Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ოქროპირიძე- აჭარა II

უჩა ოქროპირიძე

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის თანამედროვე პერიოდი და აჭარა (1988.X– 1994.III)

 თავი I

თავი II. აჭარა და საქართველოს ეროვნული ხელისუფლება

(1990.28.X-1992.6.I)

e18396e18395e18398e18390e18393-e18392e18390e1839be183a1e18390e183aee183a3e183a0e18393e18398e18390-e18390e183ade18390e183a0e18390e183a8[1]თავდაპირველად საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნები დანიშნული იყო 1990 წლის 25 მარტისათვის, მაგრამ მისი ბოიკოტირებისათვის სრულიად საქართველოს მასშტაბით გამართული აქციების შედეგად, როგორც ადრე აღვნიშნეთ, 1990 წლის 20 მარტის დადგენილებით იგი გადატანილი იქნა 1990 წლის ოქტომბერ-ნოემბერში. ამავე დადგენილებაში ნათქვამია, რომ უკვე შემოღებულია მრავალპარტიულობა და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ გაერთიანდნენ პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მათი ინტერესების შესაბამისად. ამიტომაც საჭირო იყო საკმაო დრო, რათა არჩევნებისათვის მომზადებულიყვნენ სხვადასხვა პარტიები და ორგანიზაციები.

ამის შესაბამისად შეიცვალა საქართველოს კონსტიტუციის ზოგიერთი დებულება და მასში ჩაიწერა, რომ საქართველოს კომპარტია სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად, თანაბარ საფუძველზე მონაწილეობს სახელმწიფო და საზოგადოებრივ საქმეთა მართვაში, რითაც გაუქმებული იქნა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის ის დებულება, რომლითაც მხოლოდ კომპარტია იყო სახელმწიფო მართვა-გამგეობის ერთადერთი ბატონ-პატრონი. [65, გვ. 8] საბოლოოდ საქართველოს უზენაესი საბჭოს პირველი მრავალპარტიული არჩევნების დღედ 1990 წლის 28 ოქტომბერი დაინიშნა. საარჩევნო ბატალიებში ჩაება სხვადასხვა ბლოკი და ორგანიზაცია, რომელთაგან თავიანთი პოლიტიკური წონითა და შესაძლებლობებით გამოირჩეოდა ბლოკი “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”, აგრეთვე ბლოკი “დემოკრატიული საქართველო” და კომუნისტური პარტია. მან წინასაარჩევნოდ პირობა დადო, რომ გამოეყოფოდა საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას და არჩევნებში მონაწილეობას მიირებდა როგორც საქართველოს კომუნისტური პარტიის დამოუკიდებელი ორგანიზაცია.

 მარტო სექტემბრის თვის დასაწყისამდე “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს” 40 შეკრება გაიმართა, ხოლო ამავე თვის პირველ კვირაში მოეწყო მისი სამი შეხვედრა. ამ ბლოკის 3 სექტემბრის შეხვედრაზე ისაუბრეს საარჩევნო კომისიასა და მის უახლოეს ამოცანებზე. წამოაყენეს წიანდადება კომპარტიისა და ოპოზიციის წინასაარჩევნო პირობების გათანაბრების აუცილებლობის შესახებ. იმსჯელეს რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის ბორის ელცინისა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის გ. გუმბარიძის მიერ ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულებების თაობაზე და გადაწყდა პრესაში გამოექვეყნებინათ მის შესახებ მრგვალი მაგიდის პოზიცია, რომ “რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სახელმწიფოთა მშვიდობიანი ურთიერთობის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად, ორივე მხარისათვის მისაღები ხელშეკრულებების საფუძველზე; რადგან საქართველოს რესპუბლიკის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ერის ნდობის მანდატი არასდროს მიუღოა და მას არა აქვს ხალხის ნების გაუთვალისწინებლად ერის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ასეთი გადაწყვეტილებების მიღების უფლება, სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობის მოწესრიგება საქართველოს მომავალი მრავალპარტიული უზენაესი საბჭოს პრეროგატივაა”. [66] ასეთ მნიშვნელოვან სხვა საკითხებთან ერთად ამავე სხდომაზე განიხილეს აჭარისა და სვანეთის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის სავალალო მდგომარეობა, ხოლო ჰელსინკის კავშირის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნოდარ იმნაძემ გააკეთა განცხადება, რომ “ჰელსინკის კავშირის ბათუმის ორგანიზაციას განზრახული აქვს მოაწყოს შეხვედრა მრგვალი მაგიდის წარმომადგენლებთან; ზემო აჭარის უხუცეს ადამიანებს სურთ შეხვედრა ოპოზიციასთან”. [იქვე]

საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ამ შეკრებებზე მსჯელობა მიმდინარეობდა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე საკითხებზე და იგი არამარტო ამ ორგანიზაციის, არამედ მთელი ქართული საზოგადოების განსაკუთრებულ აქტივობას ემყარებოდა, რამაც სათანადო ფონი შეუმზადა აღნიშნულ არჩევნებში ბლოკ “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს” გამარჯვებას.

აჭარაში (გარდა ქ. ბათუმისა) საქართველოს ამ პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ: “სამწუხაროდ, სოფლის მოსახლეობამ სწორედ იმ პარტიას დაუჭირა მხარი, რომელიც მრავალი ათეული წლის მანძილზე შეურაცხყოფდა მის ღირსებას”. [67, გვ. 58]

მაგრამ ეროვნული ძალების გამარჯვებას სრულიად საქართველოში მისი მოსახლეობის ახალი სულიერი აღმავლობა მოჰყვა, რაც გაზეთ “სახალხო განათლების” წერილში “აღსრულდა ხალხის ნება” ასე აისახა: “28 ოქტომბერს სრული მზადყოფნა იყო გამოცხადებული – ყველას პირნათლად უნდა შეესრულებინა თავისი ფუნქცია… ისეთი რთული არჩევანის წინაშე, როდესაც არ კმარა მხოლოდ სურვილი იქნე არჩეული – საჭიროა სურვილი ღირსეული არჩეული იყო… გუშინდელი მეტოქე არ არის მტერი, იგი მხოლოდ კონკურენტია და იმავე საქართველოს, იმავე რესპუბლიკის მოქალაქე, რომესაც იგივე სურვილი აქვს. ჩვენ დღეს ერთ რამეში ვართ ერთიანნი – გვინდა სუვერენული სამშობლო”… [68] ამაში მართლაც ერთიანი იყო ქართული საზოგადოების უმრავლესობა, თუმცა ზემოთ აღნიშნული მექანიზმების ამოქმედებას ავტონომიურ ფორმირებებში უკვალოდ არ ჩაუვლია. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მისი შედეგები დღემდე მოქმედებს და ისინი მტკიცედ ადგანან სეპარატიზმის გზას. აჭარაშიც საქართველოს ხელისუფლების სათავეში ეროვნულ ძალთა მოსვლიდან ერთი თვის შემდეგ ანტიქართულმა და მარიონეტულმა ძალებმა (რომლებმაც ფაქტიურად ერთ ფოკუსში მოიყარეს თავი), 1990 წლის 30 ნოემბერს ბათუმში გამართულ მიტინგზე მოახდინეს საკუთარი ძალების გენერალური დათვალიერება. მათ მოტყუებით (თითქოს აჭარას აუქმებდა ვინმე, მუსლიმანი ქართველები ძალად უნდა გაექრისტიანებინათ და ა.შ.) მთიანი აჭარიდან ბათუმში ჩამოიყვანეს რამდენიმე ათასი კაცი და ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის უკანა მხარეს, მოედანზე გამართეს პროვოკაციული მიტინგი პროვოკაციული ლოზუნგებით და შექმნეს ისეთი ატმოსფერო, რომ მომიტინგეთა წინა რიგებში მდგარი აქ მოსული ეროვნული მოძრაობის აქტივისტები (დ. ბერძენიშვილი, თ. დიასამიძე, რ. ნადირაძე, ნ. იმნაძე და სხვ.) ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდნენ და გაფითრებული შეჰყურებდნენ მათ წინაშე გადაშლილ ამაზრზენ სანახაობას. მე მათთან მივედი და ხმამაღლა ვიკითხე, – ეს რა ხდება?! მათ სცადეს ჩემი შეჩერება, მაგრამ უკან მოუხედავად გავემართე ტრიბუნაზე ამავალი კიბისაკენ (ტრიბუნად თეატრის უკანა აივანი იყო გამოყენებული); ტრიბუნაზე ჩემთან ერთად ამოსვლა (ისიც დასაშოშმინებლად) გაბედა მხოლოდ ერთ-ერთმა მათგანმა ნური ძნელაძემ, რომელსაც შემდეგ გვერდში ამოუდგა ზებურ ავალიანიც. ნ. ძნელაძეს სასწრაფოდ ამოვატანინე ტრიბუნაზე მეგაფონი (მათ მიკროფონთან არ მიმიშვეს) და შეცდომაში შეყვანილ ხალხს მივმართე შემდეგი სიტყვით:

“თანამემამულენო! დანო და ძმანო! ჩვენს სათაყვანებელ სამშობლოს ძლივს ეღირსა და თავიდან მოიშორა ორასწლოვანი მონობის უღელი. ქართველმა ხალხმა მრავალპარტიულ არჩევნებში გამოხატა თავისი ნება და 7 ათწლეულის შემდეგ პირველად აირჩია საკუთარი ეროვნული პარლამენტი და საქართველოს ხელისფულების სათავეში მოიყვანა ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული მთვარობა – ეს თქვენი არჩევანიცაა!

და დღეს, როდესაც საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში სიყვარულით მიიღეს აჭარის მკვიდრნი, გაჭირვებისას ხელი გამოგვიწოდა და გულში ჩაგვიხუტა სრულიად საქართველომ, ვიღაც-ვიღაცეები ცდილობენ ისარგებლონ თქვენი ნდობით, გატყუებენ, ათასნაირი პროვოკაციით გწამლავენ და სურთ თქვენს მღელვარებას უკან ამოაფარონ თავიანთი ბინძური ზრახვები. აჭარას ვერავინ გააუქმებს ისევე, როგორც ვერ გააუქმებენ გურიას, სამეგრელოს, ქართლს, კახეთს თუ საქართველოს რომელიმე სხვა კუთხეს. არც თქვენს რელიგიურ გრძნობებს ემუქრება რაიმე საფრთხე, რადგან ეროვნული ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი სინდისისა და რწმენის თავისუფლება და მისი დაცვაა. ის პირები კი, რომლებმაც თქვენ აქ მოტყუებით ჩამოგიყვანეს, ყოველივე ამას თქვენ გიმალავენ და ცდილობენ განხეთქილება შეიტანონ საერთო ქართულ ეროვნულ ძალისხმევაში, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისკენაა მიმართული. სწორედ ასეთები იყვნენ საქართველოს ისტორიულ წარსულში, ყოველთვის უმოწყალოდ რომ გლეჯდნენ და ფლეთდნენ ერთიანი საქართველოს მრავალტანჯულ სხეულს… ასეთები იყვნენ, რომ მოღალატურად ძირს უთხრიდნენ საქართველოს ძლიერებას და მისი სულიერი და ფიზიკური გადაგვარება-განადგურების საქმეს ემსახურებოდნენ.

აბა, სხვას ვის უნდა აძლევდეს ხელს ჩვენი სამშობლოს ძლივს გამაგრებული სამხრეთი საზღვრების ისევ მოშლა და იქ დასახლებული ჩვენი თანამემამულეების უკან დაბრუნება, თუ არა, მართლაცდა, საქართველოს და ყოველივე ქართულის დაუძინებელ მტრებს, რათა კვლავ გაუხსნან გზა ამ მხარეში უცხო თესლის აქტიურ ექსპანსიას, საქართველოს ამ განუყოფელი ნაწილის მითვისების მიზნით.

მამულიშვილნო! ქართული ეროვნული მოძრაობა გადამწყვეტ ფაზაში შედის და მოსალოდნელია მტერმა, ჩვეულებისამებრ თავის გადასარჩენად, ასპარეზზე უხმოს ყველაზე რეაქციულ, შავბნელ ძალებს. ამიტომაც გააათკეცეთ სიფხიზლე და ნუ წამოეგებით გამიზნულ პროვოკაციას.

დღეს საქართველოს ჩვენი თანადგომა, სიყვარული, ვაჟკაცური სიტყვა და საქმე სჭირდება. საქართველოს ყველა კუთხეში ჩასახლებული ჩვენი თანამოძმენი ჩვენგან ამ ვაჟკაცურ სიტყვას და საქმეს ელიან და არ გვაქვს უფლება მათ ეს იმედი გავუცრუოთ…

გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოს!” [69, გვ. 27-28]

სიტყვის დამთავრების მომენტისათვის მიტინგის ორგანიზატორები უკვე გაქცეულნი იყვნენ ტრიბუნიდან და მასზე ამოვიდნენ ეროვნული მოძრაობის სხვადასხვა მიმდინარეობათა ლიდერები; შეიქმნა მეტად ტრაგი-კომიკური სიტუაცია, რადგან ისინი ერთმანეთს ეცილებოდნენ უკვე ეროვნული მოძრაობისკენ შემობრუნებული მიტინგის გაძღოლის ინიციატორობაში. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მიტინგის სრულმა შემადგენლობამ დაგმო ანტიეროვნული ძალების პროვოკაციული გამოხდომა და მიიღო შესაბამისი რეზოლუცია, აგრეთვე მიმართვა აჭარის მოსახლეობისადმი. [70]

ეს იყო აჭარაში ეროვნული მოძრაობის მომხრეთა საერთო გამარჯვება, რასაც წინ უძღოდა ამ ძალთა მიერ ჩატარებული დიდი მუშაობა. მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეროვნული მოძრაობის მიერ მოპოვებული ამ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, რეაქციულმა ძალებმა ყველაფერი იღონეს და მართლაც, ყველაფერი იკადრეს რევანშის ასაღებად და მათთვის დამახასიათებელი გაუგებარი ლოზუნგებით პროვოკაციების მთელი კასკადი მოაწყვეს. [69, გვ. 29]

მანამდე კი, ცოტა უკან დავიხიოთ და გადავხედოთ საქართველოში აღნიშნულ მრავალპარტიულ არჩევნებამდე მომხდარ მოვლენებს.

ფორუმში დარჩენილმა ორგანიზაციებმა შექმნეს ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლობითი ორგანო “საკოორდინაციო ცენტრი”, რომელმაც საბჭოური სტრუქტურების მონაწილეობის გარეშე ჩაატარა ეროვნული კონგრესის არჩევნები 1990 წლის 30 სექტემბერს, რამაც პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესედ დაძაბა. ამასთან კონგრესის არჩევნები ფაქტიურად რამდენიმე დღე მიმდინარეობდა(ზოგიერთ რაიონში კვირებიც). 20 ოქტომბერს შეიკრიბა მისი ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელმაც, ყველაფრის მიუხედავად, შეაჯამა არჩევნების შედეგები და პრესაში გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის ცნობა:

“არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 2.958.755 ამომრჩეველს, მონაწილეობა “მიიღო” 1.505.547 ამომრჩეველმა. მონაწილეთაგან 1.357.924 ამომრჩეველმა სწორად შეავსო საარჩევნო ბიულეტენი და მხარი დაუჭირა ერთ-ერთ საარჩევნო ბლოკს. არჩეული კონგრესის სურათი კი ასე გამოიყურებოდა:

1. ბლოკი “ეროვნულ-დემოკრატები – დემოკრატიული პარტიები” – 441.722, – 32,53%, – 65 (მოცემული ციფრებიდან, პირველი აღნიშნავს ამომრჩეველთა რაოდენობას, მეორე, – პროცენტულ მაჩვენებელს, მესამე – გაყვანილ დეპუტატთა რაოდენობას);

2. ბლოკი “დემოკრატიული საქართველო” – 249.488, – 18,37%, – 37;

3. ბლოკი “ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია – ეროვნული კავშირი” – 182,229, – 15.51% – 71; (სიმანდვილეში ამ ბლოკმა მიიღო 483,231 ხმა, 33,52% და 71 ადგილი კონგრესში, რაც საზღვარგარეთ მიწოდებულ ცნობაში ხელოვნურად ჩანს შემცირებული – უ.ო.)

4. საქართველოს სახალხო პარტია – 59.182, – 4,36% – 9%;

5. კომუნისტური პარტიის დემოკრატიული ფრაქცია – 74.881, – 5,51%, – 11;

6. საქართველოს მოქალაქეთა ლიგა – 50.422, – 3,71%, – 7;

ეროვნულ კონგრესში სულ აირჩიეს ორასი კონგრესმენი. [71, გვ.35] აჭარიდან აღნიშნულ ორგანოში აირჩიეს: საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიიდან – კობა ხაბაზი, ტარიელ მახარაძე და ამირან გორგასლიძე, ეროვნულ- დემოკრატიული პარტიიდან – მერაბ კოპლატაძე და ბიძინა აფხაზავა, საქართველოს რესპუბლიკური პარტიიდან – დავით ბერძენიშვილი, თამაზ დიასამიძე და ოთარ ზოიძე, ამასთან რამდენიმე სხვა პიროვნება. [72]

ეროვნული კონგრესის სახელით მათ მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაში, გამოაცხადა რა თავი საქართველოს მოსახლეობაში ნდობის მანდატით აღჭურვილ ქართველი ერის უზენაესი ნებისა და მისწრაფებების გამომხატველ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელ ორგანოდ, საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გზაზე საჭიროდ მიიჩნია შემდეგი უმთავრესი ნაბიჯების გადადგმა:

“1. საქართველოს ტერიტორიიდან საბჭოთა საოკუპაციო ჯარების სრული და უპირობო გაყვანა.

2. 1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ საბჭოთა რუსეთის აგრესიის, ოკუპაციისა და ანექსიის შედეგაგ შექმნილი სახელმწიფო, საზოგადოებრივი, საკანონმდებლო და სამართლებრივი სტრუქტურების სრული დემონტაჟი.

3. საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე დამოუკიდებლობის აღდგენა და ერის ნებაზე დაყრდნობით საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობის განსაზღვრა.

ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად უნდა იქცეს საყოველთაო სახალხო მოძრაობად, რომელშიც საქართველოს მთელი მოსახლეობა გამოამჟღავნებს ერთსულოვნებასა და უდრეკობას, დაუპირისპირდება არსებულ არაკანონიერ სტრუქტურებსა და ინსტიტუტებს…

ჩვენი მომავალია – თავისუფალი, ერთიანი, დემოკრატიული საქართველო! გავერთიანდეთ ჩვენს წმინდა ბრძოლაში!” [71, გვ.67-68], – ნათქვამია მიმართვაში.

ხოლო ირაკლი წერეთელმა, 1990 წლის 18 ნოემბერს მის მიერ ჩამოყალიბებულ მემორანდუმში – “ერთიანი ძალისხმევით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ”, – აღნიშნა, რომ “ამ ბოლო ხანს გამართულ ორ პარალელურ საყოველთაო დემოკრატიულ მრავალპარტიულ არჩევნებში კიდევ ერთხელ ხმამაღლა გაცხადდა და სამართლებრივად დადასტურდა ქართველი ერის უზენაესი ნება და მისწრაფება – აღდგეს საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა… გვმართებს სიტყვით და საქმით განვახორციელოთ და რეალურ სინამდვილედ ვაქციოთ ჯანსაღ ზნეობრივ, პოლიტიკურ, სარწმუნოებრივ და მსოფლმხედველობრივ საფუძვლებზე დაფუძნებული ეროვნული კონსოლიდაცია. და ვინაიდან საყოველთაო დემოკრატიული არჩევნების შედეგად ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის უმნიშვნელოვანესი და მთავარი მამაოძრავებელი ძალები განაწილდა ორ პარალელურ სტრუქტურაში, ეროვნულ კონგრესისა და უზენაესი საბჭოს სახით, მიგვაჩნია, რომ საბჭოთა რუსეთის მოდერნიზებული იმპერიის წინააღმდეგ ერთიანი ძლიერი ფრონტის შექმნა ერთობლივი ძალებით უნდა უზრუნველყონ სწორედ საქართველოს ეროვნულმა კონგრესმა და საქართველოს უზენაესმა საბჭომ… მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით არსებობდა და დღესაც არსებობს პრინციპული დაპირისპირება. მაგრამ ეს ფაქტორი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს მიჩნეული გადაულახავ დაბრკოლებად საერთო მიზნისათვის დაწყებული ბრძოლის გზაზე… უნდა ვეცადოთ შემუშავდეს ეროვნულ- სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლის ერთიანი სტრატეგია… ყველაფერი უნდა დაიწყოს იმით, რომ უახლოეს წარსულში არსებული შუღლი, განხეთქილება და ანტაგონიზმი დავიწყებას მიეცეს. ამ მხრივ მისასალმებელია საქართველოს უზენაესი საბჭოს მხრიდან წამოსული ინიციატივა ურთიერთშემწყნარებლობისა და მიმტევებლობის, თანადგომისა და პატივისცემის, ეროვნული თანხმობისა და ერთიანობის თაობაზე…” [71, გვ.69-71] ეს იყო დროის მოთხოვნილებით ნაკარნახევი ერთადერთი მართებული პოზიცია, მოვლენათა სამომავლო განვითარების სწორად დანახული პერსპექტივა. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ორ პარალელურ ორგანოს შორის წინააღმდეგობამ შეუქცევადი და კონფრონტაციული ხასიათი მიიღო, რასაც დღითიდღე აღრმავებდა, ერთის მხრივ, საქართველოს ეროვნული კონგრესის წარმომადგენელთა ამბიციური და ყოვლად უსაფუძვლო მოთხოვნები და მეორეს მხრივ, მათ მიმართ საქართველოს უზენაესი საბჭოს ხისტი და მოუქნელი პოზიცია. თანაც კონგრესმენთა ეს მოთხოვნები ატარებდა ე.წ. მცოცავ ხასიათს და ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ისინი ეგრევე აყენებდნენ სრულიად განსხვავებულ, ახალ მოთხოვნას და ამით მათთან რაიმე კონსესუსის მიღწევას შეგნებულად, შეუძლებელს ხდიდნენ. ასე, რომ დაპირისპირებისა და კონფრონტაციის გაღრმავების ცდა, მათ მიერ, მიზანმიმართულ ხასიათს ატარებდა. თუნცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოვლენათა სხვაგვარად წარმართვა არც იყო მოსალოდნელი, რადგან დაპყრობილ ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებულ მექანიზმთა ქმედუნარიანობა ზუსტად ახლა უნდა წარმოჩენილიყო; და ტოტალიტარულ-იმპერიულმა საბჭოთა სისტემამაც წარმატებით დაიწყო თავისი ფუნქციის განხორციელება პოსტსაბჭოურ სივრცეში და, მათ შორის საქართველოშიც, მის მიერვე შექმნილი “მეხუთე კოლონის” საშუალებით და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ-ის) გეგმის მიხედვით.

უნდა აღინიშნოს, რომ “რუსეთის იმპერიულმა ძალებმა (აქ ხანგრძლივი ბატონობის პერიოდში – უ.ო.) შეიმუშავეს კავკასიის ხალხების გათიშვის კონცეფცია. მოხდა როგორც რუსი, ასევე სამწუხაროდ, ქართველი მეცნიერების მხრიდან იბერიულ-კავკასიური ენებისა და კულტურის დაკნინება და უარყოფაც კი. “კავკასიური მემკვიდრეობა” ეჭვის ქვეშ დადგა და წინა პლანზე წამოიწია განვითარების დაბალი საფეხურის თემამ და თითქმის უარყოფილი იქნა კავკასიის ხალხთა რენესანსის, რეფორმაციისა, თუ განმანათლებლობის ფენომენის მნიშვნელობა… საქართველო… ორი საუკუნის მანძილზე საერთაშორისო ცხოვრების მიღმა დარჩა…” [73, გვ.109]

მიუხედავად ამისა, აღმავლობის გზაზე მდგარ ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის ჭეშმარიტ მესვეურთ სწორად ჰქონდათ წარმოდგენილი, ნორმალური განვითარების პირობებში, კავკასიურ სივრცეში ქართველი ხალხისა და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მისია. “საქართველოს და ქართველები ყოველთვის კავკასიის ხალხთა გამაერთიანებელ ძალას წარმოადგენდნენ. მიუხედავად გარედან ინსპირირებული კონფლიქტებისა, საქართველომ უახლოეს მომავალში კვლავ შეიძლება იკისროს ეს როლი. ამით იგი აღადგენს ქრისტიანული შემწყნარებლობის პრინციპის უნიკალურ ისტორიულ ფუნქციას და აქტიურად ჩაებმება მსიფლიო პოლიტიკურ პროცესებში.” – წერდა ზვიად გამსახურდია 1990 წელს. [იქვე]

ასეთ პირობებში 1990 წლის 14 ნოემბერს შედგა საქართველოს ახალი მრავალპარტიული უზენაესი საბჭოს პირველი სესია, რომელზედაც ერთ-ერთ უპირველეს საკითხად განიხილეს წერილი “სსრ კავშირის პრეზიდენტს მ. ს. გორბაჩოვს სამოკავშირეო ხელშეკრულების პროექტის თაობაზე” – რომელშიც აღნიშნულია, რომ “იმსჯელა რა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების კონცეფციაზე”, საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს საჭიროდ მიაჩნია განაცხადოს შემდეგი:

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 14 ნოემბერს ერთხმად მიიღო კანონი გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ. კანონი ადასტურებს, რომ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახით აღდგენილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთის სფსრ-ის მიერ ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის მიერ იქნა წართმეული. გამომდინარე ჩამოყალიბებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი სტრუქტურებიდან, საქართველოს რესპუბლიკა ფაქტობრივად დღესაც რჩება სსრ კავშირის შემადგენლობაში, მაგრამ აღნიშნული სტრუქტურების რეორგანიზაციის გზით, ესწრაფვის სრული სახეომწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

ამ პირობებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო შესაძლებლად არ თვლის ხელი მოაწეროს ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას და ამით თავის თავზე აიღოს რაიმე ვალდებულება. მხოლოდ როცა მოიპოვებს ნამდვილ დამოუკიდებლობას, მხოლოდ როცა გახდება სახელმწიფო ცხოვრების პოლიტიკურ და სხვა სფეროში თავისი ბედის ბატონ-პატრონი და საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიანი სუბიექტი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, ქართველმა ხალხმა შეიძლება აღჭურვოს რწმუნებით, ხელი მოაწეროს რაიმე ხელშეკრულებას ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, რომელიც დაადგენს სახელმწიფოთა კავშირის ამა თუ იმ ფორმას.

