Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● ბიძინა თავაძე – აფსუა-აფხაზთა აბორიგენობაზე საქართველოში

ბიძინა თავაძე

VIVAT HISTORIA: ანუ რას გვიამბობენ მცენარეთა

სახელწოდებანი აფსუა-აფხაზთა აბორიგენობაზე

საქართველოში

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ადიღეური მოდგმის ერთ-ერთი ტომისათვის – აფსუებისათვის – ისტორიული ქართული სატომო სახელის “აფხაზის” შერქმევამ, ხოლო აფსუური ენისადმი “აფხაზურის” წოდებამ, ქართულ სახელმწიფოებრიობას და ქართველოლოგიას, უამრავი უსიამოვნება და გაუგებრობა მოუტანა, რაც ისტორიული ქართული კუთხის აფხაზეთის – დაკარგვად დაგვიჯდა.

დღეს აშკარაზე აშკარაა, რომ ისტორიული და თანამედროვე აფხაზობა ორი  განსხვავებული ეთნიკური ჯგუფია: კერძოდ: ისტორიული აფხაზები ქართველური ტომები იყვნენ და ისტორიული საბუთები მოწმობენ, რომ ისინი მეგრულად ლაპარაკობდნენ, ანუ ის აფხაზები, რომელთაც კონტაქტი დაამყარეს ჯერ ჩრდილოეთ კავკასიაში, ხოლო შემდეგ საქართველოში-აფხაზეთში  შემოსულ აფსუებთან, იყვნენ მეგრულ ენოვანი ქართველები. თანამედროვე აფხაზები კი ადიღეული მოდგმის აფსუებისა და ქართველი აფხაზების ნარევია, აფსუური ენით და ასევე არაქართული აფსუური ცნობიერებით.

მართალია, თანამედროვე აფხაზების ძირითადი ბირთვი (80%-ზე მეტი) გააფსუებული (და არა გააფხაზებული, როგორც შეცდომით ხმარობენ სამეცნიერო ლიტერატურაში) ქართველია, მაგრამ ისინი ენითა და ცნობიერებით უკვე არაქართულ სამყაროს წარმოადგენენ და მათ არავითარი პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ საქართველოს ისტორიულ წარსულზე. მარტო ის რად ღირს, რომ აფსუებსაც და გააფსუებულ ქართველებსაც თავიანთ მოძმეებად მიაჩნიათ ჩრდილო კავკასიელი ტომები ადიღელები, ჩერქეზები, ყაბარდოელები და ა.შ.

ვუწოდეთ რა არაქართულ ელემენტს ქართული ტომის სახელწოდება – აფხაზი, ტერმინოლოგიურმა აღრევამ ის გამოიწვია, რომ მე-16-17 საუკუნეებიდან საქართველოში – აფხაზეთში – ინფილტრაციით შემოსულ უცხო მოდგმის ტომს, ქართველთა ნაწილის ასიმილაციის გამო, გაუჩნდა აბორიგენობის პრეტენზია და სხვის ისტორიას, ტერიტორიას და ისტორიულ მონაპოვრებს ითვისებს, იმპერიული ძალების ყოველმხრივი და მძლავრი მხარდაჭერით.

აფსუები რომ საქართველოსა და მისი ისტორიული კუთხის აფხაზეთის აბორიგენები არ არიან, ამას უამრავი პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფაქტი ადასტურებს, ამიტომ ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესი იქნებოდა დღევანდელი აფხაზებისათვის გვეწოდებინა “აფსუა-აფხაზი“, ან “აფსუა“, ნამდვილი აფხაზის ანუ ქართველი აფხაზისგან გასამიჯნად.

ზღვა ისტორიული მასალა მოწმობს, რომ აფხაზეთი აფსნი არაა, ხოლო აფსუა აფხაზი არაა. მიუხედავად წყაროთა და ფაქტთა ღაღადისა, იმპერიული ძალებით წაქეზებული აფსუა და რუსი ვაი-მეცნიერები, და მათ გვერდით ზოგიერთი ქართველი ვაი-ისტორიკოსიც, ამტკიცებენ, თითქოს აფსუები აფხაზეთში ცხოვრობენ ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდან მაინც.

ეს ვაი-მეცნიერები ქადაგებენ ორაბორიგენობის აბსურდულ თეორიას, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიო ისტორიაში. ამის საწინააღმდეგოდ, ქვემოთ ჩვენ ქართველოლოგიას, და ე.წ. აფხაზოლოგიას, შევთავაზებთ ფრიად საყურადღებო მონაცემებს, მცენარეთა სახელწოდებების შესახებ აფსუურ ენაში, რომელნიც წინასწარ ვიტყვით აბსოლუტურად გამორიცხავს აფსუების აბორიგენობას საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში.

აღსანიშნავია, რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის და მე-20 საუკუნის დასაწყისის რუსულენოვან ბოტანიკურ ლიტერატურაში მოიპოვება საინტერესო ენობრივი ლექსიკური მასალა მცენარეთა სახელწოდებებისა, კავკასიის მაშინდელი უდამწერლობო ენებისა, მათ შორის, აფსუური ენის ლექსიკიდან, რომელიც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აქამდე არ გამხდარა ენათმეცნიერთა თუ ისტორიკოსთა ანალიზისა და მსჯელობის საგანი.

არადა, ამ ლექსიკურ მასალაში უამრავი საინტერესო ცნობაა დალექილი ამა თუ იმ ტომის აბორიგენობის თვალსაზრისითაც, ხაზს ვუსვამ, სწორედ ამ ლექსიკურ მასალაში, რადგან საბჭოთა პერიოდში კავკასიის უდამწერლობო ენებისათვის შეიქმნა დამწერლობანი, განვითარდა ლიტერატურა და აქედან გამომდინარე, ბევრი რამეც შეიცვალა და გადასხვაფერდა.

როგორც ცნობილია, აფსუური ენის ლექსიკის, რომელსაც, სამწუხაროდ, დღემდე შეცდომით აფხაზურს უწოდებენ, ადრეული ნიმუშები შემოგვინახა გერმანელმა ექიმმა, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა ანტონ გიულდენშტედტმა, რომელმაც 1768-1772 წლებში იმოგზაურა საქართველოში და ფრიად საინტერესო მასალები დაგვიტოვა. უფრო ადრინდელი მასალები აფსუური ენისა არ მოგვეპოვება და ამდენად ძნელია მასზე საუბრი.

აფსუური ენის საფუძვლიან შესწავლას საფუძველი ჩაუყარა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე რუსმა ენათმეცნიერმა პ. უსლარმა, რაც გაგრძელდა აფსუური დამწერლობის შექმნის შემდეგ საბჭოთა პერიოდში და ბევრი არასწორი შეხედულებაც გამოითქვა აფსუური და ქართველური ენების ურთიერთმიმართების შესახებ, რომელიც ცალკე მსჯელობის საგანს წარმოადგენს.

