი ეპისკოპოსნი დასხნა: კლარჯეთს, ერუშეთს, წუნას, მანგლისს, ბოლნისს, რუსთავს, ნინოწმიდას, ჭერამს, ჩელეთს, ხორნაბუჯს, აგარაკს, ნიქოზს წმიდის რაჟდენის საფლავსა ზედა”.3 ამრიგად ვახუშტი ჩამოთვლის იმ ქართულ მიწა-წყალს, სადაც მეფემ ეპისკოპოსები “დაადგინა”.

შიდა ქართლის მთიანეთის ეპიგრაფიკული ძეგლები ანალოგიური დასკვნის გაკე-თების საფუძველს გვაძლევს. ამ რეგიონის 32 ეპიგრაფიკული ძეგლი შეისწავლა პროფ. გ. ოთხმეზრუმა. ამ ძეგლებზე წარწრები თითქმის მთლიანად ქართულია (ძალიან მცირე რაოდენობით გვხვდება ბერძნული და სომხური წარწერებიც). ყველაზე უძველესი წარწერა VIII საუკუნეშია შესრულებული, უმრავლესობა კი _ IX_X საუკუნეებში, საკმაო რაოდენობით გვხვდება XVIII საუკუნეში შესრულებული ქართული წარწერებიც. აქ ოსური მოსახლეობის არავითარი კვალი არ ჩანს. შიდა ქართლის მთიანეთის ეპიგრაფიკული ძეგლების შესწავლამ პროფ. გ. ოთხმეზურს საშუალება მისცა გაეკეთებინა შემდეგი დასკვნა: “ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია მთლიანად ქართული წარწერებითაა მოფენილი… როგორც ეპიგრაფიკული ძეგლები ცხადყოფენ, აქ მოსახლეობა ქართული იყო. მხარის გამგებელი ერისთავები თუ ადგილობრივი დიდი ფეოდალები ქართველები იყვნენ, ხოლო მათი სახელმწიფო და საეკლესიო ენა ქართული იყო”.1

შიდა ქართლი და, კერძოდ, მისი მთიანეთი რომ უძველესი დროიდან ქართველებით იყო დასახლებული, ამას სხვა ფაქტორებთან ერთად, აქ გავრცელებული გეოგრაფიული სახელები ანუ ტოპონიმებიც ადასტურებენ. ეს სახელწოდებები ძირძველი, ქართული წარმოშობისაა და მრავალ საუკუნეს ითვლის. ტოპონიმები ერის შორეულ წარსულში ამა თუ იმ რეგიონში ბინადრობის გარკვევის ერთ-ერთ, თუ არა ერთადერთ, საშუალებად გვევლინება. როგორც დიდი ქართველი ისტორიკოსი ს. ჯანაშია აღნიშნავს: “ტოპონიმიკა, კერძოდ, ერთადერთი წყაროა საქართველოს მოსახლეობის შემადგენლობის გასარკვევად იმ ხანისათვის, რომელსაც წერილობითი გარდმოცემის შუქი ვერ სწვდება”.2 შიდა ქართლის ტერიტორიაზე ქართულენოვანი ტოპონიმების ჩამოყალიბება ამ ტერიტორიაზე ქართველი მოსახლეობის ბინადრობას გულისხმობს უხსოვარი დროიდან. ქართველ მეცნიერთა გამოკვლევების თანახმად ლიახვის, ქსნისა და სხვა ხეობების შუა და ზემო ნაწილებში, ანუ გვიან პერიოდებში ოსებით საკმაოდ დაახლებულ ადგილებში, გეოგრაფიული სახელწოდებების უმეტესი ნაწილი ქართველური ენების მიხედვით არის წარმოშობილი. უდავოა, რომ მრავალი ტოპონიმი, კერძოდ, კუცხოვეთი, ჩხორეთი, საცხუმეთი, ჩხუნეთი, ცხმორი, გერი, ფაჩური, ლაფაჩი, ლარგვისი, ლაგური და სხვა, რომლებიც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორეაზეა გავრცელებული, სვანური და ჭანურ-მეგრული წარმოშობისაა და ვარაუდობენ, რომ “შესაძლებელია შიდა ქართლი წარმოადგენდა იმ ტერიტორიის ნაწილს, სადაც მოხდა წინარე ქართველური ენის დაშლა ქართულ, სვანურ და ზანურ ენებად”.3

საერთოდ შიდა ქართლი მოფენილია ქართული ტოპონიმებით, მათ შორის, მისი მთიანეთიც. “სახელწოდებების შეცვლა მოხდა იმ ადგილებში, სადაც ოსობა სახლდებოდა ნასოფლარებსა და აუთვისებლ ადგილებში”. [12] გარდა ამისა ავტონომიური ოლქის შექმნის შემდეგ დაიწყეს ქართული ტოპონიმების წინააღმდეგ გალაშქრება და ზოგიერთ შემთხვევაში მიაღწიეს კიდეც სასურველ შედეგს. მაგრამ საბედნიეროდ ძველი ქართული ტოპონიმების შესახებ ცნობები დაცულია როგორც ქართულ, ისე უცხოურ წერილობით წყაროებში.

ოსების ქართლის შიდა დაბლობში ჩამოსახლება XVIII საუკუნის დასასრულიდან იწყება და ეს პროცესი მთელი XX საუკუნე გრძელდებოდა. ამას, ოსების ქართლის ნაყოფიერ ველებზე დასახლების სწრაფვასთან ერთად, ხელს უწყობდა ზოგიერთი ქართველი ფეოდალის ინტერესებიც _ გარეშე მტრების შემოსევებისა და შინაფეოდალური ბრძოლების შედეგად დაცლილ მამულებში ყმა გლეხთა გამრავლება. სწორედ ამაზე მიუთითებს ერეკლე მეფის მდივნის იესე ბარათაშვილის “ცხოვრება-ანდერძში” მოტანილი ერთ ცნობაც; “ოსეთში კაცი გავგზავნე ოსების საშოვნელად, ბევრი დამეხარჯა, მეპირებიან და ჯერ არა ჩანს რა, _ ეგების ყმა გაგიმრავლდესთ”. ქართველი მოსახლეობა იმდენად შემცირდა გამუდმებული ბრძოლებისა და უფრო მეტად ლეკიანობის გამო, რომ მეფე ერეკლე მეორე იძულებულია ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოიყვანოს ოსები, აქ მათ ცხოვრების სათანადო პირობებს უქმნის. ვინმე ოსს თუჯუკი კუდუხაშვილს აზნაურობაც კი უბოძა ოსების საქართველოში გადმოსახლებისათვის.

