Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• სეგმ- ქარტია

 

“საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის”

 

  ქ  ა  რ  ტ  ი  ა

 

ცივილიზაციის განვითარება იმ ფაზაში შევიდა, როდესაც მოწინავე ქვეყნები ერთობლივად ცდილობენ გადაჭრან ზოგადსაკაცობრიო პრობლემები. მსოფლიო პროცესები იმდენად დაჩქარებულია, რომ უახლოეს ხანში ამ წინააღმდეგობათა მოუგვარებლობა უაღრესად ზრდის საყოველთაო კატასტროფის შესაძლებლობას. მსოფლიოს ახლებურად მართვის ეტაპზე დიდად მნიშვნელოვანია პოლიტიკური მოვლენების ახლებურად განჭვრეტა და წარმართვა. საქართველომ მიზანმიმართულად უნდა გამოიყენოს გეოპოლიტიკური უპირატესობანი და შეძლოს დამოუკიდებელი პოლიტიკურ-დიპლომატიური აქტიურობა. კაცობრიობის, მოქალაქეობრივი შემწყნარებლობის, მოქალაქეთა უფლებრივი გარანტიების დაცვის უმაღლესი შეგნება ყოველთვის სახელმწიფოებრიობის ფუძემყარ საფუძველს უნდა წარმოადგენდეს, ურომლისოდაც ვერც ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება და განმტკიცდება როგორც სახელმწიფო, მაგრამ მარტო დასავლეთის პროგრესული დემოკრატიული აღმშენებლობის სურვილი საკმარისი არ არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული აღორძინებისათვის, მას ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის სწორად წარმართვამაც, რომელიც დამყარებული იქნება სამართლიანობისა და კანონიერების ბაზაზე.

ახლა უკვე საყოველთაოდ აღიარებულია, რომ 1991-93 წლებში საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო 1992 წლის დამდეგს ეროვნული მთავრობა იძულებული გახდა დაეტოვებინა თბილისი (სადაც გრძელდებოდა მისი მხარდამჭერების მასსობრივი უმძაფრესი საპროტესტო მოძრაობა) და ხელისუფლებისათვის ბრძოლა გაენგრძო უმთავრესად დასავლეთ საქართველოდან, რაც 1993 წლის შუახანებში გადაიზარდა ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენის მასობრივ, ძირითადად მშვიდობიან, შეუიარაღებელ მოძრაობაში. მაგრამ გარე  საინტერვენციო ძალების შეტევის შედეგად საქართველოს შინაგან საქმეებში უხეში ჩარევით _ რისი კულმინაციაც გახდა მასშტაბური ერთობლივი შეიარაღებული ინტერვენცია დასავლეთ საქართველოში _ ეს პროცესი შეწყდა და ეროვნული, ლეგიტიმური მთავრობა კვლავ იძულებული გახდა დევნილობაში წასულიყო.

საქართველოში 1991-93 წლების შეიარაღებული, სისხლიანი სახელმწიფო, სამხედრო გადატრიალების გზით დაამხეს კანონიერი ეროვნული, სახალხო ხელისუფლების ყველა შტო და შესაძლებლობა მოუსპეს ხელისუფლებას ეწარმოებინა აქტიური პოლიტიკა სახელმწიფოებრიობის აღორძინებისა და განვითარების მიმართულებით,  დაამკვიდრეს ანტიქართული და ანტისახალხო კრიმინალური, ნომენკლატურული რეჟიმი.

გადატრიალებამ ძირითადი სამართლებრივი ბაზა გამოაცალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას და საფუძველი დაედო საქართველოს ტერიტორიის სამართლებრივ დანაწევრებასაც.

დღეს გეოპოლიტიკური სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკით, მსოფლიო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ოპტიმალურად გადაწყდეს დღევანდელი პრობლემები. ოღონდ ყოველივე ამის განსახორციელებლად საქართველომ, სხვა მნიშვნელოვან პრობლემათა შორის უნდა გადაჭრას უპირველესი პრობლემა: უნდა აღსდგეს და მოწესრიგდეს საქართველოს სახელმწიფოებრივი კანონიერების, სამართალმემკვიდრეობისა და ტერიტორიული მთლიანობის სამართლებრივი საფუძველი, რაც ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობასა და მასთან ერთად ქვეყნის ხელისუფლებისა შიდა ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობებს დაარეგულირებს.