მიუხედავად უამრავი ნაშრომისა, ე.წ. აფხაზურის, სინამდვილეში კი აფსუური ენის შესახებ, და უზარმაზარი საპოლემიკო ლიტერატურისა, ჩვენს ხელთ არსებული მასალის მიხედვით, არც ქართველი და არც აფსუა ენათმეცნიერები თუ ისტორიკოსები არ იცნობენ იმ ძვირფას ენობრივ- ლექსიკურ მასალას, რომელიც დაცულია ქვემოთ ნახსენებ ორ მონოგრაფიაში და რომელიც ეხება მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩაწერილ მცენარეთა სახელწოდებებს კავკასიის ხალხთა ენებზე. რასაკვირველია, არ გამოვრიცხავ, რომ ამის გარდა კიდევ არსებობს იმდროინდელი ნაშრომები, რომელთაც გამომზეურება და შესწავლა სჭირდებათ.

ეს ნაშრომებია: ცნობილი რუსი მეცნიერისა და სახელმწიფო მოღვაწის იაკობ მედვედევის (1847-1923) “კავკასიის ხეები და ბუჩქები” (დაიბეჭდა სამჯერ 1883, 1910 და 1919 წლებში თბილისში) და თბილისში ე.წ. გერმანელ კალონისტთა ოჯახში დაბადებული ადოლფ კრისტიან როლოვის (1870- 1952) “კავკასიის ველური მცენარეები” (დაიბეჭდა თბილისში 1908 წელს).

თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ მე-19 საუკუნეში, ქართველებისა და სომხების გარდა, სხვა კავკასიელ ტომებს არ გააჩნიათ დამწერლობა, მაშინ ცხადი გახდება ი. მედვედევისა და ა. როლოვის შრომებში დაცული ენობრივი მასალის მნიშვნელობა, რომელიც იმ პერიოდის სურათს ასახავს. აქვე უნდა ითქვას, რომ ი. მედვედევი 1867 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოში და მუშაობდა იმპერიის მიწათმოქმედების დეპარტამენტში – ჯერ მეტყევედ, შემდეგ კი ამიერკავკასიის რწმუნებულად, ხოლო ა. როლოვი დაიბადა და გაიზარდა რა თბილისში, 1898-1918 წლებში იყო თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, შემდეგ “გპი”-ს პროფესორი – ამდენად მათი ნაშრომები მაღალი სამეცნიერო ღირებულებისაა, სანდო და ფასეულია.

ამ ნაშრომებიდან ამჯერად შევეხებით რამდენიმე მცენარის სახელწოდებას. რომელნიც უშუალოდ შეგვიძლია დავუკავშიროთ აფსუების აბორიგენობის საკითხს აფხაზეთში, რადგან ამ ორი უზარმაზარი მონოგრაფიის მიმოხილვას თავად სჭირდება მონოგრაფია.

ენათმეცნიერებიდან ცნობილია, რომ ამა თუ იმ ენაში არსებული მცენარეთა სახელწოდებანი ბევრ საინტერესო მასალას შეიცავენ ამ ხალხის ცხოვრების წესის, თუ გნებავთ, აბორიგენობისა და მიგრაციის შესახებ. როგორც ი. მედვედევის, ისე ა. როლოვის მიხედვით, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აფსუური ენა წიწვიან ხე-მცენარეებს ნაძვს, ფიჭვს, სოჭს ერთმანეთისაგან ვერ ანსხვავებს და სამივეს მოიხსენიებს ერთი და იგივე სახელით – “აფსა”, ხოლო ერთი მეორისაგან გენეტიკურად შორს მდგომ სახეობებს ფიჭვსა და სოჭს ასევე მოიხსენიებს მეორე საერთო სახელითაც – ამზა”. ცნობისათვის: წიწვიანების ზემოხსენებული სამივე სახეობა გავრცელებულია როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ კავკასიაშიც, ამასთან ნაძვი და სოჭი მარტოოდენ მთებში იზრდება, ხოლო ფიჭვი მთებშიც და ბარშიც.

თუ მივმართავთ ქართულ ენობრივ სინამდვილეს, აღმოჩნდება შემდეგი: ქართულად: ნაძვი და ელატი; ჭანურად და მეგრულად – ნუზუ, სვანურად – ნეზვრა და ღუმირ. ფიჭვი: ქართულად და მეგრულად – ფიჭვი, სვანურად – გოგიბ. სოჭი: ქართულად სოჭი და ჩიხრი; მეგრულად – გოგიბი, სვანურად – ნენზე. მოყვანილი მასალიდან ცხადია, რომ ქართველური ენები მკაფიოდ ანსხვავებენ სამივე წიწვიან სახეობას. ისმება კითხვა, რატომ ვერ ანსხვავებს აფსუური ენა ამ მკვეთრად განსხვავებულ წიწვიანებს? საინტერესოა ის გარემოება, რომ ამავე ავტორთა მიხედვით ყაბარდულად და ჩერქეზულად ნაძვისა და სოჭის სახელებად მითითებულია “ფსეი”, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ აფსუებმა თავის დროზე სწორედ ამ ენებიდან ისესხეს წიწვიანების აღმნიშვნელი სახელი და დაურთეს თავიანთი ცნობილი წინსართი “ა”. ამგვარად უნდა იყოს მიღებული აფსუურში ყველა წიწვიანის საერთო სახელწოდება “აფსა”.

ასევე საინტერესოა ის გარემოებაც, რომ 1999 წელს თბილისში გამოცემული “ქართულ-აფხაზური სასაუბროს” მიხედვით აფსუურში (და არა აფხაზურში) დღეს ხეობასაც “აფსა” ჰქვია, ხოლო წიწვიან ტყეს კი “აფსარა”. აქ დასკვნისაგან თავს შევიკავებთ და იგი ლინგვისტებისათვის მიმინდვია, რადგან მეტისმეტია ნაძვის, ფიჭვის, სოჭის და წიწვიანი ტყის ერთი და იგივე სახელით მოხსენიება.

თუ ზემოთ მოყვანილ მონაცემებს განვიხილავთ, გამოდის, რომ აფსუები თავის დროზე არ იცნობდნენ ამ წიწვიან ხე-მცენარეებს (ნაძვი, ფიჭვი, სოჭი), რადგან ცხოვრობდნენ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ეს წიწვიანები არ იყო გავრცელებული, რაც სრულიად შეესაბამება და ადასტურებს ცნობილი რომაელი მოღვაწის და მეცნიერის პლინიუს უფროსის ცნობის სისწორეს, რომ აფსუები ჩვ. წ. I საუკუნეში ცხოვრობდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთს იმიერკავკასიაში – კასპიისპირეთში, დაახლოებით დღევანდელი ყალმუხეთის ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგ მიგრაციისას ჩერქეზების ან ყაბარდოელებისაგან ისესხეს წიწვიანი ხე-მცენარეების სამი სახეობისათვის საერთო სახელწოდება – “აფსა”.