საერთოდ XVII_XVIII საუკუნეებში და XIX საუკუნის პირველ ნახევარში ოსები საქართველოში უმინშვნელო რაოდენობით ცხოვრობდნენ. საქართველოში ოსების საცხოვრებლად გადმოსახლება ჩრდილოეთ ოსეთიდან _ მათი ისტორიული სამშობლოდან _ მასობრივად 1860 წლიდან იწყება. ამის შესახებ სანდო წყაროებზე დაყრდნობით უტყუარ ცნობებს გვაწვდის ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლობედია. კერძოდ, 1860 წელს ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები ოსების რაოდენობა 46 802 კაცს უდრიდა, ხოლო საქართველოში, კერძოდ, ქართლის მთიანეთში 19 324 ოსი ცხოვრობდა. [13] ასე რომ, ამ პერიოდში ჩრდილოეთ ოსეთში 2,5-ჯერ მეტი ოსი ცხოვრობდა, ვიდრე საქართველოში. ამავე ენციკლოპედიის მიხედვით 1833 წლის მონაცემებით რუსეთის იმპერიაში 35 750 ოსი ცხოვრობდა და თუ ზემოთ აღნიშნულ პროპორციას მივიღებთ მხედველობაში, მაშინ 1833 წელს საქართველოში ოსების რაოდენობა 14 ათასს უდრიდა. ამავე პერიოდის სხვა წყაროს მონაცემების თანახმადაც საქართველოში 14 ათასი ოსი ცხოვრობდა.1 კიდევ უფრო ადრე, XIX საუკუნის დასაწყისისათვის რუსეთის იმპერიაში ოსების რაოდენობა 25 ათას კაცს უდრიდა.2

საქართველოში ოსების საცხოვრებლად გადმოსახლებასთან დაკავშირებით ჩვენთვის საინტერესოა იმავე ენციკლოპედიაში მოტანილი ცნობა 1880 წლისათვის ოსების რაოდენობის შესახებ. კერძოდ, 1880 წელს ჩრდილოეთ ოსეთში, კავკასიის სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებით, 58 926, ხოლო საქართველოში უკვე 51 988 ოსი ცხოვრობდა. ასე რომ ოცი წლის განმავლობაში _ 1860 წლიდან 1880 წლამდე _ ჩრდილოეთ ოსეთში ოსების რაოდენობა 12 ათასით, ანუ მხოლოდ 1,2-ჯერ გაიზარდა, ხოლო საქართველოში 33 ათასით, ანუ 2,7-ჯერ. აქ ისაა საყურადღებო, რომ ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები 47 ათასი ოსი 20 წლის განმავლობაში მხოლოდ 12 ათასით გაიზარდა, ხოლო საქართველოში გაცილებით მცირე რაოდენობით მცხოვრებმა ოსებმა, კერძოდ, 19 ათასმა, 33 ათასით მოიმატა. მოსახლეობის ასეთ ბუნებრივ მატებას ესოდენ მცირე პერიოდში არ შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა. ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ სწორედ ამ პერიოდში ჩრდილოეთ ოსეთიდან საქართველოში საცხოვრებლად ოსები დიდი რაოდენობთ გადმოდიან. ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ საცხოვრებლად გადმოსული ოსების რაოდენობა. კერძოდ, ცნობილია, რომ XIX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს საქართველოში ყოველ ათას ოსზე გაანგარიშებით საშუალოდ წელიწადში 35,7 ბავშვი იბადებოდა და 14,3 კაცი კვდებოდა3. ამრიგად, ბუნებრივი მატება ოსებში ყოველ ათას სულზე 21,4 კაცს უდრიდა. თუ დავუშვებთ, რომ ამ 20 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ბუნებრივი მატება მოსახლებოის 1000 სულზე 21,4 კაცს შეადგენდა, მაშინ 1880 წელს ოსების რაოდენობა საქართველოში 29014 კაცი უნდა ყოფილიყო. ამ წელს კი ოსების რაოდენობა საქრთველოში 23 ათასით მეტი იყო, რაც შეადგენდა ჩრდილოეთ ოსეთიდან გადმოსახლებული ოსების რაოდენობას მათ ბუნებრივ მატებასთან ერთად. შეიძლება ოდნავ უხეში გაანგარიშებაც გავაკეთოთ. თუ 1860 წელს საქართველოში ოსების რაოდენობა 19 ათასს, ხოლო 1880 წელს 52 ათასს უდრიდა, მაშინ ამ პერიოდში საქრთველოში საშუალოდ ყოველწლიურად დაახლოებით 35 ათასი ოსი ცხოვრობდა; ამრიგად, ერთი წლის განმავლობაში საქრთველოში ოსების ბუნებრივი მატება 749 კაცს შეადგენდა (35 X 21,4), ხოლო 20 წლის მანძილზე 14 980 კაცს. ამდენად, თუ 1860-1880 წლებში ოსების რაოდენობა საქართველოში 33 ათასი კაცით გაიზარდა და აქედან ბუნებრივი მატება 14980 კაცს შეადგენდა, მაშინ, ცხადია, დანარჩენი 18020 ოსი, ანუ თითქმის იმდენივე, რამდენი ოსიც საერთოდ ცხოვრობდა საქრთველოში 1860 წელს, გადმოსახლებულია ჩრდილოეთ ოსეთიდან. აქ ერთი არსებითი მომენტიც უნდა მივიღოთ მხედველობაში.

ოსების რაოდენობა რუსეთის იმპერიაში

 

1833 წ.

1860 წ.

1880 წ.

1897 წ.

  აბსოლუტურად   %-ით  აბსოლუტ.  %-ით აბსოლუტ. %-ით აბსოლუტ. %-ით

 

რუსეთის იმპერია

 

35750

 100.0

66125

100.0

110914

100.0

171716

100.0

  მათ შორის:
თერგის ოლქი
(ძირითადად
 ჩრ. ოსეთი)

25450

72.0

46802

71.0

58926

53.0

96621

56.3

 

საქართველო

 

10300

28.0

19324

29.0

51988

47.0

71508

41.6

 

წყარო: Энциклопедический словарь, т. ХХII с. Петербург, 1897.

А. Гольдштейн. Башни в горах. М., 1977. с. 283.

Осетия и Осетины. С. Петербург, 1994. ამ წყაროს მიხედვით 1833 წელს საქართველოში ოსთა რაოდენობა 19 324 კაცს უდრიდა. ეს, როგორც ჩანს, კორექტურული შეცდომა უნდა იყოს, რადგან 1897 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოცემული ენციკლოპედური ლექსიკონის 22-ე ტომის მიხედვით 1860 წელს ოსების რაოდენობა საქართველოში 19 324 კაცს შეადგენდა.
Первая в сеобшая перепись населения Российской империи 1897 года. Обший свод по империи, т. II, С.Петербург, 1905, с. XV, 43.

ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ 1870-იან წლებში საქრთველოში მცხოვრებ ყოველ 1000 ოსზე წლის განმავლობაში 14,3 ოსი კვდებოდა. მოკვდაობის ეს მაჩვენებელი იმ პერიოდისათვის უაღრესად დაბალია. ყოველ ათას კაცზე სხვა ერის წამომადენლებში ეს მაჩვენებლი თითქმის ორჯერ მაღალია. ამ მოვლენის ასახსნელად ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩრდილოეთ ოსეთიდან საქრთველოში საცხოვრებლად გადმოდიოდა ძირითადად ჯანმრთელი, მხოლოდ ახალგაზრდა და შუა ხნის ასაკის მოსახლეობა, რომელთა შორის მოკვდაობა დაბალია.