1993 წლის მიწურულიდან ძალაუფლება მთელ საქართველოში ხელთ ჩაიგდეს ანტიქართულმა, ანტიეროვნულმა ძალებმა — რომლებიც არსებითად დამპყრობლებად მოგვევლინენ. მათ უმკაცრესი ზომებით, მასობრივი რეპრესიებით დათრგუნეს ეროვნული მოძრაობა და ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციები.

1991-1993 წლების შეიარაღებულმა სამხედრო-კრიმინალურმა, სახელმწიფო გადატრიალებამ საფუძველი დაუდო ტოტალურ უკანონობას, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა მასიურ დარღვევებს, დააფუძნა რა ძალმომრეობის კულტი, მოსახლეობის ნაწილში დაამდაბლა სამართალშეგნება, ან სულაც უარი ათქმევინა მას კანონის უზენაესობის პრინციპზე. ამან კი თავისთავად დააბრკოლა საქართველოში სამართლიანობის, დემოკრატიისა და თავისუფლების განმტკიცება, ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაძლიერება და ამასთან, ქვეყნის საკაცობრიო განვითარებაც. ცხადია, შექმნილმა ვითარებამ განსაზღვრა თავისუფლებისა და დემოკრატიის საფუძველად ძალადობის მიჩნევა, რამაც მრავალ უკიდურესობას მისცა გასაქანი.              

აი, ვისი სამართალმემკვიდრენი არიან დღემდე არსებული ფაქტობრივი ხელისუფალნი, რომელნიც იძულებულნი იყვნენ, სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც, ეღიარებინათ 1991-1993 წლების მომხდარი შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება: საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხელისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია, ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში, ხოლო 2004 წლის 11 მარტის საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: “საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. დაიგმოს 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება”. ფაქტობრივმა მმართველობამ და მათ უკან მდგარმა ძალებმა ასევე არავითარი ზომები არ მიიღეს პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური დევნილების დაუყოვნებლივი სრული რეაბილიტაციისათვის. არ დაწყებულა რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებათა რაიმე გამოძიება ან შესწავლა.

ასევე უშედეგოდ დამთავრდა არათანმიმდევრული ცდა ეროვნული შერიგებისა და თანხმობის ნიშნით შენიღბვისა _ ეროვნული თანხმობის დეკლარაციის სახით.

ამასთანავე, 2008 წელს ისტერიის ვითარებაში ინსპირირებულმა და მოღალატურად წარმართულმა „ომმა” გამოიწვია ქართველი ხალხის უმძაფრესი საპროტესტო მუხტი, რომლითაც სპეკულაციური მიზნებით სარგებლობენ კვლავ ის ანტიეროვნული ძალები, რომლებმაც თავის დროზე ეროვნული ხელისუფლების განდევნაში მიიღეს მონაწილეობა. გამძაფრდა ფაქტობრივი, დამპყრობლური რეჟიმის არალეგიტიმურობის საკითხი.

გადატრიალების შემდეგ არც საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, არც საქართველოს უზენაეს საბჭოსა და არც მთავრობას – მინისტრთა კაბინეტს უფლებამოსილება არ მოუხსნია და დევნილობაში აგრძელებდნენ ფუნქციონირებას. დევნილობაში კანონიერი ხელისუფლების მოქმედების მთავარი მიზანი დანაშაულებრივი რეჟიმის შინაური და საერთაშორისო პოლიტიკის მხილება და იზოლაცია იყო. რეაგირების გარეშე არ დარჩენილა ამ პერიოდის არცერთი რამდენადმე მნიშვნელოვანი მოვლენა.

ამრიგად, ყველა უბედურება, რაც საქართველოს დაატყდა თავს 1992 წლიდან, ლეგიტიმურობის დარღვევითაა გამოწვეული და დღესაც არ ძალუძთ ლეგიტიმურობაზე დაბრუნება.

1992 წლის შემდგომ, მას შემდეგ რაც განდევნეს ეროვნული ხელისუფლება, არ შემწყდარა საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის პრობლემის აქტუალობა. წლები გადის და ეს საკითხი ისევ რჩება საქართველოს უმძაფრეს პოლიტიკურ პრობლემად. ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების აღდგენა საქართველოს სტაბილური მომავლის უზრუნველყოფის ერთადერთ გარანტად რჩება.

უმნიშვნელოვანესია ასევე საკითხი ეროვნული ხელისუფლებისა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ურთიერთ დამოკიდებულების შესახებ.