თუ საწინააღმდეგოს დავუშვებთ და აფსუებს აფხაზეთის აბორიგენებად ჩავთვლით, როგორც ამას ჩვენი ზოგიერთი ვაი-მეცნიერი აკეთებს, მაშინ ძნელი ასახსნელი იქნება ის გარემოება, თუ როგორ მოხდა, რომ ამ ტერიტორიაზე მოსახლე ქართველურმა ტომებმა ქართებმა, სვანებმა, მეგრელებმა, ჭანებმა – აქ გავრცელებულ წიწვიანებს – ნაძვს, სოჭსა და ფიჭვს ცალ-ცალკე გნსხვავებული სახელები შეარქვეს, ხოლო აფსუებმა, არა თუ ცალ-ცალკე სახელები ვერ დაარქვეს თავიანთ ენაზე ამ ხე-მცენარეებს, არამედ ვერც კი შესძლეს ესესხათ თავიანთი მეზობლებისაგან – ქართველური ტომებისაგან კავკასიონის ქედს გადაღმა გადავიდნენ და იქიდან “ჩამოიტანეს” მათი საერთო სახელი, რაც მეტად გასაკვირველია.

მეცნიერულ ინსინუაციებს რომ თავი დავანებოთ, ნორმალური გონებისათვის ხომ ასეთი რამ წარმოუდგენელი და მიუღებელია. კიდევ უფრო პარადოქსული და საინტერესოა მუხისა და ვაზის სახელწოდებანი აფხაზურ ენაში. ი. მედვედევისა და ა. როლოვის მიხედვით, მე-19 საუკუნის ბოლოსათვის აფსუური ენა ერთსა და იმავე სახელს უწოდებს ერთმანეთისაგან გენეტიკურად შორს მდგომ მცენარეებს – მუხასა და ვაზს. და ორივეს ჰქვია – “აჯ”. ეს ისეთი კურიოზული შემთხვევაა, როცა იტყვიან ხოლმე – კომენტარი ზედმეტია, მაგრამ აფსუა-აფხაზთა აბორიგენობის საკითხი ისეა აწეწილ-დაწეწილი, განგებ გაბუნდოვნებული და გაუკუღმართებული, რომ ეს შრომაც, და არა მარტო ეს, სწორედ რომ კომენტარებისათვის დაიწერა. წარმოიდგინეთ, რომ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი აფხაზეთში, ვაზი ტყეშიც კია გავრცელებული, ხეებზეა შესული და ამ დროს ათეულ საუკუნეობით აქ მცხოვრები ტომი მას მუხისგან ვერ ანსხვავებდეს? ასეთი რამ ყოველგვარი მეცნიერული თვალსაზრისით ხომ წარმოუდგენელია და როგორი შუბლის კანი და სინდისი უნდა ჰქონდეს მეცნიერს, რომ ასეთ ხალხს აფხაზეთში აბორიგენობა “დააბრალოს”.

ამავე ავტორების მიხედვით, ჩერქეზულად მუხას ჰქვია ჯიჰაი, ხოლო ვაზს ბალყარულად ჯოზუმ. ჩვენი ვარაუდით, აფსუა-აფხაზებმა სწორედ ამ ენებიდან ისესხეს მუხისა და ვაზის საერთო სახელწოდება – აჯ.

ისმება კითხვა – თუ აფსუა-აფხაზები მართლაც პირველი საუკუნიდან საქართველოში აბორიგენები იყვნენ, როგორც ამას ზოგიერთი ვაი-მეცნიერი ფიქრობს, მაშინ საინტერესოა, აფსუური ენა რატომ ვერ ანსხვავებს მუხასა და ვაზს ერთმანეთისაგან, ან რატომ ისესხა ეს სახელწოდება მაინცდამაინც ჩრდილოკავკასიელი ხალხისაგან და რატომ ვერ შეითვისა – ისესხა – მეზობელი ქართველური ტომებისაგან, თუკი მართლაც ჰქონდა მეზობლობას ადგილი? ქართველური ენები ხომ მშვენივრად ანსხვავებენ ერთმანეთისაგან ერთსაც და მეორესაც: ქართულად – ვაზი; ჭანურად და მეგრულად – ბინეხი, ბენეხი; სვანურად – ვააზ, ღვააზ; ქართულად – მუხა; ჭანურად – ჭკონი; მეგრულად – ჭყონი; სვანურად – ჯირა, ჯიჰრა. აი, რა მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი ვაზისა და მუხის სახელწოდებანი ქართველურ ენებში და რაოდენ საოცარია, რომ ეს მრავალფეროვნება ვერ შეამჩნია ე.წ. “აბორიგენულმა” აფსუურმა ენამ და აქაც მაინცდამაინც ჩრდილოკავკასიაში მცხოვრებთ მიმართა “სასესხებლად”.

სხვათა შორის ზემოთნახსენები “ქართულ-აფხაზური სასაუბროს” (1999) მიხედვით (უფრო სწორი იქნებოდა მას ერქვას “ქართულ-აფსუური სასაუბრო”), ამჟამად მუხას კვლავ ეწოდება აჯ, ხოლო ვაზს “აძახუა”; მაგრამ ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ ი. მედვედევი და ა. როლოვი სახელწოდება “აძახუას” საერთოდ არ იცნობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სახელწოდება აფსუურმა ენამ გვიან შემოიტანა, რადგან ი. მედვედევის შრომის ბოლო გამოცემა განხორციელდა 1919 წელს.

ჩვენი ვარაუდით, ვაზის დღევანდელი აფსუური სახელწოდება “აძახუა” არის ქართული ძახველის აფსუური ვარიანტი და იგი შესულია აფსუურში მეოცე საუკუნის ოციანი წლების შემდეგ. ძახველსაც თავისებურად მტევანს მიმსგავსებული ნაყოფი აქვს და, აქედან გამომდინარე, მისი სახელი დაარქვეს ვაზს.

ი. მედვედევისა და ა. როლოვის მონოგრაფიებში უამრავი საინტერესო მასალაა ენობრივი თვალსაზრისით, რომელიც ლინგვისტების ყურადღებას საჭიროებს. ჩვენ კი კიდევ რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ, რომელნიც ფრიად საყურადღებო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევიან.

ავიღოთ ერთმანეთისაგან ისეთი განსხვავებული ხე-მცენარეები, როგორიცაა: წიფელი, იფანი და ჭადარი. განა საოცარი არაა, რომ ამ განსხვავებულ მერქნიან მცენარეებს აფსუურ ენაში ეწოდება ერთი და იგივე სახელი – “აშვ”, იფანს აქვს მეორე სახელიც “აჩამხა”. ქართველურში კი ასეთი სურათი გვაქვს: – წიფელი – ქართულად წიფელი; ჭანურად – წიფური, წიფრა; მეგრულად – წიფური; სვანურად კი – წიფ და წიფრა; იფანი – ქართულად და მეგრულად – იფნი, კოპიტი, იფანი; ჭადარი – ჭადარი და ჭანდარი. საინტერესოა ის გარემოება, რომ ჭადარი საქართველოში უძველეს დროიდან გავრცელებულად ითვლება და ჩვენში იხმარებოდა მისი სპარსული სახელიც – ჩინარი, რაც პოეზიაშიც კია ასახული. “ქართულ-აფხაზური სასაუბროს (1999 წ.) მიხედვით, დღეს ჭადარს აფსუურში ეწოდება აჭანდარი. როგორ მოხდა, რომ საუკუნეების განმავლობაში აფსუურმა ენამ აქამდე ვერ შეამჩნია ჭადარი და მისი სახელი მხოლოდ მე-20 საუკუნეში ისესხა.

