Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• იულონ გაგოშიძე – ევროპელებო, რუსეთთან ფრთხილად იყავით!

 იულონ გაგოშიძე

სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში

ევროპელებო, რუსეთთან ფრთხილად იყავით!

 საქართველოში გრძელდება რუსული ოკუპაცია, ამ ბოლო ხანს კი რუსეთის ხელისუფლებამ ახალი აგრესიისთვის საზოგადოებრივი აზრის მზადება დაიწყო: გაძლიერდა ანტიქართული პროპაგანდა და, ამასთან ერთად, გახშირდა რუსი ოკუპანტებისა და მათი მფარველობის ქვეშ მყოფი სეპარატისტების განსაკუთრებული ცინიზმით გამორჩეული, თავხედური ქმედებებიც, მიმართული ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ისე მათ მოსაზღვრე სოფლებში. ოსებმა ოთხი მოზარდი გაიტაცეს გორის რაიონის სოფელ ტირძნისიდან და ცხინვალში გადაიყვანეს ტერორიზმისა და ქურდობის ბრალდებით გასასამართლებლად.

სრულიად ბუნებრივი იქნებოდა, ამ ძალადობას ჩვენი მხრიდანაც საპასუხო ძალადობა რომ მოჰყოლოდა. მაგრამ სწორედ ეს სურთ ოკუპანტებს და ეს არის სწორედ მათი პროვოკაციების ჭეშმარიტი მიზეზი. ამიტომ მოუწოდა პრეზიდენტმა მოსახლეობას მაქსიმალური თავშეკავებისკენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა ქვეყნის გამთლიანებისთვის. ბრძოლა დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა უკანასკნელი რუსი “სალდათი” დატოვებს საქართველოს. და ეს ძალიან მალე უნდა მოხდეს.

20 წლის წინ, 1989 წლის ნოემბერში, ბერლინის კედელი დაინგრა, მაგრამ დღეს, როცა ეს იუბილე საყოველთაო ზეიმით აღინიშნება, რუსები ახალ ბერლინის კედელს აშენებენ საქართველოში. ეს ევროპისა და საერთოდ კაცობრიობის სირცხვილია. დღეს სახელმწიფოთა მეთაურები ისე იქცევიან, თითქოს დავიწყებოდეთ, რომ რუსეთს არ შეუსრულებია 2008 წლის 12 აგვისტოს პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმების არც ერთი პუნქტი და პუტინს ისე ხვდებიან, თითქოს პირადად პუტინი არ მეთაურობდა საქართველოში შემოჭრილ რუსულ არმიას და თითქოს მისი ხელები ქართველების, ოსების, აფხაზების, ინგუშების, ჩეჩნების, რუსებისა და სხვათა და სხვათა სისხლით არ იყოს მოსვრილი. ჩვენი ვალია, შევახსენოთ ყველას, რომ რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ ჯერ არ დამთავრებულა და რომ საბჭოთა კავშირი ცოცხალია რუსეთის ფედერაციის სახით.

27 ნოემბერს პუტინი პარიზში ჩადის. ამ ვიზიტთან დაკავშირებით საფრანგეთში მცხოვრები ქართველები მხარდამჭერებთან ერთად აწყობენ საპროტესტო აქციას პარიზში 27 ნოემბერს, ნაშუადღევს 5 საათზე, პარიზის დროით. მოგიწოდებთ, მხარი დავუჭიროთ პარიზელ ქართველებს და 27 ნოემბერს, გრინვიჩის დროით 16 საათზე, ყველამ ერთად კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მასპინძლებს მთელ მსოფლიოში, რომ რუსული ჯარი ჯერ კიდევ საქართველოში დგას და რომ ხვალ ეს ჯარი შეიძლება მათ ქვეყანაშიც აღმოჩნდეს, თუკი დღესვე არ ამოვდებთ ლაგამს გათავხედებულ რუსულ იმპერიალიზმს.

ევროპელებო, ფრთხილად იყავით, საბჭოთა კომუნიზმის აჩრდილი ისევ დაძრწის ევროპაში! იცოდეთ და ნუ დაგავიწყდებათ, რომ საქართველოს ომი თქვენი ომია, საქართველო დღეს დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზეა და საქართველოს გამარჯვება დასავლური ღირებულებების გამარჯვებაა, ე.ი. თქვენი გამარჯვებაა. ეს გამარჯვება აუცილებლად მოვა: ბერლინის კედლის აგება საბჭოთა კავშირის აგონიის მანიშნებელი იყო და ამ აგონიამ 25 წელს გასტანა, ბერლინის ახალი კედელი კი, რომელსაც რუსეთი საქართველოში აშენებს, რუსული იმპერიალიზმის დასასრულის დასაწყისია და ეს კედელი რუსეთის იმპერიასთან ერთად უფრო მალე უნდა დაინგრეს, რადგანაც ისტორიული დროის დინება დღეს უფრო სწრაფია, ვიდრე გასულ საუკუნეში. თქვენი, დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა მხოლოდ დააჩქარებს ამ პროცესს.

11 ნოემბერი, 2009 წელი

(c) გაზეთი “ახალი თაობა”

დატოვე კომენტარი