ცნობილი რუსი მეცნიერები გ. ჩურსინი, ვ. პფაფი, ნ. დუბროვინი, ლ. ზაგურსკი და სხვ. ოსებს ჩრდილოეთ ოსეთიდან შიდა ქართლში ჩამოსახლებულებად თვლიან. კერძოდ, გ. ჩურსინის აზრით, “სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ოსები, შედარებით ახალმოსულები არიან. ადრე აქ სხვა ხალხი ცხოვრობდა, რომელმაც თავის შესახებ ხსოვნა ბევრი ადგილის გეოგრაფიულ სახელწოდებებში დატოვა”.1 ამავე აზრისაა პროფესორი ვ. პფაფიც: “ყველა ამიერკავკასიელ ოსს ახსოვს, რომ გადმოსახლდა ჩრდილოეთიდან.”2 ამრიგად, როგორც გ. ჩურსინი, ისე ვ. პფაფი ოსებს ახალმოსულებად, ძირითადად მე-19 საუკუნეში გადმოსახლებულებად თვლის. რაც შეეხება აკადემიკოს ნ. დუბროვინს მან კარგად იცის, რომ არავითარი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს და იგი მოიხსენიებს სამხრეთელ ოსებს როგორც “ეგრეთ წოდებულს”. “მცირე მიწიანობის გამო ოსების ნაწილი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე გადმოსახლდენენ… დაიკავეს რა დიდი და მცირე ლიახვის, ქსნისა და მისი შენაკადების ხეობები, ოსები გახდნენ თავად ერსთავებისა და მაჩაბლების ყმები. ეს გადმოსახლებულები შეადგენენ სწო-რედ ეგრეთ წოდებული სამხრეთელი ოსების მოსახლეობას”.3 კავკასიათმცოდნე . ზაგურსკისთვისაც ნათელია, რომ ოსების ისტორიული სამშობლო ჩრდილოეთი ოსეთია: “ძირეული ოსეთი მდებარეობს კავკასიის ქედის ჩრდილოეთის კალთებზე.”4 რუსი მკვლევარების გ. ჩურსინის, ვ.პფაფის, ნ.დუბროვინისა და ლ.ზაგურსკის მხოლოდ ციტირება მოვახდინეთ ს. ლეკიშვილის ნაშრომიდან. [14]

XX საუკუნეში რუსი მეცნიერების აზრი ამ საკითხში არ შეცვლილა _ ფაქტები სხვაგვარი მოსაზრების გამოთქმის საშუალებას არ იძლევა. ჩვენ უკვე ზემოთ აღვნიშნეთ რუსი თუ ოსი მეცნიერების შეხედულებანი ოსების ჩრდილოეთ კავკასიიდან XVII საუკუნის დასაწყისიდან და, განსაკუთრებით, XIX საუკუნის მეორე ნახევარში საქრთველოში გადმოსახლების შესახებ. მრავალთა შორის აღვნიშნავთ მკლევარ ა. გოლდშტეინის მოსაზსრებასაც, რომლის თანახმად ალანები, რომლებმაც VI-IX საუკუნეებში შეაღწიეს ჩრდილოეთ კავკასიის მთებში, შეერივნენ ადგილობრივ მოსახლეობას. X საუკუნეში შექმნეს ახალი ხალხი _ ოსები, მისცეს მათ თავიანთი ენა და თავიანთი სახელი _”ასსა”. ქართველები ალანებს უწოდებდნენ “ოსებს”, ხოლო მათ ქვეყანას _ “ოსეთს”, საიდანაც მომდინარეობს ამ ადგილისა და მისი ხალხის რუსული სახელწოდება. ამრიგად, ოსების ენა მომდინარეობს ალანებიდან, ხოლო კულტურა, ჩვეულება, ფსიქიური წყობა ძირითადად ისეთივეა, როგორც ჩრდილო_აღმოსავლეთი კავკასიის მთიელებისა _ ვაინახების, დაღესტნელების, საქართველოს ჩრდილოეთში მცხოვრები ქართველების.

XII საუკუნეში ალანიის მნიშვნელოვანი ნაწილი დამოკიდებული იყო საქართველოზე. X_XII საუკუნეებში მთიან ოსეთში გავრცელდა ქრისტიანობა საქართველოდან. იქ ქართველები აშენებენ ტაძრებს. ერთ-ერთი ასეთი შესანიშნავი ტაძარი მიუვალ ხეობაში ნახა მკვლევარმა ვ. პფაფმა. ტაძარი დეკორის ელემენტებისა და სხვა ნიშანთა მიხედვით XI საუკუნით თარიღდება.

XIII საუკუნეში ალანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ მდინარე დონის აუზსა და წინაკავკასიის დაბლობზე, თათარ-მონღოლთა შემოსევებმა სასიკვდილო დარტყმა მიაყენეს. მათი მიწები დაიკავა ოქროს ურდომ. ალანები საბოლოოდ გაანადგურა თემურლენგმა XIV საუკუნის დასასრულს.

თათრების დასუსტების შემდეგ წინაკავკასიის სტეპებს იკავებენ ყაბარდოელები. XV_XVIII საუკუნეების განმავლობაში განუწყვეტელი ომი მიმდინარეობდა ყაბარდოელებსა და ოსებს შორის. ყაბარდოელებმა დაიპყრეს ოსეთის მთისწინა დაბლობი და დაიწყეს მთის ხეობებში ღრმად შეღწევა. იმ ოსებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ მთისწინეთსა და დაბლობ ადგილებში და ყაბარდოელების ძალაუფლების ქვეშ მოექცნენ, მიიღეს მუსულმანობა და გახდნენ ყაბარდოელი ფეოდალების მოხარკენი. მთის მოსახლეობა კი, რომელიც ჩაკეტილ, მიყრუებულ, მივარდნილ ხეობებში ცხოვრობდა, უბადრუკი ცხოვრებისათვის იყო განწირული. ამ პერიოდში ოსები გადადიან კავკასიონის ქედის სამხრეთ მხარეზე (საქართველოს სსრ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ამჟამინდელი ტერიტორია), სადაც ისინი ჩვეულებრივ ქართველი ფეოდალების ყმები ხდებოდნენ. [15]

ყაბარდოელების მიერ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ოსების ბედი არც ევროპელ მოგზაურებს გამორჩენიათ მხედველობიდან. მაგალითად, იაკობ რაინეგსი (1744-1793) აღნიშნავდა: “ყაბარდოელები, სანამ ესენი დამოუკიდებლობის ხანაში ვაკე ადგილების ბატონები იყვნენ, ოსებს ამუშავებდნენ როგორც ყმებს და ყიდდნენ მათ, როგორც კი მთიდან ჩამოსულთ სადმე ხელთ იგდებდნენ. ჯერაც არიან მოხუცი ოსები, რომლებიც ამით დაშინებულნი, არასოდეს თავის მთებს არ სცილდებიან და არასოდეს არ შეუწუხებიათ თავი იმაზე ფიქრით, კავკასიისა და მათ გარდა სხვა სამყარო და ხალხი არსებობს თუ არა”. [16] ბუნებრივია, კავკასიის ქედის მიუვალ ხეობებში შეყუჟული ოსები, მძიმე საარსებო პირობებისა და მუდმივი შიშის გამო, საცხოვრებლად კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე, შიდა ქართლის მთიანეთში გადადიოდნენ, შემდეგ, საარსებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, თანდათანობით იწევდნენ ბარისაკენ და ქართველი ფეოდალების მიწებზე ხიზნებად სახლდებოდნენ. ცნობილი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელმაც საქართველოში 1672-1673 წლებში იმოგზაურა, აღნიშნავს, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით ალანები ცხოვრობენო. [17] ამ ალანებში, რა თქმა უნდა, ოსები იგულისხმებიან.