წიფლის, იფნის და ჭადრის ერთი და იგივე სახელით მოხსენიება და ჭადრის სახელწოდების სესხება მე-20 საუკუნეში კიდევ ერთი თვალნათლივი მაგალითია იმისა, რომ აფსუა-აფხაზები საქართველოს აბორიგენები არ არიან და მათ საერთო არაფერი აქვთ ისტორიულ აფხაზებთან და აფხაზეთთან.

 კიდევ ერთი თვალნათლივი მაგალითია ამავე რიგისა. ამავე ავტორების მიხედვით, ერთმანეთისაგან მეტად შორს მდგომი სახეობები, როგორიცაა წაბლი და პანტა მოიხსენიება თითქმის ერთი და იგივე სახელით: წაბლი – ახე, პანტა – ახა. საერთოდ კი, წაბლი ეკუთვნის წიფლისებრთა ოჯახს, ხოლო პანტა – ვარდისებრთა ოჯახს; აფსუურმა ენამ კი ვერც განასხვავა და ვერც ქართველური ენებიდან ისესხა.

ქართველურ ენებში კი მრავალფეროვანი სურათი გვაქვს წარმოდგენილი: წაბლი: ქართულად – წაბლი; ჭანურად -ჭუბური, ჭუბუი; სვანურად – გვიჯ, გვიჯრა, კუცჩ (ი. მედვედევით); მეგრულად – ჭუბური.

რაც შეეხება პანტას, იგი ქართველურ ენებში უამრავი სახელითაა წარმოდგენილი, ამიტომ ჩვენ მხოლოდ ზოგიერთს მოვიყვანთ. ქართულად – პანტა, ჭკუტა, კვიჭიჭი; მეგრულად 契L・_0_- პანტე სხული, კვეტელე სხული; სვანურად – გოწო ვიცხ.

წაბლისა და პანტის არც ერთი ქართველური სახელი არ მიესადაგება აფსუურს, რაც მეტად საყურადღებოა, რადგან ორივე ეს სახეობა კავკასიისა და საქართველოს ფლორის აბორიგენია.

აღსანიშნავია, რომ ამავე ავტორთა მონაცემებით, წაბლის ქართული სახელი – წობულის ფორმით შესულია დაღესტნურ ენებში, ხოლო ოსურად წაბლს ეწოდება გურჯიაგ-ტერს, რაც თავისთავად მეტყველებს მის წარმომავლობაზე.

აფსუების მიგრაციასთან დაკავშირებით წაბლისა და პანტას სახელწოდებებთან მიმართებაში, აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოებაც: მე- 16, მე-17 საუკუნეების ევროპელი კარტოგრაფების (გასტალდი, ჯენკინსი, ჰონდოუსი) მონაცემებით ამ პერიოდში აფსუების ტომი მომთაბარეობს ყუბანისპირეთსა და აზოვის ზღვისპირეთში, სადაც შეიძლებოდა გაცნობოდნენ ველურ მსახლს – პანტას, მაგრამ, აფხაზეთში შემოსვლამდე ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაეცნობოდნენ ჩვეულებრივ წაბლს, თუმცა აუხსნელი რჩება რა ნიშნით მიამსგავსეს ისინი ერთმანეთს.

ი. მედვედევისა და ა. როლოვის მონაცეებით აფსუური ენა ასევე ვერ ანსხვავებს ერთმანეთისაგან ბოტანიკურად სხვადასხვა ოჯახში მყოფ სახეობებს, როგორიცაა ჩვეულებრივი თელა და კავკასიური რცხილა. პირველი მიეკუთვნება თელისებრთა, მეორე კი – თხილისებრთა ოჯახს. აფსუური ენა კი ამ განსხვავებულ სახეობებს უწოდებს ერთსა და იგივე სახელს – ახეც; მაშინ, როდესაც ქართველურ ენებში ამ სახეობების აღსანიშნავად იმდენი სახელწოდება გვაქვს, რომ მათი მოყვანა უკვე ზედმეტად მიგვაჩნია; ამასთან ერთად, ქართველური ენები მკვეთრად ანსხვავებენ თელასა და რცხილას.

ი. მედვედევისა და ა. როლოვის ზემოაღნიშნული შრომები კიდევ მრავალ საინტერესო მასალას შეიცავს, რომელიც შემდგომ განხილვას და ანალიზს საჭიროებს.

ზემოთმოყვანილი მიმოხილვიდან შეიძლება ასეთი დასკვნები გავაკეთოთ:

1. რუსი მეცნიერისა და სახელმწიფო მოღვაწის იაკობ მედვედევის (1847-

1923) ნაშრომი “კავკასიის ხეები და ბუჩქები” (1883; 1910; 1919) და

თბილისში დაბადებულ-გაზრდილი და აქვე მოღვაწე გერმანელი მეცნიერის

ადოლფ ქრისტიან როლოვის (1870-1952) მონოგრაფია “კავკასიის ველური

მცენარეები” (1908) შეიცავს ფასდაუდებელ ენობრივ მასალას ველურ

მცენარეთა სახელწოდებების შესახებ კავკასიის ხალხთა ენებზე, მე-19

საუკუნის მეორე ნახევრის მიხედვით, რაც განსაკუთრებით ფასეული და

მნიშვნელოვანია, მაშინ კიდევ უდამწერლობო კავკასიის მცირე ხალხების,

მათ შორის აფსუა-აფხაზთა, ენების ლექსიკური ფონდის შესასწავლად.

2. აღნიშნულ მონოგრაფიებში მოიპოვება ფრიად საინტერესო ლექსიკური

მასალა ველურ მცენარეთა სახელწოდებებისა აფსუა-აფხაზთა ენაზე, რაც კი

არსებობდა მე-19 საუკუნის ბოლოსათვის და რომელიც მეტად მნიშვნელოვან

ინფორმაციას შეიცავს ამ ტომის მიგრაციის თვალსაზრისით კავკასიაში.

3. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ აღნიშნული მასალა აქამდე ქართველ

ენათმეცნიერთა და ისტორიკოსთა ყურადღების მიღმაა დარჩენილი და

განხილვა-ანალიზის საგანი არ გამხდარა. არადა, ასეთი ანალიზი ბევრ რამეს

ახდიდა ფარდას და სიცხადეს შეიტანდა აფსუა-აფხაზთა მიგრაციისა და

აბორიგენობის საკითხში.

4. ი. მედვედევისა და ა. როლოვის მონაცემებით, მე-19 საუკუნის ბოლოს

აფსუური ენა ვერ ანსხვავებს წიწვიან ხე-მცენარეებს ნაძვს, ფიჭვს და სოჭს

და მათ აღნიშნავს ერთი საერთო სახელით – “აფსა”, რომელიც ნასესხები

უნდა იყოს ყაბარდოულ-ჩერქეზული ენებიდან; ამ ენებზე წიწვიანებს ეწოდა

“ფსეი”.