ასეთი მიდგომა არ ნიშნავს უარის თქმას ეკონომიკურ, მეცნიერულ-ტექნიკურ თუ სხვა სფეროში ამა თუ იმ ქვეყანასთან თანამშრომლობის ნებიესმიერ ფორმაზე, რომელთა უმრავლესობასთანაც საქართველოს კავშირი აქვს საუკუნეების განმავლობაში და დღესაც ნაყოფიერად თანამშრომლობს. ცხადია, რომ ახალ პოლიტიკურ პირობებში ეს თანამშრომლობა უნდა ეყრდნობოდეს ახალ სამართლებრივ ბაზისს, რომელიც ითვალისწინებს სრულ თანასწორუფლებიანობას და ურთიერთსარგებლიანობას.

უარს ამბობს რა ნებისმიერ ხელშეკრულებაში მონაწილეობაზე, რომელიც ითვალისწინებს “საკავშირო ორგანოსადმი” დაქვემდებარების მინიმალურ ვერტიკალურ სტრუქტურასაც კი, საქართველოს უზენაესი საბჭო მზად არის ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის თანასწორუფლებიანი ურთიერთობის საფუძველზე, რაც ასეთი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილდღეობამდე მიგვიყვანს.

ყოველივე ზემოთ თქმული საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს საფუძველს აძლევს ამ ეტაპზე უარი თქვას “ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების კონცეფციის” განხილვაზე, რამდენადაც მისი ნებისმიერი ფორმა მიუღებელია საქართველოს რესპუბლიკისათვის, რომელიც ჯერ მხოლოდ სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მიღწევის გზაზე გარდამავალი პერიოდის დასაწყისში იმყოფება. ეს განცხადება მოწონებული და მიღებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1990 წლის 22 ნოემბრის სხდომაზე.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია”. [71, გვ.72-73]

აქ, როგორც ვხედავთ, ყველაფერი დღესავით ნათელია და ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელის მოწერაზე კი არა, მისი კონცეფციის განხილვაზეც კი უარს ამბობს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, ზვიად გამსახურდიას თავმჯდომარეობით. მაგრამ მის ყველაფრის მკადრებელ “ოპონენტებს”, მაინც უყოფნიდათ ურცხვობა, რომ იგი კრემლთან გარიგებებსა და ალიანსში დაედანაშაულებინათ (ალბათ, ჩემი შენ გითხარის, – პრინციპით მოქმედებდნენ).

აქვე უნდა ითქვას, რომ 1990 წლის 14 ნოემბერს, უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე საქართველოს მესამე რესპუბლიკის გამოცხადებით ახალი ეპოქა დაიწყო ქვეყნის ისტორიაში. “…იწყებოდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ეტაპი, რომლის თავისებურება ის იყო, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ეროვნული პარლამენტი უნდა ჩასდგომოდა სათავეში. ის იქნებოდა არა მხოლოდ უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლება, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი და კოორდინატორი,” [74, გვ.77] – ასე განსაზღვრავდა მის როლსა და ფუნქციას ზვიად გამსახურდია.

მიუხედავად მიღწეული წარმატებისა, საქართველო სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით არ იყო მდგრადი ქვეყანა. ინტელიგენციის ერთი ჯგუფი და მდიდართა ფენა, უმთავრესად ყოფილი კომუნისტური ნომენკლატურის წარმომადგენლები, რომელთათვისაც უცხო არ იყო მფარველობისა და პროტექცია-მოსყიდვის სისტემა, დანაწილდა სხვადასხვა ჯგუფებისა და პარტიების ინტერესების გამომხატველ ორგანიზაციებში. [იქვე, გვ.78]

ძალთა ასეთი დაჯგუფების სამომავლო საშიშროება მხედველობიდან არ გამოპარვია ქართულ საზოგადოებას და იგი შეეცადა ხელი შეეშალა მოვლენათა დაგეგმილი სცენარით განვითარებისათვის. როდესაც დაპირისპირებამ საქართველოს უზენაეს საბჭოსა და ეროვნული კონგრესის ძალთა შორის აშკარა კონფრონტაციის სახე მიიღო, სადაც ურთიერთლანძღვა და პოლიტიკურ ოპონენტთა ყოვლად მიუღებელი სარკაზმებით შემკობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ქართული საზოგადოების მოწინავე ნაწილისათვის უკვე ნათელი იყო, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიეყვანა ყოველივე ამას ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრიობის მყიფე ორგანიზმი. ამასთან, რევანშისათვის თავის დროის დადგომას ელოდნენ კომუნისტური ნომენკლატურის ხელისუფლებას ჩამოშორებული ნარჩენებიც, რომლებიც, მოსკოვში მყოფ ედ. შევარდნაძის ხელმძღვანელობით, სულს უბერავდნენ და კიდევ უფრო აღვივებდნენ ამ ორ დაპირისპირებულ ძალას შორის უკვე ჩამოგდებულ მტრობის ნაღვერდალს.

ქართველი ხალხის თავისუფალ მომავალზე ჭეშმარიტად მოფიქრალმა ძალებმა სცადეს ამ პროცესის შეჩერება, მაგრამ ტოტალიტარული რეჟიმიდან ახლად თავდაღწეულ ქვეყანაში, სადაც ფაქტიურად არ არსებობდა ქმედუნარიანი საზოგადოებრივი ინსტიტუტები, ეს ცდა უშედეგო აღმოჩნდა. სწორედ ამ მიზნით იყო, რომ 1990 წლის 27 დეკემბერს ბათუმელ ინტელიგენტთა ჯგუფმა, საქართველოს ეროვნული მოძრაობის ისტორიის მუზეუმიდან, მიმართვა გაუგზავნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსა და საქართველოს ეროვნულ კონგრესს, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი:

“ძლიერ გვაწუხებს ურთიერთობათა ისევ დაძაბვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსა და საქართველოს ეროვნულ კონგრესს შორის. საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ამ ორი ძალის გაერთიანებას ძალიან ბევრის გაკეთება შეეძლო. მაგრამ ჩვენი საერთო მოწინააღმდეგე ჯერჯერობით ახერხებს მათ ერთმანეთისადმი აქტიურ დაპირისპირებას და ამით ქართული საქმის, ეროვნულ- განმათავისუფლებელი ძალების პარალიზებას.

ასე კრიტიკულ სიტუაციაში ეროვნული მოძრაობის ორი ფრთის მიერ ურთიერთლანძღვა და აუგად ხსენება ყოვლად დაუშვებელია. ეს კიდევ უფრო ძაბავს ისედაც უკიდურესად დაჭიმულ პოლიტიკურ ატმოსფეროს და ქმნის პოლიტიკური და მორალური დესტაბილიზაციისათვის ნოყიერ ნიადაგს მთელ საქართველოში. უცილობლად უნდა მოვთოკოთ პირადი ამბიციები. ექსპერიმენტების ჩატარების გაგრძელების უფლება მთელ ერზე არავის არა აქვს და ეროვნული მოძრაობის ლიდერთა შორის ურთიერთობის გარკვევისას დაცული უნდა იქნას, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ინეტრესების პრიორიტეტი…

გახსოვდეთ, – საქართველო უპირველეს ყოვლისა! ჩვენ უნდა ვძლიოთ მტერს საკუთარ თავში და გარეშე მტრის დამარცხებაც აქედან დაიწყება. თუ ასე მოვიქცევით გამარჯვება ახლოსაა, – დამარცხების უფლება კი, ჩვენ აღარ გვაქვს.” [75]

ანალოგიურ ძალისხმევას ადგილი ჰქონდა საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც, მაგრამ ზემოთ აღნიშნული პირობების გამო გონიერების ეს ხმა დარჩა “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”.

1991 წლის 29 იანვარს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება გარდამავალ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის სამოქმედოდ შემოღების თაობაზე, [76] ხოლო იმაზე წლის 4 თებერვალს დადგენილება “გარდამავალ პერიოდში ადგილობრივ თვითმმართველობაზე გადასვლის პირველი ეტაპის შესახებ”, რომელმაც განსაზღვრა აღნიშნულ ეტაპზე გადასვლის წესი. იგი ითვალისწინებდა რაიონებსა და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებში პრეფექტების დანიშვნასა და პრეფექტურების შექმნას. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ

“1. გარდამავალი პერიოდის ადგილობრივი მმართველობის პირველ ეტაპზე გადასვლა განხორციელდეს არსებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის გათვალისწინებით. მხედველობაში იქნეს მიღებული ადგილობრივი მმართველობის ორი დონე: მმართველობის პირველადი დონე, რომელსაც ქმნიან სოფლის (დაბის, თემის), რაიონული დაქვემდებარების ქალაქისა და ქალაქის რაიონის ადგილობრივი მმართველობის შესაბამისი სტრუქტურები, და მმართველობის მეორე დონე, რომელსაც ქმნიან რაიონები და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქების სტრუქტურული ერთეულები. აღნიშნულის გათვალისწინებით რაიონებსა და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებში ინიშნებიან პრეფექტები და იქმნება პრეფექტურები.

2. რაიონების, რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქების პრეფექტების (პრეფექტურების) ძირითად ამოცანად დაისახოს გარდამავალი პერიოდის ადგილობრივი მმართველობის პირველ ეტაპზე თანმიმდევრულად გადასვლის უზრუნველყოფა…

3. …პრეფესტურების ჩამოყალიბებამდე მმართველობის ფუნქციები შეასრულონ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულების საბჭოების აღმასრულებელმა კომიტეტებმა, რომეთა საქმიანობას წარმართავს პრეფექტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში… საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების თავმჯდომარეები დაკავებული თანამდებობებიდან განთავისუფლდნენ… პრეფექტის დანიშვნის დღიდან. სოფლის (დაბის), რაიონული დაქვემდებარების ქალაქისა და ქალაქის რაიონის საბჭოების აღმასრულებელმა კომიტეტებმა და თავმჯდომარეებმა მუშაობა განაგრძონ საკრებულოების არჩევნების ჩატარებასა და შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ჩამოყალიბებამდე…” [იქვე] აღნიშნული დადგენილების ცხოვრებაში გატარების მიზნით 1991 წლის 6 თებერვალს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის XI უზენაესი საბჭოს XII სესია, რომელმაც ერთხმად მიიღო კანონი “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ცვლილებებისა და დამატებების შესახებ” და კანონი “აჭარის ა.რ-ის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ”. სესიამ მომავალი არჩევნების ნორმალურად ჩასატარებლად დასახა სათანადო ღონისძიებები: აჭარის ა.რ. უზენაესი საბჭოს არჩევნების ცსკ-ს შექმნა, ცსკ-ს მიერ პარტიებისა და პარტიათა საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციაში გატარება და სხვა. სესიამ მოიწონა საქართველოს უზენაესი საბჭოს წინადადება და მიიღო დადგენილება აჭარის ა.რ-ის უზენაესი საბჭოს არჩევნები, 1991 წლის 3 მარტის ნაცვლად, დაინიშნოს 1991 წლის 31 მარტს – საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების – საკრებულოთა არჩევნების დღეს. [იქვე]

სულ მალე ამ კანონთა და დადგენილებათა მიღების შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებაში დაიწყო ცვლილებები და მისი ხელისუფლების სათავეში მოვიდა ასლან აბაშიძე, ხოლო უკვე მარტის დასაწყისში ქალაქ ბათუმსა და აჭარის რაიონებში დაინიშნენ პრეფექტები და ჩამოყალიბება დაიწყო პრეფექტურებმა. ქალაქ ბათუმის პირველი პრეფექტი გახდა ტარიელ ფუტკარაძე, ქობულეთის რაიონისა – ანზორ თხილაიშვილი, ხელვაჩაურისა – ბესარიონ ბიბინეიშვილი, ქედისა – სანდრო ბერიძე, შუახევისა – შოთა ფუტკარაძე, ხოლო ხულოსი – ბეჟან გობაძე. პრეფექტის ინსტიტუტების შემოღებას აჭარაში სასტიკად ეწინააღმდეგებოდა აქ მოქმედი ოპოზიციური ალიანსი – საკოორდინაციო ცენტრი, და მასში გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები საქართველოს რესპუბლიკური პარტიის მეთაურობით. (ე.წ. ბათუმელი კონგრესმენები).

ბათუმში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკური პარტია და მისი აქაური “მოკავშირეები”, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიისა და სხვათა სახით, საქართველოს ახალ ხელისუფლებას, ზვიად გამსახურდიათი სათავეში, თავიდანვე კრიჭაში ჩაუდგნენ და ყველა ღონეს მიმართავნენ საქართველოს რეგიონებსა და კერძოდ, აჭარაში ამ ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების დისკრედიტაციისათვის. ასეთივე პოზიცია დაიკავეს მათ მთელ საქართველოში ახალი ხელისუფლების მიერ შემოღებული პრეფექტებისა და პრეფექტურების ინსტიტუტებისადმიც, და იმედი ჰქონდათ რა ბათუმსა და აჭარაში მათი გავლენის გამოყენებისა, ცდილობდნენ აღნიშნული ინსტიტუტები არ დაეშვათ ავტონომიური რეპუბლიკის ტერიტორიაზე. მაგრამ მათი ეს მცდელობა აჭარაში მოქმედ ჭეშმარიტ ეროვნულ ძალთა აქტივობის შედეგად მარცხით დამთავრდა. უნდა აღინიშნოს, რომ აჭარაში მოქმედ რესპუბლიკელებს და მათ მომხრე სატელიტებს ჰქონდათ აჭარის დაჩემების თავისებური პრეტენზია, რაც მათ სხვა პრეტენზიებთან ერთად, ჩვენ ვფიქრობთ, წარმოადგენდა მათ მიერვე არაერთგზის დაგმობილი სეპარატისტული განწყობილების თავისებურ, პროვინციალიზმთან შეხამებულ ფორმას; რადგან ზემოთ ჩვენს მიერ აღნიშნული მათი ცდა, არ დაეშვათ პრეფექტურების ინსტიტუტი აჭარაში, მიზნად ისახავდა ამ რეგიონში მათი პოლიტიკური დომინირების წარმოჩენას. მათ ამ ამბიციას კი, უნდა შეწირვოდა აჭარის მოსახლეობის ღირსება და სრულიად საქართველოს სხვა მხარეებისაგან აჭარის ხელოვნურად გამოცალკევებით, გარკვეული საზოგადოებრივი ძალების ფსიქიკაში, აჭარის, კიდევ ერთხელ, რაღაც განსაკუთრებულ რეგიონად დაფიქსირება. ეს კი, როგორც ჩანს, აღნიშნულ ძალებს, მათი ლიდერების, დავით ბერძენიშვილის, თამაზ დიასამიძის, ლევან ქანთარიას (?), კობა ხაბაზისა და სხვათა ხელმძღვანელობით, სრულებითაც არ აწუხებდათ.

საქართველოს ახალ ხელისუფლებასა და ეროვნულ კონგრესს შორის, ზემოთ აღნიშნულ მიზეზთა გამო, მდგომარეობა დღითი დღე იძაბებოდა. კონგრესის მომხრეთა ქმედებებში უკვე გამოიკვეთა საქართველოს ეროვნული ხელისუფლებისადმი წინ წასწრებისა და აქედან გამომდინარე, მზარდი ავანტიურისტის ელემენტები. ამის დამადასტურებელია საქართველოს ეროვნული კონგრესის მიერ იმ პერიოდში მიღებული რეზოლუციები და დადგენილებანი. მაგალითად, “საქართველოს ეროვნული კონგრესის რეზოლუცია საქართველოს უზენაესი საბჭოსა და მისი საქმიანობის თაობაზე” [72]; იმავე ორგანოს დადგენილებანი “საქართველოში განლაგებული სსრკ-ს საოკუპაციო ჯარების თაობაზე” [იქვე], “საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის აღდგენისათვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე” [იქვე], აგრეთვე “კანონმდებლობის თაობაზე ოკუპაციის პირობებში”. [იქვე]

საქართველოს ეროვნული კონგრესის ზემოთ აღნიშნულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ “საქართველოს ეროვნული კონგრესი უზენაეს საბჭოს აღიარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩეულ ორგანოდ და ამ ორგანოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.” – საქართველოს ეროვნული კონგრესი უზენაეს საბჭოს ვერ მიიჩნევს ეროვნულ პარლამენტად… როგორც პარლამენტთან, უზენაეს საბჭოსთან ეროვნულ კონგრესს თანამშრომლობა არ შეუძლია…” [იქვე] შემდეგ უზენაესი საბჭოსგან კონგრესი მოითხოვს პასუხს მის მიერ დასმულ შვიდ კითხვაზე, რომლებიც, როგორც მოტანილი შესავალი, ისეთივე ტონითაა შედგენილი და ისეთი ფორმით არის დასმული, რომ უზენაესმა საბჭომ, კიდეც რომ მოინდომოს, საკუთარი ღირსების შელახვის გარეშე, ვერ მოახერხებს ვერც ერთის სერიოზულად მიღებას; ეს სწორედ იმიტომ კეთდებოდა, რომ ყოველგვარი კომპრომისული ნაბიჯის გადადგმა თავიდანვე გამორიცხულიყო; მეორე დადგენილებაც ამავე სტილითა და მიზანდასახულობით არის შედგენილი და მასში ირიბად ხაზგასმულია, რომ ყველასთან (თვით უცხო და არაკეთილმოსურნე სახელმწიფოებთანაც) შეიძლებოდა საქმიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა, საქართველოს უზენაესი საბჭოს გარდა, – აი, ასეთ “უცილო ჭეშმარიტებაზე” პრეტენზიის მქონე სიბარიტებთან ჰქონდა საქმე ზვიად გამსახურდიასა და მის ხელისუფლებას. ისინი საქართველოს ინტერესთა პრიორიტეტზე ფარისევლურად აპელირებდნენ, სინამდვილეში საკუთარ ინტერესთა გაბატონების პრიორიტეტის მეტს არაფერს ცნობდნენ და სათანადოდაც იქცეოდნენ. მათი, ან დაუფიქრებლად და ყოველგვარი დაეჭვების გარეშე უნდა გერწმუნა და საქმეში უსიტყვოდ გამოსდევნებოდი, ანდა შენს მოსაზრებებს მათთვის არავითარი აზრი აქ ჰქონდა და შენი მორჩილებისათვის უნდა მიეღწიათ; სწორედ ეს იყო საქართველოს უზენაესი საბჭოსადმი მათი ამპარტავნული და ქედმაღლური დამოკიდებულების მიზეზიც.

ხოლო დადგენილებაში “კანონმდებლობის თაობაზე ოკუპაციის პირობებში”, მათ საქართველოს ხელისუფლებაში მრავალპარტიული არჩევნების გზით მოსული უზენაესი საბჭო და მის მიერ მიღებული კანონები თავიდანვე კანონგარეშე გამოაცხადეს და მოუწოდეს “საქართველოს მოსახლეობას არ დაემორჩილოს საოკუპაციო ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებს…” [იქვე] მაგრამ როდესაც ქართველმა ხალხმა, მათი ეს აშკარა დემაგოგია, არ დაიჯერა, ამასთან საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო, ისინი გადავიდნენ აშკარა პროვოკაციებზე და საქმე შეგნებულად მიიყვანეს შეიარაღებულ პუტჩამდე. ეს იყო საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალების მიერ დაგეგმილ ანტიქართულ აქციებში შეგნებული მონაწილეობა და, აქედან გამომდინარე, ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესთა უგულებელყოფა-ღალატი. მისი, თითქმის, ყველა ორგანიზატორი და წამქეზებელი, დღეის მონაცემებით, მხილებული და გამომჟღავნებულია – ამიტომაც, მაშინვე გაჩნდა მფრინავი გამოთქმა: “გამსახურდიამ მთელ საქართველოს “პრაიავიტელი” (გამამჟღავნებელი) გადაასხაო.”

აჭარასა და ქალაქ ბათუმში მათი აქტივობა საკმაოდ ორგანიზებულ და მრავალფეროვან ხასიათს ატარებდა. ბათუმში განლაგებული მათი საკოორდინაციო საბჭოს შტაბი და მისი მომხრეები აჭარის მოსახლეობისათვის შეურაცხმყოფელად თვლიდნენ ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს [77] (მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეს რატომღაც ავიწყდებათ – უ.ო.), მოუწოდებდნენ აჭარის მოსახლეობას ადგილობრივი მმართველობის ორგანოების არჩევნების ბოიკოტირებისაკენ,[78] უარს ამბობდნენ სახელისუფლებო სტრუქტურებში მონაწილეობაზე. [79] და მათი პოზიციის გამართლებას ასეთი დემაგოგიური წიაღსვლებით ცდილობდნენ: “რას ნიშნავს არჩევნების ჩატარება? ეს ნიშნავს, არც მეტი არც ნაკლები იმპერიის მიერ შექმნილი სტრუქტურების ცნობას, უკანონობის დაკანონებას, რადგანაც იმპერიის მიერ შექმნილი ყოველი სტრუქტურა (საქართველოს მმართველობის სათავეში მრავალპარტიული არჩევნების გზით მოსული კანონიერი ხელისუფლება, მათი აზრით იმპერია ყოფილა – უ.ო.) საქართველოს ტერიტორიაზე არის უკანონო და ძალადობის შედეგი. ამდენად თუ აჭარის მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას… არჩევნებში, მაშინ ისინი ფაქტიურად დააკანონებენ უკანონობას…” [78, იქვე] ან “ხელისუფლება სახელმწიფოებრიობის ატრიბუტია და არა კოლონიური ქვეყნის. ოკუპაციის პირობებში, სანამ ქვეყანა დაპყრობილია, მას შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო…” [79, იქვე] ან კიდევ – “საპარლამენტო გზა საფუძველშივე განწირულია. რადგან განმათავისუფლებელი მოძრაობა არ შეიძლება იყოს ცენტრიდან მართვადი და კანონის ფარგლებში მოქმედი” [იქვე], და მრავალი სხვა ანალოგიური აბდაუბდა. მათ ამ ნაბოდვარს თუ დავუჯერებთ, მთელი პოსტსოციალისტური და პოსტსაბჭოური ქვეყნების განმანთავისუფლებელი მოძრაობების ლიდერები გიჟები ყოფილან, რადგან ამ სივრცეში მყოფ სახელმწიფოებში, სწორედ მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების გზით მოიპოვეს ხელისფულება და შეუდგენენ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობას, თავი დააღწიეს რა ამ გზით მრავალწლოვან საბჭოურ მონობას (ესენი კი, რა მაჰატმა განდებიც იყვნენ, მოკლე დროში დამტკიცდა, როცა იმდენიც კი ვერ მოითმინეს, რომ შეიარაღებულ კრიმინალურ გადატრიალებამდე არ მიეყვანათ საქმე). ხოლო რა ეწოდება ქმედებას, როცა ყოველი მხრიდან არაკეთილმოსურნეთა მიერ გარშემორტყმულ ქვეყანაში 1990 წლის 30 დეკემბერს მიიღეს კანონი საქართველოს ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ, რომ – “მოგიწოდებთ ყველას – უარი თქვათ (საქართველოს) ეროვნულ გვარდიაში სამსახურზე!” [80] – თავად მკითხველმა განსაჯოს.

გაზეთ “ბათუმის” იმავე ნომერში – მიმდინარე მოვლენები – სათაურის ქვეშ ვკითხულობთ, რომ “ამა წლის 7 თებერვალს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივით დაიწყო საპროტესტო აქცია ბათუმის თეატრის წინამდებარე ტერიტორიაზე.

აქციას მხარი დაუჭირა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის (სედპ) ბათუმის ორგანიზაციამ და “ბათუმის ჯგუფმა”. აქციის მოთხოვნები იყო “ძირს პრეფექტურა”, “მიენიჭოს სსრკ ჯარებს საოკუპაციო ჯარების სტატუსი”, “საოკუპაციო ჯარებმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია”. აქცია დასრულდა 25 თებერვალს. [81, გაზ.”ბათუმი”#4, გვ.5]

ამ ჯგუფმა ბათუმში ანალოგიური აქცია ჩაატარა 15 თებერვალსაც, ხოლო სახელისუფლებო ბლოკ “მრგვალი მაგიდის” წარმომადგენლებმა იმავე დღეს ჩაატარეს მიტინგი, რომელზეც, იმავე გაზეთის ცნობით, – ოპოზიციურ ძალთა წარმომადგენლები ერის მოღალატეებად და კრემლის აგენტებად გამოაცხადეს… აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ მომიტინგეები ქობულეთიდან.

ოპოზიციურმა ძალებმა 17 საათზე თეატრის წინამდებარე მოედანზე ჩაატარეს მიტინგი, რომელზედაც სიტყვით გამოვიდნენ სედპ-ის მთავარი კომიტეტის წევრი კობა ხაბაზი, პოლიტიკური ჯგუფის “ბათუმის” თავმჯდომარე რობერტ ნადირაძე, სედპ-ის ბათუმის რაიონული ორგანიზაციის წევრი ზაზა მესხიძე, ეროვნულ- დემოკრატიული პარტიის წევრები გოჩა კორტავა და ელგუჯა პაიჭაძე, პოეტი ჯონი ჯიჯეიშვილი, რესპუბლიკური პარტიის წევრი გოდერძი ტოტოჩავა. თითქმის ყველა გამომსვლელმა ილაპარაკა იმ დაძაბულ ურთიერთობაზე, რაც არსებობდა ეროვნულ კონგრესსა და საქართველოს უზენაეს საბჭოს შორის. ხაზგასმით აღინიშნა ის აშკარა ცილიმწამებლური კამპანია, რასაც ადგილი ჰქონდა ბლოკ “მრგვალი მაგიდის” მხრიდან. [იქვე]

ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რეგიონში პოლიტიკური ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. მაგრამ ნაშრომში ზემოთ მოყვანილი ფაქტების გამო, საკითხავია, რამდენად გულწრფელი და მართებული იყო ოპოზიციურ ძალთა გაზეთში დაფიქსირებული მათი ეს პოზიცია; რადგან ამ აქციების დროს ბლოკ “მრგვალი მაგიდის” წარმომადგენელს, ეროვნული მოძრაობის ცნობილ ბათუმელ ვეტერანს, ნუნუ ქაჯაიას გამოსვლაში, რომელიც მას 1991 წლის 18 თებერვალს გაუკეთებია, ნათქვამია: “ჩემო შვილებო! პირველად, როდესაც გავიგე თქვენი ამ აქციის ამბავი, მართალი გითხრათ, ძალიან იმოქმედა ჩემზე იმიტომ, რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ.