კავკასიონის მთების კალთებზე ოსების ცხოვრების შესახებ მიუთითებს გერმანელი მეცნიერ-მოგზაური მორიც ვაგნერიც, რომელმაც 1843-1846 წლებში მოიარა კავკასია, კერძოდ, შავი ზღვის ნაპირას მდებარე ქვეყნები, სომხეთი, ქურთისტანი და სპარსეთი. იგი აღნიშნავს: “ოსები, რომლებიც ცხოვრობენ კავკასიის უმაღლეს ალპურ ქედებზე, ქრისტიანები არიან. ისინი ტფილისში ჩვეულებრივ მოდიან, რათა ტვირთის გადაზიდვით და მძიმე დღიური სამუშაოთი გარკვეული რაოდენობის ფული იშოვონ… რათა დააგროვონ მცირე კაპიტალი და … მთებში უკან დაბრუნდნენ”. [18]

ახლანდელი ცხინვალის რეგიონი რომ მთლიანად ქართული მიწა-წყალი იყო, ეს ნათლად ჩანს ოსმალო ავტორის გურჯიზადეს თხზულებიდან “თბილისის დაპყრობის წიგნი”, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან ცნობებს XVIII საუკუნის I მეოთხედის ქართლის ისტორიისათვის. გურჯიზადე აღნიშნავს, რომ ქართლის მეფე ვახტანგ VI იმყოფებოდა თავის სამფლობელოში _ ცხინვალის სახელით ცნობილ მხარეში, ქართველთა ვრცელ სანადირო ადგილებში. სწორედ აქ ოსმალთა ლაშქარი “ცხინვალად წოდებულ ყბადაღებულ ადგილს მიუახლოვდა. ისლამის წინააღმდეგ აღმდგარმა აჯანყებულმა ქართველებმა… მოლაპარაკებას ბრძოლა არჩიეს”. [19]

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოსების ჩრდილოეთ ოსეთიდან, მათი ისტორიული სამშობლოდან საქართველოში გადმოსახლების საკითხი ქართულ წერილობით წყაროებსა და ქართველ მეცნიერთა შრომებში არავითარ ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ჩვენ აქ, გარკვეული მოსაზრებით, უმთავრესად მხოლოდ ოსი და რუსი მეცნიერების შეხედულებები გადმოვეცით. ამ საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია ერთი ფაქტიც. სიტყვა დაოსებული ქართულ მეტყველებაში საქართველოში ოსების ჩამოსახლების პერიოდიდან ვრცელდება. დაოსებული ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, ნიშნავს ძალიან დაღლილს, დაქანცულს, მისუსტებულს. მართლაც, საქართველოში გადმოსახლებული ოსები უკიდურესი სიღარიბის გამო ძალაგამოლეულები და მისუსტებულები იყვნენ. ჩვენი აზრით, ეს ფაქტიც ოსების გადმოსახლებაზე ლაპარაკობს. საერთოდ, ეთნიკური სახელები ქართულ მეტყველებაში ხშირად იყო გამოეყენებული ნეგატიური შეფასებისათვის, კერძოდ, იუდა, ურია, ჩაჩანი, ჯავახი (ჯიუტი) და სხვა. მაგალითად, და-ჩაჩანაკებული დაკავშირებულია ჩაჩანთან, ასევე დაოსებული შეიძლება დაკავშირებული იყოს ოსთან.

მოტანილი მასალა, ვფიქრობთ, საკმარისია საკვლევ პრობლემებში სიცხადის შეტანის მიზნით, მით უმეტეს, ჩვენი ნაშრომის სხვა თავებშიც ქართველი, ოსი, რუსი და ევროპელი მეცნიერების არაერთი ანალოგიური თვალსაზრისი მოგვყავს.

ამრიგად, მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან ოსები მასობრივად გადმოდიან საცხოვრებლად საქართველოში. ისინი ქართლის ბარის რაიონებშიც სახლდებიან და ამაში არავითარ შეზღუდვას არ განიცდიან. ოსთა კომპაქტური დასახლებები ჩნდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ახლანდელი ქარელისა და ბორჯომის რაიონებში (მაგალითად, ბაკურიანში 1885 წელს 71 ოსი ცხოვრობდა) და სხვა;

როგორც ოსი მეცნიერი გ. თოგოშვილი აღნიშნავს “ოსები ცდილობდნენ ყიდვის გზითაც შეეძინათ მიწა მიწის მესაკუთრეთაგან, ხიზნად ეწყობოდნენ ან სახელმწიფო მიწებზე სახლდებოდნენ. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ სამხრეთ ოსებს არ ეხება. XVIII ს-ის მსგავსად, თაგაურელი ოსები კვლავ დიდად დაინტერესებული ჩანან საქართველოში გადმოსახლებით… XIX ს. 40-50-იანი წლებით თარიღდება თრიალეთელი ოსების დასახლება”. [20] ამასთან სათანადო დოკუმენტები ცხადყოფენ, რომ XIX საუკუნის დამლევს ოსური სოფლები კახეთშიც იქმნება. ამის შესახებ ოსი მეცნერი პროფ. ბ. კალოევი მიუთითებს: “XIX საუკუნის განმავლობაში ოსების დიდი რაოდენობა დამკვიდრდა საქართველოს დუშეთისა და გორის რაიონებში, XX საუკუნის დასაწყისში ზედა და ქვედა კახეთის ტერიტორიაზე 30-ზე მეტი ოსური დასახლებული პუნქტი წარმოიქმნა. ეს ოსები დაფუძნდნენ თავადების მიწებზე”. [21]

ოსების ინტენსიური დასახლება ქართლისა და კახეთის ბარის ტერიტორიაზე მთელი მე-20 საუკუნის მანძილზე გრძელდებოდა. თუ 1926 წელს საქართველოში ოსების რაოდენობა 113 ათასს უდრიდა და აქედან 60 ათასი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიზე ცხოვრობდა, ხოლო 53 ათასი მის ფარგლებს გარეთ, 1989 წელს უკვე საქართველოში ოსების რაოდენობამ 164 ათასი შეადგინა და მათ შორის 65 ათასი ყოფილ ოლქში, ხოლო თითქმის 100 ათასი მის ფარგლებს გარეთ, ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში ცხოვრობდა.

თუ ზემოთ აღნიშნულ მონაცემებს გავაანალიზებთ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ყურადღებას ის გარემოება მიიპყრობს, რომ 1926-1989 წლებში ყოფილ ავტონომიურ ოლქში ოსების რაოდენობა უმნიშვნილოდ გაიზარდა _ 4,8 ათასით, ანუ 8 პროცენტით, ხოლო ოლქის ფარგლებს გარეთ საქართველოში კი 47 ათასით, ანუ 87 პროცენტით. ეს იმის შედეგი არის, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან ოსი მოსახლეობის ნაწილი საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში გადადის საცხოვრებლად. ასე რომ, ოსების მიერ საქართველოს ტერიტორიის ეთნიკური ათვისება მთელი მე–20 საუკუნის მანძილზე ინტენსიურად მიმდინარეობდა.

სწორედ ამის შედეგად 1989 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემების მიხედვით ოსები ქარელის რაიონში შეადგენდნენ მთელი მოსახლეობის 15 პროცენტს, ახმეტის რაიონში _ 11 პროცენტს, გორისა და კასპის რაიონებში ათ–ათ პროცენტს, ლაგოდეხისა და ბორჯომის რაიონებში – რვა–რვა პროცენტს, და ა. შ. დიდად გაიზარდა ოსების რაოდენობა თბილისში. თუ 1886 წელს თბილისში 314 ოსი ცხოვრობდა, ხოლო 1922 წელს – 1446, 1989 წელს დედაქალაქში 33 ათასი ოსი ცხოვრობდა, ე.ი. ერთ საუკუნეში თბილისში ოსების რაოდენობა 105-ჯერ გაიზარდა, ხოლო უკანასკნელი 60 წლის მანძილზე – 23-ჯერ. მართლაც, როგორც 1989 წლის მოსახლეობის აღწერამ გვიჩვენა, თბილისში მცხოვრებ ოსთა მხოლოდ ნახევარი (16 ათასი) იყო თბილისში დაბადებული.