აფსუა-აფხაზებს რომ ხანგრძლივად ეცხოვრათ ან ჩრდილოეთ კავკასიის

მთებში ან დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთი), წარმოუდგენელია, რომ

ეს ბოტანიკურად ერთმანეთისაგან განსხვავებული სახეობანი მათ

ტერმინოლოგიურად ვერ განესხვავებინათ, ან კიდევ მეზობელი

ქართველური ტომებისაგან არ შეეთვისებინათ რომელიმეს სახელწოდება.

დღეს, გარდა წიწვიანებისა, აფსა ჰქვია აგრეთვე ხეობას, ხოლო აფსარა –

წიწვიან ტყეს.

5. ამავე ავტორთა მონაცემებით, ამავე პერიოდში, აფსუურ ენაში მუხა და

ვაზი აღინიშნება ერთი და იგივე სახელით – “აჯ”, რაც თავისთავად

პარადოქსულ მოვლენას უნდა მიეკუთვნოს, რადგან მუხა და ვაზი

ყველანაირად შორს დგანან ერთმანეთისაგან. სხვას ყველაფერს რომ თავი

დავანებოთ, მარტო ეს მოვლენა კატეგორიულად გამორიცხავს აფსუების

აბორიგენობას დასავლეთ საქართველოში – აფხაზეთში.

დღეს აფსუურში ვაზის აღსანიშნავად იხმარება ტერმინი – “აძახუა”,

რომელსაც საერთოდ არ იცნობენ ი. მედვედევი და ა. როლოვი, რომელიც

ნასესხები უნდა იყოს მე-20 ს-ის 20-იანი წლების შემდგომ ქართულიდან.

იგი შეესაბამება ქართულ ძახველას.

6. მე-19 საუკუნის ბოლოს, აფსუურ ენაში, ერთი და იგივე სიტყვით – აშვ,

აღინიშნება ასევე ერთი მეორისაგან ყველანაირად შორს მდგომი და

განსხვავებული ისეთი ხე-მცენარეები, როგორიცაა: წიფელი, იფანი და

ჭადარი, რომელთაც ასევე მშვენივრად ანსხვავებენ ქართული ენები.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კავკასიის იმ რეგიონში, სადაც ხდებოდა

აფსუების მიგრაცია საქართველოში, არც ბუნებრივად და არც ხელოვნურად,

ჭადარი არ იყო გავრცელებული, რაც მშვენივრადაა ასახული აფსუურში.

დღევანდელ აფსუურში ჭადარს ეძახიან აჭანდარს, რაც იმას ნიშნავს, რომ

იგი ნასესხებია ქართულიდან მე-20 საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ,

რადგან ი. მედვედევის შრომის ბოლო გამოცემა განხორციელდა 1919 წელს.

საოცარია, მაგრამ დღევანდელ აფსუურში იგივე სახელწოდებით – აშვ,

აღინიშნება ყველიც(!).

7. აფსუური ენა ერთმანეთისაგან ვერ ანსხვავებს და თითქმის ერთნაირად

მოიხსენიებს ასევე განსხვავებულ მერქნიანებს – წაბლს და პანტას – წაბლი –

ახე, პანტა – ახა. აღსანიშნავია, რომ წაბლი არაა გავრცელებული იმ

რეგიონებში, საიდანაც ხდებოდა აფსუების მიგრაცია.

წაბლისა და პანტის აღსანიშნავად ქართველურ ენებს მრავალფეროვანი

განსხვავებული სახელები მოეპოვება და აფსუები რომ აფხაზეთის

აბორიგენები ყოფილიყვნენ, რომელიმეს მაინც ისესხებდნენ.

8. ი. მედვედევისა და ა. როლოვის მონაცემებით, აფსუური ენა ასევე ვერ

ანსხვავებს ერთმანეთისაგან ბოტანიკურად სხვადასხვა ოჯახში მყოფ ისეთ

სახეობებს, როგორიცაა ჩვეულებრივი თელა და კავკასიური რცხილა და

აღნიშნავს ერთი და იგივე სახელით – ახეც.

9. აფსუურ ენაში წიწვიანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეების (ნაძვი, ფიჭვი,

სოჭი, წიფელი, იფანი, ჭადარი, წაბლი, პანტა, თელა, რცხილა) და ვაზის

სახელწოდებათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აფსუების ტომი ხანგრძლივი

პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ეს

მცენარეები არ იყვნენ გავრცელებული; ამიტომაა, რომ აფსუური ენა

შინაარსობრივად ვერ ანსხვავებს აღნიშნულ სახეობებს.

ყოველივე ეს სრულიად შეესაბამება და ადასტურებს ცნობილი რომაელი

მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის პლინიუს უფროსის ცნობას იმის

შესახებ, რომ აფსუები ახ. წ. I საუკუნეში ცხოვრობდნენ კასპიისპირეთში,

ვოლგის შესართავის მახლობლად – დღევანდელი ყალმუხეთის

ტერიტორიაზე, რომელიც ნახევრად უდაბნოს წარმოადგენს და სადაც არც

ერთი ზემოთ აღნიშნული სახეობების მცენარე არაა გავრცელებული.

10. სხვა უამრავ ფაქტებთან ერთად, ყოველივე ზემოაღნიშნული გვიჩვენებს,

რომ აფსუების აბორიგენობა საქართველოში (აფხაზეთი) კატეგორიულად

გამორიცხულია, სრული სიცრუეა, აბსურდია და ისტორიულ სიმართლეს არ

შეესაბამება; არამედ აფსუების ინფილტრაცია ხდება ჩრდილოეთ

კავკასიიდან მე-16-მე-17 საუკუნეებში, რასაც ადასტურებენ ამ პერიოდში

ევროპელთა მიერ შედგენილი რუკებიც, რომელთა თანახმადაც აფსუები ჯერ

კიდევ მომთაბარეობენ აზოვის ზღვისპირეთსა და ყუბანისპირეთში.

VIVAT HISTORIA: ანუ ცხოვრობდნენ თუ არა როდისმე აფსუები ზემო რაჭაში

მეცნიერების ნებისმიერი დარგისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა ჰიპოთეზების, მოსაზრებების, წინადადებების და ა. შ. წამოყენება და შეთავაზება მეცნიერული საზოგადოებისათვის, რომელიც დროთა განმავლობაში ფაქტებითა და არგუმენტებით ან განმტკიცდება, ან კიდევ უარიყოფა. ასევეა, ისტორიოგრაფიაშიც. მაგრამ ისტორიას ხშირად სოციალურ-პოლიტიკურ ურთიერთობებში თავისებურ იარაღადაც ხმარობენ ხოლმე. ყველას კარგად მოეხსენება თუ როგორაა განგებ გაბუნდოვნებული, აბურდულ- დაბურდული, და გაყალბებული ე. წ. “აფხაზეთის ისტორიის” საკითხები. ვამბობ ეგრეთ წოდებულს, რადგან აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი ჩვეულებრივი ისტორიული კუთხეა და მისი ისტორიული წარსულის განხილვა საქართველოს ისტორიისაგან განცალკევებით ჩვენი მტრებისათვის სასურველია, ხოლო ჩვენთვის ყოველმხრივ მიუღებელი; ისევე მიუღებელი და გაუმართლებელი, როგორც ცალკე – “სვანეთის ისტორია”, “კახეთის ისტორია”, “რაჭის ისტორია” და ა. შ. რადგან, მიუხედავად ისტორიულად არსებული მხარეობრივი განცალკევებისა, მაინც არ არსებულა კარჩაკეტილობა და ამ პატარა “საქართველოების” (დიახ, განცალკევების ჟამსაც ყოველი კუთხე მაინც პატარა საქართველო იყო) რაღაც განსაკუთრებული სეპარატიზმი თუ დამოუკიდებლობა.

