Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ეროვნული მთავრობა და პროფკავშირები

♥ ზვიად გამსახურდია

femap

ეროვნული მთავრობა და პროფკავშირები

***

1991 წლის 22 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამოსცა ბრძანებულება 

“საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში პროფესიული კავშირების უფლებების უზრუნველყოფის შესახებ”

“საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში მშრომელთა სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების გამოხატვისა და დაცვის საქმეში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პროფესიული კავშირები.

ყოფილმა საბჭოურ მოდელზე აგებულმა პროფესიულმა კავშირებმა არსებობის მანძილზე დაამტკიცა სიცოცხლის უუნარობა თავისი უმოქმედობით, მმართველი პარტიის უსიტყვო მორჩილებით, მშრომელთა ინტერესების იგნორირებით. რესპუბლიკაში მიმდინარე საბჭოური სტუქტურების მსხვრევას მხარი აუბა საქართველოს პროფკავშირების 1991 წლის 24 აგვისტოს ყრილობამ, რომლის მიერ შექმნილი პროფკავშირების რესპუბლიკური ცენტრი დგას ეროვნულ პოზიციებზე. აღნიშნული პროცესების განვითარებას ხელს უშლის პროფესიულ კავშირებში დრომოჭმულ საბჭოურ დარგობრივ სტრუქტურას ამოფარებული დესტრუქციული ძალები და მათ მიერ შექმნილი არასტაბილური ვითარება. პროფესიული კავშირების უფლებათა უზრუნველყოფისა და მათი საქმიანობისათვის პირობების შექმნის მიზნით ვადგენ: საქართველოს პროფესიული კავშირების ერთიანობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს თავისუფალი პროფკავშირების რესპუბლიკური ცენტრი ცნობილ იქნეს მშრომელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის ერთადერთ გარანტად. ყოფილი დარგობრივი კომიტეტების ქონების მემკვიდრედ გამოცხადდეს საქართველოს თავისუფალი პროფკავშირების ცენტრი.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა, აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელებმა, ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, ქ. თბილისის მერმა, რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების პრეფექტებმა, სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, გაერთიანებების, დაწესებულებებისა და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, მიუხედავად საკუთრებისა და უწყებრივი კუთვნილებისა: განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ პროფკავშირების უფლებათა და მათი საქმიანობის ყოველმხრივ უზრუნველყოფის მკაცრ დაცვას, მოქმედი კანონმდებლობისა და საზოგადოდ აღიარებული საერთაშორისო უფლებების ნორმების შესაბამისად. სოცილურ-ეკონომიკურ საკითხებზე ნორმატიული აქტების მიღებამდე, შესაბამის პროფკავშირულ ორგანოებთან ერთად, ჩაატარონ წინასწარი კონსულტაციები მშრომელებისათვის უფრო დასაბუთებული და მისაღები გადაწყვეტილებები შემუშავების მიზნით. 1992 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადებისას პროფესიული კავშირების მონაწილეობით რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოცილური უზრუნველყოფის სამინისტროებთან შეთანხმებით განიხილონ საკითხი პროფკავშირების კუთვნილი გამაჯანსარებელი ბანაკების, ფიზკულტურულ-სპორტული ორგანიზაციების, სანიტარულ-საკურორტო, ტურისტული დაწესებულებების ნაწილის სახელმწიფო სოცილური დაზრვევის ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსების შესახებ. 1991 წლის ნოემბერ-დეკემბერში საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში ჩატარდეს მოლაპარაკებები 1992 წლის კოლექტიური ხელშეკრულებების (შეთანხმებების) დასადებად ან შეტანილ იქნას ცვლილებები მოქმედ კოლექტიურ ხელშეკრულებებში. გათვალისწინებულ იქნას ღონისძიებები სოცილურ-ეკონომიკური პროგრამების რეალიზაციის, მოსახლეობის დასაქმების უზრუნველყოფის, საბინაო ფონდის პრივატიზირებისას მშრომელთა ინტერესების დაცვის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების, შრომითი კონფლიქტების თავიდან აცილების, მოქალაქეთა ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, სოცილური დაზღვევის, საყოფაცხოვრებო და კულტურული მომსახურების გაუმჯობესებისა და სხვა სოცილური საკითხების გადასაწყვეტად. რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა საქართველოს თავისუფალი პროფკავშირების რესპუბლიკური ცენტრის მონაწილეობით, დადგენილი წესის მიხედვით მოამზადოს 1991 წელს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოზე განსახილვევლად საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის პროექტი, წინადადებები საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ სოცილური ანარიცხების ნორმატივების თაობაზე, მშრომელებისა და მათი ოჯახის წევრების სამკურნალო და დასასვენებელი საგზურების შესაძენი თანხების ხარჯების გაზრდისთვის.