აღსანიშნავია, რომ ოსები საქართველოში სხვადასხვა გზებით გადმოდიოდნენ, პროფ. ნ. ბერძენიშვილს ოსების ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოჭრის მთავარ გზად დიდი ლიახვის ხეობა–დვალეთის გზა მიაჩნდა. ქართულ ისტორიულ წყაროებსა და ვახუშტის თხზულებაში გავრცელებულია ამ გზის მარშრუტები. ყოველივე ეს მით უფრო არსებითია, რომ, როგორც ოსი პროფესორი გ. თოგოშვილი აღნიშნავს, “დღესაც ზოგიერთი მკვლევარი ქართლში მოქმედ ოსებს დარუბანდის გზით მოსულებად თვლის და დასავლეთის გზით მათი მოძრაობა კი უსაფუძვლოდ, გამორიცხულად მიაჩნია.”1 ამ საკითხს სპეციალური ნაშრომი მიუძღვნა პროფ. დ. გვრიტიშვილმა. მისი მოსაზრების თანახმად, რომელიც ისტორიკოს–მოგზაურთა ცნობებსა და უშუალოდ პირად დაკვირვებას ემყარება, გზა-ბილიკები ჩრდილოეთ კავკასიიდან უმთავრესად არაგვის, ქსნის, პატარა ლიახვისა და დიდი ლიახვის ხეობაში გადმოდიოდა და აქედან ქართლის ველებში მიემართებოდა. აღნიშნულ ხეობაში მთავარი გადმოსასვლელები იყო: 1. როკის გადმოსავალი, რომელიც დიდი ლიახვის ხეობას ოსეთთან აკავშირებდა; 2. ბახ–ფანდაგის გადმოსავალი, რომელიც როკის გადმოსავლის დასავლეთით მიემართებოდა. ამ გზას ოსები “ურმის გზის”, “მარხილის გზის”, “საცალფეხო ბილიკის” გზებისგან განსხვავებით “ცხენის გზას” უწოდებდნენ, რადგან ოსურად “ბახ” ცხენს, ხოლო “ფანდაგ” – გზას ნიშნავს. ბახ–ფანდაგის გადმოსავალის დასავლეთით მდებარეობდა ზეკარის გადმოსავალი, რომელიც უერთდება როკის გზას; 3. ძედოს გადმოსავალი, რომელიც რამდენიმე განშტოებად იყოფა. ერთი ხველასთან უერთდება როკის გზას, ხოლო მეორე ჯავა – ონის, ე. წ. “ ჩასავლის” გზას უერთდება, იგი ონში გადადის. 4. მამისონის გადმოსავალი, რომლითაც ოსეთის სამხედრო გზა არდონის ხეობაში გადადიოდა. ამ გზაზე გაცხოველებული მიმოსვლა იყო და იგი ქართველებს საგანგებოდ ჰქონდათ გამაგრებული; 5. სბის გადმოსავალი, რომელიც სხვადასხვა ხეობების გავლით საბოლოოდ როკისა და კობის გზებს უერთდება. ამ მთავარი სამიმოსვლო გზების გარდა სხვა ბევრი მცირე გადმოსავლიც იყო. ამ გზებით ოსებს შეეძლოთ საქართველოსთან ურთიერთობა ჰქონოდათ. ვის ხელშიც იყო ეს გადმოსასვლელები და გზა–ბილიკები, მას ეკუთვნოდა ამ ტერიტორიის კონტროლიც. ამიტომ იყო, რომ საქართველოს სახელმწიფოს მესვეურები მუდმივად ზრუნავდნენ გადმოსასვლელების გამაგრებას, “რათა არ ვიდოდნენ თვინიერ მათსა ოვსნი”, და როცა საქართველომ ვეღარ შეძლო ჩრდილოეთის ამ საზღვრის დაცვა, შედეგიც შესაფერისი მოჰყვა, მან დაკარგა ზემოდასახელებული რაიონები, სადაც ჩრდილოეთიდან მოსული ოსები დასახლდნენ”1.

 

***

 

ცხინვალის ძირძველი მოსახლეობა

 

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დედაქალაქ ცხინვალში XX საუკუნემდე ოსებს არასოდეს უცხოვრიათ. იგი ყოველთვის ქართული ქალაქი იყო.

ცხინვალსა და მის მიდამოებში წარმოებული არქეოლოგიური გათხრები მოწმობენ, რომ ცხინვალი საქართველოს ერთ–ერთი უძველესი დასახლებული პუნქტია. ფეოდალური საქართველოს ქალაქების ისტორიისა და საქალაქო წყობის ცნობილი მკვლევარის შ. მესხიას აზრით, ცხინვალი წინა ქრისტიანულ ხანაშიც მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა.

სახელწოდება ცხინვალი წარმოდგება მცენარე რცხილადან. ძველ ქართულში ამ მცენარეს ქრცხილას უწოდებდნენ, ამიტომ ძველ ქართულ წყაროებშიც ცხინვალი მოიხსენება ქრცხინვალის სახელწოდებით. 1344 წლის ერთ–ერთ სიგელში იგი მოხსენებულია როგორც ვაჭრებით დასახლებული პუნქტი, [22] რასაც, უეჭველია, მისი ადგილ-მდებარეობაც უწყობდა ხელს. როგორც ქალაქი, ცხინვალი პირველად 1392 წლის მცხეთურ სიგელში იხსენიება. ისტორიული წყაროების ცნობებით XIV – XVI საუკუნეებში ცხინვალი დასახლებული იყო სვეტიცხოვლის მონასტრის ყმებით. მცხეთის კათალიკოსს მე–18 საუკუნეშიც ჰყავდა ცხინვალში ყმა ვაჭრები.

ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ქართლში 14 მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტია, რომელთაგან უმთავრესი ქალაქებია მხოლოდ ორი – თბილისი და გორი. დანარჩენი 12 “მცირე ქალაქებს” წარმოადგენდნენ, რომელთა შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა ცხინვალი. მე–18 საუკუნის პირველი ნახევრის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე ალ. ამილახვარი “გეორგინულ ისტორიაში” ცხინვალს “ყოველთვის ქართლის ქალაქად მოიხსენიებს და გორის შემდეგ მეორე ადგილს აკუთვნებს”. [23] ამ პერიოდში იგი სამეფო ქალაქად ითვლება.