ქართველოლოგიის განვითარების გარკვეულ საფეხურზე დიდმა ქართველმა მეცნიერებმა სიმონ ჯანაშიამ და არნოლდ ჩიქობავამ გამოთქვეს მოსაზრება და მეცნიერებაში დაამკვიდრეს ვარაუდი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული – ფს- და -ყვა კომპლექსებიანი სახელები (ტოპონიმები) ადიღეური წარმომავლობის უნდა იყოს და ადასტურებს დასავლეთ საქართველოში ქართველების მოსვლამდე ადიღეური მოდგმის ტომების ბინადრობას. ე. ი. დასავლეთ საქართველოში პირველადი აბორიგენები უნდა ყოფილიყვნენ ადიღეური მოდგმის ტომები. ერთ-ერთ ნაშრომში ბ-ნი არნოლდ ჩიქობავა პირდაპირ წერს, რომ დასავლეთ საქართველოში ქართველურ ტომებს წინ უსწრებდნენ ადიღეური მოდგმის ტომებიო. და აქ, რასაკვირველია, პირველ რიგში, გულისხმობდა აფსუებს, დღეს აფხაზებად წოდებულს.

ეს სრულიადაც არაა გასაკვირველი, რადგან კარგა ხნის მანძილზე ქართულ ისტორიოგრაფიაში გაბატონებული იყო ქართველების სამხრეთიდან მოსვლის თეორია, რაც საისტორიო მეცნიერების შემდგომმა განვითარებამ არ დაადასტურა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებაში ამა თუ იმ ჰიპოთეზის გამოთქმა – მისი დამტკიცება ან უარყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩვენ ვარაუდის დონეზე გამოთქმულმა ამ დაუსაბუთებელმა მოსაზრებებმა დიდი უბედურება და აუნაზღაურებელი ზიანი და ზარალი მოგვაყენა, რადგან იგი კარგად და მარჯვედ აიტაცეს და გამოიყენეს იმპერიულმა ძალებმა, რომელთაც რუსი და აფსუა ვაიისტორიკოსებისა და ზოგიერთი ქართველი პროაფსუური ორიენტაციის ვაიმეცნიერის წყალობით, გააყალბეს რა საქართველოს ისტორია, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ათეული წლების განმავლობაში წარმოებული მიზანმიმართული პოლიტიკის წყალობით, აფხაზეთის აბორიგენი ტომის აფსუების დაცვის საბაბით, მიიტაცეს საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული კუთხე აფხაზეთი.

სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ, ბევრმა ქართველმა მეცნიერმა, სხვადასხვა მიზეზების გამო, ირწმუნა -ფს- და -ყვა კომპლექსების ადიღეური წარმომავლობის ჰიპოთეზა და, ნებსით თუ უნებლიედ, ათეული წლების განმავლობაში წყალი ასხა მტრის წისქვილზე; სამწუხაროდ, ნაწილმა დუმილი ამჯობინა, ხოლო ვინც ხმა ამოიღო (მაგ. ბ-ნი პავლე ინგოროყვა და ზოგიერთი სხვა) ლამის ჯვარს აცვეს და ამგვარად, ათეული წლების მანძილზე გაბატონებული იყო მოსაზრება, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არსებული -ფს- და -ყვა კომპლექსებიანი ტოპონიმები ადიღეური ტომების კუთვნილება იყო.

და, აი, ამ კომპლექსებმა ლამის დააკომპლექსა ქართველოლოგია, მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა მისი განვითარება, ხელი შეუწყო საქართველოს ისტორიის უღვთოდ გაყალბებას, რაც დღემდე გრძელდება საკმაოდ ფართო მასშტაბით და რაც შემდგომში ტერიტორიების მიტაცებას დაედო საფუძვლად.

ქართველოლოგიიდან ამ სფეროში მხოლოდ ერთ კურიოზულ მაგალითს შევთავაზებთ მკითხველს, რომელიც საკმაოდ დიდ და მტკივნეულ საბაბს იძლევა დაფიქრებისათვის.

ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა აკადემიკოსმა, ქალბატონმა ქეთევან ლომთათიძემ მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე მოახმარა ე. წ. აფხაზურ, სინამდვილეში კი აფსუური, ენის შესწავლას და მის ნათესაობას ქართველურ ენებთან. ქ-ნი ქეთევან ლომთათიძე ერთ-ერთ შრომაში აღნიშნავს, რომ აფხაზურ ენას (უფრო სწორი იქნებოდა გვეხმარა “აფსუური”) თურმე დიდი ზეგავლენა მოუხდენია ქართული ენის განვითარებაზე.

პარადოქსი ისაა, რომ ყველანაირი ისტორიული დოკუმენტებისა და მასალების გაანალიზებით მტკიცდება, რომ აფსუური ენა კონტაქტში შედის ქართულთან, არც მეტი – არც ნაკლები, მხოლოდ მე-17-18 საუკუნეებში.

აქედან გამომდინარე, თავად მკითხველმა წარმოიდგინოს თუ რა დონეზე და რა დონით ხდებოდა საქართველოს ისტორიისა და ქართველი ხალხის ცხოვრების ფაქტების გაყალბება თავად ზოგიერთი ქართველი მეცნიერის მიერ (ვიცი, ამ სიტყვების წაკითხვისას ბევრი დაკომპლექსებული მედროვე მეცნიერი წამოხტება სავარძლიდან, მაგრამ ამ სტრიქონების ავტორი მზადაა კამათისათვის ნებისმიერი მრგვალი მაგიდის დონეზე და თანაც ახალ-ახალი ფაქტების მოხმობის დონეზე).

თითქმის ათი წელი გავიდა საბჭოთა იმპერიის დაშლიდან, მაგრამ ზოგიერთი ქართველი მეცნიერი დღესაც ვერ განთავისუფლებულა ამ “ადიღეურ-აფსუური სინდრომისაგან” და კარგა გვარიანად ასხამს წყალს ქართველთმოძულეთა წისქვილზე.

მადლობა ღმერთს, ნავსი მაინც გატყდა და მკვლევართა ერთმა ნაწილმა (თ. მიბჩუანი, ა. ონიანი, ა. თოთაძე, ზ. რატიანი, ჯ. გამახარია და სხვ.) როგორც იქნა, შეჰბედა ამ მოჯადოებულ კომპლექსს და ფრიად საინტერესო ნაშრომები გამოაქვეყნა.