მთავარი ისაა, რომ ეროვნული ხელისუფლება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ შექმნილი ინსტიტუცია, ინსტრუმენტი იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იმდროინდელი უმთავრესი მიზნის _ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად.

ამდენად _ ლეგიტიმური უზენაესი საბჭო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ორგანო იყო და ასრულებდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიზნებს. ამ მიზნებს კი უშუალოდ და პრაქტიკულად საქართველოს ამ უზენაეს საკანონმდებლო ორგანოში ახორციელებდნენ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ორგანიზაციების წამომადგენლები უზენაეს საბჭოში _ უზენაესი საბჭოს დეპუტატები.

უზენაესი საბჭო იყო და დარჩა კიდეც საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარი, იმდროინდელი მიზნების შემსრულებელ ინსტიტუციად. უზენაესმა საბჭომ სავსებით და სრულად შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიზანი _ დაკვეთა ამ ეტაპისათვის _ მოიპოვა დე-იურე დამოუკიდებლობა.

შემდგომ ეტაპზე, იმისათვის, რომ განხორციელებულიყო ეროვნული მოძრაობის შემდგომი მიზანი _ საქართველოს დე-იურე დამოუკიდებლობის გადაქცევა დე-ფაქტო დამოუკიდებლობად _ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობას (და არა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ინსტიტუციას უზენაესი საბჭოს სახით) დასჭირდა სრული ზომით დაპატრონებოდა სახელმწიფოს ფაქტობრივ მართვას ანუ აღმასრულებელ ხელისუფლებას _ უკვე ფრიად გართულებულ პირობებში. ამისათვის ჩატარდა ჯერ პრეზიდენტის არჩევნები, ხოლო შემდგომ _ არსებითად და პრინციპულად შეიცვალა მთელი აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურა _ მთავრობის ფორმალური მეთაური გახდა პრეზიდენტი, ხოლო მინისტრთა საბჭოს მაგივრად შეიქმნა მინისტრთა კაბინეტი და დაარსდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა _ რომლებიც უშუალოდ და პირდაპირ ემორჩილებოდნენ მთავრობის მეთაურს ანუ პრეზიდენტს. ამით ეროვნული ხელისუფლება ცალსახად დაეპატრონა სახელმწიფო ეკონომიკურსა და სოციალურ რესურსებს და მყარი სოციალურ-ეკონომიკური საფუძველი შეიქმნა საქართველოს დე-ფაქტო დამოუკიდებლობის აღსადგენად.

აღმასრულებელი ხელისუფლების ორივე საკვანძო თანამდებობაზე _ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისა _ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ორგანიზაციების წარმომადგენლების დაფუძნებამ მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება მტკიცედ გადააქცია საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ინსტიტუციად (უზენაეს საბჭოსთან ერთად) _ ინსტრუმენტად. შესაძლებელი გახდა ეროვნული ინტერესების დამცველი კანონების რეალურად აღსრულების შესაძლებლობა და შეიქმნა ამისი მატერიალური გარანტია.

აღსანიშნავია, რომ იმდროინდელ სამართლებრივ და ლეგიტიმურ 1978 წლის კონსტიტუციაში (1990-1991 წლების შესწორებითა და დამატებებით) აღნიშნულია: “ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დასრულდა 1990 წლის 28 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს უზენაესი საბჭოს მრავალპარტიულ, დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვეს ეროვნულმა ძალებმა, ამით დაიწყო ახალი ხანა, რომელიც უნდა დაგვირგვინდეს საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით. ახალი ეროვნული და სამართლებრივი კონსტიტუციის შემუშავებამდე საქართველოს არსებული კონსტიტუცია სათანადო ცვლილებებითა და დამატებებით იმოქმედებს გარდამავალი პერიოდის მოთხოვნათა შესაბამისად, როგორც საქართველოს რესპუბლიკის დროებითი კანონი. გარდამავალი პერიოდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომლის განმავლობაში უნდა მომზადდეს საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეალური საფუძვლები.”

თუ რატომ გახდა მაინც და მაინც საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების სრული დამორჩილება პუტჩის ერთ-ერთი უშუალო საბაბი, ახლა ალბათ ყველსათვის გასაგებია (მაშინ ეს ძალზე ბევრისათვის ფრიად ბუნდოვანი იყო) — ახლა ყველამ იცის, რომ პარლამენტები კი არ მართავენ უშუალოდ ქვეყნებს, არამედ მთავრობები მართავენ (პარლამენტების მიღებული კანონებით).