რომ არა ასეთი დიდი სიყვარული და პატივისცემა, ალბათ არ მოვიდოდი თქვენთან და ვერც გეტყოდით ჩემს სათხოვარს.

დედაშვილურად გთხოვთ, შვილებო, წინ დაიხედეთ, არ ჩააგდოთ საკუთარი თავი და მთლიანად ქართველი ხალხი საფრთხეში. ხომ გახსოვთ თბილისი, აგერ ახლა ვილნიუსი, ხომ უსმენთ გადაცემებს მოსკოვიდან, თუ რას ლაპარაკობენ საქართველოზე.

როგორ ფიქრობთ, დაგვინდობენ ვითომ ისინი? შერცხვებათ და გულთან მიიტანენ ჩვენს სატკივარს?

არა, შვილებო, არ დაიჯეროთ ეს, ამიტომ კიდევ ერთხელ შემოგეხვეწებით, გაუფრთხილდით თავს, რადგან მე მჯერა დღევანდელი ეროვნული ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანს იმ დიდი მიზნის აღსრულებამდე, საქართველოს თავისუფლება რომ ჰქვია.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!” [82]

ანალოგიური სულისკვეთების სიტყვით მიმართა მან ბათუმში 1991 წლის 9 მარტს გამართულ მიტინგსაც, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ტევადია მის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დროს იმავე წლის 27 მარტს წარმოთქმული სიტყვა:

“ჩემო ძვირფასო თანამემამულენო!

მე მოგმართავთ ჩემს წინასაარჩევნო შეხვედრაზე თქვენ იმის შესახებ, თუ რა მაიძულებს ვიდგე ეროვნული მოძრაობის ავანგარდში ახალგაზრდობის გვერდით,” – აღნიშნავს ორატორი და შემდეგ განარგძობს, – “მე ვერც კი წარმომედგინა, რომ თქვენს წინაშე წარვსდგებოდი, როგორც დეპუტატობის კანდიდატი. მე ამისათვის არასდროს მიბრძოლია. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა იმას, ამირჩევთ თუ არა დეპუტატად. მე ვიდგები იქ, სადაც დღემდე ვიბრძოდი. ჩემთვის არ არსებობს მეორე მცნება, გარდა სამშობლოსი და საამაყოა, რომ ეს ჩემი და თქვენი სამშობლო – საქართველოა. მე ვზრდი შვილებს – მე მათ ვუზრდი საქართველოს, მე თუ ვიბრძვი საქართველოს თავისუფლებისათვის, ეს იგივე თქვენი მომავლისთვის ბრძოლაა.

დღეს უჭირს ქართველ ერს, თორე ამ ხნის ქალს სახლიდან გარეთ რა გამომიყვანდა. მე ვიცი სიბერის ჟამს ფათერაკიანი და ძნელი გზა ავირჩიე, მაგრამ რა ვქნათ შვილებო, ეს გზა გვარგუნა ბედუკუღმართმა ისტორიამ და დამპყრობლებმა… საქართველოს ნასოფლარებს დაეპატრონა სხვა ჯურის მოსახლეობა და დღეს ბევრგან ისინი უმრავლესობას შეადგენენ… გვემუქრებიან, გვებრძვიან, არ გვინდობენ… იტაცებენ მიწას, კულტურულ ძეგლებს, ეროვნულ დოვლათს.

მესამე ძალამ, რომელიც მტრის სახით მოგვევლინა, დასაყრდენი სწორედ არაქართველ მოსახლეობაში ნახა და წარწყმედით გვემუქრება. აი, ახლა გვჭირდება გაერთიანება, – ჩვენ ხომ ისედაც ერთად ვართ, მაგრამ ვეცადოთ ნუ დავუშვებთ კუთხურობას და საქართველოს ცალკეული კუთხის შვილების დაპირისპირებას. უნდა ვებრძოლოთ ერთა შორის შუღლს და კინკლაობას, შეტაკებას. ამით ჩვენ თავიდან ავიცილებთ ყოველგვარ უსიამოვნებას და მტერს არ მივცემთ დასაყრდენს ჩვენს ქვეყანაში…” [იქვე]

 როგორც ვხედავთ, სიტყვაში ჩადებული ემოციური მუხტის გარდა, ქალბატონ ნუნუ ქაჯაიას ნათქვამში ჩანს მომენტის ნათელი შეგნება და ქვეყნის ინტერესებისათვის ერის დარაზმვის სურვილი, პატრიოტული შემართება. ახლა შედარებისთვის ავიღოთ იმავე პერიოდში ბათუმელ ოპოზიციონერთა ერთ-ერთი ლიდერის რობერტ ნადირაძის მიერ 1991 წლის 18 მარტს გამართულ მიტინგზე წარმოთქმული სიტყვა და ყველაფერი ნათელი გახდება.

“ჩვენი მოძრაობა რუბიკონს მიუახლოვდა, – აღნიშნავს რ. ნადირაძე, – იმ რუბიკონს, რომელიც 28 ოქტომბრის არჩევნების გამო კვლავ აღიმართა განმათავისუფლებელი მოძრაობის წინაშე… 28 ოქტომბრის არჩევნები ჩვენ ახალ ხიფათს გვიქადის, რადგან სწორედ ამ “არჩევნების” წყალობით საბჭოთა კავშირმა თავის იურისდიქციაში მოაქცია საქართველო… პარლამენტური გზა, რომელიც გიორგიევსკის ტრაქტატზე (? – უ.ო.), 1920 წლის საქართველო-რუსეთის კაბალურ ხელშეკრულებაზე (? – უ.ო.) 28 ოქტომბრის არჩევნებზე გადის, ანარქიზმის ჭაობში ეფლობა”… [83] გამოდის, რომ ორატორის აზრით, 1990 წლის 28 ოქტომბრის “არჩევნების” გზით (არჩევნებს რატომღაც ბრჭყალებში სვამს), რომლის მეშვეობითაც მრავალპარტიულ არჩევნებში გამარჯვებული ეროვნული მოძრაობის ძალები მოვიდნენ საქართველოს ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, რომელმაც უზენაესი საბჭოს პირველსავე სესიაზე უარყო ყოველგვარ სამოკავშირეო ხელშეკრულებებზე არა მარტო ხელის მოწერა, არამედ, როგორც ზემოთ ვნახეთ, ასეთი სამოკავშირეო ხელშეკრულების კონცეფციის განხილვაც კი, და რომელმაც აიღო შეუქცევადი კურსი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ, რაც სინამდვილედ აქცია 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების რეალიზაციით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის აქტის გამოცხადებით – თურმე, მანამდე “თავისუფალი” საქართველო საბჭოთა კავშირის იურისდიქციის ქვეშ მოქცეულა და ბრძოლის ამ საპარლამენტო გზით ანაქრონიზმის ჭაობში ჩაფლულა (მართლაც, რას არ იტყვის უძვალო ენა). აღარაფერს ვამბობთ ორატორის მიერ აღნიშნული სიტყვის გაგრძელებაში, საქართველოში დროის მომენტიდან გამომდინარე, მართლაც და, ურთულესი პრობლემების გვერდის ავლით, ისეთი პირადი ამბიციებიდან გამომდინარე ამბების წინ წამოწევაზე, როგორიცაა 1988 წლის ოქტომბერ-ნოემბრის ბათუმის მანიფესტაცია-მიტინგების ორგანიზატორობის საკითხი (რომელთაც შესახებაც ადრე უკვე ვისაუბრეთ). მხოლოდ არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ასეთ დროს გავროში ნამდვილად იტყოდა: მაშ, გავწიოთ!..მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ რ. ნადირაძე ამ დაჯგუფებას სულ მალე გაემიჯნა და შექმნა აჭარის კეთილი ნების მისია.

ზემოთ მოყვანილი რეზოლუციები, დადგენილებანი და გამოსვლები, კეთდებოდა ისეთ ფონზე, როცა საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ დაშლილი არ იყო და მისი ძალოვანი სტრუქტურები ათასგვარ პრობლემებს უქმნიდნენ საქართველოს ახლად არჩეულ ხელისუფლებას, რის გამოც იგი იძულებული იყო მსოფლიო ხალხებისა და მთავრობებისათვის მიემართა შემდეგი მოწოდებით:

“1. დაუყოვნებლივ შეიქმნას კომპეტენტური საერთაშორისო კომისია გაეროსა და ევროპარლამენტის ექსპერტების მონაწილეობით, ადგილზე სინამდვილის შესასწავლად, რათა ფართო საზოგადოებამ უტყუარი ინფორმაცია მიიღოს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

2. დახმარება გაეწიოს საქართველოს რესპუბლიკას ყველა იმ საშუალებით, რაც საერთაშორისო სამართლით არის გათვალისწინებული სუვერენული სახელმწიფოს ნებისმიერი აგრესიისაგან დასაცავად.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

ზვიად გამსახურდია. თბილისი, 1991 წლის 28 თებერვალი.” [84, გვ. 32]

aslani-fonze[1]მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მიუხედავად საქართველოს ეროვნულ კონგრესში გაერთიანებულ ორგანიზაციათა უმრავლესობის ასეთი დამოკიდებულებისა, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიამ გამოაქვეყნა მიმართვა, რომლითაც საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა აქტიური მონაწილეობა მიეღოთ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმში და ერთმნიშვნელოვნად ხმა მიეცათ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის, [85] – რაც ადასტურებს იმას, რომ ნორმალურ პირობებში ურთიერთთანამშრომლობა, ამ ორ დაპირისპირებულ ძალას შორის, სრულიად რეალური და შესაძლებელი იყო. ხოლო რაც შეეხება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ დანიშნულ ამ რეფერენდუმს, მასზე დასმული იყო კითხვა: “თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?”

ამ კითხვას დადებითად უპასუხა საქართველოს არა მარტო ქართულმა, არამედ მის არაქართველ მოქალაქეთა უმრავლესობამაც.

სარეფერენდუმო კომისიის ცნობით, კენჭისყრაში მონაწილეობდა მონაწილეობის უფლების მქონეთა, ე.ი. სრულწლოვან მოქალაქეთა, რომელთა რიცხვი უდრის 3.672.403-ს, 90.79%. ამათგან დადებითად უპასუხა 99.08%-მა და უარყოფითად – 0.51%-მა [86, გვ. 5]; ეს შედეგი, დემოკრატიული დეფერენდუმის ჩატარების თვალსაზრისით საუცხოო და დამაჯერებელია, რის საფუძველზეც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, 1991 წლის 9 აპრილს, თავის საგანგებო სხდომაზე გამოაცხადა “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი”, რომელშიც ნათქვამი იყო: “1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო, ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე.” [86, გვ.7]

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებას უდიდესი სიხარულით შეხვდა საქართველოს მოსახლეობა და, რა თქმა უნდა, აჭარის მცხოვრებლებიც, მაგრამ მეტად ნიშანდობლივია ბათუმში მოქმედ ოპოზიციურ ძალთა დამოკიდებულება აღნიშნული აქტისადმი.

ამ დღეს მათ მიერ ბათუმში, თეატრის მოედანზე გამართულ მიტინგზე ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოს ისტორიაში ამ უღირსშესანიშნავესი მოვლენის აღსანიშნავად. მათ ფაქტიურად, ამ ისტორიული აქტის ბოიკოტირება სცადეს. [78, გვ.7] ამის დამადასტურებლად მოვიყვანთ მასალას 1991 წლის 10 აპრილის გაზეთიდან “აჭარა”, რომლის სტატიაში – “მიტინგები ბათუმში”, – აღნიშნულია შემდეგი:

“9 აპრილს დილით 4 საათზე ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარში აღევლინა ამ ორი წლის წინათ თბილისში მთავრობის სახლთან ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვილი, რომელსაც უძღვებოდა ბათუმ-შემოქმედის მიტროპოლიტი მეუფე კონსტანტინე. დილის 5 საათზე კი, სანთლები აციმციმდა ბათუმის ზღვისპირა პარკში – 1989 წლის იმ ტრაგიკული ღამის მსხვერპლთა მემორიალთან “9 აპრილის ცრემლი”…

12 საათზე თეატრალურ მოედანზე გაიმართა მიტინგი. გამომსვლელები გულისტკივილით ლაპარაკობდნენ იმ საბედისწერო განთიადის ამბებზე.

მიტინგი დალოცა მამა გიორგიმ.

მიკროფონთან ერთმანეთს ცვლიდნენ – ბადრი თევზაძე, ვლადიმერ მახარაძე, კობა ხაბაზი, ავთანდილ ბერიძე, ჟუჟუნა ხაჯიშვილი, ნინო საკანდელიძე, ამირან კიღურაძე, მერაბ კუტუბიძე, სვეტლანა კუდბა, სიმონ შარაძე, ნორჩი ბათუმელები და სხვები. მათ გამოსვლაში იყო მწუხარებაც და სიხარულის ცრემლებიც.

შემდეგ მიტინგის მონაწილეები გაემგზავრნენ ოზურგეთსა და ჩოხატაურში, სადაც მოინახულეს 9 აპრილს დაღუპულთა საფლავები…“ შემდეგ იქვე გრძელდება.

“გუშინ, 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. ამ მოვლენას მიუძღვნა თავისუფლების მოედანზე გამართული მიტინგი-მანიფესტაცია.

– აღსრულდა ქართველი ხალხის საუკუნოვანი ოცნება. ხალხის ნებით აღჭურვილმა საქართველოს უზენაესმა ხელისუფლებამ აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის თანახმად. ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ ის ღირსია თავისუფლებისა და არაფერს დაიშურებს ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღსადგენად. ამ გადაწყვეტილებაში მთელი ქართველი ხალხი ერთიანია და ჩვენ ღრმად გვწამს, – გოლგოთას აუცილებლად ამაღლება მოჰყვება. გილოცვათ დღევანდელ დღეს და გისურვებთ ყოფილიყოთ ღირსი იმ მისიისა, რასაც დღევანდელი დღე გვაკისრებს.

ამ სიტყვებით გახსნა მიტინგი-მანიფესტაცია საქართველოს ეროვნული მოძრაობის მუზეუმის დირექტორმა უჩა ოქროპირიძემ.

სიტყვით გამოვიდნენ გურამ მონიავა, სიმონ შარაძე, თამაზ გოგიტიძე, არჩილ მამულაძე, ლევან მიქელაძე, ბადრო მელაძე, ავთანდილ დიასამიძე, ნუგზარ ჯაფარიძე, ბიჭიკო დიასამიძე, მალხაზ ვარშანიძე, ალექსანდრა ოსიპენკო-ლომაძე, ფირუზ ვაშაყმაძე, ნინო გოგიტიძე, აკაკი სვანიძე, ვლადიმერ მახარაძე, ამირან ჟორდანიძე, ლაშა კიკვაძე, თამუნა გუდავა, ქეთევან ზოსიძე, სტუმარი სტამბოლიდან ნუგზარ ირემაძე და მრავალი სხვა.

მიტინგის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მერაბ კოსტავას და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.

ლექსს სიმღერა ცვლის, სიმღერას – ცეკვა. მღერის და ცეკვავს დიდი და პატარა, ქალი და კაცი, მოხუცი და ახალგაზრდა…

ეს იყო იმპროვიზირებული, გულის სიღრმიდან ამოხეთქილი, ჭეშმარიტად სახალხო ზეიმი, რომლის მსგავსიც ნამდვილად არ ახსოვს ჩვენს ბათუმს. მიტინგ-მანიფესტაციის მონაწილეებმა მისალოცი დეპეშა გაუგზავნეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ზვიად გამსახურდიას.” [88]

გაზეთის ამავე ნომერში გამოქვეყნდა აბელ და კახა სურგულაძეების მისალოცი სტატია “ნათელი მომავლის მოახლოება”, შოთა ზოიძის – “საქართველოს აღდგომა” და სხვა.

იმავე უზენაესი საბჭოს სესიამ მიიღო მნიშვნელოვანი დადგენილება საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის შექმნის შესახებ, დააკანონა პრეზიდენტის უფლება-მოვალეობანი, საპრეზიდენტო არჩევნების დღედ დანიშნა 1991 წლის 26 მაისი, ხოლო მანამდე პრეზიდენტის მაღალ პოსტზე აირჩია ზვიად გამსახურდია.

შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩეული იქნა აკაკი ასათიანი, ხოლო მის მოადგილედ ნემო ბურჭულაძე. [86, გვ. 8-9]

სულ მალე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებიდან, აჭარაში ქედის, შუახევისა და ხულოს პრეფექტურებთან არსებულმა საკრებულოებმა ქ. ბათუმის მაშინდელი პრეფექტის ტარიელ ფუტკარაძის ინიციატივას თანადგომა გამოუცხადეს და აჭარის ადგილობრივი ხელმძღვანელობის გვერდის ავლით თბილისში საქართველოს უზენაეს საბჭოს წარუდგინეს ამ რაიონთა საკრებულოების გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნით. მანამდე კი, წინასაარჩევნო აგიტაციის პერიოდში აჭარის ამავე რაიონებში აქტიური პროპაგანდა ეწეოდა აღნიშნულ საკითხს და მოსახლეობის უმრავლესობის დამოკიდებულებაც ნამდვილად არ ჩანდა მისდამი ნეგატიური. მაგრამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ასლან აბაშიძით სათავეში, მათთვის გვერდის ავლით თბილისში ამგვარი დოკუმენტის წარდგენა, ჩამოყალიბებული ნომენკლატურული სუბორდინაციის უხეშ დარღვევად და აქედან გამომდინარე, პირად შეურაცხყოფად მიიღო და ამ გადაწყვეტილებათა გაბათილების მიზნით აქტიურად ამოქმედდა.

მობილიზებული იქნა ყველა ძალა, რომელიც საკრებულოთა ამ ნაბიჯის ცხოვრებაში გატარების მცდელობას აქტიურად შეეწინააღმდეგებოდა და თბილისს კი მის სიმცდარესა და ტარიელ ფუტკარაძის ავანტიურიზმში დაარწმუნებდა. ყველა ამ ძალთა ძალისხმევითა და აშკარა დემაგოგიური მექანიზმების ჩართვით, მათ შეძლეს ზემო აჭარის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ტყუილებით (თითქოს აჭარას აუქმებდა ვინმე, ან მის თავისუფლებას ემუქრებოდა რაიმე, ან კიდევ, თითქოსდა მათ რელიგიურ გრძნობებს უპირებდნენ შელახვას და სხვა) აღელვება და აყოლიება, [89, ოქროპირიძე უ. რა ხდება აჭარაში] და როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ პროვოკაციების მთელი კასკადი მოაწყვეს. ისმება კითხვა: ვისგან ან რისგან ემუქრებოდა საშიშროება, ან მუსლიმანურ რელიგიას, ან კიდევ აჭარის თავისუფლებას?! მაგრამ სხვანაირად ხალხს ვერ ააღელვებდნენ და ვერც აიყოლიებდნენ და ამ ორ ლოზუნგს ვერ ამოაფარებდნენ მესამეს, მათთვის უმთავრესს – “ხელები შორს აჭარის ავტონომიისაგან”, ე.ი. მათი მომავალი გახელისუფლების შესაძლებლობისაგან. ამიტომ სავსებით გასაგებია იმ აქციის მომწყობთა ზრახვები, რომლებმაც 1991 წლის 22-23 აპრილს მოახდინეს პირველი პუტჩი, სახელისუფლებო გადატრიალების მცდელობა აჭარაში, რასაც საკმაოდ მომზადებული შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლება და შეძლო მისი გამოყენება საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად. [იქვე] ამ მომენტში ფაქტიურად ერთმანეთს დაუპირისპირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაშინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ა. აბაშიძე და ქ. ბათუმის პრეფექტი ტ. ფუტკარაძე. ამ უკანასკნელმა, გადამწყვეტ მომენტში, ვერ გაუძლო სამიტინგო დაძაბულობას და თბილისში გაიპარა, თავისი მომხრეები კი, ღვთის ანაბარა მიატოვა. [69, გვ. 29]

 აქვე აღვნიშნოთ, რომ ეროვნული მოძრაობის ზვიადისტურმა ფრთამ სცადა აღნიშნული პროვოკაციული აქციისათვის, მისი განეიტრალების მიზნით, ეროვნულ ძალთა ერთიანობა დაეპირისპირებინა, მაგრამ რესპუბლიკურმა პარტიამ და მისმა მოკავშირეებმა, უარი თქვეს ერთიანი ფრონტით გამოსვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათ აუხსნეს აჭარის გარშემო შექმნილი სპეციფიკური გარემოებანი და მისი მოსალოდნელი შედეგები, აქ ასლან აბაშიძის შესაძლო ერთმმართველობის დამყარების ჩათვლით. ზემოთ აღნიშნული ძალების ერთმანეთზე მიშვებით, როგორც ჩანს, მათ იმედი ჰქონდათ ურთიერთბრძოლაში ორივეს დასუსტების ხარჯზე, მათი პოზიციების რეგიონში განმტკიცებისა. მაგრამ შემდეგში ისინი, ასლან აბაშიძის მომხრეების პირისპირ მარტო დარჩენილები, სასტიკად დამარცხდნენ. ამიტომაც მათ კისერზეა პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი ყველაფერ იმაზე, რაც შემდგომში აჭარაში მოხდა. [იქვე, გვ. 29-30] არც გაზეთ “მსგეფსის” ამ შეფასებაშია, ჩვენი აზრით, რაიმე გადაჭარბებული, რომ “1991 წლის ზაფხულში (გაზაფხულზე – უ.ო.) დაიწყო ბათუმში ეროვნული ხელისუფლების მარცხი…” [90, გვ. 2 და 6] ჩვენი კი, მის შესახებ აღვნიშნავთ შემდეგს:

მოვლენები, რომელიც 1991 წლის 22-23 აპრილს ბათუმში გათამაშდა დრამატული იყო არა მარტო საქართველოს პოლიტიკური ისტორიის, არამედ ქართული სულის განვითარების თვალსაზრისითაც ამ რეგიონში. ამ მოვლენებმა ცხადყო, რომ მიუხედავად აქ მომხდარი დიდი ძვრებისა, 70 წლიანი ბოლშევიკური ტოტალიტარიზმის მიერ შექმნილი მექანიზმი ამ რეგიონში, კვლავაც დიდი წარმატებით შეიძლებოდა ამოქმედებულიყო იმ ხალხის სახელით, რომლის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგაც იყო მიმართული ყოველივე ის, რაც კეთდებოდა, რატომაც კეთდებოდა და რისთვისაც გაკეთდა. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მასში ამ მომენტისათვის შეიტანეს “სიახლეც” რელიგიური შირმის გამოყენების სახით. ამასთან უნდა თქვას, რომ სამუსლიმანო საზოგადოების ადგილობრივ მესვეურთა პიზიცია, რომლის ეგიდითაც აღნიშნული აქცია მხოლოდ დაიწყო, თავის შინაარსში არ შეიცავდა იმ საშიშროებას, რადაც იგი ადგილობრივი მნიშვნელობის სამთავრობო ფუნქციონერებმა, თავიანთი წამქეზებლური საქმიანობით აქციეს, როგორც მიტინგამდე, რამდენიმე დღით ადრე, ისე მიტინგზე. მათ, როგორც ლეგალურად (ტელევიზიისა და ინფორმაციის ყველა საშუალებით), ისე არალეგალურად (თავიანი ფასიანი აგენტურის საშუალებით) ყველაფერი გააკეთეს თავიანთი მიზნის მისაღწევად. ამჯერადაც არავინ დაფიქრებულა და არც არავის ხელი არ აჰკანკალებია იმაზე, რომ სასწორზე შეაგდეს ქართველი ხალხის საუკუნოობით ნალოლიავები ოცნება და ნაკეთები საქმე, გაწეული ამ რეგიონში ქართული სულის ასაღორძინებლად. როგორც ჩანს, ამ აქციის ორანიზატორთა თვალსაწიერი იმდენად დაბინდული და ვიწრო იყო, რომ მათ შეეძლოთ დროებითი, წარმავალი წარმატების მისაღწევად გაეწირათ სამშობლოს ერთგულ შვილთა საუკუნოობით ნამოღვაწარი ამ კუთხეში. და ამ შემთხვევაშიც, იარაღად გამოყენებული იქნა უბრალო ხალხი, მშრომელი გლეხკაცი, თავის კუთხეზე უზომოდ შეყვარებული, დეზინფორმირებული და წაქეზებული იმით, რომ თითიქოსდა აჭარას გაუქმებას უპირებდა ვინმე, ან მათ რელიგიურ მრწამს რაიმე საშიშროება ემუქრებოდა. აჭარას კი ფაქტიურად “აუქმებდა” და თავს ლაფს ასხამდა ის, ვინც ასეთი აშკარა დემაგოგიითა და პროვოკაციებით ცდილობდა ხალხში ქულების დაგროვებას და ქვეყნის საწინააღმდეგო ავანტიურებში მის ჩაბმას; ვისაც სრულებითაც არ ენაღვლებოდა აჭარის ბედი და აჭარის მოსახლეობის ქართული თვითშეგნების, მტრისა თუ მოყვრის თვალში დისკრედიტაცია იყო მისი ერთ-ერთი მიზანი. რაც შეეხება სხვა მიზნებს, ეს იყო, უპირველეს ყოვლისა, შეენარჩუნებინათ პრესტიჟული ნომენკლატურული სავარძლები და აქედან გამომდინარე, აჭარის მოსახლეობის განუკითხავი ძარცვის უფლება. ეს რომ არა, მათ კარგად იცოდნენ, თუ რა განსხვავებაა აჭარის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი კუთხის, და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, როგორც ბოლშევიკების მიერ შექმნილი სახელმწიფო სტრუქტურის, გაუქმებას შორის. მაგრამ აჭარის გაუქმებაზე, ზოგიერთს, სიტყვის ჩამოგდება სწორედ იმიტომ დასჭირდა, რომ უბირი, მშრომელი გლეხკაცის გულში რისხვა და მღელვარება გამოეწვია, შემდეგ კი, ყველაფერი ეს თავისი მიზნების მისაღწევად გამოეყენებინა.

რაც შეეხება რელიგიურ მომენტს, – თითქოსდა ავტონომიის გაუქმებისთანავე დაკეტავდნენ სალოცავებს და მუსლიმანებს დევნას დაუწყებდნენ, – ესეც მორწმუნე ხალხის ასაღელვებლად ზემოთ აღნიშნული კატეგორიის პიროვნებათა მიერ მოგონილი ჭორი და ტყუილი იყო. რადგანაც ყველამ კარგად იცოდა, რომ მომავალი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ერთერთი ძირითადი პრინციპი სინდისისა და რწმენის თავისუფლება იყო, და სწორედ ისინი ცდილობდნენ ყოველივე ამის მიჩქმალვას, ვინც ადრე ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა ყველა სარწმუნოებას, – ვინც ხელში ბლოკნოტითა და კალმით იყო ჩასაფრებული სალოცავთან, რომ თავისი თანამოძმე სწორედ რწმენის სამსახურისათვის დაებეზღებინა.