ცხინვალს, როგორც ქალაქს, ჰქონდა სასიმაგრო ნაგებობანი. სათანადო საბუთებში მოიხსენიება ცხინვალის ციხე და “ქრცხინვალის გალავანი”, რომელიც საგანგებო თხრილითაც ყოფილა გამაგრებული. როგორც შ. მესხია აღნიშნავს, გვიან ფეოდალურ საქართველოში ქალაქებს, რომლებსაც ციხის გარდა იცავდა ქალაქის კედლები ან მისი მსგავსი სასიმაგრო ნაგებობანი (თხრილები, კოშკები) მიეკუთვებოდა თბილისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ცხინვალი.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ბატონიშვილი ვახუშტის გადმოცემით, გიორგი სააკაძე იყო “მოურავი ტფილისისა, ქცხინვალისა და დუალეთისა.” ამასთან ცხინვალის მოურავობა მეფეთაგან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ბოძებული ჰქონდათ ამილახვართა გვარის წევრებს _ ამილახვრიშვილებს, თუმცა იყო შემთხვევებიც, როცა ცხინვალს მოურავი არ ჰყავდა და მის მოვალეობას სხვა მოხელე ასრულებდა. სწორედ ამის შესახებ მეტყველებს 1766 წლის ერთ – ერთი დოკუმენტი, რომლის თანახმად სამოურავო გამოსაღებს მეფე და ციხისთავი იყოფდნენ. [24]

თუ ყოველივე ზემო აღნიშნულს გავითვალისწინებთ და ბევრ სხვა დოკუმენტსა და საბუთსაც მივიღებთ მხედველობაში, მაშინ შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ცხინვალი სხვა ქალაქებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ეკნომიკურ ცხოვრებაში.

მე–18 საუკუნის და უფრო ადრეული პერიოდის ცხინვალის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ცნობები თითქმის არ მოგვეპოვება. ვიცით მხოლოდ ის, რომ 1770 წლის აღწერით ცხინვალში 700 კომლი ცხოვრობდა. სამაგიეროდ, სხვადასხვა პერიოდის ლიტერატურული წყაროებით და საბუთებით ჩვენთვის ზედმიწვენით ცნობილია მისი ეროვნული შემადგენლობა.

როგორც ჩანს, აქ უძველესი დროიდანვე ცხოვრობდნენ ქართველები, ებრაელები და სომხები. მეტი სხვა ეროვნების წარმომადგენელს აქ არასოდეს უცხოვრია. როგორც XVIII საუკუნის პირველ ნახევრის გამოჩენილი მოღვაწე, ისტორიკოსი და გეოგრაფი ბატონიშვილი ვახუშტი აღნიშნავს, “დიდის ლიახვის კიდეზედ არის მცირე ქალაქი ქცხინვალი, კეთილ – ჰაოვანი, მსახლობელნი არიან ქართველნი, სომეხნი, ურიანი, [25] ანალოგიურ ცნობას ვხვდებით ცხინვალის მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის შესახებ ვახტანგ მეექვსის “დასტურლამალშიც”. კერძოდ, ცხინვალის მოსახლეობა ვალდებული იყო მეფისათვის ყოველწლიურად ეძლია ღვინო 28 კოკა, დაემუშავებინა ბატონის ვენახი; ამასთან, მათ “ზოგჯერ კვერნა შეეწერება, ქართველმა, სომეხმა, ურიამ უნდა გამოიღოს, რაც იქ მოსავალი მოვა იმათვე მოიტანონ” [26]

ამასთან ცხინვალი და საერთოდ მთელი შიდა ქართლი ქართულ წყაროებში ყოველთვის განიხილება, როგორც ქართლის განუყოფელი ნაწილი. მაგალითად, ამის შესახებ ბატონიშვილი ვახუშტი შემდეგს აღნიშნავს: “იდგა რა მეფე ლუარსაბ (საუბარია ქართლის მეფე ლუარსაბ II–ზე, რომელიც 1606 – 1614 წლებში მეფობდა–ა. თ.) ქცხინ-ვალს, რამეთუ ჟამად მოვლიდიან თუისთა ქვეყანათა ყოველთა” [27] ცხინვალი არა ერთხელ იქნა აოხრებული და განადგურებული მტრის მიერ, მას არც შინაური მტერი აკლებდა ხელს. მაგალითად, 1772 წელს კახეთიდან კაპიტანი ი. ლვოვი ატყობინებდა გრაფ ნ. პანინს, რომ თავადი ხიდირბეგიშვილი, რომელიც განაწყენდა ერეკლე მეფეზე, საქართველოდან გადავიდა ახალციხეში და რამდენიმე დღის შემდეგ ღამით შემოიყვანა ცხინვალში თურქები და ლეკები, გაძარცვა იგი, ტყვედ აიყვანა 306 ორივე სქესის ქართველი და წაიყვანა ახლციხეში [28].

ახლა იმის შესახებაც უნდა ითქვას, თუ რამ განაპირობა ცხინვალში ქართველებთან ერთად ებრაელებისა და სომხების შედარებით დიდი რაოდენობით ცხოვრება. ცხინვალი, ისე როგორც ონი, სადაც ასევე ადრიდანვე დიდი რაოდენობით ცხოვრობდნენ ებრაელები, მდებარეობდა ჩრდილოეთ კავკასიიდან, ქართლიდან და ზემო რაჭიდან მომავალ გზებზე და ამდენად თავიდანვე წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს. სომხები და ებრაელები კი, როგორც ცნობილია, საქართველოს ქალაქებში ძირითადად ვაჭრობას მისდევდნენ.

არც მთელი მეცხრამეტე საუკუნის მანძილზე შეცვლილა ცხინვალის მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა. როგორც მოსახლეობის აღწერები და სხვა დოკუმენტები ადასტურებენ, ცხინვალში მხოლოდ ქართველები, ებრაელები და სომხები ცხოვრობდნენ. მართალია, იგი ამ პერიოდში უკვე ქალაქად არ მოიხსენიება, მაგრამ ცხინვალი ყველგან აღინიშნება როგორც ქართული სოფელი. კერძოდ, ამას აღნიშნავენ XIX საუკუნეში საქართველოში მცხოვრები რუსი მოხელეებიც.

ცნობილია, რომ გასული საუკუნის პირველ ნახევარში რუსი გენერლები მრავალგზის მიუთითებენ ოსების მიერ ქართული სოფლების დარბევაზე, ძარცვა-გლეჯაზე და ქართველების მკვლელობაზე. XIX საუკუნის ცნობილი საზოგადო მოღვაე ს. მგალობლიშვილი იგონებს: “ლეკთა თარეში რა მოსატანია, ან რა შესადარებელია ოსთა თარეშობასთან. ოსები ყველა თავად მაჩაბლებისა და ერისთავების ყმები იყვნენ, შემდეგ და შემდეგ, როცა გამრავლდნენ, სხვადასხვა თავადთა და აზნაურთა მამულებში გაიხიზნენ და მოედვნენ თითქმის მთელს ქართლის მთა-ტყეებსა… ოსები მთა-ტყეებში ცხოვრობდნენ; სახნავ-სათესი არ ჰქონდათ… ოსების ნაწილი ქურდობა _ ავაზაკობას მისდევდა… დაირღვა მყუდროება სოფლისა, ლეკს მორჩნენ და ოსებმა უარესი დღე დააყენეს”.1 ამ ბოროტების აღმოსაფხვრელად რუსი გენერლები გადაუდებელ საჭიროებად თვლიდნენ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. გენერალი ტორმოსოვი 1809 წელს ავაზაკობისათვის ხუთ ოსს უსჯის სიკვდილს ჩამოხრჩობით. უფრო მოგვიანებით, 1824 წელს გენერალი ხონევი უპატაკებს გენერალ ერმოლოვს: იმისათვის, რომ შეწყდეს ქართველებზე თავდასხმები და მათი ძარცვა-გლეჯა ოსების მხრიდან, ქართლის მცხოვრებთ უნდა მივცეთ საშუალება დაიცვან თავი მძარცველებისაგან იარაღით, ისე როგორც კახეთის მცხოვრებნი იცავენ თავს ლეკებისაგან. ამიტომ ქართველს მძარცველის მკვლელობისათვის კანონის წესით დევნას ნუ დავუწყებთ. ჩავაგონოთ როგორც მემამულეებს, ასევე ქართლის მცხოვრებლებს, რომ ისინი პასუხს არ აგებენ ბოროტმოქმედთა და ავაზაკთა მკვლელობისათვის. ქართველები მხოლოდ ვალდებული გავხადოთ ყოველი ასეთი შემთხვევა შეატყობინონ ადგილობრივ ხელმძღვანელობას, კერძოდ, რომ ესა თუ ის ოსი მოკლულია თავდასხმისა თუ ძარცვის დროს.2