პუტჩისშემდგომ პერიოდში (მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი, პარლამენტი და მინისტრთა კაბინეტი იძულებულნი გახდნენ დროებით ემიგრაციაში, დევნილობაში გასულიყვნენ) _ წინააღმდეგობის უპრეცენდენტო მასშტაბების თავგანწირულ და გმირულ მოძრაობას კვლავ ცალსახად და უშუალოდ ახორციელებდნენ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ორგანიზაციები, მათი გაერთიანებები ხელმძღვანელობდნენ და არა ეროვნული ანუ კანონიერი ხელისუფლების ორგანოები (პარლამენტი ან მთავრობა).

სწორედ ეს იყო მთავარი და ეს წარმოადგენდა ამ წინააღმდეგობის მოძრაობის ძალას.

გავიხსენოთ, რომ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მოიცავდა ორ სტრატეგიულ დანიშნულებას, პირველი _ ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება და მეორე _ ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნება გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შექმნის გზით. ორივე საკითხი კომპლექსურად უნდა ამოქმედებულიყო.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწეობის ისტორიულობა და მისი ეგზისტენციალური დრო არ შეწყვეტილა. იგი გაგრძელდება მანამდე, სანამ საქართველო თავის თავისუფლებაში არ განმტკიცდება ყველა ასპექტით: ეკონომიკური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური. შესაბამისად უწყვეტია ისტორიულ-თემატური დრო.

ზემოთქმულის შემდეგ უნდა დავძინოთ, რომ ეროვნული ანუ კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, პირველ რიგში და საფუძველში, გულისხმობს მის აღდგენას _ როგორც ეროვნული მოძრაობის ინსტიტუციისას, ინსტრუმენტისას და არა რაღაც განყენებული აბსტრაქციისას, ანუ ლეგიტიმურობის აღდგენა პირველ რიგში გულისხმობს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, ზოგადად, ქართველი ერის მიზნების განმახორციელებელი ხელისუფლების აღდგენას. ლეგიტიმურობა და კანონიერება მხოლოდ ეროვნულობაზეა აგებული.

ამდენად, დღევანდელ ვითარებაშიც პირველადია საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციები, ხოლო ეროვნული მოძრაობის მიერ შექმნილი სახელმწიფოებრივი სტრუქტურები _ პარლამენტი იქნება ეს, თუ მთავრობა, კი მეორადი, დაქვემდებარებული ინსტრუმენტია და თუ ეს ასეა, მაშინ, ეროვნული ხელისუფლებისა და ზოგადად ჩვენი კანონიერებისა და ჩვენი სამართალ-სიმართლის აღდგენა შეუძლებელია მთლიანად საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციების ხელახალი და მძლავრი აღმავლობისა და მომძლავრების გარეშე.

არსებულ ვითარებაში, ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოებრივობის გადასარჩენად სავსებით აუცილებელი და გადაუდებელია საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, მისი ორგანიზაციების, დევნილი ხელისუფლების ხელახალი აღდგენა-აღორძინება  და აღმავლობა.

ასეთ პირობებში, აუცილებელია, კვლავ დაიწყოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, საქართველოში კანონიერებისა და სამართლის აღდგენის გარდამტეხი და გარდამავალი ახალი ეტაპი.

აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ საქართველოში მხოლოდ ეროვნული ხელისუფლება შეიძლება იყოს კანონიერი, ლეგიტიმური და ვერავითარი ტრანსნაციონალურ-ინტერნაციონალური ხელისუფლება ლეგიტიმური ვერ იქნება და ქართველი ერის ინტერესებს ვერ მოემსახურება. არსებული კრიზისული მდგომარეობიდან საქართველოს გამოსახსნელად კი ერთადერთი გზაა _ მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღდგენა-აღორძინება და განვითარება.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიზანია ასევე, დაანახოს და გააცნოს საქართველოსა და მთელ მსოფლიოს მისი ხედვა ქვეყნის მოწყობის, მისი სრული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის მიღწევის, ერთიანობის უზრუნველყოფის, განათლებული სამოქალაქო და სოციალური სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბების გზით ჭეშმარიტი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღორძინების, რეალურად დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო წყობილების შექმნა-განმტკიცებისა და მისი კანონიერი რეალიზაციის, მსოფლიოში თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის, დემოკრატიული და სამართლებრივ სახელმწიფოთა მშენებლობის, მათი მშვიდობიანი თანამშრომლობის ფუძემდებლური, ყოველმხრივი აღორძინების რეალური გეგმა და გზები, რომლითაც მოხდება სახელმწიფოს მიერ ადამიანის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, რელიგიური, ეროვნული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ცხოვრებაში გატარება, ადამიანის ღირსებების უზრუნველყოფა და რომელიც დაფუძნებული იქნება სახელმწიფოებრიობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სოციალური ჰარმონიის პრინციპებზე, ზნეობის პრიმატისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებით დაიცავს და დაამკვიდრებს ეროვნული თვითმყოფადობის, დემოკრატიისა, სამართლებრივი სახელმწიფოსა და თვითმმართველობის იდეალებს, პატივს სცემს ხალხთა თანასწორუფლებიანობას, საკუთარი ბედის გამგებლობას, მხარს დაუჭერს საომარი კონფლიქტების, გათიშულობისა და კონფრონტაციის თავიდან აცილების სამშვიდობო ცივილიზებულ პოლიტიკას. სახელმწიფოს ამოცანაა ყველა სფეროში ერის პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა, ეროვნული ინტერესების დაცვა, ერის თვითმყოფადობის, მეცნიერებისა და კულტურის აღორძინება, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრება, საკუთარი იერსახის შენარჩუნება-განვითარებით მსოფლიო ცივილიზაციაში ქართველი ერისათვის ღირსეული ადგილის დამკვიდრება. ამ ფუძემდებლურ პრინციპებს კი აშკარად მივყევართ მომავლისაკენ, სადაც წარმატების კრიტერიუმი შრომა, ნიჭი და მსახურება იქნება, სადაც მთავარია: შესაძლებლობა, პასუხისმგებლობა და სოციალური სოლიდარობა. ეს იქნება ბურჯი, რომელსაც ქართული სახელმწიფო დაეფუძნება. სახელმწიფო კი უნდა იყოს ენის, მამულის, სარწმუნოების დაცვის გარანტი, ქართული ცხოვრების არსის განმსაზღვრელი.

მიგვაჩნია, რომ არა რომელიმე სხვა მოწოდება, ლოზუნგი, არამედ _ სწორედ სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის, დემოკრატიული და სუვერენული საქართველოს რესპუბლიკის გადარჩენის იდეა უნდა გახდეს ის შემაკავშირებული სტრატეგია, რომელმაც შესაძლებელი უნდა გახადოს ეროვნულ ძალთა გაერთიანება და რეალურად ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თანხმობის მიღწევა.

უპირველეს ყოვლისა, ვეყრდნობით რა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის აუცილებლობისა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მანიფესტში განცხადებულ ძირითად სამართლებრივ პრინციპებს, კვლავ ხაზს ვუსვამთ, რომ არსებული კრიზისული მდგომარეობიდან საქართველოს გამოსახსნელი ერთადერთი გზაა ყველა ეროვნული ღირსების მქონე ჯანსაღ ძალთა გაერთიანება და საქართველოს სამართლებრივი, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისათვის ბრძოლა, რათა საქართველომაც პირუთვნელად უნდა აღასრულოს თავისი სულიერი მისია კაცობრიობის წინაშე.

ჩვენ ჩვენი ვიმეცადინოთ, ჩვენი ქვეყნისათვის ვიზრუნოთ, მისი მდგომარეობა ვაუმჯობესოთ, და მაშინ თუ ვინმე მოინდომებს ჩვენს დახმარებას და ხელის მომართვას, ხომ უკეთესი და თუ არ მოინდომებს, ის ჩვენი ნაშრომი და შენაძენი ხომ ხელიდან მაინც არ წაგვივა და ისევ ჩვენ დაგვრჩება.