აი ასეთი მრავალმხრივი და მრავალმყრალი იყო ამ მხარეში ბოლშევიკთა უბადრუკი მემკვიდრეების ფიზიონომია, რომელმაც თავისი სიცოცხლისუნარიანობა თითქოს დღევანდელამდე შეინარჩუნა.

არაფერია იმაშიც საკვირველი, თუკი ქართულ ისტორიაში ამ შავი ფურცლის ჩამწერთა (ვგულისხმობ მხოლოდ ორგანიზატორებს – უ.ო.) მიერ აგიტაცია გაწეული უბრალო მშრომელი რაიმეში, როგორც საჭირო იყო ვერ გაერკვა და შეცდა. მითუმეტეს, როდესაც მას “ნამდვილი ისტორიკოს-პროფესორები” ატყუებდნენ, დემაგოგიით სწამლავდნენ, ხოლო ზოგიერთ სულმოკლეს ალკოჰოლითაც უმასპინძლდებოდნენ (არც სხვაგან ვყოფილვართ დაზღვეული უარესი შეცოდებებისაგან).

აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ დროს თავისი უარყოფითი როლი ითამაშა ეროვნული მოძრაობის ძალთა შორის მაშინ უკვე არსებულმა განხეთქილებამ, აქედან გამომდინარე ძალთა დაქსაქსულობამ, ურთიერთ გადასწრების სურვილით გამოწვეულმა აჩქარებამ, ეროვნული მოძრაობის ზოგიერთი წარმომადგენლის ზედმეტმა თავდაჯერებულობამ, გადამწყვეტ მომენტში შიშის სინდრომით ნასაზრდოებმა აშკარა შეცდომებმა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხალხის უკმაყოფილებს მაშინ ბიძგი მისცა აჭარაში საკადრო პოლიტიკაში დაშვებულმა ზოგიერთმა შეცდომამ (ადგილობრივი კადრებისადმი უნდობლობის გამოხატულება – უ.ო.), რაც დიდი ხნის წინათ ჩასაფრებულმა ძალებმა თავისი მიზნებისათვის გამოიყენეს: მათ ხელოვნურად, ყველაფრის კადრების ფასად, მიაღწიეს რა სიტუაციის უკიდურეს დაძაბვას, ხალხის მღელვარებას ამოაფარეს თავიანთი ბინძური ზრახვანი და არც თუ უანგარო მიზნები.

ასე რომ კიდევ ერთხელ მოახერხეს მოეტყუებინათ ამ კუთხის უბრალო, პატიოსანი მშრომელი და გამოეყენებინათ ისეთი საქმისათვის რაც ჩვენი ქვეყნის მტრის გარდა, არავის ხელს არ აძლევდა. მითუმეტეს, რომ აჭარიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წასული ახალმოსახლეებისათვის, ეს იყო, მართლაც, ზურგში მახვილის ჩაცემა და აქედან გამომდინარე, ქართული შორსგამიზნული ეროვნული პოლიტიკის ღალატი. სწორედ აქედან იწყება ქართული ეროვნული სახელმწიფოს დაცემისაკენ მიმავალი გზა, მისი მეთოდური და შეუქცევადი დასუსტება. [89, იქვე]

აჭარაში მიმდინარე ამ მოვლენების პარალელურად მიმდინარეობდა ეროვნული მოძრაობის ავანგარდში მდგარი “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს” პოლიტიკურ ბლოკში შემავალ ადგილობრივ სუბიექტთა გაძლიერება-გამტკიცება. მარტო სრულიად საქართველოს ილია მართლის საზოგადოების აჭარის რეგიონალურმა ორგანიზაციამ 1990 წლის 17 ოქტომბრიდან 1991 წლის 3 ივნისამდე ჩაატარა ათეულობით კრება, რომლებზეც სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად განიხილებოდა ახალი წევრების მიღების საკითხი ორგანიზაციაში. სწორედ ამ პერიოდში გახდნენ სრულიად საქართველოს ილია მართლის საზოგადოების აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის წევრები ალექსანდრე ტაკიძე, ფატიმა ზოიძე, ზურაბ სურმანიძე, თამაზ კალანდარიშვილი, ნოდარ ფუტკარაძე, ირაკლი დიხამიძე, სულხან სუთიძე, ჯემალ მალაყმაძე, ნარგიზ ლორთქიფანიძე, ფირუზ ვაშაყმაძე, არჩილ მამულაძე, ვლადიმერ მახარაძე, მიხეილ ბერიძე, გენადი მალაყმაძე და სხვები. [91] ორგანიზაციამ აქტიური მონაწილეობა მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი მმართველობის არჩევნებში, ხოლო ქ. ბათუმის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებად სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების აჭარის რეგიონალური ორგანიზაციიდან დასახელდნენ ნუნუ ქაჯაია, ნიაზ მალაყმაძე, ვაჟა ცინცაძე, თამაზ კალანდარიშვილი, ნოდარ ფუტკარაძე, სულხან სუთიძე, ირაკლი დიხამიძე და ანზორ გოჩაძე.

ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტიდან რ. ნადირაძის წასვლის შემდეგ გადარჩეული იქნა მისი გამგეობაც და 1991 წლის 7 თებერვლის კრების ოქმის თანახმად სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის გამგეობის წევრებად აირჩიეს: ვ. ცინცაძე, ვ. მახარაძე, ა. მამულაძე, ნ. ფუტკარაძე და მ. ბერიძე; ხოლო იმავე წლის 3 ივნისის ორგანიზაციის საერთო კრების ოქმის თანახმად ქ. ბათუმის წმინდა ილია მართლის საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს ნიაზ მალაყმაძე. ამავე კრებაზე მოხდა გამგეობის წევრთა გადახალისება და სრულიად საქართველოს ცენტრალურ მრგვალ მაგიდაში ახალი წევრების წარდგენა, რაც წილად ერგოთ ნ. მალაყმაძეს, ა. მამულაძე, ვ. ცინცაძესა და ნ. ფუტკარაძეს. [91, 1991 წ. 3 ივნისის ოქმი #5] ამასთან აქტუალური გახდა მრგვალი მაგიდის ორგანიზაციათა ფილიალების დაარსება აჭარის რაიონებში. ხელვაჩაურის რაიონში ამ საქმის ორგანიზება დაევალათ ვლ. მახარაძესა და ა. მამულაძეს, ქედის რაიონში – ვ. ცინცაძეს, შუახევისა და ხულოს რაიონებში – ნ. ფუტკარაძეს, ა. მამულაძესა და მ. ბერიძეს, ქობულეთის რაიონში – თ. კალანდარიშვილსა და დ. ქანთარიას, ხოლო დაბა ჩაქვში ეს საქმე დაევალათ ს. სუთიძესა და ლ. გათენაძეს. [92]

საერთოდ, “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს” აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის იმდროინდელი საქმიანობის წარმოსაჩენად მეტად შთამბეჭდავ სურათს გვაძლევს 1991 წლის 28 აგვისტოს ქ. ბათუმში გამართული ამ ორგანიზაციაში შემავალი პარტიების – წმ. ილია მართლის საზოგადოებისა და ჰელსინკის კავშირი-ეროვნული აღორძინება, ადგილობრივი ალიანსის ერთობლივი კონფერენციის მასალები (კონფერენციას ესწრებოდა ამ ორგანიზაციების 150-ზე მეტი წევრი). კონფერენციის დგის წესრიგი მოიცავდა:

ა. საქართველოს რესპუბლიკაში შექმნილი ვითარება და მისი გამომწვევი მიზეზები, და ჩვენი სამოქმედო გეგმები სტაბილიზაციის მისაღწევად (აზრთა გაზიარება).

ბ. აჭარის რეგიონალურ ორგანიზაციაში წევრთა მიღება და დათხოვნა.

გ. აჭარის ა.რ-ის რეგიონალური ჰელსინკის კავშირისა და წმ. ილია მართლის საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა და სამოქმედო გეგმის შედგენა (აზრთა გაზიარება).

დ. სხვადასხვა კომისიათა მოქმედების შეჩერება და მათი ხელახალი არჩევა.

პირველ საკითხზე მოხსენება გააკეთა წმ. ილია მართლის საზოგადოების ბათუმის ფილიალის თავმჯდომარემ ნ. მალაყმაძემ. მან ისაუბრა საქართველოს რესპუბლიკაში შექმნილ მძიმე ვითარებასა და მის გამომწვევ მიზეზებზე, მრგვალი მაგიდის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ამოცანებსა და და სამომავლო გეგმებზე რეგიონში სტაბილიზაციის მისაღწევად. მანვე განაცხადა, რომ “დღევანდელ რთულსა და წინააღმდეგობით აღსავსე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში… განსაკუთრებით საჭირო და აუცილებელია ერის, მთელი რესპუბლიკის მოსახლეობის ერთსულოვნება… სულიერი მთლიანობის შენარჩუნება-განმტკიცება ეროვნულ ცხოვრებაში. მიმდინარე ინტენსიური, პოზიტიური ცვლილებების პროცესში ნებისმიერი შეცდომა, გადახრა, უაღრესად საზიანო და დასაგმობია. როგორც თქვენ იცით, აჭარის ა.რ მოსახლეობის აბსოლიტურმა უმრავლესობამ უყოყმანოდ დაუჭირა მხარი ზვიად გამსახურდიას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ზვიად გამსახურდია ასეთი პოპულარობა, როგორც აჭარის ა.რ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ბატონმა ასლან აბაშიძემ აღნიშნა, გამოწვეულია იმით, რომ იგი ძალ-ღონეს არ იშურებს ახალი საქართველოს მომავლისათვის ბრძოლაში. ამის ნათელი დადასტურებაა თავისუფლების გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯების სიმტკიცე, ზემოქმედების ის ძალა, რაც მან ხალხის დასარაზმავად გამოიჩინა. ამიტომაც არის, რომ დღეს საქართველო და ზვიად გამსახურდია ერთ ცნებად გადაიქცა”…

ამავე საკითხის გარშემო სიტყვით გამოვიდა საქართველოს ჰელსინკის კავშირის ბათუმის ორგანიზაციის წევრი ო. ცანავა, რომელმაც თქვა: “ეროვნული ინტერესებისადმი ერთგულება გახლავთ ის დიდი ძალა, რომელიც დღეს აგრერიგად აკავშირებს ქართველ ხალხს და მხნეობას გვმატებს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის უთანასწორო ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, გთხოვთ ყოველი წევრის ნათქვამი და გადადგმული ნაბიჯი იყოს აწონდაწონილი… ყოველივე იყოს შეთანხმებული გამგეობასთან”…

აჭარის ა.რ-ის რეგიონალური ჰელსინკის კავშირისა და წმ. ილია მართლის საზოგადოებათა წესდებაში დამატებების შეტანა და ბლოკ “მრგვალ მაგიდა – თავისუფალ საქართველოში” შემავალ ამ ორგანიზაციათა ერთობლივ გენერალური სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა ანზორ თხილაიშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ამ ორგანიზაციების პოლიტიკური პროგრამისა და წესდების დაცვის აუცილებლობას და აღნიშნა: “ჩვენი პარტიების სახელზე მოდის მრავალი საინტერესო წინადადება და მოსაზრებანი საქართველოს აღირძინებისა და განმტკიცების მომავალი მოდელის შესაქმნელად, რომლებიც შევკრიბეთ და გადავეცით საქართველოს მრგვალი მაგიდის ხელმძღვანელობას…” ორატორმა აგრეთევ ისაუბრა მრგვალ მაგიდაში შემავალი ორგანიზაციების საერთო იდეური პლატფორმის და მათი სრული იურიდიული და ორგანიზაციული დამოუკიდებლობის შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ, წამოაყენა წინადადებანი პირველადი ორგანიზაციების ფინანსური ბაზის განმტკიცების მოთხოვნით და ბოლოს თავის მოხსენებაში შეეხო კადრების საკითხს: “წლების მანძილზე განმტკიცებულმა, ანკეტური მონაცემების მიხედვით კადრების შერჩევის მანკიერმა პრაქტიკამ ძალიან ბევრი ისეთი ახალგაზრდა, კარგი სპეციალისტი დაგვაკარგინა, რომლებიც დღეს ბევრ სასარგებლო და საჭირო საქმეს გააკეთებდნენ” – აღნიშნა ორატორმა.

გაწეული მუშაობის შეჯამება გააკეთა წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრმა, ქალბატონმა ნარგიზ ლორთქიფანიძემ. მან თქვა: “ჩემი მოღვაწეობის უპირველესი მიზანია, ამბობს ბატონი ა. აბაშიძე – ეკონომიკის, სახალხო მეურნეობის ყველა დარგის განვითარება, მთელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის სტაბილიზაცია, სამოქალაქო მშვიდობა და თანხმობა, ეროვნული აღორძინება და ბრძოლა თავისუფალი, დემოკრატიული, ერთიანი და განუყოფელი საქართველოს წინსვლისა და განმტკიცებისათვის. ეს ოცნება კი არ არის, არამედ რეალური, მთავარი საბრძოლო მიზანია. მე მჯერა ხვალინდელი დღისა… ხვალინდელი დღის მესაჭეები ჩვენ ვართ ყველანი, ამიტომ საჭიროა გონიერებას დავუმორჩილოთ ემოციები…” ორატორმა ისაუბრა აგრეთვე, აჭარაში, ისევე როგორც ცივილიზებულ მსოფლიოშია, პროგნოზირების ცენტრის შექმნის აუცილებლობასა და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე (მათ შორის საქართველოს გვარდიაში შექმნილ ატმოსფეროზე), აღნიშნა ოპოზიციურ ძალებთან თანამშრომლობის ფორმების გამონახვის, მათთან დიალოგისა და საერთო ინტერესების ირგვლივ გაერთიანების აუცილებლობის შესახებ.

ამავე კონფერენციაზე ნ. ლორთქიფანიძის წინადადებით ეროვნულ მოძრაობაში გამოვლენილი აქტიურობისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის წმ. ილია მართლის საზოგადოების უხუცეს ბათუმელ წევრს, ცნობილ ეროვნულ მოღვაწეს ქალბატონ ნუნუ ქაჯაიას, მისმა სრულმა შემადგენლობამ ერთხმად მიანიჭა “აჭარის ეროვნული მოძრაობის დედის” საპატიო წოდება და იგი აირჩია საქართველოს “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს” საპატიო წევრად.

ქალბატონმა ნ. ქაჯაიამ კონფერენციის დასასრულს მის წევრებს მოუწოდა:

“ჩემო შვილებო! ყველას ერთიანად გიხუტებთ გულში… სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომელიც ესწრაფვიან ვითარების გართულებას, წყლის ამღვრევას, – რიგით მოქალაქეებს სულს უფორიაქებენ, იყენებენ რა ცრუ ინფორმაციებს. იარაღით ზეწოლის ქვეშ ცდილობენ თავიანი მიზნების განხორციელებას. ჩვენთვის ცნობილია ასეთი ძალები… ჩემო დაბნეულო შვილებო, მე თქვენთან ვარ, მოთმინებით ველოდები, თუ როდის ამომიდგებით გვერდში, თუ როდის მოეგებით გონს.

დარწმუნებული ვარ მომხდარი ფაქტები, ჩემო შვილებო, დაგაფიქრებთ და მე, თქვენი დედა, გთქოვთ ამომიდგეთ გვერდში ერთიანი საქართველოს გადასარჩენად.” [93]

აღნიშნული მასალის ანალიზი საშუალებას გვაძლევს ნათლად წარმოვიდგინოთ ამ ორგანიზაციათა სამომავლო თვალსაწიერი და მათ ინტერესთა ფართო ეროვნული სპექტრი, მათი საქმიანობის წარმმართველ ძალთა მიერ საქართველოში მიმდინარე მოვლენათა ხედვის სიღრმე და აქედან გამომდინარე, საკმაოდ ნათელი სამოქმედო გეგმა, არსებულ პრობლემათა დაძლევისა და სტაბილიზაციის მისაღწევად.

მაგრამ სანამ საქართველოში და კერძოდ, აჭარაში იმ დროს განვითარებულ სხვა მოვლენებს შევეხებოდეთ, მანამ ცოტა უკან დავიხიოთ და გადავხედოთ აჭარაში ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მომხდარ იმ ამბებს, რომელთაც საკმაო გავლენა მოახდინეს აქ მიმდინარე პროცესებზე.

როდესაც ასლან აბაშიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა (შემდეგ აირჩიეს), მისი პირველი მოადგილე გახდა საქართველოს ჰელსინკის კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნოდარ იმნაძე. უნდა აღინიშნოს, რომ ა. აბაშიძე ამ პოსტზე, ფაქტიურად მისი პროტექციით მოვიდა. მაგრამ შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით კი 22-23 აპრილის აქციასთან დაკავშირებულმა ცნობილმა ამბებმა, მათ შორის მდგომარეობა უკიდურესად დაძაბა; და თუ მანამდე ნ. იმნაძე ა. აბაშიძეს აჭარაში, მისი აზრით, აქ გასატარებელი პოლიტიკის საყრდენად მიიჩნევდა, ამ მოვლენებმა მას დაანახა, რომ მისი ყოფილი პროტეჟე არც თუ ისე ადვილი სამართავი აღმოჩნდა, – ამასთან, მან მოახერხა ამავე აქციების წყალობით საკუთარი ძალაუფლების არა მარტო განმტკიცება, არამედ აჭარაში მიმდინარე პროცესებზე თითქმის სრული კონტროლის დაწესება. მანამდე თუ კი იმნაძის მიერ აბაშიძის მიმართ გამოთქმულ სიტყვებში, მისადმი დიდი იმედები ჩანდა (პირადად მომისმენია თბილისში საქართველოს უზენაესი საბჭოს სესიის სხდომათა შორის შესვენებაზე ნ. იმნაძესთან საუბარში), ამ აქციების შემდეგ მისი დამოკიდებულება აღნიშნული პიროვნებისადმი რადიკალურად შეიცვალა და შემდეგ სიტყვებში გამოიხატა: “სადამ ხუსეინს პურს ნუ ვაჭმევთ…”

დაპირისპირება გამწვავდა თვით მრგვალი მაგიდის ორგანიზაციის ადგილობრივ წევრებსა და ნ. იმნაძეს შორისაც, რისი სავალალო შედეგების შესახებ, პირადად შემხვდნენ და მესაუბრნენ, ამასთან ნ. იმნაძესთან მედიატორობა მთხოვეს ეროვნული მოძრაობის ცნობილმა ბათუმელმა წარმომადგენლებმა სვეტლანა კუდბამ და ნიაზ მალაყმაძემ. მაგრამ ცდა, ნ. იმნაძესთან შეხვედრისა და მდგომარეობის სტაბილიზაციის მიზნით მასთან საქმიანი საუბრისა, უშედეგოდ დამთავრდა. მდგომარეობა დღითიდღე იძაბებოდა და ბოლოს ყველაფერი 1991 წლის 30 აპრილის ღამის სისხლიანი ტრაგედიით დასრულდა. ზოგიერთების მიერ წაქეზებული, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი და თავზე კონტროლდაკარგული ნოდარ იმნაძე ასლან აბაშიძის ბათუმის სამთავრობო რეზიდენციაში იარაღის სროლით შეიჭრა, იქ კი, ასლან აბაშიძის კაბინეტსა და მისაღებში გათამაშებული დრამის შედეგად იგი დაიღუპა, რამდენიმე კაცმა კი სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

ბოლო დღეს (29 აპრილი) ნ. იმნაძის მიერ საკუთარ კაბინეტში, კედლებზე გაკეთებულმა წარწერებმა შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ მან შეგნებულად ჩაიდინა ეს თვითშეწირვის აქტი, რადგან თავს ვერ აპატია მის მიერ ჩადენილი ისეთი შეცდომა, რადაც ასლან აბაშიძის აჭარის ხელისუფლებაში მისი დახმარებით მოსვლა ჩათვალა. აღნიშნული კედლის წარწერაში იგი მიმართავს ვაჟას სიტყვებს: “რაც უნდა ჭირი მამკერძონ, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა”-ო. საკმაოდ კარგად ვიცნობ რა ამ ამბებთან დაკავშირებულ საქმის არსს, მიგვაჩნია, რომ ნოდარ იმნაძე თავისსავე გარემოცვაში ჩასაფრებული სულმდაბლობისა და ღალატის მსხვერპლი გახდა, რასაც მოჰყვა მის გარშემო შემოკრებილი პოლიტიკური თანამოაზრეებისა და გვარდიის ბათუმის დაჯგუფების აჭარიდან გაძევება და პოლიტიკური დაძაბულობის უკიდურესი გამწვავება, აქედან გამომდინარე, სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმება მთელს რეგიონში. თუმცა, როგორც ზემოთ ნ. მალაყმაძის სიტყვაშია მითითებული, საქართველოს პრეზიდენტისა და ადგილობრივი მმართველობის არჩევნები აჭარაში ეროვნული მოძრაობის ძალთა წარმატებით აღინიშნა. უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციურმა ძალებმა საქართველოში ადრევე დაიწყეს საკუთარი მიზნების განხორციელებისათვის იდეოლოგიური ბაზისის შემზადება, რამაც ასახვა ჰპოვა ქართული პრესის ფურცლებზე. აჭარაში ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნდა არაერთი წერილი მისი პოზიციების დასაბუთებისა და მათი გამართლების მიზნით. მათგან ერთ-ერთ საყურადღებო სტატიას წარმოადგენდა 1991 წლის 28 მაისის გაზეთ “Аджария”ში გამოქვეყნებული პუბლიკაცია – “единство, согласие, сплоченность” [94] რომელშიც ავტორი ცდილობს ოპოზოციური ორგანიზაციების ქმედებათათვის იდეოლოგიური საყრდების შექმნას და საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის ოპოზიციური თვალსაზრისით გაკრიტიკებას, მთელ თავის ნააზრევს კი ამთავრებს შემდეგი დასკვნით: “…და მთავარია – შინაგანი ერთიანობა, თანხმობა და შემჭიდროება ყველა მოქალაქეთა, რომელიც საქართველოში ცხოვრობენ…” [იქვე] იმავე წლის 26 ივნისის გაზეთ “Аджария”-ში გაეცა მას პასუხი სტატიით – “писмо другу”, [95] რომელშიც ავტორი აკრიტიკებს ზემოთ აღნიშნულ წერილში მოყვანილი ზოგიერთი უმართებულო დებულებასა და მის ავტორს ბოლოს მიუთითებს: “სტატიიას სათაურზე აღვნიშნავ იმას, რომ იგი ძველმოდურ, დაჟანგებულ, კომუნისტურ ლოზუნგს გვაგონებს და მასზე სიტყვას აღარ გავარგძელებთ, თუმცა ბევრის თქმა შეიძლებოდა. და ბოლოს, თქვენი სტატიის სათაურში მოტანილი სიტყვების გამოყენებით დავამთავრებთ, რომ ჩვენ ნადვილად გვჭირდება ისეთი ერთობა, რომელიც ერთმანეთს არ გვაშორებს, თანხმობა, რომლის საძირკველშივე არ ჩავდებთ უთანხმოებასა და სხვისი გამტყუნების სურვილს, და ისეთივე შეკავშირება, რომელიც უფრო არ დაგვქსაქსავს – და არა პროკომუნისტური ლოზუნგებით მანიპულირება.” [იქვე]

გ. მასალკინის საპასუხო წერილს “Истина раждается в споре”, [96] პასუხად მოჰყვა სტატია, “на разных языках”. [97] აღნიშნულმა პოლემიკამ სრულიად წარმოაჩინა პოზიციათა საფუძვლიანი განსხვავება და პრობლემისადმი რადიკალურად ურთიერთსაწინააღმდეგო მიდგომა დაპირისპირებულ მხარეთა შორის. ამის დადასტურებაა ბოლო სტატიის სათაურიც “სხვადასხვა ენაზე?…”, რომელშიც უკვე ყოველგვარი მორიდების გარეშე მხილებულია ოპონენტის წინა წერილებში გამოთქმული ყველა მცდარი დებულება.” [იქვე]

მიუხედავად ყველაფრისა, თბილისთან შედარებით ზაფხულის თვეები აჭარაში სიმშვიდით აღინიშნა. მაგრამ 1991 წლის 19 აგვისტოს მოსკოვში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ საქართველოში პოლიტიკური პროცესები კიდევ უფრო დაიძაბა. ამას ხელი შეუწყო იმან, რომ მოსკოვის პუტჩის დროს საქართველოს ხელისუფლებამ, მისი უსაფრთხოების მიზნით, საქართველოს გვარდია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაიყვანა, რასაც გვარდიის ქუჩური ტრადიციების პატივისმცემელ ნაწილში უკმაყოფილება და მისი ნაწილების თბილისიდან რკონის ბაზაზე გაყვანა მოჰყვა.

მოსკოვის აღნიშნული პუტჩის შესახებ საინტერესო ცნობებს ვხვდებით საზღვარგარეთ გამომავალ ქართულ ჟურნალში “გუშაგი”, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ორშაბათს დილით მსოფლიო იღვიძებს სენსაციური ამბებით: “სახელმწიფო გადატრიალება სსრკ-ში”, გორბაჩოვი ჩამოგდებული უნდა იყოს”, “მოსკოვის ქუჩებს ტანკები დარაჯობენ…”

საგანგებო მდგომარეობის კომიტეტის განცხადება…

პრეზიდენტი გორბაჩოვი მძიმე ავადმყოფია. იგულისხმება, რომ ლაპარაკი არ შეუძლია. საბჭოთა კონსტიტუციის მიხედვით მას ცვლის მისი ყოფილი თანაშემწე გენადი იანაევი. მას გარდა აჯანყების კომიტეტში დასახელებულნი არიან: მთავრობის თავმჯდომარე ვალენტინ პავლოვი, კგბ-ის თავმჯდომარე ვლადიმერ კრიუჩკოვი, შინაგან საქმეთა მინისტრი ბორის პუგო, სახელმწიფო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ოლეგ ბაკლანოვი, თავდაცვის მინისტრი მარშალი იაზოვი… ერთი სიტყვით ყველა მიხეილ გორბაჩოვის მიერ დანიშნული მისი ახლო თანამშრომელი… კომიტეტი 6 თვით აცხადებს საგანგებო მდგომარეობას მთელ ქვეყანაში. დეკლარაციაში მთავარი ყურადღება გამახვილებულია საბჭოთა კავშირის ერთიანობის დაშლის საფრთხისადმი.