რეკომენდაცია მიეცეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს დააჩქაროს “პროფკავშირული საქმიანობის შესახებ” კანონის პროექტის განხილვა და მიღება.

თბილისი.” საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ორგანო – გაზეთი “საქართველოს რესპუბლკა” № 230-231-232 (252) 26 ნოემბერი 1991 წელი.

***

იოჟეფ ტოტის  მიმართვა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას

1991 წლის 26 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ორგანოში – გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” №230-231-232 (252) გამოქვეყნდა იოჟეფ ტოტის, პროფკავშირების მსოფლიო ფედერაციის (WFTU) საპრეზიდენტო საბჭოს წევრის, ტრანსპორტის, ნავსადგურების და თევზის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების საერთაშორისო გაერთიანების გენერალური მდივნის მიმართვა.

“საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ბატონ ზვიად გამსახურდიას

ბატონო პრეზიდენტო! საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობის წევრი 68 ქვეყნის მშრომელთა და პირადად ჩემი სახელით, გვსურს დიდი მადლობა მოგახსენოთ გულითადი მასპინძლობისათვის, საერთაშორისო პროფმოძრაობის მაღალი შეფასებისა და საქართველოს პროფკავშირებისადმი ყოველმხრივი მხარდაჭერისთვის. თქვენთან პირადმა საუბარმა, თავისუფალი პროფკავშირების რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელებთან, შრომითი კოლექტივების წარმომადგენლებთან, პროფკავშირულ აქტივისტებთან შეხვედრებმა დაგვარწმუნა, რომ საქართველოში ყველა პირობაა შექმნილი პროფკავშირული საქმიანობის ფართოდ გასაშლელად, რაც მშრომელთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის საიმედო გარანტიად გვევლინება.

ჩვენ ყურადრებით ვადევნებთ თვალყურს საქართველოს პროფკავშირებში მიმდინარე პროცესებს და მიგვაჩნია, რომ მათი გადაყვანა ტერიტორიულ-დარგობრივ პრინციპზე სავსებით შეესაბამება საერთაშორისო პროფმოძრაობაში დამკვიდრებულ თანამედროვე მოდელს. ჩვენი სურვილია, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი მხარდაჭერა პროფკავშირული მოძრაობისადმი, ესოდენ ზრუნვა მშრომელთა ინტერესების დაცვისადმი გავაცნოთ საერთაშორისო პროფმოძრაობის წევრ ქვეყნებს, ხელი შევუწყოთ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობას წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნების პარლამენტების მიერ. ეს ყოველივე თქვენთან, საქართველოს თავისუფალი პროფკავშირების რესპუბლიკური ცენტრის თავმჯდომარესთან – ბატონ ზურაბ ხონელიძესთან შეხვედრების, თქვენი შესანიშნავი რესპუბლიკის გაცნობის შემდეგ, ჩვენს მოქალაქეობრივ მოვალეობად მიგვაჩნია.

გისურვებთ წარმატებას საქართველოს სრული დამოუკიდებლობის მიღწევისათვის სამართლიან ბრძოლაში.”

 

 

მასალა მოამზადა დავით არაბიძემ