აღმოჩნდა, რომ -ფს- და -ყვა კომპლექსებიანი ტოპონიმები იშიფრება, იხსნება ბერძნული და ქართველური ენების საფუძველზე და მათ ადიღეურ-აფსუურ ენებთან არაფერი არა აქვთ საერთო. მთავარია პრობლემისადმი სწორი მიდგომა და ანალიზი. ამით ერთხელ კიდევ უტყუარად დადასტურდა ჩვენი დიდი მეცნიერების ივანე ჯავახიშვილისა და პავლე ინგოროყვას მოსაზრებები, რომ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი აფხაზეთში, რაიმე არაქართულ ელემენტს ადგილი არ ჰქონია და მთელი ისტორიის მანძილზე – მე-16-მე-17 საუკუნეებამდე ე. ი. აქ ადიღეურ-აფსუური ელემენტის გამოჩენამდე – ყველანაირ მატერიალურ კულტურას ქმნიდნენ მხოლოდ ქართველური ტომები.

აქ საინტერესოა ერთი გარემოება. მართალია, ბატონები სიმონ ჯანაშია, არნოლდ ჩიქობავა და სხვები, დიდი მეცნიერები იყვნენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მომავალმა თაობებმა მათს ნააზრევს თუ მოსაზრებებს კრიტიკულად არ შეხედონ.

ამა თუ იმ გამოჩენილმა მეცნიერმა რომ თქვას, მტკვარი აღმა მიდისო, ნუთუ მომავალმა თაობებმა არ უნდა შეამოწმონ და, თუ ფეხს არ ჩაყოფენ მდინარეში, ჯოხი მაინც არ უნდა გადააგდონ, რათა დარწმუნდნენ – მას აღმა წაიღებს თუ დაღმა.

ამჟამად ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს -ფს- და -ყვა კომპლექსებთან დაკავშირებული ბოლო პერიოდის სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა, არამედ ჩვენი მიზანია მკითხველს გავუზიაროთ ჩვენი რამდენიმე მოსაზრება ზემო რაჭაში, კერძოდ კი ონის რაიონში, არსებული -ფს- და -ყვა კომპლექსებიანი ორი ტოპონიმის “ფსორისა” და “ბოყვას” შესახებ და ვაჩვენოთ თუ რამდენად აბსურდალია პროაფსუური ორიენტაციის ქართველი მკვლევარების მოსაზრებანი, მათს აფსუა და რუს ვაიმეცნიერებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

აქამდე გაბატონებულ ჰიპოთეზას თუ დავუჯერებთ, უნდა ჩავთვალოთ, რომ ზემო რაჭაში – ონის რაიონში სოფლები ფსორი და ბოყვა დაარსებულია არაქართული ელემენტის, სახელდობრ, აფსუურ-ადიღეური მოდგმის ტომების მიერ. თუ ერთი წუთით ასეთ აბსურდს დავუშვებთ, მაშინ, ქართველური ტომების ისტორიიდან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო, არც მეტი, არც ნაკლები, დაახლოებით, მესამე ათასწლეულში ჩვენს ერამდე, რაც ყველაზე გაბედული ფანტაზიის ფარგლებსაც კი სცილდება.

ახლა დავუბრუნდეთ საკუთრივ ტოპონიმებს. ამ ტოპონიმების ლინგვისტური ანალიზი ამჯერად შესაბამისი სპეციალისტებისათვის მიგვინდვია. ჩვენ კი გვინდა ისინი განვიხილოთ საერთოდ საქართველოში არსებული ქართველური ტოპონიმების ფონზე და ვაჩვენოთ, რომ, სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი მკვლევარი, ნებსით თუ უნებლიედ, ამა თუ იმ საკითხს განიხილავს კონტექსტიდან ამოგლეჯილად, რაც საბოლოოდ მცდარი დასკვნების საფუძველი გამხდარა და ხდება.

სოფელი ფსორი მდებარეობს ონის რაიონში მდ. ჯეჭორის ხეობაში დაახლოებით 1300 მ-ზე ზღვის დონიდან. თუკი, ყბადაღებული ამ -ფს- კომპლექსის გამო დავუშვებთ, რომ ეს სოფელი არაქართველების, ამ შემთხვევაში აფსუების, დაარსებულია, მაშინ სრულიად გაუგებარი იქნება იქვე, ონის რაიონში, არსებული მსგავსი აღნაგობის ტოპონიმებისა და ასევე მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელებული მსგავსი სახელების წარმომავლობა.

“ფსორის” მსგავსი ტოპონიმები გაბნეულია მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, დაწყებული ონის რაიონიდან, და აქ საჭირო და აუცილებელი არაა ისტორიკოსის ან ენათმეცნიერის დიპლომი იმისათვის, რომ დარწმუნდე – აქ -ფს- კომპლექსი არაფერ შუაში არაა. იქვე ონის რაიონის ტერიტორიაზე მსგავსი აღნაგობის ტოპონიმებია – ცხმორი, სორი, ჩორდი, ხოლო მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ანალოგიურია: თხმორი (ამბროლაურის რ-ნი), წნორი (სიღნაღის რ-ნი), ცხმორისი (ქედის რ-ნი), გორი (გორის რ-ნი), ქორდი (გორის რ-ნი), ქორეთი (საჩხერის რ-ნი), ცილორი (აბაშის რ-ნი), ჩიხორი(თერჯოლის რ-ნი), წიფორი (დუშეთისა და ცხინვალის რაიონები) და ა. შ. რაც იმას გვიჩვენებს, რომ ამ ტოპონიმებში მთავარია არა -ფს-, -ცხმ- და სხვა კომპლექსები, არამედ -ორ კომპლექსი და ამ დასკვნისათვის, კვლავ ვიმეორებთ, საჭირო არაა ფილოლოგის ან ისტორიკოსის დიპლომი გქონდეს.

ახლა რაც შეეხება -ყვა კომპლექსს, რომელმაც ასევე დააკომპლექსა ქართველოლოგია. ბ-ნ სიმონ ჯანაშიას მოსაზრების კვალდაკვალ მიჩნეულია, რომ -ყვა კომპლექსიანი ტოპონიმები – “მალთაყვა”, “ბოყვა” და ა. შ. აფსუურ-ადიღეური წარმომავლობისა უნდა იყოს, არადა, ჩვენი აზრით, მალთაყვასა და ბოყვას მსგავსი ტოპონიმებით სავსეა საქართველოს ტერიტორია და მათ არავითარი საერთო არ უნდა ჰქონდეთ აფსუურ-ადიღეურთან.

სოფელი ბოყვა მდებარეობს ონის რაიონში მდ. რიონის მარცხენა შენაკადის პატარა მდინარის ხეორისწყლის ხეობაში, დაახლოებით, 1100 მ-ზე ზღვის დონიდან. ეხება რა ტოპონიმ “ბოყვას”, ბ-ნი ალექსანდრე ონიანი თავის წიგნში “ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკის საკითხები” (1989), აღნიშნავს, ამ ტოპონიმის ჩერქეზული წარმომავლობის საწინააღმდეგოდ ის ფაქტი მეტყველებს, რომ ზემო რაჭაში ჩერქეზული წარმომავლობის არც ერთი ტოპონიმის არსებობა არ დასტურდება და მას აკავშირებს სვანურ სიტყვასთან “ბოყვ”, რაც ნიშნავს: “ღრუ, გულგამოცლილი, ფუყე საგანი; ხის ქერქისგან დამზადებული ჭურჭელიო”.