დასავლეთის პოლიტიკური სამყარო თანდათან გონს მოდის, საბჭოთა კავშირის სპეციალისტები ცდილობენ ახსნან კრემლის გამოცანა. დამალული არავისთვის არაა, რომ საბჭოთა კავშირში უკვე დიდი ხანია რაც მომწიფებულია სამხედრო გადატრიალების პირობები. მთავარი გამოსარკვევი ისაა, გორბაჩოვი შეთქმულების მსხვერპლია თუ, პირიქით, მისი თანამგრძნობი და, მაშ, ორგანიზატორიც.

ტელევიზორით მოწმე ვხდებით უჩვეულო ამბებისა მოსკოვში. მოსკოველები წინ ეღობებიან ტანკებს, რომლებიც აჯანყებულთა დასახმარებლად მიემართებიან…” [98, გვ. 27-28]

როდესაც ჰარვარდის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორს, პრეზიდენტ რეიგანის ეროვნული უშიშროების საბჭოს სსრკ სექციის დირექტორს, რიჩარდს პაიპსს გაზეთმა “ფიგარომ” მიმართა კითხვით: – სახელმწიფო გადატრიალებამ გაგაკვირვათ? – მან უპასუხა: “სამხედრო აჯანყება მე ვიწინასწარმეტყველე ჯერ კიდევ 1990 წლის ნოემბერში. მე, რა თქმა უნდა, აჯანყების თარიღი არ ვიცოდი, მაგრამ ნიშნები გროვდებოდა. გენერლები და თვით პოლკოვნიკებიც კი, თავისუფლად აკრიტიკებდნენ გორბაჩოვს. ეს უპრეცედენტო იყო საბჭოთა არმიის ისტორიაში, ეს ნიშნავდა, რომ ჯარმა გაწყვიტა მასთან კავშირი და მზად იყო მის გადასაგდებად.” [98, გვ. 30-31]

შემდეგ იგივე ჟურნალი აღნიშნავს, რომ “კრემლის ყბადაღებული სახელმწიფო გადატრიალების ბუშტი, როგორც მოულოდნელად და სწრაფად გაიბერა, ისევე დაიჩუტა…” [98, გვ. 41] ხელისუფლებაში დაბრუნებულმა და ძალამოცემულმა გორბაჩოვმა “ვითომ არაფერიც არ მომხდარა, ბრძანება გასცა ვასალ პრეზიდენტებზე: დაუყოვნებლივ შემოკრბით ჩემს ირგვლივო! ხომ ხედავთ მსოფლიომ უპირობო ნდობა გამომიცხადა, თქვენ ხომ ნაკლები არა ხართ. მოაწერეთ აგერ ხელი სამოკავშირეო ხელშეკრულებას, მუხლები კი შემდეგში დავაზუსტოთო, უჩვენა თეთრი ქაღალდი და სათითაოდ მიიწვია.

სულ ახლახან დასრულებული პუტჩის შიშით ჯიქურად უარის თქმა ვერავინ გაბედა, გარდა საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიისა. – რასაკვირველია, გორბაჩოვი განრისხდა, დაემუქრა მას” [იქვე] – აღნიშნავს ჟურნალი და იქვე განაგრძობს – “მართლაც ამ უკანასკნელ დღეებში მოსკოვიდან მომავალი ინფორმაციები საეჭვოდ დიდ ადგილს უთმობენ საქართველოს ამბებს. თურმე დიდი მღელვარებაა საქართველოში, მანიფესტანტები გარშემორტყმიან მთავრობის სასახლეს და მოითხოვენ ზვიად გამსახურდიას გადადგომას. ერთნი წერენ, რომ მათ ცეცხლი გაუხსნეს და დაჭრილია 9 დემონსტრანტი, მეორის მიხედვით, ცეცხლსასროლი იარაღით კი არავინ დაჭრილა, არამედ ხელკეტებითაა დაბეგვილი ორი თუ სამი კაცი. არც ერთი ამ ამბის ავტორი თვითმხილველი არ არის… ჩანს, რომ მათ წარმოდგენა არა აქვთ, რაზედაც ლაპარაკობენ. გულისამრევია მათი ვითომცდა ცოცხალი საუბრები გამსახურდიას მომხრეებთან თუ მტრებთან. ყველა ისეა შერჩეული, რომ საქართველოს პრეზიდენტზე მკითხველს შეუქმნას უკეთურობის, გმობის, მტრობის განწყობილება.

ასეთი მიდგომა გასაგებია კრემლის იმპერიალისტ ხელისუფალთაგან, მაგრამ როგორ ავხსნათ საერთაშორისო ინფორმაციის მსახურთა ხმაშეწყობილი ლიტანიობა ეროვნული დამოუკიდებლობის ჩემპიონის წინააღმდეგ?… რად სტყუიან ასე უსაშველოდ და რად ატყუებენ ქვეყანას? ნუთუ სინდის-ნამუსისაგან სულ მთლად გაირეცხნენ?

გუშაგი. პარიზი. 31/VIII/1991” [98, გვ. 41-42]

ჟურნალში აღნიშნულ წერილის გამოქვეყნების თარიღი სპეციალურად მივუთითეთ. ეს არის 2 სექტემბრის თითქმის წინადღე, მსოფლიოს უსამართლო დამოკიდებულება კი, სამართლიანობის აღდგენისათვის მებრძოლი საქართველოს ეროვნული ხელისუფლებისადმი, უკვე გამოკვეთილია, რაგდან უსამართლობას არა აქვს არც სახელმწიფო საზღვრები და არც ეროვნება. და თუ საქართველო იჩაგრებოდა, ამ ჩაგვრაში რუსული თუ საბჭოთა იმპერიალიზმი მარტო არ ყოფილა და მას გვერდში ედგა ყველა ის სახელმწიფო და მსოფლიოს დიდმპყრობელური ძალები, რომლებმაც თავის დროზე ხმა არ ამოიღეს საქართველოს კანონიერი უფლებების დასაცავად არც ერთა ლიგაში და არც თანამედროვე გაეროში. ამ უსამართლობაზე ამგვარი გაჩუმებით, ისინი მათ მიერ ჩადენილი უსამართლობების მიჩქმალვას ცდილობენ და ყველა ახალი სახელმწიფოსა, თუ მისი რამდენადმე დამოუკიდებელი, სხვათა გავლენისაგან თავისუფალი ხელისუფალი (ისეთი, როგორიც ზვიად გამსახურდია იყო) წარმოადგენს მათ მამხილებელ საშიშ ფაქტორს (მათთვის).

 ზვიად გამსახურდიამ, ჯერ კიდევ 1977 წელს დაწერილ წინასწარმეტყველურ ეპისტოლეში, “დილემა კაცობრიობის წინაშე” – ამხილა ეს ძალები და დღეს მსოფლიო სიკეთესა და კაცობრიობის პროგრესსზე მოქადაგე ეს ძალები მზად არ აღმოჩნდნენ ამ დიდი სიმართლის მოსასმენად და გასაგებად, რაც ზვიად გამსახურდიას მიერ ეპისტოლეში წარმოჩენილი მამხილებელი პოზიციის მსოფლიო რანგზე მიუთითებს (ქართველებს გვაქვს ფიგურალური გამოთქმა: “სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდეს”, რომელშიც ორი სხვადასხვა, სრულიად განსხვავებული აზრი შეიძლება ვიგულისხმოთ. პირველი – სიმართლის მთქმელი გასაქცევად მზად უნდა იყოს, და მეორე – ცხენი, ეს მოძღვრებაა ცხოვრების ხეზე და მისი ყოველთვის შეკაზმული ყოლა, ღვთის სახლში დაბრუნებისათვის მუდმივი მზადყოფნის მაჩვენებელია, რაც, ამ შემთხვევაში, სიმართლის თქმის გზით, ღვთიურთან ზიარების ტოლფასია). ხოლო რაც შეეხება 1991 წლის 2 სექტემბრის თბილისის ოპოზიციურ ძალთა აქციას, მის შესახებ ჟურნალი “გუშაგი” იტყობინება:

“ყველაფერი დაიწყო 2 სექტემბრის საპროტესტო მიტინგით, რომელიც მოეწყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თაოსნობით… თვითმხილველთა მოწმობით 2 სექტემბრის მიტინგი თავიდან იყო მშვიდობიანი, მაგრამ წესრიგის დამცველმა საქართველოს რესპუბლიკის მილიციამ თავიდანვე შეურიგებელი პოზიცია დაიკავა, მოინდომა რა მისი ძალით დაშლა-გაფანტვა. მომიტინგეთა დარბევაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული მილიციელები. ეს უკანასკნელები, იგივეთა მოწმობით, ჰაერში ისროდნენ, მაგრამ პირდაპირი მსროლელის მოწმე არავინაა. მანიფესტაციის დარბევის შედეგად ცეცლსასროლი იარაღით დაჭრილი აღმოჩნდა სამი: ორი ფეხებში და მესამე – გულის არეში, კეტებითა და ქვების სროლით დაშავდა რამდენიმე კაცი, როგორც წესრიგის დამცველი, ისე მოქალაქე.

ხელისუფლების განცხადებით, 2 სექტემბრის მიტინგი იყო პროვოკაციული ხასიათის, ის მიზნად ისახავდა შფოთისა და მღელვარების ჩამოგდებას, და სწორედ იმ დროს, როცა მოსკოვში გამოცხადდა, რომ დამოუკიდებლობას მიიღებდნენ მხოლოდ ის რესპუბლიკები, სადაც წესრიგი და მშვიდობა სუფევსო. ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს მის პასუხისმგებლობას ცეცხლსასროლი იარაღის ხმარების ბრძანებაში, – საქმის გამოსაძიებლად შეიქმნა კომისია…” [99, გვ. 9-10]

თვით პრეზიდენტი გამსახურდია 2 სექტემბრის მოვლენებს ასე აფასებს 1992 წლის 18 თებერვლის მემორანდუმში “მიმართვა ქართველი ერისადმი”.

“2 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედმა აგენტურამ და მტრებმა, რომელნიც ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის პერიოდიდან ინარჩუნებდნენ იქ მტკიცე პოზიციებს, მიტინგზე მიიყვანეს შეიარაღებული მილიცია და დაარბიეს მიტინგი ჩემთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე (რისთვისაც შემდგომში გავათავისუფლე ქალაქის მილიციის უფროსი ა. მიქაბერიძე, ერთ-ერთი თანამშრომელი დავაპატიმრებინე). შევაქმნევინე სპეციალური საპარლამენტო კომისია, რომელმაც შეგნებულად არ იმუშავა, რათა არ გარკვეულიყო სიმართლე. მიუხედავად ამისა, დღემდე ამ ინციდენტს ჩემი მტრები უშუალოდ მე მიკავშირებენ და უცხოეთშიც ისე წარმოსახავენ საქმეს, თითიქოს ჩემი ბრძანებით დაარბიეს მიტინგი. იგივე ე.წ. “დემოკრატები” დღეს სდუმან სიგუას, იოსელიანის და კიტოვანის ბანდების მიერ მიტინგების მრავალგზის დარბევაზე თბილისში და სხვა ქალაქებში და არავითარ შეფასებას არ აძლევენ ყოველივე ამას.” [100]

საქართველოს პრეზიდენტის ამ მოსაზრებათ ზურგს უმაგრებს ისიც, რომ 2 სექტემბერს თბილისში ოპოზიციის მიერ ჩატარებული აქციის დროს მომხდარ ინციდენტს ბათუმში მოქმედ ოპოზიციურ პარტიათა საკოორდინაციო საბჭოს შტაბში ცნობილი ქალბატონი ირინა სარიშვილი ტელეფონით ასეთი სიტყვებით გადმოსცემდა: “ვასროლინეთ, ვასროლინეთ… დამთავრდა მაგათი აღიარება და ყველაფერი… ვასროლინეთ, ხალხიცაა დაჭრილი…” და სხვა. (ყურმილი ჯერ, თუ კარგად მახსოვს, დ. ბერძენიშვილმა აიღო, მაგრამ სარიშვილმა მისი პარტიის ბათუმელი ლიდერის, ლევან ქანთარიას მისვლა მოითხოვა ტელეფონთან, რათა მისი მეშვეობით ეხარებინა ეს “სასიხარულო” ამბავი ბათუმის აღნიშნული საბჭოს შემადგენლობისათვის), რასაც ბათუმელ მსმენელთა აღტაცებული ოვაცია-შეძახილები ფარავდა.

ვინმე ნუთუ ფიქრობს, რომ ვერ ხვდებოდა ეს ხალხი, რას აკეთებდა? ნუთუ საკუთარი სამშობლოს დაქცევა-განადგურება იყო მათი მიზანი?! მაშ, რა ახარებდათ, რა ეოვაციებოდათ? – აქ მხოლოდ ერთადერტო ფსიქოლოგიური მომენტია: – მათ, ბოლოსდაბოლოს მოახერხეს თავიანთი პატრონის (ე. შევარდნაძის) დავალების შესრულება და ემოცია ვერ დამალეს, რადგან ყველა დავალების შესრულება თავისებურ თვითკმაყოფილებას იწვევს (ისინი რომ უკვე შევარდნაძესთან ალიანსში იყვნენ და აქედან გამომდინარე, მის დავალებებსაც შეასრულებდნენ, რაც 1991 წლის ოქტომბერში ჩემთან საუბარში აღიარა ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრმა თამაზ დიასამიძემ).

საქართველოში 2 სექტემბრის ამბების შემდეგ ე.წ. ოპოზიციურმა ძალებმა თავის მიზანს მიაღწიეს და ქართველობა ორ მოწინააღმდეგე ბანაკად გახლიჩეს. ერთი ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობიდან გადადგომისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის სრულებით გაუქმებას მოითხოვდა, მეორე კი, პირიქით, მას თავგამოდებით იცავდა, როგორც ხალხის მიერ კანონიერად არჩეულს. ოპოზიციის იდეოლოგიურმა ტრუბადურმა, სახალხო ფრონტის გაზეთმა “საქართველო” 3 სექტემბერს უკვე ხელმოწერილი “საბრალდებო დასკვნა” გამოაქვეყნა, რომელშიც მოითხოვდა:

“1. უნდა გადადგეს რესპუბლიკის პრეზიდენტი

2. რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ უნდა დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები…“ [99, გვ. 10] ხელს აწერენ:

რევაზ შავიშვილი (“დას”), გურამ ბერიშვილი (თავისუფალი დემოკრატიული კავშირი), მიხეილ ნანეიშვილი (ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტია), ვახტანგ ძაბირაძე (რესპუბლიკური პარტია), ნოდარ ნათაძე (სახალხო ფრონტი), ირაკლი შენგელია (ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი). ამავე ინციდენტის შესახებ თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირეს ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ, გვარდიის ყოფილმა მთავრსარდალმა თ. კიტოვანმა, მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თ. სიგუამ და სხვებმა. [იქვე, გვ. 11-17]

მიაღწიეს რა საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის ხელოვნურად უკიდურეს დაძაბვას, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული, ეროვნული დამოუკიდებლობისა და მონარქისტული პარტიები მართავენ პერმანენტულ აქციებს, რომლებიც 7 სექტემბრიდან მთავარ მონაწილეთა შტაბბინების წინ მწოლარე გაფიცვებში გადაიზარდა, 10 სექტემბერს კი ეროვნული დამოუკიდებლობის და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიები მათ-მათი შტაბბინების წინ ბარიკადებს მართავენ რითაც იკეტება რუსთაველის გამზირი. 16 სექტემბერს მოსკოვისკენ მიმავალ თვითმფრინავს უკან აბრუნებენ და აპატიმრებენ გ. ჭანტურიასა და გ. ხაინდრავას. ამ დღეებში თბილისში სუფევს ნამდვილი აჯანყების წინა ატმოსფერო – იტყობინება ჟურნალი “გუშაგი” – წესრიგის დაცვის ოფიციალური ორგანო იუწყება, რომ ოპოზიციის შეარაღებული რაზმები თავს ესხმიან მილიციის ქვეგანყოფილებებს და იტაცებენ იარაღს, აგრეთვე სხვადსხვა სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებს… უდავოა ფაქტი, რომ აჯანყებულმა გვარდიამ კიტოვანის სარდლობით, შავნაბადადან გადმოინაცვლა, ჯერ გარს შემოერტყა და შემდეგ დაიკავა საქართველოს ტელევიზიის შენობა. იქვე ბინა დაიდო მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თენგიზ სიგუამ. პოლიტიკური სიტუაციის უკიდურესი გამწვავების გამო თბილისში 25 სექტემბრიდან ცხადდება საგანგებო წესები. [იქვე]

თბილისის 2 სექტემბრის ამბებმა, რა თქმა უნდა, გამოხმაურება და ასახვა ჰპოვა აჭარაშიც (ერთი მხარის პოზიციაზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ). 1991 წლის 10 სექტემბერს გაზეთ “აჭარაში” გამოქვეყნდა სტატიები – “ყველა ჩვენთაგანი ვალდებულია” [101] და – “სულიც და სხეულიც ქართული”. [102]

პირველ წერილში იმჟამად საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატმა რამაზ სურმანიძემ, დაგმო 2 სექტემბრის აქციისადმი რუსეთის სატელევიზიო არხების ტენდენციური დამოკიდებულება – “როგორც ჩანს… ამ ორგანოში კვლავ არიან მოკალათებული ველიკორუსული შოვინიზმით მოწამლული დერჟიმორდები, რომელიც დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ხალხების წინააღმდეგ კვლავ შხამსა და სამსალას ანთხევენ” – აღნიშნავს ავტორი და იქვე განაგრძობს – “…მე წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი უკანონობისა და ძალმომრეობისა, წინააღმდეგი ვარ ნებადაურთველი მიტინგებისა, მითუმეტეს, ამასთან დაკავშირებული სისხლისღვრისა, განსაკუთრებით, თუ იგი მიმართულია კანონიერი მთავრობისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისაკენ… ყველა ჩვენგანი ვალდებულია უკუაგდოს პირადი სიმპატია-ანტიპატიები, დაირაზმოს ხალხის მიერ არჩეული საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის, ასევე აჭარის კანონიერი მთავრობისა და ხელმძღვანელობის (შIჩ! – აქ, რა შუაშია აჭარის მთავრობა და ხელმძღვანელობა – უ.ო.) ირგვლივ…” [101, იქვე] ხოლო მეორე წერილის დასასრულს ავტორი ქართულ საზოგადოებას მოწოდებს, რომ “…ყველამ გავიგოთ, დადგა დრო, საქართველოში ყველაფერი ისე ვაკეთოთ, სულიც და სხეულიც ქართული იყოს…” [102, იქვე]

საერთოდ, საქართველოში იმ პერიოდში მიმდინარე მოვლენების მართებული გაგებისათვის აუცილებელია შევეხოთ ზოგიერთ საკითხს…

მსოფლიოში ცნობილი პოლიტოლოგი, ევროპის ყოფილი წამყვანი სოვეტოლოგი, მიხეილ ვოსლენსკი თავის მონოგრაფიაში “ნომენკლატურა”, წერს: “…ნომენკლატურა სტალინისა და მისი აპარატის მიერ შექმნილი ის “რაზმია”, რომელმაც ისწავლა ბატონობა, ეჟოვშჩინის წლებში კი, ყელი გამოღადრა ლენინურ გვარდიას.

ნომენკლატურაში მთავარია ძალაუფლება… ცკ-ის სექტორის გამგე მშვიდად ეგუება იმას, რომ აკადემიკოსს, ან ცნობილ მწერალს მასზე მეტი ქონება და ფული აქვს, მაგრამ არ დაუშვებს მათ მიერ მისი ბრძანებების შეუსრულებლობას (სწორედ ამ მექანიზმის მრავალწლიანი მოქმედების შედეგად ჩამოყალიბდა ნომენკლატურის მონა-მორჩილი ქვეკლასი – ე.წ. “პრივილეგირებული ინტელიგენცია”, რომელსაც ხშირად “წითელ ინტელიგენციასაც” უწოდებენ). სხვადასხვა პრივილეგიებით, სპეცმომსახურებით, აგრეთვე იძულების მექანიზმების წყალობით, ინტელიგენციის ეს ფენა ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემის “ერთგულ ფინიად” იქცა… ადვილად იცვლება სპეციალობები, კაბინეტები, პერსონალური მანქანები – უცვლელი რჩება მხოლოდ ნომენკლატურისადმი კუთვნილება, ეს აუცილებლობა განპირობებულია თავად ნომენკლატურის ფორმირების წესით” – აღნიშნავს ავტორი – “ნომენკლატურული თანამდებობის პიროვნებას ათავისუფლებს ის ორგანო, რომელმაც თავის დროზე დანიშნა. მაგრამ წესი ასეთია: ერთი თანამდებობიდან განთავისუფლებისთანავე ნიშნავენ სხვა თანამდებობაზე (ან “გადიან” პენსიაზე)…

ჩვენ ვახსენეთ პენსიაზე “გასვლა” – შენიშნავს მ. ვოხლენსკი და იქვე მიუთითებს, რომ “იცვლება მხოლოდ სახელწოდება: ნომენკლატურული მუშაკის ნაცვლად ამჯერად ადამიანი იწოდება ადგილობრივი, რესპუბლიკური ან საკავშირო მნიშვნელობის პერსონალურ პენსიონერად… ამგვარი პენსია არის არა იმდენად პერსონალური, რამდენადაც ნომენკლატურული.” [103, გვ. 7]

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ნომენკლატურა და საერთოდ ეს კატეგორია, წარმოადგენდა კრემლის, ანუ საბჭოთა მეტროპოლიის აგენტურას მოკავშირე რესპუბლიკებში და მათი სამსახურებითა და პერსონალური პენსიებით უზრუნველყოფა, მათ მიერ ადგილებზე გაწეული საქმიანობის ადეკვატური იყო. გამოდის, რომ ესენი იყვნენ მოკავშირე რესპუბლიკებში საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ ჩანერგილი “მეხუთე კოლონა”, რომლის ძირგამომთხრელი საქმიანობის შედეგები არაერთხელ იწვნია თანამედროვე, დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისათვის მებრძოლმა საქართველომაც.

თითქმის იმავე პრობლემას ეხება პროფესორ გურამ ყორანაშვილის სტატია – ისევ რევოლუციისა და კონტრრევოლუციის თაობაზე, [104] რომელშიც იგი აღნიშნავს: “…საქართველოს დამოუკიდებელი კომუნისტური პარტია სიტყვების თამაშით თითქოს მომხრე იყოს საქართველოს დამოუკიდებლობისა და რადიკალური ეკონომიკური და სოციალური (სოციალურ-კლასობრივი) ცვლილებებისა, მაგრამ ასეთი მეტამორფოზის შესაძლებლობა ერთობ საეჭვო იყო. ამ “პარტიაში” ხომ გადამწყვეტი ძალა ბიუროკრატიაა და განა იგი ასე იოლად დათმობდა სოციალურ პრივილეგიებს? კალსობრივი ინტერესები ხომ მათთვის მთავარი დარჩა, ეს კარგად გამოჩნდა ე.წ. 19-21 აგვისტოს პუტჩის მიმართ საქართველოს დამოუკიდებელი კომუნისტური პარტიის რეაქციაში… ბიუროკრატიისათვის კომუნისტური იდეოლოგია მხოლოდ იმით იყო ფასეული, რომ იგი ემსახურებოდა მის სოციალურ და პოლიტიკურ ბატონობას… აღნიშნული კლასი მზად არის დათმოს კომუნისტური იდეოლოგია, მაგრამ ახლა ჩაებღაუჭება რელიგიასა და ეროვნულ ლოზუნგებს…” [იქვე]

 შეიძლება ითქვას, რომ მეცნიერის ეს მოსაზრება სრულებით გაამართლა ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისათვის ბრძოლის წლებმა, როცა კომუნიზმის ერთგულად მშენებელმა ბიუროკრატიამ, ახლა, ფაქტიურად საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ავანგარდში გადმოინაცვლა – ორძირიანი მოსასხამივით გადაბრუნებულმა მხოლოდ ფერი შეიცვალა, შიგნიდან კი იგივე, თავისი თავის ერთგული დარჩა. ეს არის ჩვენი ქვეყნის უახლოესი მომავლის უბედურება და წარსული უბედურების მიზეზიც. ამავე რიგის უბედურებათა მასაზრდოებელ წყაროს წარმოადგენს ჩვენი დროის საქართველოში ინტელექტუალურ ძალთა ისეთი არნახული მოქნილობა, როდესაც ყველაფრის გამართლების დაუოკებელ წადილს უკან ამოეფარება ხოლმე, ასევე ყველაფრის კადრების უნარი… მაგალითად, ედპ-ის ლიდერი გ. ჭანტურია წერილში პრეზიდენტ ბუშისადმი (უფროსი) აღნიშნავს: “…ჯერ კიდევ ანტონიო მაჩადო აღნიშნავდა, რომ “არ შეიძლება პოლიტიკა იყოს ნაყოფიერი ხალხის სიყვარულის გარეშე და, აქედან გამომდინარე, სულიერ ფასეულობათა პატივისცემის გარეშე. საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია სწორედ მსგავსი ნაყოფიერი პოლიტიკისადმი მიილტვის, რაც უნდა გამოიხატოს არა მხოლოდ ზოგადად ერის სიყვარულსა და სიტყვიერად დემოკრატიის იდელალებისადმი ერთგულებაში, არამედ თითოეული ადამიანის ქრისტიანული სიყვარულით, თითოეული ადამიანის უფლებათა დაცვითა და პატივისცემით.