როგორც ჩანს, ისე ხშირი იყო ოსების მხრიდან გორის მაზრაში მკვლელობები, ძარცვა და ადამინათა ტყვედ წაყვანა, რომ გენერალი ახვერდოვი გენერალ ტორმოსოვისადმი გაგზავნილ პატაკში საჭიროდ თვლის ოსებს, რომლებსაც ესაჭიროებოდათ “სავაჭროდ ჩასვლა ქართულ სოფლებში და განსაკუთრებით ქართულ სოფელ ცხინვალში., მიეცეთ სპეციალური ბილეთი თავად რევაზ მაჩაბლისა და ერისთავისაგან”. [29]

ამრიგად, რუსი გენერლები ცხინვალს ქართულ სოფლად ასახელებენ, სადაც ოსებს სპეციალრი ნებართვის _ ბილეთის გარეშე შესვლა აკრძალული ჰქონდათ.

ახლა თუ მოსახლეობის აღწერის კონკრეტულ მონაცემებსაც მოვიშველიებთ, ცხინვალის მოსახლეობის რაოდენობა და ეროვნული შემადგენლობა უფრო ნათელი გახდება. კერძოდ, 1886 წლის საოჯახო სიების მიხედვით ცხინვალში ცხოვრობდა 3832 კაცი, აქედან: 1135 – ქართველი, 1953 – ებრაელი და 744 – სომეხი. 1886 წელს არცერთ ოსს ცხინვალში არ უცხოვრია. [30]

ცხინვალის მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა იცვლება მხოლოდ 1920_იანი წლების დასაწყისში, განსაკუთრებით კი 1922 წლის შემდეგ, როდესაც შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და ოსებს ოლქის დედაქალაქად ცხინვალი უბოძეს. სრულიად საქართველოს ქალაქთა მოსახლეობის 1922 წლის აღწერის მიხედვით ცხვინვალის ოსი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მოსულია და მათგან ერთ მესამედს ერთი წელიც არ უცხოვრია ცხინვალში. [31] სულ ქალაქ ცხინვალის მსახლეობა 4543 კაცს უდრიდა და მისი მოსახლეობის უმეტესობას ისევ ქართველები (1436 კაცი), ებრაელები (1651 კაცი) და სომხები (1465 კაცი) შეადგენდნენ. მხოლოდ ამის შემდეგ გადმოდიან ოსები ცხინვალში დიდი რაოდენობით მუდმივ საცხოვრებლად. ამას განსაზღვრავს უკვე ცხინვალის როგორც ავტონომიური ოლქის დედაქალაქში მოთავსებული მმართველობითი ორგანოების ეროვნული კადრებით დაკომპლექტებისა და კულტურულ ცენტრად გადაქცევის საჭიროება. უკვე 1926 წელს ცხინვალის მოსახლეობა 5818 კაცს შეადგენდა. აქედან ქართველი _ 1920 კაცს, ოსი_1152, ებრაელი – 1772 და სომეხი_827 კაცს უდრიდა. მართალია, ამ აღწერის მიხედვით ცხინვალში ოსებს ქართველები ჯერ კიდევ დიდად ჭარბობენ, მაგრამ შემდეგ წლებში რაოდენობრივი თანაფარდობა ქართველებსა და ოსებს შორის სწრაფად იცვლება ოსების სასარგებლოდ. უკვე 1959 წელს ცხინვალში 4652 ქართველი და 12432 ოსი ცხოვრობდა, ხოლო 1989 წელს მხოლოდ 6905 ქართველი და 31537 ოსი. ასე რომ, “დიდი ლიახვის კიდეზე” მდებარე უძველესი ქართული ქალაქი თითქმის მთლიანად გაოსდა. აქ რაოდენობრივი თანაფარდობის მკვეთრ დარღვევასთან ერთად მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოებაც, რომ ცხინვალი, როგორც ავტონომიური ოლქის დედაქალაქი, თითქმის მარტოოდენ ოსური კულტურის ცენტრად გადაიქცა.

ამჟამად ოსი ექსტრემისტების “მოღვაწეობისა” და ხელოვნურად შექმინილი ეთნო-კონფლიქტის შედეგად ცხინვალი ქართული მოსახლეობისაგან თითქმის დაცლილია. ზუსტად არ არის ცნობილი რამდენმა კაცმა დატოვა ქალაქი, მაგრამ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ცხინვალში დღესდღეობით ქართველი თითქმის აღარ ცხოვრობს.

ცხინვალის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა 1886-1989 წლებში

  1886 წ. 1922 წ. 1926 წ. 1959 წ. 1970 წ. 1979 წ. 1189 წ
ქართველი 1135 1436 1920 4652 5475 5584 6905
ებრაელი 1953 1651 1772 1649 1475 652 396
სომეხი 744 765 827 860 768 712 734
ოსი _ 613 1152 12432 20846 25319 31537
რუსი _ 64 114 1583 1180 1737 1836
დანარჩენი _ 14 33 465 567 787 925
სულ 3832 4543 5818 21641 30311 34791 42333

 

 

 

 

 

 

ახლა ცხინვალის რეგიონში ქართველი ხალხი ეძებს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზებს. ქართველი კაცი ოსებთან მხოლოდ მშვიდობიან თანაარსებობას ითხოვს და ეს მისი სავსებით სამართლიანი მოთხოვნაა. მას სჯერა, რომ აქ არსებული წინააღმდეგობის გადაწყვეტა სავსებით შესაძლებელია ურთიერთნდობისა და კეთილი ნების პირობებში. ცხინვალის მოსახლეობის შესახებ ზემოთ აღნიშნული მონაცემები ნათლად გვიჩვენებენ, რომ ქართველ კაცს ოსები ცხინვალში უშურველად მიუღია და მათთვის კეთილმეზობლობაც გაუწევია. თუ იაკობ გოგებაშვილის სიტყვების მოვიშველიებთ, ეხლაც ქართველობას… სხვებისათვის სიკეთის მეტი არაფერი სურთ, ითხოვს მხოლოდ, რომ მას მიუწყონ იმ საწყაულით, რომლითაც იგი უწყავდა სხვებს.

 

***

 

როდიდან იხმარება ტერმინი “სამხრეთ ოსეთი”

 

მე_19 საუკუნემდე ტერმინ “სამხრეთ ოსეთის” ხმარების არავითარი ცნობა არ არსებობს არც ქართულ და არც უცხოურ წერილობით წყაროებში. იმდროინდელი გაგე-ბით ოსების ქვეყანა ოსეთია, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარეობდა. მკვლევარმა ს. ლეკიშვილმა დიდი მუშაობა ჩაატარა იმის შესასწავლად თუ როდის გაჩნდა ტერ-ინი “სამხრეთ ოსეთი” და როგორი სიხშირით იხმარებოდა იგი.