სიცოცხლისათვის, არსებობისათვის, გადარჩენისათვის, სიყვარულისათვის, მემკვიდრეობის დატოვებისათვის, სწავლისა და ზრდა-განვითარებისათვის, ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოებრივობის გადასარჩენად,  სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის, სამართლებრივი, კანონიერი, დემოკრატიული და სუვერენული საქართველოს რესპუბლიკის გადარჩენისათვის ბრძოლაში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა დაუყოვნებლივ კვლავ უხმობს საქართველოს რესპუბლიკის სამართლებრივი და კანონიერი ხელისუფლების ყველა შტოსა და ინსტიტუციებს, რათა ერთად  გავაკეთოთ არჩევანი დაბალი იერარქიიდან მაღლისაკენ: წინააღმდეგობა-აჯანყებიდან, ბოროტი დამორჩილებიდან და საკუთარი სურვილის დათმობიდან ხალისიან თანამშრომლობამდე, გულსავსე ვალდებულებამდე და შემოქმედებით აღტკინებამდე. სწორედ ამიტომაც, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ერთიანი სტრატეგიის ფარგლებში ტაქტიკურ ლოიალობას, სრულ ინტოლერანტობას უკანონობისა და არალეგიტიმურთან მიმართებაში, სწორი, მიზანდასახული გეგმის გაანალიზებასა და თანმიმდევრული სამოქმედო ნაბიჯების გადადგმას. კრიტიკულმა მიდგომამ საკითხებისადმი არ უნდა გამოიწვიოს ურთიერთდაპირისპირება, რადგან ეს მხოლოდ ინტელექტის მაჩვენებელი იქნება, რაც დამარცხების ტოლფასია. მხოლოდ ეროვნული, ქართული იდეა შესძლებს, გააერთიანოს ქართველი ხალხი და აღმოფხვრას დანარჩენი საზოგადოებრივი, სოციალური და სხვა პრობლემები.

ასევე, მოვუწოდებთ საქართველოში არსებულ, თუ საზღვარგარეთ მყოფ ყველა ეროვნულ ძალას გაერთიანებისაკენ გულწრფელი, გაუსვრელი ეროვნული მოღვაწეების გარშემო, ვუსურვებთ ეროვნული მოძრაობის თანდათანობით აღორძინებას ტყვეობის ურთულეს გარემოში _ რამდენადაც მხოლოდ ეროვნულ მოძრაობას შეუძლია, იხსნას ქართველი ერი, მთელი ქართველი ხალხი ტყვეობისაგან და კვლავ შექმნას ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლება _ ქართველების, მთელი ქართველი ხალხის უფლებებისა და თავისუფლებების დამცველი ხელისუფლება.

მხოლოდ ამ აზრით, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში არსებული და გაერთიანებული დევნილი ხალისუფლების ინსტიტუტები: უზენაესი საბჭო, მთავრობა, ეროვნული მოძრაობის პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ეროვნული ადამიანები შესძლებენ ქვეყნის გამოხსნას. მხოლოდ მაშინ აღიკვეთება ცრუ თავისუფლების ინსტიტუტის ტერორი საქართველოში, თუ ქართველი ხალხის გაერთიანებას საფუძვლად დაედება სულისკვეთება, განწყობა, რწმენა და სამშობლოს სიყვარული. პერმანენტული საერთაშორისო, თუ საშინაო მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის საშუალებებითა და კონკრეტული კანონიერი მოთხოვნებით შესძლებს ქართველი ერი, გაწმინდოს საქართველო და გადაარჩინოს მამული განადგურებას.

ამასთანავე, დავძენთ, რომ ჩვენ არ გვამოძრავებდეს შურისძიების გრძნობა, თუ არა ქვეყნის გადარჩენის წმიდათაწმიდა იდეა, რომელიც გვავალებს, მოვთხოვოთ გზააბნეულთ _ ზურგი შეაქციონ მორიგ პოლიტიკურ ავანტიურას, რომელიც საქართველოს განადგურებით ემუქრება და აღიარონ საჯაროდ ქართულად, ქართველი ერის წინაშე ჩადენილი შეცდომები. მათ ვინც გაითავისებს სამართალმემკვიდრეობისა და კანონიერების აღდგენის მოთხოვნას, მიეცემა `31 მარტის” _ თავისუფლების ტრიბუნა და შანსი საქმით გამოისყიდონ შეცდომები იმ ადამიანების გვერდით, ვისთვისაც თავისუფალი საქართველოს იდეა პირველადია და შეუცვლელი!

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ქართველ ერს ჰპირდება თავისუფლებას!

უკანონობას შეიძლება მოვერით მხოლოდ კანონით!

უსამართლობას შეიძლება მოვერიოთ მხოლოდ სამართლით!

სიცრუეს კი შეიძლება მოვერიოთ მხოლოდ სიმართლით!

გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!

 

 

 

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის  საკოორდინაციო საბჭო

                საქართველო,  ქ.. თბილისი          

                საფრანგეთი,  ქ, სტრასბურგი       10. 07. 2010

 

***

სეგმ- დეკლარაცია

სეგმ- მანიფესტი

სეგმ- მემორანდუმი

 

 

დატოვე კომენტარი