ჩვენთვის დამოუკიდებლობა და დემოკრატია განუყოფელია…” [105] და ამას ამბობს პიროვნება, რომელმაც ყველაფერი მოიმოქმედა საქართველოში სამხედრო- კრიმინალური გადატრიალების შესამზადებლად, შემდეგ კი ხმა არ ამოუღია თბილისის ქუჩებში ასი ათასიანი მიტინგების დახვრეტის გამო. და ვის “დაბოლებას” ცდილობს ასე უტიფრად? – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის. ამასთან, იგივე პიროვნება თავის პოლიტიკურ ოპონენტებს აბრალებს ათას სისაძაგლესა და ანტიქართულ ძალებთან ალიანსს, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 1985 წლის 18 აპრილს დაწერილ მიმართვაში თავად აღიარებს: “1979 წლის 14 მარტს შედგა ჩემი პირველი ნაცნობობა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან… მე ბრმა არ ვარ, ვგრძნობ, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი დაინტერესებულია ჩემი განთავისუფლებით… ჩემი შემდგომი მოქმედებანი არ გადალახავენ საბჭოთა იურიდიული სამართლით დადგენილ ნორმებს და არც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს არასოდეს არ გაუხდება სანანებლად ჩემი განთავისუფლება…” [106, გვ. 4] და ა.შ. და ა.შ. ანალოგიური სულისკვეთების მატარებელია პუბლიცისტ რამაზ კლიმიაშვილის სტატიებიც, რომელთაგან ერთ-ერთში – “ნაციონალიზმი მეოცე საუკუნის ბოლოს” – ავითარებს მოსაზრებას, რომ მეცხრამეტე საუკუნეში როცა ნაციონალიზმი პროგრესული მოვლენა იყო, ქართველებმა მას მარქსიზმი ამჯობინეს. ის აქვე ამბობს: “მარქსიზმი თავისუფალი არჩევნების გზით დამკვიდრდა დამოუკიდებელ საქართველოში, ე.ი. “ხალხის ნება” დემოკრატიას შეუჩვეველ ერში, მხოლოდ გაბატონებული ტოტალიტარული აზროვნების ტრიუმფს ნიშნავს” [105ა] – აი, კლიმიაშვილისნაირთა ლოგიკა. მას წარმოდგენაც არა აქვს, რომ როდესაც “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” ავტორი ამბობს, რომ “ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების”-ო…, ამით ხაზს უსვამს ქართველთა ნაციონალურ იდენტურობას. მერედა სად იყო მაშინ გაბატონებული მარქსიზმი საქართველოში?! იგი ხომ კლიმიაშვილისნაირებმა ილიას მოკვლითა და ქართველი ხალხის გონებაზე ძალადობით მოახვიეს მას თავს. საერთოდ, კლიმიაშვილის მთელი მსჯელობის ნიმუშია აზროვნების “მესამე მდგომარეობისათვის” დამახასიათებელი ტოტალიტარული სიცრუის ტრიუმფისა.

“დასავლეთში ყველა პოლიტიკოსმა იცის, რომ ნაციონალიზმი და დემოკრატია შეთავსებელია. ნაციონალიზმს სჭირდება ტოტალიტარული წყობილება და დესპოტური მართვა – დემოკრატიის პირობებში იგი უბრალოდ ვერ იარსებებს” [იქვე] – გვმოძღვრავს კლიმიაშვილი. მაგრამ მას უნდა შევახსენოთ, რომ განა შვეიცარიის კანტონებში რამდენიმე ენის სახელმწიფო სტატუსი ნაციონალიზმის სიცოცხლისუნარიანობის და მისი დემოკრატიულობის მაგალითი არ არის?..

 “XX საუკუნის ბოლოს, – განაგრძობს იგივე ავტორი – კომუნისტურ წყობაში შობილი ნაციონალიზმი ანტიინტელექტუალური მოძრაობაა, ინტელიგენციისადმი სიძულვილით გაჟღენთილი…” [იქვე] ამაზე შეიძლება ითქვას, რომ ნაციონალიზმი არასდროს ყოფილა ანტიინტელექტუალური მოძრაობა, თუნდაც კომუნისტურ საზოგადოებაში; აქ იგი, სწორედ,, ანტიკომუნისტურ ხასიათს ატარებდა, და რადგან “წითელი ინტელიგენცია” კომუნისტური ტოტალისტური სიყალბის ყურმოჭრილი მონა და მსახური იყო, ამიტომაც აქედან იღებდა სათავეს ნაციონალიზმის მომხრეთა მათდამი სიძულვილი… და ბატონი კლიმიაშვილიც, როგორც გამოცდილი, ნამდვილი “წითელი დემაგოგი”, ნემსის ყუნწში ძვრება იმისათვის, რომ როგორმე ეროვნულ მოძრაობათა უსარგებლობაზე მიგვანიშნოს… მაშ, რა ქნან ამ მოძრაობის წარმომადგენლებმა… რა თქმა უნდა, ისინი მას თვალებში სიყვარულით ვერ მიაჩერდებიან… მათგან სიძულვილი კლიმიაშვილისნაირთა ხვედრია.

ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით კი, “მოღალატის” ცნება თანამედროვე გადასახედიდან განსხვავებულ მიდგომას და ახსნას საჭიროებს. “ეს ფენომენი ფრიად დასაფასებელია”, რომ ასეთი “მოღალატეები” სამშობლოს ღალატს საქართველოს გადასარჩენად იყენებდნენ, ეს პოლიტიკური საშუალება იყო, მტრის მხარეზე დასადგომად და იმ დროის მოსაცდელად, როდესაც შესაძლებელი იქნებოდა მოწინააღმდეგის განადგურება,” – “ცხადია აღნიშნული თეზა დეკემბერ-იანვრის სახელმწიფო გადატრიალების გამართლების მცდელობას წარმოადგენს” [107, გვ. 120] – აღნიშნავს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იგორ კვესელავა, მაგრამ სწორედ ეს იყო “წითელი ინტელიგენციის” დანიშნულება და აქ იგი წარმოდგენილია თავისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებისას. მსოფლიოში მათ გარდა, თავშიც არავის მოუვა ასეთი რამ, რომ ამგვარად სცადოს ისეთი შეუწყნარებელი დანაშაულის გამართლება, როგორიც სამშობლოს ღალატია. ის კი, თითქოსდა მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებულ დადებით მოვლენაზე საუბრობდეს, ისე ამართლებს ადამიანური ნაძირლობის ამ გამოხატულებას. ასეთი “ინტელექტუალებისაგან” აგიტაციაგაწეულ ხალხში კი, რაც არ უნდა მოხდეს, არაფერი არ არის საკვირველი.

მიუხედავად ნაშრომში მოცემული ამგვარი ფონისა აჭარაში 1991 წლის აპრილში ისევ მკვეთრად გამოიკვეთა აჭარის ავტონომიის გაუქმების პრობლემა. 14 აპრილს ბათუმის წმ. ილია მართლისა და მერაბ კოსტავას საზოგადოებების ლიდერების ნ. მალაყმაძისა და ს. კუდბას თაოსნობით დაიწყო ამ საკითხზე აქცია ბათუმში თავისუფლების მოედნის მიმდებარე სკვერში. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ არჩევნების მაგივრად ჩატარებულიყო რეფერენდუმი შემდეგ საკითხზე: გსურთ თუ არა ავტონომიური მმართველობა აჭარაში, – რასაც მხარი არ დაუჭირა უკვე გახელისუფლებულმა მრგვალი მაგიდის ადგილობრივმა წარმომადგენლობამ, რის გამოც აქცია დაარბიეს. [108] ნიაზ მალაყმაძე თავის წერილში აღნიშნავს, რომ “ჩვენ, ეროვნული მოძრაობის მონაწილეები, ავტონომიის თემას ვიყენებთ არსებული რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ მეთოდით ვებრძოდით კომუნისტურ დიქტატს, რომელიც ყოველთვის პოულობდა დასაყრდენს ავტონომიებში და იყენებდა მას საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ. როცა ჩვენი საზოგადოება ერთიანი, დამოუკიდებელი საქართველოსთვის იბრძოდა, ერთი მიზანი ამოძრავებდა – ავტონომიის გაუქმება, რათა აჭარა უფრო მჭიდროდ შეერწყას დედა საქართველოს და მომავალში დაბრკოლებად არ გადაიქცეს ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს განვითარებისათვის.” [იქვე]

იგივე ავტორი აღნიშნულ პერიოდში აჭარაში მიმდინარე მოვლენებს ასეთ შეფასებას აძლევს: “იმხანად პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა სწორედ ეროვნული პოლიტიკის გატარებას, რადგან ავტონომიაში ძალიან ძლიერი იყო პროკომუნისტური ძალები და პარალელურად ჩამოყალიბდა “ხსნის კომიტეტი”, რომლის მოქმედებანი პირდაპირ მოსკოვიდან იგეგმებოდა. აჭარის “ხსნის კომეტეტში” გაერთიანებული იყვნენ ძირითადად ყოფილი პარტიული ფუნქციონერები. თუმცა მას გვერდს “უმშვენებდნენ” ლიტერატორებიც და მეცნიერ-მუშაკებიც”… [109]

ბათუმში ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა და 1991 წლის 26 მაისს საქართველოს თანამედროვე ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაზე თავისი პირველი გამოფენა-ექსპოზიცია მოაწყო საქართველოს ეროვნული მოძრაობის ისტორიის მუზეუმმა. მუზეუმის სამომავლო სამუშაო კონცეფციაში, რომელიც 1991 წლის 9 სექტემბერს გაზეთში “ძლევაი” გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ “…მუზეუმის უპირველესი მოვალეობაა ქართული ეროვნული მოძრაობის ისტორიის შესწავლა, აქტიური პოპულარიზაცია და თანამედროვე ეტაპზე მისი მიზნებისა და ამოცანების სწორი და მიზანდასახული პროპაგანდა… მუზეუმი საზოგადოებას გააცნობს იმ ადამიანების სახელებს თუ დამსახურებას, რომლებიც უსამართლოდ იყვნენ მივიწყებულნი. საარქივო, დოკუმენტური მასალის მოშველიებით სწორ შეფასებას მისცემს ცალკეული პიროვნებების, ჯგუფების საქმიანობას… მისი ფუნქციონირების ქვაკუთხედად უნდა იქცეს ზოგადკავკასიურ პოლიტიკურ გარემოში საქართველოს როლზე მართებული გაგების ჩამოყალიბება და ამისათვის ისტორიულ ანალიზზე დაყრდნობით დიდი ახსნა-განმარტებითი მუშაობის ჩატარება”. [110]

ზემოთ აღნიშნული გამოფენის მოწყობისა და საერთოდ მუზეუმის ფუნქციონირებაში, მის დირექციასთან ერთად, დიდ როლს ასრულენდნენ მეცნიერ-თანამშრომლები – რუსუდან გოგიბერიძე, ნინელი გაბისიანი, ოთარ გოგოლიშვილი და სხვები. მსგავსი ეროვნულ-პარტიოტული კერის შექმნა, მართლაც საშური საქმე იყო და იმდროინდელ ატმოსფეროში, გარკვეული დადებითი ფუნქციას შესრულებაც შეძლო რეგიონში.

ნაშრომის გააზრებისას ვინმემ ტენდენციურობა, რომ არ დაგვწამოს აქვე მოვიყვანთ ოპოზიციური პრესის ერთ-ერთი ლიდერის გაზეთიდან “ქართული ქრონიკა” მონაცემებს, დანარჩენი კი თავად მკითხველმა განსაჯოს.

 ჯერ კიდევ 1991 წლის მარტის ნომერში, როცა გამსახურდიას ხელისუფლება სულ 4-ოდე თვის მოსული იყო, გაზეთში “ქართული ქრონიკა”, უკვე ვხვდებით ასეთ შეფასებებს: “დიდი დრო არ გასულა საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევიდან, მაგრამ დღესვე შეიძლება იმის თქმა, რომ (მან) კარგი ვერაფერი “მოასწრო” ახალმა უზენაესმა საბჭომ, ცუდი კი მრავალი, ნათელი გახდა, რომ უზენაესი საბჭო მხოლოდ სახელების გადარქმევით კმაყოფილდება და ძველი, კომუნისტური სტრუქტურების მოშლას არ აპირებს…” [111] და ა.შ. და ა.შ. ნუთუ ამას, დღეს მაინც, დაიჯერებს ვინმე?! ან ოთხ თვეში რა ქვეყანა უნდა დაექცია საქართველოს უზენაესი საბჭოს, რომ ოპოზიციის რუპორის ასეთი შეფასება დაემსახურებინა… მაგრამ ვიფიქროთ, რომ ოპოზიციური გაზეთი ამ შემთხვევაში აჭარბებს და ახლა მის ლიდერს, ეროვნულ- დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ჭანტურიას მოვუსმინოთ:

“…არც ისე დიდ სირთულეს წარმოადგენდა კეთილშობილი იდეებითა და მაცდური ლოზუნგებით (ეროვნული მოძრაობის ლოზუნგები მაცდური ყოფილა… ამისთანა რამის მოგონება არ გინდა?!? – უ.ო.) ხალხის გაბრუება. ეს პოლიტიკოსს არ უნდა ეკადრა, თორემ პოლიტიკურ კულტურას მოკლებული და დემოკრატიული გზიდან გადახვეული ხალხის ლოზუგებით გაბრუება, გასაკვირი არ იყო…

ამაოდ ცდილობენ დღეს დიქტატორის მეხოტბენი, დაამტკიცონ, რომ თითქოს ეროვნული მოძრაობა ე.წ. პარლამენტურ გზასთან დამოკიდებულების გამო გაიყო ორად… ეს სიცრუეა…” – აბა რა არის სიმართლე? მათ პრესასა და სამიტინგო გამოსვლებში სულ ამაზე იყო საუბარი…

“ეროვნული მოძრაობის გახლეჩა, – განაგრძნობს ჭანტურია, – მოხდა გამსახურდიას მიერ ფორუმის დატოვბის შემდეგ, რისი ნამდვილი მიზეზიც ფორუმის დემოკრატიულობა და მასში გაბატონებული ატმოსფერო იყო…” თუ რა დემოკრატებიც იყვნენ ფორუმში, ეს კარგად გამოჩნდა სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ჯერ მათი სახელმწიფო საბჭოში და შემდეგ საქართველოს “პარლამენტში” მოღვაწეობისას, როცა საქართველოში ნამდვილი ძალადობის კულტი დამყარდა.

“…გამსახურდიას “სადამისეულ” საქართველოს დამოუკიდებლობას დასავლეთი არ სცნობდა… რუსეთში არსებულ იმპერიულ ძალებსაც, რა თქმა უნდა, ხელს აძლევდა გამსახურდიას დიქტატურის არსებობის ფაქტი საქართველოში, მათ გამსახურდიათი დასავლეთი დააშინეს…

“დემოკრატიულ ოპოზიციას უნდა ეჩქარა, რომ ხელსაყრელი პოლიტიკური სიტუაციით ესარგებლა, გადაეყენებინა დიქტატორი, ხელი შეეწყო ხელისუფლების სათავეში დემოკრატიული, ცენტრისტული ძალების მოსვლისათვის, რის შემდეგაც განხორციელდებოდა დემოკრატიული რეფორმები…

 “ოპოზიციას უნდა ეჩქარა, საკუთარი ხალხის შეგნებამდე დაეყვანა დიქტატორის გადადგომისა და ხელისუფლების სათავეში დემოკრატიული ძალების მოსვლის აუცილებლობა…

საქართველოს დიქტატორი იმ ზომამდე მივიდა (საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი, რომ გამსახურდია ვაჟკაცობით არასოდეს გამოირჩეოდა), რომ ერთ-ერთ მიტინგზე ოპოზიციას ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა და ხალხს ოპოზიციის განადგურებისაკენ მოუწოდა… თუ არ ჩავთვლით, მთავრობის მიერ უკვე გადაკეტილ რუსთაველის პროსპექტზე ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ნახევრად სიმბოლურ და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიმბოლურ ბარიკადებს…” – საკუთარი ლოგიკით, რუსთაველის გამზირის ნაგვის ბარიკადებით გადაკეტვა ნორმალურ მოვლენად მიაჩნია, ხოლო პრეზიდენტ გამსახურდიას მიტინგზე განცხადებული “მაგათ ტყვიები გვესროლონ, ჩვენ ვარდები ვესროლოთო”, – მიიჩნია, ოპოზიციის განადგურების მოწოდებად (გია აბესაძის მოწამეობრივმა თვითშეწირვამაც ამ ბარიკადებთან, ვერ მიახვედრა “ოპოზიცია”, თუ რას სჩადიოდნენ – უ.ო.)

“პრეზიდენტმა ჩამოიყვანა დაქირავებული ინგუში მკვლელები ოპოზიციის ზოგიერთი სხვა ლიდერის ფიზიკური განადგურების მიზნით…” (ეს ისეთი მორიგი ტყუილებია, რის გამოც ეროვნული მოძრაობის ცნობილმა ბათუმელმა წარმომადგენელმა ბადრი თევზაძემ ამ მიმდინარეობას “პროჭანტურიზმი”, ხოლო მის მომხრეებს “პროჭანტურისტები” უწოდა – უ.ო.)

“ახლა ვნახოთ, ხალხის რა ნაწილი უჭერდა მხარს ამ ბანაკს, ანუ ხელისუფლებას. ეს არის რაიონების ჩამორჩენილი ბოლშევიზოიდური ნაწილი (და არა მთელი “რაიონები” და “მთელი საქართველო”, როგორც ზოგიერთებს უყვარს თქმა), ასევე ფსიქიკამოშლილი და ეგზალტირებულ ადამიანთა ფანატიკური მასა (არ უნდა დაგვავიწყდეს ის ადამიანებიც, რომლებსაც 30 კილოგრამი შაქრითა და 10 კილოგრამი ხორცით ყიდულობდნენ)…

“…შეურიგებელი ოპოზიცია მოითხოვს პრეზიდენტის გადადგომას და დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველოსთვის იბრძვის, ანექსიის შედეგების ლიკვიდაციამდე არ აპირებს ხელისუფლების სათავეში მოსვლას…” (გამოდის, რომ კომუნისტური რეჟიმი საქართველოში შეიძლება დღევანდლამდე შენარჩუნებულიყო, რაც მსოფლიო ისტორიაში უდიდესი ანაქრონიზმი იქნებოდა – უ.ო.).

 და ბოლოს, თვით ამ აზროვნების მარგალიტები; პირველი, – “რუსეთის იმპერიულ ძალებსაც “უხერხულ” მდგომარეობაში ჩავაგდებთ და გამსახურდიას ფაქტორით აღარ გავამართლებინებთ საქართველოს იმპერიის შემადგენლობაში შენარჩუნებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს…” – როცა პუტჩისტებმა და შევარდნაძემ საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია მოახდინეს, იმდენად და იმდენჯერ “უხერხულ” მდგომარეობაში ჩააყენეს რუსეთი, რომ მას გამსახურდიასეული უზენაესი საბჭოს მიერ მინიჭებული ოკუპანტის სტატუსი მოუხსნეს და მის მიერვე წართმეულ ტერიტორიებზე სამშვიდობო ძალების მანდატი ჩააბარეს, რის შედეგებსაც ჩვენი ქვეყანა დღემდე იმკის…

მეორე, – “იმ ფაქტმა, – ამბობს გ. ჭანტურია, – რომ პოპულარულმა პარტიებმა (ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიამ) ოფიციალურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა… განაპირობა “მრგვალი მაგიდისა” და მისი ოდიოზური ლიდერის ტრიუმფალური გამარჯვება ოფიციალურ არჩევნებში. თავი და თავი ამ ტრიუმფისა კი მაინც ხალხის დაბალი პოლიტიკური დონე იყო, რომელმაც ისე, რომ ბოლომდე არც გაუცნობიერებია, დიქტატურის ერთი ფორმა – ბოლშევიზმი, გამსახურდიასეული ნაციონალ-ბოლშევიზმით შეცვალა…” რა შეიძლება აქ ითქვას, – თუკი ოპოზიციის ლიდერებს ყველაფერი ეს, ასე ესმოდათ, თავად რაღას ატარებდნენ კონგრესის შეუმდგარ არჩევნებს, თუ ვინც კონგრესის არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, უცებ მაღალი პოლიტიკური დონის გახდებოდა?! ან საკუთარ ხალხზე ასეთი წარმოდგენების მქონე პიროვნებას, რა უფლება აქვს მისი მხარდაჭერის მიღების იმედი ჰქონდეს. საერთოდ, ამ წერილში გამომჟღავნებული ქართველი ხალხისადმი უპატივცემულობა და ცინიზმი, განსაკუთრებული მსჯელობის საგანია, მაგრამ აქ მოვიტანთ ამავე წერილში წარმოჩენილ ერთ მნიშვნელოვან ნიუანსს.

“გამსახურდიამ ძმა დაუპირისპირა ძმას, გაყო ოჯახები, ოპოზიციის გვერდით მდგარ თბილისს წინ დაუყენა პროვინციელები… უზენაესი საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე კი პრეზიდენტის ავადმყოფური ფანტაზია იქამდე მივიდა, რომ საქართველოს დაღუპვაც კი “აწინასწარმეტყველებინა” დიქტატორს მისი გადაყენების შემთხვევაში, სადაც ოპოზიციის გამარჯვებას ქვეყნის ლიბანიზაცია და დანაწევრება მოჰყვებაო…” დღეს მაინც, ვერავინ შეგვეკამათება, რომ ზვიად გამსახურდიას ყველა ეს წინასწარმეტყველება, სამწუხაროდ, ხალასი სიმართლე აღმოჩნდა, და თუ ვის აწუხებდა ავადმყოფური ფანტაზიები, ეს წერილიც ამის ნათელი დადასტურებაა, [112] – ხოლო პროცესებს, რომლებიც ეროვნულ- განმათავისუფლებელი ბრძოლის თანამდევია ყოველთვის, ზვიად გამსახურდია ვერ აღკვეთავდა, მითუმეტეს “ოპოზიციონერთა” ასეთი მონდომების პირობებში.

სურათმა რომ სრული სახე მიიღოს აქვე მოვიტანთ საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გამოსვლებს, მაშინდელი უზენაესი საბჭოსა და ე.წ. მიუკერძოებელი ოპოზიციის მიერ მიღებულ დოკუმენტებს, რომლებიც სწორედ ამავე პერიოდს ეხება.

ამ მხრივ განსჯისათვის მეტად საინტერესო მასალას იძლევა 1991 წლის 25 სექტემბრის მიტინგზე წარმოთქმული პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სიტყვა:

“ძვირფასო მეგობრებო, უმძიმესი დღეა დღეს. ჩვენი ერის სამარცხვინო შვილებმა შავი დილა გაგვითენეს… ქართველმა ქართველზე აღმართა ხელი, ქართველმა ქართველის სისხლი დაღვარა…

ძვირფასო მეგობრებო, ყველა ხედავს ვისგან მოდის ეს ყოველივე, ვის სურს ქართველის სისხლის დაღვრა ისევ ქართველის ხელით. ეს იმათ სურს მეგობრებო, ვინც დაინახა, რომ უცხო ჯარით, უცხო ტომით ვერ დაამარცხებ ქართველ ერს. ქართველი ქართველით უნდა დაამარცხო… აი, ეს არ უნდა დავუშვათ მეგობრებო… ის ხალხი, ვინც დაბანაკდა იქ, არც თუ ისე შორს აქედან, გამოდის თბილისის დროშით, მეგობრებო, ქალაქის დროშით. როგორ ჩვენ ქალაქელები არ ვართ? იქნება ჩვენ რაიონებიდან ჩამოვედით და ვართმევთ მათ სამკვიდრებელს? ვის აძლევს ხელს დაჰყოს საქართველო რაიონებად და თბილისად? შეიძლება ასე დაბრმავება?

მე მინდა პირველ რიგში თბილისელებს მივმართოთ. ძვირფასო თბილისელებო, მარტო აქ მდგომნო კი არა, იქ მდგომნოც. თქვენც ჩემები ხართ, თქვენზეც გული მტკივა, თქვენზეც ცრემლს ვღვრი მე, რომ ასე დაგიბნელდათ გონება, რომ მოძმის სისხლი დაღვარეთ დღეს. დიახ, თქვენ ხართ, თქვენ ხართ ჩვენი საზრუნავი, თქვენ გვებრალებით ყველაზე მეტად, გზააბნეულებო!.. რატომ ვერ ხედავთ უბედურნო, დაბრმავებულნო, ქაოსის მეტს რომ ვერაფერს მოიტანს ეს. ჩემი ერის სიყვარულით, მშვიდობის დამყარების წყურვილით, მე მართლაც გადავდგებოდი, რომ ვიცოდე, რომ ეს არ დაღუპავს ჩემს ერს; მაგრამ ვაი, რომ ამ დაბრმავებულ და გონებადაბნეულ ადამიანებს ეს არ ესმით. ეს არ ესმით და ჰგონიათ, რომ ჩემდამი სიძულვილით, ჩემდამი ღვარძლიანი კამპანიის გაჩაღებით მიაღწევენ თავიანთ საწადელს. ვერ მიაღწევენ, ვერ მიაღწევენ ვერაფერს, გარდა კატასტროფისა!.. თბილისელის სახელით არათბილისელს შუბლი გაუხვრიტო – ეს არის მათი ადამიანობა? ეს არის მათი დემოკრატია?! განა ეს არის დემოკრატია, რომ გამოასალმეს სიცოცხლეს ჩვენი შესანიშნავი ბიჭები გუშინ იქ – უდანაშაულო ბიჭები?! ეს არის დემოკრატებო, ჰუმანისტებო, თქვენი ადამიანობა? ეს არის თქვენი მაღალი იდეალები? ქართველი ერი გაგცემთ პასუხს ამისათვის!.. მაგრამ, მეგობრებო, მოდი ვეძებოთ გზები ყოველივე ამისაგან თავის დაღწევისა… კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ – დაყარეთ იარაღი, დაშალეთ ეს ხუნტა, დაშალეთ ეს უკანონო სამხედრო ფორმირება. ხელს არ გახლებთ, წაბრძანდით სახლებში, იშრომეთ, იმუშავეთ, იყავით ქართველები… არ უნდა დაიღვაროს არცერთი წვეთი სისხლი არც ქართველისა და არც არავისი, არც არაქართველისა…

საქართველო უნდა იყოს მშვიდობის, ჰარმონიის, სიყვარულის ქვეყანა… გაუმარჯოს მშვიდობას, კაცთმოყვარეობას, გაუმარჯოს შერიგებას! და თუ არ გასჭრის არაფერი, მაშინ გაუმარჯოს ბრძოლას მამულის გადასარჩენად.” [99, გვ. 20-22]

1991 წლის 26 სექტემებრს სამთავრობო ჯარების მიერ შავნაბადას დაკავების შემდეგ გავრცელებულ სახელისუფლებო განცხადებაში კი ნათქვამია: “ამ დროს რაიმე ექსცესს ადგილი არ ჰქონია, რადგან იქ იმყოფებოდა მხოლოდ სამი გვარდიელი და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაკავებული იქნენ ისინი.

როგორც ქალაქის კომენდანტის შტაბისთვის გახდა ცნობილი, 27 სექტემბრის დილის საათებში ქალაქში ავტომანქანებით დაძრწოდნენ საეჭვო პირები, პანიკის გამოწვევის მიზნით, ახდენდნენ გასროლებს და ავრცელებდნენ ჭორებს, თითქოს ორ დაპირისპირებულ ძალას შორის მოხდა შეტაკება, რომლის დროსაც კიტოვანის ფორმირების მხრიდან დაიღუპა სამოცამდე ახალგაზრდა.