აქვე პატივცემული მეცნიერი სვამს ორ კითხვას: “1) რამდენად არის შესაძლებელი ამ რეგიონში (ზემო რაჭაში) სვანური ტოპონიმების დაშვება? და 2) შეიძლება თუ არა ტოპონიმს საფუძვლად ედოს ასეთი მნიშვნელობის მქონე სიტყვა?”.

რაც შეეხება პირველ კითხვას, უნდა აღვნიშნოთ, რომ ზემო რაჭაში (და არა მარტო აქ) სვანური წარმომავლობის ტოპონიმების დაშვება არათუ შესაძლებელია, არამედ უტყუარი ფაქტია და ზემო რაჭა მთლიანად მოფენილია სვანურიტოპონიმებით, რომლის ბევრი ნიმუში მოჰყავს ბ-ნ გერონტი გასვიანს თავის წიგნში “ნარკვევები შუა საუკუნეების სვანეთის ისტორიიდან” (1991) და, სხვათა შორის, არაერთი ნიმუში აქვს დაფიქსირებული ამ სტრიქონების ავტორსაც. დამატებითი კვლევები უფრო მეტსაც გამოავლენს. აქ მხოლოდ ერთ საინტერესო ფაქტს აღვნიშნავ, რომელიც ზოგიერთი სპეციალისტისათვისაც კი უცნობი უნდა იყოს. ყველასათვის კარგად ცნობილ კურორტ უწერაში შუა სოფელში ჩამოდის პატარა მშფოთვარე მდინარე, რომელსაც “მუშუანს-მუშკანს” ეძახიან და, როგორც ჩემთვის ცნობილია, სვანურად სვანების თვითსახელწოდებას აღნიშნავს, რაც, ჩემი აზრით, საკმაოდ ბევრის მთქმელია.

ასე რომ, თუ ჩვენი ისტორიკოსები და ენათმეცნიერები უფრო გაბედულად ჩაიხედავენ ქართველური ენების საუნჯეში, საგანძურსა და ლაბირინთებში, მაშინ ადიღესა და ჩერქეზეთში თუ სხვაგან წასვლა ნამდვილად აღარ იქნება საჭირო.

ახლა გვინდა, მკითხველს შევთავაზოთ ჩვენი მოსაზრება ტოპონიმ “ბოყვასთან” დაკავშირებით. ჩვენი აზრით ამ სახელში განმსაზღვრელია არა “ყვა”, არამედ – “ვა” – და, აი, რატომ: იქვე ონის რაიონში არსებობს სოფელი “ჟაშქვა”, ხოლო ამბროლაურში – სოფელი “ზნაკვა”. თუ ტრადიციული მოსაზრებით ვიხელმძღვანელებთ, გამოდის, რომ ამ ტოპონიმებში განმსაზღვრელია “ქვა” და “კვა”, რაც, ჩვენი აზრით, ჭეშმარიტებისგან შორსაა.

მთელი საქართველო მოფენილია მსგავსი აგებულების ტოპონიმებით, სადაც განმსაზღვრელია დაბოლოება “ვა”, რაც გვიჩვენებს, რომ ესაა ქართველური ენების სამყაროს კუთვნილება და მას არაფერი საერთო არ უნდა ჰქონდეს უცხოენოვან სამყაროსთან, ამ შემთხვევაში აფსუურ-ადიღეურთან, რაც ისტორიული რეალიებითაც დასტურდება.

ჩვენი აზრით, ასეთი ტოპონიმებია: სევა (ონის რ-ნი), სხვავა (ამბროლაურის რ-ნი), ჯავა (ჯავის რ-ნი), სირქვა (ახალქალაქის რ-ნი), თიღვა (ყორნისის რ-ნი), სინირხვა, მამიჯირხვა, აჯანვა (გუდაუთის რ-ნი), გუდავა (გალის რ-ნი), მოხვა (საჩხერის რ-ნი), აჭყვა, დაგვა (ქობულეთის რ-ნი), წევა (ზესტაფონის რ-ნი) და სხვ.

ჩვენ გვგონია, რომ ყველა ზემოთ აღნიშნული ტოპონიმი, მსგავსი აგებულებისაა, ერთ ენობრივ სამყაროს ეკუთვნის და მათში განმსაზღვრელია “ვა” კომპლექსი ისევე, როგორც “ბოყვაში”, “მალთაყვაში”, “ზნაკვაში” და ა. შ.

აქედან გამომდინარე, თუ ერთ რომელიმე ტოპონიმს უცხო ენობრივ სამყაროს მივაკუთვნებთ, მაშინ ყველა დანარჩენიც მას უნდა მივაკუთვნოთ აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. ტოპონიმების უფრო დეტალური ანალიზი ლინგვისტებისათვის მიგვინდვია.

საბოლოოდ კი ვიტყვით იმას, რომ უმდიდრესი ქართველური ენების მონაცემებით, ყველაფრის ახსნა ძირითადად ქართულ ნიადაგზე შეიძლება, მხოლოდ საჭიროა ქართველოლოგია განთავისუფლდეს ამ შემბოჭავი “აფსუურ-ადიღეური სინდრომისაგან”.

ბიძინა თავაძე,

ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი,

საქართველოს ბუნებისა და ისტორიულ ფასეულობათა

დაცვის ასოციაცია “ფესვების” პრეზიდენტი

გაზეთი “საქართველო”

# 10-11, 2003 წელი__

http://www.amsi.ge/istoria/div/VIVAT_HISTORIA.pdf

4 Responses to “● ბიძინა თავაძე – აფსუა-აფხაზთა აბორიგენობაზე საქართველოში”

  1. AFXAZI said

    ZALIAN GTXOVT RUSULAD DADOT ES STATIA, IQNEB RAME GAVAGEBINO AFSUA SEPARATISTEBS DA RUS SHOVINISTEBS …DIDI MADLOBA..!

    Like

  2. mai said

    წერეთ და იკითხეთო -ეს არის აფსუების და ხახოლების პოლიტიკა

    Like

  3. zalian gtxovt ar sheacherod tqveni statiebi rata ar mogvigon sainformacio omi romelic aris sheiaarebul omze mnishvnelovani,chven emigraciashi myofni yoveltvis viqnebit tqvens gverdit ra sashualebac gveqneba.tu mogvawvdit tqvens telefonis nomrebs, E-mails da skyps kargi iqneba chventvis piradi kontaqtebi.
    saqartvelos erovnul–ganmatavisuflebeli mozraoba emigrantei tavjdomare chven chamovyalibdit 28.11.2009w. safrangetshi q. strasburgshi.
    zalian gtxovt kavshirs
    pativiscemit. vladimir xmelidze

    Like

  4. rom said

    mereda, ra unda gvishvelos am marazms, es xo zneli istoriaa mati aq gadmosaxleba tanac am teritoriazed gachnda orpexa gamurebi vinc; kargad; da utvinod rusetis binzur saqmes aketebinebs, shemdeg ki taktikurad ganadgurdebian. igive rusebis xelit.

    Like

დატოვე კომენტარი