ტერმინი “სამხრეთ ოსეთი” პირველად გამოყენებულია 1830 წელს წერილების სერიაში, რომელიც დაიბეჭდა “ტიფლისკი ვედომოსტში” (#72 _ 86). როგორც ჩანს, კორესპონდენტი ამ ტერმინს საკუთარი ინიციატივით იყენებს, რადგან 1830 წელს გრაფ პასკევიჩის სამხედრო მინისტრ ჩერნიშოვისადმი წარდგენილ ანგარიშში აღნიშნულია: ოსი ტომის დაშოშმინებისათვის მიზანშეწონილად მივიჩნიე მცირე სამხედრო ექსპედი-ციის ჩატარება. ეს ექსპედიცია მიმართული იქნება კავკასიის მთიანეთის სამხრეთით მდებარე ჩრდილოეთ ქართლის ოსების წინააღმდეგ.1

კორესპონდენტის აზრით, მის მიერ “სამხრეთ ოსეთად” წოდებული ზონის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 7200 სულს შეადგენდა.

მკვლევარმა ს. ლეკიშვილმა დაამუშავა ოსეთის შესახებ არსებული თითქმის ყველა ისტორიული დოკუმენტი და საბუთი და იმ დასკვნამდე მივიდა რომ 1830 წლამდე რო-ორც ქართულ, ასევე უცხოურ წერილობით წყაროებში ოსეთის მიმართ რაიმე მსაზ-ვრელის _ “ჩრდილოეთის” თუ “სამხრეთის” გამოყენების არცერთი ფაქტი არ დასტურდება. ტერმინ “სამხრეთ ოსეთს” არ იცნობენ უცხოელი მეცნიერები და მოგზაურები. მხოლოდ გერმანელი პროფესორი კ. კოხი აფიქსირებს ტერმინ “სამხრეთ ოსეთს” ქართული ისტორიული პროვინციის დვალეთის აღსანიშნავად და ისიც XIX საუკუნეში. დვალეთის შესახებ კი, რომ არაფერი ვთქვათ ქართულ წყაროებზე, რუსულ წერილობით ძეგლებში შემდეგია აღნიშნული: “დვალეთი (ნარ_მამისონის ქვაბული) მთელ შუა საუ-კუნეებში საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთ-ან შეერთების შემდეგ იგი შედიოდა თბილისის გუბერნიაში და მხოლოდ 1859 წელს შეუერთდა ვლადიკავკასიის (ოსეთის) ოკრუგს.1 ამასთან, აღსანიშნავია, რომ რუსი მეცნიერები ჩრდილოეთ ოსეთს უწოდებენ ისტორიულ ოსეთს (დ. ლავროვი. “ნარკვევი ოსეთისა და ოსების შესახებ.” ჟურ. “ტერსკიე ვედომოსტი.” #20, 1874).

ს. ლეკიშვილის გამოკვლევით მთელი XIX საუკუნის განმავლობაში ტერმინი “სამხრეთ ოსეთი” იშვიათად გვხვდება. როგორც იგი მიუთითებს, კავკასიის არქეოლოგიური კომისიის აქტების თორმეტტომეულიში, რომელიც შეეხება 1864 _1917 წლებს და მოიცავს ათი ათასზე მეტ ისტორიულ დოკუმენტს ქართულ, არაბულ, რუსულ, სპარსულ და თურქულ ენებზე, ტერმინი “სამხრეთ ოსეთი” დაფიქსირებულია მხოლოდ ერთხელ. 1852_1915 წლების ქართულ პერიოდულ პრესაში, კერძოდ, 30_ზე მეტი დასახელების ჟურნალ_გაზეთში, ტერმინი “სამხრეთ ოსეთი” გამოყენებულია მხოლოდ ორჯერ.

პოლიტიკურ ლექსიკონში ტერმინი “სამხრეთ ოსეთი” გაჩნდა მე_19 საუკუნის 60_იან წლებში, რომელიც შემდეგ მკვიდრდება რუსი მოხელეების მიერ. მანამდე ტარდება მთელი რიგი ღონისძიებები “ოსეთის” ადმინისტრაციული გაერთიანების მიზნით, რაც უზრუნველყოფდა რუსეთის ბატონობას არა მარტო თვით ოსეთში, არამედ კავკასი-ნის ქედის მთელ სივრცეზე. ბარონი როზენი აცხადებდა: “ჩვენი მტკიცე ბატონობა ოსეთში გადაჭრით გააპობს კავკასიის მთების ქედს ორ ნაწილად, მაშინ როცა ახლა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სამხედრო გზა კვეთს კავშირს ჩვენს მიერ ნახევრად დაპყრობილ და ჩვენდამი მტრულად განწყობილ ხალხებს შორის”.2 მალე შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილში ოსებით კომპაქტურად დასახლებული რაიონები “ოსეთად” იქნა მონათლული: 1843 წელს თბილისის გუბერნიაში შეიქმნა “ოსეთის ოკრუგი,” რომელიც ჯავის, პატარა ლიახვისა და ნარის (ისტორიული დვალეთის) უბნებად დანაწილდა. მოგვიანებით ნარის უბანი ჩამოაშორეს თბილისის გუბერნიას და ოსეთის სამხედრო ოკრუგს (შეიქმნა 1859 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში) გადასცეს, რომელიც შემდეგში თერგის ოლქში, 1924 წლიდან კი ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ შემადგემლობაში შევიდა. ამ აქციით საქართველოს წაართვეს მისი ისტორიული ტერიტორია _ დვალეთი. ყოველივე ამით, კერძოდ, 1843 წელს ოსეთის ოკრუგის შექმნით, “შორსგამიზნული ტოპონიმიური დივერსიით ნოყიერი ნიადაგი შეუმზადეს “ოსეთად” ან “სამხრეთ ოსეთად” მონათლულ ძველთაძველ ქართულ მიწა_წყალზე ოსთა ტერიტორიული პრეტენზიების და “ორი ოსეთის” სამერმისო გაერთიანების იდეის შემდგომ მუტაციას, რამაც XX_საუ-კუნეში უკვე აგრესიული ოსური სეპარატიზმის სახით იჩინა თავი.1

როგორც დოცენტი რ. ლომინაძე სამართლიანად აღნიშნავს, ჩრდილოეთ კავკასიაში “ოსეთის სამხედრო ორუგის”, ხოლო თბილისის გუბერნიაში “ოსეთის ოკრუგის” (შემდეგში “ოსეთის უბანი”) შექმნა ახალი სახელწოდებების _ “ჩრდილოეთ ოსეთისა” და “სამხრეთ ოსეთის” საფუძველი გახდა. პირველი გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ეს ტერმინები გამოიყენება, არის კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოების მომწყობი კომიტეტის 1860 წლის ანგარიში. მასში ნათქვამია: კომიტეტმა დაასკვნა, რომ მთელი ყურადღება უნდა იქნეს გადატანილი ქრისტიანობის აღდგენასა და განმტკიცებაზე. . . სამურზაყანოში, სვანეთში, სამხრეთ ოსეთში (ხაზი ჩვენია _ ა.თ.), თუშებში და ხევსურებში, საიდანაც ქრისტიანობის შუქი შემდგომში შეაღწევს აფხაზეთში, ბალყარელებში და ყარაჩაელებში, ჩრდილოეთ ოსეთში (ხაზი ჩვენია _ ა.თ.), ქისტებში და სხვა ჩაჩნურ ტომებში”.2

 

 გაგრძელება

მართლა შეუერთდა თუ არა “სამხრეთ ოსეთი” რუსეთს 1774 წელს

 

 

დატოვე კომენტარი