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის წინასწარგანზრახული პროვოკაციული დეზინფორმაცია, რომლის მიზანია მოსახლეობაში გამოიწვიოს მთავრობისადმი უნდობლობა, შექმნას პანიკა, შიშის ატმოსფერო და კიდევ უფრო დაძაბოს ისედაც გამწვავებული მდგომარეობა.

როგორც გახსოვთ, ანალოგიურ ცილისწამებას ე.წ. ოპოზიციის ლიდერები ავრცელებდნენ რუსთაველის გამზირზე ბარიკადების აღების შემდეგ, მაგრამ, როგორც ყველას მოგეხსენებათ, ესეც ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული.

ასეთი, პროვოკაციული ჭორები ხელს აძლევს მხოლოდ მათ, ვინც ამ ბოლო დროს ყველა საშუალებით ცდილობს უკიდურესად დაძაბოს მდგომარეობა, ვინც საკუთარი ამბიციებისათვის მზად არის დაღვაროს ძმათა სისხლი. ყველაფერ ამას შეიძლება მოჰყვეს საბედისწერო შედეგები, რაზედაც მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება ე.წ. ოპოზიციასა და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ლიდერებს.” [99, გვ. 22-23]

ამავე თვალსაზრისით საინტერესოა საქართველოს პრეზიდენტის 1991 წლის 28 სექტემბრის განცხადება.

“საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა სამი დღის განმავლობაში აწარმოებდა პირდაპირ მოლაპარაკებას ოპოზიციის ლიდერებთან. საქართველოს პატრიარქი ილია II წარმოადგენდა შუამავალს ორ მხარეს შორის.

მოლაპარაკების დაწყების შემდეგ არ ჰქონია ადგილი ძალადობის ფაქტებს, სისხლისღვრას, მიუხედავად პარტიებს შორის არსებული უთანხმოებისა, იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები სასურველ შედეგს გამოიღებს. საქართველოს კანონიერად არჩეული ხელისუფლება მომხრეა მოლაპარაკებების მაგიდის ორივე მხარეს მსხდომთა თანამშრომლობისა.

იმედი გვაქვს არსებული უთანხმოებანი გადაწყვეტილი იქნება, ერთი რამ კი საერთო გვაქვს, ორივეს სურს საქართველოს დამოუკიდებლობა. ჩვენ წინ ვივლით.” [99, გვ. 23-24] მაგრამ ოპოზიციურმა ძალებმა შეგნებულად ჩაშლამდე მიიყვანეს აღნიშნული მოლაპარაკება და როგორც პრეზიდენტის პრეს-ცენტრის 29 სექტემბრის განცხადებაშია ნათქვამია, “მოლაპარაკების მეორე დღეს მთავრობისადმი დაპირისპირებული ძალების წარმომადგებლებმა წარმოადგინეს “ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციების განცხადება”, რომელშიც ჩამოყალიბებული პოლიტიკური მოთხოვნები სცილდებოდა მოლაპარაკების საგანს, სახელდობრ, საკითხი ეხებოდა პრეზიდენტის გადადგომას, პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებას და სხვა. ამასთანავე მათ კატეგორიულად უარი განაცხადეს განიარაღების საკითხის პირველ რიგში განხილვაზე, ხოლო შემდეგ დამატებით განაცხადეს, რომ საერთოდ არ აპირებენ განიარაღებასა და მოლაპარაკების გაგრძელებას.

პრეს-ცენტრი უფლებამოსილია განაცხადოს, რომ დედაქალაქში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის ნორმალიზაციისათვის დაწყებული მოლაპარაკების ჩაშლისა და მისგან გამომდინარე ყველა შედეგისათვის მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს რესპუბლიკის ოფიციალური ხელისუფლებისადმი დაპირისპირებულ, უკანონოდ მოქმედ მხარეს. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დესტრუქციული ძალები მიზნად ისახავენ კანონიერი ხელისუფლების ძალადობით დამხობასა და ხელში ჩაგდებას, რაც ანტიკონსტიტუციურ, სისხლის სამართლის წესით დასასჯელ მოქმედებად არის მიჩნეული ყველა ქვეყანაში!” [99, გვ. 24-25]

ზემოთ გამოქვეყნებულ ოპოზიციურ მასალებს თუ გავითვალისწინებთ, ხელისუფლების ქბედებანი და მისი მცდელობა მშვიდობიანი გზით მოაგვაროს პრობლემა, სავსებით გასაგებია. იგი ცდილობს როგორმე პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანოს ქვეყანა, ესმის რა მოსალოდნელი შედეგები, მაგრამ მისი ეს ცდა, როგორც ვხედავთ ვხედავთ, უშედეგოდ დამთავრდა და იგი მოწინააღმდეგისათვის ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობასა და კანონისადმი პატივისცემის აუცილებლობის შეხსენებას ცდილობს. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ “მოწინააღმდეგეს” საქმე შეგნებულად მიჰყავს ჩიხისა და დაძაბულობის უკიდურესად გამწვავებისაკენ.

ჟურნალის ამავე ნომერში მოცემულია საქართველოს სახალხო ფრონტის თავმჯდომარის ნ. ნათაძის ხელიდან გამოსული “საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატების მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი”, რომელიც თითქოსდა სიმართლის თქმის პრეტენზიით ცეცხლზე ნავთის დასხმას და მდგომარეობის განმუხტვის მაგიერ მისი უკიდურესი დაძაბვისა და საქართველოს მოსახლეობის ორ რადიკალურად საპირისპირო ბანაკად გაყოფის ცდას წარმოადგენს. ამის დადასტურება ამ მიმართვის დასკვნითი ნაწილი, რომელშიც ნათქვამია: ”თანამემამულენო, მოგმართავთ, თხოვნით, ვიდრე ყველაფერ ამას არ ნახავთ და არ წაიკითხავთ, ვიდრე არ მოუსმენთ ქართველ ჟურნალისტებს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს, რომლებსაც ამ დღეებში ყველაფერი საკუთარი თვალით იხილეს, მანამდე პოზიციას ნუ გამოვკვეთავთ. პიროვნებასთან დგომა სიმართლის გარკვევით უნდა ხდებოდეს და არა პათეტიკური მოწოდებების მიხედვით. თუ ჩვენ ყველანი საქართველოსთვის ამ კრიტიკულ სიტუაციაში ასე არ მოვიქცევით, მომავალი მწარედ გაგვასამართლებს… პრეზიდენტის მოწოდებას: ოპოზიცია უნდა ჩაიქოლოს და განადგურდეს, მქუხარე ოვაციებით ხვდებიან მთავრობის სასახლესთან. 15 სექტემბერს, როცა დეპუტატთა რამდენიმე ჯგუფმა დატოვა სესია, დარჩენილი დეპუტატები ტაშით შეხვდნენ ქუთაისელი დეპუტატის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ქუთაისში ვანდალურად დაარბიეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიტინგი. 27 სექტემბერს კი მიტინგზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცა, პრეზიდენტმა განაცხადა: ვინც საქართველოს თავისუფლებას დაუდგება წინ, გავანადგურებთ. ადვილია, მეგობრებო, შენს მოწინააღმდეგეს დააბრალო, თითქოს იგი საქართველოს თავისუფლების მოწინააღდეგეა, და ასეთი ტყუილებით ხალხი დაიყენო გვერდით, გაანადგურო ოპოზიცია, ანუ იგივე ქართველი ადამიანები… დაე, მომავალმა განსაჯოს, ჩვენ უფრო მართლები ვართ თუ ისინი, ბატონ ზვიად გამსახურდიას ბელადს, მესიას, ქრისტეს, მოსეს, წმინდა გიორგის რომ ეძახიან, საქართველოსთან რომ აიგივებენ. ქართველი ერია მრავალსაუკუნოვანი და დიდი ცივილიზაციის მქონე, მას არ სჭირდება ბელადები, ჩვენ ტომი არ ვართ, ჩვენ ვითხოვთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს შექმნას საქართველოში, ვებრძვით ავანტიურიზმს, დექტატურას, კერპთაყვამისცემლობას.

თანამემამულენო! დებო და ძმებო! ჩვენ კარგად გვესმის, რომ შესაძლოა ბევრმა თქვენთაგანმა არ გაიზიაროს ჩვენი პოზიცია, აგრესიულად განეწყოს ჩვენს მიმართ. ისიც ვიცით, ხელისუფლება, პრეზიდენტი და მისი პრესსამსახური როგორ უარყოფენ ჩვენს ყველა ფაქტს, წინადადებასა და მოსაზრებას… ხელისუფლება ავანტიურაზე წავიდა. ზამთრისთვის მზადების, ხალხის კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის თავისი ცუდი პოლიტიკის შედეგებსაც კი ოპოზიციას აბრალებს, საკუთარ თავს იცავს და ხალხის უკმაყოფილებას ჩვენსკენ მომართავს. ჩვენ როგორც ხელისუფლების ნაწილი, არ ვიხსნით გარკვეულ პასუხისმგებლობას. ყველაფერი გაცნობიერებული გვაქვს და ამ ნაბიჯებზე მივდივართ შეგნებულად… ამ ნაბიჯის გადადგმის ძალა გარკვეულწილად ჩვენ მოგვეცა თბილისელთა დიდმა მხარდაჭერამ, რომელსაც ამ დღეებში ვიღებთ, უკვე ათი დღეა, ჟურნალისტებთან ერთად ღამეს ათევს 3-4 ათასი მოქალაქე. ეს არის დემოკრატიული მოძრაობის დიდი გამარჯვება, იმის იმედი, რომ გასაჭირში მარტონი არ დავრჩებით.”

აღნიშნულ მიმართვას ხელს აწერს საქართველოს უზენაესი საბჭოს 50-მადე დეპუტატი და მათ შორის აჭარიდან თამაზ დიასამიძე და დავით ბერძენიშვილი. [113; 99, გვ. 25-28]

გაზეთის იმავე ნომერში გამოქვეყნებულია საქართველოს ინტელიგენციის ერთი ჯგუფის განცხადება, რომელსაც ხელს აწერენ: გურამ თევზაძე (ფილოსოფიის დოქტორი), ნაირა გელაშვილი (მწერალი), ზურაბ კიკნაძე (თსუ პროფესორი), ელდარ შენგელაია (კინორეჟისორი), ლაშა თაბუკაშვილი (მწერალი), გივი ნახუცრიშვილი (აკადემიკოსი), ლანა ღოღობერიძე (კინორეჟისორი), ჯუმბერ თითმერია (მწერალი), რეზო ჩხეიძე (კინორეჟისორი), ჯანსუღ ჩარკვიანი (პოეტი), გოგი ხარაბაძე (მსახიობი), ალექსანდრე ბასილაია (კომპოზიტორი), ჭაბუა ამირეჯიბი (მწერალი), ლევან ღვინჯილია (ფილოლოგ-კავკასიოლოგი), გიორგი გეგეჭკორი (მსახიობი), გურამ ფანჯიკიძე (მწერალი), თამაზ წივწივაძე (მწერალი-კრიტიკოსი), ვახტანგ გოგუაძე (ფილოსოფოსი), – რომლებიც დეპუტატთა ზემოთ აღნიშნულ ჯგუფთან ერთად ყველაფერში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და რომელთა უმრავლესობა შემდგომში საქართველოში მომხდარი სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების იდეოლოგთა ავანგარდში აღმოჩდნენ, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ აღნიშნულ პროცესებში წითელი ინტელიგენციის წარმომადგენელთა წამქეზებლური როლის შესახებ გამოთქმული ეჭვები არც თუ უსაფუძვლო იყო.

იქვე ჟურნალი “გუშაგი: აღნიშნავს, რომ 1991 წლის 1 ოქტომბერს გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკა”-ში გამოქვეყნდა დეპუტატ ნ. ნათაძის ღია წერილი ბატონი პრეზიდენტისადმი. თავისი ფორმით ხსენებული წერილი, ლახავს პრეზიდენტის ღირსებას, ხოლო შინაარსით საქართველოში მიმდინარე პროცესების და მომხდარი მოვლენების ყალბ ინტერპრეტაციას წარმოადგენს”, – ნათქვამია მასში და იქვე დაფიქსირებულია ჟურნალის რედაქციის პოზიცია ამ პუბლიკაციისადმი.

“შიდა ქართლში შექმნილი მძიმე მდგომარეობა დეპუტატის აზრით, – აღნიშნულია ჟურნალში, – პრეზიდენტის მიერ წარმოებული “სუსტი და კაპიტულანტური” პოლიტიკის შედეგია. თითქოს პრეზიდენტმა და მისმა “მორჩილმა საპარლამენტო უმრავლესობას” დააკაკანონეს საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების ამ რეგიონში მოქმედების უფლება. სინამდვილეში სამაჩაბლოში იმჟამად უკვე მოქმედებდა საბჭოთა შინაგანი ჯარი, რომელიც დეპუტატთა უმრავლესობის აზრით ვერ იქნებოდა ძალით გაძევებული და ამიტომ უნდა დაქვემდებარებოდა საქართველოს იურისდიქციას… ცნობილია, თუ რამდენჯერ მიმართა პრეზიდენტმა და უზენაესმა საბჭომ პროტესტით საბჭოთა ხელისუფლებას, მსოფლიო საზოგადოებრიობას, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული აგრესიის გამო. მთავრობამ ძალა და ღონე არ დაიშურა შეიარაღებული წინააღმდეგობისთვისაც. პრეზიდენტის ინიციატივით გამოცხადდა პოლიტიკური გაფიცვა სრულიად საქართველოში, რომელმაც ფაქტიურად ჩაშალა სსრ კავშირის მიერ საგანგებო მდგომარეობის შემოღება შიდა ქართლში იმ დროს, როდესაც გორბაჩოვმა ამაზე რუსეთის ფედერაციისა და საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოების დასტური მიიღო. როგორც ჩანს, დეპუტატი საქართველოს მმართველი წრეების მიერ სამშობლოს დასაცავად წარმოებულ პოლიტიკას სუსტად და კაპიტულანტურად მიიჩნევს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მორიგმა სესიამ არ მიიღო მისი “მკაცრი” კურსი, გამოგვეცხადებინა საქართველო საბჭოთა კავშირთან საომარ მდგომარეობაში, რაც ფაქტობრივად ომის გამოცხადებას და საქართველოს დაღუპვას ნიშნავდა. ხსენებულ სხდომაზე პრეზიდენტის “მომხრე მორჩილმა უმრავლესობამ” კიდევაც გამოთქვა ეჭვი, დეპუტატ ნ. ნათაძის გონიერების თაობაზე.

დეპუტატი… ისევ ბრალად დებს ხელისუფლებას, რომ მისი ბრძანებით ცეცხლი დაუშინეს 2 სექტემბრის მომიტინგეებს, თუმცა ცნობილია, რომ მთავრობას ეს ბრძანება არ გაუცია, ისევე როგორც არ გაუცია ბრძანება არც ამ მიტინგამდე და მის შემდეგ გამართული ათობით მიტინგის ძალით დაშლის შესახებ. რა ღმერთი უნდა გაგვწყრომოდა, რომ ასეთი ბრძანება გაგვეცა ამერიკელი კონგრესმენების ჩამოსვლის დღეს, იმ დღეს, როდესაც მოსკოვში ჩვენი დელეგაცია საქართველოს ოფიციალური ცნობის საკითხს დასვამდა.

დეპუტატის განცხადებები, თითქოს პრეზიდენტი მოუწოდებს მოქალაქეთა ერთ ნაწილს “ძალადობა იხმარონ მოქალაქეთა ნაწილის წინააღმდეგ”, ანდა მოუწოდებს მათ, რომ თბილისში ჩამოვიდნენ, რათა მისი პერსონა დაიცვან” – მტკნარი სიცრუეა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ დეპუტატი არ უსმენს პრეზიდენტის გამოსვლებს ან არ კითხულობს რესპუბლიკურ პრესას. რადგან თავის ყველა გამოსვლაში პრეზიდენტი მოუწოდებს ქართველ ერს კანონიერი ხელისუფლების და სამშობლოს დასაცავად. დეპუტატის ღია ბარათს, ვერ ჩავთვლით გულუბრყვილო კაცის მიმართვად, რომელსაც არ გაეგება, რომ სახელმწიფო დაწესებულების დაკავება შეიარაღებული ძალებით – სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა”, – აღნიშნავს პარიზში გამომავალი ჟურნალი და განაგრძობს, – “რომ ამ იარაღზე დაყრდნობით, თავად დეპუტატის მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომის თაობაზე და საერთოდ, პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმების შესახებ, მას პუტჩის თანამონაწილედ ხდის. მითუმეტეს, რომ ამ პუტჩში მონაწილეობს მისი საკუთარი შეიარაღებული ფორმირება “იმედი”. თუ ბატონი დეპუტატის ღია წერილის გარდა, გავიხსენებთ მის “მგზნებარე” სიტყვებს, რომელიც მან პარლამენტის შენობის მიღმა წარმოთქვა პუტჩისტების გასამხნევებლად თუ წასაქეზებლად, სრულიად აშკარა მიზნით, რომ საქართველოს ავბედობის ჟამს პოლიტიკური დივიდენდები მოეხვეჭა, ბატონი დეპუტატი წარმოგვიდგება როგორც ხსენებული პუტჩის იდეოლოგი და ერთ-ერთი მთავარი ინსპირატორი”, [99, გვ. 39-40] – დასძენს ჟურნალის რედაქცია.

აქ ყველაფერს საკუთარი სახელი აქვს დარქმეული და საზღვარგარეთ მოღვაწე ჩვენი თანამემამულეები, როგორც ჩანს, საკმაოდ კარგად იცნობდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. მაგრამ რაც ასე ნათელი და გასაგები აღმოჩნდა ჩვენი უცხოეთში მცხოვრები მოძმეებისათვის, ვერაფრით ნორმალურად ვერ გაიაზრა საბჭოთა დემაგოგიის ტრადიციებზე გამოზრდილმა “წითელმა ინტელიგენციამ” და მისმა უნებურმა თანამგზავრმა, – ქართველმა ჰომოსოვეტიკუსმა, რომლის ტვინის გამორეცხვას ზემოთ მოყვანილი დემაგოგიური პროპაგანდით ეს “ინტელიგენცია” და ე.წ. ოპოზიცია აქტიურად განაგრძობდა. ამასთან ამოქმედებული იყო ყველა ბერკეტი, რომელიც ხელს შეუწყობდა ხალხში ხელისუფლების საწინააღმეგო განწყობილების გაღვივებას (გამოიყენეს მთელი საბჭოური გამოცდილება). ხოლო ვინც ხელოვნურად არ ამუქებდა ფერებს და მართლა გული შესტკიოდა საქართველოს სახელმწიფოს მომავალზე, ამ ე.წ. ინტელიგენციის მიმართ დამოკიდებულებასაც ასევე შეუფერადებლად გამოხატავდა და მათ ასეთი სიტყვებით მიმართავდა: “…კი მაგრამ რაზე ვჩხუბობთ, ვკამათობთ იქამდე, რომ ზღვარს გადავაბიჯეთ და პუტჩამდე მივედით? ნუთუ ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ თანამდებობითა და პრივილეგიებით განისაზღვრება? ნუთუ წარსული მდგომარეობის შენარჩუნებას ვუპირისპირებთ საქართველოს თავისუფლების იდეას?! ძალიან ვთხოვ ყველა იმ სახელგანთქმულ ხელოვანს, რომელიც დღეს გვაყვედრის თავის ქმნილებებს და შრომას, მიეჩვიოს აზრს, რომ “ჩინ-მედლებს” აღარავინ ჩამოჰკიდებს. იკმაროს ის, რაც კომუნისტურ ხელისუფლებას გამოსცინცლეს: იფიქრონ იმაზე, რომ ქართველ ერს მათი სახელები უნდა ახსოვდეს და არა მათი წოდებები…” – აღნიშნავს წერილში მაია თომაძე. [114]

პუბლიცისტი ციური გოგიჩაიშვილი კი სტატიაში “ჟურნალისტები ბარიკადების ორივე მხარეს უნდა იდგნენ”, – ამხელს რა ოპოზიციის მომხრე ჟურნალისტების ორპირულ დამოკიდებულებას საქართველოში იმ დროს მიმდინარე პროცესების განხილვისას, აღნიშნავს: “მაკვირვებს სტატიის ავტორთა პოზიცია, რომელნიც პატარ-პატარა ეპიზოდური მომენტებით ცდილობენ დაფარონ ის მთავარი, რაც არსებითია. ეს კი ის არის, რომ ორგანიზებული იყოს სახელმწიფო გადატრიალება მცოცავი პოლიტიკური მეთოდებით, ხოლო ამას თუ ვერ მიაღწევდნენ, განევითარებინათ შეიარაღებული აჯანყებაც, – და იქვე მიუთითებს ტენდენციური სტატიების და ყველაფრის მკადრებელ ავტორებს (ავთანდილ გაჩეჩილაძეს, რუსუდან ნიკურაძეს, თამაზ წივწივაძეს, რომან მიმინოშვილს და სხვებს), რომ “თუ ქართველი ჟურნალისტები დგანან ეროვნული დამოუკიდებლობის იდეის პოზიციაზე, მაშინ ისინი ყველა არსებული საშუალებით წინ უნდა აღუდგნენ ამგვარ ქმედებებს… ნუ დადგებიან ბარიკადების მხოლოდ ერთ მხარეს როგორც აჯანყებული ჟურნალისტები” და აქვე ყველა მათგანისაგან მოითხოვს პასუხს კითხვაზე: “…რა ჰქვია ამ ქმედებას, როდესაც საქართველოს ისტორიაში დგება მომენტი, როცა საბჭოთა იმპერიის ცენტრში მიმდინარე ყრილობაზე უკვე გადაწყდა ბალტიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობა და ამავე დროს ბატონების აკაკი ასათიანის და თენგიზ ბუაჩიძის მიერ ისმება საკითხი საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, პარალელურად ამისა ის ქვეყნები, რომლებმაც 1920-1921 წლებში სცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა, მზად არიან აღადგინონ იგი; იმ დროს, როდესაც თბილისში პრეზიდენტი იღებს ამერიკელ კონგრესმენებს ამავე საკითხზე, სწორედ ამ დროს თბილისის ცენტრში ხდება არეულობა, რასაც მოჰყვება სროლები და ჩვენი “სახალხო” ინტელიგენციის მხარდაჭერით იქმნება დესტაბილიზაცია მთელს საქართველოში, რომელიც გვირგვინდება საქართველოს ხელისუფლებაზე და მის ქართველ ხალხზე შეიარაღებული თავდასხმით, რასაც მოჰყვა მსხვერპლი ცალმხრივად ხელისუფლების დამცველთა შორის. რა ჰქვია ამას? ნუთუ თითიდან გამოწოვილი ის შეცდომებია მიზეზი იმისა, რამაც თითოეულ თქვენთაგანს ზოგს კალამი, ზოგს იარაღი აგაღებინათ ხელში ბ-ნ ზვიად გამსახურდიას და მასთან ერთად ქართველი ერის სანუკვარი ოცნების – საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ”, – შენიშნავს ავტორი და აქვე იხსენებს რ. მიმინოშვილის მიერ გამოთქმულ აზრს იმის შესახებ, რომ “საბჭოთა იმპერია თავისუფლების ჯაჭვს მიუშვებს იქამდე, სანამ ეს მას უნდაო” და იქვე განაგრძობს: “აი, ზუსტად ჯაჭვის ამ სიგრძეზე მთავრდება თქვენი ბრძოლაც დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისათვის. სწორედ ამიტომაც არის კარგახსნილი საბჭოთა და საზღვარგარეთის “დემოკრატიული” საინფორმაციო საშუალებები თქვენთვის საბჭოთა გადემოკრატებულო ინტელიგენტებო, ხოლო იმათთვის ვინც საქართველოს სრული დამოუკიდებლობისათვის იბრძვის იგი დაკეტილია. აი, ჩემი აზრით, სად არის ძაღლის თავი დამარხული” – შენიშნავს ავტორი და აკეთებს შემდეგ დასკვნას: “წერილის დაწერის შედგემ გავეცანი თქვენი გაზეთის მომდევნო ნომრებს და გაოცებული ვარ რაოდენ თვალნათელია ყოფილი დემაგოგიური კომუნისტური პრესის გადასვლა ოპოზიციაში.” [115]

უნდა აღვნიშნოთ, რომ ორივე პუბლიკაციის ავტორები არაპროფესიონალი ჟურნალისტები არიან, ამიტომაც მათ ნააზრევში არეკლილია საქართველოში მიმდინარე პროცესების შეუფერადებელი ტრაგიზმი, რაც მათ საკუთარი თვალით იხილეს და თავზე გამოსცადეს. ისინი, უპირველეს ყოვლისა, აღვსილი იყვნენ სამშობლოს წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით, და აქედან გამომდინარე სამართლიანობის უტყუარი განცდით. ამასთან გასულმა პერიოდმა სრულიად დაადასტურა მათი სიმართლე და შინაგანი პატრიოტული ხმის კარნახით გაჟღერებული აზრების ჭეშმარიტება.

ხოლო ზემოთ მოტანილმა პლანეტარული მასშტაბით წარმოებულმა უაღრესად მზაკვრულმა დეზინფორმაციამ, რომელშიც მხარდამხარ აღმოჩნდა როგორც რუსული იმპერიალიზმი, ისე დასავლური “დემოკრატია”, შეცდომაში შეიყვანა თითქმის მთელი მსოფლიო და საქართველოს ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილმა ძალებმა მოახერხეს მისი იზოლაციაში მოქცევა; – რის შემდეგაც 1991 წლის 21 დეკემბერს ალმა-ატაში საბჭოთა კავშირის ლიდერთა შეხვედრაზე საქართველოს მაშინდელი ეროვნული ხელისუფლების უარი შესულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კავშირში, გახდა 1991 წლის 22 დეკემბერს დაწყებული სახელმწიფო გადატრიალების საბაბი. [116, გვ. 56] ე.წ. ოპოზიციამ და მისმა მომხრე შეიარაღებულმა ფორმირებებმა უცხოეთის სპეცსამსახურების მითითებით, 1991 წლის 22 დეკემბერს პირდაპირი იერიში მიიტანეს საქართველოს მთავრობის რეზიდენციაზე ქალაქ თბილისში. მათ ამ საქმეში მხარში ედგნენ რუსეთის სპეცსამსახურები და სამხედროები, რომლებთან ორკვირიანი დაპირისპირების შემდეგ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თბილისი დატოვეს, თავი გაარიდეს რა უცხო ძალის მიერ ინსპირირებულ თანამოძმეებთან ფართომასშტაბიან სისხლისღვრას. მაგრამ ზემოთ მითითებული დეზინფორმაციის გამო მსოფლიო მიიჩნევდა, რომ “თითქოს საქართველოში ადგილი ჰქონდა სამოქალაქო ომს… ვითომ ქართველები მსხვერპლი არიან თავისუფლების: საბჭოთა წყობილების დამხობის შემდეგ თავისთავად დარჩენილმა ქართველმა ხალხმა, რომელსაც დემოკრატიული გამოცდილება არ გააჩნია, ძალაუფლება ჩააბარა საშიშ დიქტატორსა და რასისტ ზვიად გამსახურდიას, რომელიც არა მარტო მშვიდობიან ოპოზიციას ანადგურებს ფიზიკურად, არამედ ის აგრეთვე ვითომც უმოწყალოდ ჟლეტს მშვიდობიან ოს ხალხს, არ ინდობს აგრეთვე ბავშვებს, არც ქალებს, არც მოხუცებულებს, საერთოდ კი იგი აღვივებს შუღლსა და მტრობას საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებსა და ქართველებს შორის და სხვა”, – აღნიშნავს ჟურნალი “გუშაგი” და მიუთითებს, რომ, თითქოს “საქართველოში ადგილი ჰქონდა შინაურ რევოლუციას: ვითომც დემოკრატიული ძალები ებრძოდნენ ტირანულ რეჟიმს, პირველებმა გაიმარჯვეს, ამით დემოკრატიამ ვითომც გაიმარჯვა ფაშიზმსა და რასიზმზე, რომელიც ემუქრებოდა მეზობელ ხალხებს და საერთოდ მსოფლიო მშვიდობას… ჩვენდა სავალალოდ, – შენიშნავსჟურნალი, – ამ აზრს იზიარებს მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ხელისუფალნი, ეს ფაქტი კი გვკარნახობს: გავიორკეცოთ ძალისხმევა, რათა შევიძლოთ, უწმინდური მაცდური ძალების მიერ დაბრიყვებული სიმართლის აღდგენა.” [117, გვ. 1]

უცხოეთში გამომავალ ჟურნალში წარმოჩენილი ეს პოზიცია ეყრდნობოდა საქართველოში მიმდინარე პროცესების მართებულ გააზრებას და სწორად ასახავდა იმ მოვლენათა არსს, რომლებიც საქართველოში ხდებოდა. სწორედ ამიტომ ამავე ჟურნალის რედაქციის “პირად შთაბეჭდილებებში” მართებულადაა მითითებული, რომ “ოპოზიციის მკაცრი კრიტიკული განცხადებებიც გადმობეჭდილია მთავრობის გაზეთებიდან (იგულისხმება საქართველოში გამომავალი სამთავრობო გაზეთები) ამიტომაც ცენზურაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ქაღალდის დეფიციტი საერთოდ აბრკოლებდა წიგნებისა და პრესის გამოცემას, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი სრულებითაც არ ყოფილა პირაკრული, როგორც ამას უპასუხისმგებლო ხმები ავრცელებდნენ და ავრცელებენ. აქვე რედაქტორი აღნიშნავს, რომ “ჩემთვის ისიც ცხადია, რომ შევარდნაძე ადრევე მონაწილეობდა შეთქმულებაში და მან დიდი როლი ითამაშა ამერიკის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის განწყობილებაზე ზვიად გამსახურდიას რეჟიმის საწინააღმდეგოდ.” [99, გვ. 52-53]

ასე, რომ გასახურდიასა და მისი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იყო განწყობილი ყველა და ყველაფერი, რადგან იგი არ აღმოჩნდა უცხო ძალების ხელით ადვილად სამართავი მარიონეტი. ამასთან საქართველოს მისიასა და კავკასიის რეგიონის სამომავლო განვითარებაზე მას ჰქონდა მყარად ჩამოყალიბებული საკუთარი შეხედულებანი (კავკასიური სახლის იდეა), რომლის განხოცრიელების შემთხვევაში კავკასია დამოუკიდებელ გეოსტრატეგიულ სივრცედ შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო, რაც მიუღებელი აღმოჩნდა, როგორც “აღმოსავლელი იმპერიალისტების”, ისე “დასავლელი დემოკრატებისათვის”. ამასთან თანამედროვე მსოფლიოს ზნეობრივი ხარისხის მაჩვენებლად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ მიუხედავად იმისა, ასევე ყველამ იცოდა რა პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ წაყენებული თითიდან გამოწოვილი ბრალდებების უმრავლესობის აბსურდულობა და სიყალბე, ის და მისი ხელისუფლება მაინც განწირული აღმოჩნდა. აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ რედაქტორის იმავე პირად შთაბეჭდილებაში ნათქვამია: “კრიზისიდან გამოსასვლელად მაშინ მე აუცილებლად მიმაჩნდა, რომ დემოკრატიის სრული დაცვით მომხდარიყო ხელისუფლების განახლება; მაგრამ 22 დეკემბრის შემდეგ გაჩაღებულმა სამოქალაქო ომმა დამარწმუნა, რომ გამსახურდიას მტრები, რომელთაც გადაწყვეტილი ჰქონდათ მისი გადაყენება, ნებას არ მისცემდნენ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისა, რადგან მათ იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი ისევ გამსახურდიას აირჩევდა.” [99, გვ. 58] აი, სწორედ ეს იყო ე.წ. ოპოზიციის მთავარი სატკივარი და თუ არა ძალადობით, მას საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის (იმ მომენტში მაინც) არავითარი შანსი არ გააჩნდა. ამის შესახებ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იგორ კვესელავა თავის ნაშრომში “ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური პორტრეტი”, – ამბობს: “1991 წლის

2 სექტემბერს ოპოზიციამ და ხელისუფლებაში მყოფმა ერთმა მოღალატე ჯგუფმა შეძლო აქციის მოწყობა, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ სახელდახელოდ დაგეგმილი, აქტი იყო, რომელსაც დიდი რეზონანსი მოჰყვა. 2 სექტემბრის მოტინგის პროვოკაციული ხასიათი აშკარაა. ამას ადასტურებენ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს მაშინდელი უფროსი ალეკო მიქაბერიძე, მწერალი და პოლიტოლოგი გიორგი გაჩეჩილაძე, იმჟამინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ასათიანი, აკადემიკოსი ვახტანგ ბოჭორიშვილი…

2 სექტემბრით დაიწყო კანონიერი ხელისუფლების დამხობა საქართველოში… როგორც ირ. ბათიაშვილი აღნიშნავს: ინტელიგენციამ აიტაცა “ანტიზვიადიზმის დროშა” და გვერდით დაუდგა გადატრიალებას. 1991 წლის სექტემბრიდან (უფრო ადრეც – უ.ო.) ოპოზიციის და ინტელიგენციის ცალკეული წარმომადგენლები მოსკოვში ხვდებოდნენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მოწანააღმდეგეებს, მათ შორის ე. შევარდნაძეს და მისი დახმარების იმედით ბრუნდებოდნენ უკან, რათა კიდევ უფრო მეტი შემართებით ებრძოლათ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ.

სავარაუდოდ თბილისში ჩამოყალიბდა ჯგუფი, – აღნიშნავს ავტორი, – სახელწოდებით “”, რომელშიც შევარდნაძის მხარდამჭერები ერთიანდებოდნენ, გროვდებოდა ყოველგვარი მასალა შევარდნაძის შესახებ. ადგენდნენ მის მომხრეთა და მის მოწინააღმდეგეთა სიებს, კავშირს ამყარებდნენ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელებთან, შემოჰქონდათ იარაღი რუსეთიდან და სომხეთიდან, ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ სახელისუფლებო სტრუქტურებში, ხდებოდა სახელმწიფო მოხელეების, უშიშროების, პროკურატურის, შინაგან საქმეთა ორგანოების, ეკლესიის და ინტელიგენციის ცალკეულ წარმომადგენელთა მოსყიდვა და გადაბირება.

ზვიად გამსახურდია შეეცადა პოლიტიკური დიალოგით განემუხტა ვითარება… მაგრამ ოპოზიციას არ სურდა ჭეშმარიტი დიალოგის წარმართვა. დამამხობელი ძალები, რომელსაც ზურგს მოსკოვში მყოფი შევარდნაძე უმაგრებდა, ჩქარობდნენ, რადგან იწყებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების უწყვეტი პროცესი…

შემოდგომაზე ოპოზიციის მიერ უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის დამხობის შესახებ. სახელმწიფო გადატრიალების მხარდამჭერმა ძალებმა ამ ქმედებით სამშობლოსა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე უფრო მაღლა პირადი ინტერესები დააყენეს. “ცოფიანი შურის” სინდრომმა და პიროვნულმა ცნობიერებამ გაიმარჯვა ზეპიროვნულ ეროვნულ ცნობიერებაზე… ზვიად გამსახურდიამ ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით იარაღი არ გამოიყენა და ქართველს არ ესროლა, მაშინ, როდესაც სხვა ქართველმა ხელისუფლების სათავეში მოსასვლელად არაფერზე უკან არ დაიხია და ქართველის სისხლის დაღვრას არ მოერიდა.

გარეშე ძალებმა ადგილობრივი ოპოზიციის გამოყენებით შეძლეს დაემხოთ კანონიერად არჩეული ხელისუფლება და პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.” [74, გვ. 79-80] ხოლო ამ ამ დაკვეთის ავტორი, ქართული ნომენკლატურა ე. შევარდნაძით სათავეში, თავიდანვე გრძნობდა რა, თუ როგორ შეფასებას მისცემდა ისტორია მათ მიერ 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში ჩადენილ ღალატს, რაში სჭირდებოდათ მათ რამაზ საყვარელიძისთანა ე.წ. ექსპერტები, თუ მათ არამზადულ ნაბიჯს გამართლებას არ მოუძებნიდნენ. და ძალიან სამწუხაროა, რომ დღესაც მსგავსი “ექსპერტები” ხშირად გამოდიან პოლიტიკური პროცესების შემფასებლებად, რაც იმის ნიშანია, რომ ქართულ სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ მიუღწევია ელემენტარული ზნეობრივი დემოკრატიის იმ დონემდეც კი, ამგვარი “ექსპერტების” აზროვნების ისეთი “უნიკალური შედევრები”, როგორიც ზემოთ მოვიყვანეთ აღარ სჭირდებოდეს და მათ საბოლოოდ მიუჩინოს კუთვნილი ადგილი ისტორიის სანაგვეზე.

ამ ე.წ. დამაგვირგვინებელ პროცესებში აჭარის მონაწილეობა საკმაოდ შეზღუდული და არაეფექტური იყო, თუ არ ჩავთვლით ამ რეგიონიდან გამოსულ ზოგიერთ პოლიტიკაზე პრეტენზიის მქონე პიროვნებების განსაკუთრებულ აქტიურობას საქართველოს ისტორიაში ამ უშავბნელესი სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების იდეოლოგიურ შემზადებაში, რასაც თან სდევდა სამხედრო პუტჩის პერიოდში მათი ასევე განსაკუთრებული “თავგანწირვა” თავის გამოჩენის მიზნით. იმაში კი, რომ საქართველოს ისტორიის ამ სამწუხაროდ მოსაგონარ მოვლენებში აჭარის წვლილი შედარებით უმნიშვნელო იყო, დიდი როლი შეასრულა აქ მოქმედმა, ჭეშმარიტად ეროვნულ პოზიციებზე მდგარმა ძალებმა, რომელთაც ძალ-ღონე არ დაიშურეს ადგილობრივ მოსახლეობაში მიმდინარე პროცესების შესახებ მართებული პოზიციის ჩამოსაყალიბებლად და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილიზაციის შესანარჩუნებლად.

მოცემულ პერიოდში საქართველოში მომხდარ მოვლენებს თუ გავაანალიზებთ, მივალთ დასკვნამდე, რომ ერვონულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის წინა ეტაპზე ქართველი ხალხის მიერ გამოვლენილი პოლიტიკური სიმწიფე და უდიდესი სიმტკიცე მართლაც გასაოცარია, მაგრამ იმ დროიდან, როდესაც უკვე ამ მოძრაობამ ხელისუფლებისათვის ბრძოლის ხასიათი შეიძინა, თანდათან გამოიკვეთა არაჯანსაღი ამბიციები და ერთმანეთზე გადასწრების დაუოკებელი სურვილი, რასაც მოჰყვა ამ ბრძოლაში წარმოშობილი უთანხმოების ასევე თანდათანობით გაღრმავება და ბოლოს იგი ფიზიოლოგიური ზიზღით აღსავსე ურთიერთდაპირისპირებად გადაიქცა. შურმა და მტრობამ წალეკა ყველაფერი და მოქმედების მთავარ ლოზუნგად იქცა “მიზანი ამართლებს საშუალებას.” მაგრამ თუ გავაკეთებთ ყოველივე ამის ღრმა და ობიექტურ ანალიზს, მივალთ დასკვნამდე, რომ სხვანაირად არც შეიძლებოდა მომხდარიყო, რადგან მეთოდები და არსენალი, რომელთაც ურთიერთდაპირისპირებული მხარეები იყენებდნენ, ჩვენი უახლოესი წარსულის ნოყიერ ნიადაგზე იყო აღმოცენებული. პოლიტიკური ძალები კი, რომლებიც მათ იყენებდნენ, ცდილობდნენ ბოლომდე ამოეწურათ ქართველი “ჰომოსოვეტიკუსის” ფიზიკური და სულიერი საგანძური, – საკუთარი მიზნების მისაღწევათ გამოეყენებინათ მისი პოლიტიკური უმწიფრობა და აქედან გამომდინარე რადიკალური ავანტიურიზმი. ამ ძალებმა თავიანთი მოქმედების მთელი სტრატეგია და ტაქტიკა ზუსტად ამ მომენტის გათვალისწინებით ააგეს. მათ კარგად ესმოდათ, თუ რას აკეთებდნენ, მაგრამ შეგნებულად მიჰქონდათ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები თავიანთი პოლიტიკური მიზნების სამსხვერპლოზე.

რევანშისტულ ამბიცინებზე ხელი არ ჰქონდა აღებული საქართველოს კომუნისტური სტრუქტურის ნარჩენებსაც, რომელსაც მოსკოვიდან ოსტატურად მართავდა მათი იმედი ე. შევარდნაძე, რომელმაც მოახერხა და “ოპოზიციური ძალების” მეშვეობით აქტიური ძირგამომთხრელი საქმიანობა გააჩაღა საქართველოში. რევანშისტული ნომენკლატურისა და ამ ე.წ. ოპოზიციური ძალების მოქმედებათა კოორდინაციის შედეგად (საკოორდინაციო საბჭო ტყუილად არ დაერქვა “ოპოზიციურ ძალთა” ალიანსს – უ.ო.)” საქართველოს ხელისუფლება დღითიდღე კარგავდა პოზიციებს, როგორც საშინაო ფრონტზე, ისე საერთაშორისო ასპარეზზე (ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურად და ამასთან ეფექტურად მოქმედებდა ე. შევარდნაძე). და ბოლოს, როცა მან ალმა-ატაში ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა, ეს გახდა ნიშანი, რომ შეიარაღებულ ბანდებს უცხოეთის სპეცსამსახურებისა და სამხედროთა დახმარებით, იერიში მიეტანათ მთავრობის სასახლეზე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის მიზნით.

საქართველოს ხელისუფლებაში 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ეროვნულ ძალთა მოსვლის შემდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველი ელიტა, მასთან ალიანსში მყოფ ანტიეროვნულ მოღვაწეთა მცირე ჯგუფთან ერთად თავიდან შეეცადა თავისი მდგომარეობის შენარჩუნებას, მაგრამ ეროვნული მოძრაობის ძალთა აქტიური ზეწოლის შედეგად იგი იძულებული გახდა ჯერ უკან დაეხია, შემდეგ კი სრულიად დაეთმო მისთვის ასპარეზი. მაგრამ ეროვნულ მოძრაობაზე პრეტენზიის მქონე ძალთა შორის აჭარაშიც, როგორც მთელ საქართველოში, არ იყო ერთიანობა და მათ შორის დაპირისპირება ზოგჯერ აშკარა კონფრონტაციის სახეს იღებდა. აჭარაში ჩამოყალიბებული “საკოორდინაციო საბჭო” და მასში გაერთიანებული ძალები, ცდილობდნენ წინ აღდგომოდნენ საქართველოს ეროვნული ხელისუფლების ღონისძიებებს რეგიონში და ამით დაემტკიცებინათ თავიანთი გავლენის სიმტკიცე აჭარაში, მაგრამ მათი ეს მცდელობა ჩაიშალა. აჭარაში მოქმედ მრგვალი მაგიდის ორგანიზაციებიც საქართველოს ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას მოსვლის შემდეგ საკმაოდ მომძლავრდნენ, გაიზარდა მათი აქტივობა საზოგადოებრივ ასპარეზზეც, მაგრამ მათ შორისაც არ იყო სრული თანხმობა, ხოლო განხილული დროის ბოლო პერიოდში უთანხმოება კიდევ უფრო გაიზარდა და მასში აისახა ყველაფერი ის, რაც საქართველოს ცენტრალურ მრგვალი მაგიდის ორგანიზაციებსა და ხელისუფლებაში ხდებოდა.

ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურობაზე პრეტენზიის მქონე ოპოზიციურმა ძალებმა ვერ მოახერხეს რა ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვება, ადრევე გამოუცხადეს მას უნდობლობა და დაიწყეს შეიარაღება თავიანთი პოლიტიკური ამბიციების შესამაგრებლად. ამასთან ხალხში პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად გაჩაღებული ბრძოლა მოვლენათა ფორსირების კვალდაკვალ გადაიქცა ბრძოლად ხელისუფლებისათვის და როდესაც ამ ბრძოლაში ოპოზიცია დამარცხდა, მან იგი აქცია ძალაუფლებისათვის ომად, შეასრულა რა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისადმი მტრულად განწყობილი ყველა ძალის ოცნება, ისე წარემართად საქმე, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა ქართველების ხელითვე გაენადგურებინათ. ამ ომის იდეოლოგიურად შესამზადებლად ოპოზიციური ძალები უხვად იყენებდნენ დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის ლოზუნგებს და მიმართავდნენ ე.წ. ბარაკული ტიპის დემოკრატიას – თუ მათ ინეტერესებში შედიოდა და მათ მიზნებს ემსახურებოდა ამჩნევდნენ და ამხელდნენ ყველაფერს, ხოლო სიმართლე თუ ხელს არ აძლევდათ, საწინააღმდეგოს დამტკიცებასაც ყველა საშუალებით ცდილობდნენ. ეს იყო უპრინციპობისა და პოლიტიკური დემაგოგიის კლასიკური ნაზავი, რამაც ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ყველა მონაპოვარი კითხვის ქვეშ დააყენა და საქართველოში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო-კრიმინალური პუტჩის შედეგად იგი დაამხეს. მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ უდიდეს ეროვნულ ტრაგედიაში აჭარას წვლილი თითქმის არ უძევს, თუ არ ჩავთვლით აჭარიდან გამოსულ რამდენიმე პიროვნებას, რომლებიც საკმაოდ აქტიურობდნენ ამ სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების იდეოლოგიურად შემზადებაში.

***

 

თავი III. აჭარა საქართველოში სამხედროკრიმინალური გადატრიალების პერიოდში (1991.XII.22 – 1992.X.11) 

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები: 
65. დემოკრატიული არჩევნები შემოდგომაზე, ჟურნ. “მებრძოლი საქართველო”, #8, 1990, პარიზი, ქართული ეროვნული საბჭოს ორგანო, გვ. 8
66. მრგვალი მაგიდის შეხვედრები, გაზ. “თბილისი”, #211, 1990.14.09
67. ხახუტაიშვილი დ., რა მისცა ავტონომიამ აჭარას?, საქართველოს მეცნ. აკადემიის ჟურნ. “მაცნე”, ისტორიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, #3, 1991
68. გაზ. “სახალხო განათლება”, #44, 1990.1.11
69. ოქროპირიძე უ., საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა და აჭარის ავტონომიის პრობლემა, ბათუმი, 2005
70. მიმართვა აჭარის მოსახლეობას, გაზ. “აღდგომა”, #6 (103), 1996, თებერვალი
71. ჟურნ. “გუშაგი”, #23, პარიზი, 1990, ნოემბერი
72. საქ. ეროვნული კონგრესის წევრ ტარიელ მახარაძის მიერ გადმოცემული დოკუმენტაცია
73. კვესელავა ი., ადეიშვილი ეკ., გლობალური და ეროვნული იდეა, ჟურნ. “საისტორიო ვერტიკალები”, #10, 206
74. კვესელავა ი., ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური პორტრეტი, ჟურნ. “საისტ. ვერტილაკები”, #6, 2004
75. საქ. სსრ, აჭარის ასსრ, კულტურის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მოძრაობის ისტორიის მუზეუმი, 27.10.1990 წ.
76. გაზ. “აჭარა”, #23. 1991,7.02
77. ხაბაზი კ., აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გაზ. “ბათუმი”, #4, 1991, მარტი
78. ბაგრატიონი ნ., ჩვენი პოზიცია, გაზ. “ბათუმი”, #4, 1991, მარტი
79. მესხიძე ზ., ხაბაზი კ., რატომ ვამბობთ უარს ხელისუფლებაზე?, გაზ/ “ბათუმი”, #4, 1991, მარტი
80. საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ბათუმის ორგანიზაციის სამხედრო საქმეთა კომისიის მიმართვა, გაზ. “ბათუმი”, #4, 1991, მარტი
81. მიმდინარე მოვლენები, იქვე, გვ. 5
82. წმ. ილია მართლის საზოგადოების ბათუმის ორგანიზაციის წევრ ნუნუ ქაჯაიას მასალები
83. გაზ. “ბათუმის ხმა”, #3 (15), 1991, აპრილი
84. ჟურნ. “გუშაგი”. #24, პარიზი, 1991, თებერვალი
85. Обрашение Партии национальои независимости к населению Грузии по
поводу референдума 31 Марта 1991 года, «Вестник Грузии», 23 Марта, 1991 г.
86. ჟურნ. “გუშაგი”, #25, პარიზი, 1991, აგვისტო
87. ერთი ამბავი ორი პოზიცია, გაზ. “ჟამთააღმწერელი”, #1, 2005,17.05
88. გაზ. “აჭარა”, #6 (18.719), 1991,10.04
89. გაზ. “აღდგომა”, #6 (103), 1996, თებერვალი
90. არა მეფენი, ანუ პერის პარპაში, გაზ. “მსგეფსი”, #15, 1994
91. სრ. საქართველოს წმ. ილია მართლის საზოგადოების აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის 1990 წლის #2, #3, #4 და 1991 წლის #1, #2, #3, #4, #5 და ა.შ. ოქმები
92. ოქმი #6, სრ. საქ. წმ. ილია მართლის საზ-ბის ბათუმის ფილიალი, 26.06.91 წ.
93. 1991 წლის 28 აგვისტო, მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს აჭარის ორგანიზაცია (ჰელსინკის კავშირი, წმ. ილია მართლის საზ-ბა) კონფერენციის ოქმი
94. Масалкин Г. Единство, согласие, сплоченность, газ. «Аджария», №94, 1991,28.05
95. Окропиридзе У. Письмо другу, газ. «Аджария», 112, 1991,26.06
96. Масалкин Г. Истина рождаетсия в споре, газ. «Аджария», №121, 1991,11.07
97. Окропиридзе У. На разных язиках, газ. «Аджария», №135, 1991,30.07
98. ჟურნ. “გუშაგი”, #25, პარიზი, 1991, აგვისტო
99. ჟურნ. “გუშაგი”, #26, პარიზი, 1991, დეკემბერი
100. მიმართვა ქართველი ერისადმი, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, 18/02.1992 წ. ჟურნ. “გუშაგი”, #27, 1992 წ.
101. სურმანიძე რ., ყველა ჩვენთაგანი ვალდებულია, გაზ. “აჭარა”, #162, 1991,10.09
102. ოქროპირიძე უ., სულიც და სხეულიც ქართული, გაზ. “აჭარა”, იქვე
103. გაზ. “თავისუფალი საქართველო”, 1994, 9-16 ივნისი
104. ყორნიშვილი გ., ისევ რევოლუციისა და კონტრევოლუციის თაობაზე, გაზ. “დრონი”, #42, 1991,1.11
105. ჭანტურია გ., წერილი პრეზიდენტ ბუშს, გაზ. “დრონი”, #42, 1991,1.11
105 ა. კლიმიაშვილი რ., ნაციონალიზმი მეოცე საუკუნის ბოლოს, გაზეთი “დრონი”, #42, 1991,1.11
106. გია ჭანტურიას პირადი საქმიდან, გაზ. “თვალთაი”, #27, 1996, 18-24დეკემბერი
107. კვესელავა ი., ეროვნული იდეა, კრებ. “საისტორიო ვერტიკალები”, #3, 2003
108. მალაყმაძე ნ., გვჭირდება თუ არა ავტონომია, გაზ. “აჭარა”, 2004,1.07
109. მალაყმაძე ნ., ვინ ითხოვდა 13 წლის წინ ავტონომიის გაუქმებას, გაზეთი “აჭარა P.S.”, 2004, 24-26 თებერვალი
110. ოქროპირიძე უ., სადღეისო მიზნები, გაზ. “ძლევაი”, #1, 1991,16.09
111. გაზ. “ქართული ქრონიკა”, 1991, მარტი
112. ჭანტურია გ., დემოკრატიული რევოლუცია საქართველოში, გაზ. “ქართული ქრონიკა”, 1991, ნოემბერი
113. გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”, 1991,2.10
114. თომაძე მ., ველოდი თქვენს მიერ გამოხატულ პროტესტს, გაზ. “დრონი”, #12, 1 ნოემბერი
115. გოგიჩაიშვილი ც., ჟურნალისტები ბარიკადების ორივე მხარეს უნდა იდგნენ, გაზ. “დრონი”, #41, 1991,25.10
116. გრიგოლია თ., სამხრეთ კავკასიაში არსებული გაყინული კონფლიქტების ისტორიულ-პოლიტიკური ასპექტები, ჟურნ. “საისტორიო ვერტიკალები”, #9, 2005
117. ბრალს ვდებ რუსულ იმპერიალიზმს, ჟურნ. “გუშაგი”, #27, 1992
 
 
 

დატოვე კომენტარი